საქმე №ას-1553-2024 27 ივნისი, 2025 წელი,
თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
გიორგი მიქაუტაძე (თავმჯდომარე)
ამირან ძაბუნიძე (მომხსენებელი), ლაშა ქოჩიაშვილი,
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი – ე.ზ–ია (მოსარჩელე)
მოწინააღმდეგე მხარე – შპს „თ.ს.კ–ია“
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 21 ნოემბრის განჩინება
კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და თბილისის სააპელაციო სასამართლოში საქმის განსახილველად დაბრუნება
დავის საგანი – შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ ბრძანების ბათილად ცნობა, კომპენსაციის გადახდის დაკისრება, სამუშაოზე აღდგენა, იძულებითი განაცდურისა და საშვებულებო თანხის ანაზღაურება
საკითხი, რომელზედაც მიღებულია განჩინება - კერძო საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი
1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 21 ნოემბრის გადაწყვეტილებით ე.ზ–იას სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა: ბათილად იქნა ცნობილი შპს „თ.ს.კ–იის“ 2020 წლის 15 ოქტომბრის N01/2-1/1/2163 ბრძანება ე.ზ–იასთან შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ; შპს „თ.ს.კ–იას“ ე.ზ–იას სასარგებლოდ დაეკისრა სამუშაოზე აღდგენის ნაცვლად კომპენსაციის, 3000 ლარის (ხელზე მისაღები ოდენობა) ანაზღაურება; შპს „თ.ს.კ–იას“ ე.ზ–იას სასარგებლოდ დაეკისრა იძულებითი განაცდურის ანაზღაურება გაცემული ერთი თვის კომპენსაციის გათვალისწინებით, 2020 წლის 15 ნოემბრიდან კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების აღსრულებამდე ყოველთვიურად 1540 ლარის (დარიცხული) ოდენობით. სარჩელი სამუშაოზე აღდგენის, ასევე, გამოუყენებელი შვებულების ანაზღაურების მოთხოვნების ნაწილში არ დაკმაყოფილდა.მოპასუხემ სარჩელი არ ცნო.
2. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 21 ნოემბრის გადაწყვეტილება სააპელაციო საჩივრით გაასაჩივრა ე.ზ–იას წარმომადგენელმა ი.პ–მა და შპს „თ.ს.კ–იის“ წარმომადგენელმა ი.ჯ–ძემ, რომლებმაც მოითხოვეს გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმება.
3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 30 სექტემბრის განჩინებით ე.ზ–იას და შპს „თ.ს.კ–იის“ სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდა. უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 21 ნოემბრის გადაწყვეტილება და 2023 წლის 16 მაისის საოქმო განჩინება. 2024 წლის 12 ნოემბერს, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატას განცხადებით მიმართა აპელანტის ე.ზ–იას წარმომადგენელმა ი.პ–მა დამატებითი გადაწყვეტილების გამოტანის შესახებ. განმცხადებელი უთითებდა, რომ ე.ზ–იას მიმართ სასამართლოს არ გადაუწყვეტია სააპელაციო შესაგებელში ჩამოყალიბებული შუამდგომლობა სასამართლოსგარეშე პროცესის ხარჯების გადაწყვეტის საკითხთან დაკავშირებით, რაც სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 261-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ პუნქტის თანახმად, დამატებითი გადაწყვეტილების გამოტანის საფუძველია.
4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 21 ნოემბრის განჩინებით ე.ზ–იას წარმომადგენლის ი.პ–ის განცხადება დამატებითი გადაწყვეტილების მიღების თაობაზე დარჩა განუხილველად.
5. სააპელაციო პალატამ მიუთითა, რომ მოცემულ საქმეზე განჩინების (სააპელაციო საჩივრების დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ) სარეზოლუციო ნაწილი გამოცხადდა სასამართლო სხდომაზე 2024 წლის 30 სექტემბერს, მართალია სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებას არ ესწრებოდნენ მხარეები, თუმცა კანონით დადგენილი წესით ცნობილი იყო გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადების დროისა და ადგილის შესახებ. სააპელაციო პალატის აზრით, დამატებითი გადაწყვეტილების გამოტანისათვის კანონით დადგენილი სასამართლოსათვის მიმართვის შვიდდღიანი ვადის დენა დაიწყო 2024 წლის პირველ ოქტომბერს განჩინების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადების მომდევნო კალენდარული დღიდან – და ამოიწურა 2024 წლის 7 ოქტომბერს. დამატებითი გადაწყვეტილების მიღების მოთხოვნით კი ე.ზ–იას წარმომადგენელმა განცხადებით მომართა 2024 წლის 12 ნოემბერს ანუ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 261-ე მუხლის მეორე ნაწილით დადგენილი შვიდდღიანი ვადის დარღვევით.
6. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 21 ნოემბრის განჩინებაზე ე.ზ–იას წარმომადგენელმა ი.პ–მა წარადგინა კერძო საჩივარი.
7. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 20 დეკემბრის განჩინებით, ე.ზ–იას, კერძო საჩივარი, მიღებულ იქნა განსახილველად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საკასაციო სასამართლო, კერძო საჩივრის საფუძვლების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
8. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრის განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. ამავე კოდექსის 410-ე მუხლის თანახმად კი, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ: ა) კანონის მითითებულ დარღვევას არა აქვს ადგილი; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა; გ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არსებითად სწორია, მიუხედავად იმისა, რომ გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი არ შეიცავს შესაბამის დასაბუთებას.
9. წარმოდგენილი კერძო საჩივრის შინაარსიდან ირკვევა, რომ კერძო საჩივრის ავტორი სადავოდ ხდის დამატებითი განჩინების განცხადების განუხილველად დატოვების სამართლებრივ საფუძვლებს. იგი ამტკიცებს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითი განჩინება მოამზადა დაგვიანებით და მხარეს სასამართლო განჩინების ასლი გადაეცა მხოლოდ 2024 წლის 11 ნოემბერს. ამასთან, კერძო საჩივრის ავტორი აცხადებს, რომ ამ დრომდე მას არ ჰქონდა შესაძლებლობა გასცნობოდა შემაჯამებელი განჩნების სარეზოლუციო ნაწილს და შეეტანა დამატებითი განჩინების გამოტანის თაობაზე განცხადება. მისივე მტკიცებით, გასაჩივრებული განჩინება ეწინააღმდეგება ამ ტიპის საქმეებზე დამკვიდრებულ ერთგვაროვან პრაქტიკას, რომლის თანახმადაც დამატებითი განჩინების გამოტანის შესახებ მოთხოვნის წარდგენისთვის განსაზღვრული შვიდდღიანი ვადის დენა იწყება იმ დროიდან, როდესაც მხარეს აქვს ობიექტური შესაძლებლობა გაეცნოს სასამართლო აქტის სარეზოლუციო ნაწილს, კერძო საჩივრის ავტორის შემთხვევაში კი, ეს იყო 2024 წლის 11 ნოემბერი. მხარის მტკიცებით, ვინაიდან მან სასამართლოს დამატებითი განჩინების გამოტანის თაობაზე მიმართა 2024 წლის 12 ნოემბრის, მას დაცული აქვს კანონით დადგენილი იმპერატიული ვადა და განცხადება განუხილველად არ უნდა დარჩენილიყო.
10. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407.2 მუხლის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). საკასაციო სასამართლო, კერძო საჩივრის ავტორის არგუმენტების ანალიზის შედეგად, მიიჩნევს, რომ მას დასაბუთებული საკასაციო შედავება არ წარმოუდგენია.
11. შესაბამისად დადგენილად მიიჩნევა, რომ მოცემულ საქმეზე განჩინების (სააპელაციო საჩივრების დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ) სარეზოლუციო ნაწილი გამოცხადდა სასამართლო სხდომაზე 2024 წლის 30 სექტემბერს. სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებას არ ესწრებოდნენ მხარეები, თუმცა მათთვის, კანონით დადგენილი წესით, ცნობილი იყო განჩინების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადების დროისა და ადგილის შესახებ. სააპელაციო პალატის მიერ არსებითი განჩინება მომზადდა დაგვიანებით - 2024 წლის 6 ნოემბერს და მხარეს იგი ჩაბარდა 2024 წლის 11 ნოემბერს. განცხადება დამატებითი განჩინების გამოტანის თაობაზე ე.ზ–იას წარმომადგენელმა, სასამართლოში შეიტანა 2024 წლის 12 ნოემბერს.
12. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ განსახილველ შემთხვევაში კერძო საჩივრის ავტორის პრეტენზიები ფაქტობრივ-სამართლებრივად დაუსაბუთებელია და არ არსებობს გასაჩივრებული განჩინების გაუქმების საფუძველი.
13. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 261-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, დამატებითი გადაწყვეტილების გამოტანის საკითხი შეიძლება დაისვას გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 7 დღის განმავლობაში. ამ ვადის გაგრძელება არ დაიშვება. საქმეში არსებული მასალებით დგინდება, რომ საქმეზე 2024 წლის 30 სექტემბერს თბილისის სააპელაციო სასამართლომ გამოაცხადა შემაჯამებელი განჩინების სარეზოლუციო ნაწილი, რომელსაც არ ესწრებოდა დავის მონაწილე არც ერთი მხარე, თუმცა ისინი კანონით დადგენილი წესით, ინფორმირებულნი იყვნენ სხდომის გამართვის თარიღის თაობაზე.
14. საკასაციო პალატა არ იზიარებს კერძო საჩივრის ავტორის პოზიციას, და განმარტავს, რომ დამატებითი გადაწყვეტილების გამოტანის საკითხის დასმის 7-დღიანი ვადის დენის დაწყებას კანონი უკავშირებს გადაწყვეტილების გამოცხადებას და არა მხარისათვის მის ჩაბარებას (შდრ. სუსგ-ებები: საქმე №ას-157-2024 15 ოქტომბერი, 2024 წელი, №-ას-225-217-2012, 25 ივნისი, 2012წ.; №ას-385-366-2015, 14 მაისი, 2015წ.), რადგან სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადების შემდეგ მხარეებისათვის ცხადი ხდება, რომ გადაწყვეტილება გამოტანილია ერთ-ერთი იმ ხარვეზით, რასაც ითვალისწინებს საპროცესო კოდექსის 261-ე მუხლის პირველი ნაწილი. შესაბამისად, კანონის ზემოაღნიშნული იმპერატიული დათქმა ემსახურება იმ მიზანს, რომ სასამართლომ დროულად გამოასწოროს მის მიერ დაშვებული ხარვეზი (სუსგ. №ას-1670-2019, 21 მაისი, 2020წ.; №ას-920-870-2015, 09 ივნისი, 2016 წ.) ასეთის არსებობის შემთხვევაში.
15. საკასაციო პალატა ყურადღებას გაამახვილებს იმ გარემოებაზე, თუ რა მოვლენას უკავშირებს კანონმდებელი დამატებითი გადაწყვეტილების მიღებისათვის კანონით დადგენილი 7-დღიანი საპროცესო ვადის ათვლის დაწყებას – ესაა გადაწყვეტილების ზეპირ სხდომაზე გამოცხადება. კანონის ამ დათქმას საფუძვლად უდევს ის გარემოება, რომ მხარე სასამართლო სხდომაზე მოისმენს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილს და მყისიერად შეიტყობს, სასამართლომ იმსჯელა და პასუხი გასცა თუ არა მის ყველა მოთხოვნას. ასეთ ვითარებაში მხარე, რომელიც აღმოაჩნეს, რომ არსებობს დამატებითი გადაწყვეტილების გამოტანის შესახებ განცხადების წარდგენის საპროცესო კოდექსის 261-ე მუხლის პირველ ნაწილში ასახული რომელიმე წინაპირობა, 7 დღეში მიმართავს სასამართლოს და მოითხოვს სასამართლოს მხრიდან გამოტოვებული საკითხის გადაწყვეტას.
16. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საქმის განხილვა ზეპირ სხდომაზე ყოველთვის არ მიმდინარეობს და მოქმედი სამოქალაქო საპროცესო კანონომდებლობა შესაძლებლობას აძლევს სასამართლოს, რიგ შემთხვევებში დავა გადაწყვიტოს მხარეთა მოწვევის გარეშე. ასეთ დროს მხარეებს დავის სამართლებრივი შედეგი ეცნობებათ მას შემდეგ, რაც გადაეცემათ სასამართლო გადაწყვეტილება/განჩინება. იმ შემთხვევაში, თუ გადაწყვეტილების გამოტანის საკითხი განხილული იქნება ზეპირი მოსმენის გარეშე, საპროცესო კოდექსის 261-ე მუხლის მე-2 ნაწილით ზემოაღნიშნული საპროცესო ვადის ათვლა, უნდა დაიწყოს გადაწყვეტილების (განჩინების) მხარისათვის გადაცემის მომდევნო დღიდან (შდრ. სუსგ.-ები: №ას-259-2020, 11 მარტი, 2021; №ას-1602-2018, 24 მარტი, 2021). ვადის ათვლა ასეთ შემთხვევაში უნდა დაუკავშირდეს გადაწყვეტილების/განჩინების მხარისათვის ჩაბარებას, რამეთუ იქამდე მხარე მოკლებული იყო ობიექტურ შესაძლებლობას, ევარაუდა დამატებითი გადაწყვეტილების/განჩინების გამოტანის საჭიროება (შდრ. სუსგ №ას-242-2020, 20 ოქტომბერი, 2020). თუმცა, ხაზგასასმელია, რომ მოცემულ შემთხვევაში ადგილი არ ჰქონია ზეპირი სხდომის გარეშე საქმის განხილვას, არამედ სხდომა მიმდინარეობდა ზეპირად და საჯაროდ და შემაჯამებელი განჩინების სარეზოლუციო ნაწილიც შესაბამისად, გამოცხადდა ზეპირად და საჯაროდ.
17. საკასაციო პალატა განუმარტავს განმცხადებელს, რომ საპროცესო კოდექსით დადგენილი მოწესრიგება, რომელიც იმპერატიულად ადგენს ფორმალურ წესებს, სავალდებულოა არა მხოლოდ მხარეებისათვის, არამედ სასამართლოსათვისაც და ამ რეგულაციების შეცვლა ან განსხვავებული ინტერპრეტაცია მხარეთა ნებაზე ან სასამართლოს მიხედულებაზე ვერ იქნება დამოკიდებული. კერძო საჩივრის ავტორის ვრცელი არგუმენტირების მიუხედავად საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში, საქმეზე შემაჯამებელი განჩინების სარეზოლუციო ნაწილი გამოცხადდა ზეპირ სხდომაზე, რომლის თაობაზეც ინფორმაცია, კანონით დადგენილი წესით, ჰქონდათ ჩაბარებული მხარეებს, არ არსებობს გასაჩივრებული განჩინების გაუქმების კანონისმიერი საფუძვლები, ვინაიდან მიიჩნევა, რომ მხარეებმა თავად განკარგეს მათთვის კანონით მინიჭებული უფლება - დაესწრონ თუ არ დაესწრონ სასამართლოს მიერ სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებას. შესაბამისად, მხარის ნებაყოფლობითი უარი - განახორციელოს რაიმე საპროცესო მოქმედება, ვერ და არ გახდება საპროცესო კოდექსით დადგენილი იმპერატიული მოწესრიგების შეცვლის საფუძველი.
18. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა იზიარებს გასაჩივრებული განჩინების შეფასებებსა და დასკვნებს და მიიჩნევს, რომ იგი სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 368-ე მუხლის სწორ გამოყენება-განმარტებას ემყარება, რის წინააღმდეგაც კერძო საჩივრის ავტორს არ მიუთითებია ამავე კოდექსის 393-ე-394-ე მუხლებით გათვალისწინებული დასაბუთებული პრეტენზია, რაც ამ განჩინების გაუქმებაზე უარის თქმის საფუძველია.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე, 420-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა
ე.ზ–იას კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 21 ნოემბრის განჩინება დარჩეს უცვლელად;
საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.თავმჯდომარე გიორგი მიქაუტაძე
მოსამართლეები: ამირან ძაბუნიძე
ლაშა ქოჩიაშვილი