საქმე №ას-1553-2024 27 ივნისი, 2025 წელი,
თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
გიორგი მიქაუტაძე (თავმჯდომარე)
ამირან ძაბუნიძე (მომხსენებელი), ლაშა ქოჩიაშვილი,
I კასატორი - შპს „თ.ს.კ–ია“ (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე – ე.ზ–ია (მოსარჩელე)
II კასატორი - ე.ზ–ია (მოსარჩელე)
მოწინააღმდეგე მხარე - შპს „თ.ს.კ–ია“ (მოპასუხე)
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 30 სექტემბრის განჩინება
I კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების სრულად გაუქმება და საკასაციო სასამართლოს მიერ ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა
II კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების სრულად გაუქმება და საკასაციო სასამართლოს მიერ ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება
დავის საგანი – შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ ბრძანების ბათილად ცნობა, კომპენსაციის გადახდის დაკისრება, სამუშაოზე აღდგენა, იძულებითი განაცდურისა და საშვებულებო თანხის ანაზღაურება
საკითხი, რომელზედაც მიღებულია განჩინება - საკასაციო საჩივრების დაუშვებლად ცნობა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი
1. სასარჩელო მოთხოვნა:
1.1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სარჩელით მიმართა ე.ზ–იამ (შემდეგში „მოსარჩელე“, „I კასატორი“) შპს „თ.ს.კ–იის“ (შემდეგში „მოპასუხე“, „II კასატორი“) მიმართ შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილების ბათილად ცნობის, სამუშაოზე აღდგენის, იძულებითი განაცდურისა და საშვებულებო თანხის ანაზღაურების, სასამართლო და სასამართლოს გარეშე ხარჯების ანაზღაურების მოთხოვნით.
2. სარჩელის საფუძვლები:
2.1. მოსარჩელესა და შპს „თ.ს.კ–იას“ შორის 2015 წლის 16 იანვარს დადებული შრომითი ხელშეკრულებით, 2015 წლის იანვრიდან 2015 წლის 16 აპრილამდე მოსარჩელე დაინიშნა საშტატო განრიგით გათვალისწინებულ - შპს „თ.ს.კ–იის“ გენერალური დირექტორის რეფერენტის თანამდებობაზე, 3 თვიანი გამოსაცდელი ვადით. მოსარჩელის შრომის ანაზღაურება განისაზღვრა 1 400 ლარით, კანონით გათვალისწინებული ყველა გადასახადის ჩათვლით.
2.2. ხსენებული ვადის ამოწურვის შემდგომ, დასაქმებულის გამოსაცდელი ვადის შეფასების შედეგად მოპასუხემ, 2015 და 2016 წელს შრომითი ხელშეკრულებით მოსარჩელე კვლავ დანიშნა იმავე თანამდებობაზე 1-1 წლის ვადით, 2017 წლის 17 აპრილამდე. მოსარჩელის შრომის ანაზღაურება განისაზღვრა 1400 ლარით, კანონით გათვალისწინებული ყველა გადასახადის ჩათვლით.
2.3. 2017 წლის 11 აპრილის შრომითი ხელშეკრულებით, მოსარჩელე 2017 წლის 18 აპრილიდან დანიშნა მოპასუხე კომპანიაში, შტატით გათვალისწინებულ - გენერალური დირექტორის რეფერენტის თანამდებობაზე, განუსაზღვრელი ვადით. მოსარჩელის შრომის ანაზღაურება განისაზღვრა თვეში 1 400 ლარით, კანონით გათვალისწინებული ყველა გადასახადის ჩათვლით.
2.4. მოპასუხე კომპანიის გენერალური დირექტორის 2018 წლის 3 აპრილის N01/1-3/1/840 ბრძანებით, მოსარჩელე 2018 წლის 4 აპრილიდან, კომპანიის აპარატის გენერალური დირექტორის რეფერენტის თანამდებობიდან გადაყვანილ იქნა გენერალური დირექტორის აპარატის გენერალური დირექტორის რეფერენტის თანამდებობაზე და მასთან 2018 წლის 3 აპრილს დაიდო შრომითი ხელშეკრულება შტატით გათვალისწინებულ დასახელებულ თანამდებობაზე განუსაზღვრელი ვადით. შრომის ანაზღაურება თვეში 1 400 ლარი კანონით გათვალისწინებული ყველა გადასახადის ჩათვლით.
2.5. 2018 წლის 3 აპრილის შრომით ხელშეკრულებაში, 2019 წლის 4 იანვარს მხარეთა შეთანხმებით შევიდა ცვლილება და მოსარჩელე ე.ზ–იას შრომის ანაზღაურება განისაზღვრა თვეში 1 540 ლარით.
2.6. მოსარჩელე სამსახურებრივი ურთიერთობის მთელს პერიოდში არასოდეს ყოფილა დისციპლინურ პასუხისგებაში მიცემული და მის მიმართ არასოდეს დაწყებულა დისციპლინური საქმისწარმოება. მოსარჩელე მოპასუხის მხრიდან არაერთხელ იქნა წახალისებული კეთილსინდისიერი და კვალიფიციური შრომისათვის.
2.7. მოპასუხე კომპანიის გენერალური დირექტორის 2020 წლის 14 სექტემბრის N127 ბრძანებით, კომპანიაში გამოცხადდა რეორგანიზაცია, წინასწარ იქნენ შერჩეული ის პირები, რომლებიც წარმოადგენდნენ მიუღებლებს კომპანიის ხელმძღვანელობისათვის, შესაბამისად, მათ მიერ დაკავებული თანამდებობებისათვის გამიზნული სახელწოდების შეცვლით, დასახელებების გარდაქმნით, მათი ფუნქციების სხვა თანამდებობის დასახელებების საფარქვეშ წარმოშობით განხორციელდა რეორგანიზაციის საბოლოო პროცესი, რომელიც გამართლდა კომპანიის აპარატის თითქოს ფუნქციური ოპტიმიზაციით, მათზე დაკისრებული ფუნქციების ეფექტური და დროული განხორციელებით აპარატის წინაშე არსებული გამოწვევების დაძლევისა და მართვის პროცესის გაუმჯობესების მოტივით. კომპანიაში კვლავ არსებობს მოსარჩელის მიერ შესასრულებელი ფუნქციის იგივე პოზიციები და მოპასუხე კომპანიამ ვერ დაასაბუთა, რატომ იყო მოსარჩელის თანამდებობა კომპანიის ფუნქციების ეფექტური და დროული განხორციელების ხელის შემშლელი, რატომ უშლიდა ის ხელს კომპანიის წინაშე არსებული გამოწვევების დაძლევას, რამეთუ სწორედ ეს გარემოებები გახდა რეორგანიზაციის საბაბი და საფუძველი.
2.8. მოპასუხემ, მოსარჩელე წერილობით გააფრთხილა გამოცხადებულ რეორგანიზაციასთან დაკავშირებული მოსალოდნელი შედეგების შესახებ, რომელსაც კომპანიაში მრავლად არსებულ მოსარჩელისათვის შესაფერისი თანამდებობიდან მხოლოდ ავტოსატრანსპორტო მონიტორინგის სამსახურის ავტობუსის გამყოლი და გაჩერებებთან ქუჩაში მოსიარულე კონდუქტორის თანამდებობა შესთავაზა, ხოლო შეთავაზებაზე უარის მიღებისთანავე „შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის შესახებ“ 2020 წლის 15 ოქტომბრის N01/2-1/1/2163 ბრძანების გამოცემით, მოსარჩელე უკანონოდ გაათავისუფლა დაკავებული თანამდებობიდან, საქართველოს ორგანული კანონის საქართველო შრომის კოდექსის 47-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის საფუძვლით. მოსარჩელე, მაგისტრის აკადემიური ხარისხის მქონე იურისტია და ცოდნით, განათლებით და გამოცდილებით შეესაბამებოდა მოპასუხე დამსაქმებელთან მრავლად არსებულ ვაკანტურ თანამდებობებს. მოსარჩელეს არ შესთავაზეს მის მიერ დაკავებული თანამდებობის მსგავსი, ტოლფასი თანამდებობრივი პოზიცია და შეთავაზება განხორციელდა ისეთ პოზიციაზე, რომელზეც დამსაქმებლისათვის წინასწარვე ცნობილი იყო, რომ დასაქმებული უარს განაცხადებდა.
2.9. სარჩელის თანახმად, რეორგანიზაციისა და შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის შესახებ ბრძანებები ვერ იქნება განხილული შრომის კოდექსის მიზნით გათვალისწინებული, დასაქმებულის გათავისუფლების დასაბუთებულ გადაწყვეტილებად, რამეთუ მათში არაა ახსნილი, თუ რაში გამოიხატა „გენერალური დირექტორის აპარატის ფუნქციური ოპტიმიზაცია დაკისრებული ფუნქციების დროული და ეფექტური განხორციელების, ასევე მის წინაშე არსებული გამოწვევების დაძლევის და მართვის პროცესის გაუმჯობესების მიზნით, რომელიც აუცილებელს ხდიდა სამუშაო ძალის შემცირებას“. ასევე არ იკვეთება ლეგიტიმურ ინტერესი იმისა, თუ რას დაუკავშირა მოპასუხემ სტრუქტურული და ფუნქციური ცვლილება იმგვარად, რომ მოსარჩელე განეხილა, როგორც არასაჭირო სამუშაო ძალა და შეემცირებინა.
2.10. მოსარჩელის გათავისუფლებამდე და გათავისუფლების პროცესში არათუ შემცირდა, არამედ გაიზარდა კომპანიაში დასაქმებულთა რიცხოვნობა და შესაბამისად, გაიზარდა საშტატო ერთეული. ამდენად, მოსარჩელე მიიჩნევდა, რომ ადგილი ჰქონდა არა სამუშაო ძალის შემცირებას, არამედ ცალკეულ შემთხვევებში, მატებასაც კი. მოსარჩელის სამსახურიდან გაშვება არა რეორგანიზაციის შედეგმა განაპირობა, არამედ რეორგანიზაციის პროცესმა, რაც ცალსახად უკანონოა.
2.11. სარჩელის თანახმად, მოსარჩელეს არ უსარგებლია 2017, 2018, 2019, 2020, 2021 და 2022 წლების ყოველწლიური, კუთვნილი ანაზღაურებადი შვებულებით, რომლის ანაზღაურება უნდა დაეკისროს მოპასუხე კომპანიას ნატურის სახით.
3. მოპასუხის პოზიცია:
3.1. შპს „თ.ს.კ–იამ“ წარდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნო.
3.2. შესაგებლის თანახმად, კომპანიაში მიმდინარე ორგანიზაციული ცვლილებები ემსახურებოდა ეკონომიკური სახსრების რაციონალურად ხარჯვით ეფექტური და სისტემური მმართველობის ჩამოყალიბებას. აღნიშნულის ფარგლებში გაუქმდა ან/და გაერთიანდა რიგი სტრუქტურული ერთეულები, გამონაკლის შემთხვევაში გაიყო ორ სტრუქტურულ ერთეულად. შესაბამისად, კომპანიის მხრიდან გამოცხადებული რეორგანიზაცია არცერთ შემთხვევაში არ იყო შენიღბული და თვალთმაქცური. მიმდინარე ცვლილებების ფარგლებში, გენერალური დირექტორის აპარატის ფუნქციური ოპტიმიზაციის მიზნით, გაუქმდა შტატი, რომელზეც დასაქმებული იყო მოპასუხე - გენერალური დირექტორის რეფერენტი.
3.3. მოსარჩელე უთითებდა, რომ რეორგანიზაციის ჩატარებამდე გენერალური დირექტორის აპარატის არსებული დებულებით, მითითებულ სტრუქტურულ ერთეულს გააჩნდა ისეთი ფუნქციები, რომლებიც ორგანიზაციული სტრუქტურის ოპტიმიზაციის თვალსაზრისით მიიჩნეოდა სხვა სტრუქტურული ერთეულის ფუნქციებად ან საჭიროებდა ცალკე გამოყოფას. ასევე, აპარატში დასაქმებულ თანამშრომელთა შორის, ადგილი ჰქონდა ფუნქციათა დუბლირებას, რაც, როგორც ადამიანური რესურსების მართვის ნაწილში, ასევე კომპანიის სახელფასო ბიუჯეტის რაციონალურად ხარჯვის ნაწილში, მიიჩნეოდა გაუმართლებლად. რეორგანიზაციის პროცესში, სწორედ ერთ-ერთ ასეთ პოზიციად იქნა მიჩნეული გენერალური დირექტორის რეფერენტის პოზიცია და მიღებულ იქნა გადაწყვეტილება აღნიშნული შტატის გაუქმების თაობაზე. სამუშაო პროცესის მიხედვით გენერალური დირექტორის რეფერნტის, როგორც ცალკე საშტატო ერთეულის საჭიროება არ არსებობდა, ვინაიდან რეფერენტისთვის განკუთვნილ ფუნქცია-მოვალეობებს ასრულებდნენ, როგორც გენერალური დირექტორის აპარატის უფროსი, ასევე სხვა სტრუქტურული ერთეულის თანამშრომლები კომპეტენციის ფარგლებში.
3.4. შესაგებელში მითითებულია, რომ კომპანიამ მოსარჩელეს შესთავაზა კომპანიაში არსებული ვაკანტური თანამდებობა, რაც დასტურდებოდა შესაბამისი ოქმით. შეთავაზების შინაარსის თანახმად, ვინაიდან 2020 წლის 16 ოქტომბერს უქმდებოდა შპს „თ.ს.კ–იის“ გენერალური დირექტორის რეფერენტის შტატი, კომპანიაში არსებული ვაკანტური პოზიციების გათვალისწინებით, გენერალური დირექტორის რეფერენტს შესთავაზეს ავტოსატრანსპორტო მონიტორინგის სამსახურის კონდუქტორის თანამდებობა, რაზეც ე.ზ–იამ განაცხადა უარი, რაც დაადასტურა ხელმოწერით. მოპასუხის მითითებით, ავტოსატრანსპორტო მონიტორინგის სამსახურის კონდუქტორი ახორციელებს საჯარო-სამართლებრივ უფლებამოსილებას და კომპანიას ფართოდ წარმოადგენს მესამე პირებთან - მოქალაქეებთან ურთიერთობაში, რაც მეტყველებს პოზიციის პასუხისმგებლობის მაღალ ხარისხზე. გასათვალისწინებელია სახელფასო სხვაობა, რაც ბევრად არ განსხვავდებოდა უკვე გაუქმებული რეფერენტის შტატის ანაზღაურებისგან, კერძოდ, საშუალო ანაზღაურების ოდენობა შეადგენდა 1450 ლარს. შტატის გაუქმებისა და იდენტური ფუნქციის შტატის არარსებობის პირობებში კომპანიას არ ევალებოდა სხვა პოზიციაზე გადაყვანის შეთავაზება, თუმცა მიუხედავად ამისა, არსებული შესაძლებლობების გათვალისწინებით, შესთავაზა კომპანიაში არსებული ვაკანტური თანამდებობა.
3.5. მოპასუხე დაუსაბუთებლად მიიჩნევდა მოსარჩელის მოთხოვნას გამოუყენებელი შვებულების დღეების ანაზღაურების თაობაზეც, რადგან 2021 და 2022 წლის შვებულებებით ბუნებრივია მოსარჩელე ვერ ისარგებლებდა. რაც შეეხება წინა წლებს: მოსარჩელე 2017, 2018, 2019 წლებში, მისი მოთხოვნის შესაბამისად, იმყოფებოდა ანაზღაურებად შვებულებაში, აღნიშნულის მოთხოვნების გარდა, მოსარჩელეს დამსაქმებლისათვის სხვა დროს არ მიუმართავს. 2017 და 2018 წლებში სრულად ისარგებლა კანონმდებლობის მინიჭებული უფლებით და გამოიყენა 24-24 სამუშაო დღე ანაზღაურებადი შვებულება და კომპანიისგან ასევე მიიღო თანხმობა დამატებითი ანაზღაურებადი შვებულება 5 და 10 სამუშაო დღის ოდენობით (ოჯახის წევრის გარდაცვალების და ქორწინების გამო). რაც შეეხება 2019 წელს, მან ისარგებლა 24 სამუშაო დღიდან 23 დღით, ვინაიდან, დამსაქმებლის მიერ დაკმაყოფილდა მოსარჩელის ყველა მოთხოვნა და ადგილი არ ჰქონია ანაზღაურებადი შვებულების გადატანის გამონაკლის შემთხვევებს ან აღნიშნულის წინაპირობებს. მოსარჩელეს საბოლოო ანგარიშსწორებისას სრულად აქვს ანაზღაურებული შრომითი ურთიერთობის ხანგრძლივობის პროპორციულად, გამომუშავებული საშვებულებო დღეების თანხა.
3.6. მოპასუხემ ასევე, წარადგინა მოთხოვნის შემაფერხებელი შესაგებელიც და განმარტა, რომ მოსარჩელე გენერალური დირექტორის აპარატის გენერალური დირექტორის რეფერენტის თანამდებობიდან გათავისუფლდა 2020 წლის 15 ოქტომბრის ბრძანების Nო01/2- 1/1/2163 საფუძველზე, რომლის თანახმადაც მასთან შეწყდა გაფორმებული შრომითი ხელშეკრულება 2020 წლის 16 ოქტომბრიდან. აღნიშნულ ბრძანებას იგი გაეცნო 16 ოქტომბერს, რაც დაადასტურა კიდეც ხელმოწერით. ე.ზ–იამ „შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის მიზეზების, გარემოებებისა და საფუძვლების თაობაზე დასაბუთების გადმოცემის თხოვნის შესახებ“ განცხადება შპს „თ.ს.კ–იაში“ წარადგინა 2021 წლის 11 იანვარს (კომპანიაში რეგისტრაციის N41/01) თითქმის 3 თვის შემდეგ. დასაქმებულს უფლება აქვს, შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ დამსაქმებლის გადაწყვეტილება გაასაჩივროს სასამართლოში შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ დამსაქმებლის შეტყობინების მიღებიდან 30 კალენდარული დღის ვადაში. შესაბამისად, ხანდაზმულობის ვადის დაცვისთვის მოსარჩელეს სასამართლოსთვის უნდა მიემართა 16 ნოემბრამდე, რაც მას არ განუხორციელებია.
4. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:
4.1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 21 ნოემბრის გადაწყვეტილებით, ე.ზ–იას სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, ბათილად იქნა ცნობილი შპს „თ.ს.კ–იის“ 2020 წლის 15 ოქტომბრის N01/2-1/1/2163 ბრძანება ე.ზ–იასთან შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ, შპს „თ.ს.კ–იას“ ე.ზ–იას სასარგებლოდ დაეკისრა სამუშაოზე აღდგენის ნაცვლად კომპენსაციის 3000 ლარის (ხელზე მისაღები ოდენობა) ანაზღაურება, შპს „თ.ს.კ–იას“ ე.ზ–იას სასარგებლოდ დაეკისრა იძულებითი განაცდურის ანაზღაურება გაცემული ერთი თვის კომპენსაციის გათვალისწინებით, 2020 წლის 15 ნოემბრიდან კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების აღსრულებამდე ყოველთვიურად 1540 ლარის (დარიცხული) ოდენობით. სარჩელი სამუშაოზე აღდგენის, ასევე გამოუყენებელი შვებულების ანაზღაურების მოთხოვნების ნაწილში არ დაკმაყოფილდა.
4.2. თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება, სააპელაციო საჩივრით გაასაჩივრეს, როგორც ე.ზ–იამ, ასევე შპს „თ.ს.კ–იამ“.
5. სააპელაციო სასამართლოს განჩინების სარეზოლუციო ნაწილი და ფაქტობრივ-სამართლებრივი დასაბუთება:
5.1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 30 სექტემბრის განჩინებით, სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდა და გასაჩივრებული გადაწყვეტილება უცვლელი დარჩა.
5.2 პალატამ შპს „თ.ს.კ–იის“ სააპელაციო საჩივართან დაკავშირებით აღნიშნა, რომ სადავო ბრძანებებით, არ დგინდებოდა ფუნქციათა იმ სახის დუბლირება, რაც კონკრეტული შტატის გაუქმების აუცილებლობას გაამართლებდა. დამსაქმებელმა (გარდა დირექტორის აპარატის უფროსის თანამდებობისა) ვერ მიუთითა და არც საქმის მასალებით დასტურდებოდა, სხვა სტრუქტურული ერთეულის თანამშრომელთა პოზიციები, რომლებიც იმავე ფუნქციას ასრულებდნენ, რასაც მოსარჩელე. რაც შეეხება აპარატის უფროსის ფუნქციებთან მსგავსებას, შპს „თ.ს.კ–იის“ გენერალური დირექტორის აპარატის დებულების და თანამდებობრივი ინსტრუქციების დამტკიცების შესახებ“ გენერალური დირექტორის 2019 წლის 2 ივლისის N131 ბრძანების შესაბამისად (დანართი N9), გენერალური დირექტორის რეფერენტის სამუშაო აღწერილობა, გარდა მცირე მსგავსებისა, არსებითად განსხვავებული იყო. ამასთან, პალატის აზრით, მოვალეობების თანხვედრის შემთხვევაშიც, საქმის მასალებით არ დგინდებოდა, რომ სხვადასხვა გარემოებები, მათ შორის, საქმეთა მოცულობა, რეფერენტის პოზიციის საჭიროებას გამორიცხავდა, მით უფრო, როდესაც წლების განმავლობაში ორგანიზაცია არსებული თანამდებობრივი სტრუქტურით საქმიანობდა. პალატამ ხაზგასმით აღნიშნა, რომ დამსაქმებელმა ვერ დაასაბუთა კონკრეტულად, რომელი სხვა სტრუქტურული ერთეულის თანამშრომლები ასრულებდნენ გენერალური დირექტორის რეფერენტის ფუნქცია-მოვალეობებს, მათი კომპეტენციის ფარგლებში და რაში გამოიხატებოდა აღნიშნული.
5.3. გასაჩივრებულ განჩინებაში აღნიშნულია, რომ მეწარმის გადაწყვეტილება მოითხოვს დასაბუთებას, გარკვეულ გათვლებს, რეორგანიზაციამდე არსებული სტრუქტურისა და მომავალი სტრუქტურის შედარებას, რეორგანიზაციის დადებით და უარყოფით მხარეებს. დაუშვებელია მეწარმის გადაწყვეტილება გამოაცხადოს რეორგანიზაცია ისე, რომ არ დაასაბუთოს, რატომ უნდა შემცირდეს კადრები, მოიკლო თუ არა სამუშაომ, დაინერგა თუ არა ტექნოლოგიური სიახლე, რომელმაც გამოათავისუფლა დასაქმებული, განხორციელდა თუ არა მნიშვნელოვანი ცვლილებები, რამაც აუცილებელი გახადა მენეჯერული მიდგომის შეცვლა და სხვა. განსახილველ შემთხვევაში, სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ არ დგინდებოდა, რეორგანიზაციის გადაწყვეტილების ამგვარი ყოველმხრივი გამოკვლევის საფუძველზე მიღების ფაქტი, ასევე არ იკვეთებოდა რა აუცილებლობით იყო გამოწვეული სამუშაო ძალის შემცირება. პალატის აზრით, საქმის მასალებით ასევე, არ დგინდებოდა, რამ განაპირობა კონკრეტულად მოსარჩელის სამსახურიდან გათავისუფლება და დასაქმებულთა შერჩევის წინასწარ განსაზღვრული რა კრიტერიუმები იქნა დამსაქმებლის მიერ გათვალისწინებული. ამგვარ მტკიცებულებათა წარმოუდგენლობა კი, ქმნიდა რწმენას იმის თაობაზე, რომ რეორგანიზაციის პერიოდში დასაქმებულის შეფასებისას მოპასუხეს არ უხელმძღვანელია წინასწარ დადგენილი სამართლიანი და ობიექტური კრიტერიუმებით. პალატამ დასძინა, რომ მართალია, დამსაქმებელმა მოსარჩელეს შესთავაზა არსებულ ვაკანტურ პოზიციაზე დასაქმება, რაზედაც მან უარი განაცხადა, თუმცა შეთავაზებული - ავტოსატრანსპორტო მონიტორინგის სამსახურის კონდუქტორის თანამდებობა, არსებითად განსხვავებული იყო მოსარჩელის ფუნქცია-მოვალეობებისაგან, რის გამოც დამსაქმებლის ქმედება ვერ შეფასდებოდა შრომითი ურთიერთობის შენარჩუნების მცდელობად, მით უფრო, ისეთ პირობებში, როდესაც, ორგანიზაციული ცვლილებების თაობაზე გადაწყვეტილებასა და თანამშრომლის გათავისუფლების შესახებ დამსაქმებლის გადაწყვეტილებას შორის მიზეზ-შედეგობრივი კავშირი უტყუარი მტკიცებულებებით არ დასტურდებოდა.
5.4. მოხმობილი მსჯელობის შესაბამისად სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ გასაჩივრებული ბრძანება მართებულად იქნა მიჩნეული ბათილად. ბრძანების ბათილად ცნობის თანმდევ შედეგებთან მიმართებით სააპელაციო სასამართლომ მიუთითა, რომ დაზუსტებული მოთხოვნით, მოსარჩელე გენერალური დირექტორის აპარატის გენერალური დირექტორის რეფერენტის თანამდებობის საშტატო ერთეულის ტოლფას თანამდებობად მიიჩნევდა ორ ვაკანტურ ადგილს: 1) შპს „თ.ს.კ–იის“ საინფორმაციო ტექნოლოგიების სამსახურის ადმინისტრაციის უფროსი სპეციალისტისა და 2) საპროექტო სამსახურის დოკუმენტაციის კონტროლის სპეციალისტის პოზიცია. პალატის აზრით, დასახელებულ პოზიციებთან ტოლფასოვნების შედარებისათვის უნდა შეფასებულიყო თითოეული პოზიციის ფუნქცია-მოვალეობები, საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებები კი არ ქმნიდა იმგვარი დასკვნის გაკეთების შესაძლებლობას, რომ მოსარჩელის მიერ დასახული ვაკანტური თანამდებობები მის მიერ დაკავებული თანამდებობის მსგავსი/იდენტური იყო, რაც სასამართლოს უსპობდა შესაძლებლობას ამ ნაწილში სასარჩელო მოთხოვნა დაეკმაყოფილებინა. შედეგად, ვინაიდან საქმეზე არ იკვეთებოდა მოსარჩელის ტოლფას თანამდებობაზე აღდგენის შესაძლებლობა, სააპელაციო პალატამ მართებულად მიიჩნია ქვემდგომი ინსტანციის სასამართლო გადაწყვეტილება მოსარჩელისთვის კომპენსაციისა (3000 ლარი) და იძულებითი განაცდურის (2020 წლის 15 ნოემბრიდან კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების აღსრულებამდე ყოველთვიურად 1540 ლარის (დარიცხული) ოდენობით) ანაზღაურების დაკისრების თაობაზე, ვინაიდან პალატის აზრით, მოსარჩელისთვის კომპენსაციის სახით 3 000 ლარის ანაზღაურება, შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის საფუძვლისა და იძულებითი განაცდურის მიკუთვნების გათვალისწინებით, გონივრულ ფარგლებში უზრუნველყოფდა უკანონოდ გათავისუფლებული მუშაკის შელახული ინტერესის დაცვას და ამავდროულად დაუსაბუთებლად არ ზღუდავდა დამსაქმებლის ინტერესებს.
5.5. ე.ზ–იას სააპელაციო საჩივრის იმ ნაწილთან დაკავშირებით, რომელიც გასაჩივრებული გადაწყვეტილების კრიტიკას შეიცავდა ტოლფას სამუშაოზე აღდგენაზე უარისა და კომპენსაციის არასათანადო ოდენობით დაკისრების თაობაზე, სააპელაციო პალატას განმეორებით არ უმსჯელია, ვინაიდან სადავო საკითხებზე ამომწურავ პასუხს მოიცავდა შპს „თ.ს.კ–იის“ სააპელაციო საჩივრის ფარგლებში განვითარებული სამართლებრივი მსჯელობა. რაც შეეხება მისი სააპელაციო საჩივრის სხვა მოთხოვნებს: სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ შვებულების, როგორც დასაქმებულის სოციალური უფლების განსაკუთრებულობიდან გამომდინარე, შრომით კანონმდებლობაში აღიარებულია, დასაქმებულის შესაძლებლობა, მოითხოვოს გამოუყენებელი შვებულების კომპენსაცია, თუმცა, მიუთითა, რომ ამ მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად სახეზე უნდა იყოს შრომის კოდექსის 31-ე მუხლის მე-5 ნაწილით იმპერატიულად განსაზღვრული წინაპირობები, რომლის მიხედვითაც დამსაქმებლის ინიციატივით შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტისას იგი ვალდებულია დასაქმებულს აუნაზღაუროს გამოუყენებელი შვებულება შრომითი ურთიერთობის ხანგრძლივობის პროპორციულად მოცემულ შემთხვევაში. პალატამ მიუთითა, რომ განსახილველ შემთხვევაში, საქმის მასალებით დასტურდებოდა, რომ შრომითი ურთიერთობის განმავლობაში, მოსარჩელემ მოითხოვა და შესაბამისად, ისარგებლა 2017-2018 წლების ანაზღაურებადი შვებულებით სრულად, 2019 წელს - 23 სამუშაო დღით. ხოლო მოსარჩელემ 2020 წელს კუთვნილი შვებულებით ისარგებლა 13 სამუშაო დღე, რაც ანაზღაურებულია. შესაბამისად, აღნიშნულ ნაწილში სარჩელი უსაფუძვლოდ იქნა მიჩნეული. რაც შეეხება გამოუყენებელ შვებულებას, პალატის აზრით, მოცემულ შემთხვევაში, საქმეში არ მოიპოვებოდა 2019 წლის ანაზღაურებადი შვებულების დარჩენილი დღით სარგებლობის თაობაზე დასაქმებულის მოთხოვნის, მასზე დამსაქმებლის უარისა და/ან მომდევნო წლისათვის გადატანაზე მხარეთა შეთანხმების დამადასტურებელი მტკიცებულება, რის გამოც, პალატამ დაასკვნა, რომ მოსარჩელის მოთხოვნა მითითებულ პერიოდში კუთვნილი შვებულების ფულადი თანხის დაკისრების ნაწილში საფუძველს მოკლებული იყო და მართებულად ეთქვა დაკმაყოფილებაზე უარი.
5.6. სააპელაციო პალატამ, ასევე, იმსჯელა ე.ზ–იას მიერ გასაჩივრებულ თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 16 მაისის საოქმო განჩინების თაობაზე, რომლითაც მტკიცებულებათა გამოთხოვის შესახებ მისი შუამდგომლობა ნაწილობრივ დაკმაყოფილდა. ამ მიმართებით პალატამ აღნიშნა, რომ გასაჩივრებული საოქმო განჩინებით, მოსარჩელე მხარის შუამდგომლობა ნაწილობრივ დაკმაყოფილდა და მოპასუხეს განესაზღვრა ერთი თვის ვადა შემდეგი სახის მტკიცებულებათა წარმოსადგენად: 1. შპს „თ.ს.კ–იაში“ 2019, 2020, 2021, 2022 და 2023 წლებში მოქმედი საშტატო განრიგების დამოწმებული ასლები, მასში ცვლილებებისა და დამატებების შემტანი ბრძანებების დამოწმებული ასლების თანხლებით; 2. საქმის სასამართლოში განხილვის პერიოდში შპს „თ.ს.კ–იაში“ ვაკანტური თანამდებობების შესახებ ინფორმაცია, მათი დასახელების, თანამდებობრივი სარგოსა და სამუშო აღწერილობების მითითებით; 3. 2020 წლის 15 ოქტომბრამდე და 2020 წლის 15 ოქტომბრის შემდგომ, მიმდინარე პერიოდში კომპანიაში არსებული სტრუქტურული ერთეულების, სტრუქტურული ქვედანაყოფების დებულებებისა და მათი დამტკიცების თაობაზე ბრძანებების დამოწმებული ასლები. 4. 2015 წლიდან 2020 წლის ჩათვლით (გარდა უკვე წარმოდგენილი პერიოდისა) ე.ზ–იას წახალისების, მასზე პრემიების გაცემის, ამავე წლებში ე.ზ–იას შვებულების შესახებ გამოცემული ბრძანებების და არსებობის შემთხვევაში, მისი გაცნობის/ჩაბარების დამადასტურებელი დოკუმენტების ასლები; 5. სამუშაო აღწერილობების ე.ზ–იასათვის გაცნობის დამადასტურებელი დოკუმენტი. პალატის აზრით, გასაჩივრებული განჩინებით გამოთხოვილი წერილობითი მტკიცებულებების ნუსხის შეფასებისა და წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრის საფუძვლების შესწავლის შედეგად, ვერ იქნებოდა გაზიარებული აპელანტის პრეტენზია საოქმო განჩინების დაუსაბუთებლობასა და უკანონობასთან მიმართებით, რადგანაც სასამართლოს მხრიდან გამოთხოვილი იქნა კონკრეტული საქმის გადაწყვეტისათვის არსებითი მტკიცებულებები და გარემოება, რომ რაიმე სახის მტკიცებულების გამოთხოვის ნაწილში მოსარჩელე მხარეს უარი ეთქვა, საქმეზე წარმოდგენილი მტკიცებულებების გათვალისწინებით, ვერ მიიჩნეოდა განსახილველი საქმის გადაწყვეტისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონედ. შესაბამისად, სააპელაციო საჩივარი არც ამ ნაწილში დაკმაყოფილდა.
5.7. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის პალატის 2024 წლის 30 სექტემბრის განჩინება, საკასაციო საჩივრის წარდგენის გზით, გაასაჩივრეს, როგორც ე.ზ–იამ, ასევე შპს „თ.ს.კ–იამ“.
6. I კასატორის მოთხოვნა და საფუძვლები:
6.1. I კასატორი - შპს „თ.ს.კ–ია“, ითხოვს გასაჩივრებული განჩინების გაუქმებასა და სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმას.
6.2. კასატორის განმარტებით, ქვემდგომმა ინსტანციის სასამართლოებმა საპროცესო და მატერიალური საკანონმდებლო ნორმების უგულებელყოფით, არასწორად დაადგინეს მოსარჩელის უკანონოდ გათავისუფლების ფაქტი. კასატორი აცხადებს, რომ ქვემდგომმა ინსტანციის სასამართლოებმა მართებული მსჯელობა განავითარეს, როდესაც აღნიშნეს, რომ სასამართლო ვერ ჩაერევა დამსაქმებლის უფლებაში თავად გადაწყვიტოს რეორგანიზაციისა თუ კონკრეტული თანამდებობების საჭიროება, თუმცა სავსებით არასწორი სამართლებრივი შეფასება მისცეს მოსარჩელის თანამდებობიდან გათავისუფლების ფაქტს.
6.3. კასატორის მტკიცებით, დამსაქმებლის მიერ ამომწურავად დასაბუთდა გაუქმებული შტატის ფუნქციების არააქტუალურობა, რადგან საქმის მასალებით დგინდება, რომ ერთი მხრივ, მოსარჩელის მიერ გათავისუფლებამდე შესასრულებელი ფუნქციები იკვეთებოდა აპარატის უფროსის ფუნქციებთან და მეორე მხრივ, ინსტრუქციაში მითითებული ფუნქციების ნაწილი (წერილების მომზადება, მოხსენებითი ბარათისა და განკარგულებითი დოკუმენტაციის პროექტების მომზადება) საერთოდ არ ეხებოდა რეფერენტის თანამდებობას. აღნიშნულ ფუნქციას ასრულებდა კომპანიის კონკრეტული სტრუქტურული ერთეულები. ისინი მიმართავდნენ გენერალურ დირექტორს მოხსენებითი ბარათით, შესაბამისად, ალოგიკურია აღნიშნული ფუნქციების რეფერენტთან დაკავშირება. იგივე მსჯელობას ავითარებს კასატორი კორესპონდენციის წარმოების ვალდებულების შესახებაც და განმარტავს, რომ კომპანიაში კორესპონდენციის წარმოებაზე პასუხისმგებელია საგნობრივად დაკავშირებული სტრუქტურული ერთეული. რაც შეეხება განკარგულებით დოკუმენტაციას, კასატორი ამტკიცებს, რომ ეს ფუნქციაც ბუნებრივია, სრულიად დაკავშირებულია იურიდიულ დეპარტამენტთან. კასატორი დასძენს, რომ ინსტრუქციაში გაწერილი ფუნქციათა უმრავლესობა საერთოდ არ არსებობდა (მაგ. თათბირების ოქმის შედგენა და სხვა), რაც მოსარჩელის მიერ დაკავებული თანამდებობის არსებობის საჭიროებას გამორიცხავდა.
6.4. კასატორის აზრით, უმართებულოა სააპელაციო პალატის მიერ განვითარებული ის მსჯელობაც, რომელიც შეეხებოდა ფუნქციათა 100%-იანი დუბლირების არ არსებობას, რადგან გარდა ვალდებულებების დუბლირებისა მოსარჩელის შტატის გაუქმების საფუძველი იყო მასზე დაკისრებული ფუნქციების არარსებობაც, რასაც ადასტურებს კიდეც 2020 წლიდან დღემდე გასული პერიოდი, როდესაც სადავო პოზიცია კომპანიის საშტატო ნუსხას არ დამატებია და კომპანიაში მსგავსი თანამდებობა მის გაუქმების დღიდან აღარ არსებობს, რაც კასატორის აზრით, დაუსაბუთებელს ხდის სამსახურიდან მოსარჩელის გათავისუფლების შესახებ ბრძანების ბათილად ცნობის თაობაზე მიღებულ გადაწყვეტილებას.
6.5. კასატორი მიუთითებს, რომ მოსარჩელის პროფესიული უნარები არასოდეს დამდგარა ეჭვქვეშ, მის გათავისუფლებას საფუძვლად დაედო რეორგანიზაცია და შტატის შემცირება, შესაბამისად უადგილოა სასამართლოს ის მითითება, რომ დამსაქმებელს არ განუსაზღვრია გათავისუფლების წინასწარი კრიტერიუმები, ასევე უმართებულოა ის მითითებაც, რომ დამსაქმებელმა ვერ დაადასტურა, რამ განაპირობა კონკრეტულად მოსარჩელის გათავისუფლება. კასატორი ამტკიცებს, რომ კომპანია ვერ იხელმძღვანელებდა რაიმე კონკრეტული წინასწარ განსაზღვრული წესებითა და სტანდარტებით, რადგან გენერალური დირექტორის რეფერენტის თანამდებობა იყო მხოლოდ ერთი, ამ პოზიციაზე დასაქმებულ პირს კი, არ ჰყავდა შესადარებელი სუბიექტი, ამდენად, რადგან მოსარჩელის მიერ დაკავებული შტატი მიჩნეულ იქნა არასაჭიროდ, არც გათავისუფლების წინასწარი კრიტერიუმების ჩამოყალიბება იყო საჭირო. კასატორი ამტკიცებს, რომ შტატის გაუქმების შესახებ გადაწყვეტილება ბიზნეს საქმიანობაა, რომელშიც ყოველგვარი ჩარევა, მათ შორის სასამართლოს მხრიდან, დაუშვებელია.
6.6. საკასაციო საჩივრის თანახმად, მოსარჩელეს კომპანიამ შესთავაზა არსებული ვაკანტური თანამდებობიდან ყველაზე მისაღები, როგორც ფუნქციურად, ასევე ხელფასის ოდენობის თვალსაზრისით, ამ შეთავაზებაზე მან უარი განაცხადა, ხოლო მის მიერ დასახელებული ალტერნატიული პოზიციები არ წარმოადგენდა მის მიერ დაკავებული თანამდებობის ალტერნატივას.
6.7. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 20 დეკემბრის განჩინებით, შპს „თ.ს.კ–იის“ საკასაციო საჩივარი, მიღებულ იქნა წარმოებაში, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მიხედვით, დასაშვებობის შესამოწმებლად.
7. II კასატორის მოთხოვნა და საფუძვლები:
7.1. II კასატორი - ე.ზ–ია, ითხოვს გასაჩივრებული განჩინების გაუქმებას, სარჩელის სრულად დაკმაყოფილებას, სასამართლოს და სასამართლოს გარეშე ხარჯების ანაზღაურებას.
7.2. კასატორის პირველი პრეტენზია ეძღვნება გასაჩივრებული განჩინების იმ ნაწილის კრიტიკას, რომლითაც ტოლფასი თანამდებობების შესახებ მსჯელობაა განვითარებული. კასატორი აცხადებს, რომ სასამართლომ შეაფასა მხოლოდ ორი ალტერნატიული თანამდებობის შესაბამისობის საკითხი, მაშინ როდესაც, სასარჩელო მოთხოვნის დაზუსტების შესახებ მოსარჩელის 2023 წლის 4 ივლისის განცხადებით, მოთხოვნა დაზუსტდა იმდაგვარად, რომ მოსარჩელემ მოითხოვა სამ ვაკანტურ თანამდებობაზე მისი აღდგენის შესაძლებლობის შეფასება და სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენებაც, სწორედ სამ ვაკანტურ თანამდებობაზე მოხდა. სასამართლომ მოსარჩელის მიერ დაყენებული მოთხოვნიდან შესაბამისობის საკითხზე მხოლოდ ნაწილობრივ, ორ ვაკანტურ თანამდებობაზე იმსჯელა, რაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმების აბსოლუტური საფუძველია.
7.3. კასატორი ამტკიცებს, რომ მტკიცებულებათა სწორ და სათანადო გამოკვლევას არ ემყარება სააპელაციო პალატის დასკვნა, მასზედ რომ 2023 წლის 26 ოქტომბერს სასამართლო სხდომაზე მოსარჩელემ დააზუსტა მოთხოვნა და სამი პოზიციის ნაცვლად ორ პოზიციაზე მოითხოვა აღდგენა. ამასთან, მისივე მტკიცებით, სასამართლომ არასწორად დაასკვნა, რომ მის მიერ განხილული ორი ტოლფასი თანამდებობიდან, არცერთი იყო მოსარჩელის კვალიფიკაციასთან შესაბამისი. ეს დასკვნა სასამართლომ გააკეთა მიუხედავად იმისა, რომ მოსარჩელემ მოითხოვა მითითებული ვაკანტური თანამდებობების შესაბამისი საკვალიფიკაციო მოთხოვნების შესახებ დოკუმენტის ან სამუშაო აღწერილობის წარმოდგენა, რაც დამსაქმებლის მიერ წარდგენილი არ ყოფილა. შესაბამისად, ამ ნაწილში სასამართლოს დასკვნა არ ემყარება მტკიცებულებებს და დაუსაბუთებელია. ამასთან, მხარე ამტკიცებს, რომ სასამართლომ თანამდებობების ტოლფასად მიჩნევის შეუძლებლობა დაუკავშირა მოპასუხე კომპანიის მიერ, დავის აღძვრის შემდგომ შედგენილ ცნობას, რაც ვერ იქნება განხილული ობიექტურ გარემოებად, სამუშაო აღწერილობა და თანამდებობრივი ინსტრუქცია, დგინდება შესაბამისი ორგანოების მიერ ზედამხედველობის პროცესის გავლით, რაც მტკიცებულებას რელევანტურად აქცევს, თუმცა მისი წარმოდგენა მოპასუხემ ვერ უზრუნველყო.
7.4. კასატორის მეორე პრეტენზია მიემართება ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოების მიერ განსაზღვრული კომპენსაციის ოდენობას. იგი ამტკიცებს, რომ სასამართლომ არასწორად განმარტა კომპენსაციის „სამართლიანი ანაზღაურების“ შესახებ საკანონმდებლო დათქმა, რადგან განუსაზღვრელი ვადით დადებული შრომის ხელშეკრულების უკანონოდ შეწყვეტისთვის, 3000 ლარის ოდენობის კომპენსაციის დაკისრება არაგონივრულია. ამასთან, სასამართლოს მიერ არ დასაბუთებულა თუ რის საფუძველზე მოხდა კომპენსაციის ოდენობის განსაზღვრა, სასამართლომ არ გაითვალისწინა, რომ მოპასუხე საბიუჯეტო კომპანიაა და მას არ გააჩნია ეკონომიური სიძნელეები. კასატორის მტკიცებით, კომპენსაციის სამართლიანი ოდენობის დადგენის მიზნით, სასამართლოს მხედველობაში უნდა მიეღო კომპანიის ფინანსური მდგომარეობა, დაწესებულების ლიკვიდურობა, შრომითი ურთიერთობის ხასიათი, დათხოვილი მუშაკის პიროვნება, მისი სტაჟი, სამსახურიდან დათხოვნის შემდეგ სამსახურის დაწყების თუ დაუსაქმებლობის ფაქტი და სხვა რელევანტური გარემოებები, და კომპენსაციის ოდენობად უნდა განესაზღვრა ერთი თვის ხელფასის ნამრავლი 10 წელზე.
7.5. კასატორის შემდგომი პრეტენზია შეეხება ყოველწლიური კუთვნილი, გამოუყენებელი ანაზღაურებადი შვებულების დღეების ანაზღაურებაზე უარის თქმას. კასატორი ამტკიცებს, რომ 2015-2021 წლებში მოსარჩელემ მოითხოვა მისი კუთვნილი შვებულება, წარადგინა განცხადებები და მოითხოვა მათი განხილვა, თუმცა დასაქმებულს მისთვის არ უცნობებია და არ გადაუცია მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის/დაკმაყოფილების თაობაზე გადაწყვეტილება. ეს ფაქტი სარჩელით სადავოდ იყო გამხდარი, თუმცა მოპასუხეს არ წარუდგენია რაიმე მტკიცებულება იმის თაობაზე რომ დასაქმებულს ეცნობა მისი განცხადების განხილვის შედეგები, რაც კასატორის აზრით, ნიშნავს, რომ მოპასუხეს სადავო გარემოების მიმართ არ წარმოუდგენია დასაბუთებული შედავება. ამასთან, კასატორი აცხადებს, რომ სასამართლომ მოთხოვნის ის ნაწილი უარყო, რომელსაც მოპასუხე სადავოდ არ ხდიდა, კერძოდ, მოპასუხემ სადავოდ არ გახადა, რომ ე.ზ–იას არ აცნობა მისი განცხადების განხილვის შედეგები ან/და არ გადასცა კომპანიის დირექტორის ბრძანებები შვებულების უფლებით სარგებლობასთან დაკავშირებით განცხადების დაკმაყოფილების შესახებ. საგულისხმოა ისიც, რომ მოთხოვნის ამ ნაწილში მოსარჩელემ იშუამდგომლა სასამართლოს მეშვეობით მტკიცებულებათა წარმოდგენის შესახებ, რაც დაკმაყოფილდა, თუმცა მოპასუხეს აღნიშნული მტკიცებულებები არ წარმოუდგენია, რაც მტკიცების ტვირთის შებრუნების საფუძველი უნდა გამხდარიყო და სარჩელი ამ ნაწილში უნდა დაკმაყოფილებულიყო სრულად.
7.6. კასატორის მეოთხე შედავება მიემართება სააპელაციო სასამართლოს მიერ სასამართლოს გარეშე ხარჯების არასწორად და არასაკმარისად განსაზღვრის ფაქტს. კასატორი ამტკიცებს, რომ სასამართლომ ადვოკატის მომსახურების ხარჯი გამოითვალა მხოლოდ ერთი მოთხოვნიდან (განაცდური ხელფასიდან) და ამავდროულად არასწორად, რადგან ეს პერიოდი გაამრავლა ერთ წელზე სამი წლის ნაცვლად. მისივე მტკიცებით, განსახილველი საქმე სამართლებრივად დატვირთულია, ადვოკატის მიერ ვალდებულება შესრულებულია კეთილსინდისიერად, რაც დაკისრებული ხარჯის ოდენობას შეუსაბამოდ ხდის. გარდა ამისა, კასატორი უთითებს, რომ მოსარჩელემ გასწია მრავალი ისეთი ხარჯი, რომლის მტკიცებულებასაც ვერ წარმოადგენდა, თუმცა მათი არსებობა პრეზუმირებულია (ფურცლები, ასლები, ფოსტით გამოგზავნილი საჩივრები, აკინძული მასალები და სხვ.), რომლის ანაზღაურებაც, სარჩელის დაკმაყოფილების პირობებში, მოპასუხეს უნდა დაჰკისრებოდა.
7.7. კასატორი ასევე აცხადებს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლო გადაწყვეტილებით, არასწორად გადაწყდა სასამართლო ხარჯების საკითხი, რაც ასევე არასწორად დატოვა ძალაში სააპელაციო სასამართლომ. კასატორი ამტკიცებს, რომ მას არ აუნაზღაურდა სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიებისთვის გადახდილი სახელმწიფო ბაჟი.
7.8. კასატორი პრეტენზიას გამოთქვამს, თბილისის სააპელაციო სასამართლოს იმ განჩინებაზე, რომლითაც ძალაში დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 16 მაისის საოქმო განჩინება, სასამართლოს დახმარებით მტკიცებულებების მოპოვების თხოვნის შესახებ შუამდგომლობის მხოლოდ ნაწილობრივ დაკმაყოფილების თაობაზე. მისი მტკიცებით, შუალედური განჩინება არ აკმაყოფილებს სასამართლოს აქტისათვის წაყენებულ საკანონმდებლო მოთხოვნებს, კერძოდ, არ არის დასაბუთებული თუ რატომ არ დაკმაყოფილდა მოთხოვნა სრულად. კასატორი დასძენს, რომ სასამართლოს ამ ქმედებით მას წაერთვა ფაქტების დამტკიცების შესაძლებლობა, რომელსაც ის უთითებდა, რამაც განაპირობა საქმეზე არასწორი სასამართლო გადაწყვეტილება უარყოფილ ნაწილში.
7.9. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 20 დეკემბრის განჩინებით, ე.ზ–იას, საკასაციო საჩივარი, მიღებულ იქნა წარმოებაში, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მიხედვით, დასაშვებობის შესამოწმებლად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საკასაციო სასამართლომ, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, შეამოწმა საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საკითხი და მიიჩნევს, რომ დაუშვებელია შემდეგ გარემოებათა გამო:
8. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას ან/და მის დამატებით ოქმს/ოქმებს და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.
9. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი საფუძვლით.
10. სააპელაციო სასამართლოს საქმე არ განუხილავს მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით და ვერც კასატორმა ვერ მიუთითა რაიმე ისეთ საპროცესო დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე. სააპელაციო სასამართლომ საპროცესო ნორმების დარღვევის გარეშე დაადგინა მოცემული დავის გადაწყვეტისათვის სამართლებრივად მნიშვნელოვანი ფაქტობრივი გარემოებები და იურიდიულად სწორად შეაფასა ისინი, შესაბამისად, სააპელაციო პალატის მიერ გამოტანილი სამართლებრივი დასკვნები მართებულია.
11. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება - დადგენა, მატერიალურსამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორს, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით, არ წარუდგენია დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). შესაბამისად, საკასაციო პალატა დადგენილად მიიჩნევს სააპელაციო პალატის მიერ დადგენილად ცნობილ საქმის გადაწყვეტისთვის მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივ გარემოებებს.
12. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ I კასატორი - შპს „თ.ს.კ–იის“ საკასაციო საჩივრის ფარგლებში, სამსახურიდან გათავისუფლების ბრძანების ბათილობის საფუძვლიანობის შემოწმების მიზნით, უნდა შეფასდეს კომპანიაში ჩატარებული რეორგანიზაციისა და მისი შედეგების მოსარჩელისადმი მართლზომიერების საკითხები, კერძოდ, შტატების შემცირების მოტივით, მოსარჩელის გათავისუფლების კანონიერება, დამსაქმებლის მიერ სამოქალაქო უფლების მართლზომიერად გამოყენება, ანუ საქართველოს შრომის კოდექსის 47-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (სადავო პერიოდში მოქმედი რედაქციით), სამოქალაქო კოდექსის 115-ე და მე-8 მუხლებით რეგულირებული საკითხები და საქართველოს კონსტიტუციით აღიარებული შრომის უფლების დაცვის სტანდარტი, ვინაიდან რეორგანიზაცია დასაქმებულთან ხელშეკრულების შეწყვეტის ფორმალური საფუძველი არ არის და ორგანიზაციაში მიმდინარე სტრუქტურული, ორგანიზაციული ცვლილებები არ უნდა იქცეს უმართებულო გადაწყვეტილების მიღების კანონისმიერ საფუძვლად (სუსგ №ას-115-111-2016, 8.04.2016წ.).
13. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სადავო პერიოდში მოქმედი შრომის კოდექსის 47-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ეკონომიკური გარემოებები, ტექნოლოგიური ან ორგანიზაციული ცვლილებები შეიძლება არსებობდეს დამოუკიდებლად, თუმცა იმისათვის, რომ შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტა საფუძვლიანად იქნეს მიჩნეული, აუცილებელია, ნებისმიერ აღნიშნულ გარემოებას შედეგად მოჰყვებოდეს სამუშაო ძალის შემცირება.
14. საკასაციო სასამართლომ არაერთ საქმეში განმარტა, რომ დასაქმებულთა სამუშაოდან გათავისუფლების საფუძველი შეიძლება გახდეს საწარმოში განხორციელებული არა ყოველგვარი, არამედ ისეთი რეორგანიზაცია, რომელსაც თან სდევს შტატების შემცირება ან ახალი საშტატო ნუსხით გათვალისწინებული თანამდებობებისათვის დაწესებული ისეთი ფუნქციები, რომლებიც არსებითად განსხვავდება რეორგანიზაციამდე არსებული შესაბამისი თანამდებობებისათვის დაწესებული ფუნქციებისგან“ (სუსგ. №ას-665-636-2016, 9.12.2016)“.
15. შრომით დავებში მტკიცების ტვირთის გადანაწილების თავისებურებიდან გამომდინარე, დამსაქმებელი, რომელიც რეორგანიზაციის მართლზომიერებაზე მიუთითებს, სწორედ თავადაა ვალდებული, რეორგანიზაციისა და მისი შედეგების მოსარჩელის მიმართ მართლზომიერების დამადასტურებელი მტკიცებულებები წარადგინოს. მოცემულ შემთხვევაში, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ მოპასუხემ სათანადო და დამაჯერებელ მტკიცებულებებზე მითითებით ვერ უზრუნველყო თავისი წილი მტკიცების ტვირთის რეალიზება, რაც გამორიცხავს რეორგანიზაციის მოტივით მოსარჩელის გათავისუფლების კანონიერების შესახებ მოპასუხის პოზიციის გაზიარების შესაძლებლობას.
16. განსახილველ შემთხვევაში, შპს „თ.ს.კ–იის“ 2020 წლის 14 სექტემბრის N127 ბრძანებით განხორციელდა შპს „თ.ს.კ–იის“ გენერალური დირექტორის აპარატის რეორგანიზაცია აპარატის ფუნქციური ოპტიმიზაციისა და მასზე დაკისრებული ფუნქციების ეფექტური და დროული განხორციელების, ასევე, მის წინაშე არსებული გამოწვევების დაძლევისა და მართვის პროცესის გაუმჯობესების მიზნით, რომელსაც შეიძლება თან მოჰყოლოდა სტრუქტურული ან/და ორგანიზაციული ცვლილებები, ასევე, სამუშაო ძალის შემცირება/გადაადგილება (1-ლი მუხლი). ამავე ბრძანების მე-2 მუხლით კომპანიის ადამიანური რესურსების მართვის სამსახურს დაევალა უზრუნველეყო აპარატში დასაქმებულ პირთათვის რეორგანიზაციის დაწყების შესახებ ბრძანების გაცნობა და გაფრთხილება ორგანიზაციულ ცვლილებებთან დაკავშირებით თანამდებობიდან შესაძლო გათავისუფლების შესახებ. მე-3 მუხლით განისაზღვრა რეორგანიზაციასთან დაკავშირებული ღონისძიებების დასრულების ვადა - 2020 წლის 16 ოქტომბრამდე. 2020 წლის 16 სექტემბერს მოსარჩელე გაფრთხილებული იქნა შპს „თ.ს.კ–იაში“ აპარატის სტრუქტურული ცვლილებების გამო თანამდებობიდან შესაძლო გათავისუფლების თაობაზე.
17. 2020 წლის 15 ოქტომბრის გენერალური დირექტორის რეფერენტ ე.ზ–იასათვის დამსაქმებლის მხრიდან შეთავაზებული იქნა ავტოსატრანსპორტო მონიტორინგის სამსახურის კონდუქტორის თანამდებობა, რაზედაც მოსარჩელემ უარი განაცხადა. შპს „თ.ს.კ–იის“ 15.10.2020 წლის N01/2-1/1/2163 ბრძანებით შპს „თ.ს.კ–იის’’ გენერალური დირექტორის 2020 წლის 14 სექტემბრის N127 ბრძანების, 2020 წლის 16 სექტემბრის გაფრთხილების ფურცლის, შპს „თ.ს.კ–იის“ გენერალური დირექტორის 2016 წლის 18 აგვისტოს N182 ბრძანებით დამტკიცებული „შპს „თ.ს.კ–იის“ ადამიანური რესურსების მართვის საქმისწარმოების წესის“ მე-8 მუხლის, საქართველოს ორგანული კანონის საქართველოს შრომის კოდექსის 47-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტისა და „ქ. თბილისის მთავრობის 100%-იანი წილობრივი მონაწილეობით დაფუძნებული შპს „თ.ს.კ–იის“ მიმართ ზოგიერთი ღონისძიების განხორციელების შესახებ“ ქ. თბილისის მთავრობის 2011 წლის 14 იანვრის N01.21.21 დადგენილებით დამტკიცებული შპს „თ.ს.კ–იის“ დირექტორატის დებულების 3.4 პუნქტის შესაბამისად, ე.ზ–ია გათავისუფლდა გენერალური დირექტორის აპარატის გენერალური დირექტორის რეფერენტის თანამდებობიდან. საქმის მასალებით დგინდება, რომ ამავე ბრძანების საფუძველზე მოსარჩელეს მიეცა ერთი თვის კომპენსაცია საქართველოს შრომის კოდექსის 48-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად და შეწყდა მასთან გაფორმებული შრომითი ხელშეკრულება 2020 წლის 16 ოქტომბრიდან. 2021 წლის 11 იანვრის N41/01 განცხადების პასუხად, მოსარჩელეს, მოპასუხის 15.01.2021 წლის N01/69 წერილით ეცნობა, რომ შპს „თ.ს.კ–იის“ 2020 წლის 15 იანვრის N 01/2-1/1/2163 ბრძანებით მასთან შეწყდა შრომითი ურთიერთობა საქართველოს შრომის კოდექსის 47-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის საფუძველზე, რომლის შესაბამისად, შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის საფუძველია ეკონომიკური გარემოებები, ტექნოლოგიური ან ორგანიზაციული ცვლილებები, რომლებიც აუცილებელს ხდის სამუშაო ძალის შემცირებას. ამავე წერილის მიხედვით, შპს „თ.ს.კ–იის“ გენერალური დირექტორის 2020 წლის 15 იანვრის N01/2- 1/1/2163 ბრძანების საფუძველს ასევე წარმოადგენდა, შპს „თ.ს.კ–იის“ გენერალური დირექტორის 2020 წლის 14 სექტემბრის N127 ბრძანება „შპს „თ.ს.კ–იაში“ გენერალური დირექტორის აპარატის რეორგანიზაციის შესახებ“. აღნიშნული ბრძანების პირველ პუნქტში განმარტებულია რეორგანიზაციის მიზეზი, კერძოდ, რეორგანიზაცია აპარატის ფუნქციური ოპტიმიზაციისა და მასზე დაკისრებული ფუნქციების ეფექტური და დროული განხორციელების, ასევე, მის წინაშე არსებული გამოწვევების დაძლევისა და მართვის პროცესის გაუმჯობესების მიზნით, რომელსაც შეიძლება თან ახლდეს სტრუქტურული ან/და ორგანიზაციული ცვლილებები, ასევე, სამუშაო ძალის შემცირება/გადაადგილება. აღნიშნული რეორგანიზაციის ჩატარებამდე არსებული გენერალური დირექტორის აპარატის (შემდგომში აპარატი) დებულებით, მითითებულ სტრუქტურულ ერთეულს გააჩნდა ისეთი ფუნქციები, რომლებიც ორგანიზაციული სტრუქტურის ოპტიმიზაციის თვალსაზრისით მიიჩნეოდა სხვა სტრუქტურული ერთეულის ფუნქციებად ან საჭიროებდა ცალკე გამოყოფას. ასევე, აპარატში დასაქმებულ თანამშრომელთა შორის, ადგილი ჰქონდა ფუნქციათა დუბლირებას, რაც, როგორც ადამიანური რესურსების მართვის ნაწილში, ასევე კომპანიის სახელფასო ბიუჯეტის რაციონალურად ხარჯვის ნაწილში, მიიჩნეოდა გაუმართლებლად. რეორგანიზაციის პროცესში, სწორედ ერთ-ერთ ასეთ პოზიციად იქნა მიჩნეული გენერალური დირექტორის რეფერენტის პოზიცია და მიღებულ იქნა გადაწყვეტილება აღნიშნული შტატის გაუქმების თაობაზე. მოსარჩელეს განემარტა, რომ ,,შპს „თ.ს.კ–იის“ გენერალური დირექტორის აპარატის დებულების და თანამდებობრივი ინსტრუქციების დამტკიცების შესახებ“ გენერალური დირექტორის 2019 წლის 2 ივლისის N131 ბრძანების შესაბამისად (დანართი N9), გენერალური დირექტორის რეფერენტის ფუნქცია-მოვალეობების გათვალისწინებით მისი, როგორც ცალკე საშტატო ერთეულის საჭიროება არ არსებობდა, ვინაიდან, რეფერენტისათვის განკუთვნილ ფუნქცია-მოვალეობებს ასრულებდა როგორც გენერალური დირექტორის აპარატის უფროსი, ასევე სხვა სტრუქტურული ერთეულის თანამშრომლები კომპეტენციის ფარგლებში, ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, მიღებულ იქნა გადაწყვეტილება გენერალური დირექტორის რეფერენტის შტატის გაუქმების თაობაზე.
18. საკასაციო პალატა ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას, რომ წარმოდგენილი მტკიცებულებები არ ქმნის საკმარის საფუძველს მოპასუხის პრეტენზიის (კანონიერად ჩატარებული რეორგანიზაციის პირობებში დასაქმებულთან შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის საფუძვლიანობა) გაზიარებისთვის და მიუთითებს, რომ ორგანიზაციაში განხორციელებული რეორგანიზაცია არ წარმოშობს დასაქმებული პირის უპირობოდ გათავისუფლების საფუძველს. დამსაქმებელს ევალებოდა ესაბუთებინა, თუ რა გარდაუვალი აუცილებლობა არსებობდა კონკრეტულად მოსარჩელესთან შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტისათვის. განსახილველ შემთხვევაში უცნობია, რა აუცილებლობით იყო გამოწვეული კონკრეტულ განყოფილებათა გაუქმება. აღნიშნული რელევანტურია განსაკუთრებით იმ პირობებში, რომ დამსაქმებლის მიერ საქმის მასალებში წარმოდგენილი მტკიცებულებებით არ დგინდებოდა მოსარჩელისა და სხვა დასაქმებულების ფუნქციების 100%-იანი დუბლირების ფაქტი.
19. საკასაციო პალატა ასევე სრულად იზიარებს, სააპელაციო პალატის იმ დასკვნასაც, რომ მოპასუხის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებებით არ დგინდება, რის საფუძველზე შეირჩა კადრები, რა იყო ის ობიექტური კრიტერიუმები, რითაც განისაზღვრა მოსარჩელის მონაცემების შეუსაბამობა რეორგანიზაციის შემდგომ ორგანიზაციაში არსებულ ვაკანტურ პოზიციებთან (იხ. სუსგ. საქმეზე №ას-866-2022, 2022 წლის 28 ოქტომბერი). შესაბამისად, არარელევანტურია I კასატორის მიერ წარმოდგენილი საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის Nბს-166-165(კ16) გადაწყვეტილებაც, და საკასაციო საჩივარში მოხმობილი არგუმენტაციის მიუხედავად, ვერ იქნება გაზიარებული სადავო საკითხის იმგვარი ინტერპრეტირების მცდელობა, რომ კომპანია ვერ იხელმძღვანელებდა რაიმე კონკრეტული წინასწარ განსაზღვრული წესებითა და სტანდარტებით, რადგან გენერალური დირექტორის რეფერენტის თანამდებობა იყო მხოლოდ ერთი, ამ პოზიციაზე დასაქმებულ პირს კი, არ ჰყავდა შესადარებელი სუბიექტი, ამდენად, რადგან მოსარჩელის მიერ დაკავებული შტატი მიჩნეულ იქნა არასაჭიროდ, არც გათავისუფლების წინასწარი კრიტერიუმების ჩამოყალიბება იყო საჭირო. ამ მიმართებით პალატა კასატორს განმეორებით განუმარტავს, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის მიერ დამკვიდრებული ერთგვაროვანი პრაქტიკის შესაბამისად, რეორგანიზაცია, თუნდაც მართლზომიერად ჩატარებული, ყოველთვის არ ქმნის დასაქმებულის სამსახურიდან განთავისუფლების ლეგიტიმურ საფუძველს. შესაბამისად, დასაქმებულის სამსახურიდან ნებისმიერი, მათ შორის - რეორგანიზაციის საფუძვლით დათხოვნის საკითხის გადაწყვეტისა და არჩევანის დროს დამსაქმებელი ვალდებულია, იხელმძღვანელოს გონივრული და დასაბუთებული კრიტერიუმით, რაც გამორიცხავს ეჭვის საფუძველს გადაწყვეტილების მიღების პროცესში და დაუსაბუთებლად არ ხელყოფს დასაქმებულის კანონიერ ინტერესს, მის შრომით უფლებებს (იხ. სუსგ: №ას-1029-2020, 2.12.2020, საქმე №ას-137-2021, 2022 წელი, 15 ივნისი). ვინაიდან ამგვარი გონივრული და დასაბუთებული გადარჩევის ეტაპები მოსარჩელეს, სამსახურიდან გათავისუფლებამდე, არ გაუვლია ამიტომ, საკასაციო პალატა I კასატორის საკასაციო საჩივარს დაუსაბუთებლად მიიჩნევს და ადგენს, რომ არ არსებობს მისი განსახილველად დაშვების კანონით განსაზღვრული წინაპირობები.
20. II კასატორი - ე.ზ–იას, საკასაციო საჩივრის ფარგლებში საკასაციო პალატის შეფასების სფეროს განეკუთვნება სამსახურიდან უკანონოდ გათავისუფლებული პირის ტოლფას თანამდებობაზე აღდგენის, კომპენსაციის დაკისრების, სასამართლო და არასასამართლო ხარჯების გადანაწილების მართლზომიერების საკითხი, რომელსაც საკასაციო პალატა, საკასაციო საჩივრის მოცულობიდან გამომდინარე, ცალ-ცალკე განიხილავს.
21. საკასაციო პალატა უპირველესად იმსჯელებს მოსარჩელის ტოლფას თანამდებობაზე აღდგენის შესაძლებლობაზე, ამ მიმართებით II კასატორის შედავება ისაა, რომ სასამართლომ შეაფასა მხოლოდ ორი ალტერნატიული თანამდებობის შესაბამისობის საკითხი, მაშინ როდესაც, სასარჩელო მოთხოვნის დაზუსტების შესახებ მოსარჩელის 2023 წლის 4 ივლისის განცხადებით, მოთხოვნა დაზუსტდა იმდაგვარად, რომ მოსარჩელემ მოითხოვა სამ ვაკანტურ თანამდებობაზე მისი აღდგენის შესაძლებლობის შეფასება და სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენებაც, სწორედ სამ ვაკანტურ თანამდებობაზე მოხდა. II კასატორი ამტკიცებს, რომ სასამართლომ მოსარჩელის მიერ დაყენებული მოთხოვნიდან შესაბამისობის საკითხზე მხოლოდ ნაწილობრივ, ორ ვაკანტურ თანამდებობაზე იმსჯელა, რაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმების აბსოლუტური საფუძველია. მისივე აზრით, მტკიცებულებათა სწორ და სათანადო გამოკვლევას არ ემყარება სააპელაციო პალატის დასკვნა, მასზედ რომ 2023 წლის 26 ოქტომბერს სასამართლო სხდომაზე მოსარჩელემ დააზუსტა მოთხოვნა და სამი პოზიციის ნაცვლად ორ პოზიციაზე მოითხოვა აღდგენა. ამასთან, მისივე მტკიცებით, საკასაციო პალატა ამ არგუმენტაციას არ იზიარებს საქმის მასალებში წარმოდგენილი 2023 წლის 26 ოქტომბრის სხდომის ოქმისა (2023 წლის 26 ოქტომბრის სასამართლო სხდომაზე მოსარჩელე მხარემ დააზუსტა სასარჩელო მოთხოვნა ტოლფასი პოზიციის მითითების ნაწილში (იხ: 16:17:16. ს.თ.) და მოითხოვა შიდა მონიტორინგის სამსახურის შპს „თ.ს.კ–იის“ საინფორმაციო ტექნოლოგიების სამსახურის ადმინისტრაციის უფროსი სპეციალისტის ან საპროექტო სამსახურის დოკუმენტაციის კონტროლის სპეციალისტის, როგორც ტოლფას პოზიციაზე აღდგენა) და მისი ბეჭდური ვერსიის ერთობლიობაში კვლევის შედეგად, ვინაიდან, როგორც ოქმში ასევე მის ბეჭდურ ვერსიაში მითითებულია მოსარჩელის აპელირება ორ ვაკანტურ თანამდებობასთან დაკავშირებით, რაც კანონით დადგენილი წესით, მოსარჩელეს არ გაუსაჩივრებია (იხ. ტომი IV, ს.ფ. 264-272), ასე რომ არც იყოს, II კასატორის ამ არგუმენტს წარმატების პერსპექტივა შინაარსობრივი თვალსაზრისითაც არ ექნებოდა, ვინაიდან მის მიერ დასახელებული თანამდებობები (შპს „თ.ს.კ–იის“ საინფორმაციო ტექნოლოგიების სამსახურის ადმინისტრაციის უფროსი სპეციალისტის, საპროექტო სამსახურის დოკუმენტაციის კონტროლის სპეციალისტი, შპს „თ.ს.კ–იის“ საინფორმაციო ტექნოლოგიების სამსახურის სასაქონლო მატერიალური ფასეულობების მართვის ჯგუფის უფროსი სპეციალისტი) წარმოადგენს დამოუკიდებელ სპეციფიკურ პროფესიულ დარგს, რომლის ტოლფასოვნების გამორიცხვასაც სასამართლო განჩინების შემდგომი პუნქტი დაეთმობა, ამასთან დადასტურებულია, რომ სასამართლო სხდომის ჩატარებამდე, 2023 წლის 4 ოქტომბერს, აღნიშნული თანამდებობა უკვე აღარ იყო ვაკანტური, შესაბამისად იგი მოსარჩელემ ამორიცხა კიდეც ტოლფასი ვაკანტური თანამდებობის სიიდან.
22. მოცემულ შემთხვევაში, უდავოა, რომ მოსარჩელის მიერ დაკავებულ თანამდებობას ახალი საშტატო ნუსხა აღარ ითვალისწინებს. რაც შეეხება ტოლფას თანამდებობას, საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ იმ შემთხვევაში, თუ აღარ არსებობს ის თანამდებობა, რომელზე აღდგენასაც ითხოვს მოსარჩელე, კონკრეტული საშტატო ერთეულის არარსებობის მტკიცება ეკისრება დამსაქმებელს, აღნიშნულის დამტკიცების შემთხვევაში კი, მოსარჩელე მხარეზე გადადის იმის მტკიცების ტვირთი, რომელია ტოლფასი (ფუნქციის, სამუშაოს აღწერილობისა და ხელფასის მიხედვით) თანამდებობა, რომელზეც მისი დასაქმება არის შესაძლებელი. საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ დადგენილი ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკით, საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, სწორედ მოსარჩელემ უნდა მიუთითოს, კონკრეტულად რომელია მანამდე არსებული თანამდებობის შესაბამისი. აღნიშნული შესაძლებელია, გაირკვეს მოპასუხე საზოგადოების საშტატო ნუსხისა და შესაბამისი თანამდებობების ფუნქციის გამოკვლევის შედეგად (სუსგ №ას-890-857-2016, 9 ოქტომბერი 2017 წელი; №ას-475-456-2016, 24 ივნისი, 2016 წელი). განსახილველ შემთხვევაში, ვერ იქნება გაზიარებული II კასატორის პრეტენზია თითქოს სასამართლომ არასწორად დაასკვნა, რომ მის მიერ განხილული ორი ტოლფასი თანამდებობიდან, არცერთი იყო მოსარჩელის კვალიფიკაციასთან შესაბამისი. მხარის მტკიცებით, ეს დასკვნა სასამართლომ გააკეთა მიუხედავად იმისა, რომ მოსარჩელემ მოითხოვა მითითებული ვაკანტური თანამდებობების შესაბამისი საკვალიფიკაციო მოთხოვნების შესახებ დოკუმენტის ან სამუშაო აღწერილობის წარმოდგენა, რაც დამსაქმებლის მიერ წარდგენილი არ ყოფილა. შესაბამისად, ამ ნაწილში სასამართლოს დასკვნა არ ემყარება მტკიცებულებებს და დაუსაბუთებელია. ამასთან, მხარე ამტკიცებს, რომ სასამართლომ თანამდებობების ტოლფასად მიჩნევის შეუძლებლობა დაუკავშირა მოპასუხე კომპანიის მიერ, დავის აღძვრის შემდგომ შედგენილ ცნობას, რაც ვერ იქნება განხილული ობიექტურ გარემოებად, სამუშაო აღწერილობა და თანამდებობრივი ინსტრუქცია, დგინდება შესაბამისი ორგანოების მიერ ზედამხედველობის პროცესის გავლით, რაც მტკიცებულებას რელევანტურად აქცევს, თუმცა მისი წარმოდგენა მოპასუხემ ვერ უზრუნველყო. აღნიშნული მტკიცების საწინააღმდეგოდ, საკასაციო პალატა საქმის მასალების კვლევის შედეგად მიუთითებს, რომ საქმის მასალებში დამსაქმებლის მიერ წარმოდგენილია ყველა რელევანტური მტკიცებულება (იხ. ტომი III, ს.ფ. 1-352), მათ შორის შპს „თ.ს.კ–იის“ გენერალური დირექტორის აპარატის დებულების და თანამდებობრივი ინსტრუქციების დამტკიცების შესახებ“ გენერალური დირექტორის 2019 წლის 2 ივლისის N131 ბრძანების დანართი N9 და N02, რომლებშიც გაწერილია, შპს „თ.ს.კ–იის“ გენერალური დირექტორის აპარატის უფროსის თანამდებობრივი ფუნქციები, და გენერალური დირექტორის რეფერენტის ფუნქცია-მოვალეობები. საქმეში ასევე, წარმოდგენილია შპს „თ.ს.კ–იის“ სპეციალიზებული დებულებები, შპს „თ.ს.კ–იის“ საინფორმაციო ტექნოლოგიების სამსახურის ადმინისტრაციის უფროსი სპეციალისტის ფუნქციების შესახებ ცნობა (ტომი IV, ს.ფ. 171), საპროექტო სამსახურის დოკუმენტაციის კონტროლის სპეციალისტის ფუნქციების შესახებ ცნობა (ტომი IV, ს.ფ. 173-174).
23. მოხმობილი მტკიცებულებათა შეჯერების შედეგად პალატა აღნიშნავს, რომ მოსარჩელის მიერ მითითებული ტოლფასი თანამდებობის ფუნქცია/მოვალეობები შემდეგი სახით არის ჩამოყალიბებული:
- შპს „თ.ს.კ–იის“ საინფორმაციო ტექნოლოგიების სამსახურის ადმინისტრაციის უფროსი სპეციალისტი: - „იცავს შინაგანაწესსა და მოქმედ ადმინისტრაციულ სამართლებრივ აქტებს; უზრუნველყოფს სამუშაო გარემოს მოწყობას შრომის უსაფრთხოების ნორმების დაცვით; პასუხისმგებელია მის საკუთრებაში არსებული მატერიალური რესურსის გაფრთხილებაზე. ასრულებს საინფორმაციო ტექნოლოგიების სამსახურის მიერ განსახორციელებელი აქტივობების ადმინისტრაციულ მხარდაჭერასა და კოორდინაციას; ახდენს სამსახურის ხელმძღვანელობის მიერ თანამშრომელთათვის მიცემული დავალებების აღრიცხვასა და მათი შესრულების მონიტორინგს; აორგანიზებს შეხვედრებს, ახდენს მათ დაოქმება-დოკუმენტირებას; საინფორმაციო სამსახურის მეურნეობაში წარმოშობილი ინციდენტების აღრიცხვისა და შემდგომი რეაგირების უზრუნველსაყოფად შესაბამის პროგრამულ უზრუნველყოფაში (JIRA/Confluence) მონაცემების შეტანა-დამუშავება. ხელმძღვანელის დავალებით საინფორმაციო ანალიტიკური განყოფილების კოორდინატორებთან ერთად ცალკეული სისტემური ცვლილებებისათვის საჭირო ბიზნეს პროცესებისა და დაფიქსირებული სისტემური ხარვეზების შინაარსის აღწერა-დოკუმენტირება შემდგომში საინფორმაციო ანალიტიკური განყოფილების ანალიტიკოსებისათვის მიწოდების მიზნით. აწარმოებს საინფორმაციო ტექნოლოგიების სამსახურის კომპეტენციებით განსაზღვრულ საქმიანობასთან დაკავშირებით კომპანიის სხვადასხვა სტრუქტურული ერთეულიდან მიღებული მომართვიანობის აღრიცხვასა და ანალიზს, აგრეთვე ხელმძღვანელის შესაბამისი მითითებით ახდენს უკუკავშირს. ასრულებს ელექტრონული დოკუმენტბრუნვისა და სხვა ელექტრონული საშუალებებით მიღებული კორესპონდენციის მონიტორინგსა და უზრუნველყოფს მათზე უკუკავშირს, საჭიროებისამებრ ახორციელებს დოკუმენტაციის თარგმანს. ხელმძღვანელის დავალებით ამზადებს სხვადასხვა სახის ანგარიშებს, საპრეზენტაციო მასალებს’’;
- შპს „თ.ს.კ–იის“ საინფორმაციო ტექნოლოგიების სამსახურის ადმინისტრაციის უფროსი სპეციალისტის საკვალიფიკაციო მოთხოვნები კი, განსაზღვრულია შემდეგი სახით: „უმაღლესი განათლება, პროექტების მართვის ან/და ადმინისტრაციული მენეჯმენტის მიმართულებით მუშაობის არანაკლებ ერთწლიანიგამოცდილება; (JIRA/Confluence) გარემოში მუშაობის არანაკლებ ერთწლიანი გამოცდილება. ბიზნეს პროცესების აღწერისა და მათ პროგრამულ გარემოში რეალიზაციის საკითხებზე მუშაობის არანაკლებ ერთწლიანი გამოცდილება. ქართული და ინგლისური ენების (ზეპირი/წერითი) თავისუფლად ფლობა, რუსული ენის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად; Microsoft Office-ის (Word; Excel, PowerPoint, Outlook) მაღალ დონეზე ცოდნა; ელექტრონული დოკუმენტბრუნვის პროგრამულ უზრუნველყოფა - Edoc-თან მუშაობის გამოცდილება“;
- საპროექტო სამსახურის დოკუმენტაციის კონტროლის სპეციალისტების ფუნქციები განსაზღვრულია შემდეგი სახით: „ამუშავებს და ნერგავს ტექნოლოგიურ პროცესებს დოკუმენტებთან და დოკუმენტურ ინფორმაციასთან მუშაობის შესახებ, ორგანიზაციული გზით და კომპიუტერული ტექნიკის გამოყენებით; უზრუნველყოფს აღრიცხვის, შესრულების კონტროლის, ოპერაციული შენახვის და საცნობარო მუშაობის დოკუმენტების წარმოებას; მონაწილეობს სამსახურის საქმიანობაში დაგეგმვის, ორგანიზაციის და საქმიანობის სრულყოფაში და დოკუმენტურ უზრუნველყოფაში; ახორციელებს კონტროლს საქმის წარმოებაში საპროექტო სამსახურის მასშტაბით; ამზადებს წინადადებებს ერგონომიული შრომის პირობების, მონაწილეობს სამსახურის თანამშრომლების სამუშაო ადგილების თანამედროვე მოთხოვნათა დონეზე მოწყობის საქმეში, ამუშავებს დოკუმენტაციის უნიფიცირებულ სისტემებს და სხვადასხვა 60 დანიშნულების დოკუმენტების ტაბელს, დოკუმენტური ინფორმაციის კლასიფიკატორებს; აწარმოებს სამსახურის მუშაკების სამუშაო დროის აღრიცხვას და სამსახურის ხელმძღვანელობასთან წარადგენს ტაბელს შემდგომი ანაზღაურებისთვის ბუღალტერიაში წარსადგენად; ორგანიზებას უკეთებს დოკუმენტაციის წარმოების ავტომატიზებული სისტემის დანერგვასა და დოკუმენტაციის სისტემის განვითარებას; იღებს ზომებს დოკუმენტების და საინფორმაციო მაჩვენებლების მოწესრიგების საქმეში და დოკუმეტ-ნაკადების შემცირებასა და მის მოწესრიგებაში. აწარმოებს სამსახურის მასშტაბით გაცემული დოკუმენტების მიხედვით დავალებების სრულად და დროულად შესრულების კონტროლს, ამუშავებს ნორმატიულ-მეთოდურ მასალებს დოკუმენტურ უზრუნველყოფაში. მონაწილეობს საკოორდინაციო გეგმების პროექტების მომზადებაში, სამეცნიერო-ტექნიკური პრობლემების გადაწყვეტაში. მონაწილეობს ხელშეკრულების მომზადებასა და მათ დადებაში სათანადო ორგანიზაციებთან. ახორციელებს კონტროლს ხელშეკრულებით გათვალისწინებული საკითხების შესრულებაში, მონაწილეობს სამსახურის მუშაობაში დაგეგმვის, ანალიზისა და საქმიანობის სფეროებში. უზრუნველყოფს დამტკიცებული ანგარიშების შედგენას დადგენილ ვადებში“;
- საპროექტო სამსახურის დოკუმენტაციის კონტროლის სპეციალისტს მოეთხოვება შემდეგი სახის მონაცემის ცოდნა: დოკუმენტური უზრუნველყოფის მეთოდური, ნორმატიული და სხვა სახელმძღვანელო მასალები; დოკუმენტური სისტემების გამოკვლევის, ანალიზის, პროექტირებისა და განვითარების მეთოდები, დოკუმენტაციის უნიფიცირებულ სისტემებზე სტანდარტები და განვითარების მეთოდები, სამუშაო დროის სწორად აღრიცხვისა და ტაბელის წარმოების და წარდგენის წესები. დოკუმენტების გაფორმების, კლასიფიკაციის, შენახვის დოკუმენტების ფასეულობების ექსპერტიზის წესები; დოკუმენტების დამუშავების და მათი განვითარების პერსპექტივები; ერგონომიკის, სოციალური ფსიქოლოგიის, სოციოლოგიის, შრომის კანონმდებლობის საფუძვლები, დოკუმენტწარმოქმნა; შრომის უსაფრთხოების დაცვის, უსაფრთხოების ტექნიკის საწარმოო სანიტარიის და ხანძარსაწინააღმდეგო დაცვის წესები და ნორმები; საწარმოს დოკუმენტური უზრუნველყოფის ეროვნული და საერთაშორისო გამოცდილება; კვლევითი საპროექტო და საცდელი სამუშაოების სახელმძღვანელო და ნორმატიული დოკუმენტები; სამსახურის საქმიანობის პერსპექტიული და წლიური გეგმების დამუშავება; დანახარჯების ხარჯთაღრიცხვების შედგენა სამუშაოების შესრულებაზე, ადმინისტრაციული სამეურნეო ხარჯთაღრიცხვების დამუშავების წესები; ხელშეკრულებების, დაკვეთების, მიღება_ჩაბარების აქტების გაფორმება; დებულებები, ინსტრუქციები და სხვა ნორმატიული მასალები სამუშაოების სახარჯთაღრიცხვო ღირებულებების განსაზღვრაზე. ეკონომიკური ეფექტურობის განსაზღვრის მეთოდები, სამეცნიერო კვლევები ახალი ტექნიკის და ტექნოლოგიების დანერგვაზე; შრომის ანაზღაურების მოქმედი სისტემები და შრომის წახალისების ფორმები;
- საპროექტო სამსახურის დოკუმენტაციის კონტროლის სპეციალისტის საკვალიფიკაციო მოთხოვნები კი განსაზღვრულია შემდეგი სახით: „სპეციალური უმაღლესი განათლება საპროექტო მიმართულებით, დოკუმენტებთან მუშაობის ან მსგავსი სპეციალობით მუშაობის გამოცდილება სპეცილიზირებულ ორგანიზაციაში არანაკლებ 3 წელი ან მაგისტრატურის აკადემიური ხარისხი მითითებულ სპეციალობაზე სტაჟზე მოთხოვნების წარდგენის გარეშე“;
24. ზემოთმითითებული აღწერილობისა და შპს „თ.ს.კ–იის“ გენერალური დირექტორის აპარატის დებულების, ასევე თანამდებობრივი ინსტრუქციების დამტკიცების შესახებ“ გენერალური დირექტორის 2019 წლის 2 ივლისის N131 ბრძანების ურთიერთშეჯერების შედეგად, პალატა მივიდა დასკვნამდე, რომ გენერალური დირექტორის რეფერენტის ფუნქცია-მოვალეობები, რომელ თანამდებობასაც მოსარჩელე გათავისუფლებამდე იკავებდა, არ წარმოადგენს შესადარებელ პოზიციებთან ფუნქციურად დაკავშირებულ ან საკვალიფიკაციო მოთხოვნებთან დაახლოებულ ტოლფას თანამდებობებს. გასაზიარებელია ის მოსაზრებაც, რომ გენერალური დირექტორის რეფერენტის ფუნქცია-მოვალეობები უფრო მეტად დაკავშირებულია გენერალური დირექტორის და აპარატის უფროსის ეფექტური საქმიანობის ხელშეწყობასთან, ორგანიზებასა და მათი ცალკეული დავალებების შესრულებასთან, ხოლო საინფორმაციო ტექნოლოგიების სამსახურის ადმინისტრაციის უფროსი სპეციალისტის და საპროექტო სამსახურის დოკუმენტაციის კონტროლის სპეციალისტის ფუნქციები შეეხება ცალ-ცალკე დამოუკიდებელ სპეციფიკურ დარგს, რომელთა ფუნქციები, ასევე საკვალიფიკაციო მოთხოვნები, სამუშაო გამოცდილება, დაკავშირებულია და გამომდინარეობს, შესაბამისად, საინფორმაციო და საპროექტო საქმიანობის სპეციფიკიდან, რაც მოსარჩელის მიერ დასახელებული პოზიციების ტოლფას თანამდებობად განხილვის და შესაბამისად მოსარჩელის დასახელებულ პოზიციაზე აღდგენის, შესაძლებლობას სპობს.
25. საკასაციო პალატა დაუსაბუთებლად მიიჩნევს II კასატორის შემდგომ პრეტენზიასაც, რომელიც მოსარჩელის მიერ 2017-2021 წლებში გამოუყენებელი შვებულების დღეების ანაზღაურების დაკისრებას მიემართება. მართალია კასატორი მიუთითებს, რომ ამ ნაწილში სააპელაციო სასამართლოს განჩინება არ ეყრდნობა მტკიცებულებებს, თუმცა აღნიშნული ვერ იქნება გაზიარებული, რადგან საქმის მასალებში წარმოდგენილია მოპასუხე კომპანიის შესაბამისი სამსახურის მიერ გაცემული და დოკუმენტირებული წერილები (იხ. ტომი III, ს.ფ. 1- 22), რომელთა თანახმად, უტყუარად დგინდება, რომ შრომითი ურთიერთობის განმავლობაში მოსარჩელემ მოითხოვა და შესაბამისად, ისარგებლა 2017-2018 წლების ანაზღაურებადი შვებულებით სრულად, 2019 წელს კი - 23 სამუშაო დღით. ხოლო მოსარჩელემ 2020 წელს კუთვნილი შვებულებით ისარგებლა 13 სამუშაო დღე, რაც ანაზღაურებულია. რაც შეეხება კასატორის აპელირებას მასზედ, რომ დასაქმებულის მოთხოვნის მიუხედავად დამსაქმებელს მისთვის არ გადაუცია შვებულებით სარგებლობის შესახებ ბრძანება, სასამართლო გონივრულობას მოკლებულად მიიჩნევს, რადგან საქმის მასალებში წარმოდგენილი მოსარჩელის განცხადებები, ამ დღეების განმავლობაში მოსარჩელის სამსახურში გამოუცხადებლობა და გამოუცხადებელი დღეების დამსაქმებლის მიერ ანაზღაურება, რომლის საწინააღმდეგო მტკიცებაც საქმის მასალებში არ მოიპოვება, ქმნის მოსარჩელის მიერ კუთვნილი შვებულების დღეების გამოყენების პრეზუმფციას. შესაბამისად, აღნიშნულ ნაწილში სარჩელი მართებულად იქნა მიჩნეული უსაფუძვლოდ. რაც შეეხება გამოუყენებელ შვებულებას, პალატა მიუთითებს, რომ შვებულების უფლების რეალიზაციისათვის აუცილებელია დასაქმებულის ნება, რომელიც უნდა მიუვიდეს დამსაქმებელს (იხ.: სუსგ ას-836-1122-09, 26.03.2010; №ას-698-655-2012, 28.05.2012). დასაქმებულმა უნდა მიმართოს დამსაქმებელს ანაზღაურებადი შვებულების გამოყენების შესახებ, ხოლო დამსაქმებელი ვალდებულია, დააკმაყოფილოს ეს მოთხოვნა (იხ.: ზ. შველიძე, საქართველოს შრომის სამართალი და საერთაშორისო შრომის სტანდარტები, 2017, გვ.215). გამონაკლისია გადაუდებელი საოპერაციო მოთხოვნიდან გამომდინარე შემთხვევა (Lingeman, Steinau-Steinruk, Mengel, 27; ზ. შველიძე, საქართველოს შრომის სამართალი და საერთაშორისო შრომის სტანდარტები, 2017, გვ.215), რაც რეგლამენტირებულია შრომის კოდექსის 32-ე მუხლით. ამასთან, ნიშანდობლივია, რომ აუცილებელია დასაქმებულის თანხმობა შვებულების გადატანაზეც. განსახილველ შემთხვევაში, დადგენილია და დასაბუთებულად შედავებული არ არის, რომ არ დასტურდება მოსარჩელის მიერ 2019 წლის შვებულების მოთხოვნის, დამსაქმებლის მხრიდან უარის, ან/და მხარეთა შეთანხმებით კუთვნილი შვებულების მომდევნო წლისათვის გადატანის ფაქტი. შესაბამისად, მოსარჩელის მოთხოვნა მითითებულ პერიოდში კუთვნილი შვებულების ფულადი თანხის დაკისრების ნაწილშიც საფუძველს მოკლებული იყო და მართებულად არ დაკმაყოფილდა ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოების მიერ.
26. რაც შეეხება ე.ზ–იას პრეტენზიას სასამართლოს მიერ დაკისრებული კომპენსაციის ოდენობასთან დაკავშირებით, საკასაციო პალატა განმარტავს, რომ კომპენსაციის ცნება და მისი განსაზღვრის მართლზომიერება, არაერთხელ გამხდარა საკასაციო პალატის განმარტების საგანი. შესაბამისად, ამ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მრავალი განჩინება თუ გადაწყვეტილება არსებობს. წინამდებარე დავის გადაწყვეტის მიზნებისათვის, საგულისხმოა, ხსენებული სასამართლო პრაქტიკიდან რამდენიმე ამონარიდი, კერძოდ: დასახელებული საქმეებიდან ერთ-ერთზე, საკასაციო პალატამ განმარტა: საქართველოს შრომის კოდექსი არ განსაზღვრავს კომპენსაციის გამოანგარიშების წესსა და კრიტერიუმებს. კომპენსაციის, როგორც დასაქმებულის უფლებრივი რესტიტუციის საშუალების, დადგენა და მისი ოდენობის განსაზღვრა სასამართლოს დისკრეციაა, რა დროსაც გათვალისწინებულ უნდა იქნეს, რომ შრომითსამართლებრივი კომპენსაცია ერთდროულად ფარავს იმ მატერიალურ დანაკარგს, რაც მხარემ უკანონოდ დათხოვნით განიცადა და რასაც იგი საშუალოდ შესატყვისი სამსახურის მოძებნამდე განიცდის, ასევე - იმ მორალურ ზიანს, რაც მას უკანონოდ დათხოვნით მიადგა. ამავდროულად, გასათვალისწინებელია უკანონოდ დათხოვნილი სუბიექტის ასაკი, კომპეტენცია, სამსახურის შოვნის პერსპექტივა, ოჯახური მდგომარეობა, სოციალური მდგომარეობა, ასევე, დამსაქმებლის ფინანსური მდგომარეობა და ა.შ. (იხ. სუსგ: Nას-1161-2018, 15.10.2020; Nას-267-2021, 11.06.2021). ერთ-ერთი საქმის განხილვისას, საკასაციო პალატამ დაადგინა, რომ სხვადასხვა ქვეყნის სასამართლო პრაქტიკის განზოგადება ქმნის კომპენსაციის გამოთვლის შესაძლებლობას შემდეგი კრიტერიუმებით: კომპანიის ლიკვიდურობა; პირის შანსები შრომის ბაზარზე; პირის სოციალური მდგომარეობა; დამსაქმებლის ფინანსური მდგომარეობა; პირი სხვაგან დასაქმდა თუ არა დავის პერიოდში; სამუშაო სტაჟი; დამსაქმებლის საწარმოუნარიანობა; პირის მუშაობის ხანგრძლივობა დამსაქმებელთან (იხ. სუსგ, საქმე №ას-1339-1259-2017, 30.07.2018). საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მიერ განსაზღვრული კომპენსაციის ოდენობას და მიიჩნევს, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილება სრულად შეესაბამება დადგენილ სასამართლო პრაქტიკას. საქმის გარემოებებიდან გამომდინარე, მოსარჩელისათვის მიკუთვნებული კომპენსაცია გონივრულია და ხელყოფილი შრომითი უფლების ნაწილობრივ რესტიტუციას ემსახურება. კომპენსაცია შეძლებისდაგვარად უნდა უზრუნველყოფდეს იმ ზიანის ანაზღაურებას, რომელიც გათავისუფლების შესახებ ბათილი ბრძანების შედეგად წარმოეშვა დასაქმებულს, ამავდროულად, მისი ოდენობა უნდა იყოს გონივრული და არ უნდა ქმნიდეს არც ერთი მხარისათვის უსაფუძვლო გამდიდრების ობიექტურ წინაპირობებს (სამოქალაქო კოდექსის 976-991-ე მუხლები) (სუსგ-ები: №ას-727-680-2017, 15.09.2017წ.; №ას-787-736-2017, 10.11.2017წ.; №ას-632-2019, 21.06.2019წ.; №ას-395-2019, 27.06.2019წ.; ას-361-2022, 10.06.2022წ; ას-1163-2022, 15.02.2023წ.; ას-523-2023, 6.07.2023წ.) განსახილველ შემთხვევაში, კომპენსაციის ოდენობის განსაზღვრისას პალატა მხედველობაში იღებს საქმეზე დადგენილ გარემოებებსა და არსებულ სასამართლო პრაქტიკას, რომელთა გათვალისწინებითაც მიაჩნია, რომ მოსარჩელის სასარგებლოდ მოპასუხისათვის დაკისრებული კომპენსაცია - 3000 ლარი, გონივრულია და საკასაციო საჩივარში მისი შემცირების განმაპირობებელი არგუმენტები წარმოდგენილი არ ყოფილა.
27. საკასაციო პალატა ასევე, დაუსაბუთებლად მიიჩნევს კასატორი იმ პრეტენზიასაც, რომელიც თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 16 მაისის საოქმო განჩინების ძალაში დატოვების კრიტიკას მიემართება. გარდა იმისა, რომ სადავო შუალედური განჩინებები კანონის შესაბამისად არის დასაბუთებული, საკასაციო პალატა დასძენს, რომ საქმეზე გამოთხოვილია და წარმოდგენილია სადავო ფაქტობრივი გარემოებების სამტკიცებლად საჭირო ყველა რელევანტური მტკიცებულება, დამატებით სხვა, ერთგვაროვანი მტკიცებულებების საქმეზე დართვა კი, არცერთი საკანონმდებლო რეგულაციით არ არის გათვალისწინებული და ასევე არ გამომდინარეობს პროცესის ეკონომიურობის პრინციპიდან.
28. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ არ არის გასაზიარებელი მეორე კასატორის პრეტენზია ადვოკატისთვის გაწეული ხარჯების არასათანადო ოდენობით ანაზღაურების თაობაზე. ამ ნაწილში მისი არგუმენტი ძირითადად იმ გარემოებას ეყრდნობა, რომ სასამართლომ ადვოკატის მომსახურების ხარჯი გამოითვალა მხოლოდ ერთი მოთხოვნიდან (განაცდური ხელფასიდან) და ამავდროულად არასწორად, რადგან ეს პერიოდი გაამრავლა ერთ წელზე სამი წლის ნაცვლად. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ კასატორის მოხმობილი მტკიცება არ არის შესაბამისობაში საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ დამკვიდრებულ ერთგვაროვან პრაქტიკასთან, რომლის თანახმადაც, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის ბოლო წინადადების თანახმად, იმ მხარის წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეულ ხარჯებს, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, სასამართლო დააკისრებს მეორე მხარეს გონივრულ ფარგლებში, მაგრამ არაუმეტეს დავის საგნის ღირებულების 4 პროცენტისა. პალატა მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ, დავის საგნის ღირებულების, საქმის მოცულობის, მისი ფაქტობრივ-სამართლებრივი სირთულისა და სამართალწარმოების ეტაპების გათვალისწინებით, ე.ზ–იას წარმომადგენლისათვის ხარჯების ანაზღაურების მოთხოვნა გონივრულად და სამართლიანად მიიჩნია 859 ლარის ფარგლებში.
29. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ II კასატორის შედავება სააპელაციო სასამართლოს მიერ სასამართლოს გარეშე ხარჯების პრეზუმირებულად მიჩნევისა და შესაბამისი მტკიცებულებების არარსებობის პირობებში მოპასუხისთვის დაკისრების თაობაზე აბსოლუტურად დაუსაბუთებელია და სრულად ექცევა ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს იმ პრაქტიკაში, რომლის თანახმადაც, კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ.Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81); Boldea v. Romania, par. 30). ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა დეტალურად აღარ იმსჯელებს ამ აშკარად დაუსაბუთებელ არგუმენტზე. რაც შეეხება მის შედავებას სასამართლოს მიერ სახელმწიფო ბაჟის გადანაწილების არაგონივრულობას, ამ მიმართებით საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოების მიერ სახელმწიფო ბაჟის გამოთვლა და მხარეთა შორის გადანაწილება მოხდა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 38-ე, 39-ე და 53-ე მუხლების შესაბამისად, რაც შესაბამისი შედავებით მეორე კასატორს არ გაუქარწყლებია.
30. საკასაციო პალატა ასევე აღნიშნავს, რომ მეორე კასატორი, (მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე)) საკასაციო შესაგებლით შუამდგომლობს სასამართლოსგარეშე ხარჯის პირველი კასატორისთვის (მოპასუხისთვის) დაკისრების თაობაზე. კერძოდ, იგი ითხოვს იურიდიული მომსახურების ხარჯის მოპასუხისთვის დაკისრებას 7 000 ლარის ოდენობით (საკასაციო საჩივარში მითითებულია 8 000 ლარი). ასევე ითხოვს სასამართლოს გარეშე ხარჯისა და ქვედა ინსტანციებში ასანაზღაურებელი სასამართლო და არასასამართლო ხარჯის დაკისრებას. საქართველოს უზენაესი სასამართლოს მყარად დადგენილი პრაქტიკის თანახმად, საპროცესო კანონმდებლობა პროცესის ხარჯების საკითხის განხილვის თაობაზე რაიმე სპეციალური წარმოების სახეს არ იცნობს, გარდა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 261-ე მუხლით დადგენილი შემთხვევებისა. ამასთან, სასამართლოს ყოველთვის შეუძლია გამოიტანოს გადაწყვეტილება პროცესის ხარჯების თაობაზე, თუკი ამას მხარეები მოითხოვენ და დაადასტურებენ სათანადო მტკიცებულებებით. სასამართლოსთვის მინიჭებული ამგვარი ლეგიტიმური უფლება გამომდინარეობს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 249-ე მუხლის მე-5 ნაწილის დებულებიდან, რომლის მიხედვითაც, გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი უნდა შეიცავდეს სასამართლოს მითითებას სასამართლო ხარჯების განაწილების თაობაზე. საპროცესო ხარჯების განაწილება მხარეთა შორის ხდება თითოეული ინსტანციის სასამართლოში ცალ-ცალკე და იმის მიხედვით, თუ როგორ შეცვლის ზემდგომი ინსტანციის სასამართლო გადაწყვეტილებას, ამას მოჰყვება პროცესის ხარჯების განაწილების ცვლილებაც. ამდენად, საკასაციო პალატის შეფასებით, ვინაიდან არსებობს დავის გადაწყვეტასთან ერთად იმავე დავაზე გაწეული ხარჯების დაბრუნების სამართლებრივი მექანიზმი, ხოლო საპროცესო კანონი სპეციალურ რეგულაციას არ იცნობს, მხარეებმა პროცესის ხარჯების დაბრუნების (მეორე მხარისათვის მათ სასარგებლოდ დაკისრება) შესახებ უნდა მიუთითონ ძირითად სასარჩელო მოთხოვნასთან ერთად, წინააღმდეგ შემთხვევაში, ივარაუდება, რომ მათ პრეტენზია პროცესის ხარჯებთან დაკავშირებით არ გააჩნიათ. ამასთან, მხარეებს არ უნდა შეეზღუდოთ პროცესის ხარჯების მოთხოვნის უფლება საქმის მომზადების დასრულების შემდგომ, ან საქმის ზემდგომი ინსტანციის სასამართლოში განხილვის ეტაპზე, თუკი ხარჯების საკითხი სწორედ საქმის განხილვის ამ სტადიაზე წარმოიშვა და მანამდე მხარისთვის ამ ფაქტის შესახებ ობიექტურად ცნობილი ვერ იქნებოდა (შედ. იხ. სუსგ საქმე №ას-165-158-2013, 27 იანვარი, 2014 წელი).
31. საკასაციო სასამართლო სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველ ნაწილზე დაყრდნობით განმარტავს, რომ მოგებული მხარის სასარგებლოდ წაგებულისათვის იურიდიული მომსახურების ხარჯის ანაზღაურების დაკისრების მოთხოვნა წარდგენილი უნდა იყოს შესაბამისი ინსტანციის სასამართლოში (სადაც მხარე წარმოდგენილი იყო ადვოკატით), თუკი ამგვარი შუამდგომლობა არ იქნება წარდგენილი, მიიჩნევა, რომ მხარეს არ სურს ამ თანხის მოწინააღმდეგისათვის დაკისრება, სხვა ინსტანციის სასამართლოში აღძრული შუამდგომლობა კი განიხილება დაგვიანებულად (შედ. იხ. სუსგ საქმე №ას-1758-2019, 9 მარტი, 2020 წელი). ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ მოწინააღმდეგე მხარის შუამდგომლობა საკასაციო სამართალწარმოების ეტაპზე გაღებული იურიდიული მომსახურების ხარჯის დაკისრების ნაწილში ნაწილობრივ დასაბუთებულია, ხოლო ქვედა ინსტანციის სასამართლოებში მიმდინარე სამართალწარმოებისას გაღებულ იურიდიული მომსახურების ხარჯებზე, სასამართლო თუ სასამართლოს გარეშე ხარჯებზე საკასაციო სასამართლო ვერ იმსჯელებს.
32. საკასაციო პალატის განმარტებით, საპროცესო კოდექსის 53.1-ე მუხლის დისპოზიცია იმგვარად არის ფორმულირებული, რომ არ ადგენს გაწეული ხარჯის სანაცვლო ანაზღაურების ერთმნიშვნელოვან ოდენობას, არამედ ამ ოდენობის გონივრულად განსაზღვრის უფლებას უტოვებს სასამართლოს. კანონმდებლის ამგვარი მიდგომა განპირობებულია იმ მოსაზრებით, რომ ადვოკატის მომსახურებაში გადახდილი ხარჯების სანაცვლო ანაზღაურებამ დაუსაბუთებლად არ უნდა შეზღუდოს პროცესის მონაწილე მხარის უფლება და არ უნდა შექმნას წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეული ხარჯების ოდენობის ხელოვნურად გაზრდის პროცესუალური საფუძველი; ნორმის ამგვარი შინაარსის მიზანია პროცესის მონაწილე მეორე მხარის უფლებების დაუსაბუთებელი შეზღუდვის თავიდან აცილება. გონივრულობის კრიტერიუმად კი კანონმდებელი მიიჩნევს დავის საგნის ღირებულების არაუმეტეს 4%-ს. ნიშანდობლივია, რომ დავის საგნის ღირებულების 4% წარმოადგენს ზედა ზღვარს (კანონით დადგენილ მაქსიმალურ ოდენობას), რომლის ფარგლებშიც ხდება ხარჯების ოდენობის სასამართლოსმიერი განსაზღვრა და ამ თვალსაზრისით, მხედველობაში მიიღება კონკრეტულად რა იურიდიული მნიშვნელობის მქონე ქმედებები იქნა განხორციელებული ადვოკატის მიერ, რა სახის ადამიანური რესურსი დაიხარჯა, საქმის წარმოების რომელ ეტაპზე პროცესის მონაწილე რომელმა მხარემ გასწია იგი და სხვა (იხ. სუსგ საქმე №ას-316-316-2018, 7 მაისი, 2018 წელი).
33. საკასაციო სასამართლო ყურადღებას გაამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ მოპასუხის საკასაციო საჩივარი, რომელზეც საკასაციო ინსტანციის სამართალწარმოებისათვის მოთხოვნილია იურიდიული მომსახურების ხარჯის ანაზღაურების მოწინააღმდეგე მხარისათვის დაკისრება, არსებითად არ განხილულა. საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ეტაპზე კი არც სასამართლოსა და არც მხარეთა მიერ არ ხდება ადამიანური და დროითი რესურსების იმგვარი გამოყენება, როგორც ამას საჭიროებს საქმის არსებითი განხილვა. გამომდინარე აქედან, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოწინააღმდეგე მხარის წარმომადგენლის მხრიდან საკასაციო შესაგებლის შედგენა მნიშვნელოვანი დროისა და ინტელექტუალური რესურსის დახარჯვას არ მოითხოვდა, რაც უთუოდ უნდა იქნეს გათვალისწინებული წარმომადგენლის ანაზღაურების ოდენობის განსაზღვრისას. შესაბამისად, დავის საგნის ღირებულებისა და კანონით განსაზღვრული ზღვრული პროცენტული ნიხრის გათვალისწინებით, საკასაციო პალატას გონივრულ ოდენობად მიაჩნია, რომ კასატორს დაეკისროს მოწინააღმდეგე მხარის სასარგებლოდ წარმომადგენლის ხარჯების ანაზღაურება 500 ლარის ოდენობით.
34. ზემოხსენებული მსჯელობიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლომ ასკვნის, რომ კასატორს არ წარმოუდგენია არც ერთი არგუმენტი, დასაბუთებული შედავება, თუ რა საფუძვლით უნდა იქნეს ცნობილი დასაშვებად საკასაციო საჩივარი. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება დასაბუთებული და კანონიერია, შესაბამისად, არ არსებობს მეორე საკასაციო განაცხადის არსებითად განსახილველად დასაშვებად ცნობის სამართლებრივი საფუძველი.
35. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება ცნობილი, პირს დაუბრუნდება, მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 391-ე, 401-ე, 408.3-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა
შპს „თ.ს.კ–იის“ საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად; ე.ზ–იას საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად; ე.ზ–იას შუამდგომლობა სასამართლოსგარეშე ხარჯის დაკისრების თაობაზე ნაწილობრივ დაკმაყოფილდეს და შპს „თ.ს.კ–იას“ ე.ზ–იას სასარგებლოდ დაეკისროს ამ უკანასკნელის მიერ საკასაციო სასამართლოში წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეული ხარჯის ასანაზღაურებლად 500 ლარის გადახდა; შპს „თ.ს.კ–იას“ სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაუბრუნდეს მის მიერ 2024-11-19 წელს №1732001864 საგადახდო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 2922 ლარის 70% – 2045,4 ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“ ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 3 0077 3150; ე.ზ–იას სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაუბრუნდეს მის მიერ 15/11/2024წ. წელს №49958319 საგადახდო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟიდან - 350 ლარი (საკასაციო საჩივარსა და კერძო საჩივარზე ერთად გადახდილი ბაჟი), 300 ლარის 70% – 210 ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“ ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 3 0077 3150; საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.თავმჯდომარე გიორგი მიქაუტაძე
მოსამართლეები: ამირან ძაბუნიძე
ლაშა ქოჩიაშვილი