Facebook Twitter

საქმე №ას-484-2025 27 ივნისი, 2025 წელი,

თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ამირან ძაბუნიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: ლაშა ქოჩიაშვილი, გოჩა ჯეირანაშვილი

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი – სს „ს.ი–ი“ (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე – გ.თ–ი (მოსარჩელე)

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 14 მარტის განჩინება

კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და თბილისის სააპელაციო სასამართლოში საქმის განსახილველად დაბრუნება

დავის საგანი – ბრძანების ბათილად ცნობა, სამუშაოზე აღდგენა, სახელფასო დავალიანების ანაზღაურება, იძულებითი განაცდურის და პირგასამტეხლოს დაკისრება

საკითხი, რომელზედაც მიღებულია განჩინება - კერძო საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი

1. გ.თ–მა სარჩელი აღძრა სს „ს.ი–ის“ მიმართ, ბრძანების ბათილად ცნობის, სამუშაოზე აღდგენის, სახელფასო დავალიანების ანაზღაურების, იძულებითი განაცდურისა და პირგასამტეხლოს დაკისრება თაობაზე.

2. მოპასუხემ სარჩელი არ ცნო.

3. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 24 დეკემბრის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. ბათილად იქნა ცნობილი სს „ს.ი–ის“ 2024 წლის 26 ივნისის ზეპირი ბრძანება გ.თ–ის სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ; სს „ს.ი–ს“, ხელშეკრულების უკანონოდ შეწყვეტის გამო, გ.თ–ის სასარგებლოდ დაეკისრა კომპენსაცია 9000 ლარის ოდენობით (ხელზე მისაღები ოდენობა); სს „ს.ი–ს“, გ.თ–ის სასარგებლოდ დაეკისრა იძულებითი განაცდურის ანაზღაურება 3000 (ხელზე მისაღები ოდენობა) ლარის ოდენობით, 2024 წლის 26 ივნისიდან - 2025 წლის 17 თებერვლის ჩათვლით; სს „ს.ი–ს“, გ.თ–ის სასარგებლოდ დაეკისრა 2024 წლის აპრილის თვის ხელფასის ნაწილის დავალიანების ანაზღაურება 1500 ლარის ოდენობით (ხელზე მისაღები ოდენობა); სს „ს.ი–ს“, გ.თ–ის სასარგებლოდ დაეკისრა 2024 წლის აპრილის თვის ხელფასის ნაწილის - 1500 ლარის (ხელზე მისაღები ოდენობა) გადაუხდელობის გამო პირგასამტეხლო 0.07%-ის ოდენობით, 2024 წლის 1 მაისიდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე; სს „ს.ი–ს“, გ.თ–ის სასარგებლოდ დაეკისრა 2024 წლის მაისის თვის სახელფასო დავალიანება - 3000 ლარის ოდენობით (ხელზე მისაღები თანხა); სს „ს.ი–ს“, გ.თ–ის სასარგებლოდ დაეკისრა 2024 წლის მაისის თვის ხელფასის - 3000 ლარის გადაუხდელობის გამო პირგასამტეხლო 0.07%-ის ოდენობით, 2024 წლის 1 ივნისიდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე; სს „ს.ი–ს“, გ.თ–ის სასარგებლოდ დაეკისრა 2024 წლის ივნისის თვის სახელფასო დავალიანება - 3000 ლარის ოდენობით (ხელზე მისაღები თანხა); სს „ს.ი–ს“, გ.თ–ის სასარგებლოდ დაეკისრა 2024 წლის ივნისის თვის ხელფასის - 3000 ლარის გადაუხდელობის გამო პირგასამტეხლო 0.07%-ის ოდენობით, 2024 წლის 1 ივლისიდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე.

4. ზემოაღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო საჩივრით გაასაჩივრა მოპასუხემ.

5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 14 მარტის განჩინებით სს „ს.ი–ის“ სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველად ხარვეზის შეუვსებლობის გამო.

6. სააპელაციო სასამართლოს 2025 წლის 14 მარტის განჩინებაზე სს „ს.ი–ის“ წარმომადგენელმა წარადგინა კერძო საჩივარი. კერძო საჩივრის ავტორი მიუთითებს, რომ სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვება ხარვეზის შეუვსებლობის გამო, იყო უკანონო, ვინაიდან გასაჩივრებული გადაწყვეტილება მომზადდა დაგვიანებით, მხარე იძულებული იყო წარედგინა ე.წ. ფორმალური სააპელაციო საჩივარი, ხოლო მას შემდეგ რაც მხარეს ჩაბარდა დასაბუთებული გადაწყვეტილება და დაიწყო გასაჩივრების კანონით დადგენილი 14 დღიანი ვადის დინება, სს „ს.ი–ს“ ჯერ კიდევ ჰქონდა დარჩენილი გასაჩივრების დრო, როდესაც სააპელაციო საჩივარი განუხილველი დარჩა. ამასთან, კერძო საჩივრის ავტორი უთითებს, რომ მხარეს ხარვეზის შესავსებად მიეცა იმაზე ნაკლები დრო ვიდრე ძირითადი განჩინების გასაჩივრებისთვის, რაც უმართებულოა.

7. სს „ს.ი–ი“ აცხადებს, რომ მხარეს დამატებითი ბაჟის გადახდის ვალდებულება დაეკისრა, კერძოდ, სააპელაციო საჩივარს ერთოდა 1400 ლარის ოდენობით ბაჟის გადახდის ქვითარი, თუმცა სასამართლომ არასაკმარისად მიიჩნია მხარის მიერ გადახდილი ბაჟის ოდენობა და დამატებით, 261 ლარის გადახდა დაავალა. მხარე ამტკიცებს, რომ სახელმწიფო ბაჟი არსებითი შემადგენელი ნაწილია სასარჩელო ფორმებისა და საჩივრების, შესაბამისად, მხარემ ვალდებულად იგრძნო თავი დაზუსტებული სააპელაციო საჩივარი და ბაჟი წარედგინა სასამართლოში იმ ვადაში, რაც კანონით არის განსაზღვრული მის გასასაჩივრებლად.

8. კერძო საჩივრის ავტორი მოიხმობს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრაქტიკას და მიიჩნევს, რომ ბაჟის გადაუხდელობის გამო, სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვება, ისეთ დავაზე რომელზეც მხარეს გააჩნდა დაცვის ღირსი იურიდიული ინტერესი, არღვევს მის უფლებას სამართლიან სასამართლოზე. გარდა ამისა, მხარე დასძენს, რომ მიუხედავად დასაბუთებული გადაწყვეტილების ვადის დარღვევით ჩაბარებისა, მან მაინც შეასრულა საპროცესო ვალდებულება - წარადგინა ფორმალური საჩივარი და გადაიხადა სახელმწიფო ბაჟის 90% (1400 ლარი), რის გამოც მხარე მიიჩნევს, რომ სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვებამ შელახა სამართლიან სასამართლოზე ხელმისაწვდომობის უფლება.

9. კერძო საჩივრის ავტორი უზენაესი სასამართლოს ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ მხარემ სააპელაციო საჩივარზე ბაჟის ოდენობა გამოთვალა სწორედ იმდაგვარად, როგორც ეს მოსამართლის მიერ საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებაშია ჩამოყალიბებული, ამდენად, მისთვის სააპელაციო სასამართლოს ხარვეზი მეტწილად ბუნდოვანიც კი იყო. კერძო საჩივრის ავტორი ითხოვს გამოკვლეულ იქნეს პირველი ინსტანციის სასამართლო გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი და შესაბამისად, დადგინდეს, რომ სს „ს.ი–მა“ სწორად გადაიხადა სახელმწიფო ბაჟი.

10. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 10 აპრილის განჩინებით, სს „ს.ი–ის“ კერძო საჩივარი მიღებულ იქნა განსახილველად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საკასაციო სასამართლო, კერძო საჩივრის საფუძვლების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

11. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრის განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. ამავე კოდექსის 410-ე მუხლის თანახმად კი, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ: ა) კანონის მითითებულ დარღვევას არა აქვს ადგილი; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა; გ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არსებითად სწორია, მიუხედავად იმისა, რომ გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი არ შეიცავს შესაბამის დასაბუთებას.

12. წარმოდგენილი კერძო საჩივრის შინაარსიდან ირკვევა, რომ კერძო საჩივრის ავტორი სადავოდ არ ხდის სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძვლებს. მისი პრეტენზია ერთი მხრივ, მიემართება იმას, რომ სასამართლოს მიერ დადგენილი ხარვეზის შევსება მოხდა დასაბუთებული გადაწყვეტილების გასაჩივრებისთვის დადგენილი ვადის განმავლობაში ხოლო, მეორე მხრივ, კერძო საჩივრის ავტორი აცხადებს, რომ მის მიერ სააპელაციო საჩივარზე გადახდილი ბაჟის ნაწილი, სრულ შესაბამისობაში იყო გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილით დადგენილი თანხებისა და ბაჟის გადანაწილების სტანდარტთან, რის გამოც სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ხარვეზი იყო ბუნდოვანი და ლახავდა მხარის სამართლიანი სასამართლოსადმი ხელმისაწვდომობის უფლებას. ზემოაღნიშნულის შესაბამისად, წინამდებარე კერძო საჩივრის ფარგლებში საკასაციო პალატის მსჯელობის საგანია სააპელაციო სასამართლოს განჩინების მართლზომიერების საკითხი, რომლითაც სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველად იმ საფუძვლით, რომ აპელანტმა არ შეავსო სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ხარვეზი, სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში.

13. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობა სააპელაციო საჩივრის დასაშვებობას უდგენს გარკვეულ შეზღუდვებს, მათ შორის, კანონით გათვალისწინებული გამონაკლისების გარდა (სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-48-ე მუხლები), აწესებს სააპელაციო საჩივარზე სახელმწიფო ბაჟის წინასწარ გადახდის ვალდებულებას და გარკვეულ მოთხოვნებს უყენებს თავად სააპელაციო საჩივარს ფორმისა და შინაარსის თვალსაზრისით, რომელთა შესრულება სავალდებულოა აპელანტისათვის.

14. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 368-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, თუ სააპელაციო საჩივარი არ უპასუხებს ამ ნორმის მოთხოვნებს, ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც მას ვადას უნიშნავს. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული, სააპელაციო საჩივარი აღარ მიიღება და, ამავე კოდექსის 374-ე მუხლის პირველი ნაწილის გათვალისწინებით, დარჩება განუხილველად დაუშვებლობის მოტივით.

15. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ ხარვეზის გამოუსწორებლობის გამო სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვება არის უფლების შეზღუდვის ლეგიტიმური საფუძველი, რამდენადაც იგი პირდაპირაა რეგულირებული საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 368-ე მუხლის მე-5 ნაწილით და ემსახურება კიდეც სწრაფი და ეფექტიანი მართლმსაჯულების მიზანს.

16. საკასაციო სასამართლო არაერთ განჩინებაში უთითებს, რომ საპროცესო ნორმები, როგორც ფორმალურ წესთა ერთობლიობა, იმ სავალდებულო მოთხოვნებს ადგენს, რომელთა შეცვლა არც სასამართლოს და არც მხარეთა მიხედულებაზე არაა დამოკიდებული (იხ.სუსგ. №ას-1188-2024 22.11.2024წ). შესაბამისად, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 374-ე მუხლი ითვალისწინებს სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმებას, რაც სასამართლოს ვალდებულებაა. ამავე კოდექსით დადგენილია ის მოთხოვნები, რასაც უნდა აკმაყოფილებდეს სააპელაციო საჩივარი. საპროცესო კოდექსითვე დადგენილია საჩივარზე ხარვეზის დადგენისა და სასამართლოს განსაზღვრული ვადის დაცვით, მხარის მიერ მისი აღმოფხვრის წესი და წინაპირობები (იხ. სუსგ-ები: №ას-1025-986-2016, 13.01.2017წ; №ას-851-817-2016, 04.11.2011წ.).

17. ამდენად, თუ სააპელაციო საჩივარი ხარვეზიანია, სასამართლო განსაზღვრავს იმ საპროცესო მოქმედებებს, რომლებიც ხარვეზის შევსების მიზნით უნდა განხორციელდეს და აპელანტს დაუნიშნავს ვადას, რომლის განმავლობაშიც ის ვალდებულია, შეასრულოს განჩინებაში მითითებული მოქმედებები. წინააღმდეგ შემთხვევაში, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 374-ე მუხლის საფუძველზე (თუ სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის ესა თუ ის პირობა არ არსებობს, სასამართლოს გამოაქვს განჩინება სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ, რომელზედაც შეიძლება კერძო საჩივრის შეტანა) სააპელაციო საჩივარი დარჩება განუხილველად.

18. განსახილველ შემთხვევაში, დადგენილია, რომ სს „ს.ი–მა“ სააპელაციო საჩივარი (ფორმალური) წარადგინა კანონით დადგენილ ვადაში. სააპელაციო პალატის 2025 წლის 21 თებერვლის განჩინებით, სააპელაციო საჩივარზე ხარვეზის შესავსებად განისაზღვრა ვადა და კანონით დადგენილი წესით განიმარტა ხარვეზის შეუვსებლობის შემთხვევაში სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ. აღნიშნული განჩინება სს „ს.ი–ს“ სააპელაციო საჩივარში მითითებულ სამსახურის მისამართზე, კანონით დადგენილი წესით, ჩაბარდა, რასაც არ უარყოფს კერძო საჩივრის ავტორი.

19. ზემოაღნიშნული ნორმებიდან გამომდინარე, აპელანტს ხარვეზის განჩინება ჩაბარდა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-78-ე მუხლებით დადგენილი წესით, ხარვეზის შევსების ვადის ათვლა დაიწყო 2025 წლის 26 თებერვალს და აპელანტი მხარე ვალდებული იყო ხარვეზი შეევსო მისი ჩაბარებიდან 7 დღის ვადაში, 2025 წლის 4 მარტის ჩათვლით.

20. საქმის მასალებიდან ირკვევა, რომ 2025 წლის 05 მარტს, ხარვეზის შესავსებად დადგენილი ვადის გასვლის შემდგომ, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატას განცხადებით მიმართა აპელანტის სს „ს.ი–ის“ წარმომადგენელმა ს.ჯ–ამ და წარადგინა სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი ქვითრის დედანი. ასევე, 2025 წლის 6 მარტს, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში წარდგენილ იქნა სს „ს.ი–ის“ დაზუსტებული სააპელაციო საჩივარი.

21. ვინაიდან წინამდებარე განჩინებაში უკვე აღინიშნა, რომ საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილების სააპელაციო წესით გასაჩივრების ვადა დარღვეული არ არის, ამიტომ, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ დასაბუთებული გადაწყვეტილების დაგვიანებით მომზადების ფაქტს, არ შეიძლება რაიმე გავლენა ჰქონდეს გასაჩივრებული განჩინების კანონიერებასთან. თავად კერძო საჩივრის ავტორი მიუთითებს, რომ მიუხედავად გასაჩივრებული გადაწყვეტილების დაგვიანებით მომზადებისა იგი იძულებული გახდა წარედგინა ე.წ. ფორმალური სააპელაციო საჩივარი, რათა უზრუნველეყო საქართველოს საპროცესო კოდექსით დადგენილი სავალდებულო გასაჩივრების ვადის დაცვა. საკასაციო პალატა მხარეს განუმარტავს, რომ სასამართლოს მიერ ხარვეზის დადგენის შესახებ განჩინების განსაზღვრულ ვადაში და წესით შესრულება ისეთივე სავალდებულოა, როგორც სააპელაციო საჩივრის გასაჩივრებისთვის დადგენილი ვადის დაცვა. საქმის მასალებით დასტურდება, რომ აპელანტის მიერ ხარვეზი არ იქნა შევსებული განჩინებით განსაზღვრულ ვადაში და სასამართლოს წინაშე არც სახელმწიფო ბაჟის გადავადების თაობაზე შუამდგომლობა ყოფილა წარდგენილი. გარდა ამისა, ხარვეზის შევსების ვადის ამოწურვის შემდეგ მეორე დღეს მხარემ სასამართლოს წარუდგინა ბაჟის გადახდის დამადასტურებელი ქვითარი, ხოლო ორი დღის შემდგომ წარადგინა დასაბუთებული სააპელაციო საჩივარი. კერძო საჩივარი არ შეიცავს გონივრულ დასაბუთებას თუ რა ობიექტურმა გარემოებამ განაპირობა სასამართლოს მიერ განსაზღვრული ვადის ამოწურვის მეორე და მესამე დღეს ხარვეზის შევსება (რატომ ვერ მოხდა ხარვეზის ერთი დღით ადრე, სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში შევსება), რაც პალატას უქმნის გონივრულ რწმენას, რომ ადგილი ჰქონდა საპროცესო ვადის დაუდევრობით გაშვებას, რაც პალატის აზრით, მართებულად გახდა სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველი.

22. საკასაციო პალატა ყურადღებას მიაპყრობს მხარის იმ არგუმენტსაც, რომლის თანახმადაც მას სახელმწიფო ბაჟის ოდენობა გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილში გაწერილი სტანდარტის შესაბამისად ჰქონდა წარდგენილი და სასამართლოს მიერ ხარვეზი იყო ბუნდოვანი, რაც მხარეს სამართლიანი სასამართლოს უფლებას უზღუდავს. ამ მიმართებით საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ თავად მხარის მიერ კერო საჩივარში მითითებულ თანხებსაც თუ მივიღებთ მხედველობაში (9000 ლარი, 3000 ლარი, 3000 ლარი, 3000 ლარი, 100 ლარი და 1104,89 ლარი) და შევადარებთ მის მიერ გადახდილი ბაჟის ოდენობას (1400 ლარი), ცხადი ხდება, რომ იგი არ ემთხვევა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 39-ე მუხლით სააპელაციო სასამართლოში გადასახდელი ბაჟის პროცენტულობას, რაც იმთავითვე ცხადყოფს კერძო საჩივრის დაუსაბუთებლობას. ასე რომც არ იყოს, ხარვეზის დადგენის თაობაზე განჩინება მხარეს კანონით დადგენილი წესით ჩაბარდა, სს „ს.ი–ს“ მოცემულ საქმეზე გაცემული მინდობილობის მიხედვით, ჰყავს ოთხი წარმომადგენელი (იურისტი), რომელთაც გააჩნიათ სასამართლოს მიერ დადგენილი ხარვეზის შეუვსებლობის შედეგებისადმი პროფესიული ცოდნა და პასუხისმგებლობა, ამიტომ, ამ ნაწილშიც კერძო საჩივრის ავტორს არარელევანტური შედავება აქვს წარმოდგენილი.

23. საკასაციო პალატა დამატებით ყურადღებას მიაპყრობს ადამიანის უფლებათა დაცვის ევროპული სასამართლოს მიერ დადგენილ სტანდარტს, რომლის მიხედვით, სამართალწარმოებისთვის გარკვეული საფასურის დაწესება არ არღვევს კონვენციით გარანტირებულ სამართლიანი სასამართლოს უფლებას, რომელიც მოიცავს სასამართლო ხელმისაწვდომობის უფლებასაც. სასამართლოს განმარტებით, ბაჟის ოდენობა უნდა გამოანგარიშდეს საქმის ფაქტობრივი გარემოებების შესაბამისად მომჩივნის ფინანსური მდგომარეობისა და სამართალწარმოების ეტაპის გათვალისწინებით (Kreuz v. Poland, 19.06.2001).

24. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ, როგორც საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის პირველი ნაწილით, ისე - „ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის“ კონვენციის მე-6 მუხლით გარანტირებული უფლების სასამართლო წესით დაცვის პრინციპი (რომელიც სამართლიანი სასამართლოს უფლების შინაარსიდან გამომდინარეობს) არ არის აბსოლუტური და ექვემდებარება შეზღუდვას, უფლებით დაცულ სფეროში ჩარევა გამართლებულია, თუკი იგი ლეგიტიმურ, კანონის მიზანს ემსახურება, ამ შემთხვევაში, ჩარევის ლეგიტიმური საფუძველი სწორედ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 368-ე მუხლია, რომლის დარღვევის გამო სამართლებრივ შედეგს ამავე მუხლის მე-5 ნაწილი (თუ სააპელაციო საჩივარი არ უპასუხებს ზემოჩამოთვლილ მოთხოვნებს, ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც მას ვადას უნიშნავს. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული, სააპელაციო საჩივარი აღარ მიიღება) ითვალისწინებს.

25. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 59-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედება სრულდება კანონით დადგენილ ან სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში. ამავე კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით დადგენილი ან სასამართლოს მიერ დანიშნული ვადის გასვლის შემდეგ. საჩივარი ან საბუთები, რომლებიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველი დარჩება; მე-60 მუხლის მეორე ნაწილის მიხედვით, წლებით, თვეებით, ან დღეებით გამოსათვლელი საპროცესო ვადის დენა იწყება იმ კალენდარული თარიღის ან მოვლენის დადგომის მომდევნო დღიდან, რომლითაც განსაზღვრულია მისი დასაწყისი, ხოლო ამავე კოდექსის 61-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, საპროცესო მოქმედება, რომლის შესასრულებლადაც დადგენილია ვადა, შეიძლება შესრულდეს ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ საათამდე. თუ საჩივარი, საბუთები ან ფულადი თანხა ფოსტას ან ტელეგრაფს ჩაჰბარდა ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ საათამდე, ვადა გასულად არ ჩაითვლება;

26. ამგვარად, რადგან სასამართლოს მიერ დადგენილი ხარვეზის შევსება მოხდა 2025 წლის 5 და 6 მარტს, ვადის გასვლის შემდგომ, საკასაციო პალატა, მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ გამოყენებული ზომა - ხარვეზის შეუვსებლობის გამო სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვება, კანონიერია და კერძო საჩივრის ავტორს არ მიუთითებია გარემოებები რაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმების საფუძველი შეიძლება გამხდარიყო.

27. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა იზიარებს გასაჩივრებული განჩინების შეფასებებსა და დასკვნებს და მიიჩნევს, რომ იგი სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 368-ე მუხლის სწორ გამოყენება-განმარტებას ემყარება, რის წინააღმდეგაც კერძო საჩივრის ავტორს არ მიუთითებია ამავე კოდექსის 393-ე-394-ე მუხლებით გათვალისწინებული დასაბუთებული პრეტენზია, რაც ამ განჩინების გაუქმებაზე უარის თქმის საფუძველია.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე, 420-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა

სს „ს.ი–ის“ კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 14 მარტის განჩინება დარჩეს უცვლელად;

საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ამირან ძაბუნიძე

მოსამართლეები: ლაშა ქოჩიაშვილი

გოჩა ჯეირანაშვილი