საქმე №ას-265-2025 27 ივნისი, 2025 წელი,
თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ამირან ძაბუნიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: ლაშა ქოჩიაშვილი, გოჩა ჯეირანაშვილი
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
საკასაციო საჩივრის ავტორი – ნ.ს–ვა (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე – ნ.ძ–ი (მოსარჩელე)
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 16 ივლისის განჩინება
საკასაციო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება, ახალი გადაწყვეტილების მიღებით დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმება, საქმის წარმოების განახლება და სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა
დავის საგანი – უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვა
საკითხი, რომელზედაც მიღებულია განჩინება - საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი
1. ნ.ძ–მა სარჩელი აღძრა სასამართლოში ნ.ს–ვას მიმართ, უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვის თაობაზე. მოპასუხემ სარჩელი არ ცნო.
2. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 13 სექტემბრის დაუსწრებელი გადაწყვეტილებით, ნ.ძ–ის სარჩელი ნ.ს–ვას მიმართ, უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვის თაობაზე, დაკმაყოფილდა. ნ.ს–ვას უკანონო მფლობელობიდან მოსარჩელის საკუთრებაში არსებული უძრავი ნივთის, მდებარე: ქ. თბილისი, .........., ს.კ. ........გამოთხოვა და მისი მესაკუთრე ნ.ძ–ისთვის გამოთავისუფლებულ მდგომარეობაში გადაცემის ვალდებულება დადგინდა.
3. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 10 ნოემბრის განჩინებით, ნ.ს–ვას საჩივარი იმავე სასამართლოს 2023 წლის 13 სექტემბრის დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმებისა და საქმის წარმოების განახლების შესახებ არ დაკმაყოფილდა, რაც მხარემ სააპელაციო წესით გაასაჩივრა.
4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 16 ივლისის განჩინებით, სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. უცვლელი დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 13 სექტემბრის დაუსწრებელი გადაწყვეტილება და იმავე სასამართლოს 2023 წლის 10 ნოემბრის განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების ძალაში დატოვების შესახებ.
5. სააპელაციო პალატამ დადგენილად მიიჩნია, რომ მოპასუხე სასამართლო სხდომაზე მოწვეული იყო სათანადო წესის დაცვით და მისი გამოუცხადებლობა საპატიო მიზეზით არ ყოფილა გამოწვეული. სახელდობრ, პალატამ არ გაიზიარა აპელანტის მითითება მასზედ, რომ მან არასწორად გაიგო სხდომის თარიღი, თუმცა სწორად გაგების შემთხვევაშიც კი, თბილისის საქალაქო სასამართლოში სხდომაზე გამოცხადებას ვერ შეძლებდა, რადგან იმავე დღეს მონაწილეობას იღებდა სხვა სასამართლო სხდომაზე, ფოთის საქალაქო სასამართლოში. ამ მიმართებით პალატამ მიუთითა, რომ ნ.ს–ვას წარმომადგენელი ნ.ფ–ი, 2023 წლის 19 სექტემბერს მონაწილეობას იღებდა სხვა საქმის განხილვაში, თუმცა თბილისის საქალაქო სასამართლოში საქმის განხილვა დანიშნული იყო 2023 წლის 13 სექტემბერს. ამასთან, პალატის აზრით, ის გარემოება, რომ შესაძლოა, მოპასუხეს შეცდომით ჰქონდა ჩაწერილი სასამართლო სხდომის თარიღი (რაც შესაძლოა გამოწვეული ყოფილიყო ცუდი სმენადობით), ვერ გახდებოდა სასამართლოს მიერ კანონის მოთხოვნათა დაცვით მიღებული დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველი, მით უფრო იმ პირობებში, როდესაც საჩივრის ავტორმა არ განახორციელა რაიმე ქმედითი ღონისძიება სასამართლო სხდომის თარიღის დასაზუსტებლად.
6. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 16 ივლისის განჩინება, საკასაციო წესით, გაასაჩივრა ნ.ს–ვას წარმომადგენელმა. საკასაციო საჩივარში მხარე უთითებს, რომ მან არასწორად გაიგო სხდომის თარიღი, თუმცა სწორად გაგების შემთხვევაშიც კი, თბილისის საქალაქო სასამართლოში სხდომაზე გამოცხადებას ვერ შეძლებდა, რადგან იმავე დღეს მონაწილეობას იღებდა სხვა სასამართლო სხდომაზე. კასატორი დასძენს, რომ სააპელაციო პალატამ სათანადოდ არ გამოიკვლია აპელანტის ის პრეტენზია, რომელის თანახმადაც სასამართლო აქტში სასამართლო სხდომის თარიღი არ ისმოდა, ამასთან რიცხვი „ცამეტი“ და „ცხრამეტი“ იმდენად ჰგავს ერთმანეთს, რომ ხარვეზიანი სატელეფონო კავშირის გამო, მათი აღრევა სრულიად შესაძლებელი იყო. გარდა ზემოაღნიშნულისა, კასატორი აცხადებს, რომ მისი წარმომადგენლისთვის შეუძლებელი იქნებოდა ერთსა და იმავე დღეს, სასამართლო პროცესს დასწრებოდა ქ. ფოთში და ქ. თბილისში, რაც ასევე დაუსაბუთებლად არ გამოუკვლევია სასამართლოს. კასატორის აზრით, გარდა პროცესუალური დარღვევისა, გასაჩივრებული განჩინება დაუსაბუთებელია იმ თვალსაზრისითაც, რომ არ შემოწმებულა სასარჩელო მოთხოვნის იურიდიული მართებულობა, რადგან სასამართლოსთვის შესაგებლით ცნობილი იყო მოსარჩელის საკუთრების უფლების წარმოშობის უკანონობის შესახებ. კასატორი შუამდგომლობს უწყების ჩაბარების შესახებ სასამართლოს სატელეფონო შეტყობინების ოქმის გამოკვლევის თაობაზე.
7. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის პირველი აპრილის განჩინებით, ნ.ს–ვას საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა განსახილველად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საკასაციო სასამართლომ, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, შეამოწმა საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და მიიჩნევს, რომ დაუშვებელია შემდეგ გარემოებათა გამო:
8. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას ან/და მის დამატებით ოქმს/ოქმებს და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.
9. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი საფუძვლით.
10. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია. დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება - დადგენა, მატერიალურსამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება.
11. საკასაციო პალატის განსჯით, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით, კასატორს არ წარმოუდგენია დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება), რის გამოც დადგენილად მიიჩნევა შემდეგი:
- მოსარჩელე ნ.ძ–მა 2019 წლის 26 ივლისს, აუქციონზე შეიძინა უძრავი ნივთი, მდებარე: ქ. თბილისი, .........., ს.კ. .........;
- მოსარჩელის კუთვნილ უძრავ ნივთს, მდებარე: ქ. თბილისი, ............, ს.კ. ........... ფლობს მოპასუხე ნ.ს–ვა და მოსარჩელის არაერთი მოთხოვნის მიუხედავად უარს აცხადებს ბინის გათავისუფლებაზე;
- თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 25 აპრილის განჩინებით მოცემულ საქმეზე დაინიშნა სასამართლოს მოსამზადებელი სხდომა 2023 წლის 5 ივლისს, 16:00 საათზე, რომელიც მოპასუხის წარმომადგენლის შუამდგომლობის საფუძველზე გადაიდო 2023 წლის 13 სექტემბერს, 16:00 საათზე. რის თაობაზეც მხარეებს ეცნობათ კანონით დადგენილი წესით. კერძოდ, მოპასუხე ნ.ს–ვას წარმომადგენელ ნ.ფ–ს 10.07.2023 წელს, სატელეფონო კომუნიკაციის გზით ეცნობა სასამართლო სხდომის თარიღი და მასვე განემარტა სასამართლო სხდომაზე გამოუცხადებლობის შედეგები;
- თბილისის საქალაქო სასამართლოში 2023 წლის 13 სექტემბერს დანიშნულ სხდომაზე არ გამოცხადდა მოპასუხის წარმომადგენელი. საქმის მასალებით დასტურდება, რომ სასამართლო პროცესზე მისი გამოუცხადებლობის თაობაზე რაიმე სახის განცხადება ან/და შუამდგომლობა არ არის წარმოდგენილი.
12. საკასაციო პალატა ყურადღებას გაამახვილებს კასატორის იმ პრეტენზიაზე, რომელიც სასამართლო სხდომაზე მოპასუხე მხარის გამოუცხადებლობის საპატიოობას შეეხება და განმარტავს, რომ მოქმედი სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობა არეგულირებს საქმის განხილვაზე მხარეთა გამოუცხადებლობის სამართლებრივ შედეგებს, კერძოდ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 230-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ სასამართლოს მთავარ სხდომაზე არ გამოცხადდება მოპასუხე, რომელსაც გაეგზავნა შეტყობინება 70-ე-78-ე მუხლებით დადგენილი წესით და მოსარჩელე შუამდგომლობს დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანაზე, მაშინ სარჩელში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები დამტკიცებულად მიიჩნევა, ხოლო ამავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, თუ სარჩელში მითითებული გარემოებები იურიდიულად ამართლებს სასარჩელო მოთხოვნას, სარჩელი დაკმაყოფილდება. წინააღმდეგ შემთხვევაში, სასამართლო უარს ეტყვის მოსარჩელეს მის დაკმაყოფილებაზე.
13. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ დაუსწრებელი გადაწყვეტილების მიღებისათვის უნდა არსებობდეს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 230-ე მუხლის შემადგენლობის ყველა ელემენტი: ა) მოპასუხისათვის საქმის განხილვის შესახებ ინფორმაციის შეტყობინება გონივრულ ვადაში; ბ) მოპასუხის საქმის განხილვაზე გამოუცხადებლობა; გ) გამოუცხადებლობის საპატიო მიზეზის არარსებობა; დ) მოსარჩელის შუამდგომლობა დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის შესახებ. აღნიშნული საფუძვლების კუმულაციურად არსებობა ქმნის დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის ფორმალურ წინაპირობას (იხ.: სუსგ №ას-152-148-2016, 03.06.2016წ.; №ას-1508-2023, 31.01.2024წ.). თუმცა იმისათვის, რათა სასამართლომ დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის გზით დააკმაყოფილოს სარჩელი, მოსამართლე ვალდებულია, გამოარკვიოს კანონის ძალით დადგენილად მიჩნეული ფაქტობრივი გარემოებები ამართლებს თუ არა იურიდიული თვალსაზრისით მოთხოვნას. მოთხოვნის იურიდიული მართებულობის კვლევა მოიაზრებს სასამართლოს მხრიდან დამფუძნებელი ნორმების სწორად მოძიებას, რომლებიც დავის გადაწყვეტის ფუნდამენტს წარმოადგენს და ქმნის ამა თუ იმ ურთიერთობის რეგულირების აბსტრაქტულ შემადგენლობას. ნორმის მოძიების შემდგომ სასამართლო ადგენს, სარჩელში მითითებული იურიდიული მნიშვნელობის მქონე ფაქტები დამფუძნებელი ნორმის აბსტრაქტულ აღწერილობას აკმაყოფილებს თუ არა, რაც დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის გზით სარჩელის წარმატების საფუძველია (იხ.: სუსგ №ას-1468-1388-2017, 11.05.2018წ.; №ას-563-2023, 20.07.2023წ.; №ას-1405-2024, 26.12.2024წ.).
14. ამასთან, სასამართლო ყოველთვის არის ვალდებული, შეამოწმოს, ხომ არ არსებობს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 233-ე მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრული, დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის დამაბრკოლებელი გარემოებები, კერძოდ: ა) გამოუცხადებელი მხარე მოწვეული არ იყო სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე–78-ე მუხლებით დადგენილი წესით; ბ) სასამართლოსათვის ცნობილი გახდა, რომ ადგილი ჰქონდა დაუძლეველ ძალას ან სხვა მოვლენებს, რომელსაც (რომლებსაც) შეეძლო ხელი შეეშალა სასამართლოში მხარის დროულად გამოცხადებისათვის; გ) გამოუცხადებელ მხარეს დროულად არ ეცნობა საქმის ფაქტობრივი გარემოებები; დ) არ არსებობს სარჩელის აღძვრის წინაპირობები.
15. საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ მოცემულ შემთხვევაში, არსებობდა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 230-ე მუხლის შემადგენლობის ყველა ელემენტი. ამასთან, არ იკვეთებოდა ხსენებული მუხლის მეორე ნაწილით განსაზღვრული, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის განმაპირობებელი გარემოება. ასევე აღსანიშნავია, რომ საქმეზე სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 233-ე მუხლით გათვალისწინებული, დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის დამაბრკოლებელი არცერთი გარემოება არ დადგენილა.
16. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ განსახილველ შემთხვევაში, დადგენილია მოპასუხე მხარის სასამართლო სხდომაზე გამოუცხადებლობის ფაქტი. დასახელებული გარემოება, თავის მხრივ, მოსარჩელისათვის სარჩელის დაკმაყოფილების მიზეზი გახდა. ამასთან, პალატა ყურადღებას ამახვილებს კასატორის საკასაციო პრეტენზიებზე და განმარტავს, რომ საქმეში წარდგენილი მტკიცებულებების ერთობლივი ანალიზის შედეგად არ დასტურდება საკასაციო საჩივრის დაკმაყოფილების წინაპირობები.
17. საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმების პროცესუალურ შესაძლებლობას სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 241-ე მუხლი განსაზღვრავს (დაუსწრებელი გადაწყვეტილება უნდა გაუქმდეს და საქმის განხილვა განახლდეს, თუ არსებობს ამავე კოდექსის 233-ე მუხლით გათვალისწინებული საფუძვლები ან, თუ მხარის გამოუცხადებლობა გამოწვეული იყო სხვა საპატიო მიზეზით, რომლის შესახებაც მას არ შეეძლო, თავის დროზე ეცნობებინა სასამართლოსათვის), საპატიო გარემოებათა სამართლებრივ წრეს კი, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 215-ე მუხლის მე-3 ნაწილი ადგენს (რომლის შესატყვისად, საპატიო მიზეზად ჩაითვლება მხარის მიერ შუამდგომლობისა და განცხადების წარდგენის შეუძლებლობა, რაც გამოწვეულია ავადმყოფობით, ახლო ნათესავის გარდაცვალებით ან სხვა განსაკუთრებული ობიექტური გარემოებით, რომელიც მისგან დამოუკიდებელი მიზეზით შეუძლებელს ხდის სასამართლო პროცესზე გამოცხადებას ან/და შუამდგომლობისა და განცხადების წარდგენას. ავადმყოფობა უნდა დადასტურდეს სამედიცინო დაწესებულების ხელმძღვანელის მიერ ხელმოწერილი დოკუმენტით, რომელიც პირდაპირ მიუთითებს სასამართლო პროცესზე გამოცხადების შეუძლებლობაზე).
18. იმისათვის, რომ სასამართლომ პროცესზე მხარის გამოუცხადებლობა საპატიოდ მიიჩნიოს, უნდა არსებობდეს ორი წინაპირობა: 1. გამოუცხადებლობა გამოწვეული უნდა იყოს განსაკუთრებული ობიექტური გარემოებით და 2. აღნიშნული განსაკუთრებული ობიექტური გარემოება მხარისაგან დამოუკიდებელი მიზეზით შეუძლებელს უნდა ხდიდეს მხარის პროცესზე გამოცხადებას ან/და გამოცხადების შეუძლებლობის შესახებ სასამართლოსთვის შეტყობინებას. სასამართლომ რომ მხარის მიერ მითითებული მიზეზი გამოუცხადებლობის საპატიო მიზეზად მიიჩნიოს, უნდა შეექმნას მხარის გამოცხადების ობიექტური შეუძლებლობის მყარი შინაგანი რწმენა (იხ.: სუსგ №ას-780-780-2018, 22.10.2019წ; №ას-484-2023, 16.05.2023წ; №ას-1527-2023, 26.01.2024წ.).
19. საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ სამოქალაქო სამართალწარმოება მხარეთა შეჯიბრებითობაზეა დამყარებული და სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლი თითოეულ მხარეს უდგენს ვალდებულებას, სათანადო მტკიცებულებით დაასაბუთოს მოთხოვნა. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლით კი განსაზღვრულია მხარის აბსოლუტური შესაძლებლობა, თავადვე განსაზღვროს სადავო გარემოებების დამადასტურებელი მტკიცებულებები და წარუდგინოს ისინი სასამართლოს, წინააღმდეგ შემთხვევაში, ფაქტობრივი გარემოებები, რომლებიც დამტკიცებას საჭიროებს, მხოლოდ მხარის განმარტებით ვერ დადგინდება. ამდენად, სათანადო მტკიცებულებით დადასტურებას საჭიროებს საპროცესო ვალდებულების შეუსრულებლობის მიზეზად დასახელებული ნებისმიერი გარემოება, რომელზეც მხარე მიუთითებს.
20. საკასაციო პალატა კასატორისათვის დაკისრებულ მტკიცების ტვირთზე ამახვილებს ყურადღებას და მიუთითებს, რომ საქმეში არ მოიპოვება მტკიცებულება, რაც დაადასტურებდა მოპასუხის წარმომადგენლის სასამართლო სხდომის დღეს სხვა სასამართლოში სხდომაზე წარმომადგენლად გამოსვლის ფაქტს, მეტიც, საქმის მასალებში წარმოდგენილი მტკიცებულებით იკვეთება, რომ ნ.ს–ვას წარმომადგენელი ნ.ფ–ი, 2023 წლის 19 სექტემბერს მონაწილეობას იღებდა სხვა საქმის განხილვაში ფოთის სასამართლოში, თუმცა თბილისის საქალაქო სასამართლოში საქმის განხილვა დანიშნული იყო 2023 წლის 13 სექტემბერს, და მხარეს არ წარმოუდგენია მტკიცებულება, რომელიც 13 სექტემბერს, მისი წარმომადგენლის ფოთის სასამართლოში წარმართულ პროცესში მონაწილეობას დაადასტურებდა (იხ. ს.ფ. 173, 175-178).
21. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ მოქმედი სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობა სწორედ იმ მიზნით აწესებს ამა თუ იმ საპროცესო მოქმედების შეუსრულებლობის მიზეზის შეფასების ზემოთ მოყვანილ წესს, რომ მხარეებმა საპროცესო ვალდებულებების შესრულებისადმი განსაკუთრებული ყურადღება გამოიჩინონ და მხოლოდ ობიექტურად გამოუვალი მდგომარეობა იქნეს მიჩნეული დასახელებული მოვალეობების შეუსრულებლობის საპატიო მიზეზად (იხ. საქმე №ას-455-2024, 14 ივნისი, 2024).
22. განსაკუთრებით აღსანიშნავია, რომ იმისათვის, რათა სასამართლომ მხარის მიერ მითითებული მიზეზი გამოუცხადებლობის საპატიო მიზეზად მიიჩნიოს, მას უნდა შეექმნას მხარის გამოცხადების ობიექტური შეუძლებლობის მყარი შინაგანი რწმენა. ამ შემთხვევაშიც, ისევე როგორც, ზოგადად, სამოქალაქო სამართალწარმოებისას, მხარეს ეკისრება სადავო გარემოების მტკიცების ტვირთი. ამასთან, სასამართლო სხდომაზე მხარის გამოუცხადებლობის ყოველი კონკრეტული შემთხვევა უნდა შეფასდეს ინდივიდუალურად, საქმეში არსებული მტკიცებულებების ურთიერთშეჯერებით (იხ. საქმე №ას-183-2023, 31 მაისი, 2023 წელი). საპროცესო მოქმედების შეუსრულებლობის შეუძლებლობის საპატიო მიზეზზე და ამ გარემოების წინასწარ სასამართლოსათვის შეტყობინების შეუძლებლობაზე, ეკისრება მომჩივანს, ხოლო ამ გარემოებათა შეფასება იმ თვალსაზრისით, თუ რამდენად საპატიოა მხარის მიერ მითითებული საფუძველი სასამართლოს უფლებამოსილებაა (შდრ. სუსგ საქმე №ას-1270-2018, 2 ნოემბერი, 2018).
23. საკასაციო სასამართლოს აზრით, იმ პირობებში როდესაც სასამართლო სხდომები საჯაროა, მიმდინარეობის თარიღი და კონკრეტული დრო ქვეყნდება საიტზე, მხოლოდ სხდომის თარიღის არასწორად გაგება, ვერ იქნება მოპასუხის/მისი წარმომადგენლის გამოუცხადებლობის საპატიო მიზეზად მიჩნეული.
24. საკასაციო პალატა მხარეს განუმარტავს, რომ საპროცესო კანონმდებლობა მხარეთა თანაბარი მოპყრობისა და კანონის წინაშე თანასწორობის პრინციპს ემყარება. საკასაციო პალატა სამართალწარმოების დისპოზიციურობის, პროცესის ეკონომიურობის პრინციპებისა და სამართლიანი სასამართლოს უფლების გათვალისწინებით განმარტავს, რომ ნებისმიერი საპროცესო მოქმედების განხორციელებისას დაცული უნდა იყოს მხარეთა შორის უფლება-მოვალეობათა განაწილების სამართლიანი ბალანსი. ერთი მხარის მიერ თავისი საპროცესო უფლების არამართლზომიერად გამოყენებამ არ უნდა დააბრკოლოს მოდავე მხარის უფლებების რეალიზაცია და უსაფუძვლოდ არ უნდა გააჭიანუროს პროცესი (იხ. სუსგ. საქმეზე №ას-1412-2018, 2018 წლის 10 დეკემბერი, სუსგ Nას-29-29-2016 2016 წლის 9 მარტი).
25. საკასაციო პალატა ვერ დაეთანხმება კასატორის ვერც იმ არგუმენტს, რომ მოსამართლე ვალდებული იყო დამატებით შეემოწმებინა სასამართლო უწყება და მისი სმენადობა, ვინაიდან მხარე, თუ მან ვერ გაიგო სხდომის თარიღი, თავადაა ვალდებული დასვას დამაზუსტებელი შეკითხვა ან დააზუსტოს სხდომის თარიღი სასამართლოს აპარატში. როგორც ზემოთ უკვე განიმარტა, საქმის განხილვის ჩანიშვნისას სასამართლო ვალდებულია, დროულად აცნობოს მხარეს მისი თარიღი და სხდომის გამართვის ადგილი, რაც განხორცილდა კიდეც. აღნიშნული ინფორმაცია მოპასუხეს ჩაბარდა. ამის შემდეგ კი საქმის განხილვაზე გამოცხადება უკვე მხარის ვალდებულებაა. თუ აღნიშნულის შემაფერხებელი გარემოებები არსებობს, უშუალოდ მხარეა მოვალე, დროულად აცნობოს ისინი სასამართლოს (იხ. სუსგ. საქმეზე №ას-917-2024 29 ნოემბერი, 2024 წელი).
26. საკასაციო პალატა დამატებით ყურადღებას მიაპყრობს კასატორის პრეტენზიას სარჩელის იურიდიული მართებულობის თაობაზე და განმარტავს, რომ მოპასუხის შედავება მოსარჩელის ქონებრივი უფლების უკანონოდ მოპოვების თაობაზე არ წარმოადგენს დასაბუთებულ პრეტენზიას თუკი ის არ არის კანონით დადგენილი წესით შედავებული/სადავოდ გამხდარი. სარჩელს ერთვის ამონაწერი საჯარო რეესტრიდან, რომლითაც დასტურდება მოსარჩელის საკუთრების უფლება, მოპასუხის მართლზომიერი მფლობელობის ფაქტი კი არ დგინდება, რაც ვინდიკაციური სარჩელის სამართლებრივი ბუნებიდან გამომდინარე, სრულებით ქმნის სასარჩელო მოთხოვნის გამართულობის პრეზუმფციას.
27. სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი მატერიალური ან/და საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი ვერ მიუთითებს რაიმე ისეთ დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.
28. კასატორმა ვერ დაასაბუთა, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასთან და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს ეწინააღმდეგება.
29. ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით და არც იმ საფუძვლით, რომ საკასაციო სასამართლოს მსგავს საკითხზე ჯერ არ უმსჯელია და გადაწყვეტილება არ მიუღია. შესაბამისად, მოცემულ საქმეზე არ არსებობს ვარაუდი, რომ საკასაციო საჩივრის განხილვის შემთხვევაში მოსალოდნელია საქართველოს უზენაესი სასამართლოს უკვე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება.
30. ამავდროულად, გასაჩივრებული განჩინება არ განსხვავდება საკასაციო სასამართლოს მიერ დადგენილი პრაქტიკისაგან (იხ.: სუსგ №ას-219-2025 28.03.2025, №ას-604-2020, 21.09.2021წ.; №ას-1078-998-2017, 25.11.2017წ.).
31. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მეოთხე ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის შემთხვევაში პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი. ამდენად, კასატორს დაუბრუნდება 150 ლარის 70% – 105 ლარი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 391-ე, 401-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ნ.ს–ვა საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად დაუშვებლობის გამო.
2. ნ.ს–ვას სახელმწიფო ბიუჯეტიდან (ბანკის კოდი TESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის, 150 ლარის (საგადახდო დავალება 2608879796/გადახდის თარიღი 18.03.2025), 70% - 105 ლარი.
3. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ამირან ძაბუნიძე
მოსამართლეები: ლაშა ქოჩიაშვილი
გოჩა ჯეირანაშვილი