Facebook Twitter

საქმე №ას-1464-2024 27 ივნისი, 2025 წელი,

თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ამირან ძაბუნიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: ლაშა ქოჩიაშვილი, გოჩა ჯეირანაშვილი

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

საკასაციო საჩივრის ავტორი – ა.ს–ძე (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე – შპს ,,თ-ბ'' (მოსარჩელე)

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 2 ოქტომბრის განჩინება

საკასაციო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების სრულად გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება

დავის საგანი – ნასყიდობის ხელშეკრულებიდან გამომდინარე მიწოდებული საქონლის ღირებულების დაკისრება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

1. შპს ,,თ-ბ"-მ (შემდგომში მოსარჩელე) სარჩელი აღძრა ა.ს–ძის (შემდეგში მოპასუხე, აპელანტი, კასატორი) მიმართ და მოპასუხისათვის 6470.30 ლარის) დაკისრება მოითხოვა.

2. სარჩელის საფუძვლები:

2.1. შპს „თ-ბ“ ა.ს–ძეს 2022 წლის განმავლობაში რამდენჯერმე მიყიდა მის საკუთრებაში არსებული სხვადასხვა სახის სან. ტექნიკის მასალები, ჯამური ღირებულებით არანაკლებ 6470.30 ლარის. მიწოდებული პროდუქციის დეტალური ჩამონათვალი მითითებულია თანდართულ ზედნადებებში. მოპასუხეს არ გადაუხდია მიწოდებული პროდუქციის ღირებულება.

3. მოპასუხის პოზიცია:

3.1. მოპასუხემ სარჩელი არ ცნო, შესაგებელში აღნიშნულია, რომ სარჩელზე თანდართული ზედნადებებით გათვალისწინებული თანხები მის მიერ სრულად არის გადახდილი და მოსარჩელე არაკეთილსინდისიერად ცდილობს უსაფუძვლოდ უკვე მიღებული თანხის მეორედ დაკისრებას.

4. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:

4.1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 2 აპრილის გადაწყვეტილებით, სარჩელი დაკმაყოფილდა, მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა 6470.30 ლარის გადახდა. საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებაზე მოპასუხემ წარადგინა სააპელაციო საჩივარი, რომლითაც მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.

5. სააპელაციო სასამართლოს განჩინების სარეზოლუციო ნაწილი და საფუძვლები:

5.1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 2 ოქტომბრის განჩინებით, სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა: უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 2 აპრილის გადაწყვეტილება.

5.2. სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ წარდგენილი სააპელაციო საჩივრით, აპელანტის მიერ სადავოდ იყო გამხდარი მხარეთა შორის სახელშეკრულებო შეთანხმების არსებობაც კი. პირველ ინსტანციაში არსებული შედავების ფარგლები მოპასუხემ სრულად შეცვალა. იგი საერთოდ უარყოფს საქონლის მიღების ფაქტს, რაც თავის მხრივ გამორიცხავს რაიმეს ღირებულების გადახდის ვალდებულებასაც.

5.3. სააპელაციო სასამართლო დაეთანხმა, გასაჩივრებულ გადაწყვეტილებას, რომ სასარჩელო მოთხოვნის წარმატებულობას და მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი ფაქტების სინამდვილესთან შესაბამისობას ადასტურებს 06.11.2021წ. (ორი ერთმანეთისგან დამოუკიდებელი); 04.01.2022წ.; 12.02.2022წ.; 16.02.2022წ.; 02.03.2022წ. 10.03.2022წ. (ორი ერთმანეთისაგან დამოუკიდებელი); 11.03.2022წ.; 12.03.2022წ. (სამი ერთმანეთისგან დამოუკიდებელი) და 15.03.2023წ. შედგენილი სასაქონლო ზედნადები. ზედნადებებში დეტალურად არის აღწერილი შეძენილი საქონლის დასახელება, საცალო რაოდენობა, ასევე შესაბამისი ღირებულება.

5.4. სააპელაციო სასამართლომ 2024 წლის 4 თებერვლის სხდომის ოქმის საფუძველზე დაადგინა, რომ მოსამზადებელ ეტაპზე მოპასუხეს საქმის სხვა გარემოებები სადავოდ არ გაუხდია. ამდენად, წარდგენილი წერილობითი შესაგებლის არსის მხედველობაში მიღებით, ზედნადებებში მითითებული არც საქონლის მიწოდების ფაქტი გამხდარა სადავო მოპასუხის მხრიდან და არც მათი საბოლოო ჯამით განსაზღვრული გადასახდელი თანხის ოდენობა. შედავება განხორციელდა მხოლოდ იმ მხრივ, რომ მოპასუხემ სრულად გადაიხადა შესყიდული საქონლის ღირებულება და რომ მოსარჩელე ხელმეორედ ცდილობდა ამ თანხის გადახდევინებას.

5.5. პალატამ ყურადღება გაამახვილა საქმეში განთავსებულ მოპასუხის შესაგებელზე. კერძოდ, სარჩელის პირველ ფაქტობრივ გარემოებასთან დაკავშირებით (მოსარჩელე მიუთითებს საქონლის მიწოდების პერიოდს, გადასახდელ თანხასა და მის გადაუხდელობაზე), მოპასუხე არ დაეთანხმა, რომ მას არ გადაუხდია მოთხოვნილი თანხა და ხსენებულ ფაქტობრივი გარემოებების საწინააღმდეგოდ/გამოსარიცხად მიუთითა, რომ ეს თანხა მას სრულად აქვს გადახდილი. ამდენად, პალატამ მიიჩნია, რომ სარჩელში მითითებული ფაქტების საწინააღმდეგოდ/გამოსარიცხად მოპასუხემ დავის გადაწყვეტისათვის მნიშვნელოვან გარემოებებზე არ მიუთითა, რითაც ვერ დაამტკიცა მისი მტკიცების საგანში შემავალი გარემოებები. შესაბამისად, შეუდავებელი ფაქტობრივი გარემოებები დადასტურებულად უნდა იქნეს მიჩნეული. კერძოდ, ნასყიდობის ფაქტი, საქონლის მიწოდება და ნასყიდობის ფასი. პირველ ინსტანციაში არსებული პოზიციის განსამტკიცებლად აპელანტს/მყიდველს საქმის განმხილველი სასამართლოსთვის გადახდის დამადასტურებელი ქვითარი, ამონაწერი საბანკო ანგარიშებიდან ან თუნდაც სავალო საბუთი არ წარუდგენია. შესაბამისად, გასაზიარებელია პირველი ინსტანციის სასამართლოს დასკვნა, რომ მოპასუხის მხრიდან ვალდებულება შეუსრულებელია ნასყიდობის ღირებულების 6 470.30 ლარის გადახდით.

5.6. რაც შეეხება პრეტენზიას, რომ სასაქონლო ზედნადებებით არ დასტურდება საქონლის მიწოდების ფაქტი და რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ უმართებულოდ დაადგინა მხარეთა შორის ნასყიდობის ხელშეკრულების არსებობის ფაქტი, სააპელაციო სასამართლომ მიუთითა, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 201.4-ე, 380-ე მუხლებზე და განმარტა, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ შეისწავლა და უპასუხა სადავო ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით სადავო საკითხებს. რასაკვირველია, გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილში ასახვა არ პოვა ისეთმა გარემოებებმა, რაც მოპასუხემ არ მიუთითა შესაგებლის ფაქტობრივ მოცემულობაში და თავის დროზე სადავოდ არ გახადა. საპროცესო კანონმდებლობა კი მხარეებს ზღუდავს მთავარი სხდომის ეტაპზე მიუთითონ ისეთ გარემოებებზე, რაც არ იყო გაჟღერებული მოსამზადებელ სხდომაზე. ახლადწარმოდგენილი ფაქტების მოსამზადებელ სხდომაზე მიუთითებლობის საპატიო მიზეზის შესახებ მოპასუხეს არცერთ ინსტანციაში არაფერი აღუნიშნავს.

5.7. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებაზე მოპასუხემ შეიტანა საკასაციო საჩივარი, მისი გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილებით, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.

6. კასატორის მოთხოვნა და საფუძვლები:

6.1. კასატორის განმარტებით, სასამართლომ გამოიყენა კანონი რომელიც არ უნდა გამოეყენებინა. კასატორი უთითებს, საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2005 წლის 14 თებერვლის N86 ბრძანებაზე ,,სასაქონლო ზედნადების გამოწერისა და გამოყენების შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ და საქართველოს საგადასახადო კოდექსის 143-ე მუხლზე. მისივე მტკიცებით, სასაქონლო ზედნადები არ წარმოადგენს პროდუქციის მყიდველისთვის მიწოდების დამადასტურებელ მტკიცებულებას. შესაბამისად, არ დასტურდება მათთვის სადავო საქონლის მიწოდების ფაქტი და, აქედან გამომდინარე, მას არ გააჩნია ნასყიდობის ფასის გადახდის ვალდებულება. არ დასტურდება, გამყიდველსა და მყიდველს შორის რაიმე სახის ნასყიდობის ან სხვა ხელშეკრულების არსებობა.

7. საკასაციო სამართალწარმოების ეტაპი:

7.1. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 26 ნოემბრის განჩინებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში დასაშვებობის შემოწმების მიზნით.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სსსკ-ის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც დაუშვებელია:

8. სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას ან/და მის დამატებით ოქმს/ოქმებს და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.

9. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი საფუძვლით. ამასთან, დასაშვები რომც ყოფილიყო, მას არა აქვს წარმატების პერსპექტივა.

10. სააპელაციო პალატის მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები კი, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის მეორე ნაწილიდან გამომდინარე, სავალდებულოა საკასაციო პალატისთვის, რადგან კასატორს დასაშვები და დასაბუთებული შედავება არ განუხორციელებია.

11. საკასაციო პალატის განსჯით, კონკრეტულ შემთხვევაში, სააპელაციო სასამართლომ სწორად დაადგინა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე, ანუ სამართლებრივი შედეგის განმაპირობებელი ფაქტობრივი გარემოებები.

12. მოსარჩელის მოთხოვნა ნასყიდობის ფასის გადახდაა. ამ მოთხოვნის სამართლებრივი საფუძველია სსკ-ის 477-ე მუხლი (ნასყიდობის ხელშეკრულებით გამყიდველი მოვალეა გადასცეს მყიდველს საკუთრების უფლება ქონებაზე, მასთან დაკავშირებული საბუთები და მიაწოდოს საქონელი. მყიდველი მოვალეა გადაუხადოს გამყიდველს შეთანხმებული ფასი და მიიღოს ნაყიდი ქონება), რომლის თანახმად, გამყიდველის მოთხოვნის წარმოშობისათვის აუცილებელია, შესრულებული იყოს მითებული ნორმით გათვალისწინებული შემდეგი წინაპირობები: ა) ნამდვილი ნასყიდობის ხელშეკრულების დადება; ბ) გამყიდველის მიერ მყიდველისათვის შეთანხმებული საქონლის მიწოდება და მასზე საკუთრების უფლების გადაცემა.

13. განსახილველ შემთხვევაში, სასაქონლო ზედნადებებზე დაყრდნობით ქვედა ინსტანციის სასამართლოებმა დაადგინეს, რომ მხარეთა შორის დაიდო ნასყიდობის ხელშეკრულება და გამყიდველმა მყიდველს მიაწოდა სადავო ღირებულების საქონელი. გასაჩივრებული გადაწყვეტილებით დადგენილი ამ ფაქტების მიმართ კასატორის შედავება ისაა, რომ სასაქონლო ზედნადები არ წარმოადგენს პროდუქციის მყიდველისთვის მიწოდების დამადასტურებელ მტკიცებულებას. შესაბამისად, არ დასტურდება მათთვის სადავო საქონლის მიწოდების ფაქტი და, აქედან გამომდინარე, მას არ გააჩნია ნასყიდობის ფასის გადახდის ვალდებულება. არ დასტურდება, გამყიდველსა და მყიდველს შორის რაიმე სახის ნასყიდობის ან სხვა ხელშეკრულების არსებობა.

14. კასატორის პრეტენზიასთან მიმართებით, საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ სსსკ-ის 407-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო საკასაციო საჩივრის შედავებას ამოწმებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების ფარგლებში და იმის გათვალისწინებით, რომ არ წარმოადგენს ფაქტობრივი გარემოებების დადგენის უფლებამოსილების მქონე სასამართლო ინსტანციას, საქმისწარმოების საბოლოო ეტაპზე არ მიიღება ახალი მტკიცებულებები და ფაქტობრივი გარემოებები. საკასაციო სამართალწარმოების ეტაპზე ახალი მტკიცებულებების წარმოდგენა ან ახალი მტკიცებულებების გამოთხოვა დაუშვებელია (შეად. სუსგ-ებს: N ას-961-2022, 28.04.2023წ; N ას-1203-2022, 23.12.2022წ; N ას- 325-2021, 25.11.2022წ; N ას-736-2022, 21.10.2022წ; N ას-931-2021, 6.10.2022წ; N ას-1181-2021, 29.09.2022წ; N ას-1429-2019, 9.06.2022წ.). (სსსკ-ის 201-ე მუხლის მეოთხე და მეხუთე ნაწილები: „პასუხში (შესაგებელში) სრულყოფილად და თანამიმდევრობით უნდა იყოს ასახული მოპასუხის მოსაზრებები სარჩელში მითითებულ თითოეულ ფაქტობრივ გარემოებასა და მტკიცებულებასთან დაკავშირებით. თუ მოპასუხე არ ეთანხმება სარჩელში მოყვანილ რომელიმე გარემოებას, იგი ვალდებულია მიუთითოს ამის მიზეზი და დაასაბუთოს შესაბამისი არგუმენტაციით; წინააღმდეგ შემთხვევაში მას ერთმევა უფლება, შეასრულოს ასეთი მოქმედება საქმის არსებითად განხილვის დროს. მოპასუხე ვალდებულია, პასუხს დაურთოს მასში მითითებული ყველა მტკიცებულება. თუ მოპასუხეს საპატიო მიზეზით არ შეუძლია პასუხთან ერთად მტკიცებულებათა წარდგენა, იგი ვალდებულია, ამის შესახებ მიუთითოს პასუხში. წინააღმდეგ შემთხვევაში მოპასუხეს ერთმევა უფლება, შემდგომში წარადგინოს მტკიცებულებები“). სამოქალაქო პროცესში მტკიცების საგანი, რომელიც წარმოადგენს სადავო მატერიალურსამართლებრივ ფაქტებს, რომელზეც მიუთითებენ მოსარჩელე და მოპასუხე, მოთხოვნის თუ შესაგებლის დასაბუთების ან გაქარწყლებისათვის, შეუძლებელია წარმოვიდგინოთ მტკიცებითი საქმიანობის გარეშე. სსსკ-ის მე-4 მუხლის პირველი ნაწილი ნათელი დადასტურებაა იმისა, რომ მოპასუხე ვალდებულია, საქმის მომზადების მიზნით აქტიურად იმოქმედოს, რაც, უპირველესად, სასამართლოსათვის სარჩელზე მისი წერილობითი მოსაზრებების წარდგენაში გამოიხატება. მოპასუხის მიერ ამ უფლების განუხორციელებლობა, სსსკ-ის 206-ე მუხლის შესაბამისად, ართმევს მას უფლებას, შეასრულოს ასეთი მოქმედება ამ საქმის არსებითად განხილვის დროს (ანუ, სასამართლოს სხდომაზე მხარისაგან მტკიცებულების მიღება აღარ ხდება). ამ შემთხვევისათვის სხვა რაიმე სპეციალურ შედეგს კანონი არ ადგენს (იხ. სუსგ N-ას-664-635-2016. 02.03.2017წ.). საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ საპროცესო კოდექსით დადგენილი მოწესრიგება, რომელიც იმპერატიულად ადგენს ფორმალურ წესებსა და ვადებს, სავალდებულოა არა მხოლოდ მხარეებისათვის, არამედ სასამართლოსათვისაც და ამ რეგულაციების შეცვლა ან განსხვავებული ინტერპრეტაცია მხარეთა ნებაზე დამოკიდებული ვერ იქნება (იხ. სუსგ-ები: Nას-1284-2022, 5.04.2022წ; Nას-1429-2019, 9.06.2022წ; Nას-87-2022, 15.07.2022წ.; №ას-736-2022, 21.10.2022წ.).

15. საკასაციო სასამართლო ყურადღებას მიაქცევს იმ გარემოებას, რომ საქმეში წარმოდგენილია სადავო სასაქონლო ზედნადებები. მოპასუხე შესაგებელში აღნიშნავდა, რომ სარჩელზე თანდართული ზედნადებებით გათვალისწინებული თანხები მის მიერ სრულად არის გადახდილი და მოსარჩელე არაკეთილსინდისიერად ცდილობს უსაფუძვლოდ უკვე მიღებული თანხის მეორედ დაკისრებას. გასაჩივრებული განჩინებით ეს ფაქტი დადგენილია. შესაბამისად, სასაქონლო ზედნადებებში მითითებული საქონლის მოპასუხის მიერ მიღების ფაქტი სწორად დაადგინა სასამართლომ. გარდა ამისა, ზედნადებებში დეტალურად არის აღწერილი შეძენილი საქონლის დასახელება, საცალო რაოდენობა, ასევე შესაბამისი ღირებულება. მოპასუხის მიერ წარმოდგენილი შესაგებლით, ზედნადებებში მითითებული არც საქონლის მიწოდების ფაქტი გამხდარა სადავო მოპასუხის მხრიდან და არც მათი საბოლოო ჯამით განსაზღვრული გადასახდელი თანხის ოდენობა, რაც, კიდევ ერთხელ, ადასტურებს იმ გარემოებას, რომ მან სადავო საქონელი მიიღო და მისი ღირებულების გადახდის ვალდებულებაც იკისრა.

16. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, გამყიდველს წარმოეშვა ნასყიდობის ფასის მოთხოვნის უფლება. კერძოდ, რაკი გამყიდველმა ჯეროვნად შეასრულა ნასყიდობის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება - მყიდველებს მიაწოდა შეთანხმებული საქონელი, მან კი, სრულად არ გადაიხადა ნასყიდობის საფასური, სსკ-ის 477.2 მუხლის საფუძველზე, ის ვალდებულია, გადაიხადოს მიწოდებული საქონლის ღირებულება. ვალდებულების შესრულების თაობაზე დავისას, მტკიცების ტვირთი მოვალეს ეკისრება. მან უნდა დაამტკიცოს, რომ ვალი გადაიხადა და ამით ვალდებულება შეწყდა შესრულებით სსკ-ის 427-ე მუხლის საფუძველზე (ვალდებულებითი ურთიერთობა წყდება კრედიტორის სასარგებლოდ ვალდებულების შესრულებით (შესრულება). ამ გარემოების დამტკიცება მოვალეს შეუძლია შესრულების მიღების თაობაზე კრედიტორის მიერ გაცემული დოკუმენტით. ასეთი დოკუმენტის მოთხოვნის უფლებას მოვალეს ანიჭებს სსკ-ის 429.1 მუხლი (კრედიტორმა მოვალის მოთხოვნით შესრულების მთლიანად ან ნაწილობრივ მიღების შესახებ უნდა გასცეს ამის დამადასტურებელი დოკუმენტი). თავად ამ დოკუმენტის რეკვიზიტები კი, მოცემულია სსკ-ის 430-ე მუხლში (კრედიტორის ან საამისოდ უფლებამოსილი პირის მიერ შედგენილი დოკუმენტი შესრულების თაობაზე უნდა შეიცავდეს მონაცემებს ვალის მოცულობისა და სახეობის შესახებ, მოვალის ან იმ პირის გვარსა და სახელს, რომელიც იხდის ვალს, შესრულების დროსა და ადგილს). ამ ნორმით გათვალისწინებული რეკვიზიტების მითითება შესრულების მიღების დოკუმენტში (ქვითარში) აუცილებელია, რადგან ქვითარს აკისრია ძირითადი მტკიცებულების ფუნქცია ვალდებულების შესრულების თაობაზე დავისას.

17. განსახილველ შემთხვევაში, მოპასუხეს შესრულების დამადასტურებელი არანაირი მტკიცებულება სასამართლოსათვის არ წარუდგენია. შესაბამისად, მან ვერ დაამტკიცა 6 470.30 ლარის გადახდის ფაქტი. ამიტომ ამ თანხის მოპასუხისათვის დაკისრების ნაწილში გადაწყვეტილება კანონიერია და გაუქმებას არ ექვემდებარება.

18. კასატორმა ვერ შეძლო დასაბუთებული საკასაციო პრეტენზიის წარმოდგენა, რითაც ვერ დაძლია გასაჩივრებული განჩინების ფაქტობრივსამართლებრივი დასაბუთება და ვერ შეძლო მისი გაბათილება სარწმუნო მტკიცებულებებით. საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით. ასეთ საფუძველზე ვერც კასატორი ვერ მიუთითებს. საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით. გასაჩივრებული განჩინება კანონიერია, ხოლო საკასაციო საჩივრის დასაშვებობის წინაპირობები არ არსებობს, რაც მისი არსებითად განსახილველად დაუშვებლად ცნობის სამართლებრივი საფუძველია.

19. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ განსახილველი დავა არსებითად სწორად არის გადაწყვეტილი, მოსარჩელეს მართებულად ეთქვა უარი სადაზღვევო შემთხვევის ანაზღაურებაზე და წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მე-5 ნაწილით განსაზღვრულ, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის მოთხოვნებს.

20. ზემოხსენებული მსჯელობიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ კასატორს არ წარმოუდგენია არცერთი არგუმენტი, დასაბუთებული შედავება, თუ რა საფუძვლით უნდა იქნეს ცნობილი დასაშვებად საკასაციო საჩივარი. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება დასაბუთებული და კანონიერია, შესაბამისად, არ არსებობს საკასაციო განაცხადის არსებითად განსახილველად დასაშვებად ცნობის სამართლებრივი საფუძველი.

21. სსსკ-ის 401.4 მუხლის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 391-ე, 401-ე, 408.3-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ა.ს–ძის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;

2. ა.ს–ძეს (პ/ნ ......) სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაუბრუნდეს მის მიერ 12/11/2024წ. №1 საგადახდო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის, 500 ლარის, 70% – 350 ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“ ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 3 0077 3150;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ამირან ძაბუნიძე

მოსამართლეები: ლაშა ქოჩიაშვილი

გოჩა ჯეირანაშვილი