საქმე №ას-899-2023 7 მარტი, 2024 წელი,
თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ამირან ძაბუნიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: ლაშა ქოჩიაშვილი, თეა ძიმისტარაშვილი
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
საკასაციო საჩივრის ავტორი – ნ.ბ–ი (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარეები – ა.ტ–ი, მ.ხ–ძე (მოსარჩელეები)
გასაჩივრებული გადაწყვეტილება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 28 თებერვლის გადაწყვეტილება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა
დავის საგანი – სამკვიდრო ქონების 1/3-1/3 ნაწილის მემკვიდრედ და მესაკუთრედ ცნობა
საკითხი, რომელზედაც მიღებულია განჩინება - საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი
1. ა.ტ–მა და მ.ხ–ძემ სამტრედიის რაიონულ სასამართლოს სარჩელით მიმართეს ნ.ბ–ის მიმართ და მოითხოვეს დედის დანაშთი სამკვიდრო ქონების 1/3-1/3 ნაწილის მემკვიდრედ და მესაკუთრედ ცნობა.
2. სარჩელის საფუძვლები:
2.1. მოსარჩელეები, ძმასთან - ი.ტ–თან ერთად, ფაქტობრივი ფლობით დაეუფლნენ 2011 წლის 26 თებერვალს გარდაცვლილი დედის - ც.გ–ძის დანაშთ სამკვიდრო ქონებას.
2.2. მოსარჩელეების ძმამ - ი.ტ–მა, მოსარჩელეების ინფორმირების გარეშე, მხოლოდ საკუთარ სახელზე დაირეგისტრირა დედის მთლიანი სამკვიდრო ქონება.
2.3. 2017 წლის 20 ოქტომბერს გარდაიცვალა ი.ტ–ი, რომლის სამკვიდრო ქონება მიიღო მისმა მეუღლემ, ნ.ბ–მა, მათ შორის, მათი კუთვნილი წილი დედის სამკვიდრო ქონებიდან.
3. მოპასუხის პოზიცია:
3.1. მოპასუხემ მოთხოვნის გამომრიცხავი და მოთხოვნის შემაფერხებელი შესაგებლით სარჩელი არ ცნო.
3.2. მოპასუხე მხარემ განმარტა, რომ გარდაცვლილი მეუღლის, ი.ტ–ის, პირველი რიგის მემკვიდრემ სრულად მიიღო მამკვიდრებლის დანაშთი ქონება. თავის მხრივ, სამკვიდრო მოწმობის საფუძველზე, ი.ტ–მა, როგორც პირველი რიგის მემკვიდრემ, საკუთრებაში მიიღო გარდაცვლილი დედის, ც.გ–ძის, მთელი უძრავ-მოძრავი ქონება.
3.3. მოპასუხის მტკიცებით, მოსარჩელეებს ფაქტობრივი ფლობით არ მიუღიათ დედის სამკვიდრო ქონება.
3.4. მოპასუხემ მიუთითა მოთხოვნის ხანდაზმულობაზე.
4. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:
4.1. სამტრედიის რაიონული სასამართლოს 2022 წლის 15 თებერვლის გადაწყვეტილებით, მ.ხ–ძისა და ა.ტ–ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
4.2. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს ა.ტ–მა და მ.ხ–ძემ.
5. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი და საფუძველი:
5.1. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 28 თებერვლის გადაწყვეტილებით, სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა და გაუქმდა გასაჩივრებული გადაწყვეტილება. ა.ტ–ისა და მ.ხ–ძის სარჩელი დაკმაყოფილდა სრულად, ბათილად იქნა ცნობილი ნოტარიუს ა.ჯ–ძის მიერ, 2016 წლის 7 ივლისს, ი.ტ–ის სახელზე გაცემული სამკვიდრო მოწმობა (სანოტარო მოქმედების რეგისტრაციის ნომერი №160748236) - 2/3 ნაწილში; ბათილად იქნა ცნობილი ნოტარიუს ლ.მ–ძის მიერ 2018 წლის 1 -ელ ნოემბერს ნ.ბ–ის სახელზე გაცემული სამკვიდრო მოწმობა (სანოტარო მოქმედების რეგისტრაციის ნომერი №181354345) ვანის რაიონ, სოფელ .......... მდებარე უძრავი ქონების 2/3 ნაწილში; ა.ტ–ი ცნობილ იქნა ვანის რაიონის სოფელ ......... მდებარე სამკვიდრო ქონების, საკადასტრო კოდებით: ........, ........, ......... - 1/3 ნაწილის მემკვიდრედ და მესაკუთრედ; მ.ხ–ძე ცნობილ იქნა ვანის რაიონის სოფელ ...... მდებარე სამკვიდრო ქონების საკადასტრო კოდებით: ........., ........, ........ - 1/3 ნაწილის მემკვიდრედ და მესაკუთრედ;
5.2. სააპელაციო პალატამ რაიონული სასამართლოსგან განსხვავებულად შეაფასა საქმეზე გამოკითხული მოწმეთა ჩვენებები და მიუთითა, რომ სხდომაზე დაკითხული, მათ შორის, მოპასუხე მხარის მიერ წარმოდგენილი მოწმეების ჩვენებებით, დგინდებოდა ის გარემოება, რომ ა.ტ–ი და მ.ხ–ძე, თავიანთ ძმასთან, ი.ტ–თან ერთად, დაეუფლნენ დედის - ც.გ–ძის დანაშთ სამკვიდრო ქონებას, რაც გამოიხატა დედის სამკვიდრო ქონების მოვლა-პატრონობითა და ფლობით.
5.3. სააპელაციო სასამართლომ განმარტა, რომ სააპელაციო სასამართლოში დაკითხული მოწმეების ჩვენებებით დადასტურდა აპელანტების მიერ სამკვიდროს გახსნის მომენტიდან, სადავო უძრავ ქონების ფაქტობრივი ფლობით დაუფლება. სააპელაციო სასამართლოს აზრით, ამ გარემოებების საწინააღმდეგოდ მოპასუხემ ვერ წარმოადგინა შესაბამისი (რელევანტური) მტკიცებულებები, რის გამოც, სასამართლომ მიიჩნია, რომ მოწინააღმდეგე მხარემ ვერ უზრუნველყო სათანადო მტკიცებულებით მოსარჩელის მიერ მითითებული ფაქტობრივი გარემოებების გაბათილება.
5.4. სააპელაციო პალატამ არ გაიზიარა მოსაზრება სასარჩელო ხანდაზმულობის ვადასთან დაკავშირებით და განმარტა, რომ არც სამოქალაქო კოდექსის 54-ე მუხლით გარიგების ბათილად ცნობას, არც უსაფუძვლო გამდიდრებიდან გამომდინარე უკუმოთხოვნას, რაც სარჩელის დაკმაყოფილებას დაედო საფუძვლად, არ გააჩნია სამოქალაქო კოდექსის სახელშეკრულებო, უძრავ ნივთებთან დაკავშირებული ან სხვა რაიმე სპეციალური ხანდაზმულობის ვადები და მათ მიმართ მოქმედებს ხანდაზმულობის საერთო, 10-წლიანი ვადა, რაც სადავო სამკვიდრო მოწმობების გაცემიდან (2016 წ. და 2018 წ.) სარჩელის აღძვრამდე (2020 წ.) გასული არ იყო.
5.5. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 28 თებერვლის გადაწყვეტილება ნ.ბ–მა საკასაციო საჩივრით გაასაჩივრა.
6. კასატორის მოთხოვნა და საფუძვლები:
6.1. კასატორი მიიჩნევს, რომ სააპელაციო პალატამ არასწორად შეაფასა საქმის ფაქტობრივი გარემოებები და გამოკითხული მოწმეების ჩვენებები, რამაც საქმეზე არასწორი გადაწყვეტილების მიღება გამოიწვია.
6.2. კასატორის აზრით, სასამართლომ არასწორად შეაფასა მის მიერ ხელმეორედ გამოკითხულ მოწმეთა ჩვენებები, რადგან არცერთ მათგანს პირდაპირ არ მიუთითებია მოპასუხეების მიერ ქონების ფაქტობრივი დაუფლების შესახებ, მეტიც, ისინი პირველი ინსტანციის სასამართლოში, ც.გ–ძის გარდაცვალებიდან დიდი ხნის გასვლის გამო, ვერ იხსენებდნენ მნიშვნელოვან დეტალებს.
6.3. კასატორი მიიჩნევს, რომ სასამართლომ ყურადღება არ მიაქცია და სათანადოდ არ გამოიკვლია არაერთი მტკიცებულება, რომელიც ადასტურებდა კასატორის მეუღლის მიერ სადავო უძრავი ქონების ერთპიროვნულად დაუფლების ფაქტს, კერძოდ, კასატორი მოიხმობს: ვანის რაიონის სახელმწიფო სანოტარო კანტორის ნოტარიუსის მიერ 1992 წლის 23 ივლისს გაცემულ სამკვიდრო მოწმობას, საიდანაც დგინდება, რომ ი.ტ–მა სამკვიდრო ქონების სახით მიიღო მამის, ა.ტ–ის, მსუბუქი ავტომანქანა, სოფელ ...... საკრებულოს გამგებელ გ. ბ–ის მიერ 1992 წლის 15 ივლისის ცნობას, რომლითაც დასტურდება, რომ მამის გარდაცვალების შემდეგ ი.ტ–ი ფლობდა და განაგებდა დანაშთ ქონებას. კასატორი იშველიებს, ვანის მუნიციპალიტეტის გამგებლის წარმომადგენლის მიერ 2017 წლის 24 მარტს გაცემულ ცნობასაც, საიდანაც ირკვევა, რომ ი.ტ–ი მამის გარდაცვალებიდან ცნობის გაცემის დღემდე ფლობდა და განკარგავდა მის ქონებას. კასატორის მტკიცებით, მისი მეუღლის მიერ მთელი დანაშთი ქონების დაუფლების ფაქტს მოწმობს ის გარემოებაც, რომ ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების მიერ 2013 წლის 18 აპრილსა და 2016 წლის 7 ივნისს გაცემული ცნობებით დასტურდება ი.ტ–ის საკუთრებაში არსებული 0,75 ჰა მიწიდან მოჭრილი აკაციის ხეების ადიგენში გადატანის ფაქტი. გარდა აღნიშნულისა, კასატორ ი.ტ–ის მიერ სადავო უძრავი ქონების ერთპიროვნულად დაუფლების ფაქტს მოწმობს ის გარემოებაც, რომ იგი ც.გ–ძის გარდაცვალების შემდეგ ელექტროენერგიის მიმწოდებელ კომპანიაში დარეგისტრირდა აბონენტად და მას შემდეგ იხდიდა კიდეც ელექტროენერგიის საფასურს.
6.4. კასატორი მიიჩნევს, რომ მოწინააღმდეგე მხარეები ფაქტობრივი ფლობით არ დაუფლებიან სამკვიდრო ქონებას და არც რაიმე სახით არ გამოუვლენიათ ნება მემკვიდრეობის მისაღებად, სწორედ აღნიშნულის გამო, ი.ტ–ის, როგორც ერთადერთი მესაკუთრის, სამკვიდრო მასაში შემავალ მიწის ნაკვეთზე წლების განმავლობაში სამეურნეო საქმიანობაზეც არ გამოუთქვამთ რაიმე პრეტენზია.
6.5. კასატორი არ იზიარებს მოთხოვნის ხანდაზმულობის საერთო - ათწლიანი ვადის გამოყენების შესახებ სააპელაციო პალატის განმარტებას და უთითებს, რომ სასამართლოს უნდა ეხელმძღვანელა სამოქალაქო კოდექსის 1450-ე მუხლით, რომელიც სამკვიდროს მიღების ორთვიან სპეციალურ ვადას ითვალისწინებს.
6.6. ნ.ბ–ის საკასაციო საჩივარი საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2023 წლის 20 ივლისის განჩინებით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მიხედვით, მიღებულ იქნა წარმოებაში დასაშვებობის შესამოწმებლად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
7. საკასაციო სასამართლომ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, შეამოწმა საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და მიიჩნევს, რომ იგი დაუშვებელია შემდეგ გარემოებათა გამო:
8. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსი გარკვეულ შეზღუდვებს აწესებს საკასაციო საჩივრის დასაშვებობასთან დაკავშირებით, კერძოდ, 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას ან/და მის დამატებით ოქმს/ოქმებს და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.
9. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი საფუძვლით. ამასთან, საკასაციო საჩივარი დასაშვები რომც ყოფილიყო, მას არა აქვს წარმატების პერსპექტივა, კერძოდ:
10. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია. დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება - დადგენა, მატერიალურსამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება.
11. საკასაციო საჩივარში შედავებულია სამკვიდროს ფაქტობრივი ფლობის გზით მიღების, ხანდაზმულობის ვადის დაცვისა და სააპელაციო პალატის მიერ მოწმეთა ჩვენებების გაზიარების მართლზომიერების ფაქტი, შესაბამისად, წინამდებარე განჩინებაში საკასაციო პალატა გამოიკვლევს მოწინააღმდეგე მხარეთა მიერ სამკვიდროს ფაქტობრივი ფლობის გზით, დაუფლების, ხანდაზმულობის ვადების დაცვისა და მოწმედ დაკითხული პირების ჩვენებების გაზიარების სამართლებრივ წინამძღვრებს.
12. საკასაციო პალატის განსჯით, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით, კასატორს არ წარმოუდგენია დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება), რის გამოც დადგენილად მიიჩნევა შემდეგი:
– მამკვიდრებელი ც.გ–ძე გარდაიცვალა 2011 წლის 26 თებერვალს, ვანში. მას დარჩა სამი პირველი რიგის მემკვიდრე, შვილები: მ.ხ–ძე (დაქორწინებამდე ტ–ი), ა.ტ–ი და ი.ტ–ი (იხ. ტომი 1, ს.ფ. 19- 24; პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების 3.1.1 პუნქტი);
– მ.ხ–ძე ცხოვრობს ვანის რაიონის სოფელ ......, თავის ოჯახში, ა.ტ–ი კი – ქ. თბილისში, .......... ი.ტ–ი მამკვიდრებლის გარდაცვალებამდე ცხოვრობდა ადიგენში ........ქუჩა №1-ში. არცერთ მემკვიდრეს გარდაცვალებიდან 6 თვის ვადაში, სამკვიდრო მოწმობის მიღების შესახებ განცხადება სანოტარო ორგანოსათვის არ წარუდგენია (იხ. ტომი 1, ს.ფ. 68-69, 78; პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების 3.1.2 პუნქტი);
- 07.07.2016 წელს ნოტარიუს ა.ჯ–ძის მიერ გაცემული №160748236 ზოგადი სამკვიდრო მოწმობის თანახმად, ი.ტ–მა, როგორც ც.გ–ძის პირველი რიგის მემკვიდრემ, შვილმა, ფაქტობრივი ფლობით საკუთრებაში მიიღო მთელი უძრავ-მოძრავი ქონება, მასში შემავალი აქტივებითა და პასივებით. სამკვიდრო მოწმობაში მითითებულია, რომ მემკვიდრის განცხადებით სხვა მემკვიდრეები არ არსებობდნენ (იხ. ტომი 1, ს.ფ. 26-27);
- 07.07.2016 წელს ნოტარიუს ა.ჯ–ძის მიერ გაცემული №160748236 სამკვიდრო მოწმობის საფუძველზე, 2017 წელს, ი.ტ–ის საკუთრებაში აღირიცხა შემდეგი უძრავი ქონება, მდებარე: ვანის რაიონის სოფელი ......, ს.კ. ........, ს.კ. ........, ს.კ. ........ (იხ. ტომი 1, ს.ფ. 33-35);
- ი.ტ–ი გარდაიცვალა 2017 წლის 20 ოქტომბერს (იხ. ტომი 1, ს.ფ. 25);
- 02.11.2018 წელს ნოტარიუს ლ.მ–ძის მიერ გაცემული №181354345 სამკვიდრო მოწმობის თანახმად, ნ.ბ–მა, როგორც გარდაცვლილი მეუღლის, ი.ტ–ის, პირველი რიგის მემკვიდრემ, სრულად მიიღო მამკვიდრებლის დანაშთი ქონება, მასში შემავალი აქტივებითა და პასივებით, მათ შორის, ვანის რაიონის სოფელ ...... მდებარე უძრავი ქონება, ს.კ. ....... (იხ. ტომი 1, ს.ფ. 28-32);
- 02.11.2018 წელს ნოტარიუს ლ.მ–ძის მიერ გაცემული №181354345 სამკვიდრო მოწმობის საფუძველზე, ნ.ბ–ის საკუთრებაში 19.09.2020 წელსა და 21.09.2020 წელს აღირიცხა შემდეგი უძრავი ქონება, მდებარე: ვანის რაიონის სოფელ ......, ს.კ. ......., ს.კ. ......, ს.კ. ........(იხ. ტომი 1, ს.ფ. 36-38);
- 28.11.2022 წელს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სდომაზე მოწმის სახით დაკითხული გ. ტ–ის (აწ გარდაცვლილი ც.გ–ძის მეზობლის) ჩვენების თანახმად, ც.გ–ძე გარდაცვალებამდე მ.ხ–ძესთან ერთად ცხოვრობდა მეზობლად მდებარე მ.ხ–ძის ოჯახში, სადაც გარდაიცვალა კიდეც. ც.გ–ძე რომ გარდაიცვალა, შვილებმა ერთად დაკრძალეს. მ–ს ოჯახი შრომობდა და უვლიდა ც.გ–ძის უძრავ ქონებას, ეზო-გარემოს, მეურნეობას. დედის გარდაცვალების შემდეგ, ა.ტ–იც ჩადიოდა ხოლმე დედის სახლში და უვლიდა, ხშირად ხედავდა ხოლმე მას დედის სახლში. დედის გარდაცვალებიდან, დაახლოებით 2 წლის შემდეგ, დედის სახლში ცხოვრობდა ი.ტ–ი (იხ. სააპელაციო სასამართლოს სხდომის ოქმი, 12:17-12:45სთ);
- 28.11.2022 წელს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სდომაზე მოწმის სახით დაკითხული ლ.ტ–ის (აწ გარდაცვლილი ც.გ–ძის მეზობელი) ჩვენების თანახმად, ც.გ–ძე გარდაცვალებამდე ავადმყოფობდა. ც.გ–ძის გარდაცვალების შემდეგ, რამდენიმე თვის შემდგომ, დედის სახლში საცხოვრებლად გადმოვიდა ი.ტ–ი. ი.ტ–ს მასთან არ უხსენებია, რომ სადავო სახლში ჩამოსული ყოფილიყო ა.ტ–ი ან მ.ხ–ძე (იხ. სააპელაციო სასამართლოს სხდომის ოქმი, 12:46-13:10 სთ);
- 28.11.2022 წელს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სდომაზე მოწმის სახით დაკითხული ლ. ტ–ის (აწ გარდაცვლილი ც.გ–ძის მეზობელი) ჩვენების თანახმად, მ.ხ–ძე და ა.ტ–ი მოდიოდნენ ხოლმე დედის სახლში, როგორც დედის გარდაცვალებიდან, ისე მისი გარდაცვალების შემდეგ. ც.გ–ძე გარდაცვალებამდე ავადმყოფობდა. ის მ.ხ–ძეს ჰყავდა წაყვანილი თავის სახლში და უვლიდა. დედის გარდაცვალების შემდეგ, მ.ხ–ძემ დაამუშავა დედის ყანა და მოიყვანა მოსავალი. ა.ტ–იც ჩამოდიოდა ხოლმე დედის სახლში მისი გარდაცვალების შემდეგ. მოგვიანებით დედის სახლში ცხოვრება დაიწყო ი.ტ–მა (იხ. სააპელაციო სასამართლოს სხდომის ოქმი, 13:12- 13:32 სთ).
13. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილება დაეფუძნა მოწმეთა ჩვენებების გაზიარებას და მათი ახსნა-განმარტებების საფუძველზე სადავო ფაქტობრივი გარემოებების დადგენილად მიჩნევას, შესაბამისად, საკასაციო პალატა, უპირველესად, ყურადღებას მიაპყრობს სამოქალაქო პროცესში მოწმეთა ჩვენებების მნიშვნელობას, მათი შეფასების სტანდარტს და მხოლოდ აღნიშნული საკასაციო პრეტენზიის შესწავლის შედეგად გამოიკვლევს სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილების მართლზომიერების საკითხს.
14. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ იურიდიულ ლიტერატურაში მოქმედებს მტკიცებულებების თავისუფალი შეფასების პრინციპი, თუმცა მტკიცებულებათა თავისუფალი შეფასება არ გულისხმობს სამოსამართლო თვითნებობას. ქართული კანონმდებლობის მიხედვით, სასამართლოსათვის არავითარ მტკიცებულებას არ აქვს წინასწარ დადგენილი ძალა. კანონი არ ახარისხებს მტკიცებულებათა სახეებს სანდოობის ხარისხის მიხედვით. მტკიცებულების ყველა სახე თანაბარი რანგისაა. სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, თუმცა შინაგანი რწმენის ჩამოყალიბებას საფუძვლად უნდა ედოს მტკიცებულებათა ობიექტური და სრული განხილვა. შესაბამისად, სასამართლო მტკიცებულებათა ყოველმხრივი შეფასების შედეგად თავად წყვეტს, თუ რომელი მტკიცებულებაა სარწმუნო და რომელ მათგანს უნდა დაეყრდნოს იგი. მტკიცებულების შეფასების მთავარი კრიტერიუმი ობიექტურობაა. მტკიცებულება ობიექტურად უნდა ასახავდეს მოვლენას, ანდა ადასტურებდეს ფაქტის არსებობას. შესაბამისად, აღნიშნულ მტკიცებულებაზე დაყრდნობით, ობიექტურად, გონიერ ადამიანს ერთი და იგივე დასკვნა უნდა გამოჰქონდეს. მტკიცებულების შეფასების მიზნებისათვის უაღრესად დიდი მნიშვნელობა მის სანდოობას (სარწმუნოობას) ენიჭება. მტკიცებულების სანდოობა განაპირობებს მოსამართლის დარწმუნების ალბათობის ხარისხს. რაც უფრო სანდოა მტკიცებულება, რომელსაც სასამართლო გადაწყვეტილება ეყრდნობა, მით უფრო მაღალია ამ მტკიცებულებაზე დაყრდნობით გამოტანილი სასამართლო გადაწყვეტილების ლეგიტიმაციაც. ამასთან, მნიშვნელოვანია, რომ მოსაზრებები, რომლებიც საფუძვლად უდევს მტკიცებულებათა შეფასების შედეგად გამოტანილ გადაწყვეტილებას, აისახოს გადაწყვეტილებაში (იხ. „კერძო სამართლის აქტუალური საკითხები“, ტომი I, თბილისი 2020, ასევე, იხ. სუსგ. საქმე №ას-91-2022 04 მაისი 2022 წელი).
15. საკასაციო სასამართლომ არაერთგზის განმარტა, რომ სათანადოდ მოტივირებული და დამაჯერებელი უნდა იყოს მტკიცებულებათა შეფასება, რაც ეფუძნება შეჯიბრებითობის ფარგლებში მხარეთა მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებების ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას და არა - სასამართლოს სუბიექტურ მოსაზრებებს. სასამართლო ობიექტურ საწყისებზე მტკიცებულებათა ყოველმხრივი და სრული გამოკვლევის შედეგად ადგენს მათ იურიდიულ ძალას, კერძოდ, განსაზღვრავს, თუ რა გარემოების დადგენა ან პირიქით, უარყოფაა შესაძლებელი. აქ, უპირველეს ყოვლისა, იგულისხმება მტკიცებულებათა შეფასება უტყუარობის თვალსაზრისით, რისთვისაც საჭიროა ამ მტკიცებულებათა ყოველმხრივი შემოწმება, მათი დაპირისპირება საქმეში არსებულ სხვა მტკიცებულებებთან. მტკიცებულებათა შეფასებას კი, პროცედურულად მოჰყვება საქმის ფაქტობრივი გარემოებების დადგენა. სასამართლოსათვის არავითარ მტკიცებულებას არა აქვს წინასწარ დადგენილი ძალა. ხაზგასასმელია, რომ მტკიცებულებებს სასამართლო აფასებს ორი, სარწმუნოობისა და არასარწმუნოობის თვალსაზრისით და იმის მიხედვით, თუ საქმის სწორად გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე რომელ ფაქტს ადასტურებს ეს მტკიცებულება. მტკიცებულებათა შეფასება მოსამართლის შინაგანი რწმენით არ ნიშნავს უანგარიშგებო დასკვნების გამოტანის უფლებას (იხ. სუსგ. 2020 წლის 15 თებერვლის განჩინება ას-400-2020, ასევე, იხ. სუსგ. საქმე №ას-91-2022 04 მაისი 2022 წელი).
16. განსახილველ შემთხვევაში, კასატორი სადავოდ ხდის მოსარჩელეთა მიერ ფაქტობრივი ფლობითა და მართვით სამკვიდროს დაუფლების ფაქტს, ვინაიდან მატერიალური სამართლის არცერთი ნორმა სამკვიდროს ფაქტობრივად დაუფლების ფაქტის დადასტურების სპეციალურ სტანდარტს არ ადგენს, საკასაციო პალატას გამოაქვს დასკვნა, რომ გამოყენებულ უნდა იქნეს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის მეორე ნაწილი, რომელიც დასაშვებ მტკიცებულებად მოწმის ჩვენებასაც მიიჩნევს, თავის მხრივ კი, ამავე კოდექსის 140-ე მუხლი მოწმედ განიხილავს ნებისმიერ პირს, რომელსაც შესაძლებელია, ჰქონდეს სადავო გარემოების შესახებ რაიმე ინფორმაცია (იხ. სუსგ. საქმე №ას-91-2022 04 მაისი 2022 წელი). საკასაციო პალატა დასძენს, რომ ამ ზოგადი სტანდარტის გამოყენება გამართლებულია მით უფრო ისეთ პირობებში, როდესაც განსახილველი საკითხი საკმაოდ სპეციფიკურია, ერთი მხარე აცხადებს, რომ ქონებას ფაქტობრივად არ დაუფლებია, ხოლო მეორე, საწინააღმდეგოს უთითებს, ასეთ დროს, ე.წ. ცოცხალი მტკიცებულება (მოწმეთა ჩვენება) ჩაუნაცვლებელია, რადგან, როგორც წესი, უმეტეს შემთხვევაში, შეუძლებელია ფაქტობრივი ფლობის დოკუმენტურად დადასტურება (მაგალითად, სამკვიდრო მასიდან სხვადასხვა მოძრავი ნივთის წაღება, სახლში მისვლისა და უძრავი ქონების მოვლის ფაქტი და სხვა).
17. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში, განმეორებით, მოწმედ გამოიკითხა გ.ტ–ი (მეზობელი), რომელმაც აღნიშნა, რომ ც.გ–ძის გარდაცვალების შემდეგ, დაკრძალვაზე, დედმამიშვილები ყველანი ერთად იყვნენ სადავო სახლში, მანვე განაცხადა, რომ დედის გარდაცვალების შემდეგ ძირითადად მარინას ხედავდა, როგორ უვლიდა ეზო-კარს, მასთან ერთად – ადოლისაც, ხოლო გარდაცვალებიდან ცოტახანში (დაახლოებით ორ წელში) ამ სახლში საცხოვრებლად ჩავიდა ი.ტ–იც (იხ. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2022 წლის 28 ნოემბრის სასამართლო სხდომის ოქმი, 12:28 საათი და შემდგომ). ამავე სდომაზე მოწმის სახით დაკითხული ლ.ტ–ის (აწ გარდაცვლილი ც.გ–ძის მეზობელი) ჩვენების თანახმად, ც.გ–ძე გარდაცვალებამდე ავადმყოფობდა. ც.გ–ძის გარდაცვალების შემდეგ, რამდენიმე თვის შემდგომ, დედის სახლში საცხოვრებლად გადმოვიდა ი.ტ–ი. ი.ტ–ს მასთან არ უხსენებია, რომ სადავო სახლში ჩამოსული ყოფილიყო ა.ტ–ი ან მ.ხ–ძე (იხ. სააპელაციო სასამართლოს სხდომის ოქმი, 12:46-13:10სთ.) ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სდომაზე მოწმის სახით დაკითხული ლაშა ტ–ის (აწ გარდაცვლილი ც.გ–ძის მეზობელი) ჩვენების თანახმად კი, მ.ხ–ძე და ა.ტ–ი მოდიოდნენ ხოლმე დედის სახლში, როგორც დედის გარდაცვალებამდე, ისე მისი გარდაცვალების შემდეგ. ც.გ–ძე გარდაცვალებამდე ავადმყოფობდა, ის მ.ხ–ძეს ჰყავდა წაყვანილი თავის სახლში და უვლიდა. დედის გარდაცვალების შემდეგ, მ.ხ–ძემ დაამუშავა დედის ყანა და მოიყვანა მოსავალი. ა.ტ–იც ჩამოდიოდა ხოლმე დედის სახლში მისი გარდაცვალების შემდეგ. მოგვიანებით დედის სახლში ცხოვრება დაიწყო ი.ტ–მა (იხ. სააპელაციო სასამართლოს სხდომის ოქმი, 13:12- 13:32 სთ).
18. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლში გამოკითხული ზემოთ ხსენებული მოწმეები არ წარმოადგენდნენ ოჯახის წევრებს, საქმის პროცესით დაინტერესებულ მხარეებს ან სხვა ისეთ პირებს, რომელთა მიმართაც სასამართლოს შეექმნებოდა გონივრული ვარაუდი, რომ მათი ჩვენება სანდოობის კრიტერიუმს ვერ აკმაყოფილებდა (იხ. სუსგ. საქმე №ას-91-2022 04 მაისი 2022 წელი). რაც შეეხება ჩვენებების შინაარსობრივ მხარეს, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ მოწმეები იყვნენ იმ მოვლენის თვითმხილველები, რომლის შესახებაც ახსნა-განმარტება მისცეს, ისინი გამოიკითხნენ ცალ-ცალკე და მისცეს ერთგვაროვანი, თანმიმდევრული და ამომწურავი განმარტებები, რის გამოც არ არსებობდა მათ მიერ დადასტურებული გარემოების გაზიარებაზე უარის თქმის საფუძველი.
19. ყოველივე ზემოაღნიშნულის შესაბამისად, საქმის ფაქტობრივი გარემოებების შემოწმების, მოწმეთა ჩვენებების მოსმენის, საკასაციო საჩივრის გაცნობისა და ამ გარემოებების ყოველმხრივ შეფასების შედეგად, საკასაციო პალატას შეექმნა მტკიცებულებით გამყარებული შინაგანი რწმენა მასზე, რომ მოწმეთა ჩვენებების გაზიარებაზე უარის თქმის შესახებ საკასაციო საჩივრის პრეტენზია არ ეყრდნობა რაიმე წონად არგუმენტს, ხოლო კასატორის მიერ საკასაციო საჩივარში მითითებული დოკუმენტაციის ვრცელი ნუსხა (იხ. წინამდებარე განჩინების 6.3. პუნქტი), მხოლოდ იმ ფაქტს ადასტურებს, რომ კასატორი ფაქტობრივი ფლობით ნამდვილად დაეუფლა სადავო ქონებას (ეს სადავო გარემოება საქმის განხილვის არცერთ ეტაპზე არ გამხდარა) და არ გამორიცხავს მასთან ერთად მოსარჩელეთა მიერ სამკვიდროს ფაქტობრივი განკარგვის გზით დაუფლების ფაქტს, ამიტომ საკასაციო პალატა იზიარებს ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოს სამართლებრივ შეფასებას, რომლის თანახმად, მ.ხ–ძე და ა.ტ–ი დედის - ც.გ–ძის გარდაცვალების შემდეგ, კანონით გათვალისწინებულ 6-თვიან ვადაში, ფაქტობრივი ფლობით დაეუფლნენ სამკვიდრო ქონებას, რაც საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1306-ე, 1319-ე, 1320-ე, 1328-ე, 1336-ე და 1421-ე მუხლების თანახმად, სარჩელის დაკმაყოფილების ფაქტობრივ სამართლებრივ წინაპირობას ქმნიდა.
20. რაც შეეხება კასატორის პრეტენზიას სასარჩელო მოთხოვნის ხანდაზმულობასთან დაკავშირებით, რომელიც სააპელაციო პალატის მიერ საერთო ათწლიანი ხანდაზმულობის ვადის არასწორად გამოყენებას მიემართება, საკასაციო პალატა განმარტავს, რომ კასატორის მიერ მითითებული ნორმა - სამოქალაქო კოდექსის 1450-ე მუხლი, ადგენს კონკრეტულად სამკვიდროს მიღების ან მიღებაზე უარის თქმასთან დაკავშირებულ ხანდაზმულობის ვადას და არა მემკვიდრეობითი უფლების მოწმობის გასაჩივრების ვადას. განსახილველ შემთხვევაში, დადასტურებულია, რომ მოსარჩელეებმა სამკვიდრო ქონება მიიღეს მამკვიდრებლის გარდაცვალებიდან ექვსი თვის ვადაში, ფაქტობრივი დაუფლების წესით. შესაბამისად, აღნიშნულთან მიმართებით, მოპასუხეთა პოზიცია უსაფუძვლოა (საქმე №ას-167-2021, 28 თებერვალი, 2023 წელი).
21. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ სააპელაციო პალატამ სრულყოფილად გამოიკვლია და დაადგინა წარდგენილი სარჩელის დაკმაყოფილებისთვის აუცილებელი კუმულაციური წინაპირობები, ხოლო ეს გარემოებები დასაბუთებული შედავების წარდგენის გზით, კასატორმა ვერ გააქარწყლა.
22. ამდენად, სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი მატერიალური ან/და საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი ვერ მიუთითებს რაიმე ისეთ დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა. კასატორმა ვერ დაასაბუთა, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს ეწინააღმდეგება.
23. ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით და არც იმ საფუძვლით, რომ საკასაციო სასამართლოს მსგავს საკითხზე ჯერ არ უმსჯელია და გადაწყვეტილება არ მიუღია. შესაბამისად, მოცემულ საქმეზე არ არსებობს ვარაუდი, რომ საკასაციო საჩივრის განხილვის შემთხვევაში მოსალოდნელია საქართველოს უზენაესი სასამართლოს უკვე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება. ამავდროულად, გასაჩივრებული განჩინება არ განსხვავდება საკასაციო სასამართლოს მიერ დადგენილი პრაქტიკისაგან.
24. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი, რის გამოც მხარეს უარი უნდა ეთქვას საქმის განხილვაზე.
25. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მეოთხე ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის შემთხვევაში, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 391-ე, 401-ე, 408.3-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა
1. ნ.ბ–ის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;
2. ნ.ბ–ს (პ/ნ .......) სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაუბრუნდეს ნ.ხ–ას მიერ 18/07/2023წ. №686 საგადახდო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟიდან - 514 ლარის 70% – 359,8 ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“ ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 3 0077 3150;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ამირან ძაბუნიძე
მოსამართლეები: ლაშა ქოჩიაშვილი
თეა ძიმისტარაშვილი