საქმე № ას-1549-2024 27 ივნისი, 2025 წელი,
თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ამირან ძაბუნიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: ლაშა ქოჩიაშვილი, გოჩა ჯეირანაშვილი
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
საკასაციო საჩივრის ავტორი – ჯ.ს–ძე (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე – მ.ფ–ძე (მოსარჩელე)
გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 9 სექტემბრის განჩინება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების სრულად გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა
დავის საგანი – თანხის დაკისრება
საკითხი, რომელზედაც მიღებულია განჩინება - საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. მ.ფ–ძემ სარჩელი აღძრა სასამართლოში ჯ.ს–ძის მიმართ თანხის დაკისრების მოთხოვნით.
2. სარჩელის საფუძვლები:
2.1. მოპასუხემ ვალის აღიარების დოკუმენტით აღიარა ვალი - 350 000 აშშ დოლარი ზ.ც–ძის წინაშე და იკისრა 2017 წლის სექტემბერში დაფარვის ვალდებულება. თავის მხრივ, მესამე პირს ჰქონდა მოსარჩელის ვალი ამავე ოდენობით და ვალდებულების შესრულების მიზნით მესამე პირმა 2017 წლის ოქტომბერში მოპასუხის მიმართ მოთხოვნა დაუთმო მოსარჩელეს. შესაბამისად, მოპასუხემ 350 000 აშშ დოლარის გადახდის ვალდებულება უნდა შეასრულოს მოსარჩელის წინაშე.
3. მოპასუხის პოზიცია:
3.1. მოპასუხემ წარდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნო და მიუთითა, რომ „ვალის აღიარების შესახებ“ დოკუმენტი არის ყალბი. იგი საერთოდ არ იცნობს მესამე პირს. უნდა დაინიშნოს ექსპერტიზა, რადგან გაყალბებულია მოპასუხის ხელმოწერა. შესაგებლით მოპასუხე მოითხოვდა საბუთზე არსებული ტექსტის შესრულების ხანდაზმულობის დადგენასაც. ამასთან, ბათუმის საქალაქო სასამართლოში მოპასუხემ წარადგინა ექსპერტიზის დანიშვნის მოთხოვნა, სადაც აცხადებდა, რომ მოსარჩელე და მისი ძმა, დაახლოებით 9-10 წლის წინ, მოპასუხის ბიზნეს პარტნიორები იყვნენ. ამჟამად მათ შორის არსებობს დაძაბული ურთიერთობა. ბიზნეს პარტნიორობის დროს მოპასუხეს ხელი აქვს მოწერილი არაერთ დოკუმენტზე. მოსარჩელემ მოიპოვა მათი ბიზნეს საქმიანობის დროს, დაახლოებით 9-10 წლის წინ, მოპასუხის მიერ ხელმოწერილი ერთ-ერთი დოკუმენტი, რომელზეც ტექსტი დაახლოებით ნახევარ გვერდზე იყო დაწერილი, მოპასუხე კი, ხელს აწერდა ფურცლის/დოკუმენტის ბოლოში. მოსარჩელემ ეს ფურცელი იმდაგვარად გადახია, რომ დოკუმენტის ერთ ნაწილზე დარჩა მხოლოდ ტექსტი, მეორე ნაწილზე კი დოკუმენტის ბოლოს – მხოლოდ მოპასუხის მიერ შესრულებული ხელმოწერა. 9-10 წლის წინანდელი დოკუმენტის მოპასუხის ხელმოწერილ ნაწილზე 2017 წელს მესამე პირმა დაამატა ტექსტი, რომ, თითქოს, მოპასუხეს მის მიმართ 350 000 აშშ დოლარის დავალიანება ჰქონდა. ამიტომ არის, რომ დოკუმენტს მოხეული აქვს ზედა ნაწილი, ტექსტი კი – ჩასმულია ცარიელ ადგილას.
4. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:
4.1. ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2021 წლის 9 ივლისის გადაწყვეტილებით – სარჩელი დაკმაყოფილდა, მოპასუხეს დაეკისრა 350 000 აშშ დოლარის გადახდა მოსარჩელის სასარგებლოდ, იურიდიული მომსახურებისათვის გაწეული ხარჯის ანაზღაურება 2000 ლარი და, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ, სახელმწიფო ბაჟის გადახდა 3000 ლარი.
5. ზემოაღნიშნული გადაწყვეტილება მოპასუხემ სააპელაციო წესით გაასაჩივრა.
5. სააპელაციო სასამართლოს განჩინების სარეზოლუციო ნაწილი:
5.1. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 27 აპრილის გადაწყვეტილებით, სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა, გაუქმდა ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2021 წლის 9 ივლისის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, სარჩელი არ დაკმაყოფილდა, მოსარჩელეს დაეკისრა აპელანტის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 5000 ლარი, გაუქმდა ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2021 წლის 25 თებერვლის განჩინებით სარჩელზე გამოყენებული უზრუნველყოფის ღონისძიება, რომლითაც სარჩელის უზრუნველყოფის მიზნით ყადაღა დაედო მოპასუხის საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებას (ს/კ .........).
6. საკასაციო სამართალწარმოების ეტაპი
6.1. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 29 თებერვლის განჩინებით მ.ფ–ძის საკასაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა: გაუქმდა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 27 აპრილის გადაწყვეტილება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა იმავე სასამართლოს;
7. სააპელაციო სასამართლოს 2024 წლის 9 სექტემბრის განჩინების სარეზოლუციო ნაწილი და საფუძვლები:
7.1. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 9 სექტემბრის განჩინებით, ჯ.ს–ძის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. უცვლელად დარჩა ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2021 წლის 9 ივლისის გადაწყვეტილება;
7.2. სააპელაციო სასამართლომ მიუთითა, რომ მოსარჩელის მოთხოვნა სსკ-ის 341-ე მუხლით განსაზღვრულ ვალის აღიარების საბუთს ეფუძნება, რომლის თანახმადაც, მოპასუხემ მესამე პირის წინაშე ვალის - 350 000 აშშ დოლარის არსებობა აღიარა და იკისრა გადახდის ვალდებულება. თავის მხრივ, მესამე პირმა მოპასუხის მიმართ არსებული ეს მოთხოვნა მოსარჩელეს დაუთმო; ვინაიდან, სადავო შეთანხმება ვალის აღიარებაზე შეიცავს კონკრეტულ დაპირებას და ვალდებულების შესრულების მზაობას, არსებობს სკ-ის 341-ე მუხლის გამოყენების წინაპირობა, რაც მოვალისათვის ჯ.ს–ძისათვის, კრედიტორის მ.ფ–ძის სასარგებლოდ, 350 000 აშშ დოლარის დაკისრების საფუძველია;
7.3. სააპელაციო სასამართლომ დადასტურებულად მიიჩნია სადავო ხელწერილში მითითებული გარემოება, რომ ჯ.ს–ძემ ზ.ც–ძისაგან ისესხა 350 000 აშშ დოლარი, რომლის დაბრუნების ვალდებულება ჰქონდა 2017 წლის სექტემბერში. ამ გარემოებების საწინააღმდეგო მტკიცებულება (მაგ. ექსპერტიზის დასკვნა, მოწმის ჩვენება ან სხვა რაიმე წერილობითი მტკიცებულება) მოპასუხის მიერ საქმეში წარმოდგენილი არ არის. დოკუმენტის ნამდვილობაში ეჭვის შეტანის საფუძველს კი არ იძლევა მოპასუხის მხოლოდ ზეპირსიტყვიერი განმარტება, რომ მან დოკუმენტის ბოლოს მოაწერა ხელი და შემდგომ არის ტექსტი დამატებული ფურცელზე. მოპასუხის აღნიშნული განმარტება რაიმე სახის მტკიცებულებით გამყარებული არ არის;
7.4. საქმეზე დადგენილი გარემოებების შეფასების შედეგად, ვინაიდან, მოპასუხე ჯ.ს–ძეს ჰქონდა ზ.ც–ძის მიმართა ვალი 350 000 აშშ დოლარის ოდენობით, რომელიც უნდა დაებრუნებინა 2017 წლის სექტემბერში და მოპასუხის მხრიდან დარღვეული იქნა შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულება. მის მიერ შეთანხმებულ ვადაში არ იქნა გადახდილი თანხა, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ სადავო ვალის დათმობის შესახებ ხელშეკრულების საფუძველზე ვალის დაბრუნების თაობაზე მოთხოვნის უფლება ჯ.ს–ძის მიმართ წარმოეშვა მ.ფ–ძეს. შესაბამისად, მისი მოთხოვნა ჯ.ს–ძის მიმართ 350 000 აშშ დოლარის დაკისრების თაობაზე საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს.
8. კასატორის მოთხოვნა და საფუძვლები:
8.1. კასატორის მტკიცებით, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 29 თებერვლის Nას-981-2022 განჩინების დასაბუთება, რომ „შეთანხმება ვალის აღიარებაზე” არის დამოუკიდებელი ვალდებულებით-სამართლებრივი ურთიერთობა და მას საფუძვლად არ უდევს სხვა ურთიერთობა, მცდარია. „შეთანხმება ვალის აღიარებაზე” თითქოს გაფორმებულია ზ.ც–ძესა და ჯ.ს–ძეს შორის, რომლითაც ჯ.ს–ძე აღიარებს, რომ მას ზ.ც–ძის მიმართ აქვს ვალი 350 000 აშშ დოლარი. რაც შეეხება მ.ფ–ძეს, მას ზ.ც–ძემ დაუთმო 350 000 აშშ დოლარის გადახდის თაობაზე ჯ.ს–ძის მიმართ არსებული მოთხოვნა. კასატორს მიაჩნია, რომ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს „შეთანხმება ვალის აღიარებაზე“ არ უნდა ჩაეთვალა საკმარის მტკიცებულებად ჯ.ს–ძესა და მ.ფ–ძეს შორის რაიმე სახის ურთიერთობის წარმოშობისათვის. ამასთან, დოკუმენტის ტექსტი ჯ.ს–ძის მიერ რომ არ არის შესრულებული, ეს დადასტურებულია და სადავო არ არის
8.2. კასატორის მტკიცებით, სააპელაციო სასამართლომ არასწორად მიანიჭა წინასწარ დადგენილი იურიდიული ძალა „შეთანხმებას ვალის აღიარებაზე“. სასამართლოს ასეთი მოქმედება არ შეესაბამება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის პირველ ნაწილს. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება, ასევე, არ შეესაბამება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილების მოთხოვნებს. ყოველივე აღნიშნულის გათვალისწინებით კასატორს მიაჩნია, რომ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 9 სექტემბრის N2/6-321-24 გადაწყვეტილება დაუსაბუთებელი და უკანონოა, რის გამოც, იგი უნდა გაუქმდეს და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს.
9. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 30 დეკემბრის განჩინებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში დასაშვებობის შემოწმების მიზნით.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სსსკ-ის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც ის დაუშვებელია:
10. სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას ან/და მის დამატებით ოქმს/ოქმებს და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.
11. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი საფუძვლით. ამასთან, საკასაციო საჩივარი დასაშვები რომც ყოფილიყო, მას არა აქვს წარმატების პერსპექტივა, სახელდობრ:
11.1. სსსკ-ის 407.2 მუხლის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია. დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურსამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორებს, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით, არ წარმოუდგენია დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).
12. განსახილველ შემთხვევაში, სააპელაციო სასამართლომ მართებულად განსაზღვრა მოთხოვნის ფაქტობრივი საფუძველი, ანუ სწორად დაადგინა სამართლებრივად მნიშვნელოვანი ფაქტები:
12.1. 2017 წლის 31 ოქტომბერს, ზ.ც–ძეს და მ.ფ–ძეს შორის გაფორმდა მოთხოვნის დათმობის ხელშეკრულება, რომლის თანახმადაც ზ.ც–ძემ მ.ფ–ძეს დაუთმო 350 000 აშშ დოლარის მოთხოვნის უფლება, რომელიც მას გააჩნდა ჯ.ს–ძის მიმართ (იხ. ტ. 1, ს.ფ. 32-33);
12.2. ზ.ც–ძის ხელწერილის თანახმად, ,,შეთანხმება ვალის აღიარებაზე, რომლითაც ჯ.ს–ძემ აღიარა ზ.ც–ძის მიმართ ვალის არსებობა 350 000 აშშ დოლარის ოდენობით, შედგენილი და დაწერილია ზ.ც–ძის მიერ ჯ.ს–ძესთან შეთანხმებით. შეთანხმებას ხელს აწერენ ზ.ც–ძე და ჯ.ს–ძე“ (იხ. ტ. 4, ს.ფ. 29-30).
12.3. დამოუკიდებელი სასამართლო ექსპერტიზის ცენტრის შპს ,,ვ–ის“ №07/08 ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, ,,შეთანხმება ვალის აღიარებაზე“ ბოლოში არსებული ტექსტობრივი ჩანაწერი ,,ჯ.ს–ძე“ და მის გასწვრივ არსებული ხელმოწერა შესრულებულია თვით ჯ.ს–ძის მიერ“ (იხ.ტ. 1, ს.ფ. 24-31);
12.4. სასამართლო განჩინების საფუძველზე დანიშნული სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 17.09.2019წ. საბუთის ტექნიკური და ხელწერის ექსპერტიზის №006460819 დასკვნის თანახმად, ,,ხელნაწერი ტექსტი და ხელმოწერა ზ.ც–ძის სახელით, ტექსტის სახით ,,ზ.ც–ძე“ განლაგებული შეთანხმებაზე ვალის აღიარებაზე, შესრულებულია ერთი და იგივე პირის და შესრულებულია ზ.ც–ძის მიერ. ხელმოწერა ჯ.ს–ძის სახელით, ტექსტის სახით, განლაგებული შეთანხმებაზე ვალის აღიარებაზე, მარჯვენა ქვედა კუთხეში, შესრულებულია ჯ.ს–ძის მიერ. ამავე დასკვნაში მითითებულია, რომ დადგენა იმისა, შეთანხმებაზე ვალის აღიარებაზე განთავსებული ტექსტი როდის იყო შესრული და ხელნაწერი ტექსტი და ქვედა ნაწილში არსებული სიტყვები ,,ზ.ც–ძე“, ,,ჯ.ს–ძე“ შესრულებულია თუ არა ერთი და იგივე დროს, შეუძლებელია, ვინაიდან ბიუროში არ არსებობს მეცნიერულად დასაბუთებული მეთოდიკა საწერი საშუალებით შესრულებული ჩანაწერების ხანდაზმულობის დადგენის შესახებ“ (იხ. ტ. 4, ს.ფ. 38-80);
13. საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს კასატორის პრეტენზიას [იხ. ამავე განჩინების პუნქტი 8.2.] და მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 341.1 მუხლზე, რომლის თანახმად, იმ ხელშეკრულების ნამდვილობისათვის, რომლითაც აღიარებულ იქნა ვალდებულებითი ურთიერთობის არსებობა (ვალის არსებობის აღიარება), აუცილებელია წერილობითი აღიარება. თუ სხვა ფორმაა გათვალისწინებული იმ ვალდებულებითი ურთიერთობის წარმოშობისათვის, რომლის არსებობაც აღიარებულ იქნა, მაშინ აღიარებაც მოითხოვს ამ ფორმას.
14. საკასაციო სასამართლომ არაერთხელ განმარტა, რომ ვალის აღიარების ხელშეკრულება შეიძლება სხვადასხვა სახის იყოს, სახელდობრ, კონსტიტუციური (დამდგენი) და დეკლარაციული (დამადასტურებელი). კონსტიტუციური ხასიათის ვალის არსებობის აღიარებით ახალი ხელშეკრულება იდება, რაც იმას ნიშნავს, რომ ვალის აღიარების ხელშეკრულებით დგინდება ახალი, დამოუკიდებელი ვალდებულებითსამართლებრივი ურთიერთობა, წარმოიშობა ახალი მოთხოვნა, მიუხედავად ძველი ვალდებულებითსამართლებრივი ურთიერთობის არსებობისა თუ ნამდვილობისა. სწორედ აღნიშნული სახის ვალის არსებობის აღიარებას ითვალისწინებს სამოქალაქო კოდექსის 341.1 მუხლი. ამდენად, ვალის არსებობის აღიარება არის ცალმხრივი და აბსტრაქტული ხელშეკრულება, რომლის თანახმად, ერთი მხარე მეორე მხარის სასარგებლოდ დამოუკიდებლად კისრულობს გარკვეული მოქმედების შესრულების მოვალეობას. თუ მხარეები უკვე არსებული ვალდებულების შინაარსიდან გამოდიან ან ადასტურებენ მას, ან მხარეები არსებული ვალდებულების შესასრულებლად ახალი ვალდებულების შესრულებას კისრულობენ, ასეთი აღიარება ვალის აღიარებად არ მიიჩნევა. იმ შემთხვევაში, თუ მხარეები არსებული ვალდებულების შესასრულებლად ახალი ვალდებულების შესრულებას კისრულობენ და ამ გარიგებით გათვალისწინებული მოთხოვნის მიზანია, ადრე არსებული ვალდებულებიდან გამომდინარე შესრულების მიღება, ასეთი აღიარება კაუზალურ აღიარებას წარმოადგენს და იგი თვისებრივად განსხვავდება სამოქალაქო კოდექსის 341-ე მუხლით გათვალისწინებული აბსტრაქტული აღიარებისაგან. ამდენად, ამ ნორმის კონტექსტით ვალის აღიარება ძველი (არსებული) ვალდებულების დადასტურებას არ ემსახურება, არამედ ახლის წარმოშობის წყაროა. ამასთან, ვალის არსებობის აღიარება, როგორც ვალდებულების არსებობის დამოუკიდებელი კომპონენტი, ხელწერილის შინაარსიდან უნდა მომდინარეობდეს, სახელდობრ, ხელწერილით ხდება ვალის ამღიარებლის მხრიდან მოთხოვნის უფლების მქონე პირთან ვალდებულებითი ურთიერთობის არსებობის აღიარება, შესაბამისად, ასეთ ვითარებაში მიიჩნევა, რომ ვალის ამღიარებელი ვალს, კრედიტორთან არსებული სამართალურთიერთობის საფუძველზე, როგორც თავის ვალს, ისე აღიარებს (საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2013 წლის 8 ნოემბრის გადაწყვეტილება საქმეზე №ას-392-371-2013.).
15. ამდენად, სსკ-ის 341-ე მუხლით გათვალისწინებული ვალის არსებობის აღიარება აბსტრაქტული ხელშეკრულებაა. მისი ნამდვილობა არაა დამოკიდებული იმ სამართალურთიერთობის ნამდვილობაზე, რომლის აღიარებაც მოხდა ამ უკანასკნელით. როგორც წესი, ვალის ასეთ აღიარებაში არ მიეთითება იმის თაობაზე, თუ საიდან წარმოეშვა მოვალეს ეს ვალდებულება. თუმცა ისიც შესაძლებელია, რომ ვალის აბსტრაქტულ აღიარებაში მიეთითოს იმ ვალდებულებითი ურთიერთობის შესახებ, რომელმაც განაპირობა მოვალის მიერ კრედიტორის სასარგებლოდ ვალის აღიარება. თავისთავად ასეთი მითითება აბსტრაქტულ აღიარებას დეკლარაციულად ვერ გადააქცევს, თუ ნათელია, რომ კრედიტორის მოთხოვნის საფუძველი გამომდინარეობს ვალის აღიარების ხელშეკრულებიდან და არა მანამდე არსებული ვალდებულებითი ურთიერთობიდან. ხშირად რთულია იმის დადგენა, აბსტრაქტულ აღიარებასთან გვაქვს საქმე თუ დეკლარაციულთან. ამიტომ ხელშეკრულების შინაარსიდან უნდა დადგინდეს, რამდენად ფორმალური ხასიათი აქვს არსებულ ვალდებულებითსამართლებრივ ურთიერთობაზე მითითებას და სურდათ თუ არა მხარეებს ამ სამართალურთიერთობიდან გამომდინარე ახალი ვალდებულების წარმოშობა.
16. განსახილველ შემთხვევაში, საქმის მასალებით დასტურდება და ხელწერილითაც ირკვევა, რომ ,,შეთანხმება ვალის აღიარებაზე, რომლითაც ჯ.ს–ძემ აღიარა ზ.ც–ძის მიმართ ვალის არსებობა 350 000 აშშ დოლარის ოდენობით, შედგენილი და დაწერილია ზ.ც–ძის მიერ ჯ.ს–ძესთან შეთანხმებით. შეთანხმებას ხელს აწერენ ზ.ც–ძე და ჯ.ს–ძე“.
17. ზემოხსენებული ხელწერილი სასამართლომ შეაფასა როგორც სსკ-ის 341-ე მუხლით გათვალისწინებული ვალის კონსტიტუციური (აბსტრაქტული) აღიარება, რასაც საკასაციო პალატა იზიარებს. ხელწერილის შინაარსის გათვალისწინებით, ,,მე ერთი მხრივ ზ.ც–ძე პ/ნ ........ და მეორეს მხრივ ჯ.ს–ძე პ/ნ ....... შევთანხმდით შემდეგზე: მე ჯ.ს–ძე ვაღიარებ, რომ მაქვს ვალი ზ.ც–ძის მიმართ 350 000 (სამას ორმოცდაათი) აშშ დოლარი. ვიღებ ვალდებულებას ზ.ც–ძეს აღნიშნული ვალი დავუბრუნო 2017 წლის სექტემბერში“, მითითებული გარიგება წარმოშობს შესრულების ვალდებულებას. ამასთან, ხელწერილზე დატანილია მხარეთა ხელმოწერები. დოკუმენტი შედგენილია არასრული ფურცლის ქვედა ნაწილზე (ფურცლის ზედა ნაწილი გადახეულია ან/და გადაჭრილია)“. პალატა დამატებით განმარტავს, რომ მოსარჩელეს შესრულების ვალდებულება იმ შემთხვევაშიც ექნებოდა, ზემოხსენებული აღიარება არა აბსტრაქტულ, არამედ ე.წ. კაუზალურ აღიარებადაც რომ მიგვეჩნია. კერძოდ, ამ უკანასკნელ შემთხვევაში ვალის აღიარება უკვე არსებული სამართალურთიერთობის ფარგლებში დამატებითი შეთანხმებაა. დადგენილია, რომ ზ.ც–ძემ თანხა ასესხა ჯ.ს–ძეს, ხოლო 2017 წლის 31 დეკემბერს, ზ.ც–ძეს და მ.ფ–ძეს შორის გაფორმდა მოთხოვნის დათმობის ხელშეკრულება, რომლის თანახმადაც ზ.ც–ძემ მ.ფ–ძეს დაუთმო 350 000 აშშ დოლარის მოთხოვნის უფლება, რომელიც მას გააჩნდა ჯ.ს–ძის მიმართ. ამდენად, მართებულია ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოების დასკვნა, რომ მოსარჩელის მოთხოვნა (350 000 აშშ დოლარი) წარმოშვა ხელშეკრულებებიდან გამომდინარე მსესხებლის მიერ ვალდებულების დარღვევამ. ეს თანხა სესხის ხელშეკრულების საფუძველზე გადაცემული თანხაა, რომელიც მოსარჩელეს არ მიეწოდა.
18. რაც შეეხება კასტორის პრეტენზიას, რომ დოკუმენტის ტექქსტი მოპასუხის მიერ არ არის შესრულებული და დადასტურებულია, სასამართლო მიუთითებს, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 137-ე მუხლის პირველი ნაწილზე რომლის თანახმად, მხარეს უფლება აქვს, საქმის წინასწარი სასამართლო განხილვისათვის მომზადების სტადიაზე განაცხადოს, რომ წარდგენილი საბუთი ყალბია. მას შეუძლია ეს განაცხადოს საქმის სასამართლო სხდომაზე განხილვის დროსაც, თუ ეს საბუთი წარდგენილ იქნა ამ სასამართლო სხდომაზე ან ადრე წარდგენილი საბუთის სიყალბე მისთვის ცნობილი გახდა სასამართლო სხდომაზე. განსახილველი ნორმა მიუთითებს იმაზე, რომ პირს, ვის წინააღმდეგაც წარმოდგენილია საბუთი, შეუძლია, უარყოს იგი მის სიყალბეზე მითითებით, მარტივი შესაგებლით. ამ შემთხვევაში ამ უკანასკნელს არ ეკისრება ამ უარყოფის დადასტურება. პირიქით, იმ პირს, ვის სასარგებლოდაც მიუთითებს (ვინც წარმოადგინა) ეს მტკიცებულება, მას ეკისრება მისი ნამდვილობის დადასტურება, თუ მის მოწინააღმდეგე მხარემ ამ საბუთის ნამდვილობა გახადა სადავოდ (იხ.: სუსგ №ას-872-830-2013, 17.10.2014წ. სუსგ Nას-981-2022, 29.02.2024წ) .
19. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 137-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, მტკიცებულების წარმდგენ მხარეს შეუძლია, სთხოვოს სასამართლოს მტკიცებულებებიდან სადავო საბუთის ამორიცხვა და საქმის გადაწყვეტა საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებების საფუძველზე. ასეთი თხოვნის არარსებობის შემთხვევაში სასამართლო შეამოწმებს საბუთის ნამდვილობას, რისთვისაც შეუძლია დანიშნოს ექსპერტიზა, მოითხოვოს დამატებითი მტკიცებულებების წარმოდგენა ან გამოითხოვოს სხვა მტკიცებულებები. განსახილველ შემთხვევაში, ბათუმის საქალაქო სასამართლომ 2019 წლის 28 მაისის განჩინებით დანიშნა ექსპერტიზა. სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს საბუთის ტექნიკური და ხელწერის ექსპერტიზის №006460819 დასკვნის თანახმად, ხელნაწერი ტექსტი და ხელმოწერა ზ.ც–ძის სახელით შესრულებულია ზ.ც–ძის მიერ. ხელმოწერა ჯ.ს–ძის სახელით დოკუმენტის მარჯვენა ქვედა კუთხეში შესრულებულია ჯ.ს–ძის მიერ. ამავე დასკვნაში მითითებულია, რომ დადგენა იმისა, დოკუმენტზე განთავსებული ტექსტი როდის იყო შესრულებული, ხელნაწერი ტექსტი და ქვედა ნაწილში არსებული სიტყვები „ზ. ც–ძე“, „ჯ.ს–ძე“ დაწერილია თუ არა ერთსა და იმავე დროს, შეუძლებელია, ვინაიდან ბიუროში არ არსებობს საწერი საშუალებით შესრულებული ჩანაწერების ხანდაზმულობის დადგენის შესახებ მეცნიერულად დასაბუთებული მეთოდიკა. შესაბამისად, სადავო მტკიცებულების სიყალბე დადგენილი არ არის, დასკვნით დასტურდება, რომ ხელმოწერა ეკუთვნის მოპასუხეს და ის საქმიდან ამორიცხული არ არის.
20. ზემოხსენებული მსჯელობიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ კასატორს არ წარმოუდგენია არცერთი არგუმენტი, დასაბუთებული შედავება, თუ რა საფუძვლით უნდა იქნეს ცნობილი დასაშვებად საკასაციო საჩივარი. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება დასაბუთებული და კანონიერია, შესაბამისად, არ არსებობს საკასაციო განაცხადის არსებითად განსახილველად დასაშვებად ცნობის სამართლებრივი საფუძველი.
21. ამავდროულად, გასაჩივრებული გადაწყვეტილება არ განსხვავდება საკასაციო სასამართლოს მიერ დადგენილი პრაქტიკისაგან, რომელთა ნაწილიც ასახულია წინამდებარე განჩინებაში. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.
22. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მეოთხე ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის შემთხვევაში, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 %.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 391-ე, 401-ე, 408.3-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ჯ.ს–ძის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;
2. ჯ.ს–ძეს სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაუბრუნდეს გ.მ–ძის მიერ 25/12/2024წ. №7319 საგადახდო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის, 6000 ლარის, 70% – 4200 ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“ ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 3 0077 3150;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ამირან ძაბუნიძე
მოსამართლეები: ლაშა ქოჩიაშვილი
გოჩა ჯეირანაშვილი