საქმე №ას-675-2025 30 ივნისი, 2025 წელი,
თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ლევან მიქაბერიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ვლადიმერ კაკაბაძე, გიზო უბილავა
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორები - ნ.ი–ვი, დ.ი–ი (მოპასუხეები)
მოწინააღმდეგე მხარე - სს „ს.ბ–ი“ (მოსარჩელე)
გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 29 აპრილის განჩინება
კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება, სააპელაციო საჩივრის წარმოებაში მიღება
დავის საგანი - თანხის დაკისრება, უფლებამონაცვლედ ცნობა, იპოთეკის საგნის რეალიზაცია
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
1. ნ.ი–ვი (შემდგომ - პირველი მოპასუხე, პირველი აპელანტი, პირველი კერძო საჩივრის ავტორი) და დ.ი–ი (შემდგომ - მეორე მოპასუხე, მეორე აპელანტი, მეორე კერძო საჩივრის ავტორი) კერძო საჩივრით ასაჩივრებენ თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2025 წლის 29 აპრილის განჩინებას, რომლითაც სასამართლო სხდომაზე მათი გამოუცხადებლობის გამო, სს „ს.ბ–ის“ (შემდგომ - მოსარჩელე, მოწინააღმდეგე მხარე) შუამდგომლობა დაკმაყოფილდა და მოპასუხეთა სააპელაციო საჩივარი თელავის რაიონული სასამართლოს 2024 წლის 24 აპრილის გადაწყვეტილებაზე, დარჩა განუხილევლად.
2. კერძო საჩივრის ავტორთა წარმომადგენლის განმარტებით, სასამართლო სხდომის წინა დღეს ტელეფონით ესაუბრა მოსამართლის თანაშემწეს და აუხსნა, რომ აპირებდა შუამდგომლობის დაყენებას სასამართლო სხდომის გადადების თაობაზე, რადგან მის მარწმუნებელს გარდაეცვალა ოჯახის წევრი. ამასთან, ესაჭიროებოდათ დრო ბანკთან შეთანხმების მისაღწევად. დილით კი სხდომის დღეს სასამართლოსკენ მიმავალ გზაზე აღმოჩნდა საგზაო საცობში საათნახევრის განმავლობაში, რის თაობაზეც პროცესის დაწყებამდე ტელეფონით ესაუბრა მოსამათლის თანაშემწეს. სასამართლო დარბაზში გამოცხადდა 11:15 საათზე, თუმცა სააპელაციო საჩივარი უკვე განუხილველად იყო დატოვებული. მაშინვე დაწერა განცხადება დაგვიანების მიზეზების თაობაზე, თუმცა აღნიშნულს რაიმე სამართლებრივი შედეგი არ მოჰყოლია.
3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 31 მაისის განჩინებით, კერძო საჩივარი მიღებულ იქნა განსახილველად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
4. საკასაციო სასამართლო კერძო საჩივრის საფუძვლების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო გასაჩივრებული განჩინება დარჩეს უცვლელად შემდეგ გარემოებათა გამო:
5. განსახილველ შემთხვევაში, საკასაციო სასამართლოს შეფასების საგანია, სასამართლო სხდომაზე აპელანტი მხარის გამოუცხადებლობის გამო სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ განჩინების კანონიერება.
6. საქმის მასალებით დადასტურებულია და კერძო საჩივრის ავტორები სადავოდ არ ხდიან შემდეგ გარემოებებს:
7. მოპასუხეთა სააპელაციო საჩივრის განხილვა დაინიშნა 2025 წლის 11 მარტს, თუმცა სასამართლო სხდომაზე აპელანტების წარმომადგენლის შუამდგომლობის საფუძველზე საქმის განხილვა გადაიდო იმავე წლის 29 აპრილს 11:00 საათზე, რაც წარმომადგენელს სასამართლო სხდომაზე ეცნობა ხელწერილით და განემარტა სხდომაზე გამოუცხადებლობის სამართლებრივი შედეგები.
8. 2025 წლის 29 აპრილს, 13:00 საათზე გამართულ სასამართლოს სხდომაზე არც აპელანტები და არც მათი წარმომადგენელი არ გამოცხადებულა. მოწინააღმდეგე მხარემ სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვება იშუამდგომლა.
9. იმის გათვალისწინებით, რომ სასამართლო სხდომაზე აპელანტი მხარის გამოუცხადებლობის მიზეზები სასამართლოსთვის უცნობი იყო, სასამართლომ მოწინააღმდეგე მხარის (მოსარჩელის) შუამდგომლობა დააკმაყოფილა და სააპელაციო საჩივარი განუხილველად დატოვა.
10. კერძო საჩივრის ავტორთა წარმომადგენელი სადავოდ ხდის სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების კანონიერებას და განმარტავს, რომ სასამართლო სხდომაზე გამოუცხადებლობა საგზაო მოძრაობის შეფერხებამ გამოიწვია, რის თაობაზეც პროცესის დაწყებამდე აცნობა მოსამათლის თანაშემწეს, აღნიშნული კი გასაჩივრებული განჩინების გაუქმების საფუძველია.
11. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდგომ - სსსკ) 387-ე მუხლის პირველი და მე-3 ნაწილების თანახმად, თუ სააპელაციო საჩივრის აღმძვრელი პირი არ გამოცხადდება საქმის ზეპირ განხილვაზე, მოწინააღმდეგე მხარის თხოვნით სააპელაციო სასამართლო გამოიტანს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ დაუსწრებელ გადაწყვეტილებას. ყველა სხვა შემთხვევაში, გამოიყენება პირველი ინსტანციის სასამართლოში დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის შესახებ ამ კოდექსში ჩამოყალიბებული ნორმები. ნორმით გათვალისწინებულია აპელანტის გამოუცხადებლობისას დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის წესი, თუმცა კანონის ამ სპეციალური დათქმის პარალელურად, საკითხის მოწესრიგებისათვის განსაზღვრულია პირველი ინსტანციის სასამართლოში დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის მომწესრიგებელი ნორმების გამოყენება (იხ.: სუსგ №ას-501-2021, 30.07.2021წ.).
12. სსსკ-ის 229-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ მოპასუხე არ მოითხოვს დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანას, სასამართლოს გამოაქვს სარჩელის განუხილველად დატოვების შესახებ განჩინება, რასაც უკავშირდება სსსკ-ის 276-ე-278-ე მუხლებით გათვალისწინებული შედეგები. სსსკ-ის 275-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით კი, დადგენილია სარჩელის განუხილველად დატოვების შესაძლებლობაც, თუ საქმის განხილვაზე მოსარჩელე არ გამოცხადდება, ხოლო მოპასუხე თანახმაა, რომ სარჩელი დარჩეს განუხილველად.
13. ზემოაღნიშნულ ნორმათა მიხედვით, სააპელაციო სასამართლოში საქმის ზეპირი განხილვისას აპელანტის გამოუცხადებლობის შემთხვევაში, სააპელაციო სასამართლო უფლებამოსილია, მოწინააღმდეგე მხარის შუამდგომლობის საფუძველზე, განუხილველად დატოვოს სააპელაციო საჩივარი, თუ აპელანტი კანონით დადგენილი წესით მოწვეული იყო საქმის განხილვაში და არ გამოცხადდა არასაპატიო მიზეზით (იხ.: სუსგ №ას-1668-2019, 28.02.2020წ.; №ას-1380-2019, 24.12.2019წ.; №ას-429-2024, 22.05.2024წ.; №ას-330-2024, 25.04.2024წ.).
14. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ სასამართლო სხდომაზე აპელანტის გამოუცხადებლობის გამო, სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ განჩინება უნდა გადაისინჯოს და საქმე განახლდეს იმ წესების დაცვით, რაც დადგენილია დაუსწრებელი გადაწყვეტილების გადასინჯვის მიმართ.
15. სსსკ-ის 241-ე მუხლის თანახმად, დაუსწრებელი გადაწყვეტილება უნდა გაუქმდეს და საქმის განხილვა განახლდეს, თუ არსებობს იმავე კოდექსის 233-ე მუხლით გათვალისწინებული საფუძვლები ან, თუ მხარის გამოუცხადებლობა გამოწვეული იყო სხვა საპატიო მიზეზით, რომლის შესახებაც მას არ შეეძლო, თავის დროზე ეცნობებინა სასამართლოსათვის. აღნიშნული მუხლი განსაზღვრავს იმ გარემოებათა წრეს, რომელთა არსებობის შემთხვევაში დაუსწრებელი გადაწყვეტილება უნდა გაუქმდეს და საქმის განხილვა განახლდეს. ეს გარემოებები მითითებულია 233-ე მუხლის პირველ ნაწილში, მაგრამ ამ მუხლის ჩამონათვალი არაა ამომწურავი. გამოუცხადებელ მხარეს, რომლის წინააღმდეგაც გამოტანილია დაუსწრებელი გადაწყვეტილება, შეუძლია, მიუთითოს სხვა გარემოებებზეც, რაც სასამართლო სხდომაზე მისი გამოუცხადებლობის მიზეზი გახდა და რომლის შესახებაც მას არ შეეძლო, დროულად ეცნობებინა სასამართლოსათვის. ამასთან, კანონმდებელი ავალდებულებს მხარეს, წინასწარ აცნობოს სასამართლოს სხდომაზე მისი გამოცხადების შეუძლებლობისა და მიზეზის შესახებ, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ასეთი შეტყობინება სხდომამდე შეუძლებელია. იმ გარემოებათა დამტკიცების ტვირთი, რომლებზეც მიუთითებს მხარე თავის საჩივარში, როგორც გამოუცხადებლობის საპატიო მიზეზზე, ეკისრება მომჩივანს, ხოლო ამ გარემოებათა შეფასება იმ თვალსაზრისით, თუ რამდენად საპატიოა მხარის გამოუცხადებლობა - სასამართლოს უფლებამოსილებაა (იხ.: სუსგ №ას-1445-1459-2011, 31.10.2011წ.; №ას-1410-1330-2017; 30.01.2018წ.; №ას-455-2024, 14.06.2024წ.).
16. სსსკ-ის 215-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს ამა თუ იმ საპროცესო მოქმედების შეუსრულებლობის საპატიოდ მიჩნევის წანამძღვრებს და ასეთად მიიჩნევს ავადმყოფობას, ახლო ნათესავის გარდაცვალებას ან სხვა განსაკუთრებულ ობიექტურ გარემოებას, რომელიც მისგან დამოუკიდებელი მიზეზით შეუძლებელს ხდის საპროცესო მოქმედების შესრულებას. ამასთან, სათანადო მტკიცებულებით დადასტურებას საჭიროებს საპროცესო ვალდებულების შეუსრულებლობის მიზეზად დასახელებული ნებისმიერი გარემოება, რომელზეც მხარე აპელირებს. ამასთან, აღნიშნული მიზეზი უნდა ადასტურებდეს სადავო საპროცესო მოქმედების შეუსრულებლობის ობიექტურ შეუძლებლობას (იხ.: სუსგ №ას-6-2023, 4.05.2023წ.).
17. იმისათვის, რომ სასამართლომ პროცესზე მხარის გამოუცხადებლობა საპატიოდ მიიჩნიოს, უნდა არსებობდეს ორი წინაპირობა: 1. გამოუცხადებლობა გამოწვეული უნდა იყოს განსაკუთრებული ობიექტური გარემოებით; და 2. აღნიშნული განსაკუთრებული ობიექტური გარემოება მხარისაგან დამოუკიდებელი მიზეზით შეუძლებელს უნდა ხდიდეს მხარის პროცესზე გამოცხადებას ან/და გამოცხადების შეუძლებლობის შესახებ სასამართლოსთვის შეტყობინებას. სასამართლომ რომ მხარის მიერ მითითებული მიზეზი გამოუცხადებლობის საპატიო მიზეზად მიიჩნიოს, უნდა შეექმნას მხარის გამოცხადების ობიექტური შეუძლებლობის მყარი შინაგანი რწმენა (სუსგ №ას-780-780-2018, 22.10.2019წ.; №ას-484-2023, 16.05.2023წ.).
18. საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ სამოქალაქო სამართალწარმოება მხარეთა შეჯიბრებითობაზეა დამყარებული და სსსკ-ის 102-ე მუხლი თითოეულ მხარეს უდგენს ვალდებულებას, სათანადო მტკიცებულებით დაასაბუთოს მოთხოვნა. სსსკ-ის მე-4 მუხლით კი განსაზღვრულია მხარის აბსოლუტური შესაძლებლობა, თავადვე განსაზღვროს სადავო გარემოებების დამადასტურებელი მტკიცებულებები და წარუდგინოს ისინი სასამართლოს, წინააღმდეგ შემთხვევაში, ფაქტობრივი გარემოებები, რომლებიც დამტკიცებას საჭიროებს, მხოლოდ მხარის განმარტებით ვერ დადგინდება. ამდენად, სათანადო მტკიცებულებით დადასტურებას საჭიროებს საპროცესო ვალდებულების შეუსრულებლობის მიზეზად დასახელებული ნებისმიერი გარემოება, რომელზეც მხარე აპელირებს.
19. საკასაციო პალატა კერძო საჩივრის ავტორისათვის დაკისრებულ მტკიცების ტვირთზე ამახვილებს ყურადღებას და მიუთითებს, რომ საქმეში არ მოიპოვება მტკიცებულება, რაც დაადასტურებდა აპელანტის წარმომადგენლის მიერ სასამართლო სხდომის დღეს გამოუცხადებლობის საპატიოობას. ამასთან, გადატვირთული მოძრაობის გამო სასამართლო სხდომაზე გამოუცხადებლობა არ წარმოადგენს სსსკ-ის 215.3 მუხლით განსაზღვრულ საპატიო მიზეზს და ვერ მიიჩნევა კერძო საჩივრის დაკმაყოფილების საფუძვლად, ვინაიდან მხარემ წინასწარ უნდა გაითვალისწინოს ყველა შემაფერხებელი გარემოება, იმ პროცესუალური შედეგების თავიდან ასაცილებლად, რაც მოჰყვება მის გამოუცხადებლობას (იხ. სუსგ №ას-1051-985-2010, 23.12.2010წ.; №ას-517-490-2015, 2.07.2015წ.; №ას-1527-2023, 26.01.2024წ.).
20. რაც შეეხება კერძო საჩივრის ავტორის წარმომადგენელის მითითებას, რომლის თანახმად, სასამართლო სხდომის დაწყებამდე მოსამართლის თანაშემწეს დაუკავშირდა და აცნობა გადატვირთული სატრანსპორტო მოძრაობის გამო პროცესის დროულად გამოცხადების შეუძლებლობასთან დაკავშირებით, პალატა არ იზიარებს და მიუთითებს, რომ აღნიშნული მხარეს რაიმე მტკიცებულებით არ გაუმყარებია, მხოლოდ ახსნა-განმარტება კი, იმგვარი გარემოების არსებობაზე, რაც შესაბამისი და ხელმისაწვდომი მტკიცებულებებით დადასტურებას ექვემდებარება, ვერ იქნება მიჩნეული სადავო გარემოების დასადასტურებლად. ხოლო მითითება, რომ სასამართლო სხდომის წინა დღეს ტელეფონით ესაუბრა მოსამართლის თანაშემწეს და აუხსნა, რომ აპირებდა შუამდგომლობის დაყენებას საქმის განხილვის გადადების შესახებ, ასევე არ ცვლის სამართლებრივ შედეგს და გამოუცხადებლობის საპატიო მიზეზად ვერ შეფასდება, რადგან სსკ-ის 215-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, შუამდგომლობა სასამართლოს წარედგინება წერილობითი ფორმით, ხოლო დასაბუთების საკმარისობას, შუამდგომლობაში მოხმობილ არგუმენტთა საფუძველზე და დართული მტკიცებულებების შემოწმების შედეგად სასამართლო აფასებს შუამდგომლობის შინაარსობრივი მხარის განხილვისას, მოტივირებული განჩინებით.
21. სსსკ-ის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრის განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. ამავე კოდექსის 410-ე მუხლის მიხედვით კი, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ: ა) კანონის მითითებულ დარღვევას არა აქვს ადგილი; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა; გ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არსებითად სწორია, მიუხედავად იმისა, რომ გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი არ შეიცავს შესაბამის დასაბუთებას.
22. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო პალატის გასაჩივრებული განჩინების გაუქმების სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს, ხოლო წარმოდგენილ კერძო საჩივარს უარი უნდა ეთქვას დაკმაყოფილებაზე.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე, 420-ე მუხლებით
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ნ.ი–ვის და დ.ი–ის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 29 აპრილის განჩინება დარჩეს უცვლელად;
3. ნ.ი–ვს (პ/ნ .......) და დ.ი–ს (პ/ნ ......) სახელმწიფო ბიუჯეტიდან (ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150) დაუბრუნდეთ საკასაციო საჩივარზე ვ.კ–ის მიერ ზედმეტად გადახდილი სახელმწიფო ბაჟიდან - 300 ლარიდან (საგადახდო დავალება №7193 / გადახდის თარიღი 13.05.2025) - 250 ლარი;
4. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
მოსამართლეები: ლევან მიქაბერიძე
ვლადიმერ კაკაბაძე
გიზო უბილავა