საქმე №ას-739-2025
26 ივნისი 2025 წელი ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატის
შემადგენლობა:
თეა ძიმისტარაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: მირანდა ერემაძე,
არჩილ კოჭლამაზაშვილი
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი განხილვის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი - დ.ს–ია (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე - მ.თ–ი (მოსარჩელე)
გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 25 აპრილის განჩინება.
საჩივრის ავტორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება
დავის საგანი - ალიმენტის დაკისრება
საკითხი, რომელზეც მიღებულია განჩინება –კერძო საჩივრის უარყოფა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. მ.თ–მა, სარჩელი აღძრა რუსთავის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიაში, მოპასუხე - დ.ს–იას მიმართ, არასრულწლოვანი ნ.ს–ას რჩენა-აღზრდისათვის ალიმენტის სახით, 700 ლარის დაკისრების მოთხოვნით.
2. რუსთავის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2025 წლის 27 თებერვლის გადაწყვეტილებით, სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. მოპასუხე, დ.ს–იას, არასრულწლოვანი ნ.ს–ას რჩენა-აღზრდისათვის დაეკისრა ალიმენტის გადახდა, თვეში 500 ლარის ოდენობით, 17.06.2024 წლიდან (სარჩელის აღძვრიდან) ბავშვის სრულწლოვანებამდე.
3. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ორივე მხარემ.
4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 13 მაისის განჩინებით, დაკმაყოფილდა მოსარჩელის შუამდგომლობა და მ.თ–ის სააპელაციო საჩივარზე შეწყდა წარმოება.
5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 25 აპრილის განჩინებით, დ.ს–იას სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველი დაუშვებლობის გამო.
6. აღნიშნულ განჩინებაზე კერძო საჩივარი შეიტანა დ.ს–იამ, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საქმის ხელახლა განსახილველად დაბრუნება მოითხოვა.
7. კერძო საჩივრის ავტორის განმარტებით, რუსთავის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2025 წლის 27 თებერვლის გადაწყვეტილების 3.1.6 პუნქტში აღნიშნულია, რომ მოსარჩელის და მოპასუხის თანასაკუთრებაშია უძრავი ნივთი მდებარე, რუსთავი, ........ ს/კ N......... აღნიშნული უძრავი ქონება გაცემულია იჯარით და ყოველთვიური ქირის ოდენობა შეადგენს 500 ლარს, რომელსაც განკარგავს მოსარჩელე. კერძო საჩივრის ავტორი განმარტავს, რომ ამ თანხის ნახევრით ფინანსურად უკვე მონაწილეობს შვილის რჩენა-აღზრდისთვის საჭირო ხარჯებში და ეს თანხა უნდა ჩაითვალოს ალიმენტის თანხაში. შესაბამისად, არასრულწლოვანი შვილის მიმართ გასაღებ ხარჯს შეადგენს, 750 ლარი.
8. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2025 წლის 05 ივნისის განჩინებით, კერძო საჩივარი მიღებულ იქნა განსახილველად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო კერძო საჩივრის საფუძვლების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება კი დარჩეს უცვლელად შემდეგ გარემოებათა გამო:
9. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრის განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. ამავე კოდექსის 410-ე მუხლის თანახმად კი, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ: ა) კანონის მითითებულ დარღვევას არა აქვს ადგილი; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა; გ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არსებითად სწორია, მიუხედავად იმისა, რომ გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი არ შეიცავს შესაბამის დასაბუთებას.
10. წინამდებარე კერძო საჩივრის ფარგლებში საკასაციო პალატა მსჯელობს სააპელაციო სასამართლოს განჩინების მართლზომიერების საკითხზე, რომლითაც მოპასუხის სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველად იმ საფუძვლით, რომ მისი სააპელაციო საჩივრის ღირებულება არ აღემატებოდა კანონით დადგენილ ზღვრულ ოდენობას.
11. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 365-ე მუხლი ადგენს ქცევის შემდეგ წესს: სააპელაციო საჩივარი ქონებრივ-სამართლებრივ დავაში დასაშვებია იმ შემთხვევაში, თუ დავის საგნის ღირებულება აღემატება 2 000 ლარს. ეს ღირებულება განისაზღვრება იმის მიხედვით, თუ გასაჩივრებული გადაწყვეტილების რა ზომით შეცვლაზე შეაქვს საჩივარი მხარეს. ამდენად, სააპელაციო სასამართლო წარმოებაში მიიღებს და იმსჯელებს მხოლოდ ისეთ სააპელაციო საჩივრებზე, რომელთა ღირებულება 2000 ლარს სცილდება. 2000 ლარის ან მასზე ნაკლები ღირებულების მქონე სააპელაციო საჩივარი კი არ დაიშვება და დარჩება განუხილველად.
12. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლით გარანტირებული სასამართლო ხელმისაწვდომობა ადამიანის ერთ-ერთი ფუნდამენტური უფლებაა და მართლმსაჯულების განხორციელებაზე უარის თქმა ამ უფლებით დაცულ სფეროში ჩარევის თვალსაჩინო მაგალითია, თუმცა, დავის საგნის ღირებულების საფუძვლით სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვება დაცულ სფეროში ჩარევად ვერ იქნება განხილული, რადგანაც მას გააჩნია საკანონმდებლო საფუძველი და გამართლებულია შედარებით ნაკლები ღირებულების მქონე დავის სწრაფად დამთავრებით (სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 2.2 მუხლით, საქმის განხილვაზე უარის თქმა სასამართლოს შეუძლია მხოლოდ ამ კოდექსით დადგენილი საფუძვლებითა და წესით).
13. საკასაციო პალატა ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის (სამართლიანი სასამართლოს უფლება) ფარგლებში დამატებით განმარტავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროსასამართლოს პრაქტიკა განაცხადის დასაშვებობისას ამოწმებს ზიანის (დანახარჯების) ოდენობას და მიიჩნევს, რომ მცირე ღირებულების საქმეებზე, თუკი არ დასტურდება პირის ფუნდამენტური უფლებების დარღვევის ფაქტი, განაცხადს დაუშვებლად მიიჩნევს სწორედ „ზიანის მცირე მნიშვნელობის“ (დავის ქონებრივი ცენზის დაწესება) გათვალისწინებით (ECHR: Ionescu v. Romania; Vasilchenko v. Russia; Stefanescu v. Romania და სხვა).
14. შესაბამისად, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო უარყოფს განაცხადს „მცირე მნიშვნელობის“ (“de minimis non curat praetor”) საფუძვლითაც. აღსანიშნავია, რომ დარღვევის ხასიათისა და მატერიალური ზიანის ოდენობა ფასდება ყოველი კონკრეტული საქმის ინდივიდუალური გარემოებების საფუძველზე (მომჩივნის სპეციფიკური პირობები და ქვეყნის ან რეგიონის ეკონომიკური მდგომარეობა, რომელშიც მომჩივანი ცხოვრობს და სხვა) და მხოლოდ აბსტრაქტული, ტერმინოლოგიური გაგებით როდი შემოიფარგლება, თუმცა ერთმნიშვნელოვანია, რომ სასამართლო აფასებს მატერიალური დანაკარგის ზეგავლენას მომჩივანზე (შდრ: Practical guide of admissibility criteria, 2014, გვ: 88, 89, პპ: 405, 415, 416. www.echr.coe.int) და თუკი მიიჩნევს, დარღვევას პრინციპული მნიშვნელობა არ გააჩნია, ანდა მომჩივნის პრეტენზია მცირე ღირებულების საქმიდან გამომდინარეობს, განაცხადს დაუშვებლად ცნობს (შდრ: საქმე, რომელიც შეეხებოდა ადმინისტრაციული სამართალდარღვევისათვის ჯარიმის სახით 50 ევროს დაკისრებას Boelens and Others. v. Belgium (dec.); საქმეში Havelka v. the Czech Republic (dec.) 1,515 ევროს დაკისრება მომჩივნის თანამდებობის გათვალისწინებით მცირე ღირებულებად შეფასდა.
15. საქართველოს უზენაესი სასამართლოს არაერთ გადაწყვეტილებაში განიმარტა, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 365-ე მუხლით დადგენილი სააპელაციო საჩივრის ფასი მხარისათვის მინიჭებული გასაჩივრების უფლების ერთ-ერთი კანონიერი წინაპირობაა, რომელიც სამართალწარმოების დროულ და ეფექტურ ორგანიზებასა და განხორციელებას ემსახურება, რაც არ შეიძლება ისეთ დანაწესად შეფასდეს, რომელიც არასამართლიანად ართმევს მომჩივანს სასამართლოსადმი წვდომის უფლებას (სუსგ-ებები: №ას-692-646-2017, 14.07.2017წ; №ას-533-533-2018, 22.06.2018წ. (სუსგ-ებები: №ას-230-218-2017, 28.04.2017წ; №ას-1305-2019, 21.11.2019წ; №ას-1582-2019, 28.02.2020წ. Nას-430-2022, 10.06.2022 წ), ასევე (Mirigall Escolano and Others v. Spain, 38366/97, §33, 2000, ECHR).
16. განსახილველ შემთხვევაში, რუსთავის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2025 წლის 27 თებერვლის გადაწყვეტილებით, მ.თ–ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. მოპასუხე დ.ს–იას არასრულწლოვანი ნ.ს–ას რჩენა-აღზრდისათვის დაეკისრა ალიმენტის გადახდა, თვეში - 500 ლარის ოდენობით 17.06.2024 წლიდან, ბავშვის სრულწლოვანებამდე.
17. ზემოაღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა დ.ს–იამ და მოითხოვა, რომ მას არასრულწლოვანი ნ.ს–ას სასარგებლოდ ალიმენტის სახით დაკისრებოდა ნაცვლად 500 ლარისა, თვეში 350 ლარის გადახდა, ანუ აპელანტი სადავოდ ხდის სასამართლოს გადაწყვეტილებას 150 ლარის დაკისრების ნაწილში.
18. კერძო საჩივრის ავტორის მოსაზრებით, მისთვის დაკისრებული ალიმენტის თანხა ჯამში შეადგენს 750 ლარს, რადგან მოსარჩელის მიერ, მხარეთა თანასაკუთრებაში არსებული უძრავი ნივთის მდებარე, ....... N8 ს/კ N.......... გაქირავებით მიღებული ყოველთვიური ქირის ოდენობა შეადგენს 250 ლარს, რასაც ემატება რუსთავის საქალაქო სასამართლო გადაწყვეტილებით დაკისრებული 500 ლარი. შესაბამისად, სააპელაციო საჩივრის ღირებულება აღემატება 2000 ლარს, რის გამოც სააპელაციო საჩივარი აკმაყოფილებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსით დადგენილ მოთხოვნებს.
19. საკასაციო პალატა ვერ გაიზიარებს კერძო საჩივრის ზემოთ მითითებულ არგუმენტაციას და პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გათვალისწინებით, მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 39-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის დანაწესზე, რომლის თანახმად, სახელმწიფო ბაჟის ოდენობა შეადგენს სააპელაციო საჩივრისათვის დავის საგნის ღირებულების 4 პროცენტს, მაგრამ არანაკლებ 150 ლარისა. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 41-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ პუნქტის თანახმად დავის საგნის ფასი ალიმენტის გადახდევინების შესახებ სარჩელზე განისაზღვრება ერთი წლის განმავლობაში გადასახდელი თანხების ერთობლიობით, რაც მოცემულ შემთხვევაში შეადგენს - 1800 (150X12) ლარს. როგორც ზემოთ უკვე აღინიშნა, სააპელაციო საჩივარი ქონებრივ-სამართლებრივ დავაში დასაშვებია იმ შემთხვევაში, თუ დავის საგნის ღირებულება აღემატება 2 000 ლარს. ეს ღირებულება განისაზღვრება იმის მიხედვით, თუ გასაჩივრებული გადაწყვეტილების რა ზომით შეცვლაზე შეაქვს საჩივარი მხარეს.
20. საკასაციო პალატა სრულად იზიარებს სააპელაციო სასამართლოს დასკვნას, რომ სააპელაციო საჩივრის ფასი მოცემულ შემთხვევაში 1800 ლარია, ხოლო სააპელაციო საჩივარი ვერ აკმაყოფილებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 365-ე მუხლით გათვალისწინებულ დასაშვებობის წინაპირობას, რის გამოც იგი სწორად იქნა დაუშვებლად მიჩნეული.
20. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ მოპასუხის სააპელაციო საჩივარი მართებულად დატოვა განუხილველად, გასაჩივრებული განჩინების გაუქმების სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს, ხოლო წარმოდგენილ კერძო საჩივარს უარი უნდა ეთქვას დაკმაყოფილებაზე.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე, 420-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. დ.ს–იას კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 25 აპრილის განჩინება;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე თეა ძიმისტარაშვილი
მოსამართლეები: მირანდა ერემაძე
არჩილ კოჭლამაზაშვილი