Facebook Twitter

25 ივნისი 2024 წელი

№ას-54-2024 თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

მოსამართლეები: ლაშა ქოჩიაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

ამირან ძაბუნიძე

თეა ძიმისტარაშვილი

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე

კასატორი - ნ.კ–ვა

მოწინააღმდეგე მხარე - სს „ლ.ბ–ი“

გასაჩივრებული გადაწყვეტილება - ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 05 ოქტომბრის გადაწყვეტილება

კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება

დავის საგანი - გათავისუფლების შესახებ ბრძანების ბათილად ცნობა, სამუშაოზე აღდგენა, იძულებითი განაცდურის ანაზღაურება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. ნ.კ–ვამ სარჩელით მიმართა ზუგდიდის რაიონულ სასამართლოს მოპასუხე ს.ს. „ლ.ბ–ის“ მიმართ და მოითხოვა გათავისუფლების შესახებ ბრძანების უკანონოდ ცნობა, სამუშაოზე აღდგენა და იძულებით განაცდურის ანაზღაურება. კერძოდ მან მოითხოვა, ნ.კ–ვას გათავისუფლების შესახებ, ს.ს. ,,ლ.ბ–ის" ადამიანური რესურსების მართვისა და ადმინისტრაციის დეპარტამენტის უფროსის, ნ.ჩ–ძის 2020 წლის 13 მაისის ბრძანების ბათილად ცნობა; ნ.კ–ვას ს.ს. ,,ლ.ბ–ის" ზუგდიდის ფილიალის საკრედიტო ექსპერტის თანამდებობაზე აღდგენა; ნ.კ–ვასთვის იძულებითი განაცდურის ანაზღაურება ყოველთვიურად 1300 ლარი მოსარჩელის სამსახურიდან გათავისუფლების დღიდან 2020 წლის 14 მაისიდან სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულებამდე; ნ.კ–ვასთვის დისციპლინური სახდელების დადების შესახებ ს.ს. ,,ლ.ბ–ის" 19.08.2019წ. №HR094349 და 09.05.2019წ. №HR0945424 ბრძანებების ბათილად ცნობა.

2. მოპასუხემ წარმოდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნო.

3. ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2022 წლის 30 ნოემბრის გადაწყვეტილებით ნ.კ–ვას სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, ბათილად იქნა ცნობილი ნ.კ–ვას სამსახურიდან დათხოვნის შესახებ 13.05.2020 წლის ბრძანება და მოსარჩელეს მიეცა კომპენსაცია - 15600 ლარი. მისი სამსახურში აღდგენის, იძულებით განაცდურის ანაზღაურებისა და დისციპლინური სახდელის დაკისრების შესახებ ნ.კ–ვას მოთხოვნები ბრძანებების ბათილად ცნობის ნაწილში არ დაკმაყოფილდა.

4. ზემოაღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო საჩივრით გაასაჩივრა ორივე მხარემ. მოსარჩელემ გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმება, და ახალი გადაწყვეტილებით, სამუშაოზე აღდგენისა და იძულებითი განაცდურის ანაზღაურების ნაწილში სასარჩელო მოთხოვნების დაკმაყოფილება მოითხოვა, ხოლო მოპასუხემ გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილებით, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.

5. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 05 ოქტომბრის გადაწყვეტილებით ს.ს ,,ლ.ბ–ის“ სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, ნ.კ–ვას სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. ნ.კ–ვასთვის კომპენსაციის მიკუთვნების, სამსახურში აღდგენაზე უარის თქმისა და იძულებითი განაცდურის ანაზღაურებაზე უარის თქმის ნაწილში (გადაწყვეტილების მე-2 და მე-3 პუნქტები) ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2022 წლის 30 ნოემბრის გადაწყვეტილების შეცვლით, მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება და ნ.კ–ვას სასარჩელო მოთხოვნები ამ ნაწილში დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, ნ.კ–ვა აღდგენილ იქნა ს.ს. ,,ლ.ბ–ი“-ს ზუგდიდის ფილიალის საკრედიტო ექსპერტის თანამდებობაზე ან სხვა ტოლფას თანამდებობაზე, ნ.კ–ვას, ს.ს. ,,ლ.ბ–ის“ მიერ, აუნაზღაურდა იძულებითი განაცდური, ყოველთვიურად 650 ლარი, სამსახურიდან გათავისუფლების დღიდან - 2020 წლის 14 მაისიდან, მიღებული (წინამდებარე) გადაწყვეტილების აღსრულებამდე, დანარჩენ ნაწილში გასაჩივრებული გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად. სააპელაციო პალატამ შემდეგ ფაქტობრივ-სამართლებრივ საფუძვლებზე მიუთითა:

5.1. სააპელაციო პალატამ ნაწილობრივ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები, ამასთან, დამატებით დადგენილად მიიჩნია და მიუთითა საქმის გადაწყვეტისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებზე:

5.2. ნ.კ–ვას, 2014 წლიდან გათავისუფლებამდე (14.05.2020წ.), უწყვეტად, შრომით სამართლებრივი ურთიერთობა ჰქონდა ს.ს. ,,ლ.ბ–თან“ სხვადასხვა თანამდებობაზე (საკრედიტო ექსპერტი, უფროსი ექსპერტი, მიკრო დაკრედიტების ექსპერტი და კრედიტ-ოფიცერი). გათავისუფლებამდე (14.05.2020წ.) მუშაობდა კრედიტ-ოფიცრის თანამდებობაზე (იხ. ტომი 1, ს.ფ. 164-232).

5.3. ბოლოს - 01.10.2019წ. ს.ს. ,,ლ.ბ–სა“ და ნ.კ–ვას შორის დაიდო ინდივიდუალური შრომითი ხელშეკრულება №4117, რომლითაც ნ.კ–ვა დასაქმდა სამეგრელოს რეგიონულ ფილიალში, კრედიტ-ოფიცრის თანამდებობაზე. ხელშეკრულების ვადა განისაზღვრა 1 წლით და 3 თვით, თუ ხელშეკრულების ვადის ამოწურვამდე 30 კალენდარული დღით ადრე რომელიმე მხარე არ მოითხოვდა მის შეწყვეტას, ხელშეკრულება ავტომატურად გაგრძელდებოდა იმავე ვადითა და პირობებით. დასაქმებულის მიერ შესასრულებელი სამუშაო განისაზღვრა თანამდებობრივი ინსტრუქციითა და კორპორაციული სახელმძღვანელოთი, რაც გაეცნო დასაქმებულს (იხ. ტომი 1, ს.ფ. 85-90).

5.4. მხარეთა შორის სადავო არ არის ის გარემოება, რომ ნ.კ–ვა სამუშაოდან გათავისუფლებამდე (14.05.2020წ.) ს.ს. ,,ლ.ბ–ში“ მუშაობდა კრედიტ-ოფიცრის თანამდებობაზე და მისი ხელზე ასაღები ყოველთვიური ხელფასი შეადგენდა 650 ლარს, თუმცა, შესრულებული სამუშაოს - გაცემული სესხების შესაბამისად, იღებდა ბონუსებს და მისი ყოველთვიური შრომის ანაზღაურების ჯამი დაახლოებით აღწევდა 1300 ლარს.

5.5. ს.ს. ,,ლ.ბ–ში“ მოქმედი კრედიტ-ოფიცრის სამუშაო აღწერილობის შესაბამისად: ნ.კ–ვას მოვალეობებია:

· საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში, უზრუნველყოს საკრედიტო პროდუქტების გაყიდვა და შემდგომში გაფორმება, ბანკში მოქმედი ყველა შესაბამისი პროცედურის და პროცესის დაცვით;

· უზრუნველყოს ფილიალებში/სერვის ცენტრებში საკრედიტო საქმიანობის წარმართვა ბანკის შიდა ინსტრუქციების და საბანკო საქმიანობის მარეგულირებელი ნორმატიული აქტების სრული დაცვით;

· ზედმიწევნით ფლობდეს საკრედიტო პროდუქტების და საქმიანობის შესახებ ყველა დაკავშირებული ბრძანების, პროცესის, პროცედურის შესახებ ინფორმაციას;

· ბანკის საკრედიტო პოლიტიკის შესაბამისი რისკიანობის გათვალისწინებით, იზრუნოს ინდივიდუალურ ნაზარდზე;

· იზრუნოს გეგმის სისტემურ შესრულებაზე, რომელიც ცნობილი იქნება მისთვის ბანკის ელ.ფოსტის ან/და ნორმატიული აქტების საფუძველზე;

· უზრუნველყოს კლიენტის მოძიება და საკრედიტო პროდუქტების შეთავაზება, როგორც ბანკის შიდა ტერიტორიაზე, ასევე ბანკის გარეთ და სატელეფონო კომუნიკაციით;

· გაუწიოს კლიენტებს კონსულტაცია საკრედიტო პროდუქციის არჩევაში;

· კლიენტის კრედიტუნარიანობის შეფასების მიზნით, აწარმოოს კლიენტებთან წინასწარი ინტერვიუები, მათ მიერ მოთხოვნილი საკრედიტო პროდუქტის მიხედვით;

· უზრუნველყოს საკრედიტო კომიტეტზე წარსადგენი პროექტის სრულყოფილად მომზადება;

· შეასრულოს დაკისრებული მოვალეობები უშუალო ხელმძღვანელის მიერ მითითებული კრედიტის თანხის ლიმიტებში და საკრედიტო პროდუქტების ჭრილში;

· იზრუნოს საკრედიტო პორტფელის მონიტორინგზე, გაცემული სასესხო პროდუქტების გეგმიურ დაფარვაზე;

· უზრუნველყოს კლიენტის გადამისამართება არასაკრედიტო პროდუქტების გაყიდვების და მომსახურების ნაწილში, ასეთის არსებობის შემთხვევაში;

· საჭიროების შემთხვევაში, ხელმძღვანელთან შეთანხმებით, განახორციელოს კლიენტთან ადგილზე ვიზიტი, როგორც გაყიდვების კუთხით, ასევე მომსახურების კონტროლის მიზნით;

· უშუალო ხელმძღვანელის მითითების შემთხვევაში, გაუწიოს სხვა ექსპერტის მიერ მომსახურე კლიენტს სრულყოფილი მომსახურება;

· საკრედიტო პროდუქტების გაყიდვა, გაფორმებასთან დაკავშირებული ნებისმიერ საკრედიტო ან/და საკრედიტო რისკი, რომელიც ზიანს მიაყენებს როგორც მატერიალური თვალსაზრისით, ასევე ბანკის რეპუტაციის შელახვის მხრივ, აცნობოს ხელმძღვანელს და დარწმუნდეს რისკის აღმოსაფხვრელ ქმედებებში;

· ბანკში არსებული სტანდარტებისა და მაღალი სერვისის დაცვით მოახდინოს საკრედიტო და მასთან დაკავშირებული არასაკრედიტო პროდუქტების აქტიური ჯვარედინი გაყიდვები;

· უზრუნველყოს ხელმძღვანელთან შეთანხმებით საკრედიტო პროდუქტებისა და გარე გაყიდვების აქციაში მონაწილეობა, რომელსაც ექნება შეთავაზების მარკეტინგული ფორმა, მიიღოს მონაწილეობა ბანკის მიერ დაგეგმილ ღონისძიებებში;

· უზრუნველყოს შესრულებული დავალების რეპორტინგი, როგორც წერილობით, აგრეთვე, ვერბალურად, ხელმძღვანელის მოთხოვნის შესაბამისად;

· იზრუნოს ბანკის რეპუტაციაზე და ყველა რეპუტაციის შემლახველი ქმედება აცნობოს უშუალო ხელმძღვანელს, დარწმუნდეს შესაბამის რეაგირებაში;

· საკუთარი ფუნქციების განხორციელების დროს კონსტრუქციულად ითანამშრომლოს უშუალო ხელმძღვანელთან და ბანკის სხვა სტრუქტურული ქვედანაყოფების წარმომადგენლებთან;

· უარი თქვას ხელმძღვანელის დავალების შესრულებაზე თუ ისინი ეწინააღმდეგებიან მოქმედ კანონმდებლობასა და ნორმატიულ აქტებს;

· დაიცვას მომსახურების დადგენილი სტანდარტი;

· მხარი დაუჭიროს ბანკის სამსახურებს სხვადასხვა სახის მეთოდების დახვეწასა და სხვა ღონისძიებების ჩატარებაში;

· მოახდინოს ხელმძღვანელის ინფორმირება განხორციელებული, მიმდინარე და მომავლისათვის დაგეგმილი ღონისძიებების შესახებ მოთხოვნის შესაბამისად;

· აცნობოს ხელმძღვანელს სხვა თანამშრომლების მიერ ჩადენილი ნორმატიული აქტების დარღვევის ფაქტის აღმოჩენის შემთხვევა;

· დაიცვას ბანკთან და კლიენტთან დაკავშირებული ინფორმაციის კონფიდენციალურობა;

· დაიცვას ბანკის შინაგანაწესი, შიდა ინსტრუქციები, ნორმატიული აქტების და წინამდებარე სამუშაო აღწერილობით დასახული ამოცანები და მოთხოვნები;

· კეთილსინდისიერად მიუდგეს საკუთარ საქმიანობას, ბანკის სხვა სამსახურებს და დაიცვას პროფესიული ეთიკა;

· უშუალოდ მისი მიზეზით ან მისი უკონტროლობით გამოწვეულ ზარალზე აიღოს პასუხისმგებლობა და მოახდინოს მისი ანაზღაურება;

· დაიცვას საქართველოს მოქმედი კანონმდებლობა, ნორმატიული აქტები და დადგენილი ინსტრუქციები;

· ზედმიწევნით დაიცვას და შეასრულოს დასაქმებულის საქმიანობასთან დაკავშირებული მოქმედი კანონმდებლობის მოთხოვნები, ბანკის შიდა ინსტრუქციები, ბანკის კორპორატიული სახელმძღვანელო და კორპორატიული ქცევის ნორმები, ბანკის სხვა შიდანორმატიული დოკუმენტები და ხელმძღვანელის ზეპირი თუ წერილობითი მითითებები;

· სისტემატურად ადევნოს თვალყური და დეტალურად გაეცნოს ბანკის შესაბამის შიდანორმატიულ დოკუმენტებს ან/და ცვლილებებს ამ დოკუმენტში, საქმის კურსში იყოს მის საქმიანობასთან დაკავშირებული სიახლეების თაობაზე;

· ზემოთ ჩამოთვლილი მოვალეობების სრულყოფილად შესრულების მიზნით, შეასრულოს ხელმძღვანელისაგან მიღებული დავალებები;

· გაუფრთხილდეს ბანკის მატერიალურ ფასეულობებს და იკისროს სრული მატერიალური პასუხისმგებლობა ბანკისათვის ზიანის მიყენების შემთხვევაში (იხ. ტომი 1, ს.ფ. 91-92).

5.6. 01.10.2019 წლის ინდივიდუალური შრომითი ხელშეკრულების 2.1.11. პუნქტის თანახმად, ,,კორპორატიული სახელმძღვანელო არის ბანკის მიერ შემუშავებული და დამტკიცებული შიდა ნორმატიული დოკუმენტი - (შინაგანაწესი), რომელშიც წარმოდგენილია დასაქმებულის სამუშაო გრაფიკი, დასვენების პირობები, საკომპენსაციო პაკეტი, კონფიდენციალური ინფორმაციის დაცვის ვალდებულება, ქცევის წესები, ბანკის ღირებულებები. კორპორატიული სახელმძღვანელო ,,ა“ დანართის სახით ერთვის ხელშეკრულებას“ (იხ. ტ. I, ს/ფ.: 85);

5.7. ს.ს. ,,ლ.ბ–ის“ კორპორატიული სახელმძღვანელოს თანახმად (ტ.I. ს/ფ.: 102- 114):

· იგი განსაზღვრავს ბანკისა და მისი დასაქმებულის ქცევის სტანდარტებს (1.2. პუნქტი);

· დასაქმებულს საბაზისო ხელფასის ნაცვლად ეძლევა ბონუსი, რომლის გადახდა ხდება მხოლოდ იმ დასაქმებულისათვის, რომელთა შრომით ხელშეკრულებაშიც გათვალისწინებულია ბონუსი. ბონუსის ოდენობა დამოკიდებულია ბანკის წლიურ მოგებაზე და დასაქმებულის შეფასების შედეგებზე (11.1-11.2 პუნქტები);

· ნებისმიერი დასაქმებული მისი თანამდებობების ან/და ბანკში მუშაობის ხანგრძლივობის მიუხედავად, შეიძლება დაექვემდებაროს დისციპლინურ პასუხისმგებლობას, მათ შორის, გათავისუფლდეს სამსახურიდან, თუ ვალდებულების დარღვევის ხასიათი იძლევა ამის საფუძველს (12.1 პუნქტი);

· ბანკში დადგენილია შემდეგი დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომები (12.7. პ.):

· წერილობითი საყვედური - დასაქმებულს რეკომენდირებულია მიეცეს მცირე დარღვევისათვის ან იმ სამსახურებრივი საქმიანობისათვის, რომელიც ეწინააღმდეგება მის თანამდებობრივ მოთხოვნებს (თანამდებობრივი ფუნქციების დარღვევა ან არაპროფესიონალური მოქმედება, დისციპლინის ერთჯერადი დარღვევა და სხვა), ასევე კორპორატიული სახელმძღვანელოთი განსაზღვრული ეთიკის და დისციპლინური ქცევის ნორმების დარღვევისას, ან/და დასაქმებულის მიერ ნაკისრი სხვა ვალდებულებების დარღვევისას (12.7.1. პ.);

· სასტიკი საყვედური - დასაქმებულს რეკომენდირებულია მიეცეს ხელშეკრულების, კორპორატიული სახელმძღვანელოს, ბანკის მიერ განსაზღვრული პროცედურების/ინსტრუქციების, ხელმძღვანელის მითითებების განმეორებითი ან უხეში დარღვევის შემთხვევაში (12.7.2. პ.);

· სრული მატერიალური პასუხისმგებლობა - დასაქმებულს დაეკისრება მატერიალური პასუხისმგებლობა ბანკისათვის ზიანის/ზარალის მიყენების შემთხვევაში, რაც გულისხმობს, მაგრამ არ შემოიფარგლება ბანკის კუთვნილი მატერიალური ან/და არამატერიალური ქონების გაუფრთხილებლობით ან განზრახ დაზიანებას/დაკარგვას ან/და განადგურებას. დასაქმებულს ეკისრება მატერიალური პასუხისმგებლობა მიყენებული ზიანისათვის სრული ოდენობით (12.7.3. პ.);

· ფულადი სანქცია - ფულადი სანქცია (ჯარიმა) გამოიყენება დამატებითი სანქციის სახით, სხვა ძირითად დისციპლინურ ღონისძიებასთან ერთად და დასაქმებულს შესაძლოა დაეკისროს დასაქმებულის ქმედებით ბანკისთვის მიყენეული ზიანის/ზარალის ანაზღაურებისას, ასევე დასაქმებულის მიერ ხელშეკრულების, კორპორატიული სახელმძღვანელოს ან/და ბანკის მიერ განსაზღვრული პროცედურების დარღვევისას (12.7.5.პ);

· სამსახურიდან გათავისუფლება - პასუხისმგებლობის უკიდურესი ფორმაა, რომელიც გამოიყენება ხელშეკრულებით (მათ შორის თანამდებობრივი ინსტრუქციით, კორპორატიული სახელმძღვანელოთი, მისი/მათი ნებისმიერი დანართით ან/და კანონმდებლობით, ასევე ბანკის შიდა ინსტრუქციებით, კორპორატიული ქცევის კოდექსით, ბანკის სხვა შიდა ნორმატიული დოკუმენტებით ან/და ხელმძღვანელის ზეპირი წერილობითი მითით(ებ)ით) განსაზღვრული ვალდებულებების უხეში დარღვევისას. სამსახურიდან გათავისუფლება რეკომენდირებულია გამოყენებული იქნას შემდეგ შემთხვევებში:

· დასაქმებულის მიერ ბანკის და მისი დასაქმებულების, ბანკის აფილირებული პირების და მათი დასაქმებულების ან/და კლიენტების შესახებ კონფიდენციალური ინფორმაციის ან/და პერსონალური მონაცემების უნებართვოდ მოპოვება ან/და გასაჯაროება;

· დოკუმენტის გაყალბება;

· კრედიტის თვალთმაქცური გზით გაცემა/დამტკიცება;

· კლიენტის თანხმობის გარეშე მისი საბანკო ანგარიშების გამოყენებით საბანკო ოპერაციების შესრულება;

· დასაქმებულის მიერ ბანკის ან/და კლიენტის კუთვნილი ფულადი სახსრების დასაკუთრება ან/და პირადი მიზნებისათვის გამოყენება;

· ნარკოტიკულ/ალკოჰოლურ საშუალებებზე შემოწმების გავლისათვის თავის არიდება;

· კანონმდებლობით დადგენილი მოცულობით სისხლში ალკოჰოლის ჭარბი შემცველობის შესახებ დასკვნის არსებობა ან/და ნარკოტიკული ნივთიერებების მოხმარებაზე დადებითი დასკვნის არსებობა;

· აზარტულ და მომგებიან თამაშებში მონაწილეობის მიღება;

· დასაქმებულის მიერ სალაროს დანაკლის-ზედმეტობასთან დაკავშირებული ბანკის მოთხოვნების დარღვევისას;

· ნაკისრი ვალდებულებების სხვა უხეში დარღვევისას (12.7.7. პუნქტი);

· კორპორატიული სახელმძღვანელოთი განსაზღვრული დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომებისათვის არ არის დადგენილი რაიმე მკაცრი რიგითობა ადამიანური რესურსების მართვის სფეროს (HR) კურატორი დირექტორის გადაწყვეტილების საფუძველზე, დასაქმებულს დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომა შეიძლება დაეკისროს წინამდებარე მუხლში მოცემული რიგითობის გაუთვალისწინებლად. დარღვევის სიმძიმიდან და ხასიათიდან გამომდინარე (12.23. პ.);

· კორპორატიული სახელმძღვანელო ითვალისწინებს პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, რომლის თანახმად, პასუხისმგებლობის შეფარდება ვალდებულების დარღვევისაათვის წარმოადგენს ბანკის დისკრეციულ უფლებას. ამასთან, თითოეულ შემთხვევაში, დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრებისას, ბანკმა მხედველობაში შეიძლება მიიღოს ჩადენილი დარღვევის ხასიათი, დამრღვევის პიროვნება, მისი ბრალის ხარისხი, პაუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები (12.24. პუნქტი);

· დისციპლინური პასუხისმგებლობის მოქმედების პერიოდში ბანკი უფლებამოსილია არ განეხორციელოს დასაქმებულის სამსახურებრივი დაწინაურება ან/და შრომითი წახალისება, მათ შორის, ფულადი წახალისების გამოყენება (12.26. პუნქტი);

· დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომის გამოყენების შემთხვევაში, დასაქმებული უფლებამოსილია მიმართოს ბანკის ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტს და გაასაჩივროს ბანკის გადაწყვეტილება ამ ზომების გამოყენების თაობაზე, მისთვის გაცნობიდან 5 საბანკო დღის განმავლობაში (12.30 პუნქტი) (იხ. ტომი 1, ს.ფ. 102-114);

5.8. ს.ს. ,,ლ.ბ–ის“ ადამიანური რესურსების მართვისა და ადმინისტრაციის დეპარტამენტის უფროსის 19.08.2019 წლის დისციპლინური სახდელის დადების შესახებ №HR094349 ბრძანებით, ნ.კ–ვას მიმართ დისციპლინური სახდელის სახით გამოყენებულ იქნა წერილობითი საყვედური, რომელსაც საფუძვლად დაედო - გეგმის შეუსრულებლობა. აღნიშნულ ბრძანებაში მითითებულ ფაქტებს იმთავითვე არ დაეთანხმა ნ.კ–ვა და წერილობით გამოხატა, რომ მან კეთილსინდისიერად განახორციელა დაკისრებული მოვალეობები, შესაბამისად, მის მიმართ გამოყენებული დისციპლინური ღონისძიება უსამართლო და შერჩევითი იყო (იხ. ტომი 1, ს.ფ. 145, 34-35);

5.9. ს.ს. ,,ლ.ბ–ის“ ადამიანური რესურსების მართვისა და ადმინისტრაციის დეპარტამენტის უფროსის 05.09.2019 წლის დისციპლინური სახდელის დადების შესახებ №HR095424 ბრძანებით, ნ.კ–ვას მიმართ დისციპლინური სახდელის სახით გამოყენებულ იქნა წერილობითი საყვედური, რომელსაც საფუძვლად დაედო - გეგმის შეუსრულებლობა. აღნიშნულ ბრძანებაში მითითებულ ფაქტებს ნ.კ–ვა იმთავითვე არ დაეთანხმა და წერილობით გამოხატა, რომ მან კეთილსინდისიერად განახორციელა დაკისრებული მოვალეობები (იხ. ტომი 1, ს.ფ. 146, 95-97);

5.10. დადგენილია, რომ ნ.კ–ვას წერილობითი პრეტენზიები, მის მიმართ გამოყენებული დისციპლინური სახდელების თაობაზე დამსაქმებელმა ორგანიზაციამ - ს.ს. ,,ლ.ბ–მა“ უპასუხოდ დატოვა და არ გამოიკვლია საქმის დეტალური ფაქტობრივი გარემოებები, რითაც მან დაარღვია ბანკის კორპორატიული სახელმძღვანელოს 12.30. პუნქტის დანაწესი, რომლის თანახმად, ,,დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომ(ებ)ის (გარდა სამსახურიდან გათავისუფლებისა) გამოყენების შემთხვევაში, დასაქმებული უფლებამოსილია მიმართოს ბანკის ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტს და გაასაჩივროს ბანკის გადაწყვეტილება ამ ზომ(ებ)ის გამოყენების თაობაზე, მისთვის გაცნობიდან 5 (ხუთი) საბანკო დღის განმავლობაში“;

5.11. საქმეში წარმოდგენილია ნ.კ–ვას მიერ დისციპლინური გადაცდომის ჩადენის თაობაზე 2020 წლის 07 მაისის შეტყობინება, რომლის I ნაწილი ივსება პროცესის ინიციატორის მიერ. საგულისხმოა, რომ მითითებული შეტყობინების ინიციატორი არ არის იდენტიფიცირებული პიროვნება (კონკრეტული პირი), შესაბამისად, საქმეში წარმოდგენილია აღნიშნული დოკუმენტი მისი შემდგენი პირის ხელმოწერის გარეშე (აღსანიშნავია, რომ ეს დოკუმენტი დაედო ერთ-ერთ საფუძვლად ნ.კ–ვას სამსახურიდან გათავისუფლების ბრძანებას, სადაც დოკუმენტის დასახელებაა: ,,სამეგრელოს რეგიონალური ფილიალის 2020 წლის 07 მაისის შეტყობინება დისციპლინური გადაცდომის ჩადენის თაობაზე. მითითებულ შეტყობინებაში აღწერილია არაერთი ფაქტობრივი გარემოება, რომლის შემდეგ ინიციატორს ჩამოთვლილი 4 დისციპლინური სახდელიდან (ა) წერილობითი საყვედური, ბ) სასტიკი საყვედური; გ) ფულადი სანქცია; დ) სამსახურიდან გათავისუფლება), უნდა აერჩია ერთ-ერთი. ინიციატორს არჩეული აქვს სახდელის უკიდურესი ზომა - ,,სამსახურიდან დათხოვნა“, ხოლო თუ რატომ მიმართა ამ ზომას და არა სხვა სახის ღონისძიებებს ინიციატორმა, დასაბუთებული არ არის. მაშინ როდესაც შეტყობინების ინიციატორის მიერ აღწერილი ფაქტობრივი გარემოებები, ასეთის ჩადენის დადასტურების შემთხვევაშიც კი, ჯდებოდა იმ გადაცდომათა სახეებში, რომლისთვისაც კორპორაციული სახელმძღვანელოს (შინაგანაწესის) 12.7.2. პუნქტით გათვალისწინებულია წერილობითი საყვედური, რომელიც რეკომენდირებულია დასაქმებულს მიეცეს მცირე დარღვევისათვის ან იმ სამსახურებრივი საქმიანობისათვის, რომელიც ეწინააღმდეგება მის თანამდებობრივ მოთხოვნებს (თანამდებობრივი ფუნქციების დარღვევა ან არაპროფესიონალური მოქმედება, დისციპლინის ერთჯერადი დარღვევა და სხვა), ასევე, კორპორატიული სახელმძღვანელოთი განსაზღვრული ეთიკის და დისციპლინური ქცევის ნორმების დარღვევისას, ან/და დასაქმებულის მიერ ნაკისრი სხვა ვალდებულებების დარღვევისას (12.7.1. პ.);

სასამართლომ განიხილა შეტყობინებში მითითებული გარემოებები:

· დარღვევის ჩადენის თარიღი - 24.04.2020 წელი;

· დარღვევის გამოვლენის დრო - 01.05.2020 წელი;

· დარღვევის არსი მდგომარეობს შემდეგში: ,,დასაქმებული ბანკში არსებული სამეწარმეო და არასამეწარმეო შემოსავლების შეფასების მეთოდოლოგიის მიხედვით ვალდებულია, სესხის კომიტეტზე წარდგენამდე, მოიპოვოს ინფორმაცია მსესხებელზე/საოჯახო მეურნეობის წევრებზე და მათი ვალდებულებები ასახოს სესხის პროექტში/აცნობოს კომიტეტის წევრებს. მოცემულ შემთხვევაში საკრედიტო ექსპერტის მიერ მოხდა საკრედიტო კომიტეტზე მსესხებლის ოჯახის წევრის შესახებ ინფორმაციის შეგნებულად დამალვა. პროგრამული ლოგებით დასტურდება, რომ საკრედიტო ექსპერტმა მსესხებლის ოჯახის წევრის შესახებ ინფორმაცია გადაამოწმა 2020 წლის 22 აპრილს, სესხი კომიტეტზე წარადგინა 2020 წლის 23 აპრილს, საკრედიტო ექსპერტს მსესხებლის ოჯახის წევრის გადამოწმების შესახებ ინფორმაცია არ აუსახია სესხის ფაილებში და მოპოვებული ინფორმაცია არ უცნობებია კომიტეტის წევრისათვის, მან ამის შესახებ ინფორმაცია ჯგუფის უფროსის კითხვის დროსაც კი დამალა, მაშინ როცა მისთვის ცნობილი იყო, რომ მსგავსი კატეგორიის სესხის დროს აუცილებელ გადამოწმებას ექვემდებარებოდა მსესხებლის ოჯახის წევრების ვალდებულებების შესახებ ინფორმაცია და აღნიშნული წესით მას თავად დამუშავებული აქვს არაერთი სესხიც. სწორედ მოცემული მოწმობს, რომ მან ოჯახის წევრის შესახებ ინფორმაცია განზრახ არ ჩადო დამუშავებულ ფაილინგში, რითაც კომიტეტს არ მიაწოდა სწორი ინფორმაცია მსესხებლის ოჯახის გადახდისუნარიანობის შესახებ. ნიშანდობლივია ისიც, რომ რეალური ინფორმაციის გამჟღავნების პირობებში - აღნიშნული სესხის დამტკიცება ვერ მოხდებოდა. შესაბამისად, კრედიტ ოფიცერს ინფორმაციის დამალვის კონკრეტული მიზანი ამოძრავებდა - გაცემულიყო სესხი, რაც მას ჩაეთვლებოდა გეგმის შესრულებაში“;

· ამავე შეტყობინებაში მითითებულია, რომ დასაქმებულს ჩამოერთვა ახსნა-განმარტება; შეტყობინებაში მიეთითა ინიციატორის რეკომენდაცია, თუ რა სახის სანქცია უნდა შეფარდებოდა დასაქმებულს აქვე მითითებული იყო, რომ მას უნდა აერჩია ჩამონათვალიდან ერთ-ერთი: ა) წერილობითი საყვედური, ბ) სასტიკი საყვედური; გ) ფულადი სანქცია; დ) სამსახურიდან გათავისუფლება), ხოლო ჩამოთვლილთაგან არჩეულია: ,,სამსახურიდან გათავისუფლება“(იხ ტ. I, ს/ფ.: 99- 100);

5.12. ნ.კ–ვამ მის მიერ ზემოთ მითითებულ ფაქტებთან დაკავშირებით 2020 წლის 04 მაისს მიცემულ ახსნა-განმარტებაში აღნიშნა შემდეგი:

· ,,კლიენტმა ნ.ქ–ვამ, რომელიც სარგებლობს პედაგოგის სესხით, მოგვმართა თანხის დამატებაზე და მოითხოვა 35000 ლარი. უზრუნველსაყოფად წარმოადგინა უძრავი ქონება რომლის მესაკუთრეებს წარმოადგენდნენ თვითონ და მისი შვილი. პროცედურის შესაბამისად, განაცხადის დასამუშავებლად და საკრედიტო ისტორიის გადასამოწმებლად გამაჩნდა მსესხებლის და მისი შვილის თანხმობის ფორმები...“ ,,აღნიშნული განცხადების დამუშავების პროცესში უძრავ ნივთზე ამონაწერის ამოღებისას, შეცდომით ამოღებულ იქნა ძველი ამონაწერი, სადაც მესაკუთრედ ფიქსირდებოდა მესამე პიროვნება - ს.თ–ა, თუმცა საკადასტრო კოდის მეშვეობით ამოღებულ ახალ ამონაწერში მესაკუთრედ დაფიქსირდა თვითონ კლიენტი (ნ.ქ–ვა) და მისი შვილი. რადგან შემოსავლებში გაითვალისწინებოდა კლიენტის ხელფასი და განაცხადი იგზავნებოდა განსახილველად და ასევე პროცედურის შესაბამისად უკვე მქონდა საჭირო ინფორმაცია არსებულ მეპატრონეებზე, განაცხადი დავარეგისტრირე არსებული მეპატრონეების შემოსავლებით და თანამსესხებლობით...“ ,,ჯგუფის უფროსმა მკითხა, თუ ვინ იყო ყოფილი მესაკუთრე ს.თ–ა, რაზედაც ვუპასუხე, რომ გადავამოწმებდი კლიენტთან, ასევე მკითხა მქონდა თუ არა მისი საკრედიტო ინფორმაცია გადამოწმებული, რაზეც განვუცხადე, რომ ინფორმაცია გადამოწმებული არ მქონდა, რადგან არ გამაჩნდა ამ პიროვნების თანხმობის ფორმა, ასევე აღნიშნული პიროვნების შემოსავალი დასამტკიცებელ სესხზე არ იყო გათვალისწინებული და პროცედურის შესაბამისად ჩავთვალე რომ საჭირო არ იყო მისი მონაცემები, თუმცა თუ მოითხოვდა აღნიშნულ პიროვნებაზე ინფორმაციას, დავუკავშირდებოდი კლიენტს. მან მითხრა, რომ ეს ინფორმაცია იყო საჭირო და უნდა მქონოდა მონაცემების გადამოწმების თანხმობა და უნდა გამერკვია. აღნიშნულზე განვუცხადე, რომ კლიენტთან გადავამოწმებდი ინფორმაციას პიროვნებაზე, ასევე მოვიპოვებდი თანხმობის ფორმას და მხოლოდ აღნიშნული ინფორმაციის მოპოვების შემდეგ გადავაგზავნიდი სესხის განცხადებას. არსებული გადაადგილების (პანდემიის) პრობლემასთან დაკავშირებით, ვერ მოხდა კლიენტის მოყვანა (მოსვლა) თანხმობის ფორმაზე ხელმოსაწერად და აღნიშნული მსესხებლის განაცხადი დარჩა დამუშავებაში“ (იხ. ტ. I, ს/ფ.: 95-97);

5.13. საქმეში წარმოდგენილი ზემოთ მითითებული დოკუმენტები: 1. ,,დასაქმებულის ახსნა-განმარტება“ და 2. ,,შეტყობინება დისციპლინური გადაცდომის ჩადენის თაობაზე“ არ შეიცავს ისეთ გარემოებებზე მითითებას, რომლის არსებობის შემთხვევაშიც კი თვით დამსაქმებლის - ს.ს. ,,ლ.ბ–ის“ კორპორატიული სახელმძღვანელოს თანახმად რეკომენდებულია პასუხისმგებლობის უკიდურესი ფორმა - სამსახურიდან გათავისუფლება (სამსახურიდან გათავისუფლება რეკომენდებულია გამოყენებული იქნას შემდეგ შემთხვევებში: დასაქმებულის მიერ ბანკის და მისი დასაქმებულების, ბანკის აფილირებული პირების და მათი დასაქმებულების ან/და კლიენტების შესახებ კონფიდენციალური ინფორმაციის ან/და პერსონალური მონაცემების უნებართვოდ მოპოვება ან/და გასაჯაროება; დოკუმენტის გაყალბება; კრედიტის თვალთმაქცური გზით გაცემა/დამტკიცება; კლიენტის თანხმობის გარეშე მისი საბანკო ანგარიშების გამოყენებით საბანკო ოპერაციების შესრულება; დასაქმებულის მიერ ბანკის ან/და კლიენტის კუთვნილი ფულადი სახსრების დასაკუთრება ან/და პირადი მიზნებისათვის გამოყენება; ნარკოტიკულ/ალკოჰოლურ საშუალებებზე შემოწმების გავლისათვის თავის არიდება; კანონმდებლობით დადგენილი მოცულობით სისხლში ალკოჰოლის ჭარბი შემცველობის შესახებ დასკვნის არსებობა ან/და ნარკოტიკული ნივთიერებების მოხმარებაზე დადებითი დასკვნის არსებობა; აზარტულ და მომგებიან თამაშებში მონაწილეობის მიღება; დასაქმებულის მიერ სალაროს დანაკლის-ზედმეტობასთან დაკავშირებული ბანკის მოთხოვნების დარვევისას; ნაკისრი ვალდებულებების სხვა უხეში დარღვევისას - 12.7.7. პუნქტი);

5.14. 2020 წლის 13 მაისის ბრძანებით: ,,ნ.კ–ვა (პ/ნ.: ........), სამეგრელოს რეგიონალური ფილიალის კრედიტ ოფიცერი, 2019 წლის 01 ოქტომბერს გაფორმებული #4117 ინდივიდუალური შრომითი ხელშეკრულებით და კორპორატიული სახელმძღვანელოთი ნაკისრი ვალდებულებების, ასევე ბანკში მოქმედი დაკრედიტების პოლიტიკის უხეში დარღვევის გამო, რაც გამოიხატა შემდეგ ქმედებებში: (I) სესხის დოკუმენტაციაში, კლიენტის საოჯახო მეურნეობის წევრ(ებ)ის და მათი ვალდებულებების შესახებ არასრული ინფორმაციის მითითება, (II) პირადი ინტერესიდან გამომდინარე, ბანკის შეცდომაში შეყვანა სესხის გაცემის მიზნით, ასევე დასაქმებულის მიმართ დისციპლინური სანქცი(ებ)ის გამოცხადებიდან ერთი წლის განმავლობაში ნაკისრი შრომითი ვალდებულებების განმეორებით დარღვევის გამო, გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან 2020 წლის 14 მაისიდან“. ამავე ბრძანებაში გათავისუფლების საფუძვლად მიეთითა:

· საქართველოს შრომის კოდექსის 37-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,თ“ ქვეპუნქტი;

· სამეგრელოს რეგიონალური ფილიალის 2020 წლის 07 მაისის შეტყობინება დისციპლინური გადაცდომის ჩადენის თაობაზე;

· ნ.კ–ვას 2020 წლის 04 მაისის წერილობითი ახსნა-განმარტება;

· 2019 წლის 19 აგვისტოს ბრძანება №HR094349 ნ.კ–ვასთვის დისციპლინური სანქციის დაკისრების შესახებ;

· 2019 წლის 05 სექტემბრის ბრძანება №HR095424 ნ.კ–ვასთვის დისციპლინური სანქციის დაკისრების შესახებ(ტ. 1 ს/ფ.: 98);

5.15. სააპელაციო სასამართლოს მითითებით, დადგენილი ფაქტია, რომ ნ.კ–ვას ახსნა-განმარტების გარდა (იხ. წინამდებარე გადაწყვეტილების 7.12. პუნქტი), საქმეში არ არის წარმოდგენილი სხვა უტყუარი მტკიცებულება, რაც დაადასტურებდა შეტყობინებაში (ნ.კ–ვას მიერ დისციპლინური გადაცდომის ჩადენის თაობაზე) მითითებულ კონკრეტულ ფაქტობრივ გარემოებებს;

5.16. საქმეში წარმოდგენილი სამუშაო გეგმების შესაბამისად, 2019 წლის აგვისტოს მონაცემებით, ს.ს. ,,ლ.ბ–ის“ თანამშრომლების (კრედიტ-ოფიცრების) მიერ შესრულდა შემდეგი სამუშაო გეგმა:

· კრედიტ-ოფიცერ ნ.კ–ვას უნდა გაეცა 150 000 ლარის 12 სესხი და გასცა 35 000 ლარის სესხი;

· კრედიტ-ოფიცერ ბ. ს–ას უნდა გაეცა 200 000 ლარის 12 სესხი და არცერთი არ გაუცია;

· ნ. ა–ას - 100 000 ლარის 12 სესხი და გასცა - 10 000 ლარის სესხი;

· დ. წ–ას - 50 000 ლარის - 12 სესხი და არცერთი არ გაუცია;

· ჯ. ბ–ას - 150 000 ლარის - 10 სესხი და გასცა 25 000 ლარის სესხი;

· დ. ე–ას - 100 000 ლარის და არცერთი არ გაუცია;

· ნ. გ–ასა და ლ. გ–ას - 50 000 ლარის - 10 სესხი და არცერთი არ გაუციათ. ზემოაღნიშნული მტკიცებულებით დადასტურებულია, რომ ნ.კ–ვას ჰქონდა ყველაზე მეტი ოდენობის სესხი გაცემული, რითაც, სხვა ანალოგიურ თანამდებობაზე მყოფ თანამშრომლებთან შედარებით უკეთ შეასრულა ს.ს. ,,ლ.ბ–ში“ მოქმედი კრედიტ-ოფიცრის სამუშაო აღწერილობის მოთხოვნა: - ,,ეზრუნა გეგმის სისტემურ შესრულებაზე“; (იხ. დადგენილი ფაქტების 7.5. პ.); ამავე წერილებით დგინდება, რომ 2019 წლის ოქტომბერში, ზუგდიდის ფილიალმა გამორჩეულად იმუშავა და გეგმას გადააჭარბა, განსაკუთრებით ნ.კ–ვამ, ჯ. ბ–ამ და ნ. ა–ამ. ამავე მიმოწერებით დგინდება, რომ ნ.კ–ვას ანალოგიურად სხვა კრედიტ-ოფიცრებიც ვერ ასრულებდნენ გეგმა-გრაფიკს სრულად (იხ. ტომი 1, ს.ფ. 258-289, 298-300, 316, 330-342);

5.17. ს.ს. ,,ლ.ბ–ის“ ადამიანური რესურსების მართვისა და ადმინისტრაციის დეპარტამენტის უფროსის 13.05.2020 წლის ბრძანებით ნ.კ–ვა, სამეგრელოს რეგიონული ფილიალის კრედიტ ოფიცერი, გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან 14.05.2020 წლის მაისიდან, შრომის კოდექსის 37.1 ,,თ“ ნაწილის საფუძველზე. მისი გათავისუფლების მიზეზი გახდა 01.10.2019 წელს გაფორმებული №4117 ინდივიდუალური შრომითი ხელშეკრულებით და კორპორატიული სახელმძღვანელოთი ნაკისრი ვალდებულებების, ასევე ბანკში მოქმედი დაკრედიტების პოლიტიკის უხეში დარღვევა, რაც შემდეგნაირად გამოიხატა: 1) სესხის დოკუმენტაციაში მიეთითა კლიენტის საოჯახო მეურნეობის წევრისა და მათი ვალდებულების შესახებ არასრული ინფორმაცია; 2) პირადი ინტერესებიდან გამომდინარე, ბანკის შეცდომაში შეყვანა სესხის გაცემის მიზნით, ასევე, დასაქმებულის მიმართ დისციპლინური სანქციის გამოცხადებიდან ერთი წლის განმავლობაში ნაკისრი შრომითი ვალდებულებების განმეორებით დარღვევა (იხ. ტომი 1, ს.ფ. 31);

5.18. 2019 წლის დეკემბერსა და 2021 წლის ივნისს, ნ.კ–ვასა და დამსაქმებლის მიმოწერებიდან ირკვევა, რომ ნ.კ–ვა პრეტენზიას გამოთქვამდა მისთვის სესხის გაცემის გეგმის მომატებასთან დაკავშირებით (იხ. ტომი 1, ს.ფ. 309-311, 354-355);

5.19. 31.10.2022 წლის პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხული თ. ე–ას ჩვენების თანახმად, ,,ის ამჟამად არის ს.ს. ,,ლ.ბ–ის“ რეგიონალური დირექტორის მოადგილე. ბონუსები გაიცემა სამუშაო გეგმის შესრულების შესაბამისად. სადავო პერიოდში გეგმის შეუსრულებლობის გამო, სხვა კრედიტ-ოფიცრის მიმართ, რაიმე სახის დისციპლინური ღონისძიება გამოყენებული არ ყოფილა“ (იხ. მოწმის ჩვენება, 17:16-17:36სთ.);

5.20. 31.10.2022 წლის პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხული ჯ.ბ–ას ჩვენების თანახმად, ,,ის ამჟამად არის ს.ს. ,,ს.ბ–ის“ უფროსი კრედიტ-ოფიცერი. სადავო პერიოდში მუშაობდა ს.ს. ,,ლ.ბ–ში“ და იყო ნ.კ–ვას ჯგუფის უფროსი. სადავო პერიოდში გეგმის შეუსრულებლობის გამო, სხვა კრედიტ-ოფიცრის მიმართ, რაიმე სახის დისციპლინური ღონისძიება გამოყენებული არ ყოფილა. თუ კრედიტ-ოფიცერმა ერთი თვე ჩააგდო ეს არ ნიშნავს იმას, რომ იგი ცუდად მუშაობს, სრული სურათის შესაფასებლად უნდა შეჯამდეს წლის მაჩვენებელი. გეგმის 80%-იანი შესრულება ითვლება გეგმის შესრულებად. ახალი პროდუქტის - სესხის პაკეტის შემოტანისას მათ რაიმე სახის ტრენინგი არ გაუვლიათ“ (იხ. მოწმის ჩვენება, 17:38-18:07სთ.);

5.21. 31.10.2022 წლის პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხული გ.წ–ის ჩვენების თანახმად, ,,ის მუშაობს ს.ს. ,,ლ.ბ–ში“. სადავო პერიოდში იყო სამეგრელოს რეგიონალური დირექტორის მოადგილე. ნ.კ–ვას სამუშაო პროცესში ჰქონდა ხარვეზები გეგმების შესრულებასთან დაკავშირებით. გეგმის 80%-იანი შესრულება ითვლება გეგმის შესრულებად, ხოლო პასუხისმგებლობის საფუძველია გეგმის სისტემატიური შეუსრულებლობა“ (იხ. მოწმის ჩვენება, 18:08-18:48სთ.);

5.22. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში წარმოდგენილი დოკუმენტაციის შესაბამისად, 2023 წლის ივნისსა და აგვისტოში, ს.ს. ,,ლ.ბ–მა“ სხვადასხვა რეგიონში, მათ შორის, სამეგრელო-გურიის რეგიონში, კერძოდ, ზუგდიდში, აბაშაში, ლანჩხუთში, მარტვილში, სენაკში, ჩოხატაურში, მესტიაში, გამოაცხადა კონკურსი ელექტრონული ვებგვერდის ,,jobs.ge”-ს მეშვეობით, მიკრო-საკრედიტო ექსპერტის თანამდებობაზე, რომლის ფუნქცია-მოვალეობებია - პოტენციური კლიენტების მოძიება და მოლაპარაკებების წარმართვა, საკრედიტო განაცხადის მომზადება და კომიტეტზე წარდგენა, პორტფელის მართვა, ასევე მინი საკრედიტო ექსპერტის ადგილზე, რომლის ფუნქცია-მოვალეობებია - მომხმარებლის ფინანსური მდგომარეობის შესწავლა/ანალიზი, საკრედიტო განაცხადების მომზადება და კომიტეტზე წარდგენა, სესხის დოკუმენტირება და გაცემა, საკრედიტო პორტფელის მართვა და რეპორტინგი. ამავე ვაკანსიებზე მითითებულია სამუშაოს საზღაურის ოდენობაც;

5.23. დადგენილია, რომ ს.ს. ,,ლ.ბ–ის“ მიერ, ზემოთ მითითებულ ფაქტობრივ გარემოებაში მითითებული ვაკანტური სამუშაოს - საკრედიტო ექსპერტის ფუნქცია-მოვალეობები იდენტურია იმ ფუნქცია-მოვალეობების, რაც ნ.კ–ვას ჰქონდა დაკისრებული ამავე ბანკში - კრედიტ-ოფიცრის თანამდებობაზე მუშაობისას;

5.24. დადგენილია, რომ ნ.კ–ვას, მის მიერ სამსახურებრივი მოვალეობ(ებ)ის შესრულებით (თუნდაც არაჯეროვნი შესრულებით, ასეთის არსებობის შემთხვევაშიც) დასაქმებული ორგანისაზიისათვის - ს.ს. ,,ლ.ბ–ისათვის“ არ მიუყენებია არსებითი ან/და არაარსებითი ხასიათის მატერიალური და არამატერიალური (თუნდაც რეპუტაციული) ზიანი;

5.25. დადგენილია, რომ დღემდე ნ.კ–ვა არ არის დასაქმებული სხვა ანაზღაურებად სამუშაოზე.

5.26. სააპელაციო პალატამ იმსჯელა დასაბუთებული და კანონიერი გადაწყვეტილების მისაღებად მტკიცების ტვირთის მნიშვნელობაზე, შრომით დავებში მის სპეციფიკურობაზე და საქმეზე დადგენილი გარემოებებისა და სააპელაციო საჩივრის შემოწმების ფარგლებში სააპელაციო სასამართლომ დაასკვნა, რომ არ იყო განხორციელებული ორგანული კანონის 47.1-ე მუხლით გათვალისწინებული შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის „ზ“ ქვეპუნქტით დადგენილი წინაპირობები, კერძოდ, საქმეზე წარმოდგენილი მტკიცებულებებით და მხარეთა ახსნა-განმარტებით დგინდებოდა, რომ დასაქმებულს არ დაურღვევია შინაგანაწესით განსაზღვრული მოვალეობები.

5.27. სააპელაციო სასამართლო არ დაეთანხმა აპელანტის/მოპასუხის - ს.ს. ,,ლ.ბ–ის“ ზემოთმითითებულ პოზიციას და გაიზიარა ყოფილი დასაქმებულის ის არგუმენტი, რომ საქმეზე დადგენილი არ იყო დასაქმებულის მიერ საკრედიტო რესურსის არამართლზომიერი განკარგვა, ბანკისათვის ზიანის მიყენება, ხოლო მოტივი, რომელზედაც მიუთითებდა ბანკი - დასაქმებულის მიერ გეგმის შესრულება, არც ეს იკვეთებოდა, რადგან სწორედ გეგმის შეუსრულებლობისთვის დასაქმებულის მიმართ ორჯერ გამოყენებულ იქნა დისციპლინური სახდელი - წერილობითი საყვედური.

5.28. მხარეთა მტკიცების ტვირთისა და შრომით დავებზე დადგენილი მტკიცების სტანდარტის გათვალისწინებით, სააპელაციო სასამართლომ ყურადღება გაამახვილა მოპასუხე ბანკის შესაგებელში მითითებულ გარემოებაზე, რომ მოსარჩელემ წერილობით ახსნა-განმარტებაში დაადასტურა ,,ზემდგომი პირისათვის ფაქტების არასწორად მიწოდება“. ამის საპირისპიროდ სასამართლომ ყურადღება მიაქცია მოპასუხის მიერვე წარმოდგენილ შესაგებელზე დართულ დასაქმებულის ახსნა-განმარტებას, რომელშიც ის აღწერდა, რომ უძრავი ნივთის ყოფილი მესაკუთრის - ს.თ–ას საკრედიტო ინფორმაციის გადამოწმების შესაძლებლობა არ მიეცა პანდემიის მიზეზით, რის გამოც აღნიშნული მსესხებლის განაცხადი დარჩა დასამუშავებლად, ამასთან, დასაქმებულის აზრით, აღნიშნული პიროვნების შემოსავალი დასამტკიცებელ სესხზე არ იყო გათვალისწინებული და პროცედურის შესაბამისად მიიჩნია, რომ საჭირო არ იყო მისი მონაცემების მოძიება, თუმცა ზემდგომის მოთხოვნის შემთხვევაში, დაუკავშირდებოდა კლიენტს და შეასრულებდა დავალებას. საბოლოოდ ასეთი ინფორმაციის მოპოვება ვერ შეძლო ობიექტური მიზეზების გამო. ამდენად, სააპელაციო სასამართლოს შეფასებით, მოპასუხის მიერ შესაგებელში მითითებული გარემოება არასწორი იყო და ეწინააღმდეგებოდა მის მიერვე შესაგებელზე მტკიცებულების სახით თანდართულ დასაქმებულის ახსნა-განმარტების შინაარსს. შესაბამისად, დაუსაბუთებელი იყო დასაქმებულთან შრომითი ურთიერთობის სშკ-ის 47.1-ე მუხლის „ზ“ ქვეპუნქტით გათავისუფლების თაობაზე დამსაქმებლის გადაწყვეტილება.

5.29. დამსაქმებელი შრომით ხელშეკრულებასა და მის შემადგენელ შინაგანაწესზე (კორპორატიულ სახელმძღვანელოზე) უთითებდა საკუთარი პოზიციის მართებულობის წარმოჩენისა და დასაქმებულის სასარჩელო მოთხოვნის გამორიცხვის მიზნით წარდგენილ შესაგებელში. თუმცა სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ შესაგებელში, ისევე როგორც მის სააპელაციო საჩივარში არსად იყო მითითებული, შესაბამის რელევანტურ (უტყუარ) მტკიცებულებაზე თუ რით გამოიხატა დასაქმებულის მხრიდან სამსახურებრივი მოვალეობის უხეში დარღვევა ან/და არაჯეროვანი შესრულება. არაფრით იყო გაბათილებული დასაქმებულის ახსნა-განმარტება, რომ მან კი არ დაუმალა ზემდგომს პირის (უტყუარად არ არის დადასტურებული ეს პირი მსესხებლის ოჯახის წევრი იყო თუ სხვა მესამე პირი - უძრავი ნივთის ყოფილი მესაკუთრე) შესახებ ინფორმაცია, არამედ დასაქმებულს არ გააჩნდა ასეთი ინფორმაციის მოპოვებისთვის შესაბამისი პირის წერილობითი თანხმობა, ხოლო ამ მოცემულობაში ინფორმაციის მოპოვება და გაცემა დაუშვებელი იყო.

5.30. სააპელაციო სასამართლოს სამართლებრივი შეფასებით, არ ვლინდებოდა დასაქმებულის მხრიდან არათუ ისეთი ქმედება, რომლის „უხეშ დარღვევად“ იურიდიული კვალიფიკაცია იყო შესაძლებელი, რაც შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის საფუძველი იყო, არამედ საერთოდ არ დგინდებოდა დარღვევა. პალატის განმარტებით, ამ შემთხვევაში გამოიყენება სწორედ ე.წ. ,,favor prestatoris” პრინციპი, რაც დასაქმებულთათვის სასარგებლო წესთა უპირატესობას ნიშნავს. ამასთან, გასათვალისწინებელი იყო შრომით დავებზე დამსაქმებლის ბუნებრივი მტკიცებითი უპირატესობა, რაც იმით გამოიხატება, რომ მას დასაქმებულზე უკეთესად ხელეწიფება მისთვის სასარგებლო მტკიცებულებების წარდგენა სასამართლოსათვის.

5.31. ზემოთქმულიდან გამომდინარე, დამსაქმებელი (მოპასუხე ბანკი) ვალდებული იყო, სათანადო მტკიცებულებებით დაედასტურებინა დასაქმებულის (მოსარჩელის) მიერ, მასზე ხელშეკრულებით ან/და შრომის შინაგანაწესით (კორპორატიული სახელმძღვანელოთი) დაკისრებული ვალდებულების უხეში დარღვევის ფაქტი, რაც სშკ-ის 47-ე მუხლის პირველი პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული სამართლებრივი საფუძვლით მოსარჩელის სამსახურიდან გათავისუფლების მართლზომიერ საფუძვლად იქნებოდა მიჩნეული. პალატამ იმსჯელა შრომის თავისუფლებაზე და განმარტა, ვინაიდან საკითხი უკავშირდებოდა დასაქმებულის კონსტიტუციურ უფლებას - „შრომის უფლება“ დაადგინა, რომ დამსაქმებლის მხრიდან ამ უფლების შეზღუდვა უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ კრიტერიუმებს: მიჩნეული უნდა იქნეს მართლზომიერად, კერძოდ, შრომის უფლების შეზღუდვა გათვალისწინებული უნდა იყოს კანონით, უნდა ემსახურებოდეს ლეგიტიმურ მიზანს და იყოს პროპორციული. დასახელებული კრიტერიუმებიდან პირველი - „გათვალისწინებული იყოს კანონით“ ნიშნავს იმას, რომ ეს უფლება სშკ-ით განსაზღვრულ კანონიერ საფუძველზე უნდა შეიზღუდოს.

5.32. სააპელაციო სასამართლოს სამართლებრივი შეფასებით, მოცემულ შემთხვევაში, არც სშკ-ის 47.1-ე მუხლით გათვალისწინებული შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის „თ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული საფუძველი არ ვლინდებოდა. პალატამ განმარტა, რომ ასეთი საფუძვლით დასაქმებულის სამსახურიდან გათავისუფლებისას, პასუხისმგებლობის დაკისრების საფუძველი შეიძლება იყოს ბოლო ერთი წლის განმავლობაში დასაქმებულის მიერ მხოლოდ იმავე დარღვევის განმეორებითობა. ამასთან, დარღვევა უნდა იყოს არსებითი ხასიათის. დაუშვებელია ერთსა და იმავე არაარსებითი დარღვევის არსებობისას შრომითი ურთიერთობის შეწყვეტა.

5.33. განსახილველ შემთხვევაში, დამსაქმებელი დარღვევის არაერთჯერადობის კუთხით უთითებდა 19.08.2019 წლის დისციპლინური სახდელის დადების შესახებ №HR094349 და 05.09.2019 წლის დისციპლინური სახდელის დადების შესახებ №HR095424 ბრძანებებზე, რომელთა მიხედვით, კაკავას მიმართ დისციპლინური სახდელის სახით გამოყენებული იქნა წერილობითი საყვედური, გეგმის შეუსრულებლობისათვის. ამდენად, დამსაქმებელი ნ.კ–ვას სამუშაოდან გათავისუფლების ერთ-ერთ საფუძვლად მიუთითებდა 1 წლის განმავლობაში, განმეორებით, სესხის გაცემის სამუშაო გეგმის შეუსრულებლობაზე. აღნიშნულთან მიმართებით, შრომითი ურთიერთობების სპეციფიკურობიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატის განმარტებით, მოცემული დავის ფარგლებში ის გარემოება, რომ ნ.კ–ვა დისციპლინური სახდელის შეფარდების შემდგომ, სისტემატურად არაჯეროვნად ასრულებდა დაკისრებულ მოვალეობებს და ვერ ასრულებდა სესხის გაცემის სამუშაო გეგმას, ასევე, მსესხებლის ოჯახის წევრის ქონებრივი მდგომარეობის შესახებ განზრახ არასრული ინფორმაცია მიაწოდა დამსაქმებელს, რომლის მიწოდება საერთოდაც მის (დასაქმებულის) მოვალეობას წარმოადგენდა, დამსაქმებელმა სათანადო და სარწმუნო მტკიცებულებით ვერ დაადასტურა, რაც შრომით-სამართლებრივი დავების სპეციფიკიდან გამომდინარე, სწორედ მის მტკიცების ტვირთს წარმოადგენდა. ამ კუთხით, სააპელაციო პალატამ არ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე ს.ს. ,,ლ.ბ–ის“ თანამშრომლების ჩვენებები, ვინაიდან მიიჩნია, რომ დავის შედეგისადმი დაინტერესებულ პირებს წარმოადგენდნენ და მათი ჩვენებები არასარწმუნო იყო.

5.34. პალატამ მიუთითა, რომ ამის საწინააღმდეგოდ, თავად დამსაქმებლის წერილებით დგინდებოდა, რომ 2019 წლის სექტემბერში მის მიმართ გამოყენებული დისციპლინური სახდელის შეფარდების შემდგომ - 2019 წლის ოქტომბერში ნ.კ–ვამ გამორჩეულად იმუშავა და გეგმას გადააჭარბა. საქმეში წარმოდგენილი ამავე წერილებით დგინდებოდა ის გარემოებაც, რომ ნ.კ–ვას ანალოგიურად სხვა კრედიტ-ოფიცრებიც ვერ ასრულებდნენ გეგმა-გრაფიკს, თუმცა, ისინი სამსახურიდან არ გაუთავისუფლებიათ და დღესაც მუშაობენ იმავე თანამდებობაზე. საყურადღებოა ისიც, რომ ნ.კ–ვას გათავისუფლებამდე ხელფასის გარდა ერიცხებოდა ბონუსებიც, რაც მიუთითებს დაკისრებული მოვალეობების შესულებაზე. ამ ვითარებაში, სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ ნ.კ–ვას მიმართ გამოყენებული ღონისძიება - სამსახურიდან გათავისუფლება იყო არაგონივრული და არაპროპორციული.

5.35. სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ ნ.კ–ვასთან შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის თაობაზე დამსაქმებლის პოზიციას არ გააჩნდა ლეგიტიმური საფუძველი და დასახული მიზნის არაპროპორციული იყო. აღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატამ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს დასკვნა, რომ ვინაიდან მასთან შრომითი ხელშეკრულება შეწყდა კანონით გათვალისწინებული საფუძვლის არარსებობის პირობებში, სსკ-ის 54-ე მუხლის საფუძველზე, შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ სადავო ბრძანება მართებულად იქნა ბათილად ცნობილი.

5.36. სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ დამსაქმებელმა ვერ დაადასტურა ის გარემოება, რომ განმეორებითის გარდა, დასაქმებულმა ჩაიდინა რაიმე სახის ,,უხეში“ დარღვევა, რაც გახდებოდა მისი სამსახურიდან გათავისუფლების საფუძველი. ასეთ ვითარებაში, დამსაქმებლის მოქმედება, შრომის კოდექსის 37-ე მუხლის 1-ლი ნაწილის „თ“ ქვეპუნქტის საფუძველზე შეეწყვიტა შრომის ხელშეკრულება არამართლზომიერი იყო (სამოქალაქო კოდექსის 115-ე მუხლი) აღნიშნული კი, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 54-ე მუხლის თანახმად, სადავო გადაწყვეტილების ბათილად ცნობის საფუძველი იყო.

5.37. მოცემული დავის ფარგლებში, დამსაქმელის მიერ საქმეში წარმოდგენილი არ იყო იმ გარემოების დამადასტურებელი მტკიცებულება, რომ სადავო თანამდებობა ვაკანტური აღარ იყო. ამასთან, სააპელაციო წარმოების ეტაპზე წარმოდგენილი მტკიცებულებების შესაბამისად, სააპელაციო პალატამ დადგენილად მიიჩნია ის გარემოება, რომ სამეგრელოს რეგიონში ვაკანტური იყო კრედიტ-ოფიცრის ტოლფასი თანამდებობები - მიკრო საკრედიტო ექსპერტისა და მინი-საკრედიტო ესპერტის ადგილი, რომელზეც მუშაობის გამოცდილებაც ნ.კ–ვას ჰქონდა. ამ გარემოების გათვალისწინებით, სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება ნ.კ–ვასთვის კომპენსაციის დაკისრების ნაწილში არასწორი იყო, რადგან სააპელაციო წარმოების ეტაპზე წარმოდგენილი მტკიცებულებების შეფასების შედეგად, არსებობდა ნ.კ–ვას იმავე ან ტოლფას სამუშაოზე აღდგენის საფუძველი, რაც ამ ნაწილში გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველი იყო.

5.38. მხარეთა შორის სადავო არ იყო ის გარემოება, რომ ნ.კ–ვას ხელზე ასაღები ხელფასი შეადგენდა 650 ლარს, ხოლო მისთვის ბონუსების მიცემა დამოკიდებული იყო სამუშაოს შესრულების შედეგებზე. რადგან შრომითი ხელშეკრულების არამართლზომიერად მოშლის მომენტიდან დასაქმებულის სამუშაოზე აღდგენამდე დრო დამსაქმებლის ბრალით გამოწვეული მოცდენა იყო, იძულებითი განაცდურის სახით მიყენებული ზიანის ანაზღაურების თაობაზე მოსარჩელის მოთხოვნა, ყოველთვიურად ხელზე მისაღები ხელფასის - 650 ლარის ოდენობით, საფუძვლიანი იყო და უნდა დაკმაყოფილებულიყო სამოქალაქო კოდექსის 408.1–ე მუხლისა და სადავო პერიოდში მოქმედი რედაქციით შრომის კოდექსის 32.1 მუხლით დადგენილი წესის შესაბამისად. ნიშანდობლივია, რომ საქართველოს შრომის კოდექსის ამჟამად მოქმედი რედაქციის 42-ე მუხლითაც შრომის ანაზღაურების საკითხი, იძულებითი მოცდენის დროს, მოწესრიგებულია ანალოგიური წესით.

5.39. ზემოთ აღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ ნ.კ–ვას სასარჩელო მოთხოვნები გათავისუფლების შესახებ ბრძანების ბათილად ცნობის, სამუშაოზე აღდგენისა და იძულებითი განაცდურის ანაზღაურების თაობაზე - დასაბუთებული იყო და უნდა დაკმაყოფილებულიყო, რაც ნ.კ–ვას სააპელაციო საჩივრის ნაწილობრივ (სამსახურში აღდგენისა და იძულებითი განაცდურის - ხელზე ასაღები ხელფასის - 650 ლარის ანაზღაურების (და არა დამატებით დარიცხული ბონუსის თანხების) მოთხოვნის დაკმაყოფილებისა და გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმების საფუძველი იყო.

6. აღნიშნული განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა მოსარჩელემ, მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით - სარჩელის სრულად დაკმაყოფილება შემდეგ გარემოებებზე მითითებით:

6.1. სასამართლომ არასწორად დაადგინა, რომ კასატორის შრომითი ანაზღაურება შეადგენდა 650 ლარს, რადგან მისი ყოველთვიური ბონუსი საშუალოდ გამოდიოდა 650 ლარი და საბოლოოდ იღებდა 1300 ლარს, რაც სადავო არ გაუხდია არც მოწინაღმდეგე მხარეს. ამასთან, ეს დასტურდებოდა საბანკო ამონაწერითაც, რომელშიც ბოლო ერთი წლის მანძილზე ფიქსირდება 1300 ლარზე მეტი შემოსავალი, რაც გაფორმებულია, როგორც ხელფასი და, შესაბამისად, დაბეგრილია საშემოსავლო გადასახადით. კასატორის ყოველთვიური ანაზღაურება დაანგარიშებული იყო ბანკის აპრობირებული მეთოდით „მედიანას პირინციპით“, რომლითაც დგინდება საშუალო შემოსავალი.

კასატორის აზრით, იძულებითი განაცდურის ანაზღაურების ნაწილში გადაწყვეტილება არ არის საკმარისად დასაბუთებული, რაც ამ ნაწილში მისი გაუქმების საფუძველია. კასატორის ყოველთვიური რეალური მინიმალური ანაზღაურება შეადგენდა 1300 ლარს, რომელსაც მიიღებდა ყოველთვიურად, ს.ს. „ლ.ბ–ს“ უკანონოდ რომ არ გაეთავისუფლებინა სამსახურიდან. კომპენსაცია შეძლებისდაგვარად უნდა უზრუნველყოფდეს იმ ზიანის ანაზღაურებას, რომელიც გათავისუფლების შესახებ ბათილი ბრძანების შედეგად წარმოეშვა დასაქმებულს. კომპენსაცია ერთდროულად ფარავს იმ მატერიალურ დანაკარგს, რაც მხარემ უკანონო დათხოვნით განიცადა და იმ მორალურს ზიანს, რაც მას უკანონო დათხოვნით მიადგა. შრომითი ურთიერთობის არამართლზომიერი შეწყვეტის შემთხვევაში კი კომპენსაცია მიიჩნევა პირის დაკმაყოფილების ერთ-ერთ ღონისძიებად.

7. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მიერ საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მიხედვით დასაშვებობის შესამოწმებლად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც ის დაუშვებელია:

8. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.

9. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი საფუძვლით.

10. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურსამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. კასატორს, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით, არ წარმოუდგენია დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).

11. მოსარჩელის მიერ გაწეული შრომის ანაზღაურების მოპასუხისათვის დაკისრების შესახებ სასარჩელო მოთხოვნის სამართლებრივი საფუძველია, საქართველოს შრომის კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილი (შრომითი ურთიერთობა არის შრომის ორგანიზაციული მოწესრიგების პირობებში დასაქმებულის მიერ დამსაქმებლისათვის სამუშაოს შესრულება ანაზღაურების სანაცვლოდ) და ამავე კოდექსის 31 მუხლის პირველი ნაწილი (მოქმედი რედაქციის 41-ე მუხლის მე-2 ნაწილი) (შრომის ანაზღაურების ფორმა და ოდენობა განისაზღვრება შრომითი ხელშეკრულებით).

12. მოცემულ საქმეში, სადავოა მოპასუხისათვის დაკისრებული იძულებითი განაცდურის ოდენობის განსაზღვრის მართებულობა, კერძოდ, კასატორის პრეტენზია ისაა, რომ იძულებითი განაცდურის განსაზღვრისას დამსაქმებელს ხელფასთან ერთად ყოველთვიური ბონუსის გადახდაც უნდა დაკისრებოდა.

13. საქართველოს შრომის კოდექსის მე-9 მუხლის „ე“ ქვეპუნქტის (მოქმედი რედაქციის მე-14 მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტი) თანახმად, შრომითი ხელშეკრულების არსებითი პირობაა შრომის ანაზღაურება (მიეთითება ხელფასი, აგრეთვე არსებობის შემთხვევაში − დანამატი) და მისი გადახდის წესი. ამავე კოდექსის 34-ე მუხლის (მოქმედი რედაქციის 44-ე მუხლი) შესაბამისად, დასაქმებულთან შრომითი ურთიერთობის შეწყვეტისას, დამსაქმებელი ვალდებულია მოახდინოს საბოლოო ანგარიშსწორება მისი შეწყვეტიდან არაუგვიანეს 7 კალენდარული დღისა, თუ შრომითი ხელშეკრულებით ან კანონით სხვა რამ არ არის განსაზღვრული.

საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ შრომითი ურთიერთობა, შრომის ორგანიზაციული მოწესრიგების პირობებში, დასაქმებულის მიერ დამსაქმებლისთვის გარკვეული ანაზღაურების სანაცვლოდ სამუშაოს შესრულებას გულისხმობს. ის წარმოიშობა მხარეთა თანასწორუფლებიანობის საფუძველზე, ნების თავისუფალი გამოვლენის შედეგად მიღწეული შეთანხმებით. ხელშეკრულების ფორმა თავისუფალია, შესაბამისად, იდება წერილობითი ან ზეპირი ფორმით, განსაზღვრული, განუსაზღვრელი ან სამუშაოს შესრულების ვადით (შდრ. ს.უ.ს.გ. № ას-921-871-2015, 26.11.2015).

14. საქართველოს შრომის კოდექსის სადავო პერიოდში მოქმედი რედაქციის 44-ე მუხლის (მოქმედი რედაქციის 58-ე მუხლი) თანახმად, შრომითი ურთიერთობისას მხარის მიერ მეორე მხარისათვის მიყენებული ზიანი ანაზღაურდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

15. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 394-ე მუხლის პირველ ნაწილის თანახმად, მოვალის მიერ ვალდებულების დარღვევისას კრედიტორს შეუძლია მოითხოვოს ამით გამოწვეული ზიანის ანაზღაურება. იმავე კოდექსის 408-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, იმ პირმა, რომელიც ვალდებულია აანაზღაუროს ზიანი, უნდა აღადგინოს ის მდგომარეობა, რომელიც იარსებებდა, რომ არ დამდგარიყო ანაზღაურების მავალდებულებელი გარემოება. ხოლო 409-ე მუხლის თანახმად, თუ ზიანის ანაზღაურება პირვანდელი მდგომარეობის აღდგენით შეუძლებელია ან ამისათვის საჭიროა არათანაზომიერად დიდი დანახარჯები, მაშინ კრედიტორს შეიძლება მიეცეს ფულადი ანაზღაურება. მაშასადამე, პირის მიერ ბრალეულად (რაც შეიძლება გამოხატულ იქნეს როგორც განზრახვაში, ისე გაუფრთხილებლობაში) მართლსაწინააღმდეგო ქმედების ჩადენა წარმოშობს შედეგად სხვა პირისთვის მიყენებული ზიანის ანაზღაურების საფუძველს.

16. განსახილველ შემთხვევაში, მოცემულ საქმეზე მიღებული, სასამართლოს გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესული ნაწილით დადასტურებულია დასაქმებულ ნ.კ–ვასთან შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის უკანონობა, რის გამოც მისი გათავისუფლების შესახებ ბრძანება ბათილად იქნა ცნობილი და მოსარჩელე აღდგენილი იქნა ს.ს. „ლ.ბ–ის“ ზუგდიდის ფილიალის საკრედიტო ექსპერტის თანამდებობაზე ან სხვა ტოლფას თანამდებობაზე. ამრიგად, არსებობს მოპასუხისთვის იძულებითი განაცდურის ანაზღაურების დაკისრების წინაპირობა.

17. კასატორის პრეტენზიის შესაფასებლად, საყურადღებოა სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმეზე დადგენილი შემდეგი გარემოებები:

17.1. ნ.კ–ვა სამუშაოდან გათავისუფლებამდე (14.05.2020წ.) ს.ს. ,,ლ.ბ–ში“ მუშაობდა კრედიტ-ოფიცრის თანამდებობაზე და მისი ხელზე ასაღები ყოველთვიური ხელფასი შეადგენდა 650 ლარს, თუმცა, შესრულებული სამუშაოს - გაცემული სესხების შესაბამისად, იგი იღებდა ბონუსებს და მისი ყოველთვიური შრომის ანაზღაურების ჯამი შეადგენდა დაახლოებით 1300 ლარს.

17.2. ს.ს. ,,ლ.ბ–ის“ კორპორატული სახელმძღვანელოს თანახმად, დასაქმებულს საბაზისო ხელფასის ნაცვლად ეძლევა ბონუსი, რომლის გადახდა ხდება მხოლოდ იმ დასაქმებულისათვის, რომელთა შრომით ხელშეკრულებაშიც გათვალისწინებულია ბონუსი. ბონუსის ოდენობა დამოკიდებულია ბანკის წლიურ მოგებასა და დასაქმებულის შეფასების შედეგებზე.

18. ამდენად, შრომითი ხელშეკრულებითა და მისი დანართი ნაწილით განსაზღვრული პირობებიდან ირკვევა, რომ ბონუსის გაცემა დამოკიდებული იყო დასაქმებულის მიერ სამუშაოს გარკვეული ხარისხით შესრულებაზე, წლიურ მოგებაზე და დამსაქმებლის ნებაზე. ბონუსის გაცემა არ შედიოდა დამსაქმებლის ვალდებულებაში, ამიტომ სააპელაციო სასამართლომ სწორად მიიჩნია, რომ საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებიდან გამომდინარე, შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის პერიოდზე მისი გათვალისწინება არ იყო გამართლებული. საკასაციო პალატამ არაერთ გადაწყვეტილებაში მიუთითა, რომ ,,ბონუსის გაცემა საალბათო გასაცემელს წარმოადგენს და არა - დამსაქმებლის ვალდებულებას, რის გამოც, მიუღებელი შემოსავლის სახით, შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის მთლიან პერიოდზე და იძულებითი განაცდურის დადგენის მიზნებისათვის, მისი გათვალისწინება, დაუსაბუთებელია... დამსაქმებლის ნებაზე დამოკიდებული გასაცემი საალბათო გასაცემია. ეს იმას ნიშნავს, რომ დამსაქმებელს არც მომავალში არ გააჩნია საალბათო გასაცემის გაცემის ვალდებულება, ანუ წარსულში ამ უკანასკნელის მიერ დამსაქმებლისათვის ბონუსის გაცემა არ გამორიცხავს, რომ მომავალში დამსაქმებელმა აღნიშნული ანაზღაურება არ გასცეს....მოპასუხის მიერ წარსულში მოსარჩელსიათვის ბონუსის მიცემის ფაქტები, მომავალში მისი ანაზღაურების სავალდებულობას არ ასაბუთებს (იხ. სუსგ Nას-1526-2023 22.3.2024; Nას-1304-2020, 11.06.2021წ).

19. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატის განსჯით, ბონუსის დაკისრების თაობაზე მოსარჩელის მოთხოვნა, უსაფუძვლო იყო და მართებულად ეთქვა უარი მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე.

20. სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტების ფარგლებში, რაც სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის (სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლი), კასატორმა ვერ შეძლო დასაბუთებული საკასაციო პრეტენზიის წარმოდგენა, რითაც ვერ დაძლია გასაჩივრებული განჩინების ფაქტობრივსამართლებრივი დასაბუთება და ვერ შეძლო მისი გაბათილება სარწმუნო მტკიცებულებებით. საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით. ასეთ საფუძველზე ვერც კასატორი ვერ მიუთითებს.

21. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება კანონიერია, ხოლო საკასაციო საჩივრის დასაშვებობის წინაპირობები არ არსებობს, რაც მისი არსებითად განსახილველად დაუშვებლად ცნობის სამართლებრივი საფუძველია.

22. კასატორი გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან სახელმწიფო ბაჟის შესახებ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის საფუძველზე.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე, 284-ე, 285-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ნ.კ–ვას საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად.

2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

მოსამართლეები: ლაშა ქოჩიაშვილი

ამირან ძაბუნიძე

თეა ძიმისტარაშვილი