Facebook Twitter

10 ივლისი 2023 წელი

№ას-749-2022 ქ.თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

მოსამართლეები: ლაშა ქოჩიაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

ამირან ძაბუნიძე

თეა ძიმისტარაშვილი

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი _ შ.პ.ს. „ტ.კ–ი“ (ს.ს. “თ.ბ–ის“ უფლებამონაცვლე)

მოწინააღმდეგე მხარე _ მ.ფ–ვა

თავდაპირველი თანამოპასუხე _ მ.ბ–

გასაჩივრებული გადაწყვეტილება _ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 15 ნოემბრის გადაწყვეტილება

კასატორის მოთხოვნა _ გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება

დავის საგანი _ თანხის დაკისრება, თავდებობის ხელშეკრულების ბათილად ცნობა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

ბანკის სასარჩელო მოთხოვნა:

1. ს.ს. „თ.ბ–მა“ (შემდგომში მოხსენიებული, როგორც „ბანკი“, „კრედიტის გამცემი“) სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას მ.ბ–სა (შემდგომში მოხსენიებული, როგორც „კრედიტის ამღები“, „მსესხებელი“) და მ.ფ–ვას (შემდგომში მოხსენიებული, როგორც „თავდები“, „აპელანტი“) მიმართ და მოითხოვა:

1.1. მ.ფ–ვასთვის და მ.ბ–სთვის (თავდებისთვის მისი მაქსიმალური პასუხისმგებლობის ფარგლებში) ს.ს. „თ.ბ–ი“-ს სასარგებლოდ 2016 წლის 20 ივლისის საკრედიტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების 5159.34 ლარის გადახდის სოლიდარულად დაკისრება, საიდანაც ძირი თანხაა - 3118.63 ლარი, პროცენტი - 1040.71 ლარი და პირგასამტეხლო - 1000 ლარი;

1.2. მ.ფ–ვასთვის და მ.ბ–სთვის ს.ს. „თ.ბ–ი“-ს სასარგებლოდ 2019 წლის 19 ივლისიდან (დავალიანების შესახებ ცნობის გაცემიდან) 2016 წლის 20 ივლისის საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ძირ თანხაზე - 3118.63 ლარზე, ვალდებულების სრულად შესრულებამდე, წლიური 18.62% სარგებლის გადახდის სოლიდარულად დაკისრება, რაც ყოველთვიურად შეადგენს - 48.39 ლარს;

1.3. მ.ფ–ვასთვის და მ.ბ–სთვის ს.ს. „თ.ბ–ი“-ს სასარგებლოდ 2019 წლის 19 ივლისიდან (დავალიანების შესახებ ცნობის გაცემიდან) საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ძირ თანხაზე - 3118.63 ლარზე, ვალდებულების სრულად შესრულებამდე, ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე შემცირებული პირგასამტეხლოს 0.27%-ის გადახდის სოლიდარულად დაეკისრება, რაც ყოველდღიურად შეადგენს 8.42 ლარს, მაგრამ არაუმეტეს 1000 ლარისა.

(სასარჩელო მოთხოვნა დაზუსტდა 2020 წლის 3 ივნისის სასამართლო სხდომაზე).

ბანკის სარჩელის საფუძვლები:

2.1. ს.ს. „ბ.რ“-სა და მ.ბ–ს შორის 2016 წლის 20 ივლისს დაიდო საკრედიტო ხელშეკრულება №000643161, რომლის საფუძველზეც მსესხებელზე გაიცა კრედიტი 3500 ლარის ოდენობით; წლიური საპროცენტო განაკვეთი განისაზღვრა 18.62%- ით, კრედიტის ვადა - 48 თვე, 2020 წლის 20 ივლისამდე. კრედიტის დაფარვა უნდა განხორციელებულიყო ყოველი თვის 01 რიცხვში 104 ლარის გადახდით, ხელშეკრულებაზე თანდართული გრაფიკის შესაბამისად. ხელშეკრულებით ასევე დადგინდა ფიქსირებული პირგასამტეხლო - 10 ლარი გრაფიკის ყოველი დარღვევისას, აგრეთვე, ძირითადი თანხის დავალიანების 0.5% ყოველი ვადაგადაცილებული დღისთვის.

2.2 საკრედიტო №000643161 ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულების უზრუნველსაყოფად ს.ს. „ბ.რ“-სა და მ.ფ–ვას შორის 2016 წლის 20 ივლისს დაიდო თავდებობის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც თავდებმა ძირითად მსესხებელთან ერთად იკისრა ვალდებულება, სოლიდარულად შეესრულებინა ზემოაღნიშნული საკრედიტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულებები. თავდების პასუხისმგებლობის მაქსიმალური თანხა განისაზღვრა 5100 ლარით.

2.3. მსესხებლის მიერ პერიოდულად ირღვეოდა საბანკო კრედიტის №000643161 ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებები და 2017 წლის 30 ნოემბრის შემდეგ აღარ მომხდარა ვალდებულების შესრულება, არაერთი გაფრთხილების მიუხედავად.

2.4. 2019 წლის 19 ივლისის მდგომარეობით, მოპასუხეებს საბანკო კრედიტის №000643161 ხელშეკრულებიდან გამომდინარე ერიცხებათ დავალიანება - 5159.34 ლარის ოდენობით, საიდანაც ძირი თანხაა - 3118.63 ლარი, პროცენტი - 1040.71 ლარი და პირგასამტეხლო - 3959.61 ლარი.

2.5. ნებისმიერ მსესხებელთან საბანკო კრედიტის ხელშეკრულების გაფორმება ხდება იმ მოლოდინით, რომ ბანკი ხელშეკრულებით გათვალისწინებულ მოგებას მიიღებს. ვალდებულების შეუსრულებლობა თავისთავად ზიანის მომტანია მხარისთვის, რადგან კრედიტორს ყოველთვის აქვს შესრულების მოლოდინი და შესრულება მისთვის ყოველთვის გარკვეულ ღირებულებას წარმოადგენს. განსახილველ შემთხვევაში, ბანკი ვერც მის მიერ გაცემულ ფულად სახსრებს იბრუნებს შემდგომში მისი დაკრედიტებისთვის და ვერც სარგებელს იღებს, შესაბამისად, უფლებამოსილია მოითხოვოს მოპასუხეთაგან მიუღებელი შემოსავლის ანაზღაურება.

2.6. 2017 წლის 8 მაისს განხორციელებული რეორგანიზაციის (შერწყმის) შედეგად ს.ს. „თ.ბ–ი“ გახდა ს.ს. „ბ.რ“-ს უფლებამონაცვლე.

მოპასუხის პოზიცია:

3.1. ბანკის სარჩელზე მოპასუხე მ.ბ–ს შესაგებელი არ წარუდგენია. მ.ფ–ვას შესაგებლის თანახმად, მას ბანკის წინაშე არ უკისრია სოლიდარული თავდებობა მსესხებელთან ერთად. შესაბამისად, მისი, როგორც თავდების, ვალდებულება წარმოიშვება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ბანკი მსესხებლის მიმართ ამოწურავს მოთხოვნის დაკმაყოფილების პროცედურებს და კვლავ დარჩება შეუსრულებელი ვალდებულება, ისიც 5100 ლარის ფარგლებში.

3.2. მ.ფ–ვას შესაგებლის თანახმად, სოლიდარული თავდებობის შესახებ მოპასუხისათვის არც ბანკში განუმარტავთ, არც მსესხებელს უთქვამს და არც შ.პ.ს. „ტ“-ს 2018 წლის წერილშია მითითებული, რომელიც მსესხებლის და არა თავდები პირის გაფრთხილებას წარმოადგენს; ამდენად, სახეზეა არსებითი შეცდომა, რაც სამოქალაქო კოდექსის 72 და 73-ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, სოლიდარულ თავდებობას ბათილს ხდის.

თავდების სასარჩელო მოთხოვნა:

4. ბათილად იქნეს ცნობილი საკრედიტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე, ვალდებულების უზრუნველსაყოფად ს.ს. „ბ.რ“-სა და მ.ფ–ვას შორის 2016 წლის 20 ივლისს დადებული თავდებობის ხელშეკრულება.

თავდების სარჩელის საფუძვლები:

5.1. ს.ს. „ბ.რ“-სა და მ.ბ–ს შორის 2016 წლის 20 ივლისს დაიდო №000643161 საკრედიტო ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც მსესხებელზე გაიცა კრედიტი - 3500 ლარის ოდენობით, 2020 წლის 20 ივლისამდე ვადით. საკრედიტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულების უზრუნველსაყოფად ს.ს. „ბ.რ“-სა და მ.ფ–ვას შორის 2016 წლის 20 ივლისს დაიდო თავდებობის ხელშეკრულება, რომლის შესაბამისად, თავდების პასუხისმგებლობის მაქსიმალურ თანხად განისაზღვრა - 5100 ლარი.

5.2. 2019 წლის 6 აგვისტოს მ.ფ–ვას ჩაბარდა ს.ს. „თ.ბ–ი“-ს სარჩელი, საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების დაკისრების შესახებ, სადაც ბანკის მოთხოვნას წარმოადგენს საკრედიტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე თანხის მ.ბ–თან ერთად, სოლიდარულად, თავდებისთვის დაკისრება.

5.3. მ.ფ–ვა მსესხებელს, მისივე თხოვნით, რამდენიმე თვით დაუდგა თავდებად მხოლოდ იმ შემთხვევაში და იმ პირობით, რომ მსესხებლის მიერ ბანკის წინაშე ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობის შემთხვევაში, თუკი ბანკი მ.ბ–სგან ვერ დაიკმაყოფილებდა მოთხოვნას, მხოლოდ ამის შემდეგ მოხდებოდა მოთხოვნის მ.ფ–ვასთვის წაყენება. თავდებისთვის არავის განუმარტავს რას ნიშნავს სოლიდარულ თავდებობა/პასუხისმგებლობა და, შესაბამისად, უცნობი იყო ის შედეგები, რაც სოლიდარული თავდებობის ხელშეკრულების დადების თანმდევია.

მოპასუხე ბანკის პოზიცია თავდების სარჩელზე:

6. ბანკმა შესაგებლით თავდების სარჩელი არ ცნო და მიუთითა 2016 წლის 20 ივლისის თავდებობის ხელშეკრულების 3.3. პუნქტზე, რომლის თანახმად, ბანკი უფლებამოსილია დაიკმაყოფილოს მოთხოვნა უშუალოდ თავდებისგან მსესხებლის მიმართ იძულებითი აღსრულების მცდელობის გარეშეც. აღნიშნულ პირობაზე დაყრდნობით, ბანკმა უსაფუძვლოდ მიიჩნია მხარის მითითება, რომ მან არ იცოდა ნაკისრი ვალდებულების თაობაზე, ვინაიდან თავდებმა ხელმოწერით დაადასტურა, რომ გაეცნო თავდებობის შესახებ ხელშეკრულებას. ამასთან, მოპასუხის მითითებით, კანონის არცოდნა არ ათავისუფლებს მხარეს სამოქალაქო პასუხისმგებლობისაგან.

პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:

7. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 13 მაისის გადაწყვეტილებით ს.ს. „თ.ბ–ი“-ს სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ:

7.1. მ.ფ–ვას და მ.ბ–ს ს.ს. „თ.ბ–ი“-ს სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისრათ 2016 წლის 20 ივლისის საკრედიტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების - 4555.24 ლარის გადახდა, საიდანაც სესხის ძირი თანხაა - 3118.63 ლარი, პროცენტი - 1040.71 ლარი და პირგასამტეხლო - 395.9 ლარი;

7.2. მ.ფ–ვას და მ.ბ–ს ს.ს. „თ.ბ–ი“-ს სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისრათ 2019 წლის 19 ივლისიდან (დავალიანების შესახებ ცნობის გაცემიდან) 2020 წლის 20 ივლისამდე, საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ძირ თანხაზე - 3118.63 ლარზე, 18.62%-ის გადახდა, ხოლო 2020 წლის 21 ივლისიდან ვალდებულების სრულად შესრულებამდე, ძირ თანხაზე - 3118.63 ლარზე, წლიური 7% სარგებლის გადახდა;

7.3. მ.ფ–ვას და მ.ბ–ს ს.ს. „თ.ბ–ი“-ს სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისრათ 2019 წლის 19 ივლისიდან (დავალიანების შესახებ ცნობის გაცემიდან) საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ძირ თანხაზე - 3118.63 ლარზე, ვალდებულების სრულად შესრულებამდე, ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე 0.05%-ის ოდენობით პირგასამტეხლოს გადახდა, მაგრამ არაუმეტეს 1000 ლარისა;

7.4. თავდების - მ.ფ–ვას პასუხისმგებლობის მაქსიმალური ოდენობა განისაზღვრა 5 100 ლარის ოდენობით.

8. ამავე გადაწყვეტილებით მ.ფ–ვას სარჩელი მოპასუხე ს.ს. „თ.ბ–ი“-ს მიმართ, ს.ს. „ბ.რ“-სა და მ.ფ–ვას შორის 2016 წლის 20 ივლისს გაფორმებული თავდებობის ხელშეკრულების ბათილად ცნობის შესახებ, არ დაკმაყოფილდა.

9. ზემოაღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო საჩივრით გაასაჩივრა მ.ფ–ვამ, მოითხოვა პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმება, სააპელაციო სასამართლოს მიერ ახალი გადაწყვეტილების მიღებით მის მიმართ ს.ს. „თ.ბ–ი“-ს სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა და თავდების სარჩელის დაკმაყოფილება.

სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი და ფაქტობრივ-სამართლებრივი დასაბუთება:

10. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 15 ნოემბრის გადაწყვეტილებით მ.ფ–ვას სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ;

10.1. გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 13 მაისის გადაწყვეტილება მ.ფ–ვას ნაწილში და მიღებული იქნა ახალი გადაწყვეტილება;

10.2. ს.ს. „თ.ბ–ი“-ს სარჩელი მ.ფ–ვას მიმართ თანხის დაკისრების თაობაზე არ დაკმაყოფილდა.

11. სააპელაციო პალატამ დადგენილად მიიჩნია დავისთვის მნიშვნელობის მქონე შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:

11.1. ს.ს. „ბ.რ“-სა და მ.ბ–ს შორის 2016 წლის 20 ივლისს დაიდო საკრედიტო ხელშეკრულება №000643161, რომლის საფუძველზეც მსესხებელზე გაიცა კრედიტი 3500 ლარის ოდენობით. წლიური საპროცენტო განაკვეთი განისაზღვრა 18.62%-ით, კრედიტის ვადა - 48 თვით, 2020 წლის 20 ივლისამდე. კრედიტის დაფარვა უნდა განხორციელებულიყო ყოველი თვის 01 რიცხვში 104 ლარის გადახდით, ხელშეკრულებაზე თანდართული გრაფიკის შესაბამისად. ხელშეკრულებით ასევე გათვალისწინებული იქნა ფიქსირებული პირგასამტეხლო - 10 ლარი გრაფიკის ყოველი დარღვევისას და ამას დამატებული პირგასამტეხლო - ძირითადი თანხის დავალიანების 0.5% - ყოველი ვადაგადაცილებული დღისთვის.

11.2. №000643161 საკრედიტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულების უზრუნველსაყოფად, ს.ს. „ბ.რ“-სა და მ.ფ–ვას შორის 2016 წლის 20 ივლისს დაიდო თავდებობის ხელშეკრულება.

ხელშეკრულების 2.2. მუხლის თანახმად, თავდებმა მსესხებელთან ერთად იკისრა სოლიდარული პასუხისმგებლობა მსესხებლის მიერ ნაკისრი ვალდებულების ჯეროვნად შესრულებაზე;

ხელშეკრულების 3.3 მუხლის თანახმად, ბანკს გააჩნდა უფლებამოსილება მოთხოვნა დაეკმაყოფილებინა უშუალოდ თავდებისაგან მსესხებლის მიმართ იძულებითი აღსრულების მცდელობის გარეშეც;

ხელშეკრულების 3.10 მუხლის თანახმად კი, ბანკი არ იყო პასუხისმგებელი თავდების შეტყობინებაზე და ეს არ იმოქმედებდა წინამდებარე ხელშეკრულების (თავდებობის) შედეგებზე.

ხელშეკრულებით, თავდების პასუხისმგებლობის მაქსიმალური თანხა განისაზღვრა 5100 ლარით.

11.3. მსესხებელმა დაარღვია 2016 წლის 20 ივლისის №000643161 საბანკო კრედიტის ხელშეკრულებით გათვალისწინებული სესხის შეთანხმებული გრაფიკის შესაბამისად დაბრუნების ვალდებულება და 2017 წლის 30 ნოემბრის შემდეგ ბანკის სასარგებლოდ გადახდა არ განუხორციელებია.

11.4. მოპასუხეებს 2018 წლის 23 ოქტომბრის შეტყობინებით ეცნობათ დავალიანების არსებობის შესახებ და გაფრთხილებული იქნენ შესაძლო შედეგების თაობაზე. შეტობინება 2018 წლის 23 ოქტომბერს ჩაბარდა მ.ფ–ვას, ხოლო მ.ბ–სთვის ჩაბარება არ განხორციელებულა.

11.5. ს.ს. „თ.ბ–ი“ წარმოადგენს ს.ს. „ბ.რ“-ს უფლებამონაცვლეს, 2017 წლის 8 მაისს განხორციელებული რეორგანიზაციის (შერწყმის) შედეგად.

12. დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს სააპელაციო პალატამ მისცა შემდეგი სამართლებრივი შეფასება:

12.1. მოპასუხე მ.ფ–ვამ სარჩელისაგან თავი დაიცავა იმ გარემოებაზე მითითებით, რომ მან არსებითი შეცდომა დაუშვა თავდებობის ხელშეკრულების დადებისას. კერძოდ, მან როგორც არაიურისტმა პირმა, იცოდა, რომ ბანკს თავდების მიმართ მოთხოვნის წარდგენის უფლება წარმოეშობა მხოლოდ მაშინ, როცა იგი მსესხებლის მიმართ ამოწურავს მოთხოვნის დაკმაყოფილების ყველა პროცედურას. მ.ფ–ვამ არ იცოდა და არც არავის განუმარტავს მისთვის, თუ რას ნიშნავდა სოლიდარული თავდებობა. ის ფიქრობდა, რომ ბანკთან ჩვეულებრივ თავდებობის ხელშეკრულებას აფორმებდა, წინააღმდეგ შემთხვევაში, ასეთ ხელშეკრულებას ხელს არ მოაწერდა.

12.2. პალატამ მიუთითა, რომ თავდებობა მიეკუთვნება მოთხოვნის უზრუნველყოფის პიროვნულ საშუალებას და არის აქცესორული ხასიათის, ვინაიდან პირდაპირ არის დამოკიდებული ძირითადი ვალდებულების არსებობაზე. აღნიშნული ხელშეკრულების მონაწილენი არიან ძირითადი ვალდებულების კრედიტორი და თავდები. თავდებობისათვის, აქცესორულობის გარდა, ასევე დამახასიათებელია ის, რომ თავდები მხოლოდ სუბსიდიარულად აგებს პასუხს ძირითადი მოვალის მიერ ვალდებულების შეუსრულებლობისათვის. ეს პრინციპი გამოხატული და დაფიქსირებულია სსკ-ის 894-ე მუხლში. ამ დანაწესის მიხედვით, კრედიტორი, პირველ რიგში, უნდა ეცადოს, რომ ძირითადი ვალდებულების მოვალეს აგებინოს პასუხი და შესაბამის შემთხვევაში წამოიწყოს იძულებითი აღსრულება მის წინააღმდეგ. შეიძლება ითქვას, რომ სუბსიდიარული თავდები კრედიტორის წინაშე, მხოლოდ როგორც მომდევნო რიგის მოვალე ისე აგებს პასუხს.

12.3. სამოქალაქო კოდექსის 894-ე მუხლიდან დაიშვება გამონაკლისები. მთავარი გამონაკლისი მოწესრიგებულია სკ-ის 895-ე მუხლში, ე.წ. „სოლიდარული თავდებობის“ სახით. სოლიდარული თავდებობა ანიჭებს კრედიტორს უფლებას, ძირითადი მოვალის მიმართ იძულებითი აღსრულების მცდელობის გარეშე, პირდაპირ თავდებს მოსთხოვოს გადახდა. ასეთ შემთხვევაში აუცილებელია სახეზე იყოს თავდების თანხმობა, პირდაპირ, 894-ე მუხლის გვერდის ავლით პასუხისგებაზე.

12.4. დადგენილია, რომ მოსარჩელე ს.ს. „თ.ბ–ი“ არის საბანკო დაწესებულება და მის ერთ-ერთ ძირითად საქმიანობას სარგებლიანი სესხების გაცემა წარმოადგენს, რა დროსაც მოსარჩელე ცალმხრივად, ხელშეკრულების წინასწარ შემუშავებულ სტანდარტულ პირობებს სთავაზობს მომხმარებლებს. მხარე, რომელიც იღებს მეორე მხარის სტანდარტულ პირობებს, იბოჭება მათი სამართლებრივი შინაარსით, მიუხედავად იმისა, ცნობილი იყო თუ არა მისთვის ამ პირობის შინაარსის შემცველი ყველა დეტალი ან რამდენად გასაგები იყო მისთვის პირობის მნიშვნელობა. გარიგების ერთ-ერთ მხარედ საკრედიტო დაწესებულების მონაწილეობისას, მისი სავაჭრო ძალაუფლების, ფინანსური და ინტელექტუალური რესურსის გათვალისწინებით, მეორე მხარე მასთან არათანაბარ პირობებში იმყოფება და იგი ერთგვარად „სუსტ მხარეს“ წარმოადგენს.

12.5. სტანდარტული პირობების შემთხვევაში, ხელშეკრულების „ძლიერი“ და „სუსტი“ მხარის არსებობა „აღიარებულია“ კერძო სამართლით, რომელიც „სუსტი“ მხარის ინტერესების დაცვას სპეციალური საკანონმდებლო კონტროლით უზრუნველყოფს. კერძოდ:

სამოქალაქო კოდექსის 343.1-ე მუხლის თანახმად, ხელშეკრულების სტანდარტული პირობები მხოლოდ მაშინ იქცევა მათ შემთავაზებელსა და ხელშეკრულების მეორე მხარეს შორის დადებული ხელშეკრულების შემადგენელ ნაწილად, როცა: ა. შემთავაზებელი ხელშეკრულების დადების ადგილას თვალსაჩინო წარწერას გააკეთებს და მიუთითებს ამ პირობებზე და ბ. ხელშეკრულების მეორე მხარეს შესაძლებლობა აქვს გაეცნოს ამ პირობების შინაარსს და, თუ თანახმაა, მიიღოს ეს პირობები.

სამოქალაქო კოდექსის 344-ე მუხლის თანახმად, ხელშეკრულების სტანდარტული პირობების ის დებულებანი, რომლებიც ფორმის მიხედვით იმდენად უჩვეულოა, რომ მეორე მხარეს არ შეეძლო მათი გათვალისწინება, არ იქცევიან ხელშეკრულების შემადგენელ ნაწილად.

სამოქალაქო კოდექსის 346-ე მუხლის თანახმად, ბათილია ხელშეკრულებათა სტანდარტული პირობა, მიუხედავად ხელშეკრულებაში მისი ჩართვისა, თუ იგი ნდობისა და კეთილსინდისიერების პრინციპების საწინააღმდეგოდ საზიანოა ხელშეკრულების მეორე მხარისათვის. ამასთან, მხედველობაში უნდა იქნეს მიღებული ის გარემოებები, რომელთა არსებობისას იქნა ეს პირობები ხელშეკრულებაში შეტანილი, მხარეთა ორმხრივი ინტერესები და სხვა.

12.6. სამოქალაქო კოდექსის 343-ე, 344-ე, 346-ე მუხლების ანალიზი საფუძველია დასკვნისათვის, რომ სტანდარტული პირობების შემცველი ხელშეკრულების გაფორმებისას, „ძლიერ“ მხარეს კანონი, კეთილსინდისიერი ქცევის სტანდარტიდან გამომდინარე, დამატებით ავალდებულებს, უზრუნველყოს „სუსტი“ მხარის ინფორმაციული ხელმისაწვდომობა გარიგების ყველა მნიშვნელოვან პირობაზე, რომ მან შეძლოს ინფორმირებული არჩევანის გაკეთება ხელშეკრულების ხელმოწერისას. ამ ვალდებულების შეუსრულებლობა კი, სადავოდ გამხდარი სტანდარტული პირობის ბათილად ცნობის საფუძველია.

12.7. სააპელაციო პალატის განსჯით, საფუძვლიანია აპელანტის ის არგუმენტი, რომ „სუბსიდიურ თავდებობასა“ და „სოლიდარულ თავდებობას“ შორის სამართლებრივი განსხვავების ცოდნა სცდება არაიურიტი, საშუალოდ მოაზროვნე ადამიანის ცოდნისა და „გონივრული განსჯის“ ფარგლებს და რომ ჩვეულებრივი გონიერი მომხმარებლისთვის ნაკლებად შესაძლებელი იქნებოდა ამ ორ ვალდებულებით-სამართლებრივი ურთიერთობას შორის არსებითი განსხვავების ცოდნა.

12.8. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ წინამდებარე თავდებობის ხელშეკრულების 2.2 და 3.3 მუხლები, რომლებიც ადგენს მოპასუხე მ.ფ–ვას სოლიდარულ თავდებობას, წარმოადგენს სტანდარტული ხელშეკრულების უჩვეულო პირობას, ვინაიდან მათ საფუძველზე გაფართოებულია თავდების პასუხისმგებლობა იმ თვალსაზრისით, რომ ბანკი აღჭურვილია უფლებამოსილებით, მოთხოვნა დაიკმაყოფილოს უშუალოდ თავდები პირისაგან ისე, რომ ძირითადი მსესხებლის მიმართ არ აწარმოოს იძულებითი აღსრულების რაიმე ღონისძიება, რაც თავდები პირისათვის არის მოულოდნელი, ვინაიდან, როგორც აღინიშნა, „სუბსიდიურ თავდებობასა“ და „სოლიდარულ თავდებობას“ შორის არსებითი განსხვავების პოვნა სცდება ჩვეულებრივი გონიერი მომხმარებლის ცოდნის ფარგლებს.

12.9. ხელშეკრულების სტანდარტული დებულებები, როგორც უჩვეულო, სამოქალაქო კოდექსის 344-ე მუხლის თანახმად, არ იქცევა ხელშეკრულების შემადგენელ ნაწილად და არ არის ნამდვილი, თუ შემთავაზებელი (მოსარჩელე) არ გააქარწყლებს მოულოდნელობის ეფექტს კვალიფიციური მითითების მეშვეობით. იმისათვის, რომ შემთავაზებელმა გააქარწყლოს სტანდარტული პირობის მოულოდნელობის ეფექტი, ამისათვის აუცილებელია მკაფიო მითითება და ინფორმირება ხელშეკრულების სტანდარტული პირობის უჩვეულო დებულებაზე.

12.10. სადავო სოლიდარული თავდებობის ხელშეკრულება სახელდება, როგორც „საკრედიტო ხელშეკრულების შემადგენელი (თავდებობის) ხელშეკრულება“. ამგვარად, უშუალოდ ხელშეკრულების დასახელებიდან მ.ფ–ვასთვის ვერ გახდებოდა ცნობილი, რომ მხარეთა შორის ე.წ. „სოლიდარული თავდებობის“ ხელშეკრულება იდებოდა. ამავდროულად, თავდებობის ხელშეკრულება შესრულებულია წვრილი შრიფტით, ხოლო ხელშეკრულების 2.2-ე და 3.3-ე მუხლებში მითითებული დებულებები, რომლითაც დათქმულია მოპასუხის სოლიდარული ვალდებულება და ბანკის უფლებამოსილება, მოთხოვნა უშუალოდ თავდებისაგან, მსესხებლის მიმართ იძულებითი აღსრულების მცდელობის გარეშეც დაიკმაყოფილოს, არ არის გამუქებული ან რაიმე ნიშნით განსხვავებულად წარმოჩენილი, რაც უდავოდ ართულებს მის აღქმადობას ხელშეკრულების მონაწილე პირის მიერ და აძლიერებს აპელანტის იმ პოზიციას, რომ იგი არ იყო ინფორმირებული სოლიდარული თავდებობის შესახებ.

12.11. ამგვარად, პალატამ მიიჩნია, რომ საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე არ დასტურდებოდა, რომ ე.წ. „სოლიდარული თავდებობისა“ და მისი სამართლებრივი შედეგების შესახებ ინფორმაცია თავდებისთვის განსაკუთრებული წესით იყო ხელმისაწვდომი ან/და განმარტებული. ასეთი მტკიცების არარსებობის პირობებში კი, მ.ფ–ვასა და ბანკს შორის დადებული 2016 წლის 20 ივლისის საკრედიტო ხელშეკრულების შემადგენელი (თავდებობის) ხელშეკრულების 2.2-ე და 3.3-ე პუნქტებით გათვალისწინებული პირობები, სამოქალაქო კოდექსის 344-ე, 346-ე მუხლების თანახმად, ბათილია, რაც იმას ნიშნავს, რომ სახეზე არ არის ხელშეკრულების საფუძველზე სოლიდარული თავდებობის წარმომშობი ფაქტობრივი შემადგენლობა. შესაბამისად, არ არსებობს მოპასუხე მ.ფ–ვას, როგორც სოლიდარული თავდების, მიმართ სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.

13. სააპელაციო სასამართლოს ზემოაღნიშნული გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა ს.ს. „თ.ბ–ი“-ს უფლებამონაცვლის, შ.პ.ს. „ტ.კ–ი“-ს წარმომადგენელმა, მოითხოვა ახალი გადაწყვეტილების მიღებით ბანკის სარჩელის სრულად დაკმაყოფილება და თავდების სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა, შემდეგ გარემოებათა გამო:

13.1. უსაფუძვლოა სასამართლოს მოსაზრება, რომ ხელშეკრულების 2.2. და 2.3. პუნქტები, რომლებიც ადგენს მოპასუხის სოლიდარულ თავდებობას, წარმოადგენს უჩვეულო სტანდარტულ პირობას მისი სამართლებრივი ბუნების გამო და საჭიროებს განსაკუთრებულად ყურადღების გამახვილებას ხელშეკრულების დადების ეტაპზე ბანკის მხრიდან. უსაფუძვლოა ის პოზიციაც, რომ რადგან თავად ხელშეკრულების სათაური სოლიდარულობაზე მითითებას არ შეიცავს, მ.ფ–ვასთვის ცნობილი ვერ იქნებოდა ის გარემოება, რომ ძირითად მოვალესთან ერთად სოლიდარულ პასუხისმგებლობას კისრულობდა. კასატორს უსაფუძვლოდ მიაჩნია იმაზე აპელირებაც, რომ ხელშეკრულება დადებულია წვრილი შრიფტით და სოლიდარულობაზე მითითების შემცველი პუნქტები არ არის გამუქებული. კასატორის მოსაზრებით, საკასაციო სასამართლოს მიერ სააპელაციო პალატის არგუმენტაციის გაზიარებით შეიქმნება პრეცედენტი, რომლითაც ნებისმიერ მსესხებელს, ძირითადი მოვალე იქნება ეს თუ სოლიდარული, შესაძლებლობა მიეცემა, მიაღწიოს საბანკო კრედიტის ხელშეკრულების ნებისმიერი პუნქტის ბათილად ცნობის შედეგს, რადგან მითითებული ხელშეკრულება თანაბარი შრიფტით არის შედგენილი.

13.2. კასატორის მითითებით, ხელშეკრულების ნებისმიერი პირობა მნიშვნელოვანია, რადგან ყველა წინადადება შეიძლება დაკავშირებული იყოს სამართლებრივი შედეგის დადგომასთან. საქმეზე მტკიცებულებად წარდგენილი როგორც ძირითადი ხელშეკრულების, ისე სოლიდარული თავდებობის პუნქტები მკაფიოდ წაკითხვადი და აღქმადია. ნებისმიერი კლიენტისთვის ცნობილია, რომ როდესაც ხელშეკრულებას დებს საბანკო დაწესებულებასთან, მისი ინტერესია, რომ სრულყოფილად გაეცნოს მის შინაარსს. ის ფაქტი, რომ ძირითად შემთხვევაში არ ხდება ხელშეკრულების სრულყოფილად წაკითხვა, მხარე მხოლოდ პირველ გვერდს ეცნობა და შემდეგ აწერს ხელს დოკუმენტს, თავად კლიენტის რისკია და არა კრედიტორის, რადგან ხელშეკრულება დადების მომენტში თვალსაჩნოა და არაფერია დაფარული. თუმცა, ასეც რომ მომხარიყო და მხარეს ხელშეკრულება სრულად არ წაეკითხა, მითითება, რომ იგი სოლიდარულად იღებდა ვალდებულებას მსესხებელთან ერთად, განხორციელებულია ხელშეკრულების პირველივე გვერდზე, პირველსავე აბზაცში, შესაბამისად, სააპელაციო სასამართლოს მითითება, რომ კრედიტორმა არ გაამუქა და სათაურშივე არ განმარტა სოლიდარული ხელშეკრულების სამართლებრივი ბუნება, რითაც შეცდომაში შეიყვანა კლიენტი, არასწორია.

13.3. მ.ფ–ვამ ვერ შეძლო სათანადო არგუმენტების წარმოდგენის გზით თავდების მიერ სადავო ხელშეკრულების არსებითი შეცდომის საფუძველზე ხელმოწერის ფაქტის დადასტურება, მეტიც, საქმეში არსებული არაერთი წერილობითი მტკიცებულებით, მათ შორის, მ.ფ–ვას მიერ ხელმოწერილი თავდებობის შესახებ განცხადებით დასტურდება, რომ განმცხადებელი მსესხებელთან ერთად კისრულობდა სწორედ სოლიდარულ პასუხისმგებლობას, შეესრულებინა ბანკთან დადებული 20.07.2016 წლის №000643161 ხელშეკრულებით მსესხებლის მიერ ნაკისრი ვალდებულებები. წერილობითი გარიგების დადებისას მხარე ნების გამოვლენას ადასტურებს ხელმოწერით და ივარაუდება, რომ მხარე გაეცნო გარიგების შინაარსს, პირობებს, მოიწონა და მას სურს შესაბამისი სამართლებრივი შედეგი დადგომა. ის, რაზეც აპელანტი და უკვე, სააპელაციო სასამართლოც უთითებს, რომ გარიგების დადებისას მოხდა შეცდომა, არ იყო განპირობებული კრედიტორის ბრალით, ეს ცალსახაა, რადგან წარმოდგენილი ხელშეკრულების არცერთი პუნქტი არ იძლევა ვარაუდის საფუძველს, რომ იგი მიზანმიმართულად იქნა შედგენილი კლიენტის შეცდომაში შესაყვანად, ხოლო საწინააღმდეგოს დადასტურება ვერ მოახერხა თავდებმა ვერანაირი მტკიცებულებით, ამიტომ ის მხარე, რომელიც იყენებს შეცილების უფლებას, თავადვეა ვალდებული, დაამტკიცოს შეცდომის არსებობა და მიზეზობრივი კავშირი შეცდომასა და ნების გამოვლენას შორის.

14. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 22 ივნისის განჩინებით ს.ს. „თ.ბ–ი“-ს უფლებამონაცვლედ წინამდებარე დავაში ცნობილი იქნა შპს „ტ.კ–ი“. ამავე სასამართლოს 2022 წლის 18 ივლისის განჩინებით საკასაციო საჩივარი მიღებული იქნა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მიხედვით, დასაშვებობის შესამოწმებლად, ხოლო 2023 წლის 24 თებერვლის განჩინებით საკასაციო საჩივარი ცნობილი იქნა დასაშვებად და დადგინდა მისი განხილვა ზეპირი მოსმენის გარეშე.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

15. საკასაციო პალატამ შეისწავლა წარმოდგენილი საკასაციო საჩივრის საფუძვლები, შეამოწმა გასაჩივრებული გადაწყვეტილების იურიდიული დასაბუთება და მიაჩნია, რომ საკასაციო საჩივარი ნაწილობრივ დასაბუთებულია, რის გამოც დაკმაყოფილებას ექვემდებარება ნაწილობრივ, შესაბამისად, სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება უნდა გაუქმდეს და საქმეზე მიღებული უნდა იქნეს ახალი გადაწყვეტილება სარჩელის ნაწილობრივ დაკმაყოფილების შესახებ, შემდეგ გარემოებათა გამო:

16. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია. დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურსამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება.

17. განსახილველ შემთხვევაში, კასატორის პრეტენზია მიემართება სააპელაციო სასამართლოს სამართლებრივ დასკვნებს და არა მის მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს, შესაბამისად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები, რომლებიც ასახულია წინამდებარე გადაწყვეტილების 11.1-11.5 პუნქტებში, სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსთვისაც.

18. იმ სამართლებრივი შედეგის გათვალისწინებით, რისი მიღწევაც მოსარჩელე ბანკს სურდა, მოთხოვნის სამართლებრივი საფუძველია საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 867-ე (საბანკო კრედიტის ხელშეკრულებით კრედიტის გამცემი აძლევს ან მოვალეა მისცეს მსესხებელს სასყიდლიანი კრედიტი სესხის ფორმით), 891.1 (თავდებობის ხელშეკრულებით თავდები კისრულობს ვალდებულებას, თავდებად დაუდგეს კრედიტორის წინაშე მესამე პირს ამ უკანასკნელის ვალდებულების შესასრულებლად) და 898.1 (თავდები ყველა შემთხვევაში პასუხს აგებს მხოლოდ თავდებობის დოკუმენტში მითითებული ზღვრული თანხის ოდენობამდე) მუხლები.

19.1. თავდებობის ხელშეკრულებით თავდები კისრულობს ვალდებულებას, თავდებად დაუდგეს კრედიტორის წინაშე მესამე პირს ამ უკანასკნელის ვალდებულების შესასრულებლად. გირავნობის და იპოთეკისაგან განსხვავებით, თავდებობა ვალდებულების უზრუნველყოფის პიროვნული საშუალებაა, ვინაიდან ამ შემთხვევაში თავდები პირადად აგებს პასუხს მოვალის მიერ კრედიტორის წინაშე ნაკისრი ვალდებულებისათვის. თავდებობა წარმოადგენს ცალმხრივ, კაუზალურ და კონსენსუალურ ვალდებულებით-სამართლებრივ ხელშეკრულებას, რომლის ძალითაც ხელშეკრულების ერთი მხარე - თავდები კისრულობს ვალდებულებას, ხელშეკრულების მეორე მხარის - კრედიტორის წინაშე, თავდებად დაუდგეს მესამე პირს - მოვალეს ამ უკანასკნელის ვალდებულების შესასრულებლად. (იხ. სუსგ. №ას-1172-2018 08.02.2019წ.).

19.2. თავდებობა სამოქალაქო ბრუნვაში ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფის ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული საშუალებაა. სანივთო უზრუნველყოფისაგან განსხვავებით, თავდებობა პიროვნული უზრუნველყოფის საშუალებად გვევლინება (იხ. ჭანტურია ლ., კრედიტის უზრუნველყოფის სამართალი, თბილისი, 2012 წ., გვ.182), რომლის დროსაც კრედიტორის შესრულების ინტერესის უზუნველსაყოფად გადამწყვეტი მნიშვნელობა თავდების გადახდისუნარიანობას ენიჭება (იხ. სუსგ. №ას-726-2019, 05.07.2019წ.).

19.3. თავდებობის ხელშეკრულება იდება ორ მხარეს - თავდებსა და კრედიტორს შორის და მასში არ მონაწილეობს მოვალე, თუმცა, თავდებობის შინაარსს წარმოადგენს სწორედ მოვალის მიერ კრედიტორის წინაშე ნაკისრი ვალდებულების პიროვნული უზრუნველყოფა. თავდებობა ფორმასავალდებულო გარიგებაა და ნამდვილობისათვის წერილობითი ფორმის დაცვის წინაპირობა წაეყენება. ამავდროულად, სსკ-ის 892-ე მუხლის 1-ლი ნაწილის ნორმატიული შინაარსი ითხოვს თავდებობის ხელშეკრულებაში თავდების პასუხისმგებლობის რაოდენობრივად განსაზღვრული მაქსიმალური (ზღვრული) თანხის მითითებას.

19.4. სსკ-ის 327-ე მუხლის მიხედვით ხელშეკრულება დადებულად ითვლება, თუ მხარეები მის ყველა არსებით პირობაზე შეთანხმდნენ საამისოდ გათვალისწინებული ფორმით. არსებითად ჩაითვლება ხელშეკრულების ის პირობები, რომლებზედაც ერთ-ერთი მხარის მოთხოვნით მიღწეულ უნდა იქნეს შეთანხმება, ანდა რომლებიც ასეთად მიჩნეულია კანონის მიერ.

19.5. თავდებობის ორმხრივი გარიგების არსებით პირობად სსკ-ის 892-ე მუხლის პირველი ნაწილის ნორმატიული შინაარსი მიიჩნევს შეთანხმების მიღწევას თავდების პასუხისმგებლობის რაოდენობრივად განსაზღვრულ მაქსიმალურ (ზღვრულ) თანხაზე. ზემოაღნიშნული ნორმის ამგვარი მოთხოვნა თავდების ფინანსური ინტერესების დაცვის მნიშვნელოვანი კომპონენტია, ვინაიდან, ზღვრული თანხის მითითება გამორიცხავს თავდების პასუხისმგებლობის ზრდის შესაძლებლობას იმ შემთხვევაში, როდესაც უზრუნველყოფილ მოთხოვნას ერიცხება პროცენტი ან/და პირგასამტეხლო (საურავი). მიუხედავად უზრუნველყოფილი ვალდებულების ზრდისა, თავდები, ყველა შემთხვევაში, პასუხს აგებს მხოლოდ თავდებობის ხელშეკრულებაში ან/და თავდების განცხადებაში მითითებული ზღვრული თანხის ოდენობამდე (სსკ 898.1 მუხლი).

19.6. თავდებობის ხელშეკრულების წერილობითი ფორმა და თვით თავდებობის დოკუმენტში (ხელშეკრულებაში) თავდების პასუხისმგებლობის რაოდენობრივად განსაზღვრული მაქსიმალური თანხის მითითების სავალდებულოობა თავდები პირის უფლებების დაცვას ემსახურება. დასახელებული ნორმების დამცავი ფუნქცია სწორედ იმაში ვლინდება, რომ თავდებმა იცის მისი პასუხისმგებლობის მაქსიმალური ოდენობა.

19.7. სსკ-ის 891-ე მუხლის პირველი ნაწილისა და 893-ე მუხლის შესაბამისად, თავდებობის ხელშეკრულება უზრუნველყოფს კრედიტორის წინაშე მოვალის ვალდებულების შესრულებას. ამასთან, თავდებობის ხელშეკრულება იდება კრედიტორსა და მოვალეს შორის არსებული ვალდებულების საფუძველზე და დამოკიდებულია ძირითად ხელშეკრულებაზე, ანუ თავდებობა აქცესორული ხასიათისაა. შესაბამისად, როდესაც წყდება ძირითადი ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულება, წყდება თავდების ვალდებულებაც. თავდებობის აქცესორული ბუნება იმპერატიული ხასიათისაა (იხ. სუსგ. №ას-836-802-2016, 20.01.2016წ.; №ას-97-2019, 05.07.2019წ.; №ას-726-2019, 05.07.2019წ.).

19.8. კანონმდებელი ერთმანეთისგან განსახვავებს სუბსიდიურ და სოლიდარულ თავდებობას. სუბსიდიური თავდებობის არსი იმაშია, რომ კრედიტორი არ არის უფლებამოსილი, ძირითადი ვალდებულების შესრულების მოთხოვნით მიმართოს თავდებს, თუ მან ძირითადი მოვალის მიმართ არ სცადა იძულებითი აღსრულება. მხოლოდ მას შემდეგ, რაც კრედიტორი ძირითადი მოვალის მიმართ სასამართლოსადმი მიმართვის გზით შეეცდება დაიკმაყოფილოს მოთხოვნა, მაგრამ აღნიშნული ღონისძიებები უშედეგო აღმოჩნდება, კრედიტორს წარმოეშვება თავდებისათვის მიმართვის უფლება ძირითადი მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად. სუბსიდიური თავდებობა თანამედროვე საქმიან ურთიერთობებში არაპრაქტიკულად მიიჩნევა და, შესაბამისად, ნაკლებად გამოყენებადი უზრუნველყოფის სახეა.

19.9. სამოქალაქო ბრუნვის მონაწილეებისთვის, განსაკუთრებით, საფინანსო ინსტიტუტებისთვის, მიმზიდველია თავდებობის ისეთი ფორმა, რომელიც სოლიდარული ვალდებულების წარმოშობის საფუძვლად იქცევა. აღნიშნული განპირობებულია იმით, რომ სოლიდარული პასუხისმგებლობის შემთხვევაში, კრედიტორის მოთხოვნა უზრუნველყოფილია მაღალი ხარისხით - ამ დროს კრედიტორს შეუძლია შესრულების მოთხოვნით მიმართოს როგორც ძირითად მოვალეს, ისე თავდებს, ან ორივეს.

19.10. თავდებობის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების საპირწონედ, პასუხის აგოს მოვალის მაგივრად კრედიტორის წინაშე, კანონმდებელი თავდებს აღჭურავს კრედიტორის მოთხოვნისაგან თავდაცვის საშუალებებითაც, რაც შესაგებლის წარდგენის უფლებაში გამოიხატება. თავდები უფლებამოსილია, კრედიტორს წარუდგინოს ყველა ის შესაგებელი, რომელიც მასსა და კრედიტორს შორის არსებული თავდებობის ურთიერთობიდან გამომდინარეობს. ამასთან, კანონმდებელი თავდებს, სსკ-ის 899-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ყველა იმ შესაგებლის წარდგენის უფლებასაც ანიჭებს, რომელიც ძირითად მოვალეს ეკუთვნის, რადგან თავდებობა სხვისი ვალის შესრულების უზრუნველყოფას ემსახურება და, შესაბამისად, კრედიტორს თავდების მიმართ უფლების განხორციელების თვალსაზრისით იმაზე კარგი უფლებები არ უნდა ჰქონდეს, ვიდრე მას მოვალის მიმართ აქვს. ნორმა მოვალის ყველა არსებულ შესაგებელს მოიცავს. (იხ. სუსგ. №ას-1329-2019, 12.04.2019წ.).

20.1. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ კერძო ავტონომია და სახელშეკრულებო თავისუფლება სამოქალაქო ბრუნვის უმთავრეს ღირებულებას წარმოადგენს. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 319-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, „კერძო სამართლის სუბიექტებს შეუძლიათ კანონის ფარგლებში თავისუფლად დადონ ხელშეკრულებები და განსაზღვრონ ამ ხელშეკრულებათა შინაარსი. მათ შეუძლიათ დადონ ისეთი ხელშეკრულებებიც, რომლებიც კანონით გათვალისწინებული არ არის, მაგრამ არ ეწინააღმდეგება კანონს“. ხელშეკრულების თავისუფლება მოიცავს ისეთ ორ ძირითად პრინციპს, როგორიცაა ხელშეკრულების დადების თავისუფლება და ხელშეკრულების შინაარსის განსაზღვრის თავისუფლება. ხელშეკრულების შინაარსის თავისუფლების ფარგლებში შეთანხმებული პირობები კი იქცევა შესასრულებლად სავალდებულო ქცევის წესების ერთობლიობად და მბოჭავია ურთიერთობის მხარეთათვის (იხ. სუსგ. №ას-913-2021, 05.07.2022წ.).

20.2. მიუხედავად ამისა, კერძო ავტონომია და სახელშეკრულებო თავისუფლება არ წარმოადგენს შეუზღუდავ მოცემულობას, არამედ ხორციელდება განსაზღვრულ ფარგლებში. კერძო ავტონომიის მასშტაბები, რომლებიც, როგორც წესი, კანონით განისაზღვრება, ან გარიგების ფორმას ეხება ან გარიგების შინაარსს ან სხვა გარემოებები უდევს საფუძვლად (იხ. ლ. ჭანტურია, სამოქალაქო სამართლის ზოგადი ნაწილი, თბილისი, 2011 წ., გვ. 94). „ხელშეკრულების თავისუფლების პრინციპის ბოროტად გამოყენების თავიდან აცილებისა და კონსტიტუციური მნიშვნელობის პრინციპების დაცვის მიზნით“ ხელშეკრულების თავისუფლება გარკვეულ შეზღუდვებს განიცდის. სახელშეკრულებო თავისუფლება შეიძლება არსებობდეს მხოლოდ მაშინ, როდესაც მხარეები თანასწორ მდგომარეობაში იმყოფებიან ერთმანეთთან.

20.3. საკასაციო პალატა იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მითითებას იმის შესახებ, რომ ინფორმაციული თუ ეკონომიკური ძალაუფლებით მომხმარებლები და საბანკო დაწესებულებები არათანაბარად არიან აღჭურვილნი, რაც მათ ფაქტობრივ უთანასწორობას განაპირობებს, შესაბამისად, საკრედიტო ურთიერთობებში მათ აბსოლუტურ უფლებრივ თანაბრობაზე მითითება გაუმართლებელია. შესაბამისად, სასამართლოს ჩარევა სახელშეკრულებო თავისუფლებაში სახელშეკრულებო პირობათა კონტროლის გზით გამართლებულია, თუკი სასამართლოს ინტერვენცია კერძო ავტონომიის ფარგლებში ემსახურება მომხმარებლის კონტრაჰენტთან უფლებრივ გათანაბრებას.

21.1. ხელშეკრულების თავისუფლების შეზღუდვის კანონისმიერ საფუძველს წარმოადგენს სტანდარტული პირობებით დადებული ხელშეკრულების დებულებებზე სასამართლოს ზედამხედველობის უფლებამოსილება. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 342-ე მუხლის 1-ლი ნაწილის შესაბამისად, ხელშეკრულების პირობების სტანდარტულ პირობებად მიჩნევის სავალდებულო ნიშნებია: 1. სტანდარტული პირობები არის სახელშეკრულებო პირობები; 2. სტანდარტული პირობები არის წინასწარ ჩამოყალიბებული პირობები; 3. სტანდარტული პირობები არის მრავალჯერადი გამოყენებისათვის გამიზნული პირობები; 4. სტანდარტულ პირობებს ერთი მხარე (შემთავაზებელი) უდგენს მეორე მხარეს; 5. სტანდარტული პირობებით უნდა მოხდეს კანონით დადგენილი ნორმებისაგან განსხვავებული ან მათი შემვსები წესების დადგენა (იხ. სუსგ. №ას-755-811-2011, 10.09.2012წ.).

21.2. სტანდარტული პირობები ძირითადად ინტეგრირებულია ისეთ გარიგებებში, რომელთა დადებაც ერთ-ერთი მხარის სამეწარმეო საქმიანობის ნაწილია. სახელშეკრულებო ურთიერთობების გაიოლებისა და დაჩქარების, რეგულაციური ვაკუუმისა თუ სამართლის ნორმების მოდერნიზების მიზნით, შემთავაზებელი მეწარმე სუბიექტი მრავალჯერადი გამოყენებისათვის წინასწარ შეიმუშავებს სახელშეკრულებო პირობებს წერილობითი ფორმით და წარუდგენს სავარაუდო კონტრაჰენტს ხელმოსაწერად, შესაბამისად, პირობები არ დგინდება ინდივიდუალურად და მეორე მხარეს არ აქვს შესაძლებლობა გავლენა მოახდინოს სტანდარტიზებული პირობების შინაარსზე.

21.3. სტანდარტული პირობები სახელშეკრულებო პირობებია და ისინი ხელშეკრულების შემადგენელ ნაწილად მიიჩნევა მაშინაც კი, როცა ისინი ტექნიკურად არსებობენ ხელშეკრულებისაგან განცალკევებულად (მაგ. შემთავაზებელს საკუთარი სარეწის ფარგლებში თვალსაჩინო ადგილას გამოკრული აქვს სტანდარტული პირობები).

21.4. სტანდარტული პირობებით კონტრაჰირება საბანკო სექტორის დამკვიდრებულ პრაქტიკას წარმოადგენს. საგულისხმოა, რომ სტანდარტული პირობების გამოყენების ერთ-ერთი მთავარი მიზანი მეორე მხარისათვის რისკის გადაკისრება და საპირწონედ, შემთავაზებლის პოზიციების გამყარებაა მეორე მხარის პოზიციების ხარჯზე. რისკის ამ დაუბალანსებელი გადანაწილების მიუხედავად, შემთავაზებელი, როგორც წესი, უპრობლემოდ ახერხებს სტანდარტული პირობის ხელშეკრულების ნაწილად ქცევას, რადგან კლიენტი, ჩვეულებრივ, იღებს სტანდარტულ პირობას ისე, რომ არ ეცნობა მას. ის ან ვერ აცნობიერებს სტანდარტული პირობების რეალურ შინაარსსა და მნიშვნელობას, ან თავს იმით იმშვიდებს, რომ ამ პირობების ამოქმედება ნაკლებსავარაუდოა (იხ. სამოქალაქო კოდექსის კომენტარი, წიგნი III, 342-ე მუხლის კომენტარი, გვ. 183, https://lawlibrary.info/ge/books/giz2019-ge-civil_code_comm_III_book.pdf).

21.5. უფლებრივი დისბალანსის რეგულირების, რისკების თავიდან აცილებისა და სახელშეკრულებო სამართლიანობის უზრუნველყოფის მიზანს ემსახურება სამოქალაქო კოდექსის 344-ე-348-ე მუხლები, რომლებიც ითვალისწინებენ უჩვეულო დებულებების ხელშეკრულებიდან ამორიცხვის, ბუნდოვანი პირობების მეორე მხარის სასარგებლოდ განმარტებისა და უსამართლო სტანდარტული პირობების ბათილად მიჩნევის საფუძვლებს. ამავდროულად, სამოქალაქო კოდექსის ყველა სხვა ნორმა, რომელიც გარიგების ბათილობას ეხება, გამოიყენება სტანდარტულ პირობათა მიმართაც.

21.6. განსახილველ შემთხვევაში, სააპელაციო სასამართლოს მიერ თავდებობის ხელშეკრულების 2.2.-2.3. პუნქტები ბათილად მიჩნეულია სსკ 344-ე მუხლის საფუძველზე, ესე იგი, დასახელებული პირობები მიჩნეულია უჩვეულო დებულებებად, რის გამოც, სააპელაციო პალატის განსჯით, ისინი ვერ იქცნენ ხელშეკრულების შემადგენელ ნაწილად. შესაბამისად, საკასაციო პალატა დასახელებულ ნორმებს უპირატესად სწორედ სსკ 344-ე მუხლთან მიმართებით შეაფასებს.

22.1. სამოქალაქო კოდექსის 344-ე მუხლის თანახმად, სტანდარტული პირობების ისეთი დებულებები, რომლებიც ფორმის მიხედვით იმდენად უჩვეულოა, რომ მეორე მხარეს არ შეეძლო მათი გათვალისწინება, ხელშეკრულების შემადგენელ ნაწილად არ იქცევა. ეს წესი თანაბრად მოქმედებს როგორც მომხმარებლის, ისე მეწარმისათვის წაყენებული სტანდარტული პირობების შემთხვევაში, რადგან მეწარმესაც არ ეკისრება ფაკულტატური ვალდებულება სტანდარტული პირობების სრულად წაკითხვისა თუ ამასთან დაკავშირებით მოლაპარაკების წარმოებისა. (იხ. სამოქალაქო კოდექსის კომენტარი, წიგნი III, 344-ე მუხლის კომენტარი, გვ. 203, https://lawlibrary.info/ge/books/giz2019-ge-civil_code_comm_III_book.pdf). ამით შემთავაზებლის კონტრაჰენტის უჩვეულო და მოულოდნელი პირობებისაგან დაცვის მიზნით შექმნილია ე.წ. ნეგატიური ჩართვის წინაპირობა - პირობა არ უნდა იყოს უჩვეულო, წინააღმდეგ შემთხვევაში ვერ გახდება ხელშეკრულების შემადგენელი ნაწილი. სსკ-ის 344-ე მუხლი გვევლინება სტანდარტული პირობების სამართალში მოქმედი სიცხადის პრინციპის ერთ-ერთ გამოხატულებად.

22.2. უჩვეულოდ ჩაითვლება სტანდარტული პირობების ის დებულებები, რომლებიც ხელშეკრულების მეორე მხარეს, მისთვის მოულოდნელად დამატებით ვალდებულებებს აკისრებს ან შეთანხმებულ შესრულებას არსებითად ცვლის და ხელშეკრულების მხარეს მათი გათვალისწინება არ შეეძლო (შდრ: ლ.ჭანტურია, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის კომენტარი, წიგნი III, 2001, მუხლი 344, გვ.190.).

22.3. იმის დასადგენად, თუ რა ჩაითვლება ხელშეკრულების უჩვეულო სტანდარტულ პირობად, აუცილებელია შედარება “ჩვეულ“ რეგულაციასთან, რაც წამოჭრის საკითხს იმასთან დაკავშირებით, თუ ვისი თვალსაწიერიდან უნდა განისაზღვროს, რა ჩაითვლება „ჩვეულ“ წესად. სამოქალაქო კოდექსის 52-ე მუხლის გათვალისწინებით, ნების გამოხატვის შინაარსის დადგენისას, გადამწყვეტია არა შემთავაზებლის, არამედ მიმღების თვალსაწიერი. მნიშვნელობა ენიჭება არა კონკრეტული მეორე მხარის სუბიექტურ დამოკიდებულებას, არამედ კეთილსინდისიერების პრინციპის საფუძველზე ჩამოყალიბებულ მოლოდინს. სსკ-ის 344-ე მუხლის ამოქმედებისათვის, ხელშეკრულების სტანდარტული პირობის უჩვეულო დებულება უნდა იყოს მოულოდნელი, ანუ უნდა ჰქონდეს ე.წ. „მოუმზადებლად თავზე დატყდომის ეფექტი“ (იხ. სამოქალაქო კოდექსის კომენტარი, წიგნი III, 344-ე მუხლის კომენტარი, გვ. 210, https://lawlibrary.info/ge/books/giz2019-ge-civil_code_comm_III_book.pdf).

22.4. შემთავაზებელს აქვს შესაძლებლობა, გააქარწყლოს სტანდარტული პირობის მოულოდნელობის ეფექტი. ამისათვის, პირველ რიგში, აუცილებელია პირობის რეგულაციური შინაარსის ახსნა ან კანონისმიერი თუ ტიპიური სახელშეკრულებო ალტერნატიული რეგულაციის მკაფიოდ აღწერა. მხოლოდ ამ შემთხვევაში შეუძლია კონტრაჰენტს, გაცნობიერებულად მიიღოს გადაწყვეტილება, უღირს თუ არა პირობის ხელშეკრულებაში ჩართვა. მოულოდნელობის მომენტი არ არის სახეზე, როცა მხარეებმა უჩვეულო დებულება ხელშეკრულების დადებამდე დეტალურად განიხილეს. მკაფიო მითითებისა და განმარტების ვალდებულება აქვს შემთავაზებელს და არცერთ შემთხვევაში ხელშეკრულების მეორე მხარეს. უჩვეულო და მოულოდნელი სტანდარული პირობის ხელშეკრულების შემადგენელ ნაწილად არქცევის შემთხვევაში, ხელშეკრულება დადებულად ითვლება ამ პირობის გარეშე. ის რეგულაციური ვაკუუმი, რაც გამოწვეულია უჩვეულო სტანდარტული პირობის ხელშეკრულებაში არჩართვით, უნდა ამოივსოს კანონის დისპოზიციური ნორმებით. ხელშეკრულების დანარჩენი ნაწილი ძალაში რჩება (იხ. სამოქალაქო კოდექსის კომენტარი, წიგნი III, 344-ე მუხლის კომენტარი, გვ. 211-212, https://lawlibrary.info/ge/books/giz2019-ge-civil_code_comm_III_book.pdf).

23.1. განსახილველ შემთხვევაში, თავდები ბანკის სარჩელისგან თავს იცავდა იმ გარემოებაზე მითითებით, რომ მ.ბ–ს, მისივე თხოვნით, რამდენიმე თვით თავდებად დაუდგა მხოლოდ იმ პირობით, რომ თუკი იგი არ შეასრულებდა ბანკის წინაშე ნაკისრ ვალდებულებებს, ბანკი მოთხოვნის დაკმაყოფილებას ეცდებოდა ჯერ მსესხებლისგან, ხოლო თუ აღნიშნული, მცდელობის მიუხედავად, ვერ განხორციელდებოდა, თავდების მიმართ მოთხოვნა წარდგენილი იქნებოდა მხოლოდ ამის შემდგომ; სოლიდარული თავდებობის მნიშვნელობა მისთვის არავის განუმარტავს, წინააღმდეგ შემთხვევაში, ხელშეკრულებაზე ხელს არ მოაწერდა. არსებითად იმავე არგუმენტაციას ეფუძნება მ.ფ–ას სარჩელიც, თავდებობის ხელშეკრულების ბათილად ცნობის შესახებ.

23.2. საკასაციო სასამართლოს განსჯით, თავდებობის ხელშეკრულების სტანდარტული პირობები, რომლებიც განსაზღვრავს პასუხისმგებლობის ფორმას, ფარგლებს, და თავდებისგან მოთხოვნის დაკმაყოფილების წესს, წარმოადგენს არა თავდებობის ხელშეკრულების უჩვეულო, არამედ მნიშვნელოვან, მოსალოდნელ, სავარაუდო პირობათა ერთობლიობას. სამოქალაქო ბრუნვის ნებისმიერ საშუალო მონაწილეს, ჩაყენებულს თავდების მდგომარეობაში, უნდა გააჩნდეს მოლოდინი, რომ ბანკის წინაშე სხვის ვალდებულებაზე პასუხისმგებლობის ასაღებად გამოცხადებისას, ბანკის მიერ ხელმოსაწერად წარდგენილი დოკუმენტებით დაითქმება პირობები, რომელიც ბანკის წინაშე მის ვალდებულებებს და ამ მოვალეობათა შესრულების წესს განსაზღვრავს. ამდენად, პალატა არ იზიარებს სააპელაციო სასამართლოს დასკვნას მასზედ, რომ ხელშეკრულების 2.2. მუხლი, რომლითაც თავდებმა მსესხებელთან ერთად იკისრა სოლიდარული პასუხისმგებლობა მსესხებლის მიერ ნაკისრი ვალდებულების ჯეროვნად შესრულებაზე და ამავე ხელშეკრულების 3.3 მუხლი, რომლითაც ბანკს მიენიჭა უფლებამოსილება, მოთხოვნა დაეკმაყოფილებინა უშუალოდ თავდებისაგან მსესხებლის მიმართ იძულებითი აღსრულების მცდელობის გარეშეც, წარმოადგენდა იმგვარ პირობებს, რომელთა ხელშეკრულებაში არსებობის მოლოდინი, თავდებს, ობიექტური თვალსაწიერიდან გამომდინარე, უნდა ჰქონოდა.

23.3. თავდები თავადვე განმარტავს, რომ ბანკის წინაშე პასუხისმგებლობის ფორმა მისთვის მნიშვნელოვან ფაქტორს წარმოადგენდა და მსესხებელთან - მ.ბ–თან ზეპირსიტყვიერად შეათანხმა კიდეც, რომ ბანკს მისთვის, როგორც თავდებისთვის, მოთხოვნის წაყენების უფლება ექნებოდა მხოლოდ მაშინ, რაც უშედეგოდ ამოწურავდა უშუალოდ მსესხებლისგან კრედიტის უკან დაბრუნების შესაძლებლობას, წინააღმდეგ შემთხვევაში, თავდებობის ხელშეკრულებაზე ხელმოწერას არ დათანხმდებოდა. ამ განმარტებაში დასახელებული ფაქტების დამტკიცებულად მიჩნევის პირობებშიც კი, სასამართლო შენიშნავს, რომ თავდებს, რომელმაც დასახელებულ შეთანხმებას მიაღწია არა ბანკთან, არამედ იმ პირთან, ვისაც თავდებად უდგებოდა, გონივრული, სამოქალაქო ბრუნვის საშუალო მონაწილის წინდახედულობით, მართებდა შემოწმება იმისა, თუ რამდენად ასახა ბანკის მიერ მომზადებულმა ხელშეკრულების პროექტმა მ.ფ–ვასა და მ.ბ–ს შორის ზეპირად მიღწეული შეთანხმების პირობები. ასეთი შემოწმების, სულ მცირე, ზედაპირულად წარმართვის პირობებშიც კი, თავდებს უნდა შეენიშნა ხელშეკრულების 3.3. პუნქტი, რომელიც რთული სამართლებრივი ცნებების გარეშე, ნათლად და არაორაზროვნად აწესებს შემდეგს „ბანკი უფლებამოსილია დაიკმაყოფილოს მოთხოვნა უშუალოდ თავდებისაგან მსესხებლის/მსესხებლების მიმართ იძულებითი აღსრულების მცდელობის გარეშეც“. დასახელებული ნორმა, პრაქტიკულად, მიმართულია სწორედ არაიურისტი თავდებისათვის, რათა მას რთული სამართლებრივი ცნებების გარეშე აუხსნას, თუ რას ნიშნავს სოლიდარული თავდებობა, რომელიც, მ.ფ–ვას მტკიცებით, მისთვის უცნობ სამართლებრივ ტერმინს წარმოადგენდა.

23.4. საკასაციო სასამართლოს განმარტებით, ნების გამოვლენის ფორმებს უაღრესად დიდი პრაქტიკული დატვირთვა გააჩნია გარიგებებში, ვინაიდან გამოხატული ნებისადმი არსებობს კონტრაჰენტის მიერ გამოვლენილი ნდობის დაცვის ღირსი ინტერესი, ამიტომ მხედველობაში არ უნდა იქნას მიღებული პირის მტკიცება, რომ მას ის ნება არ ჰქონდა, რომელიც გამოხატა, თუ მისი ნების გარეგანი გამოხატულებით მეორე მხარემ კეთილსინდისიერად ირწმუნა, რომ იგი უფლებებით აღიჭურვა. აღნიშნულიდან გამომდინარე, ნების გამოხატვა, რომელიც გარკვეული სამართლებრივი შედეგების დადგომისკენ არის მიმართული, დაკავშირებულია არა მხოლოდ უფლებების, არამედ მოვალეობების წარმოშობასთან. შესაბამისად, საწინააღმდეგოს დადასტურებამდე ივარაუდება, რომ პირის მიერ გამოვლენილი ნება შეესაბამება მის ნამდვილ ნებას. აღნიშნული პრეზუმფცია ქარწყლდება, თუ დადასტურდება, რომ ნება გამოვლენილ იქნა ისეთ პირობებში, რომელიც გამოვლენილი ნების ნამდვილი ნებისადმი შესაბამისობას გამორიცხავს. მაგალითად, პირის ქმედუუნარობა, სულიერი აშლილობა, ფსიქიკური, ფიზიკური იძულება, მოტყუება, და ა.შ. ეს ისეთი გარემოებებია, როდესაც პირი მოკლებულია შესაძლებლობას, მართოს ნების გამოხატვის ფორმები. როდესაც პირს შეზღუდული აქვს ე.წ. „მოქმედების ნება“, ასეთ ვითარებაში იგულისხმება, რომ დაუძლეველ გარემოებათა გამო, პირი იმ ნებას გამოხატავს, რომელიც მის ნამდვილ ნებას არ შეესაბამება (ფიზიკური თუ ფსიქიკური ფაქტორების გამო) ან პირი გამოხატავს სხვა პირის და არა თავის რეალურ ნებას (მოტყუება, იძულება და ა.შ.). ასეთ შემთხვევაში, ნების გამომვლენი, რაღა თქმა უნდა, დაცული უნდა იყოს გამოვლენილი არანამდვილი ნების თანამდევი შედეგებისგან. ამასთან, სამოქალაქო კოდექსის 81-ე მუხლი მოტყუების გამო გარიგების ბათილობას ითვალისწინებს იმ შემთხვევაში, როდესაც არანამდვილი ნების ფორმირება მოტყუების საფუძველზე განხორციელდა და არა ნდობით გამოწვეული უხეში გაუფრთხილებლობის გამო. გასათვალისწინებელია ისიც, რომ გარიგების წერილობითი ფორმით დადებისას მხარეები ამ გარიგების დადების ნებას გამოხატავენ მასზე ხელმოწერით. პირის მიერ თავისი ნებითა და მოქმედებით სამოქალაქო უფლებების განხორციელებას კანონი უკავშირებს პირის ქმედუნარიანობის არსებობას. ქმედუნარიანი პირის მიერ კანონით დადგენილი წესით ნების გამოვლენისას - ხელშეკრულების ხელმოწერისას - ივარაუდება, რომ მისთვის ცნობილია ამ ხელშეკრულების შინაარსი, ასევე ივარაუდება, რომ პირი აცნობიერებს ხელმოწერით გამოხატული ნების სამართლებრივ შედეგს (იხ. სუსგ, №ას-620-592-2016, 6 მარტი, 2017 წელი).

23.5. საკასაციო პალატა ყურადღებას მიაქცევს საქმის მასალებში დაცულ №000643161 საკრედიტო ხელშეკრულების შემადგენელი თავდებობის №1051628-000643161 ხელშეკრულებას (იხ. ტ.1.ს.ფ. 32-36), რომლის ხუთივე გვერდი ხელმოწერილია თავდების მიერ. მასში ნათლად არის განსაზრვრული ხელშეკრულების საგანი, აგრეთვე თავდებობით უზრუნველყოფილი მოთხოვნა და თავდების პასუხისმგებლობის სახე (სოლიდარული თავდებობა). ამრიგად, იმ მოცემულობის გათვალისწინებით, რომ კრედიტორის წინაშე თავდების პასუხისმგებლობის მომწესრიგებელი ნორმები საკასაციო პალატას თავდებობის ხელშეკრულების მოულოდნელ, უჩვეულო პირობებად არ მიაჩნია, საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ დასახელებული პირობები იქცნენ თავდებობის ხელშეკრულების მარეგულირებელ პირობებად და მათი ბათილად მიჩნევის საფუძველი სსკ 344-ე-348-ე მუხლების ფარგლებში არ იკვეთება.

23.6. იმ დოკუმენტებში, რომლებსაც თავდებმა ხელი მოაწერა, დეტალურად და გარკვევით არის განსაზღვრული გარიგების შინაარსი. შესაბამისად, მას ჰქონდა დოკუმენტში აღწერილი და მის მიერ გამოსავლენი ნების შეცნობის ობიექტური შესაძლებლობა. საკასაციო პალატა მხარეს დამატებით განუმარტავს, რომ სამოქალაქო უფლება-მოვალეობათა მქონე სუბიექტები ვალდებულნი არიან გამოიჩინონ შესაბამისი სამოქალაქო სამართლებრივი წინდახედულობა. თავდების მითითება, რომ დოკუმენტებზე ხელი წაუკითხავად მოაწერა, იმ პირობებში, როდესაც ჰქონდა მათი შინაარსის გაცნობის შესაძლებლობა, მეტყველებს სწორედ თავდების წინდაუხედავობასა და დაუდევრობაზე, რაც არ იმსახურებს სამართლებრივ დაცვას.

24.1. იმის გათვალისწინებით, რომ თავდები თავდებობის ხელშეკრულების ბათილად ცნობის საფუძვლად მიიჩნევს შეცდომას (შეცდომით დადებული გარიგების - სსკ 72-ე მუხლსა და 73-ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტზე), საჭიროა, სადავო თავდებობის ხელშეკრულება შემოწმდეს ამ ინსტიტუტთან მიმართებითაც.

24.2. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 72-ე მუხლის თანახმად, გარიგება შეიძლება საცილო გახდეს, თუ ნების გამოვლენა მოხდა არსებითი შეცდომის საფუძველზე. ამავე კოდექსის 73-ე მუხლის 1-ლი ნაწილის შესაბამისად, არსებით შეცდომად ითვლება, როცა: ა) პირს სურდა დაედო სხვა გარიგება და არა ის, რომელზედაც მან გამოთქვა თანხმობა; ბ) პირი ცდება იმ გარიგების შინაარსში, რომლის დადებაც მას სურდა; გ) არ არსებობს ის გარემოებები, რომელთაც მხარეები, კეთილსინდისიერების პრინციპებიდან გამომდინარე, განიხილავენ გარიგების საფუძვლად.

24.3. ბათილი გარიგების ერთ-ერთ სახეს წარმოადგენს საცილო გარიგება. საცილო გარიგება დადების მომენტში ნამდვილია, მაგრამ შეცილების შედეგად კარგავს იურიდიულ ძალას, ე.ი ხდება ბათილი. საცილო გარიგება შეცილების გამო ბათილად ჩაითვლება არა შეცილების მომენტიდან, არამედ მისი დადების მომენტიდან. საცილო გარიგების გავრცელებული შემთხვევებია შეცდომით, მოტყუებით ან იძულებით დადებული გარიგებები (შდრ. ლ. ჭანტურია, სამოქალაქო კოდექსის კომენტარი, წიგნი I, მუხლი 54, ველი 12, თბილისი, 2017 წ.).

24.4. საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ სსკ-ის 72-ე მუხლის საფუძველზე გარიგება შეიძლება საცილო გახდეს, თუ ნების გამოვლენა მოხდა არსებითი შეცდომის საფუძველზე. არსებითი შეცდომა მოცემულია მაშინ, როდესაც პირის რეალური და გამოხატული ნება ერთმანეთს არ ემთხვევა. შეცდომა არსებითობის განსჯისას გათვალისწინებული უნდა იქნეს შემთხვევის ყველა გარემოება. შეცდომის არსებითობის შეფასება წარმოადგენს სამართლებრივ კატეგორიას (შდრ. თორნიკე დარჯანია, სამოქალაქო კოდექსის კომენტარი, წიგნი I, მუხლი 72, ველი 6, თბილისი, 2017). შეცდომა უნდა იყოს ნების გამოვლენის განმსაზღვრელი, ანუ იგი უნდა იმყოფებოდეს მიზეზობრივ კავშირში დამდგარ შედეგთან (ნების გამოვლენასთან). ამას ადგილი აქვს იმ შემთხვევაში, როდესაც შეცდომის შედეგად პირი ავლენს ისეთ ნებას, რომელსაც შეცდომის გარეშე ამ კონკრეტული ფორმით არ გამოავლენდა, ანუ როდესაც შეცდომა შედეგის განმსაზღვრელია. შეცილებაზე უფლებამოსილია დაინტერესებული პირი, ანუ ის, ვინც ნების გამოვლენისას შეცდომას უშვებს და არა ნების გამოვლენის ადრესატი. შეცდომით დადებული გარიგების სამართლებრივი შედეგი, შეცილების შემდეგ გამოიხატება გარიგების ბათილობაში მისი დადების მომენტიდან (ex tunc).

24.5. განსახილველ შემთხვევაში, შეცდომის განმაპირობებელ მიზეზად თავდები უთითებს იმ გარემოებაზე, რომ მან წაუკითხავად მოაწერა ხელი ბანკის მიერ წარდგენილ თავდებობის ხელშეკრულებას. აღნიშნულის საპირწონედ, საკასაციო პალატა მოიხმობს განმარტებას, რომლის თანახმადაც, იმ გარემოების დამტკიცებულად მიჩნევის პირობებშიც კი, რომ მხარეს არ წაუკითხავს ხელმოსაწერად წარდგენილი ხელშეკრულების ტექსტი, „...ხელშეკრულება ვერ იქნება ბათილად ცნობილი, ვინაიდან ხელშეკრულებაზე ნებაყოფლობით ხელის მოწერით მხარე გამოთქვამს რა თანხმობას სახელშეკრულებო პირობებზე, ივარაუდება, რომ ხელშეკრულების პირობები მისთვის ცნობილია. კანონი არ ითვალისწინებს ხელშეკრულების ბათილობას მხარის დაუდევრობის - ხელშეკრულების გაცნობის გარეშე ხელმოწერის გამო“ (იხ. სუსგ №ას-193-180-2015, 30 აპრილი, 2015 წელი). ამდენად, ხელშეკრულების პირობების წაკითხვის გარეშე ხელმოწერა არ ქმნის ფაქტობრივი გარემოებების შეცდომად კვალიფიკაციისა და, შესაბამისად, გარიგების ბათილად ცნობის საფუძველს.

25. იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ სადავოდ ქცეული თავდებობის ხელშეკრულება პალატას მიაჩნია ნამდვილად, და, ამავდროულად, სასარჩელო წარმოების ფარგლებში წამოყენებულია კრედიტორის მოთხოვნა კრედიტის ამღებისა და სოლიდარული თავდებისათვის საკრედიტო ურთიერთობიდან გამომდინარე დავალიანების დაკისრების შესახებ, საკასაციო პალატა მსჯელობას წარმართავს ამავე მოთხოვნის საფუძვლიანობაზეც.

26.1. პალატა შენიშნავს, რომ სარჩელის აღძვრის ეტაპზე ბანკის სასარჩელო მოთხოვნები ფორმულირებული იყო შემდეგნაირად:

1) მ.ფ–ვას და მ.ბ–ს (თავდებს მისი მაქსიმალური პასუხისმგებლობის ფარგლებში) ს.ს. „თ.ბ–ი“-ს სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ: 2016 წლის 20 ივლისის საკრედიტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების 8118.95 ლარის გადახდა, საიდანაც ძირი თანხაა - 3118.63 ლარი, პროცენტი - 1040.71 ლარი და პირგასამტეხლო - 3959.61 ლარი;

2) მ.ფ–ვას და მ.ბ–ს ს.ს. „თ.ბ–ის“ სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ 2019 წლის 19 ივლისიდან (დავალიანების შესახებ ცნობის გაცემიდან) 2016 წლის 20 ივლისის საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ძირ თანხაზე - 3118.63 ლარზე, ვალდებულების სრულად შესრულებამდე, წლიური 18.62% სარგებლის გადახდა, რაც ყოველთვიურად შეადგენს - 48.39 ლარს;

3) მ.ფ–ვას და მ.ბ–ს სს „თ.ბ–ის“ სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ 2019 წლის 19 ივლისიდან (დავალიანების შესახებ ცნობის გაცემიდან) საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ძირ თანხაზე - 3118.63 ლარზე, ვალდებულების სრულად შესრულებამდე, ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე შემცირებული პირგასამტეხლოს 0.27%-ის გადახდა, რაც ყოველდღიურად შეადგენს 8.42 ლარს, მაგრამ არაუმეტეს 3118 ლარისა.

26.2. მოსარჩელე ბანკმა 2020 წლის 03 ივნისის სასამართლო სხდომაზე, 1-ლი და მე-3 სასარჩელო მოთხოვნა დააზუსტა იმგვარად, რომ 2019 წლის 19 ივლისამდე დარიცხული პირგასამტეხლოს მოთხოვნა შეამცირა 1000 ლარამდე, 2019 წლის 19 ივლისიდან დასარიცხი პირგასამტეხლოს ზღვრულ ოდენობად განსაზღვრა 1000 ლარი.

26.3. პირველი ინსტანციის სასამართლოს შემაჯამებელი გადაწყვეტილების თანახმად, დაზუსტებული (შემცირებული) სასარჩელო მოთხოვნის ფარგლებში სასარჩელო მოთხოვნა დაკმაყოფილებულია შემდეგი მოცულობით:

Ø მ.ფ–ვას და მ.ბ–ს ს.ს. „თ.ბ–ი“-ს სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისრათ, 2016 წლის 20 ივლისის საკრედიტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების 4555.24 ლარის გადახდა, საიდანაც სესხის ძირი თანხაა - 3118.63 ლარი, პროცენტი - 1040.71 ლარი და პირგასამტეხლო - 395.9 ლარი;

Ø მ.ფ–ვას და მ.ბ–ს ს.ს. „თ.ბ–ი“-ს სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისრათ 2019 წლის 19 ივლისიდან (დავალიანების შესახებ ცნობის გაცემიდან) 2020 წლის 20 ივლისამდე, საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ძირ თანხაზე - 3118.63 ლარზე, 18.62%-ის გადახდა, ხოლო 2020 წლის 21 ივლისიდან ვალდებულების სრულად შესრულებამდე, ძირ თანხაზე - 3118.63 ლარზე, წლიური 7% სარგებლის გადახდა;

Ø მ.ფ–ვას და მ.ბ–ს ს.ს. „თ.ბ–ი“-ს სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისრათ 2019 წლის 19 ივლისიდან (დავალიანების შესახებ ცნობის გაცემიდან) საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ძირ თანხაზე - 3118.63 ლარზე, ვალდებულების სრულად შესრულებამდე, ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე 0.05%-ის ოდენობით პირგასამტეხლოს გადახდა, მაგრამ არაუმეტეს 1000 ლარისა;

Ø თავდების - მ.ფ–ვას პასუხისმგებლობის მაქსიმალური ოდენობა განისაზღვრა 5 100 ლარის ოდენობით.

26.4. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებები მხარეებმა და მესამე პირებმა დამოუკიდებელი სასარჩელო მოთხოვნით შეიძლება კანონით დადგენილ ვადაში გაასაჩივრონ საკასაციო სასამართლოში. ამავე კოდექსის 406-ე მუხლის თანახმად, დავის საგნის შეცვლა ან გადიდება, შეგებებული სარჩელის შეტანა და ხარჯების განსაზღვრა საკასაციო სასამართლოზე დაუშვებელია.

26.5. თვალსაჩინოა, რომ დაზუსტებული (შემცირებული) სასარჩელო მოთხოვნის პირობებშიც კი, პირველი ინსტანციის სასამართლომ სასარჩელო მოთხოვნა არა სრულად, არამედ ნაწილობრივ დააკმაყოფილა, რის მიუხედავადაც, მოსარჩელე ბანკს სააპელაციო საჩივრის წარდგენის უფლებამოსილებით არ უსარგებლია. წარმოდგენილ საკასაციო საჩივარში კასატორი სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილებას ითხოვს სრულად, სასარჩელო მოთხოვნის დაზუსტებამდე სარჩელში ასახული ოდენობით (იხ. მოცემული გადაწყვეტილების 26-ე პუნქტი).

26.6. სარჩელის ნაწილობრივ დაკმაყოფილების პირობებში მოსარჩელის მიერ სააპელაციო საჩივრის წარუდგენლობა და სასარჩელო მოთხოვნის სრულად დაკმაყოფილების პრეტენზიის საკასაციო საჩივარში გაცხადება მოსარჩელის მხრიდან წარმოადგენს დავის საგნის გაზრდას საკასაციო სამართალწარმოების ეტაპზე, რაც დაუშვებელია. გასათვალისწინებელია ისიც, რომ კასატორმა პირველი ინსტანციის სასამართლოში, დისპოზიციურობის პრინციპის თავისუფლად განკარგვის პირობებში, საკუთარი ნებით შემაცირა სასარჩელო მოთხოვნები, რითაც დაკარგა ზემდგომი ინსტანციის სასამართლოებში მისი კვლავ გაზრდის უფლებამოსილება.

26.7. ამდენად, საჩივრის ავტორის საუარესოდ გადაწყვეტილების შეცვლის დაუშვებლობის პრინციპიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო სასარჩელო მოთხოვნის ოდენობაზე მსჯელობისას შებოჭილია პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილით დადგენილი ფარგლებით. ამრიგად, სასარჩელო მოთხოვნების სარჩელსა და საკასაციო საჩივარში მითითებული ოდენობით სრულად დაკმაყოფილებაზე საკასაციო მოთხოვნას საფუძველი არ გააჩნია.

27.1. სასარჩელო მოთხოვნების ოდენობის საკითხზე მსჯელობის წარმართვის მიზნებისათვის, საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ 2007 წლის 28 დეკემბერს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსში განხორციელებული ცვლილებების მიხედვით, მოპასუხის მიერ პასუხის (შესაგებლის) წარდგენა სავალდებულო ხასიათს ატარებს (საქართველოს 28.12.2007წ.-ის კანონი №5669-სსმ), რაც იმაში გამოიხატება, რომ აღნიშნული საპროცესო ვალდებულების შეუსრულებლობა მხარისათვის უარყოფით საპროცესოსამართლებრივ შედეგებს იწვევს. კერძოდ, სარჩელში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები ითვლება შეუდავებლად და, შესაბამისად, დამტკიცებულად. სსსკ-ის 201-ე მუხლის მე-7 ნაწილით გათვალისწინებული შესაგებლის წარუდგენლობის ფაქტი თავისთავად განსაზღვრავს მტკიცების საგანს, რადგანაც მოსარჩელე თავისუფლდება სარჩელში მითითებული ფაქტების მტკიცებისაგან...საპროცესო კანონმდებლობით დადგენილია მოპასუხის მიერ კონკრეტული შესაგებლის წარდგენის ვალდებულება, კერძოდ, სსსკ-ის 201-ე მუხლის მე-4 ნაწილის შინაარსიდან გამომდინარე, დგინდება, რომ მოპასუხე უნდა შეედავოს მოსარჩელის გამართულ, დასაბუთებულ მოთხოვნას ანუ დავის გადაწყვეტისათვის სამართლებრივად მნიშვნელოვან ფაქტობრივ გარემოებებს, წინააღმდეგ შემთხვევაში, მოსარჩელის მიერ მითითებული ფაქტები (და არა მისი სამართლებრივი შეხედულებები) დამტკიცებულად ითვლება (იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს დიდი პალატის გადაწყვეტილება საქმეზე №ას-664-635-2016, 02.03.2017წ.).

27.2. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 219-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მხარეები შეზღუდული არიან, ახსნა-განმარტების მოსმენისას წარადგინონ ახალი მტკიცებულებები ან მიუთითონ ახალ გარემოებებზე, რომელთა შესახებაც არ ყოფილა მითითებული სარჩელსა თუ შესაგებელში ან საქმის მომზადების სტადიაზე, გარდა იმ შემთხვევისა, როცა მათ შესახებ თავის დროზე საპატიო მიზეზით არ იყო განცხადებული. მოპასუხეს შესაგებლისგან განსხვავებულ გარემოებათა მთავარ სხდომაზე მითითებისას საპატიო მიზეზის არსებობა არ დაუსაბუთებია, ამდენად, სასარჩელო მოთხოვნა უნდა შეფასებულიყო შესაგებელში ასახული არგუმენტაციის ფარგლებში.

27.3. საკასაციო პალატა შენიშნავს, რომ არც შესაგებელში, არც შეგებებულ სარჩელსა და არც საქმის წინასწარი მომზადების სტადიის დასრულებამდე, თავდები არსებითად არ შედავებია სასარჩელო მოთხოვნის მოცულობას. მისი საპროცესო სტრატეგია მოიცავდა მხოლოდ თავდების პასუხისმგებლობის გამორიცხვის მტკიცებას თავდებობის ხელშეკრულების ბათილობის საფუძვლებზე მითითებით, რაც არ გაიზიარა საკასაციო სასამართლომ.

28.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 867-ე მუხლის თანახმად, საბანკო კრედიტის ხელშეკრულებით კრედიტის გამცემი აძლევს ან მოვალეა მისცეს მსესხებელს სასყიდლიანი კრედიტი სესხის ფორმით.

28.2. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 868-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მხარეთა შეთანხმებით კრედიტორისათვის შეიძლება განისაზღვროს მყარი ან ცვალებადი საპროცენტო განაკვეთი; ხელშეკრულების მონაწილე მხარეთა შორის პროცენტის თაობაზე შეთანხმების არსებობისას, მსესხებლის ვალდებულებას წარმოადგენს დააბრუნოს სესხის ძირითადი თანხა და ასევე, ხელშეკრულებით განსაზღვრული პროცენტი.

28.3. სსსკ 201-ე მუხლის მე-4 ნაწილიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოში დადგენილად მიიჩნევა, რომ ს.ს. „ბ.რ“-სა და მ.ბ–ს დადებული საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე კრედიტის ამღების დავალიანება შეადგენს 4159.34 ლარს, საიდანაც 3118.63 ლარი კრედიტის ძირითადი თანხის დაუბრუნებელი ნაწილია, ხოლო 1040.71 ლარი - გადაუხდელი საპროცენტო სარგებელი.

29.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 891-ე მუხლის თანახმად, თავდებობის ხელშეკრულებით თავდები კისრულობს ვალდებულებას თავდებად დაუდგეს კრედიტორის წინაშე მესამე პირს ამ უკანასკნელის ვალდებულების შესასრულებლად. სსკ-ის 893-ე მუხლი თავდების ვალდებულებისათვის განმსაზღვრელად მიიჩნევს შესაბამისი ძირითადი ვალდებულების არსებობას.

29.2. ამავე კოდექსის 892.1 მუხლის შესაბამისად, თავდებობის ნამდვილობისათვის საჭიროა თავდების წერილობითი განცხადება და თვით თავდებობის დოკუმენტში (ხელშეკრულებაში) თავდების პასუხისმგებლობის რაოდენობრივად განსაზღვრული მაქსიმალური თანხის მითითება. სსკ 893-ე მუხლის პირველი წინადადების შესაბამისად, თავდების ვალდებულებისათვის განმსაზღვრელია შესაბამისი ძირითადი ვალდებულების არსებობა.

29.3. სსკ 895-ე მუხლის შესაბამისად, თუ თავდები კისრულობს პასუხისმგებლობას სოლიდარულად ან სხვა თანაბარმნიშვნელოვანი სახით, მას შეიძლება წაეყენოს მოთხოვნა იძულებითი აღსრულების მცდელობის გარეშეც, თუ ძირითადმა მოვალემ გადააცილა გადახდის ვადას და უშედეგოდ იქნა გაფრთხილებული, ანდა მისი გადახდისუუნარობა აშკარაა.

29.4. დადგენილია, რომ საკრედიტო №000643161 ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულების უზრუნველსაყოფად ს.ს. „ბ.რ“-სა და მ.ფ–ვას შორის 2016 წლის 20 ივლისს დაიდო თავდებობის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც (2.2. მუხლი) თავდებმა ძირითად მსესხებელთან ერთად იკისრა ვალდებულება, სოლიდარულად შეესრულებინა ბანკსა და მსესხებელს შორის არსებული და სამომავლო საკრედიტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულებები. თავდების პასუხისმგებლობის მაქსიმალური თანხა განისაზღვრა 5100 ლარით. ამავე ხელშეკრულების 3.2. პუნქტის თანახმად, თავდებობით სრულადაა უზრუნველყოფილი მსესხებლის/მსესხებლების ყველა არსებული და სამომავლო ვალდებულების შესრულება გამომდინარე ხელშეკრულებიდან ან/და მისი შემადგენელი ხელშეკრულებ(ებ)იდან, მათ შორის კრედიტები, დარიცხული საპროცენტო სარგებელი, პირგასამტეხლო და საურავი, სასამართლო/საარბიტრაჟო პროცესთან დაკავშირებული ნებისმიერი ხარჯების დაფარვის ვალდებულება, ხოლო ხელშეკრულების 3.3. პუნქტის შესაბამისად, ბანკს გააჩნია უფლებამოსილება, მოთხოვნა დაიკმაყოფილოს უშუალოდ თავდებისაგან მსესხებლის მიმართ იძულებითი აღსრულების მცდელობის გარეშეც.

30.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 873-ე მუხლის თანახმად, კრედიტის გამცემს შეუძლია შეწყვიტოს საკრედიტო ურთიერთობა, თუ გათვალისწინებულია კრედიტის დაბრუნება ნაწილ-ნაწილ და კრედიტის ამღებმა გადააცილა ზედიზედ, სულ ცოტა ორ ვადას. შეწყვეტა ძალაში შედის მაშინ, თუ ორკვირიანი დამატებითი ვადის მიცემის შემდეგაც არ მოხდება გადახდა.

30.2. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მე-400 მუხლის თანახმად, მოვალის მიერ ვალდებულების შესრულების ვადაგადაცილებულად ითვლება, თუ შესრულებისათვის დადგენილ დროში ვალდებულება არ შესრულდა.

30.3. დადგენილია, რომ ბანკმა შეასრულა საკრედიტო ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება და კრედიტის ამღებზე გასცა კრედიტი; საკრედიტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე კრედიტის შეთანხმებული გრაფიკის შესაბამისად გადახდის ვალდებულება კი კრედიტის ამღებს ჯეროვნად არ შეუსრულებია, რაც წარმოადგენს კრედიტორის მიერ მოპასუხეთათვის კრედიტის ძირითადი თანხისა და სარგებლის გადაუხდელ ნაწილში, თანხის სოლიდარულად დაკისრების სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძველს.

30.4. ამრიგად, კრედიტის ამღებსა და თავდებს სოლიდარულად უნდა დაეკისროთ ს.ს. „რესპუბლიკა ბანკი“-ს საბოლოო უფლებამონაცვლის _ შპს „ტ.კ–ის“ სასარგებლოდ 2016 წლის 20 ივლისის საკრედიტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების გადახდა, საიდანაც ძირი თანხაა - 3118.63 ლარი, პროცენტი - 1040.71 ლარი.

31.1. დადგენილია, რომ კრედიტორი კრედიტის თანხის დაბრუნებასა და სარგებლის გადახდევინებასთან ერთად, მოითხოვდა პირგასამტეხლოს სახით 1000 ლარის მოპასუხეებისათვის დაკისრებას, რაც ნაწილობრივ დაკმაყოფილდა კიდეც პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ.

31.2. სასამართლომ, სსკ 417-ე-418-ე მუხლებზე, აგრეთვე 2016 წლის 20 ივლისის საკრედიტო ხელშეკრულების 4.8 მუხლზე დაყრდნობით დაასკვნა, რომ არსებობდა პირგასამტეხლოს მოთხოვნის უფლება, თუმცა სსკ 420-ე მუხლზე მითითებით, ხელშეკრულებებით განსაზღვრული პირგასამტეხლო 0.5% ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე, მიიჩნია შეუსაბამოდ მაღალ ოდენობად და სარჩელის აღძვრამდე აკუმულირებული პირგასამტეხლოს ოდენობა შეამცირა 10-ჯერ, შესაბამისად, მისი ოდენობა განსაზღვრა 395.9 ლარით. სასამართლომ არაგონივრულად მიიჩნია 2019 წლის 19 ივლისიდან (დავალიანების შესახებ ცნობის გაცემიდან) ძირ თანხაზე - 3118.63 ლარზე ვალდებულების სრულად შესრულებამდე ყოველდღიური პირგასამტეხლოს გადახდა 0.5%-ის ოდენობითაც და სსკ 420-ე მუხლის გამოყენებით, 10-ჯერ შეამცირა იგი, შესაბამისად, მოპასუხეებს 2019 წლის 19 ივლისიდან პირგასამტეხლოს სახით სოლიდარულად დააკისრათ ძირი თანხის 0.05% ყოველი ვადაგადაცილებული დღისათვის, რაც შეადგენს 1.55 ლარს (მაგრამ არაუმეტეს 1000 ლარისა).

31.3. საკასაციო პალატა შენიშნავს, რომ სესხის ძირითადი თანხის, საპროცენტო სარგებლისა თუ პირგასამტეხლოს ოდენობის განსაზღვრის მართლზომიერებაზე არც მოსარჩელეს და არც მოპასუხეებს სააპელაციო პრეტენზია არ წარუდგენიათ, შესაბამისად, პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილი პირგასამტეხლოს ოდენობის არსებითად გადასინჯვის საპროცესო საფუძველი საკასაციო პალატას არ გააჩნია, საკასაციო პალატა მიუთითებს მხოლოდ მატერიალურ სამართლებრივ ნორმებზე, კერძოდ, სსკ 417-418-ე მუხლებზე და მიიჩნევს, რომ პირგასამტეხლოს მოთხოვნის უფლება პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფარგლებში საფუძვლიანია, ამრიგად, არსებობს კრედიტის ამღებისა და თავდებისათვის პირგასამტეხლოს - 395.9 ლარის, აგრეთვე 2019 წლის 19 ივლისიდან (დავალიანების შესახებ ცნობის გაცემიდან) საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ძირ თანხაზე - 3118.63 ლარზე, ვალდებულების სრულად შესრულებამდე, ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე 0.05%-ის ოდენობით (მაგრამ არაუმეტეს 1000 ლარისა) საურავის მოპასუხეებზე სოლიდარულად გადასახდელად დაკისრების წინაპირობები.

32.1. სასარჩელო მოთხოვნას წარმოადგენდა კრედიტის ამღებისა და თავდებისათვის კრედიტორის სასარგებლოდ 2019 წლის 19 ივლისიდან (დავალიანების შესახებ ცნობის გაცემიდან) 2016 წლის 20 ივლისის საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ძირ თანხაზე - 3118.63 ლარზე, ვალდებულების სრულად შესრულებამდე, წლიური 18.62% სარგებლის სოლიდარულად გადახდის დაკისრება, რაც ყოველთვიურად შეადგენს - 48.39 ლარს. დასახელებული თანხა, მოსარჩელის განმარტებით, ის საპროცენტო სარგებელია, რასაც ბანკი მომავალში მიიღებდა, კრედიტის ამღებს ან/და თავდებს კრედიტის დაბრუნებაზე უარი რომ არ განეცხადებინათ.

32.2. საკასაციო სასამართლო არაერთ გადაწყვეტილებაში/განჩინებაში განმარტავს, რომ სამოქალაქო სამართალში ზიანში მოიაზრება ქონებაზე ან სამართლებრივად დაცულ სხვა სიკეთეზე გარკვეული ზემოქმედებით გამოწვეული უარყოფითი შედეგი. ზიანი წარმოადგენს სამართალდარღვევის შემადგენლობის აუცილებელ ელემენტს. თუ არაა ზიანი, არც ქონებრივი პასუხისმგებლობის საკითხი შეიძლება დადგეს. ზიანი სწორედ რომ მართლსაწინააღმდეგო მოქმედების შედეგია. იგი წარმოადგენს სამართლებრივი სიკეთის ხელყოფის შედეგს. სსკ-ის 408.1-ე მუხლის თანახმად, „პირმა, რომელიც ვალდებულია აანაზღაუროს ზიანი, უნდა აღადგინოს ის მდგომარეობა, რომელიც იარსებებდა, რომ არ დამდგარიყო ანაზღაურების მავალდებულებელი გარემოება”. ზიანი უნდა ანაზღაურდეს არა მხოლოდ ფაქტობრივად დამდგარი ქონებრივი დანაკლისისათვის, არამედ მიუღებელი შემოსავლისთვისაც. სსკ-ის 411-ე მუხლის მიხედვით, „მიუღებლად ითვლება შემოსავალი, რომელიც პირს არ მიუღია და რომელსაც იგი მიიღებდა სამოქალაქო ბრუნვის ნორმალურად განვითარების შემთხვევაში ანუ ვალდებულება რომ ჯეროვნად შესრულებულიყო“.

32.3. მოხმობილი ნორმის თანახმად, ზიანის ანაზღაურება სწორედ რომ დადებითი ზიანის ანაზღაურებას გულისხმობს. დადებითი ზიანი ვალდებულების დარღვევის თანმხლები შედეგია. პირის მიერ დადებითი ზიანის სახით გაწეული ხარჯები გულისხმობს როგორც დაზარალებული მხარის აქტივების შემცირებას, ისე - მისი ვალდებულებების გაზრდას. რაც შეეხება მიუღებელ შემოსავალს, ესაა ანაცდური მოგება, ანუ ის შემოსავალი, რომელიც არ მიუღია უფლებამოსილ პირს და რომელსაც იგი მიიღებდა, ვალდებულ პირს ჯეროვნად რომ შეესრულებინა თავისი ვალდებულებები (შდრ. გიორგი რუსიაშვილი, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის კომენტარი, წიგნი III, მუხლი 408-ე, ველი 10, თბილისი, 2019).

32.4. მიუღებელი შემოსავალი სავარაუდო შემოსავალია, ამიტომაც დავის შემთხვევაში სასამართლომ ყურადღება უნდა გაამახვილოს იმ გარემოებებზე, რამდენად მოსალოდნელი იყო მისი მიღება. მოვალეს არ შეიძლება დაეკისროს იმის ანაზღაურება, რისი გათვალისწინებაც მას არ შეეძლო. ზიანი მოვალისათვის გონივრულად უნდა იყოს სავარაუდო. როგორც ზიანის მიყენების ფაქტი, ასევე განცდილი ზიანის ოდენობის დამტკიცების ტვირთი აწევს დაზარალებულ მხარეს ანუ კრედიტორს, რომელიც სასამართლო პროცესში წარმოადგენს მოსარჩელეს. ზიანის ანაზღაურების ოდენობა არ უნდა აღემატებოდეს რეალურად განცდილი დანაკარგების ჯამს. ის არ უნდა ატარებდეს მოვალის მიმართ სადამსჯელო ხასიათს და არ უნდა წარმოადგენდეს საჯარიმო სანქციას, რამეთუ ვალდებულების დარღვევისათვის სამოქალაქო-სამართლებრივი პასუხისმგებლობის არსი მდგომარეობს კრედიტორისათვის მიყენებული ზიანის ანაზღაურებაში და არა - მოვალის დასჯაში (იხ. სუსგ. №ას-1058-2022, 06.12.2022წ.).

32.5. იმისათვის, რომ შემოსავალი მიუღებლად ჩაითვალოს, მას პირდაპირი და უშუალო კავშირი უნდა ჰქონდეს მოვალის მიერ ვალდებულების დარღვევასთან. პირდაპირ კავშირში იგულისხმება მოვლენების, მოქმედებისა და დამდგარი შედეგის ის ლოგიკური ბმა, რომელიც არ ტოვებს შემოსავლის მიღების რეალურ შესაძლებლობასთან დაკავშირებული ეჭვის საფუძველს. მიუღებელი შემოსავლის ანაზღაურების საკითხის გადაწყვეტისას, ზიანის ანაზღაურება უნდა განისაზღვროს მხოლოდ ობიექტური კრიტერიუმებით, ისე, რომ ამას არ მოჰყვეს დაზარალებულის უსაფუძვლო გამდიდრება“ (იხ. სუსგ. №ას-154-2021, 01.04.2021წ.; №ას-945-895-2015, 14.03.2016წ.; №ას-307-291-2011, 24.10.2011წ.; №ას-899-845-2012, 22.11.2012 წ.).

32.6. მოცემულ შემთხვევაში, სარჩელის წარმდგენია საბანკო დაწესებულება, რომლის საქმიანობა საბანკო სფეროში კონკრეტულ და კანონიერ კომერციულ ინტერესს უკავშირდება, რაც გამოიხატება კრედიტის გაცემასა და აქედან გამომდინარე მოგების მიღებაში, რადგან სესხის ხელშეკრულებისაგან განსხვავებით, რომელიც შეიძლება იყოს სასყიდლიანი ან უსასყიდლო, საბანკო კრედიტის ხელშეკრულება, როგორც წესი, მხოლოდ სასყიდლიანი ფორმით არსებობს (სსკ-ის 867-ე მუხლი).

32.7. საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ საბანკო დაწესებულების მხრიდან ნებისმიერი საბანკო კრედიტის ხელშეკრულების გაფორმება ხდება იმ მოლოდინით, რომ ბანკი ხელშეკრულებით გათვალისწინებულ მოგებას მიიღებს. უფრო მეტიც, საბაზრო ეკონომიკის პირობებში, ფული განიხილება როგორც ყველაზე ბრუნვაუნარიანი საგანი, რომლის ფლობაც უპირობოდ იძლევა შემოსავლის მიღების პრეზუმფციას. საბანკო დაწესებულების შემთხვევაში, შემოსავალში შეიძლება ვიგულისხმოთ საპროცენტო განაკვეთი, რაც კრედიტით სარგებლობის გარკვეული ეტაპის დასრულებისას უნდა იყოს გადახდილი. რაც, თავის მხრივ, უზრუნველყოფს, რომ ბანკმა დაფაროს ის ხარჯები, რაც დაკავშირებულია დეპოზიტზე მოზიდული სხვისი სახსრების პროცენტების გადახდასთან, შესაბამისი მოგების მიღებასთან და სარესურსო ფონდების გაზრდასთან. აღნიშნულის გათვალისწინებით, მოვალის მიერ ვალდებულების შეუსრულებლობა, ბანკს აძლევს უფლებას მოითხოვოს, მიუღებელი შემოსავალი (იხ. სუსგ. №ას-1385-1307-2012, 07.02.2013წ.; №ას-1209-2019, 21.02.2020წ.; №ას-91-2021, 22.04.2021წ.).

32.8. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მ.ფ–ვას და მ.ბ–ს შ.პ.ს. „ტ.კ–ი“-ს სასარგებლოდ სოლიდარულად უნდა დაეკისროთ 2019 წლის 19 ივლისიდან (დავალიანების შესახებ ცნობის გაცემიდან) 2020 წლის 20 ივლისამდე, საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ძირ თანხაზე - 3118.63 ლარზე, 18.62%-ის გადახდა, ხოლო 2020 წლის 21 ივლისიდან ვალდებულების სრულად შესრულებამდე, ძირ თანხაზე - 3118.63 ლარზე, წლიური 7% სარგებლის გადახდა.

33.1. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 394-ე მუხლის „ე“ ქვეპუნქტის თანახმად, გადაწყვეტილება ყოველთვის ჩაითვლება კანონის დარღვევით მიღებულად, თუ გადაწყვეტილება იურიდიულად არ არის საკმარისად დასაბუთებული. ამავე კოდექსის 411-ე მუხლის პირველი წინადადების თანახმად, საკასაციო სასამართლო საქმეზე გადაწყვეტილებას თვითონ მიიღებს, თუ არ არსებობს ამ კოდექსის 412-ე მუხლით გათვალისწინებული გადაწყვეტილების გაუქმებისა და საქმის ხელახლა განსახილველად სააპელაციო სასამართლოში დაბრუნების საფუძვლები.

33.2. საკასაციო პალატის განსჯით, წინამდებარე საქმეზე სააპელაციო სასამართლოს მიერ სწორად დადგინდა დავისთვის მნიშვნელობის მქონე ფაქტები, თუმცა არასწორი სამართლებრივი კვალიფიკაცია მიეცა მათ, რამაც განაპირობა სარჩელზე მიღებული გადაწყვეტილების უსწორობა. საკასაციო პალატა, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტებისთვის სამართლებრივი შეფასების შეცვლით, საქმის ქვემდგომ სასამართლოში დაბრუნების გარეშე, შესაძლებლად მიიჩნევს სარჩელის დაკმაყოფილებას, ვინაიდან, საქმე არ საჭიროებს ფაქტების ხელახლა დადგენას ან მტკიცებულებათა ხელმეორედ გამოკვლევას.

სასამართლო ხარჯები:

34.1. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 37-ე მუხლის შესაბამისად, 1. პროცესის ხარჯებს შეადგენს სასამართლო ხარჯები და სასამართლოსგარეშე ხარჯები; 2. სასამართლო ხარჯებს შეადგენს სახელმწიფო ბაჟი და საქმის განხილვასთან დაკავშირებული ხარჯები. საქმის განხილვასთან დაკავშირებული ხარჯების გაანგარიშების წესი და მათი ოდენობა განისაზღვრება საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს გადაწყვეტილებით. 3. სასამართლოს გარეშე ხარჯებს წარმოადგენს ადვოკატისათვის გაწეული ხარჯები, დაკარგული ხელფასი (განაცდური), მტკიცებულებათა უზრუნველსაყოფად გაწეული ხარჯები, აგრეთვე მხარეთა სხვა აუცილებელი ხარჯები.

34.2. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა. იმ მხარის წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეულ ხარჯებს, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, სასამართლო დააკისრებს მეორე მხარეს გონივრულ ფარგლებში, მაგრამ არაუმეტეს დავის საგნის ღირებულების 4 პროცენტისა, ხოლო არაქონებრივი დავის შემთხვევაში – განსახილველი საქმის მნიშვნელობისა და სირთულის გათვალისწინებით, 2 000 ლარამდე ოდენობით.პირველი ნაწილის პირველი წინადადების თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან.

ამავე მუხლის მეორე და მესამე ნაწილების თანახმად, ამ მუხლში აღნიშნული წესები შეეხება აგრეთვე სასამართლო ხარჯების განაწილებას, რომლებიც გასწიეს მხარეებმა საქმის სააპელაციო და საკასაციო ინსტანციებში წარმოებისას. თუ სააპელაციო ან საკასაციო სასამართლო შეცვლის გადაწყვეტილებას ან გამოიტანს ახალ გადაწყვეტილებას, იგი შესაბამისად შეცვლის სასამართლო ხარჯების განაწილებასაც.

35.1. განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელის მიერ სახელმწიფო ბაჟის სახით სარჩელზე გადახდილია 387.06 ლარი, საიდანაც, 150.02 ლარი, როგორც ზედმეტად გადახდილი, მოსარჩელეს უკან უნდა დაუბრუნდეს. დარჩენილი 237.04 ლარიდან თავდების პასუხისმგებლობის ზღვრული ოდენობის (5100 ლარი) 3%, რაც 153 ლარს შეადგენს, კრედიტის ამღებსა და თავდებს სოლიდარულად უნდა დაეკისროთ, ხოლო დაკმაყოფილებული სასარჩელო მოთხოვნის იმ ნაწილისთვის განკუთვნილი სახელმწიფო ბაჟი - 50.68 ლარი, რომელიც სცდება თავდებობის პასუხისმგებლობის მაქსიმალური ოდენობის 3%-ს, აგრეთვე, სარჩელის უზრუნველყოფის განცხადებაზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 50 ლარი, უნდა გადახდეს მხოლოდ კრედიტის ამღებ მ.ბ–ს.

35.2. სააპელაციო საჩივარზე მ.ფ–ვას მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი - 204 ლარი, რამდენადაც მისი სარჩელი არ დაკმაყოფილდა, ექვემდებარება სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდილად დატოვებას.

35.3. რაც შეეხება საკასაციო სამართალწარმოების ეტაპს, ვინაიდან სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება სრულად გაუქმდა და საკასაციო სასამართლომ ახალი გადაწყვეტილებით არსებითად დადებითად გადაწყვიტა სარჩელის საფუძვლიანობის საკითხი, საკასაციო საჩივარზე მოსარჩელის მიერ გადახდილი 300 ლარის ანაზღაურება უნდა სოლიდარულად უნდა დაეკისროთ მ.ბ–სა და მ.ფ–ვას.

36. საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ სსსკ 53-ე მუხლის ფარგლებში განაწილებას ექვემდებარება არამხოლოდ სასამართლო ხარჯები, არამედ, პროცესის ხარჯები მთლიანად. ვინაიდან სასამართლო გადაწყვეტილება გამოტანილია მოსარჩელის სასარგებლოდ, მის მიერ გაღებული სასამართლოსგარეშე ხარჯი _ მ.ფ–ვას უძრავ ნივთზე აკრძალვის რეგისტრაციის საფასური 20 ლარის ოდენობით, მოპასუხეებს სოლიდარულად უნდა დაეკისროთ გადასახდელად.

37. საკასაციო პალატა შენიშნავს, რომ ჯერ კიდევ სასარჩელო წარმოების ეტაპზე მოსარჩელე შუამდგომლობდა მოპასუხეებისთვის წარმომადგენლის დახმარებისთვის გაწეული ხარჯის ნაწილის - 285.83 ლარის გადასახდელად დაკისრებას. სარჩელს დაერთვოდა საბანკო ქვითარი, რომლის თანახმადაც, ს.ს. „თ.ბ–ი“-სგან შ.პ.ს. „ტ“-ს, მ.ბ–ს საქმეზე მომსახურების საფასურის ავანსის დანიშნულებით გადახდილი ჰქონდა 500 ლარი.

საქმის სირთულისა და მოცულობის, გაწეული საპროცესო ძალისხმევის, მათ შორის, იმ გარემოების მხედველობაში მიღებით, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოში ჩატარებულია სულ სამი ზეპირი მოსმენა, ხოლო სააპელაციო და საკასაციო სამართალწარმოების ეტაპებზე საქმე განხილული იქნა ზეპირი მოსმენის გარეშე, საკასაციო პალატა, მოსარჩელის მიერ წარმომადგენლის დახმარებისთვის გაწეული ხარჯიდან მოპასუხე მხარისთვის გადასახდელად დასაკირებელ გონივრულ ოდენობად მიიჩნევს 200 ლარს.

სარჩელის უზრუნველყოფის საკითხი:

38.1. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 1991 მუხლის თანახმად, სარჩელის მიღებაზე უარის თქმის, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის, სარჩელის განუხილველად დატოვების ან საქმის წარმოების შეწყვეტის შემთხვევაში სასამართლო თავისი გადაწყვეტილებით (განჩინებით) აუქმებს ამ სარჩელთან დაკავშირებით გამოყენებულ უზრუნველყოფის ღონისძიებას, რაც საჩივრდება ამ გადაწყვეტილების (განჩინების) გასაჩივრებისათვის კანონით დადგენილი წესით. მხარეთა მორიგების შემთხვევაში სასამართლო აუქმებს უზრუნველყოფის ღონისძიებას, თუ მხარეები სხვა რამეზე არ შეთანხმდებიან.

38.2. ამრიგად, გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება გაუქმებას ექვემდებარება მაშინ, თუკი დროებით (სარჩელის მიღებაზე უარის თქმისას, სარჩელის განუხილველად დატოვებისას) ან მუდმივად (სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმისას, საქმის წარმოების შეწყვეტისას) დგება მოსარჩელის საუარესო შედეგი. იმ მოცემულობაში კი, როდესაც სარჩელი სრულად ან ნაწილობრივ მაინც დაკმაყოფილებულია, სარჩელის უზრუნველყოფის ღონიძიების გაუქმების საფუძველი არ არსებობს.

38.3. წინამდებარე გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილებულია ნაწილობრივ, შესაბამისად, არ არსებობს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 26 მაისის განჩინებით გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გაუქმების საფუძველი.

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე, 53-ე, 394-ე, 407-ე ,408-ე, 409-ე, 411-ე მუხლებით და

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

1. შ.პ.ს. „ტ.კ–ი“-ს საკასაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდეს.

2. გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 15 ნოემბრის გადაწყვეტილება და საქმეზე მიღებული იქნას ახალი გადაწყვეტილება.

3. შ.პ.ს. „ტ.კ–ი“-ს სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდეს.

4. მ.ფ–ვას და მ.ბ–ს შ.პ.ს. „ტ.კ–ი“-ს სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ 2016 წლის 20 ივლისის საკრედიტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების 4555.24 ლარის გადახდა, საიდანაც სესხის ძირი თანხაა - 3118.63 ლარი, პროცენტი - 1040.71 ლარი და პირგასამტეხლო - 395.9 ლარი.

5. მ.ფ–ვას და მ.ბ–ს შ.პ.ს. „ტ.კ–ი“-ს სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ 2019 წლის 19 ივლისიდან (დავალიანების შესახებ ცნობის გაცემიდან) 2020 წლის 20 ივლისამდე, საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ძირ თანხაზე - 3118.63 ლარზე, 18.62%-ის გადახდა, ხოლო 2020 წლის 21 ივლისიდან ვალდებულების სრულად შესრულებამდე, ძირ თანხაზე - 3118.63 ლარზე, წლიური 7% სარგებლის გადახდა.

6. მ.ფ–ვას და მ.ბ–ს შ.პ.ს. „ტ.კ–ი“-ს სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ 2019 წლის 19 ივლისიდან (დავალიანების შესახებ ცნობის გაცემიდან) საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ძირ თანხაზე - 3118.63 ლარზე, ვალდებულების სრულად შესრულებამდე, ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე 0.05%-ის ოდენობით პირგასამტეხლოს გადახდა, მაგრამ არაუმეტეს 1000 ლარისა.

7. წინამდებარე გადაწყვეტილების მე-4, მე-5, მე-6 პუნქტების აღსრულებისას თავდების - მ.ფ–ვას პასუხისმგებლობის მაქსიმალური ოდენობა განისაზღვროს 5 100 ლარის ოდენობით.

8. შ.პ.ს. „ტ.კ–ი“-ს (ს/ნ ........) დაუბრუნდეს სარჩელზე ზედმეტად გადახდილი სახელმწიფო ბაჟი _ 150.02 ლარის ოდენობით ((საგადახდო დავალება №18, გადახდის თარიღი: 15.07.2019წ, გადამხდელის ბანკი: ს.ს. „თ.ბ–ი“) შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“ ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150.

9. მ.ფ–ვას და მ.ბ–ს შ.პ.ს. „ტ.კ–ი“-ს სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის სანაცვლოდ 153 ლარის გადახდა.

10. მ.ბ–ს შ.პ.ს. „ტ.კ–ი“-ს სასარგებლოდ დაეკისროს სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის სანაცვლოდ 50.68 ლარის, აგრეთვე სარჩელის უზრუნველსაყოფად გადახდილი სახელმწიფო ბაჟის სანაცვლოდ 50 ლარის ანაზღაურება.

11. მ.ფ–ვას და მ.ბ–ს შ.პ.ს. „ტ.კ–ი“-ს სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ აკრძალვის რეგისტრაციის საფასურის (სასამართლოსგარეშე ხარჯის) _ 20 ლარის ანაზღაურება.

12. მ.ფ–ვას და მ.ბ–ს შ.პ.ს. „ტ.კ–ი“-ს სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ წარმომადგენლის დახმარებისთვის გაწეული ხარჯის ანაზღაურება - 200 ლარის ოდენობით.

13. არ დაკმაყოფილდეს მ.ფ–ვას სარჩელი ს.ს. „ბ.რ“-სა და მ.ფ–ვას შორის 2016 წლის 20 ივლისს გაფორმებული თავდებობის ხელშეკრულების ბათილად ცნობის შესახებ.

14. მ.ფ–ვას შ.პ.ს. „ტ.კ–ი“-ს სასარგებლოდ დაეკისროს კასატორის მიერ საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის _ 300 ლარის ანაზღაურება.

15. საკასაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

მოსამართლეები: ლაშა ქოჩიაშვილი

ამირან ძაბუნიძე

თეა ძიმისტარაშვილი