15 თებერვალი 2024 წელი №ას-884-2023 თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
მოსამართლეები: ლაშა ქოჩიაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
ამირან ძაბუნიძე
თეა ძიმისტარაშვილი
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე
კასატორი _ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო
მოწინააღმდეგე მხარე _ შ.პ.ს. ,,ბ.ი–ი"
გასაჩივრებული განჩინება _ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 10 აპრილის განჩინება
კასატორის მოთხოვნა _ გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება
დავის საგანი _ თანხის დაკისრება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს მოპასუხე შ.პ.ს. „ბ.ი–ი“-ს მიმართ პირგასამტეხლოს დაკისრების შესახებ.
2. მოპასუხემ წერილობითი შესაგებელი არ წარადგინა.
3. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 09 სექტემბრის გადაწყვეტილებით - სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა. მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ, პირგასამტეხლოს სახით 5513.07 ლარის გადახდა დაეკისრა. მოსარჩელის მოთხოვნა პირგასამტეხლოს სახით მოპასუხისათვის 28830.93 ლარის დაკისრების ნაწილში არ დაკმაყოფილდა.
4. ზემოაღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო საჩივრით გაასაჩივრა მოსარჩელემ, მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით - სარჩელის სრულად დაკმაყოფილება.
5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 10 აპრილის განჩინებით - სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, გასაჩივრებული გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად. სააპელაციო სასამართლომ მიუთითა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებზე და განმარტა შემდეგი:
5.1. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსა და შ.პ.ს. „ბ.ი–ს“ შორის 2020 წლის 23 ოქტომბერს გაფორმდა სახელმწიფო შესყიდვის შესახებ №702 ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც, მოპასუხემ აიღო ვალდებულება შემსყიდველისათვის მიეწოდებინა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სხვადასხვა დანაყოფების ჟილეტები ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვადების შესაბამისად. ხელშეკრულების საერთო ღირებულება შეადგენდა 144 000 ლარს.
5.2. სახელმწიფო შესყიდვის შესახებ №702 ხელშეკრულებიდან გამომდინარე, თითოეულ პოზიციას გააჩნდა სხვადასხვა შესრულების ვადები, კერძოდ, პირველი პოზიციის (განმასხვავებელი ჟილეტები) შესრულების ვადად განისაზღვრა ხელშეკრულების გაფორმებიდან 60 (სამოცი) კალენდარული დღე, არაუგვიანეს 2020 წლის 22 დეკემბრისა. მოპასუხეს მოსარჩელისათვის უნდა მიეწოდებინა 800 ცალი ჟილეტი, რომელთა ღირებულება ჯამში შეადგენდა 11 200 ლარს. მეორე პოზიციის (ჟილეტი ინსტრუქტორის) შესრულების ვადად განისაზღვრა ხელშეკრულების გაფორმებიდან 60 (სამოცი) კალენდარული დღე, არაუგვიანეს 2020 წლის 22 დეკემბრისა. მოპასუხეს მოსარჩელისათვის უნდა მიეწოდებინა 60 ცალი ჟილეტი, რომელთა ღირებულება ჯამში შეადგენდა 839.4 ლარს. მესამე პოზიციის (დეტექტივ-გამომძიებლის ჟილეტი (უსახელო)) შესრულების ვადად განისაზღვრა ხელშეკრულების გაფორმებიდან 75 (სამოცდათხუთმეტი) კალენდარული დღე, არაუგვიანეს 2021 წლის 06 იანვრისა. მოპასუხეს მოსარჩელისათვის უნდა მიეწოდებინა 2 546 ცალი ჟილეტი, რომელთა ღირებულება ჯამში შეადგენდა 117 116 ლარს. მეოთხე პოზიციის (ჟილეტი (მიგრაცია)) შესრულების ვადად განისაზღვრა ხელშეკრულების გაფორმებიდან 90 (ოთხმოცდაათი) კალენდარული დღე, არაუგვიანეს 2021 წლის 21 იანვრისა. მოპასუხეს მოსარჩელისათვის უნდა მიეწოდებინა 90 ცალი ჟილეტი, რომელთა ღირებულება ჯამში შეადგენდა 4140 ლარს. მეხუთე პოზიციის (ჟილეტი (გენ. ინსპექცია)) შესრულების ვადად განისაზღვრა ხელშეკრულების გაფორმებიდან 60 (სამოცი) კალენდარული დღე - არაუგვიანეს 2020 წლის 22 დეკემბრისა. მოპასუხეს მოსარჩელისათვის უნდა მიეწოდებინა 190 ცალი ჟილეტი, რომელთა ღირებულება ჯამში შეადგენდა 10 704.6 ლარს
5.3. მოპასუხემ დაარღვია სახელმწიფო შესყიდვის შესახებ №702 ხელშეკრულებით გათვალისწინებული მიწოდების ვადები. კერძოდ, პირველი პოზიციით გათვალისწინებული საქონელი - განმასხვავებელი ჟილეტები, ნაცვლად 2020 წლის 22 დეკემბრისა სრულად მიაწოდა 2021 წლის 05 თებერვალს - 45 (ორმოცდახუთი) დღის დაგვიანებით. მეორე პოზიციით გათვალისწინებული საქონელი - განმასხვავებელი ჟილეტები, ნაცვლად 2020 წლის 22 დეკემბრისა, სრულად მიაწოდა 2021 წლის 05 თებერვალს - 45 (ორმოცდახუთი) დღის დაგვიანებით. მესამე პოზიციით გათვალისწინებული საქონელი - დეტექტივ-გამომძიებლის ჟილეტი (უსახელო) ნაცვლად 2021 წლის 06 იანვრისა, სრულად მიაწოდა 2021 წლის 29 იანვარს - 23 (ოცდასამი) დღის დაგვიანებით. მეოთხე პოზიციით გათვალისწინებული საქონელი - ჟილეტი (მიგრაცია), ნაცვლად 2021 წლის 21 იანვრისა სრულად მიაწოდა 2021 წლის 29 იანვარს - 8 (რვა) დღის დაგვიანებით. მეხუთე პოზიციით გათვალისწინებული საქონელი - ჟილეტი (გენ. ინსპექცია), ნაცვლად 2020 წლის 22 დეკემბრისა, სრულად მიაწოდა 2021 წლის 29 იანვარს - 38 (ოცდათვრამეტი) დღის დაგვიანებით
5.4. წინამდებარე სარჩელით, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ მოითხოვა სახელმწიფო შესყიდვის შესახებ №702 ხელშეკრულებით გათვალისწინებული მიწოდების ვადების დარღვევისთვის პირგასამტეხლოს დაკისრება 34 344 ლარის ოდენობით. მოსარჩელის მოთხოვნაში დაფიქსირებული პირგასამტეხლოს მოცულობა ხელშეკრულების სრული ღირებულების (144 000 ლარი) გათვალისწინებითაა გაანგარიშებული.
5.5. პალატამ დაადგინა, რომ მოცემულ შემთხვევაში, სარჩელზე დავის საგანს წარმოადგენდა მხარეთა შორის არსებული ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულების დარღვევის გამო პირგასამტეხლოს დაკისრება, შესაბამისად, მოსარჩელის მოთხოვნის დამფუძნებელი ნორმები საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 417-ე-418-ე მუხლები იყო.
5.6. ასევე დადგენილია, რომ მოპასუხემ დაარღვია ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულება, შესაბამისად პირგასამტეხლოს გადახდის ვალდებულების წარმოშობა სადავო არ იყო, სადავო იყო მხოლოდ მოპასუხისათვის დასაკისრებელი პირგასამტეხლოს ოდენობა.
5.7. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 417-ე მუხლის თანახმად, პირგასამტეხლო არის მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა, რომელიც მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის. ამავე კოდექსის 418-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად, ხელშეკრულების მხარეებს შეუძლიათ თავისუფლად განსაზღვრონ პირგასამტეხლო, რომელიც შეიძლება აღემატებოდეს შესაძლო ზიანს. შეთანხმება პირგასამტეხლოს შესახებ მოითხოვს წერილობით ფორმას.
5.8. სასამართლომ განმარტა, რომ პირგასამტეხლო წარმოადგენს მოთხოვნის უზრუნველყოფის საშუალებას, რომლის მიხედვითაც, მოვალე ვალდებულების შესრულების ვადის გადაცილებისათვის ან ვალდებულების სხვა სახის დარღვევისათვის იხდის მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრულ ფულად თანხას. ამასთან პალატამ მიუთითა, რომ ქართულ კანონმდებლობაში პირგასამტეხლოს ორმაგი ფუნქცია აქვს. ერთი მხრივ, მას ვალდებულების ჯეროვანი შესრულების უზრუნველსაყოფად პრევენციული დატვირთვა აქვს ანუ, პირგასამტეხლოს დაკისრების რისკი ფსიქოლოგიურად ზემოქმედებს ვალდებულ პირზე და აიძულებს ვალდებულება ჯეროვნად შეასრულოს. პირგასამტეხლოს მეორე ფუნქცია განცდილი ზიანის მარტივად და სწრაფად ანაზღაურებაში მდგომარეობს. იგი ერთგვარ სანქციასაც წარმოადგენს. ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში, სანქციად ქცეული პირგასამტეხლო ვალდებულ პირს უპირობოდ ეკისრება, მიუხედავად იმისა, განიცადა თუ არა კრედიტორმა ზიანი ამ დარღვევის შედეგად.
მხარეთა შორის გაფორმებული ხელშეკრულების 9.3 ქვეპუნქტის მიხედვით, ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების ვადის, მათ შორის ხარვეზის აღმოფხვრის ან/და ნაკლის გამოსწორებისათვის განსაზღვრული ვადის გადაცილებისათვის მიმწოდებელს დაეკისრებოდა პირგასამტეხლოს გადახდა ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე ხელშეკრულების ღირებულების 0.15%-ის ოდენობით.
5.9. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლის შესაბამისად, სასამართლოს შეუძლია საქმის გარემოებათა გათვალისწინებით შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო.
სააპელაციო პალატამ მიუთითა, რომ პირგასამტეხლოს ოდენობის განსაზღვრისას ყურადღება ექცევა რამდენიმე გარემოებას. მათ შორის: ა) პირგასამტეხლოს, როგორც სანქციის ხასიათის მქონე ინსტრუმენტის ფუნქციას, თავიდან აიცილოს დამატებით ვალდებულების დამრღვევი მოქმედებები; ბ) დარღვევის სიმძიმესა და მოცულობას და კრედიტორისათვის წარმოქმნილი საფრთხის ხარისხს; გ) ვალდებულების დამრღვევი პირის ბრალეულობის ხარისხს; დ) პირგასამტეხლოს ფუნქციას, მოიცვას თავის თავში ზიანის ანაზღაურება“ (იხ. სუსგ № ას-816-767-2015, 19.11.2015წ.).
პალატამ მიუთითა, რომ მართალია, პირგასამტეხლოს ოდენობის განსაზღვრა მხარეთა უფლებაა და აღნიშნული კუთხით მოქმედებს სახელშეკრულებო ურთიერთობებში დამკვიდრებული მხარეთა ნების ავტონომიის პრინციპი, თუმცა, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლი შესაძლებლობას აძლევს სასამართლოს, საქმის გარემოებების გათვალისწინებით, შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო, მხარეთა მიერ გამოვლენილი ნების მიუხედავად.
5.10. პალატამ ყურადღება გაამახვილა იმ გარემოებაზე, რომ მიმწოდებლის მიერ ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებები უნდა შესრულებულიყო ეტაპობრივად. ამასთან დადგენილია, რომ მოპასუხემ ვალდებულებები განსხვავებული ვადებით დაარღვია. პირგასამტეხლოს შემცირების მიზნებისთვის სასამართლომ მხედველობაში მიიღო ის გარემოება, რომ პირგასამტეხლო მოსარჩელის მიერ დარიცხული იქნა არა ვადაგადაცილებული ვალდებულების მოცულობის, არამედ - ხელშეკრულების მთლიანი ღირებულების გათვალისწინებით. პალატამ შენიშნა, რომ სანქციის სახით პირგასამტეხლოს დაწესება არ უნდა გასცდეს იმ სამართლებრივ მიზანს, რასაც მას საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 417-ე მუხლი ანიჭებს. სააპელაციო პალატამ აქვე მიუთითა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მე-8 მუხლის მე-3 ნაწილზე, რომლის თანახმად სამართლებრივი ურთიერთობის მონაწილენი ვალდებულნი არიან კეთილსინდისიერად განახორციელონ თავიანთი უფლებები და მოვალეობანი.
პალატამ ყურადღება გაამახვილა იმ ფაქტზეც, რომ რიგ შემთხვევაში, ვალდებულების შესრულების ვადაგაცილების დღეების ოდენობა, არ შეიძლება მიჩნეულ იქნეს იმ ხარისხის დარღვევად, რაც მოსარჩელის მიერ მოთხოვნილი ოდენობით პირგასამტეხლოს დაკისრებას გაამართლებდა. ამასთან, მიუთითა, რომ მართალია, მიმწოდებლის მიერ ხელშეკრულებით განსაზღვრული მიწოდების ვადა დარღვეულ იქნა, თუმცა აპელანტი არც პირველი ინსტანციის სასამართლოში და არც სააპელაციო ინსტანციაში საქმის განხილვისას არ უთითებდა ვალდებულების შესრულების ვადაგადაცილებით გამოწვეული რაიმე ზიანის არსებობის თაობაზე. ასევე პრეტენზია არ გაცხადებულა შესრულებული სამუშაოს ხარისხთან მიმართებაში. შესაბამისად, დგინდება, რომ მომსახურება შესრულებულ იქნა შეთანხმებული ხარისხით და ვადაგადაცილების შედეგად შემსყიდველს რაიმე ზიანი არ წარმოშობია.
პალატამ მიიჩნია, რომ ვინაიდან პირგასამტეხლოს მიზანი დარღვეული უფლების შეძლებისდაგვარად აღდგენა და საბოლოოდ, ვალდებულების დროულად შესრულების პროვოცირებაა, ასევე იმ ფაქტის გათვალისწინებით, რომ ვალდებულების დროულად შესრულების მიმართ არსებობს საჯარო ინტერესი და პირგასამტეხლოს უნდა ჰქონდეს შემაკავებელი ეფექტი, გასაჩივრებული გადაწყვეტილებით დადგენილი პირგასამტეხლოს ოდენობა გონივრული იყო და არ არსებობდა მისი გაზრდის ფაქტობრივ-სამართლებრივი საფუძველი.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკაზე მითითებით პალატამ განმარტა, რომ პირგასამტეხლო არა ხელშეკრულების საერთო ღირებულებიდან, არამედ მხარის მიერ ფაქტობრივად შეუსრულებელი თუ არაჯეროვნად შესრულებული ვალდებულების ღირებულებიდან დაანგარიშდება.
5.11. მოცემულ შემთხვევაში, სააპელაციო პალატამ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს მოსაზრება, რომ პირგასამტეხლოს გამოანგარიშება უნდა მოხდეს ხელშეკრულების შეუსრულებელი ნაწილიდან, კერძოდ, იმ ღირებულებიდან, რომლის მიწოდების ვადაც დაარღვია მოპასუხემ. განსახილველ შემთხვევაში, მოპასუხისათვის დასაკისრებელი პირგასამტეხლოს ოდენობა შემდეგნაირად უნდა განისაზღვროს: I პოზიციიდან გამომდინარე 756 ლარი (16.8 (11200 *0.15%)*45); II პოზიციიდან გამომდინარე 56.7 ლარი (1.26 (839.4 *0.15%*45); III პოზიციიდან გამომდინარე 4,040.41 ლარი (175.67 (117116 *0.15%) *23); IV პოზიციიდან გამომდინარე 49.68 ლარი (6.21* (4140 *0.15%)*8); V პოზიცია 610.28 ლარი (16.06 (10704.6 *0.15%)*38); ჯამში: 5 513.07 ლარი (756+56.7+4 040.41+49.68+610.28).
აქვე პალატამ მიუთითა, რომ მართალია, აპელანტი აპელირებდა იმაზეც, რომ ვადაგადაცილებამ ზიანი მიაყენა საჯარო ინტერესს, მაგრამ მისი ეს ახსნა-განმარტება ზოგადი იყო და არ იყო მტკიცებულებებით გამყარებული. ამდენად, პალატის მოსაზრებით, გასაჩივრებული გადაწყვეტილება პირგასამტეხლოს შემცირების თაობაზე თანხვედრაში იყო როგორც საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლის ნორმატიულ შინაარსთან (პირგასამტეხლოს დანიშნულება და გონივრულობის სტანდარტი), ასევე სასამართლოს პრაქტიკასთან და სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს მეთოდურ რეკომენდაციებთან (www.procurement.gov.ge /News/recomendacia -pirgasamtexlo.aspx.).
5.12. პალატამ განმარტა, შესაგებლის არასაპატიო მიზეზით წარუდგენლობის სამართლებრივ შედეგები და მიუთითა სასამართლო რა შემთხვევაში აკმაყოფილებს სარჩელს. სასამართლომ მიუთითა, რომ განსახილველ შემთხვევაში მოპასუხეს შესაგებელი არ წარმოუდგენია. ამასთან, სასამართლომ მიიჩნია, რომ მოსარჩელის მიერ მითითებული ფაქტობრივი გარემოებები იურიდიულად სრულად არ ამართლებდა სასარჩელო მოთხოვნას, რის გამოც დაინიშნა სასამართლო სხდომა. დადგენილია ასევე, რომ მოპასუხე 2022 წლის 08 ივლისს დანიშნულ სასამართლო სხდომაზე არ გამოცხადდა.
აპელანტი წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრით აპელირებდა მასზედ, რომ სასამართლომ არასწორად მიიჩნია, რომ ხელშეკრულების მთლიანი ღირებულებიდან პირგასამტეხლოს დაანგარიშება, იურიდიულად არ ამართლებდა სასარჩელო მოთხოვნას, შესაბამისად, არსებობდა ამ ნაწილში, დაუსწრებელი გადაწყვეტილების მიღების საფუძველი.
აღნიშნულთან დაკავშირებით, პალატამ ყურადღება გაამახვილა მასზედ, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილებით, სასამართლომ იმსჯელა პირგასამტეხლოს დაკისრების მოთხოვნის იურიდიულ მართებულებაზე შესაგებლის არარსებობის პირობებში, და განმარტა, რომ მოპასუხის მიერ შესაგებლის წარუდგენლობა მოსარჩელისთვის წარმოშობდა იმ უპირატესობას, რომ მას დავის ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით არ ესაჭიროებოდა შეჯიბრება მოპასუხესთან, თუმცა, აღნიშნული არ გულისხმობდა ასევე იმას, რომ მოთხოვნა სრულად უნდა დაკმაყოფილებულიყო, მიუხედავად მისი იურიდიული მართებულებისა. შესაბამისად, სასამართლო მართებულად მივიდა იმ დასკვნამდე, რომ მხარეთა შეთანხმებული პირგასამტეხლო იყო თუ არა ნამდვილი და განსაზღვრული იყო თუ არა შესაბამისად მაღალი ოდენობით, იყო არა ფაქტობრივი გარემოების, არამედ, სამართლებრივი შეფასების საკითხი (სსკ-ის 417-418-ე და 420-ე მუხლები), რასაც სწორად მიეცა შეფასება გასაჩივრებული გადაწყვეტილებით.
6. სააპელაციო სასამართლოს ზემოაღნიშნული განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა მოსარჩელემ, მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით - სარჩელის სრულად დაკმაყოფილება, შემდეგი საფუძვლებით:
6.1. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებაში არ არის მითითებული რომელი ფაქტობრივი გარემოებები არ ამართლებდა სასარჩელო მოთხოვნას, რის გამოც წარმოიშვა ზეპირი სხდომის ჩანიშვნის საჭიროება. ამის საპირისპიროდ კი, იმის ნაცვლად, რომ მოპასუხის მიმართ, შესაგებლის წარუდგენლობის მოტივით, გამოეტანა დაუსწრებელი გადაწყვეტილება, სასამართლომ იმსჯელა პირგასამტეხლოს ოდენობაზე და სარჩელი ნაწილობრივ დააკმაყოფილა. იმ პირობებში, როცა მოპასუხე პირგასამტეხლოს ოდენობაზე არ დავობდა, გაუგებარია, რის საფუძველზე და რომელი საკანონმდებლო ნორმით მოქმედებდა სასამართლო. გასაჩივრებული განჩინება უგულებელყოფს უზენაესი სასამართლოს მიერ დადგენილ პრაქტიკას. ამასთან, ამგვარი მიდგომა სასამართლოს მიერ მხარეთა უფლებამოსილებაში უხეში და გაუმართლებელი ჩარევაა, რაც ხელყოფს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო სამართალში მოქმედ შეჯიბრებითობის პრინციპს.
იმ პირობებში, როცა სარჩელი ეფუძნებოდა მხარეებს შორის არსებულ #702 ხელშეკრულებას და სასამართლო უთითებს მოპასუხის მხრიდან ვალდებულების დარღვევის ფაქტზე, რისთვისაც ხელშეკრულების მე-9 მუხლის 9.3 პუნქტის თანახმად, რომელზეც თანხმობა ჰქონდა გაცხადებული კომპანიას, გათვალისწინებული იყო საჯარიმო სანქციები, გაუგებარია ქვედა ინსტანციის სასამართლოს მსჯელობა, რატომ არ მიიჩნევა სარჩელი იურიდიულად მართებულად.
6.2. საქალაქო და სააპელაციო სასამართლოებმა პირგასამტეხლოს დაანგარიშებისას შეცვალეს მხარეთა მიერ ხელშეკრულებით დადგენილი პირგასამტეხლოს დაანგარიშების წესი და შეამცირეს პირგასამტეხლო ისე, რომ მოპასუხეს რაიმე დასაბუთებული არგუმენტი მის შემცირების საფუძველთან დაკავშირებით არ მიუთითებია.
ხელშეკრულების მთლიანი ღირებულებიდან პირგასამტეხლოს დაანგარიშება არ ეწინააღმდეგება არც სამართლის ნორმებს და არც დადგენილ პრაქტიკას. ამ მხრივ არც სასამართლო პრაქტიკაა ერთგვაროვანი.
სასამართლოს შეუძლია შეამციროს პირგასამტეხლო მხარეთა შეჯიბრებითობის ფარგლებში, პირგასამტეხლოს შემცირების მოთხოვნისა და შესაბამისი მტკიცებულებების წარდგენის პირობებში. იმ შემთხვევაში, თუ მხარე შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლოს შემცირებას არ მოითხოვს ან მოითხოვს სამართალწარმოების იმ ეტაპზე, როცა ახალი მოთხოვნის წარდგენა დაუშვებელია, სასამართლო თავისი ინიციატივით პირგასამტეხლოს ვერ შეამცირებს, თუნდაც იგი შეუსაბამოდ მაღალი იყოს. აღნიშნულთან დაკავშირებით კასატორი სასამართლო პრაქტიკაზე უთითებს და ამბობს, რომ მართალია კანონმდებლობა უშვებს სახელშეკრულებო თავისუფლებაში სასამართლოს ჩარევის შესაძლებლობას, თუმცა ამგვარი ჩარევა შეზღუდვებს ექვემდებარება.
სააპელაციო სასამართლო გასაჩივრებულ განჩინებაში ერთი მხრივ აპელირებს იმაზე, რომ ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში, სანქციად ქცეული პირგასამტეხლო ვალდებულ პირს უპირობოდ ეკისრება, მიუხედავად იმისა განიცადა თუ არა კრედიტორმა ზიანი ამ დარღვევის შედეგად და აღნიშნულს ამყარებს საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ დადგენილ პრაქტიკაზე მითითებით. ხოლო მეორე მხრივ თავადვე ეწინააღმდეგება მითითებულს და აცხადებს, რომ „მართალია მიმწოდებლის მიერ ხელშეკრულებით განსაზღვრული მიწოდების ვადა დარღვეულ იქნა, თუმცა აპელანტი არც პირველი ინსტანციის სასამართლოში და არც სააპელაციო სასამართლოში საქმის განხილვისას არ უთითებდა ვალდებულების შესრულების ვადაგადაცილებით გამოწვეული რაიმე ზიანის არსებობის თაობაზე. ასევე, პრეტენზია არ გაცხადებულა შესრულებული სამუშაოს ხარისხთან მიმართებაში. შესაბამისად, დგინდება, რომ მომსახურება შესრულებულ იქნა შეთანხმებული ხარისხით და ვადაგადაცილების შედეგად შემსყიდველს რაიმე სახის ზიანი არ წარმოშობია.“ აღნიშნულიდან გამომდინარეობს, რომ სასამართლომ შეითავსა მოპასუხის როლი და ისე გამოიტანა გადაწყვეტილება, რაც სრულად ეწინააღმდეგება საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ დადგენილ პრაქტიკას. კასატორი საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკაზე დაყრდნობით აღნიშნავს, რომ პირგასამტეხლოს დაკისრების მოთხოვნაზე შესაგებლის წარუდგენლობა თუ სხდომაზე გამოუცხადებლობა, მოთხოვნილი პირგასამტეხლოს დაკისრებას იწვევს, თუნდაც ის იყოს შეუსაბამოდ მაღალი, ვინაიდან მისი “შეუსაბამოდ მაღალ პირგასამტეხლოდ“ მიჩნევას შეცილება და მტკიცება სჭირდება.
7. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მიერ საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მიხედვით დასაშვებობის შესამოწმებლად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც ის დაუშვებელია:
8. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი საფუძვლით.
9. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურსამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორს, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით, არ წარუდგენია დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).
10. საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ კასატორი სადავოდ არ ხდის სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს, არამედ სადავოა დადგენილ გარემოებათა სამართლებრივი შეფასების საკითხი, კერძოდ, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს პრეტენზია მიემართება მოპასუხის შეუდავებლობის შემთხვევაში ხელშეკრულებით შეთანხმებული პირგასამტეხლოს „შეუსაბამოდ მაღალ“ პირგასამტეხლოდ მიჩნევის და შემცირების საკითხს. ამრიგად, სააპელაციო სასამართლოს მიერ წინამდებარე საქმეზე დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის.
11. განსახილველ შემთხვევაში, საკასაციო სასამართლოს შეფასების საგანია, ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოების მიერ პირგასამტეხლოს დაკისრების შესახებ მოსარჩელის მოთხოვნის ნაწილობრივ დაკმაყოფილების კანონიერება.
12. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 417-ე მუხლით, პირგასამტეხლო – მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა – მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის. პირგასამტეხლო პირობით ვალდებულებას წარმოადგენს. პირგასამტეხლოს მოთხოვნის უფლების განხორციელება დამოკიდებულია გარკვეული პირობის დადგომაზე - მოვალის მიერ ვალდებულების დარღვევაზე (იხ:ირაკლი რობაქიძე, სახელშეკრულებო სამართალი /ზურაბ ძლიერიშვილი, გიორგი ცერცვაძე, ირაკლი რობაქიძე, გიორგი სვანაძე, ლაშა ცერცვაძე, ლევან ჯანაშია/ გამომცემლობა „მერიდიანი“, 2014წ., გვ. 590). პალატა განმარტავს, რომ პირგასამტეხლოს ერთ-ერთ ფუნქცია განცდილი ზიანის მარტივად და სწრაფად ანაზღაურებაში მდგომარეობს. იგი ერთგვარ სანქციასაც წარმოადგენს. ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში, სანქციად ქცეული პირგასამტეხლო ვალდებულ პირს უპირობოდ ეკისრება, მიუხედავად იმისა, განიცადა თუ არა კრედიტორმა ზიანი ამ დარღვევის შედეგად (იხ. ს.უ.ს.გ. Nას-1053-993-2015, 08.04.2016წ.; Nას-1158-1104-2014, 06.05.2015წ.). აღნიშნული მსჯელობიდან გამომდინარე, პირგასამტეხლოს დაკისრების წინაპირობას წარმოადგენს ხელშეკრულების ერთ-ერთი მხარის მიერ ნაკისრი ვალდებულების დარღვევა.
13. პირგასამტეხლო, უპირველესად, კრედიტორის ინტერესების უზრუნველმყოფი საკანონმდებლო მექანიზმია, რომელიც კრედიტორის სახელშეკრულებო რისკებს ამცირებს, თუმცა იმისთვის, რომ თავიდან იქნეს აცილებული კრედიტორის მხრიდან ამ ინსტიტუტის ფარგლებში უფლების ბოროტად გამოყენება, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში შესაფასებელი და ამავდროულად დასაცავი ღირებულებაა სახელშეკრულებო წონასწორობა/ბალანსი, ერთი მხრივ, პირგასამტეხლოს, როგორც სახელშეკრულებო თავისუფლების გამოხატულებას და, მეორე მხრივ, მოვალის დაცვას, როგორც ამ თავისუფლების ლეგიტიმურ შეზღუდვას შორის. ამდენად, პირგასამტეხლოს იურიდიული ძალა მხოლოდ მაშინ აქვს, თუ ის, ამავდროულად, უზრუნველყოფს მოვალის გონივრული ფარგლებით დაცვას (ს.უ.ს.გ. Nას-1928-2018, 31.10.2019წ.). პირგასამტეხლოს ოდენობის განსაზღვრისას ყურადღება ექცევა რამდენიმე გარემოებას. მათ შორის: ა) პირგასამტეხლოს, როგორც სანქციის ხასიათის მქონე ინსტრუმენტის ფუნქციას, თავიდან აიცილოს დამატებით ვალდებულების დამრღვევი მოქმედებები; ბ) დარღვევის სიმძიმესა და მოცულობას და კრედიტორისათვის წარმოქმნილი საფრთხის ხარისხს; გ) ვალდებულების დამრღვევი პირის ბრალეულობის ხარისხს; დ) პირგასამტეხლოს ფუნქციას, მოიცვას ზიანის ანაზღაურება. პირგასამტეხლოს ოდენობაზე მსჯელობისას გასათვალისწინებელია მოვალის მიერ ვალდებულების შეუსრულებლობის ხანგრძლივობა (ს.უ.ს.გ. Nას-1511-2018, 26.03.2019წ.; Nას-848-814-2016, 28.12.2016წ.).
14. სასამართლოს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლის საფუძველზე, უფლება აქვს, შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო, რაც შეფასებითი კატეგორიაა და, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, საქმის გარემოებების ერთობლივი ანალიზის შედეგად წყდება. მხედველობაში უნდა იქნეს მიღებული, მაგალითად, თუ როგორია შესრულების ღირებულების, მისი შეუსრულებლობისა და არაჯეროვანი შესრულებით გამოწვეული ზიანის თანაფარდობა პირგასამტეხლოს ოდენობასთან; პირგასამტეხლოს თანხის მნიშვნელოვანი გადაჭარბება ვალდებულების შეუსრულებლობით გამოწვეულ შესაძლო ზიანზე, ვალდებულების შეუსრულებლობის ხანგრძლივობა და სხვა (ს.უ.ს.გ. №ას-1511-2018, 26.03.2019წ.; ს.უ.ს.გ. №ას-535-2021, 29.10.2021წ.). პირგასამტეხლოს შემცირება არ გულისხმობს მის გაუქმებას. პირგასამტეხლოს შემცირების საფუძველია, ერთი მხრივ, ის რომ კრედიტორი პირგასამტეხლოს მიღებით არ გამდიდრდეს და მოვალეს არ დააწვეს მძიმე ტვირთად პირგასამტეხლოს გადახდა (შესაბამისად, პირგასამტეხლო არ იქცეს ერთგვარ სადამსჯელო ღონისძიებად), ხოლო მეორე მხრივ კი – პირგასამტეხლო იყოს ვალდებულების დარღვევის თანაზომიერი, საპირწონე და გონივრული. აღნიშნულში მოიაზრება სახელშეკრულებო თანასწორობისა და სამართლიანობის პრინციპის დაცვით პირგასამტეხლოს გონივრულ ოდენობამდე შემცირება (ს.უ.ს.გ. №ას-186-2021, 25.03.2021წ.; №ას-535-2021, 29.10.2021წ).
15. საკასაციო პალატამ არაერთ გადაწყვეტილებაში განმარტა, რომ პირგასამტეხლო უნდა დაანგარიშდეს არა ხელშეკრულების საერთო ღირებულებიდან, არამედ მხარის მიერ ფაქტობრივად შეუსრულებელი ან არაჯეროვნად შესრულებული ვალდებულების ღირებულებიდან (შდრ. ს.უ.ს.გ. №ას-164-160-2016, 28.07.2016წ., ას-971-2019, 28.10.2019წ.). ვალდებულების ნაწილის შესრულების ვადის გადაცილებისთვის პირგასამტეხლოს ხელშეკრულების საერთო ღირებულებიდან დაანგარიშება ეწინააღმდეგება სამოქალაქო ბრუნვის უსაფრთხოებისა და კეთილსინდისიერების მინიმალურ სტანდარტს, რადგან პირგასამტეხლოს ასეთი ოდენობით დაკისრება, მართალია, იცავს კრედიტორის ქონებრივ ინტერესს, მაგრამ არღვევს სახელშეკრულებო წონასწორობას და ვერ ასრულებს ვალდებულების დარღვევის პრევენციის ნორმატიულ დანიშნულებას. დაუშვებელია, პირგასამტეხლო მხარეს ეკისრებოდეს იმ ვალდებულების პროპორციული ღირებულებიდანაც, რომელიც მას არ დაურღვევია (იხ. ს.უ.ს.გ. №ას-971-2019, 28.10.2019; №ას-581-2019, 31.07.2019; №ას-164-160-2016, 28.07.2016).
16. განსახილველ შემთხვევაში, პალატა ყურადღებას მიაპყრობს იმ დადგენილ გარემოებას, რომ ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებები მოპასუხემ თითოეულ პოზიციასთან მიმართებით სხვადასხვა ხარისხით დაარღვია, კერძოდ, ვალდებულებები განსხვავებული ვადის დარღვევებით შეასრულა (იხ. განჩინების 5.3. პუნქტი). შესაბამისად, პირგასამტეხლოს გამოანგარიშება უნდა მოხდეს ხელშეკრულების შეუსრულებელი ნაწილიდან, კერძოდ, იმ ღირებულებიდან, რომლის მიწოდების ვადაც დაარღვია მოპასუხემ (იხ. განჩინების 5.11 პუნქტი), თუმცა, მიუხედავად სახელშეკრულებო ვალდებულების მხოლოდ ნაწილობრივ დარღვევისა, პირგასამტეხლოს გაანგარიშების ბაზას წარმოადგენდა ხელშეკრულების ჯამური ღირებულება და არა უშუალოდ ვადის დარღვევით გაწეული მომსახურების საფასური.
17. პალატის შეფასებით, განსახილველ დავაზე მოსარჩელის მიერ მოთხოვნილი პირგასამტეხლოს ოდენობა არაგონივრულია, გამომდინარე იქიდან, რომ მოპასუხეს პირგასამტეხლო დაერიცხა არა დაგვიანებული ვალდებულების მოცულობის, არამედ ხელშეკრულების მთლიანი ღირებულებიდან, რომელიც სახელშეკრულებო ვალდებულების კომპენსირებისათვის ადეკვატურ და გონივრულ ოდენობას არ წარმოადგენს. პალატა იზიარებს ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოთა მოსაზრებას, რომ პირგასამტეხლო უნდა დაანგარიშდეს ვადაგადაცილებით შესრულებული სამუშაოს ღირებულებიდან.
18. საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ პირგასამტეხლოს დაანგარიშება ხელშეკრულების მთლიანი ღირებულებიდან გამომდინარე მიზანშეწონილია მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც ერთიანი შესრულების მიმართ განსაკუთრებული ინტერესი იკვეთება, რასაც განსახილველ შემთხვევაში ადგილი არ აქვს. ხსენებული პრინციპით პირგასამტეხლოს გამოთვლის ვალდებულებაზე საკასაციო პალატის მიერ არაერთ საქმეზე განიმარტა (მათ შორის კასატორის მონაწილეობით), სადაც დავის საგანს პირგასამტეხლოს დაკისრება/შემცირება წარმოადგენდა (მრავალთა შორის იხ. ს.უ.ს.გ. № ას-732-2022, 24.11.2022წ; №ას-1274-2022, 22.11.2022წ; №ას-1007-2021, 13.04.2022წ). ხელშეკრულების საერთო ღირებულებიდან აკუმულირებული პირგასამტეხლოს მოცულობა, როდესაც დარღვეულია ვალდებულების მხოლოდ ნაწილი, სანქციას იმთავითვე სძენს არაგონივრულად მკაცრი პასუხისმგებლობის შინაარსს, როდესაც სასამართლოს ვალია, აღადგინოს დარღვეული წონასწორობა პირგასამტეხლოს სამართლიან საწყისებთან შესაბამისობის გზით.
19. საქმეზე უდავოდ დადგენილი იმ ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, რომ მოპასუხემ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები განსხვავებული ვადის დარღვევით შეასრულა, ხელშეკრულების საერთო ღირებულებიდან პირგასამტეხლოს დაანგარიშება, არასამართლიან შედეგს იძლევა, ეწინააღმდეგება სამოქალაქო ბრუნვის უსაფრთხოებისა და კეთილსინდისიერების მინიმალურ სტანდარტს და მოპასუხეს აკისრებს პირგასამტეხლოს იმ ვალდებულებაზე, რაც მას არ დაურღვევია. შესაბამისად, საკასაციო პალატა არ იზიარებს კასატორის მითითებას იმის შესახებ, რომ მოპასუხის წერილობითი შესაგებლის წარუდგენლობის გამო სასამართლოს უნდა მიეღო დაუსწრებელი გადაწყვეტილება მისი სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილების შესახებ. სარჩელში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები იურიდიულად არ ამართლებდა სასარჩელო მოთხოვნას ვადაგადაცილებულ დღეებზე იმ პროდუქციის ღირებულების 0.15%-ის დაკისრების შესახებ, რაც მოპასუხეს არ დაურღვევია. ამასთან, ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოს არ შეუმცირებია ხელშეკრულებით შეთანხმებული პირგასამტეხლოს ოდენობა - 0.15%, როგორც ,,შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო" (რაც პროცესის შეჯიბრებითობის პრინციპიდან გამომდინარე, საჭიროებდა საქმის განსახილველად მომზადების სტადიაზე მოპასუხის დასაბუთებულ შედავებას, იხ. სუსგ 10.12.2020წ. საქმე №ას-888-2020). სასამართლომ მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული პირგასამტეხლო (0.15%) დააკისრა მოპასუხეს შეუსრულებელი ვალდებულების მოცულობიდან და ვადაგადაცილებული დღეებიდან გამომდინარე, რისი უფლებაც საქმის განსახილველად მომზადების სტადიაზე მოპასუხის შეუდავებლობის შემთხვევაშიც ჰქონდა.
20. სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტების ფარგლებში, რაც სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის (სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლი), კასატორმა ვერ შეძლო დასაბუთებული საკასაციო პრეტენზიის წარმოდგენა, რითაც ვერ დაძლია გასაჩივრებული განჩინების ფაქტობრივ-სამართლებრივი დასაბუთება და ვერ შეძლო მისი გაბათილება სარწმუნო მტკიცებულებებით. საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით. ასეთ საფუძველზე ვერც კასატორი მიუთითებს.
21. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება კანონიერია, ხოლო საკასაციო საჩივრის დასაშვებობის წინაპირობები არ არსებობს, რაც მისი არსებითად განსახილველად დაუშვებლად ცნობის სამართლებრივი საფუძველია.
22. კასატორი გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან სახელმწიფო ბაჟის შესახებ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი ნაწილის „უ“ ქვეპუნქტის საფუძველზე.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე, 284-ე, 285-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად.
2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
მოსამართლეები: ლაშა ქოჩიაშვილი
ამირან ძაბუნიძე
თეა ძიმისტარაშვილი