Facebook Twitter

საქმე №ას-674-2025 8 ივლისი, 2025 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატის

მოსამართლე - თეა ძიმისტარაშვილი

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე

კასატორები – ინდივიდუალურ მენაშენეთა ამხანაგობა „კ...“-ის დამფუძნებელი წევრები: ი.ნ–ი, ე.გ–ძე,ზ.თ–ი, შპს „ჯ....“ (მოპასუხეები)

მოწინააღმდეგე მხარე – გ.ჩ–ძე (მოსარჩელე)

დავის საგანი – უძრავი ქონების მესაკუთრედ ცნობა

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 26 თებერვლის განჩინება

კასატორების მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 27 ნოემბრის გადაწყვეტილებით, გ.ჩ–ძის სარჩელი დაკმაყოფილდა. გ.ჩ–ძე (პ/ნ ......) ცნობილ იქნა უძრავი ქონების, მდებარე: ქ. თბილისში, ........, შენობა 1, მე-4 სართული, +6.60 ნიშნულზე, ს/კ.N......., სსიპ ქ. თბილისის მერიის არქიტექტურის სამსახურის 2013 წლის 11 სექტემბრის N926805 ბრძანებით შეთანხმებული პროექტით გათვალისწინებული 128.4 კვმ საცხოვრებელი ფართისა და 5.9 კვმ საზაფხულო ფართის მესაკუთრედ, შპს დამოუკიდებელი სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ცენტრის „ვ–ის“ 2023 წლის 06 ივლისის N03/19 ექსპერტიზის დასკვნის დანართი N2-ით განსაზღვრულ ფართზე და აღნიშნული ქონება საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში აღირიცხა გ.ჩ–ძის (პ/ნ .........) საკუთრებაში; მოპასუხეებს: იმა „კ..."-ის წევრებს ი.ნ–ს, ე.გ–ძეს, ზ.თ–სა და შპს „ჯ....“-ს მოსარჩელე გ.ჩ–ძის სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისრათ პროცესის ხარჯების: 3 100 ლარის - სახელმწიფო ბაჟის სახით გაწეული ხარჯის, 1 800 ლარის - ექსპერტიზების ჩატარებაზე გაწეული ხარჯის და 305 ლარის - საფოსტო მომსახურების ხარჯის, ანაზღაურება.

2. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს მოპასუხეებმა, გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების და სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის მოთხოვნით.

3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 26 თებერვლის განჩინებით იმა „კ...“-ის დამფუძნებელი წევრების: ი.ნ–ის, ე.გ–ძის, ზ.თ–ის და შპს „ჯ....“-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 27 ნოემბრის გადაწყვეტილება.

4. სააპელაციო სასამართლოს აღნიშნული განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრეს მოპასუხეებმა, რომლებმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვეს.

5. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 30 მაისის განჩინებით კასატორებს საკასაციო საჩივარზე დაუდგინდათ ხარვეზი და დაევალათ, ა) აღნიშნული განჩინების ჩაბარებიდან 7 დღის ვადაში საქართველოს უზენაეს სასამართლოში წარმოადგინონ: ა) სახელმწიფო ბაჟის – 1750 აშშ დოლარის ექვივალენტი ლარის გადახდის დამადასტურებელი ქვითრის დედანი; ბ) კასატორების - ი.ნ–ის და შპს „ჯ....“-ის ან უფლებამოსილი პირის მიერ, ხელმოწერილი საკასაციო საჩივარი.

6. კასატორებმა, 2025 წლის 7 ივლისს, საკასაციო სასამართლოს განცხადებით მომართეს და განაცხადეს, რომ უარს ამბობენ საკასაციო საჩივარზე.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის მასალებისა და ინდივიდუალურ მენაშენეთა ამხანაგობა „კ...“-ის დამფუძნებელი წევრების: ი.ნ–ის, ე.გ–ძის, ზ.თ–ისა და შპს „ჯ....“-ის შუამდგომლობის საფუძვლიანობის შესწავლის შედეგად მიიჩნევს, რომ შუამდგომლობა უნდა დაკმაყოფილდეს და მოცემულ საკასაციო საჩივარზე საქმის წარმოება უნდა შეწყდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

7. საქმის მასალებით დასტურდება, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 30 მაისის განჩინებით კასატორებს საკასაციო საჩივარზე დაუდგინდათ ხარვეზი და დაევალათ, ა) აღნიშნული განჩინების ჩაბარებიდან 7 დღის ვადაში საქართველოს უზენაეს სასამართლოში წარმოადგინონ: ა) სახელმწიფო ბაჟის – 1750 აშშ დოლარის ექვივალენტი ლარის გადახდის დამადასტურებელი ქვითრის დედანი; ბ) კასატორების - ი.ნ–ის და შპს „ჯ....“-ის ან უფლებამოსილი პირის მიერ, ხელმოწერილი საკასაციო საჩივარი.

8. ასევე დადგენილია, რომ კასატორები - ინდივიდუალურ მენაშენეთა ამხანაგობა „კ...“-ის დამფუძნებელი წევრები: ი.ნ–ი, ე.გ–ძე, ზ.თ–ი, შპს „ჯ....“ უარს აცხადებენ საკასაციო საჩივარზე.

9. სსსკ-ის 399-ე მუხლის თანახმად, საქმის განხილვა საკასაციო სასამართლოში წარმოებს იმ წესების დაცვით, რომლებიც დადგენილია სააპელაციო სასამართლოში საქმეთა განხილვისათვის, გარდა იმ გამონაკლისებისა, რასაც სსსკ-ის XLIX თავი შეიცავს.

10. სსსკ-ის 372-ე მუხლის თანახმად, საქმის განხილვა სააპელაციო სასამართლოში წარმოებს იმ წესების დაცვით, რაც დადგენილია პირველი ინსტანციით საქმეთა განხილვისათვის, სსსკ-ის XLVI თავში მოცემული ცვლილებებითა და დამატებებით. ამავე კოდექსის 378-ე მუხლის შესაბამისად, სააპელაციო საჩივარზე უარის თქმა დასაშვებია სააპელაციო სასამართლოს მიერ გადაწყვეტილების გამოტანამდე. სააპელაციო საჩივარზე უარის თქმის შემთხვევაში სასამართლო შეწყვეტს საქმის წარმოებას, რის შედეგადაც მხარეს ერთმევა უფლება, კვლავ გაასაჩივროს სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით.

11. სსსკ-ის მე-2 მუხლით განსაზღვრულია პირის უფლება მიმართოს სასამართლოს თავისი დარღვეული ან სადავო უფლების დაცვის მიზნით, ხოლო, ამავე კოდექსის მე-3 მუხლი განამტკიცებს დისპოზიციურობის პრინციპს სამოქალაქო საპროცესო სამართალში, რაც ნიშნავს მხარეთა თავისუფლებას განკარგონ თავიანთი მატერიალური და საპროცესო უფლებები. აღნიშნული, ცხადია, გულისხმობს მხარეთა თავისუფლებას, გაასაჩივრონ სასამართლოს გადაწყვეტილებები (განჩინებები) ან უარი თქვან მათ გასაჩივრებაზე (იხ.: სუსგ №ას-1573-2018, 26.09.2019 წ.; №ას-1793-2019, 12.03.2020 წ.; №ას-712-2020, 4.03.2021 წ.).

12. კასატორებმა - ინდივიდუალურ მენაშენეთა ამხანაგობა „კ...“-ის დამფუძნებელმა წევრებმა: ი.ნ–მა, ე.გ–ძემ, ზ.თ–მა და შპს „ჯ....“-მა განაცხადეს, რომ საკასაციო საჩივარზე ამბობენ უარს, რაც სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსთვის, ამდენად, მათ განახორციელეს სსსკ-ის მე-3 მუხლით მინიჭებული საპროცესო უფლების რეალიზაცია, რაც საკასაციო საჩივარზე წარმოების შეწყვეტის საფუძველია, ვინაიდან სსსკ-ის 409-ე მუხლის შესაბამისად, საკასაციო სასამართლოს უფლებამოსილება სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების (განჩინების) შეცვლისადმი განისაზღვრება მხარეთა მოთხოვნის ფარგლებით.

13. სსსკ-ის 399-ე მუხლიდან გამომდინარე, ამავე კოდექსის 378-ე და 272-ე მუხლების საფუძველზე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორების მიერ საკასაციო საჩივარზე უარის თქმით, ინდივიდუალურ მენაშენეთა ამხანაგობა „კ...“-ის დამფუძნებელი წევრების: ი.ნ–ის, ე.გ–ძის, ზ.თ–ისა და შპს „ჯ....“-ის საკასაციო საჩივარზე საქმის წარმოება უნდა შეწყდეს.

14. საკასაციო სასამართლო სსსკ-ის 399-ე და 378-ე მუხლების საფუძველზე, კასატორებს განუმარტავს, რომ საკასაციო საჩივარზე უარის თქმით მათ უფლება ერთმევათ კვლავ გაასაჩივრონ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება (განჩინება) საკასაციო წესით.

15. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 49-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ სასამართლოს მთავარ სხდომამდე მოსარჩელე უარს იტყვის სარჩელზე, მოპასუხე ცნობს სარჩელს ან მხარეები მორიგდებიან, მხარეები მთლიანად თავისუფლდებიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3, 272-ე, 273-ე, 372-ე, 378-ე, 399-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა

1. კასატორების - ინდივიდუალურ მენაშენეთა ამხანაგობა „კ...“-ის დამფუძნებელი წევრების: ი.ნ–ის, ე.გ–ძის, ზ.თ–ისა და შპს „ჯ....“-ის შუამდგომლობა საკასაციო საჩივარზე უარის თქმის თაობაზე დაკმაყოფილდეს და ინდივიდუალურ მენაშენეთა ამხანაგობა „კ...“-ის დამფუძნებელი წევრების: ი.ნ–ის, ე.გ–ძის, ზ.თ–ისა და შპს „ჯ....“-ის საკასაციო საჩივარზე შეწყდეს წარმოება;

2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 26 თებერვლის განჩინება დარჩეს უცვლელი;

3. განემარტოთ მხარეებს, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 26 თებერვლის განჩინების საკასაციო საჩივრით კვლავ გასაჩივრება დაუშვებელია;

4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

მოსამართლე თეა ძიმისტარაშვილი