საქმე №ას-496-2025
9 ივლისი, 2025 წელი ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
გიზო უბილავა (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ლევან მიქაბერიძე, ვლადიმერ კაკაბაძე
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
საჩივრის ავტორი – ა.ხ–ვი
მოწინააღმდეგე მხარე – ტ.ხ–ი
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 24 იანვრისა და ამავე სასამართლოს 2025 წლის 2 აპრილის განჩინებები
საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საარბიტრაჟო სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენება
დავის საგანი – ზიანის ანაზღაურება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი
1. 2025 წლის 24 იანვარს ა.ხ–ვმა (შემდგომში - „განმცხადებელი“, „საარბიტრაჟო მოსარჩელე“) საარბიტრაჟო სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ განცხადებით მიმართა სააპელაციო სასამართლოს და მოითხოვა საარბიტრაჟო სარჩელის უზრუნველყოფის მიზნით 1) თ.გ–ას აეკრძალოს მის საკუთრებაში არსებული, შპს „ა-ბ-ჯ ჰ–ის“ კაპიტალში 15% წილის განკარგვა; 2) დ.ფ–ძეს აეკრძალოს მის საკუთრებაში არსებული, შპს „ა. ჰ–ის“ კაპიტალში 40% წილის განკარგვა; 3) დ.ხ–ს აეკრძალოს მის საკუთრებაში არსებული, შპს „ა.ჰ–ის“ კაპიტალში 40% წილის განკარგვა; 4) ს.კ–ას აეკრძალოს მის საკუთრებაში არსებული, შპს „ა. ჰ–ის“ კაპიტალში 5% წილის განკარგვა.
2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 24 იანვრის განჩინებით განცხადება საარბიტრაჟო სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ არ დაკმაყოფილდა.
3. ზემოაღნიშნულ განჩინებაზე განმცხადებელმა წარადგინა საჩივარი, გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საარბიტრაჟო სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენება მოითხოვა.
4. საჩივრის თანახმად, საარბიტრაჟო დავის ერთ-ერთ მნიშვნელოვან ნაწილს წარმოადგენს მოსარჩელისათვის კომპანიის 25%-იანი წილის გადაცემის ვალდებულება. გამომდინარე იქიდან, რომ მოსარჩელემ კეთილსინდისიერად შეასრულა საინვესტიციო ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებები, სახელშეკრულებო თვალსაზრისით, უნდა მივიჩნიოთ, რომ კომპანიის 25%-იანი წილი სწორედ მის საკუთრებაშია. კომპანიაში ხორციელდება ტრანზაქციები, რომელიც ემსახურება იმ მიზანს, რომ მოხდეს აღნიშნული ქონების მესამე პირებზე იმგვარი გადანაწილება, რომ წილი მოსარჩელემ ვერასდროს მიიღოს. წილების გადანაწილება ჯერ კიდევ არ დასრულებულა და ისევ გრძელდება. სულ რაღაც 10 დღის წინ, ისევ მოხდა 5% წილის გასხვისება. შესაბამისად, აშკარაა საფრთხე, რომ წილები იმგვარად გადანაწილდება მესამე პირებზე, რომ შეუძლებელი გახდება მათზე რაიმე სახის სამომავლო დავაც კი. მოსარჩელეს აღნიშნულით ერთმევა შესაძლებლობა დაირეგისტრიროს ის წილები, რომლებიც სახელშეკრულებო თვალსაზრისით ისედაც მის საკუთრებაშია.
5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 2 აპრილის განჩინებით, საჩივარი არ დაკმაყოფილდა.
6. სააპელაციო სასამართლომ იხელმძღვანელა „არბიტრაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის 23-ე მუხლით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 191-ე, 1971 მუხლებით.
7. სააპელაციო სასამართლოს მითითებით,
7.1. სარჩელის უზრუნველყოფის გამოყენების შესახებ წარმოდგენილი განცხადების თანახმად, განმცხადებელსა და ტ.ხ–ს (შემდგომში - „მოწინააღმდეგე მხარე“, „საარბიტრაჟო მოპასუხე“) შორის ვენის საარბიტრაჟო ცენტრში განიხილება საარბიტრაჟო დავა, რომელიც გამომდინარეობს მხარეებს შორის 2018 წლის 18 იანვარს დადებული „იბერია ბიზნეს გრუფში წილების შეძენის პროექტის ძირითადი პირობების შესახებ“ ხელშეკრულებიდან. საინვესტიციო ხელშეკრულების თანახმად, მოსარჩელეს 7 500 000 აშშ დოლარის ოდენობით ინვესტიციის სანაცვლოდ მოპასუხისგან უნდა მიეღო 25% წილი ა–ის კაპიტალში. გარდა ამისა, მოსარჩელეს დროთა განმავლობაში დივიდენდების სახით უნდა დაებრუნებინა საინვესტიციო თანხა. მოსარჩელემ პირნათლად შეასრულა ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებები, თუმცა მოპასუხისგან არ მიუღია წილი და არც საინვესტიციო თანხის შესაბამისი დივიდენდები;
7.2. მოსარჩელემ სარჩელით მიმართ საარბიტრაჟო ცენტრს და მოითხოვა მოპასუხის მიერ ვალდებულებების შესრულება. კერძოდ, 2018 წლის 18 იანვარს დადებული საინვესტიციო ხელშეკრულებიდან გამომდინარე, მოსარჩელე ითხოვს, საარბიტრაჟო ტრიბუნალმა გამოსცეს გადაწყვეტილება, რომელშიც
- მითითებული იქნება, რომ მოპასუხემ დაარღვია საინვესტიციო ხელშეკრულება „ა–ის“ წილების მოსარჩელის მიმართ გადაცემის ვალდებულების შეუსრულებლობით;
- დაევალება მოპასუხეს, გადაუხადოს მოსარჩელეს 7 500 000 აშშ დოლარი პლუს პროცენტი, რომელიც გამოითვლება საინვესტიციო ხელშეკრულების 4.7 მუხლის შესაბამისად, როგორც სარჩელში აღწერილი დარღვევით გამოწვეული ზარალი;
- მითითებული იქნება, რომ მოპასუხემ დამატებით დაარღვია საინვესტიციო ხელშეკრულება იმით, რომ ვერ უზრუნველყო საინვესტიციო თანხის დაბრუნება შეთანხმებული გრაფიკის შესაბამისად;
- დაევალება მოპასუხეს, გადაუხადოს მოსარჩელეს 530 000 აშშ დოლარი პლუს პროცენტი, რომელიც გამოითვლება მეორე შესწორების შესაბამისად, როგორც დარღვევით გამოწვეული ზიანი;
- მითითებული იქნება, რომ მოპასუხემ დამატებით დაარღვია საინვესტიციო ხელშეკრულება შკოდას შვილობილი კომპანიის წილების გადაცემით ან გადაცემაზე ნების დართვით, მოსარჩელის თანხმობის გარეშე;
- დაევალება მოპასუხეს, გადაუხადოს მოსარჩელეს შკოდას შვილობილი კომპანიის მთლიანი შემოსავლების ოდენობის თანხა, რომელიც გამოყენებული უნდა ყოფილიყო მოპასუხის მიერ ინვესტიციის დაბრუნების ვალდებულების შესასრულებლად;
- დაევალება მოპასუხეს, შეასრულოს მისი სამომავლო ვალდებულებები საინვესტიციო თანხის ბალანსის სრულად დაბრუნების უზრუნველსაყოფად, საინვესტიციო ხელშეკრულების პირობების შესაბამისად;
- დაევალება მოპასუხეს, უზრუნველყოს ოფციური წილების მოსარჩელის მიმართ გამოშვება ან გადაცემა ან ალტერნატიულად დაევალება მოპასუხეს, გადაუხადოს მოსარჩელეს ოფციური წილების სამართლიანი საბაზრო ღირებულება, როგორც ეს განისაზღვრება საარბიტრაჟო ტრიბუნალის მიერ;
- დაევალება მოპასუხეს, გადაიხადოს ყველა საარბიტრაჟო ხარჯი, მათ შორის, მოსარჩელის ადვოკატის მომსახურების ღირებულება და ხარჯები;
7.3. საჩივრის ავტორის განმარტებით, განცხადების წარდგენის შემდეგ შპს „ა.ჰ“-ში წილობრივი გადანაწილება კიდევ ერთხელ შეიცვალა. კერძოდ 2024 წლის 24 იანვარს დ.ფ–ძესა და შპს „ს–ს“ (ს/კ .........) შორის დაიდო წილის ნასყიდობის ხელშეკრულება, სწორედ აღნიშნულის გათვალისწინებით, საჩივრის ავტორი დამატებით ითხოვს, დანარჩენ ოთხ ფიზიკურ პირთან ერთად, შპს „ს–საც“ აეკრძალოს მის საკუთრებაში არსებული, შპს „ა. ჰ–ის“ კაპიტალში 5% წილის განკარგვა.
8. სააპელაციო სასამართლოს მითითებით, საარბიტრაჟო სარჩელი წარდგენილია საარბიტრაჟო მოპასუხის მიმართ. ხოლო ის პირები, ვის მიმართაც განმცხადებელი სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენებას ითხოვს, არ არიან საარბიტრაჟო ცენტრის მიერ განსახილველი დავის მონაწილეები. საარბიტრაჟო ცენტრში წარდგენილი სარჩელით მოსარჩელე ითხოვს ტ.ხ–ის მიერ საინვესტიციო ხელშეკრულების შესრულებას, თანხის დაკისრებას, ზიანის ანაზღაურებას. მართალია, მოსარჩელის ძირითადი მიზანია შპს „ა.ჰ–ის“ წილზე საკუთრების უფლების მოპოვება, რასაც ემსახურებოდა საინვესტიციო ხელშეკრულება, თუმცა დღეის მდგომარეობით ტ.ხ–ი არ წარმოადგენს წილის მფლობელს. ხოლო წილის მფლობელი პარტნიორების მიმართ საარბიტრაჟო მოთხოვნა მიმართული არ არის. პალატა კი სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენებაზე მსჯელობს მხოლოდ საარბიტრაჟო სარჩელის მოთხოვნის ფარგლებში.
9. სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენება - ქონების (წილის) გასხვისების აკრძალვა, რომელიც საკუთრების უფლებაში ჩარევას გულისხმობს, არ გამოიყენება მესამე პირების მიმართ და არც სარჩელის უზრუნველყოფის მიზანს ემსახურება. შესაბამისად, საჩივარი უსაფუძვლოა, იგი სარჩელის უზრუნველყოფის გამოყენების სტანდარტს ეწინააღმდეგება.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
10. საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის, საჩივრის საფუძვლების გამოკვლევისა და გასაჩივრებული განჩინებების იურიდიული დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს.
11. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 1971-ე მუხლის მე-4 ნაწილის მიხედვით, ზემდგომი ინსტანციის სასამართლოში საჩივარი განიხილება ამ კოდექსის 419-ე და 420-ე მუხლებით დადგენილი წესებით.
12. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. იმავე კოდექსის 410-ე მუხლის შესაბამისად, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ: ა) კანონის მითითებულ დარღვევას არა აქვს ადგილი; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა; გ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არსებითად სწორია, მიუხედავად იმისა, რომ გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი არ შეიცავს შესაბამის დასაბუთებას.
13. მოცემულ შემთხვევაში, საკასაციო სასამართლოს შეფასების საგანია, რამდენად მართლზომიერად ეთქვა განმცხადებელს უარი საარბიტრაჟო სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენებაზე.
14. „არბიტრაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის 23-ე მუხლის მიხედვით, მხარეს შეუძლია, საარბიტრაჟო სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიებების გამოყენების მოთხოვნით მიმართოს სასამართლოს; საარბიტრაჟო სარჩელის უზრუნველყოფის საკითხებში, მიუხედავად საარბიტრაჟო განხილვის ადგილისა, სასამართლოს აქვს იგივე უფლებამოსილებანი, რაც სამართალწარმოებაში სარჩელის უზრუნველყოფის საკითხებთან დაკავშირებით.
15. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 35618 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მხარეთა შორის საარბიტრაჟო შეთანხმების არსებობისას, საარბიტრაჟო მოსარჩელის განცხადების საფუძველზე, სასამართლო უფლებამოსილია საარბიტრაჟო სარჩელის მიმართ გამოიყენოს უზრუნველყოფის ღონისძიებები. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, საარბიტრაჟო სარჩელის უზრუნველყოფასთან დაკავშირებით გამოიყენება ამ კოდექსის XXIII თავით დადგენილი წესები, გარდა 198-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ვ“ და „ი“ ქვეპუნქტებისა, საერთაშორისო საარბიტრაჟო წარმოების თავისებურებათა გათვალისწინებით.
16. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ პირისათვის, რომელიც საქმეში მხარეს არ წარმოადგენს, საკუთრების თავისუფლად განკარგვის უფლების შეზღუდვა, ყოველგვარ სამართლებრივ საფუძველს მოკლებულია. საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენება დასაშვებია მხოლოდ მოპასუხის მიმართ და/ან მის წინააღმდეგ, რათა მოსარჩელის კანონიერი ინტერესები მოპასუხის არაკეთილსინდისიერი ქმედებისგან იყოს დაცული. უზრუნველყოფის ობიექტი არ შეიძლება იყოს სხვა პირის მატერიალური და/ან არამატერიალური სიკეთე. ამ დასკვნის საფუძველს იძლევა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 198-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტი, რომლის თანახმად, სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება შეიძლება იყოს მოპასუხისათვის გარკვეული მოქმედების შესრულების აკრძალვა (იხ. სუსგ საქმე Nას-677-2021 წელი, 5 აპრილი, 2022 წელი; საქმე №ას-1222-2019, 18 ნოემბერი, 2019 წელი).
17. საქართველოს უზენაესი სასამართლო მიუთითებს, რომ მოცემულ შემთხვევაში საარბიტრაჟო სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ განცხადებით მოთხოვნილია იმ მესამე პირთა უფლებების შეზღუდვა, რომლებიც არ წარმოადგენენ საარბიტრაჟო დავის მხარეს, ხოლო საარბიტრაჟო მოპასუხე შპს „ა.ჰ–ის“ წილს არ ფლობს. შესაბამისად, საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ საარბიტრაჟო სარჩელის დაკმაყოფილების შემთხვევაში, აღსრულება განცხადებაში მითითებული პირების ქონებაზე ვერ მიექცევა, რადგან ისინი საარბიტრაჟო განხილვის მხარეებს არ წარმოადგენენ. სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების მიზანი კი სწორედ სასამართლო გადაწყვეტილების რეალურად აღსრულებისათვის მოსალოდნელი დაბრკოლების თავიდან აცილებაა.
18. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს გასაჩივრებული განჩინებების გაუქმებისა და საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 1971 მუხლის მე-4 ნაწილით, 419-ე, 420-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა
1. ა.ხ–ვის საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 24 იანვრისა და ამავე სასამართლოს 2025 წლის 2 აპრილის განჩინებები;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე გიზო უბილავა
მოსამართლეები: ლევან მიქაბერიძე
ვლადიმერ კაკაბაძე