Facebook Twitter

საქმე №ას-311-2025

11 ივნისი, 2025 წელი ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

გიზო უბილავა (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ლევან მიქაბერიძე, ვლადიმერ კაკაბაძე

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

საკასაციო საჩივრის ავტორი – სსიპ ბაღდათის მუნიციპალიტეტის სოფელ როხის საჯარო სკოლა (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე – ა.მ–სი (მოსარჩელე)

გასაჩივრებული გადაწყვეტილება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 09 სექტემბრის გადაწყვეტილება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე სრულად უარის თქმა

დავის საგანი – გათავისუფლების შესახებ ბრძანების ბათილად ცნობა, კომპენსაციისა და იძულებითი განაცდურის დაკისრება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი

1. ა.მ–სმა (შემდგომში - „მოსარჩელე“ ან „დასაქმებული“) სარჩელი აღძრა სასამართლოში სსიპ ბაღდათის მუნიციპალიტეტის სოფელ როხის საჯარო სკოლის (შემდგომში - „მოპასუხე“, „დამსაქმებელი, „სკოლა“ ან „კასატორი“) მიმართ და მოითხოვა:

- ბათილად იქნას ცნობილი სკოლის დირექტორის 24.04.2023წ. N1/კ-13 ბრძანება მოსარჩელის სკოლის მასწავლებლის, მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის კოორდინატორისა და ტერიტორიაზე სასკოლო დროს უსაფრთხოებისა და საზოგადოებრივი წესრიგის დაცვის უზრუნველყოფაზე უფლებამოსილი პირის პოზიციებიდან გათავისუფლების თაობაზე;

- მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისროს კომპენსაციის - 6 131,76 ლარის გადახდა;

- მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისროს იძულებითი განაცდურის ანაზღაურება პოზიციების მიხედვით, გათავისუფლებიდან სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულებამდე, კერძოდ: სკოლის მასწავლებლის პოზიციაზე ყოველთვიურად - 60,98 ლარი (დარიცხული), მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის კოორდინატორის პოზიციაზე ყოველთვიურად - 325 ლარი (დარიცხული) და ტერიტორიაზე სასკოლო დროს უსაფრთხოებისა და საზოგადოებრივი წესრიგის დაცვის უზრუნველყოფაზე უფლებამოსილი პირის პოზიციაზე ყოველთვიურად - 125 ლარი (დარიცხული).

2. მოპასუხემ წარდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნო.

3. ქუთაისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 29 აპრილის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; ბათილად იქნა ცნობილი სკოლის დირექტორის მ/შემსრულებლის 24.04.2023წ. N1/კ-13 ბრძანება მოსარჩელის სკოლის მასწავლებლის, მატერიალურ- ტექნიკური უზრუნველყოფის კოორდინატორისა და ტერიტორიაზე სასკოლო დროს უსაფრთხოებისა და საზოგადოებრივი წესრიგის დაცვის უზრუნველყოფაზე უფლებამოსილი პირის პოზიციებიდან გათავისუფლების შესახებ და მოსარჩელის პირვანდელ ან ტოლფას სამუშაო ადგილზე აღდგენის სანაცვლოდ მოპასუხეს/სკოლას მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა კომპენსაციის გადახდა 6 131,76 ლარის ოდენობით (დარიცხული); მოსარჩელეს უარი ეთქვა იძულებითი განაცდურის დაკისრების ნაწილში სარჩელის დაკმაყოფილებაზე.

4. მხარეებმა საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებაზე წარადგინეს სააპელაციო საჩივრები. მოსარჩელემ გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმება და სარჩელის სრულად დაკმაყოფილება მოითხოვა; ხოლო, მოპასუხემ გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე სრულად უარის თქმა.

5. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 09 სექტემბრის გადაწყვეტილებით მოპასუხის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; ხოლო, მოსარჩელის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; გასაჩივრებული გადაწყვეტილება გაუქმდა იმ ნაწილში, რომლითაც მოსარჩელეს უარი ეთქვა იძულებით გნაცდურის დაკისრების თაობაზე სარჩელის დაკმაყოფილებაზე და ამ ნაწილში მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება; სარჩელი მოპასუხისათვის იძულებითი განაცდურის დაკისრების თაობაზე დაკმაყოფილდა ნაწილობრივ და მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ იძულებითი განაცდურის სახით დაეკისრა 2 წლის ხელფასის -12 246, 72 ლარის ანაზღაურება (დარიცხული); დანარჩენ ნაწილში გასაჩივრებული გადაწყვეტილება დარჩა უცვლელი.

6. სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია საქმის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:

6.1. მხარეთა შორის 2014 წლის 01 სექტემბერს დაიდო შრომითი ხელშეკრულება უვადოდ, რომლის საფუძველზეც მოსარჩელე დაინიშნა სკოლის მატერიალურ - ტექნიკური უზრუნველყოფის კოორდინატორად. დასაქმებულის შრომის ანაზღაურება განისაზღვრა 220 ლარით (იხ. ტ. 1, ს.ფ. 44-46);

6.2. მხარეთა შორის 2014 წლის 01 სექტემბერს დაიდო შრომითი ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც მოსარჩელე დაინიშნა სკოლის სამოქალაქო თავდაცვის, უსაფრთხოების, საგზაო ნიშნების და მოძრაობის უზრუნველყოფის მასწავლებლად უვადოდ. ხელშეკრულების თანახმად, დასაქმებულის შრომის ანაზღაურება განისაზღვრა სკოლის ტარიფიკაციის მიხედვით ჩატარებული საათების ოდენობისა და „საჯარო სკოლების მასწავლებელთა შრომის ანაზღაურების ოდენობისა და პირობების შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 21.10.2005წ. N576 ბრძანების შესაბამისად, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი გადასახადების გათვალისწინებით (იხ. ტ. 1, ს.ფ. 47-50);

6.3. სკოლის დირექტორის მ/შემსრულებლის 28.02.2019წ. ბრძანების თანახმად, სკოლაში, სკოლის ტერიტორიაზე სასკოლო დროს უსაფრთხოებისა და საზოგადოებრივი წესრიგის დაცვის უზრუნველყოფის მიზნით, უფლებამოსილ პირად განისაზღვრა მოსარჩელე - მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის კოორდინატორი (იხ. ტ. 1, ს.ფ. 51);

6.4. სკოლის მიერ 15.05.2023წ. გაცემული ცნობების თანახმად, მოსარჩელე წლების განმავლობაში, გათავისუფლებამდე იკავებდა შემდეგ თანამდებობებს:

- სკოლის მასწავლებლის პოზიციას, რისთვისაც მისი შრომის ანაზღაურება (დარიცხული) შეადგენდა პირველ სემესტრში ყოველთვიურად 30,49 ლარს, ხოლო მეორე სემესტრში - 60,98 ლარს;

- სკოლის მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის კოორდინატორის პოზიციას, რისთვისაც მისი შრომის ანაზღაურება (დარიცხული) შეადგენდა ყოველთვიურად 325 ლარს;

- სკოლის ტერიტორიაზე სასკოლო დროს უსაფრთხოებისა და საზოგადოებრივი წესრიგის დაცვის უზრუნველყოფაზე უფლებამოსილი პირის პოზიციას, რისთვისაც მისი შრომითი ანაზღაურება (დარიცხული) შეადგენდა ყოველთვიურად - 125 ლარს (იხ. ტ. 1, ს.ფ. 52-53);

6.5. 2022 წლის 28 დეკემბერს მ.ბ–მა მიმართა სკოლის დისციპლინური კომიტეტის თავმჯდომარეს, მის მიმართ მოსარჩელის მხრიდან მიყენებული სიტყვირი შეურაცხყოფის ფაქტზე მოკვლევის მიზნით. განცხადებაში მითითებულია, რომ მ.ბ–ს მოსარჩელემ მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა, დედის მისამართით შეაგინა, ამის შემდეგ შევიდა ოთახში და ჩაიკეტა (იხ. ს.ფ. ს.ფ. 57);

6.6. სკოლის დირექტორის 28.12.2022წ. წარდგინების თანახმად, სკოლის სამეურვეო საბჭოს 29.08.2018წ. N3 სხდომის ოქმით დამტკიცებული სკოლის შინაგანაწესის მე-14 მუხლის პირველი პუნქტის და მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, დასაქმებულთა დისციპლინურ გადაცდომებს განიხილავს სკოლის დირექტორი. სკოლის დირექტორის გადაწყვეტილებით დასაქმებულთა დისციპლინური გადაცდომა შესაძლოა განიხილოს დისციპლინურმა კომიტეტმა. „მასწავლებელთა დისციპლინური წარმოების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 30.12.2014წ. N167/ნ ბრძანების მე-4 მუხლის თანახმად, დისციპლინური გადაცდომების განხილვაზე უფლებამოსილია დისციპლინური კომიტეტი (იხ. ტ. 1, ს.ფ. 70-71);

6.7. სკოლის დისციპლინურმა კომიტეტმა მ.ბ–ის მოხსენებით, ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებების განხილვით, ასევე, დისციპლინური კომიტეტის მიერ მოძიებული დამატებითი ფაქტების შესწავლით 2023 წლის 02 თებერვალს დაადგინა, რომ მოსარჩელემ მ.ბ–ს მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა, თუმცა მოსარჩელის მხრიდან მ.ბ–ის მიმართ სიტყვიერი შეურაცხყოფის მიყენების ფაქტი, გარდა თავად განმცხადებლის მიერ გაკეთებული განმარტებისა, სხვა მტკიცებულებით არ დასტურდება (იხ. ტ. 1, ს.ფ. 94-97);

6.8. სკოლის დისციპლინური კომიტეტის 07.02.2023წ. გადაწყვეტილებით ამავე სკოლის დირექტორს მიეცა რეკომენდაცია, შეეწყვიტა შრომითი ხელშეკრულება ამავე სკოლის პედაგოგის - მოსარჩელისათვის და გამოეცა ბრძანება მისი სამუშაოდან გათავისუფლების შესახებ (იხ. ტ. 1, ს.ფ. 99-101);

6.9. სკოლის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელის, ე.ა–ას 15.02.2023წ. N1/კ-05 ბრძანებით უარი ეთქვა მოსარჩელის მიმართ ამავე სკოლის დისციპლინური კომიტეტის 02.02.2023წ. N6 სხდომისა და 07.02.2023წ. სხდომის ოქმების საფუძველზე დისციპლინური სახდელის დაკისრებასთან დაკავშირებით ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას (იხ. ტ. 1, ს.ფ. 102);

6.10. 2023 წლის 20 თებერვალს მ.ბ–მა განცხადებით მიმართა სკოლის სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარეს და მოითხოვა სკოლის დირექციის MES 2230000181444 გადაწყვეტილების სააპელაციო წესით განხილვა. სკოლის სამეურვეო საბჭომ 2023 წლის 16 მარტს კენჭისყრის შედეგად ძალაში დატოვა საქმესთან დაკავშირებული დისციპლინური კომიტეტის გადაწყვეტილება (იხ. ტ. 1, ს.ფ. 126);

6.11. სკოლის სამეურვეო საბჭოს 2023 წლის 30 მარტს მიმართა ამავე სკოლის დირექტორმა თ.ლ–ძემ და ითხოვა საბჭოს დაეზუსტებინა, რომელი ხელშეკრულება/ხელშეკრულებები უნდა შემწყდარიყო მოსარჩელის მიმართ, ვინაიდან იგი რამდენიმე თანამდებობაზე იყო სკოლაში დასაქმებული (იხ. ტ. 1, ს.ფ. 122);

6.12. სკოლის სამეურვეო საბჭოს 10.04.2023წ. N24 სხდომის ოქმით გაიცა რეკომენდაცია მოსარჩელესთან ყველა შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტისა და დისციპლინური კომიტეტის მიერ გამოტანილი სახდელის ძალაში დატოვების შესახებ (იხ. ტ. 1, ს.ფ. 126);

6.13. სკოლის დირექტორის მოვალეობის შემსრულებლის, ე.ა–ას 24.04.2023წ. №1/კ-13 ბრძანებით დადგენილია, რომ:

- შრომითი ხელშეკრულება შეუწყდა სკოლის მასწავლებელს - მოსარჩელეს 2023 წლის 24 აპრილიდან, ამავე სკოლის სამეურვეო საბჭოს 10.04.2023წ. N24 სხდომის ოქმით მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად;

- შრომითი ხელშეკრულება შეუწყდა სკოლის მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის კოორდინატორს - მოსარჩელეს 2023 წლის 24 აპრილიდან, სკოლის სამეურვეო საბჭოს 10.04.2023წ. N24 სხდომის ოქმით მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად;

- შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის გამო მოსარჩელე 2023 წლის 24 აპრილიდან განთავისუფლდა სკოლის ტერიტორიაზე სასკოლო დროის უსაფრთხოებისა და საზოგადოებრივი წესრიგის დაცვის უზრუნველყოფაზე უფლებამოსილი პირის მოვალეობის შესრულებისაგან (იხ. ტ. 1, ს.ფ. 130);

6.14. მითითებულ ბრძანებაში აღნიშნულია, რომ მოსარჩელეს ხელშეკრულებები შეუწყდა საქართველოს შრომის კოდექსის 44-ე მუხლის, 47-ე მუხლის პირველი პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტის, სკოლის დისციპლინური კომიტეტის 07.02.2023წ. N7 სხდომის ოქმის, სკოლის დირექტორის მოვალეობის შემსრულებლის, ე.ა–ას 15.02.2023წ. დისციპლინური კომიტეტისთვის მიცემული განმარტების, N1/კ-05 ბრძანების და 24.02.2023წ. სამეურვეო საბჭოსათვის მიცემული N224953 წერილობითი დასკვნის, სკოლის სამეურვეო საბჭოს 16.03.2023წ. N23 და 10.04.2023წ. N24 სხდომის ოქმების, „ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 43-ე მუხლის მე-2 პუნქტის საფუძველზე (იხ. ტ. 1, ს.ფ. 127-128);

6.15. ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 21.02.2024წ. დადგენილებით შეწყდა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმე მოსარჩელის მიმართ, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული სამართალდარღვევის შემთხვევის არარსებობის გამო. ზემოხსენებული სამართალდარღევევის ოქმი შედგა იმასთან დაკავშირებით, რომ 2024 წლის 24 იანვარს მოსარჩელემ თითქოს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა გ.ს–ძეს და მის მეუღლეს - მ.ბ–ს (იხ. ტ. 1, ს.ფ. 196-201);

6.16. სადავო არაა და მხარეებიც ადასტურებენ, რომ მოსარჩელე დასაქმებულია 2008 წლიდან და მის მიმართ რაიმე დისციპლინური სახდელი გამოყენებული არ ყოფილა;

6.17. სკოლის შინაგანაწესის მე-12 მუხლის პირველი და მე-3 პუნქტების შესაბამისად, დისციპლინური დევნა არის სკოლის მიერ ჩატარებული ღონისძიებათა ერთობლიობა, რომელთა მიზანია ჩადენილი დისციპლინური გადაცდომის გამოვლენა. დისციპლინური დევნა და სახდელი უნდა იყოს გონივრული, დასაბუთებული და პროპორციული. დისციპლინური სახდელის დაკისრებისას გათვალისწინებული უნდა იყოს ჩადენილი დისციპლინური გადაცდომის შინაარსი, მისი სიმძიმის ხარისხი და შედეგი, რაც პირდაპირ მიზეზობრივ კავშირშია ჩადენილ დისციპლინურ გადაცდომასთან (იხ. ტ. 1, ს.ფ. 206-224);

6.18. საქმეში წარდგენილია სკოლის თანამშრომლების ახსნა-განმარტება, სადაც აღნიშნულია, რომ მოსარჩელე არის გამორჩეულად დადებითი თვისებების მქონე, კეთილშობილი, წესიერი, ზრდილობიანი, უპატიოსნესი ადამიანი; შრომითი მოვალეობების შესრულებისას კეთისინდისიერად, კვალიფიციურად, მაღალი პროფესიონალიზმით ასრულებდა დაკისრებულ მოვალეობებს; თითოეულ თანამშრომელთან ჰქონდა კოლეგიური და საქმიანი ურთიერთობები, თანამშრომლებს შორის სარგებლობდა სიყვარულით, პატივისცემით და კარგი ავტორიტეტით (იხ. ტ. 1, ს.ფ. 203);

6.19. სადავო არ არის, რომ მოსარჩელის მიერ დაკავებული თანამდებობები ამჟამად არ არის ვაკანტური, ასევე, არ არსებობს არც ტოლფასი თანამდებობა;

6.20. დადგენილია, რომ მოსარჩელე არის 57 წლის, სამსახურიდან გათავისუფლების შემდეგ გაუარესდა მისი ჯანმრთელობა, ამასთან მოეხსნა მასწავლებლის დაზღვევაც, ჰყავს ორი სრულწლოვანი შვილი და სამსახურიდან გათავისუფლების შემდეგ არსად მუშაობს (იხ. მხარის განმარტება; ტ. 1, ს.ფ. 202).

7. სააპელაციო სასამართლოს მითითებით, განსახილველ შემთხვევაში მოსარჩელის პრეტენზია მიმართულია გასაჩივრებული გადაწყვეტილების იმ ნაწილის წინააღმდეგ, რომლითაც არ დაკმაყოფილდა სასარჩელო მოთხოვნა იძულებითი განაცდურის ანაზღაურების თაობაზე; ხოლო, სკოლის პრეტენზია კი იმ მსჯელობის წინააღმდეგ, რომლითაც მიჩნეულ იქნა, რომ მოსარჩელის სამუშაოდან გათავისუფლებისათვის საკმარისი საფუძველი არ არსებობდა.

8. სააპელაციო პალატის განმარტებით, მოცემულ შემთხვევაში საქმის მასალებით დგინდება, რომ ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 21.02.2024წ. დადგენილებით შეწყდა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმე მოსარჩელის მიმართ, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული სამართალდარღვევის შემთხვევის არარსებობის გამო. ზემოხსენებული სამართალდარღევევის ოქმი შედგა მასზედ, რომ 2024 წლის 24 იანვარს მოსარჩელემ თითქოს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა გ.ს–ძესა და მის მეუღლეს მ.ბ–ს. გარდა ამისა, ირკვევა, რომ, მართალია, მოსარჩელის მიმართ მსგავსი გადაცდომის დადგენის არაერთი შემთხვევა იქნა სკოლის დისციპლინური კომიტეტის მოკვლევის საგანი, თუმცა არცერთი მათგანი არ იქნა გათვალისწინებული დირექციის მიერ. ე.ი. მის მიმართ რაიმე დისციპლინური სახდელი გამოყენებული არ ყოფილა; საქმის მასალებით დადგენილია, ასევე, რომ მოსარჩელის მხრიდან მ.ბ–ის მიმართ სიტყვიერი შეურაცხყოფის მიყენების ფაქტი, გარდა თავად განმცხადებლის მიერ გაკეთებული განმარტებისა, სხვა მტკიცებულებით, მათ შორის, მოწმეთა ჩვენებებით არ დასტურდება. ე.ი. ვერანაირი სათანადო და სარწმუნო მტკიცებულებით ვერ დადასტურდა მოსარჩელის მიერ შრომითი ვალდებულებების დარღვევის ფაქტი, რაც შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტას კანონიერ საფუძველს მისცემდა.

9. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლომ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს მსჯელობა, რომ დისციპლინურმა კომიტეტმა ყოველგვარი მტკიცების გარეშე დაადგინა მ.ბ–ის განცხადებაში მითითებული ფაქტების სისწორე.

10. ვინაიდან დამსაქმებელმა ვერ დაადასტურა სადავო ბრძანებაში მითითებული გათავისუფლების საფუძვლების მართლზომიერება, სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ დამსაქმებლის მოქმედება - შრომის კოდექსის 47-ე მუხლის პირველი ნაწილის „ზ“ ქვეპუნქტის საფუძველზე შეეწყვიტა შრომითი ხელშეკრულება - არამართლზომიერია, რაც სამოქალაქო კოდექსის 115-ე და 54-ე მუხლების თანახმად, სადავო ბრძანების ბათილად ცნობის საფუძველს წარმოადგენდა.

11. სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ მოსარჩელის სააპელაციო პრეტენზია იძულებითი განაცდურის დაკისრების თაობაზე საკასაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ერთგვაროვანი პრაქტიკიდან გამომდინარეობდა. სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს შრომის კოდექსის 48-ე მუხლის მე-9 პუნქტით და ვინაიდან მოსარჩელე დამსაქმებელთან იმყოფებოდა უვადო შრომითსამართლებრივ ურთიერთობაში, ასევე, მისი ასაკის (57 წელი), ჯანმრთელობის მდგომარეობისა და იმ გარემოების მხედველობაში მიღებით, რომ მოსარჩელე დღემდე არსად მუშაობს, მიზანშეწონილად და გონივრულად მიიჩნია მისთვის იძულებითი განაცდურის ანაზღაურება ორი წლის შრომის ანაზღაურების ოდენობით.

12. კერძოდ, სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, დადგენილია, რომ მოსარჩელის ყოველთვიური თანამდებობრივი სარგო საშემოსავლო გადასახადის ჩათვლით შეადგენდა 510,28 ლარს (დეტ. იხ. წინამდებარე განჩინების 6.4 პუნქტი), ხოლო 24 თვის (ორი წლის) კი - 12 246,72 ლარს (510,28x24=12 246,72), რაც იძულებითი განაცდურის სახით უნდა დაკისრებოდა მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ. ამასთან, სააპელაციო სასამართლომ განმარტა, რომ მოპასუხეს მოსარჩელისათვის უნდა გადაეხადა დაუბეგრავი 12 246,72 ლარი.

13. სააპელაციო სასამართლოს ზემოაღნიშნულ გადაწყვეტილებაზე მოპასუხემ წარადგინა საკასაციო საჩივარი, რომლითაც მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე სრულად უარის თქმა მოთხოვა.

14. საკასაციო საჩივარი ემყარება შემდეგ საფუძვლებს:

14.1. სასამართლომ მიიჩნია, რომ მოსარჩელის მხრიდან თანამშრომლის სიტყვიერი შეურაცხყოფა დისციპლინური კომიტეტისა და სამეურვეო საბჭოს მიერ არასწორად იქნა მიჩნეული უხეშ დარღვევად, მიუხედავად იმისა, რომ მოკვლეულ იქნა საქმის მასალები და მტკიცებულებებით, ასევე, სკოლაში დასაქმებულთა მიერ დადასტურდა აღნიშნული ფაქტი. როგორც თავად სასამართლო მიუთითებს და საქმეზე დართული მტკიცებულებებითაც დასტურდება, აღნიშნული მოსარჩელის მიმართ დისციპლინური წარმოების პირველი შემთხვევა არ ყოფილა;

14.2. სასამართლოს მხედველობიდან გამორჩა სკოლის შინაგანაწესის მე-13 მუხლის მე-11 პუნქტი. შინაგანაწესის მე-13 მუხლი განსაზღვრავს დისციპლინურ გადაცდომათა სახეებს და მათ შესაბამის სახდელებს. მიუხედავად იმისა, რომ, სასამართლოს მოსაზრებით, სავსებით შესაძლებელი იყო მოსარჩელის მიმართ სხვა დისციპლინური ზომის გამოყენება, შინაგანაწესის ზემოაღნიშნული პუნქტი ითვალისწინებს, რომ ამ მუხლის მე-4-10 პუნქტებით დადგენილი წესის გაუთვალისწინებლად, დასაქმებულს შესაძლებელია დაეკისროს ამავე მუხლის მე-3 პუნქტით დადგენილი დისციპლინური სახდელები კონკრეტული შემთხვევის ხასიათის, დასაქმებულისა და სკოლის ინტერესებიდან გამომდინარე. ჩადენილი ქმედება წინააღმდეგობაში მოდის, როგორც ბავშვთა საუკეთესო ინტერესების გატარებასთან, ისე სასკოლო საზოგადოებაში ურთიერთპატივისცემის ინსტიტუტის დამკვიდრებასთან და ასოცირდება სასკოლო იმიჯის შებღალვასთან;

14.3. როგორც ზემოთ აღინიშნა, მოსარჩელესთან მიმართებით ეს პირველი დისციპლინური წარმოება არ ყოფილა, აქედან გამომდინარე, სახდელის დაკისრებისას გათვალისწინებული იყო ჩადენილი დისციპლინური გადაცდომების ხარისხი, არაერთგზისობა და შედეგები, რომელიც აზიანებდა სასწავლო გარემოს და, თავისთავად, სკოლის ინტერესებსაც. აქედან გამომდინარე, დირექტორის ბრძანების ბათილად ცნობის თაობაზე სასამართლო გადაწყვეტილება არ არის საკმარისად დასაბუთებული, რაც მისი გაუქმების საფუძველია;

14.4. დაუსაბუთებელია სააპელაციო სასამართლოს მიერ განაცდურის დაკისრების თაობაზე მიღებული გადაწყვეტილება. მოსარჩელის გათავისუფლების შემდგომ დაინიშნენ და დღემდე მუშაობენ სკოლის მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის კოორდინატორი და სკოლის უსაფრთხოებისა და საზოგადოებრივი წესრიგის უზრუნველყოფაზე უფლებამოსილი პირი. რაც შეეხება საგზაო ნიშნების და მოძრაობის უსაფრთხოების პედაგოგის თანამდებობას, ზემოხსენებული საგნის სწავლება ქართულენოვანი საჯარო სკოლების საშუალო საფეხურის მოსწავლეთათვის აღარ ხორციელდება. დაუსაბუთებელია ასევე ის გარემოება, რატომ დააკისრა სასამართლომ სკოლას განაცდურის სახით 2 წლის სახელფასო ანაზღაურება, მაშინ, როდესაც მოსარჩელის გათავისუფლებიდან სააპლაციო სასამართლოს მიერ გადაწყვეტილების მიღებამდე 2 წელი გასული არ იყო.

15. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 11 აპრილის განჩინებით საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მიხედვით დასაშვებობის შესამოწმებლად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

16. საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლისა და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად.

17. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას ან/და მის დამატებით ოქმს/ოქმებს და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.

18. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი საფუძვლით.

19. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებულ პრეტენზიაში იგულისხმება მითითება იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურ-სამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება.

20. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება) არ წარმოუდგენია.

21. მოცემულ შემთხვევაში საკასაციო სასამართლოს მსჯელობის საგანია დასაქმებულთან შრომითი ხელშეკრულებების შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილების ბათილად ცნობის, ასევე, იძულებითი განაცდურის ოდენობის მართლზომიერება.

22. საქართველოს შრომის კოდექსის 47-ე მუხლის პირველი პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტის თანახმად, შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის საფუძველია დასაქმებულის მიერ მისთვის ინდივიდუალური შრომითი ხელშეკრულებით ან კოლექტიური ხელშეკრულებით ან/და შრომის შინაგანაწესით დაკისრებული ვალდებულების უხეში დარღვევა.

23. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განმარტებების თანახმად, უმნიშვნელოვანესი პრინციპი, რომელიც გათვალისწინებული უნდა იყოს ზემოაღნიშნული საფუძვლით შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის კანონიერების შეფასებისას, არის პროპორციულობისა და გონივრული საფუძვლის პრინციპი. პროპორციულობის, იგივე თანაზომიერების პრინციპი ნიშნავს, რომ კანონის მიზნის მისაღწევად გამოყენებული ღონისძიება უნდა იყოს დასაშვები, აუცილებელი და პროპორციული. შრომითი ურთიერთობის შეწყვეტა დამსაქმებლის მიერ დასაშვები უნდა იყოს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ გაუმართლებელია ამ უკანასკნელის უფლების დაცვის სხვა საფუძვლების გამოყენება (იხ. სუსგ საქმე Nას-106-101-2014, 02 ოქტომბერი, 2014 წელი; Nას-1183-1125-2014, 13 თებერვალი, 2015 წელი).

24. საქართველოს სასამართლოების მიერ შრომით დავებთან დაკავშირებულ არაერთ გადაწყვეტილებაში განმარტებულია, რომ სამსახურიდან პირის გათავისუფლების შესახებ დამსაქმებლის გადაწყვეტილების მართლზომიერების შეფასებისას განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება შრომის სამართალში მოქმედ Ultima Ratio-ს პრინციპის დაცვას, რომელიც გულისხმობს, რომ დასაქმებულის სამსახურიდან გათავისუფლება გამოყენებული უნდა იყო მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც დასაქმებულის მიმართ, მის მიერ ჩადენილი გადაცდომის (დარღვევის) ხასიათიდან და სიმძიმიდან გამომდინარე, უფრო მსუბუქი სანქციის შეფარდებას აზრი აქვს დაკარგული. შესაბამისად, დასაქმებულის მიერ დარღვევის ჩადენისას დამსაქმებლის მიერ გამოყენებული უნდა იქნას ისეთი ზომები, რომლებიც არსებულ ვითარებას გამოასწორებს, გააუმჯობესებს, დასაქმებულ მუშაკს უკეთესს გახდის, კვალიფიკაციას აუმაღლებს, უფრო წინდახედულად და გულისხმიერად მოქცევას აიძულებს (იხ. სუსგ საქმე Nას-1183-1125-2014, 13 თებერვალი, 2015 წელი; Nას-1276-1216-2014, 18 მარტი, 2015 წელი; Nას-127-123-2016, 13 ივნისი, 2016 წელი).

25. ამრიგად, მუშაკის სამუშაოდან გათავისუფლების საფუძვლების კვლევისას სასამართლო ამოწმებს დამსაქმებლის უფლების გამოყენების მართლზომიერების საკითხს, რის საფუძველზეც აფასებს მხარეთა მიერ სასამართლოს წინაშე დაყენებულ მოთხოვნათა მართებულობას. ამისათვის კი აუცილებელია მისი გამოყენების განმაპირობებელი გარემოებების მართლზომიერების საკითხის შესწავლა. ამასთან, მნიშვნელოვანია, რომ დასაქმებულის სამსახურიდან გათავისუფლების მართლზომიერების შეფასების მიზნით, დადგინდეს დასაქმებულის მიერ მასზე დაკისრებული ვალდებულებების უხეში დარღვევის ფაქტი, რაც შესაძლებელია მხოლოდ შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის თაობაზე ადმინისტრაციის ბრძანებაში მითითებული დასაქმებულის გათავისუფლების საფუძვლის კვლევის შედეგად (იხ. სუსგ საქმე Nას-1391-1312-2012, 10 იანვარი, 2014 წელი; Nას-483-457-2015, 07 ოქტომბერი, 2015 წელი; Nას-127-123-2016, 13 ივნისი, 2016 წელი).

26. საკასაციო სასამართლო ასევე მიუთითებს, რომ შრომითსამართლებრივი დავები მტკიცების ტვირთის განაწილების გარკვეული თავისებურებით ხასიათდება, რასაც მტკიცებულებების წარდგენის თვალსაზრისით, დამსაქმებლისა და დასაქმებულის არათანაბარი შესაძლებლობები განაპირობებს. დასაქმებული, რომელიც სამსახურიდან უკანონოდ დათხოვნის თაობაზე აპელირებს, ვერ დაადასტურებს სამსახურიდან დათხოვნის უკანონობას. შესაბამისად, მოსარჩელის მითითება, რომ იგი უკანონოდ გაათავისუფლეს სამსახურიდან, მტკიცების ტვირთს აბრუნებს დამსაქმებლის მხარეს, რომელსაც აკისრებს დასაქმებულის სამსახურიდან მართლზომიერად გათავისუფლების მტკიცების ვალდებულებას (იხ. სუსგ საქმე Nას-1056-996-2015, 15 დეკემბერი, 2015 წელი; Nას-151-147-2016, 19 აპრილი, 2016 წელი; Nას-539-539-2018, 21 დეკემბერი, 2018 წელი).

27. ამდენად, მოცემულ შემთხვევაში იმ გარემოების მტკიცების ტვირთი, რომ მოსარჩელემ უხეშად დაარღვია შრომითი ხელშეკრულებით/შინაგანაწესით დაკისრებული ვალდებულებები და იგი მართლზომიერად გათავისუფლდა სამსახურიდან, ეკისრებოდა მოპასუხეს/დამსაქმებელს.

28. განსახილველ შემთხვევაში საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებებისა და წარდგენილი მტკიცებულებების ურთიერთშეჯერების შედეგად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოპასუხემ/დამსაქმებელმა ვერ უზრუნველყო მისი წილი მტკიცების ტვირთის რეალიზება და სათანადოდ ვერ დაადასტურა, რომ მოსარჩელის მხრიდან ადგილი ჰქონდა შრომითი ხელშეკრულებით/შრომის შინაგანაწესით ნაკისრი მოვალეობების უხეში დარღვევის ფაქტს. კერძოდ, მოპასუხეს/დამსაქმებელს არ წარუდგენია იმის დამადასტურებელი სათანადო მტკიცებულებები, რომ მოსარჩელემ 2022 წლის 28 დეკემბერს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა მ.ბ–ს. მართალია, სკოლის დისციპლინურმა კომიტეტმა 02.02.2023 წელს დაადგინა მითითებული სადავო ფაქტი, თუმცა, სააპელაციო სასამართლოს მითითებით, მოსარჩელის მხრიდან მ.ბ–ისათვის სიტყვიერი შეურაცხყოფის მიყენების ფაქტი, გარდა თავად განმცხადებლის განმარტებისა, სხვა მტკიცებულებებით არ დასტურდება. ამ გარემოებას არც კასატორი შედავებია. ამდენად, საკასაციო სასამართლო ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას, რომ სხვა მტკიცებულებების არარსებობის პირობებში, მხოლოდ დისციპლინური კომიტეტის გადაწყვეტილება მოსარჩელის მიერ დისციპლინური გადაცდომის ჩადენის დამადასტურებელ საკმარის მტკიცებულებად ვერ მიიჩნევა; აღსანიშნავია ის დადგენილი გარემოებაც, რომ დისციპლინური კომიტეტის მიერ მოსარჩელესთან შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის თაობაზე რეკომენდაციის გაცემის მიუხედავად, სკოლის დირექტორის მოვალეობის შემსრულებლის 15.02.2023წ. N1/კ-05 ბრძანებით მოსარჩელისათვის დისციპლინური სახდელის დაკისრებასთან დაკავშირებით ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას ეთქვა უარი; ამასთან, საქმეში წარდგენილია სკოლის თანამშრომლების ახსნა-განმარტება, რომლითაც მოსარჩელე როგორც პიროვნულად, ისე პროფესიულად დადებითად არის დახასიათებული; გარდა ამისა, სააპელაციო სასამართლომ დაადგინა, რომ მოსარჩელის მიმართ მსგავსი გადაცდომის დადგენის არაერთი შემთხვევა იყო სკოლის დისციპლინური კომიტეტის მოკვლევის საგანი, თუმცა დირექციამ არცერთი მათგანი არ გაითვალისწინა და მოსარჩელის მიმართ რაიმე დისციპლინური სახდელი გამოყენებული არ ყოფილა.

29. დადგენილია ასევე, რომ ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 21.02.2024წ. დადგენილებით შეწყდა მოსარჩელის მიმართ ადმინისტრაციული საქმის წარმოება საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166.1 მუხლით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის შემთხვევის არარსებობის გამო. აღნიშნული ადმინისტრაციული საქმის წარმოების საფუძველს წარმოადგენდა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმი, რომელიც შედგა მოსარჩელის მიერ მ.ბ–ისა და მისი მეუღლისათვის სავარაუდო სიტყვიერი შეურაცხყოფის მიყენების ფაქტთან დაკავშირებით.

30. მოპასუხემ/კასატორმა ვერც ის გარემოება დაასაბუთა, რომ მოსარჩელის მიერ ჩადენილი გადაცდომის, ასეთის დადასტურების შემთხვევაში, სიმძიმიდან და ხასიათიდან გამომდინარე, მის მიმართ უფრო მსუბუქი სანქციის შეფარდებას აზრი ჰქონდა დაკარგული და კონკრეტულ შემთხვევაში აღნიშნული არ იყო მიზანშეწონილი.

31. შესაბამისად, საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს დასკვნას, რომ მოცემულ შემთხვევაში არ დასტურდება მოსარჩელის მხრიდან შრომითი ვალდებულებების უხეში დარღვევის ფაქტი, რაც საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 54-ე მუხლის შესაბამისად, სადავო ბრძანებების ბათილად ცნობის საფუძველია.

32. წინამდებარე საქმეში ასევე სადავოა იძულებითი განაცდურის ოდენობის მართლზომიერება.

33. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს შრომის კოდექსის 48-ე მუხლის მე-8 ნაწილის თანახმად, სასამართლოს მიერ დასაქმებულთან შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ დამსაქმებლის გადაწყვეტილების ბათილად ცნობის შემთხვევაში, სასამართლოს გადაწყვეტილებით, დამსაქმებელი ვალდებულია პირვანდელ სამუშაო ადგილზე აღადგინოს პირი, რომელსაც შეუწყდა შრომითი ხელშეკრულება, ან უზრუნველყოს ის ტოლფასი სამუშაოთი, ან გადაუხადოს მას კომპენსაცია სასამართლოს მიერ განსაზღვრული ოდენობით. ამდენად, მითითებული რეგულაციით დამსაქმებლისათვის დადგენილია უკანონოდ გათავისუფლებული დასაქმებულის პირვანდელ სამუშაოზე აღდგენა, ხოლო თუკი აღნიშნული შეუძლებელია, მაშინ მომდევნო რიგითობით დადგენილი ვალდებულებების შესრულება.

34. საქართველოს უზენაესი სასამართლო არაერთ საქმეში განმარტავს, რომ კომპენსაცია შრომითი ურთიერთობის არამართლზომიერი შეწყვეტის შემთხვევაში, სპეციალური ნორმით გათვალისწინებული დამსაქმებლის პასუხისმგებლობის განმსაზღვრელი ერთ-ერთი ზომაა, რომელიც უნდა უზრუნველყოფდეს დასაქმებულისათვის მინიმალური სოციალური გარანტიის შექმნას, რაც მას სავსებით განასხვავებს პირვანდელი მდგომარეობის აღდგენისაგან. კომპენსაციის ოდენობის განსაზღვრის თვალსაზრისით, უნდა აღინიშნოს, რომ ხსენებული სამართლებრივი საკითხი განეკუთვნება სასამართლოს დისკრეციის სფეროს, რა დროსაც, გათვალისწინებული უნდა იყოს, რომ შრომითსამართლებრივი კომპენსაცია ერთდროულად ფარავს იმ მატერიალურ დანაკარგს, რაც მხარემ უკანონოდ დათხოვნით განიცადა და რასაც იგი საშუალოდ შესატყვისი სამუშაოს მოძებნამდე განიცდის, ასევე, იმ მორალურ ზიანს, რაც მას უკანონოდ დათხოვნით მიადგა. ამდენად, კომპენსაციამ შეძლებისდაგვარად უნდა უზრუნველყოს სამართლიანი ბალანსის აღდგენა გათავისუფლების შესახებ ბრძანების ბათილად ცნობის შემთხვევაში(იხ. მაგ., სუსგ საქმე Nას-353-338-2016, 15 ივნისი, 2016 წელი; Nას-727-680-2017, 15 სექტემბერი, 2017 წელი; Nას-1208-2018, 18 თებერვალი, 2021 წელი).

35. მნიშვნელოვანია, რომ დასაქმებულის დარღვეული უფლებების აღდგენის, მისი უფლებრივი რესტიტუციის შესაძლებლობები კიდევ უფრო გაფართოვდა საქართველოს შრომის კოდექსში 2020 წლის 29 სექტემბრის ცვლილების შემდგომ (ძალაშია 2020 წლის 05 ოქტომბრიდან) ამოქმედებული 48-ე მუხლის მე-9 ნაწილით, რომელიც განსხვავებით მანამდე მოქმედი რედაქციისგან, კომპენსაციის დაკისრებასთან, როგორც პირვანდელ პოზიციაზე აღდგენის შეუძლებლობის გამო მიყენებული მატერიალური თუ მორალური ზიანის ანაზღაურების სახესთან, ერთად იძულებითი განაცდურის დაკისრებასაც ითვალისწინებს სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულების თარიღამდე. აღნიშნული სამართლებრივი ნორმის თანახმად, დასაქმებულს უფლება აქვს, ამ მუხლის მე-8 პუნქტით გათვალისწინებულ პირვანდელ ან ტოლფას სამუშაო ადგილზე აღდგენის ან მის ნაცვლად დაკისრებული კომპენსაციის გადახდის გარდა, მოითხოვოს იძულებითი განაცდურის ანაზღაურება შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის თარიღიდან შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ დამსაქმებლის გადაწყვეტილების ბათილად ცნობის თაობაზე სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების აღსრულების თარიღამდე. ამდენად, კომპენსაციის ოდენობის განსაზღვრისას, რა თქმა უნდა, უპირველესია დასაქმებულის უფლების დაცვა, რათა, გათავისუფლების ბრძანების ბათილად ცნობის შემთხვევაში, სამართლიანი ბალანსის აღდგენა მოხდეს. ამასთან, იძულებითი განაცდურის სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების აღსრულებამდე დაკისრების თანადროულად, კომპენსაციის ოდენობა უნდა იყოს გონივრული და არ ქმნიდეს მოსარჩელის უსაფუძვლო გამდიდრების წინაპირობებს (იხ. სუსგ საქმე Nას-1526-2023, 22 მარტი, 2024 წელი).

36. მოცემულ შემთხვევაში დადგენილია მოსარჩელესთან შრომითი ურთიერთობის არამართლზომიერად შეყვეტის ფაქტი, რაც საქართველოს შრომის კოდექსის 48-ე მუხლის მე-8 და მე-9 პუნქტების შესაბამისად, მოპასუხისათვის/დამსაქმებლისათვის კომპენსაციისა და იძულებითი განაცდურის დაკისრების საფუძველია. ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებებით მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა კომპენსაცია ერთი წლის შრომის ანაზღაურების ოდენობით, ასევე, იძულებითი განაცდურის ანაზღაურება ორი წლის შრომის ანაზღაურების ოდენობით. კასატორს კომპენსაციასთან დაკავშირებით პრეტენზია არ წარმოუდგენია, ხოლო, რაც შეეხება იძულებით განაცდურს, საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ, მართალია, შრომის კოდექსში განხორციელებული ცვლილების შედეგად, დასაქმებულს, აღნიშნული კოდექსის 48.9 მუხლის შესაბამისად, უფლება აქვს პირვანდელ ან ტოლფას სამუშაო ადგილზე აღდგენის ან მის ნაცვლად დაკისრებული კომპენსაციის გადახდის გარდა, მოითხოვოს იძულებითი განაცდურის ანაზღაურება შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის თარიღიდან შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ დამსაქმებლის გადაწყვეტილების ბათილად ცნობის თაობაზე სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების აღსრულების თარიღამდე, თუმცა მოცემულ შემთხვევაში სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებაზე საკასაციო საჩივარი წარმოდგენილი აქვს მხოლოდ მოპასუხეს, ხოლო მოსარჩელის გათავისუფლებიდან (24.04.2023წ.) წინამდებარე საქმეზე საკასაციო სასამართლოს მიერ გადაწყვეტილების მიღებამდე (11.06.2025წ.) უკვე გასულია ორი წელი.

37. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ განსახილველ შემთხვევაში არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული რომელიმე წინაპირობა, კასატორს არ წარმოუდგენია იმგვარი დასაშვები და დასაბუთებული საკასაციო პრეტენზია, რომელიც საკასაციო საჩივრის არსებითად განსახილველად დაშვების შესაძლებლობას მისცემდა სასამართლოს, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.

38. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება ცნობილი, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი.

39. ამდენად, კასატორს უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 918,92 ლარის 70% – 643,24 ლარი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა

1. სსიპ ბაღდათის მუნიციპალიტეტის სოფელ როხის საჯარო სკოლის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველი;

2. სსიპ ბაღდათის მუნიციპალიტეტის სოფელ როხის საჯარო სკოლას (ს.კ. 225065292) დაუბრუნდეს მის მიერ 2025 წლის 31 მარტს №5180716455 საგადახდო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 918,92 ლარის 70% – 643,24 ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი: TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი: 300773150;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე გიზო უბილავა

მოსამართლეები: ლევან მიქაბერიძე

ვლადიმერ კაკაბაძე