საქმე №ას-1552-2024
04 ივნისი, 2025 წელი ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
გიზო უბილავა (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ლევან მიქაბერიძე, ვლადიმერ კაკაბაძე
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
საკასაციო საჩივრის ავტორი – სსიპ შემოსავლების სამსახური (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე – ი.მ–ი (მოსარჩელე)
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 23 სექტემბრის განჩინება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების ნაწილობრივ გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე სრულად უარის თქმა
დავის საგანი – დისციპლინური პასუხისმგებლობის გამოყენების შესახებ ბრძანების ბათილად ცნობა, დისკრიმინაციის ფაქტის დადგენა, პრემიისა და პირგასამტეხლოს დაკისრება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი
1. ი.მ–მა (შემდგომში - „მოსარჩელე“ ან „დასაქმებული“) სარჩელი აღძრა სასამართლოში სსიპ შემოსავლების სამსახურის (შემდგომში ასევე - „მოპასუხე“, „დამსაქმებელი“ ან „კასატორი“) მიმართ და მოითხოვა:
- ბათილად იქნას ცნობილი დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომის გამოყენების შესახებ დამსაქმებლის 19.11.2021წ. Nპ-918 ბრძანება;
- მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისროს 2021 წლის პრემიის - 1 097 ლარისა და პრემიის ანგარიშსწორების დაყოვნებისათვის პირგასამტეხლოს ანაზღაურება - ყოველი დაყოვნებული დღისათვის დაყოვნებული თანხის 0,07%-ის ოდენობით 2021 წლის 23 დეკემბრიდან სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულებამდე;
- დადგინდეს მოსარჩელის მიმართ დისკრიმინაციის ფაქტი განსხვავებული აზრის დაფიქსირების გამო.
2. მოპასუხემ წარდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნო.
3. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 16 ნოემბრის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; ბათილად იქნა ცნობილი დამსაქმებლის 19.11.2021წ. Nპ-918 ბრძანება მოსარჩელისათვის დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომის - გაფრთხილების შეფარდების თაობაზე; მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისროს 2021 წლის პრემიის - 1 097 ლარის ანაზღაურება; სარჩელი დისკრიმინაციის ფაქტის დადგენისა და ანგარიშსწორების დაყოვნებისათვის პირგასამტეხლოს დაკისრების მოთხოვნის ნაწილში არ დაკმაყოფილდა.
4. მხარეებმა საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებაზე წარადგინეს სააპელაციო საჩივრები. მოსარჩელემ გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება მოითხოვა; ხოლო, მოპასუხემ მისი ნაწილობრივ გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე სრულად უარის თქმა.
5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 23 სექტემბრის განჩინებით სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდა და გასაჩივრებული გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად.
6. სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია საქმის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:
6.1. მოსარჩელე დასაქმებულია სსიპ შემოსავლების სამსახურში და 2019 წლიდან იკავებს საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა გამოვლენის სამმართველოს ოფიცრის თანამდებობას;
6.2. 2019 წლის 17 ივნისიდან მოსარჩელის შრომის ანაზღაურება განისაზღვრა 1 097 ლარის ოდენობით (ხელზე ასაღები ოდენობა);
6.3. მოსარჩელემ 2021 წლის 09 ნოემბერს უთანხმოების შესახებ შეტყობინებით მიმართა სსიპ შემოსავლების სამსახურის უფროსს, ინფლაციიდან და სხვადასხვა გარემოებებიდან გამომდინარე, მისთვის შრომის ანაზღაურების 1 400 ლარიდან 2 200 ლარამდე გაზრდის მოთხოვნით. ამავე განცხადებით, დავის დაწყების პროცედურების გამჭვირვალობისა და სამსახურის ხელმძღვანელობის მხრიდან კანონის დარღვევის პრევენციის, მათ შორის, მისი უკანონო გათავისუფლების თავიდან არიდების მიზნით, მოითხოვა სამსახურის სამსახურებრივი მონიტორინგის დეპარტამენტის, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს, სამინისტროს შიდა აუდიტისა და სხვადასხვა უწყების საქმეში ჩართვა/ზედამხედველობა, თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში;
6.4. მოსარჩელემ 2021 წლის 09 ნოემბერს განცხადებით ასევე მიმართა საქართველოს სახალხო დამცველს, სადაც მიუთითა სსიპ შემოსავლების სამსახურში შრომის პირობების შესახებ უთანხმოებისა და დავის დაწყების თაობაზე, რაც, მისივე განმარტებით, წარმოშობდა დისკრიმინაციული მოპყრობის საფრთხეს და მისი უფლებების დარღვევის რისკს. შესაბამისად, განმცხადებელი სახალხო დამცველისგან ითხოვდა შემოსავლების სამსახურის ხელმძღვანელობის მხრიდან მის მიმართ შესაძლო ნეგატიური შედეგების თავიდან არიდებაში დახმარებას. იმავე შინაარსის განცხადებებით მოსარჩელემ მიმართა ასევე სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურს, ფინანსთა სამინისტროსა და შიდა აუდიტის დეპარტამენტს, სსიპ შემოსავლების სამსახურის სამსახურებრივი მონიტორინგის დეპარტამენტს, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტს;
6.5. სსიპ შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 18.11.2021წ. წერილით, ხელფასის ზრდასთან დაკავშირებით წარდგენილი უთანხმოების შესახებ შეტყობინების საფუძველზე, მოსარჩელეს განემარტა, რომ „საქართველოს 2022 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ კანონის პროექტით განსაზღვრული იყო საბაზისო თანამდებობრივი სარგო, რის შესაბამისადაც, 01 იანვრიდან იზრდებოდა 10%-ით. გარდა ამისა, 2023 წლის 01 იანვრიდან საბაზისო თანამდებობრივი სარგოს ყოველწლიურად გადაანგარიშების მექანიზმების ამოქმედების მიზნით, საქართველოს მთავრობას ევალებოდა 2022 წლის 01 ივლისამდე დაემტკიცებინა საბაზისო თანამდებობრივი სარგოს გადაანგარიშების მექანიზმების შემუშავების ეტაპები და პრინციპები, რომელიც დაეფუძნებოდა საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მიერ ოფიციალურად გამოქვეყნებულ საშუალო თვიურ ნორმალური ხელფასის ოდენობას;
6.6. მოსარჩელემ 2021 წლის 27 ოქტომბერს სოციალური ქსელის - „Facebook”-ის ე.წ. „სთორიში“ პირადი მომხმარებლის გვერდზე გამოაქვეყნა ფოტო-კოლაჟი წარწერით: „სად არის ხალხი? ხალხი იძულებით აქციაზეა“;
6.7. შემოსავლების სამსახურის 19.11.2021წ. Nპ-918 ბრძანებით „შემოსავლების სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონის მე-6 მუხლის მე-2 პუნქტის „ზ” და „კ“ ქვეპუნქტების, მე-10 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტის და სსიპ შემოსავლების სამსახურის უფროსის 18.07.2014წ. N34134 ბრძანებით დამტკიცებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირის - შემოსავლების სამსახურის შინაგანაწესის“ მე-17 მუხლის პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის და მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, თანამშრომლისა და სამსახურის დისკრედიტაციისაკენ მიმართული უღირსი საქციელის გამო, საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის სამართლებრივ საკითხთა სამმართველოს ოფიცრის - მოსარჩელის მიმართ გამოყენებულ იქნა დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომა - გაფრთხილება (საფუძველი: სამსახურებრივი მონიტორინგის დეპარტამენტის უფროსის N120476-21-06 18.11.2021წ. წერილი);
6.8. სამსახურებრივი მონიტორინგის დეპარტამენტის დასკვნის თანახმად, დეპარტამენტისათვის ცნობილი გახდა, რომ 2021 წლის 27 ოქტომბერს საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის სამართლებრივ საკითხთა სამმართველოს ოფიცერმა, მოსარჩელემ სოციალურ ქსელის - „Facebook”-ის პირადი მომხმარებლის გვერდზე (მომხმარებელი - მოსარჩელე) საჯაროდ განათავსა ფოტო-კოლაჟი წარწერით „სად არის ხალხი? ხალხი იძულებით აქციაზეა“, რომელზეც ასახულია ქ. თბილისში, …….. მდებარე სსიპ შემოსავლების სამსახურის ადმინისტრაციული შენობის ცარიელი დერეფანი და ხალხმრავალი აქცია;
6.9. საკითხის სრულყოფილად შესწავლის მიზნით, ახსნა-განმარტებები ჩამოერთვათ სსიპ შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის სამართლებრივ საკითხთა სამმართველოს თანამშრომლებს: სამმართველოს უფროსს - პ.ბ–ს, მთავარ ოფიცერს - გ.გ–ს, უფროს ოფიცერს - ს.გ–ძეს, ოფიცერს - გ.უ–ს, ოფიცერს - ი.მ–ს;
6.10. პ.ბ–ის ახსნა-განმარტების თანახმად, 2021 წლის 27 ოქტომბერს, დაახლოებით 09:05 საათზე ჩვეულებისამებრ გამოცხადდა სამუშაო ადგილზე - ქ. თბილისი, ……. მდებარე სსიპ შემოსავლების სამსახურის ადმინისტრაციულ შენობაში. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ადმინისტრაციულ შენობაში (ქ. თბილისი, ……..) დაგეგმილი იყო სამსახურებრივი საჭიროებიდან გამომდინარე კონკრეტული საკითხის განხილვა. დაახლოებით 15:40 საათზე დატოვა სამუშაო ადგილი, თუმცა თანამშრომელთათვის მითითება სამსახურიდან ადრე გასვლის ან/და რაიმე აქტივობაში მონაწილეობის თაობაზე, არ მიუცია. პ. ბ–ის განმარტებით, 2021 წლის 28 ოქტომბერს სამსახურებრივი მონიტორინგის დეპარტამენტში გააცნეს მისი სამმართველოს თანამშრომლის, ოფიცრის - მოსარჩელის მიერ სოციალურ ქსელში საჯაროდ განთავსებული ფოტო, სადაც დაფიქსირებულია, რომ თითქოს მისი კოლეგები პ.ბ–მა ძალდატანებით გაუშვა ქ. თბილისში თავისუფლების მოედანზე გამართულ აქციაზე და სამსახურში არავინ იმყოფებოდა. აღნიშნულთან დაკავშირებით განმარტა, რომ ქვედანაყოფის თანამშრომელთათვის არანაირი მითითება აქციაზე წასვლის ან/და სამსახურიდან ადრე გასვლის თაობაზე არ მიუცია (გარდა მათი პირადი მიზეზით გათავისუფლებისა). მისთვის უცნობია, იყო თუ არა საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის ხელმძღვანელი პირების მხრიდან თანამშრომელთა მიმართ რაიმე სახის მოწოდება და მითუმეტეს ძალდატანება სამსახურიდან დროზე ადრე გასვლასა და რაიმე აქტივობაში მონაწილეობის მიღებასთან დაკავშირებით. მან ასევე დააფიქსირა მისი პოზიცია, რომ ყოვლად მიუღებელი და ამორალურია მოსარჩელის მიერ განხორციელებული ქმედება და ცრუ ბრალდება თანამშრომლებზე ძალდატანებისა და მათი მხრიდან სამუშაო საათებში სამსახურის თვითნებურად, შეუთანხმებლად დატოვების თაობაზე (ასეთის არსებობის შემთხვევაში), რაც აზიანებს არამხოლოდ პ.ბ–ის და სამმართველოს, არამედ მთლიანად სამსახურის რეპუტაციას და უარყოფითად აისახება თანამშრომლებზე;
6.11. მოსარჩელის ახსნა-განმარტების თანახმად, 2021 წლის 27 ოქტომბერს, დაახლოებით 16:00 საათზე, ქ. თბილისში, …… მდებარე სსიპ შემოსავლების სამსახურის ადმინისტრაციულ შენობაში, სადაც განსაზღვრული აქვს სამუშაო ადგილი, დააფიქსირა, რომ თანამშრომელთა 80% არ იმყოფებოდა სამსახურში, რაც დაუკავშირა იმავე დღეს ქ. თბილისში, თავისუფლების მოედანზე გამართულ ერთ-ერთი პოლიტიკური პარტიის მიერ ორგანიზებულ აქციას, გადაუღო ფოტო დერეფანს და ფოტო-კოლაჟით განათავსა საჯაროდ, სოციალურ ქსელ „Facebook”-ის კუთვნილი მომხმარებლის გვერდზე, წარწერით: „სად არის ხალხი? ხალხი იძულებით აქციაზეა“. აღნიშნულთან დაკავშირებით განმარტა, რომ დადასტურებულად ვერ იტყვის, რომ ყველა თანამშრომელი იმყოფებოდა აქციაზე, ასევე, მისთვის კონკრეტული იძულების ფაქტები ცნობილი არ არის, თუმცა მისი მოსაზრებითა და ლოგიკით, თანამშრომელთა ძირითადი ნაწილი იმყოფებოდა აქციაზე, რისი ფიქრის საფუძველს ასევე აძლევდა ჯგუფურად სამსახურის გარე ტერიტორიაზე შეკრებილი კოლეგების, მის კითხვაზე თუ სად მიდიოდნენ, გაცემული პასუხი: „სად წავიდოდნენ თუ არა აქციაზე“ (კონკრეტული პირების დასახელებისგან თავი შეიკავა). მოსარჩელემ ასევე განმარტა, რომ ზემოაღნიშნული დროის მონაკვეთში სამსახურში არ იმყოფებოდნენ ის თანამშრომლები, რომლებიც, მისი ინფორმაციით, არ არიან ზემოაღნიშნული აქციის ორგანიზატორი პარტიის მხარდამჭერები და, მისი მოსაზრებით, სამსახურის დაკარგვის ან რაიმე პრობლემის შექმნის თავიდან არიდების მიზნით წავიდნენ ზემოთხსენებულ აქციაზე, რაც ჩათვალა როგორც იძულების ერთ–ერთ ფორმად. ასევე, განმარტა, რომ მისთვის არც უშუალო ხელმძღვანელს და არც სხვა რომელიმე თანამშრომელს არც შეუთავაზებია და არც დაუძალებია წასულიყო აქციაზე;
6.12. გ.გ–ის ახსნა–განმარტების თანახმად, 2021 წლის 26 და 27 ოქტომბერს სამმართველოს უფროსთან, პ.ბ–თან წინასწარი შეთანხმებით, პირადი მიზეზებიდან გამომდინარე, ითხოვა სამსახურიდან სამუშაო დროის დასრულებამდე, ხოლო 29 ოქტომბერს მთელი დღით გათავისუფლება. 2021 წლის 27 ოქტომბერს ქ. თბილისში, …… მდებარე სსიპ შემოსავლების სამსახურის ადმინისტრაციულ შენობაში, სადაც განსაზღვრული აქვს სამუშაო ადგილი, გამოცხადდა დაახლოებით 07:40 საათზე. სამმართველოს უფროსთან წინასწარი შეთანხმების საფუძველზე, დაახლოებით 13:00 საათზე გავიდა სამსახურიდან. მისთვის არავის უთქვამს და მითუმეტეს დაუძალებია 27 ოქტომბერს რაიმე სახის აქტივობაში ან/და პოლიტიკურ აქციაში მონაწილეობის მიღება, ასევე, უცნობია საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის ხელმძღვანელი პირების მხრიდან თანამშრომელთა მიმართ იყო თუ არა რაიმე სახის მოწოდება და ძალდატანება სამსახურიდან დროზე ადრე გასვლასა და მითუმეტეს პოლიტიკურ აქციაში მონაწილეობის მიღებასთან დაკავშირებით;
6.13. ს.გ–ძის ახსნა–განმარტების თანახმად, მიმდინარე წლის 27 ოქტომბერს ასრულებდა სამსახურებრივ უფლება-მოვალეობებს ქ. თბილისში სამსახურებრივად განსაზღვრულ შემოსავლების სამსახურის ადმინისტრაციულ შენობაში, ……. ოჯახური საკითხების მოგვარების მიზნით, მოუწია პირად საქმეებზე სამსახურიდან ადრე გასვლა, რასთან დაკავშირებითაც საქმის კურსში ჩააყენა სამმართველოს უფროსი პ.ბ–ი და თანხმობის მიღების შემდეგ შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემაში მომდევნო დღეს, 28 ოქტომბერს ატვირთა „შეთანხმებული ადრე გასვლა“. როგორც იხსენებს, 27 ოქტომბერს სამსახურში იმყოფებოდა მისი კოლეგა, ოფიცერი - მოსარჩელე. ს. გ–ძის განმარტებით, მოსარჩელე თანამშრომლებს ეკონტაქტება მხოლოდ სამსახურებრივ საკითხებზე, ძირითადად არის განმარტოებული და არის დისტანცირებული კოლეგებისგან. ხელმძღვანელების ან კოლეგების მხრიდან პოლიტიკურ აქციაზე წასვლის თაობაზე მოწოდება ან/და დაძალება არც ხელმძღვანელების და არც თანამშრომლების მხრიდან არ სმენია;
6.14. გ.უ–ის ახსნა-განმარტების თანახმად, 2021 წლის 27 ოქტომბერს ქ. თბილისში, ….. მდებარე სსიპ შემოსავლების სამსახურის ადმინისტრაციულ შენობაში, სადაც განსაზღვრული აქვს სამუშაო ადგილი, გამოცხადდა დაახლოებთ 09:05 საათზე. დაახლოებით 13:00 საათზე სამმართველოს უფროსს, ბატონ პ.ბ–ს სთხოვა პირადი მიზეზების გამო ადრე გათავისუფლება და მისგან თანხმობის მიღების შემდეგ წავიდა სამსახურიდან, ხოლო შეტყობინება აღნიშნული გათავისუფლების შესახებ სისტემაში „Oracle” ატვირთა მომდევნო დღეს, 28 ოქტომბერს. გ. უ–ის განმარტებით, მისთვის არავის უთქვამს, და მითუმეტეს, დაუძალებია 27 ოქტომბერს რაიმე სახის აქტივობაში ან/და პოლიტიკურ აქციაში მონაწილეობის მიღება, ასევე, უცნობია საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის ხელმძღვანელი პირების მხრიდან თანამშრომელთა მიმართ იყო თუ არა რაიმე სახის მოწოდება და ძალდატანება სამსახურიდან დროზე ადრე გასვლასა და მითუმეტეს რაიმე აქტივობაში მონაწილეობის მიღებასთან დაკავშირებით;
6.15. „სსიპ შემოსავლების სამსახურის შინაგანაწესის დამტკიცების შესახებ“ შემოსავლების სამსახურის უფროსის 18.07.2014წ. N34134 ბრძანების პირველი მუხლის თანახმად: 3. შინაგანაწესი შესასრულებლად სავალდებულოა სამსახურის ყველა თანამშრომლისათვის; 4. შინაგანაწესის დარღვევის შემთხვევაში, თანამშრომლის მიმართ გამოიყენება საქართველოს შრომის კოდექსით, „შემოსავლების სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონითა და ამ შინაგანაწესით გათვალისწინებული პასუხისმგებლობის ზომები; მე-3 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, თანამშრომელი ვალდებულია: ა) დაიცვას საქართველოს კონსტიტუცია, საქართველოს კანონმდებლობა და სხვა სამართლებრივი აქტები; ლ) თავი შეიკავოს ნებისმიერი ქმედებისაგან, რომელიც ზიანს მიაყენებს სამსახურის რეპუტაციას; მე-4 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, თანამშრომელს ეკრძალება: მ) საჯარო ან პირად საუბრებში სამსახურის პრესტიჟის შემლახავი ინფორმაციის გავრცელება, მათ შორის, ელექტრონული ან სხვა ტექნიკური საშუალებებით; მე-17 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად კი, დისციპლინურ გადაცდომას წარმოადგენს: დ) ზნეობრივი ნორმების წინააღმდეგ ან თანამშრომლისა და სამსახურის დისკრედიტაციისაკენ მიმართული უღირსი საქციელი, განურჩევლად იმისა, სამსახურშია ჩადენილი იგი, თუ მის გარეთ;
6.16. შინაგანაწესის მე-17 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, თანამშრომლის მიერ სამსახურებრივი დისციპლინის დარღვევისა და მისთვის დაკისრებული მოვალეობების არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში, სამსახურის უფროსი უფლებამოსილია, გამოიყენოს დისციპლინური პასუხისმგებლობის შემდეგი ზომები: ა) შენიშვნა; ბ) გაფრთხილება; გ) არაუმეტეს 10 სამუშაო დღის ხელფასის დაკავება; დ) სამსახურიდან გათავისუფლება;
6.17. შინაგანაწესის მე-172 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, დისციპლინური საქმისწარმოების დაწყების საფუძველია: ბ) ზეპირი ან წერილობითი ფორმით მიღებული განცხადება ან საჩივარი, სხვა დოკუმენტი ან ინფორმაცია ისეთი ქმედების ჩადენის შესახებ, რომელიც ქმნის თანამშრომლის მიერ დისციპლინური გადაცდომის ჩადენის ვარაუდის საფუძველს;
6.18. შეგროვილი მასალებითა და მიღებული ინფორმაციით სამსახურებრივი მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ დადგინდა, რომ მოსარჩელემ, მიუხედავად იმისა, რომ არ ფლობდა ინფორმაციას იმყოფებოდნენ თუ არა მისი კოლეგები 2021 წლის 27 ოქტომბერს თბილისში, თავისუფლების მოედანზე გამართულ აქციაზე და, ასევე, მისთვის ცნობილი არ იყო კონკრეტული იძულების ფაქტები, ამასთან, მიუხედავად იმისა, რომ არც უშუალო ხელმძღვანელს და არც სხვა რომელიმე თანამშრომელს არ შეუთავაზებია და დაუძალებია, წასულიყო აქციაზე, თავისი მოსაზრებითა და ლოგიკით ჩათვალა, რომ თანამშრომელთა მიმართ ხელმძღვანელობის მხრიდან განხორციელდა ძალადობა და საჯაროდ, სოციალური ქსელის მეშვეობით ბრალი დასდო საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტისა და სსიპ შემოსავლების სამსახურის სხვადასხვა სტრუქტურული ერთეულებისა და ქვედანაყოფების ხელმძღვანელ პირებს, რომელთაც სამუშაო ადგილად განსაზღვრული აქვთ ქ. თბილისში, …….. მდებარე სსიპ შემოსავლების სამსახურის ადმინისტრაციული შენობა, თანამშრომელთა მიმართ განხორციელებულ ძალადობაში. სამსახურებრივი შესწავლისას არ დადასტურდა, რომ სსიპ შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის თანამშრომელთა მიმართ განხორციელდა რაიმე სახის იძულება ან/და ზეწოლა მათი უშუალო ხელმძღვანელის მხრიდან. სამუშაო დღის განმავლობაში, ძირითად შემთხვევაში, ქ. თბილისში, …… მდებარე სსიპ შემოსავლების სამსახურის ადმინისტრაციული შენობის დერეფანი არის ცარიელი, ვინაიდან სამუშაო პროცესი მიმდინარეობს სამუშაო ოთახებში, ხოლო ზოგიერთი ქვედანაყოფის თანამშრომლები, მათი დებულებიდან გამომდინარე, სამსახურებრივ უფლება-მოვალეობას ასრულებენ ადმინისტრაციული შენობის გარეთ. შესაბამისად, მოსარჩელის მხრიდან ადგილი ჰქონდა თანამშრომლებისა და სამსახურის დისკრედიტაციისაკენ მიმართულ ქმედებას;
6.19. სამსახურებრივი შემოწმების შედეგად მიღებულ იქნა შემდეგი დასკვნა: საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის სამართლებრივ საკითხთა სამმართველოს ოფიცერმა - მოსარჩელემ ზიანი მიაყენა სამსახურის რეპუტაციას, სოციალურ ქსელში საჯაროდ სამსახურის პრესტიჟის შემლახავი ინფორმაციის გავრცელებით, რაც შემოსავლების სამსახურის შინაგანაწესის მე–17 მუხლის პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, დისციპლინურ გადაცდომად ჩაითვალა და მიზანშეწონილად იქნა მიჩნეული შინაგანაწესის მე-17 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის გათვალისწინებით, მოსარჩელის მიმართ გამოყენებული ყოფილიყო დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომა - „გაფრთხილება“;
6.20. მოპასუხემ, დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომის მოქმედების პირობებში, მოსარჩელის სასარგებლოდ არ გასცა 2021 წლის დეკემბრის პრემია 1097 ლარის ოდენობით.
7. სააპელაციო სასამართლოს მითითებით, მხარეთა ურთიერთდაპირისპირებული პოზიციების გათვალისწინებით, სასამართლოს მხრიდან შესაფასებელია მოსარჩელის მიერ ,,ფეისბუქის’’ გვერდზე გავრცელებული ინფორმაცია - სსიპ შემოსავლების სამსახურის თანამშრომელთა იძულებით აქციაზე დასწრებასთან დაკავშირებით, ექცევა თუ არა საჯარო დაწესებულებაში დასაქმებული პირის გამოხატვის თავისუფლების ფარგლებში და აღნიშნული საფუძვლით დასაქმებულის მიმართ დისციპლინური სახდელის დადება შეესაბამება თუ არა ორგანიზაციის შრომის შინაგანაწესსა და ზოგადად შრომით სამართლებრივ პრინციპებს.
8. სააპელაციო სასამართლომ მიუთითა სსიპ შემოსავლების სამსახურის შინაგანაწესის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ და „ლ“ ქვეპუნქტებზე, მე-4 მუხლის პირველი პუნქტის „მ“ ქვეპუნქტზე, მე-17 მუხლის პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტზე და აღნიშნა, რომ მოპასუხე ორგანიზაციაში მოქმედ შრომის შინაგანაწესს უპირისპირდება საჯარო დაწესებულებაში დასაქმებული პირის გამოხატვის თავისუფლება და დასაქმებულის მხრიდან გავრცელებული ინფორმაციის შინაარსის, ფორმისა და კონტექსტის გათვალისწინებით, უნდა გადაწყვეტილიყო, მხარეთა შეპირისპირებული ინტერესებიდან გამომდინარე, რამდენად ექცეოდა გავრცელებული ინფორმაცია დასაქმებულის გამოხატვის თავისუფლების ფარგლებში და არსებული სახით ინფორმაციის გავრცელება აზიანებდა თუ არა საჯარო დაწესებულებას რეპუტაციულად.
9. სააპელაციო პალატამ მოიხმო საქართველოს კონსტიტუციის 17.1, 17.2 მუხლები, ასევე, ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-10 მუხლი და განმარტა, რომ როგორც საერთაშორისო სამართლებრივი ნორმებით, ისე ეროვნული კანონმდებლობით, აღიარებულია სიტყვისა და აზრის ნებისმიერი საშუალებით გამოხატვის თავისუფლება.
10. სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, გამოხატვის თავისუფლებაში ჩარევის „აუცილებელობის“ ძირითადი პრინციპები ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ მრავალ საქმეში დაადგინა. ევროსასამართლოს პრეცედენტული სამართლის თანახმად, „აზრის გამოხატვის თავისუფლება დემოკრატიული საზოგადოების ერთ-ერთი ფუნდამენტური საფუძველი და პროგრესისა და ინდივიდუალური თვითრეალიზაციის მთავარი პირობაა. მე-10 მუხლის მე-2 პუნქტის მოთხოვნების მიხედვით, სიტყვის თავისუფლება მოიცავს არა მხოლოდ სასურველ, უწყინარ ან ნეიტრალურ „ინფორმაციებსა“ და „იდეებს“, არამედ ისეთებსაც, რომლებიც შეურაცხმყოფელი, შოკის მომგვრელი ან შემაშფოთებელია. ასეთია პლურალიზმის, ტოლერანტობისა და გონიერების მოთხოვნები, ურომლისოდაც „დემოკრატიული საზოგადოება“ ვერ იარსებებს (Nilsen v. Norway). აზრის გამოხატვის თავისუფლებაში მოიაზრება „ისეთი განცხადებისა და გამოთქმის უფლებაც, რომელიც შეურაცხმყოფელი, აღმაშფოთებელი და შემაწუხებელია“ (Castells v. Spain).
11. სააპელაციო პალატამ მიუთითა, რომ ,,სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ’’ საქართველოს კანონის 6.4 მუხლის თანახმად, ცილისწამების თაობაზე სასამართლო დავა არ შეიძლება ეხებოდეს სახელმწიფო ან ადმინისტრაციული ორგანოს პირადი არაქონებრივი უფლებების დაცვას. ამდენად, სასამართლოს განმარტებით, წინამდებარე დავის ფარგლებში ვერ შეფასდებოდა მოპასუხის, რიგორც ადმინისტრაციული ორგანოს საქმიანი რეპუტაციის შელახვის ფაქტი და გავრცელებული ინფორმაციის ცილისმწამებლური კონტექსტი ამ თვალსაზრისით ვერ გადაწყდებოდა, თუმცა სასამართლო, შრომითსამართლებრივი ურთიერთობის არსებობის პირობებში, იმსჯელებდა გავრცელებულ ინფორმაციასთან მიმართებით დისციპლინური სახდელის დაკისრების მიზანშეწონილობასა და შინაგანაწესთან თავსებადობაზე.
12. სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, განსახილველ შემთხვევაში მოპასუხე ორგანიზაციაში მოქმედი შრომის შინაგანაწესი ითვალისწინებს ორგანიზაციის პირადი ქონებრივი უფლებების დაცვის, მისი რეპუტაციული ზიანის პრევენციის ზომებს, რომელთა დასაქმებულის მხრიდან დარღვევა დისციპლინურ გადაცდომას წარმოადგენს. სააპელაციო სასამართლომ შეაფასა მოსარჩელის ქმედება (ინფორმაციის გავრცელება) და გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს მსჯელობა, რომ სადავო განცხადება არ წარმოადგენს რაიმე კონკრეტულ ფაქტზე, როგორც ობიექტურად არსებულ გარემოებაზე, მითითებას და იგი უფრო მოსარჩელის პირადი მოსაზრების შინაარსის მატარებელია. ამასთან, სასამართლოს განმარტებით, სოციალური ქსელის მომხმარებლის პირად გვერდზე განთავსებული ფოტო-კოლაჟი, სადაც მხოლოდ შენობის შიდა სივრცეა აღბეჭდილი, არ იძლევა რაიმე იდენტიფიცირების შესაძლებლობას. სამსახურის რეპუტაციული დაზიანების შეფასებისათვის ასევე მნიშვნელოვანია, რომ ე.წ. „სთორიზე“ მცირე დროით ინფორმაციის განთავსება კონკრეტული მაიდენტიფიცირებელი ნიშნების გარეშე, ფოტოზე აღბეჭდილი შენობის მოპასუხე დაწესებულებასთან გაიგივების შესაძლებლობას არ ქმნის. ამასთან, განცხადებაში გამოყენებული ტერმინის „ხალხის“ აქციაზე ყოფნა, არ იძლევა საფუძველს დასკვნისთვის, რომ „სთორის“ მხილველი მათში („ხალხში“) აუცილებლად შემოსავლების სამსახურის თანამშრომლებს იგულისხმებდა. რაც შეეხება განცხადებაში სიტყვა „იძულების“ გამოყენებას, პირველ რიგში, ყურადღება უნდა გამახვილდეს იმ გარემოებაზე, რომ როგორც დისციპლინური მოკვლევის დროს მიცემული ახსნა-განმარტებით მოსარჩელემ მიუთითა, მისი მოსაზრებით, სამსახურის დაკარგვის ან რაიმე პრობლემის შექმნის თავიდან არიდების მიზნით წავიდნენ ზემოთხსენებულ აქციაზე, რაც ჩათვალა როგორც იძულების ერთ–ერთი ფორმა. აღნიშნული განმარტება იძლევა დასკვნის საფუძველს, რომ „ხალხი იძულებით აქციაზეა“ მოსარჩელის აღქმის შედეგი, მისი მოსაზრებაა და არ შეიცავს კონკრეტული თანამდებობის პირის მხრიდან კანონსაწინააღმდეგი ზემოქმედების, იძულების განხორციელების ფაქტზე მითითებას, მით უფრო, რომ არც ამ შემთხვევაშია შესაძლებელი რომელიმე თანამშრომლის, ხელმძღვანელი პირის იდენტიფიცირება. „სიტყვისა და გამოხატვის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის მე-3 პუნქტი კი საერთოდ გამორიცხავს ცილისწამებაზე შედავების შესაძლებლობას, როდესაც გავრცელებული განცხადება ეხება პირთა განუსაზღვრელ ჯგუფს ან/და რომელშიც მოსარჩელე არ არის ერთმნიშვნელოვნად იდენტიფიცირებული.
13. სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, დისციპლინური წარმოების პროცესში პირისგან ახსნა-განმარტების მიღება წარმოადგენს დასაქმებულის უფლებების დაცვის ერთ-ერთ საშუალებას, შესაძლებლობას აუხსნას და დაუსაბუთოს დამსაქმებელს ჩადენილი ქმედების განმაპირობებელი გარემოებები, გამომწვევი მიზეზები და სხვა, რაც, თავის მხრივ, დამსაქმებელს აძლევს მათი შეფასებისა და შესაბამისი დასკვნის გაკეთების შესაძლებლობას. მოცემულ შემთხვევაში დამსაქმებელმა ისე მიიჩნია, რომ მოსარჩელემ თანამშრომლისა და სამსახურის დისკრედიტაციისაკენ მიმართული, ზიანის მიყენების განზრახვის მქონე ქმედება ჩაიდინა, რომ არც აღნიშნული განმარტება გაუთვალისწინებია. საგულისხმოა, რომ საქმის მასალებით ზიანის მიყენების ფაქტი არ დასტურდება.
14. სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ მოცემულ შემთხვევაში საქმის მასალებით არ დასტურდება მოსარჩელის მიერ შინაგანაწესის იმ მოთხოვნათა დარღვევა, რაც თანამშრომლის ან სამსახურის დისკრედიტაციისაკენ მიმართული უღირსი საქციელის ჩადენაში გამოიხატა. დასაქმებულის ქმედების შეფასებისა და დისციპლინური სამართალწარმოების დროს დამსაქმებელს უნდა ეხელმძღვანელა სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ კანონით დადგენილი პრინციპებითა და სტანდარტით, რომელიც ადგენს, რომ კანონით აღიარებული და დაცული უფლებების შეზღუდვისას ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს განცხადებაში მოყვანილი ცნობებისათვის აზრის სტატუსის მინიჭების სასარგებლოდ („სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-7 მუხლი).
15. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლომ გაიზიარა საქალაქო სასამართლოს შეფასება, რომ გასაჩივრებული ბრძანებით გამოვლენილი ცალმხრივი ნება არამართლზომიერია და ვინაიდან არ არსებოდა დისციპლინური პასუხისმგებლობის შეფარდების წინაპირობები, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 54-ე მუხლის თანახმად, სახეზე იყო მოპასუხის 19.11.2021 წლის Nპ-918 ბრძანების ბათილად ცნობის საფუძველი. თავის მხრივ, დისციპლინური სახდელის დადების თაობაზე ბრძანების ბათილად ცნობის პირობებში, ასევე, სახეზე იყო პრემიის ანაზღაურების თაობაზე მოთხოვნის დაკმაყოფილების წინაპირობა.
16. სააპელაციო პალატის განმარტებით, სსიპ შემოსავლების სამსახურის შინაგანაწესის მე-12 მუხლის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, პრემია არ გაიცემა თანამშრომელზე დისციპლინური პასუხისმგებლობის მოქმედების ვადაში. უდავოა, რომ განსხვავებით სხვა თანამშომლებისაგან, მოსარჩელეს არ მიუღია დეკემბრის თვის პრემია. პრემიის გაცემაზე უარის თქმის ერთადერთი საფუძველი კი გახდა მის მიმართ გამოყენებული და მოქმედი დისციპლინური ღონისძიება. სხვა რაიმე საფუძვლის არსებობაზე მოპასუხეს არ მიუთითებია. შესაბამისად, ვინაიდან გადაწყვეტილებით ბათილად იქნა ცნობილი სადავო ბრძანება, სშკ-ის 41.1 მუხლის თანახმად, საფუძვლიანია მოსარჩელის მოთხოვნა პრემიის თანხის ანაზღაურებასთან მიმართებითაც.
17. სააპელაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს შრომის კოდექსის 41.4 მუხლით და აღნიშნული ნორმის სამართლებრივი ანალიზის საფუძველზე, განმარტა, რომ დამსაქმებელს დაყოვნებული თანხის 0,07%-ის გადახდის ვალდებულება წარმოეშობა იმ შემთხვევაში, თუ ადგილი აქვს დამსაქმებლის მიერ ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულების შეუსრულებლობას, ანუ სახეზეა გადახდის ვალდებულების არსებობა და საბოლოო ანგარიშსწორების განუხორციელებლობა ხელფასის, გამოუყენებელი შვებულების სახით, რაც შრომითი ხელშეკრულების მოქმედების პერიოდში გასაცემ თანხას წარმოადგენს. სსიპ შემოსავლების სამსახურის შინაგანაწესის მე-12 მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, თანამშრომლისათვის პრემია გაიცემა სამსახურის უფროსის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის საფუძველზე. სააპელაციო პალატამ გაიზიარა საქალაქო სასამართლოს განმარტება, რომ პრემია წარმოადგენს არა შრომითი ხელშეკრულებით შეთანხმებულ შრომის ანაზღაურებას, რომლის გაცემის ვალდებულებაც აქვს დამსაქმებელს დასაქმებულის მიერ შესრულებული სამუშაოს სანაცვლოდ, არამედ იგი არის დასაქმებულის წამახალისებელი ღონისძიების საშუალება. ამდენად, სშკ-ის 41.4 მუხლის დანაწესი მასზე ვერ გავრცელდებოდა, რის გამოც პრემიის დაყოვნებისათვის პირგასამტეხლოს დაკისრების ნაწილში სააპელაციო სასამართლომ სარჩელი უსაფუძვლოდ მიიჩნია.
18. სააპელაციო სასამართლომ ასევე სრულად გაიზიარა საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება დისკრიმინაციული მოპყრობის დაუსაბუთებლობასთან მიმართებით. სასამართლოს მითითებით, განსახილველ შემთხვევაში მოსარჩელე მის მიმართ სამსახურებრივი და გარე კონტროლის (რასაც, სარჩელის თანახმად, ადასტურებს მის ფეისბუქ გვერდზე „სთორის“ ნახვა) დაწყებას უკავშირებს განსხვავებული შეხედულების (ქმედებების) გამოხატვას, შრომის პირობების გაუმჯობესების მიზნით მიმართვასა და საკითხის გადაწყვეტაში უფლებადამცველი სახელმწიფო უწყებების ჩართვის გარემოებებს. მოსარჩელის მოსაზრებით, დისკრიმინაციულ მოპყრობას წარმოადგენს მის მიმართ დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომის გამოყენება და სხვა თანამშრომლებისგან განსხვავებით, მის სასარგებლოდ პრემიის გაუცემლობა - სოციალურ ქსელში გამოხატული განსხვავებულ მოსაზრების გამო. მოსარჩელე ასევე აღნიშნავს, რომ ყველა თანამშრომელს, ვინც აქციაზე იმყოფებოდა, ჩაერიცხა საახალწლო პრემია/დანამატი. მოპასუხის მითითებით, სოციალურ ქსელსა ან სხვა საჯარო სივრცეში გამოქვეყნებული ინფორმაციის კონტროლის სისტემატიზირებული მიდგომა არ აქვს და არც ამ შემთხვევაში ჰქონია ადგილი მოსარჩელის მიერ სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული ინფორმაციის კონტროლს. შესაძლო დისციპლინური გადაცდომის შემცველი ფაქტები მათთვის ცნობილი ხდება მხილების სხვადასხვა კანონიერი არხების საშუალებით.
19. სააპელაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს კონსტიტუციის 11.1 მუხლით, შრომის კოდექსის 2.2, 2.3 მუხლებით, „დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ“ საქართველოს კანონის 2.1, 2.3, მე-3, 10.1 მუხლებით, ასევე, სსიპ შემოსავლების სამსახურის შინაგანაწესის 172 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით და მიიჩნია, რომ ვინაიდან სადავო შინაარსის შემცველი ინფორმაცია განთავსებული იყო საჯარო სივრცეში, ფეისბუქ გვერდზე „სთორის“ ნახვა და დისციპლინური წარმოების დაწყება, რომლის საფუძველი შეიძლება სხვა პირის ზეპირი განცხადებაც იყოს, დამსაქმებლის მიერ დისკრიმინაციული მოტივით, მიზანმიმართულ, უკანონო კონტროლის განხორციელებად ვერ შეფასდება.
20. რაც შეეხება პრემიის მიღების საკითხს, სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, შინაგანაწესის მე-12 მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად, პრემია (მათ შორის, სადღესასწაულო) არ გაიცემა თანამშრომელზე: ა) დისციპლინური პასუხისმგებლობის მოქმედების ვადაში. ამდენად, მოსარჩელისათვის სადღესასწაულო პრემიის გაუცემლობა უკავშირდებოდა არა მოსარჩელის მხრიდან განსხვავებული აზრის გამოხატვას (დისკრიმინაციული საფუძველი), არამედ შრომის შინაგანაწესით დადგენილ შეზღუდვას, მოქმედი დისციპლინურ ღონისძიების არსებობას, რომლის საფუძვლიანობა, მოცემულ შემთხვევაში, დამოუკიდებლად წარმოადგენს სასამართლოს შეფასების საგანს. ამდენად, სააპელაციო პალატის შეფასებით, მოსარჩელემ საპროცესო კოდექსის 3633 მუხლის შესაბამისად სასამართლოს ვერ წარუდგინა ფაქტები და მტკიცებულებები, რომლებიც დისკრიმინაციული ქმედების განხორციელების ვარაუდის საფუძველს იძლევა, რაც აღნიშნულ ნაწილში სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველს წარმოადგენდა.
21. სააპელაციო სასამართლოს ზემოაღნიშნულ განჩინებაზე მოპასუხემ წარადგინა საკასაციო საჩივარი, რომლითაც მისი ნაწილობრივ გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე სრულად უარის თქმა მოითხოვა.
22. საკასაციო საჩივარი ემყარება შემდეგ საფუძვლებს:
22.1. მოსარჩელის ქმედებამ ზიანი მიაყენა სამსახურის რეპუტაციას სოციალურ ქსელში საჯაროდ სამსახურის პრესტიჟის შემლახავი ინფორმაციის გავრცელებით, რაც მოპასუხის შინაგანაწესის მე-17 მუხლის პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის თანახმად, დისციპლინურ გადაცდომას წარმოადგენდა;
22.2. კასატორი არ იზიარებს ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოების მსჯელობას, რომ მოსარჩელის განცხადება მის პირად მოსაზრებასა და მისი აღქმის შედეგს წარმოადგენდა. საჯარო მოსამსახურემ ნებისმიერი ინფორმაციის/მისი მოსაზრების/ფაქტის გავრცელებისას უნდა იმოქმედოს კეთილსინდისიერად და მისი მოქმედება მოტივირებული არ უნდა იყოს პიროვნული მიზეზებით. თუ დავეთანხმებით სასამართლოს, რომ მოსარჩელემ გაავრცელა მისი პირადი მოსაზრება („აზრი“), ასეთ დროს საჯარო მოსამსახურემ უნდა მიუთითოს, რომ ავრცელებს მის პირადი მოსაზრებას და არა ოფიციალურ დადასტურებულ პოზიციას თითქოს ხალხი იძულებით აქციაზეა;
22.3. აზრისა და ფაქტის ერთმანეთთან მჭიდრო კავშირის გამო, მათი გამიჯვნა საკმაოდ რთულია, ამიტომ სადავო გამონათქვამის სწორი კვალიფიკაციისათვის უნდა შემოწმდეს მისი შინაარსი და გამოთქმის ფორმა გამოთქმის კონტექსტის გათვალისწინებით. მოსარჩელემ არა მხოლოდ გაავრცელა მცდარი ფაქტი, თითქოს ხალხი იძულებით აქციაზე იყო, მისი პოზიციის „დასადასტურებლად“ საჯაროდ განათავსა შემოსავლების სამსახურის შენობის ცარიელი დერეფნის ფოტო. „ფაქტში“ იგულისხმება ნამდვილი, რეალური ან არსებული გარემოებები და საგნები, რომლებიც ექვემდებარება მტკიცებულებებით დადასტურებას;
22.4. იძულება, ეს არის დადასტურებადი ან უარყოფადი ფაქტი და მისი მართებულობა ან მცდარობა არ არის დამოკიდებული პირად წარმოდგენებზე. იმყოფებოდა თუ არა ადამიანი რაიმე ადგილზე, ვერ იქნება პირადი დამოკიდებულების საკითხი და ამ სტანდარტის შემოტანა არის სრულიად გაუგებარი, მით უფრო მაშინ, როდესაც არც ერთმა სასამართლომ არ იმსჯელა აზრისა და ფაქტის გამიჯვნაზე და სათანადოდ ვერ დაასაბუთა, რატომ იყო მოსარჩელის მოსაზრება მხოლოდ და მხოლოდ მისი სუბიექტური აზრი და არა დამახინჯებული ფაქტი;
22.5. ის ფაქტი, რომ მოსარჩელემ ვერ მოიპოვა აქციაზე ხალხის იძულებით წაყვანის დამადასტურებელი მტკიცებულება, ვერ აქცევს მას მხოლოდ აზრის გამოთქმად;
22.6. მოსარჩელე, იმასთან დაკავშირებით ჰქონდა თუ არა ადგილი იძულებას, განმარტავს, რომ - „ჩემთვის იძულების ფაქტები ცნობილი არ არის“. მეტიც, თავისივე ახსნა-განმარტებაში უთითებს, რომ ზოგადად „მისთვის უცნობი იყო კონკრეტული იძულების ფაქტები“. იგი უთითებდა, რომ მისთვის არც უშუალო ხელმძღვანელს, არც სხვა რომელიმე თანამშრომელს არ შეუთავაზებია და არც დაუძალებია წასულიყო აქციაზე. შესაბამისად, როდესაც მოსარჩელე ერთ შემთხვევაში განმარტავს, რომ მისთვის არავის დაუძალებია აქციაზე წასვლა და არც იძულების ფაქტი არაა მისთვის ცნობილი, ხოლო მეორე შემთხვევაში კი ფოტოზე აკეთებს წარწერას ხალხის იძულებით აქციაზე წაყვანის თაობაზე, რატომ შეიძლება შეფასდეს მხოლოდ და მხოლოდ აზრის გამოთქმად და არა დამახინჯებულ ფაქტად. სწორედ ეს არის მთავარი კითხვა, რომელზეც სასამართლომ პასუხი არ გასცა;
22.7. როდესაც სამსახურის თანამშრომელი აკეთებს მსგავს საჯარო განცხადებას, მას უნდა ჰქონდეს აღნიშნული ფაქტის დამადასტურებელი მტკიცებულება, რაც მოსარჩელეს არ ჰქონდა და ვერც ექნებოდა. იძულების ფაქტი წარმოადგენს სისხლის სამართლებრივად დასჯად ქმედებას, რაც არ შეიძლება დადგინდეს ამა თუ იმ პირის პირადი მოსაზრებითა თუ დამოკიდებულებით, არამედ აღნიშნული დასტურდება საქმის გარშემო არსებული ფაქტობრივი გარემოებებით, ხოლო როდესაც ესა თუ ის პირი შესაბამისი საფუძვლის გარეშე ადანაშაულებს სამსახურს თანამშრომელთა იძულებაში, აღნიშნული წარმოადგენს ცრუ ინფორმაციას, ფაქტების განზრახ დამახინჯებას და არა მის პირად, სუბიექტურ მოსაზრებას;
22.8. მოსარჩელე მიზნად ისახავდა პოსტის მნახველებისათვის (მათ შორის, მოპასუხის თანამშრომლებისათვის) მიეწოდებინა არარსებული ფაქტის შესახებ ინფორმაცია, რომ სამსახური იყენებს ადმინისტრაციულ რესურსს და თანამშრომლებს აიძულებს მმართველი პარტიის აქციაზე დასწრებას;
22.9. კასატორმა არ გაიზიარა სასამართლოს განმარტება, რომ „ფეისბუქსთორიზე“ მოსარჩელის მიერ განთავსებული ფოტო არ არის მოპასუხესთან მაიდენტიფიცირებელი. ფოტოზე ასახული დერეფნის ამოცნობას ადვილად შეძლებდნენ მოპასუხის იქ მომუშავე თანამშრომლები, რაც, რა თქმა უნდა, უარყოფითად აისახებოდა სამსახურის შიგნით არსებულ სამუშაო გარემოზე და დაწესებულების რეპუტაციაზე, როგორც საზოგადოების, ისე სამსახურის თანამშრომლების თვალში. ამასთან, მოსარჩელეს სოციალურ ქსელში მითითებული ჰქონდა, რომ დასაქმებული იყო შემოსავლების სამსახურში, რაც კიდევ უფრო მეტად აიდენტიფიცირებს მის მიერ გამოქვეყნებულ ფოტოს მოპასუხესთან;
22.10. საქართველოს კონსტიტუციის მე-17 მუხლი განამტკიცებს აზრისა და გამოხატვის თავისუფლებას, თუმცა საჯარო დაწესებულებაში ეთიკისა და ქცევის ზოგადი წესების მიხედვით, საჯარო მოსამსახურე სარგებლობს გამოხატვის თავისუფლებით იმ ვალდებულებებისა პასუხისმგებლობების გათვალისწინებით, რომელთაც მისი სოციალური როლი და სამსახურებრივი სტატუსი აკისრებს. საჯარო მოსამსახურის გამოხატვის თავისუფლება, ჩვეულებრივი მოქალაქისაგან განსხვავებით, ითვალისწინებს დამატებით შეზღუდვებს და გულისხმობს საჯარო მოსამსახურის მიერ სახელმწიფოს ერთგულების ვალდებულების დაცვას;
22.11. საჯარო მოსამსახურის გამოხატვის თავისუფლების განხორციელება, შესაძლოა, ასევე, შეიზღუდოს ისეთი სახელმწიფო ინტერესების საფუძველზე, როგორიცაა პოლიტიკურად ნეიტრალური საჯარო სამსახურის არსებობა და საჯარო მმართველობის პროცესის ეფექტურად და შეუფერხებლად განხორციელება. საჯარო მოსამსახურის, როგორც სახელმწიფოსთან სპეციფიკურ სამართლებრივ ურთიერთობაში მყოფი პირის, გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვის ფარგლები უფრო ფართო და მკაცრია, ვიდრე ჩვეულებრივი მოქალაქის შემთხვევაში;
22.12. საჯარო მოსამსახურის გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვისას, უნდა განისაზღვროს გონივრული ბალანსი გამოხატვის თავისუფლებასა და ერთგულების ვალდებულებას, ისევე როგორც საჯარო მმართველობის ეფექტური ფუნქციონირების მიმართ არსებულ სახელმწიფო ინტერესს შორის. გონივრული ბალანსის დადგენისას გათვალისწინებული უნდა იყოს საჯარო მოსამსახურის მიერ გამოთქმული მოსაზრების შინაარსი, ფორმა და კონტექსტი, ასევე, მოტივი, ადგილი და დრო. გარდა ამისა, მნიშვნელოვანია შეფასდეს საჯარო მოსამსახურის მიერ საჯაროდ გამოთქმული მოსაზრება: ა) არის თუ არა მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის საგანი; ბ) უარყოფითად აისახება თუ არა საჯარო მოსამსახურის მიერ ერთგულების ვალდებულების დაცვაზე; გ) გავლენას ახდენს თუ არა საჯარო მოსამსახურის მიერ სამსახურებრივი მოვალეობის განხორციელებაზე; დ) აისახება თუ არა საჯარო დაწესებულებაში არსებულ სამუშაო გარემოსა და დასაქმებულ პირთა დისციპლინაზე;
22.13. საჯარო მოსამსახურეს შეუძლია მოსაზრებები გამოთქვას თავისი დაწესებულების თაობაზე, მაგრამ მხოლოდ საჯარო ინფორმაციაზე დაყრდნობით, რათა არ დააზიანოს საჯარო დაწესებულებაში არსებული სამუშაო გარემო და დაიცვას გონივრული ბალანსი, როგორც მოქალაქისა და როგორც პროფესიონალის გამოხატვის თავისუფლებებს შორის. ასევე, მნიშვნელოვანია, რომ საჯარო მოსამსახურის განცხადებები საზოგადოების თვალში არ იწვევდეს დამსაქმებელი საჯარო დაწესებულების დისკრედიტაციას ან/და შეუძლებელს არ ხდიდეს საჯარო მოსამსახურის მუშაობას საჯარო დაწესებულების სისტემაში;
22.14. მოსარჩელისათვის პრემიის ჩამორთმევა წარმოადგენდა სამსახურის შინაგანაწესით გათვალისწინებულ კანონიერ ღონისძიებას.
23. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის განჩინებით საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მიხედვით დასაშვებობის შესამოწმებლად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
24. საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლისა და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად.
25. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას ან/და მის დამატებით ოქმს/ოქმებს და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.
26. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი საფუძვლით.
27. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებულ პრეტენზიაში იგულისხმება მითითება იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურ-სამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება.
28. კასატორს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით პრეტენზია (შედავება) არ განუხორციელებია.
29. მოცემულ შემთხვევაში საკასაციო სასამართლოს შეფასების საგანია მოსარჩელის მიერ სოციალურ ქსელ Facebook-ში განთავსებული ინფორმაცია სსიპ შემოსავლების სამსახურის თანამშრომელთა იძულებით აქციაზე დასწრებასთან დაკავშირებით ექცევა თუ არა საჯარო დაწესებულებაში დასაქმებული პირის გამოხატვის თავისუფლების ფარგლებში და აღნიშნული ინფორმაციის განთავსების გამო მოსარჩელისათვის დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომის - გაფრთხილების შეფარდების მართლზომიერება.
30. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს კონსტიტუციის მე-17 მუხლით გარანტირებულია აზრისა და მისი გამოხატვის თავისუფლება. აღნიშნული მუხლის პირველი, მე-2 და მე-5 პუნქტების თანახმად, აზრისა და მისი გამოხატვის თავისუფლება დაცულია; ყოველ ადამიანს აქვს უფლება თავისუფლად მიიღოს და გაავრცელოს ინფორმაცია. ამ უფლებათა შეზღუდვა დასაშვებია მხოლოდ კანონის შესაბამისად, სხვათა უფლებების დასაცავად.
31. „სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის შესაბამისად, სახელმწიფო ცნობს და იცავს სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლებას, როგორც წარუვალ და უზენაეს ადამიანურ ფასეულობებს. ყველას, ადმინისტრაციული ორგანოს გარდა, აქვს გამოხატვის თავისუფლება, რაც გულისხმობს აზრის აბსოლუტურ თავისუფლებას, ნებისმიერი ფორმის ინფორმაციისა და იდეების მოძიების, მიღების, შექმნის, შენახვის, დამუშავებისა და გავრცელების უფლებას.
32. „სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ“ კანონი ერთმანეთისგან განასხვავებს, ერთი მხრივ, აზრის და, მეორე მხრივ, ფაქტის შემცველ განცხადებას. აღნიშნული კანონის პირველი მუხლის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, აზრი არის შეფასებითი მსჯელობა, თვალსაზრისი, კომენტარი, აგრეთვე, ნებისმიერი სახით ისეთი შეხედულების გამოხატვა, რომელიც ასახავს რომელიმე პიროვნების, მოვლენის ან საგნის მიმართ დამოკიდებულებას და არ შეიცავს დადასტურებად ან უარყოფად ფაქტს; იმავე კანონის 4.1 მუხლის შესაბამისად, აზრი დაცულია აბსოლუტური პრივილეგიით და მისი გამოხატვის ან გავრცელების გამო პირს პასუხისმგებლობა არ ეკისრება; ხოლო, 7.5 მუხლის თანახმად, აზრის ან ფაქტის სტატუსის მინიჭების საკითხის განხილვისას ყოველგვარი გონივრული ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს განცხადებაში მოყვანილი ცნობებისათვის აზრის სტატუსის მინიჭების სასარგებლოდ.
33. საქართველოს უზენაესმა სასამართლომ ერთ-ერთ გადაწყვეტილებაში აღნიშნა, რომ სიტყვა „აზრი“ ფართოდ განმარტებისას გულისხმობს განსჯას, დამოკიდებულებასა თუ შეფასებას, რომლის სისწორე თუ მცდარობა დამოკიდებულია მთლიანად ინდივიდზე, მის სუბიექტურ დამოკიდებულებაზე. ფაქტები კი, ჩვეულებრივ, მოკლებულია სუბიექტურ დამოკიდებულებას, იგი ობიექტური გარემოებებიდან გამომდინარეობს, ანუ ჩვენ გვაქვს იმის შესაძლებლობა, რომ ფაქტი შევამოწმოთ და ვნახოთ ის რეალურად არსებობდა თუ არა. სწორედ ამიტომ, ფაქტების გადამოწმება და მისი ნამდვილობასთან შესაბამისობის დადგენა შესაძლებელია. ხშირ შემთხვევაში, აზრები და ფაქტები ერთმანეთს მჭიდროდ უკავშირდებიან და მათი გამიჯვნა რთულია. ეს განპირობებულია იმით, რომ გამოთქმის ორივე ფორმა იშვიათად გვხვდება სუფთა სახით. უმთავრესად სჭარბობს სწორედ ისეთი გამონათქვამები, რომლებშიც თავს იყრის როგორც შეფასებითი, ასევე ფაქტობრივი ელემენტები. აზრი ხშირად ეყრდნობა და ეხება ფაქტებს, ფაქტები კი, თავის მხრივ, აზრის საფუძველია, რომელიც ადასტურებს ან უარყოფს მათ. ამიტომ ხშირად საკამათო გამონათქვამის, როგორც შეხედულების ან როგორც ფაქტის გადმოცემის, კვალიფიცირების დროს შესაძლებელია გამოთქმის კონტექსტის მიხედვით მისი ცალკეული ნაწილების იზოლირება, მაგრამ ეს მეთოდი გამართლებულია მხოლოდ მაშინ, როდესაც ამით არ იკარგება ან არ ყალიბდება გამონათქვამის შინაარსი და ნამდვილი აზრი. თუკი ასეთი იზოლირება შეუძლებელია გამონათქვამის შინაარსის გაყალბების გარეშე, მაშინ ეს გამონათქვამი უნდა ჩაითვალოს მთლიანად აზრის გამოთქმად, ანუ შეხედულებად, შეფასებით მსჯელობად და, შესაბამისად, მთლიანად უნდა იქნას შეყვანილი ძირითადი უფლებით დაცულ სფეროში (იხ. სუსგ საქმე Nას-1278-1298-2011, 20 თებერვალი, 2012 წელი).
34. აზრისა და მისი გამოხატვის თავისუფლება ასევე დაცულია ადამიანი უფლებათა ევროპული კონვენციის მე-10 მუხლით. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს განმარტებით, გამოხატვის თავისუფლება წარმოადგენს დემოკრატიული საზოგადოების ერთ-ერთ აუცილებელ საფუძველს და მისი პროგრესისა და თითოეული ინდივიდის თვითრეალიზაციის აუცილებელ პირობას. ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-10 მუხლის მე-2 პუნქტის გათვალისწინებით, გამოხატვის თავისუფლება ვრცელდება არა მხოლოდ იმ „ინფორმაციისა“ და „იდეების“ მიმართ, რომლებიც კეთილგანწყობით მიიღება, არაშეურაცხმყოფელად არის მიჩნეული ან ინდიფერენტული დამოკიდებულების საგანია, არამედ იმათ მიმართაც, რომლებიც შეურაცხმყოფელი, გამაოგნებელი ან შემაშფოთებელია. ასეთია პლურალიზმის, შემწყნარებლობისა და ტოლერანტობის მოთხოვნები, რომელთა გარეშე „დემოკრატიული საზოგადოება“ არ არსებობს. ამიტომ, გამოხატვის თავისუფლების ნებისმიერი შეზღუდვა განსაზღვრული უნდა იყოს მკაცრად და მისი გამოყენების საჭიროება სარწმუნოდ უნდა იყოს დადასტურებული. შეზღუდვის გამოყენება უნდა იყოს „აუცილებელი“ დემოკრატიულ საზოგადოებაში სხვა პირთა რეპუტაციის დასაცავად. „აუცილებელი“ კი, სასამართლოს განმარტებით, ნიშნავს „მწვავე საზოგადოებრივ საჭიროებას“ (იხ. Handyside v. the United Kingdom, 07.12.1976; Stoll v. Switzerland [GC], no. 69698/01, §101, ECHR 2007-V); Animal Defenders International v. the United Kingdom [GC], no. 48876/08, §100, ECHR 2013; Morice v. France [GC], no. 29369/10, §124, 2015).
35. განსაკუთრებით პრობლემურია პირის რეპუტაციის დაცვის მიზნით გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვა, თუ განცხადება, რომელიც პირის რეპუტაციას ეხება, პოლიტიკურია ან გაკეთებულია საზოგადოების ინტერესის სფეროში მყოფ საკითხზე მიმდინარე დებატების პროცესში (იხ. Sürek v. Turkey (no. 1) [GC], no. 26682/95, §61, ECHR 1999-IV; Lindon, Otchakovsky-Laurens and July v. France [GC], nos. 21279/02 and 36448/02, §46, ECHR 2007-IV; and Axel Springer AG v. Germany [GC], no. 39954/08, §90, ECHR 2012). საკითხისადმი საზოგადოებრივი ინტერესის არსებობისას გაკეთებულ განცხადებაში გამოვლენილი მტრული დამოკიდებულების გარკვეული ხარისხი (იხ. E.K. v. Turkey, no. 28496/95, §§79-80, 07.02.2002) და გამოთქმების სერიოზულობაც კი (Thoma v. Luxembourg, no. 38432/97, §57, ECHR 2001-III) არ ართმევს განმცხადებელს უფლებას დაცული იყოს გამოხატვის თავისუფლებით (იხ. Paturel v. France, no. 54968/00, §42, 22.12.2005).
36. საქმეში ლინგენსი ავსტრიის წინააღმდეგ (Lingens v. Austria, 08.07.1986, §46) და ობერშლიკი ავსტრიის წინააღმდეგ (Oberschlick v. Austria (no. 1), 23.05.1991, §63) ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ ზღვარი გაავლო ფაქტის შემცველ განხადებასა და შეფასებით მსჯელობას შორის და აღნიშნა, რომ ფაქტის არსებობა შეიძლება დემონსტრირებულ იქნას, მაშინ როცა შეფასებითი მსჯელობის სიმართლე შეუძლებელია მტკიცების საგანი იყოს. ამიტომ შეფასების სიმართლის დამტკიცება არ შეიძლება ვინმეს დაევალოს. ეს შეეწინააღმდეგებოდა თავად გამოხატვის თავისუფლების არსს (იხ. De Haes and Gijsels v. Belgium, 24.02.1997, §42).
37. იმისათვის, რომ ფაქტობრივი ბრალდება შეფასებითი მსჯელობისაგან გაიმიჯნოს, აუცილებელია საქმის გარემოებებისა და განცხადების ზოგადი ტონის ანალიზი, იმის მხედველობაში მიღებით (იხ. Brasilier v. France, no. 71343/01, 11.04.2006, §37), რომ გამონათქვამები საჯარო ინტერესის საკითხზე, შესაძლებელია, სწორედ აღნიშნულ საფუძველზე (სწორედ აღნიშნულის გამო), უფრო შეფასებით მსჯელობას წარმოადგენდეს, ვიდრე ფაქტის შესახებ განცხადებას (იხ. Paturel v. France, no. 54968/00, 22.12.2005, §37) (იხ. სუსგ საქმე Nას-836-2020, 16 მარტი, 2023 წელი).
38. ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქმეში გ.მ–ას წინააღმდეგ განმარტა, რომ კონვენციის მე-10 მუხლით რეგლამენტირებული გამოხატვის თავისუფლება ასევე ვრცელდება საჯარო მოხელეებზეც. თუმცა, სასამართლო იმავდროულად ითვალისწინებს, რომ საჯარო მოხელეს, საჯარო სამსახურის ბუნების გათვალისწინებით, აქვს დამსაქმებლის მიმართ ლოიალობის, თავშეკავებისა და დისკრეციის ვალდებულება (იხ. Vogt v. Germany, 26.09.1995, §53; Ahmed and Others v. the United Kingdom, 02.09.1998, §55; De Diego Nafría v. Spain, no. 46833/99, 14.03.2002, §37). საჯარო მოხელისათვის მისი უფლებამოსილების განხორციელებისას შესაძლოა ცნობილი გახდეს იმგვარი ინფორმაცია, რომლის გამჟღავნების მიმართაც იყოს ძლიერი საზოგადოებრივი ინტერესი. სასამართლო მიიჩნევს, რომ საჯარო მოხელის მიერ სამსახურში არსებული უკანონო ქცევის ან გადაცდომის შესახებ მითითება, გარკვეულ შემთხვევებში, უნდა სარგებლობდეს დაცვით. აღნიშნულს შესაძლოა ადგილი ჰქონდეს მაშინ, როდესაც საჯარო მოხელე არის ერთადერთი პირი ან ადამიანთა მცირე ჯგუფის ნაწილი, რომელთაც აქვთ ინფორმაცია სამსახურში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით და შეუძლიათ იმოქმედონ საზოგადოებრივი ინტერესებიდან გამომდინარე, იმ თვალსაზრისით, რომ აღნიშნულის თაობაზე განახორციელონ დამსაქმებლის ან საზოგადოების ინფორმირება (იხ. Guja v. Moldova, 12.02.2008, no. 14277/04, §72).
39. იმავე გადაწყვეტილებაში ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ აღნიშნა, რომ დისკრეციის მოვალეობის გათვალისწინებით, ზემოაღნიშნული ინფორმაციის მიწოდება, პირველ რიგში, უნდა მოხდეს ზემდგომი პირისთვის ან სხვა კომპეტენტური ორგანოსთვის. მხოლოდ აღნიშნულის შეუძლებლობის შემთხვევაში არის შესაძლებელი ინფორმაცია, როგორც უკიდურესი საშუალება, გასაჯაროვდეს (იხ. Haseldine v. the United Kingdom, no. 18957/91, Commission decision of 13 May 1992, Decisions and Reports (DR) 73); საჯარო მოხელის გამოხატვის თავისუფლებაში ჩარევის პროპორციულობის დადგენისას სასამართლომ უნდა გაითვალისწინოს სხვა ფაქტორებიც:
უპირველეს ყოვლისა, ყურადღება უნდა მიაქციოს იმ გარემოებას, რა საზოგადოებრივი ინტერესი არსებობს გამჟღავნებულ ინფორმაციასთან მიმართებით. კონვენციის 10.2. მუხლის თანახმად, საზოგადოებრივი ინტერესის საკითხებზე დებატების შეზღუდვის მცირე შესაძლებლობა არსებობს (იხ. ürek v. Turkey (no. 1) [GC], no. 26682/95, § 61, ECHR 1999-IV). დემოკრატიულ სისტემაში მთავრობის ქმედებები ან უმოქმედობა უნდა ექვემდებარებოდეს არა მხოლოდ საკანონმდებლო და სასამართლო ხელისუფლების, არამედ მედიისა და საზოგადოებრივი აზრის მკაცრ შემოწმებას. საზოგადოების ინტერესი კონკრეტული ინფორმაციის მიმართ ზოგჯერ შეიძლება იმდენად ძლიერი იყოს, რომ გადაწონოს კანონით დაკისრებული კონფიდენციალურობის ვალდებულებაც კი (იხ. Fressoz and Roire v. France [GC], no. 29183/95, ECHR 1999-I, and Radio Twist, a.s. v. Slovakia, no. 62202/00, ECHR 2006-XV);
მეორე ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორია გამჟღავნებული ინფორმაციის ავთენტურობა. სახელმწიფო ორგანოებს შეუძლიათ მიიღონ ზომები უსაფუძვლო ან ცილისმწამებლური ბრალდებების წინააღმდეგ (იხ. Castells v. Spain, 23.04.1992, §46, სერია A no. 236);
სასამართლომ ასევე უნდა შეაფასოს ინფორმაციის გამჟღავნების შედეგად საჯარო ხელისუფლების მიერ განცდილი ზიანი და იმსჯელოს აღემატებოდა თუ არა მიყენებული ზიანი ინფორმაციის გამჟღავნების მიმართ საზოგადოების ინტერესს (იხ. mutatis mutandis, Hadjianastassiou v. Greece, 16.12.1992, § 45, Stoll v. Switzerland [GC], no. 69698/01, ECHR 2007-V, § 130);
მნიშვნელოვანია აგრეთვე ინფორმაციის გამჟღავნების მოტივი. თუკი საჯარო მოხელის ქმედება განპირობებულია პერსონალური მოტივით, მათ შორის, სარგებლის მიღების საფუძვლით, ასეთ შემთხვევაში გამჟღავნებული ინფორმაცია დაცულობის მაღალი ხარისხით ვერ ისარგებლებს. მნიშვნელოვანია დადგინდეს, რომ ინფორმაციის გამჟღავნებისას პირი მოქმედებდა კეთილსინდისიერად და იმ რწმენით, რომ ინფორმაცია სიმართლე იყო (იხ. Guja v. Moldova, 12.02.2008, no. 14277/04, §73-77).
40. წინამდებარე საქმეში დადგენილია, რომ სსიპ შემოსავლების სამსახურის შინაგანაწესის მიხედვით, თანამშრომლები ვალდებულნი არიან თავი შეიკავონ სამსახურის პრესტიჟის შემლახველი ქმედების განხორციელებისაგან ან ინფორმაციის გავრცელებისაგან, ასევე, არ ჩაიდინონ თანამშრომლისა და სამსახურის დისკრედიტაციისაკენ მიმართული საქციელი (შინაგანაწესის 3.1, 4.1, 17,1 მუხლები), რომელთა დარღვევა დისციპლინურ გადაცდომას წარმოადგენს და შესაბამისი დისციპლინური სახდელის დაკისრების საფუძველია. თუმცა, საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ თანამშრომლის მხრიდან ჩადენილი რომელი ქმედება წარმოადგენს სამსახურის პრესტიჟის შემლახველ ან/და მისი და მისი თანამშრომლის დისკრედიტაციისაკენ მიმართულს, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში საქმის ფაქტობრივი გარემოებებისა და ჩადენილი ქმედების/გავრცელებული ინფორმაციის შინაარსის გათვალისწინებით უნდა გადაწყდეს.
41. მოცემულ შემთხვევაში საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს შეფასებას, რომ მოსარჩელის მიერ მისი კუთვნილი სოციალური ქსელის - facebook-ის ე.წ. „სთორი“-ში განთავსებული ფოტო-კოლაში წარწერით - „სად არის ხალხი? ხალხი იძულებით აქციაზეა“ ექცევა საჯარო მოხელის გამოხატვის თავისუფლების ფარგლებში.
42. კერძოდ, წინამდებარე საქმეში სადავო არ არის, რომ მოსარჩელის მიერ მისი კუთვნილი სოციალური ქსელის - facebook-ის მეშვეობით გამოქვეყნებული განცხადება დაკავშირებული იყო მმართველი პოლიტიკური პარტიის მიერ ორგანიზებულ პოლიტიკური ხასიათის ღონისძიებაში მონაწილეობასთან, შესაბამისად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოსარჩელის მიერ გავრცელებული ინფორმაცია საჯარო ინტერესის სფეროს მიეკუთვნებოდა; მოსარჩელის მიერ სამსახურებრივი შემოწმების ფარგლებში მიცემული ახსნა-განმარტების თანახმად, აღნიშნული განცხადების საფუძველი გახდა ის გარემოება, რომ მოსარჩელემ 2021 წლის 27 ოქტომბერს, დაახლოებით 16:00 საათზე, სსიპ შემოსავლების სამსახურის ადმინისტრაციულ შენობაში, სადაც განსაზღვრული აქვს სამუშაო ადგილი, დააფიქსირა, რომ თანამშრომელთა 80% არ იმყოფებოდა სამსახურში, რაც დაუკავშირა იმავე დღეს ქ. თბილისში, თავისუფლების მოედანზე გამართულ ერთ-ერთი პოლიტიკური პარტიის მიერ ორგანიზებულ აქციას, ასევე, სამსახურის გარე ტერიტორიაზე ჯგუფურად შეკრებილი კოლეგების, მის კითხვაზე თუ სად მიდიოდნენ, გაცემული პასუხი: „სად წავიდოდნენ თუ არა აქციაზე“. ამასთან, საკასაციო სასამართლო ყურადღებას მიაქცევს იმ გარემოებას, რომ მოსარჩელის მიერ facebook-ის პირადი მოხმარების გვერდზე ფოტო-კოლაჟი განთავსებული იყო ყოველგვარი მაიდენტიფიცირებელი მონაცემების გარეშე და ერთმნიშვნელოვნად არ იძლეოდა კონკრეტული სამსახურის იდენტიფიცირების საშუალებას, ასევე, არ შეიცავდა კონკრეტული თანამდებობის პირის მხრიდან ან/და თანამშრომლის მიმართ ზემოქმედების, იძულების განხორციელების ფაქტზე მითითებას. შესაბამისად, გასაზიარებელია სააპელაციო სასამართლოს შეფასება, რომ მოპასუხის თანამშრომლების აქციაზე ყოფნა მოსარჩელის აღქმის შედეგს, მის მოსაზრებას წარმოადგენდა, ხოლო აზრი, „სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, დაცულია აბსოლუტური პრივილეგიით და მისი გამოხატვის ან გავრცელების გამო პირს პასუხისმგებლობა არ ეკისრება.
43. ამასთან, მოპასუხე/კასატორი სათანადოდ ვერ ასაბუთებს სადავო ინფორმაციის გავრცელებით მისთვის ზიანის მიყენების ფაქტს. მისი მითითება სამსახურის რეპუტაციისათვის ზიანის მიყენებასა და სამუშაო გარემოზე ნეგატიური გავლენის არსებობის თაობაზე ზოგადი და დაუსაბუთებელია, რის გამოც საკასაციო სასამართლო მას ვერ გაიზიარებს; კასატორს ინფორმაციის გავრცელების მიმართ არც მოსარჩელის პირად მოტივებზე მიუთითებია.
44. საკასაციო სასამართლო დამატებით აგრეთვე ყურადღებას მიაქცევს იმ გარემოებას, რომ მოსარჩელის მიერ ზემოაღნიშნული ინფორმაცია განთავსებული იყო სოციალური ქსელის - facebook-ის პირადი მოხმარების გვერდზე, შესაბამისად, მასზე წვდომა და მისი გაცნობა შესაძლებელი იყო საზოგადოების შეზღუდული წრისთვის; გარდა ამისა, ვინაიდან ფოტო-კოლაჟი განთავსებული იყო facebook-ის პირადი მოხმარების გვერდზე ე.წ. „სთორი“-ში, საზოგადოების აღნიშნულ ნაწილს მასზე წვდომის შესაძლებლობა ჰქონდათ მხოლოდ შეზღუდული დროით, 24 საათით.
45. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს დასკვნას, რომ მოსარჩელის ქმედება ვერ შეფასდება სამსახურის პრესტიჟის შემლახველ ან/და მისი დისკრედიტაციისაკენ მიმართულ საქციელად და ამგვარად შინაგანაწესით ნაკისრი ვალდებულებების დარღვევად.
46. შესაბამისად, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში არ დადგინდა მოსარჩელის მიერ შინაგანაწესით ნაკისრი ვალდებულებების დარღვევის ფაქტი, არ არსებობდა მოსარჩელის მიმართ დისციპლინური პასუხისმგებლობის შეფარდების წინაპირობა, რაც საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 54-ე მუხლის მიხედვით, სადავო ბრძანების ბათილად ცნობის საფუძველია.
47. წინამდებარე საქმეში დადგენილია, რომ მოსარჩელის მიმართ 2021 წლის დეკემბრის პრემიის გაუცემლობის საფუძველი გახდა სადავო ბრძანებით მისთვის დაკისრებული დისციპლინური სახდელი, რადგან სსიპ შემოსავლების სამსახურის შინაგანაწესის მე-12 მუხლის მე-5 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, დისციპლინური პასუხისმგებლობის მოქმედების ვადაში თანამშრომლებზე პრემია არ გაიცემა. ამდენად, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში ბათილად იქნა ცნობილი მოპასუხის 19.11.2021წ. Nპ-918 სადავო ბრძანება მოსარჩელისათვის დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომის შეფარდების შესახებ, აღარ არსებობს პრემიის გაცემაზე უარის თქმის სამართლებრივი საფუძველი. შესაბამისად, მოსარჩელეს 2021 წლის დეკემბრის პრემია მართებულად მიეკუთვნა.
48. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ განსახილველ შემთხვევაში არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული რომელიმე წინაპირობა, კასატორს არ წარმოუდგენია იმგვარი დასაშვები და დასაბუთებული საკასაციო პრეტენზია, რომელიც საკასაციო საჩივრის არსებითად განსახილველად დაშვების შესაძლებლობას მისცემდა სასამართლოს, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.
49. „სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „ლ“ ქვეპუნქტის თანახმად, კასატორი გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა
1. სსიპ შემოსავლების სამსახურის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველი;
2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე გიზო უბილავა
მოსამართლეები: ლევან მიქაბერიძე
ვლადიმერ კაკაბაძე