საქმე №ას-1490-2024 04 ივლისი, 2025 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
გოჩა ჯეირანაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ლაშა ქოჩიაშვილი, ამირან ძაბუნიძე
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე
საკასაციო საჩივრის ავტორი – სსიპ შემოსავლების სამსახური
მოწინააღმდეგე მხარე – შპს „N. G.“
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 26 სექტემბრის განჩინება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით შეგებებული სარჩელის სრულად დაკმაყოფილება
დავის საგანი – პირგასამტეხლოს შემცირება (თავდაპირველი სარჩელით), პირგასამტეხლოს დაკისრება (შეგებებული სარჩელით)
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. შპს „N. G.“-მ (შემდეგში: მოსარჩელე ან თავდპირველი მოსარჩელე) სარჩელი აღძრა სსიპ შემოსავლების სამსახურის (შემდეგში: მოპასუხე ან კასატორი) მიმართ პირგასამტეხლოს სახით დარიცხული 121,009.96 ლარის 0.02%-მდე - 24,202 ლარამდე შემცირების მოთხოვნით.
2. თავის მხრივ, მოპასუხემ, შეგებებული სარჩელი აღძრა თავდაპირველი მოსარჩელის მიმართ შემდეგი მოთხოვნებით:
2.1.2020 წლის 14 სექტემბრის N2/140920/1 სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულების დარღვევის გამო პირგასამტეხლოს - 67 357.96 ლარის გადახდევინება;
2.2.2020 წლის 25 ნოემბრის N2/251120/1 სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულებიდან გამომდინარე, პირგასამტეხლოს - 28 087.07 ლარის გადახდევინება;
2.3.2020 წლის 25 ნოემბრის N2/251120/2 სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულებიდან გამომდინარე, პირგასამტეხლოს - 23 504.55 ლარის გადახდევინება.
3. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 21 სექტემბრის გადაწყვეტილებით;
3.1. სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა:
3.2.შემცირდა 2020 წლის 14 სექტემბერს, მხარეთა შორის გაფორმებული სახელმწიფო შესყიდვების შესახებ N2/140920/1 ხელშეკრულების საფუძველზე, თავდაპირველი მოსარჩელისათვის დაკისრებული პირგასამტეხლო და განისაზღვრა 13 470.39 ლარით;
3.3. მოპასუხის მიერ აღძრული შეგებებული სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა:
3.4.თავდაპირველ მოსარჩელეს შეგებებული სარჩელის ავტორის სასარგებლოდ დაეკისრა, N2/140920/1 ხელშეკრულების საფუძველზე პირგასამტეხლო - 13 470.39 ლარი, 2020 წლის 25 ნოემბრის N2/251120/1 ხელშეკრულების საფუძველზე პირგასამტეხლო - 5 617.41 ლარი და N2/251120/2 ხელშეკრულების საფუძველზე პირგასამტეხლო - 4 700.91 ლარი.
4. ზემოაღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოპასუხემ/შეგებებული სარჩელის ავტორმა, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება მოითხოვა.
5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 26 სექტემბრის განჩინებით მოპასუხის/შეგებებული სარჩელის ავტორის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 21 სექტემბრის გადაწყვეტილება.
6. სააპელაციო პალატამ დადგენილად მიიჩნია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:
6.1. მხარეთა შორის 2020 წლის 14 სექტემბერს გაფორმდა N2/140920/1 სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულება, ხოლო 2020 წლის 25 ნოემბერს - N2/251120/1 და N2/251120/2 სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულებები (შემდეგში - ხელშეკრულებები). ხელშეკრულებათა საგანს ჯიხურების მოწყობის და სხვადახვა სახის სარეკონსტრუქციო სამუშაოების წარმოება წარმოდგენდა.
6.2.ხელშეკრულებებით შეთანხმდა მხარეთა უფლება-მოვალეობები, ხელშეკრულების შესრულების კონტროლი, შესყიდვის ობიექტის მიღება-ჩაბარებისა და ანგარიშსწორების წესი; ასევე ფულადი სანქციები ხელშეკრულების პირობების შეუსრულებლობის, არაჯეროვანი შესრულების ან/და დაგვიანებით შესრულების შემთხვევებისათვის.
6.3.მიმწოდებლის მიერ ხელშეკრულებებით გათვალისწინებული ვალდებულებათა დარღვევის ფაქტები და ვადაგადაცილების პერიოდი საქმის განხილვის არცერთ ეტაპზე სადავო არ გამხდარა.
6.4.ხელშეკრულებათა მე-11 მუხლის თანახმად, შემსყიდველი უფლებამოსილია ამ ხელშეკრულების „3.2“ პუნქტით გათვალისწინებული ვადის გადაცილების შემთხვევაში დააკისროს მიმწოდებელს პირგასამტეხლო ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე შეუსრულებელი ვალდებულების ღირებულების 0.1%-ის ოდენობით.
6.5.უდავოა, რომ პირგასამტეხლოს სახით დავალიანების მოცულობა სარჩელის აღძვრის დროისთვის N2/140920/1 ხელშეკრულებიდან გამომდინარე 67 357.96 ლარს შეადგენს (მენარდის მიერ ნებაყოფლობით გადახდილი 70392.83 ლარის და 53652 ლარის ოდენობით საბანკო გარანტიის გამოთხოვის შემდგომ დარჩენილი დავალიანება);
6.6.N2/251120/1 ხელშეკრულებიდან გამომდინარე პირგასამტეხლოს სახით დავალიანების მოცულობა 28 087.07 ლარს შეადგენს (ვალდებულების ვადაგადაცილებით შესრულების გამო დაკისრებულმა პირგასამტეხლოს ჯამურმა ოდენობამ შეადგინა 31 300.23 ლარი. სარჩელის აღძვრის მდგომარეობით გადახდილია პირგასამტეხლოს ნაწილი - 3 213.16 ლარი);
6.7.N2/251120/2 ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულების დარღვევისათვის დარიცხულ პირგასამტეხლო 23 504 ლარს შეადგენს, საიდანაც მიმწოდებლის მიერ ნებაყოფლობით ანაზღაურებულია 9954.89 ლარი და 13 549 ლარია დარჩენილი (თუმცა პირველი ინსტანციის სასამართლომ შეგებებული სასარჩელო მოთხოვნის ფარგლებში იმსჯელა და შეამცირა პირგასამტეხლო არა 13 549 ლარიდან არამედ 23 504 ლარიდან);
7. დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები სააპელაციო სასამართლომ შეაფასა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის (შემდეგში-სსკ-ის) 629-ე, 361.2, 400-ე, 417-ე, 418-ე და 420-ე მუხლებით.
8. სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა: თავდაპირველი სარჩელით მოითხოვნილია N2/140920/1 ხელშეკრულებიდან გამომდინარე მოვალისთვის დარიცხული შეუსაბამოდ მაღალი ოდენობის პირგასამტეხლოს - 121 009.96 ლარის, 24 202 ლარამდე შემცირება. შეგებებული სარჩელის მოთხოვნას კი, ვალდებულების დარღვევის გამო N2/140920/1 ხელშეკრულებიდან გამომდინარე დარიცხული პირგასამტეხლოს - 67 357.96 ლარის გადახდევინება, ასევე, N2/251120/1 ხელშეკრულებიდან გამომდინარე, 28 087.07 ლარის, და N2/251120/2 ხელშეკრულებიდან გამომდინარე 23 504.55 ლარის გადახდევინება წარმოადგენს.
9. სააპელაციო სასამართლომ ხელშეკრულებებიდან გამომდინარე მენარდისათვის დარიცხული პირგასამტეხლო - ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე შეუსრულებელი ვალდებულების ღირებულების 0.1%-ის ოდენობით - შეუსაბამოდ მაღალ ოდენობად მიიჩნია და თითოეული ხელშეკრულებიდან გამომდინარე, დამოუკიდებლად, 5-ჯერ შეამცირა.
10. ამასთან, ვინაიდან პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო საჩივრით მხოლოდ მოპასუხემ/შეგებებული სარჩელის ავტორმა გაასაჩივრა, პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების კანონიერება მხოლოდ აპელანტის პრეტენზიის ფარგლებში შემოწმდა. აპელანტის პრეტენზია კი, სსკ-ის 420-ე მუხლის გამოყენებით ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირგასამტეხლოს შემცირების არაკანონიერებას მიემართებოდა.
11. მენარდის მიერ შემსყიდველისათვის სამივე ხელშეკრულების ფარგლებში ნებაყოფლობით გადახდილი პირგასამტეხლოს გათვალისწინებით, ასევე იმ გარემოების მხედველობაში მიღებით რომ ვადაგადაცილების მიუხედავად სახელშეკრულებო ვალდებულებები შესრულებულია დადგენილი ხარისხით, სააპელაციო სასამართლომ მიზანშეწონილად მიიჩნია მიმწოდებლისათვის - მეწარმე სუბიექტი - სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულების ფარგლებში, დარიცხული პირგასამტეხლოს შემცირება და აღნიშნა, რომ პირგასამტეხლოს შემცირებული ოდენობა სრულად უზრუნველყოფს მიმწოდებლის მიერ სახელშეკრულებო ვალდებულების ვადაგადაცილებით შესრულებისათვის, დაკისრებული გონივრული, პროპორციული და სამართლიანი პირგასამტეხლოს ფუნქციას.
12. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საკასაციო საჩივრით გაასაჩივრა მოპასუხე აპელანტმა, რომელმაც ახალი გადაწყვეტილების მიღებით შეგებებული სარჩელის სრულად დაკმაყოფილება მოითხოვა.
13. საკასაციო პრეტენზია ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირგასამტეხლოს შემცირების კანონიერებას შეეხება. კასატორი მიიჩნევს, რომ ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოებმა შეამცირეს მხარეთა მიერ ხელშეკრულებებით გათვალისწინებული პირგასამტეხლო, მაშინ როდესაც პირგასამტეხლოს შემცირების წინაპირობა არ არსებობდა, კერძოდ, ხელშეკრულების მხარეა მეწარმე სუბიექტი, გამოცდილი სამეწარმეო ურთიერთობებში და ჰყავს იურისტები, რომლებიც მონაწილეობდნენ ხელშეკრულებათა პირობების შედგენაში. ასეთ შემთხვევაში, არ არსებობს პირგასამტეხლოს შესახებ შეთანხების ფორმირების და სახელშეკრულებო თავისუფლებაში ჩარევის აუცილებლობა. შესაბამისად, შეგებებული სარჩელი არა ნაწილობრივ, არამედ, სრულად უნდა დაკმაყოფილებულიყო.
14. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 6 დეკემბრის განჩინებით საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად დასაშვებობის შესამოწმებლად, ხოლო 2025 წლის 5 თებერვლის განჩინებით საკასაციო საჩივარი დასაშვებად იქნა ცნობილი სსსკ-ის 391-ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტის სამართლებრივი საფუძვლით.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
15. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა წარმოდგენილი საკასაციო საჩივრის საფუძვლები, შეამოწმა გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთებულობა და დაასკვნა, რომ საკასაციო საჩივარი დასაბუთებულია უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:
16. სსსკ-ის 407-ე მუხლის მეორე ნაწილის მიხედვით, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურსამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება.
17. წარმოდგენილი საკასაციო საჩივრით კასატორი დავობს, რომ ხელშეკრულებით განსაზღვრული და შეგებებული სარჩელით მოთხოვნილი პირგასამტეხლოს ოდენობა არ იყო შეუსაბამოდ მაღალი, ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოებმა კი, არამართლზომიერად შეამცირეს მისი ოდენობა.
18. ამდენად, განსახილველ შემთხვევაში, საკასაციო სასამართლოს შეფასების საგანია, ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოების მიერ პირგასამტეხლოს შემცირების კანონიერება.
19. იმ სამართლებრივი შედეგის გათვალისწინებით, რისი მიღწევა შეგებებული სარჩელით მოსარჩელეს სურს, კერძოდ, მოთხოვნა ხელშეკრულებით შეთანხმებული ვალდებულების ვადის გადაცილიებით შესრულების გამო, ხელშეკრულებით განსაზღვრული ოდენობის პირგასამტეხლოს დაკისრების თაობაზე, სსკ-ის 394.1 (მოვალის მიერ ვალდებულების დარღვევისას კრედიტორს შეუძლია მოითხოვოს ამით გამოწვეული ზიანის ანაზღაურება. ეს წესი არ მოქმედებს მაშინ, როცა მოვალეს არ ეკისრება პასუხისმგებლობა ვალდებულების დარღვევისათვის), 417-418-ე (პირგასამტეხლო – მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა – მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის. შეთანხმება პირგასამტეხლოს შესახებ მოითხოვს წერილობით ფორმას) მუხლებიდან გამომდინარეობს.
20. ამ ტიპის სარჩელის წარმატებულობა, ბუნებრივია, უნდა შემოწმდეს მისი დამფუძნებელი ნორმის/ნორმების წინაპირობებთან მიმართებაში, რაც იმას ნიშნავს, რომ უპირველესად, სასამართლომ სწორად უნდა განსაზღვროს მოთხოვნის მარეგულირებელი სამართლებრივი საფუძველი - კანონის ნორმა, გამოარკვიოს სარჩელში მითითებული ფაქტების შესაბამისობა დამფუძნებელი ნორმის აბსტრაქტულ ელემენტებთან (ფორმალური გამართულობა), დადებითი პასუხის შემთხვევაში, სარჩელსა და შესაგებელში გამოთქმული პოზიციების ურთიერთშეჯერებით გამოარკვიოს სადავო და უდავო ფაქტობრივი გარემოებები (მტკიცების საგანი) და გაანაწილოს მხარეთა შორის მტკიცების საგანში შემავალი ფაქტების დადასტურების ტვირთი (მტკიცების ტვირთი).
21. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ კანონმდებლობა ითვალისწინებს სამუშაოს შესრულების ტიპის ისეთ ხელშეკრულებას, როგორიცაა ნარდობა.
22. ნარდობის ხელშეკრულება, ნასყიდობის ხელშეკრულების მსგავსად, ერთერთი ყველაზე უფრო მეტად გავრცელებული ხელშეკრულებაა სასაქონლო-ფულად ფასეულობათა ბრუნვის სფეროში. ნარდობის ხელშეკრულება აწესრიგებს უშუალოდ წარმოების პროცესში წარმოშობილ ურთიერთობებს, რადგან იგი დაკავშირებულია მენარდის ვალდებულებასთან - შეასრულოს ხელშეკრულებით განსაზღვრული სამუშაო და გადასცეს შემკვეთს შეთანხმებული საზღაურის მიღების პირობით შესრულებული სამუშაოს შედეგი.
23. სსკ-ის 629-ე მუხლის პიეველი ნაწილის თანახმად, ნარდობის ხელშეკრულებით მენარდე კისრულობს შეასრულოს ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაო, ხოლო შემკვეთი ვალდებულია გადაუხადოს მენარდეს შეთანხმებული საზღაური. აღნიშნულიდან გამომდინარე, ნარდობა, როგორც სამუშაოს შესრულების ტიპის ხელშეკრულება, არის კონსენსუალური, ორმხრივი და სასყიდლიანი.
24. განსახილველ შემთხვევაში, მხარეთა შორის შორის სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულებები დაიდო.
25. ხელშეკრულებებით შეთანხმდა მხარეთა უფლება-მოვალეობები, ხელშეკრულების შესრულების კონტროლი, შესყიდვის ობიექტის მიღება-ჩაბარებისა და ანგარიშსწორების წესი; ასევე, ხელშეკრულების პირობების შეუსრულებლობის, არაჯეროვანი შესრულების ან/და დაგვიანებით შესრულებისათვის პირგასამტეხლო, რომლის ოდენობა, კერძოდ, ხელშეკრულებათა მე-11 მუხლის თანახმად, შემსყიდველი უფლებამოსილია ამ ხელშეკრულების „3.2“ პუნქტით გათვალისწინებული ვადის გადაცილების შემთხვევაში დააკისროს მიმწოდებელს პირგასამტეხლო ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე შეუსრულებელი ვალდებულების ღირებულების 0.1%-ის ოდენობით.
26. მიმწოდებლის მიერ ხელშეკრულებებით გათვალისწინებული ვალდებულებათა დარღვევის ფაქტები და ვადაგადაცილების პერიოდი განსახილველ საქმეში სადავო არაა (იხ., სააპელაციო სასამართლოს განჩინება - ს.ფ. 12, ტ.2). მეტიც, პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება თავდაპირველ მოსარჩელეს სააპელაციო საჩივრით არ გაუსაჩივრებია, რის გამოც, მის მიერ, საკასაციო პალატაში წარმოდგენილი შეგებებული საკასაციო საჩივარი განუხილველად იქნა დატოვებული საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 19 დეკებრის განჩინებით.
27. წარმოდგენილ საკასაციო განაცხადში, შეგებებული სარჩელის ავტორი მიიჩნევს, რომ ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოებმა ისე შეამცირეს მხარეთა მიერ ხელშეკრულებებით გათვალისწინებული პირგასამტეხლო, რომ მისი შემცირების წინაპირობა არ არსებობდა, კერძოდ, ხელშეკრულების მხარეა მეწარმე სუბიექტი, გამოცდილი სამეწარმეო ურთიერთობებში და ასეთ შემთხვევაში, არ არსებობს პირგასამტეხლოს შესახებ შეთანხების ფორმირების აუცილებლობა. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ კასატორმა დასაშვები (დასაბუთებული) საკასაციო შედავება წარმოადგინა.
28. საკასაციო პალატა პირველ რიგში, განმარტავს, სსკ-ის მე-8 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, კერძოსამართლებრივი ურთიერთობის სუბიექტი შეიძლება იყოს ნებისმიერი ფიზიკური ან იურიდიული პირი. ეს წესი გამოიყენება როგორც სამეწარმეო, ასევე არასამეწარმეო, საქართველოსა თუ სხვა ქვეყნის პირების მიმართ. სსკ-ის 319.1 მუხლის თანახმად კი, კერძო სამართლის სუბიექტებს შეუძლიათ კანონის ფარგლებში თავისუფლად დადონ ხელშეკრულებები და განსაზღვრონ ამ ხელშეკრულებათა შინაარსი. მათ შეუძლიათ დადონ ისეთი ხელშეკრულებებიც, რომლებიც კანონით გათვალისწინებული არ არის, მაგრამ არ ეწინააღმდეგება მას.
29. კერძო სამართალში ხელშეკრულების თავისუფლების პრინციპი მოქმედებს, რაც სსკ-ის მე-10 მუხლითაა რეგლამენტირებული, კერძოდ, სამოქალაქო ურთიერთობის მონაწილეებს შეუძლიათ განახორციელონ კანონით აუკრძალავი, მათ შორის კანონით პირდაპირ გაუთვალისწინებელი ნებისმიერი მოქმედება. იმის გათვალისწინებით, რომ ხელშეკრულების მხარეები სწორედ თავისუფალი ნების გამოვლენის პირობებში, საკუთარი შეხედულებისამებრ აყალიბებენ გარიგების პირობებს, კერძო სამართალი მათ მიერ ნაკისრი ვალდებულების განუხრელ დაცვას მოითხოვს. “pacta sunt servanda“- ს პრინციპის თანახმად, ხელშეკრულება უნდა შესრულდეს, რაც ხელშეკრულებისადმი ერთგულების გამოვლინებას წარმოადგენს. ამ მოთხოვნათა შეუსრულებლობა ვალდებულების დარღვევაა. სამოქალაქო კანონმდებლობა ვალდებულების დარღვევის პრევენციისათვის ითვალისწინებს მოთხოვნის უზრუნველყოფის სანივთო და ვალდებულებით სამართლებრივ საშუალებებს, რომლებიც ვალდებულების შესრულებას ემსახურებიან და რომელთა შერჩევა მხარეთა ნებაზეა დამოკიდებული. ასეთ საშუალებათა რიგს განეკუთვნება ვალდებულების უზრუნველყოფის დამატებითი საშუალება პირგასამტეხლო. საკასაციო სასამართლო თავის ერთ-ერთ განჩინებაში მიუთითებს, რომ სამოქალაქო სამართლით განმტკიცებული მხარეთა ავტონომიურობის პრინციპი ყველაზე ნათლად ხელშეკრულების თავისუფლებაში გამოიხატება. ხელშეკრულების თავისუფლება ეფუძნება მხარეთა სურვილს, დაამყარონ კონკრეტული სამართლებრივი ურთიერთობა. ხელშეკრულების თავისუფლება ორი ნაწილისაგან შედგება: ა) ხელშეკრულების დადების თავისუფლება; ბ) ხელშეკრულების შინაარსის თავისუფლება. ხელშეკრულების შინაარსის თავისუფალი განსაზღვრა გულისხმობს იმასაც, რომ სსკ-ის 319-ე მუხლის პირველი ნაწილის მე-2 წინადადების მიხედვით, „კერძო სამართლის სუბიექტებს შეუძლიათ კანონის ფარგლებში თავისუფლად დადონ ხელშეკრულებები და განსაზღვრონ ამ ხელშეკრულებათა შინაარსი. მათ შეუძლიათ დადონ ისეთი ხელშეკრულებებიც, რომლებიც კანონით გათვალისწინებული არ არის, მაგრამ არ ეწინააღმდეგება მას“. ეს კი იმას ნიშნავს, რომ სამოქალაქო კოდექსით განმტკიცებული ხელშეკრულების სახეები არ არის ამომწურავი. ხელშეკრულების მხარეებს, როგორც წესი უფლება აქვთ, დამოუკიდებლად აირჩიონ ხელშეკრულების ტიპიც და განსაზღვრონ ამ ხელშეკრულების შინაარსი (ჯორბენაძე ს., ხელშეკრულების თავისუფლება სამოქალაქო სამართალში, თბილისი, 2017წ., 103).
30. ხელშეკრულება მიიჩნევა მხარეთა ნების დეკლარაციად და ასახავს ხელშემკვრელი მხარეების მიერ წინასწარ შეთანხმებულ პირობებს. მხარეთა შეთანხმების შედეგად მიღებულ დოკუმენტში პირობების/დათქმების დაზუსტება შესაძლებელია ამავე მხარეების შეთანხმების გზით. ხელშეკრულების ავტონომიურობის პრინციპიდან გამომდინარე, კონტრაჰენტები ვალდებულნი არიან, ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობები განუხრელად დაიცვან და მათ შორის დადებული ხელშეკრულების შესაბამისად იმოქმედონ.
31. ხელშეკრულების თავისუფლების ფარგლებში, მხარეები თავისუფალნი არიან პირგასამტეხლოს ოდენობის განსაზღვრაში. შესაძლებელია ისინი იმ ოდენობის პირგასამტეხლოზე შეთანხმდნენ, რისი გადახდევინებაც შემდგომ მძიმე ტვირთად დააწვება მოვალეს. ასეთ შემთხვევაში, სასამართლო, ახდენს პირგასამტეხლოს „სამართლიან“ შემცირებას ანუ, სასამართლოს ამოცანაა მხარეები დაიცვას უსამართლო და სამოქალაქო ბრუნვისათვის მიუღებელი ტვირთისაგან, ვინაიდან ხელშეკრულების დადებისას მხარეები ყოველთვის ვერ საზღვრავენ მათი თავისუფალი ნების მოსალოდნელ სამართლებრივ შედეგებს, შესაბამისად, სსკ-ის 420-ე მუხლი შესაძლებლობას აძლევს სასამართლოს, საქმის გარემოებების გათვალისწინებით შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო მხარეთა მიერ გამოვლენილი ნების მიუხედავად, რადგან პირგასამტეხლოს უმთავრესი მიზანი კრედიტორის დარღვეული უფლების აღდგენაა და არა მისი უსაფუძვლო გამდიდრება მოვალის ხარჯზე (შდრ: სუსგ №ას-279-2023, 18 მაისი, 2023 წელი).
32. პირგასამტეხლოს შემცირების უფლება, ეს ის იშვიათი გამონაკლისთაგანია, როდესაც კანონი სახელშეკრულებო თავისუფლებაში ჩარევას დასაშვებად მიიჩნევს, თუმცა, ამგვარი ჩარევა გარკვეულ შეზღუდვებს ექვემდებარება (იხ., ჯორბენაძე ს., სამოქალაქო კოდექსის კომენტარი, წიგნი III, 2019წ., 800). კანონის სიტყვასიტყვითი განმარტების შედეგად, მაღალი პირგასამტეხლო არ მცირდება. შემცირებას მხოლოდ „შეუსაბამოდ მაღალი“ პირგასამტეხლო ექვემდებარება. პირგასამტეხლო შეუსაბამოდ მაღალია თუ არა, შეფასებითი კატეგორიაა და ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, საქმის გარემოებების ერთობლივი ანალიზის შედეგად წყდება.
33. იმისათვის, რომ სასამართლომ შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო, კრედიტორის მოთხოვნა პირგასამტეხლოს გადახდაზე წარმოშობილი უნდა იყოს, ე.ი. ძირითადი ვალდებულება უნდა იქნეს დარღვეული. პირგასამტეხლოს შემცირება მის წარმოშობამდე ანუ ძირითადი ვალდებულების დარღვევამდე, დაუშვებელია (შდრ. Friesecke, in Palandt, BGB Komm., 78 Aufl., 2018., §343, Rn.5). სწორედ დარღვევის მომენტიდან ეკისრება მოვალეს პირგასამტეხლოს გადახდის ვალდებულება და სწორედ ამ მომენტიდან ხდება იგი შესასრულებლად მძიმე ან შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო.
34. ამდენად, კანონმდებელმა დააწესა სამართლებრივი მოწესრიგება, რომელიც სასამართლოს აღჭურავს უფლებამოსილებით, დააკორექტიროს პირგასამტეხლოს ოდენობა და დაიყვანოს იგი სამართლიან და გონივრულ მოცულობამდე იმ შემთხვევაში, როდესაც პირგასამტეხლოს ოდენობა გონივრულ და სამართლიან ფარგლებს სცდება. „მიუხედავად იმისა, რომ კანონმდებლობით პირგასამტეხლო მხარეთა მიერ ნების თავისუფალი გამოვლენის გზით მიღწეული შეთანხმებაა, იგი არ წარმოადგენს მხარეთა აბსოლუტურ უფლებას და კვალიფიციური შედავების პირობებში, სასამართლო უფლებამოსილია შეაფასოს კრედიტორის მიერ მოთხოვნილი ოდენობით პირგასამტეხლოს თანაზომიერება ვალდებულების დარღვევასთან მიმართებით.
35. სასამართლოს მხრიდან მხარეთა თავისუფალი ნების გამოვლენით მიღწეულ შეთანხმებაში ჩარევის კანონისმიერ საფუძველს წარმოადგენს სასამართლოსათვის დაკისრებული ერთგვარი საჯარო წესრიგის უზრუნველმყოფელი ვალდებულება და რაც მთავარია ყოველი კონკრეტული საქმის ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინება.
36. როგორც ვალდებულების დარღვევის მნიშვნელობა, სახელშეკრულებო ინტერესის შინაარსისა და ფარგლების განმარტება და დადგენილ პირგასამტეხლოს ოდენობასთან მისი ადეკვატურობა (კრედიტორის მტკიცების ტვირთი), ისე ვალდებულების დარღვევის ხარისხის შეუსაბამობა პირგასამტეხლოს ოდენობასთან (მოვალის მტკიცების ტვირთი), არის უმნიშვნელოვანესი შეფასებითი კატეგორიები, რომელზეც თავად მხარეებმა უნდა შეუქმნან მოსამართლეს დასაბუთებული წარმოდგენა და მიანიჭონ მას მხარეთა ნების განმარტების შესაძლებლობა. გამომდინარე იქედან, რომ თეორიასა და სასამართლო პრაქტიკაში, პირგასამტეხლო წარმოადგენს ვალდებულების შესრულების მიმართ მხარის შესაბამისი ინტერესის უზრუნველყოფის საშუალებას (სსკ-ის 417-ე მუხლი), რომლის გადახდის ვალდებულების წარმოშობა დაკავშირებულია ვალდებულების დარღვევასთან, უშუალოდ ვალდებულების დარღვევის ხარისხის განსაზღვრა, პირგასამტეხლოს გონივრულობის დადგენის ერთ-ერთი უმთავრესი წინაპირობაა (შდრ.; გაგუა ილონა, ბიზნესდავები და სასამართლო პრაქტიკა, საქართველოს უზენაესი სასამართლოს გამომცემლობა, თბილისი, 2017წ. 47).
37. პირგასამტეხლოს შემცირების თაობაზე მოთხოვნის დაყენებასთან ერთად, მხარემ უნდა დაასაბუთოს, რას ეფუძნება ასეთი მოთხოვნა, ანუ მტკიცების ტვირთი პირგასამტეხლოს გონივრულ ოდენობამდე შემცირების თაობაზე, ეკისრება ვალდებულ პირს (მოვალეს). ამ მხრივ, დავის გადაწყვეტაში სარჩელთან ერთად მნიშვნელოვანი დატვირთვის მქონეა მოვალის (მოპასუხე) შესაგებელი.
38. შესაგებლის ზოგადი კლასიფიკაცია შემდეგია: მატერიალური და საპროცესო შესაგებელი; აბსტრაქტული (ზოგადი) და კონკრეტული შესაგებელი; მარტივი და კვალიფიციური (არსებითი) შესაგებელი.
39. რა ტიპის შესაგებელს წარადგენს მოპასუხე, სრულად თავსდება ამ უკანაკნელის ნების ავტონომის ფარგლებში. კონკრეტული შესაგებლის წარდგენის ვალდებულება გამომდინარეობს 201-ე მუხლის მე-4 ნაწილის შინაარსიდან (ივარაუდება, რომ შედავებული უნდა იყოს დავის გადასაწყვეტად მნიშვნელოვანი ფაქტები და არა სამართლებრივი მოსაზრებები, ე.ი. ისეთი ფაქტები, რომელთა არსებობა წარმოშობენ მოთხოვნას), წინააღმდეგ შემთხვევაში მოსარჩელის მიერ მითითებული ფაქტები, დამტკიცებულად ითვლება. მოსამართლემ განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიაქციოს პირველ რიგში საპროცესო შესაგებელს, ხოლო ამის შემდეგ მატერიალურ შესაგებელს.
40. მატერიალური შედავება მიმართულია სარჩელის მატერიალურ-სამართლებრივი შედეგის მიღწევის წინააღმდეგ, რაც გულისხმობს მოპასუხის მხრიდან ისეთ ფაქტებზე (წინაპირობებზე) მითითებას, რომლებიც გამორიცხავენ, წყვეტენ ან აფერხებენ (განუხორციელებელს ხდიან) სარჩელით მოთხოვნილი შედეგის დადგომას.
41. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ შესაგებლის სახეებიდან განსაკუთრებული დატვირთვა გააჩნია კვალიფიციურ შედავებას. კვალიფიციური შედავება იურიდიულ დოქტრინაში განმარტებულია შემდეგნაირად: „მოპასუხე მოსარჩელის მოხსენების ნაცვლად წარმოადგენს მოვლენათა განვითარების მისეულ, განსხვავებულ ვერსიას, რომელიც ცალკეულ საკითხებში სადავოს ხდის მოსარჩელის მოხსენებას“. (შდრ. მოსამართლის მიერ გადაწყვეტილების მიღების პროცესი სამოქალაქო სამართალში, შ.შმიტი, ჰ.რიჰტერი, (GIძ), 2013წ., 19.) კვალიფიციურ შედავებას არსებით შედავებადაც მოიხსენიებენ. ამგვარი შედავება, ერთი მხრივ, შეიძლება გამორიცხავდეს სარჩელის დაკმაყოფილებას უსაფუძვლობის გამო, ხოლო მეორე მხრივ, ცვლიდეს მოსარჩელის მიერ შემოთავაზებული სამართლებრივი ურთიერთობის კვალიფიკაციას, საიდანაც მოსარჩელეს დამატებითი მოხსენების (ფაქტების მითითების) გარეშე გაუჭირდება იმ შედეგის მიღწევა, რომელიც სარჩელით აქვს მოთხოვნილი.
42. მას შემდეგ, რაც მოსამართლე მოიძიებს მოთხოვნის დამფუძნებელ ნორმას, განსაზღვრავს ნორმის ფაქტობრივ კომპონენტებს (წინაპირობებს), ამ წინაპირობებს მიუსადაგებს მოსარჩელის მიერ მოხსენებულ ფაქტებს და თითეულ წინაპირობაზე გასცემს დადებით პასუხს, იგი ამოწმებს რომელ ფაქტებს ხდის მოპასუხე სადავოდ (მოპასუხის სტადია). თუ მოპასუხეს არ აქვს წარდგენილი კვალიფიციური (არსებითი) შედავება, არამედ მხოლოდ სამართლებრივად მნიშვნელოვანი ფაქტების უარყოფით შემოიფარგლება, მოსამართლე გადადის მტკიცების სტადიაზე, რაც ნიშნავს სადავოდ გამხდარი ფაქტების დადგენის პროცესს.
43. მოპასუხის მხრიდან არსებითი ხასიათის შედავების შემთხვევაში, მოსამართლემ ასევე უნდა მოიძიოს სამართლებრივი ნორმა, რომელიც გამორიცხავს, წყვეტს ან აფერხებს მოთხოვნის განხორციელებას, ხოლო ნორმის წინაპირობების შემოწმება იმავე წესით ხორციელდება. აქაც მნიშვნელოვანია რას პასუხობს მოსარჩელე მოპასუხის არსებით შედავებას, არ არის გამორიცხული მოსარჩელემაც კვალიფიციური პასუხი გასცეს მოპასუხის ამგვარ განმარტებას. ამდენად მოსამართლე ასე უწვეტად გადადის მოსარჩელის სტადიიდან მოპასუხის სტადიაზე და პირიქით, ვიდრე არ დასრულდება მხარეთა განმარტებების ურთიერთგაცვლის პროცესი, რომლის შედეგადაც უნდა გაირკვეს უდავო და სადავო (მტკიცების საგანში შემავალი) ფაქტები.
44. ამდენად, პირგასამტეხლოს გონივრულობის კვლევას სასამართლო მოვალის კვალიფიციური შესაგებლის არსებობის შემთხვევაში ახორციელებს და მის გარეშე შეუძლებელია დადგინდეს რამდენად შეუსაბამო და არაგონივრულია პირგასამტეხლოს ოდენობა სახელშეკრულებო ინტერესის ხელყოფის მასშტაბთან.
45. თუ პირგასამტეხლოს ოდენობის შემცირების მოთხოვნა კვალიფიციური შედავების ფორმით არ მოხდება, მაშინ სასამართლოს ხელთ აქვს მხოლოდ კრედიტორსა და მოვალეს შორის შეთანხმებით, სახელშეკრულებო თავისუფლებით გამყარებული ნება - მოთხოვნილი პირგასამტეხლოს სახით და კრედიტორის მიერ დასაბუთებული დარღვევა, როგორც პირგასამტეხლოს დაკისრების წინაპირობა (ჩიტაშვილი ნ, პირგასამტეხლოსა და ზიანის მოთხოვნათა სახელშეკრულებო ინტერესის უზრუნველმყოფი ფუნქცია. შედარებითი სამართლის ჟურნალი 2/2020, გვ.17 <http://lawjournal.ge/wp-content/uploads/2020/04/Shedarebiti-Samartali-2-2020-14-31.pdf>
46. ამასთან, იმის გათვალისწინებით, რომ თითოეულ საქმეზე ინდივიდუალურად უნდა დადგინდეს და შემოწმდეს დავის გადაწყვეტისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებები, შესაძლებელია განსხვავებული შემთხვევები წარმოიშვას.
47. საკასაციო სასამართლო ყურადღებას გაამახვილებს დადგენილ სასამართლო პრაქტიკაზე, კერძოდ, როდესაც ხელშეკრულების მხარე არის მეწარმე სუბიექტი, მისი პასუხისმგებლობის ხარისხი ბევრად აღემატება ფიზიკური პირის პასუხისმგებლობის ხარისხს, რომელიც შესაძლებელია იყოს ხელშეკრულების სუსტი მხარე, რომელიც ხელშეკრულებაზე ხელის მოწერისას ვერ აცნობიერებს პირგასამტეხლოს შინაარსს და მის თანმდევ სამართლებრივ შედეგს. ამდენად, როდესაც საკითხი ეხება მეწარმე სუბიექტის მიერ ვალდებულების შეუსრულებლობას, დაკისრებული პირგასამტეხლოს ოდენობა არ უნდა იყოს მინიმალური ოდენობის.
48. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ იმის შეფასებისას, დარიცხული პირგასამტეხლო არის თუ არა შეუსაბამოდ მაღალი, სასამართლო მხედველობაში იღებს იმას, რომ სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულების მხარეს წარმოადგენს მეწარმე სუბიექტი, რომელიც თავისუფალი და გაცნობიერებული ნების გამოვლენის საფუძველზე დასთანხმდა პირგასამტეხლოს ყოველ გადაგადაცილებულ დღეზე ხელშეკრულების ღირებულების 0.1%-ის ოდენობით და როგორც სახელშეკრულებო ურთიერთობაში კონტრაჰირებულ მეწარმე სუბიექტს, მისი სტატუსიდან გამომდინარე, ფიზიკური პირისგან განსხვავებული პასუხისმგებლობითა და სტანდარტით მოეთხოვება ვალდებულების დარღვევის სამართლებრივ შედეგებზე პასუხისგება, კერძოდ, დადგენილია, რომ მიმწოდებელმა - შპს „N. G.“ საკუთარ თავზე აიღო ვალდებულება ამ ხელშეკრულების „3.2“ პუნქტით გათვალისწინებული ვადის გადაცილების შემთხვევაში გადაუხადოს შემსყიდველს პირგასამტეხლო ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე შეუსრულებელი ვალდებულების ღირებულების 0.1%-ის ოდენობით.
49. მიმწოდებლის მიერ ხელშეკრულებებით გათვალისწინებული ვალდებულებათა დარღვევის ფაქტები და ვადაგადაცილების პერიოდი სადავო არაა (იხ., სააპელაციო სასამართლოს განჩინების პ. 7.3 (ს.ფ. 12, ტ.2).
50. ამასთან, პირგასამტეხლო მხარეს დაერიცხა შეუსრულებელი ვალდებულების ღირებულებიდან, რაც შესაბამისობაშია დადგენილ სასამართლო პრაქტიკასთან, რომლითაც არაერთხელ განიმარტა, რომ პირგასამტეხლო უნდა დაანგარიშდეს არა ხელშეკრულების საერთო ღირებულებიდან, არამედ - მხარის მიერ ფაქტობრივად შეუსრულებელი ან არაჯეროვნად შესრულებული ვალდებულების ღირებულებიდან (იხ., სუსგ №ას-369-2025, 04 აპრილი 2025წ.).
51. შესაბამისად, ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულების დარღვევის გამო, მიმწოდებელს წარმოეშვა ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირგასამტეხლოს გადახდის ვალდებულება ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე ხელშეკრულების ღირებულების 0.1%-ის ოდენობით, რომლის შემცირების წინაპირობები, საქმის ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, არ არსებობს. საქმის კონკრეტული გარემოებების, ვალდებულების დარღვევის ხასიათის, მოცულობისა და დარღვევის სიმძიმის შესატყვის პირგასამტეხლოს ოდენობად მიიჩნევს ხელშეკრულებით შეთანხმებულ პირგასამტეხლოს, რაც სრულად უზრუნველყოფს დარღვეული ვალდებულებისათვის გონივრული, პროპორციული და სამართლიანი პირგასამტეხლოს ფუნქციის შესრულებას, ამასთან, არ გამოიწვევს კასატორის გამდიდრებას (იხ., სუსგ Nას-1380-2024, 05 თებერვალი, 2025წ.).
52. ყოველივე ზემომითითებულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ კასატორის (შეგებებული სარჩელის ავტორი) საკასაციო საჩივარი საფუძვლიანია, ხოლო გასაჩივრებული განჩინება დაუსაბუთებელი, რაც სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 394-ე მუხლის „ე“ ქვეპუნქტის თანახმად, განჩინების/გადაწყვეტილების გაუქმების აბსოლუტური საფუძველია.
53. სსსკ-ის 411-ე მუხლის თანახმად, საკასაციო სასამართლო თავად მიიღებს გადაწყვეტილებას საქმეზე, თუ არ არსებობს ამ კოდექსის 412-ე მუხლით გათვალისწინებული გადაწყვეტილების გაუქმებისა და საქმის სააპელაციო სასამართლოში ხელახლა განსახილველად დაბრუნების საფუძვლები. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ, განსახილველ შემთხვევაში, არ არსებობს საქმის სააპელაციო სასამართლოში ხელახლა განსახილველად დაბრუნების საფუძველი, ვინაიდან საჭირო არაა მტკიცებულებათა დამატებით გამოკვლევა, შესაბამისად, საკასაციო სასამართლო უფლებამოსილია, თვითონ მიიღოს გადაწყვეტილება საქმეზე.
54. პალატას მიაჩნია, რომ საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს, კერძოდ, გასაჩივრებული განჩინება უნდა გაუქმდეს, სარჩელი არ დაკმაყოფილდეს და შეგებებული სარჩელი დაკმაყოფილდეს. შპს “N. G.“-ს სსიპ შემოსავლების სამსახურის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს N2/140920/1 ხელშეკრულების საფუძველზე პირგასამტეხლო - 67 357.96 ლარი; 2020 წლის 25 ნოემბრის N2/251120/1 ხელშეკრულების საფუძველზე უნდა დაეკისროს პირგასამტეხლო - 28 087.07 ლარი, ხოლო N2/251120/2 ხელშეკრულების საფუძველზე უნდა დაეკისროს პირგასამტეხლო - 23 504.55 ლარი.
55. სსსკ-ის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით, თუ სააპელაციო ან საკასაციო სასამართლო შეცვლის გადაწყვეტილებას ან გამოიტანს ახალ გადაწყვეტილებას, იგი შესაბამისად შეცვლის სასამართლო ხარჯების განაწილებასაც. სსსკ-ის 55.1 მუხლის თანახმად კი, სახელმწიფო ბაჟი, რომლის გადახდისაგან გათავისუფლებული იყო მოსარჩელე, გადახდება მოპასუხეს ბიუჯეტის შემოსავლის სასარგებლოდ, მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელიც დაკმაყოფილებულია. „სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის საფუძველზე, მოსარჩელე/შეგებებული სარჩელის ავტორი გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.
56. იმის გათვალისწინებით, რომ შეგებებული სარჩელი/სააპელაციო და საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილებულია, ხოლო შეგებებული სარჩელის ავტორი/აპელანტი/კასატორი კანონის საფუძველზე გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან, შეგებებული სარჩელით მოპასუხეს უნდა დაეკისროს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სამივე ინსტანციის სასამართლოში შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილებული თანხის პროპორციულად სახელმწიფო ბაჟის სახით 14 273.95 ლარის გადახდა.
57. ამასთან, იმის გათვალისწინებით, რომ თავდაპირველი სარჩელი უარყოფილია მოსარჩელის მიერ პირველი ინსტანციის სასამართლოში სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი თანხა უნდა დარჩეს სახელმწიფო ბიუჯეტში.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 411-ე მუხლით და
გადაწყვიტა:
1. სსიპ შემოსავლების სამსახურის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს;
2. გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 26 სექტემბრის განჩინება და მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება;
3. შპს “N. G.“-ს სარჩელი არ დაკმაყოფილდეს;
4. სსიპ შემოსავლების სამსახურის შეგებებული სარჩელი დაკმაყოფლდეს;
4.1.შპს “N. G.“-ს სსიპ შემოსავლების სამსახურის სასარგებლოდ დაეკისროს N2/140920/1 ხელშეკრულების საფუძველზე პირგასამტეხლო - 67 357.96 ლარი;
4.2.შპს “N. G.“-ს სსიპ შემოსავლების სამსახურის სასარგებლოდ დაეკისროს 2020 წლის 25 ნოემბრის N2/251120/1 ხელშეკრულების საფუძველზე პირგასამტეხლო - 28 087.07 ლარი;
4.3.შპს “N. G.“-ს სსიპ შემოსავლების სამსახურის სასარგებლოდ დაეკისროს N2/251120/2 ხელშეკრულების საფუძველზე პირგასამტეხლო - 23 504.55 ლარი.
5. შპს “N. G.“-ს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ დაეკისროს შეგებებულ სარჩელზე, სააპელაციო საჩივარსა და საკასაციო საჩივარზე სახელმწიფო ბაჟის გადახდა 14 273.95 ლარის ოდენობით;
6. შპს “N. G.“-ს მიერ სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟი დარჩეს სახელმწიფო ბიუჯეტში;
7. საკასაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე: გოჩა ჯეირანაშვილი
მოსამართლეები: ლაშა ქოჩიაშვილი
ამირან ძაბუნიძე