საქმე №ას-280-2025 04 ივლისი, 2025 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
გოჩა ჯეირანაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ლაშა ქოჩიაშვილი, ამირან ძაბუნიძე
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი განხილვის გარეშე
კასატორი – ნ.ო–ია (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე – ჰ.რ.ნ.ფ. (მოსარჩელე)
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 30 ივლისის განჩინება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის უარყოფა
დავის საგანი – უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვა, ზიანის ანაზღაურება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი
1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 30 ივლისის განჩინებთ ნ.ო–იას (შემდეგში: მოპასუხე ან აპელანტი ან კასატორი) სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 2 აპრილის გადაწყვეტილება, რომლითაც ჰ.რ.ნ.ფ–ის (შემდეგში: მოსარჩელე ან მოწინააღმდეგე მხარე) სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; მოსარჩელის უკანონო მფლობელობიდან გამოთხოვილი იქნა უძრავი ნივთი, მდებარე: ქ. თბილისში, .........., ს/კ №.......... (შემდეგში - სადავო უძრავი ქონება) და გამოთავისუფლებულ მდგომარეობაში გადაეცა მოსარჩელეს. სარჩელი ზიანის ანაზღაურების ნაწილში არ დაკმაყოფილდა.
2. სააპელაციო პალატამ დადგენილად მიიჩნია საქმის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:
2.1. სადავო უძრავი ნივთი საჯარო რეესტრის მონაცემებით ირიცხება მოსარჩელის საკუთრების უფლებით;
2.2. უძრავ ნივთზე საკუთრების უფლების დამდგენი დოკუმენტია 2020 წლის 25 აგვისტოს დამოწმებული ჩუქების ხელშეკრულება (იხ., საჯარო რეესტრის ამონაწერი);
2.3. სადავო უძრავი ნივთს ფაქტობრივად მოპასუხე ფლობს.
3. სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ მოპასუხეს სადავო უძრავ ნივთზე მფლობელობის სამართლებრივი საფუძველი არ გააჩნია, ერძოდ, მოსარჩელე საჯარო რეესტრის ამონაწერზე დაყრდნობით განმარტავდა, რომ მის საკუთრებაშია უძრავი ნივთი, მდებარე: ქ. თბილისი, .........., სართული 5, ბინა №62 (იხ., ამავე განჩინების პპ:2.1.;2.2.), რომელსაც ფაქტობრივად ფლობს მოპასუხე. სარჩელის საპირისპიროდ კი, მოპასუხე მიუთითებდა, რომ სადავო ბინა რეალურად მისი დისშვილის საკუთრებაა და მოსარჩელე მხოლოდ ფორმალურად არის აღრიცხული საჯარო რეესტრში მესაკუთრედ. მოპასუხე აპელანტის შედავება, რომ საკუთრების უფლების საფუძველი - ჩუქების გარიგება - წარმოადგენს თვალთმაქცურ გარიგებას, უარყო სააპელაციო სასამართლომ რამდენადაც ამონაწერით საჯარო რეესტრიდან დადასტურდა მოსარჩელის საკუთრების უფლება სადავო უძრავ ნივთზე, რასაც ვერ აბათილებდა მოპასუხის ზეპირი ახსნა-განმარტება (იხ., ამავე განჩინების პპ:2.1.;2.2).
4. სააპელაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სსკ-ის 170.1, 168-ე და 172-ე მუხლებით და მივიდა დასკვნამდე, რომ ვინაიდან სადავო უძრავი ქონება მოსარჩელის საკუთრებაშია, რომელსაც მოპასუხე ფლობს და ფლობის მართლზომიერებას ვერ ასაბუთებს, მესაკუთრეს არ უნდა შეეზღუდოს მისი ქონებით დაუბრკოლებლად სარგებლობის უფლება.
5. სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე მოპასუხე აპელანტმა შეიტანა საკასაციო საჩივარი, მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის უარყოფა.
6. საკასაციო განაცხადში კასატორი მიუთითებს, რომ მოსარჩელე ფორმალურად არის აღრიცხული საჯარო რეესტრში სადავო უძრავი ნივთის მესაკუთრედ. სინამდვილეში, მოსარჩელეს სადავო უძრავი ნივთი არ შეუძენია და ნასყიდობის ხელშეკრულება დაიდო მოსაჩვენებლად.
7. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის განჩინებით მოსარჩელის საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მიხედვით, დასაშვებობის შესამოწმებლად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
8. საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლისა და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად.
9. საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას ან/და მის დამატებით ოქმს/ოქმებს და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე [სსსკ-ის 391.5 მუხლი].
10. სსსკ-ის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურსამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. კასატორს, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით, არ წარმოუდგენია დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება)
11. სსკ-ის 170-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მესაკუთრეს შეუძლია, კანონისმიერი ან სხვაგვარი, კერძოდ, სახელშეკრულებო შებოჭვის ფარგლებში თავისუფლად ფლობდეს და სარგებლობდეს ქონებით (ნივთით), არ დაუშვას სხვა პირთა მიერ ამ ქონებით სარგებლობა, განკარგოს იგი, თუკი ამით არ ილახება მეზობლების ან სხვა მესამე პირთა უფლებები, ანდა, თუ ეს მოქმედება არ წარმოადგენს უფლების ბოროტად გამოყენებას.
12. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ საკუთრების უფლებამ ნივთზე სრული ბატონობა უნდა უზრუნველყოს, მათ შორის, ფაქტობრივი ბატონობა - მფლობელობის სახით. ცხადია, მესაკუთრეს სხვა უფლებამოსილებებთან ერთად აქვს მფლობელობის უფლებაც და თუკი ადგილი ექნება საკუთრების მფლობელობის ჩამორთმევას, მესაკუთრეს შეუძლია არაუფლებამოსილ მფლობელს სსკ-ის 172-ე მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე მოსთხოვოს ნივთის უკან დაბრუნება (იხ.: თამარ ზარანდია, სანივთო სამართალი, გამომცემლობა „მერიდიანი“, მეორე შევსებული გამოცემა, 2019წ.,245).
13. უკანონო მფლობელობიდან უძრავი ნივთის გამოთხოვის თაობაზე მოთხოვნის სამართლებრივი საფუძველია სსკ-ის 172-ე მუხლის პირველი ნაწილი (მესაკუთრეს შეუძლია მფლობელს მოსთხოვოს ნივთის უკან დაბრუნება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა მფლობელს ჰქონდა ამ ნივთის ფლობის უფლება). მესაკუთრის მიერ უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვის მართლზომიერებისთვის უნდა არსებობდეს შემდეგი წინაპირობები: ა) მოსარჩელე უნდა იყოს მესაკუთრე, ბ) მოპასუხე უნდა იყოს ნივთის მფლობელი და გ) მოპასუხეს არ უნდა ჰქონდეს ამ ნივთის ფლობის უფლება.
14. განსახილველ შემთხვევაში, დადგენილია ყველა ის ფაქტობრივი წანამძღვარი, რომელიც ზემოთმითითებული ნორმით გათვალისწინებული სამართლებრივი შედეგის განმაპირობებელია, კერძოდ:
15. საქმეში წარმოდგენილი ამონაწერით საჯარო რეესტრიდან დგინდება, რომ სადავო უძრავი ნივთი აღრიცხულია მოსარჩელის სახელზე. სსკ-ის 312-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, რეესტრის მონაცემების მიმართ მოქმედებს უტყუარობისა და სისრულის პრეზუმფცია, ე.ი. რეესტრის ჩანაწერები ითვლება სწორად, ვიდრე არ დამტკიცდება მათი უზუსტობა. დადგენილია და საკასაციო საჩივრით შედავებული არ არის, რომ კასატორი ფლობს სადავო უძრავი ნივთს. ამ ფაქტობრივ მოცემულობაში კი, იმ გარემოების მტკიცების ტვირთი, რომ მოპასუხის მფლობელობა მართლზომიერია, სწორედ მოპასუხის საპროცესო ვალდებულებაა (იხ., სუსგ №ას-759-2024, 15 ოქტომბერი, 2024წ.).
16. მოპასუხე, თავისი საპროცესო ვალდებულების რეალიზების მიზნით, შესაგებელში, სააპელაციო და საკასაციო საჩივარში იგივეობრივი შედავებით იცავს თავს, კერძოდ, მიუთითებს, რომ მოსარჩელე ფორმალურად არის აღრიცხული საჯარო რეესტრში სადავო უძრავი ნივთის მესაკუთრედ. სინამდვილეში, მოსარჩელეს სადავო უძრავი ნივთი არ შეუძენია და ნასყიდობის ხელშეკრულება დაიდო მოსაჩვენებლად.
17. კასატორის აღნიშნულ პრეტენზიას, მოცემული დავის ფარგლებში საკასაციო პალატა არ იზიარებს და განმარტავს, რომ მოსარჩელის მიერ აღძრულია სარჩელი, მოპასუხის უკანონო მფლობელობიდან უძრავი ნივთის გამოთხოვის თაობაზე, შესაბამისად, წინამდებარე დავის ფარგლებში სასამართლოს მსჯელობის საგანი ვერ გახდება მოსარჩელის საკუთრების უფლების მართლზომიერებასთან დაკავშირებული მოპასუხის პრეტენზიები (შდრ, სუსგ №ას-1566-2024, 26.02.2025წ.). შესაბამისად, განსახილველ შემთხვევაში, კასატორის განმარტებები ვერ შებოჭავს მოსარჩელის საკუთრების უფლებას, ამიტომ მესაკუთრე უფლებამოსილია, მოპასუხისგან მოითხოვოს უძრავი ნივთის დაბრუნება (იხ., სუსგ №ას-1266-2022, 31 ოქტომბერი, 2022. პ.38).
18. სსკ-ის 168-ე მუხლის თანახმად, მესაკუთრის პრეტენზიის გამო, ნივთის მფლობელობა წყდება, თუ მესაკუთრე მფლობელს წაუყენებს დასაბუთებულ პრეტენზიას. რადგან განხორციელებულია სსკ-ის 172-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული სამართლებრივი შედეგის განმაპირობებელი ყველა ფაქტობრივი წინაპირობა, მოსარჩელეს უფლება აქვს, მფლობელობის შეწყვეტა და ნივთის გადაცემა მოითხოვოს (სუსგ Nას-887-2019, 27.12.2019წ.).
19. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, არ არსებობს სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი წინაპირობა, რომლის საფუძველზეც საკასაციო სასამართლო დასაშვებად ცნობს წარმოდგენილ საკასაციო საჩივარს, რის გამოც, მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.
20. საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის შემთხვევაში პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი (სსსკ-ის 401.4 მუხლი).
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა
1. ნ.ო–იას საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველი;
2. ნ.ო–იას (პ.ნ:.......) დაუბრუნდეს ს.ო–ას მიერ 24.01.2025წ. №25629170267 საგადახდო დავალებით სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 300 ლარიდან 210 ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“ ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 3 0077 3150;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე გ. ჯეირანაშვილი
მოსამართლეები: ლ. ქოჩიაშვილი
ა. ძაბუნიძე