Facebook Twitter

საქმე №ას-387-2025 11 ივლისი, 2025 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქოსაქმეთაპალატა

შემადგენლობა:

გოჩა ჯეირანაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ლაშა ქოჩიაშვილი, ამირან ძაბუნიძე

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი განხილვის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი - სსიპ სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოს იმერეთის რეგიონული ცენტრი

მოწინააღმდეგე მხარე (მოპასუხე) - თ.ბ–ა

თავდაპირველი მოსარჩელეები - არასრულწლოვნები ა. და ბ. ა–ები

მესამე პირი - ნ.ფ–ძე

გასაჩივრებული განჩინება - ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 21 იანვრის განჩინება

კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება

საკითხი, რომელზეც მიღებულია განჩინება - ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო განჩინების გაუქმება და საქმის წარმოების განახლება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 21.01.2025წ. განჩინებით მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს - სსიპ სახელმწიფო ზრუნვისა, ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოს იმერეთის რეგიონული ცენტრის (შემდეგში - სახელმწიფო ზრუნვის სააგენტო) განცხადება, ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 12.07.2024წ. (საქმე N2/ბ-583-2024) განჩინების გაუქმებისა და საქმის წარმოების განახლების თაობაზე, არ დაკმაყოფილდა.

2. სააპელაციო სასამართლოს განჩინება დასაბუთებულია შემდეგ გარემოებებზე მითითებით:

3. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს წარმოებაშია ა. ა–ას და ბ. ა–ას (შემდეგში: არასრულწლოვნები) (ადვოკატი ს.ო–ძე) სააპელაციო საჩივარი, მოწინააღმდეგე მხარის - თ.ბ–ას მიმართ, სამტრედიის რაიონული სასამართლოს 26.03.2024წ. გადაწყვეტილებაზე, რომლითაც არ დაკმაყოფილდა არასრულწლოვნების სარჩელი მათ საცხოვრებელ ადგილად ბებიის ნ.ფ–ძის საცხოვრებელი ადგილის განსაზღვრის შესახებ.

4. სააპელაციო საჩივარი წარმოებაშია მიღებული 24.05.2024წ..

5. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 12.07.2024წ. განჩინებით, სახელმწიფო ზრუნვის სააგენტოს შუამდგომლობა სააპელაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის შესახებ არ დაკმაყოფილდა. არასრულწლოვნების ადვოკატ ს.ო–ძის სააპელაციო საჩივარი მიჩნეულ იქნა დასაშვებად და დადგინდა სააპელაციო საჩივრის არსებითი განხილვა, ვინაიდან სასამართლომ მიიჩნია, რომ არასრულწლოვნების სააპელაციო საჩივარი აკმაყოფილებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში - სსსკ-ის) 368.3 მუხლის მოთხოვნებს - აპელანტებად მითითებული არიან არასრულწლოვნები, ხოლო სააპელაციო საჩივარს ხელს აწერს არასრულწლოვნების სახელით მათი ადვოკატი ს.ო–ძე.

6. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 12.07.2024წ. განჩინების (სამოქალაქო საქმე N2/ბ-583-2024) გაუქმების და საქმის წარმოების განახლების მოთხოვნით სააპელაციო სასამართლოს განცხადებით მიმართა სახელმწიფო ზრუნვის სააგენტომ (სსსკ-ის 423-ე მუხ.), რომელმაც აღნიშნა:

7. 19.02.2020წ. არასრულწლოვნების მამას გ.ა–ას წარედგინა ბრალდება არასრულწლოვნების დედის, სალომე ბოხუას განზრახ მკვლელობის ფაქტზე და აღკვეთის ღონისძიების სახით შეეფარდა დაპატიმრება. ბავშვების ინტერესების დაცვის მიზნით, სახელმწიფო ზრუნვის სააგენტომ სარჩელით მიმართა სასამართლოს მამის - გ. ა–ას მიმართ მშობლის წარმომადგებლობითი უფლებამოსილების შეზღუდვის თაობაზე. სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების საფუძველზე არასრულწლოვნების მზრუნველად დანიშნულია ბაბუა - თ.ბ–ა.

8. არასრულწლოვნების სარჩელის საფუძველზე სასამართლოს წარმოებაშია სამოქალაქო საქმე არასრულწლოვნების საცხოვრებელი ადგილის განსაზღვრის შესახებ. სამტრედიის რაიონული სასამართლოს 26.03.2024წ. გადაწყვეტილებით არასრულწლოვნების სარჩელი მათ საცხოვრებელ ადგილად ბებიის ნ.ფ–ძის საცხოვრებელი ადგილის განსაზღვრის შესახებ, არ დაკმაყოფილდა, რაც სააპელაციო საჩივრით გასაჩივრდა ადვოკატ ს.ო–ძის მიერ, რომელსაც არ გააჩნია არასრულწლოვნების სახელით სააპელაციო საჩივრის წარდგენის უფლებამოსილება ინტერესთა კონფლიქტის გამო. ინტერესთა კონფლიქტი გამოიხატება იმაში, რომ ს.ო–ძე წარმოადგენდა დაინტრესებული პირის არასრულწლოვნების ბებიის - ნ.ფ–ძის და არასრულწლოვნების მამის - გ. ა–ას ინტერესებს სასამართლოში, რაც განმცხადებლისათვის ცნობილი გახდა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 07.10.2024წ. სხდომაზე.

9. განმცხადებლის მიერ ზემომითითებული გარემოებები, სააპელაციო სასამართლომ არ მიიჩნია სსსკ-ის 423-ე მუხლით გათვალისწინებულ ახლად აღმოჩენილ გარემოებად, რაც შესაძლებელს გახდიდა განმცხადებლის მოთხოვნის დაკმაყოფილებას.

10. განმცხადებლის მიერ მითითებულ გარემოებებზე, როგორიცაა ინტერესთა კონფლიქტი და ა.შ, ნამსჯელი ჰქონდა სააპელაციო სასამართლოს იმ განჩინებაში (12.07.2024წ.; N2/ბ-583-2024), რომლითაც არასრულწლოვანთა სახელით ს.ო–ძის სააპელაციო საჩივარი დაშვებული იქნა განხილვაზე. მითითებული განჩინებით სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ რაიმე ინტერესთა კონფლიქტს ადვოკატის მხრიდან ადგილი არ აქვს. მართალია, ის ახორციელებდა არასრულწლოვანთა ბებიისა და მამის დაცვას სხვა დავებში, მაგრამ მხარეები, რომელთა დაცვასაც ადვოკატი ს.ო–ძე ახორციელებდა არ არის არასრულწლოვანთა მიერ წამოჭრილ დავასთან რაიმე წინააღმდეგობაში.

11. ამავდროულად, სააპელაციო სასამართლომ დაუშვებლად მიიჩნია განცხადება საქმის წარმოების განახლების თაობაზე, რადგან განცხადებით არ იყო გასაჩივრებული შემაჯამებელი გადაწყვეტილება, ან განჩინება, რომლითაც საქმე არსებითად წყდება, არამედ განმცხადებელი მოითხოვდა შუალედური დასაშვებობის განჩინების გაუქმებას, რომელზედაც საქმის წარმოების განახლებას სსსკ-ი არ ითვალისწინებდა. სააპელაციო საჩივრის დასაშვებობასთან დაკავშირებით განჩინება, როგორც წინმსწრები განჩინება, შეიძლება გასაჩივრდეს შემაჯამებელ გადაწყვეტილებასთან ერთად.

12. სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე კერძო საჩივარი წარადგინა სახელმწიფო ზრუნვის სააგენტომ, მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საქმეში სსიპ იურიდიული დახმარების სამსახურის ადვოკატის ჩართვა, რომელსაც დაევალება არასრულწლოვნების სახელით დაზუსტებული საჩივრის წარდგენა. კერძო საჩივრის ავტორი მიუთითებს ადვოკატის ინტერესთა კონფლიქტზე წარმოადგინოს არასრულწლოვნების ინტერესები და წარადგინოს სააპელაციო საჩივარი ბავშვების საცხოვრებელი ადგილის განსაზღვრის შესახებ დავაზე. არასრულწლოვნების ადვოკატი ს.ო–ძე ახორციელებდა არასრულწლოვანთა ბებიისა და მამის დაცვას სხვა დავებში (იხ. დეტალურად კერძო საჩივარი).

13. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის განჩინებით, კერძო საჩივარი, სსსკ-ის 414-ე-416-ე მუხლების საფუძველზე, მიღებულ იქნა განსახილველად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

14. საკასაციო სასამართლო კერძო საჩივრის საფუძვლების ანალიზის, საქმის მასალების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს.

15. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. იმავე კოდექსის 410-ე მუხლის მიხედვით, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ: ა) კანონის მითითებულ დარღვევას არა აქვს ადგილი; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა; გ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არსებითად სწორია, მიუხედავად იმისა, რომ გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი არ შეიცავს შესაბამის დასაბუთებას.

16. წინამდებარე კერძო საჩივრის ფარგლებში საკასაციო პალატის მსჯელობის საგანია სააპელაციო სასამართლოს იმ განჩინების მართლზომიერების საკითხი, რომლითაც განჩინების გაუქმების და საქმის წარმოების განახლების მოთხოვნა იქნა უარყოფილი.

17. კერძო საჩივრის ავტორი დავობს, რომ ადვოკატ ს.ო–ძეს არასრულწლოვნების სახელით სააპელაციო საჩივრის წარდგენის უფლებამოსილება, ინტერესთა კონფლიქტის გამო, არ გააჩნდა. აღნიშნულ გარემოებებზე მითითებით, კერძო საჩივრის ავტორმა ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 12.07.2024წ., N2ბ-583-24 განჩინების გაუქმება და შუამდგომლობის განხილვასთან დაკავშირებული საქმის წარმოების განახლება მოითხოვა, რასაც საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს.

18. დადგენილია, რომ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 12.07.2024წ. N2ბ-583-24 განჩინებით სახელმწიფო ზრუნვის სააგენტოს შუამდგომლობა, არასრულწლოვნების სახელით ადვოკატ ს.ო–ძის მიერ წარდგენილი სააპელაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის შესახებ, არ დაკმაყოფილდა. არასრულწლოვნების ადვოკატის ს.ო–ძის სააპელაციო საჩივარი მიჩნეული იქნა დასაშვებად და დაშვებული იქნა არსებით განხილვაზე. მხარეებს განემარტათ რომ განჩინებაზე კერძო საჩივარი არ დაიშვებოდა (იხ., ს.ფ. 80-86, ტ.2.).

19. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 12.07.2024წ. N2ბ-583-24 განჩინება მიღებულია სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის პროცესუალურ საკითხზე და წარმოადგენს შუალედურ განჩინებას, რომელიც გასაჩივრების სპეციალურ წესს ექვემდებარება, კერძოდ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 404-ე მუხლის მე-2 ნაწილით დადგენილია ქცევის წესი: „საკასაციო სასამართლოს განხილვის საგანი შეიძლება იყოს აგრეთვე სასამართლოს ის განჩინებები, რომლებიც წინ უსწრებს სასამართლოს საბოლოო გადაწყვეტილებას, იმისგან დამოუკიდებლად, დასაშვებია თუ არა მათ მიმართ კერძო საჩივრის შეტანა.“ აღნიშნული ნორმიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლოს შუალედური განჩინების კანონიერებაზე მსჯელობა დასაშვებია მხოლოდ მაშინ თუ ის გასაჩივრებულია შემაჯამებელ გადაწყვეტილებასთან ერთად, რაც განსახილველ შემთხვევაში სახეზე არ არის.

20. საკასაციო პალატა ხაზს უსვამს ყოველი პირის უფლებას, დარღვეული ან სადავოდ ქცეული უფლების დასაცავად მიმართოს სასამართლოს, რაც უზრუნველყოფილია როგორც საქართველოს კონსტიტუციითა და კანონებით, ისე საერთაშორისო ნორმატიული აქტებით, თუმცა, სხვა სამოქალაქო უფლებათა მსგავსად, აღნიშნული უფლებაც ექცევა კანონისმიერი შეზღუდვების ფარგლებში. სსსკ-ის მე-2 მუხლის პირველი ნაწილით უზრუნველყოფილი სასამართლოსადმი ხელმისაწვდომობის უფლება არ არის აბსოლუტური და იგი შეიძლება გარკვეულ ლეგიტიმურ შეზღუდვებს ექვემდებარებოდეს. აღნიშნული გამომდინარეობს იმ დასკვნიდან, რომ სასამართლოსადმი ხელმისაწვდომობის უფლება თავისი ბუნებით ექვემდებარება სახელმწიფო რეგულირებას.

21. სამოქალაქო საპროცესო კოდექსი ადგენს მხარის სამართლებრივი პრეტენზიის განხილვის პროცედურულ წესს, რა დროსაც, იმპერატიულად განსაზღვრავს ამა თუ იმ საპროცესო მოქმედების შესრულების წესს, ადგენს სასამართლოს განჩინებისა და გადაწყვეტილების გასაჩივრების შესაძლებლობას და გასაჩივრების პირობებს.

22. ერთ-ერთი ასეთი პროცედურული წესია პროცესუალურ საკითხზე მიღებული შუალედური განჩინების გასაჩივრების წესი, აგრეთვე, კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით ან განჩინებით დამთავრებული საქმის წარმოების განახლების შესაძლებლობა. ეს უკანასკნელი პროცესუალური შესაძლებლობა სსსკ-ში მოწესრიგებულია გადაწყვეტილების ბათილად ცნობის (422-ე მუხლი) ან ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების (423-ე მუხლი) მომწესრიგებელი ნორმების ერთობლიობის სახით.

23. ზემომითითებული ნორმების მიხედვით, კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით ან განჩინებით დამთავრებული საქმის წარმოების განახლება დასაშვებია მხოლოდ კანონით ზუსტად განსაზღვრულ შემთხვევებში.

24. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ საქმის წარმოების განახლება არ წარმოადგენს სასამართლო გადაწყვეტილების გასაჩივრების მორიგ ეტაპს და, შესაბამისად, გადაწყვეტილების კანონიერების შემოწმების დამატებით საპროცესო საშუალებას, არამედ, იგი საგამონაკლისო წარმოების სახეა, როდესაც მართლმსაჯულების განხორციელებისას შესაძლო დაშვებული ხარვეზი უნდა აღმოიფხვრას.

25. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ საპროცესო ნორმები, როგორც ფორმალურ წესთა ერთობლიობა, იმ სავალდებულო მოთხოვნებს ადგენს, რომელთა შეცვლა არც სასამართლოს და არც მხარეთა შეხედულებაზე არაა დამოკიდებული, შესაბამისად, სასამართლო მხარის მითითებით ვერ შეცვლის განჩინების/გადაწყვეტილების გასაჩივრების კანონით დადგენილ წესს.

26. განსახილველ შემთხვევაში, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ განცხადება საქმის წარმოების განახლების თაობაზე დაუშვებელია, რადგან განცხადებით არ არის გასაჩივრებული საბოლოო (შემაჯამებელი) გადაწყვეტილება/განჩინება, რომლითაც საქმე არსებითად გადაწყდა, არამედ განმცხადებელი მოითხოვს სააპელაციო სასამართლოს იმ შუალედური განჩინების გაუქმებას და საქმის წარმოების განახლებას, რომლითაც სააპელაციო საჩივარი მიჩნეული იქნა დასაშვებად და დადგინდა სააპელაციო საჩივრის არსებითად განხილვა. თავის მხრივ, სააპელაციო საჩივრის დასაშვებობასთან დაკავშირებით მიღებული განჩინება ცალკე არ საჩივრდება, რაც იმას ნიშნავს, რომ როგორც წინმსწრები განჩინება ის შეიძლება გასაჩივრდეს შემაჯამებელ გადაწყვეტილებასთან ერთად.

27. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს რომ კერძო საჩივარი დაუსაბუთებელია და არ არსებობს სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინების გაუქმების საფუძველი.

28. კერძო საჩივარში მითითებულ მოთხოვნასთან მიმართებით, საქმეში ჩაერთოს სსიპ იურიდიული დახმარების სამსახურის ადვოკატი, რომელსაც დაევალება არასრულწლოვნების სახელით წარმოადგინოს დაზუსტებული საჩივარი (იხ., ს.ფ. 345, ტ.2.), საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ ეს საკითხი კერძო საჩივარში დასმულ პროცესუალურ საკითხს სცდება, რის გამოც, საკასაციო პალატა მასზე ვერ იმსჯელებს.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე, 420-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა

1. სსიპ სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოს იმერეთის რეგიონული ცენტრის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 21 იანვრის განჩინება დარჩეს უცვლელი;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე გოჩა ჯეირანაშვილი

მოსამართლეები: ლაშა ქოჩიაშვილი

ამირან ძაბუნიძე