საქმე №ას-497-2022 26 თებერვალი, 2025 წელი,
თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
მოსამართლეები: თამარ ზამბახიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
გიორგი მიქაუტაძე,
რევაზ ნადარაია
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენით
სხდომის მდივანი – ლელა სანიკიძე
საკასაციო საჩივრის ავტორები – ა.გ–ძე, ბმა „ვ–ხე“ (მოპასუხეები)
მოწინააღმდეგე მხარე – ო.ტ–ძე (მოსარჩელე)
გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 21.12.2021 წლის გადაწყვეტილება
საკასაციო საჩივრის ავტორების მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით - სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა
დავის საგანი – ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის კრების ოქმების ბათილად ცნობა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:
1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 22.05.2018 წლის გადაწყვეტილებით - ო.ტ–ძის (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც „მოსარჩელე“) სარჩელი ა.გ–ის (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც „პირველი მოპასუხე), მ.ბ–ის (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც „მეორე მოპასუხე“), ა.გ–ძისა (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც „მესამე მოპასუხე“) და ბმა „ვ–ხის“ (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც „ამხანაგობა“, ერთად მოხსენიებული, როგორც „მოპასუხეები“) მიმართ დაკმაყოფილდა:
1.1. ბათილად იქნა ცნობილი ამხანაგობის 03.02.2010 წლის კრების ოქმი №5, რომლის საფუძველზეც პირველმა მოპასუხემ საკუთრებად დაირეგისტრირა ქ. თბილისში, ......(ყოფილი .......) ქუჩა №13-ში მდებარე 5.83 კვ.მ დამხმარე ფართი (ს/კ: .....) და დადგინდა, რომ აღნიშნული უძრავი ქონება აღირიცხოს ამხანაგობის საკუთრებაში;
1.2. პირველ მოპასუხესა და მეორე მოპასუხეს აეკრძალათ მოსარჩელისთვის უძრავი ქონებით (ს/კ: ......) სარგებლობის ხელშეშლა და აღნიშნული ფართი გადაეცა ამხანაგობას გამოთავისუფლებულ მდგომარეობაში;
1.3. ბათილად იქნა ცნობილი ამხანაგობის 12.01.2010 წლის კრების ოქმი №3, რომლის საფუძველზეც პირველმა მოპასუხემ საკუთრებად დაირეგისტრირა ქ. თბილისში, ..... (ყოფილი ........) ქუჩა №13-ში მდებარე 18.80 კვ.მ სხვენი (ს/კ: ........) და დადგინდა, რომ აღნიშნული უძრავი ქონება აღირიცხოს ამხანაგობის საკუთრებაში;
1.4. ბათილად იქნა ცნობილი ამხანაგობის 21.10.2016 წლის კრების ოქმი №10, რომლის საფუძველზეც მესამე მოპასუხემ საკუთრებად დაირეგისტრირა ქ. თბილისში, ........ (ყოფილი .......) ქუჩა №13-ში მდებარე 36.46 კვ.მ სხვენი (ს/კ: ........) და დადგინდა, რომ აღნიშნული უძრავი ქონება აღირიცხოს ამხანაგობის საკუთრებაში;
1.5. ბათილად იქნა ცნობილი ამხანაგობის 25.10.2016 წლის კრების ოქმი №10 (2.63 კვ.მ დამხმარე ფართის ნაწილში), რომლის საფუძველზეც მესამე მოპასუხემ საკუთრებად დაირეგისტრირა ქ. თბილისში, ....... (ყოფილი ........) ქუჩა №13-ში მდებარე 31.86 კვ.მ საცხოვრებელი ფართი +2.63 კვ.მ დამხმარე ფართი (ს/კ: ........) და დადგინდა, რომ აღნიშნული უძრავი ქონება აღირიცხოს ამხანაგობის საკუთრებაში;
2. მოპასუხეებს მოსარჩელის სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისრათ მის მიერ სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 460 ლარი.
2. გადაწყვეტილება სააპელაციო საჩივრით გაასაჩივრეს მოპასუხეებმა და მოითხოვეს მისი გაუქმება.
სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი და საფუძვლები სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში:
3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 21.12.2021 წლის გადაწყვეტილებით:
1. პირველი მოპასუხისა და მეორე მოპასუხის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა;
2. თბილისის საქალაქო სასამართლოს 22.05.2018 წლის გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის 1.1., 1.2., 1.3. და მე-2 პუნქტების შეცვლით მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება;
3. სარჩელი ამხანაგობის 12.01.2010 წლისა და 03.02.2010 წლის კრების ოქმების ბათილად ცნობის ნაწილში არ დაკმაყოფილდა;
4. მესამე მოპასუხისა და ამხანაგობის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა;
5. უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს 22.05.2018 წლის გადაწყვეტილება იმ ნაწილში, რომლითაც ბათილად იქნა ცნობილი ამხანაგობის 21.10.2016 წლისა და 25.10.2016 წლის კრების ოქმები (გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის 1.4 და 1.5. პუნქტები);
6. სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ანგარიშში მესამე მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა 200 ლარის გადახდა.
გადაწყვეტილება სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში ეფუძნება შემდეგს:
3.1. ქ. თბილისში, ........ ქუჩა №13-ში მდებარე 19 კვ.მ ბინა №24 (ს/კ: ......) საკუთრების უფლებით რეგისტრირებულია მოსარჩელის სახელზე.
3.2. აღსრულების ეროვნული ბიუროს 03.11.2011 წლის №A11033499-018/001 განკარგულების თანახმად, მოვალის (მეორე მოპასუხის) საკუთრებაში არსებული უძრავი ნივთის (მდებარე: ქ. თბილისი, ...... ქუჩა 13, რეგისტრირებული წილია 19.00/625.00, იპოთეკის საგანს წარმოადგენს 19.00 კვ.მ, საკადასტრო კოდი ........), შემძენი 27.10.2011 წელს დასრულებულ პირველ იძულებით (ონლაინ) აუქციონზე გახდა მოსარჩელე. აღსრულება განხორციელდა უზრუნველყოფილი კრედიტორის, სს „ვ.ბ.ჯ–ის“ სასარგებლოდ.
3.3. ამხანაგობის 21.10.2016 წლის კრების ოქმით ირკვევა, რომ მესამე მოპასუხეს სამეურნეო სათავსის - 36.46 კვ.მ სხვენის ინდივიდუალურ საკუთრებაში არსებობის ფაქტი დაუდასტურდა. აღნიშნული ოქმის საფუძველზე მესამე მოპასუხე საჯარო რეესტრში ქ. თბილისში, ...... ქუჩა №13-ში მდებარე 36.46 კვ.მ სხვენის მესაკუთრედ დარეგისტრირდა.
3.4. ამხანაგობის 25.10.2016 წლის კრების ოქმის მიხედვით, მესამე მოპასუხეს საკუთრებაში გადაეცა ამხანაგობის საერთო საკუთრებაში არსებული 2.63 კვ.მ დამხმარე ფართი (სამზარეულო), შედეგად, საკუთრებაში უკვე არსებული 31.86 კვ.მ-ის და ოქმით გადაცემული 2.63 კვ.მ-ის გათვალისწინებით, მესამე მოპასუხემ საჯარო რეესტრში 34.49 კვ.მ ქონებაზე მესაკუთრედ აღრიცხვა მოითხოვა. საჯარო რეესტრის ამონაწერის მიხედვით, უძრავი ნივთი, მდებარე: ქ. თბილისი, ...... ქუჩა №13, სართული 3, 34.49 კვ.მ, რეგისტრირებულია მესამე მოპასუხის საკუთრებად. უფლების დამდგენ დოკუმენტებს წარმოადგენს პრივატიზაციის ხელშეკრულება, ამხანაგობის 26.10.2016 წლის კრების ოქმი და უძრავ ნივთზე უფლებათა რეგისტრაციის შესახებ საქართველოს კანონის 26-ე მუხლი.
3.5. მოსარჩელე ამხანაგობის სადავო კრების ოქმების ბათილად ცნობას იმ დასაბუთებით მოითხოვს, რომ აღნიშნული ოქმები კანონის მოთხოვნათა დაცვით მიღებული არ ყოფილა. ამასთან, სადავო ოქმებით განკარგული ქონება წარმოადგენდა ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის წევრთა საერთო ქონებას, მისი განკარგვით მოსარჩელის, როგორც ამხანაგობის საერთო ქონების თანამესაკუთრის, უფლებები დაირღვა. სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ მოსარჩელის ამხანაგობის წევრობის განმავლობაში ამხანაგობის სახელით მიღებულ 21.10.2016 წლისა და 25.10.2016 წლის კრების ოქმების კანონიერება საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებებით არ დასტურდება.
3.6. ქ. თბილისში, ..... ქ. №13-ში მდებარე ბინა №24-ზე მოსარჩელემ საკუთრების უფლება 03.11.2011 წელს აღსრულების ეროვნული ბიუროს განკარგულების საფუძველზე მოიპოვა. საქმის მასალებით მტკიცდება, რომ ქ. თბილისში, ..... ქ. №13-ში მდებარე ბინა №24 მასზე მოსარჩელის მიერ საკუთრების უფლების მოპოვებამდე მეორე მოპასუხის საკუთრებას წარმოადგენდა, რომელსაც აღნიშნულ ქონებაზე საკუთრება შეძენილი ჰქონდა 17.08.1994 წლის ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე.
3.7. „ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის შესახებ“ საქართველოს კანონის 27-ე მუხლის თანახმად, ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის წევრთა კრებას იწვევს ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის თავმჯდომარე წელიწადში ერთხელ მაინც. აღნიშნული წესი ვრცელდება იმ შემთხვევაში, თუ ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის წევრები არ მიიღებენ წესდებას, ან თუ წესდებით სხვა რამ არ არის განსაზღვრული. განსახილველ შემთხვევაში, საქმეში წარმოდგენილია დებულება, საგულისხმოა, რომ აღნიშნული დებულება კრების მოწვევასა და ჩატარებასთან დაკავშირებულ საკითხებზე „ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილ მოთხოვნებს იმეორებს. „ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის შესახებ“ საქართველოს კანონის 27-ე მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, კრების მოწვევის შესახებ ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის წევრებს უნდა ეცნობოს წერილობით. იმავე მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად, კრებას უძღვება ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის თავმჯდომარე, თუ კრება სხვა რამეს არ გადაწყვეტს. ამდენად, აღნიშნული ნორმების თანახმად, კრებას იწვევს ამხანაგობის თავმჯდომარე, კრების მოწვევისა და ჩატარების პროცესში სავალდებულოა ამხანაგობის წევრთა ინფორმირება განსახილველი საკითხების შესახებ. ასეთი ინფორმირება დასაშვებია მხოლოდ წერილობითი ფორმით. იმავე კანონის 28-ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად კი, ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის წევრთა კრება გადაწყვეტილებაუნარიანია, თუ მას ესწრება ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის წევრთა 2/3.
3.8. „ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის მე-2 პუნქტის მიხედვით, ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის წევრები კრებაზე აფიქსირებენ ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის წევრთა მიერ მრავალბინიანი სახლის სამეურნეო სათავსების (სარდაფები, სხვენები და ა.შ.) მფლობელობის ამ კანონის ძალაში შესვლის დროს არსებულ ფაქტობრივ მდგომარეობას და ხმათა 2/3-ით იღებენ გადაწყვეტილებას, რომლის თაობაზედაც დგება შესაბამისი ოქმი, თუ წესდებით არ განისაზღვრება განსხვავებული კვორუმი. მრავალბინიანი სახლის სამეურნეო სათავსებზე (სარდაფები, სხვენები და ა.შ.) საკუთრების უფლების საჯარო რეესტრში დასარეგისტრირებლად ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის წევრმა უნდა წარმოადგინოს ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის წევრთა კრების მიერ შედგენილი ოქმი და ნახაზი, რომლის მეშვეობითაც შესაძლებელია სამეურნეო სათავსის ადგილმდებარეობის დადგენა. ამავე კანონის მე-10 მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით, ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის წევრთა საერთო ქონების ისეთი განვითარება, რომელიც მნიშვნელოვნად ცვლის ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის წევრთა საერთო ქონებას და გავლენას ახდენს სხვა ბინის მესაკუთრეთა მიერ საერთო ქონების გამოყენებაზე, ხორციელდება ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის წევრთა კრებაზე ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის ყველა წევრის მიერ ერთხმად მიღებული გადაწყვეტილების საფუძველზე.
3.9. განსახილველ შემთხვევაში, სადავო არ არის გარემოება, რომ საცილოდ გამხდარი 21.10.2016 წლისა და 25.10.2016 წლის კრების ოქმები არ შეიცავს მითითებას ამხანაგობის კრებაზე დამსწრე პირთა ვინაობისა და რაოდენობის შესახებ.
3.10. ამდენად, საქმეში წარმოდგენილი არცერთი მტკიცებულებით უტყუარად არ დასტურდება ის გარემოება, რომ ამხანაგობის 21.10.2016 წლისა და 25.10.2016 წლის კრებების მოწვევის შესახებ ამხანაგობის წევრებისათვის ცნობილი იყო, ასევე არ დგინდება ის ფაქტი, რომ 21.10.2016 წლის კრებას ამხანაგობის წევრთა 2/3, ხოლო 25.10.2016 წლის კრებას ამხანაგობის ყველა წევრი ესწრებოდა, რაც „ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის შესახებ“ საქართველოს კანონის ზემოაღნიშნული ნორმების შესაბამისად, ამ კრების ოქმების ბათილად ცნობის საკმარისი წინაპირობაა.
საკასაციო საჩივრის მოთხოვნა და საფუძვლები:
4. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში საკასაციო საჩივრით გაასაჩივრეს მესამე მოპასუხემ და ამხანაგობამ (შემდეგში ტექსტში ერთობლივად მოხსენიებული, როგორც „კასატორები“), მოითხოვეს მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით - სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა. საკასაციო საჩივარი ეფუძნება შემდეგს:
4.1. სასამართლომ არასწორად მიიჩნია მესამე მოპასუხის ოჯახის საკუთრებაში რამდენიმე ათეული წლის განმავლობაში არსებული ფართი ამხანაგობის საკუთრებად. ფართის მესამე მოპასუხისადმი კუთვნილებისა და ფლობის ფაქტი დადასტურებულია საქმეში არსებული ამონაწერით საჯარო რეესტრიდან, სადაც უფლების დამდგენ ძირითად საბუთად მითითებულია 1992 წლის პრივატიზების ხელშეკრულება. კრების ოქმით მოხდა მხოლოდ ფართის ნაწილის, რამდენიმე კვ.მ-ის ფლობის დადასტურება. ამით დასტურდება ისიც, რომ მესამე მოპასუხე ამხანაგობის შექმნის დროს უკვე ფლობდა აღნიშნულ ქონებას და სადავო ფართი მის ინდივიდუალურ საკუთრებას წარმოადგენდა. ამხანაგობა აცხადებს, რომ იმავე გადაწყვეტილებას მიიღებს კრების ხელახლა მოწვევის შემთხვევაში.
4.2. კრების ოქმის ბათილად ცნობით ვერ რეალიზდება მოსარჩელის რაიმე უფლება. გაურკვეველია, მოსარჩელის მხრიდან აღიარებითი სარჩელის წარდგენის საფუძვლები. სასამართლომ არ შეაფასა მოსარჩელეს გააჩნდა თუ არა შემხებლობა და უფლებამოსილება დავის საგანთან.
4.3. როდესაც ამხანაგობა შეიქმნა, საერთო ქონება არ არსებობდა. ყველა მობინადრეს უკვე დაკავებული ჰქონდა თავიანთ საკუთრებასა და მფლობელობაში არსებული ფართები, რომლებიც კანონიდან გამომდინარე, ითვლება მათ ინდივიდუალურ საკუთრებად. ისინი სწორედ მათ მიერ დაკავებული და კუთვნილი ფართებით შემოვიდნენ ამხანაგობაში. სადავო ფართი წარმოადგენს არა ამხანაგობის, არამედ – მესამე მოპასუხის ინდივიდუალურ საკუთრებაში არსებულ ფართს. ამხანაგობის შექმნის შემდეგ, არც მესამე მოპასუხეს და არც სხვა წევრებს რაიმე ფართი არ დაუკავებიათ.
5. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის განჩინებით მესამე მოპასუხისა და ამხანაგობის საკასაციო საჩივარი ცნობილ იქნა დასაშვებად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საქმის მასალები, გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასაბუთებულობა, საკასაციო საჩივრის საფუძვლები და მიიჩნევს, რომ იგი ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს, გადაწყვეტილება გასაჩივრებულ ნაწილში გაუქმდეს და ამ ნაწილში საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს შემდეგ გარემოებათა გამო:
6. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში სსსკ) 407-ე მუხლის მეორე ნაწილის მიხედვით, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურსამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. სსსკ-ის 404-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად (საკასაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას საკასაციო საჩივრის ფარგლებში. საკასაციო სასამართლოს არ შეუძლია თავისი ინიციატივით შეამოწმოს საპროცესო დარღვევები, გარდა სსსკ-ის 396-ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტში მითითებული ფაქტებისა), საკასაციო სასამართლო გასაჩივრებული გადაწყვეტილების კანონიერებას სწორედ საკასაციო საჩივარში გამოთქმული პრეტენზიების შესაბამისად შეამოწმებს.
7. მესამე მოპასუხისა და ამხანაგობის საკასაციო საჩივრის ფარგლებში საკასაციო პალატის მსჯელობის საგანია სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების კანონიერება იმ ნაწილში, რომლითაც უცვლელად დარჩა პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება ამხანაგობის 21.10.2016 წლის კრების ოქმისა და 25.10.2016 წლის კრების ოქმის (2.63 კვ.მ დამხმარე ფართის ნაწილში) ბათილად ცნობისა და უძრავი ქონების (36.46 კვ.მ სხვენისა და 2.63 კვ.მ დამხმარე ფართის) ამხანაგობის საკუთრებად აღრიცხვის თაობაზე.
8. დამტკიცებულად ცნობილია შემდეგი გარემოებები:
8.1. ქ. თბილისში, ........ ქუჩა №13-ში მდებარე 19 კვ.მ ბინა №24 საკუთრების უფლებით რეგისტრირებულია მოსარჩელის სახელზე. მოსარჩელემ საკუთრების უფლება მოიპოვა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს აღსრულების ეროვნული ბიუროს 03.11.2011 წლის განკარგულების საფუძველზე (ტ.1, ს.ფ.19,20);
8.2. ამხანაგობის 21.10.2016 წლის კრების ოქმით, მესამე მოპასუხეს სამეურნეო სათავსის - 36.46 კვ.მ სხვენის ინდივიდუალურ საკუთრებაში არსებობის ფაქტი დაუდასტურდა. ამ ოქმის საფუძველზე მესამე მოპასუხე საჯარო რეესტრში ქ. თბილისში, ....... ქუჩა №13-ში მდებარე 36.46 კვ.მ სხვენის მესაკუთრედ დარეგისტრირდა (ტ.1, ს.ფ. 43-47);
8.3. ამხანაგობის 25.10.2016 წლის კრების ოქმის მიხედვით, მესამე მოპასუხეს საკუთრებაში გადაეცა ამხანაგობის საერთო საკუთრებაში არსებული 2.63 კვ.მ დამხმარე ფართი (სამზარეულო) (ტ.1, ს.ფ. 48-51). საჯარო რეესტრის ამონაწერის მიხედვით, უძრავი ნივთი, მდებარე: ქ. თბილისი, ........ ქუჩა №13, სართული 3, 34.49 კვ.მ, რეგისტრირებულია მესამე მოპასუხის საკუთრებად. უფლების დამდგენ დოკუმენტებს წარმოადგენს პრივატიზაციის ხელშეკრულება, ამხანაგობის 26.10.2016 წლის კრების ოქმი და უძრავ ნივთებზე უფლებათა რეგისტრაციის შესახებ საქართველოს კანონის 26-ე მუხლი (ტ.1, ს.ფ. 52-53).
9. პალატა მიუთითებს, რომ სადავო კრების ოქმები, რომლებშიც ამხანაგობის წევრთა სახელით ფორმულირებულია ამხანაგობის გადაწყვეტილებები მესამე მოპასუხის ინდივიდუალურ საკუთრებაში სამეურნეო სათავსის (სხვენის) არსებობის ფაქტის დადასტურებისა (21.10.2016 წლის კრების ოქმი) და ამხანაგობის საერთო საკუთრებაში არსებული დამხმარე ფართის (სამზარეულოს) მესამე მოპასუხის ინდივიდუალურ საკუთრებაში გადაცემის შესახებ (25.10.2016 წლის კრების ოქმი), წარმოადგენს გარიგებებს - ამხანაგობის წევრთა მრავალმხრივი ნების გამოვლენას (საქართველოს სამოქალაქო კოდექსის (შემდეგში სსკ) 50-ე მუხლი) (შდრ. სუსგ №ას-17-14-2015, 01.07.2015წ.).
10. მოსარჩელის მოთხოვნის მატერიალურსამართლებრივ საფუძველს წარმოადგენს, როგორც „ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის შესახებ“ საქართველოს კანონი (შემდეგში „სპეციალური კანონი“), ისე სსკ-ით დადგენილი გარიგების ნამდვილობის განმსაზღვრელი ნორმები, რომელთაგან პირველი წარმოადგენს სადავო ურთიერთობის მარეგულირებელ სპეციალურ კანონს, რამდენადაც ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის წევრთა საერთო ქონების მართვასთან დაკავშირებულ ურთიერთობებს, ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის წევრთა საკუთრების ფორმებსა და სხვა საკითხებს განსაზღვრავს სპეციალური კანონი. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ კანონის მიზანს სწორედ ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის წევრთა საერთო ქონების მართვის, ექსპლუატაციისა და განვითარების სამართლებრივი პირობების უზრუნველყოფა წარმოადგენდა. ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის შექმნით, ამხანაგობის წევრებს უფლება მიეცათ, მრავალბინიან სახლებში მდებარე ინდივიდუალური და საერთო საკუთრებაში არსებული ქონება ერთობლივად ემართათ, თუმცა აქვე დაეკისრათ, ვალდებულება შეესრულებინათ კანონის დაცვითა და საფუძველზე (სუსგ №ას-383-2022, 06.10.2022წ.).
11. სპეციალური კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტით, ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის წევრი არის ბინის მესაკუთრე მრავალბინიან სახლში. ამავე მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის წევრობა წარმოიშობა მრავალბინიან სახლში ინდივიდუალური საკუთრების შეძენისთანავე. პალატა მიუთითებს, რომ წევრობა ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობაში ეფუძნება არა პირის სუბიექტურ გადაწყვეტილებას, არამედ იმ ობიექტურ გარემოებას, რომ მას აქვს საკუთრება ბინაზე მრავალბინიან სახლში (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 15.09.2009 წლის №2/2/439 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე ომარ ალაფიშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-18).
12. პალატა მიუთითებს, რომ სადავო კრების ოქმების ბათილად ცნობის, როგორც აღიარებითი სარჩელის დაკმაყოფილების წინაპირობად უნდა იკვეთებოდეს მოსარჩელის ნამდვილი იურიდიული ინტერესი (სსსკ-ის 180-ე მუხლის თანახმად, სარჩელი შეიძლება აღიძრას უფლებისა თუ სამართლებრივი ურთიერთობების არსებობა-არარსებობის დადგენის, დოკუმენტების ნამდვილობის აღიარების ან დოკუმენტების სიყალბის დადგენის შესახებ, თუ მოსარჩელეს აქვს იმის იურიდიული ინტერესი, რომ ასეთი აღიარება სასამართლოს გადაწყვეტილებით მოხდეს).
13. სსსკ-ის 180-ე მუხლით აღიარებითი სარჩელის იურიდიული ინტერესი განისაზღვრება შემდეგი კრიტერიუმებით: ა) მოსარჩელეს უნდა ედავებოდნენ უფლებაში; ბ) დავის არსებობა უნდა ქმნიდეს მოსარჩელის უფლების მომავალში დარღვევის რეალურ საშიშროებას; გ) აღიარებითი სარჩელის გადაწყვეტა დავის გადაწყვეტის საუკეთესო საშუალება უნდა იყოს, კერძოდ, გადაწყვეტილების შედეგად სრულად გარკვეული შედეგი უნდა მიიღებოდეს მხარისათვის, აღიარებითი სარჩელის დაკმაყოფილება უნდა ქმნიდეს იმ უფლებისა თუ ურთიერთობის განსაზღვრულობას, რაც მოსარჩელესა და მოპასუხეს შორის წარმოშობილი დავის გამო ირღვევა (სუსგ №ას-1525-2019, 16.12.2019წ.). კანონის დანაწესიდან გამომდინარე, აღიარებითი მოთხოვნა დასაშვებია, თუ იკვეთება მოსარჩელის იურიდიული ინტერესი, რომ ასეთი აღიარება სასამართლოს გადაწყვეტილებით მოხდეს, მაგალითად, მამად ცნობა, მამობის დადგენა, ქორწინების ბათილად ცნობა, ლიტერატურული ნაწარმოების ავტორად აღიარება და ა.შ.. ამ სახის სარჩელების მიზანია არა სუბიექტური უფლების მიკუთვნება, არამედ უფლების სადავოობის აღმოფხვრა. ამ დროს სულაც არ არის აუცილებელი, რომ პირის უფლება დარღვეული იყოს, მაგრამ, ვარაუდი იმისა, რომ მომავალში შეიძლება, დაირღვეს, წარმოადგენს პირის იურიდიულ ინტერესს, ამიტომაც, ამ ტიპის სარჩელებს „უფლების დამდგენ“ სარჩელებსაც უწოდებენ. მიკუთვნებითი სარჩელებისგან განსხვავებით, აღიარებითი სარჩელის დავის საგანია თვით მატერიალურსამართლებრივი ურთიერთობა, რომელიც სუბსიდიურია და იურიდიული ინტერესის არსებობა გამორიცხულია, თუ შესაძლებელია მოპასუხის მიმართ მიკუთვნებითი მოთხოვნის წარდგენა (საქართველოს უზენაესი სასამართლოს დიდი პალატის გადაწყვეტილება საქმეზე №ას-664-635-2016, 02.03.2017წ; სუსგ №ას-1235-1155-2017, 30.04.2018წ; №ას-995-2018, 27.09.2018წ; №ას-1153-2020, 30.05.2023წ.).
14. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სარჩელის სახეებად დაყოფა (მიკუთვნებითი, გარდაქმნითი და აღიარებითი) პრაქტიკული მნიშვნელობისაა და უზრუნველყოფს პირის კანონით დაცული უფლებისა და ინტერესების სასამართლო წესით დაცვას. როგორც წესი, მოსარჩელის ინტერესი განსაზღვრული სამართლებრივი შედეგის მიღწევას უკავშირდება (მაგ. ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შესრულება, ქონების დაბრუნება, პირვანდელი მდგომარეობის აღდგენა, ზიანის ანაზღაურება და ა.შ), რომელიც მხოლოდ მიკუთვნებითი სარჩელით მიიღწევა და ასეთ შემთხვევაში, აღიარებითი სარჩელის აღძვრა დაუშვებელია, რადგანაც, პროცესის ეკონომიის პრინციპიდან გამომდინარე, დარღვეული უფლების აღდგენასა და სამართლებრივი მდგომარეობის გაუმჯობესებას პირმა ერთი და არა რამდენიმე სარჩელის აღძვრის გზით უნდა მიაღწიოს, სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, აღიარებითი სარჩელის დაკმაყოფილებას მოსარჩელისათვის მისთვის სასარგებლო შედეგი უნდა მოჰქონდეს და მიკუთვნებითი სარჩელის აღძვრის საჭიროება აღარ უნდა არსებობდეს (სუსგ №ას-1389-2018, 30.11.2018წ; №ას-1920-2018, 31.05.2019წ; №ას-523-523-2018, 12.04.2019წ.).
15. სარჩელის დაკმაყოფილების აუცილებელ წინაპირობას წარმოადგენს იმ იურიდიული შედეგების მიღწევადობა, რისი დადგომაც სურს მოსარჩელეს ამგვარი აღიარებით. აღსანიშნავია, რომ სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობით გათვალისწინებული იურიდიული ინტერესი მნიშვნელოვანი სამართლებრივი მოვლენაა. ასეთი ინტერესის არსებობა ყოველთვის გულისხმობს, რომ მხარე გარკვეულ მნიშვნელობას ანიჭებს ინტერესის ობიექტს, თუმცა, გასათვალისწინებელია, რომ იურიდიული ინტერესი არ განისაზღვრება მხოლოდ პირის სუბიექტური დამოკიდებულებით, ანუ მხოლოდ მისი სურვილით, არამედ აუცილებელია მისი ობიექტური მხარეც. ობიექტური თვალსაზრისით, ინტერესი მოიცავს შედეგებს, რომელიც კონკრეტული მოთხოვნის დაკმაყოფილების შედეგად ობიექტურად მიღწევადი უნდა იყოს (სუსგ №ას-1059-2019, 20.09.2019წ., პ.27).
16. პალატა სსსკ-ის 180-ე მუხლის განმარტების შედეგად აღნიშნავს, რომ აღიარებითი სარჩელის დაკმაყოფილებით, მოსარჩელემ უნდა განახორციელოს კონკრეტული უფლება და ამ უფლების განხორციელება დაკავშირებული უნდა იყოს უშუალოდ აღიარებითი სარჩელით მოთხოვნილი უფლების აღიარებასთან. სხვა საკითხია იურიდიული შედეგის არსებობის ან არარსებობის დადგენის სურვილი. იურიდიული ინტერესის არსებობის დადგენისათვის უპირატესად უნდა გაირკვეს, გაუმჯობესდება თუ არა მოსარჩელის სამართლებრივი მდგომარეობა მისი აღიარებითი მოთხოვნის დაკმაყოფილების შემთხვევაში (საქართველოს უზენაესი სასამართლოს დიდი პალატის განჩინება საქმეზე №ას-121-117-2016, 17.03.2016წ; სუსგ №ას-17-14-2015, 01.07.2015წ.).
17. განსახილველ შემთხვევაში, ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოების მიერ გამოკვლეული არ არის სადავო კრების ოქმებით დამდგარი იურიდიული შედეგის გაუქმებით კონკრეტულად რა დადებითი მატერიალურსამართლებრივი შედეგი დადგება უშუალოდ მოსარჩელის, როგორც ამხანაგობის წევრისთვის - გაუმჯობესდება თუ არა მისი სამართლებრივი მდგომარეობა და რა კუთხით (შდრ. სუსგ №ას-287-273-2016, 03.04.2017წ; №ას-1235-1155-2017, 30.04.2018წ; №ას-181-174-2016, 06.05.2016წ; №ას-1153-2020, 30.05.2023წ.).
18. ამ თვალსაზრისით, სააპელაციო პალატამ საქმის მასალების დეტალური გამოკვლევის შედეგად ასევე უნდა დაადგინოს, თუ რა სამართლებრივი შინაარსით ხასიათდება სადავო ფართები (36.46 კვ.მ სხვენი და 2.63 კვ.მ დამხმარე ფართი), კერძოდ, აღნიშნული სათავსები ინდივიდუალური საკუთრების საგანია (სპეციალური კანონის მე-4 მუხლის პირველი პუნქტი) თუ ამხანაგობის წევრთა საერთო ქონებას წარმოადგენს (სპეციალური კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტი).
19. კანონმდებელი განსხვავებულ სამართლებრივ რეჟიმში აქცევს, ერთი მხრივ, ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის წევრთა ინდივიდუალურ საკუთრებასა და ფაქტობრივ მფლობელობაში არსებულ სამეურნეო სათავსებს (სარდაფები, სხვენები და ა.შ.) და, მეორე მხრივ, ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის წევრთა საერთო ქონებას. განსხვავებულია მათი განვითარების, განკარგვის პირობებიც და იმის მიხედვით, თუ როგორია საკუთრების უფლების შინაარსი, განსხვავებულია მისი განკარგვისათვის კანონით გათვალისწინებული წინაპირობებიც (სუსგ №ას-17-14-2015, 01.07.2015წ.). ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის წევრთა ურთიერთობისა და მათი სამართლებრივი მდგომარეობის მომწესრიგებელმა კანონმდებლობამ ერთმანეთისგან დამოუკიდებლად, განსხვავებული საკანონმდებლო რეგულირებით მოაწესრიგა დამხმარე სათავსების განკარგვის წესი და იგი შესაბამისი სამეურნეო სათავსის, სუბიექტის ინდივიდუალურ მფლობელობაში ყოფნა-არყოფნის ფაქტობრივ მდგომარეობას დაუკავშირა (სუსგ №ას-1235-1155-2017, 30.04.2018წ.).
20. საკასაციო პალატა მიუთითებს სპეციალური კანონის მე-4 მუხლის მე-2 პუნქტზე (ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის წევრები კრებაზე აფიქსირებენ ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის წევრთა მიერ მრავალბინიანი სახლის სამეურნეო სათავსების (სარდაფები, სხვენები და ა. შ.) მფლობელობის ამ კანონის ძალაში შესვლის დროს არსებულ ფაქტობრივ მდგომარეობას და ხმათა 2/3-ით იღებენ გადაწყვეტილებას, რომლის თაობაზედაც დგება შესაბამისი ოქმი, თუ წესდებით არ განისაზღვრება განსხვავებული კვორუმი. მრავალბინიანი სახლის სამეურნეო სათავსებზე (სარდაფები, სხვენები და ა. შ.) საკუთრების უფლების საჯარო რეესტრში დასარეგისტრირებლად ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის წევრმა უნდა წარმოადგინოს ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის წევრთა კრების მიერ შედგენილი ოქმი და ნახაზი, რომლის მეშვეობითაც შესაძლებელია სამეურნეო სათავსის ადგილმდებარეობის დადგენა), ასევე, ამავე კანონის მე-10 მუხლის პირველ პუნქტზე (ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის წევრთა საერთო ქონების ისეთი განვითარება, რომელიც მნიშვნელოვნად ცვლის ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის წევრთა საერთო ქონებას და გავლენას ახდენს სხვა ბინის მესაკუთრეთა მიერ საერთო ქონების გამოყენებაზე, ხორციელდება ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის წევრთა კრებაზე ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის ყველა წევრის მიერ ერთხმად მიღებული გადაწყვეტილების საფუძველზე) და განმარტავს, რომ, იმის მიხედვით, საერთო საკუთრებაშია თუ ფაქტობრივ მფლობელობაშია სადავო სამეურნეო სათავსები, შესაძლოა, ვიმსჯელოთ მათი განკარგვის კანონით დადგენილი წესის დაცულობაზე. სადავო ურთიერთობის მომწესრიგებელი სპეციალური კანონი საერთო ქონების იმგვარი განვითარების შემთხვევაში, რომელიც გავლენას ახდენს სხვა ბინის მესაკუთრეთა მიერ საერთო ქონების გამოყენებაზე, გადაწყვეტილების მიღებას ანდობს ამხანაგობის მხოლოდ ყველა წევრს (100%-იანი კვორუმი), ხოლო მრავალბინიანი სახლის სამეურნეო სათავსების (სარდაფები, სხვენები და ა. შ.) ფაქტობრივი მფლობელობის საკითხის გადაწყვეტისათვის საკმარისად მიიჩნევს ამხანაგობის წევრთა 2/3 თანხმობას (შდრ. სუსგ №ას-17-14-2015, 01.07.2015წ.).
21. დადგენილია, რომ ქ. თბილისში, ....... ქ. №13-ში მდებარე 19 კვ.მ ფართის ბინა №24-ზე მოსარჩელემ საკუთრების უფლება მოიპოვა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს აღსრულების ეროვნული ბიუროს 03.11.2011 წლის განკარგულების საფუძველზე (იხ. განკარგულება და ამონაწერი საჯარო რეესტრიდან, ტ.1, ს.ფ.19,20). დადგენილი არ არის სადავო ფართებზე მოსარჩელის/მისი წინამორბედის (მეორე მოპასუხის) ინდივიდუალური მფლობელობა, მათ შორის - სპეციალური კანონის ძალაში შესვლის დროს არსებული ფაქტობრივი მდგომარეობა. კასატორები საკასაციო საჩივარში განმარტავენ, რომ მესამე მოპასუხე ამხანაგობის შექმნის დროს უკვე ფლობდა აღნიშნულ ქონებას, რის გამოც არსებობდა სხვენის მის ინდივიდუალურ საკუთრებაში გადაცემის საფუძველი. მესამე მოპასუხე სადავო ფართების ფლობაზე უთითებდა შესაგებელშიც, სადაც აღნიშნავდა, რომ „სხვენი არის მისი საცხოვრებელი ბინის ზემოთ და ამხანაგობის სხვა წევრებს პრეტენზია ვერ ექნებოდათ, ვინაიდან ამხანაგობის ყველა წევრმა იცოდა თუ რას ფლობდნენ და რა უნდა დაერეგისტრირებინათ“ (იხ. შესაგებელი, ტ.1, ს.ფ.84-94; მინდობილობა, ტ.1, ს.ფ.160,161).
22. ამდენად, საქმის ხელახლა განხილვისას სააპელაციო სასამართლომ ყოველმხრივ, სრულად და ობიექტურად უნდა გამოიკვლიოს მტკიცებულებები, მხარეთა ახსნა-განმარტებები და დაადგინოს სადავო სამეურნეო სათავსების სამართლებრივი სტატუსი. ამ მიმართულებითაა გამოსაკვლევი სარჩელის დაკმაყოფილებისათვის აუცილებელი იურიდიული ინტერესის არსებობა/არარსებობის შესახებ ფაქტობრივი გარემოებაც (შდრ. სუსგ №ას-17-14-2015, 01.07.2015წ.).
23. ყოველი კონკრეტული სამოქალაქო საქმის გადაწყვეტა სასამართლოში დაკავშირებულია გარკვეული ფაქტების დადგენასთან. ფაქტების დადგენის აუცილებლობა განპირობებულია იმით, რომ სასამართლო იხილავს და წყვეტს მხარეთა შორის წარმოშობილ დავებს, რომლებიც სამართლით მოწესრიგებული ურთიერთობებიდან წარმოიშობიან. სამართლებრივი ურთიერთობა კი, როგორც ეს ცნობილია, შეიძლება აღმოცენდეს, განვითარდეს ან შეწყდეს მხოლოდ იურიდიული ფაქტების საფუძველზე. ე.ი. ისეთი ფაქტების საფუძველზე, რომლებსაც სამართლის ნორმა უკავშირებს გარკვეულ იურიდიულ შედეგს. ამრიგად, სასამართლო ვერ გადაწყვეტს ვერცერთ სამოქალაქო საქმეს, თუ მან წინასწარ არ დაადგინა გარკვეული ფაქტები. ამ ფაქტების დადგენა ხდება უმთავრესად დამტკიცების გზით, შესაბამისი მტკიცებულებების გამოყენებით (სუსგ №ას-948-2021, 17.12.2021წ., პ.67). ფაქტებზე მითითება, რომლებიც ასაბუთებს მხარეთა მოთხოვნებსა და შესაგებელს, არის თვითონ მხარეთა მოვალეობა (შდრ. სუსგ №ას-1190-2021, 22.02.2022წ., პ. 104).
24. ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ კასატორების მიერ წარმოდგენილია ნაწილობრივ დასაშვები და დასაბუთებული საკასაციო პრეტენზია. სსსკ-ის 412-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საკასაციო სასამართლო აუქმებს გადაწყვეტილებას და საქმეს ხელახლა განსახილველად აბრუნებს სააპელაციო სასამართლოში, თუ: ა) საქმის გარემოებები საპროცესო ნორმების ისეთი დარღვევითაა დადგენილი, რომ ამ დარღვევების შედეგად საქმეზე არასწორი გადაწყვეტილება იქნა გამოტანილი და საჭიროა მტკიცებულებათა დამატებითი გამოკვლევა; ბ) არსებობს ამ კოდექსის 394-ე მუხლით გათვალისწინებული საფუძვლები, გარდა აღნიშნული მუხლის „გ“ და „ე“ ქვეპუნქტებისა. ამავე კოდექსის 394-ე მუხლის „ე1“ ქვეპუნქტის თანახმად, გადაწყვეტილება ყოველთვის ჩაითვლება კანონის დარღვევით მიღებულად, თუ: გადაწყვეტილების დასაბუთება იმდენად არასრულია, რომ მისი სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმება შეუძლებელია. მოცემული ნორმების ანალიზისა და წინამდებარე განჩინებაში ჩამოყალიბებული დასაბუთების გათვალისწინებით, საკასაციო პალატა მოკლებულია შესაძლებლობას, შეამოწმოს გასაჩივრებული გადაწყვეტილების კანონიერება, ვიდრე საქმეზე არ დადგინდება დავის გადაწყვეტისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება. ამდენად, საკასაციო პალატა ნაწილობრივ აკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს და აუქმებს სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას გასაჩივრებულ ნაწილში, თუმცა, ვინაიდან საჭიროა მტკიცებულებათა ხელახალი გამოკვლევა, საქმეს ხელახლა განსახილველად უბრუნებს იმავე სასამართლოს, რომელმაც უნდა შეაფასოს საქმის მასალები, სრულყოფილად დაადგინოს დავის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივი გარემოებები და შემდგომ გადაწყვიტოს უფლების საკითხი.
25. სსსკ-ის 53-ე მუხლის მეოთხე ნაწილის თანახმად, თუ სააპელაციო ან საკასაციო სასამართლო დააბრუნებს საქმეს ხელახლა განსახილველად, მთელი სასამართლო ხარჯები, რაც გაწეულია ამ საქმის განხილვასთან დაკავშირებით, სარჩელის აღძვრიდან დაწყებული, უნდა შეჯამდეს და შემდეგ განაწილდეს მხარეთა შორის ამ მუხლის მიხედვით. ვინაიდან საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოს, პროცესის ხარჯების საკითხი უნდა გადაწყდეს შემაჯამებელი გადაწყვეტილების გამოტანისას.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა სსსკ-ის 412-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ა.გ–ძისა და ბმა „ვ–ხის“ საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.
2. გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 21.12.2021 წლის გადაწყვეტილება იმ ნაწილში, რომლითაც არ დაკმაყოფილდა ა.გ–ძისა და ბმა „ვ–ხის“ სააპელაციო საჩივარი და უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 22.05.2018 წლის გადაწყვეტილება 21.10.2016 წლისა და 25.10.2016 წლის კრების ოქმების ბათილად ცნობის ნაწილში (გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის 4, 5, 6 პუნქტები) და ამ ნაწილში საქმე დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს ხელახლა განსახილველად.
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე: თამარ ზამბახიძე
მოსამართლეები: გიორგი მიქაუტაძე
რევაზ ნადარაია