საქმე №ას-801-2023 11 მარტი, 2025 წელი,
თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
მოსამართლეები: გიორგი მიქაუტაძე (თავმჯდომარე),
თამარ ზამბახიძე (მომხსენებელი),
რევაზ ნადარაია
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
საკასაციო საჩივრის ავტორი – შპს „ა.მ. და გ.კ–ია“ (მოსარჩელე)
მოწინააღმდეგე მხარე – შპს „ვ–ა“ (მოპასუხე)
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 03.05.2023 წლის განჩინება
საკასაციო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება, ახალი გადაწყვეტილებით - სარჩელის სრულად დაკმაყოფილება
დავის საგანი – თანხის დაკისრება
საკითხი, რომელზეც მიღებულია განჩინება – საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:
1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 30.09.2022 წლის გადაწყვეტილებით შპს „ა.მ. და გ.კ–იის“ (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც „მოსარჩელე“ ან „კასატორი“) სარჩელი შპს „ვ–ას“ (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც „მოპასუხე“) მიმართ დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ, 01.12.2013 წლის იჯარის ხელშეკრულებიდან გამომდინარე, საიჯარო ქირის სახით დაეკისრა 13831.38 ლარის გადახდა.
2. გადაწყვეტილება სააპელაციო საჩივრით გაასაჩივრა მოსარჩელემ, მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით - სარჩელის სრულად დაკმაყოფილება.
სააპელაციო სასამართლოს განჩინების სარეზოლუციო ნაწილი და საფუძვლები:
3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 03.05.2023 წლის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა გასაჩივრებული გადაწყვეტილება. განჩინება ეფუძნება შემდეგს:
3.1. 01.12.2013 წელს სს „ს.გ. და ს.ს.ე.კ–ასა“ და მოპასუხეს შორის გაფორმდა იჯარის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზე მოიჯარეს სარგებლობაში გადაეცა - 200 კვ.მ სასაწყობე ფართი მდებარე მისამართზე - ქ. თბილისი, ........... ხელშეკრულების თანახმად, ყოველთვიურ საიჯარო ქირად განისაზღვრა 1005 ლარი, ხოლო ხელშეკრულების მოქმედების ვადა – 01.12.2014 წლამდე (12 თვე, იხ. ხელშეკრულების 1.2. პუნქტი).
3.2. 2016 წელს ეტაპობრივად გაიზარდა მოპასუხის მიერ დაკავებული ფართი და საბოლოოდ შეადგინა 720 კვ.მ..
3.3. 22.09.2017 წელს, შერწყმის შედეგად, სს „ს. გ. და ს.ს.ე. კ–ია“ მიუერთდა შპს „ს.მ.ბ–ოს“.
3.4. საქმის მასალებში წარმოდგენილი ფინანსური სამსახურის საანგარიშსწორებო ბარათიდან ირკვევა, რომ 22.09.2017 წლისთვის მოპასუხის დავალიანება შეადგენდა 2524.88 ლარს.
3.5. 03.09.2019 წელს, შერწყმის შედეგად, შპს „ს.მ.ბ–ო“ მიუერთდა მოსარჩელეს.
3.6. დადგენილია, რომ მხარეთა შორის სახელშეკრულებო ურთიერთობა (იჯარის ხელშეკრულება) გრძელდებოდა 01.12.2014 წლის შემდგომაც. აღნიშნულს ადასტურებს მოპასუხის დირექტორის 10.10.2016 წლის განცხადება (მიმართვა) საიჯარო ფართის დამატების შესახებ, რომლის შემდგომაც გამოიცა ბრძანებები 10.10.2016 წელს, 25.11.2016 წელს და 28.12.2016 წელს მოპასუხისთვის ფართის დამატების შესახებ. დადგენილია, რომ მოპასუხე საიჯარო ფართს, მდებარე: თბილისში, ........., ფლობდა 2018 წლის თებერვლის მდგომარეობით.
3.7. მოსარჩელის მოთხოვნაა მოპასუხისთვის იჯარის ხელშეკრულებიდან გამომდინარე საიჯარო ქირის დაკისრება. მოსარჩელის განმარტებით, 22.09.2017 წლიდან 28.02.2018 წლამდე პერიოდში (5 თვე და 8 დღე), ანუ მას შემდეგ, რაც უძრავი ქონების მესაკუთრე გახდა შპს „ს.მ.ბ–ო“, მოპასუხეს არცერთხელ არ გადაუხდია საიჯარო ქირა და მოპასუხის დავალიანებამ შეადგინა 16427.75 ლარი. აღნიშნულ თანხას ემატება სს „ს.გ. და ს. ს. ე. კ–იის“ შპს „ს.მ.ბ–ოსთან“ შერწყმის (მიერთების) დროს დაფიქსირებული საიჯარო დავალიანება 2524.88 ლარი და მოპასუხის ჯამური დავალიანება 28.02.2018 წლისთვის შეადგენდა 18952.63 ლარს.
3.8. აპელანტის (მოსარჩელის) შეფასებით, სასამართლომ არასწორად მიიჩნია დადგენილად, რომ მხარეთა შორის არ არსებობდა შეთანხმება საიჯარო ქირის გაზრდაზე. აპელანტის (მოსარჩელის) წარმომადგენლის შეფასებით, 2017 წლის 01 სექტემბრიდან 22 სექტემბრამდე პერიოდში საიჯარო ქირა უკვე გაზრდილი იყო და საიჯარო ფართის გაზრდას მოჰყვა საიჯარო ქირის პროპორციულად გაზრდა. სააპელაციო საჩივრის თანახმად, ქირა სწორედ გაზრდილი საიჯარო ფართის გაზრდილი ქირიდან გამომდინარეობს, მიუხედავად იმისა, საიჯარო ფართის გაზრდის შესახებ საქმეში არსებულ დოკუმენტებში არის მსჯელობა საიჯარო ქირის გაზრდაზე თუ არა. მოსარჩელის განმარტებით, მოპასუხე საიჯარო ფართით სარგებლობას გაზრდილი საიჯარო ქირით აგრძელებდა 18.02.2018 წლამდე.
3.9. სააპელაციო პალატამ სააპელაციო საჩივარში მოყვანილი ზემოაღნიშნული პრეტენზიები არ გაიზიარა და საქმეში წარდგენილი მტკიცებულებების შეფასებისა და საქმის ზეპირი განხილვის შედეგად დადგენილად მიიჩნია, რომ მხარეები არ შეთანხმებულან საიჯარო ქირის გაზრდაზე. აღნიშნულის დამადასტურებელი რაიმე მტკიცებულება მოსარჩელის მიერ სასამართლოში წარმოდგენილი არ ყოფილა.
3.10. რაც შეეხება საქმეში წარმოდგენილ 10.10.2016 წლის, 25.11.2016 წლისა და 28.12.2016 წლის ბრძანებებს, მითითებული ბრძანებები შეეხება საიჯარო ფართის ცვლილებებს, შესაბამისად, შინაარსის გათვალისწინებით, ვერ მიიჩნევა იჯარის ფასის გაზრდის დამადასტურებელ მტკიცებულებად. პალატის შეფასებით, მხოლოდ ის ფაქტი, რომ ამ ბრძანებების საფუძველზე გაიზარდა საიჯარო ფართები, არ ადასტურებს იმას, რომ გაიზარდა გადასახდელი იჯარის თანხაც. 01.12.2013 წლის იჯარის ხელშეკრულების 2.2. პუნქტის თანახმად, მხარეები შეთანხმდნენ, რომ იჯარით აღებული ქონების სარგებლობისათვის ხელშეკრულების მოქმედების ვადაში გადასახდელი იჯარის თანხა ყოველთვიურად შეადგენს 1005 ლარს, დღგ-ს ჩათვლით. ხელშეკრულების 4.1. პუნქტის თანახმად კი, ხელშეკრულებაში ცვლილების შეტანა დასაშვები იყო მხოლოდ წერილობითი ფორმით. აღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელის მტკიცება იჯარის თანხის გაზრდის შესახებ, შესაბამისი მტკიცებულების არარსებობის პირობებში, უსაფუძვლოა.
3.11. მოცემული კატეგორიის დავის სამართლიანი და ობიექტური გადაწყვეტის მიზნებისათვის გამოყენებულ უნდა იქნეს მტკიცების ტვირთის განაწილების სამოქალაქო საპროცესო კოდექსში მოქმედი სტანდარტი, რომლის მიხედვით, მოსარჩელემ უნდა დაადასტუროს გარემოებები, რომლებზედაც იგი ამყარებს სასარჩელო მოთხოვნას, ხოლო მოპასუხემ კი ის გარემოებები, რომლებსაც შესაგებელი ეფუძნება. განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელემ, სათანადო მტკიცებულებების წარმოდგენის გზით, ვერ დაადასტურა იჯარის თანხის გაზრდის შესახებ სადავო ფაქტობრივი გარემოება, რის გამოც არ არსებობს სარჩელის სრულად დაკმაყოფილების საფუძველი.
3.12. სააპელაციო პალატამ მიუთითა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის (შემდეგში სსკ) 327-ე მუხლის პირველ და მე-2 ნაწილებზე, 581-ე, 531-ე, 567-ე, 591-ე მუხლებზე, 316-ე მუხლის პირველ ნაწილზე, 317-ე მუხლზე, 361-ე მუხლის მე-2 ნაწილზე. პალატის მითითებით, მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ მართებულად დაეკისრა 13 831.38 ლარის გადახდა. რაც შეეხება სააპელაციო საჩივრით სადავოდ გამხდარ ქირის ოდენობას (5 121.25 ლარი), ვინაიდან მოსარჩელემ ვერ დაადასტურა იჯარის ხელშეკრულებიდან გამომდინარე იჯარის თანხის გაზრდის შესახებ ფაქტობრივი გარემოება, სარჩელის ნაწილობრივ დაკმაყოფილება მართებულია.
საკასაციო საჩივრის მოთხოვნა:
4. სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე საკასაციო საჩივარი წარადგინა მოსარჩელემ, მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით - სარჩელის სრულად დაკმაყოფილება.
5. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის განჩინებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში სსსკ) 391-ე მუხლის მიხედვით, საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა დასაშვებობის შესამოწმებლად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სსსკ-ის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც ის დაუშვებელია:
6. სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას ან/და მის დამატებით ოქმს/ოქმებს და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი საფუძვლით.
7. სსსკ-ის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურსამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. კასატორს, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით, არ წარმოუდგენია დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).
8. მხარეთა შორის ვალდებულებითსამართლებრივი ურთიერთობა წარმოიშვა იჯარის ხელშეკრულების საფუძველზე. იჯარა ორმხრივმავალდებულებელი, სასყიდლიანი და კონსესუალური ტიპის ხელშეკრულებაა. მეიჯარის ვალდებულებაა, დროებით სარგებლობაში გადასცეს მოიჯარეს იჯარის საგანი (ქონება) ისე, რომ შესაძლებელი იყოს მისგან სწორი სამეურნეო გაძღოლის შედეგად შემოსავლის სახით ნაყოფის მიღება, ხოლო მოიჯარის ვალდებულება შეთანხმებული საზღაურის გადახდაა (სსკ-ის 581-ე მუხლი) (სუსგ №ას-294-294-2018, 08.05.2018წ; №ას-1153-2023, 20.12.2023წ; №ას-1229-2022, 23.12.2022წ.).
9. სამოქალაქო კოდექსი აღიარებს და ეფუძნება „pacta sunt servanda-ს“ (ხელშეკრულება უნდა შესრულდეს) პრინციპს, რომლის თანახმად, ხელშეკრულების მხარემ, რომელმაც იკისრა ვალდებულება, უნდა შეასრულოს ხელშეკრულებით მისივე ნებით შეთანხმებული უფლება-მოვალეობები. შესრულების ვალდებულება, პირველ რიგში, ხელშეკრულებით გათვალისწინებული შედეგის დადგომას გულისხმობს. სსკ-ის 361-ე მუხლის მეორე ნაწილის მიხედვით, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას. ამ მოთხოვნათა შეუსრულებლობა ვალდებულების დარღვევაა და იწვევს მოთხოვნის უფლებას იმ მხარისათვის, რომლის მიმართაც და ინტერესთა საზიანოდ შეთანხმების პირობები დაირღვა (სუსგ №ას-696-696-2018, 06.07.2018წ.).
10. მოსარჩელის საკასაციო საჩივრის ფარგლებში საკასაციო პალატის მსჯელობის საგანია მოპასუხისათვის გაზრდილი საიჯარო ქირის დაკისრებაზე უარის თქმის მართლზომიერება.
11. სსკ-ის 319-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, კერძო სამართლის სუბიექტებს შეუძლიათ კანონის ფარგლებში თავისუფლად დადონ ხელშეკრულებები და განსაზღვრონ ამ ხელშეკრულებათა შინაარსი. ხელშეკრულების თავისუფლების პრინციპი, რომელსაც აღნიშნული ნორმა განამტკიცებს, მოიცავს, როგორც თავისუფალი კონტრაჰირების, ისე ხელშეკრულების პირობებზე შეთანხმების თავისუფლებას (სსკ-ის 319-ე და 327-ე მუხლები). სსკ-ის 327-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად, ხელშეკრულება დადებულად ითვლება, თუ მხარეები მის ყველა არსებით პირობაზე შეთანხმდნენ საამისოდ გათვალისწინებული ფორმით. არსებითად ჩაითვლება ხელშეკრულების ის პირობები, რომლებზედაც ერთ-ერთი მხარის მოთხოვნით მიღწეულ უნდა იქნეს შეთანხმება, ანდა რომლებიც ასეთად მიჩნეულია კანონის მიერ. საიჯარო ქირა იჯარის ხელშეკრულების არსებითი პირობაა. მისი ოდენობა დგინდება მხარეთა შეთანხმებით (ჭეჭელაშვილი ზ., საქართველოს სამოქალაქო კოდექსის კომენტარი, მუხ. 581, ველი 26, https://gccc.tsu.ge). მხარეთა შორის 01.12.2013 წელს გაფორმებული ხელშეკრულებით დასტურდება, რომ ეს პირობა მხარეებმა შეათანხმეს (იხ. ხელშეკრულების 2.2. პუნქტი, ტ.1, ს.ფ.18). ამავე ხელშეკრულების 4.1. პუნქტის თანახმად, ხელშეკრულებაში ცვლილებების ან დამატებების შეტანა დაიშვება მხოლოდ მხარეთა შეთანხმების გზით, წინამდებარე ხელშეკრულებისათვის გათვალისწინებული ფორმის დაცვით; ხელშეკრულების 6.1. პუნქტი განსაზღვრავს, რომ დასაშვებია მხარეთა დამატებითი შეთანხმებები. ასეთ შემთხვევაში შეთანხმება ფორმდება წერილობითი ფორმით (ტ.1, ს.ფ. 19-20). სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილია და წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება) მასზე, რომ მხარეები არ შეთანხმებულან საიჯარო ქირის გაზრდაზე, რის გამოც სარჩელის სრულად დაკმაყოფილების საფუძველი არ არსებობდა (შდრ. სუსგ №ას-1200-2020, 11.05.2023წ., პუნ.13).
12. სსსკ-ის მე-4 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები. ამავე კოდექსის 102-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილების მიხედვით, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, ფაქტების კონსტატაციის მასალებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით. დასახელებული ნორმების თანახმად, სამოქალაქო პროცესში მხარეები ვალდებული არიან, სათანადო მტკიცებულებების წარდგენის გზით დაადასტურონ თავიანთი პოზიციის გასამყარებლად მითითებული გარემოებების არსებობა. კანონით გათვალისწინებული შემთხვევების გარდა, რომელიც ადგენს მხარეთა შორის მტკიცების ტვირთის განაწილების სპეციფიკურ წესს, მოსარჩელეს ევალება სასარჩელო განცხადებაში ასახული ფაქტების მტკიცება, ხოლო მოპასუხე მოვალეა, სარჩელისაგან თავდაცვის მიზნით, ქმედითად უარყოს მოსარჩელის არგუმენტები, წარადგინოს იმგვარი მტკიცებულებები, რომლებიც გააქარწყლებს მოსარჩელის მიერ დასახელებულ ფაქტებს. სსსკ-ის 105-ე მუხლი ადგენს სასამართლოს მხრიდან მხარეთა მიერ მითითებული გარემოებების შეფასების პირობებს, კერძოდ, სასამართლოსათვის არავითარ მტკიცებულებას არა აქვს წინასწარ დადგენილი ძალა. სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ. მოსაზრებები, რომლებიც საფუძვლად უდევს სასამართლოს შინაგან რწმენას, უნდა აისახოს გადაწყვეტილებაში. ამდენად, სადავო გარემოებების დადგენისას, სასამართლო იმსჯელებს საქმეში წარმოდგენილ მხარეთა განმარტებებზე, წერილობით დოკუმენტებსა და სხვა მტკიცებულებებზე ერთობლივად, რომლის ურთიერთშეჯერებით გადაწყვეტს, სარწმუნოდ მიიჩნიოს თუ არა ამა თუ იმ ფაქტის არსებობა (სუსგ №ას-584-543-2017, 06.06.2017წ; №ას-484-2019, 30.10.2020წ.).
13. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, # 7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).
14. კასატორმა ვერ შეძლო დასაბუთებული საკასაციო პრეტენზიის წარმოდგენა, რითაც ვერ დაძლია გასაჩივრებული განჩინების ფაქტობრივ-სამართლებრივი დასაბუთება და ვერ შეძლო მისი გაბათილება სარწმუნო მტკიცებულებებით. საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით. ასეთ საფუძველზე ვერც კასატორი მიუთითებს. საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით. გასაჩივრებული განჩინება კანონიერია, ხოლო საკასაციო საჩივრის დასაშვებობის წინაპირობები არ არსებობს, რაც მისი არსებითად განსახილველად დაუშვებლად ცნობის სამართლებრივი საფუძველია.
15. სსსკ-ის 401.4 მუხლის თანახმად, საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის შემთხვევაში პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი. მოცემულ შემთხვევაში, ვინაიდან საკასაციო საჩივარი დაუშვებელია და კასატორს გადახდილი აქვს საკასაციო სამართალწარმოებისათვის განსაზღვრული სახელმწიფო ბაჟი - 300 ლარი, მას უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70% – 210 ლარი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სსსკ-ის 391-ე, 401-ე, 284-ე, 285-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. შპს „ა.მ. და გ.კ–იის“ საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად.
2. შპს „ა.მ. და გ.კ–იას“ (ს/ნ: ........) უკან დაუბრუნდეს მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის, 300 ლარის (საგადასახადო დავალება №1686665131, წარდგენის თარიღი - 13.06.2023წ., ბანკში საგადახდო დავალების მიღების/შესრულების თარიღი - 14.06.2023წ.) 70% – 210 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“ ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150.
3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე: გიორგი მიქაუტაძე
მოსამართლეები: თამარ ზამბახიძე
რევაზ ნადარაია