Facebook Twitter

საქმე №ას-896-2022 30 აპრილი, 2024 წელი,

თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

მოსამართლეები: გიორგი მიქაუტაძე (თავმჯდომარე),

თამარ ზამბახიძე (მომხსენებელი),

რევაზ ნადარაია

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

საკასაციო საჩივრის ავტორი – სს „ე.ს–ი“ (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე – შპს „ფ.ე–ი“ (მოსარჩელე)

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 06.05.2022 წლის განჩინება

საკასაციო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება, ახალი გადაწყვეტილებით - სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა

დავის საგანი – თანხის დაკისრება

საკითხი, რომელზეც მიღებულია განჩინება – საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:

1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 20.10.2021 წლის გადაწყვეტილებით შპს „ფ.ე–ის“ (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც „მოსარჩელე“) სარჩელი სს „ე.ს–ის“ (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც „მოპასუხე“ ან „კასატორი“) მიმართ დაკმაყოფილდა; მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა 10 812.07 ლარის გადახდა.

2. გადაწყვეტილება სააპელაციო საჩივრით გაასაჩივრა მოპასუხემ, მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით –სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.

სააპელაციო სასამართლოს განჩინების სარეზოლუციო ნაწილი და საფუძველი:

3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 06.05.2022 წლის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა გასაჩივრებული გადაწყვეტილება. განჩინება ეფუძნება შემდეგს:

3.1. მოსარჩელე (ს/ნ: ........) რეგისტრირებულია 15.02.2012 წელს სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ და მისი დირექტორია ი.ხ–ია.

3.2. შპს „ე.ს–ი“ (ს/ნ: ........) რეგისტრირებულია 28.07.2009 წელს თბილისის საგადასახადო ინსპექციის მიერ და მისი დირექტორია გ.ვ–ძე. 22.05.2019 წელს მან შეიცვალა სამართლებრივი ფორმა და გარდაიქმნა სააქციო საზოგადოებად. შპს „კ.მ.პ.ც–ი“ (ს/ნ: ..........) რეგისტრირებულია 18.06.2013 წელს სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ და მისი დირექტორია გ.ვ–ძე. 16.05.2019 წელს მან შეიცვალა სამართლებრივი ფორმა და გარდაიქმნა სააქციო საზოგადოებად. 01.11.2019 წელს განხორციელდა მისი და სს „ე.ს–ის“ (ს/ნ: .......) შერწყმა. შერწყმის შედეგად წარმოქმნილი იურიდიული პირია მოპასუხე (ს/ნ: ....).

3.3. 2017-2018 წლებში, მოსარჩელე ზეპირი სახელშეკრულებო ურთიერთობის საფუძველზე მომსახურებას უწევდა შპს „ე.ს–სა“ (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც „პირველი შემკვეთი“) და შპს „კ.მ.პ.ც–ს“ (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც „მეორე შემკვეთი“). მომსახურების გაწევა მოიცავდა მოსარჩელის მიერ ავტოსატრანსპორტო საშუალების სტიკერის დამზადებას ან/და გაკვრას, დემონტაჟს.

3.4. სადავო არ არის ის გარემოება, რომ გაწეული მომსახურების ფარგლებში პირველი შემკვეთის მიერ მოსარჩელისთვის ანაზღაურებულია 2 000 ლარი, ხოლო მეორე შემკვეთს ანაზღაურებული აქვს 5 000 ლარი.

3.5. წინამდებარე სარჩელით მოსარჩელე მოითხოვს მოპასუხისათვის გაწეული მომსახურების ღირებულების გადაუხდელი ნაწილის, 10 812.07 ლარის დაკისრებას (საქართველოს სამოქალაქო კოდექსის (შემდეგში სსკ) 629.1 მუხლი).

3.6. სააპელაციო სასამართლოს მითითებით, წარმოდგენილ საგადასახადო ანგარიშფაქტურებსა და სასაქონლო ზედნადებებზე დაყრდნობით საქალაქო სასამართლომ მართებულად მიიჩნია, რომ მოსარჩელემ პირველ შემკვეთს გაუწია 4 907.50 ლარის, ხოლო მეორე შემკვეთს – 12 904.57 ლარის მომსახურება.

3.7. სააპელაციო სასამართლომ არ გაიზიარა მოპასუხის აპელირება მოსარჩელის მიერ მომსახურების ნაკლიან გაწევაზე, რის დასადასტურებლადაც იგი უთითებს 01.10.2018 წლის ელექტრონულ წერილზე. პალატის მითითებით, ეს წერილი, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში სსსკ) 102.3 მუხლის თანახმად, ვერ ადასტურებს მოსარჩელის მიერ ნაკლიანი შესრულების ფაქტს.

3.8. სააპელაციო სასამართლომ ყურადღება გაამახვილა მასზე, რომ მოდავე მხარეთა შორის ვალდებულებით-სამართლებრივი ურთიერთობა დასრულდა 2018 წლის იანვარსა და თებერვალში (პირველ შემკვეთთან - იანვარში, ხოლო მეორე შემკვეთთან - თებერვალში). მოპასუხის მიერ წარმოდგენილი წერილით დგინდება, რომ მოსარჩელეს პრეტენზია წარედგინა 01.10.2018 წელს, ურთიერთობის დასრულებიდან 7-8 თვის შემდეგ. ამდენად, იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ მხარეთა შორის შეთანხმებული მომსახურების გაწევა მოიცავდა ავტომობილის სტიკერის დამზადებას ან/და გაკვრას, ასევე, დემონტაჟს და შემკვეთი იყო მეწარმე, მას მომსახურების მიღებიდან გონივრულ ვადაში ევალებოდა გაწეული მომსახურების ხარისხის შემოწმება (სსკ-ის 629.2, სსკ-ის 495.1 მუხლები), დროის 7-8 თვიანი მონაკვეთი ასეთად ვერ მიიჩნევა.

3.9. საქმეში წარმოდგენილი საგადასახადო ანგარიშფაქტურების, სასაქონლო ზედნადებების ურთიერთშეჯერების საფუძველზე სასამართლომ დაადგინა შესრულებული ვალდებულების მოცულობა.

3.10. მოპასუხის მითითებით, სარჩელის 17-62-ე და 67-80-ე გვერდებზე დართულ საგადასახადო ანგარიშფაქტურებსა და სასაქონლო ზედნადებებზე მითითებული თანხის ნაწილში სასარჩელო მოთხოვნა ხანდაზმულია. სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ მხარეთა შორის არსებული ურთიერთობა წარმოადგენს პერიოდულად შესასრულებელ ვალდებულებას. სსკ-ის 129-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ხანდაზმულობის ვადა იმ მოთხოვნებისა, რომლებიც წარმოიშობა პერიოდულად შესასრულებელი ვალდებულებებიდან, სამი წელია. მოსარჩელე უთითებს, რომ მოპასუხის მიერ გადახდილი თანხები მიმართული აქვს ვალდებულების შესრულების ვადის დადგომის მიხედვით, კერძოდ, გადახდილი თანხებიდან იფარებოდა ძველი დავალიანება. თავის მხრივ, მოპასუხე სადავოდ ხდის გადახდის ვადის წარმოშობის რიგითობით ვალდებულების შესრულების ფაქტს და განმარტავს, რომ აღნიშნული საქმეში არსებული მტკიცებულებებიდან არ გამომდინარეობს.

3.11. მოცემულ შემთხვევაში, მხარეები არ შეთანხმებულან დავალიანების დაფარვის რიგითობაზე. წარმოდგენილ ანგარიშის ბარათებზე არ არის მითითებული გადახდილი თანხებიდან რომელი მომსახურების ღირებულების ანაზღაურების ვალდებულებაა შესრულებული. გადახდის დანიშნულება არც სხვა გარემოებებიდან გამომდინარეობს. ამდენად, შემკვეთებს შესასრულებელ ვალდებულებათა რიგითობის დადგენის თაობაზე კანონით მინიჭებული უფლებით არ უსარგებლიათ. ასეთ შემთხვევაში, მოქმედებს სსკ-ის 387-ე მუხლით (სსკ-ის 387-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ მოვალეს ეკისრება კრედიტორისათვის სხვადასხვა ვალდებულებებიდან გამომდინარე ერთმანეთის მსგავსი რამდენიმე შესრულება, და ის, რაც შესრულდა, არ არის საკმარისი ყველა ვალის დასაფარავად, მაშინ დაიფარება ის ვალდებულება, რომელსაც მოვალე შესრულების დროს ამოირჩევს; ხოლო, თუ მოვალე არ ამოირჩევს, მაშინ დაიფარება ის ვალი, რომლის გადახდის ვადაც პირველად დადგა) დაწესებული რიგითობა.

3.12. დადგენილია, რომ მოსარჩელესა და პირველ შემკვეთს შორის ვალდებულებით-სამართლებრივი ურთიერთობა წარმოიშვა 2017 წლის სექტემბერში, ხოლო მეორე შემკვეთის შემთხვევაში - 2017 წლის მაისში. ვინაიდან არ დასტურდება შემკვეთების მიერ გადახდილი თანხების მიზნობრიობა, სსკ-ის 387-ე მუხლის დანაწესის გათვალისწინებით, დაიფარა ის ვალდებულებები, რომლის შესრულების ვადა უფრო ადრე დადგა. დადგენილია, რომ მოსარჩელემ პირველ და მეორე შემკვეთს ჯამურად გაუწია 17 812.07 ლარის მომსახურება, ხოლო შემკვეთების მიერ ანაზღაურებულია ჯამურად 7 000 ლარის მომსახურება. შესაბამისად, შესასრულებელი ვალდებულება შეადგენს 10 812.07 ლარს. ვინაიდან მოპასუხემ სასამართლოს ვერ წარუდგინა კვალიფიციური შედავება მოსარჩელის მხრიდან შეთანხმებული სამუშაოს არაჯეროვან შესრულებასთან მიმართებით, სსკ-ის 629-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ვალდებულია, მენარდეს გადაუხადოს მიღებული მომსახურების ღირებულება.

საკასაციო საჩივრის მოთხოვნა:

4. სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე საკასაციო საჩივარი წარადგინა მოპასუხემ, მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით - სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.

5. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის განჩინებით, სსსკ-ის 391-ე მუხლის მიხედვით, საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა დასაშვებობის შესამოწმებლად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სსსკ-ის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც ის დაუშვებელია:

6. სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას ან/და მის დამატებით ოქმს/ოქმებს და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი საფუძვლით.

7. სსსკ-ის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურსამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. კასატორს, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით, არ წარმოუდგენია დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).

8. დადგენილია, რომ მოსარჩელე ზეპირი სახელშეკრულებო ურთიერთობის საფუძველზე მომსახურებას (ავტოსატრანსპორტო საშუალების სტიკერის დამზადება ან/და გაკვრა, დემონტაჟი) უწევდა პირველ და მეორე შემკვეთს. მათი სააქციო საზოგადოებად გარდაქმნისა და შერწყმის შედეგად წარმოქმნილი იურიდიული პირია მოპასუხე (იხ. წინამდებარე განჩინების 3.2. პუნქტი).

9. დადგენილია, რომ გაწეული მომსახურების ფარგლებში პირველ შემკვეთს მოსარჩელისთვის ანაზღაურებული აქვს 2 000 ლარი, მეორე შემკვეთს კი – 5 000 ლარი.

10. წარმოდგენილი სარჩელით მოსარჩელე ითხოვს მოპასუხისათვის, როგორც პირველი და მეორე შემკვეთის უფლებამონაცვლისათვის, გაწეული მომსახურების ღირებულების გადაუხდელი ნაწილის – 10 812.07 ლარის დაკისრებას. ამ მოთხოვნის სამართლებრივი საფუძველია სსკ-ის 629.1 (ნარდობის ხელშეკრულებით მენარდე კისრულობს შეასრულოს ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაო, ხოლო შემკვეთი ვალდებულია გადაუხადოს მენარდეს შეთანხმებული საზღაური) მუხლი.

11. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ სწორად დაადგინა სამართლებრივი შედეგის განმაპირობებელი ყველა ფაქტობრივი წანამძღვარი, კერძოდ, დადგენილია და საკასაციო საჩივრით დასაბუთებული პრეტენზია წარმოდგენილი არ არის, რომ მოსარჩელემ პირველ შემკვეთს გაუწია 4 907.50 ლარის, ხოლო მეორე შემკვეთს – 12 904.57 ლარის მომსახურება, ჯამურად მოსარჩელის მიერ გაწეულია 17 812.07 ლარის მომსახურება, საიდანაც მიღებული აქვს მხოლოდ 7 000 ლარის ანაზღაურება. შესაბამისად, სარჩელი გადაუხდელი თანხის - 10 812.07 ლარის ანაზღაურების თაობაზე მართებულად დაკმაყოფილდა.

12. სამოქალაქო კოდექსი აღიარებს და ეფუძნება „pacta sunt servanda-ს“ (ხელშეკრულება უნდა შესრულდეს) პრინციპს, რომლის თანახმად, ხელშეკრულების მხარემ, რომელმაც იკისრა ვალდებულება, უნდა შეასრულოს ხელშეკრულებით მისივე ნებით შეთანხმებული უფლება-მოვალეობები. შესრულების ვალდებულება, პირველ რიგში, ხელშეკრულებით გათვალისწინებული შედეგის დადგომას გულისხმობს. სსკ-ის 361-ე მუხლის მეორე ნაწილის მიხედვით, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას. ამ მოთხოვნათა შეუსრულებლობა ვალდებულების დარღვევაა და იწვევს მოთხოვნის უფლებას იმ მხარისათვის, რომლის მიმართაც და ინტერესთა საზიანოდ შეთანხმების პირობები დაირღვა (სუსგ №ას-696-696-2018, 06.07.2018წ.).

13. საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძველი ვერ გახდება კასატორის პრეტენზია მოსარჩელის მხრიდან მომსახურების არაჯეროვან შესრულებასთან დაკავშირებით. საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ ნარდობის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების ნაკლიანი შესრულების დადასტურების ტვირთი შემკვეთს ეკისრება (შდრ. სუსგ №ას-1324-2019, 12.03.2021წ; №ას-58-2020, 11.03.2020წ.). ამრიგად, სწორედ მოპასუხეს უნდა დაედასტურებინა მოსარჩელის მხრიდან ნაკისრი ვალდებულების არაჯეროვნად შესრულების ფაქტი, თუმცა მოპასუხემ თავისი მტკიცების ტვირთის რეალიზება ვერ შეძლო და სასამართლოს მოსარჩელის მიერ ნაკლიანი შესრულების დამადასტურებელი მტკიცებულებები ვერ წარუდგინა. სსსკ-ის მე-4 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები. ამავე კოდექსის 102-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილების მიხედვით, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, ფაქტების კონსტატაციის მასალებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით. დასახელებული ნორმების თანახმად, სამოქალაქო პროცესში მხარეები ვალდებული არიან, სათანადო მტკიცებულებების წარდგენის გზით დაადასტურონ თავიანთი პოზიციის გასამყარებლად მითითებული გარემოებების არსებობა. კანონით გათვალისწინებული შემთხვევების გარდა, რომელიც ადგენს მხარეთა შორის მტკიცების ტვირთის განაწილების სპეციფიკურ წესს, მოსარჩელეს ევალება სასარჩელო განცხადებაში ასახული ფაქტების მტკიცება, ხოლო მოპასუხე მოვალეა, სარჩელისაგან თავდაცვის მიზნით, ქმედითად უარყოს მოსარჩელის არგუმენტები, წარადგინოს იმგვარი მტკიცებულებები, რომლებიც გააქარწყლებს მოსარჩელის მიერ დასახელებულ ფაქტებს. სსსკ-ის 105-ე მუხლი ადგენს სასამართლოს მხრიდან მხარეთა მიერ მითითებული გარემოებების შეფასების პირობებს, კერძოდ, სასამართლოსათვის არავითარ მტკიცებულებას არა აქვს წინასწარ დადგენილი ძალა. სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ. მოსაზრებები, რომლებიც საფუძვლად უდევს სასამართლოს შინაგან რწმენას, უნდა აისახოს გადაწყვეტილებაში. ამდენად, სადავო გარემოებების დადგენისას, სასამართლო იმსჯელებს საქმეში წარმოდგენილ მხარეთა განმარტებებზე, წერილობით დოკუმენტებსა და სხვა მტკიცებულებებზე ერთობლივად, რომლის ურთიერთშეჯერებით გადაწყვეტს, სარწმუნოდ მიიჩნიოს თუ არა ამა თუ იმ ფაქტის არსებობა (სუსგ №ას-584-543-2017, 06.06.2017წ; №ას-484-2019, 30.10.2020წ.).

14. სსკ-ის 387-ე მუხლის პირველი ნაწილი ადგენს ქცევის შემდეგ წესს:

თუ მოვალეს ეკისრება კრედიტორისათვის სხვადასხვა ვალდებულებებიდან გამომდინარე ერთმანეთის მსგავსი რამდენიმე შესრულება, და ის, რაც შესრულდა, არ არის საკმარისი ყველა ვალის დასაფარავად, მაშინ დაიფარება ის ვალდებულება, რომელსაც მოვალე შესრულების დროს ამოირჩევს; ხოლო, თუ მოვალე არ ამოირჩევს, მაშინ დაიფარება ის ვალი, რომლის გადახდის ვადაც პირველად დადგა. ამდენად, ნორმა ვალდებულებათა დაფარვის რიგითობის ალტერნატიულ მოწესრიგებასაც შეიცავს, რაც მხოლოდ იმ შემთხვევაში გამოიყენება, როცა მოვალე კანონით მინიჭებულ უფლებას შესასრულებელ ვალდებულებათა რიგითობის დადგენის თობაზე არ გამოიყენებს და ამაზე არც მხარეები შეთანხდებიან (მესხიშვილი ქეთევან, სამოქალაქო კოდექსის კომენტარი, წიგნი III, ვალდებულებითი სამართლის ზოგადი ნაწილი, თბილისი, 2019, მუხლი 387, ველი 8).

15. კანონით დაწესებული რიგითობის შესაბამისად, მოვალის მიერ განხორციელებული გადახდით, პირველ რიგში, ის ვალდებულება უნდა დაიფაროს, რომლის გადახდის ვადაც პირველი დადგა. მოთხოვნის ხანდაზმულობა მხედველობაში არ მიიღება (Krüger, in MüKo BGB, 6. Aufl., 2012, § 366, Rn. 13; მესხიშვილი ქეთევან, სამოქალაქო კოდექსის კომენტარი, წიგნი III, ვალდებულებითი სამართლის ზოგადი ნაწილი, თბილისი, 2019, მუხლი 387, ველი 8).

16. ნიშანდობლივია, რომ ამ მოთხოვნათა საფუძვლის ერთიანობა და სამართლებრივი კავშირის არსებობა სავალდებულო არ არის. როგორც წესი, ასეთ შემთხვევაში იგულისხმება, რომ შესასრულებელი ვალდებულების საგანი ფული ან სხვა ერთგვაროვანი გვაროვნული ნივთია. ამდენად, ნორმა გამოიყენება როგორც სხვადასხვა ვალდებულებითსამართლებრივი ურთიერთობიდან წარმოშობილი ვალდებულებების მიმართ, ასევე, ერთი ვალდებულებითსამართლებრივი ურთიერთობის ფარგლებში წარმოშობილ ვალდებულებებზე (Krüger, in MüKo BGB, 6. Aufl., 2012, § 366, Rn. 4, 1; მესხიშვილი ქეთევან, სამოქალაქო კოდექსის კომენტარი, წიგნი III, ვალდებულებითი სამართლის ზოგადი ნაწილი, თბილისი, 2019, მუხლი 387, ველი 7).

17. საკასაციო პალატა იზიარებს გასაჩივრებული განჩინების დასკვნას, რომ, ვინაიდან არ დასტურდება შემკვეთების მიერ გადახდილი თანხების მიზნობრიობა, სსკ-ის 387-ე მუხლის დანაწესის გათვალისწინებით, დაიფარა ის ვალდებულებები, რომლის შესრულების ვადა უფრო ადრე დადგა.

18. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, # 7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).

19. კასატორმა ვერ შეძლო დასაბუთებული საკასაციო პრეტენზიის წარმოდგენა, რითაც ვერ დაძლია გასაჩივრებული განჩინების ფაქტობრივ-სამართლებრივი დასაბუთება და ვერ შეძლო მისი გაბათილება სარწმუნო მტკიცებულებებით. საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით. ასეთ საფუძველზე ვერც კასატორი მიუთითებს. საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით. გასაჩივრებული განჩინება კანონიერია, ხოლო საკასაციო საჩივრის დასაშვებობის წინაპირობები არ არსებობს, რაც მისი არსებითად განსახილველად დაუშვებლად ცნობის სამართლებრივი საფუძველია.

20. სსსკ-ის 401.4 მუხლის თანახმად, საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის შემთხვევაში პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი. მოცემულ შემთხვევაში, ვინაიდან საკასაციო საჩივარი დაუშვებელია და კასატორს გადახდილი აქვს საკასაციო სამართალწარმოებისათვის განსაზღვრული სახელმწიფო ბაჟი - 540.60 ლარი, მას უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70% – 378.42 ლარი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სსსკ-ის 391-ე, 401-ე, 284-ე, 285-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. სს „ე.ს–ის“ საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად.

2. სს „ე.ს–ს“ (ს/ნ: ........) უკან დაუბრუნდეს მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის, 540.60 ლარის (საგადახდო დავალება №471709, გადახდის თარიღი 27.06.2022წ.) 70% – 378.42 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“ ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150.

3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე: გიორგი მიქაუტაძე

მოსამართლეები: თამარ ზამბახიძე

რევაზ ნადარაია