საქმე №ას-1051-2023 26 დეკემბერი, 2023 წელი,
თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
მოსამართლეები: გიორგი მიქაუტაძე (თავმჯდომარე),
თამარ ზამბახიძე (მომხსენებელი),
რევაზ ნადარაია
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
საკასაციო საჩივრის ავტორი – ბ.შ–ი (მოსარჩელე)
მოწინააღმდეგე მხარე – სს „თ.ბ–ი“ (მოპასუხე)
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 19.06.2023 წლის განჩინება
საკასაციო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება, ახალი გადაწყვეტილებით - სარჩელის დაკმაყოფილება
დავის საგანი – ბრძანების ბათილად ცნობა, სამსახურში აღდგენა, იძულებითი განაცდურის ანაზღაურება
საკითხი, რომელზეც მიღებულია განჩინება – საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი და საფუძვლები:
1. სიღნაღის რაიონული სასამართლოს 22.11.2022 წლის გადაწყვეტილებით ბ.შ–ის (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც „მოსარჩელე“, „დასაქმებული“ ან „კასატორი“) სარჩელი სს „თ.ბ–ის“(შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც „მოპასუხე“ ან „დამსაქმებელი“) მიმართ ბრძანების (განკარგულების) ბათილად ცნობის, სამსახურში აღდგენისა და იძულებითი განაცდურის ანაზღაურების შესახებ არ დაკმაყოფილდა. გადაწყვეტილება ეფუძნება შემდეგს:
1.1. მოპასუხესა და მოსარჩელეს შორის 15.11.2021 წელს დაიდო შრომითი ხელშეკრულება, რომლის 1.6. პუნქტის თანახმად, შრომის ხელშეკრულების ქვემოთ მოცემული ძირითადი არსებითი პირობები აღწერილია და რეგულირდება წინამდებარე ხელშეკრულების დანართებით: ხელშეკრულების მოქმედების ვადა, შრომითი ურთიერთობის ვადა (განისაზღვრება დამოუკიდებლად იმ შემთხვევაში, თუ განსხვავდება შრომითი ხელშეკრულების ვადისგან), სამუშაო ადგილი, დასაკავებელი პოზიცია და ანაზღაურების ოდენობა და ფორმა.
1.2. აღნიშნული ხელშეკრულების დანართი №1-ის შესაბამისად, მოსარჩელე დასაქმდა მოპასუხის დედოფლისწყაროს სერვის-ცენტრი №1-ის დირექტორის თანამდებობაზე. ამავე დანართის მე-4 პუნქტის შესაბამისად, განისაზღვრა დასაქმებულის ანაზღაურება თვეში 3200 ლარით, ძირითადი ხელშეკრულების მოქმედების ვადად კი 3.1. პუნქტით განისაზღვრა 15.11.2021 წლიდან უვადოდ. ამავე დანართის 3.2. პუნქტის თანახმად, ძირითად ხელშეკრულებაზე ვრცელდება საგამოცდო ვადა, რომელიც იწყება შრომითი ურთიერთობის ფაქტობრივად დაწყების თარიღიდან 15.11.2021 წლიდან 15.05.2022 წლამდე. ამავე დანართის 3.3. პუნქტით, საგამოცდო ვადის წარმატებით გავლის შემთხვევაში, შრომითი ურთიერთობა გაგრძელდება შრომის ხელშეკრულების ძირითადი პირობებისა და შესაბამისი დანართების საფუძველზე უვადოდ.
1.3. ხელშეკრულების დანართი №1-ის 3.4. პუნქტის თანახმად, დამსაქმებელს უფლება აქვს შეწყვიტოს ხელშეკრულების მოქმედება საგამოცდო პერიოდის დასრულებამდე არაუგვიანეს 1 (ერთი) კალენდარული დღისა დასაქმებულისათვის ზეპირი ან წერილობითი (მათ შორის, მეილით) შეტყობინების მეშვეობით.
1.4. მოპასუხის ადამიანური კაპიტალის მართვის განყოფილების 13.05.2022 წლის მოსარჩელისათვის გაგზავნილი ელექტრონული შეტყობინების შესაბამისად, №05.11-455.00 განკარგულების თანახმად, მოსარჩელე 14.05.2022 წლიდან გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან საქართველოს შრომის კოდექსის (შემდეგში სშკ) მე-17 მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად.
1.5. მოპასუხემ წარმოდგენილი შესაგებლითა და სასამართლო სხდომაზე მიცემული ახსნა-განმარტებებით დაასაბუთა სამსახურიდან დასაქმებულის გათავისუფლების შესახებ განკარგულების კანონიერება, კერძოდ, ის გარემოება, რომ მხარეთა შორის არსებობდა შრომითი ხელშეკრულება გამოსაცდელი ვადით, რაც დამსაქმებელს უფლებას ანიჭებს გამოსაცდელ ვადაში ნებისმიერ დროს შეწყვიტოს შრომითი ხელშეკრულება დასაქმებულთან. სასამართლომ ყურადღება გაამახვილა მხარეთა შორის არსებული 15.11.2021 წლის შრომითი ხელშეკრულების დანართი №1-ის 3.2. პუნქტზე, რომლის თანახმად, ძირითად ხელშეკრულებაზე ვრცელდება საგამოცდო ვადა, რომელიც იწყება შრომითი ურთიერთობის ფაქტობრივად დაწყების თარიღიდან 15.11.2021 წლიდან 15.05.2022 წლამდე. შესაბამისად, ამავე დანართის 3.1. პუნქტში იმის მითითება, რომ ძირითადი ხელშეკრულების მოქმედების ვადა იყო 15.11.2021 წლიდან უვადოდ, არ ნიშნავს იმას, რომ შრომით ხელშეკრულებაზე არ მოქმედებდა გამოსაცდელი ვადა, რადგან მხარეებმა თავად განსაზღვრეს მათ შორის დადებული ხელშეკრულებით, რომ ძირითად ხელშეკრულებაზე, რომელიც დაიდო 15.11.2021 წლიდან უვადოდ, მოქმედებდა საგამოცდო ვადა. ამდენად, სასამართლომ დადასტურებულად მიიჩნია ფაქტობრივი გარემოება მასზე, რომ მოსარჩელესა და მოპასუხეს შორის დაიდო შრომითი ხელშეკრულება გამოსაცდელი ვადით - 15.11.2021 წლიდან 15.05.2022 წლამდე, შესაბამისად, დასაქმებულთან შრომითი ურთიერთობა შეწყდა სწორედ გამოსაცდელი ვადის განმავლობაში - 14.05.2022 წელს.
1.6. სადავო პერიოდისთვის მოქმედი სშკ-ის მე-17 მუხლის თანახმად, დამსაქმებელი უფლებამოსილია დასაქმებულთან დადოს შრომითი ხელშეკრულება გამოსაცდელი ვადით, შესასრულებელ სამუშაოსთან პირის შესაბამისობის დადგენის მიზნით. ასევე, უფლებამოსილია ნებისმიერ დროს დადოს მასთან შრომითი ხელშეკრულება ან შეწყვიტოს ის.
1.7. სასამართლომ მიუთითა, რომ დამსაქმებლის მიერ ცალმხრივად, საგამოცდო ვადის ამოწურვამდე ორი დღით ადრე შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტა კანონიერია. სასამართლომ დამატებით აღნიშნა, რომ შრომითი ურთიერთობა დამსაქმებელმა შეწყვიტა მხარეთა შორის არსებული ხელშეკრულების დანართი №1-ის 3.4. პუნქტით დადგენილი ვადის დაცვით.
1.8. სასამართლოს განმარტებით, როდესაც დადგენილია, რომ მოსარჩელე თანამდებობაზე დაინიშნა საგამოცდო ვადით, ხოლო დამსაქმებელმა მასთან შრომითი ხელშეკრულება შეწყვიტა საგამოცდო ვადის განმავლობაში, სშკ-ის მე-17 მუხლის შესაბამისად, მოსარჩელის აპელირება მასზე, რომ იგი დაკისრებულ სამუშაოს ასრულებდა ჯეროვნად და კეთილსინდისიერად, ვერ გახდება ბრძანების (განკარგულების) ბათილად ცნობის საფუძველი.
1.9. მოსარჩელის სამსახურში აღდგენისა და განაცდურის ანაზღაურების წინაპირობაა სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ ბრძანების (განკარგულების) ბათილად ცნობა. ვინაიდან არ არსებობს აღნიშნული ბრძანების (განკარგულების) ბათილად ცნობის სამართლებრივი საფუძველი, არ არსებობს მოსარჩელის სამსახურში აღდგენისა და განაცდურის ანაზღაურების შესახებ სასარჩელო მოთხოვნების დაკმაყოფილების წინაპირობა.
2. გადაწყვეტილება სააპელაციო საჩივრით გაასაჩივრა მოსარჩელემ, მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით - სარჩელის დაკმაყოფილება.
სააპელაციო სასამართლოს განჩინების სარეზოლუციო ნაწილი და საფუძველი:
3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 19.06.2023 წლის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა გასაჩივრებული გადაწყვეტილება. სააპელაციო სასამართლო დაეთანხმა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს, მათ სამართლებრივ შეფასებებს და დამატებით მიუთითა შემდეგი:
დასაქმებულის მიერ მითითებული ის გარემოება, რომ მან შრომითი ხელშეკრულების გაფორმებამდე გაიარა ტესტირებები, გასაუბრებები და სხვა შესარჩევი პროცედურები, არ გამორიცხავს დამსაქმებლის უფლებას დასაქმებულთან შრომითი ხელშეკრულება გააფორმოს გამოსაცდელი ვადით, დასაქმებული პირის შესასრულებელ სამუშაოსთან შესაბამისობის დადგენის მიზნით, ვინაიდან ვაკანტურ პოზიციაზე კონკრეტული პირის შესარჩევი ეტაპი და უკვე დანიშნული პირის შესაბამისობის დადგენა შრომითი ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებების პროცესში, განსხვავებული ფაქტობრივი მოცემულობებია, ერთი მეორეს არც გამორიცხავს და არც ზღუდავს. აღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ მოსარჩელის მიერ წინასახელშეკრულებო ურთიერთობის პროცესში გავლილი პროცედურები არ ართმევდა დამსაქმებელს უფლებას დასაქმებულთან შრომითი ხელშეკრულება გამოსაცდელი ვადით დაედო. ამდენად, სასამართლომ დადასტურებულად მიიჩნია, რომ მოსარჩელესა და მოპასუხეს შორის დაიდო შრომითი ხელშეკრულება გამოსაცდელი ვადით - 15.11.2021 წლიდან 15.05.2022 წლამდე, შესაბამისად, დასაქმებულთან შრომითი ურთიერთობა შეწყდა სწორედ გამოსაცდელი ვადის განმავლობაში - 14.05.2022 წელს.
საკასაციო საჩივრის მოთხოვნა:
4. სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე საკასაციო საჩივარი წარადგინა მოსარჩელემ, მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით - სარჩელის დაკმაყოფილება.
5. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის განჩინებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში სსსკ) 391-ე მუხლის მიხედვით, საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა დასაშვებობის შესამოწმებლად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სსსკ-ის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც ის დაუშვებელია:
6. სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას ან/და მის დამატებით ოქმს/ოქმებს და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი საფუძვლით.
7. სსსკ-ის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურსამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. კასატორს, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით, არ წარმოუდგენია დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).
8. დასაქმებულის საკასაციო საჩივრის ფარგლებში საკასაციო პალატის შეფასების საგანია გამოსაცდელი ვადით დადებული ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ დამსაქმებლის მიერ გამოვლენილი ნების კანონიერება.
9. გამოსაცდელი ვადა ევროკავშირის კანონმდებლობაში გამოიყენება, როგორც შრომითი ხელშეკრულების ინტეგრირებული ნაწილი და საწყისი ფაზა. გამოსაცდელი ვადა ჩართულია შრომით ხელშეკრულებაში და მისი წარმატებით გავლის შემდეგ (შესაბამისობის დადგენის საფუძველზე), შრომითი ურთიერთობები გრძელდება (ეკატერინე ქარდავა, გამოსაცდელი ვადის განმარტება საქართველოს სამოსამართლეო სამართალსა და ევროკავშირის 2019/1152 დირექტივაში, სასამართლო გადაწყვეტილებათა ანალიზი, პირველი გამოცემა, რედ: ვ. ზაალიშვილი, თბილისი, 2021, გვ. 34).
10. სშკ-ის (წინამდებარე განჩინებაში მითითებულია და შეფასებულია სშკ-ის ნორმები სადავო პერიოდში მოქმედი რედაქციით) მე-17 მუხლი ადგენს ქცევის შემდეგ წესს:
1. შესასრულებელ სამუშაოსთან პირის შესაბამისობის დადგენის მიზნით, მხარეთა შეთანხმებით, შესაძლებელია მასთან მხოლოდ ერთხელ დაიდოს შრომითი ხელშეკრულება გამოსაცდელი ვადით არაუმეტეს 6 თვისა. შრომითი ხელშეკრულება გამოსაცდელი ვადით იდება მხოლოდ წერილობითი ფორმით.
2. გამოსაცდელ ვადაში შესრულებული სამუშაო ანაზღაურდება. ამ ანაზღაურების ოდენობა და გადახდის წესი განისაზღვრება მხარეთა შეთანხმებით.
3. დამსაქმებელს უფლება აქვს, გამოსაცდელი ვადის განმავლობაში ნებისმიერ დროს დადოს დასაქმებულთან ვადიანი ან უვადო შრომითი ხელშეკრულება ან შეწყვიტოს მასთან გამოსაცდელი ვადით დადებული შრომითი ხელშეკრულება.
4. გამოსაცდელი ვადით დადებული შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის შემთხვევაზე არ ვრცელდება ამ კანონის 48-ე მუხლით გათვალისწინებული მოთხოვნები, თუ გამოსაცდელი ვადით დადებული შრომითი ხელშეკრულებით სხვა რამ არ არის განსაზღვრული. გამოსაცდელი ვადით დადებული შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის შემთხვევაში დასაქმებულს შრომის ანაზღაურება მიეცემა ნამუშევარი დროის შესაბამისად.
11. გამოსაცდელი ვადით ხელშეკრულების დადების მიზანია დასაქმებულის შესაბამისობის დადგენა შესასრულებელ სამუშაოსთან. ეს ის ვადაა, რომლის განმავლობაშიც უნდა შეფასდეს მომავალი მუშაკის უნარები, კომპეტენცია, სამუშაოსადმი შესაბამისობა. ამავე დროს, ამ ვადაში კანდიდატმა უნდა გამოავლინოს კვალიფიკაცია, პროფესიული ქცევა, სამუშაო ადგილისათვის ადეკვატური ყოფაქცევა, პროფესიული მორალი, რათა მოიპოვოს დასაქმებულის, ანუ შრომითი ხელშეკრულების მონაწილე მხარის სტატუსი. ამდენად, გამოსაცდელი ვადა დამსაქმებელ-დასაქმებულის ურთიერთშეცნობისა და შეფასების ვადაა (სუსგ №ას-17-2021, 20.05.2021წ.).
12. კანონმდებელმა იმპერატიულად განსაზღვრა, რომ პირის გამოსაცდელი ვადით დასაქმებისას, მხარეები წერილობით ავლენენ ნებას, კანონით დადგენილი ზღვრული ვადის ფარგლებში წარიმართოს მხარეთა შრომითი სახელშეკრულებო ურთიერთობა, რომლის შემდგომი ტრანსფორმაცია ვადიან თუ უვადო ურთიერთობად დამოკიდებულია, საპრობაციო პერიოდში, რამდენად გამოავლინა პირმა (დასაქმებულმა) შესასრულებელ სამუშაოსთან შესაბამისობა, რაც უთუოდ გულისხმობს ამ უკანასკნელის მიერ შესრულებულ სამუშაოზე, მის პიროვნულ და პროფესიულ უნარ-ჩვევებზე დამსაქმებლის დაკვირვებას და მისი დასკვნის (მოსაზრების) მნიშვნელობას შესასრულებელ სამუშაოსთან პირის შესატყვისობის თაობაზე (შდრ. სუსგ №ას-227-216-2017, 13.10.2017წ., პ.23). გამოსაცდელი ვადა არ არის დამოუკიდებელი შრომითი ხელშეკრულება, იგი უფრო გამოცალკევებული სახელშეკრულებო დებულებაა. გამოსაცდელი ვადის თაობაზე სახელშეკრულებო პირობა განისაზღვრება, როგორც ნებაზე დამოკიდებული პირობა. ეს კი იმას ნიშნავს, რომ ეს პირობა წარმოშობს მხარეთა მოლოდინს მომდევნო შეფასებით პერიოდზე, რომლის განმავლობაშიც მათ შორის ჩვეულებრივი შრომითი ხელშეკრულების გაფორმების დადებითი და უარყოფითი მხარეები უნდა გაანალიზდეს (იხ. საქართველოს შრომის კოდექსის კომენტარი - ანდრეა ბორონის რედაქტორობით, თბილისი, 2016, გამომცემლობა „მერიდიანი“, გვ.99).
13. გამოსაცდელ ვადას (საპრობაციო პერიოდს), ერთგვარ ექსპერიმენტსაც უწოდებენ დამსაქმებელსა და დასაქმებულს შორის (შდრ. სუსგ-ებს: №ას-871-2020, 18.12.2020წ; №ას-142-134-2017, 18.04.2018წ; №ას-227-216-2017, 13.10.2017წ.). საქართველოში განხორციელებული შრომის კანონმდებლობის რეფორმის ერთ-ერთი მიზანი დასაქმებულის უფლებების დაცვა იყო. ამასთან, მნიშვნელოვანია, რომ შრომის სამართალი დაკავშირებულია ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებასთან და თითოეული დასაქმებულის საქმის ინდივიდუალური შეფასებისას მოქმედებს ე.წ. „favor prestatoris“ პრინციპი, რაც დასაქმებულთათვის სასარგებლო წესთა უპირატესობას ნიშნავს. აღნიშნული პრინციპის გამოყენებისას საჭიროა დამსაქმებლისა და დასაქმებულის მოთხოვნებისა და ინტერესების წონასწორობის დაცვა სამართლიანობის, კანონიერებისა და თითოეული მათგანის ქმედების კეთილსინდისიერების კონტექსტით (შდრ. სუსგ №ას-941-891-2015, 29.01.2016წ; №ას-1421-2020, 05.03.2021წ; №ას-512-2020, 18.02.2021წ.).
14. მნიშვნელოვანია, რომ შრომითსამართლებრივ დავებში გამოირიცხოს დამსაქმებლის მიერ უფლების ბოროტად გამოყენება. სსკ-ის 115-ე მუხლის თანახმად, სამოქალაქო უფლება უნდა განხორციელდეს მართლზომიერად. სასამართლოს უპირველესი ფუნქციაც სამოქალაქო უფლების მართლზომიერად განხორციელების უზრუნველყოფაა. ნებისმიერი დავის განხილვისას, როგორც წესი, სასამართლო ამოწმებს უფლების გამოყენების მართლზომიერების საკითხს, რის საფუძველზეც აფასებს მხარეთა მიერ სასამართლოს წინაშე დაყენებულ მოთხოვნათა მართებულობას. უფლების გამოყენების მართლზომიერების შესაფასებლად კი, აუცილებელია მისი გამოყენების განმაპირობებელი გარემოებების მართლზომიერების საკითხის შესწავლა (სუსგ №ას-1350-2019, 27.11.2019წ.).
15. შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის 1982 წლის №158-ე კონვენცია „შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის შესახებ“, რომელიც საქართველოს არ აქვს რატიფიცირებული, მაგრამ ხშირად გამოიყენება საქართველოს სასამართლოების მიერ შრომის კოდექსის ნორმების განმარტების პროცესში, როგორც არაპირდაპირი წყარო, სახელმწიფოებს საშუალებას აძლევს კონვენციის მოქმედების სფეროდან გამორიცხონ გამოსაცდელი ვადით დასაქმებულთა შრომით ურთიერთობაში ყოფნის პერიოდი, რაც კიდევ ერთხელ მიუთითებს იმაზე, რომ ამ პერიოდში კონვენციით გათვალისწინებული გარანტიები (მათ შორის, შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის საფუძვლის დასაბუთების ვალდებულება) არ მოქმედებს (იხ. შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის №158 კონვენცია „შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის შესახებ“, მუხლი 2.2.ბ) (სუსგ №ას-142-134-2017, 18.04.2018წ., პ.50).
16. გამოსაცდელი ვადა ის ერთადერთი პერიოდია, რომლის განმავლობაშიც კანონმდებელმა დამსაქმებელს თავისუფლება მიანიჭა, არ გააგრძელოს შრომითი ურთიერთობა დასაქმებულთან, თუ მიაჩნია, რომ იგი არ შეესაბამება შესასრულებელ სამუშაოს. შესასრულებელ სამუშაოსთან პირის შეუსაბამობაზე არ შეიძლება გავრცელდეს მტკიცების ის სტანდარტი, რომელიც გათვალისწინებულია სშკ-ის 47-ე მუხლით შრომითი ურთიერთობის შეწყვეტისას (შდრ. სუსგ №ას-142-134-2017, 18.04.2018წ., პ.44,45; №ას-395-2023, 24.05.2023წ., პ.12,13). სწორედ ამიტომ, გამოსაცდელი ვადით დადებული შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის შემთხვევაზე არ ვრცელდება ამ კანონის 48-ე მუხლით გათვალისწინებული მოთხოვნებიც, რაც მოიცავს წინასწარი გაფრთხილების, კომპენსაციისა და შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის საფუძვლის წერილობითი დასაბუთების ვალდებულებას (შდრ. სუსგ №ას-227-216-2017, 13.10.2017წ; №ას-142-134-2017, 18.04.2018წ.).
17. გამოსაცდელი ვადის დაწესება უპირატესად ემსახურება დამსაქმებლის ინტერესს. სწორედ ამიტომ, მასზე შეთანხმების ნამდვილობისთვის დაცული უნდა იქნეს შრომითი ურთიერთობის სუსტი მხარის - დასაქმებულის - დამცავი კანონით განსაზღვრული წინაპირობები (შესასრულებელ სამუშაოსთან პირის შესაბამისობის დადგენის მიზანი, ერთჯერადობა, ხანგრძლივობა არაუმეტეს 6 თვისა, ანაზღაურებადობა, წერილობითი ფორმა). ნებისმიერი წინაპირობის დაუცველობა ან ამ პირობისაგან განსხვავებული შეთანხმება, რომელიც დასაქმებულის ინტერესებს არ აუმჯობესებს, ბათილია. ასეთ შემთხვევაში გამოსაცდელი ვადით ხელშეკრულების დადების პირობა უნდა ჩაითვალოს ბათილად, ხოლო ხელშეკრულება შრომის ხელშეკრულებად (გამოსაცდელი ვადის გარეშე) დაკვალიფიცირდეს (სუსგ №ას-1110-2020, 23.12.2022წ., პ.18; №ას-376-2021, 23.12.2022წ., პ.17).
18. მოცემულ შემთხვევაში, ზემოაღნიშნული წინაპირობების არსებობა დადასტურებულია. საკასაციო პალატა ყურადღებას გაამახვილებს 15.11.2021 წლის შრომითი ხელშეკრულების დანართი №1-ის 3.2. პუნქტზე, რომლის თანახმად: „ძირითად ხელშეკრულებაზე ვრცელდება საგამოცდო ვადა, რომელიც იწყება შრომითი ურთიერთობის ფაქტობრივად დაწყების თარიღიდან: 15/11/2021 წ.-დან 15/05/2022 წ.-მდე“ (ტ.1, ს.ფ. 23). შესაბამისად, საკასაციო პალატა იზიარებს ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოების დასკვნას, რომ მოსარჩელესა და მოპასუხეს შორის 15.11.2021 წლიდან 15.05.2022 წლამდე გამოსაცდელი ვადით დადებული შრომითი ხელშეკრულება შეწყდა სწორედ გამოსაცდელი ვადის განმავლობაში - 14.05.2022 წელს. მითითებულ გარემოებას ვერ შეცვლის დანართი №1-ის 3.1. პუნქტის ჩანაწერი ძირითადი ხელშეკრულების მოქმედების ვადის 15.11.2021 წლიდან უვადოდ განსაზღვრის შესახებ. გამოსაცდელი ვადის წარმატებით გავლის შემთხვევაში, შრომითი ურთიერთობა გაგრძელდებოდა განუსაზღვრელი ვადით (დანართი №1-ის 3.3. პუნქტი). კასატორს აღნიშნულის საწინააღმდეგოდ დასაშვები და დასაბუთებული საკასაციო პრეტენზია არ წარმოუდგენია.
19. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, # 7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).
20. კასატორმა ვერ შეძლო დასაბუთებული საკასაციო პრეტენზიის წარმოდგენა, რითაც ვერ დაძლია გასაჩივრებული განჩინების ფაქტობრივ-სამართლებრივი დასაბუთება და ვერ შეძლო მისი გაბათილება სარწმუნო მტკიცებულებებით. საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით. ასეთ საფუძველზე ვერც კასატორი მიუთითებს. საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით. გასაჩივრებული განჩინება კანონიერია, ხოლო საკასაციო საჩივრის დასაშვებობის წინაპირობები არ არსებობს, რაც მისი არსებითად განსახილველად დაუშვებლად ცნობის სამართლებრივი საფუძველია.
21. სსსკ-ის 401.4 მუხლის თანახმად, საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის შემთხვევაში პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი. მოცემულ შემთხვევაში, ვინაიდან საკასაციო საჩივარი დაუშვებელია და კასატორს გადახდილი აქვს საკასაციო სამართალწარმოებისათვის განსაზღვრული სახელმწიფო ბაჟი - 300 ლარი, მას უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70% – 210 ლარი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სსსკ-ის 391-ე, 401-ე, 284-ე, 285-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ბ.შ–ის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად.
2. ბ.შ–ს (პ/ნ: .......) უკან დაუბრუნდეს მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის, 300 ლარის (საგადახდო დავალება №18711695361, გადახდის თარიღი 25.09.2023წ.) 70% – 210 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“ ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150.
3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე: გიორგი მიქაუტაძე
მოსამართლეები: თამარ ზამბახიძე
რევაზ ნადარაია