საქმე №ას-284-2022 21 მარტი, 2024 წელი,
თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
მოსამართლეები: გიორგი მიქაუტაძე (თავმჯდომარე),
თამარ ზამბახიძე (მომხსენებელი),
რევაზ ნადარაია
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
საკასაციო საჩივრის ავტორი – სს „ს.ნ.გ.კ–ია“ (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე – შპს „კ...“ (მოსარჩელე)
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 22.12.2021 წლის განჩინება
საკასაციო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა
დავის საგანი – თანხის დაკისრება
საკითხი, რომელზეც მიღებულია განჩინება – საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
სასარჩელო მოთხოვნა:
1. შპს „კ...“-მა (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც „მოსარჩელე“ ან „მიმწოდებელი“) სარჩელი აღძრა სასამართლოში სს „ს.ნ.გ.კ–იის“ (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც „მოპასუხე“, „შემსყიდველი“ ან „კასატორი“) მიმართ და მოითხოვა:
1.1. მოპასუხისთვის მოსარჩელის სასარგებლოდ შესრულებული სამუშაოების ღირებულების სახით 446700 ლარისა და 80 თეთრის გადახდის დაკისრება;
1.2. მოპასუხისთვის მოსარჩელის სასარგებლოდ სამშენებლო დერეფნის მოწყობისათვის გაწეული ხარჯების სახით 152236 ლარისა და 35 თეთრის გადახდის დაკისრება;
1.3. მოპასუხისთვის მოსარჩელის სასარგებლოდ სერვიტუტის ღირებულების სახით 1000 ლარის გადახდის დაკისრება.
პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი და საფუძვლები:
2. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 11.02.2019 წლის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა 403030 ლარისა და 72 თეთრის გადახდა; სხვა ნაწილში სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
გადაწყვეტილების თანახმად:
2.1. ვალდებულების შესრულების ვადის გადაცილების გამო მოსარჩელისათვის პირგასამტეხლოს დარიცხვა კანონიერია, თუმცა არსებობს პირგასამტეხლოს შემცირების წინაპირობები. მოპასუხემ 2017 წლის 24 ნოემბერს, 14 დეკემბერსა და 2018 წლის იანვარში გადასახდელი თანხიდან მოსარჩელეს არ აუნაზღაურა 312690.56 ლარი, ხოლო 2018 წლის 5 მარტს - 134010.24 ლარი, ჯამურად - 446700.80 ლარი, დახრილ-მიმართული ბურღვის საშუალებით მდინარე რიონზე მიწისქვეშა გადასასვლელის მოწყობის სამუშაოების განსაზღვრულ ვადაში შეუსრულებლობისათვის დარიცხულ პირგასამტეხლოში გაქვითვის საფუძვლით. სასამართლომ მიიჩნია, რომ ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირგასამტეხლო, ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე დახრილ-მიმართული ბურღვის საშუალებით გაზსადენის მშენებლობისათვის ნაწილში ხელშეკრულების ღირებულების 0.1%-ის ოდენობით შეუსაბამოდ მაღალია და იგი იმ ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, რომ ხელშეკრულებით გათვალისწინებული ეს მნიშვნელოვანი სამუშაო მოსარჩელემ შეასრულა სრულად და ჯეროვნად, მოპასუხემ მიიღო შესრულება და მას რაიმე ზიანი შესრულების დაგვიანებით არ მიუღია, უნდა შემცირდეს ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე ხელშეკრულების მთლიანი ღირებულების 0.01%-მდე (საქართველოს სამოქალაქო კოდექსის (შემდეგში სსკ) 420-ე მუხლი). გამომდინარე ზემოაღნიშნულიდან, სსკ-ის 316-ე მუხლის, 361-ე მუხლის მე-2 ნაწილისა და 629-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მოპასუხე ვალდებულია აუნაზღაუროს მოსარჩელეს ხელშეკრულებით შესრულებული სამუშაოების დარჩენილი ღირებულება, რაც პირგასამტეხლოს ზემოაღნიშნული თანხის გამოკლებით შეადგენს 402030 ლარსა და 72 თეთრს.
2.2. სსკ-ის 629-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მენარდეს შეუძლია მხოლოდ შეთანხმებული საზღაურის მოთხოვნა, გარდა ამავე კოდექსის 631-ე მუხლით გათვალისწინებული შემთხვევისა, რა დროსაც მენარდეს შეუძლია მოსთხოვოს შემკვეთს გადაჭარბებული ხარჯების ანაზღაურება მხოლოდ შემკვეთის წინასწარი ინფორმირებისას. სასამართლომ ყურადღება გაამახვილა მხარეთა ხელშეკრულებაზე, რომლის მიხედვით, მხარეთა შორის განსაზღვრული იყო მყარი ხარჯთაღრიცხვა შესასრულებელი სამუშაოების ანაზღაურების თაობაზე (სსკ-ის 630-ე მუხლი). მოსარჩელისათვის ყველა გარემოების გათვალისწინებით ცნობილი იყო დახრილ-მიმართული ბურღვის საშუალებით მდინარე რიონზე მიწისქვეშა გადასასვლელის მშენებლობისათვის საჭირო დროებითი დერეფნის მოწყობისათვის გასაწევი ხარჯების შესახებ, რაც მნიშვნელოვან ხარჯებს წარმოადგენს და მას ეს ხარჯები უნდა შეეტანა ხარჯთაღრიცხვაში ან წინასწარ ეცნობებინა შემკვეთისათვის, რასაც ადგილი არ ჰქონია. შესაბამისად, იმის გათვალისწინებითაც, რომ მოსარჩელეს სსკ-ის 398-ე მუხლის მიხედვით, ასევე წინასწარ არ მოუთხოვია ხელშეკრულების მისადაგება შეცვლილი გარემოებებისადმი, დაკარგა უფლება მოსთხოვოს მოპასუხეს ამ ხარჯების ანაზღაურება. სასამართლომ მიიჩნია, რომ სასარჩელო მოთხოვნა დერეფნის მოწყობისათვის გაწეული ხარჯის სახით მოპასუხისათვის 152236.35 ლარის გადახდის შესახებ არ უნდა დაკმაყოფილებულიყო.
2.3. საქმეზე უდავოდ დადგენილი იმ ფაქტობრივი გარემოების საფუძველზე, რომ მოსარჩელემ აბაშის მუნიციპალიტეტში, ანჯელის მასივში მდებარე საქართველოს საპატრიარქოს საკუთრებაში არსებულ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე დახრილ-მიმართული ბურღვის დანადგარის განთავსების მიზნით, მოპასუხის ნაცვლად, გადაიხადა სერვიტუტის საზღაური 1000 ლარის ოდენობით, სასამართლომ მიიჩნია, რომ მოსარჩელეს, სსკ-ის 986-ე მუხლის თანახმად, უფლება ჰქონდა მოეთხოვა მოპასუხისთვის ამ თანხის უკან დაბრუნება.
3. გადაწყვეტილება სააპელაციო საჩივრით გაასაჩივრა მოპასუხემ, მოითხოვა სარჩელის დაკმაყოფილების ნაწილში გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით - სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
სააპელაციო სასამართლოს განჩინების სარეზოლუციო ნაწილი და საფუძველი:
4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 22.12.2021 წლის განჩინებით მოპასუხის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა გასაჩივრებული გადაწყვეტილება. განჩინება ეფუძნება შემდეგს:
4.1. მოპასუხის მიერ აღმოსავლეთ-დასავლეთის მაგისტრალური გაზსადენის ქობულეთის 45 კილომეტრიანი განშტოების სამშენებლო სამუშაოების სახელმწიფო შესყიდვის შესახებ 05.01.2017 წელს გამოცხადებულ NAT170000097 ტენდერში გამარჯვებულად გამოცხადდა მოსარჩელე და 23.02.2017 წელს მხარეებს შორის დაიდო ხელშეკრულება სახელმწიფო შესყიდვის შესახებ №63-230217-01, რომლის ღირებულება განისაზღვრა 12 370 882.82 ლარით (დღგ-ს ჩათვლით). ხელშეკრულების განუყოფელ ნაწილს წარმოადგენდა სატენდერო და საპროექტო დოკუმენტაცია, ასევე, პროექტის განმარტებითი ბარათი.
4.2. 04.07.2017 წლის შეთანხმებით, მოსარჩელის მიერ შესასრულებელი სამუშაოების ნუსხიდან ამოიღეს მშენებარე გაზსადენის სამშენებლო დერეფანში განთავსებული მოპასუხის კუთვნილი უმოქმედო გაზსადენების დემონტაჟისა და მილების ტრანსპორტირების სამუშაოები და საბოლოოდ ხელშეკრულების ღირებულება განისაზღვრა 11 919 862.04 ლარით (დღგ-ს ჩათვლით).
4.3. ხელშეკრულებით მოსარჩელემ, როგორც მიმწოდებელმა, იკისრა ვალდებულება აღმოსავლეთ-დასავლეთის მაგისტრალური გაზსადენის ქობულეთის 45 კილომეტრიანი განშტოების სამშენებლო სამუშაოების შესრულებაზე, რომლის სრული მოცულობით დასრულების თარიღად განისაზღვრა 26.10.2018 წელი, ხოლო დახრილ-მიმართული ბურღვის საშუალებით მდინარე რიონზე მიწისქვეშა გადასასვლელის მოწყობის სამუშაოებისა - 25.10.2017 წელი.
4.4. დახრილ-მიმართული ბურღვის საშუალებით მდინარე რიონზე მიწისქვეშა გადასასვლელის მოწყობის სამუშაოების განსაზღვრულ ვადაში შეუსრულებლობისათვის ხელშეკრულება ითვალისწინებდა პირგასამტეხლოს ამ სამუშაოების ღირებულების 0.1%-ის ოდენობით, ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე. დახრილ-მიმართული ბურღვის სამუშაოების ღირებულება შეადგენდა 3 436 160 ლარს.
4.5. მოსარჩელე მოპასუხეს ეტაპობრივად აწვდიდა შესრულებულ სამუშაოებს, რასთან დაკავშირებითაც დგებოდა შესაბამისი მიღება-ჩაბარების აქტები. ბოლო მიწოდება მოპასუხეზე განხორციელდა 05.03.2018 წელს, რითაც მოსარჩელემ სრულად შეასრულა ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება დახრილ-მიმართული ბურღვის საშუალებით მდინარე რიონზე მიწისქვეშა გადასასვლელის მოწყობის შესახებ, ხოლო მოპასუხემ მიიღო აღნიშნული შესრულება.
4.6. მოსარჩელემ ზემოაღნიშნული სამუშაოები დაასრულა 05.03.2018 წელს, ანუ გადააცილა 130 დღე.
4.7. მოპასუხემ 2017 წლის 24 ნოემბერს, 14 დეკემბერსა და 2018 წლის იანვარში გადასახდელი თანხიდან მოსარჩელეს არ აუნაზღაურა 312 690.56 ლარი, ხოლო 05.03.2018 წელს - 134 010.24 ლარი, ჯამურად - 446 700.80 ლარი, დახრილ-მიმართული ბურღვის საშუალებით მდინარე რიონზე მიწისქვეშა გადასასვლელის მოწყობის სამუშაოების განსაზღვრულ ვადაში შეუსრულებლობისათვის დარიცხულ პირგასამტეხლოში გაქვითვის საფუძვლით.
4.8. მდინარე რიონის ქვეშ დახრილ-მიმართული ბურღვის საშუალებით გაზსადენის მშენებლობისათვის მილების დროებით განთავსება-შედუღებისათვის საჭირო იყო დროებითი სამშენებლო დერეფნის მოწყობა, რისთვისაც შესაბამის მიწის ნაკვეთებზე მოპასუხემ სერვიტუტის უფლება მოიპოვა 2017 წლის ივნისიდან ამავე წლის ნოემბრის ჩათვლით პერიოდში, თუმცა ამ დრომდე მესაკუთრეთა მხრიდან რაიმე ხელშეშლას ზემოაღნიშნული სამუშაოების შესრულებისას მოსარჩელის მიმართ ადგილი არ ჰქონია.
4.9. რაც შეეხება საქართველოს საპატრიარქოს საკუთრებაში არსებულ, აბაშის მუნიციპალიტეტში, ანჯელის მასივში მდებარე სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთს, სადაც განთავსდა მდინარე რიონის ქვეშ დახრილ-მიმართული ბურღვის საშუალებით გაზსადენის მშენებლობისათვის საჭირო დანადგარი, სერვიტუტის უფლების საზღაური - 1000 ლარი გადაიხადა მოსარჩელემ.
4.10. წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრით სადავოა პირგასამტეხლოს შემცირების საკითხი და, შესაბამისად, გაქვითული მოთხოვნის საფუძველზე მოპასუხისათვის ნარდობის საზღაურის დაკისრება.
4.11. მხარეთა შორის არსებობდა ნარდობის ხელშეკრულებიდან გამომდინარე სამართლებრივი ურთიერთობა, რომლის რეგულირებაც მოცემულია სსკ-ის 629-ე მუხლში, კერძოდ, ნარდობის ხელშეკრულებით მენარდე კისრულობს შეასრულოს ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაო, ხოლო შემკვეთი ვალდებულია გადაუხადოს მენარდეს შეთანხმებული საზღაური. ამდენად, ნარდობა ორმხრივი, კონსესუალური და სასყიდლიანი ხელშეკრულებაა, რომელიც, როგორც ორმხრივ მავალდებულებელი გარიგება, ერთი მხრივ, გამოიხატება მენარდის ვალდებულებაში - შეასრულოს შეთანხმებული სამუშაო, ხოლო, მეორე მხრივ, შემკვეთის ვალდებულებაში - გადაუხადოს მენარდეს შეთანხმებული საზღაური.
4.12. კონკრეტულ შემთხვევაში, სარჩელით მოთხოვნილია შესრულებული სამუშაოების სანაცვლოდ შეთანხმებული საფასურის სრულად ანაზღაურება, რასაც, თავის მხრივ, უპირისპირდება მოპასუხის მიერ წარდგენილი მოთხოვნის შემწყვეტი შესაგებელი, კერძოდ, მოპასუხის მხრიდან სსკ-ის 442-ე მუხლის (ორ პირს შორის არსებული ურთიერთმოთხოვნა შეიძლება გაქვითვით შეწყდეს, თუ დამდგარია ამ მოთხოვნათა შესრულების ვადა) შესაბამისად, გაქვითულია მოთხოვნა ვადაგადაცილების საფუძვლით დაკისრებულ პირგასამტეხლოზე მითითებით. აღნიშნულიდან გამომდინარე, აპელანტი (მოპასუხე) მოითხოვს სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმას.
4.13. ხელშეკრულების 37-ე მუხლის პირველი პუნქტით მხარეები შეთანხმდნენ, რომ არცერთი მხარე არ აგებდა პასუხს და თავისუფლდებოდა პასუხისმგებლობისაგან საკუთარი ვალდებულებების შესრულების გამო, თუ შეუსრულებლობის მიზეზი იქნებოდა ფორს-მაჟორული გარემოებები - გადაულახავი ძალა, რომლის წარმოშობა არ იქნებოდა დამოკიდებული მხარეებზე, რომლის არსებობის ან წარმოშობის შესახებ ხელშეკრულების დადების მომენტში მხარეებს არ შეეძლოთ სცოდნოდათ და რომელზეც მხარეებს არ შეუძლიათ ზეგავლენის მოხდენა. ამავე მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, ასეთი გარემოებების წარმოშობის შესახებ, მხარეს დაუყოვნებლივ უნდა ეცნობებინა მეორე მხარისათვის მის ხელთ არსებული საკომუნიკაციო საშუალებით (ტელეფონი, ფოსტა, ფაქსი, ელექტრონული ფოსტა, კურიერი და სხვა) და არაუგვიანეს მათი წარმოშობიდან მეორე კალენდარული დღისა წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირის მიერ ხელმოწერილი წერილით. ამ პუნქტის დაუცველობის შემთხვევაში, მხარეები არ თავისუფლდებოდნენ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობის გამო, ხოლო მე-5 პუნქტით, წერილობით შეტყობინებაში მითითებული ფაქტები დადასტურებული უნდა ყოფილიყო კომპეტენტური ორგანოს მიერ. დადასტურება არ იქნებოდა საჭირო, თუ აღნიშნული ფაქტები ცნობილი იყო საზოგადოდ. პალატამ გაიზიარა მოპასუხის მითითება, რომ დასავლეთ საქართველოს მითითებულ მონაკვეთში უხვი ნალექი წარმოადგენს ჩვეულებრივ მოვლენას, რაც დამახასიათებელია კონკრეტული კლიმატისათვის და ვერ მიიჩნევა იმგვარ გარემოებად, რომლის განსაზღვრაც მხარეებს ხელშეკრულების დადების ეტაპზეც არ შეეძლოთ. საგულისხმოა, რომ სამუშაოების განხორციელების პერიოდში რაიმე განსაკუთრებულ სტიქიურ მოვლენას ადგილი არ ჰქონია. საყურადღებოა, რომ სარჩელის ფარგლებში არ არის განმარტებული უხვი ნალექის საფუძვლით რამდენი დღით შეფერხდა შესასრულებელი სამუშაოები. ამდენად, ფორს-მაჟორზე მითითება, კონკრეტულ შემთხვევაში, ვერ მიიჩნევა ვალდებულების დროული შესრულებისაგან გათავისუფლების საფუძვლად, რაც, ამ მხრივ, არ წარმოადგენს დაკისრებული პირგასამტეხლოსაგან გათავისუფლების საფუძველს. საგულისხმოა ის გარემოებაც, რომ მოსარჩელეს მოპასუხისათვის სამუშაოების შეფერხების თაობაზე არ უცნობებია ხელშეკრულებით შეთანხმებულ ვადებში და მხოლოდ 10.11.2017 წლის მიწერილობით მიუთითა ფორს-მაჟორულ გარემოებებზე, რაც უსაფუძვლოს ხდის მოსარჩელის მოთხოვნას პირგასამტეხლოსაგან გათავისუფლების შესახებ.
4.14. სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ პროექტის განმარტებითი ბარათის 6.2. მუხლის მე-2 აბზაცის შესაბამისად, მოსარჩელემ შესაბამისი კვლევები და ტექნიკური დოკუმენტაცია მოამზადა 11.12.2017 წელს, შესაბამისად, მოსარჩელის აპელირება იმაზე, რომ პროექტში მითითებული, მდინარე რიონის ქვეშ გამავალი მილსადენის კუთხოვანი კონფიგურაცია წარმოადგენდა პროექტის ხარვეზს და ამ მონაკვეთში ბუნებრივი დახრის მეთოდით მილსადენი მოეწყო პროექტში ცვლილების შეტანის შედეგად, ვერ იქნება გაზიარებული იმის გათვალისწინებითაც, რომ მოსარჩელის მიერ არ ყოფილა წარმოდგენილი პროექტის ცვლილების დამადასტურებელი რაიმე მტკიცებულება. აღნიშნულის საპირისპიროდ კი დადგენილია, რომ ხელშეკრულების განუყოფელ ნაწილს წარმოადგენდა სატენდერო და საპროექტო დოკუმენტაცია, ასევე, პროექტის განმარტებითი ბარათი, შესაბამისად, პრეზუმირებული ფაქტია, რომ მოსარჩელისათვის, როგორც ტენდერში მონაწილე და შემდგომ გამარჯვებული პრეტენდენტისათვის, ცნობილი იყო ზემოაღნიშნული დოკუმენტაცია, ამდენად, შესასრულებელი სამუშაოები და მათი სპეციფიკა, მათ შორის, ძირითადი - მდინარე რიონის ქვეშ დახრილ-მიმართული ბურღვის საშუალებით მიწისქვეშა გადასასვლელის მშენებლობის მეთოდოლოგია და ტექნიკური მოთხოვნები. განმარტებითი ბარათის 6.18 მუხლით, მოსარჩელეს ეკისრებოდა დახრილ-მიმართული ბურღვის მეთოდით მიწისქვეშა გადასასვლელის მოწყობისათვის საჭირო მუშა ნახაზების დამუშავების ეტაპზე გადასასვლელის გეგმა/პროფილის დაზუსტების ვალდებულება. ამასთან, განმარტებითი ბარათის დასახელებული მუხლი შეიცავს მითითებას, რომ უნდა მომხდარიყო არა მილების მიწისქვეშა კუთხოვანი შედუღება, არამედ ბუნებრივი დახრის მეთოდით შედუღებული მილის გატარება რიონის ქვეშ მოწყობილ ჭაბურღილში, ერთი ნაპირიდან მეორე ნაპირზე.
4.15. რაც შეეხება აბაშის მუნიციპალიტეტში, ანჯელის მასივში მდებარე, საქართველოს საპატრიარქოს საკუთრებაში არსებულ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე დახრილ-მიმართული ბურღვის საშუალებით გაზსადენის მშენებლობისათვის საჭირო დანადგარის განთავსების მიზნით სერვიტუტის მოპოვების საკითხს, პალატამ გაიზიარა საქალაქო სასამართლოს შეფასება მასზე, რომ კონკრეტულ ნაკვეთზე მოპასუხის მხრიდან ხელშეშლას ადგილი არ ჰქონია, რაც დასტურდება 20.10.2017 წლის წერილით. ამასთანავე, მოსარჩელეს არ წარმოუდგენია დასახელებულ მიწის ნაკვეთზე ხელშეშლის დამადასტურებელი განკუთვნადი და დასაშვები მტკიცებულებები.
4.16. ამდენად, არ არსებობდა პირგასამტეხლოსაგან გათავისუფლების საფუძველი, რადგან არ დასტურდება სსკ-ის 401-ე მუხლით განსაზღვრული ფაქტობრივი შემადგენლობა. მითითებულიდან გამომდინარე, ხელშეკრულების 31-ე მუხლის 1.1. პუნქტის შესაბამისად, ვალდებულების შესრულების ვადის გადაცილების გამო მოსარჩელისათვის პირგასამტეხლოს დარიცხვის შესახებ მოთხოვნა კანონიერია, თუმცა სსკ-ის 420-ე მუხლის შესაბამისად, გამართლებულია მისი ოდენობის შემცირება.
4.17. უსაფუძვლოა მხარის აპელირება შეჯიბრებითობის პრინციპის დარღვევასა და შეპასუხების უფლების შეზღუდვასთან მიმართებით. სადავო საკითხს წარმოადგენდა პირისათვის პირგასამტეხლოს დაკისრების მართლზომიერება. დავის ფარგლებში სასამართლომ დაადგინა მოსარჩელის მხრიდან ვალდებულების დარღვევა და პირგასამტეხლოს დაკისრების წინაპირობების არსებობა, თუმცა საქმის ფაქტობრივი გარემოებების შესაბამისად, მიზანშეწონილად მიიჩნია დაკისრებული პირგასამტეხლოს შემცირება გონივრულ ოდენობამდე, რისი შესაძლებლობაც სასამართლოს მინიჭებული აქვს სსკ-ის 420-ე მუხლით. სადავო საკითხს წარმოადგენდა პირგასამტეხლოს დაკისრების კანონიერება, შესაბამისად, მოპასუხისათვის სავარაუდო უნდა ყოფილიყო, რომ სასამართლო შეაფასებდა არა მხოლოდ პირგასამტეხლოს დაკისრების სამართლებრივი წინაპირობების არსებობას, არამედ - მისი ოდენობის გონივრულობასაც.
4.18. სასამართლოს უფლება აქვს, დაიყვანოს პირგასამტეხლო თანაზომიერების ფარგლებამდე. პალატამ გაითვალისწინა საქმის გარემოებები, შესრულების ღირებულება, დარღვევის სიმძიმე, მოცულობა, დამრღვევის ბრალის ხარისხი, შედეგები და გაიზიარა საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტა პირგასამტეხლოს ოდენობის განსაზღვრის ნაწილში, კერძოდ, შეთანხმებული პირგასამტეხლოს საპროცენტო განაკვეთის - 0.1%-ის, 0.01%-მდე შემცირებისა და მოთხოვნილი პირგასამტეხლოს 446 700.80 ლარის ნაცვლად, მენარდისათვის - 44 670.08 ლარის დაკისრების შესახებ. პირგასამტეხლოს დაკისრებით უნდა მოხდეს კრედიტორის დანაკარგების კომპენსირება და არა მისი გამდიდრება. მოპასუხემ სათანადოდ ვერ დაასაბუთა, რომ 446 700.80 ლარის მენარდისათვის დაკისრება ემსახურება კრედიტორის დანაკარგების კომპენსირებას და არ გამოიწვევს ამ უკანასკნელის გამდიდრებას, რაც ეწინააღმდეგება პირგასამტეხლოს დანიშნულებასა და მიზანს. ამასთან, პალატამ გაითვალისწინა კრედიტორის მოლოდინი ვალდებულების ჯეროვანი შესრულების მიმართ და დარღვევის ხასიათისა და შედეგების შესატყვის პირგასამტეხლოს ოდენობად 44 670.08 ლარი მიიჩნია.
4.19. სააპელაციო პალატამ არ გაიზიარა მოპასუხის არც ის შედავება, რომ პირგასამტეხლოს ოდენობა განსაზღვრულია სახელმწიფო ორგანოს მიერ და სასამართლოს მხრიდან არ შეიძლება მისი ოდენობის შემცირება. პირგასამტეხლოს განაკვეთის საჯარო დაწესებულების მიერ განსაზღვრა, სასამართლოს არ ართმევს შესაძლებლობას იმსჯელოს მისი ოდენობის შემცირებაზე.
4.20. სააპელაციო პალატამ დაასკვნა, რომ ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირგასამტეხლო შეუსაბამოა ვალდებულების დარღვევის შედეგებთან. შეუსაბამობა გამომდინარეობს პირგასამტეხლოს მაღალი პროცენტიდან და ვალდებულების დარღვევის ვადიდან. განსახილველ შემთხვევაში, ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირგასამტეხლო, ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე დახრილ-მიმართული ბურღვის საშუალებით გაზსადენის მშენებლობისათვის ნაწილში ხელშეკრულების ღირებულების 0.1%-ის ოდენობით, შეუსაბამოდ მაღალია და იმ გარემოების მხედველობაში მიღებით, რომ ხელშეკრულებით გათვალისწინებული მნიშვნელოვანი სამუშაო მოსარჩელემ შეასრულა სრულად და მოპასუხემ მიიღო ეს შესრულება და მას რაიმე ზიანი შესრულების დაგვიანებით არ მიუღია, უნდა შემცირდეს ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე ხელშეკრულების მთლიანი ღირებულების 0.01%-მდე. პალატამ მიიჩნია, რომ მოსარჩელეს 402 030.72 ლარი (446 700.80 - 44 670.08) დაუკავდა არამართლზომიერად, ვინაიდან მოპასუხეს მოსარჩელის მიერ შესრულებული სამუშაოს ღირებულებიდან, პირგასამტეხლოს ანგარიშში მხოლოდ 44 670.08 ლარის დაკავების მართლზომიერი საფუძველი აქვს. შესაბამისად, სსკ-ის 442.1 (ორ პირს შორის არსებული ურთიერთმოთხოვნა შეიძლება გაქვითვით შეწყდეს, თუ დამდგარია ამ მოთხოვნათა შესრულების ვადა) და 444-ე (თუ გასაქვითი მოთხოვნები მთლიანად ვერ ფარავენ ერთმანეთს, იქვითება მხოლოდ ის, რომლის მოცულობაც ნაკლებია მეორე მოთხოვნის მოცულობაზე) მუხლების საფუძველზე, გაქვითვის შემდეგ დარჩენილი თანხა - 402 030.72 ლარი მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს.
4.21. პალატამ დაუსაბუთებლად მიიჩნია მოპასუხის შედავება პირგასამტეხლოს შემცირების ნაწილში სასარჩელო მოთხოვნის ხანდაზმულობასა და პრეტენზიის წარდგენის, „სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებული დავების განხილვის საბჭოს საქმიანობის წესის დამტკიცების შესახებ“ სსიპ „სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს“ 27.02.2015 წლის №1 ბრძანების მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული, 10 დღიანი ვადის გამოყენების შესახებ.
4.22. სააპელაციო პალატამ არ გაიზიარა მოპასუხის შედავება სერვიტუტის ღირებულების სახით 1000 ლარის დაკისრებასთან მიმართებით და მიუთითა შემდეგი: უდავოდ დადგენილია, რომ მოსარჩელემ აბაშის მუნიციპალიტეტში, ანჯელის მასივში მდებარე საქართველოს საპატრიარქოს საკუთრებაში არსებულ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე დახრილ-მიმართული ბურღვის დანადგარის განთავსების მიზნით გადაიხადა სერვიტუტის საზღაური - 1000 ლარი. მხარეთა შორის სადავოა, ხელშეკრულების საფუძველზე, თუ ვის ვალდებულებას შეადგენდა მიწის ნაკვეთებზე, რომლებიც გამოყენებული უნდა ყოფილიყო დახრილ-მიმართული ბურღვის საშუალებით მდინარე რიონზე მიწისქვეშა გადასასვლელის მოწყობისათვის საჭირო დროებითი დერეფნისათვის (მილების განლაგებისა და შედუღებისათის გამოსაყენებლი ტერიტორია), მათ შორის, საქართველოს საპატრიარქოს საკუთრებაში არსებულ აბაშის მუნიციპალიტეტში, ანჯელის მასივში მდებარე სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე დახრილ-მიმართული ბურღვის დანადგარის განსათავსების მიზნით, სერვიტუტის უფლებების მოპოვება.
4.23. 23.02.2017 წელს დადებული №63-230217-01 ხელშეკრულების მე-20 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, შემსყიდველი ვალდებული იყო მიმწოდებლისათვის გადაეცა სახელმწიფო ორგანოებიდან მის მიერ მოპოვებული მშენებლობის ნებართვა, ასევე, მიენიჭებინა მიმწოდებლისათვის მიწის ნაკვეთებზე მისი კუთვნილი სერვიტუტისა და აუცილებელი გზის უფლებებით სარგებლობის უფლებამოსილება. ამავე მუხლის მე-3 პუნქტის მიხედვით, წინამდებარე მუხლის პირველ პუნქტში აღნიშნული ნებართვის და უფლებების გარდა, მიმწოდებელი ვალდებული იყო თავად, საკუთარი ხარჯებით მოეპოვებინა სამუშაოთა საწარმოებლად საჭირო ყველა სხვა უფლებები, ნებართვები და ლიცენზიები. ამავე მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად კი, მიმწოდებელი ვალდებული იყო საკუთარი სახსრებით უზრუნველეყო სამუშაოების წარმოებისათვის საჭირო დამატებით მიწის ფართობებზე დროებითი სარგებლობის უფლების მოპოვება. დამატებითი მიწის ფართობების გამოყენების საჭიროება უნდა განესაზღვრა თავად მიმწოდებელს. სააპელაციო პალატამ მიუთითა სსკ-ის 52-ე მუხლზე, რომლის თანახმად, ნების გამოვლენის განმარტებისას ნება უნდა დადგინდეს გონივრული განსჯის შედეგად, და არა მარტოოდენ გამოთქმის სიტყვასიტყვითი აზრიდან. №63-230217-01 ხელშეკრულების პირველი მუხლი არ შეიცავს მე-20 მუხლის მე-3 პუნქტში მითითებული „დამატებითი მიწის ფართობის“ დეფინიციას. სააპელაციო პალატამ საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებებისა და ხელშეკრულების ერთობლივად განმარტების საფუძველზე, დადასტურებულად მიიჩნია, რომ სწორედ მოპასუხის ვალდებულებას წარმოადგენდა სერვიტუტის დადგენა იმ მიწის ნაკვეთებზე, რომლებიც უნდა გამოყენებულიყო დახრილ-მიმართული ბურღვის საშუალებით მდინარე რიონზე მიწისქვეშა გადასასვლელის მოწყობისათვის საჭირო დროებითი დერეფნისათვის (მილების განლაგებისა და შედუღებისათის გამოსაყენებელი ტერიტორია), მათ შორის, საქართველოს საპატრიარქოს საკუთრებაში არსებულ, აბაშის მუნიციპალიტეტში, ანჯელის მასივში მდებარე სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე დახრილ-მიმართული ბურღვის დანადგარის განთავსების მიზნით; ხოლო ხელშეკრულების 20.4. მუხლში მითითებულ იმ მიწის ნაკვეთებში, რომლებზეც შესაბამისი უფლებების მოპოვება წარმოადგენდა მოსარჩელის ვალდებულებას, იგულისხმება ისეთი ნაკვეთები, რომლებიც უნდა გამოყენებულიყო სამუშაოთა წარმოებისათვის დროებითი სამშენებლო ინფრასტრუქტურის, ინვენტარის, მასალების, ნარჩენების განთავსებისა და სხვა შემხვედრი საჭიროებისათვის.
4.24. სსკ-ის 986-ე მუხლის თანახმად, პირს, რომელიც შეგნებულად ან შეცდომით სხვის ვალებს ისტუმრებს, შეუძლია ამ პირს მოსთხოვოს თავისი ხარჯების ანაზღაურება. ვინაიდან დადასტურებულად არის მიჩნეული მოპასუხის ვალდებულება სერვიტუტით უზრუნველყოფასთან მიმართებით, დადგენილია მოსარჩელის მიერ სერვიტუტით სარგებლობისათვის 1000 ლარის გაღების ფაქტიც, მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს გაწეული ხარჯის ანაზღაურება.
საკასაციო საჩივრის მოთხოვნა:
5. სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე საკასაციო საჩივარი წარადგინა მოპასუხემ, მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით - სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
6. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის განჩინებით, სსსკ-ის 391-ე მუხლის მიხედვით, საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა დასაშვებობის შესამოწმებლად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სსსკ-ის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც ის დაუშვებელია:
7. სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას ან/და მის დამატებით ოქმს/ოქმებს და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი საფუძვლით.
8. სსსკ-ის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურსამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. კასატორს, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით, არ წარმოუდგენია დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).
9. სსკ-ის 629.1 მუხლის (ნარდობის ხელშეკრულებით მენარდე კისრულობს შეასრულოს ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაო, ხოლო შემკვეთი ვალდებულია გადაუხადოს მენარდეს შეთანხმებული საზღაური) საფუძველზე მოსარჩელეს მოპასუხის მიმართ გააჩნია შესრულებული სამუშაოს ღირებულების ანაზღაურების მოთხოვნის უფლება. თავის მხრივ, მოპასუხეს შეუძლია სსკ-ის 417-ე-418-ე მუხლების მიხედვით მოითხოვოს შეთანხმებული პირგასამტეხლო. სადავო არ არის, რომ, როგორც მიმწოდებლის, ასევე შემსყიდველის მოთხოვნების ვადა დამდგარია, არსებობს სსკ-ის 442.1 (ორ პირს შორის არსებული ურთიერთმოთხოვნა შეიძლება გაქვითვით შეწყდეს, თუ დამდგარია ამ მოთხოვნათა შესრულების ვადა) მუხლით გათვალისწინებული ურთიერთმოთხოვნათა გაქვითვის საფუძველი.
10. შემსყიდველის საკასაციო საჩივრის ფარგლებში სასამართლოს მსჯელობის საგანია მიმწოდებლისთვის დაკისრებული პირგასამტეხლოს შემცირების მართლზომიერება.
11. სსკ-ის 417-ე მუხლით, პირგასამტეხლო – მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა – მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის. პირგასამტეხლო პირობით ვალდებულებას წარმოადგენს. პირგასამტეხლოს მოთხოვნის უფლების განხორციელება დამოკიდებულია გარკვეული პირობის დადგომაზე - მოვალის მიერ ვალდებულების დარღვევაზე (იხ: ირაკლი რობაქიძე, სახელშეკრულებო სამართალი /ზურაბ ძლიერიშვილი, გიორგი ცერცვაძე, ირაკლი რობაქიძე, გიორგი სვანაძე, ლაშა ცერცვაძე, ლევან ჯანაშია/ გამომცემლობა „მერიდიანი“, 2014წ., გვ. 590). პალატა განმარტავს, რომ პირგასამტეხლოს ერთ-ერთი ფუნქცია განცდილი ზიანის მარტივად და სწრაფად ანაზღაურებაში მდგომარეობს. იგი ერთგვარ სანქციასაც წარმოადგენს. ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში, სანქციად ქცეული პირგასამტეხლო ვალდებულ პირს უპირობოდ ეკისრება, მიუხედავად იმისა, განიცადა თუ არა კრედიტორმა ზიანი ამ დარღვევის შედეგად (იხ: სუსგ №ას-1053-993-2015, 08.04.2016წ; სუსგ №ას-1158-1104-2014, 06.05.2015წ.). აღნიშნული მსჯელობიდან გამომდინარე, პირგასამტეხლოს დაკისრების წინაპირობას წარმოადგენს ხელშეკრულების ერთ-ერთი მხარის მიერ ნაკისრი ვალდებულების დარღვევა.
12. საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ პირგასამტეხლო, უპირველესად, კრედიტორის ინტერესების უზრუნველმყოფი საკანონმდებლო მექანიზმია, რომელიც კრედიტორის სახელშეკრულებო რისკებს ამცირებს, თუმცა იმისთვის, რომ თავიდან იქნეს აცილებული კრედიტორის მხრიდან ამ ინსტიტუტის ფარგლებში უფლების ბოროტად გამოყენება, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში შესაფასებელი და ამავდროულად დასაცავი ღირებულებაა სახელშეკრულებო წონასწორობა/ბალანსი, ერთი მხრივ, პირგასამტეხლოს, როგორც სახელშეკრულებო თავისუფლების გამოხატულებას და, მეორე მხრივ, მოვალის დაცვას, როგორც ამ თავისუფლების ლეგიტიმურ შეზღუდვას შორის. ამდენად, პირგასამტეხლოს იურიდიული ძალა მხოლოდ მაშინ აქვს, თუ ის ამავდროულად უზრუნველყოფს მოვალის გონივრული ფარგლებით დაცვას (სუსგ №ას-1928-2018, 31.10.2019წ.).
13. პირგასამტეხლოს ოდენობის განსაზღვრისას ყურადღება ექცევა რამდენიმე გარემოებას. მათ შორის: ა) პირგასამტეხლოს, როგორც სანქციის ხასიათის მქონე ინსტრუმენტის ფუნქციას, თავიდან აიცილოს დამატებით ვალდებულების დამრღვევი მოქმედებები; ბ) დარღვევის სიმძიმესა და მოცულობას და კრედიტორისათვის წარმოქმნილი საფრთხის ხარისხს; გ) ვალდებულების დამრღვევი პირის ბრალეულობის ხარისხს; დ) პირგასამტეხლოს ფუნქციას, მოიცვას ზიანის ანაზღაურება. პირგასამტეხლოს ოდენობაზე მსჯელობისას გასათვალისწინებელია მოვალის მიერ ვალდებულების შეუსრულებლობის ხანგრძლივობა (სუსგ №ას-1511-2018, 26.03.2019წ; №ას-848-814-2016, 28.12.2016წ.).
14. სასამართლოს, სსკ-ის 420-ე მუხლის საფუძველზე, უფლება აქვს, შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო, რაც შეფასებითი კატეგორიაა და, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, საქმის გარემოებების ერთობლივი ანალიზის შედეგად წყდება. მხედველობაში უნდა იქნეს მიღებული, მაგალითად, თუ როგორია შესრულების ღირებულების, მისი შეუსრულებლობისა და არაჯეროვანი შესრულებით გამოწვეული ზიანის თანაფარდობა პირგასამტეხლოს ოდენობასთან; პირგასამტეხლოს თანხის მნიშვნელოვანი გადაჭარბება ვალდებულების შეუსრულებლობით გამოწვეულ შესაძლო ზიანზე, ვალდებულების შეუსრულებლობის ხანგრძლივობა და სხვა (სუსგ №ას-1511-2018, 26.03.2019წ; სუსგ №ას-535-2021, 29.10.2021წ.).
15. კვალიფიციური შედავების გარეშე შეუძლებელია დადგინდეს რამდენად არაგონივრული, შეუსაბამოა პირგასამტეხლოს ოდენობა სახელშეკრულებო ინტერესის ხელყოფის მასშტაბთან. ამდენად, როგორც ვალდებულების დარღვევის მნიშვნელობა, სახელშეკრულებო ინტერესის შინაარსისა და ფარგლების განმარტება და დადგენილ პირგასამტეხლოს ოდენობასთან მისი ადეკვატურობა (კრედიტორის მტკიცების ტვირთი), ისე ვალდებულების დარღვევის ხარისხის შეუსაბამობა პირგასამტეხლოს ოდენობასთან (მოვალის მტკიცების ტვირთი), არის უმნიშვნელოვანესი შეფასებითი კატეგორიები, რომელზეც თავად მხარეებმა უნდა შეუქმნან მოსამართლეს დასაბუთებული წარმოდგენა და მიანიჭონ მას მხარეთა ნების განმარტების შესაძლებლობა (ნათია ჩიტაშვილი. პირგასამტეხლოსა და ზიანის მოთხოვნათა სახელშეკრულებო ინტერესის უზრუნველმყოფი ფუნქცია. შედარებითი სამართლის ჟურნალი 2/2020, გვ.17; ასევე იხ.: სუსგ №ას-827-2021, 03.12.2021წ.). ამდენად, რადგან მოვალეს ენიჭება პირგასამტეხლოს ოდენობის კვალიფიციური შეცილების უფლება, ხოლო სასამართლოს მისი შემცირების უფლებამოსილება - მნიშვნელოვანია კრედიტორის ვალდებულების დარღვევის ნაწილში წარმოდგენილი შეფასება დარღვევის მნიშვნელობასთან, ხანგრძლივობასთან და დარღვეულ სახელშეკრულებო ინტერესთან მიმართებით, რაც კრედიტორს მისცემს კვალიფიციურ შესაძლებლობას, შეამციროს სასამართლოს მიერ პირგასამტეხლოს ოდენობის შემცირების პერსპექტივა. სასამართლოს ხელშეკრულების განმარტების პროცესში სახელმძღვანელოდ ექნება არა მხოლოდ მოვალის კვალიფიციური შეცილება პირგასამტეხლოს ოდენობის არაგონივრულობის შესახებ, არამედ კრედიტორის პერსპექტივიდან წარმოჩენილი მისივე სახელშეკრულებო ინტერესის რღვევის ხარისხი (ნათია ჩიტაშვილი. პირგასამტეხლოსა და ზიანის მოთხოვნათა სახელშეკრულებო ინტერესის უზრუნველმყოფი ფუნქცია. შედარებითი სამართლის ჟურნალი 2/2020, გვ.17).
16. პირგასამტეხლოს შემცირების საფუძველია, ერთი მხრივ, ის რომ კრედიტორი პირგასამტეხლოს მიღებით არ გამდიდრდეს და მოვალეს არ დააწვეს მძიმე ტვირთად პირგასამტეხლოს გადახდა (შესაბამისად, პირგასამტეხლო არ იქცეს ერთგვარ სადამსჯელო ღონისძიებად), ხოლო მეორე მხრივ კი – პირგასამტეხლო იყოს ვალდებულების დარღვევის თანაზომიერი, საპირწონე და გონივრული. აღნიშნულში მოიაზრება სახელშეკრულებო თანასწორობისა და სამართლიანობის პრინციპის დაცვით პირგასამტეხლოს გონივრულ ოდენობამდე შემცირება (სუსგ №ას-186-2021, 25.03.2021წ; სუსგ №ას-535-2021, 29.10.2021წ.).
17. საკასაციო სასამართლო სრულად იზიარებს ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოების მსჯელობას პირგასამტეხლოს გონივრული ოდენობის თაობაზე და ვალდებულების დარღვევის შინაარსის, ვადაგადაცილების ხანგრძლივობის, ასევე - იმ გარემოებების გათვალისწინებით, რომ შეთანხმებული სამუშაო მოსარჩელემ შეასრულა სრულად, მოპასუხემ მიიღო ეს შესრულება და მას რაიმე ზიანი შესრულების დაგვიანებით არ მიუღია, სასამართლოს მიერ განსაზღვრულ პირგასამტეხლოს ოდენობას ადეკვატურად და გონივრულად მიიჩნევს. სასამართლომ მოსარჩელის დისპოზიციური ნების შესაბამისად ჩამოყალიბებული სასარჩელო მოთხოვნის ფარგლებში შეაფასა მიმწოდებლისათვის სადავო პირგასამტეხლოს დაკისრების მართლზომიერება, შეამცირა შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო გონივრულ ოდენობამდე და, აღნიშნულის გათვალისწინებით, დააკისრა შემსყიდველს შესაბამისი პირგასამტეხლოს გაქვითვის შემდეგ დარჩენილი შესრულებული სამუშაოს ღირებულების ანაზღაურება.
18. რაც შეეხება მოპასუხისთვის მოსარჩელის სასარგებლოდ სერვიტუტის ღირებულების სახით 1000 ლარის გადახდის დაკისრებას, ვინაიდან დადგენილია, რომ მოსარჩელემ მოპასუხის ნაცვლად გადაიხადა აღნიშნული თანხა, მოპასუხეს მართებულად დაეკისრა მოსარჩელისთვის ამ ხარჯის ანაზღაურება (იხ. წინამდებარე განჩინების 4.22.-4.24. პუნქტები).
19. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, # 7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).
20. კასატორმა ვერ შეძლო დასაბუთებული საკასაციო პრეტენზიის წარმოდგენა, რითაც ვერ დაძლია გასაჩივრებული განჩინების ფაქტობრივ-სამართლებრივი დასაბუთება და ვერ შეძლო მისი გაბათილება სარწმუნო მტკიცებულებებით. საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით. ასეთ საფუძველზე ვერც კასატორი მიუთითებს. საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით. გასაჩივრებული განჩინება კანონიერია, ხოლო საკასაციო საჩივრის დასაშვებობის წინაპირობები არ არსებობს, რაც მისი არსებითად განსახილველად დაუშვებლად ცნობის სამართლებრივი საფუძველია.
21. სსსკ-ის 401.4 მუხლის თანახმად, საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის შემთხვევაში პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი. მოცემულ შემთხვევაში, ვინაიდან საკასაციო საჩივარი დაუშვებელია და კასატორს გადახდილი აქვს საკასაციო სამართალწარმოებისათვის განსაზღვრული სახელმწიფო ბაჟი - 8000 ლარი, მას უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70% – 5600 ლარი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სსსკ-ის 391-ე, 401-ე, 284-ე, 285-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. სს „ს.ნ.გ.კ–იის“ საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად.
2. სს „ს.ნ.გ.კ–იას“ (ს/ნ: .....) უკან დაუბრუნდეს მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის, 8000 ლარის (საგადახდო დავალება №90442, გადახდის თარიღი 25.01.2022წ.) 70% – 5600 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“ ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150.
3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე: გიორგი მიქაუტაძე
მოსამართლეები: თამარ ზამბახიძე
რევაზ ნადარაია