Facebook Twitter

საქმე №ას-1534-2022 24 სექტემბერი, 2024 წელი

თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

მოსამართლეები: გიორგი მიქაუტაძე (თავმჯდომარე),

თამარ ზამბახიძე (მომხსენებელი),

რევაზ ნადარაია

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

საკასაციო საჩივრის ავტორი – სს „ნ.ჰ–ო“ (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე – შპს „ს.მ.ჯ–ი“ (მოსარჩელე)

გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 28.09.2022 წლის განჩინება

საკასაციო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება, ახალი გადაწყვეტილების მიღება

დავის საგანი – თანხის დაკისრება

საკითხი, რომელზეც მიღებულია განჩინება – საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. შპს „ს.მ.ჯ–მა“ (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც „მოსარჩელე“, „შემსრულებელი“ ან „მენარდე“) სარჩელი აღძრა ზუგდიდის რაიონულ სასამართლოში სს „ნ.ჰ–ოს“ (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც „მოპასუხე“, „დამკვეთი“ ან „კასატორი“) მიმართ, შემდეგი სასარჩელო მოთხოვნებით:

1.1. მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისროს გაწეული მომსახურების საფასური 8000 ლარის ოდენობით;

1.2. მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისროს სარჩელის წარდგენის დროისათვის დარიცხული პირგასამტეხლო 3224 ლარის ოდენობით;

1.3. მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისროს პირგასამტეხლოს სახით, გადასახდელი თანხის 0.02%-ის გადახდა, ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე, სარჩელის აღძვრიდან - 08.12.2020 წლიდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე.

2. მოპასუხემ წარმოდგენილი შესაგებლითა და სასამართლო სხდომაზე მიცემული ახსნა-განმარტებით სარჩელი არ ცნო.

3. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:

ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 03.11.2021 წლის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; მოპასუხეს დაეკისრა მომსახურების ღირებულების - 8000 ლარის ანაზღაურება; პირგასამტეხლოს გადახდა 240 ლარის ოდენობით (8000 ლარის 3%); მომსახურების ანაზღაურების ვადის დარღვევის გამო, პირგასამტეხლოს გადახდა სარჩელის აღძვრის დღიდან, 08.12.2020 წლიდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე, ყოველდღიურად 0.16 ლარის ოდენობით (8000 ლარის 0.002% ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე).

4. გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილების ნაწილში სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოპასუხემ, მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით – სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.

5. სააპელაციო სასამართლოს განჩინების სარეზოლუციო ნაწილი და საფუძველი:

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 28.09.2022 წლის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და უცვლელად დარჩა ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 03.11.2021 წლის გადაწყვეტილება შემდეგი დასაბუთებით:

5.1. მოსარჩელესა და მოპასუხეს შორის 21.06.2019 წელს გაფორმდა მომსახურების ხელშეკრულება, რომლითაც მოსარჩელემ დამკვეთის მიერ თანხის გადახდის სანაცვლოდ იკისრა ვალდებულება სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონის, მესტიის რაიონის სოფელ ......, მდინარე ნენსკრაზე, ნენსკრა ჰესის მშენებლობის ინსპექტირებისა და საექსპერტო დასკვნების მომზადების შესახებ. თავის მხრივ, დამკვეთი ვალდებული იყო, ხელშეკრულებით განსაზღვრული პირობების შესაბამისად, გადაეხადა მომსახურების ღირებულება 8000 ლარის ოდენობით.

5.2. ხელშეკრულების 3.2. პუნქტის თანახმად, დამკვეთის მიერ მომსახურების ანაზღაურება განხორციელდება უნაღდო ანგარიშსწორების გზით, შემსრულებლის მიერ საექსპერტო შეფასებების (დასკვნების) წარდგენიდან და მომსახურების თაობაზე მხარეთა შორის შესაბამისი მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებიდან 10 (ათი) სამუშაო დღის ვადაში, შემსრულებლის მიერ ხელშეკრულებაში მითითებულ მის საბანკო ანგარიშზე ჩარიცხვის გზით. ამავე ხელშეკრულების 2.1. პუნქტით, შემსრულებელი ვალდებულია, სრულად და ჯეროვნად გასწიოს მომსახურება საპროექტო დოკუმენტაციის (თითოეული ნაწილი) სრულყოფილად წარმოდგენიდან 6-დან 26 დღემდე (სამუშაო დღე) ვადაში.

5.3. ხელშეკრულების გაფორმებამდე, 2019 წლის 15 მაისიდან 18 ივნისამდე პერიოდში, სახელშეკრულებო ურთიერთობის დაწყებისა და დასკვნის მომზადების მიზნით, მხარეების თანამშრომლებს შორის ხდებოდა დოკუმენტაციის ელექტრონული ფორმით გაცვლა, კერძოდ, შემსრულებელი აცნობებდა დამკვეთს, თუ რა სახის დოკუმენტაცია იყო მისთვის საჭირო დასკვნის მომზადებისთვის, ხოლო დამკვეთის წარმომადგენელი, თავის მხრივ, დოკუმენტაციას აწვდიდა მოსარჩელეს.

5.4. უკვე შემდგარი სახელშეკრულებო ურთიერთობის თავდაპირველ ეტაპზე შემსრულებელმა მიიჩნია, რომ დოკუმენტაცია მიეწოდა არასრულყოფილად, რაზეც დაუყოვნებლივ წერილობით აცნობა მოპასუხეს და მოსთხოვა დამატებითი დოკუმენტაციის წარდგენა. კერძოდ, მოპასუხის დირექტორის სახელზე 05.07.2019 წლის მოსარჩელის ტექნიკური დირექტორისა და პროექტების დეპარტამენტის ხელმძღვანელის მიერ გაგზავნილ წერილში აღნიშნულია, რომ 21.06.2019 წლის ხელშეკრულების საფუძველზე, ეგზავნებოდათ ინფორმაცია პროექტის ტექნოლოგიური ნაწილის მექანიკურ და ჰიდრომექანიკურ მოწყობილობებზე ნაკლული დოკუმენტაციის შესახებ. ამავე წერილში მითითებულია, რომ მოსანახია ის დოკუმენტები (ნახაზები, ანგარიშები...), სადაც განხილულია შემდეგი საკითხები: მშენებლობის ელ. მომარაგება, წყალმომარაგება, არსებული და დროებითი მისასვლელი გზები, ენერგეტიკული ანგარიშები, მეწყერსაშიში ადგილების შესწავლის ანგარიში და სამშენებლო მასალების კარიერების მოკვლევა. საქმეში განთავსებული მოპასუხის დირექტორის სახელზე მოსარჩელის ტექნიკური დირექტორისა და პროექტების დეპარტამენტის ხელმძღვანელის 09.07.2019 წლის წერილში კი აღნიშნულია, რომ პროექტში არ არის განხილული ჰესის ელემენტების (გენერატორები, ძალოვანი ტრანსფორმატორები, ელექტრო გადაცემის ხაზები, საკუთარი მოხმარების ტრანსფორმატორები, ძრავები და ა.შ.) რელეური დაცვის, მართვის, სიგნალიზაციისა და სასიტემო ავტომატიკის საკითხები.

5.5. დამატებითი დოკუმენტაციის მოთხოვნით მიმართვა მოპასუხეს სადავოდ არ გაუხდია, თუმცა აღნიშნა, რომ მოსარჩელეს დამატებითი დოკუმენტაცია გადაეცა და მასთან მასალების სისრულეზე შეთანხმება შედგა 26.08.2019 წლის შეხვედრაზე. სასამართლოს მიერ მოპასუხისათვის მიცემული შესაძლებლობის მიუხედავად, მოპასუხემ სასამართლოს ამ ფაქტის დამადასტურებელი მტკიცებულება ვერ წარუდგინა. შესაბამისად, სადავოა თარიღი, საიდანაც უნდა მოხდეს ხელშეკრულების შესრულების ვადის ათვლა.

5.6. საქმეში წარმოდგენილი 02.12.2019 წლის N003782 ინსპექტირების ანგარიშის თანახმად, ინსპექტირება დასრულდა 02 დეკემბერს. მენარდემ დასკვნის მომზადების თაობაზე შეტყობინება ელექტრონული წესით გაუგზავნა დამკვეთს 05.12.2019 წელს მის ოფიციალურ ელექტრონულ მისამართზე - info@.....ge. დამკვეთის აღნიშნული ელექტრონული მისამართი მითითებულია მეწარმეთა და არასამეწარმეო იურიდიული პირების რეესტრის ამონაწერში.

5.7. სააპელაციო პალატამ არ გაიზიარა მოპასუხის პრეტენზია ხელშეკრულებიდან გასვლის თაობაზე. ხელშეკრულებიდან გასვლა მეორე მხარისთვის შეტყობინების გზით ხორციელდება. საქმეში არ მოიპოვებოდა იმ გარემოების დამადასტურებელი მტკიცებულება, რომ მოპასუხემ მოსარჩელეს ხელშეკრულებიდან ცალმხრივად გასვლის შესახებ აცნობა. აღნიშნული გარემოების დადასტურება კი, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში სსსკ) მე-4 და 102-ე მუხლებიდან გამომდინარე, სწორედ მოპასუხის ვალდებულებას წარმოადგენდა.

5.8. სააპელაციო პალატამ მიუთითა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის (შემდეგში სსკ) 649-ე მუხლზე (თუ ხელშეკრულების თანახმად ან შესრულებული სამუშაოს ხასიათიდან გამომდინარე, საჭიროა მისი გადაცემა, მაშინ შემკვეთი მოვალეა მიიღოს შესრულებული სამუშაო. მიღებისთანავე შემკვეთი ვალდებულია გადაიხადოს საზღაური. სამუშაო მიღებულად ჩაითვლება, თუ შემკვეთი არ მიიღებს შესრულებულ სამუშაოს მენარდის მიერ დადგენილ ვადაში) და სრულად გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს მსჯელობა მასზე, რომ მხარეთა შორის არსებული ურთიერთობა იცნობდა ელექტრონული ფორმით დოკუმენტაციის გაცვლის შესაძლებლობას. შესაბამისად, მოპასუხის ოფიციალურ ელექტრონულ მისამართზე 05 დეკემბერს გაგზავნილი შეტყობინება, რომლითაც შემკვეთს ეცნობა საინჟინრო დასკვნის მომზადებისა და მიღების ვალდებულების თაობაზე, სრულ შესაბამისობაში იყო სსკ-ის 649-ე და 328.2-ე მუხლებთან, რომელთა მიხედვითაც, დამკვეთი მოვალე იყო მიეღო შესრულებული სამუშაო და მიღებისთანავე გადაეხადა საზღაური.

5.9. ინსპექტირების ანგარიშის შეთანხმებულ პირობებთან შეუსაბამობის თაობაზე შესაგებელი კვალიფიციურ შედავებას არ შეიცავს. მოპასუხე აცხადებს, რომ საკითხები, რომლებზეც ნამსჯელია დასკვნაში, ზოგ ნაწილში არარელევანტურია და ექსპერტის მსჯელობა სცდება ხელშეკრულებით მოთხოვნილი საკითხების ფარგლებს. გამომდინარე იქიდან, რომ ხელშეკრულება არ შეიცავდა შეთანხმებას უპირობოდ დადებითი დასკვნის შედგენის თაობაზე, სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ საექსპერტო დასკვნა ხელშეკრულების 1.1. პუნქტთან შესაბამისობაში იყო, ხოლო მხარის მოსაზრება - უსაფუძვლო.

5.10. რაც შეეხება მომსახურების ანაზღაურების ვადის დარღვევის გამო პირგასამტეხლოს დაკისრებას, სააპელაციო პალატამ მიუთითა სსკ-ის 361-ე მუხლის მე-2 ნაწილზე (ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, დათქმულ დროსა და ადგილას), ამავე კოდექსის 417-418-ე მუხლებზე (პირგასამტეხლო არის მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა, რომელიც მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის. ხელშეკრულების მხარეებს შეუძლიათ თავისუფლად განსაზღვრონ პირგასამტეხლო, რომელიც შეიძლება აღემატებოდეს შესაძლო ზიანს. შეთანხმება პირგასამტეხლოს შესახებ მოითხოვს წერილობით ფორმას), ასევე, მიუთითა პირგასამტეხლოს დაკისრების მიზნებსა და დანიშნულებაზე და განმარტა, რომ, განსახილველ შემთხვევაში, პირგასამტეხლო მხარეთა შორის წერილობით იყო შეთანხმებული, კერძოდ, ხელშეკრულების მე-4 პუნქტში გაწერილი იყო მხარეთა პასუხისმგებლობის შესახებ; 4.7 პუნქტის თანახმად, იმ შემთხვევაში, თუ დამკვეთი უსაფუძვლოდ გააჭიანურებდა შესრულების მიღებას, მიუხედავად შემსრულებლის მიერ წინამდებარე ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების სრულად ჯეროვანი შესრულებისა, მომსახურების შემსრულებლის მოთხოვნის საფუძველზე, დამკვეთი ვალდებული იყო გადაეხადა ჯარიმა, წინამდებარე ხელშეკრულებით გათვალისწინებული ღირებულების 30%-ის ოდენობით. ამავე ხელშეკრულების 4.9 პუნქტის თანახმად კი, დამკვეთის მიერ ხელშეკრულებით გათვალისწინებული მომსახურების ღირებულების ვადის დარღვევის შემთხვევაში, მომსახურების შემსრულებელი უფლებამოსილი იყო დამკვეთისათვის დაეკისრებინა, ხოლო დამკვეთი ვალდებული იყო გადაეხადა პირგასამტეხლო, ღირებულების 0.02%-ის ოდენობით ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე. სააპელაციო პალატამ დადგენილად მიიჩნია, რომ დამკვეთსა და შემსრულებელს შორის დასკვნის ჩაბარების თაობაზე მიღება-ჩაბარების აქტი არ შემდგარა. იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ მენარდემ ნაკისრი ვალდებულება შეასრულა ჯეროვნად, ხოლო შემკვეთს მომსახურების ღირებულება არ ჰქონდა ანაზღაურებული, მხარეთა შორის დადებული ხელშეკრულების 4.7, 4.9 პუნქტებისა და სსკ-ის 417-418-ე, 420-ე მუხლების საფუძველზე, სააპელაციო პალატამ დასაბუთებულად მიიჩნია პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება მომსახურების ანაზღაურების ვადის დარღვევის გამო შემცირებული ოდენობით პირგასამტეხლოს დაკისრების ნაწილშიც.

6. საკასაციო საჩივრის მოთხოვნა:

სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა მოპასუხემ, მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება.

7. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის განჩინებით მოპასუხის საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა, სსსკ-ის 391-ე მუხლის მიხედვით, დასაშვებობის შესამოწმებლად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სსსკ-ის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც ის დაუშვებელია:

8. სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას ან/და მის დამატებით ოქმს/ოქმებს და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი საფუძვლით.

9. სსსკ-ის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურსამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. კასატორს, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით, არ წარმოუდგენია დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).

10. საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ სსსკ-ის 404-ე მუხლის პირველი ნაწილის დისპოზიციიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას საკასაციო საჩივრის ფარგლებში. საკასაციო სასამართლოს არ შეუძლია თავისი ინიციატივით შეამოწმოს საპროცესო დარღვევები, გარდა 396-ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტში მითითებული ფაქტებისა. შესაბამისად, წინამდებარე განჩინებით საკასაციო პალატის შეფასების საგანია კასატორის შედავების საფუძვლიანობა.

11. უშუალოდ საკასაციო საჩივრის არგუმენტების განხილვამდე, საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ სამოქალაქო საქმეებზე დასაბუთებული გადაწყვეტილების მიღებისა და, ზოგადად, მართლმსაჯულების განხორციელების უწინარეს საფუძველს წარმოადგენს იმის სწორად განსაზღვრა, თუ რა სამართლებრივი საფუძვლიდან გამომდინარეობს მხარეთა შორის წარმოშობილი დავა. ამ მიზნით, საქმის განმხილველმა სასამართლომ, პირველყოვლისა, უნდა დაადგინოს მოთხოვნის მატერიალური საფუძველი [მოთხოვნის დამფუძნებელი ნორმა]. მხოლოდ ამის შემდეგ უნდა გამოარკვიოს მოძიებული ნორმის წინაპირობები, მისი აბსტრაქტული შემადგენლობა და შეამოწმოს განხორციელებულია თუ არა განსახილველ საქმეზე ყველა მათგანი. ამ ასპექტში, ფორმალურ-სამართლებრივი თვალსაზრისით, სასამართლო შეზღუდულია სარჩელის ფაქტობრივი გარემოებებით: იგი ამოწმებს რომელ კონკრეტულ ფაქტობრივ გარემოებებზე მიუთითებს მოსარჩელე, ქმნიან თუ არა ისინი დამფუძნებელი ნორმის უკლებლივ ყველა წანამძღვარს. ამის შემდეგ მოწმდება, მოპასუხის პოზიცია რამდენად აქარწყლებს წარმოშობილ წანამძღვრებს (პროცესუალური და მატერიალური თვალსაზრისით) (სუსგ №ას-53-49-2017, 07.04.2017წ.).

12. შესრულებული სამუშაოს ღირებულებისა და პირგასამტეხლოს დაკისრების თაობაზე მოპასუხის მიმართ მოსარჩელის მოთხოვნის ფაქტობრივი შემადგენლობა (აღწერილობა) განაპირობებს მის სამართლებრივ მოწესრიგებას სსკ-ის 629.1 (ნარდობის ხელშეკრულებით მენარდე კისრულობს შეასრულოს ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაო, ხოლო შემკვეთი ვალდებულია გადაუხადოს მენარდეს შეთანხმებული საზღაური) და 417-ე (პირგასამტეხლო – მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა – მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის) მუხლების საფუძველზე.

13. სამოქალაქო კოდექსი აღიარებს და ეფუძნება „pacta sunt servanda-ს“ (ხელშეკრულება უნდა შესრულდეს) პრინციპს, რომლის თანახმად, ხელშეკრულების მხარემ, რომელმაც იკისრა ვალდებულება, უნდა შეასრულოს ხელშეკრულებით მისივე ნებით შეთანხმებული უფლება-მოვალეობები. შესრულების ვალდებულება, პირველ რიგში, ხელშეკრულებით გათვალისწინებული შედეგის დადგომას გულისხმობს. სსკ-ის 361-ე მუხლის მეორე ნაწილის მიხედვით, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას. ამ მოთხოვნათა შეუსრულებლობა ვალდებულების დარღვევაა და იწვევს მოთხოვნის უფლებას იმ მხარისათვის, რომლის მიმართაც და ინტერესთა საზიანოდ შეთანხმების პირობები დაირღვა (სუსგ №ას-696-696-2018, 06.07.2018წ.).

14. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ მართებულად დაადგინა სამართლებრივი შედეგის განმაპირობებელი ყველა ფაქტობრივი წანამძღვარი, კერძოდ, დადგენილია და საკასაციო საჩივრით დასაბუთებული პრეტენზია წარმოდგენილი არ არის, რომ მოსარჩელემ შეთანხმებული ვალდებულება შეასრულა ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროს. შესრულებული სამუშაოს ღირებულება შეადგენს 8000 ლარს, თუმცა მოპასუხეს მოსარჩელისთვის აღნიშნული თანხა არ გადაუხდია. შესაბამისად, მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ მართებულად დაეკისრა შესრულებული სამუშაოს ღირებულების ანაზღაურება.

15. სააპელაციო სასამართლომ მხარეთა შორის მართებულად გადაანაწილა მტკიცების ტვირთი, როდესაც დამატებითი დოკუმენტაციის შემკვეთის მიერ მენარდისათვის 26.08.2019 წელს გადაცემის ფაქტის (რომელსაც უკავშირდებოდა მენარდის მიერ სამუშაოს შესრულების ვადის ათვლა) მტკიცება დააკისრა შემკვეთს. მოპასუხეს არ აქვს წარმოდგენილი დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება) მასზე, რომ არ დასტურდება მოპასუხის მიერ მოსარჩელისათვის დამატებითი მასალის 26.08.2019 წელს მიწოდების ფაქტი. კასატორის პრეტენზიაზე, რომ მის მიერ პირველი ინსტანციის სასამართლოში 07.10.2021 წელს წარდგენილი მოწმეთა განცხადებებით დგინდება მითითებულ დროს დოკუმენტების საბოლოო გადაცემა, პალატა განმარტავს შემდეგს: საქმეში წარმოდგენილი განცხადებები, მათ შორის სანოტარო წესით დამოწმებული (ტ.1, ს.ფ.217-229), მოწმის ჩვენებად ვერ შეფასდება. სსსკ-ის 140-ე მუხლის პირველი ნაწილით, მოწმედ შეიძლება იყოს ყოველი პირი, რომლისთვისაც ცნობილია რაიმე გარემოება საქმის შესახებ. მოწმე ჩვენებას იძლევა სასამართლოში მის მიერ ახსნა-განმარტების მიცემით (სსსკ-ის 147-148-ე მუხლები). ამდენად, მოწმეების განმარტებები მტკიცებულებად მხოლოდ იმ შემთხვევაში შეიძლება ჩაითვალოს, თუ ისინი სასამართლო სხდომაზე დაიკითხნენ. აღნიშნულის თაობაზე სასამართლო განუმარტავს მხარეებს. სწორედ სასამართლოა მათი საპროცესო უფლებების სრულყოფილად რეალიზების გარანტი. მნიშვნელოვანია, ორივე მხარეს ჰქონდეს მოწმისთვის კითხვის დასმის საშუალება (სსსკ-ის 148.4). მოწმის სანოტარო წესით დადასტურებული ახსნა-განმარტება არ წარმოადგენს საპროცესო კანონმდებლობით დადგენილ მტკიცებულებას (სუსგ №ას-545-508-2017, 21.09.2017წ; №ას-207-2019, 24.12.2020წ.). სასამართლომ მოწმე შეიძლება დაიბაროს მხოლოდ მხარის შუამდგომლობის საფუძველზე (სსსკ-ის 178-ე და 140.3 მუხლები).

16. რაც შეეხება სამუშაოს შესრულების მიღების მხარეთა შეთანხმებით გათვალისწინებული წესით დაუდასტურებლობას (არ გაფორმებულა მიღება-ჩაბარების აქტი), პალატა მიუთითებს, რომ ნარდობის ხელშეკრულების მარეგულირებელი ნორმების (სსკ-ის 629-656-ე მუხლები) არცერთი დანაწესით კანონმდებელი იმპერატიულად არ აწესებს ვალდებულების შესრულებულად მიჩნევის შესაძლებლობას მხოლოდ მიღება-ჩაბარების აქტის შედგენის გზით. მართალია, ხელშეკრულების მხარეები შეთანხმდნენ შესრულებული სამუშაოს მიღება-ჩაბარების ფორმაზე, მაგრამ მიღება-ჩაბარების აქტის შეუდგენლობა, იმ შემთხვევაში, თუ სხვა მტკიცებულებით უტყუარად დადასტურდება კონკრეტულ დროს ვალდებულების შესრულება, არ შეიძლება, საფუძვლად დაედოს ამ ვადაში ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოების შეუსრულებლად ან/და ვადაგადაცილებით შესრულებულად მიჩნევას (შდრ. სუსგ №ას-323-307-2011, 01.12.2011წ; №ას-939-879-2017, 29.09.2017წ; №ას-215-2022, 20.10.2022წ., პ.21).

17. კასატორი ასევე აღნიშნავს, რომ შესრულებული სამუშაოს ღირებულების აუნაზღაურებლობა განპირობებულია იმით, რომ მას უარი აქვს ხელშეკრულებაზე ნათქვამი. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ სსკ-ის 636-ე მუხლი (შემკვეთს უფლება აქვს სამუშაოს დასრულებამდე ნებისმიერ დროს თქვას უარი ხელშეკრულებაზე, მაგრამ მან უნდა აუნაზღაუროს მენარდეს შესრულებული სამუშაო და ხელშეკრულების მოშლით მიყენებული ზიანი), რომელიც ნარდობის ხელშეკრულებისათვის დამახასიათებელი ე.წ. სპეციალური, „საგამონაკლისო“ ნორმაა, შემკვეთს შესაძლებლობას აძლევს ნებისმიერ დროს, კერძოდ, მენარდის მიერ ხელშეკრულების დარღვევის გარეშეც, ხელშეკრულებაზე განაცხადოს უარი. მოპასუხის მიერ ასეთი ნების გამოვლენა არ დასტურდება. მოცემულ შემთხვევაში, შემკვეთი ამ უფლების რეალიზაციაზე კი არ აპელირებს, არამედ ვალდებულების არაჯეროვანი შესრულების გამო შესრულების მიმართ ინტერესის დაკარგვასა და ამ მოტივით, ხელშეკრულებიდან გასვლაზე მიუთითებს. შემკვეთის მეორადი მოთხოვნა ხელშეკრულებიდან გასვლის სახით მხოლოდ სსკ-ის 644-ე მუხლზე დაყრდნობით ვერ განხორციელდება, ვინაიდან ამ ნორმაში უშუალოდ არის მითითებული სსკ-ის 405-ე მუხლის ზოგადი მოთხოვნის საფუძველზე, რომელიც, თავის მხრივ, სსკ-ის 352-359-ე მუხლებს უთითებს. შესაბამისად, შემკვეთის მიერ ნარდობის ხელშეკრულებიდან გასვლის მოთხოვნის სამართლებრივი საფუძველია სსკ-ის 644-ე მუხლი, სსკ-ის 352-ე და 405-ე მუხლებთან ურთიერთკავშირში, რაც სამოქალაქო პროცესში არსებული შეჯიბრებითობის პირობებში, სასამართლოს შესაბამისი ნორმებით გათვალისწინებული წინაპირობების კვლევას ავალდებულებს. როგორც მოპასუხის შესაგებელი, ისე საკასაციო საჩივარი, ამ კუთხით დაუსაბუთებელია. სსკ-ის 649-ე მუხლით, თუ ხელშეკრულების თანახმად ან შესრულებული სამუშაოს ხასიათიდან გამომდინარე, საჭიროა მისი გადაცემა, მაშინ შემკვეთი მოვალეა მიიღოს შესრულებული სამუშაო. მიღებისთანავე შემკვეთი ვალდებულია გადაიხადოს საზღაური. სამუშაო მიღებულად ჩაითვლება, თუ შემკვეთი არ მიიღებს შესრულებულ სამუშაოს მენარდის მიერ დადგენილ ვადაში.

18. პალატა აქვე განმარტავს, რომ სსსკ-ის მე-4 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები. ამავე კოდექსის 102-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილების მიხედვით, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, ფაქტების კონსტატაციის მასალებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით. დასახელებული ნორმების თანახმად, სამოქალაქო პროცესში მხარეები ვალდებული არიან, სათანადო მტკიცებულებების წარდგენის გზით დაადასტურონ თავიანთი პოზიციის გასამყარებლად მითითებული გარემოებების არსებობა. კანონით გათვალისწინებული შემთხვევების გარდა, რომელიც ადგენს მხარეთა შორის მტკიცების ტვირთის განაწილების სპეციფიკურ წესს, მოსარჩელეს ევალება სასარჩელო განცხადებაში ასახული ფაქტების მტკიცება, ხოლო მოპასუხე მოვალეა, სარჩელისაგან თავდაცვის მიზნით, ქმედითად უარყოს მოსარჩელის არგუმენტები, წარადგინოს იმგვარი მტკიცებულებები, რომლებიც გააქარწყლებს მოსარჩელის მიერ დასახელებულ ფაქტებს. სსსკ-ის 105-ე მუხლი ადგენს სასამართლოს მხრიდან მხარეთა მიერ მითითებული გარემოებების შეფასების პირობებს, კერძოდ, სასამართლოსათვის არავითარ მტკიცებულებას არა აქვს წინასწარ დადგენილი ძალა. სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ. მოსაზრებები, რომლებიც საფუძვლად უდევს სასამართლოს შინაგან რწმენას, უნდა აისახოს გადაწყვეტილებაში. ამდენად, სადავო გარემოებების დადგენისას, სასამართლო იმსჯელებს საქმეში წარმოდგენილ მხარეთა განმარტებებზე, წერილობით დოკუმენტებსა და სხვა მტკიცებულებებზე ერთობლივად, რომლის ურთიერთშეჯერებით გადაწყვეტს, სარწმუნოდ მიიჩნიოს თუ არა ამა თუ იმ ფაქტის არსებობა (სუსგ №ას-584-543-2017, 06.06.2017წ; №ას-484-2019, 30.10.2020წ.).

19. რაც შეეხება მოპასუხისთვის პირგასამტეხლოს დაკისრებას, აღნიშნულთან დაკავშირებით საკასაციო საჩივარი რაიმე პრეტენზიას არ შეიცავს.

20. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, # 7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).

21. კასატორმა ვერ შეძლო დასაბუთებული საკასაციო პრეტენზიის წარმოდგენა, რითაც ვერ დაძლია გასაჩივრებული განჩინების ფაქტობრივ-სამართლებრივი დასაბუთება და ვერ შეძლო მისი გაბათილება სარწმუნო მტკიცებულებებით. საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით. ასეთ საფუძველზე ვერც კასატორი მიუთითებს. საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით. გასაჩივრებული განჩინება კანონიერია, ხოლო საკასაციო საჩივრის დასაშვებობის წინაპირობები არ არსებობს, რაც მისი არსებითად განსახილველად დაუშვებლად ცნობის სამართლებრივი საფუძველია.

22. სსსკ-ის 401.4 მუხლის თანახმად, საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის შემთხვევაში პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი. მოცემულ შემთხვევაში, ვინაიდან საკასაციო საჩივარი დაუშვებელია და კასატორს გადახდილი აქვს საკასაციო სამართალწარმოებისათვის განსაზღვრული სახელმწიფო ბაჟი - 427.63 ლარი, მას უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70% – 299.34 ლარი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სსსკ-ის 391-ე, 401-ე, 284-ე, 285-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. სს „ნ.ჰ–ოს“ საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად.

2. სს „ნ.ჰ–ოს“ (ს/კ: .......) უკან დაუბრუნდეს ს. ს–ას მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის, 427.63 ლარის (საგადახდო დავალება 15122674410, გადახდის თარიღი 16.11.2022წ.) 70% – 299.34 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“ ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150.

3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე: გიორგი მიქაუტაძე

მოსამართლეები: თამარ ზამბახიძე

რევაზ ნადარაია