საქმე №ას-86-2024 30 მაისი, 2024 წელი,
თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
მოსამართლეები: გიორგი მიქაუტაძე (თავმჯდომარე),
თამარ ზამბახიძე (მომხსენებელი),
რევაზ ნადარაია
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
საკასაციო საჩივრის ავტორი – სს „ს–ი“ (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე – შპს „ე.დ.“ (მოსარჩელე)
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 29.11.2023 წლის განჩინება
საკასაციო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება, ახალი გადაწყვეტილებით - სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა
დავის საგანი – თანხის დაკისრება
საკითხი, რომელზეც მიღებულია განჩინება – საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:
1. მცხეთის რაიონული სასამართლოს 29.12.2022 წლის გადაწყვეტილებით შპს „ე.დ–ს“ (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც „მოსარჩელე“) სარჩელი სს „ს–ის“ (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც „მოპასუხე“ ან „კასატორი“) მიმართ დაკმაყოფილდა; მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა 30.08.2019 წლის მომსახურების ხელშეკრულებიდან გამომდინარე მომსახურების საფასურის - 9500 ლარის გადახდა; მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შეუსრულებლობისათვის პირგასამტეხლო, ჯამურად - 4446 ლარი.
2. გადაწყვეტილება სააპელაციო საჩივრით გაასაჩივრა მოპასუხემ, მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
სააპელაციო სასამართლოს განჩინების სარეზოლუციო ნაწილი და საფუძველი:
3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 29.11.2023 წლის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა გასაჩივრებული გადაწყვეტილება. განჩინება ეფუძნება შემდეგს:
3.1. 30.08.2019 წელს მოსარჩელესა და მოპასუხეს შორის დაიდო მომსახურების ხელშეკრულება, რომლის საგანს წარმოადგენდა მოპასუხის საკუთრებაში არსებულ ობიექტზე (მისამართი: დუშეთის მუნიციპალიტეტი, სოფელი ....... (ბ...) ს.კ: ........) საჰაერო ელექტროგადამცემი ხაზის ქვეშ 3 (სამი) მეტრი სიგანის ტრასის მთელ სიგრძეზე (2 კმ) არსებული ხე-მცენარეების აღწერა. აღწერილი ხე-ტყის მოსაჭრელად აუცილებელი შესაბამისი ნებართვების აღება და ხე-ტყის დამუშავება, გადმოზიდვა, სსიპ დაცული ტერიტორიების სააგენტოს მიერ წინასწარ გამოყოფილ ადგილზე მიტანა-დასაწყობება.
3.2. №2 შეთანხმების საფუძველზე, განხორციელდა ცვლილება 30.08.2019 წლის მომსახურების ხელშეკრულებაში, კერძოდ, დაზუსტდა შესასრულებელი სამუშაო („სს „ს–ის“ საკუთრებაში არსებულ ობიექტზე (მისამართი: დუშეთის მუნიციპალიტეტი, სოფ. .......(ბ....) ს.კ ..........) საჰაერო ელექტროგადამცემი ხაზის ქვეშ 6 (ექვსი) მეტრი სიგანის ტრასის მთელ სიგრძეზე (2 კმ) არსებული ხე-მცენარეების აღწერა. აღწერილი ხე-ტყის მოსაჭრელად აუცილებელი ნებართვის ასაღებად საჭირო დოკუმენტაციის მომზადებას“. იხ. შეთანხმების 1.1.1. პუნქტი) შესრულების ვადები, მომსახურების ფასები და შეთანხმების 1.1.1. პუნქტით გათვალისწინებული მომსახურების ღირებულება განისაზღვრა 9500 ლარით დღგ-ს ჩათვლით.
3.3. მოსარჩელესა და მოპასუხეს შორის 21.10.2019 წელს შედგა შესრულებული სამუშაოების მიღება-ჩაბარების შესახებ აქტი, რომლის თანახმად, სამუშაოების შესრულებაზე მხარეთა მოლაპარაკების შესაბამისად, გადასახდელი თანხა შეადგენს 9500 ლარს დღგ-ს ჩათვლით.
3.4. 29.10.2019 წლის საგადასახადო ანგარიშფაქტურის საფუძველზე (დადასტურებულია 14.11.2019 წელს) მოსარჩელემ გადაიხადა დღგ-ს თანხა 1449.1500 ლარის ოდენობით.
3.5. საქმის მასალებში წარმოდგენილი 2020 წლის 17 თებერვლის, 11 მარტისა და 2021 წლის 08 აპრილის წერილებით დასტურდება, რომ მოსარჩელემ მოპასუხეს მოსთხოვა მომსახურების საფასურის - 9500 ლარის ანაზღაურება და, ამასთანავე, აცნობა, რომ მომსახურების ღირებულების გადაუხდელობის გამო, 18.02.2020 წლიდან ერიცხება ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირგასამტეხლო ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე გადაუხდელი თანხის 0.1%-ის ოდენობით. 11.03.2020 წლის წერილით მოპასუხეს ეცნობა 11.04.2020 წლიდან ხელშეკრულების ცალმხრივად შეწყვეტის შესახებაც.
3.6. მოსარჩელე სარჩელში მიუთითებს, რომ შეასრულა ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება, რის გამოც გადასახდელმა თანხამ შეადგინა 9500 ლარი, თუმცა, მიუხედავად არაერთი მოთხოვნისა, მოპასუხეს საპასუხო ვალდებულება ანაზღაურების შესახებ არ შეუსრულებია. გარდა ამისა, თანხის გადახდის ვადის დარღვევის გამო, მოპასუხეს ერიცხება ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირგასამტეხლო - 4446 ლარი. მოსარჩელის მიერ მოთხოვნის დასასაბუთებლად მტკიცებულების სახით წარმოდგენილია, ასევე, ტყეკაფის აღრიცხვის უწყისი, ტყეკაფის გამოყოფის თაობაზე ხელშეკრულება, მიღება-ჩაბარების აქტი (13.10.2019წ.), მხარეთა შორის განხორციელებული ელექტრონული მიმოწერის მასალები. მოპასუხემ წარდგენილ შესაგებელში მიუთითა, რომ მოსარჩელეს ხელშეკრულება არ შეუსრულებია სრულად, დათქმულ დროსა და ჯეროვნად. პალატამ აღნიშნა, რომ მიუხედავად ზემოაღნიშნული მითითებისა, მოპასუხეს არ წარმოუდგენია შესაბამისი არგუმენტები და მტკიცებულებები, თუ რაში გამოიხატა არაჯეროვანი შესრულება. სააპელაციო პალატამ არ გაიზიარა მოპასუხის პოზიცია, რომ მოსარჩელის მიერ შესრულებულ მომსახურებასთან დაკავშირებით გამოიკვეთა ხარვეზები, მოსარჩელეს ხე-მცენარეების აღწერა, მოჭრის შესაბამისი ნებართვის მოპოვება და მოჭრილი ხეების გადაზიდვა წინასწარ განსაზღვრულ - ხელშეკრულების გაფორმებიდან 5 სამუშაო დღის ვადაში უნდა განეხორციელებინა, რის დასადასტურებლადაც მოპასუხე უთითებს ელექტრონული მიმოწერის მასალებზე. პალატამ აღნიშნა, რომ ელექტრონული მიმოწერა, რომელზეც მოპასუხე აპელირებს და რომელიც ერთვის შესაგებელს, განხორციელებულია 2019 წლის ოქტომბერსა და ნოემბერში. აღნიშნული ვერ მიიჩნევა ხელშეკრულების არაჯეროვანი შესრულების დამადასტურებელ მტკიცებულებად, ვინაიდან დადგენილია, რომ 04.12.2019 წელს მხარეთა შორის გაფორმდა №2 შეთანხმება, რომლითაც დაზუსტდა შესრულების ვადები და განისაზღვრა მომსახურების ფასები. მტკიცებულებები იმის შესახებ, რომ მოსარჩელემ დაარღვია ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულების შესრულების ვადა ან სხვა პირობა, რომელიც არაჯეროვანი შესრულების შესახებ დასკვნის გაკეთების საფუძველი იქნებოდა, მოპასუხის მიერ წარმოდგენილი არ ყოფილა. აღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ მოპასუხემ ვერ დაადასტურა მისი მტკიცების საგანში შემავალი სადავო ფაქტობრივი გარემოება მოსარჩელის მიერ ხელშეკრულების არაჯეროვანი შესრულების შესახებ.
3.7. სააპელაციო სასამართლომ არ გაიზიარა მოპასუხის მითითება დაკისრებული პირგასამტეხლოს არაგონივრულ ოდენობასთან დაკავშირებით. პალატის მითითებით, იმ პირობებში, როდესაც მოპასუხეს არ განუხორციელებია კვალიფიციური შედავება, არ არსებობდა მოთხოვნილი პირგასამტეხლოს ოდენობის შემცირების საფუძველი.
3.8. სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის (შემდეგში სსკ) 417-ე-418-ე მუხლებით, 327-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით, 361-ე მუხლის მე-2 ნაწილით, 629-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით. პალატის მითითებით, იმის გათვალისწინებით, რომ მოპასუხემ ვერ დაადასტურა მოსარჩელის მიერ ხელშეკრულების არაჯეროვნად შესრულების ფაქტი, მოპასუხეს სწორად დაეკისრა შესრულებული სამუშაოს ღირებულებისა და თანხის გადახდის ვადის დარღვევის გამო დარიცხული პირგასამტეხლოს ანაზღაურება.
საკასაციო საჩივრის მოთხოვნა:
4. სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე საკასაციო საჩივარი წარადგინა მოპასუხემ, მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით - სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
5. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის განჩინებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში სსსკ) 391-ე მუხლის მიხედვით, საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა დასაშვებობის შესამოწმებლად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სსსკ-ის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც ის დაუშვებელია:
6. სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას ან/და მის დამატებით ოქმს/ოქმებს და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი საფუძვლით.
7. სსსკ-ის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურსამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. კასატორს, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით, არ წარმოუდგენია დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).
8. სსკ-ის 319-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, კერძო სამართლის სუბიექტებს შეუძლიათ კანონის ფარგლებში თავისუფლად დადონ ხელშეკრულებები და განსაზღვრონ ამ ხელშეკრულებათა შინაარსი. ხელშეკრულების თავისუფლების პრინციპი, რომელსაც აღნიშნული ნორმა განამტკიცებს, მოიცავს, როგორც თავისუფალი კონტრაჰირების, ისე ხელშეკრულების პირობებზე შეთანხმების თავისუფლებას (სსკ-ის 319-ე და 327-ე მუხლები). სსკ-ის 327-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად, ხელშეკრულება დადებულად ითვლება, თუ მხარეები მის ყველა არსებით პირობაზე შეთანხმდნენ საამისოდ გათვალისწინებული ფორმით. არსებითად ჩაითვლება ხელშეკრულების ის პირობები, რომლებზედაც ერთ-ერთი მხარის მოთხოვნით მიღწეულ უნდა იქნეს შეთანხმება, ანდა რომლებიც ასეთად მიჩნეულია კანონის მიერ.
9. 30.08.2019 წელს მოსარჩელესა და მოპასუხეს შორის დაიდო მომსახურების ხელშეკრულება, რომლის პირობებიც მოგვიანებით დაზუსტდა (ს.ფ. 18-22; 26-27). მხარეთა შორის გაფორმებულია შესრულებული სამუშაოების მიღება-ჩაბარების შესახებ აქტი, რომლის თანახმად, გადასახდელი თანხა შეადგენს 9500 ლარს დღგ-ს ჩათვლით (ს.ფ. 24).
10. შესრულებული სამუშაოს ღირებულებისა და პირგასამტეხლოს დაკისრების თაობაზე მოპასუხის მიმართ მოსარჩელის მოთხოვნის ფაქტობრივი შემადგენლობა (აღწერილობა) განაპირობებს მის სამართლებრივ მოწესრიგებას სსკ-ის 629.1 (ნარდობის ხელშეკრულებით მენარდე კისრულობს შეასრულოს ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაო, ხოლო შემკვეთი ვალდებულია გადაუხადოს მენარდეს შეთანხმებული საზღაური) და 417-ე (პირგასამტეხლო – მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა – მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის) მუხლების საფუძველზე.
11. სამოქალაქო კოდექსი აღიარებს და ეფუძნება „pacta sunt servanda-ს“ (ხელშეკრულება უნდა შესრულდეს) პრინციპს, რომლის თანახმად, ხელშეკრულების მხარემ, რომელმაც იკისრა ვალდებულება, უნდა შეასრულოს ხელშეკრულებით მისივე ნებით შეთანხმებული უფლება-მოვალეობები. შესრულების ვალდებულება, პირველ რიგში, ხელშეკრულებით გათვალისწინებული შედეგის დადგომას გულისხმობს. სსკ-ის 361-ე მუხლის მეორე ნაწილის მიხედვით, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას. ამ მოთხოვნათა შეუსრულებლობა ვალდებულების დარღვევაა და იწვევს მოთხოვნის უფლებას იმ მხარისათვის, რომლის მიმართაც და ინტერესთა საზიანოდ შეთანხმების პირობები დაირღვა (სუსგ №ას-696-696-2018, 06.07.2018წ.).
12. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ სწორად დაადგინა სამართლებრივი შედეგის განმაპირობებელი ყველა ფაქტობრივი წანამძღვარი, კერძოდ, დადგენილია და საკასაციო საჩივრით დასაბუთებული პრეტენზია წარმოდგენილი არ არის, რომ მოსარჩელემ შეთანხმებული ვალდებულება შეასრულა, შესრულებული სამუშაოს ღირებულება შეადგენს 9500 ლარს, თუმცა მოპასუხეს მოსარჩელისთვის აღნიშნული თანხა არ აუნაზღაურებია. შესაბამისად, მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ მართებულად დაეკისრა შესრულებული სამუშაოს ღირებულების გადახდა. მოპასუხე მიუთითებს მოსარჩელის მიერ ვალდებულების არაჯეროვან შესრულებაზე, თუმცა მან ამ გარემოების დადასტურება ვერ შეძლო. სსსკ-ის მე-4 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები. ამავე კოდექსის 102-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილების მიხედვით, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, ფაქტების კონსტატაციის მასალებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით. დასახელებული ნორმების თანახმად, სამოქალაქო პროცესში მხარეები ვალდებული არიან, სათანადო მტკიცებულებების წარდგენის გზით დაადასტურონ თავიანთი პოზიციის გასამყარებლად მითითებული გარემოებების არსებობა. კანონით გათვალისწინებული შემთხვევების გარდა, რომელიც ადგენს მხარეთა შორის მტკიცების ტვირთის განაწილების სპეციფიკურ წესს, მოსარჩელეს ევალება სასარჩელო განცხადებაში ასახული ფაქტების მტკიცება, ხოლო მოპასუხე მოვალეა, სარჩელისაგან თავდაცვის მიზნით, ქმედითად უარყოს მოსარჩელის არგუმენტები, წარადგინოს იმგვარი მტკიცებულებები, რომლებიც გააქარწყლებს მოსარჩელის მიერ დასახელებულ ფაქტებს. სსსკ-ის 105-ე მუხლი ადგენს სასამართლოს მხრიდან მხარეთა მიერ მითითებული გარემოებების შეფასების პირობებს, კერძოდ, სასამართლოსათვის არავითარ მტკიცებულებას არა აქვს წინასწარ დადგენილი ძალა. სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ. მოსაზრებები, რომლებიც საფუძვლად უდევს სასამართლოს შინაგან რწმენას, უნდა აისახოს გადაწყვეტილებაში. ამდენად, სადავო გარემოებების დადგენისას, სასამართლო იმსჯელებს საქმეში წარმოდგენილ მხარეთა განმარტებებზე, წერილობით დოკუმენტებსა და სხვა მტკიცებულებებზე ერთობლივად, რომლის ურთიერთშეჯერებით გადაწყვეტს, სარწმუნოდ მიიჩნიოს თუ არა ამა თუ იმ ფაქტის არსებობა (სუსგ №ას-584-543-2017, 06.06.2017წ; №ას-484-2019, 30.10.2020წ.).
13. საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძველი ვერ გახდება კასატორის პრეტენზია მისთვის დაკისრებული პირგასამტეხლოს შეუსაბამოდ მაღალ ოდენობასთან დაკავშირებით. საკასაციო სასამართლომ პირგასამტეხლოს თაობაზე არაერთ საქმეზე განმარტა, რომ კანონმდებლობით პირგასამტეხლო მხარეთა მიერ ნების თავისუფალი გამოვლენის გზით მიღწეული შეთანხმებაა, თუმცა იგი არ წარმოადგენს მხარეთა აბსოლუტურ უფლებას და კვალიფიციური შედავების პირობებში, სასამართლო უფლებამოსილია, შეაფასოს კრედიტორის მიერ მოთხოვნილი ოდენობით პირგასამტეხლოს თანაზომიერება ვალდებულების დარღვევასთან მიმართებით. სასამართლოს მხრიდან მხარეთა თავისუფალი ნების გამოვლენით მიღწეულ შეთანხმებაში ჩარევის კანონისმიერ საფუძველს წარმოადგენს სასამართლოსათვის დაკისრებული ერთგვარი საჯარო წესრიგის უზრუნველმყოფი ვალდებულება (სუსგ №ას-1292-2019, 24.12.2020წ; №ას-386-2019, 02.04.2021წ; №ას-1199-1127-2015, 13.04.2016წ.). ამრიგად, სსკ-ის 420-ე მუხლის საფუძველზე, სასამართლოს უფლება აქვს, შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო, თუკი აღნიშნულის თაობაზე კვალიფიციური შედავებაა წარმოდგენილი.
14. კვალიფიციური შედავების გარეშე შეუძლებელია დადგინდეს, რამდენად არაგონივრული, შეუსაბამოა პირგასამტეხლოს ოდენობა სახელშეკრულებო ინტერესის ხელყოფის მასშტაბთან. ამდენად, როგორც ვალდებულების დარღვევის მნიშვნელობა, სახელშეკრულებო ინტერესის შინაარსისა და ფარგლების განმარტება და დადგენილ პირგასამტეხლოს ოდენობასთან მისი ადეკვატურობა (კრედიტორის მტკიცების ტვირთი), ისე ვალდებულების დარღვევის ხარისხის შეუსაბამოობა პირგასამტეხლოს ოდენობასთან (მოვალის მტკიცების ტვირთი) არის უმნიშვნელოვანესი შეფასებითი კატეგორიები, რომელზეც თავად მხარეებმა უნდა შეუქმნან მოსამართლეს დასაბუთებული წარმოდგენა და მიანიჭონ მას მხარეთა ნების განმარტების შესაძლებლობა... თუ პირგასამტეხლოს ოდენობის შემცირების მოთხოვნა კვალიფიციური შედავების ფორმით არ მოხდება, მაშინ სასამართლოს ხელთ აქვს მხოლოდ კრედიტორსა და მოვალეს შორის შეთანხმებით, სახელშეკრულებო თავისუფლებით გამყარებული ნება - მოთხოვნილი პირგასამტეხლოს სახით და კრედიტორის მიერ დასაბუთებული დარღვევა, როგორც პირგასამტეხლოს დაკისრების წინაპირობა (ჩიტაშვილი ნათია, პირგასამტეხლოსა და ზიანის მოთხოვნათა სახელშეკრულებო ინტერესის უზრუნველმყოფი ფუნქცია. შედარებითი სამართლის ჟურნალი 2/2020, გვ.17, http://lawjournal.ge/wp-content/uploads/2020/04/Shedarebiti-Samartali-2-2020-14-31.pdf; ასევე, იხ: სუსგ №ას-827-2021, 03.12.2021წ; №ას-1098-2021, 26.07.2022წ.).
15. მოცემულ შემთხვევაში, მოპასუხეს პირგასამტეხლოს შემცირებასთან დაკავშირებით შესაგებელში კვალიფიციური შედავება არ წარუდგენია. შესაგებელში მხოლოდ იმის აღნიშვნა, რომ მოპასუხე სრულად არ ეთანხმება მოსარჩელის მოთხოვნას პირგასამტეხლოს დაკისრებასთან დაკავშირებით (იხ. შესაგებელი, ს.ფ. 46-57), საკმარისი არ იყო. სსსკ-ის 201.4 მუხლის თანახმად, მოპასუხე ვალდებული იყო, სრულყოფილად აესახა და დაესაბუთებინა თავისი მოსაზრება იმასთან დაკავშირებით, თუ რატომ მიიჩნევს მხარეთა მიერ შეთანხმებულ პირგასამტეხლოს ოდენობას შეუსაბამოდ მაღალ ოდენობად, რაც მას არ განუხორციელებია. ამრიგად, საკასაციო პალატა იზიარებს სააპელაციო პალატის დასკვნას, რომ სარჩელით მოთხოვნილი პირგასამტეხლოს შემცირების საფუძველი არ არსებობდა.
16. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, # 7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).
17. კასატორმა ვერ შეძლო დასაბუთებული საკასაციო პრეტენზიის წარმოდგენა, რითაც ვერ დაძლია გასაჩივრებული განჩინების ფაქტობრივ-სამართლებრივი დასაბუთება და ვერ შეძლო მისი გაბათილება სარწმუნო მტკიცებულებებით. საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით. ასეთ საფუძველზე ვერც კასატორი მიუთითებს. საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით. გასაჩივრებული განჩინება კანონიერია, ხოლო საკასაციო საჩივრის დასაშვებობის წინაპირობები არ არსებობს, რაც მისი არსებითად განსახილველად დაუშვებლად ცნობის სამართლებრივი საფუძველია.
18. სსსკ-ის 401.4 მუხლის თანახმად, საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის შემთხვევაში პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი. მოცემულ შემთხვევაში, ვინაიდან საკასაციო საჩივარი დაუშვებელია და კასატორს გადახდილი აქვს საკასაციო სამართალწარმოებისათვის განსაზღვრული სახელმწიფო ბაჟი - 697.3 ლარი, მას უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70% – 488.11 ლარი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სსსკ-ის 391-ე, 401-ე, 284-ე, 285-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. სს „ს–ის“ საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად.
2. სს „ს–ს“ (ს/ნ: ..........) უკან დაუბრუნდეს მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის, ჯამურად 697.3 ლარის (საგადასახადო დავალება №38283668, გადახდის თარიღი 12.01.2024წ., გადახდილი თანხა 572.30 ლარი; საგადასახადო დავალება №1707303623, გადახდის თარიღი 08.02.2024წ., გადახდილი თანხა 125 ლარი) 70% – 488.11 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“ ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150.
3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე: გიორგი მიქაუტაძე
მოსამართლეები: თამარ ზამბახიძე
რევაზ ნადარაია