საქმე №ას-1573-2023 11 მარტი, 2025 წელი,
თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
მოსამართლეები: გიორგი მიქაუტაძე (თავმჯდომარე),
თამარ ზამბახიძე (მომხსენებელი),
რევაზ ნადარაია
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
საკასაციო საჩივრის ავტორი – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქონების მართვის სააგენტო (მოსარჩელე)
მოწინააღმდეგე მხარე – შპს „ბ.ც.მ–კა“ (მოპასუხე)
გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 29.06.2023 წლის გადაწყვეტილება
საკასაციო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება, ახალი გადაწყვეტილებით - სარჩელის დაკმაყოფილება
დავის საგანი – თანხის დაკისრება
საკითხი, რომელზეც მიღებულია განჩინება – საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:
1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 03.10.2022 წლის გადაწყვეტილებით ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქონების მართვის სააგენტოს (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც „მოსარჩელე“ ან „კასატორი“) სარჩელი შპს „ბ.ც.მ–კას“ (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც „მოპასუხე“) მიმართ დაკმაყოფილდა; მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა 12 527.76 ლარის გადახდა.
2. გადაწყვეტილება სააპელაციო საჩივრით გაასაჩივრა მოპასუხემ, მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით -სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი და საფუძველი:
3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 29.06.2023 წლის გადაწყვეტილებით სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა; გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლით მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც სარჩელი არ დაკმაყოფილდა. გადაწყვეტილება ეფუძნება შემდეგს:
3.1. ქალაქ თბილისის მთავრობის 10.06.2011 წლის №14.01.557 დადგენილების თანახმად, დაფუძნდა შპს „ვ.ბ–ი“, რომელსაც უსასყიდლო უზუფრუქტის ფორმით გადაეცა ქ. თბილისში, ........ მდებარე უძრავი ქონება (ს/კ: ........).
3.2. 07.07.2011 წელს „ქ. თბილისის ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებული საზოგადოების კაპიტალში არსებული წილის პირდაპირი განკარგვის წესით მართვის უფლებით გადაცემის თაობაზე“ ქალაქ თბილისის მთავრობასა და შპს „გ..-ს“ შორის გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე, შპს „გ..-ს“ პირდაპირი განკარგვის წესით, მართვის უფლებით, 49 წლის ვადით გადაეცა შპს „ი.ბ–ის“ (ს/კ: .........) (ყოფილი სახელწოდება - შპს „ვ.ბ–ი“) წილის 100%.
3.3. ხელშეკრულების მე-3 მუხლის („განმარტებები და მნიშვნელობები“) 3.4. პუნქტის თანახმად, „ქონება“ არის ამ ხელშეკრულების ხელმოწერის მომენტისათვის „საზოგადოების“ სარგებლობაში არსებული ყველა მოძრავი და უძრავი ქონება, არამატერიალური ქონებრივი სიკეთე, ასევე წინამდებარე ხელშეკრულების მოქმედების პერიოდში „საზოგადოების“ მიერ შეძენილი ან/და მისთვის სარგებლობასა თუ საკუთრებაში გადაცემული ყველა მოძრავი და უძრავი ქონება, არამატერიალური ქონებრივი სიკეთე. ხელშეკრულების 2.9 პუნქტით განისაზღვრა ხელშეკრულების მიზანი, რომელსაც შპს „ი.ბ–ის“ (ყოფილი სახელწოდება - შპს „ვ.ბ–ი“) საკუთრებაში და სარგებლობაში გადაცემული ქონების მოვლა-პატრონობა და მისი ტერიტორიის თანამედროვე დონის კულტურის, დასვენებისა და გართობის ცენტრად გადაქცევა წარმოადგენდა. ხელშეკრულების 2.10 პუნქტით დადგინდა მმართველი კომპანიის ვალდებულება, კერძოდ: უზრუნველყოს პარკის კულტურისა და დასვენების თანამედროვე პარკად ჩამოყალიბება, ასევე - პარკის მოვლა-კეთილმოწყობისა და გასართობი ატრაქციონების დამონტაჟების, განახლების, რეაბილიტაციის, პარკის ტერიტორიაზე აშენებული შენობა-ნაგებობების აღდგენის, რეაბილიტაციის, რეკონსტრუქციის თაობაზე. ამავე ხელშეკრულების 8.1.3 ქვეპუნქტის თანახმად, „მმართველი კომპანია“ ასევე ვალდებულია უზრუნველყოს „პარკის“ მოვლა-პატრონობა და დაცვა, უსაფრთხოებისა და ექსპლუატაციის ნორმების დაცვა მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად და შესაბამისი სამშენებლო-სარეაბილიტაციო-სარემონტო სამუშაოების ჩატარება „ქონების“ ექსპლუატაციის გონივრული ვადების გათვალისწინებით.
3.4. მოსარჩელის 03.12.2013 წლის №QN1181755 გადაწყვეტილების თანახმად, შპს „გ..“-ს მიეცა თანხმობა შპს „მ.ჯ–თან“ შერწყმის (გაერთიანების, მიერთების) განხორციელების თაობაზე. რეორგანიზაციის განხორციელებაზე თანხმობის პირობებად განისაზღვრა: ა) ქ. თბილისის ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებული საზოგადოების კაპიტალში არსებული წილის პირდაპირი განკარგვის წესით მართვის უფლებით გადაცემის თაობაზე (სანოტარო მოქმედების რეგ. №110700918) 07.07.2011 წელს გაფორმებული ხელშეკრულების პირობების და ვალდებულების შეუფერხებლად შესრულება; ბ) შპს „მ.ჯ–ის“ მიერ 24.06.2008 წელს შპს „მ.ჯ–ისა“ და შპს „თ;პ–ს“ შორის დადებული იჯარის ხელშეკრულების და ქ. თბილისის თვითმმართველ ერთეულთან გაფორმებული ყველა სხვა ხელშეკრულებების (ბრძანებების, გადაწყვეტილებების) პირობებისა და ვალდებულებების შესრულება.
3.5. მოსარჩელის 20.10.2017 წლის №61-01172932757 წერილის თანახმად, „ქ. თბილისის ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებული საზოგადოების კაპიტალში არსებული წილის პირდაპირი განკარგვის წესით მართვის უფლებით გადაცემის თაობაზე“ ქ. თბილისის მერიის (მთავრობის) სახით, მოსარჩელესა და შპს „გ..“-ს (უფლებამონაცვლე: შპს „მ.ჯ–ი“) შორის 07.07.2011 წელს გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე გადაცემული შპს „ვ.ბ–ის“ (უფლებამონაცვლე შპს „ი.ბ–ი“) წილის 100% მართვის უფლება, უცვლელი პირობებითა და ვალდებულებებით გადაეცა მოპასუხეს, 07.07.2011 წელს გაფორმებული ხელშეკრულების (სანოტარო მოქმედების რეგისტრაციის №110700918) პირობებისა და ვალდებულებების ჯეროვნად და შეუფერხებლად შესრულების პირობით.
3.6. 04.02.2020 წელს შპს „თ.ჯ–მა“ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახურს მიმართა №62-0120035309 წერილით, სადაც მიუთითა, რომ შპს „ი.ბ–ში“ გარე განათების ელექტროქსელი არ აკმაყოფილებდა უსაფრთხოების დაცვის ნორმებს, კერძოდ, ფიქსირდებოდა დამცავი დამიწების კონტურებისა და მიწისქვეშა ელექტროსადენების დაზიანებები, რის გამოც უსაფრთხოების მიზნით ობიექტს არ მიეწოდებოდა ელექტროენერგია კვების წყაროდან.
3.7. აღნიშნული ინფორმაცია ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერს მიეწოდა შპს „ი.ბ–ის“ 26.01.2017 წლის, 20.04.2018 წლისა და 14.01.2020 წლის წერილებითაც, რომლებშიც მითითებულია, რომ პარკში ღამის განათების ბოძები და გაყვანილობა იყო მოძველებული და ამორტიზებული, ხოლო გაყვანილობის/კაბელების უსაფრთხოების ნორმების დარღვევა საფრთხეს უქმნიდა პარკში მისულ ვიზიტორებს, რის გამოც ითხოვდა, საკითხის სიმწვავიდან და აუცილებლობიდან გამომდინარე, მიეღოთ შესაბამისი ზომები.
3.8. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის 31.03.2020 წლის №20.391.494 განკარგულებით, შპს „თ.ჯ–ს“ დაევალა ქ. თბილისში, ....... (ე.წ. „ი.ბ–ი“) არსებული გარე განათების ქსელის ფუნქციონირებისათვის საჭირო სამუშაოების განხორციელება.
3.9. 14.04.2020 წლის ინსპექტირების აქტის თანახმად, ბაღის საბავშვო-გასართობ სივრცეში დარღვეულია უსაფრთხოებისა და ექსპლუატაციის ნორმები და სტანდარტები, მათ შორის ატრაქციონების ზოგიერთ ნაწილში (მაგალითად, მანქანების სივრცეში) ელექტროენერგიის კაბელები არის დაზიანებული, ღია მდგომარეობაში და არ არის იზოლირებული, ასევე დენის გამანაწილებელი მოწყობილობები არ არის იზოლირებული და უშუალოდ მიწაზეა განთავსებული (ვიზიტორებისთვის ხელმისაწვდომ ადგილას). ინსპექტირების შედეგად, აგრეთვე, დადგინდა, რომ ბაღის ტერიტორიაზე შპს „თ.ჯ–ის“ მიერ უკანასკნელ პერიოდში ხორციელდება გარკვეული სამუშაოები ბაღში არსებული გარე განათების ქსელის რეაბილიტაციის მიზნით.
3.10. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის 20.05.2020 წლის №20.513.671 განკარგულებით დადასტურდა 07.07.2011 წელს გაფორმებული ხელშეკრულების 2.10 პუნქტით გათვალისწინებული საინვესტიციო ვალდებულების შესრულება.
3.11. 06.05.2020 წელს მოსარჩელემ წერილობით აცნობა მოპასუხეს გარე განათების ფუნქციონირების საჭირო სამუშაოების გაწევისა და ღირებულების თაობაზე და მოსთხოვა, 07.07.2011 წლის ხელშეკრულებიდან გამომდინარე, სამუშაოების ღირებულების - 12 527.76 ლარის ანაზღაურება. აღნიშნულ წერილზე მოპასუხის წერილობით პასუხში მითითებულია, რომ ხელშეკრულებით კონკრეტულად არის განსაზღვრული ის სია, რომლის მოვლა-პატრონობის ვალდებულება ხელშეკრულების საფუძველზე გააჩნია „მმართველ კომპანიას“... გარე განათების ქსელი არც ხელშეკრულების გაფორმებდამდე და არც გაფორმების მომენტში არ ყოფილა „საზოგადოების“ საკუთრება, არც მის ბალანსზე იყო და არც რაიმე ფორმის სარგებლობის უფლებით იყო გადმოცემული.
3.12. შპს „ი.ბ–ის“ სახარჯთაღრიცხვო გაანგარიშების თანახმად, გარე განათების ქსელის ფუნქციონირებისათვის საჭირო სამუშაოების ღირებულებაა 12 527.76 ლარი.
3.13. მხარეთა შორის წარმოშობილია წილის მართვის უფლებით გადაცემიდან გამომდინარე ნარდობის (მომსახურების ტიპის) ვალდებულებითსამართლებრივი ურთიერთობა. დადგენილია, რომ ხელშეკრულების 2.9 პუნქტის თანახმად, ხელშეკრულების მიზანს წარმოადგენდა მართვის უფლებით გადაცემული ქონების მოვლა-პატრონობა და მისი ტერიტორიის თანამედროვე დონის კულტურის, დასვენებისა და გართობის ცენტრად გადაქცევა. აღნიშნული მიზნის მისაღწევად ხელშეკრულების 2.10 პუნქტით დადგინდა მმართველი კომპანიის ვალდებულება, მართვის უფლების გადასვლის დღიდან პირველი 5 წლის ვადაში, ყოველწლიურად 120 000 ლარი მიემართა პარკის მოვლა-კეთილმოწყობისა და გასართობი ატრაქციონების დამონტაჟების, განახლების, რეაბილიტაციის, პარკის ტერიტორიაზე არსებული შენობა-ნაგებობების აღდგენის, რეაბილიტაციის, რეკონსტრუქციისათვის; ხელშეკრულების 2.11 პუნქტით განისაზღვრა მოპასუხის სხვა ვალდებულებებიც (მაგ: ატრაქციონების „პერიოდული“ განახლება და მწარმოებლის მიერ განსაზღვრული სტანდარტის შესაბამის უსაფრთხო მდგომარეობაში შენარჩუნება), თუმცა იგი, ისევე როგორც ხელშეკრულების 2.10 პუნქტი, განათების ქსელის შეკეთების თაობაზე რაიმე მითითებას არ შეიცავს.
3.14. პალატამ ყურადღება გაამახვილა იმ გარემოებაზე, რომ ხელშეკრულების 8.1.3 პუნქტის თანახმად, მმართველმა კომპანიამ იკისრა გადაცემული ქონების მოვლა-პატრონობისა და დაცვის, ასევე - შესაბამისი სამშენებლო-სარეაბილიტაციო-სარემონტო სამუშაოების ჩატარების ვალდებულება, ხოლო თუ რა იგულისხმეს მხარეებმა მმართველი კომპანიისათვის სამართავად „გადაცემული ქონების“ ქვეშ, განსაზღვრულია ხელშეკრულების 3.4 პუნქტში, რომლის თანახმად, ხელშეკრულების მიზნებისთვის „ქონება“ არის „ამ ხელშეკრულების ხელმოწერის მომენტისათვის „საზოგადოების“ საკუთრებაში ან/და სარგებლობაში არსებული ყველა მოძრავი და უძრავი ქონება, არამატერიალური ქონებრივი სიკეთე, ასევე წინამდებარე ხელშეკრულების მოქმედების პერიოდში „საზოგადოების“ მიერ შეძენილი ან/და მისთვის სარგებლობასა თუ საკუთრებაში გადაცემული ყველა მოძრავი და უძრავი ქონება, არამატერიალური ქონებრივი სიკეთე“. ხელშეკრულების 3.4 პუნქტის გათვალისწინებით, პალატამ მიიჩნია, რომ მოსარჩელეს წარმოეშვა იმგვარი მტკიცებულებების წარმოდგენის პროცესუალური ტვირთი, რომლითაც დადასტურდებოდა, რომ გარე განათების ქსელი წარმოადგენს მოპასუხის საკუთრებას ან სარგებლობის საგანს, თუმცა ამ თვალსაზრისით მოსარჩელეს რაიმე მტკიცებულება სასამართლოსათვის არ წარუდგენია. შესაბამისად, გარე განათების ქსელი არ წარმოადგენს „საზოგადოების“ საკუთრებას და არც რაიმე ფორმის სარგებლობის უფლებით გადასცემია მას. პალატამ გაითვალისწინა ის გარემოება, რომ ხელშეკრულება შეიცავს დათქმას მოპასუხის მიერ ჩასატარებელი კონკრეტული სამუშაოების შესახებ, რომელთა შორისაც გარე განათების შეკეთების ვალდებულება არ არის მითითებული. ამასთან, არსებითია ის გარემოება, რომ ხელშეკრულების თანახმად (ხელშეკრულების 8.1.3 პუნქტი), მმართველი კომპანიის ვალდებულებები ვრცელდება მხოლოდ იმ ქონებაზე, რომელიც კომპანიას გადაეცა და რომელიც მის ბალანსზეა. მოცემულ შემთხვევაში კი, მოსარჩელემ მისი მტკიცების ფარგლებში სასამართლოს ვერ წარუდგინა მტკიცებულებები, რომლითაც დადასტურდებოდა, რომ გარე განათების ბოძები მოპასუხის ბალანსზეა აღრიცხული.
3.15. პალატის მითითებით, საქმეში წარმოდგენილი შპს „თ.ჯ–ის“ წესდების 5.1.15 და 5.1.16 პუნქტებიდან გამომდინარეობს, რომ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში შპს „თ.ჯ–ის“ საქმიანობის ძირითად მიმართულებებს წარმოადგენს გარე განათების ობიექტების მოვლა-პატრონობა და გაფართოების სამუშაოების შესრულება; მათ შორის პარკების, გარე განათების უზრუნველსაყოფად საჭირო სანათი მოწყობილობების მიმდინარე შეკეთება, არსებული ქსელების რეკონსტრუქცია, კაპიტალური შეკეთება, ახალი ქსელების მშენებლობა და ექსპლუატაცია.
3.16. პალატამ ყურადღება გაამახვილა, ასევე, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის 31.03.2020 წლის „ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის 100%-იანი წილობრივი მონაწილეობით დაფუძნებული შპს „თ.ჯ–ისათვის“, ქ. თბილისში, ........ (ე.წ. „ი.ბ–ის“) არსებული გარე განათების ქსელის ფუნქციონირებისათვის საჭირო სამუშაოების განხორციელების დავალების თაობაზე“ განკარგულებაზე, რომელსაც წინ უძღოდა მოპასუხის 26.01.2017 წლის, 20.04.2018 წლისა და 14.01.2020 წლის წერილები მასზე მითითებით, რომ პარკში ღამის განათების ბოძები და გაყვანილობა იყო მოძველებული, ამორტიზებული და საჭირო იყო შესაბამისი ზომების მიღება. აღნიშნული განკარგულებით დასტურდება, რომ გარე განათების ქსელის მოწყობა წარმოადგენდა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის 100%-იანი წილობრივი მონაწილეობით დაფუძნებული კომპანიის შპს „თ.ჯ–ის“ კომპეტენციას, რომელსაც თბილისის მუნიციპალიტეტის მერიამ აღნიშნული განკარგულებით დაავალა კიდეც გარე განათების ქსელის ფუნქციონირებისათვის საჭირო სამუშაოების განხორციელება.
3.17. მოპასუხე 2017 წლიდან მიმართავდა მოსარჩელეს თხოვნით, რომ უზრუნველეყო გარე განათების ქსელის ნორმალური ფუნქციონირება. მოსარჩელეს არცერთხელ არ უპასუხია მოპასუხისათვის, რომ გარე განათების ქსელი თავად მოპასუხის გასაკეთებელი იყო; ამასთან, მოსარჩელეს მოპასუხისთვის არც ის უთქვამს (ასეთი წერილი საქმეში წარმოდგენილი არ არის), რომ სახელმწიფო თავად ასრულებდა მოპასუხის შესასრულებელ ვალდებულებას. უფრო მეტიც, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობამ 20.05.2020 წლის №20.513.671 განკარგულებით დადასტურებულად ცნო მოპასუხის მიერ 07.07.2011 წელს გაფორმებული ხელშეკრულების 2.10 პუნქტით გათვალისწინებული საინვესტიციო ვალდებულების შესრულება; ამასთან, მოპასუხეს რაიმე შენიშვნა გარე განათების ქსელის გაუმართაობასთან დაკავშირებით არ მიუღია.
3.18. ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებების ერთობლივად ანალიზის საფუძველზე, პალატამ დაასკვნა: საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით არ დასტურდება ის გარემოება, რომ გარე განათების ქსელი წარმოადგენდა 07.07.2011 წლის ხელშეკრულების საგანს. ამასთან, საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით დასტურდება, რომ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში გარე განათების ობიექტების მოვლა-პატრონობა და გაფართოების სამუშაოების შესრულება, ასევე - გარე განათების უზრუნველსაყოფად საჭირო სანათი მოწყობილობების მიმდინარე შეკეთება, არსებული ქსელების რეკონსტრუქცია, კაპიტალური შეკეთება, ახალი ქსელების მშენებლობა და ექსპლუატაცია ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის 100%-იანი წილობრივი მონაწილეობით დაფუძნებული კომპანიის - შპს „თ.ჯ–ის“ კომპეტენციას განეკუთვნება, რაც ამ უკანასკნელმა შეასრულა კიდეც ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის 31.03.2020 წლის განკარგულების საფუძველზე.
3.19. პალატამ დაადგინა, რომ მოპასუხე არ წარმოადგენს, 07.07.2011 წლის ხელშეკრულებიდან გამომდინარე, გარე განათების შეკეთებაზე და, შესაბამისად, გარე განათების ქსელის ფუნქციონირებისათვის საჭირო სამუშაოების ღირებულების ანაზღაურებაზე ვალდებულ პირს.
3.20. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის (შემდეგში სსკ) 629-ე მუხლის მიხედვით, ნარდობის ხელშეკრულებით მენარდე კისრულობს შეასრულოს ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაო, ხოლო შემკვეთი ვალდებულია გადაუხადოს მენარდეს შეთანხმებული საზღაური. საქმის მასალებით არ დასტურდება ხელშეკრულების იმ არსებით პირობებზე შეთანხმება, რომ გარე განათების ქსელი წარმოადგენს მოპასუხის საკუთრებას ან სარგებლობის საგანს, რაც წარმოშობდა გარე განათების ობიექტების მოპასუხის მიერ მოვლა-პატრონობისა და შეკეთების ვალდებულებას. ამდენად, არ დადგენილა სსკ-ის 327-ე მუხლით განსაზღვრული ორი წინაპირობა: 1. შეთანხმება არსებით პირობებზე; და 2. შეთანხმების შესატყვისი გარიგების ფორმით დადება. შესაბამისად, სარჩელი უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
საკასაციო საჩივრის მოთხოვნა:
4. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებაზე საკასაციო საჩივარი წარადგინა მოსარჩელემ, მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით - სარჩელის დაკმაყოფილება.
5. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის განჩინებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში სსსკ) 391-ე მუხლის მიხედვით, საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა დასაშვებობის შესამოწმებლად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სსსკ-ის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც ის დაუშვებელია:
6. სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას ან/და მის დამატებით ოქმს/ოქმებს და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი საფუძვლით.
7. სსსკ-ის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურსამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. კასატორს, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით, არ წარმოუდგენია დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).
8. 07.07.2011 წელს ქალაქ თბილისის მთავრობასა და შპს „გ..-ს“ შორის გაფორმდა „ქ. თბილისის ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებული საზოგადოების კაპიტალში არსებული წილის პირდაპირი განკარგვის წესით მართვის უფლებით გადაცემის თაობაზე“ ხელშეკრულება, რომლის საფუძველზე, შპს „გ..-ს“ პირდაპირი განკარგვის წესით, მართვის უფლებით, 49 წლის ვადით გადაეცა შპს „ი.ბ–ის“ (ყოფილი სახელწოდება - შპს „ვ.ბ–ი“) წილის 100% (ტ.1, ს.ფ. 179-191). საბოლოოდ, 100% წილის მართვის უფლება უცვლელი პირობებითა და ვალდებულებებით გადაეცა მოპასუხეს (ტ.1, ს.ფ. 195-196). მოსარჩელე სარჩელით ითხოვს ბაღში გარე განათების ელექტროქსელის შეკეთების სამუშაოების ღირებულების მოპასუხისათვის დაკისრებას, რასაც ეს უკანასკნელი არ ეთანხმება იმ დასაბუთებით, რომ მას ხელშეკრულებით აღნიშნული ვალდებულება არ ეკისრება.
9. სსკ-ის 317-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან. სსკ-ის 319-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, კერძო სამართლის სუბიექტებს შეუძლიათ კანონის ფარგლებში თავისუფლად დადონ ხელშეკრულებები და განსაზღვრონ ამ ხელშეკრულებათა შინაარსი. ხელშეკრულების თავისუფლების პრინციპი, რომელსაც აღნიშნული ნორმა განამტკიცებს, მოიცავს, როგორც თავისუფალი კონტრაჰირების, ისე ხელშეკრულების პირობებზე შეთანხმების თავისუფლებას (სსკ-ის 319-ე და 327-ე მუხლები). სსკ-ის 327-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად, ხელშეკრულება დადებულად ითვლება, თუ მხარეები მის ყველა არსებით პირობაზე შეთანხმდნენ საამისოდ გათვალისწინებული ფორმით. არსებითად ჩაითვლება ხელშეკრულების ის პირობები, რომლებზედაც ერთ-ერთი მხარის მოთხოვნით მიღწეულ უნდა იქნეს შეთანხმება, ანდა რომლებიც ასეთად მიჩნეულია კანონის მიერ.
10. ხელშეკრულების 2.10 პუნქტით დეტალურად გაიწერა მმართველი კომპანიის ვალდებულებები, მართვის უფლების გადასვლის დღიდან პირველი 5 წლის ვადაში, ყოველწლიურად რაზე უნდა მიემართა 120 000 ლარი. მათ შორის არ არის პირობა გარე განათების ქსელის რეაბილიტაციის თაობაზე. ასეთზე არც ე.წ. სხვა ვალდებულებათა ჩამონათვალშია მითითება. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობამ თავისი 31.03.2020 წლის №20.391.494 განკარგულებით შპს „თ.ჯ–ს“ დაავალა ქ. თბილისში, ......... არსებული გარე განათების ქსელის ფუნქციონირებისათვის საჭირო სამუშაოების განხორციელება (ტ.1, ს.ფ. 219), რაც მან შეასრულა კიდეც. ამ ეტაპზე მოსარჩელეს რაიმე მოთხოვნა/პრეტენზია მოპასუხის მიმართ არ განუცხადებია. უფრო მეტიც, მოგვიანებით, 20.05.2020 წლის ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის №20.513.671 განკარგულებით დადასტურდა მოპასუხის მიერ 07.07.2011 წელს გაფორმებული ხელშეკრულების 2.10. პუნქტით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულება (ტ.1, ს.ფ. 221-222).
11. ყოველივე აღნიშნულზე დაყრდნობით საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ 07.07.2011 წლის ხელშეკრულების, მხარეთა ახსნა-განმარტებებისა და საქმეში წარდგენილი სხვა მტკიცებულებების ურთიერთშეჯერების შედეგად მართებულად დაადგინა და კასატორს დასაბუთებული პრეტენზია არ წარმოუდგენია, რომ მოპასუხე, 07.07.2011 წლის ხელშეკრულებიდან გამომდინარე, არ იყო გარე განათების შეკეთებაზე და გარე განათების ქსელის ფუნქციონირებისათვის საჭირო სამუშაოების ღირებულების ანაზღაურებაზე ვალდებული პირი.
12. სსსკ-ის მე-4 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები. ამავე კოდექსის 102-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილების მიხედვით, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, ფაქტების კონსტატაციის მასალებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით. დასახელებული ნორმების თანახმად, სამოქალაქო პროცესში მხარეები ვალდებული არიან, სათანადო მტკიცებულებების წარდგენის გზით დაადასტურონ თავიანთი პოზიციის გასამყარებლად მითითებული გარემოებების არსებობა. კანონით გათვალისწინებული შემთხვევების გარდა, რომელიც ადგენს მხარეთა შორის მტკიცების ტვირთის განაწილების სპეციფიკურ წესს, მოსარჩელეს ევალება სასარჩელო განცხადებაში ასახული ფაქტების მტკიცება, ხოლო მოპასუხე მოვალეა, სარჩელისაგან თავდაცვის მიზნით, ქმედითად უარყოს მოსარჩელის არგუმენტები, წარადგინოს იმგვარი მტკიცებულებები, რომლებიც გააქარწყლებს მოსარჩელის მიერ დასახელებულ ფაქტებს. სსსკ-ის 105-ე მუხლი ადგენს სასამართლოს მხრიდან მხარეთა მიერ მითითებული გარემოებების შეფასების პირობებს, კერძოდ, სასამართლოსათვის არავითარ მტკიცებულებას არა აქვს წინასწარ დადგენილი ძალა. სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ. მოსაზრებები, რომლებიც საფუძვლად უდევს სასამართლოს შინაგან რწმენას, უნდა აისახოს გადაწყვეტილებაში. ამდენად, სადავო გარემოებების დადგენისას, სასამართლო იმსჯელებს საქმეში წარმოდგენილ მხარეთა განმარტებებზე, წერილობით დოკუმენტებსა და სხვა მტკიცებულებებზე ერთობლივად, რომლის ურთიერთშეჯერებით გადაწყვეტს, სარწმუნოდ მიიჩნიოს თუ არა ამა თუ იმ ფაქტის არსებობა (სუსგ №ას-584-543-2017, 06.06.2017წ; №ას-484-2019, 30.10.2020წ.).
13. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, # 7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).
14. კასატორმა ვერ შეძლო დასაბუთებული საკასაციო პრეტენზიის წარმოდგენა, რითაც ვერ დაძლია გასაჩივრებული გადაწყვეტილების ფაქტობრივ-სამართლებრივი დასაბუთება და ვერ შეძლო მისი გაბათილება სარწმუნო მტკიცებულებებით. საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით. ასეთ საფუძველზე ვერც კასატორი მიუთითებს. საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით. გასაჩივრებული გადაწყვეტილება კანონიერია, ხოლო საკასაციო საჩივრის დასაშვებობის წინაპირობები არ არსებობს, რაც მისი არსებითად განსახილველად დაუშვებლად ცნობის სამართლებრივი საფუძველია.
15. კასატორი გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სსსკ-ის 391-ე, 401-ე, 284-ე, 285-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქონების მართვის სააგენტოს საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად.
2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე: გიორგი მიქაუტაძე
მოსამართლეები: თამარ ზამბახიძე
რევაზ ნადარაია