საქმე №ას-1099-2024 25 თებერვალი, 2025 წელი,
თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
მოსამართლეები: გიორგი მიქაუტაძე (თავმჯდომარე),
თამარ ზამბახიძე (მომხსენებელი),
რევაზ ნადარაია
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
საკასაციო საჩივრის ავტორი – რ.ე–ი (მოსარჩელე)
მოწინააღმდეგე მხარე – ჯ.ც–ძე (მოპასუხე)
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 11.06.2024 წლის განჩინება
საკასაციო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება, ახალი გადაწყვეტილებით - სარჩელის სრულად დაკმაყოფილება
დავის საგანი – უძრავი ქონების თანამესაკუთრედ ცნობა
საკითხი, რომელზეც მიღებულია განჩინება – საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:
1. რუსთავის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 27.07.2023 წლის გადაწყვეტილებით რ.ე–ის (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც „მოსარჩელე“ ან „კასატორი“) სარჩელი ჯ.ც–ძის (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც „მოპასუხე“) მიმართ ნაწილობრივ დაკმაყოფილდა; მხარეთა შორის 23.02.2018 წელს სსგს თბილისის სამოქალაქო რეესტრის სამსახურის მიერ რეგისტრირებული ქორწინება შეწყდა (სააქტო ჩანაწერი #01183001304); მოსარჩელეს უარი ეთქვა ქორწინების პერიოდში შეძენილი უძრავი ქონების, მდებარე: ქ. თბილისი, ........., სართული 1, ს/კ: .........., 3/4 წილის მესაკუთრედ ცნობის მოთხოვნის ნაწილში.
2. გადაწყვეტილება სააპელაციო საჩივრით გაასაჩივრა მოსარჩელემ, მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით - სარჩელის სრულად დაკმაყოფილება.
სააპელაციო სასამართლოს განჩინების სარეზოლუციო ნაწილი და საფუძველი:
3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 11.06.2024 წლის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა გასაჩივრებული გადაწყვეტილება. განჩინება ეფუძნება შემდეგს:
3.1. მხარეები რეგისტრირებულ ქორწინებაში იმყოფებიან 23.02.2018 წლიდან.
3.2. მოპასუხის სახელზე რეგისტრირებულია უძრავი ქონება, მდებარე: ქ. თბილისი, ....., სართული 1, ს/კ: .......... საკუთრების უფლების რეგისტრაციის საფუძველია უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულება, დამოწმების თარიღი - 15.08.2019 წელი.
3.3. ნასყიდობის ხელშეკრულების დადების საფუძველს წამოადგენდა საქართველოს მთავრობის 15.07.2019 წლის №1615 განკარგულება „სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ“, რომლის თანახმად, მოპასუხეს სიმბოლურ 1 ლარად გადაეცა საკუთრებაში სადავო უძრავი ქონება. ხელშეკრულების მეორე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, მოპასუხე ვალდებული იყო გადაეხადა საპრივატიზაციო თანხა - 1 ლარი.
3.4. ქ. თბილისის მერიის სსიპ ქონების მართვის სააგენტოს პრივატიზების სამსახურის უფროსმა საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს თბილისის სარეგისტრაციო სამსახურს მიმართა დაარეგისტრიროს სახელმწიფო საკუთრებად ............ ჩიხი №5-ში არსებულ შენობა-ნაგებობაში განთავსებული დანართით წარმოდგენილი ბინები, დანართში 7 ნომრად ფიქსირდება მოპასუხე.
3.5. სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ საქართველოს მთავრობის 27.11.2013 წლის განკარგულებით „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, სახელმწიფო საკუთრებაში არსებული, ამ განკარგულების დანართ №1-ში, მითითებული უძრავი ქონება პირდაპირი მიყიდვის ფორმით, სიმბოლურ ფასად - 1 (ერთ) ლარად საკუთრებაში გადაეცა ამავე დანართში მითითებულ ფიზიკურ პირებს, რომელთა შორის იყო მოპასუხე.
3.6. მოპასუხე მსახურობდა საქართველოს თავდაცვის სამინისტროში სამხედრო მოსამსახურედ. საკუთრების უფლების რეგისტრაციის გარეშე, ყველაზე გვიან - 2008 წლიდან ცხოვრობდა და სარგებლობდა სადავო უძრავი ქონებით.
3.7. მოპასუხესა და საქართველოს თავდაცვის სამინისტროს შორის 20.02.2009 წელს დადებული ხელშეკრულების 5.1.9. პუნქტის მიხედვით, სამინისტრო ვალდებული იყო, რომ სამხედრო მოსამსახურე დაეკმაყოფილებინა საცხოვრებელი ბინით, კონტრაქტის ვადის ამოწურვამდე ერთი წლით ადრე, არაუმეტეს 40 კვ.მ-სა, რომელიც უსასყიდლოდ, საკუთრების უფლებით გადაეცემოდა სამხედრო სამსახურის ვადის დასრულების შემდეგ.
3.8. სადავო უძრავი ქონების საკუთრებაში გადაცემის საფუძველი გახდა სახელმწიფო ქონების შესახებ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის პირველი და მესამე პუნქტები, კერძოდ, სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების პრივატიზების ფორმებია: ა) აუქციონი; ბ) პირდაპირი მიყიდვა: ბ.ა) პირდაპირი მიყიდვა; ბ.ბ) პირდაპირი მიყიდვა კონკურენტული შერჩევის საფუძველზე; გ) უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაცემა. სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების პირდაპირი მიყიდვის, კონკურენტული შერჩევის საფუძველზე პირდაპირი მიყიდვისა და უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაცემის ფორმებით პრივატიზება ხორციელდება საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილების საფუძველზე, ამ კანონის მე-3 მუხლის მე-5 პუნქტით, 63 და მე-10 მუხლებით დადგენილი წესით და პირდაპირი მიყიდვის ფორმით, ქონების მმართველის მიერ, ამავე კანონის 181 მუხლით დადგენილი წესით.
3.9. პალატამ განმარტა, რომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის (შემდეგში სსკ) 1161-ე მუხლი სსკ-ის 1158-ე მუხლისგან საგამონაკლისო წესს ადგენს და მეუღლეთა თანასაკუთრებად არ განიხილავს ქორწინების პერიოდში ჩუქებით მიღებულ ქონებრივ სიკეთეს.
3.10. სახელმწიფო ქონების შესახებ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის მიხედვით, პრივატიზების განმარტება შემდეგია: ელექტრონული ან/და საჯარო აუქციონის, პირდაპირი მიყიდვის, კონკურენტული შერჩევის საფუძველზე პირდაპირი მიყიდვისა და უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაცემის ფორმებით, სავაჭრო ობიექტის, მესამე პირის მეშვეობით, აგრეთვე წილების ან აქციების ან სერტიფიკატებით წარმოდგენილი აქციების პირდაპირ ან შუამავლის მეშვეობით, საჯარო ან კერძო შეთავაზებით, უცხო ქვეყნის აღიარებულ საფონდო ბირჟაზე ან მოცემულ დროს საერთაშორისო კაპიტალის ბაზრებზე არსებული პრაქტიკის შესაბამისი შეთავაზების სხვაგვარი ფორმით ფიზიკური და იურიდიული პირების ან მათი გაერთიანებების მიერ სახელმწიფო ქონებაზე საკუთრების უფლების შეძენა ამ კანონით დადგენილი წესით. აღნიშნული მუხლის საფუძველზე პალატამ განმარტა, რომ პრივატიზება წარმოადგენს საკუთრების შეძენის დამოუკიდებელ და სპეციალურ სახეს, რომლის ობიექტიცაა სახელმწიფო ქონება და რომელიც სპეციალური კანონმდებლობით წესრიგდება.
3.11. პალატის განმარტებით, სადავო ქონებაზე მოპასუხის საკუთრების უფლება პრივატიზების გზით წარმოიშვა, ხელშეკრულების მხარის განსაზღვრა დაკავშირებული იყო კონკრეტულ პიროვნებასთან, კერძოდ, მოპასუხის სამხედრო სტატუსიდან გამომდინარე. ეს ურთიერთობა იყო ინდივიდუალური ხასიათის და წარმოშობილია მხარეთა ქორწინებამდე. სწორედ ქორწინებამდე განისაზღვრა, რომ მოპასუხე ისარგებლებდა სამხედრო სამსახურიდან გამომდინარე ქონების გადაცემის უფლებით. უძრავი ქონების ნასყიდობის გარიგება პრივატიზების განხორციელების ფორმალური გზაა და თავისი არსით ის მიახლოებულია ჩუქების ხელშეკრულებასთან, ნასყიდობის სიმბოლური ფასის განსაზღვრა მის სასყიდლიან გარიგებად მიჩნევის წინაპირობას არ ქმნის.
3.12. პალატის დასკვნით, პირველი ინსტანციის სასამართლომ მართებულად განსაზღვრა, რომ სადავო უძრავი ქონება არ წარმოადგენდა ქორწინების პერიოდში შეძენილ მეუღლეთა თანასაკუთრებას და, შესაბამისად, არ არსებობდა სარჩელის ამ ნაწილში დაკმაყოფილების ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძველი.
საკასაციო საჩივრის მოთხოვნა:
4. სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე საკასაციო საჩივარი წარადგინა მოსარჩელემ, მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით - სარჩელის სრულად დაკმაყოფილება.
5. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის განჩინებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში სსსკ) 391-ე მუხლის მიხედვით, საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა დასაშვებობის შესამოწმებლად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სსსკ-ის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც ის დაუშვებელია:
6. სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას ან/და მის დამატებით ოქმს/ოქმებს და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი საფუძვლით.
7. სსსკ-ის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურსამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. კასატორს, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით, არ წარმოუდგენია დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).
8. საკასაციო სასამართლო სრულად იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მსჯელობასა და დასკვნებს ხელშეკრულების შინაარსის შეფასების თაობაზე და მიიჩნევს, რომ, განსახილველ შემთხვევაში, სასარჩელო მოთხოვნა მართებულად არ დაკმაყოფილდა. კასატორის ერთადერთი პრეტენზია მოპასუხის საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებას შეეხება, რომელზეც ითხოვს მეუღლეთა საერთო საკუთრების სამართლებრივი რეჟიმის გავრცელებას.
9. საქორწინო ხელშეკრულებით სპეციალური ქონებრივი რეჟიმის შეთანხმების გარეშე, მეუღლეთა მიერ ქორწინების განმავლობაში შეძენილი ქონება ხდება მათი საერთო ქონება, თუ ისინი არ განეკუთვნება გამოცალკევებულ ქონებას (რუსიაშვილი/ქავშბაია/მელაძე, სამოქალაქო კოდექსის კომენტარი, წიგნი VII, ჭანტურია/რუსიაშვილი (რედ.), 2021, მუხლი 1158, ველი 2).
10. სსკ-ის 1161-ე მუხლის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, თითოეული მეუღლის საკუთრებას წარმოადგენს ქონება, რომელიც ქორწინების განმავლობაში მიღებულია მემკვიდრეობით ან ჩუქებით. დასახელებული ნორმა სსკ-ის 1158-ე მუხლისგან საგამონაკლისო წესს ადგენს და მეუღლეთა თანასაკუთრებად არ განიხილავს ქორწინების პერიოდში ჩუქებით მიღებულ ქონებრივ სიკეთეს.
11. მართალია, სახელმწიფოსა და მოპასუხეს შორის ნასყიდობის ხელშეკრულება ფორმალური თვალსაზრისით დაიდო, თუმცა ხელშეკრულებისა და მისგან გამომდინარე უფლებრივი მდგომარეობის შეფასებისას სასამართლოსთვის მნიშვნელოვანია არა გარიგების გარეგნული გამოხატულება, არამედ მისი შინაარსი, რამდენად შეესაბამება სამოქალაქო კანონმდებლობით ამა თუ იმ ხელშეკრულების რაობის განსაზღვრისათვის დამახასიათებელ თავისებურებებს (სუსგ №ას-13-2021, 15.10.2021წ., პუნ.14).
12. საკასაციო სასამართლო სრულად იზიარებს სააპელაციო სასამართლოს სამართლებრივ მსჯელობას და განმარტავს, რომ სსკ-ის 52-ე მუხლი ადგენს განსჯის შედეგად ნების დადგენის პრინციპს და გამორიცხავს ნების სიტყვასიტყვითი გაგების პრინციპის გამოყენებას. გონივრული განსჯის შედეგად ნების დადგენა მოითხოვს იმის გარკვევას, თუ რა იგულისხმეს გარიგების მონაწილეებმა გამოხატულ ნებაში, ეს კი იძლევა შესაძლებლობას, რომ უპირატესობა მიენიჭოს მათ ნებას და არა გარიგებაში სიტყვიერად გამოხატულს (falsa demonstratio non nocet - მცდარი სახელწოდება არ ახდენს გავლენას მხარეთა შეთანხმების შინაარსზე), ამასთან, ნების გამოვლენის ინტერპრეტაციისათვის აუცილებელია იმის გათვალისწინებაც, თუ რა საბოლოო შედეგს ისახავდა სამართლებრივი ურთიერთობის მონაწილე მიზნად (ჭანტურია ლ., სამოქალაქო კოდექსის კომენტარი, წიგნი I, ჭანტურია (რედ.), 2017, მუხლი 52, ველი 10).
13. ნასყიდობის ხელშეკრულებას სამოქალაქო კანონმდებლობა ორმხრივ, კონსენსუალურ გარიგებად განიხილავს, რომლის ორივე მხარე კისრულობს ურთიერთშესაბამის ვალდებულებას - საგნის გადაცემას უპირისპირდება მიღებული სიკეთის საბაზრო ღირებულების შესატყვისი თანხის გადახდის ვალდებულება. გარიგების შინაარსიდან არ დგინდება ხელშეკრულების ნასყიდობად კვალიფიკაციისთვის ფუნდამენტური საკითხი, გამყიდველი მხარის მატერიალური ინტერესის დაკმაყოფილების ნება, ქონების შესაძენად გადასახდელი თანხის ოდენობა იმდენად მცირეა, რომ განსახილველი ხელშეკრულება სასყიდლიან გარიგებად ვერ განიხილება. ქონების უსასყიდლოდ შეძენა ჩუქების ხელშეკრულებით რეგულირდება. სსკ-ის 524-ე მუხლის თანახმად, ჩუქების ხელშეკრულება ცალმხრივი, მიღებასავალდებულო ნების გამოვლენაა, რომლის ნამდვილობისთვის საკმარისია დასაჩუქრებულის მზაობა, მიიღოს შეძენილი ქონება. ჩუქების ხელშეკრულებას მბოჭავი ძალა მხოლოდ მჩუქებლის მიმართ აქვს, მჩუქებლის ვალდებულებას, გადასცეს ნივთი დასაჩუქრებულს, უპირისპირდება დასაჩუქრებულის უფლება, მიიღოს ან უარი თქვას საჩუქარზე. განსახილველ საქმეზე წარმოდგენილი ხელშეკრულება გონივრული განსჯის ფარგლებში, სწორედ ამგვარ უსასყიდლო გარიგების სახედ - ჩუქების ხელშეკრულებად უნდა განვიხილოთ, ჩუქებით მიღებული ქონება კი, სსკ-ის 1161-ე მუხლის შესაბამისად, მეუღლის ინდივიდუალური საკუთრებაა და მასზე არ ვრცელდება განქორწინების შემდგომ საერთო საკუთრების მეუღლეთა შორის გაყოფის მომწესრიგებელი სამართლებრივი ნორმები (სუსგ №ას-1048-968-2017, 31.10.2017წ., პუნ.19.6).
14. რაც შეეხება კასატორის პრეტენზიას მასზე, რომ სასამართლოს შეეძლო სსკ-ის 1163-ე მუხლზე (თითოეული მეუღლის ქონება შეიძლება ჩაითვალოს მეუღლეთა თანასაკუთრებად, თუ დადგინდება, რომ ქორწინების განმავლობაში გაწეული ხარჯების შედეგად ამ ქონების ღირებულება მნიშვნელოვნად გადიდდა (გადაგეგმარება, მშენებლობის დასრულება, გადაკეთება და სხვა)) დაყრდნობით დაედგინა სადავო უძრავ ნივთზე მხარეთა თანასაკუთრება, საკასაციო პალატა განმარტავს, რომ სარჩელი არ ყოფილა აღძრული ამ საფუძვლით საკუთრების უფლების წარმოშობის თაობაზე, შესაბამისად, წინამდებარე დავის ფარგლებში სასამართლოს მსჯელობის საგანი არ ყოფილა ქორწინების განმავლობაში მეუღლეთა მიერ ხარჯების გაწევისა და ამის შედეგად ქონების ღირებულების მნიშვნელოვნად გაზრდის წინაპირობის არსებობა/არარსებობა. როგორც საკასაციო სასამართლო თავის არაერთ განჩინებაში განმარტავს, სამოქალაქო საპროცესო ნორმები, როგორც ფორმალურ წესთა ერთობლიობა, იმ სავალდებულო მოთხოვნებს ადგენს, რომელთა შეცვლა არც სასამართლოს და არც მხარეთა მიხედულებაზე არაა დამოკიდებული (სუსგ №ას-1033-2018, 30.10.2018წ. პ.23; №ას-851-817-2016, 04.11.2016წ. პ.17).
15. კასატორმა ვერ შეძლო დასაბუთებული საკასაციო პრეტენზიის წარმოდგენა, რითაც ვერ დაძლია გასაჩივრებული განჩინების ფაქტობრივ-სამართლებრივი დასაბუთება და ვერ შეძლო მისი გაბათილება სარწმუნო მტკიცებულებებით. საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით. ასეთ საფუძველზე ვერც კასატორი მიუთითებს.
16. საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით. გასაჩივრებული განჩინება კანონიერია, ხოლო საკასაციო საჩივრის დასაშვებობის წინაპირობები არ არსებობს, რაც მისი არსებითად განსახილველად დაუშვებლად ცნობის სამართლებრივი საფუძველია.
17. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, # 7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).
18. კასატორი, სსსკ-ის 46-ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სსსკ-ის 391-ე, 401-ე, 284-ე, 285-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. რ.ე–ის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად.
2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე: გიორგი მიქაუტაძე
მოსამართლეები: თამარ ზამბახიძე
რევაზ ნადარაია