Facebook Twitter

10 ივლისი 2025 წელი

საქმე №ა-2643-შ-68-2025 თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

მოსამართლეები: ლაშა ქოჩიაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

ამირან ძაბუნიძე

გოჩა ჯეირანაშვილი

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე

განმცხადებელი (შუამდგომლობის ავტორი) – დ.პ–ი

მოწინააღმდეგე მხარე – ე.ნ–ი

განმცხადებლის მოთხოვნა - რუსეთის ფედერაციის ვოლოგდის ოლქის საარბიტრაჟო სასამართლოს 2024 წლის 22 აპრილის გადაწყვეტილების (საქმე № A13-1289/2024) უზრუნველყოფა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. რუსეთის ფედერაციის ვოლოგდის ოლქის საარბიტრაჟო სასამართლოს 2024 წლის 22 აპრილის (საქმე № A13-1289/2024) გადაწყვეტილებით, ინდივიდუალურ მეწარმე ე. ვ. ძე ნ–ს, ინდივიდუალური მეწარმე დ. ი. ძე პ–ის სასარგებლოდ დაეკისრა პროცენტების დავალიანების გადახდა 774 140 რუბლის და 00 კაპიკის ოდენობით, ასევე, 18 483 რუბლი და 00 კაპიკი სახელმწიფო ბაჟის ხარჯების ასანაზღაურებლად, 3000 რუბლი და 00 კაპიკი იურიდიული მომსახურების ხარჯების ასანაზღაურებლად.

2. რუსეთის ფედერაციის ვოლოგდის ოლქის საარბიტრაჟო სასამართლოს 2025 წლის 24 თებერვლის განჩინებით, გასწორდა რუსეთის ფედერაციის ვოლოგდის ოლქის საარბიტრაჟო სასამართლოს 2024 წლის 22 აპრილის გადაწყვეტილების შესავალ ნაწილში დაშვებული უსწორობა და საქმის ნომრად ნაცვლად „საქმე № A13-1334/2024„-სა მიეთითა „საქმე № A13-1289/2024“.

3. საქართველოს უზენაეს სასამართლოს შუამდგომლობით მომართა დ.პ–ის წარმომადგენელმა, მოითხოვა რუსეთის ფედერაციის ვოლოგდის ოლქის საარბიტრაჟო სასამართლოს 2024 წლის 22 აპრილის გადაწყვეტილების (საქმე № A13-1289/2024) და იმავე სასამართლოს 2025 წლის 24 თებერვლის უსწორობის გასწორების შესახებ განჩინების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა და აღსრულება, ასევე, დასახელებული გადაწყვეტილების უზრუნველყოფის მიზნით, ე.ნ–ის სახელზე არსებულ საბანკო ანგარიშებზე ყადაღის დადება, საქართველოში არსებულ ყველა საბანკო დაწესებულებაში, განჩინებით განსაზღვრული თანხის ოდენობით.

4. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 06 ივნისის განჩინებით, შუამდგომლობას დაუდგინდა ხარვეზი და დ.პ–ს დაევალა განჩინების ჩაბარებიდან 15 (თხუთმეტი) დღის ვადის დაცვით, წარმოედგინა შუამდგომლობის დედანი, შუამდგომლობაზე დართული ყველა დოკუმენტის დედანი ან დამოწმებული ასლი; მოწინააღმდეგე მხარის, ე.ნ–ის ძირითადი მისამართის (ფაქტობრივი ადგილსამყოფელის) თაობაზე ინფორმაცია; დაზუსტება, თუ რა მოცულობით, რა თანხის ფარგლებში მოითხოვდა იგი უზრუნველყოფის ღონისძიების სახით ე.ნ–ის საბანკო ანგარიშების დაყადაღებას.

5. შუამდგომლობის ავტორმა ზემოხსენებული განჩინებით განსაზღვრული ვადის დაცვით, უცხო ქვეყნის გადაწყვეტილების ცნობა-აღსრულების შუამდგომლობის ნაწილში ხარვეზი სრულად შეავსო და საკასაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 02 ივლისის განჩინებით, შუამდგომლობა მიღებული იქნა განსახილველად.

6. უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების ნაწილში დ.პ–მა ხარვეზი ნაწილობრივ შეავსო, კერძოდ, 2025 წლის 07 ივლისს წარმოდგენილი განცხადებით მან დააზუსტა მოთხოვნა, რომლითაც იშუამდგომლა რუსეთის ფედერაციის ვოლოგდის ოლქის საარბიტრაჟო სასამართლოს 2024 წლის 22 აპრილის გადაწყვეტილების (საქმე № A13-1289/2024) აღსრულების მიზნით უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენება და საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ ლიცენზირებულ კომერციულ ბანკებში ინდივიდუალური მეწარმე ე.ნ–ის (ს/ნ ......; პ/ნ ......., რუსეთის ფედერაცია) სახელზე გახსნილ საბანკო ანგარიშებზე არსებულ ფულად სახსრებზე ყადაღის დადება 750 451.66 რუბლის ფარგლებში. განცმხადებელმა ხარვეზი არ გამოასწორა უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენებისათვის სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის დედნის წარმოდგენის ნაწილში.

7. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 02 ივლისის განჩინებით, უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების შესახებ განცხადებაზე დ.პ–ს გაუგრძელდა ხარვეზის შესავსებად დადგენილი საპროცესო ვადა და ხსენებული განჩინების ჩაბარებიდან 05 დღის ვადის დაცვით დაევალა წარმოედგინა რუსეთის ფედერაციის ვოლოგდის ოლქის საარბიტრაჟო სასამართლოს 2024 წლის 22 აპრილის გადაწყვეტილების (საქმე № A13-1289/2024) უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების მიზნით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის დამადასტურებელი დოკუმენტის დედანი.

8. ზემოხსენებული ხარვეზის ვადის გაგრძელების შესახებ განჩინების სარეზოლუციო ნაწილი განცმხადებელს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსით დადგენილი წესით 2025 წლის 09 ივლისს ეცნობა.

9. განმცხადებელმა ხარვეზი განჩინებით დადგენილი ვადის დაცვით შეავსო.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

10. საკასაციო სასამართლო გაეცნო უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების თაობაზე განმცხადებლის მოთხოვნას, შეამოწმა მისი დასაბუთებულობა და მიაჩნია, რომ იგი უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

11. „სამოქალაქო, საოჯახო და სისხლის სამართლის საქმეებზე სამართლებრივი დახმარებისა და სამართლებრივ ურთიერთობათა შესახებ“ კონვენციის (შემდგომში ასევე - მინსკის კონვენცია) 53-ე მუხლის თანახმად, შუამდგომლობა გადაწყვეტილების იძულებითი აღსრულების ნებართვის თაობაზე წარედგინება ხელშემკვრელი მხარის კომპეტენტურ სასამართლოს, სადაც გადაწყვეტილება აღსრულებას ექვემდებარება. ამავე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, შუამდგომლობას თან უნდა ერთვოდეს: ა) გადაწყვეტილება ან მისი დამოწმებული ასლი, ასევე ოფიციალური დოკუმენტი იმის შესახებ, რომ გადაწყვეტილება შევიდა კანონიერ ძალაში და ექვემდებარება აღსრულებას ან იმის შესახებ, რომ იგი ექვემდებარება აღსრულებას კანონიერ ძალაში შესვლამდე, თუ ეს არ გამომდინარეობს თავად გადაწყვეტილებიდან; ბ) დოკუმენტი, საიდანაც გამომდინარეობს, რომ მხარე, რომლის წინააღმდეგაც გამოტანილ იქნა გადაწყვეტილება, და რომელიც არ მონაწილეობდა პროცესში, სათანადო წესრიგში იმყოფებოდა და დროულად იქნა გამოძახებული სასამართლოში, ხოლო მისი პროცესუალური არაქმედუნარიანობის შემთხვევაში სათანადოდ იქნა წარმოდგენილი; გ) დოკუმენტი, რომელიც ადასტურებს გადაწყვეტილების ნაწილობრივ აღსრულებას მისი გადაგზავნის მომენტისთვის; დ) დოკუმენტი, რომელიც ამტკიცებს მხარეთა შეთანხმებას სახელშეკრულებო განსჯადობის საქმეებზე. შუამდგომლობა გადაწყვეტილების იძულებითი აღსრულების ნებართვის თაობაზე და მისი თანდართული დოკუმენტები აღიჭურვება დამოწმებული თარგმანით თხოვნის გამგზავნი ხელშემკვრელი მხარის ენაზე ანდა რუსულ ენაზე.

12. „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 63-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, უცხო ქვეყნების სასამართლოების შუამდგომლობა სამართლებრივი დახმარების ცალკეული საპროცესო მოქმედებათა შესრულების შესახებ ხორციელდება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად. ამდენად, მითითებული ნორმის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო ამა თუ იმ საპროცესო მოქმედების შესრულებისას ხელმძღვანელობს ეროვნული კანონმდებლობით დადგენილი საპროცესო ნორმებით.

13. „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის თანახმად, სარჩელის უზრუნველყოფისას, საქართველოს სასამართლო კომპეტენტურია, თუ უზრუნველყოფის ღონისძიებები საქართველოშია აღსასრულებელი ან საქართველოს სასამართლოებს აქვთ საერთაშორისო კომპეტენცია.

14. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე მუხლის მიხედვით, საქმის განხილვა საკასაციო სასამართლოში წარმოებს იმ წესების დაცვით, რომლებიც დადგენილია სააპელაციო სასამართლოში საქმეთა განხილვისათვის, გარდა იმ გამონაკლისებისა, რომელთაც ეს თავი შეიცავს. ამავე კოდექსის 372-ე მუხლი ადგენს, რომ საქმის განხილვა სააპელაციო სასამართლოში წარმოებს იმ წესების დაცვით, რაც დადგენილია პირველი ინსტანციით საქმეთა განხილვისათვის, ამ თავში მოცემული ცვლილებებითა და დამატებებით. ამდენად, საკასაციო სასამართლო საქმის განხილვის ამა თუ იმ ეტაპზე უფლებამოსილია, იხელმძღვანელოს ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოებისათვის დადგენილი წესებით, რომლებიც არ ეწინააღმდეგებიან ზემდგომი წესით საქმის განხილვის მარეგულირებელ ნორმებს.

15. საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 271-ე მუხლზე, რომლის შესაბამისად, სასამართლოს შეუძლია, უზრუნველყოს იმ გადაწყვეტილების აღსრულება, რომელიც გადაცემული არ არის დაუყოვნებლივ აღსასრულებლად XXIII თავით დადგენილი წესების შესაბამისად. ამ ნორმით დადგენილი წესი უნდა გამოვიყენოთ, ასევე, უცხო ქვეყნის სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების აღსრულების უზრუნველსაყოფად. ასეთი გადაწყვეტილების აღსრულების უზრუნველყოფის საჭიროება განპირობებულია იმით, რომ უცხო ქვეყნის სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე სააღსრულებო წარმოება საქართველოს ტერიტორიაზე იწყება მხოლოდ მას შემდეგ, რაც ამ გადაწყვეტილებას ცნობს და აღსასრულებლად მიაქცევს საქართველოს უზენაესი სასამართლო. ამისათვის კი, კანონით დადგენილი პროცედურების დაცვაა საჭირო, რაც გარკვეულ დროს მოითხოვს. აქედან გამომდინარე, უცხო ქვეყნის სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების ცნობისა და აღსრულების თაობაზე შუამდგომლობის წარმოებაში მიღებიდან გადაწყვეტილების გამოტანამდე დროის მონაკვეთში შესაძლებელია, საჭირო გახდეს მითითებული გადაწყვეტილების აღსრულების უზრუნველყოფა, რაც უნდა შესრულდეს სწორედ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 271-ე მუხლისა და ამავე კოდექსის XXIII თავით დადგენილი წესების შესაბამისად. ამ თავით გათვალისწინებული სარჩელის უზრუნველყოფის ინსტიტუტი წარმოადგენს მატერიალური კანონმდებლობით დაცული უფლებებისა და კანონიერი ინტერესების რეალური განხორციელების სწრაფ და ეფექტურ საპროცესოსამართლებრივ გარანტიას. სასამართლოს მიერ სარჩელის უზრუნველყოფის გამოყენებას საფუძვლად უდევს ვარაუდი, რომ მომავალში მიღებული სასამართლო გადაწყვეტილება, შესაძლოა, ვერ აღსრულდეს ან აღსრულება მნიშვნელოვნად დაბრკოლდეს. ამდენად, სარჩელის უზრუნველყოფის ინსტიტუტის მიზანია მოსარჩელის მატერიალური უფლებების რეალური განხორციელებისათვის ხელსაყრელი პირობების შექმნა, სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულების უზრუნველყოფა. სარჩელის უზრუნველყოფის ინსტიტუტი კონცენტრირებულია სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 191-ე მუხლში, კერძოდ კი, იმ წინადადებაში, რომლის თანახმად, თუ არსებობს დასაბუთებული ვარაუდი, რომ უზრუნველყოფის ღონისძიებათა მიუღებლობა გააძნელებს ან შეუძლებელს გახდის გადაწყვეტილების აღსრულებას, სასამართლოს გამოაქვს განჩინება სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ. ყველა საქმეზე უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენებაზე მსჯელობისას, სასამართლომ, პირველ რიგში, ყურადღება უნდა გაამახვილოს სარჩელის უზრუნველყოფის საფუძველზე, კერძოდ, სამომავლოდ საქმეზე მიღებული გადაწყვეტილების აღსრულების გაძნელების ან აღუსრულებლობის საშიშროებაზე. მოსარჩელემ უნდა მიუთითოს იმ კონკრეტული გარემოებების არსებობა, რომლებიც ადასტურებს ვარაუდს, რომ უზრუნველყოფის ღონისძიების მიუღებლობა გააძნელებს ან შეუძლებელს გახდის გადაწყვეტილების აღსრულებას.

16. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 191-ე მუხლის მიხედვით, მოსარჩელეს შეუძლია მიმართოს სასამართლოს სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ განცხადებით, რომელიც უნდა შეიცავდეს მითითებას იმ გარემოებებზე, რომელთა გამოც უზრუნველყოფის ღონისძიებათა მიუღებლობა გააძნელებს ან შეუძლებელს გახდის გადაწყვეტილების აღსრულებას და შესაბამის დასაბუთებას, თუ რომელი ღონისძიების გამოყენება მიაჩნია მოსარჩელეს აუცილებლად. თუ სასამართლოს გაუჩნდება დასაბუთებული ვარაუდი, რომ უზრუნველყოფის ღონისძიებათა განუხორციელებლობა გააძნელებს ან შეუძლებელს გახდის გადაწყვეტილების აღსრულებას, იგი გამოიტანს განჩინებას სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ. სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენება ემყარება მოსამართლის ვარაუდს, რომ მხარის სასარჩელო მოთხოვნა შეიძლება დაკმაყოფილდეს. ასეთი ვარაუდი გავლენას არ ახდენს სასამართლოს მიერ შემდგომში გადაწყვეტილების გამოტანაზე.

17. სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება წარმოადგენს დროებით ღონისძიებას, რომელიც საშუალებას მისცემს მოსარჩელე მხარეს, რომ თავიდან იქნას აცილებული სასამართლოს მიერ კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების აღსრულების გაჭიანურება ან მისი აღსრულება.

18. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 198-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, საკითხს იმის შესახებ, თუ სარჩელის უზრუნველყოფის რომელი ღონისძიება უნდა იქნას გამოყენებული, წყვეტს სასამართლო მოსარჩელის განცხადების შესაბამისად. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 198-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება შეიძლება იყოს ყადაღის დადება ქონებაზე, ფასიან ქაღალდებსა თუ ფულად სახსრებზე, რომელიც მოპასუხეს ეკუთვნის და არის მასთან ან სხვა პირთან. იმავე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება შეიძლება იყოს მოპასუხისათვის გარკვეული მოქმედების შესრულების აკრძალვა.

19. სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება, რომელიც სასამართლოს შესაძლო გადაწყვეტილების შემთხვევაში უნდა უზრუნველყოფდეს მოსარჩელის მოთხოვნის დაკმაყოფილებას და სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულებას, უნდა იყოს სასარჩელო მოთხოვნისა და სარჩელის ფასის ადეკვატური შესაბამისად, უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენებაზე მსჯელობისას, გადაწყვეტილების მიღება უნდა მოხდეს მხარის მიერ მითითებული უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების აუცილებლობისა და დავის საგნის მოცულობის, მისი ოდენობის გათვალისწინებით.

20. სარჩელის უზრუნველყოფა დამოკიდებულია ვარაუდზე, რომ შესაძლოა მოპასუხემ სასარჩელო მოთხოვნებისაგან თავის დაღწევის მიზნით განახორციელოს ისეთი ქმედება, რაც საბოლოოდ შეუძლებელს გახდის მიღებული გადაწყვეტილების აღსრულებას. სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენებაზე მსჯელობისას, სასამართლო არ იკვლევს სარჩელის საფუძვლიანობას და მის დასაბუთებულობას, არამედ ხელმძღვანელობს სამართლებრივი დასკვნით, რომ შესაძლოა სასარჩელო მოთხოვნა დაკმაყოფილდეს (შდრ. ს.უ.ს.გ. ას-16-354-09, 05.02.09 წ.).

21. საკასაციო სასამართლო ყურადღებას მიაქცევს იმ გარემოებას, რომ უცხო ქვეყნის სასამართლო გადაწყვეტილებით დადგენილი პროცესუალური შედეგის საქართველოს სახელმწიფოს მიერ მარტოოდენ ცნობამ, შესაძლოა, ზოგიერთ შემთხვევაში აზრი დაკარგოს, თუკი მხარე, რომლის სასარგებლოდაც ეს გადაწყვეტილება გამოვიდა, საპროცესო უზრუნველყოფის ბერკეტის გარეშე აღმოჩნდება. შედეგად, ასეთი მხარის კანონიერი უფლებები და ინტერესები მნიშვნელოვნად დაზიანდება, რაც კანონმდებლის ინტერესს ეწინააღმდეგება.

22. სარჩელის/გადაწყვეტილების უზრუნველყოფა წარმოადგენს სამოქალაქო სამართალწარმოების მნიშვნელოვან ინსტიტუტს და ემსახურება სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულების უზრუნველყოფას. იმის გათვალისწინებით, რომ ხშირად სამოქალაქო პროცესი საკმაოდ ხანგრძლივ პროცედურებთან არის დაკავშირებული, არსებობს რისკი, რომ საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე დავის საგანი განადგურდეს, გასხვისდეს, უფლებრივად დაიტვირთოს ან სხვაგვარად შეეშალოს ხელი საბოლოო გადაწყვეტილების აღსრულებას. სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება სწორედ ამ საფრთხეების პრევენციას ემსახურება. სამოქალაქო საქმეზე მართლმსაჯულების ეფექტიანად განხორციელება მნიშვნელოვან საჯარო ინტერესს წარმოადგენს, ამავე დროს, მართლმსაჯულების ეფექტიანობა მნიშვნელოვნად არის დამოკიდებული სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების აღსრულებაზე, შესაბამისად, კანონით გათვალისწინებული მექანიზმები, რომლებიც ემსახურება სამოქალაქო საქმეზე მიღებული გადაწყვეტილების უზრუნველყოფას, ემსახურება უმნიშვნელოვანეს ლეგიტიმურ მიზანს - მართლმსაჯულების ეფექტიანად განხორციელების უზრუნველყოფას (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პირველი კოლეგიის 2016 წლის 30 სექტემბრის №1/5/675,681 გადაწყვეტილება საქმეზე „შპს სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2“ და „შპს ტელეკომპანია საქართველო“ საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ, II-52).

23. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სამოქალაქო პროცესი თანაბარ მდგომარეობაში აყენებს პროცესის ორივე მხარეს – მოსარჩელესა და მოპასუხეს, შესაბამისად, მხარეთა თანასწორობის უმნიშვნელოვანესი პრინციპიდან გამომდინარე, უზრუნველყოფის ინსტიტუტის შეფასება უნდა მოხდეს როგორც მოსარჩელის, ისე მოპასუხის პოზიციიდან. ამგვარი შეფასებისას გასათვალისწინებელია, რომ დაცული იყოს თანაზომიერების პრინციპი, კერძოდ, ერთი მხარის მოთხოვნის უზრუნველსაყოფად გამოყენებული ღონისძიება ამ მოთხოვნის პროპორციული (ადეკვატური) უნდა იყოს და აშკარა შეუსაბამობა არ უნდა იკვეთებოდეს. წინააღმდეგ შემთხვევაში, უზრუნველყოფის გამოყენება ვერ გაამართლებს გადაწყვეტილების აღსრულების უზრუნველყოფის ინსტიტუტის მიზანს. ამიტომ სასამართლომ გადაწყვეტილების აღსრულების უზრუნველყოფის ღონისძიებების გამოყენების საკითხის გადაწყვეტის დროს, ყოველთვის უნდა შეაფასოს, გადაწყვეტილების აღსრულების უზრუნველსაყოფად მის მიერ შერჩეული ღონისძიება არის თუ არა შესაბამისობაში მოსარჩელის იმ მოთხოვნასთან, რომლის უზრუნველყოფასაც იგი ემსახურება (ს.უ.ს.გ. №ას-449-431-2016, 2016 წლის 7 ივლისი).

24. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 191-ე მუხლის ნორმატიული შინაარსი ცხადყოფს, რომ კანონმდებელი უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების აუცილებლობის მტკიცების ტვირთს თავად მოსარჩელეს აკისრებს და სწორედ წარმოდგენილი შუამდგომლობის ფარგლებში და მოცემულობაში, მხარის არგუმენტების საფუძველზე იღებს გადაწყვეტილებას სარჩელის უზრუნველყოფის თაობაზე. სარჩელის უზრუნველყოფის საკითხზე მსჯელობა ხდება შუამდგომლობის მართებულობის, მხარეთა ინტერესების შესაძლო შელახვისა და მოთხოვნის საფუძვლიანობის ურთიერთშეჯერებისა და ერთობლიობაში განხილვა-გადაწყვეტით.

25. მოცემულ შემთხვევაში, განმცხადებელი (შუამდგომლობის ავტორი) მოითხოვს რუსეთის ფედერაციის ვოლოგდის ოლქის საარბიტრაჟო სასამართლოს 2024 წლის 22 აპრილის (საქმე № A13-1289/2024) გადაწყვეტილების უზრუნველყოფას, რომლითაც მოწინააღმდეგე მხარე - ინდივიდუალურ მეწარმე ე. ვ. ძე ნ–ს, ინდივიდუალური მეწარმე დ.ი. ძე პ–ის სასარგებლოდ დაეკისრა პროცენტების დავალიანების გადახდა 774 140 რუბლის და 00 კაპიკის ოდენობით, ასევე, 18 483 რუბლი და 00 კაპიკი სახელმწიფო ბაჟის ხარჯების ასანაზღაურებლად, 3000 რუბლი და 00 კაპიკი იურიდიული მომსახურების ხარჯების ასანაზღაურებლად. გამომდინარე იქიდან, რომ აღნიშნული გადაწყვეტილება ნაწილობრივ აღსრულებულია, კერძოდ, სააღსრულებო წარმოების ფარგლებში ამოღებულია 45 171.34 რუბლი, ხოლო დარჩენილი დავალიანებაა 750 451.66 რუბლი, განმცხადებელი სწორედ 750 451.66 რუბლის ფარგლებში ითხოვს საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ ლიცენზირებულ კომერციულ ბანკებში მოწინააღმდეგე მხარის სახელზე გახსნილ საბანკო ანგარიშებზე არსებული ფულადი სახსრების დაყადაღებას.

26. შუამდგომლობის ავტორის განმარტებით, უზრუნველყოფის აუცილებლობა გამოწვეულია იმით, რომ მოპასუხეს ნაკისრი ვალდებულებები არ შეუსრულებია. მიუხედავად დამატებითი ვადის მიცემისა, იგი თავს არიდებს ვალდებულების შესრულებას. ამასთან, ნიშანდობლივია, რომ მოწინააღმდეგე მხარეს საქართველოში საჯარო რეესტრში მომავალი საკუთრების უფლება ჰქონდა რეგისტრირებული ნასყიდობის საფუძველზე, რომელიც გაუქმდა. შესაბამისად, საბანკო ანაგარიშების დაყადაღება ერთადერთი საშუალებაა შუამდგომლობის ავტორის მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად.

27. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ განმცხადებელმა მიუთითა იმ კონკრეტული გარემოებების არსებობის თაობაზე, რომლებიც ადასტურებს ვარაუდს, რომ უზრუნველყოფის ღონისძიების გამოუყენებლობა გააძნელებს ან შეუძლებელს გახდის უცხო ქვეყნის სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების საქართველოში აღსრულებას. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო თავის არაერთ გადაწყვეტილებაში ხაზს უსვამს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების აღსრულების მნიშვნელობას და აღნიშნავს, რომ სამართლიანი განხილვის უფლება მოიცავს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების აღსრულების უფლებას. ეს უფლება არარეალური იქნებოდა, თუ კონტრაქტორი სახელმწიფოს ეროვნული სამართლებრივი სისტემა შესაძლებელს გახდიდა, კანონიერ ძალაში შესული საბოლოო გადაწყვეტილება ერთი მხარის საზიანოდ არაქმედითად დარჩენილიყო. ნებისმიერი სასამართლოს მიერ გამოტანილი გადაწყვეტილების აღსრულება „სასამართლო პროცესის“ განუყოფელ ნაწილად უნდა განიხილებოდეს კონვენციის მე-6 მუხლის მიზნებიდან გამომდინარე (იხ. საქმე შპს „იზა“ და მაკრახიძე საქართველოს წინააღმდეგ“). სხვა საქმეში ევროსასამართლომ ასევე განმარტა, რომ სასამართლოსათვის სარჩელის წარდგენის უფლება არ არის თეორიული უფლება და არ უზრუნველყოფს მხოლოდ უფლების აღიარებას საბოლოო გადაწყვეტილების მეშვეობით, არამედ - ასევე შეიცავს ლეგიტიმურ მოლოდინს იმასთან დაკავშირებით, რომ გადაწყვეტილება აღსრულდება (იხ. Hornsby, cited above, §§ 40 and seq.).

28. გადაწყვეტილებით განსაზღვრული სამართლებრივი შედეგის დადგომა დამოკიდებულია არა მხოლოდ გადაწყვეტილების ძალაში შესვლაზე, არამედ -მოპასუხის ნებაზეც. მან უნდა განახორციელოს გარკვეული მოქმედება - გადაიხადოს თანხა. ასეთი ნების არარსებობის პირობებში გადაწყვეტილების სისრულეში მოყვანა დამოკიდებული ხდება ისეთ მექანიზმზე, როგორიცაა იძულებითი აღსრულება. ასეთ შემთხვევაში, უნდა არსებობდეს საშუალება, საიდანაც (იძულებითი რეალიზაციით) გადაწყვეტილების აღსრულება და კრედიტორის მოთხოვნის დაკმაყოფილება იქნება შესაძლებელი. სწორედ ამ საშუალების არსებობისა და შენარჩუნებისათვის გარანტიებს ქმნის სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება, რომელსაც სასამართლო მიმართავს მოსარჩელის განცხადების საფუძველზე. სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გატარებით იზღუდება მოპასუხის ნება, გაასხვისოს ანდა სხვაგვარად დატვირთოს საკუთრება, განკარგოს მის საბაკო ანგარიშებზე არსებული თანხა.

29. თუკი გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის მომენტისათვის არ იარსებებს აქტივი, რომელზედაც შესაძლოა მიქცეული იქნას იძულებითი აღსრულება, გადაწყვეტილება იქცევა აღუსრულებელ გადაწყვეტილებად, ხოლო სარჩელის მიზანი მიღწეული ვერ იქნება. შესაბამისად, განცხადება შეიცავს შესაბამის დასაბუთებას, გადაწყვეტილების აღსრულების შეუძლებლობის თაობაზე.

30. პალატა მიიჩნევს, რომ მოვალის (მოპასუხის) მიერ საბანკო ანგარიშებზე არსებული ფულადი თანხის განკარგვის შემთხვევაში, შესაძლებელია გართულდეს მოსარჩელის სასარგებლოდ შემდგომში მიღებული გადაწყვეტილების აღსრულება. ის გარემოება, რომ მესაკუთრეს ნებისმიერ დროს შეუძლია თავისუფლად განკარგოს კუთვნილი თანხები განაპირობებს შუამდგომლობის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების აუცილებლობას.

31. შუამდგომლობაში მითითებული ფაქტობრივი საფუძვლებისა და უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების აუცილებლობის, ასევე, დავის საგნის მოცულობის გათვალისწინებით, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ ვლინდება ის საგამონაკლისო შემთხვევა, როდესაც, ზემოხსენებული უცხო ქვეყნის გადაწყვეტილების აღსრულების უზრუნველყოფის მიზნით, ყადაღა უნდა დაედოს მოწინააღმდეგე მხარის საბანკო ანგარიშებზე განთავსებულ ფულად სახსრებს.

32. ყოველივე აღნიშნულის გათვალისწინებით, შუამდგომლობის ავტორის მოთხოვნა რუსეთის ფედერაციის ვოლოგდის ოლქის საარბიტრაჟო სასამართლოს 2024 წლის 22 აპრილის (საქმე № A13-1289/2024) გადაწყვეტილების აღსრულების მიზნით უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების თაობაზე უნდა დაკმაყოფილდეს და ყადაღა დაედოს საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ ლიცენზირებულ კომერციულ ბანკებში ინდივიდუალური მეწარმე ე.ნ–ის (ს/ნ ........; პ/ნ ....., რუსეთის ფედერაცია) სახელზე გახსნილ საბანკო ანგარიშებზე არსებულ ფულად სახსრებს 750 451.66 რუბლის ფარგლებში.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა „სამოქალაქო, საოჯახო და სისხლის სამართლის საქმეებზე სამართლებრივი დახმარებისა და სამართლებრივ ურთიერთობათა შესახებ“ კონვენციის 53-ე მუხლით, „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 63-ე მუხლით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე, 372-ე, 271-ე, 191-ე, 193-ე, 198-ე, 284-ე, 285-ე მუხლებით,

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. დ.პ–ის განცხადება რუსეთის ფედერაციის ვოლოგდის ოლქის საარბიტრაჟო სასამართლოს 2024 წლის 22 აპრილის (საქმე № A13-1289/2024) გადაწყვეტილების აღსრულების უზრუნველყოფის თაობაზე დაკმაყოფილდეს.

2. რუსეთის ფედერაციის ვოლოგდის ოლქის საარბიტრაჟო სასამართლოს 2024 წლის 22 აპრილის (საქმე № A13-1289/2024) გადაწყვეტილების აღსრულების უზრუნველყოფის მიზნით, ყადაღა დაედოს საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ ლიცენზირებულ კომერციულ ბანკებში ინდივიდუალური მეწარმე ე.ნ–ის (ს/ნ ........; პ/ნ ........, რუსეთის ფედერაცია) სახელზე გახსნილ საბანკო ანგარიშებზე არსებულ ფულად სახსრებს 750 451.66 რუბლის ფარგლებში.

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

მოსამართლეები : ლაშა ქოჩიაშვილი

ამირან ძაბუნიძე

გოჩა ჯეირანაშვილი