Facebook Twitter

10 ივლისი 2025 წელი

საქმე №ა-5242-შ-141-2024 თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

მოსამართლეები: ლაშა ქოჩიაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

ამირან ძაბუნიძე

გოჩა ჯეირანაშვილი

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე

შუამდგომლობის ავტორი – ი.მ. ა.ი. ძე ა–ი

მოწინააღმდეგე მხარე – შ.პ.ს. „ი.ჯ–ია“

გადაწყვეტილება, რომლის საქართველოს ტერიტორიაზე ცნობას და აღსრულებას მოითხოვს მხარე – რუსეთის ფედერაციის ალტაის მხარის საარბიტრაჟო სასამართლოს გადაწყვეტილება (გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადების თარიღი 18.12.2023წ; გადაწყვეტილების სრული მოცულობით მომზადების თარიღი 22.12.2023წ.) (საქმე № А03-17445/2022)

დავის საგანი – თანხის დაკისრება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. რუსეთის ფედერაციის ალტაის მხარის საარბიტრაჟო სასამართლოს გადაწყვეტილებით (გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადების თარიღი 18.12.2023წ; გადაწყვეტილების სრული მოცულობით მომზადების თარიღი 22.12.2023წ.) (საქმე № А03-17445/2022) შ.პ.ს. „ი.ჯ–ია“-ს (საქართველო, თბილისი, საბურთალოს რ-ნი) ი.მ. ა.ი. ძე ა–ის (ქ. ბარნაული) სასარგებლოდ დაეკისრა 1 232 000 რუბლი დავალიანების, 38 192 რუბლი საურავის, სულ 1 270 192 რუბლის, აგრეთვე სახელმწიფო ბაჟის ხარჯების 25 702 რუბლის გადახდა. ამასთან, გაგრძელდა საურავის დარიცხვა დავალიანების თანხის 0.1%-ის ოდენობით გადახდის ვადაგადაცილების ყოველი კალენდარული დღისთვის, 01.11.2022 წლიდან ფულადი ვალდებულების ფაქტიურ შესრულებამდე.

2. 2024 წლის 10 ოქტომბერს საქართველოს უზენაეს სასამართლოს შუამდგომლობით მომართა ი.მ. ა.ი. ძე ა–ის წარმომადგენელმა ა.ს–მა, რომელმაც რუსეთის ფედერაციის ალტაის მხარის საარბიტრაჟო სასამართლოს გადაწყვეტილების (გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადების თარიღი 18.12.2023წ; გადაწყვეტილების სრული მოცულობით მომზადების თარიღი 22.12.2023წ.) (საქმე № А03-17445/2022) საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა და აღსრულება მოითხოვა.

3. შუამდგომლობის ავტორის მიერ წარმოდგენილი რუსეთის ფედერაციის ალტაის მხარის საარბიტრაჟო სასამართლოს გადაწყვეტილებისა (გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის მომზადების თარიღი 18.12.2023წ; გადაწყვეტილების სრული მოცულობით მომზადების თარიღი 22.12.2023წ.) (А03-17445/2022) და თანდართული დოკუმენტების (ხელშეკრულება; ცნობა) მიხედვით:

3.1. რუსეთის ფედერაციის საარბიტრაჟო საპროცესო კოდექსის შესაბამისად, მოპასუხე სათანადო ფორმით იყო ინფორმირებული საქმის განხილვის თაობაზე.

3.2. რუსეთის ფედერაციის ალტაის მხარის საარბიტრაჟო სასამართლოს გადაწყვეტილება (გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადების თარიღი 18.12.2023წ; გადაწყვეტილების სრული მოცულობით მომზადების თარიღი 22.12.2023წ.) (საქმე № А03-17445/2022) კანონიერ ძალაში შევიდა 2024 წლის 02 თებერვალს.

3.3. მხარეები შეთანხმდნენ, რომ ისინი შეეცდებიან მოლაპარაკების გზით გადაწყვიტონ ყველა დავა, რომელიც შეიძლება წარმოიშვეს მხარეთა შორის არსებული ხელშეკრულებიდან გამომდინარე. ხოლო თუ მხარეები ვერ მიაღწევენ შეთანხმებას, დავა განიხილება ალტაის მხარის საარბიტრაჟო სასამართლოში.

3.4. მხარის განცხადების საფუძველზე ჩატარებული შემოწმების შედეგების მიხედვით დადგინდა, რომ 02.02.2024 წლის ФС № 041112744 სააღსრულებო დოკუმენტი საქმეზე № А03-17445/2022 სასამართლო აღმასრულებელთა ფედერალური სამსახურის ალტაის მხარის მთავარი სამმართველოს სტრუქტურულ ქვედანაყოფებში წარდგენილი არ ყოფილა.

4. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 30 იანვრის განჩინებით ი.მ. ა.ი. ძე ა–ის შუამდგომლობა რუსეთის ფედერაციის ალტაის მხარის საარბიტრაჟო სასამართლოს გადაწყვეტილების (გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადების თარიღი 18.12.2023წ; გადაწყვეტილების სრული მოცულობით მომზადების თარიღი 22.12.2023წ.) (საქმე № А03-17445/2022) საქართველოს ტერიტორიაზე ცნობისა და აღსრულების შესახებ მიღებული იქნა განსახილველად.

5. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 30 იანვრის განჩინება და ი.მ. ა.ი. ძე ა–ის შუამდგომლობა თანდართული მასალებით შ.პ.ს. „ი.ჯ–ია“-ს ჩაბარდა 2025 წლის 10 მარტს.

6. 2025 წლის 17 მარტს შ.პ.ს. „ი.ჯ–ია“-ს წარმომადგენელმა ნ.კ–ამ წარმოადგინა წერილობითი მოსაზრება შუამდგომლობაზე და მოითხოვა საარბიტრაჟო გადაწყვეტილების ცნობასა და აღსრულებაზე უარის თქმა შემდეგ გარემოებებზე დაყრდნობით:

6.1. შ.პ.ს. „ი.ჯ–ია“-ს არ ჩაბარებია რუსეთის ფედერაციის ალტაის მხარის საარბიტრაჟო სასამართლოს გადაწყვეტილება (გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადების თარიღი 18.12.2023წ; გადაწყვეტილების სრული მოცულობით მომზადების თარიღი 22.12.2023წ.) (საქმე № А03-17445/2022), შესაბამისად, არ მიეცა გასაჩივრების საშუალება. ამდენად, გაუგებარია, როგორ შევიდა კანონიერ ძალაში აღნიშნული გადაწყვეტილება.

6.2. საქმის მოსამზადებელ ეტაპზე მას გაეგზავნა და ჩაბარდა მხოლოდ საქმის წარმოებაში მიღებისა და სასამართლო სხდომის თარიღის განხილვის შესახებ განჩინება, რომელშიც მითითებული იყო, რომ მოპასუხეს უნდა წარედგინა შესაგებელი.

6.3. სარჩელის აღძვრის შესახებ ინფორმაციის მიღების პერიოდში კომპანია განიცდიდა ფინასურ სიძნელეებს, რის გამოც ვერ მოხერხდა რუსეთის ფედერაციის კანონმდებლობის მცოდნე წარმომადგენლის აყვანა, რომელიც დაიცავდა მის ინტერესებს, სწორედ ამიტომ ვერ მოხერხდა შესაგებლისა და მტკიცებულებების წარდგენა, რომელშიც კომპანია მოცემულ დავასთან მიმართებით საკუთარ პოზიციას დააფიქსირებდა.

6.4. მხარეებს შორის 2022 წლის 18 მაისის მიწოდების ხელშეკრულების თანახმად მიწოდებული საქონლის ღირებულების სრულად გადახდა არ მომხდარა იმ მიზეზით, რომ ი.მ. ა.ი. ძე ა–თან 2021 წლის 06 აპრილის მიწოდების ხელშეკრულების მიხედვით მიწოდებული საქონელი აღმოჩნდა უხარისხო და წუნდებული, ხოლო მისი ღირებულება სრულად წინასწარ იყო გადახდილი. შესაბამისად კომპანიამ განიცადა რა ზიანი, ზიანის თანხა გაუქვითა მხარეს 2022 წლის 18 მაისის მიწოდების ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების (შეუსრულებელი ვალდებულების ნაწილში) ანგარიშში. აქედან გამომდინარე მიწოდების ხელშეკრულებით კომპანიას შესასრულებელი ვალდებულება არ გააჩნია. კომპანიის წარმომადგენელმა ზემოაღნიშნულის დამადასტურებელი მტკიცებულებები დაურთო წინამდებარე მოსაზრებას.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

7. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საქმის მასალები და მიიჩნევს, რომ ი.მ. ა.ი. ძე ა–ის შუამდგომლობა რუსეთის ფედერაციის ალტაის მხარის საარბიტრაჟო სასამართლოს გადაწყვეტილების (გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადების თარიღი 18.12.2023წ; გადაწყვეტილების სრული მოცულობით მომზადების თარიღი 22.12.2023წ.) (საქმე № А03-17445/2022) საქართველოს ტერიტორიაზე ცნობისა და აღსრულების შესახებ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

8. „არბიტრაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის 44.1. მუხლის თანახმად, იმ ქვეყნის მიუხედავად, სადაც გამოტანილ იქნა საარბიტრაჟო გადაწყვეტილება, იგი შესასრულებლად სავალდებულოა და სასამართლოში წერილობითი შუამდგომლობის წარდგენის შემთხვევაში უნდა აღსრულდეს ამ მუხლისა და ამ კანონის 45-ე მუხლის დებულებათა გათვალისწინებით. საქართველოში გამოტანილ გადაწყვეტილებებთან დაკავშირებით ამ მუხლისა და ამ კანონის 45-ე მუხლის მიზნებისათვის უფლებამოსილ სასამართლოდ ითვლება სააპელაციო სასამართლოები, ხოლო საქართველოს ფარგლებს გარეთ გამოტანილ გადაწყვეტილებებთან დაკავშირებით – საქართველოს უზენაესი სასამართლო.

9. უცხოეთის საარბიტრაჟო გადაწყვეტილებათა ცნობისა და აღსრულების 1958 წლის ნიუ-იორკის კონვენციის მე-3 მუხლის თანახმად, ყოველი ხელშემკვრელი სახელმწიფო საარბიტრაჟო გადაწყვეტილებებს ცნობს როგორც სავალდებულოს და აღასრულებს მათ იმ ტერიტორიის პროცესუალური ნორმებით, სადაც მოითხოვება ამ გადაწყვეტილებათა ცნობა და აღსრულება, ქვემოჩამოთვლილ მუხლებში ჩამოყალიბებული პირობებით.

10. ცნობა და აღსრულება ანიჭებს საარბიტრაჟო გადაწყვეტილებას იურიდიულ ძალას იმ ქვეყანაში, სადაც არ გამოტანილა ეს საარბიტრაჟო გადაწყვეტილება (იხ. სუსგ საქმე №ა-2367-შ-70-2022, 20 ნოემბერი, 2023 წელი). საარბიტრაჟო გადაწყვეტილების ცნობა-აღსრულების საკითხზე მსჯელობისას საკასაციო სასამართლო საარბიტრაჟო გადაწყვეტილებას არ განიხილავს არსებითად (იხ. სუსგ საქმე №ა-3151-შ-83-2016, 1 თებერვალი, 2017 წელი). ,,revision au fond"-ის აკრძალვის სახელით ცნობილი პრინციპი კატეგორიულად უარყოფს უცხო ქვეყნის სასამართლოს თუ არბიტრაჟის მიერ გამოტანილი გადაწყვეტილების შინაარსობრივ გადამოწმებას (შედ. იხ. სუსგ საქმე №ა-952-შ-23-2016, 6 ივლისი, 2015 წელი).

11. საკასაციო პალატა დადგენილად მიიჩნევს, რომ საარბიტრაჟო გადაწყვეტილებით მოწინააღმდეგე მხარეს შუამდგომლობის ავტორის სასარგებლოდ დაეკისრა დავალიანება 1 232 000 რუბლი, საურავი 38 192 რუბლი, სულ 1 270 192 რუბლი, აგრეთვე სახელმწიფო ბაჟის ხარჯები - 25 702 რუბლის გადახდა. სარბიტრაჟო გადაწყვეტილებიდან ირკვევა, რომ გადაწყვეტილება კანონიერ ძალაში შევიდა 2024 წლის 02 თებერვალს, ამასთან, მოპასუხე ინფორმირებული იყო საარბიტრაჟო განხილვის თაობაზე.

12. ალტაის მხარის საარბიტრაჟო სასამართლოს კომპეტენცია მხარეთა მიერ შეთანხმებული იყო მათ შორის გაფორმებული ხელშეკრულების 6.1. პუნქტით (ყველა დავა, რომელიც შეიძლება წარმოიშვას წინამდებარე ხელშეკრულებიდან გამომდინარე ან მასთან დაკავშირებით, მათ შორის, მის არსებობასთან, ნამდვილობასთან, ცვლილებებთან, აღსრულებასთან, შეწყვეტასთან დაკავშირებით, მათ შორის ამ ხელშეკრულებით წარმოშობილი ვალდებულებებისა და მისი შესრულების უზრუნველმყოფი ხელშეკრულებებიდან გამომდინარე, მხარეები შეეცდებიან გადაწყვიტონ მოლაპარაკებების გზით. თუ მხარეები ვერ მიაღწევენ შეთანხმებას, დავა განიხილება ალტაის მხარის საარბიტრაჟო სასამართლოში.).

13. ნიუ-იორკის კონვენციის მე-5 მუხლი, ისევე როგორც „არბიტრაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის 45.1. მუხლი, ამომწურავად განსაზღვრავს საარბიტრაჟო გადაწყვეტილების ცნობასა და აღსრულებაზე უარის თქმის საფუძვლებს. შუამდგომლობის ავტორს საარბიტრაჟო გადაწყვეტილების ცნობასა და აღსრულებაზე უარი შეიძლება ეთქვას იმ მხარის მოთხოვნით, რომლის წინააღმდეგაც არის იგი მიმართული. შესაბამისად, მოწინააღმდეგე მხარეს ეკისრება მტკიცების ტვირთი და მხოლოდ იმ შემთხვევაშია შესაძლებელი საარბიტრაჟო გადაწყვეტილების ცნობასა და აღსრულებაზე უარის თქმა, თუ მოწინააღმდეგე მხარე დაადასტურებს, რომ არსებობს ნიუ-იორკის კონვენციის 5.1. მუხლითა და „არბიტრაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის 45.1. მუხლის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული რომელიმე საფუძველი. ნიუ-იორკის კონვენციის 5.2. მუხლი და „არბიტრაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის 45.1. მუხლის „ბ“ ქვეპუნქტი ითვალისწინებს საარბიტრაჟო გადაწყვეტილებების ცნობა-აღსრულებაზე უარის თქმის საფუძვლებს, რომლებიც სასამართლომ საკუთარი ინიციატივით (ex officio) უნდა შეაფასოს, კერძოდ, საარბიტრაჟო გადაწყვეტილების ცნობასა და აღსრულებაზე შეიძლება უარის თქმა, თუ სასამართლო დაადგენს, რომ: საქართველოს კანონმდებლობის თანახმად, დავა არ შეიძლება იყოს საარბიტრაჟო განხილვის საგანი; საარბიტრაჟო გადაწყვეტილების ცნობა და აღსრულება ეწინააღმდეგება საჯარო წესრიგს.

14. სამოქალაქო საქმეთა პალატა აღნიშნავს, რომ მოწინააღმდეგე მხარეს არ მიუთითებია „არბიტრაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის 45.1. მუხლის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ გარემოებებზე. ამასთან, მოცემულ შემთხვევაში არ არსებობს „არბიტრაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის 45.1. მუხლის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული გადაწყვეტილების ცნობასა და აღსრულებაზე უარის თქმის საფუძვლები. მოწინააღმდეგე მხარის მხოლოდ ზეპირი შედავება, რომ მას არ მიეცა საშუალება სათანადო შედავება წარედგინა და მან გაქვითა მიყენებული ზიანის თანხა ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების (შეუსრულებელი ვალდებულების ნაწილში) ანგარიშში, არ წარმოადგენს საარბიტრაჟო გადაწყვეტილების ცნობასა და აღსრულებაზე უარის თქმის საფუძველს.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატა მიიჩნევს, რომ შუამდგომლობის ავტორის მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს, საქართველოს ტერიტორიაზე ცნობილი უნდა იქნას და მიექცეს აღსასრულებლად რუსეთის ფედერაციის ალტაის მხარის საარბიტრაჟო სასამართლოს გადაწყვეტილება (გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადების თარიღი 18.12.2023წ; გადაწყვეტილების სრული მოცულობით მომზადების თარიღი 22.12.2023წ.) (საქმე № А03-17445/2022).

15. განსახილველ შემთხვევაში საქმის მასალებით დასტურდება, რომ შუამდგომლობის ავტორს შუამდგომლობაზე სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი აქვს 150 ლარი. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53.1. მუხლიდან გამომდინარე (იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან), მოწინააღმდეგე მხარეს უნდა დაეკისროს შუამდგომლობის ავტორის სასარგებლოდ ამ უკანასკნელის მიერ შუამდგომლობაზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის – 150 ლარის გადახდა.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა „არბიტრაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის 44-ე, 45-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე და 284-ე მუხლებით

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ი.მ. ა.ი. ძე ა–ის შუამდგომლობა რუსეთის ფედერაციის ალტაის მხარის საარბიტრაჟო სასამართლოს გადაწყვეტილების (გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადების თარიღი 18.12.2023წ; გადაწყვეტილების სრული მოცულობით მომზადების თარიღი 22.12.2023წ.) (საქმე № А03-17445/2022) ცნობისა და აღსრულების შესახებ დაკმაყოფილდეს.

2. საქართველოს ტერიტორიაზე ცნობილი იქნას და მიექცეს აღსასრულებლად რუსეთის ფედერაციის ალტაის მხარის საარბიტრაჟო სასამართლოს გადაწყვეტილება (გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადების თარიღი 18.12.2023წ; გადაწყვეტილების სრული მოცულობით მომზადების თარიღი 22.12.2023წ.) (საქმე № А03-17445/2022), რომლითაც შ.პ.ს. „ი.ჯ–ია“-ს (საქართველო, თბილისი, საბურთალოს რ-ნი) ი.მ. ა.ი. ძე ა–ის (ქ. ბარნაული) სასარგებლოდ დაეკისრა 1232000 რუბლის დავალიანების, 38192 რუბლის საურავის, სულ 1270192 რუბლის, აგრეთვე სახელმწიფო ბაჟის ხარჯების - 25702 რუბლის გადახდა. ასევე, გაგრძელდა საურავის დარიცხვა დავალიანების თანხის 0.1%-ის ოდენობით გადახდის ვადაგადაცილების ყოველი კალენდარული დღისთვის, 01.11.2022 წლიდან ფულადი ვალდებულების ფაქტიურ შესრულებამდე.

3. შ.პ.ს. „ი.ჯ–ია“-ს ი.მ. ა.ი. ძე ა–ის სასარგებლოდ დაეკისროს ამ უკანასკნელის მიერ შუამდგომლობაზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 150 ლარის გადახდა.

4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

მოსამართლეები: ლაშა ქოჩიაშვილი

ამირან ძაბუნიძე

გოჩა ჯეირანაშვილი