Facebook Twitter

19 ივნისი 2025 წელი

№ას- 521-2025 ქ.თბილისი

მოსამართლეები: ლაშა ქოჩიაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

ამირან ძაბუნიძე

თეა ძიმისტარაშვილი

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე

კასატორი - ლ.ხ–ნი

მოწინააღმდეგე მხარე - სს „ლ.ბ–ი“

გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 04 თებერვლის განჩინება

კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის სრულად დაკმაყოფილება

დავის საგანი - შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის შესახებ დამსაქმებლის მიერ გამოვლენილი ნების ბრძანების ბათილად ცნობა, გათვისუფლებამდე არსებულ პოზიციაზე აღდგენის შეუძლებლობის კომპენსაციის დაკისრება, იძულებითი განაცდურის ანაზღაურება, მორალური ზიანის ანა ზღაურება.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. ლ.ხ–ნმა სარჩელი აღძრა სასამართლოში სს „ლ.ბ–ის“ მიმართ და მოითხოვა:

1.1. ბათილად იქნეს ცნობილი მოპასუხის 05.09.2023 წლის #122300194 ბრძანებით გამოვლენილი წერილობითი ნება მოსარჩელესთან შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის შესახებ.

1.2. მოპასუხე სს ლ.ბ–ს დაეკისროს მოსარჩელე ლ.ხ–ნის სასარგებლოდ გათავისუფლებამდე არსებულ პოზიციაზე აღდგენის სანაცვლოდ კომპენსაციის სახით ერთი წლის საშუალო ხელფასისა და საშუალო წლიური ბონუსის ოდენობით ჯამში დარიცხული 48600 ლარის გადახდა.

1.3. მოპასუხე სს ლ.ბ–ს დაეკისროს მოსარჩელე ლ.ხ–ნის სასარგებლოდ იძულებითი განაცდურის სახით ყოველთვიური ხელფასის დარიცხული 4045 ლარის გადახდა 05.09.2023 წლიდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე პრიოდისათვის.

1.4. მოპასუხე სს ლ.ბ–ს დაეკისროს მოსარჩელე ლ.ხ–ნის სასარგებლოდ მიყენებული მორალური ზიანის ანაზღაურება - 20000 ლარის ოდენობით.

2. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 01 მაისის გადაწყვეტილებით მოსარჩელის სასარჩელო მოთხოვნა დაკმაყოფილდა და ბათილად იქნა ცნობილი მოპასუხის 05.09.2023 წლის #122300194 ბრძანებით გამოვლენილი წერილობითი ნება მოსარჩელესთან შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის შესახებ; მოსარჩელის სასარჩელო მოთხოვნა დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, მოპასუხე სს ,,ლ.ბ–ს" დაეკისრა მოსარჩელე ლ.ხ–ნის სასარგებლოდ გათავისუფლებამდე არსებულ პოზიციაზე აღდგენის სანაცვლოდ კომპენსაციის სახით 2625 ლარის გადახდა; სს ,,ლ.ბ–ს" დაეკისრა ლ.ხ–ნის სასარგებლოდ იძულებით განაცდურის სახით ყოველთვიური ხელფასის დარიცხული 875 ლარის გადახდა 06.09.2023 წლიდან გადაწყვეტილების მე-2 პუნქტის აღსრულებამდე პერიოდისათვის; დარჩენილ ნაწილში მოსარჩელეს უარი ეთქვა სასარჩელო მოთხოვნების დაკმაყოფილებაზე.

3. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 01 მაისის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს სს „ლ.ბ–მა“ და ლ.ხ–ნმა. სს „ლ.ბ–მა“ გასაჩივრებული გადაწყვეტილება გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა და ლ.ხ–ნმა გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმება და სარჩელის სრულად დაკმაყოფილება მოითხოვეს.

4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 04 თებერვლის განჩინებით სს „ლ.ბ–ის“ და ლ.ხ–ნის სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 01 მაისის გადაწყვეტილება.

5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 04 თებერვლის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა ლ.ხ–ნმა, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება მოითხოვა.

6. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 21 მაისის განჩინებით, საკასაციო საჩივარი მიღებული იქნა წარმოებაში დასაშვებობის შესამოწმებლად.

7. 2025 წლის 11 ივნისს საქართველოს უზენაესი სასამართლოს საქმეთა პალატას განცხადებით მომართა ლ.ხ–ნის წარმომადგენელმა რ.ც–ემ და მიუთითა, რომ კასატორი უარს აცხადებს საკასაციო საჩივარზე (მინდ.ტ.1; ს.ფ. 108-110).

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

8. საკასაციო სასამართლო გაეცნო კასატორის წარმომადგენლის განცხადებას და საქმეში არსებულ მასალებს, მიაჩნია, რომ ლ.ხ–ნის საკასაციო საჩივარზე უნდა შეწყდეს საქმის წარმოება შემდეგ გარემოებათა გამო:

9. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლი განამტკიცებს დისპოზიციურობის პრინციპს და ადგენს მოსარჩელის უფლებას, უარი თქვას სარჩელზე, ხოლო მოპასუხემ ცნოს მის მიმართ წარდგენილი მოთხოვნა. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 378-ე მუხლის თანახმად (საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე მუხლის დისპოზიციიდან გამომდინარე, ამ ნორმის გამოყენება დასაშვებია საკასაციო სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივრის განხილვისას) სააპელაციო საჩივარზე უარის თქმა დასაშვებია სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების გამოტანამდე. სააპელაციო საჩივარზე უარის თქმის შემთხვევაში სასამართლო შეწყვეტს საქმის წარმოებას, რის შედეგადაც მხარეს ერთმევა უფლება, კვლავ გაასაჩივროს სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით. ამდენად, აპელანტი უფლებამოსილია, კანონით გათვალისწინებული შედეგების გათვალისწინებით, საქმის განხილვის ნებისმიერ ეტაპზე, სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების გამოტანამდე, დაუბრკოლებლად უარი განაცხადოს მის მიერ შეტანილ სააპელაციო საჩივარზე. აღნიშნული წესი ვრცელდება საკასაციო საჩივარზე უარის თქმის უფლებაზეც.

10. მოცემულ შემთხვევაში, პალატა მიიჩნევს, რომ ლ.ხ–ნის განცხადება საკასაციო საჩივარზე უარის თქმის შესახებ უნდა დაკმაყოფილდეს და სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 272-ე მუხლის „გ“ ქვეპუნქტისა და 378-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ლ.ხ–ნის საკასაციო საჩივარზე უნდა შეწყდეს საქმის წარმოება. განემარტოს კასატორს, რომ მას ერთმევა უფლება, კვლავ გაასაჩივროს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 04 თებერვლის განჩინება საკასაციო წესით.

11. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 49-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, თუ სასამართლოს მთავარ სხდომამდე მოსარჩელე უარს იტყვის სარჩელზე, მოპასუხე ცნობს სარჩელს ან მხარეები მორიგდებიან, მხარეები მთლიანად თავისუფლდებიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, სააპელაციო და საკასაციო სასამართლოებში სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან მთლიანად გათავისუფლება ან სახელმწიფო ბაჟის ოდენობის განახევრება ხდება ამ მუხლით დადგენილი წესით, მხოლოდ ამ ინსტანციებისათვის განსაზღვრული სახელმწიფო ბაჟის ოდენობის ფარგლებში.

12. მოცემულ შემთხვევაში, კასატორი გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟი გადახდისაგან.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3, 272-ე, 273-ე, 378-ე, 399-ე მუხლებით

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ლ.ხ–ნის განცხადება საკასაციო საჩივარზე უარის თქმის შესახებ, დაკმაყოფილდეს.

2. შეწყდეს საქმის წარმოება ლ.ხ–ნის საკასაციო საჩივარზე თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 04 თებერვლის განჩინების გაუქმების შესახებ.

3. ძალაში დარჩეს ქვემდგომი სასამართლოების მიერ მოცემულ საქმეზე მიღებული გადაწყვეტილებები.

4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

მოსამართლეები: ლაშა ქოჩიაშვილი

ამირან ძაბუნიძე

თეა ძიმისტარაშვილი