ბს-1094-1046 (კ-07) 2 აპრილი, 2008 წ.
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
ნუგზარ სხირტლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მარიამ ცისკაძე, ლევან მურუსიძე
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლები.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
გ. ნ-მა, ი. მ-მა, თ. კ-ემ და გ. ჯ-მა სასარჩელო განცხადებით მიმართეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას და განმარტეს, რომ გ. ნ-ი საქართველოს სახელმწიფო უშიშროების მინისტრის 31.01.97წ. ¹35-პშ ბრძანების საფუძველზე დაინიშნა ¹01527 სამხედრო ნაწილის შტაბის ....., ხოლო საქართველოს თავდაცვის მინისტრის 02.02.05წ. ¹110 ბრძანებით დათხოვნილ იქნა სამხედრო სამსახურიდან რეორგანიზაცია-შტატების შემცირებასთან დაკავშირებით. მოსარჩელე ი. მ-ი საქართველოს სახელმწიფო უშიშროების მინისტრის 28.07.97წ. ¹553-პ.შ ბრძანების საფუძველზე დაინიშნა ¹01527 სამხედრო ნაწილის შტაბის ....., ხოლო საქართველოს თავდაცვის მინისტრის 17.08.05წ. ¹2262 ბრძანებით დათხოვნილ იქნა სამხედრო სამსახურიდან რეორგანიზაცია-შტატების შემცირების გამო. მოსარჩელე გ. ჯ-ი საქართველოს თავდაცვის მინისტრის 31.08.93წ. ¹1853-პშ ბრძანების საფუძველზე დაინიშნა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საჩვენებელ ორკესტრში მუსიკოსად, ხოლო საქართველოს თავდაცვის მინისტრის 17.08.05წ. ¹2262 ბრძანებით დათხოვნილ იქნა სამხედრო სამსახურიდან რეორგანიზაცია-შტატების შემცირებასთან დაკავშირებით. მოსარჩელე თ. კ-ე საქართველოს შინაგანი ჯარების 12.01.94წ. ¹8-პშ-ის საფუძველზე დაინიშნა ¹2052 სამხედრო ნაწილის შტაბის ორკესტრში მუსიკოსად, ხოლო საქართველოს თავდაცვის მინისტრის 17.08.05წ. ¹2262 ბრძანებით დათხოვნილ იქნა სამხედრო სამსახურიდან რეორგანიზაცია-შტატების შემცირებასთან დაკავშირებით. “სამხედრო მოსამსახურეთა სტატუსის შესახებ” კანონის მე-12 მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, სამხედრო მოსამსახურეს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი ნორმით სახელმწიფოს ხარჯზე ეძლევა სასურსათო ულუფა და ფორმის ტანსაცმელი ან შესაბამისი ფულადი კომპენსაცია, რომელიც, მოსარჩელეთა განმარტებით, მოპასუხეს მათთვის არ აუნაზღაურებია. ამავდროულად, სამსახურიდან გათავისუფლებისას საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მათთვის უნდა აენაზღაურებინა ერთჯერადი გასასვლელი დახმარება “საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო მოსამსახურეთა და სამოქალაქო პირთა სოციალური დაცვისა და მატერიალური უზრუნველყოფის შესახებ” საქართველოს პრეზიდენტის 05.11.04წ. ბრძანებულების შესაბამისად, ფულადი სარგოების ხუთმაგი ოდენობით გ. ნ-სა და ი. მ-ის, ხოლო თ. კ-ის და გ. ჯ-ის ფულადი სარგოების რვამაგი ოდენობით. 29.12.06წ. მოსარჩელეემა დააზუსტეს სასარჩელო მოთხოვნა და მოითხოვეს, რომ მოპასუხეს მათ სასარგებლოდ ერთჯერადი გასასვლელი დახმარების ანაზღაურება ფულადი სარგოს სამმაგი ოდენობით დაჰკისრებოდა. იმის გამო, რომ მოპასუხისაგან სანივთე ქონების კომპენსაციის ოდენობის თაობაზე პასუხი ვერ მიიღეს და არც სასამართლოში წარმოადგინეს, მოსარჩელეებმა მოპასუხისაგან თითოეული მათგანისათვის ფორმის ტანსაცმლის სანივთე კომპენსაციის ოდენობის დაანგარიშება და მისი ფულადი ფორმით ანაზღაურება მოითხოვეს.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 29.12.06წ. გადაწყვეტილებით სასარჩელო მოთხოვნა დაკმაყოფილდა, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დაეკისრა მოსარჩელეების, გ. ნ-ის, ი. მ-ის, თ. კ-ის, გ. ჯ-ის სასარგებლოდ გაუცემელი ერთჯერადი (გამოსასვლელი) დახმარების ანაზღაურება, თითოეულისათვის 360 ლარის ოდენობით.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 29.12.06წ. გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 21.09.07წ. განჩინებით საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და უცვლელად დარჩა გასაჩივრებული გადაწყვეტილება. სააპელაციო სასამართლომ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მტკიცებულებების გამოკვლევის შედეგები, სსკ-ის 390-ე მუხლის თანახმად, დაეთანხმა პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებებსა და დასკვნებს საქმის ფაქტობრივ და სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით.
სააპელაციო სასამართლომ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს მოსაზრება ერთჯერადი (გამოსასვლელ) დახმარების ანაზღაურებასთან დაკავშირებით და აღნიშნული დაასაბუთა საკასაციო პალატის გადაწყვეტილებით. სააპელაციო პალატამ მიუთითა საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 25.05.07წ. ¹ბს-1030-982(კ-06) გადაწყვეტილებაზე, რომლის თანახმად, “საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო მოსამსახურეთა და სამოქალაქო პირთა სოციალური დაცვისა და მატერიალური უზრუნველყოფის შესახებ” საქართველოს პრეზიდენტის 05.11.04წ. ¹493 ბრძანებულების 33-ე მუხლის შესაბამისად დადგინდა ერთჯერადი (გამოსასვლელი) დახმარების საფუძველი. ბრძანებულება ამოქმედდა 2004 წლის 15 ნოემბრიდან. საქრთველოს პრეზიდენტის 31.12.04წ. ¹640 ბრძანებულებით ცვლილება შევიდა ¹493 ბრძანებულებაში, რის საფუძველზეც ზემოაღნიშნული 33-ე პუნქტი ფაქტობრივად გაიყო ორ პუნქტად და ერთჯერადი დახმარების გაცემის წესი იმ პირებზე, რომლებიც დათხოვნილნი არიან შეიარაღებული ძალების რიგებიდან ზღვრული ასაკის მიღწევის, რეორგანიზაციისა და შტატების შემცირებასთან დაკავშირებით, განისაზღვრა ბრძანებულების 331-ე პუნქტით. იმავე ¹640 ბრძანებულების 611-ე პუნქტით ბრძანებულების 331-ე პუნქტის მოქმედება შეჩერდა 2006 წლის 1 იანვრამდე. პირველი ნაწილით მოხდა უფლების აღიარება(ნამსახური წლების მიხედვით სამხედრო მოსამსახურეებს აქვთ ერთჯერადი დახმარების ფულადი სარგოს სახით მიღების უფლება), ხოლო მეორეში ჩაიდო უფლების რეალიზაციის მექანიზმი, რომლითაც დადგინდა, რომ აღიარებული უფლების რეალიზაცია მოხდებოდა 2006 წლის 1 იანვრიდან. ნორმის შეჩერებით სახელმწიფომ აღიარა უფლება, პირმა რომ მიიღოს ფულადი დახმარება, ხოლო, რაც შეეხება ამ აღიარებული უფლების რეალიზაციის მექანიზმს, მითითებული დაუკავშირა დროის შემდგომ პერიოდს. სააპელაციო პალატის განცხადებით, მოპასუხე სადავოდ არ ხდიდა იმ გარემოებას, რომ მოსარჩელეები ნამდვილად იმყოფებოდნენ სამხედრო სამსახურში და წარმოადგენდნენ სამხედრო მოსამსახურეებს და სამხედრო სამსახურიდან დათხოვნილ იქნენ რეორგანიზაციისა და შტატების შემცირებასთან დაკავშირებით. სანივთე ქონება წარმოადგენს მატერიალურ საგნებს, რომლებსაც გააჩნიათ ღირებულება და ექვემდებარება აღრიცხვას. მოსარჩელეებისათვის კანონით დადგენილი სანივთე ქონების გადაცემა არ დასტურდებოდა. სააპელაციო პალატამ არ გაიზიარა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მოსაზრება იმის თაობაზე, რომ 2005 წლის მდგომარეობით, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო მოსამსახურეთა მიმართ ამ სახის დავალიანება არ წარმოშობია.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 21.09.07წ. განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ, რომელმაც აღნიშნა, რომ სააპელაციო სასამართლომ არასწორად განმარტა კანონი და გასაჩივრებული განჩინება დაუსაბუთებელია. სააპელაციო სასამართლომ არასწორად იმსჯელა მოსარჩელეთა სასარგებლოდ ერთჯერადი დახმარების დაკმაყოფილების ნაწილში და გამოიყენა კანონი, რომელიც არ უნდა გამოეყენებინა. სააპელაციო სასამართლომ ყურადღება არ გაამახვილა იმ გარემოებაზე, რომ მოსარჩელეები თავდაცვის სამინისტროში დაინიშნენ და შემდეგ გათავისუფლდნენ დროის იმ შუალედში, როდესაც არ მოქმედებდა საქართველოს პრეზიდენტის ¹493 ბრძანებულების არც 33-ე და არც ¹640 ბრძანებულებით დამატებული 331-ე პუნქტები, შესაბამისად, არც ¹493 ბრძანებულებით დამატებულ 611-ე მუხლით ყოფილა გათვალისწინებული, რომ აღნიშნული ნორმები გავრცელდებოდა 2005წ. დანიშნულ და განთავისუფლებულ სამხედრო მოსამსახურეებზე. კასატორის აზრით, სააპელაციო სასამართლომ არასწორად იმსჯელა მოსარჩელეთა სასარგებლოდ სანივთე ქონების კომპენსაციის დაკმაყოფილების ნაწილში და გამოიყენა კანონი, რომელიც არ უნდა გამოეყენებინა. “სამხედრო მოსამსახურის სტატუსის შესახებ” კანონით დადგენილი ნორმები ვრცელდება მხოლოდ მოქმედ და არა ყოფილ სამხედრო მოსამსახურეებზე. კასატორმა მიუთითა, რომ სამხედრო მოსამსახურეს წელიწადში ერთხელ ეძლევა სანივთე ქონების კომპენსაცია. მოსარჩელეები მხოლოდ 7 თვის მანძილზე მსახურობდნენ სამხედრო სამსახურში.
საკასაციო პალატის 21.12.07წ. განჩინებით საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივარი დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული, მხარეებს საკასაციო საჩივრის დასაშვებობასთან დაკავშირებით მოსაზრებების წარმოდგენის უფლება მიეცათ.
თ. კ-ემ, ჯ. ჯ-მა, გ. ნ-მა და ი. მ-მა წარმოადგინეს შესაგებელი, რომელშიც მიუთითეს, რომ კასატორმა ვერ მიუთითა პროცესუალურ დარღვევებზე, სააპელაციო პალატის განჩინება შეესაბამება ანალოგიურ საქმეებზე მიღებულ გადაწყვეტილებებს, განსახილველი დავის საგნის მიმართ ჩამოყალიბებულია ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკა, რის გამოც, მათი აზრით, საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს მიჩნეული.
საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ წარმოადგინა მოსაზრება საკასაციო საჩივრის დასაშვებობასთან დაკავშირებით. კასატორს მიაჩნია, რომ მისი საკასაციო საჩივარი ასკ-ის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის “ა” ქვეპუნქტის შესაბამისად, დასაშვებად უნდა იქნეს მიჩნეული.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო გასაჩივრებული განჩინების გაცნობის, საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს მიჩნეული შემდეგ გარემოებათა გამო:
საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა არსებითი პროცესუალური დარღვევების გარეშე და საქმეზე არსებითად სწორი გადაწყვეტილებაა მიღებული. მოცემული საქმე არ არის მნიშვნელოვანი სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის.
საკასაციო სასამართლო თვლის, რომ ამ შემთხვევაში არ არსებობს სააპელაციო სასამართლოს მიერ გამოყენებული საპროცესო და მატერიალური სამართლის ნორმების განმარტებისა და სამართლის განვითარების მიზნით საკასაციო სასამართლოს მიერ ზოგადი მნიშვნელობის მქონე სახელმძღვანელო და სარეკომენდაციო გადაწყვეტილების გამოტანის ფაქტობრივი საჭიროება.
საკასაციო სასამართლოს მოსაზრებით, აღნიშნულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს _ წარმატების პერსპექტივა.
აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ ამ კონკრეტულ შემთხვევაში არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.