20 მაისი 2025 წელი №ას-415-2025 ქ.თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
მოსამართლეები: ლაშა ქოჩიაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
ამირან ძაბუნიძე
თეა ძიმისტარაშვილი
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი მოსმენის გარეშე
საჩივრის ავტორები _ შ.პ.ს. „ჯ.თ.გ–ი“, შ.პ.ს. „ჰ–ს“, ნ.ხ., ო.გ.ხ.
მოწინააღმდეგე მხარე _ შ.პ.ს. „ფ.დ–ი“
გასაჩივრებული განჩინება _ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 16 დეკემბრის განჩინება სარჩელის უზრუნველყოფის საგნის შეცვლის შესახებ განცხადების დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე
საჩივრის ავტორის მოთხოვნა _ გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და სარჩელის უზრუნველყოფის საგნის შეცვლის შესახებ განცხადების დაკმაყოფილება
დავის საგანი _ თანხის დაკისრება, გარიგების ბათილად ცნობა, პირგასამტეხლოს დაკისრება (ძირითადი სარჩელით); ხელშეკრულებების შეწყვეტილად აღიარება, საჯარო რეესტრში რეგისტრაციის გაუქმება, თანხის დაკისრება (შეგებებებული სარჩელით)
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. შ.პ.ს. „ფ.დ–“-მა სარჩელი აღძრა შ.პ.ს. „ჯ.თ.გ–ი“-ს, შ.პ.ს. „ჰ–ს“-ის, ნ.ხ–ისა და ო.გ.ხ–ის მიმართ, შემდეგი მოთხოვნებით:
1.1. შ.პ.ს. „ჯ.თ.გ–“-ს, შ.პ.ს. „ჰ–ს“-ს და ნ.ხ–ს სოლიდარულად დაეკისროთ შ.პ.ს. „ფ.დ–“-ის სასარგებლოდ ნასყიდობის ფასის ძირითადი თანხის 180000 აშშ დოლარის გადახდა;
1.2. შ.პ.ს. „ჯ.თ.გ–“-ს, შ.პ.ს. „ჰ–ს“-ს და ნ.ხ–ს შ.პ.ს. „ფ.დ–“-ის სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ ნასყიდობის ფასის ნაწილის, სარგებელის სახით, 27 000 აშშ დოლარის გადახდა.
1.3. შ.პ.ს. „ჯ.თ.გ“-ს, შ.პ.ს. „ჰ“-ს და ნ.ხ–ს შ.პ.ს. „ფ.დ“-ის სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ პირგასამტეხლოს სახით 50 000 აშშ დოლარის გადახდა.
1.4. შ.პ.ს. „ჯ.თ.გ“-ს, შ.პ.ს. „ჰ“-ს და ნ.ხ–ს შ.პ.ს. „ფ.დ“-ის სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ ნასყიდობის ფასის ნაწილის, წლიური სარგებლის, 18 000 აშშ დოლარის გადახდა 2023 წლის 1 მარტიდან გადაწყვეტილების სრულად აღსრულებამდე;
1.5. ბათილად იქნეს ცნობილი ნ.ხ–სა და ო.გ.ხ–ს შორის დადებული უძრავი ქონების (საკადასტრო კოდებით: ....... და ........) ჩუქების ხელშეკრულება თითოეულის ½ წილზე (სანოტარო აქტი №221456857) და უძრავი ნივთების ½ წილი, საკადასტრო კოდებზე ....... და ......., აღირიცხოს მოპასუხე ნ.ხ–ზე.
1.6. მოპასუხეებს _ შ.პ.ს. „ჯ.თ.გ“-ს და შ.პ.ს. „ჰ“-ს მოსარჩელე შ.პ.ს. „ფ.დ“-ის სასარგებლოდ დაეკისროთ 18.01.2021 წლის სამმხრივი შეთანხმებიდან გამომდინარე პირგასამტეხლოს 56000 ლარის გადახდა.
2. დავის მიმდინარეობისას, შ.პ.ს. „ფ.დ“-ს მოთხოვნის საფუძველზე, თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის მიერ, მოპასუხეების მიმართ გამოყენებული იქნა შემდეგი სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიებები:
2.1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 11 აპრილის განჩინებით შ.პ.ს. „ჯ.თ.გ–“-ს აეკრძალა მის საკუთრებაში არსებული შემდეგი უძრავი ნივთების გასხვისება და იპოთეკით დატვირთვა:
- თბილისი, ........, IV კვარტალი, №8, ავტოსადგომი №32, ს/კ ..........;
- თბილისი, ........... IV კვარტალი, №8, ავტოსადგომი №31, ს/კ ..........;
- თბილისი, ............, №8, პირველი სადარბაზო, მე-10 სართული, ბინა №93, ფართი 114.00 კვ.მ (მშენებარე), ..........;
- თბილისი, ........., №8, პირველი სადარბაზო, მე-10 სართული, ბინა №92, ფართი: 45.50 კვ.მ, (მშენებარე) ს/კ ........
2.2. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 10 აგვისტოს განჩინებით:
- მოპასუხე შ.პ.ს. „ჰ–ს“-ს აეკრძალა შ.პ.ს. „რ.ს“-ში (ს/ნ .......) მის სახელზე საკუთრების უფლებით რეგისტრირებული 64% წილის გასხვისება;
- მოპასუხე შ.პ.ს. „ჯ.თ.გ“-ს აეკრძალა შ.პ.ს. „ჰ“-ში (ს/ნ ........) მის სახელზე საკუთრების უფლებით რეგისტრირებული 25% წილის გასხვისება.
2.3. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 6 თებერვლის განჩინებით:
- მოპასუხე შ.პ.ს. „ჰ–ს“-საეკრძალა შ.პ.ს. „რ.ს“-ში (ს/ნ .......) მის სახელზე საკუთრების უფლებით რეგისტრირებული 64% წილის გირავნობის უფლებით დატვირთვა;
- მოპასუხე შ.პ.ს. „ჯ.თ.გ“-ს აეკრძალა შ.პ.ს. „ჰ“-ში (ს/ნ .........) მის სახელზე საკუთრების უფლებით რეგისტრირებული 25% წილის გირავნობის უფლებით დატვირთვა.
2.4. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 14 მარტის განჩინებით ო.გ.ხ–ს აეკრძალა მის საკუთრებაში არსებული შემდეგი უძრავი ქონებების შესაბამისი წილის გასხვისება და იპოთეკით დატვირთვა:
- ქალაქი თბილისი, სოფელი ........; ქალაქი თბილისი, .........., სოფელი ..........; ქალაქი თბილისი, ........., საკადასტრო კოდი .........;
- ქალაქი თბილისი, ........, სოფელი .........., საკადასტრო კოდი - ........
3. წინამდებარე განჩინების 2.1.-2.4. პუნქტში მითითებული განჩინებების მიმართ მხარეთა მიერ გამოყენებულია გასაჩივრების უფლებამოსილება და სააპელაციო სასამართლოს მიერ პირველი ინსტანციის სასამართლოს დასახელებული განჩინებები დატოვებულია უცვლელად, შესაბამისად, სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ პირველი ინსტანციის სასამართლოს განჩინებები შესულია კანონიერ ძალაში.
4. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 07 ნოემბრის გადაწყვეტილებით:
4.1. შ.პ.ს. „ფ.დ“-ის სარჩელები დაკმაყოფილდა; მოპასუხეებს _ შ.პ.ს. „ჯ.თ.გ“-ს, შ.პ.ს. „ჰ“-ს და ნ.ხ–ს მოსარჩელე შ.პ.ს. „ფ.დ“-ის სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისრათ:
4.1.1. წილის ნასყიდობის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ნასყიდობის თანხის - 180000 აშშ დოლარის გადახდა (გადახდის დღის შესაბამისი ეროვნული ბანკის კურსით ლარში);
4.1.2. წილის ნასყიდობის ხელშეკრულებიდან გამომდინარე სარგებლის - 27000 აშშ დოლარის გადახდა (გადახდის დღის შესაბამისი ეროვნული ბანკის კურსით ლარში);
4.1.3. წილის ნასყიდობის ხელშეკრულებიდან გამომდინარე, სარგებლის - ნასყიდობის თანხის დავალიანების - 180000 აშშ დოლარის წლიური 10%-ის გადახდა 2023 წლის 01 მარტიდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე;
4.1.4. წილის ნასყიდობის ხელშეკრულებიდან გამომდინარე პირგასამტეხლოს 50000 აშშ დოლარის გადახდა (გადახდის დღის შესაბამისი ეროვნული ბანკის კურსით ლარში);
4.2. ბათილად იქნა ცნობილი ნ.ხ–სა და ო.გ.ხ–ს შორის დადებული უძრავი ნივთების (საკადასტრო კოდებით: ....... და ........) თითოეული ½ ნაწილზე ჩუქების ხელშეკრულება და აღნიშნული უძრავი ნივთების ½ ნაწილები აღირიცხა საჯარო რეესტრში მოპასუხე ნ.ხ–ის საკუთრებად;
4.3. მოპასუხეებს _ შ.პ.ს. „ჯ.თ.გ“-ს და შ.პ.ს. „ჰ“-ს მოსარჩელე შ.პ.ს. „ფ.დ“-ის სასარგებლოდ დაეკისრათ 18.01.2021 წლის სამმხრივი შეთანხმებიდან გამომდინარე პირგასამტეხლოს 56000 ლარის გადახდა.
4.4. შ.პ.ს. „ჯ.თ.გ“-ის შეგებებული სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
5. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 07 ნოემბრის გადაწყვეტილება სააპელაციო საჩივრით გასაჩივრებულია შ.პ.ს. „ჯ.თ.გ“-ს, შ.პ.ს. „ჰ“-ის, ნ.ხ–ისა და ო.გ.ხ–ის მიერ; საკასაციო სასამართლოს წინამდებარე განჩინების გამოტანის მომენტისათვის საქმის განხილვა სააპელაციო სასამართლოში მიმდინარე ეტაპზეა და სააპელაციო საჩივარზე გადაწყვეტილება მიღებული ჯერ არ არის.
6. 2024 წლის 26 ნოემბერს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატას სარჩელის უზრუნველყოფის საგნის შეცვლის შესახებ განცხადებით მიმართეს აპელანტების შ.პ.ს. „ჯ.თ.გ“-ს, შპს „ჰ–ს“-ის, ნ.ხ–ის და ო.გ.ხ–ის წარმომადგენლებმა, შემდეგი დასაბუთებით:
6.1. ქალაქ თბილისში, სოფელ ....... მდებარე მიწის ნაკვეთები, რომელთა მიმართაც დაწესებულია გასხვისებისა და იპოთეკით დატვირთვის აკრძალვა, იმყოფება სამი ფიზიკური პირის თანასაკუთრებაში და იგი თანამესაკუთრეთა შორის არაა გამიჯნული. ო.გ.ხ–ის კუთვნილ წილზე (36 265 კვ.მ.-ზე) დადგენილი აკრძალვა აფერხებს საკუთრებით სათანადოდ სარგებლობას არა მხოლოდ მოპასუხის, არამედ დანარჩენი თანამესაკუთრეებისთვისაც (72 503 კვ.მ.-ზე). მიწის ნაკვეთები საკმაოდ დიდი მოცულობისაა და მათი ღირებულება ბევრად აღემატება შ.პ.ს. „ფ. დ“-ს სასარჩელო მოთხოვნებს ჯამურად. იმავე დასახლებულ პუნქტში სახელმწიფო (მუნიციპალურ) საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთების განკერძოების ამსახველი განაცხადების თანახმად, სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო აუქციონის მეშვეობით ტაბახმელაში მდებარე არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის 1 კვ.მ.-ს ასხვისებს, საშუალოდ, 80 აშშ დოლარად. დასახელებული ღირებულებით გამოთვლის შემთხვევაშიც კი, ო.გ.ხ–ის წილი ფართობის ღირებულება (26 265 x 80$) 2 901 200 აშშ დოლარია, რაც ბევრად აღემატება სასარჩელო მოთხოვნის მოცულობას. ყიდვა-გაყიდვის საიტიდან ამოღებული ინფორმაციის თანახმად კი, ტაბახმელაში 1 კვ.მ. მიწის ღირებულება შეადგენს დაახლოებით 200 აშშ დოლარს, რაც ო.გ.ხ–ის აკრძალვას დაქვემდებარებული წილის კვალობაზე შეადგენს 7 253 000 აშშ დოლარს.
6.2. გარდა ამისა, სარჩელის უზრუნველსაყოფად უკვე გამოყენებულია მოპასუხე საწარმოების კუთვნილ ქონებაზე სხვადასხვა აკრძალვები, კერძოდ, შ.პ.ს. „ჰ“-ის კუთვნილ 64%-იანი წილზე შ.პ.ს. „რ.ს“-ში და შ.პ.ს. „ჯ.თ.გ“-ის კუთვნილ 25%-იანი წილზე შპს „ჰ–ს“-ში, დაწესებულია გასხვისებისა და გირავნობით დატვირთვის აკრძალვა.
6.3. ამასთან, სარჩელის უზრუნველყოფის საგანად გამოყენებულია შ.პ.ს. „ჯ.თ.გ–“-ის საკუთრებაში არსებული ოთხი ერთეული უძრავი ქონებაც - ორი საპარკინგე ადგილი და ორი ბინა. შუამდგომლობის აღმძვრელმა მხარემ ერთი ერთეული აკრძალვას დაქვემდებარებული საპარკინგე ადგილი და ერთი ბინა შეაფასებინა უძრავი ქონების შეფასების სააგენტო „ლ“-ს და დადგინდა, რომ აკრძალვას დაქვემდებარებული ბინის (ს/კ .......) ღირებულება შეადგენს 128 000 აშშ დოლარს, ხოლო საპარკინგე სივრცისა (ს/კ ........) – 9900 აშშ დოლარს. ამ შეფასების დასკვნებიდან კი დგინდება, რომ აკრძალვას დაქვემდებარებული ორივე ბინის (ჯამში 160 კვ.მ.-ის) ღირებულება შეადგენს 224 480 აშშ დოლარს, ხოლო ორივე საპარკინგე ადგილისა - 19 800 აშშ დოლარს, ამდენად, მარტოოდენ შ.პ.ს. „ჯ.თ.გ–“-ის კუთვნილი, აკრძალვას დაქვემდებარებული ნივთები, სულ მცირე, 244 280 აშშ დოლარის ღირებულებისაა.
6.4. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, შუამდგომლობის ავტორებმა მოითხოვეს, მომხდარიყო სარჩელის უზრუნველყოფის საგნის შეცვლა და თბილისის საქალაქო სასამართლოს 2023 წლის 14 მარტის სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ განჩინებით ო.გ.ხ–ის საკუთრებაში მყოფი უძრავი ქონებებები (მდებარე ქალაქ თბილისში, სოფელ ......., საკადასტრო კოდი - ........; საკადასტრო კოდი ........) ჩანაცვლებულიყო შ.პ.ს. „ჰ–ს“-ის კუთვნილი უძრავი ქონებით, მდებარე: ქალაქი თბილისი, ........., ბინა 39, ფართი 78.9 მ2, ს/კ .............
6.5. განმცხადებლები მიუთითებდნენ, რომ ჩასანაცვლებლად შემოთავაზებული ბინა მდებარეობს ქალაქის ცენტრალურ უბანში, რომლის მშენებლობასაც აწარმოებს მაღალი რეპუტაციის მქონე სამშენებლო კომპანია, რომლის ოფიციალურ ვებ.გვერდზეც 1 კვ.მ. ფართის ღირებულებად მითითებულია 1250 აშშ დოლარი. შესაბამისად, შ.პ.ს. „ჯ.თ.გ"-ის უძრავი ქონებები და შ.პ.ს. „ჰ"-ს მიერ შემოთავაზებული უძრავი ქონება სრულიად საკმარისი იქნებოდა, მოსარჩელის სასარჩელო მოთხოვნების დასაკმაყოფილებლად, შესაბამისად, არ იარსებებდა გარემოება, რაც გააძნელებდა ან შეუძლებელს გახდიდა გადაწყვეტილების აღსრულებას.
7. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2024 წლის 16 დეკემბრის განჩინებით აპელანტების განცხადება სარჩელის უზრუნველყოფის საგნის შეცვლის შესახებ არ დაკმაყოფილდა, შემდეგი დასაბუთებით:
7.1. სარჩელის უზრუნველყოფის საგნის შეცვლის შესახებ შუამდგომლობის აღმძვრელმა მხარემ სასამართლოს უნდა დაუსაბუთოს, რომ მის მიერ შემოთავაზებული სხვა უძრავი ქონება სრულად უზრუნველყოფს სარჩელის დაკმაყოფილების შემთხვევაში სასამართლო გადაწყვეტილების ეფექტიან და დაუბრკოლებელ აღსრულებას. სსსკ-ს 1961 მუხლი დასაშვებად მიიჩნევს სარჩელის უზრუნველყოფის საგნის შეცვლას, თუმცა დასახელებული ნორმა მოთხოვნის წინაპირობად ამ საგანთა უზრუნველყოფილ მოთხოვნასთან ტოლფასოვნებას განიხილავს.
7.2. განმცხადებლების განმარტებით, შ.პ.ს. „ფ.დ“-ის მოთხოვნის უზრუნველსაყოფად გამოყენებული უძრავი ქონებების ღირებულება ბევრად აღმატება დაკმაყოფილებული სასარჩელო მოთხოვნის ოდენობას, თუმცა სასამართლოსთვის წარდგენილია მხოლოდ ორი უძრავი ქონების შეფასების დასკვნა, რომლითაც დგინდება, რომ აკრძალვას დაქვემდებარებული უძრავი ქონებების (პარკინგის), მდებარე: თბილისი, კრო/რაიონი, IV კვარტალი, №8, სართული -3, საკადასტრო კოდი .......... საბაზრო ღირებულება შეადგენს 9900 აშშ დოლარს, ხოლო თბილისი, ..........., IV კვარტალი, №8, სართული 10, ბინა №93, საკადასტრო კოდი ......... უძრავი ქონების საბაზრო ღირებულება შეადგენს 160 000 აშშ დოლარს.
7.3. განმცხადებელი მიუთითებს, რომ ო.გ.ხ–ის კუთვნილი წილი ს.კ ........ რეგისტირებულ უძრავ ქონებაზე შეადგენს 24 2015 კვ.მ.-ს, ხოლო ს.კ .......... რეგისტირებულ უძრავ ქონებაზე 12 050 კვ.მ-ს. ჯამურად - 36 265 კვადრატულ მეტრს. ორივე ზემოხსენებულ შემთხვევაში 1 კვ.მ მიწის ნაკვეთის ფასი დაახლოებით 80 აშშ დოლარს შეადგენს. შესაბამისად, ო.გ.ხ–ის კუთვნილი წილის ღირებულება შეადგენს 2 901 200 (36265*80) აშშ დოლარს.
7.4. სააპელაციო პალატამ გაუმართლებლად მიიჩნია საქმეზე გამოყენებული უზრუნველყოფის საგნის ცვლილება, რადგანაც განცხადებით მოპასუხეთა მიერ წარმოდგენილია მხოლოდ ორი უძრავი ქონების შეფასების დამადასტურებელი დოკუმენტი, რომელთა ჯამური ღირებულება შეადგენს 169 900 აშშ დოლარს, ხოლო აკრძალვას დაქვემდებარებული სხვა უძრავი ქონებების და წილების ღირებულება არ არის შეფასებული; ამასთან, არ არის წარმოდგენილი არც შემოთავაზებული უძრავი ქონების შეფასების დოკუმენტები, შესაბამისად, სარწმუნოდ არ დასტურდება, რომ შემოთავაზებული სხვა უძრავი ქონება სრულად უზრუნველყოფს სასამართლო გადაწყვეტილების ეფექტიან და დაუბრკოლებელ აღსრულებას.
8. 2024 წლის 16 დეკემბრის განჩინებაზე განმცხადებლების წარმომადგენლებმა წარმოადგინეს საჩივარი, რომლითაც მიუთითეს შემდეგზე:
8.1. სასამართლომ შეფასების გარეშე დატოვა ის ფაქტი, რომ შ.პ.ს. „ჯ.თ.გ“-ის საკუთრებაში არსებული ყველა უძრავი ნივთი, რომელიც წინამდებარე საქმის ფარგლებში დაქვემდებარებულია აკრძალვას, მდენარეობს ერთსა და იმავე მისამართზე, ერთსა და იმავე კორპუსში, შესაბამისად, შეფასებული და შესაფასებელი ქონებების ღირებულება ვერ იქნება არსებითად განსხვავებული. პარკინგის შემთხვევაში, შეფასებული და შესაფასებელი პარკინგები იდენტური ფართობისაა (17.6 კვ.მ.) და გვერდიგვერდ მდებარეობს, შესაბამისად, მათი ღირებულებაც იდენტურია და თითოეულის შემთხვევაში, შეადგენს 9900 აშშ დოლარს (ჯამში, 19 800 აშშ დოლარს); ანალოგიურად, შ.პ.ს. „ჯ.თ.გ“-ის შეფასებული და შესაფასებელი ბინებიც გვერდიგვერდ მდებარეობს, შესაბამისად, თუკი შეფასებული 114 კვ.მ. ფართობის ბინა ღირს 160 000 აშშ დოლარი, 1. კვ.მ.-ის ღირებულება 1403 აშშ დოლარია, შესაბამისად, მარტივია შესაფასებელი ბინის ღირებულების გამოთვლაც - მისი ფართობი 45.5 კვ.მ. არის, ხოლო ღირებულება, 1 კვ.მ.-ის ღირებულების კვალობაზე გამოდის მინიმუმ 63 836 აშშ დოლარი.
8.2. სასამართლომ შეფასების მიღმა დატოვა ის გარემოებაც, რომ უზრუნველყოფის საგნის ჩასანაცვლებლად შემოთავაზებული ბინის მშენებელი კომპანია, რომელიც მაღალი რეპუტაციის კომპანიაა, ხსენებულ კორპუსში 1.კვ.მ. ფართს ჰყიდის 1250 აშშ დოლარად. შესაბამისად, ვარაუდი იმისა, რომ კომპანია ფართების რეალიზაციას ახდენს ბაზარზე არსებულთან შედარებით მაღალი ტარიფით, აბსურდია.
8.3. აღნიშნულის მიუხედავად, საჩივრის ავტორებმა, სააპელაციო სასამართლოს მითითების შესაბამისად, სპეციალისტს განასაზღვრინეს შ.პ.ს. „ჯ.თ.გ–“-ის კუთვნილი საცხოვრებელი ბინის, მდებარე: თბილისი, , II მიკრო/რაიონი, IV კვარტალი, №8, სართული 10, ბინა №92, საკადასტრო კოდი ........, საბაზრო ფასი და დადგინდა, რომ მისი ღირებულება შეადგენს 74 100 აშშ დოლარს. სასამართლოს მითითების შესაბამისად, სპეციალისტმა შეაფასა ჩასანაცვლებლად შემოთავაზებული ბინის, მდებარე: ქ.თბილისი, .........., სართული 4, ბინა №39, ს/კ ................. საბაზრო ფასიც და დადგინდა, რომ მისი ღირებულება შეადგენს 97800 აშშ დოლარს. აღნიშნული საშემფასებლო დოკუმენტები დაერთვის საჩივარს.
8.4. სარჩელი უზრუნველყოფილია არამარტო უძრავ ნივთებზე დაწესებული აკრძალვებით, არამედ სამეწარმეო საზოგადოებებში მოპასუხეთა კუთვნილი წილებზე დაწესებული გასხვისებისა და გირავნობით დატვირთვის აკრძალვით. ცხადია, დასახელებულ ქონებასაც გააჩნია გარკვეული ლიკვიდურობა, მაგრამ ვინაიდან სარჩელის უზრუნველყოფის საგნად გამოყენებული და შეთავაზებული უძრავი ქონებების ჯამური საბაზრო ღირებულება შ.პ.ს. „ფ.დ“-ის სასარჩელო მოთხოვნების უზრუნველსაყოფად საკმარისია, მათი შეფასების საჭიროება აღარ დგას.
9. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 18 თებერვლის განჩინებით არ დაკმაყოფილდა საჩივარი ამავე სასამართლოს 2024 წლის 16 დეკემბრის განჩინებაზე და საქმე საჩივრის განსახილველად გადმოეგზავნა საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატას 2025 წლის 21 მარტს.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
10. საკასაციო სასამართლო გაეცნო წარმოდგენილ საჩივარს, საქმის მასალებს, შეამოწმა გასაჩივრებული განჩინების ფაქტობრივ-სამართლებრივი დასაბუთებულობა და მიიჩნევს, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:
11. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 1971 მუხლის მეოთხე ნაწილის მიხედვით, ზემდგომი ინსტანციის სასამართლოში საჩივარი განიხილება ამ კოდექსის 419-ე და 420-ე მუხლებით დადგენილი წესებით. ამავე კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით.
12. სსსკ 410-ე მუხლით, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს (კერძო საჩივარს, საჩივარს), თუ: ა) კანონის მითითებულ დარღვევას არა აქვს ადგილი; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა; გ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არსებითად სწორია, მიუხედავად იმისა, რომ გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი არ შეიცავს შესაბამის დასაბუთებას.
13.1. სარჩელის უზრუნველყოფის ინსტიტუტის არსსა და გამოყენების მიზანს განსაზღვრავს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 191-ე მუხლის პირველი ნაწილი, რომლის თანახმად, მოსარჩელეს შეუძლია მიმართოს სასამართლოს სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ განცხადებით, რომელშიც მითითებული უნდა იყოს გარემოებები, რომელთა გამოც სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოუყენებლობა გააძნელებს ან შეუძლებელს გახდის გადაწყვეტილების აღსრულებას, დარღვეული ან სადავო უფლების განხორციელებას, გამოიწვევს გამოუსწორებელ და პირდაპირ ზიანს ან ისეთ ზიანს, რომელიც კომპენსირებული ვერ იქნება მოპასუხისათვის ზიანის ანაზღაურების დაკისრებით. ეს განცხადება ასევე უნდა შეიცავდეს დასაბუთებას, თუ სარჩელის უზრუნველყოფის რომელი ღონისძიების გამოყენება მიაჩნია მოსარჩელეს აუცილებლად. რომელიმე ზემოაღნიშნული გარემოების არსებობის შემთხვევაში სასამართლოს გამოაქვს სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ განჩინება. სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენება ემყარება სასამართლოს ვარაუდს, რომ სარჩელი შეიძლება დაკმაყოფილდეს. სასამართლოს მსჯელობა სარჩელის მატერიალურ და საპროცესო წინაპირობებზე გავლენას არ ახდენს სასამართლოს საბოლოო გადაწყვეტილებაზე.
13.2. სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების მიზანს სამომავლოდ მისაღები სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულების ხელშეწყობა წარმოადგენს, ვინაიდან საქმის სამართლიანი განხილვის უფლება მოიცავს ასევე ძალაში შესული გადაწყვეტილების აღსრულების უფლებასაც და ნებისმიერი სასამართლოს მიერ გამოტანილი გადაწყვეტილების აღსრულება, ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის მე-6 მუხლის მიზნებიდან გამომდინარე, „სასამართლო პროცესის“ განუყოფელ ნაწილად განიხილება (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება შ.პ.ს. „იზა“ და მაკრახიძე საქართველოს წინააღმდეგ“).
13.3. სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენებას საფუძვლად უდევს ვარაუდი, რომ მიღებული სასამართლო გადაწყვეტილება შესაძლოა ვერ აღსრულდეს ან აღსრულება მნიშვნელოვნად დაბრკოლდეს. თუმცა სავალდებულოდ გასათვალისწინებელია ის გარემოება, რომ სამოქალაქო პროცესი თანაბარ მდგომარეობაში აყენებს პროცესის ორივე მხარეს – მოსარჩელესა და მოპასუხეს, შესაბამისად, მხარეთა თანასწორობის უმნიშვნელოვანესი პრინციპიდან გამომდინარე, გადაწყვეტილების აღსრულების უზრუნველყოფის ინსტიტუტის შეფასება უნდა მოხდეს როგორც მოსარჩელის, ისე მოპასუხის ინტერესებიდან. ამგვარი შეფასებისას დაცული უნდა იყოს თანაზომიერების პრინციპი, კერძოდ, ერთი მხარის მოთხოვნის უზრუნველსაყოფად გამოყენებული ღონისძიება ამ მოთხოვნის პროპორციული (ადეკვატური) უნდა იყოს და აშკარა შეუსაბამობა არ უნდა იკვეთებოდეს. წინააღმდეგ შემთხვევაში, უზრუნველყოფის გამოყენება ვერ გაამართლებს გადაწყვეტილების აღსრულების უზრუნველყოფის მიზანს. აქედან გამომდინარე, სასამართლომ სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების საკითხის გადაწყვეტის დროს ყოველთვის უნდა შეაფასოს, აღსრულების უზრუნველსაყოფად მის მიერ შერჩეული ღონისძიება არის თუ არა შესაბამისობაში მოსარჩელის იმ მოთხოვნასთან, რომლის უზრუნველყოფასაც იგი ემსახურება (იხ. სუსგ. №ას-449-431-2016, 07.07.2016წ.).
13.4. პალატა განმარტავს, რომ საკუთრების ნებისმიერი შეზღუდვის შემთხვევაში, შეზღუდვა უნდა განხორციელდეს მხარის ინტერესთა შორის სამართლიანი ბალანსისა და პროპორციულობის პრინციპის გათვალისწინებით. საკუთრების უფლებაში ჩარევა უნდა პასუხობდეს დასახულ მიზანს და იმდენად უნდა იწვევდეს მესაკუთრის უფლებების შეზღუდვას, რამდენადაც ეს აუცილებელია ამ მიზნის მისაღწევად (იხ. სუსგ. №ას-1586-2018, 26.10.2018წ.).
13.5. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 1961 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ყადაღადადებული ქონების ღირებულება არსებითად არ უნდა აღემატებოდეს სარჩელის ფასს, გარდა იმ შემთხვევისა, როცა მოპასუხე ერთადერთი ნივთის მესაკუთრეა. ასეთ შემთხვევაში მოპასუხეს შეუძლია სარჩელის უზრუნველყოფის საგნის შეცვლის მიზნით სასამართლოს სარჩელის ფასის ტოლფასი სხვა ქონება შესთავაზოს.
13.6. ამდენად, მოცემული ნორმა დასაშვებად მიიჩნევს სარჩელის უზრუნველყოფის საგნის შეცვლას და ნორმის სისტემური ანალიზი, მოთხოვნის წინაპირობად, ამ საგანთა უზრუნველყოფილ მოთხოვნასთან ტოლფასოვნებას განიხილავს (იხ. სუსგ. №ა-1478-2022, 18.01.2023წ.; №ას-1596-2019, 18.02.2020წ.).
13.7. საკასაციო პალატის მყარი პრაქტიკის შესაბამისად, არამარტო ყადაღის, არამედ გასხვისებისა და დატვირთვის აკრძალვის ღონისძიების გამოყენების პირობებში, ქონების ჩანაცვლების საკითხი განიხილება სწორედ სსსკ 1961 მუხლის პირველი ნაწილით დადგენილი წესის შესაბამისად _ სასარჩელო მოთხოვნისა და უზრუნველყოფის საგნის ღირებულების შესაბამისობის გათვალისწინებით (იხ. სუსგ. №ა-1478-2022, 18.01.2023წ.; №ას-1085-2021, 30.12.2021წ.; №ას-677-2021; 05.04.2022წ.; №ას-981-2021, 11.11.2021წ.).
13.8. სარჩელის უზრუნველყოფის საგნის შეცვლის შესახებ შუამდგომლობის აღმძვრელმა მხარემ სასამართლოს წინაშე უნდა დაასაბუთოს, რომ მის მიერ შემოთავაზებული სხვა უძრავი ქონება, სარჩელის დაკმაყოფილების შემთხვევაში, სრულად უზრუნველყოფს სასამართლო გადაწყვეტილების ეფექტიან და დაუბრკოლებელ აღსრულებას.
13.9. სარჩელის ფასისა და უზრუნველყოფის საგნის ღირებულებათა არატოლფასოვნებისას, კანონმდებელი მოპასუხეს ანიჭებს შემდეგი სახის უფლებამოსილებებს: 1. უზრუნველყოფის საგნის ცვლილება; 2. უზრუნველყოფის საგნის გამიჯვნა; 3. უზრუნველყოფის სახის ცვლილება.
13.10. უზრუნველყოფის საგნის ცვლილების პროცედურის ფარგლებში, სასამართლოს შეზღუდვას დაქვემდებარებული ნივთის სანაცვლოდ შეეთავაზება სხვა, იმგვარი ობიექტი, რომელიც შეზღუდვის საგანი განცხადების განხილვის ეტაპზე არ ყოფილა, შესაბამისად, სასამართლო შინაარსობრივად აფასებს ახლად შემოთავაზებული ქონების უნარს, სრულად უზრუნველყოს მოსარჩელის შესაძლო მოთხოვნის დაკმაყოფილება და მხოლოდ იმ შემთხვევაში გასცემს თანხმობას უზრუნველყოფის საგნის ჩანაცვლებაზე, თუკი გაქარწყლდება ყველა გონივრული ეჭვი ამ ქონებისა და უზრუნველსაყოფი მოთხოვნის ღირებულების შეუსაბამობაზე.
14.1. საკასაციო პალატა შენიშნავს, რომ სარჩელის უზრუნველყოფის ღონიძიება, რომლის საგნის ცვლილებასაც მხარე ითხოვს, მოცემულ საქმეში გამოყენებულია ყველაზე გვიან (2023 წლის 14 მარტს), მას წინ უსწრებდა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 11 აპრილის, ამავე წლის 10 აგვისტოსა და 2023 წლის 06 თებერვლის განჩინებები სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ. 2023 წლის 14 მარტის განჩინება სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ, რომლითაც ო.გ.ხ–ს აეკრძალა .......ში მდებარე ნივთებში (ს/კ ........ და .......) საკუთარი წილის გასხვისება და იპოთეკით დატვირთვა, ო.გ.ხ–მა, ნ.ხ–მა, შპს „ჯ.თ.გ–“-მა და შ.პ.ს. „ჰ–ს“-მა გაასაჩივრეს. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 31 მაისის განჩინებით საჩივრებს დაკმაყოფილებაზე ეთქვა უარი და ძალაში დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 14 მარტის განჩინება.
14.2. საკასაციო პალატა ერთმნიშვნელოვნად მიუთითებს, რომ სარჩელის უზრუნველყოფის საგნის ცვლილების მოთხოვნის შესაძლებლობა არ ემსახურება უკვე გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის სახის, ზომისა და ფარგლების პროპორციულობის ხელახალ გადასინჯვას. იმ პირობებში, როდესაც სარჩელის უზრუნველყოფის საჭიროება და ფარგლები შეფასებულია ორი ინსტანციის სასამართლოს მიერ და აღნიშნულ საკითხზე არსებობს სააპელაციო სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული განჩინება, სასამართლო ხელმძღვანელობს ვარაუდით, რომ წარსულში გამოყენებული უზრუნველყოფის ზომები იყო აუცილებელი, თანაზომიერი და პროპორციული. შესაბამისად, უზრუნველყოფის საკითხის გადახედვის ინიცირებისას განცხადებელს მართებს, დაასაბუთოს მოთხოვნილი ცვლილებისადმი საკუთარი კანონიერი, პატივსადები ინტერესის არსებობა (იხ. სუსგ. №ას-138-2022, 04.03.2022.წ).
14.3. საკასაციო პალატის მოსაზრებით, მარტოოდენ ის გარემოება, რომ აკრძალვის მოქმედების ფარგლებში დანარჩენ მესაკუთრეებს, რომლებიც არ არიან წინამდებარე დავის მონაწილეები, ეზღუდებათ მიწის ნაკვეთის გამიჯვნის შესაძლებლობა, არ წარმოადგენს სარჩელის უზრუნველყოფის საგნის შეცვლის საკმარის საფუძველს. ამგვარი სირთულის არსებობისას საპროცესო კოდექსის 1961 მუხლის მეორე ნაწილი მოპასუხეს შესაძლებლობას ანიჭებს, სასამართლოს მიმართოს ყადაღადადებული ქონების გამიჯვნაზე (ნატურით გაყოფაზე) თანხმობის გაცემის შესახებ განცხადებით. დასახელებული უფლებამოსილების გამოყენების შემთხვევაში სრულად შესაძლებელია, დანარჩენი ორი თანამესაკუთრის წილი საზიარო საგნიდან გამოეყოს გამიჯვნის გზით და უფლებრივად უნაკლო მდგომარეობაში გადაეცეს თითოეულს. ასეთ შემთხვევაში, მიღწეული იქნება გონივრული ბალანსი, ერთი მხრივ, მოსარჩელის ინტერესსა (სარჩელი დაცული იყოს აღუსრულებლობის რისკისგან) და, მეორე მხრივ, დაწესებული შეზღუდვის უარყოფითი შედეგების იმ ადრესატებს შორის, რომლებიც დავის მონაწილენი არ არიან.
15.1. უზრუნველყოფის საგნის ჩანაცვლების მოთხოვნით წარდგენილი ქონების ღირებულების სასარჩელო მოთხოვნასთან ეკვივალენტურობის შესაფასებლად პალატას მიზანშეწონილად მიაჩნია, შინაარსობრივად შეაფასოს სარჩელის უზრუნველყოფის საგნის ცვლილების განცხადებით შემოთავაზებული ქონების შეფასების დასკვნის შინაარსობრივი მხარე. დასკვნის თანახმად, ქ.თბილისში, ........., ბინა 39, საერთო ფართით 78.9 კვ.მ. ს/კ ..........., ბინის საბაზრო ღირებულებად განსაზღვრულია 97 800 აშშ დოლარი; ქონების აღწერისას გამოვლენილია, რომ ფართი მდებარეობს ჯერ კიდევ მშენებარე კორპუსში (რაც დასტურდება კიდეც დასკვნაზე თანდართული ფოტოსურათებითაც); სადარბაზო და ფასადი მოპირკეთებული არ არის, დამონტაჟებული არ არის არც ლიფტი და არც მრიცხველები, ამასთან, საბაზრო ღირებულება განსაზღვრულია იმ დაშვებით, რომ კორპუსის მშენებლობა დასრულებულია, მოპირკეთებულია, ლიფტი დამონტაჟებულია, კომუნიკაციები დაქსელილია (იხ. ტომი 11, ს.ფ. 196). ამავდროულად, შემფასებლის მხრიდან შენიშნულია, რომ ქონება დატვირთულია ვალდებულებით (იხ. ტომი 11, ს.ფ. 197), თუმცა ხსენებული დასკვნის კვლევითი ნაწილი არავითარ მსჯელობას, თუ რა ტიპის ვალდებულებით არის დატვირთული დასახელებული ქონება და როგორ ზემოქმედებს რეგისტრირებული უფლებრივი ნაკლის არსებობა ქონების ღირებულებაზე, არ შეიცავს. ამავდროულად, დასკვნის შეზღუდვებისა და დაშვებების მე-2 პუნქტში მითითებულია, შემდეგი „შეფასება ეყრდნობა დაშვებას, რომ ქონება სამართლებრივად უნაკლოა და ფუქციურად ვარგისია“. ამდენად, როგორც გამოვლინდა, დაშვება ქონების სამართლებრივი უნაკლოების შესახებ იმთავითვე არასწორია, რასაც მოწმობს ამავე ქონების ამონაწერის ვალდებულებების გრაფა, რომლის თანახმადაც, ქონება შეძენილია ს.ს.ი.პ. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტისაგან პირობით და ხელშეკრულებით დათქმული ვალდებულებები შ.პ.ს. „ჰ–ს“-ს ჯერაც არ აქვს შესრულებული (იხ. ტომი 11, ს.ფ. 206-207). ამასთან, კვლევაში დასახელებულია ანალოგად მიჩნეული სამი ბინა, მდებარე იმავე მისამართზე, რომელთა სარეალიზაციო ღირებულებასაც დაეყრდნო შემფასებელი შესაფასებლად წარდგენილი ქონების შეფასებისას, თუმცა რაიმე მითითება, რომ ანალოგად დასახელებულ უძრავ ნივთებსაც იმავე შინაარსის უფლებრივი ნაკლი გააჩნდათ, დასკვნის კვლევით ნაწილში ასახული არ არის.
15.2. შეფასების დასკვნის ზემოხსენებული არაერთი ნაკლოვანება ნაკლებად სარწმუნოს ხდის თავად დასკვნის დადგენილებით ნაწილსაც, რომლის თანახმადაც, ქონების საბაზრო ღირებულებად მიჩნეულია 97 800 აშშ დოლარი, ისიც არა სარჩელის უზრუნველყოფის საგნის ჩანაცვლების მოთხოვნის ეტაპისათვის, არამედ მაშინ, როცა კორპუსის მშენებლობა დასრულდება. რაც შეეხება თავად მშენებელი კომპანიის მხრიდან სარეალიზაციოდ გაცხადებულ ფასს, დასახელებული ტარიფი ვერ გამოდგება უძრავი ნივთის რეალური ღირებულების განსასაზღვრად, რამეთუ მენარდე (მშენებელი) თავის მიერ შესასრულებელი სამუშაოების ღირებულების განსაზღვრისას შეზღუდული არ არის რაიმე კანონისმიერი დათქმით და შესაძლოა, 1 კვ.მ. სარეალიზაციო ფართის ფასის დადგენისას მხედველობაში იღებდეს ისეთ სუბიექტურ ფაქტორებსაც, რომელთაც ქონების ობიექტური ღირებულების დადგენისას მნიშვნელობა არ გააჩნია.
15.3. ამრიგად, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ სასარჩელო მოთხოვნისა და უზრუნველყოფად შემოთავაზებული ქონების ღირებულებათა ტოლფასოვნების მტკიცების ტვირთი განმცხადებელმა ვერ დაძლია, რაც სარჩელის უზრუნველყოფის საგნის ჩანაცვლების მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველია.
16.1. საკასაციო პალატა შენიშნავს მიკუთვნებითი, ანუ აღსრულებითი სარჩელის ბუნებასაც. თუკი სარჩელის დაკმაყოფილების შემთხვევაში გადაწყვეტილებით განსაზღვრული სამართლებრივი შედეგის დასადგომად მოვალე ნებაყოფლობით არ არ გადაიხდის დაკისრებულ თანხას, გადაწყვეტილებით განსაზღვრული შედეგის დადგომა დამოკიდებული გახდება იძულებით აღსრულებაზე.
16.2. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო თავის არაერთ გადაწყვეტილებაში ხაზს უსვამს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების აღსრულების მნიშვნელობას და აღნიშნავს, რომ სამართლიანი განხილვის უფლება მოიცავს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების აღსრულების უფლებას (ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო, საქმე „აპოსტოლი საქართველოს წინააღმდეგ“ (საჩივარი № 40765/02). 28.11.2006წ). ევროსასამართლოს განმარტების თანახმად, სასამართლოსათვის სარჩელის წარდგენის უფლება არ არის თეორიული უფლება და არ უზრუნველყოფს მხოლოდ უფლების აღიარებას საბოლოო გადაწყვეტილების მეშვეობით, არამედ - ასევე შეიცავს ლეგიტიმურ მოლოდინს იმასთან დაკავშირებით, რომ გადაწყვეტილება აღსრულდება (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო, საქმე Hornsby v. Grèece, (საჩივარი № 18357/91) 19.03.1997).
16.3. იძულებითი აღსრულება კი ხასიათდება რიგი სპეციფიური თვისებებით - „იძულებითი აუქციონის ჩატარების ფორმების, წესისა და პროცედურების დამტკიცების შესახებ” საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2011 წლის 31 იანვრის ბრძანება №21-ის დანართი №1-ის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, პირველ აუქციონზე ქონების საწყისი ფასი შეადგენს ქონების შეფასების აქტში მითითებული საბაზრო ღირებულების 75%-ს. ამავე მუხლის მე-3 პუნქტის მიხედვით, თუ პირველ აუქციონზე არ მოხდა ქონების რეალიზაცია, აღსრულების ეროვნული ბიურო პირველი აუქციონის დასრულებისთანავე (გარდა ამ მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა) აცხადებს პირველ განმეორებით აუქციონს. პირველ განმეორებით აუქციონზე ქონების საწყისი ფასი შეადგენს ქონების შეფასების აქტში მითითებული საბაზრო ღირებულების 50%-ს.
16.4. „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის 38-ე მუხლის მე-8 პუნქტის თანახმად მოთხოვნის არასრულად ან ეტაპობრივად დაკმაყოფილების შემთხვევაში პირველ რიგში იფარება აღსრულების ხარჯი, ხოლო შემდეგ − საფასური და აღსასრულებელი მოთხოვნა ამოღებული თანხის პროპორციულად.
16.5. საკასაციო პალატა იმასაც მიუთითებს, რომ სასარჩელო მოთხოვნა წარმოადგენს არა მყარად განსაზღვრულ, არამედ ზრდად თანხას, რასაც განაპირობებს ერთ-ერთი სასარჩელო მოთხოვნის შინაარსი - მოსარჩელე მოითხოვს შ.პ.ს. „ჯ.თ.გ–“-ს, შ.პ.ს. „ჰ–ს“-ს და ნ.ხ–ს შ.პ.ს. „ფ.დ–“-ის სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ წილის ნასყიდობის ხელშეკრულებიდან გამომდინარე, სარგებლის - ნასყიდობის თანხის დავალიანების - 180000 აშშ დოლარის წლიური 10%-ის გადახდა 2023 წლის 01 მარტიდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე. აღნიშნული მოთხოვნა სრული მოცულობით დაკმაყოფილებულია პირველი ინსტანციის სასამართლოში და თუკი იგი უცვლელი მოცემულობით ძალაში დარჩება ზემდგომი ინსტანციის სასამართლოებშიც, გადასახდელი სარგებელი ყოველწლიურად გაიზრდება, სულ მცირე, გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლამდე. შესაბამისად, მოსარჩელის მითითება, რომ სასარჩელო მოთხოვნა მყარად დადგენილ 313 000 აშშ დოლარს შეადგენს, არ შეესაბამება სასარჩელო მოთხოვნებისა და პირველი ინსტანციის სასამართლო გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის შინაარსს. დადასტურებულადაც რომ იქნეს მიჩნეული, რომ სარჩელის საგნის ჩანაცვლების შემთხვევაში 351 700 აშშ დოლარის უძრავი ნივთები (შპს „ჯ.თ.გ“-ის ორი ბინა და ორი ავტოსადგომი და შპს „ჰ“-ის ერთი ბინა) მოემსახურება სარჩელის უზრუნველყოფას, სასარჩელო მოთხოვნის ზრდისა და იძულებითი აღსრულების პირობებში, როდესაც აღსასრულებელი მოთხოვნის მოცულობა ესოდენ მიახლოებულია აუქციონზე სარეალიზაციო ქონების საბაზრო ღირებულებასთან, მოსალოდნელია, რომ მარტოოდენ აუქციონიდან ამონაგებმა თანხამ ვერ დაფაროს კრედიტორის მოთხოვნა. შესაბამისად, სარჩელის საგნის ცვლილება აფუძნებს მოსარჩელის სასარგებლოდ გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის შემთხვევაში აღსრულებასთან დაკავშირებულ რისკებს, რომელთაც ვერ აბალანსებს სარჩელის უზრუნველყოფის მიზნით სამეწარმეო საზოგადოებების წილებზე დაწესებული გასხვისებისა და გირავნობით დატვირთვის აკრძალვის ღონისძიებები, რამეთუ აღნიშნული წილების ღირებულების დამდგენი მტკიცებულებები სასამართლოს წინაშე შუამდგომლობის ინციატორ მხარეს არ წარუდგენია.
17.1. საკასაციო პალატა შენიშნავს, რომ ტაბახმელაში მდებარე მიწის ნაკვეთებში ო.გ.ხ–ის წილი წინამდებარე დავაში მარტოოდენ უზრუნველყოფის საგანს კი არ წარმოადგენს, არამედ იმ ქონებას, რომლისკენაც მიმართულია მოსარჩელის მატერიალურ-სამართლებრივი მოთხოვნა, კერძოდ, შ.პ.ს. „ფ.დ“-ის სასარჩელო მოთხოვნაა ნ.ხ–სა და ო.გ.ხ–ს შორის დადებული უძრავი ნივთების (საკადასტრო კოდებით: ........ და .........) თითოეული ½ ნაწილზე ჩუქების ხელშეკრულების ბათილად ცნობა და აღნიშნული უძრავი ნივთების ½ ნაწილები მოპასუხე ნ.ხ–ის საკუთრებად აღრიცხვა. ხსენებული სასარჩელო მოთხოვნა სრული მოცულობით არის დაკმაყოფილებული პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ.
17.2. საკასაციო პალატა იმასაც შენიშნავს, რომ ტაბახმელაში მდებარე ქონების მიმართ საკუთრებითი ინტერესი თავად მოსარჩელე მხარეს არ გააჩნია, დასახელებული ქონება წინამდებარე დავაში ჩართულია იმიტომ, რომ მოსარჩელის მოსაზრებით, ნ.ხ–მა, შ.პ.ს. „ფ.დ–“-ის ფულად მოთხოვნებზე პასუხისმგებლობის თავიდან ასარიდებლად, მოჩვენებითი გარიგების საფუძველზე, საკუთრების წილი .....ში მდებარე უძრავ ნივთებზე აჩუქა შვილს - ო.გ.ხ–ს. სწორედ ფულადი მოთხოვნის აღსრულების ხელშეწყობის მიზანს ემსახურება მოპასუხე ნ.ხ–ის საკუთრებაში გაჩუქებული ქონების დაბრუნების მოთხოვნა.
17.3. აღნიშნულის მიუხედავად, პროცესუალური თვალსაზრისით, სარჩელის უზრუნველყოფის საგნის შეცვლის შემთხვევაში შეიქმნება მოცემულობა, რომ სასარჩელო მოთხოვნა ხსენებულ ქონებაზე დადებული ჩუქების ხელშეკრულების ბათილად ცნობისა და ქონების თავდაპირველი მესაკუთრისათვის დაბრუნების შესახებ სასამართლოს წინაშე იარსებებს, თუმცაღა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-11 მუხლის მეხუთე ნაწილიდან გამომდინარე, ამჟამინდელ მესაკუთრეს უფლება ექნება გაყიდოს ან სხვა გზით გაასხვისოს დავის საგანი, რაც პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის შემთხვევაში, მოსპობს სადავო ჩუქების ხელშეკრულების ბათილად ცნობის შედეგების აღსრულების შესაძლებლობას. ამრიგად, გარიგების ბათილად ცნობისა და აღნიშნული გარიგებით განკარგული ქონების უკან დაბრუნების მოთხოვნის არსებობის პირობებში, ამავე ქონების განკარგვაზე დაწესებული აკრძალვის გაუქმება გაუმართლებელია.
18. ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ ვერც განცხადებისა და ვერც საჩივრის ფორმატში, განმცხადებლებმა ვერ დაასაბუთეს სარჩელის უზრუნველყოფის საგნის შეცვლის შუამდგომლობის საფუძვლიანობა, ამდენად, საკასაციო პალატის შეფასებით, იკვეთება სარჩელის უზრუნველყოფის საგნის შეცვლის შესახებ განცხადების დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 16 დეკემბრის განჩინების ძალაში დატოვების საფუძველი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე, 372-ე, 191-ე, 1961-ე, 1971 მუხლის მე-4 ნაწილით, 284-ე, 285-ე, 410-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. არ დაკმაყოფილდეს შ.პ.ს. „ჯ.თ.გ“-ს, შ.პ.ს. „ჰ“-ის, ნ.ხ–ის, ო.გ.ხ–ის საჩივრები.
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 16 დეკემბრის განჩინება სარჩელის უზრუნველყოფის საგნის შეცვლის შესახებ განცხადების დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე.
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
მოსამართლეები: ლაშა ქოჩიაშვილი
ამირან ძაბუნიძე
თეა ძიმისტარაშვილი