Facebook Twitter

03 თებერვალი 2024 წელი

№ას-52-2022 ქ.თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

მოსამართლეები: ლაშა ქოჩიაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

ამირან ძაბუნიძე

თეა ძიმისტარაშვილი

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი განხილვის გარეშე

კასატორი - ს.ს. „კ.ბ–ი“

მოწინააღმდეგე მხარე - გ.თ–ძე

გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 27 ოქტომბრის განჩინება

კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის დაკმაყოფილება

დავის საგანი - ფულადი ვალდებულების შესრულება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

სასარჩელო მოთხოვნა:

1. ს.ს. „კ.ბ–მა“ სარჩელით მიმართა ახალქალაქის რაიონულ სასამართლოს მოპასუხე გ.თ–ძის მიმართ, №191284135665YJS საკრედიტო ხელშეკრულების საფუძველზე არსებული დავალიანების - 14812.19 ლარის გადახდის დაკისრების მოთხოვნით, საიდანაც 10499 ლარი არის სესხის ძირითადი თანხა, 2279.18 ლარი - პროცენტი (1477.86 ლარი სარჩელის შეტანის დღისთვის დარიცხული პროცენტი, ხოლო 801.32 ლარი გადახდის გრაფიკის ბოლომდე დასარიცხი პროცენტი), 2004.31 ლარი არის პირგასამტეხლო, ხოლო 29.7 ლარი - სიცოცხლის დაზღვევის თანხა.

სარჩელის საფუძვლები:

2.1. 2019 წლის 08 მაისს ს.ს. „კ.ბ–ს“, როგორც კრედიტის გამცემს, მოპასუხე გ.თ–ძეს და ა.ს–ძეს, როგორც კრედიტის მიმღებებს შორის, დაიდო საკრედიტო ხელშეკრულება №191284135665YJS, რომლის საფუძველზეც მათ სესხის სახით მიიღეს 15500 ლარი, 32 თვის ვადით. კრედიტის წლიური საპროცენტო განაკვეთი განისაზღვრა 15.00%-ის ოდენობით. მსესხებლებს გადაეცათ სესხი/კრედიტის გადახდის გრაფიკი. საკრედიტო ხელშეკრულების მე-3 მუხლით განისაზღვრა, რომ კრედიტის დაფარვის გრაფიკით გათვალისწინებულ ვადაში გადასახდელი თანხის გადაუხდელობის შემთხვევაში, კლიენტს დაერიცხებოდა პირგასამტეხლო დარჩენილი სრული ძირითადი თანხის 0.27%-ის ოდენობით ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე (პირგასამტეხლოს დარიცხვა მოხდება მაქსიმუმ 275 დღის განმავლობაში, ყოველ ვადაგადაცილებაზე) და დამატებით ერთჯერადი პირგასამტეხლო 20(ოცი) ლარის ოდენობით. ამავე მუხლითა და დამატებითი შეთანხმებით განისაზღვრა სიცოცხლის დაზღვევის პირობები და მსესხებლების ვალდებულება, გადაიხადონ სადაზღვევო პრემიის გადასახდელები ხელშეკრულებითა და გადახდის გრაფიკით გათვალისწინებული წესით.

2.2. ხელშეკრულების მე-4 მუხლით განისაზღვრა საკრედიტო ხელშეკრულების არსებითი პირობები, კერძოდ, 4.11. პუნქტის შესაბამისად, ბანკი უფლებამოსილია ცალმხრივად შეწყვიტოს საკრედიტო ხელშეკრულების მოქმედება, თუ კლიენტი დაარღვევს საკრედიტო ხელშეკრულების რაიმე პირობას. ბანკის მიერ საკრედიტო ხელშეკრულების ცალმხრივად შეწყვეტის შემთხვევაში, კლიენტი ვალდებულია დაუყოვნებლივ, სრულად გადაიხადოს დარჩენილი ძირითადი თანხა და გრაფიკით გათვალისწინებული საპროცენტო სარგებელი და სიცოცხლის დაზღვევის სადაზღვევო პრემიის გადასახდელები, ხოლო პირგასამტეხლოს გადახდა მოხდება მხოლოდ საკრედიტო ხელშეკრულების შეწყვეტამდე პერიოდისთვის.

2.3. ამავე საკრედიტო ხელშეკრულების 4.15. პუნქტით განისაზღვრა, რომ იმ შემთხვევაში, თუ საკრედიტო ხელშეკრულების მხარეს წარმოადგენს ერთზე მეტი კლიენტი (რაც მოცემულ საქმეში უდავოა), თითოეული ასეთი კლიენტი წარმოადგენს ბანკის მიმართ სოლიდურ მოვალეს, შესაბამისად, ბანკი უფლებამოსილია მოთხოვნა წაუყენოს ნებისმიერ (ერთ ან რამდენიმე) კლიენტს. ამასთანავე, ბანკი უფლებამოსილია საბანკო კრედიტის თანხა ჩარიცხოს ერთი ან რამდენიმე კლიენტის ანგარიშზე საკუთარი შეხედულებისამებრ.

2.4. ა.ს–ძე გარდაიცვალა 2020 წლის 29 მარტს. იმის გამო, რომ მზღვეველის მიერ არ ხდება აღნიშნული შემთხვევის ანაზღაურება და, ამასთან, მოპასუხე უარს აცხადებს არსებული დავალიანების ნებაყოფლობით გადახდაზე, სარჩელი სასამართლოში წარდგენილი იქნა მეორე მოვალის, გ.თ–ძის მიმართ. მოპასუხე არ ახორციელებს აღებული კრედიტის გრაფიკით გათვალისწინებული გადასახდელების გადახდას, შესაბამისად მოვალის მიერ დარღვეული იქნა კრედიტის ხელშეკრულებით განსაზღვრული ვალდებულებები. სოლიდარული მოვალე არაერთხელ იქნა გაფრთხილებული როგორც ზეპირი, ასევე სატელეფონო შეტყობინებებით და გაფრთხილების წერილების ჩაბარებით, თუმცა უშედეგოდ.

2.5. 2021 წლის 18 იანვრის მდგომარეობით, №191284135665YJS საკრედიტო ხელშეკრულების საფუძველზე გ.თ–ძის (პ/ნ .........) სახელზე არსებული დავალიანება შეადგენს 14812.19 ლარს, საიდანაც 10499 ლარი არის სესხის ძირთადი თანხა, 2279.18 ლარი - პროცენტი (1477.86 ლარი სარჩელის შეტანის დღისთვის დარიცხული პროცენტი, ხოლო 801.32 ლარი გადახდის გრაფიკის ბოლომდე დასარიცხი პროცენტი), 2004.31 ლარი - პირგასამტეხლო, ხოლო 29.7 ლარი - სიცოცხლის დაზღვევის თანხა.

მოპასუხის პოზიცია:

3.1. მოპასუხემ შესაგებლით სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ ბანკს ჰქონდა უფლება ცალმხრივად შეეწყვიტა ხელშეკრულება, მაგრამ არა იმ საფუძვლით, როგორც ეს გააკეთა, არამედ თანამსესხებლის გარდაცვალების გამო. სადაზღვევო პრემიაზე შეთანხმების, ასევე ყოველთვიურად პრემიის გადახდის ერთადერთი დანიშნულება იყო ის, რომ თუ მოხდებოდა ერთ-ერთი მსესხებლის გარდაცვალება, მომხდარიყო ხელშეკრულების შეწყვეტა და სესხის სადაზღვევო კომპანიის მიერ დაფარვა, ხოლო მეორე თანამსესხებელს აღარ დაკისრებოდა თანხების გადახდა.

3.2. ძირითადი მსესხებელი ა.ს–ძე გარდაიცვალა 2020 წლის 29 მარტს, ავტოავარიის შედეგად. მოპასუხე მხარემ კრედიტორს წარუდგინა მის მიერ მოთხოვნილი ყველა დოკუმენტი - გარდაცვალების მოწმობა, ს.ს.ი.პ. ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ექსპერტიზის დასკვნა, სადაც ზუსტადაა ასახული სიკვდილის მიზეზი, რაც შეეხება მათ მიერ დამატებით მოთხოვნილ დასკვნას საგამოძიებო ორგანოდან, მისი წარდგენის შესაძლებლობა აღემატებოდა თანამსესხებლის ძალებს, ვინაიდან გამოძიება დღემდე მიმდინარეობს, ოჯახი ეჭვობს ა.ს–ძის გარდაცვალებაში მესამე პირების ბრალეულობას, თუმცა გ.თ–ძე ამ დრომდე არ არის საქმეზე ცნობილი დაზარალებულად, და, შესაბამისად, არ აქვს წვდომა საგამოძიებო მასალებზე.

3.3. ს.ს. „კ.ბ–ი“ არც კი დაელოდა გამოძიების დასრულებას, თუმცა გამოძიების ნებისმიერი სახით დასრულების შემთხვევაშიც, არ არსებობდა სესხის ჩამოწერასა და სადაზღვევო კომპანიის მიერ ანაზღაურებაზე უარის თქმის საფუძველი. მოსარჩელეს ოფიციალურად არც კი განუმარტავს სესხის ჩამოწერაზე უარის თქმის საფუძვლები, ისე ითხოვს ა.ს–ძის მარჩენალდაკარგული მეუღლისაგან სრული თანხების პირდაპირ ანაზღაურებას. ვინაიდან არსებობს სადაზღვევო კომპანიის მხრიდან სიცოცხლის დაზღვევის საფუძველზე სესხის სავალდებულო გადაფარვის წინაპირობა, კრედიტორმა ანაზღაურება უნდა მოსთხოვოს არა მოპასუხეს, არამედ მზღვეველს.

პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:

4. ახალქალაქის რაიონული სასამართლოს 2021 წლის 29 ივლისის გადაწყვეტილებით სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

5. ზემოაღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო საჩივრით გაასაჩივრა მოსარჩელემ და მოითხოვა ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება.

სააპელაციო სასამართლოს განჩინების სარეზოლუციო ნაწილი და ფაქტობრივ-სამართლებრივი დასაბუთება:

6. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 27 ოქტომბრის განჩინებით, სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება დარჩა უცვლელი.

7. სააპელაციო პალატამ დადგენილად მიიჩნია დავისთვის მნიშვნელობის მქონე შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:

7.1. 2019 წლის 8 მაისს ს.ს. „კ.ბ–ს“, გ.თ–ძესა და ა.ს–ძეს შორის №191284135665YJS საკრედიტო ხელშეკრულება დაიდო, რომლის საფუძველზეც მათ სესხის სახით 15500 ლარი, 32 თვის ვადით მიიღეს. ხელშეკრულებაში მითითებულ სხვა ვალდებულებებთან ერთად, შეთანხმებით ასევე განისაზღვრა ა.ს–ძის სიცოცხლის დაზღვევის პირობები და მსესხებლების ვალდებულება - გადაიხადონ სადაზღვევო პრემიის გადასახდელები ხელშეკრულებითა და გადახდის გრაფიკით გათვალისწინებული წესით. საკრედიტო ხელშეკრულებით გათვალისწინებული გადასახადები, მათ შორის, სადაზღვევო პრემია, გ.თ–ძემ და ა.ს–ძემ გადაიხადეს სოლიდარულად.

7.2. ა.ს–ძე 2020 წლის 29 მარტს ავტოავარიის შედეგად გარდაიცვალა.

მოსარჩელემ დაადასტურა, რომ მოპასუხემ გარდაცვალების ფაქტის შესახებ მას თავის დროზე, დადგენილ ვადებში აცნობა და შესაბამისი დოკუმენტებიც წარადგინა.

7.3. სესხის აღებისას გ.თ–ძე და ა.ს–ძე მეუღლეები და ერთი ოჯახის წევრები იყვნენ. გ.თ–ძე გარდაცვლილი ა.ს–ძის პირველი რიგის მემკვიდრეა. ამასთან, სამკვიდრო მოწმობის საფუძველზე, მას გარდაცვლილი ა.ს–ძის დანაშთი ქონება მიღებული აქვს.

7.4. დაზღვევის შესახებ (ღია პოლისის) N CL/CR-001/16 ხელშეკრულება დადებულია მოსარჩელესა და ს.ს. „ს.კ.ა–ს“ შორის, რომლითაც დაზღვეულია მოპასუხის მსესხებელი, იზღვევა დამზღვევის (მოსარჩელის) სესხების პორტფელი, კერძოდ კი, დამზღვევის (მოსარჩელის) ფინანსური ინტერესი დაზღვეულის მიმართ.

საკრედიტო სიცოცხლის დაზღვევის პირობების №CL3CR-001/16 ღია პოლისის პირველი პუნქტის შესაბამისად, განიმარტა შემდეგი:

დამზღვევი - მიკროსაფინანსო ორგანიზაცია „კ.“;

მზღვეველი - ს.ს. „ს.კ.ა–ი“;

დაზღვეული - მიკროსაფინანსო ორგანიზაცია „კ“-ს მსესხებელი ფიზიკური პირი; მოსარგებლე - მიკროსაფინანსო ორგანიზაცია „კ.“;

სადაზღვევო შემთხვევა - დაზღვეულის ნებისმიერი მიზეზით გამოწვეული გარდაცვალება, რომელიც არ იფარება წინამდებარე დაზღვევის პირობებით და არ ხვდება გამონაკლისთა ნუსხაში;

უბედური შემთხვევა - გაუთვალისწინებელი, მოულოდნელი შემთხვევა, გამოწვეული თვალსაჩინო გარეგანი ძალის ზემოქმედებით, რომელიც განაპირობებს დაზღვეულის გარდაცვალებას.

ამასთან, სადაზღვევო პოლისის 2.1 პუნქტის შესაბამისად, დაფარულ რისკს წარმოადგენდა დაზღვეულის გარდაცვალება ნებისმიერი მიზეზით გარდა პოლისით განსაზღვრული გამონაკლისებისა, ხოლო პოლისის 3.1 პუნქტით განისაზღვრა მზღვეველისათვის წარსადგენი გარდაცვალების (სადაზღვევო შემთხვევის) დამადასტურებელი დოკუმენტების ნუსხა.

თვით მსესხებლები ამ ხელშეკრულების მხარეები არ არიან. ამასთან, აღნიშნული ღია პოლისის პირობები ოფიციალურად წარდგენილი და გაცნობილი მოპასუხისათვისა და გარდაცვლილი ა.ს–ძისთვის არ ყოფილა.

8. დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს სააპელაციო პალატამ მისცა შემდეგი სამართლებრივი შეფასება:

8.1. დავის საგანს ფულადი ვალდებულების შეუსრულებლობა წარმოადგენს. დავა წარმოშობილია საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან. ს.ს. „კ.ბ–ს“, ა.ს–ძესა და გ.თ–ძეს შორის 2019 წლის 8 მაისს გაფორმებული №191284135665YJS საკრედიტო ხელშეკრულების 4.15 პუნქტის თანახმად, მხარეები ადასტურებენ, რომ იმ შემთხვევაში, თუ ხელშეკრულების მხარეს წარმოადგენს ერთზე მეტი კლიენტი: თითოეული ასეთი კლიენტი წარმოადგენს ბანკის მიმართ სოლიდარულ მოვალეს; ბანკი უფლებამოსილია მოთხოვნა წაუყენოს ნებისმიერ (ერთ ან რამდენიმე) კლიენტს; ბანკი უფლებამოსილია საბანკო კრედიტის თანხა ჩარიცხოს ერთი ან რამდენიმე კლიენტის ანგარიშზე, საკუთარი შეხედულებისამებრ (ასევე, თუ საბანკო კრედიტის თანხის ჩარიცხვა ხდება 1-ზე მეტი კლიენტის ანგარიშზე, ჩასარიცხი თანხის პროპორციასაც ცალმხრივად განსაზღვრავს ბანკი), თუ უშუალოდ ხელშეკრულებით სხვა პირობა არ არის განსაზღვრული. ამდენად, დასახელებული ხელშეკრულების 4.15. პუნქტის საფუძველზე, პალატამ მიიჩნია, რომ არსებობდა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 463-ე მუხლით გათვალისწინებული წინაპირობები და ადგილი ჰქონდა ამავე კოდექსის 464-ე მუხლით გათვალისწინებული სოლიდარული ვალდებულების წარმოშობას, შესაბამისად, გ.თ–ძე სადავო საკრედიტო ურთიერთობაში სოლიდარულ მოვალეს წარმოადგენდა.

8.2. პალატამ, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 466-ე მუხლზე მითითებით, განმარტა, რომ სოლიდარული მოვალე უფლებამოსილია კრედიტორს წარუდგინოს ყველა ის შესაგებელი, რომელიც ვალდებულების არსიდან გამომდინარეობენ, ან რომლის უფლებაც მარტო მას აქვს, ან იგი საერთოა ყველა სოლიდარული მოვალისათვის. გამომდინარე იქიდან, რომ განსახილველ დავაში, გ.თ–ძე სოლიდარულ მოვალეს წარმოადგენს, იგი უფლებამოსილი იყო, კრედიტორისათვის მოთხოვნის გამომრიცხავი შესაგებელი წარედგინა.

8.3. სადაზღვევო ურთიერთობებში მოსარჩელე იყო დამზღვევიც და მოსარგებლეც. სწორედ მასსა და მზღვეველს შორის შეთანხმებით მოხდა დაზღვევის პირობების, მათ შორის, მზღვეველისათვის დამზღვევის მიერ სადაზღვევო შემთხვევის დადგომის დროს წარსადგენი დოკუმენტების შეთანხმება, რისი სამართლებრივი შედეგიც ავტომატურად ვრცელდებოდა დაზღვეულზე/მსესხებელზე/მემკვიდრეებზე.

8.4. საკრედიტო ურთიერთობებში საბანკო დაწესებულება თავისი ფინანსური თუ ინტელექტუალური რესურსით უპირისპირდება „სუსტ“ მხარეს (მომხმარებელს), განსახილველ შემთხვევაში - მსესხებელ ფიზიკურ პირს, რა დროსაც ბანკი შებოჭილია მოქმედების უფრო მაღალი სტანდარტით, რაც მისი ქცევის კეთილსინდისიერებით იზომება. საბანკო კრედიტის, თუ მის უზრუნველსაყოფად გაფორმებული დაზღვევის ხელშეკრულების, სპეციფიკა ავალდებულებს საკრედიტო დაწესებულებას, როგორც ძლიერ მხარეს, უზრუნველყოს „სუსტი“ მხარის დამატებით გარანტიები, რომელიც გამორიცხავს ამ ურთიერთობებში არაკეთილსინდისიერი ქცევის ყოველგვარ ეჭვს.

8.5. განსახილველ შემთხვევაში, კრედიტორმა მხოლოდ ფორმალურად განკარგა დაზღვევის პირობებიდან გამომდინარე შესაძლებლობანი, რაც არ შეესაბამებოდა სამოქალაქო კოდექსის მე-8 მუხლის მე-3 ნაწილითა და 115-ე მუხლებით დადგენილ ქცევის კეთილსინდისიერების სტანდარტს. მოსარჩელე განმარტავს, რომ სადაზღვევო კომპანიამ ზეპირი უარი განაცხადა ანაზღაურებაზე, იმის გამო, რომ გამოვლინდა ანაზღაურების საგამონაკლისო შემთხვევა, თუმცა საქმეში არ არის წარმოდგენილი რაიმე რელევანტური მტკიცებულება, რაც დაადასტურებდა იმ გარემოებას, რომ ბანკს ნამდვილად ჰქონდა მცდელობა მსესხებლის გარდაცვალების გამო სადაზღვევო ანაზღაურება მოეთხოვა სადაზღვევო კომპანიისაგან.

8.6. ბანკს, როგორც საკრედიტო დაწესებულებას, კლიენტის ინტერესებიდან გამომდინარე, ევალებოდა გულისხმიერი დამოკიდებულება გამოეჩინა და სადაზღვევო კომპანიის უარის შემდგომ ეცადა უფლების დაცვის სამართლებრივი საშუალებების გამოყენება. ისეთ პირობებში, როცა სადაზღვევო ხელშეკრულების მხარეს და სადაზღვევო პოლისით მოსარგებლეს (ბენეფიციარს) წარმოადგენდა მხოლოდ მოსარჩელე ბანკი (დამზღვევი) და მსესხებელს/მის მემკვიდრეს/სოლიდარულ მოვალეს არ გააჩნდა წვდომა დაზღვევის ხელშეკრულებაზე და მისთვის უცნობი იყო ანაზღაურების გამომრიცხველი პირობები, ბანკის პასიურმა დამოკიდებულებამ ფაქტობრივად არაქმედითი გახადა სადაზღვევო ხელშეკრულება და საკრედიტო ვალდებულების ტვირთი გადაიტანა გარდაცვლილი მსესხებლის სოლიდარულ მოვალეზე/მემკვიდრეზე, ისე რომ არ გამორიცხა აღნიშნული ვალდებულების სადაზღვევო კომპანიის მიერ ანაზღაურების შესაძლებლობა სადაზღვევო ხელშეკრულების ფარგლებში.

8.7. მოსარჩელეს შეეძლო მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად ესარგებლა დაზღვევის ხელშეკრულების პირობებით, ასევე, სამოქალაქო კოდექსის 799-ე და 844-ე მუხლებით. სწორედ ამ რესურსის უშედეგოდ ამოწურვის შემდგომ იქნებოდა გამართლებული კრედიტორის მოთხოვნა სოლიდარული მოვალის/მემკვიდრის მიმართ. მოსარჩელის იმ განმარტების გაზიარების შემთხვევაშიც, რომ მას ჰქონდა სადაზღვევო შემთხვევის ანაზღაურების კომპანიისაგან მოთხოვნის მცდელობა, რაზედაც ზეპირი სახით მიიღო უარი, საყურადღებოა, რომ უარის მიღების შემდგომ ბანკს სხვა სამართლებრივი საშუალება საკუთარი მოთხოვნის განსახორციელებლად არ გამოუყენებია (არ აღუძრავს სარჩელი სადაზღვევო ანაზღაურების მოთხოვნით). მოსარჩელის მხრიდან დაზღვევის ხელშეკრულებიდან გამომდინარე შესაძლებლობების ასეთი ფორმალური განკარგვა კი, ეწინააღმდეგება სამოქალაქო კანონმდებლობაში დამკვიდრებულ კეთილსინდისიერების სტანდარტს.

8.8. ზემოაღნიშნულ არგუმენტებზე დაფუძნებით, სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ მოპასუხე გ.თ–ძე, რომლის პასუხისმგებლობა კრედიტორის წინაშე სუბსიდიურია, უფლებამოსილია უარი თქვას კრედიტორის დაკმაყოფილებაზე, ვიდრე კრედიტორი არ შეეცდება სადაზღვევო კომპანიის მიმართ იძულებით აღსრულებას.

9. სააპელაციო სასამართლოს ზემოაღნიშნული განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა ს.ს. „კ.ბ–მა“ და მოითხოვა ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება, შემდეგ გარემოებათა გამო:

9.1. არასწორია სასამართლოს დასკვნა, რომ გ.თ–ძის პასუხისმგებლობა კრედიტორის წინაშე სუბსიდიურია. სასამართლომ არ გაითვალისწინა, რომ სოლიდარული მოვალის სსკ 466-ე მუხლით გათვალისწინებული უფლება კრედიტორისთვის ყველა სახის შესაგებლის წარდგენის შესახებ არ გამორიცხავს საკითხის განსხვავებულად რეგულირების შესაძლებლობას, შესაბამისად, დასაშვებია სოლიდარული მოვალის მხრიდან შესაგებლის წარდგენის უფლება გამოირიცხოს ან შეიზღუდოს. გარდაცვლილ ა.ს–ძის მიერ ხელმოწერილია დაზღვევის ბროშურა, რაზედაც არ უთითებს სააპელაციო სასამართლო. აღნიშნული ბროშურა ასახავს ღია პოლისის პირობებს მოკლედ და მიუთითებს, რომ მსესხებლის გარდაცვალების შემთხვევაში, ოჯახის წევრები (მემკვიდრეები) და თავდებები (შესაბამისად, სოლიდარული მოვალეები) ვალდებულნი არიან განაგრძონ ბანკის მიმართ არსებული დავალიანების დაფარვა მზღვეველის მიერ სადაზღვევო თანხის ანაზღაურებამდე, ხოლო სადაზღვევო თანხის ანაზღაურების შემდეგ მათ გადახდილი თანხა უკან დაუბრუნდებოდათ. აღნიშნული ჩანაწერით შეიზღუდა სოლიდარული მოვალის უფლება, მიეთითებინა მოთხოვნის გამომრიცხავ შესაგებელზე.

9.2. მიუხედავად იმისა, რომ მხარე უთითებს ღია პოლისის არგაცნობაზე, იგი ვერ გამორიცხავს ა.ს–ძის მიერ აღნიშნულ ბროშურაზე ხელმოწერასა და ბროშურის საშუალებით მისთვის ცნობილ გარემოებებს, ამასთან ამავე პოლისით მსესხებელს განემარტა, რომ დამატებითი ინფორმაციის მიღება შეეძლო ღია პოლისის დანართით, რომელიც ადგენს, რომ ალკოჰოლური ზემოქმედების ქვეშ მყოფი დაზღვეულის მიერ ავტოსატრანსპორტო საშუალების მართვისას დამდგარი ავტოსაგზაო შემთხვევა წარმოადგენს ანაზღაურებაზე უარის თქმის საფუძველს. ა.ს–ძე გარდაიცვალა ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ (ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, გარდაცვლილის სისხლში აღმოჩნდა 2.33% პრომილე ეთილის სპირტი) ავტოსატრანსპორტო საშუალების მართვისას, შესაბამისად, ისედაც თვალსაჩნოა, რომ სადაზღვევო კომპანიასთან ბანკის დავას პერსპექტივა არ ექნება, ვინაიდან არსებობს ანაზღაურების გამომრიცხველი პირდაპირი საფუძველი, ამასთან, სააპელაციო სასამართლოს მითითების (ჯერ სადაზღვევო კომპანიის მიმართ მოთხოვნის სასამართლო წესით წარდგენის შესახებ) შესაბამისად მოქმედების შემთხვევაში, უპერსპექტივო სარჩელის წარმოების ვადების გათვალისწინებით, გავა სოლიდარული მოვალის მიმართ მოთხოვნის ხანდაზმულობის ვადა, რაც გაუმართლებლად დააზიანებს კრედიტორის ინტერესებს.

10. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მიერ საკასაციო საჩივარი მიღებული იქნა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მიხედვით, დასაშვებობის შესამოწმებლად. ამავე სასამართლოს 2022 წლის 29 სექტემბრის განჩინებით საკასაციო საჩივარი ცნობილი იქნა დასაშვებად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

11. საკასაციო პალატამ შეისწავლა წარმოდგენილი საკასაციო საჩივრის საფუძვლები, შეამოწმა გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთება და მიაჩნია, რომ საკასაციო საჩივარი დასაბუთებულია, შესაბამისად, სააპელაციო სასამართლოს განჩინება უნდა გაუქმდეს და საქმე ხელახლა განსახილველად უნდა დაბრუნდეს იმავე სასამართლოს, შემდეგ გარემოებათა გამო:

12. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია. დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურსამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება.

13. განსახილველ შემთხვევაში, კასატორის პრეტენზია მიემართება სააპელაციო სასამართლოს სამართლებრივ დასკვნას იმის შესახებ, რომ კრედიტორის წინაშე თანამსესხებლის ვალდებულება სუბსიდიურია და, შესაბამისად, ამ უკანასკნელს უფლება აქვს უარი თქვას ვალდებულების შესრულებაზე იმ დრომდე, ვიდრე კრედიტორი არ შეეცდება სადაზღვევო კომპანიის მიმართ იძულებით აღსრულებას.

14. იმ სამართლებრივი შედეგის გათვალისწინებით, რისი მიღწევაც მოსარჩელეს სურს, მოთხოვნის სამართლებრივი საფუძველია საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 867-ე 873-ე, 417-ე მუხლები.

15. უწინარესად, სასამართლო ურთიერთშეუსაბამოდ მიიჩნევს გასაჩივრებულ განჩინებაში წარმართულ მსჯელობას, რომლის თანახმადაც, სასამართლო, თავდაპირველად, ასკვნის, რომ გ.თ–ძე კრედიტორი ბანკის სოლიდარულ მოვალეს წარმოადგენს, მეორე მხრივ, კი, დასკვნის სახით მიუთითებს, რომ ამავე მოვალის პასუხისმგებლობა ბანკის წინაშე სუბსიდიურია და კრედიტორმა ჯერ უნდა ამოწუროს სადაზღვევო კომპანიისგან მოთხოვნის დაკმაყოფილების საშუალებები, რათა მოთხოვნა წარუდგინოს გ.თ–ძეს; ვალდებულების სოლიდარულობა და სუბსიდიურობა არამარტო ურთიერთსაწინააღმდეგო ცნებებია, არამედ განსხვავებული სამართლებრივი შედეგების წარმომშობიც; შეუძლებელია, კრედიტორის წინაშე ერთი და იმავე ვალდებულების შესრულებაზე ერთი პირის პასუხისმგებლობა ერთდროულად იყოს სოლიდარულიც და სუბსიდიურიც. ამავდროულად, განსხვავებით გასაჩივრებული განჩინების გამომტანი სასამართლოსგან, პასუხისმგებლობის ფორმის განსაზღვრა საკასაციო სასამართლოს არა ფაქტის, არამედ სამართლის საკითხად მიაჩნია, ამდენად, წინამდებარე განჩინებით მოსარჩელის წინაშე მოპასუხის პასუხისმგებლობის ფორმას დაადგენს საკასაციო პალატა.

16. კანონმდებელი სამოქალაქო კოდექსის 463-ე მუხლში აყალიბებს სოლიდარული მოვალის ცნებას - თუ რამდენიმე პირს ევალება ვალდებულების შესრულება ისე, რომ თითოეულმა უნდა მიიღოს მონაწილეობა მთლიანი ვალდებულების შესრულებაში (სოლიდარული ვალდებულება), ხოლო კრედიტორს აქვს შესრულების მხოლოდ ერთჯერადი მოთხოვნის უფლება, მაშინ ისინი წარმოადგენენ სოლიდარულ მოვალეებს.

დასახელებული ცნებიდან გამომდინარე, სოლიდარული ვალდებულების წარმოშობა მოითხოვს შემდეგ წინაპირობათა კუმულატიურ თანაარსებობას: 1. რამდენიმე მოვალის არსებობა, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან კრედიტორის წინაშე ვალდებულების შესრულებაზე; 2. თითოეული მოვალე ერთი და იმავე კრედიტორის წინაშე უნდა იყოს შესრულებაზე ვალდებული; 3. თითოეული მოვალე კრედიტორის წინაშე ვალდებულების მთლიანად შესრულებაზე უნდა იყოს პასუხისმგებელი; 4. კრედიტორს უნდა გააჩნდეს მთლიანი შესრულების მხოლოდ ერთჯერადად მიღების უფლება.

17. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 464-ე მუხლის შესაბამისად, სოლიდარული ვალდებულება წარმოიშობა ხელშეკრულებით, კანონით ან ვალდებულების საგნის გაუყოფლობით.

ხელშეკრულება სოლიდარული ვალდებულების წარმოშობის ყველაზე გავრცელებული საშუალებაა; ამ გარიგების მხარეებად გვევლინებიან სოლიდარული მოვალეები და კრედიტორი. სოლიდარული ვალდებულების დასაფუძნებლად აუცილებელი არ არის, კრედიტორსა და სოლიდარულ მოვალეებს შორის ხელშეკრულება ერთიანი სახით დაიდოს; მთავარია, კრედიტორთან გაფორმებული სხვადასხვა შეთანხმება ნათლად იძლეოდეს თოთოეული მოვალის სურვილის დადგენის შესაძლებლობას - კრედიტორის წინაშე სოლიდარულად აგოს პასუხი.

18. საქმეზე უდავოდ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებას წარმოადგენს ის, რომ 2019 წლის 08 მაისს ს.ს. „კ.ბ–თან“ კლიენტის სტატუსით სასყიდლიან საკრედიტო ხელშეკრულებაში ერთდროულად შევიდნენ ა.ს–ძე და გ.თ–ძე; ბანკმა კლიენტებზე გასცა საბანკო კრედიტი 15 500 ლარის ოდენობით; მისი დაბრუნების მოვალეობა ხელშეკრულების გრაფიკის შესაბამისად ერთობლივად იკისრეს კლიენტებმა. ამავე ხელშეკრულების 4.15. პუნქტით მხარეებმა დაადასტურეს, რომ იმ შემთხვევაში, თუ ხელშეკრულების მხარეს წარმოადგენს ერთზე მეტი კლიენტი:

4.15.1. თითოეული ასეთი კლიენტი წარმოადგენს ბანკის მიმართ სოლიდარულ მოვალეს;

4.15.2. ბანკი უფლებამოსილია მოთხოვნა წაუყენოს ნებისმიერ (ერთ ან რამდენიმე) კლიენტს;

4.15.3. ბანკი უფლებამოსილია საბანკო კრედიტის თანხა ჩარიცხოს ერთი ან რამდენიმე კლიენტის ანგარიშზე, საკუთარი შეხედულებისამებრ (ასევე, თუ საბანკო კრედიტის თანხის ჩარიცხვა ხდება 1-ზე მეტი კლიენტის ანგარიშზე, ჩასარიცხი თანხის პროპორციასაც ცალმხრივად განსაზღვრავს ბანკი), თუ უშუალოდ ხელშეკრულებით სხვა პირობა არ არის განსაზღვრული).

საბანკო კრედიტის ხელშეკრულება, აგრეთვე კრედიტის დაფარვის გრაფიკი ხელმოწერილია ორივე კლიენტის მიერ.

ხელშეკრულების ციტირებული ნორმა ცხადყოფს, რომ ერთი კრედიტორის წინაშე ერთი საკრედიტო ვალდებულების სრულად შესრულების მოვალეობა იკისრა ორმა პირმა, შესაბამისად, ხელშეკრულების ძალით დაფუძნდა ა.ს–ძისა და გ.თ–ძის სოლიდარული პასუხისმგებლობა ს.ს. „კ.ბ–ის“ მიმართ, 2019 წლის 08 მაისის №191284135665YJS საკრედიტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე ფულადი ვალდებულებების შესასრულებლად, ამდენად, სასამართლოს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 463-ე მუხლით გათვალისწინებული ყველა წინაპირობა მიაჩნია განხორციელებულად.

19. ამავე ხელშეკრულების მე-3 მუხლის თანახმად, „ხელშეკრულებაზე ხელმოწერით ა.ს–ძე ადასტურებს სურვილს, დააზღვიოს მისი სიცოცხლე წინამდებარე ხელშეკრულების მოქმედების განმავლობაში (მაგრამ არაუმეტეს იმ პერიოდამდე, როდესაც მას შეუსრულდება 72 წელი) და გადაიხადოს სადაზღვევო პრემიის გადასახდელები ამ ხელშეკრულებით განსაზღვრული პირობებითა და წესით... ყოველგვარი ეჭვის თავიდან აცილების მიზნით, მხარეები ადასტურებენ, რომ პუნქტით განსაზღვრული დაზღვევის პირობები ვრცელდება მხოლოდ ამავე პუნქტში მითითებულ კლიენტზე“.

20. სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილია, რომ ერთ-ერთი სოლიდარული მოვალე ა.ს–ძე გარდაიცვალა 2020 წლის 29 მარტს, ავტოავარიის შედეგად. დასახელებულ თარიღში ს.ს. „კ.ბ–ის” წინაშე სოლიდარული მოვალეების მიერ საკრედიტო ვალდებულება შესრულებული იყო მხოლოდ ნაწილობრივ. ა.ს–ძის გარდაცვალების შემდეგ ვალდებულება სადავო საკრედიტო ხელშეკრულების ფარგლებში აღარ შესრულებულა, რის გამოც კრედიტის გამცემმა შეწყვიტა საკრედიტო ხელშეკრულება და ითხოვს სესხის ნარჩენი ძირის, დარიცხული და დასარიცხი პროცენტის, პირგასამტეხლოსა და სიცოცხლის დაზღვევის საკომისიოს ერთ-ერთი სოლიდარული მოვალისათვის დაკისრებას.

მოპასუხე წარდგენილი შესაგებლით თავს იცავს იმ გარემოებაზე მითითებით, რომ ბანკსა და სადაზღვევო კომპანიას შორის არსებული დაზღვევის ხელშეკრულებით მსესხებელ ა.ს–ძის სიცოცხლე იყო დაზღვეული, კერძოდ, მისი გარდაცვალების, როგორც სადაზღვევო რისკის, რეალიზების შემთხვევაში, ბანკის წინაშე ნარჩენ საკრედიტო ვალდებულებას დაფარავდა სადაზღვევო კომპანია.

21. დადგენილია, რომ ს.ს. „კ.ბ–ს“ 2019 წლის 08 მაისის №191284135665YJS საკრედიტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე მოთხოვნის უფლების დასაკმაყოფილებად, მოცემულ ეტაპზე, ჰყავს ორი მოვალე - გ.თ–ძე და სადაზღვევო ორგანიზაცია.

22. დაზღვევის ხელშეკრულებიდან გამომდინარე მოთხოვნის უფლების სამართლებრივ საფუძველს წარმოადგენს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 799-ე მუხლის პირველი ნაწილი, რომლის თანახმადაც, დაზღვევის ხელშეკრულებით მზღვეველი მოვალეა აუნაზღაუროს დამზღვევს სადაზღვევო შემთხვევის დადგომით მიყენებული ზიანი ხელშეკრულების პირობების შესაბამისად. მყარად დადგენილი სადაზღვევო თანხით დაზღვევისას მზღვეველი მოვალეა გადაიხადოს სადაზღვევო თანხა ან შეასრულოს სხვა შეპირებული მოქმედება.

23. რაც შეეხება მოპასუხის მიმართ წარდგენილი მოთხოვნის სამართლებრივ საფუძველს, იგი გამომდინარეობს საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან, კერძოდ, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 873-ე მუხლიდან, რომლის თანახმადაც, კრედიტის გამცემს შეუძლია შეწყვიტოს საკრედიტო ურთიერთობა, თუ გათვალისწინებულია კრედიტის დაბრუნება ნაწილ-ნაწილ და კრედიტის ამღებმა გადააცილა ზედიზედ, სულ ცოტა, ორ ვადას. შეწყვეტა ძალაში შედის მაშინ, თუ ორკვირიანი დამატებითი ვადის მიცემის შემდეგაც არ მოხდება გადახდა.

24. საკასაციო პალატის განსჯის საგანია, რა ურთიეთმიმართებაა სხვადასხვა სამართლებრივი საფუძვლით წარმოშობილ, თუმცა ერთი ინტერესის დაკმაყოფილებისკენ მიმართულ ამ ორ მოთხოვნის უფლებას შორის, მიჩნეულია თუ არა რომელიმე მათგანის პირველ რიგში განხორციელება პრიორიტეულად კანონმდებლის ნორმატიული ნებით, შესაბამისად, პასუხი უნდა გაეცეს საკითხს, აბრკოლებს თუ არა წარმოდგენილი შესაგებლის პოზიცია მოთხოვნის უფლების რეალიზების შესაძლებლობას.

25. მოვალეთა სოლიდარულ მოვალეებად მიჩნევისთვის კანონი მოითხოვს, რომ თითოეული მოვალე კრედიტორის წინაშე ვალდებულების სრულად შესრულებაზე იყოს პასუხისმგებელი. ნორმის ეს დანაწესი არ ნიშნავს აუცილებლად თითოეული მოვალის ვალდებულებას იდენტური ვალდებულების შესრულებაზე. სოლიდარული უფლებამოსილების მსგავსად სოლიდარული ვალდებულებაც კრედიტორსა და ცალკეულ სოლიდარულ მოვალეს შორის დამოუკიდებელ ვალდებულებითსამართლებრივ ურთიერთობათა არსებობას გულისხმობს (ვალდებულებათა სიმრავლის თეორია). კრედიტორთან მიმართებაში ეს ცალკეული ვალდებულებითსამართლებრივი ურთიერთობები ერთმანეთისგან დამოუკიდებლად არსებობენ. მათი ერთმანეთისგან დამოუკიდებლობა ყველაზე კარგად წარმოშობის საფუძველში ვლინდება, რომელიც არ არის აუცილებელი, საერთო იყოს. ცალკეული ვალდებულებითსამართლებრივი ურთიერთობა შესაძლოა წარმოშობის სხვადასხვა საფუძველს ეფუძნებოდეს. აღნიშნული ურთიერთობებიდან გამომდინარე, თითოეული სოლიდარული მოვალე კრედიტორის ერთი და იმავე შესრულების ინტერესის მთლიან დაკმაყოფილებაზე უნდა იყოს ვალდებული. ჩვეულებრივ, მისი დაკმაყოფილება მოვალეთა მიერ შინაარსობრივად მსგავსი შესრულების განხორციელებით ხდება... თუ მოვალეთა ცალკეული ვალდებულებები ერთი საერთო მიზნით (კრედიტორის ერთი და იგივე შესრულების ინტერესის დაკმაყოფილებით) არიან ურთიერთდაკავშირებულნი და ერთ მთლიანობას ქმნიან, წარმოშობილია სოლიდარული ვალდებულება (იხ. სამოქალაქო კოდექსის კომენტარი, წიგნი III, 463-ე მუხლის კომენტარი, გვ. 964, https://lawlibrary.info/ge/books/giz2019-ge-civil_code_comm_III_book.pdf).

ამრიგად, სოლიდარული ვალდებულების წარმოსაშობად აუცილებელი არ არის მოთხოვნის საფუძველთა იდენტურობა, არამედ, გადამწყვეტია კრედიტორის ერთი და იმავე შესრულების ინტერესის დაკმაყოფილებას „ემსახურებოდეს“ ერთზე მეტი პირის ვალდებულება.

26. საკრედიტო სიცოცხლის დაზღვევის პირობების №CL3CR-001/16 ღია პოლისის პირველი პუნქტის შესაბამისად, სადაზღვევო ურთიერთობაში როგორც დამზღვევი, ისე მოსარგებლე, ს.ს. „კ.ბ–ია“; სადაზღვევო ურთიერთობის მხარეც, ს.ს. „დ. კ. ა–თან“ ერთად, თავად ბანკია და არა დაზღვეული. დასახელებული გარემოებების ერთობლივი ანალიზით კი საკასაციო პალატა ასკვნის, რომ სადაზღვევო ურთიერთობაში შესვლის ინტერესი კრედიტორისათვის სწორედ მისი საკრედიტო მოთხოვნის შესრულების უზრუნველყოფას წარმოადგენდა.

27. ამრიგად, საკასაციო პალატის დასკვნით, მიუხედავად მოთხოვნის საფუძველთა სხვადასხვაობისა, როგორც მზღვეველის, ისე ცოცხლად დარჩენილი კრედიტის მიმღების ვალდებულება ბანკის წინაშე სოლიდარულია, ამრიგად, კრედიტორს ჰყავს პასუხისმგებლობის თანაბარ საფეხურზე მდგომი ორი მოვალე, რომლებიც ერთმანეთის გვერდით, პარალელურად, თანაბრად აგებენ პასუხს.

28. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 465-ე მუხლის თანახმად, კრედიტორს შეუძლია თავისი სურვილისამებრ შესრულება მოსთხოვოს ნებისმიერ მოვალეს როგორც მთლიანად, ასევე ნაწილობრივ. ვალდებულების მთლიანად შესრულებამდე დანარჩენი მოვალეების ვალდებულება ძალაში რჩება.

დასახელებული ნორმა სოლიდარული ვალდებულების უმთავრეს სამართლებრივ შედეგს განსაზღვრავს. იგი უფლებამოსილს ხდის კრედიტორს, თავისუფლად აირჩიოს მოვალე და საკუთარი შეხედულებისამებრ მოსთხოვოს ვალდებულების მთლიანი ან ნაწილობრივი შესრულება. სოლიდარული ვალდებულების წარმოშობის მომენტიდან კრედიტორი უფლებამოსილია თითოეული სოლიდარული მოვალის მიმართ მთლიანი შესრულების მოთხოვნაზე. თუ სოლიდარული ვალდებულება ეფუძნება სხვადასხვა სამართლებრივ საფუძველს, შესაბამისად, მოთხოვნის წარმოშობის მომენტიც, შესაძლოა, იყოს განსხვავებული.

29. სოლიდარული ვალდებულების წარმოშობისთანავე კრედიტორი თავისუფალია მოვალის არჩევაში. აღნიშნული ეხება როგორც მოვალის პიროვნებას, ასევე შესასრულებელი ვალდებულების მოცულობას. კრედიტორი საკუთარი შეხედულებისამებრ წყვეტს თავდაპირველად რომელ მოვალეს მოსთხოვოს მთლიანი ვალდებულების შესრულება. მას შეუძლია, ერთ, რამდენიმე ან ყველა მოვალეს ერთდროულად მოსთხოვოს ვალდებულების შესრულება, როგორც საპროცესო თანამონაწილეობის (ერთზე მეტი მოპასუხის ერთ სარჩელში დასახელების) ინსტრუმენტის გამოყენების, ისე თითოეული მოპასუხის მიმართ ინდივიდუალური სარჩელის წარდგენის გზით. კრედიტორს ეს უფლება ყველა შემთხვევაში აქვს იმის მიუხედავად, თუ რამდენად შეუძლია მოვალეს წარდგენილი მოთხოვნის რეალურად შესრულება.

30. კრედიტორი არ არის ვალდებული ყველა სოლიდარულ მოვალეს მიმართოს. მას შეუძლია ერთი სოლიდარული მოვალე ამოირჩიოს და მისგან ეცადოს მთლიანი დაკმაყოფილების მიღებას. კრედიტორის არჩევანის უფლება შესაძლოა განპირობებული იყოს სხვადასხვა გარემოებებით: მაგ. მოვალის გადახდისუნარიანობით, მისი მხრიდან კრედიტორის მიმართ მოთხოვნის არარსებობით, რაც გამორიცხავს ვალდებულების შეწყვეტას ურთიერთმოთხოვნათა გაქვითვით და ა. შ. არჩევანის თავისუფლება იზღუდება მხოლოდ იქ, როდესაც კრედიტორის მხრიდან ადგილი აქვს უფლების ბოროტად გამოყენებას (იხ. სამოქალაქო კოდექსის კომენტარი, წიგნი III, 465-ე მუხლის კომენტარი, გვ.976, https://lawlibrary.info/ge/books/giz2019-ge-civil_code_comm_III_book.pdf).

31. მოვალეს არ შეუძლია უარი განუცხადოს კრედიტორს ვალდებულების შესრულებაზე და მიუთითოს სხვა გადახდისუნარიან სოლიდარულ მოვალეზე. მას ასევე არ შეუძლია ვალდებულების შესრულებაზე უარის თქმა იმ საფუძვლით, რომ კრედიტორი მისთვის მოთხოვნის წარდგენამდე ჯერ სხვა მოვალეთაგან არ ეცადა მოთხოვნის დაკმაყოფილებას (იხ. სუსგ. №ას-1172-2022, 23 იანვარი 2023 წელი).

32. კრედიტორი არ არის აბსოლუტურად თავისუფალი მოვალის არჩევაში. მისი თავისუფლების საზღვარს სამოქალაქო სამართლის ფუძემდებელი კეთილსინდისიერების პრინციპი წარმოადგენს (სსკ მე-8 მუხლის მე-3 ნაწილი). კრედიტორის არჩევანის თავისუფლება იზღუდება იქ, როდესაც მის მიერ მოვალის არჩევა მხოლოდ იმ მიზნით ხდება, რათა ზიანი მიადგეს ამ უკანასკნელს (სსკ 115-ე მუხლი). უფლების ბოროტად გამოყენების მაგალითი გვექნება სახეზე მაშინ, როდესაც კრედიტორი ბოროტი განზრახვით იმ სოლიდარულ მოვალეს ირჩევს და იმ მოვალეს სურს უკუმოთხოვნის და, შესაბამისად, სხვა მოვალეთა გადახდისუუნარობის რისკი დააკისროს, რომელიც შიდა ურთიერთობიდან გამომდინარე განთავისუფლებულია ვალდებულების შესრულების ტვირთისაგან. სასამართლომ ყოველი კონკრეტული შემთხვევის გადაწყვეტისას უნდა შეაფასოს აქვს თუ არა კრედიტორის მხრიდან უფლების ბოროტად გამოყენებას ადგილი. გადამწყვეტი ამ შემთხვევაში კრედიტორის სურვილია, ზიანი მიაყენოს იმ სოლიდარულ მოვალეს, რომელსაც მან მოთხოვნა წარუდგინა (იხ. სამოქალაქო კოდექსის კომენტარი, წიგნი III, 465-ე მუხლის კომენტარი, გვ. 977, https://lawlibrary.info/ge/books/giz2019-ge-civil_code_comm_III_book.pdf).

33. განსახილველ შემთხვევაში, გასაჩივრებული განჩინება აგებულია იმ დასაბუთებაზე, რომ მზღვეველისთვის მოთხოვნის წარუდგენლად, მის წინააღმდეგ დავის წარმოების გარეშე, პირდაპირ სოლიდარული მოვალისათვის ვალდებულების შესრულების მოთხოვნა ეწინააღმდეგება კეთილსინდისიერებისა და უფლების ბოროტად გამოყენების დაუშვებლობის პრინციპებს. დასახელებულ პოზიციას საკასაციო პალატა არ იზიარებს და ყურადღებას მიაპყრობს მხარეთა შორის უდავო ფაქტობრივ გარემოებას, რომელიც დადგენილია საქმეში დაცული ს.ს.ი.პ. ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ექსპერტიზის დასკვნით: ა.ს–ძის გვამიდან აღებული სისხლის ნიმუშის ქიმიური გამოკვლევით მასში აღმოჩნდა 2.33% ეთილის სპირტი.

ეთილის სპირტი კი წარმოადგენს ორგანულ ნივთიერებას, სპირტების ჯგუფს, არის აქროლადი, ცეცხლსაშიში, თხევადი ფსიქოაქტიური ნივთიერება. მას შეიცავს ყველა ალკოჰოლური სასმელი. არის სპირტული დუღილის მთავარი პროდუქტი, რომელიც მიმდინარეობს მიკროორგანიზმების საშუალებით.

საქმის მასალებში დაცულია სადაზღვევო კომპანიის მიერ გაცემული ბროშურა, ხელმოწერილი ა.ს–ძის მიერ, რომელშიც მოიცავს დასაზღვევო ანაზღაურების საგამონაკლისო შემთხვევათა ფართო სპექტრს, მათ შორის, ნივთიერებათა ზემოქმედებით დამდგარი სასიკვდილო შედეგისათვის.

34. კრედიტორმა, რომელსაც ერთზე მეტი სოლიდარული მოვალე ჰყავს, დასახელებულ გარემოებათა გამო, სადაზღვევო ორგანიზაციისგან მოთხოვნის დაკმაყოფილების პერსპექტივის შეფასების შედეგად, უპიარატესობა მიანიჭა მოთხოვნის იმ სოლიდარული მოვალისათვის წაყენებას, რომელთან მიმართებითაც, მისი განსჯით, არსებობდა მოთხოვნის დაკმაყოფილების უფრო მაღალი ალბათობა. აღნიშნული კი, შეუძლებელია, დაკვალიფიცირდეს კეთილსინდისიერების პრინციპის უგულებელყოფად და მოპასუხედ დასახელებული სოლიდარული მოვალისთვის ზიანის მიყენების განზრახვად, შესაბამისად, ცოცხლად დარჩენილი კრედიტის ამღების მიმართ სარჩელის წარდგენა უნდა შეფასდეს არა უფლების ბოროტად გამოყენების, არამედ, პირიქით, უფლების მართლზომიერად განკარგვის შემთხვევად.

35. საგულისხმოა ისიც, რომ საკასაციო სამართალწარმოების მიმდინარეობისას საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის წინაშე მესამე პირად დაშვების შუამდგომლობა წარადგინა მზღვეველმა ს.ს. „ს.კ.ა–მა“. შუამდგომლობაზე დართული განჩინებით დასტურდება, რომ კრედიტორს საკრედიტო ვალდებულების დაფარვის მოთხოვნა წარდგენილი აქვს მეორე სოლიდარული მოვალისთვისაც, ხსენებულ დავაზე კი შეჩერებულია საქმის წარმოება წინამდებარე საქმეზე გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლამდე. აღნიშნული გარემოება ნათელჰყოფს, რომ კრედიტორი მიზნად ისახავს არა ცოცხლად დარჩენილი მოვალისთვის ფინანსური ზიანის მიყენებას, არამედ საკუთარი მოთხოვნის დაკმაყოფილებას, რისთვისაც განკარგავს მის ხელთ არსებულ ყველა სამართლებრივ საშუალებას.

36. ამრიგად, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მოპასუხეს არ გააჩნია უფლებამოსილება, უარი თქვას კრედიტორის დაკმაყოფილებაზე იმ მოტივით, რომ ბანკს არ უცდია სადაზღვევო კომპანიის მიმართ იძულებითი აღსრულება. ამასთან, თუკი ბანკი არ განაგრძობს დავას მზღვეველთან სადაზღვევო ანაზღაურების გაცემაზე უარის თქმის არამართლზომიერების შესახებ, თანამსესხებელს, როგორც სოლიდარულ მოვალეს, თავად გააჩნია ამგვარი დავის ინიცირების უფლებამოსილება (იხ. სუსგ. №ას-629-2023, 26 იანვარი, 2024 წელი).

37.1. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 412-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილების თანახმად, საკასაციო სასამართლო აუქმებს გადაწყვეტილებას და საქმეს ხელახლა განსახილველად აბრუნებს სააპელაციო სასამართლოში, თუ: ა) საქმის გარემოებები საპროცესო ნორმების ისეთი დარღვევითაა დადგენილი, რომ ამ დარღვევების შედეგად საქმეზე არასწორი გადაწყვეტილება იქნა გამოტანილი და საჭიროა მტკიცებულებათა დამატებითი გამოკვლევა; ბ) არსებობს ამ კოდექსის 394-ე მუხლით გათვალისწინებული საფუძვლები, გარდა აღნიშნული მუხლის „გ“ და „ე“ ქვეპუნქტებისა. ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ გადაწყვეტილებას საკასაციო სასამართლომ საფუძვლად უნდა დაუდოს სამართლებრივი შეფასება, რომელიც სავალდებულოა სააპელაციო სასამართლოსათვის. საქმე ხელახლა განსახილველად შეიძლება დაუბრუნდეს სააპელაციო სასამართლოს იმავე ან სხვა შემადგენლობას.

37.2. განსახილველ შემთხვევაში, როგორც სააპელაციო სასამართლომ, ისე პირველი ინსტანციის სასამართლომ, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარი სრულად დააფუძნეს მოპასუხის პასუხისმგებლობის სუბსიდიურ ხასიათზე მითითებას, რასაც საკასაციო პალატა არ იზიარებს. ამავდროულად, საკასაციო პალატა მოკლებულია შესაძლებლობას, თავად მიიღოს შემაჯამებელი გადაწყვეტილება, რადგან მოცემულ ეტაპზე დადგენილი არ არის კრედიტორის მოთხოვნის ოდენობასთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებებები.

37.3. ამდენად, საქმის ხელახლა განსახილველად დაბრუნების პირობებში, სააპელაციო სასამართლომ უნდა დაადგინოს კრედიტორის მოთხოვნის მოცულობა მოპასუხე მოვალის მიმართ და ამის შემდეგ გადაწყვიტოს სასარჩელო მოთხოვნის იურიდიული ბედი.

38. ვინაიდან საკასაციო პალატის წინამდებარე განჩინებით საქმის წარმოება არ დასრულებულა, სსსკ-ის 53-ე მუხლის მეოთხე ნაწილის შესაბამისად, ხარჯების საკითხი უნდა გადაწყდეს შემაჯამებელი გადაწყვეტილების მიღებისას.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი .

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 412-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ს.ს. „კ.ბ–ი“-ს საკასაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდეს.

2. გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 27 ოქტომბრის განჩინება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს.

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

მოსამართლეები: ლაშა ქოჩიაშვილი

ამირან ძაბუნიძე

თეა ძიმისტარაშვილი