საქმე №ას-239-2025 23 ივნისი, 2025 წელი
თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
მირანდა ერემაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: თეა ძიმისტარაშვილი,
არჩილ კოჭლამაზაშვილი
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი განხილვის გარეშე
საკასაციო საჩივრის ავტორი - ლ.ლ–ი (მოპასუხე, აპელანტი)
მოწინააღმდეგე მხარე - ნ.ნ–ია (მოსარჩელე)
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 17 ოქტომბრის განჩინება
საკასაციო საჩივრის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა
დავის საგანი - ზიანის ანაზღაურება
საკითხი, რომელზედაც მიღებულია განჩინება - საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი
1. 2022 წლის 1 ნოემბერს მოხდა ავტოსაგზაო შემთხვევა – თბილისში, ...... ქუჩაზე მოძრავი ავტოსატრანსპორტო საშუალება (მარკა/მოდელი: MERCEDES-BENZ GL 550 სახ. ნომრით: ......), რომელსაც მართავდა ლ.ლ–ი (შემდგომში მოპასუხე, სამართალდამრღვევი, კასატორი ან საკასციო საჩივრის ავტორი), შეეჯახა ...... ქუჩიდან მომავალ ავტომობილს (მარკა/მოდელი: HYUNDAI SONATA, სახ. ნომრით ........, გამოშვების წელი - 2011), რომელსაც მართავდა ნ.ნ–ია (შემდგომში მოსარჩელე). საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის ფაქტზე პატრულ-ინსპექტორმა შეადგინა პატაკი, ხოლო 2022 წლის 1 დეკემბერს გაიცა ელექტრონული საჯარიმო ქვითარი - *et353289* საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 125-ე მუხლის მე-6, 6.2-ე, მე-7 და მე-8-ე ნაწილების დარღვევისთვის.
2. ელექტრონული საჯარიმო ქვითარი გაასაჩივრა მოპასუხემ.
3. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის 2023 წლის 17 იანვრის დადგენილებით მოპასუხეს უარი ეთქვა საჩივრის დაკმაყოფილებაზე, რაც მას სასამართლოში არ გაუსაჩივრებია.
4. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის მიერ 2022 წლის 8 ნოებერს გაცემული ავტოტექნიკური ექსპერტიზის N1369/ა დასკვნაში მითითებულია, რომ მოპასუხის მოქმედება არ შეესაბამება „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის მე-4 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის (თანაბარმნიშვნელოვანი გზების გადაკვეთისას ურელსო სატრანსპორტო საშუალების მძღოლი ვალდებულია გზა დაუთმოს მარჯვნიდან მოახლოებულ სატრანსპორტო საშუალებას) მოთხოვნებს, რომელთა დაცვის შემთხვევაშიც საგზაო სატრანსპორტო შემთხვევა არ მოხდებოდა; მოსარჩელეს შეჯახების თავიდან აცილება არ შეეძლო და მის მოქმედებაში „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის უგულებელყოფა არ აღინიშნება, ვინაიდან იგი გზაჯვარედინზე სარგებლობდა გავლის უპირატესობით.
5. შპს „ა.დ.ს–ის“ მიერ შედგენილი #38802 დეფექტური აქტის მიხედვით, მოსარჩელის კუთვნილი ავტომობილის აღდგენა-შეკეთების ხარჯი ჯამურად 7406 ლარია, აქედან მომსახურების ღირებულება 3600 ლარი, ხოლო სათადარიგო ნაწილების ღირებულება - 3806 ლარია. აქტში ასევე აღნიშნულია, რომ ყველა სათადარიგო ნაწილი, გარდა წინა ფარის სამაგრისა („მეორადი ორიგინალი“) შეცვლილია ახალი არაორიგინალი ნაწილებით.
6. შპს „ა.ე...“-ის მიერ 2022 წლის 8 ნოემბერს შედგენილი ხარჯთაღრიცხვის მიხედვით, მოპასუხის კუთვნილი ავტომობილის აღდგენის ღირებულება 15 120 ლარია.
7. სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2023 წლის 10 იანვრის #5000118723 დასკვნაში აღნიშნულია შემდეგი: „შემთხვევაში მონაწილე ავტომობილ „მერსედესის“, სახ. ნომრით: ......, მძღოლ ლ.ლ–ის მოქმედება არ შეესაბამება „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის მე-4 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის მოთხოვნებს, რომელთა დაცვის დროსაც მომხდარი საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევა გამორიცხული იქნებოდა. შემთხვევაში მონაწილე ავტომობილ „ჰუნდაის“ სახ. ნომრით ......., მძღოლ ნ.ნ–იას მოქმედება არ შეესაბამება „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 33-ე მუხლის მე-2 პუნქტის მოთხოვნებს, რომელთა დაცვის შემთხვევაშიც, მოცემული საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევა გამორიცხული იქნებოდა.
8. მოსარჩელის მოთხოვნა
8.1. მოსარჩელემ სარჩელი აღძრა სასამართლოში მოპასუხის მიმართ და მოითხოვა ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად მიყენებული ზიანის, 7 406 ლარის მოპასუხისათვის გადახდის დაკისრება.
8.2. მოსარჩელის განცხადებით, 2022 წლის 1 ნოემბერს მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევაში ბრალეული პირია მოპასუხე, რომელიც თავს არიდებს მიყენებული ზიანის ანაზღაურებას. დაზიანებული ავტომანქანა მოსარჩელემ თავად შეაკეთა არაორიგინალი ნაწილებით, ვინაიდან მეორადი ორიგინალი ნაწილებით შეკეთება გაცილებით ძვირი, თითქმის ორმაგი ღირდა. ჯამურად კი, მისთვის მიყენებული ზიანი 7406 ლარია.
9. მოპასუხის პოზიცია
9.1. მოპასუხემ წარდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ ლ. სამხარაულის სახ. ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2022 წლის 8 დეკემბრის სატრანსპორტო ტექნიკურ-ტრასოლოგიური ექსპერტიზის #000109523 დასკვნის მიხედვით, ავტოსაგზაო შემთხვევაში ბრალეული პირი ასევე იყო მოსარჩელე, რომელმაც დაარღვია საგზაო მოძრაობის წესები, რამაც მოპასუხეს მიაყენა 15 120 ლარის ზიანი. ზიანის ანაზღაურების ვალდებულება და ანაზღაურების მოცულობა კი განისაზღვრება მხარეთა ბრალეულობის ხარისხით - შერეული ბრალის არსებობისას სამოქალაქო სამართლებრივ პასუხისმგებლობის განსაზღვრა გულისხმობს არა ზიანის ანაზღაურებას დაზარალებულის მიერ, არამედ ზიანის მიმყენებლის პასუხისმგებლობის შემცირებას და ზიანის შესაბამისი ნაწილის დაზარალებულისთვის (კრედიტორისთვის) დაკისრებას.
10. შეგებებული სარჩელის ავტორის პოზიცია
10.1. მოპასუხემ შეგებებული სარჩელი აღძრა მოსარჩელის მიმართ და მოითხოვა მისი ავტომანქანის დაზიანების ხარჯის - 15120 ლარის ნახევრის, 7560 ლარის მოსარჩელისთვის გადახდის დაკისრება.
10.2. შეგებებული სარჩელის ავტორის განცხადებით, საექსპერტო დასკვნით დადასტურებულია ავტოსაგზაო შემთხვევაში შერეული ბრალის არსებობა. მოპასუხის ავტომანქანისთვის მიყენებული ზიანია 15 120 ლარი, რომლის ნახევრის გადახდა მოპასუხის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს მოსარჩელეს.
11. თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება
11.1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 27 ნოემბრის გადაწყვეტილებით შეგებებული სარჩელი არ დაკმაყოფილდა; სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა ზიანის, 6264.2 ლარის ანაზღაურება, ხოლო 1141.8 ლარის მოპასუხისთვის დაკისრებაზე მოსარჩელეს ეთქვა უარი.
12. მოპასუხის სააპელაციო საჩივარი
12.1. გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოპასუხემ, მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა და შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილება.
13. სააპელაციო სასამართლოს განჩინება და დასკვნები
13.1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 17 ოქტომბრის განჩინებით, სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, გასაჩივრებული გადაწყვეტილება დარჩა უცვლელი.
13.2. სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია წინამდებარე განჩინების 1-7 პუნქტებში ასახული ფაქტობრივი გარემოებები, მიუთითა სამოქალაქო კოდექსის 415-ე მუხლზე, სამოქალაქო კოდექსის მე-4, 102-ე, 105-ე, 162-ე მუხლებზე, ასევე იხელმძღვანელა „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 33-ე, 36-ე მუხლებით, შეაფასა საქმეში წარდგენილი საექსპერტო დასკვნები და მიიჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ მართებულად დააკმაყოფილა მოსარჩელის მოთხოვნა, ხოლო შეგებებული სარჩელის ავტორს მართებულად ეთქვა უარი მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე.
13.3. სააპელაციო პალატამ არ გაიზიარა აპელანტის (მოპასუხის) პრეტენზია ავტოსაგზაო შემთხვევაში მხარეთა შერეული ბრალის არსებობის შესახებ და დაასკვნა, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ მართებულად მიანიჭა უპირატესობა 2022 წლის 8 ნოემბრის ავტოტექნიკური ექსპერტიზის დასკვნას სსიპ ლ. სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2023 წლის 10 იანვრის სატრანსპორტო ტექნიკური-ტრასოლოგიური ექსპერტიზის დასკვნასთან შედარებით. ეს უკანასკნელი არ შეიცავს მითითებას, თუ კონკრეტულად რა სიჩქარით მოძრაობდა ავტომანქანა შემთხვევის დროს და რა სიჩქარე იყო დაშვებული საგზაო შემთხვევის ადგილას. რა სიჩქარე უნდა ყოფილიყო შერჩეული მძღოლის მიერ, რომ მას ეკონტროლებინა სატრანსპორტო საშუალება. როდესაც ექსპერტი მიუთითებს „საგზაო მოძრაობის შესახებ“ კანონის 33-ე მუხლის დარღვევაზე, დასკვნაში უნდა ასახულიყო, ნორმაში მითითებული რომელი პირობა (ადგილის რელიეფი, გზისა და სატრანსპორტო საშუალების მდგომარეობა, მისი დატვირთვა, ატმოსფერული პირობები, მოძრაობის ინტენსივობა, არასაკმარისი ან შეზღუდული ხილვადობა) არ გაითვალისწინა მძღოლმა, რაც წარდგენილი დასკვნით არ დგინდებოდა.
14. მოპასუხის საკასაციო საჩივარი
14.1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 17 ოქტომბრის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა მოპასუხემ, გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
14.2. კასატორის განმარტებით, სააპელაციო სასამართლომ არასწორად დაადგინა ფაქტობრივი გარემოებები და არასწორი სამართლებრივი შეფასება მისცა მათ. სასამართლომ უსაფუძვლოდ არ გაიზიარა ლ. სამხარაულის სახ. სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასკვნა, რომელიც ავტოსაგზაო შემთხვევაში მხარეთა (მოსარჩელისა და მოპასუხის) შერეულ ბრალს ადასტურებდა და უპირატესობა მიანიჭა მოსარჩელის მიერ წარდგენილ მტკიცებულებას - შსს საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის დასკვნას. შერეული ბრალის პირობებში მიყენებული ზიანი მხარეებმა თანაბრად უნდა აანაზღაურონ. მოსარჩელე აცხადებს, რომ მას მიადგა 7406 ლარის ზიანი, რომლის ნახევარი 3703 ლარია. მოპაუხემ კი განიცადა 15 120 ლარის ზიანი, რომლის ნახევარი სცდება მოსარჩელისთვის მიყენებულ ზიანს, მიღებული თანხების გამოქვითვის შედეგად კი, მივიღებთ იმგვარ მოცემულობას, რომ მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ არანაირი თანხის გადახდა არ უნდა დაეკისროს.
15. საკასაციო სამართალწარმოების ეტაპი
15.1. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 25 მარტის განჩინებით მოპასუხის საკასაციო საჩივარი წარმოებაში იქნა მიღებული სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მიხედვით, დასაშვებობის შესამოწმებლად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სსსკ-ის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც ის დაუშვებელია:
16. სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.
17. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
18. სსსკ-ის 407.2 მუხლის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია. დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურსამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორს, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით, არ წარმოუდგენია დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).
19. კასატორის ძირითადი საკასაციო პრეტენზია ემყარება იმას, რომ სააპელაციო სასამართლომ არასწორად შეაფასა საქმის ფაქტობრივი გარემოებები და უსაფუძვლოდ მიანიჭა უპირატესობა შსს საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის დასკვნას, მოპასუხის მიერ წარდგენილ ლ. სამხარაულის სახ. სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს მიერ გაცემულ დასკვნასთან შედარებით, რომელიც ავტოსაგზაო შემთხვევაში მხარეთა შერეულ ბრალს ადასტურებდა.
20. პირველ რიგში, საკასაციო პალატა განმარტავს, რომ მხარეთა თანასწორობის საწყისზე დამყარებული მართლმსაჯულების განხორციელებისას (სსსკ-ის მე-5 მუხლი) სასამართლოს, მოთხოვნის საფუძვლიანობასთან მიმართებით არ გააჩნია წინასწარ ჩამოყალიბებული აზრი, არამედ, მხარეთა მონაწილეობით დგინდება იურიდიული მნიშვნელობის მქონე ფაქტები სასამართლო სხდომაზე. ბუნებრივია, სასამართლოსათვის რაიმე მტკიცებულებას წინასწარ დადგენილი ძალა არ გააჩნია, არამედ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის მოთხოვნათა დაცვით მტკიცებულების ყოველმხრივი შესწავლა-გამოკვლევის საფუძველზე ადგენს სასამართლო მტკიცების საგანში შემავალ გარემოებებს და ამ გზით ყალიბდება მოსამართლის შინაგანი რწმენა სადავო ფაქტის არსებობა-არარსებობის თაობაზე. ამასთან, სამოქალაქო საპროცესო სამართალში მოქმედი მტკიცების ტვირთის სამართლიანი და ობიექტური განაწილების სტანდარტი გულისხმობს მხარეთა შორის მტკიცების ტვირთის ისე განაწილებას, რომ მოსარჩელესა და მოპასუხეს დაეკისროთ იმ ფაქტების დამტკიცების ტვირთი, რომელთა მტკიცება მათთვის ობიექტურად შესაძლებელია, ანუ მტკიცების ტვირთი ეკისრება მას, ვინც ამტკიცებს და არა - მას, ვინც უარყოფს. მხარის მიერ წარმოდგენილი მოსაზრებები კონკრეტულად და დეტალურად უნდა ჩამოყალიბდეს და ეხებოდეს საქმის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოებას (კვალიფიციური შედავების მნიშვნელობა ფაქტობრივი გარემოებების დადგენის მიზნებისათვის). მხარეთა მიერ წარმოდგენილი ახსნა-განმარტებები კი უნდა იყოს დასაბუთებული და, იმავდროულად, უნდა დასტურდებოდეს რელევანტური მტკიცებულებებით [სსსკ-ის 102-ე მუხლის მე-3 ნაწილი].
21. მხარეთა მტკიცებითი საქმიანობის საბოლოო მიზანი - ესაა სასამართლოს დარწმუნება საქმის სწორად გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობაში. სასამართლოს დაურწმუნებლობა კი, მხარისათვის არახელსაყრელ შედეგს იწვევს.
22. ამავე დროს, სადავო გარემოებების დადგენისას სასამართლო ყურადღებას გაამახვილებს არა ერთ რომელიმე მტკიცებულებაზე განყენებულად, არამედ იმსჯელებს საქმეში წარმოდგენილ მხარეთა განმარტებებზე, წერილობით დოკუმენტებსა და სხვა მტკიცებულებებზე ერთობლიობაში, რომელთა ურთიერთშეჯერებით გადაწყვეტს, სარწმუნოდ მიიჩნიოს თუ არა ამა თუ იმ ფაქტის არსებობა.
23. კასატორი (მოპასუხე) სადავოდ ხდის რა ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად მოსარჩელისთვის მიყენებული ზიანის მისთვის დაკისრების კანონიერებას, აპელირებს სსიპ ლ. სამხარაულის სახ. სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს მიერ გაცემულ საექსპერტო დასკვნაზე, რომელშიც, მისივე მითითებით, განსხვავებულადაა შეფასებული მხარეთა ბრალის ხარისხი (ავტოსაგზაო შემთხვევაში დადგენილია ორივე მხარის ბრალეულობა) და რომლის გაზიარების შემთხვევაშიც, სასამართლო უარს ეტყოდა მოსარჩელეს სარჩელის დაკმაყოფილებაზე.
24. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ ექსპერტის დასკვნა წარმოადგენს დასაშვები მტკიცებულების ერთ-ერთ სახეს და სასამართლო თავისი მოტივირებული გადაწყვეტილებით ასაბუთებს აღნიშნული მტკიცებულების გაზიარების ან მისი უარყოფის მართლზომიერებას. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 172-ე მუხლის თანახმად, ექსპერტის დასკვნა სასამართლოსათვის სავალდებულო არ არის და მისი შეფასება ხდება იმავე კოდექსის 105-ე მუხლით დადგენილი წესით.
25. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლით გათვალისწინებულია სასამართლოს მიერ მტკიცებულებების შეფასების წესი. კერძოდ, მოცემული მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ მტკიცებულებათა შეფასება სათანადოდ მოტივირებული და დამაჯერებელი უნდა იყოს. მტკიცებულებათა შეფასება ეფუძნება შეჯიბრებითობის ფარგლებში მხარეთა მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებების ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას და არა სასამართლოს სუბიექტურ მოსაზრებებს.
26. ამასთან, ექსპერტის დასკვნის შეფასებისას (იმდენად, რამდენადაც იგი სპეციალური ცოდნით აღჭურვილი პირის კომპეტენციას ეფუძნება), ყურადღება უნდა მიექცეს რამდენიმე გარემოებას, მათ შორის, გამოსაკვლევად მიწოდებულ მასალას, მის კვლევით ნაწილს, რადგან სწორედ კვლევითი ნაწილია ასახული საბოლოო დასკვნაში. მტკიცებულების გამოკვლევა უპირველესად გულისხმობს მისი შინაარსის სრულყოფილ შესწავლა-ანალიზს, ხოლო შემდეგ - მისი იურიდიული ძალის (დამაჯერებლობის, სარწმუნოობის) შემოწმებას (იხ. სუსგ №ას-406-383-2014; 2015 წლის 17 აპრილი). საბოლოოდ, როგორც სხვა მტკიცებულებების, ასევე, ექსპერტის დასკვნის იურიდიული ძალას აფასებს სასამართლო.
27. მოსამართლე არ არის დამოკიდებული ექსპერტის აზრზე. მან კრიტიკული განხილვის შედეგად უნდა ჩამოაყალიბოს თავისი აზრი ექსპერტის დასკვნის საფუძველზე. უფრო მეტიც, თუ ექსპერტის დასკვნა უპირისპირდება საქმეში არსებულ სხვა მტკიცებულებებს, საკითხი უნდა გაირკვეს სწორედ ექსპერტის ზეპირი განმარტებების მიღების, საკუთრივ დასკვნის და საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებების ურთიერთშეჯრებისა და დეტალური შესწავლის საფუძველზე. ექსპერტის დასკვნისათვის, როგორც მტკიცებულების წყაროსათვის, მნიშვნელოვანია, რომ ის წარმოადგენდეს საპროცესო კოდექსით ნორმატიულად დადგენილ წესებს დაქვემდებარებულ დოკუმენტს, ყურადღება უნდა მიექცეს კვლევის მეთოდებს, საკვლევ მასალას და სხვადასხვა სპეციფიკურ დეტალებს, გამომდინარე ჩატარებული ექსპერტიზის სახეობიდან. შესაბამისად, ექსპერტის დასკვნის შეფასება ხდება ზოგადად მტკიცებულებების შეფასებისათვის დადგენილი ყოველმხრივი სრული და ობიექტური განხილვის კრიტერიუმებით (იხ., ილონა გაგუა, „მტკიცებულებები და მტკიცების პროცესი კერძო ხასიათის სამართლებრივ დავებზე“, 2020 წელი).
28. მოცემულ შემთხვევაში, სააპელაციო სასამართლომ შეაფასა როგორც მოსარჩელის მიერ საქმეზე წარდგენილი შსს საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის ექსპერტიზის სამმართველოს 2022 წლის 8 ნოემბრის N1369/ა საექსპერტო დასკვნის (რომელშიც აღნიშნულია შემდეგი: „მძღოლის, ლ.ლ–ის მოქმედება არ შეესაბამება „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის მოთხოვნებს, რომელთა დაცვის შემთხვევაშიც საგზაო სატრანსპორტო შემთხვევას ადგილი არ ექნებოდა; მძღოლ ნ.ნ–იას შეჯახების თავიდან აცილება არ შეეძლო და მის მოქმედებაში „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კნონის უგულებელყოფა არ აღინიშნება), ასევე, სსიპ ლ. სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2022 წლის 8 დეკემბრის სატრანსპორტო ტექნიკურ-ტრასოლოგიური ექსპერტიზის N000109523 დასკვნის (რომელშიც აღნიშნულია შემდეგი: „შემთხვევაში მონაწილე ავტომობილ „მერსედესის“, სახ. ნომრით #..... მძღოლ ლ.ლ–ის მოქმედება არ შეესაბამება „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის მე-4 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის მოთხოვნებს, რომელთა დაცვის დროსაც მომხდარი საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევა გამორიცხული იქნებოდა; შემთხვევაში მონაწილე ავტომობილ „ჰიუნდაის“ სახ. ნომრით #...... მძღოლ ნ.ნ–იას მოქმედება არ შეესაბამება „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 33-ე მუხლის მე-2 პუნქტის მოთხოვნებს, რომელთა დაცვის შემთხვევაშიც მოცემული საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევა გამორიცხული იქნებოდა) შინაარსი და მართებულად მიანიჭა უპირატესობა შსს საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის ექსპერტიზის დასკვნას, რომლითაც ერთმნიშვნელოვნად დგინდება, რომ მოპასუხის მხრიდან დარღვეულია „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის მე-4 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის მოთხოვნები, რაც გულისხმობს იმას, რომ თანაბარმნიშვნელოვანი გზების გადაკვეთაზე ურელსო სატრანსპორტო საშუალების მძღოლი ვალდებულია გზა დაუთმოს მარჯვნიდან მოახლოებულ სატრანსპორტო საშუალებას. სწორედ აღნიშნული მოთხოვნის მოპასუხის მხრიდან დაუცველობამ გამოიწვია ავტოსატრანსპორტო შემთხვევა (იხ. ს. ფ 106-108).
29. საკასაციო სასამართლოს მოსაზრებით, მართალია, მოპასუხის მიერ წარდგენილ ლ. სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ექსპერტიზის დასკვნაში ავტოსაგზაო შემთხვევაში მოპასუხის ბრალეულობასთან ერთად მითითებულია მოსარჩელის ბრალეულობაზეც, თუმცა ექსპერტი ისე საუბრობს მოსარჩელის მხრიდან „საგზაო მოძრაობის შესახებ“ კანონის 33-ე მუხლის მე-2 პუნქტის (სატრანსპორტო საშუალების მოძრაობისას მძღოლმა უნდა გაითვალისწინოს საგზაო პირობები (ადგილის რელიეფი, გზისა და სატრანსპორტო საშულების მდგომარეობა, მისი დატვირთვა, ატმოსფერული პირობები, მოძრაობის ინტენსივობა, არასაკმარისი ან შეზღუდული ხილვადობა და სხვა) დარღვევაზე, რომ არ მიუთითებს, თუ კონკრეტულად ნორმის რომელი პირობა (მაგ, ადგილის რელიეფი, სიჩქარე, გზისა და სატრანსპორტო საშუალების მდგომარეობა და სხვ.) არ გაითვალისწინა მძღოლმა, რომლის გათვალისწინების შემთხვევაშიც, იგი შემთხვევის თავიდან აცილებას შეძლებდა (იხ. ს.ფ 54-59). ამდენად, ქვედა ინსტანციის სასამართლოებმა მართებულად არ მიიჩნიეს აღნიშნული დასკვნა სარჩელზე უარისა და შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილებისთვის საკმარის რელევანტურ მტკიცებულებად.
30. საკასაციო სასამართლო დამატებით აღნიშნავს იმასაც, რომ „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნების მოპასუხის მხრიდან დარღვევა დადასტურებულია საქმეში წარდგენილი ორივე საექსპერტო დასკვნით. საქმის მასალებით უდავოდ დადასტურებულია ისიც, რომ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი, რომლითაც მოპასუხე ცნობილ იქნა ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევად (და დადგინდა მისი მხრიდან ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 125-ე მუხლის მე-6, 6.2-ე, მე-7 და მე-8-ე ნაწილების დარღვევა), კანონიერ ძალაშია შესული, რადგან იგი მხარეს (სამართალდამრღვევს) სასამართლოში არ გაუსაჩივრებია, რაც კიდევ უფრო ამყარებს სასამართლოთა პოზიციას ზიანის ანაზღაურებაზე პასუხისმგებელ პირად მოპასუხის მიჩნევის შესახებ.
31. ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საკასაციო სასამართლო თვლის, რომ ქვედა ინსტანციის სასამართლოებმა წარდგენილი საექსპერტო დასკვნები შეაფასეს მტკიცებულებების შეფასებისათვის საპროცესო კანონმდებლობით დადგენილი ყოველმხრივი სრული და ობიექტური განხილვის კრიტერიუმებით და მხოლოდ მოპასუხის მიერ წარდგენილ საექსპერტო დასკვნაში არსებული ჩანაწერი იმის შესახებ, რომ მძღოლ ნ.ნ–იას (მოსარჩელის) მოქმედება არ შეესაბამება „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 33-ე მუხლის მე-2 პუნქტის მოთხოვნებს, რომელთა დაცვის შემთხვევაშიც, მოცემული საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევა გამორიცხული იქნებოდა, არ ქმნის საკმარის საფუძველს ავტოსაგზაო შემთხვევაში მხარეთა შერეული ბრალის დადგენისათვის. კასატორს (მოპასუხეს) არ წარმოუდგენია იმგვარი დასაშვები და დასაბუთებული საკასაციო პრეტენზია, რაც სააპელაციო პალატის მიერ დადგენილი გარემოებების გაბათილებისა და საქმის არსებითად განსახილველად დაშვების შესაძლებლობას მისცემდა სასამართლოს.
32. ამრიგად, საკასაციო სასამართლო თვლის, რომ სააპელაციო პალატამ მართებულად შეაფასა საქმის ფაქტობრივი გარემოებები და სწორი სამართლებრივი კვალიფიკაცია მისცა მათ, სწორად განახორციელა ის საპროცესო მოქმედებები, რომლებიც, მხარეთა თანასწორუფლებიანობის პირობებში, საჭირო იყო საქმის გარემოებათა დადგენისა და, მხარეთათვის დაკისრებული მტკიცების ტვირთის შესაბამისად, მათ მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებების შეფასებისათვის, რაც ცხადყოფს, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი მიუთითებს რაიმე ისეთ საპროცესო დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე.
33. საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით, ვინაიდან სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ განსხვავდება საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან, არც დასაბუთებული პოზიციაა წარმოდგენილი ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციათან ან/და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალთან წინააღმდეგობის საფუძვლით.
34. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას საკასაციო საჩივარი, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.
35. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება ცნობილი, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 391-ე, 401-ე, 408.3-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ლ.ლ–ის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველი;
2. ლ.ლ–ს (პ.ნ. .......) სახელმწიფო ბიუჯეტიდან (ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი (საგადახდო დავალება N: 8861, გადახდის თარიღი: 14.03.2025) 313.21 ლარის 70% - 219,3 ლარი;
3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე: მ. ერემაძე
მოსამართლეები: თ. ძიმისტარაშვილი
ა. კოჭლამაზაშვილი