Facebook Twitter

საქმე №ას-154-2025 23 ივნისი, 2025 წელი

თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

მირანდა ერემაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: თეა ძიმისტარაშვილი,

არჩილ კოჭლამაზაშვილი

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი განხილვის გარეშე

საკასაციო საჩივრის ავტორი - ი.ზ.ი.მ.გ.ს.ვ.თ.ლ.შ–ის (მოსარჩელე)

მოწინააღმდეგე მხარე - შპს ,,დ–ი“ (აპელანტი, მოპასუხე)

გასაჩივრებული გადაწყვეტილება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 23 ოქტომბრის გადაწყვეტილება

საკასაციო საჩივრის მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა

დავის საგანი – მოძრავი ნივთის უკანონო მფლობელობიდან გამოთხოვა

საკითხი, რომელზედაც მიღებულია განჩინება - საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 10 აპრილის გადაწყვეტილებით საქართველოში უცხოური საწარმოს ფილიალის - ი.ზ.ი.მ.გ.ს.ვ.თ.ლ.შ–ის (შემდგომში მოსარჩელე, მოსარჩელე კომპანია, კასატორი ან საკასაციო საჩივრის ავტორი) სარჩელი შპს „დ–ის“ (შემდგომში მოპასუხე ან მოპასუხე კომპანია) მიმართ უკანონო მფლობელობიდან მოძრავი ნივთების გამოთხოვის შესახებ დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; დადგინდა მოპასუხის უკანონო მფლობელობიდან მოძრავი ნივთების (თვითმავალი საბურღი მანქანა Soilmec R620-ის (გამოშვ. წელი: 2004, შასის N2088 ძრავის N 4ZF07590) ნაწილი - „როტორი“, 119 410 ლარადღირებული; ლითონის მილი (ბეტონის ჩასასხმელი) 4 ერთეული, 1 170 ლარად ღირებული; ლითონის ფიტინგი: ბეტონის ჩასასხმელი ძაბრი 1 ერთეული, 224.49 ლარად ღირებული; ლითონის ხამუთი 1 ერთეული, 1 620.68 ლარად ღირებული; ლითონის კონტეინერი 1 ერთეული, 716.46 ლარად ღირებული; საბურღი მანქანა თვითმავალი TRAVE 18LS, შასის ნომერი: .... MOD: 2006, ძრ.ნ. 3306 TA-64..., 107 142.58 ლარად ღირებული; წამყვანი საბურღი მილი 1 ცალი, ისარი 2 ცალი (საბურღი მოწყობილობისთვის Trave 18 LS), 31 103.71 ლარად ღირებული; ინსტრუმენტების შესანახი კონტეინერი 1 ერთეული, 3 225.44 ლარად ღირებული; ჰიდრავლიკის შლანგი, რეზინის, კომბინირებული ლითონთან ერთეული, 282 ლარად ღირებული; ლითონის მილი (ბეტონის ჩასასხმელი) 4 ერთეული, 583.81 ლარად ღირებული; ლითონის ძაბრი ერთი ერთეული და მილის დამჭერი ხამუთი ლითონის 1 ერთეული, 10 126.47 ლარად ღირებული; ლითონის საჭრელი ხერხი 1 ერთეული, 123.84 ლარად ღირებული; შედუღების აპარატი 1 ერთეული, 251.23 ლარად ღირებული) გამოთხოვა და მათი მოსარჩელისთვის გადაცემა; ამასთან, დადგინდა, რომ იმ შემთხვევაში, თუ გადაწყვეტილების აღსრულებისას მოძრავი ნივთები არ აღმოაჩნდებოდა მოპასუხეს, მას მოსარჩელის სასარგებლოდ უნდა დაკისრებოდა ამ ქონების ღირებულების, 275 980.71 ლარის გადახდა; სარჩელი მოპასუხის უკანონო მფლობელობიდან მოძრავი ნივთების (შნეკი დ800, 1 ერთეული, ღირებული 3 500 (სამი ათას ხუთას) აშშ დოლარად; კოვშაბურღი დ800, 1 ერთეული, ღირებული 400 (ოთხას) აშშ დოლარად; კერნი დ800, 1 ერთეული, ღირებული 3 000 (სამი ათას) აშშ დოლარად; შნეკი დ720, 1 ერთეული, ღირებული 3 000 (სამი ათას) აშშ დოლარად; შნეკი დ1000, 1 ერთეული, ღირებული 4 500 (ოთხი ათას ხუთას) აშშ დოლარად; კოვშაბურღი, 1 ერთეული, ღირებული 4 500 (ოთხი ათას ხუთას) აშშ დოლარად; კლდის შნეკი დ1000, 1 ერთეული, ღირებული 4 500 (ოთხი ათას ხუთას) აშშ დოლარად; საბურღი მილის გადამყვანი დ1000, 1 ერთეული, ღირებული 3 000 (სამი ათას) აშშ დოლარად; დასაბურღი მილი, დ1000, 5მ, 1 ერთეული, ღირებული 6 000 (ექვსი ათას) აშშ დოლარად; ბეტონის ჩასასხმელი მილი 5მ, 3 ერთეული, ღირებული 2 000 (ორი ათას) აშშ დოლარად; ბეტონის ჩასასხმელი ძაბრი, 1 ერთეული, ღირებული 500 (ხუთას) აშშ დოლარად; ბეტონის მილის გადასახსნელი ხამუთი, 1 ერთეული, ღირებული 150 (ას ორმოცდაათ) აშშ დოლარად; ბეტონის ჩასასხმელი მილის დამჭერი ქუდი, 1 ერთეული, ღირებული 250 (ორას ორმოცდაათ) აშშ დოლარად; საბურღი მანქანის ნაწილები, 13 ერთეული, ღირებული 1 300 (ათას სამას) ლარად; საბურღი დანადგარის ნაწილები, 8 ერთეული, ღირებული 16 693.52 (თექვსმეტი ათას ექვსასოთხმოცდაცამეტ და ორმოცდათორმეტ) ლარად; საბურღი მანქანის ნაწილები, 15 ერთეული, ღირებული 1 500 (ათას ხუთას) ლარად) გამოთხოვის შესახებ, არ დაკმაყოფილდა.

2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 23 ოქტომბრის გადაწყვეტილებით მოპასუხის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; გასაჩივრებული გადაწყვეტილება შეიცვალა სარჩელის დაკმაყოფილების ნაწილში და მიღებული იქნა ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც სარჩელი მოპასუხის უკანონო მფლობელობიდან მოძრავი ნივთების (თვითმავალი საბურღი მანქანა Soilmec R620-ის (გამოშვ. წელი: 2004, შასის N2088, ძრავის N 4Z..) ნაწილი - „როტორი“; ლითონის მილი (ბეტონის ჩასასხმელი) 4 ერთეული; ლითონის ფიტინგი: ბეტონის ჩასასხმელი ძაბრი 1 ერთეული; ლითონის ფიტინგი: ბეტონის ჩასასხმელი ძაბრი 1 ერთეული; ლითონის კონტეინერი 1 ერთეული; საბურღი მანქანა თვითმავალი TRAVE 18LS, შასის ნომერი: 04.. MOD: 2006, ძრ.ნ. .. TA-64Z...; წამყვანი საბურღი მილი 1 ცალი, ისარი 2 ცალი (საბურღი მოწყობილობისთვის Trave 18 LS); ინსტრუმენტების შესანახი კონტეინერი 1 ერთეული; ჰიდრავლიკის შლანგი, რეზინის, კომბინირებული ლითონთან 2 ერთეული; ლითონის მილი (ბეტონის ჩასასხმელი) 4 ერთეული; ლითონის ძაბრი ერთი ერთეული და მილის დამჭერი ხამუთი ლითონის 1 ერთეული; ლითონის საჭრელი ხერხი 1 ერთეული; შედუღების აპარატი 1 ერთეული) გამოთხოვის ნაწილში არ დაკმაყოფილდა. დანარჩენ ნაწილში გასაჩივრებული გადაწყვეტილება დარჩა უცვლელი.

3. სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია საქმის გადაწყვეტისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:

3.1. 2016 წლის 9 თებერვალს მოსარჩელესა და მოპასუხეს შორის გაფორმდა ხელშეკრულება პარტნიორობის შესახებ, რომლის საფუძველზეც მოსარჩელემ იკისრა სამუშაოების შესრულების ვალდებულება საკუთარი მუშახელითა და აღჭურვილობით. ხელშეკრულების საგანს წარმოადგენდა ბურღით ნატენი ხიმინჯის დამზადება, რა მიზნითაც მოსარჩელე კომპანია სამუშაოების ჩასატარებლად იყენებდა ერთ ცალ Solimec-620 და ერთ ცალ Trave 18LS ბურღით ნატენი ხიმინჯის მანქანას. ამავე ხელშეკრულების შესაბამისად, მოპასუხემ მოსარჩელე კომპანიას მხარდაჭერის მიზნით, სესხის სახით გადასცა 50 000 აშშ დოლარი, რომელიც კრედიტორს დაუბრუნდებოდა ნაწილ-ნაწილ, ერთი წლის განმავლობაში შესრულებული სამუშაოების მიხედვით;

3.2. ხელშეკრულება პარტნიორობის შესახებ მოგვიანებით შეწყდა. მოსარჩელემ ვერ დააბრუნა სესხი, რის შედეგადაც 2017 წლის 10 ნოემბერს მხარეთა შორის გაფორმდა ხელშეკრულება ვალის აღიარების შესახებ, რომლითაც მოვალემ (მოსარჩელემ) იკისრა ვალდებულება კრედიტორისათვის (მოპასუხისთვის) გადაეხადა ვალი, 84 000 აშშ დოლარი, არაუგვიანეს 2019 წლის 16 დეკემბრისა;

3.3. 2018 წლის 21 თებერვალს მოსარჩელე კომპანიის დირექტორმა - თ.თ–მა (შემდგომში მოსარჩელე კომპანიის დირექტორი ან კომპანიის დირექტორი) განცხადებით მიმართა შსს ისანი-სამგორის სამმართველოს პოლიციის განყოფილებას და მოითხოვა გამოძიების დაწყება მისი კუთვნილი ინვენტარისა და მოწყობილობების მოპარვის ფაქტზე. განცხადებაში მითითებულია, რომ მოძრავი ნივთები გატანილია ქ. თბილისში, ...... მდებარე, განმცხადებლის მფლობელობაში არსებული ბაზიდან. განცხადებას ერთვის ინვენტარისა და მოწყობილობების ჩამონათვალი;

3.4. 2018 წლის 15 ივნისს კომპანიის დირექტორმა კვლავ მიმართა შსს ისანი-სამგორის სამმართველოს პოლიციის განყოფილებას და განცხადებაში მიუთითა იმ საბურღი საშუალებებისა და დამხმარე მოწყობილობების ჩამონათვალი, რომლებიც განმცხადებლის განმარტებით, წაიღო მოპასუხე კომპანიამ.

3.5. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ქ. თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ისანი-სამგორის სამმართველოს I განყოფილებაში მიმდინარეობს გამოძიება მოსარჩელის კუთვნილი მოძრავი ნივთების ქურდობის ფაქტზე (დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-2,ბ-4,ბ მუხლით);

3.6. გამოძიების ფარგლებში გამოიკითხნენ მოსარჩელე კომპანიის დირექტორი, თ.თ–ი, შპს ,,კ–ის“ დირექტორი გ.ა–ი, მოპასუხე კომპანიის მენეჯერი ბ.ხ–ი;

3.7. გ.ა–ის მიერ გამოძიებისთვის მიცემული ახსნა-განმატების მიხედვით, 2017 წლის 17 თებერვალს მას დაუკავშირდა ბ.ხ–ი, რომელმაც აცნობა, რომ სამშენებლო სამუშაოებისთვის სასწრაფოდ სჭირდებოდა 1000 მმ დიამეტრის საბურღი საშუალება ე.წ. შნეკი და კოვშაბურღი. მითითებული მოძრავი ნივთები წაიღო და სთხოვა, რომ აღნიშნულის შესახებ ეცნობებინა მოსარჩელე კომპანიის დირექტორისთვის. გ.ა–ის განმატებით, მოსარჩელე და მოპასუხე კომპანიები იყენებდნენ ერთმანეთის ტექნიკას. გარკვეული პერიოდის განმავლობაში ისინი ერთ პროექტზე მუშაობდნენ ერთიანი ძალებით. მისთვის ცნობილია, რომ 2018 წლის თებერვლის დასაწყისში მოპასუხე კომპანიის ტექნიკის ბაზიდან მოიპარეს მაღალი წნევის ტუმბო და სხადასხვა დეტალები.

3.8. ბ.ხ–ის მიერ გამოძიებისათვის მიცემული ახსნა-განმარტების თანახმად, მოსარჩელე კომპანიის დირექტორის მიერ დასახელებული ნივთები: შნეკი დ800 1 ცალი, კოვშაბურღი დ800 1 ცალი, შნეკი დ1000 1 ცალი, ბეტონის ჩასასხმელი მილი 5 მეტრიანი 3 ცალი, ბეტონის ჩასასხმელი ძაბრი 1 ცალი, ბეტონის მილის გადასახსნელი ხამუთი 1 ცალი, ბეტონის ჩასასხმელი მილის დამჭერი ქუდი არის მოპასუხე კომპანიის საკუთრება.

3.9. 2016 წლის 15 იანვარს, ერთი მხრივ, მ.შ–ძეს, როგორც გამყიდველს და მეორე მხრივ, მოპასუხე კომპანიას, როგორც მყიდველს, შორის გაფორმდა N1-15/2016 ხელშეკრულება შესყიდვების შესახებ, რომლის საფუძველზე, მყიდველმა შეიძინა ძირითადი საშუალებები და მანქანა-დანადგარებისათვის მარაგნაწილები. კერძოდ, ბურღი 3 ცალი, ღირებული 175 000 ლარად; დიზელ-გენერატორი 1 ცალი, ღირებული 37 000 ლარად; მილის დამჭერი 1 ცალი, ღირებული 7 250 ლარად; ძაბრის თავი 1 ცალი, ღირებული 2 400 ლარად; კოვში დიამეტრით 600 1 ცალი, ღირებული 9 700 ლარად; შნეკი დიამეტრით 1000 1 ცალი, ღირებული 4 850 ლარად; შნეკის გადამყვანი 1 ცალი, ღირებული 3 650 ლარად; კოლაკოლის გადამყვანი 1 ცალი, ღირებული 2 425 ლარად; რდკ-ის მოტორი 1 ცალი, ღირებული 2 425 ლარად; ბეტონის ჩასასხმელი ძაბრი 1 ცალი, ღირებული 2 425 ლარად; მილი დიამეტრით 600, 2 ცალი, ღირებული 7 350 ლარად; ძაბრის თავი 1 ცალი, ღირებული 2 425 ლარად; კოვში დიამეტრით 800 1 ცალი, ღირებული 8 000 ლარად; შნეკი დიამეტრით 800 2 ცალი, ღირებული 7 300 ლარად; მილი 16 ცალი, ღირებული 2 425 ლარად; ძაბრი 2 ცალი, ღირებული 2 000 ლარად; შნეკი დიამეტრით 600 2 ცალი, ღირებული 4 300 ლარად; კოვში 1 ცალი, ღრებული 4 300 ლარად; რდკ-ის კოვში 1 ცალი, ღირებული 650 ლარად; რდკ-ის მილების დამჭერი 3 ცალი, ღირებული 3 600 ლარად. სულ ღირებული 704 000 ლარად.

3.10. შსს მომსახურების სააგენტოს ინფორმაციით, სატრანსპორტო საშუალება Soilmec R620 2021 წლის 18 თებერვლიდან რეგისტრირებულია შპს „კ–ის“ სახელზე.

4. სააპელაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო კოდექსის 168-ე, 170-ე, 172-ე მუხლებით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4, 102-ე მუხლებით და არ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს პოზიცია, რომელიც სადავო ნივთების მოპასუხის მიერ ფლობის ფაქტის დადგენის მიზნით დაეყრდნო მოწმეთა ახსნა-განმარტებებს და საბაჟო დეკლარაციებს.

5. სასამართლომ აღნიშნა, რომ მართალია საბაჟო დეკლარაციებით დასტურდება საქონლის საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანის ან გატანის ფაქტი, თუმცა აღნიშნული არ გამორიცხავს ამ საქონელზე დეკლარანტის საკუთრების უფლებას.

6. საბოლოოდ, წარმოდგენილი მტკიცებულებების ერთობლივად შეფასების შედეგად, სააპელაციო პალატამ დადგენილად მიიჩნია საბაჟო დეკლარაციებში მითითებული ნივთების მოსარჩელისთვის კუთვნილების ფაქტი, თუმცა არ გაიზიარა საქალაქო სასამართლოს დასკვნა, რომ მოსარჩელის კუთვნილი მოძრავი ნივთები - თვითმავალი საბურღი მანქანა Soilmec R620-ის (გამოშვ. წელი: 2004, შასის N2088 ძრავის N 4ZF07590) ნაწილი - „როტორი“; ლითონის მილი (ბეტონის ჩასასხმელი) 4 ერთეული; ლითონის ფიტინგი: ბეტონის ჩასასხმელი ძაბრი 1 ერთეული; ლითონის ხამუთი 1 ერთეული; ლითონის კონტეინერი 1 ერთეული; საბურღი მანქანა თვითმავალი TRAVE 18LS, შასის ნომერი: 04... MOD: 2006, ძრ.ნ. ... TA-64Z23350; წამყვანი საბურღი მილი 1 ცალი, ისარი 2 ცალი (საბურღი მოწყობილობისთვის Trave 18 LS); ინსტრუმენტების შესანახი კონტეინერი 1 ერთეული; ჰიდრავლიკის შლანგი, რეზინის, კომბინირებული ლითონთან 2 ერთეული; ლითონის მილი (ბეტონის ჩასასხმელი) 4 ერთეული; ლითონის ძაბრი ერთი ერთეული და მილის დამჭერი ხამუთი ლითონის 1; ლითონის საჭრელი ხერხი 1 ერთეული; შედუღების აპარატი 1 ერთეული – მოპასუხის მფლობელობაში იყო.

7. სასამართლომ სადავო საკითხის გადაწყვეტისას შეაფასა, როგორც თავად მოსარჩელის ახსნა-განმარტება, ასევე, გამოძიების ფარგლებში გამოკითხულ პირთა ჩვენებები, 2019 წლის 15 ნოემბრის მოპასუხე კომპანიის ბაზის ადგილზე დათვალიერების ოქმი და დაასკვნა, რომ მოსარჩელის კუთვნილი მოძრავი ნივთები დაიკარგა ჯერ კიდევ 2018 წლის 17 თებერვლამდე, რაც დასტურდება მოსარჩელე კომპანიის დირექტორის მიერ პოლიციის განყოფილებაში 2018 წლის 21 თებერვალს წარდგენილი განცხადებით, რომელშიც განმცხადებელი უთითებს, რომ 2 კვირის წინ ბაზიდან მოიპარეს მისი კუთვნილი ინვენტარი. ამასთან, შსს მომსახურების სააგენტოში არსებულ მონაცემებზე დაყრდნობით, სასამართლომ დაასკვნა, რომ სატრანსპორტო საშუალება Soilmec R620 გასხვისებულია მოსარჩელის მიერ და 2021 წლის 18 თებერვლიდან იგი რეგისტრირებულია შპს „კ–ის“ სახელზე. ამდენად, მითითებული სატრანსპორტო საშუალება მოსარჩელემ გაყიდა მას შემდეგ, რაც ბ.ხ–მა (მოპასუხე კომპანიის წარმომადგენელი) მოსარჩელის ტერიტორიიდან გაიტანა მოძრავი ნივთები.

8. სასამართლოს მოსაზრებით, მხოლოდ ის ფაქტობრივი გარემოება, რომ 2018 წლის 17 თებერვალს ბ.ხ–მა (მოპასუხე კომპანიის მენეჯერმა) მოსარჩელის სასაწყობე ტერიტორიიდან გაიტანა მშენებლობისათვის საჭირო მოძრავი ნივთები, არ არის საკმარისი ნივთების მოსარჩელისთვის კუთვნილების ფაქტის დადასტურებისთვის. აღნიშნულის საწინააღმდეგოდ საქმის მასალებით დადგინდა, რომ ჯერ კიდევ 2018 წლის 17 თებერვლამდე (2018 წლის 6 თებერვალს) დაფიქსირდა კომპანიის (მოსარჩელის) კუთვნილი ნივთების დაკარგვის ფაქტი; ასევე, დადგინდა, რომ ორივე მხარე არის სამშენებლო კომპანია და ორივე კომპანია შესაბამისი სამუშაოების წარმოებისას იყენებს იდენტური მახასიათებლების მქონე ტექნიკას, მანქანა-დანადგარებს; ორივე მხარის საკუთრებაშია იდენტური მახასიათებლების მქონე მშენებლობისათვის საჭირო ხელსაწყო-დანადგარები; მოსარჩელის სარგებლობაში არსებულ მისამართზე განთავსებული იყო მოპასუხის კუთვნილი მოძრავი ნივთები; თვითმავალი საბურღი მანქანა Soilmec R620 მოსარჩელემ გაასხვისა და მყიდველს პრეტენზია არ ქონია ნივთის ნაკლთან დაკავშირებით; საბურღი მანქანა თვითმავალი TRAVE 18LS მოსარჩელის მფლობელობაშია და დირექტორის განმარტებით, მხოლოდ გარკვეული ნაწილებია მოპარული, თუმცა ვერ ასახელებს დეტალებს და მათ ღირებულებას. ასევე, დადგენილია, რომ 2016 წლის 9 თებერვალს, მხარეთა შორის გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე, მოსარჩელემ იკისრა ვალდებულება სამუშაოების წარმოებისთვის გამოეყენებინა ერთი ცალი Solimec-620 და ერთი ცალი Trave 18LS ბურღით ნატენი ხიმინჯის მანქანა. მითითებული ფაქტობრივი გარემოებების შეფასების შედეგად, პალატა მივიდა დასკვნამდე, რომ მოსარჩელემ ვერ უზრუნველყო მტკიცების საგანში შემავალი გარემოებების დადასტურება (სსსკ-ის 4.1 და 102-ე მუხლები), რაც გამორიცხავდა სარჩელის დაკმაყოფილებას.

9. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა მოსარჩელემ, მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და სარჩელის სრულად დაკმაყოფილება.

10. კასატორის მოსაზრებით, სააპელაციო სასამართლომ დაარღვია როგორც შეჯიბრებითობის პრინციპი, ასევე მხარეთა შორის არასწორად გაანაწილა მტკიცების ტვირთი, არასწორად შეაფასა საქმის ფაქტობრივი გარემოებები, რის გამოც, არასწორად დაასკვნა, რომ სადავო მოძრავი ნივთები არ იყო მოპასუხის მფლობელობაში. შესაბამისად, სასამართლომ მხარეს უმართებულოდ მიაკუთვნა ის, რისი მფლობელობის დამადასტურებელი რაიმე მტკიცებულებაც მას არ წარუდგენია. თუკი სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ მოსარჩელის სასაწყობე ტერიტორიიდან მოპასუხეს გაჰქონდა მშენებლობისთვის საჭირო ნივთები, მაშინ გასაჩივრებული გადაწყვეტილებით რატომ დაადგინა საწინააღმდეგო, გაუგებარია. სასამართლო ადასტურებს, რომ მოპასუხე კომპანიის მენეჯერმა, ბ.ხ–მა მოსარჩელის სასაწყობე ტერიტორიიდან წაიღო მოსარჩელის კუთვნილი ნივთები, თუმცა იგივე წარმატებით იყენებს იგი ბ. ხ–ის ახსნა-განმარტებას საწინააღმდეგო პოზიციის დასამტკიცებლად. სასამართლო მიუთითებს, რომ გამოძიების ორგანოებმა სადავო ნივთები ვერ აღმოაჩინეს მოპასუხის კუთვნილ ტერიტორიაზე, თუმცა სასამართლო არ ითვალისწინებს იმას, რომ ამ ნივთებს მოპასუხე გადამალავდა და მის ტერიტორიაზე არ დატოვებდა.

11. სასამართლომ მიუთითა, რომ ორივე მხარის საკუთრებაშია იდენტური მახასიათებლების სამშენებლო ხელსაწყო-დანადგარები მაშინ, როცა შს სამინისტროს მიერ გაცემული ცნობით დასტურდება, რომ მოპასუხეს საკუთრებაში აღრიცხული აქვს სადავო ნივთები. გარდა ამისა, არც თავად მოპასუხე ადასტურებს სადავო თვითმავალი ავტომანქანების კუთვნილების ფაქტს.

12. საკასაციო სამართალწარმოების ეტაპი

12.1. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 26 მარტის განჩინებით მოსარჩელის საკასაციო საჩივარი წარმოებაში იქნა მიღებული, სსსკ-ის 391-ე მუხლის მიხედვით, დასაშვებობის წინაპირობების შესამოწმებლად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, მტკიცებულებათა გაანალიზების, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის იურიდიული დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საკასაციო განაცხადი არ აკმაყოფილებს სსსკ-ის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც იგი დაუშვებელია, შემდეგი არგუმენტაციით:

13. სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.

14. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არც ერთი ზემოხსენებული საფუძვლით.

15. სსსკ-ის 407.2-ე მუხლის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია. სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილად ცნობილ ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით კასატორებს ასეთი დასაბუთებული პრეტენზია არ წარმოუდგენიათ.

16. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ სწორად დაადგინა სამართლებრივი შედეგის განმაპირობებელი ყველა ფაქტობრივი წანამძღვარი და ისინი სამართლებრივად სწორად შეაფასა.

17. მოსარჩელის მოთხოვნა უკანონო მფლობელობიდან მოძრავი ნივთების გამოთხოვის შესახებ სსკ-ის 172-ე მუხლის პირველი ნაწილს (მესაკუთრეს შეუძლია, მფლობელს მოსთხოვოს ნივთის უკან დაბრუნება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა მფლობელს ჰქონდა ამ ნივთის ფლობის უფლება) ეფუძნება. სხვისი უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვის უფლება მესაკუთრის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი უფლებაა და მისი უზრუნველყოფა ხდება სავინდიკაციო სარჩელის შეტანის გზით. ვინდიკაციური სარჩელის დაკმაყოფილებისათვის უნდა არსებობდეს შემდეგი წინაპირობები: ა. მოსარჩელე უნდა იყოს ნივთის მესაკუთრე; ბ. მოპასუხე უნდა იყოს ნივთის მფლობელი; გ. მოპასუხეს არ უნდა ჰქონდეს ნივთის ფლობის უფლება. ამასთან, ამ წინაპირობებს სასამართლო ზემომითითებული თანმიმდევრობით ამოწმებს და სწორედ ამ გარემოებების გათვალისწინებით გადაწყვეტს დავას. მოთხოვნის უფლების მფლობელია ნივთის მესაკუთრე, რომელსაც ეკისრება სადავო ნივთებზე საკუთრების უფლებისა და მოპასუხის მიერ ამ ნივთების ფლობის ფაქტის მტკიცების ტვირთი, ხოლო მოთხოვნის უფლების მოვალე ნივთის მფლობელია, რომელმაც, თავის მხრივ, მართლზომიერი მფლობელობა უნდა ადასტუროს.

18. მოსარჩელის (კასატორის) ძირითადი საკასაციო პრეტენზია ემყარება იმას, რომ სააპელაციო სასამართლომ არასწორად შეაფასა საქმის ფაქტობრივი გარემოებები, რის გამოც, არასწორად დაასკვნა, რომ არ არსებობდა მოთხოვნილი ნივთების ვინდიცირების საფუძველი.

19. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სსკ-ის 168-ე მუხლის თანახმად, მესაკუთრის პრეტენზიის გამო, ნივთის მფლობელობა წყდება, თუ მესაკუთრე მფლობელს წაუყენებს დასაბუთებულ პრეტენზიას. ამდენად, უნდა გამოიკვეთოს სსკ-ის 172-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული სამართლებრივი შედეგის განმაპირობებელი ყველა წინაპირობა, რათა მოსარჩელეს უფლება ჰქონდეს, ნივთის მისთვის გადაცემა მოითხოვოს (სუსგ №ას-1578-2022, 26.01.2023 წ.; №ას-136-2019, 3.02.2021წ.; №ას-1437-2020, 29.01.2021წ.; №ას-1274-2020, 24.12.2020 წ; N ას-948-2021, 17.2021წ.; N ას-687-2023, 15.12.2023წ.; N ას-1553-202, 20.12.2023წ.; N ას-239-2024, 16.05.2024წ.). პირის მართლზომიერ მფლობელად მიჩნევა უნდა ემყარებოდეს ფაქტობრივ საფუძველს და სამართლებრივად ვარგის მტკიცებულებებს.

20. სსსკ-ის მე-4 მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები. ამავე კოდექსის 102-ე მუხლის პირველი და მესამე ნაწილების მიხედვით, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს; საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით.

21. საკასაციო სასამართლო დასაბუთებულ საკასაციო შედავებად ვერ მიიჩნევს მოსარჩელის პრეტენზიას იმის შესახებ, რომ ვინაიდან დადგენილია მოსარჩელის სასაწყობე ტერიტორიიდან მოპასუხის მიერ მოძრავი ნივთების გატანის ფაქტი, აღნიშნული ადასტურებდა ამ ნივთების მოპასუხის მიერ უკანონოდ ფლობას და მოსარჩელის მხრიდან მათ კუთვნილებას.

22. როგორც უკვე აღინიშნა, სამოქალაქო პროცესში მხარეები ვალდებული არიან, სათანადო მტკიცებულებების წარდგენის გზით დაადასტურონ მათი პოზიციის გასამყარებლად მითითებული გარემოებების არსებობა. კანონით გათვალისწინებული შემთხვევების გარდა, რომელიც ადგენს მხარეთა შორის მტკიცების ტვირთის განაწილების სპეციფიკურ წესს, მოსარჩელეს ევალება სასარჩელო განცხადებაში ასახული ფაქტების მტკიცება, რაც მან უნდა განახორციელოს უტყუარი მტკიცებულებების წარდგენის გზით, რომლებიც ობიექტურად დაადასტურებს სარჩელში მითითებულ სადავო გარემოებებს. მოპასუხე კი მოვალეა, სარჩელისაგან თავდაცვის მიზნით, ქმედითად უარყოს მოსარჩელის არგუმენტები, წარადგინოს იმგვარი მტკიცებულებები, რომლებიც გააქარწყლებს მოსარჩელის მიერ დასახელებულ ფაქტებს.

23. მხოლოდ ის გარემოება, რომ მოპასუხე კომპანიის მენეჯერმა, ბ.ხ–მა მოსარჩელის სასაწყობე ტერიტორიიდან გაიტანა მშენებლობისთვის საჭირო მოძრავი ნივთები, ვერ გამოდგება იმ გარემოების დასადასტურებლად, რომ ეს ნივთები მოსარჩელის საკუთრებაა. სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილია, რომ მოსარჩელე კომპანიის ტერიტორიაზე მოსარჩელის მანქანა-დანადგარებთან ერთად განთავსებული იყო მოპასუხის კუთვნილი ნივთებიც და ორივე კომპანია სამშენებლო სამუშაოების წარმოებისას იყენებდა იდენტური მახასიათებლების მქონე ტექნიკას. დადგენილია ისიც, რომ ჯერ კიდევ მოსარჩელის ტერიტორიიდან მოპასუხე კომპანიის წარმომადგენლის მიერ მოძრავი ნივთების გატანამდე (2018 წლის 17 თებერვლამდე) კომპანიის ტერიტორიაზე მოხდა ქურდობა და მოსარჩელე კომპანიის დირექტორმა კუთვნილი ნივთების დაკარგვის ფაქტზე განცხადებით მიმართა საგამოძიებო ორგანოებს (2018 წლის 6 თებერვალს). სასამართლოს მიერ დადგენილია ისიც, რომ ბ. ხ–ის მიერ ნივთების წაღების შემდგომ მოსარჩელემ გაყიდა ერთ-ერთი სატრანსპორტო საშუალება (Soilmec R620), რომელიც 2021 წლიდან რეგისტრირებულია სხვა კომპანიის სახელზე. მხარეთა ახსნა-განმარტებების შედეგად ისიც დადასტურდა, რომ საბურღი მანქანა თვითმავალი TRAVE 18LS ამჟამადაც მოსარჩელის მფლობელობაშია და კომპანიის დირექტორის განმარტებით, მისი მხოლოდ გარკვეული ნაწილებია მოპარული (თუმცა ვერ ასახელებს დეტალებს და მათ ღირებულებას).

24. ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ მოსარჩელის ვინდიკაციური მოთხოვნის საფუძვლიანობის კვლევისას მართებულად შეაფასა მხარეთა მიერ წარდგენილი მტკიცებულებები, მათ შორის, მოსარჩელესა და მოპასუხეს შორის 2016 წლის 9 თებერვალს გაფორმებული პარტნიორობის ხელშეკრულება, 2017 წლის 10 ნოემბრის ხელშეკრულება ვალის აღიარების შესახებ, მოსარჩელე კომპანიის დირექტორის 2018 წლის 21 თებერვალის და 15 ივნისის განცხადებები, რომლებიც მან წარადგინა კუთვნილი ინვენტარის მოპარვის გამო შსს ისანი-სამგორის სამმართველოს პოლიციის განყოფილებაში; გამოძიების ფარგლებში გამოკითხული პირების (მოსარჩელე კომპანიის დირექტორი, მოპასუხე კომპანიის მენეჯერი, შპს „კ–ის“ დირექტორი“), ასევე, თავად მოსარჩელე კომპანიის დირექტორის ახსნა-განმარტებები; შსს მომსახურების სააგენტოს მიერ წარდგენილი ინფორმაცია (რომლითაც დასტურდება, რომ ერთ-ერთი სადავო ნივთი, თვითმავალი საბურღი მანქანა Soilmec R620 (გამოშვ. წელი: 2004, შასის N2088, ძრავის N4Z....) მოსარჩელეს გასხვისებული აქვს და მისი მესაკუთრეა სხვა კომპანია), საბაჟო დეკლარაციები, სასაქონლო ზედნადები და მართებულად დაასკვნა, რომ არ არსებობდა წარდგენილი სარჩელის (მოპასუხის უკანონო მფლობელობიდან მოძრავი ნივთების გამოთხოვა) დაკმაყოფილების ფაქტობრივ-სამართლებრივი წინაპირობა. კასატორს კი არ წარმოუდგენია იმგვარი დასაშვები და დასაბუთებული საკასაციო პრეტენზია, რაც სააპელაციო სასამართლოს ზემოთმითითებული დასკვნის გაბათილებისა და საქმის არსებითად განსახილველად დაშვების შესაძლებლობას მისცემდა სასამართლოს.

25. ყოველივე ზემოღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო თვლის, რომ სააპელაციო პალატამ მართებულად შეაფასა საქმის ფაქტობრივი გარემოებები და სწორი სამართლებრივი კვალიფიკაცია მისცა მათ, სწორად განახორციელა ის საპროცესო მოქმედებები, რომლებიც, მხარეთა თანასწორუფლებიანობის პირობებში, საჭირო იყო საქმის გარემოებათა დადგენისა და, მხარეთათვის დაკისრებული მტკიცების ტვირთის შესაბამისად, მათ მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებების შეფასებისათვის, რაც ცხადყოფს, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი მიუთითებს რაიმე ისეთ საპროცესო დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე.

26. საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც იმ საფუძვლით, რომ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან, არც დასაბუთებული პოზიციაა წარმოდგენილი ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასთან ან/და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალთან წინააღმდეგობის საფუძვლით.

27. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, არ არსებობს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი წინაპირობა, რომლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო დასაშვებად ცნობს წარმოდგენილ საკასაციო საჩივარს.

28. სსსკ-ის 401-ე მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება ცნობილი, პირს დაუბრუნდება, მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 391-ე, 401-ე, 408.3-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ი.ზ.ი.მ.გ.ს.ვ.თ.ლ.შ–ის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველი;

2. ი.ზ.ი.მ.გ.ს.ვ.თ.ლ.შ–ს (ს.კ. .......) სახელმწიფო ბიუჯეტიდან (ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150) დაუბრუნდეს ვ.ლ–ძის (პ/ნ ........) მიერ საკასაციო საჩივარზე სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი (საგადახდო დავალება N: 3129, გადახდის თარიღი: 30.01.2025) 100 ლარის 70% - 70 ლარი; ასევე, დაუბრუნდეს ვ.ლ–ძის (პ/ნ .......) მიერ საკასაციო საჩივარზე სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი (საგადახდო დავალება N:9627, გადახდის თარიღი: 21.03.2025) 50 ლარის 70% - 35 ლარი;

3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე: მ. ერემაძე

მოსამართლეები: თ. ძიმისტარაშვილი

ა. კოჭლამაზაშვილი