Facebook Twitter

საქმე №ას-658-2025 11 ივლისი 2025 წელი

თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ამირან ძაბუნიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: ლაშა ქოჩიაშვილი, გოჩა ჯეირანაშვილი

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

საკასაციო საჩივრის ავტორი – სს „ს.კ.ა–ი“ (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე – ი.მ–ი (მოსარჩელე)

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 20 მარტის განჩინება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა

დავის საგანი – ზიანის ანაზღაურება

საკითხი, რომელზედაც მიღებულია განჩინება - საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი

1. სასარჩელო მოთხოვნა:

1.1. ი.მ–მა სარჩელი აღძრა სასამართლოში სს „ს.კ.ა–ის“ მიმართ სადაზღვევო შემთხვევის ანაზღაურების შედეგად წარმოშობილი ზიანის - 95 652 ლარის დაკისრების მოთხოვნით.

2. სარჩელის საფუძვლები:

2.1. ი.მ–ის საკუთრებაშია გორის რაიონ სოფელ ......... მდებარე სასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთები ს/კ .......... და ს/კ ...........

2.2. 2023 წლის 3 მაისს „აგროდაზღვევის პროგრამის ფარგლებში“ სს „ს.კ.ა–მა“ ი.მ–ზე გასცა სადაზღვევო პოლისი N20012002838, რომლის მიხედვით, ამ პოლისის პირობები და საქართველოს მთავრობის დადგენილებით განსაზღვრული წარმოადგენდა დაზღვევის ხელშეკრულების განუყოფელ ნაწილს. სადაზღვევო პერიოდი განისაზღვრა 03.05.2023-15.10.2023 წლის ჩათვლით. სადაზღვევო ლიმიტის ოდენობა შეთანხმდა შემდეგნაირად: სასოფლო-სამეურნეო კულტურა: 1) ვაშლი, სადაზღვევო თანხა/ლიმიტი - 100 000 ლარი, 2) მსხალი, სადაზღვევო თანხა/ლიმიტი - 30 000 ლარი. დაზღვეული რისკის აღწერილობა და დაფარვის პირობები: სეტყვა, წყალდიდობა, ქარიშხალი, საშემოდგომო ყინვა (ციტრუსოვანი კულტურებისსთვის).

2.3. 2023 წლის 4 აგვისტოს მოსულმა ძლიერმა სეტყვამ და ქარიშხალმა დააზიანა დამზღვევის მსხმოიარე ვაშლისა და მსხლის ბაღები. დამზღვევმა დაუყოვნებლივ მიმართა მზღვეველს დაზღვეული სოფლის მეურნეობის პროდუქტის დაზიანებისას და მოითხოვა ზიანის ანაზღაურება, თუმცა, მოპასუხემ უარი განაცხადა სათანადო ანაზღაურებაზე.

2.4. სს „ს.კ.ა–ის“ ინიციატივით წარმოდგენილმა ექსპერტმა ბაღის დაზიანება შეაფასა 15%-ით. ფრანშიზა იყო - 10%, შესაბამისად, ასანაზღაურებელ ოდენობად მოპასუხემ მიუთითა მხოლოდ 5%.

3. მოპასუხის პოზიცია:

3.1. მოპასუხემ მოთხოვნის გამომრიცხავი შესაგებლით სარჩელი არ ცნო.

3.2. მოპასუხის აზრით, დაზიანებული ნაკვეთის დათვალიერებისას დადგინდა დაზიანების პროცენტული ოდენობა, რომელიც 4 ჰექტარზე გაშენებული ვაშლის შემთხვევაში შეადგენდა - 15%-ს, სადაზღვევო ანაზღაურებაა - 5000 ლარი. რომელისაც დამზღვევი არ დაეთანხმა. ხოლო, 1 ჰექტარზე გაშენებული მსხლის შემთხვევაში, სახეზე იყო მოსავლიანობის შემცირება, რადგან რეალურად არ ესხა მსხალს. შესაბამისად, მოხდა მოსავლიანობის 80%-ით შემცირება და მისაღებმა მოსავლიანობამ შეადგინა - 6 000 კგ. ხოლო, ზიანმა შეადგინა 46%, ამ შემთხვევაში სადაზღვევო ანაზღაურება შეადგენდა - 2160 ლარს, რასაც ასევე არ დაეთანხმა დამზღვევი.

4. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:

4.1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 16 ოქტომბრის გადაწყვეტილებით ი.მ–ის სარჩელი დაკმაყოფილდა.

4.2. სს „ს.კ.ა–ს“ ი.მ–ის სასარგებლოდ დაეკირა: ზიანის ანაზღაურება - 95 652 ლარის ოდენობით; სახელმწიფო ბაჟის ანაზღაურება - 2870 ლარის ოდენობით; წარმომადგენლის მომსახურებისათვის გაწეული ხარჯის ანაზღაურება - 1000 ლარის ოდენობით და ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში ექსპერტიზის ჩასატარებლად გადახდილი - 1600 ლარის ოდენობით.

4.3. თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებაზე სააპელაციო საჩივარი წარადგინა სს „ს.კ.ა–მა“, რომლითაც მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.

5. სააპელაციო სასამართლოს განჩინების სარეზოლუციო ნაწილი და საფუძველი:

5.1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 20 მარტის განჩინებით, სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და გასაჩივრებული გადაწყვეტილება დარჩა უცვლელი.

5.2. სააპელაციო პალატამ საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებათა შეჯერების საფუძველზე, განმარტა, რომ ხელშეკრულება და შესაბამისად, სადაზღვევო პოლისი ითვალისწინებდა, მათ შორის, ისეთი ბუნებრივი რისკის შედეგად მიყენებული ზიანის ანაზღაურებას, როგორიც არის სეტყვა. საქმეზე სადავო არ იყო ის გარემოება, რომ 2023 წლის 4 აგვისტოს ადგილი ჰქონდა სადაზღვევო რისკის ხდომილებას. კერძოდ, სეტყვის შედეგად დაზიანდა დაზღვეული ვაშლის და მსხლის ბაღები. მხარეთა შორის სადავო იყო მხოლოდ ასანაზღაურებელი ზიანის ოდენობა, რასთან დაკავშირებითაც პალატამ მიიჩნია, რომ აგროდაზღვევის პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 10 აპრილის №236 დადგენილების შესაბამისად, საქმის გარემოებებს მიეცა სწორი სამართლებრივი შეფასება. სახელდობრ, პალატამ ყურადღება მიაპყრო მზღვეველის მიერ 2023 წლის 14 აგვისტოს შედგენილ დათვალიერების აქტს, მოსარჩელის დაკვეთით ჩატარებულ ალტერნატიულ ექსპერტიზას (სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს მიერ შეფასდა ზიანის ოდენობა და 2023 წლის 20 სექტემბრის დასკვნა) და მოსარჩელის მიერ წარმოდგენილ შპს „ბ.ჯ–ის“ დამოუკიდებელი შემფასებლის ანგარიშს, რომლითაც შეფასდა სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2023 წლის 20 სექტემბრის დასკვნა. სააპელაციო პალატამ, მოხმობილი მტკიცებულებების შეჯერების შედეგად დასკვნა, რომ მხარეთა პოზიციებისა და სადავო ფაქტობრივი გარემოებების განსხვავებულობის გამო, მიზანშეწონილი იყო საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებები ვაშლისა და მსხლის ბაღებთან მიმართებით, შეფასებულიყო ცალ-ცალკე.

5.3. სააპელაციო პალატამ პირველ რიგში იმსჯელა ვაშლის ბაღთან დაკავშირებით და აღნიშნა, რომ მხარეები შეთანხმდნენ ერთი ძირის მოსალოდნელი მოსავლის რაოდენობის თაობაზე, რაც საშუალოდ შეადგენდა 27,5 კგ-ს, თუმცა მოპასუხის მიერ წარმოდგენილი ნიმუშების აღების აქტიდან და თავად მხარის განმარტებებიდან დგინდებოდა, რომ სს „ს.კ.ა–ის“ წარმომადგენლების მიერ ზარალის დადგენისას შეფასდა ნიმუშად აღებულ ხეებზე არსებული ნაყოფები და პროცენტული მაჩვენებლის განსაზღვრისას არ იქნა გათვალისწინებული ნაყოფის ის ნაწილი, რომელიც სტიქიის შედეგად ჩამოცვივდა ხიდან. სააპელაციო პალატამ მიუთითა, ნიმუშის აღების აქტზეც, საიდანაც დგინდებოდა, რომ დათვლილი იყო 12 ხეზე არსებული ნაყოფის რაოდენობა, შეფასდა თუ მათგან რამდენი იყო დაზიანებული საქართველოს მთავრობის №236 (2020 წლის 10 აპრილი) დადგენილების კრიტერიუმების მიხედვით და საბოლოოდ, ჯამურად დაანგარიშდა ზიანის პროცენტული მაჩვენებელი, რაც შეადგენდა 15%-ს ვაშლის ბაღის შემთხვევაში. პალატამ ყურადღება მიაპყრო, ასევე იმ გარემოებასაც, რომ იმ პირობებში, როდესაც სადავო არ იყო, რომ თითოეული ვაშლის ხიდან მოსარჩელე საშუალოდ მიიღებდა 27.5 კგ მოსავალს, გაუგებარია, შემფასებლების მიერ რატომ არ მოხდა აღნიშნული მონაცემის გათვალისწინება და ჩამოცვენილი ნაყოფის ოდენობის ზიანის ოდენობაში ჩათვლა. პალატის აზრით, ასეთ შემთხვევაში, უდავოდ ზარალის პროცენტული მაჩვენებელი გაცილებით მაღალი იქნებოდა, ვიდრე მხოლოდ ხეზე შემორჩენილი ნაყოფის შეფასების შემთხვევაში, ვინაიდან ვაშლების ის ნაწილი, რომელიც ხეს მოწყდა, ასევე ზიანის შემადგენელია. პალატამ ხაზგასმით აღნიშნა, რომ ასეთივე ცდომილება იყო ასახული შპს „ბ.ჯ–ის“ დამოუკიდებელი შემფასებლის ანგარიშშიც. სააპელაციო პალატამ განმარტა, რომ მოსარჩელის მიერ წარმოდგენილ ექსპერტიზის დასკვნაში, სწორედ ხსენებული პრინციპით იყო გამოანგარიშებული ზიანის ოდენობა, რაც მართებულად დაედო საფუძვლად სარჩელის დაკმაყოფილებას. სააპელაციო პალატამ დამატებით ყურადღება გაამახვილა მოპასუხის მიერ ზიანის შეფასების მეთოდზეც და აღნიშნა, რომ ვაშლის ბაღი გაშენებულია 4 ჰა მიწის ნაკვეთზე 3,7მx0,3მ სქემით, შესაბამისად უდავოა, რომ ბაღში დარგულია რამდენიმე ათასი ვაშლის ხე. ამ პირობებში, კი მხოლოდ 12 ხის შეფასება, პალატის მოსაზრებით, ვერ უზრუნველყოფდა ობიექტური მონაცემის დადგენას. საქმის მასალებიდან ასევე არ დგინდებოდა, თუ რა პრინციპით მოხდა სანიმუშო ხეების არჩევა, კერძოდ ლოგიკური და უდავო იყო, რომ სეტყვისა და ძლიერი ქარის პირობებში, ბაღის განაპირა ხეები, რომლებიც ნაკლებად დაცულია, უფრო მეტად დაზიანდებოდა, ვიდრე ცენტრში მდგომი, საქმის მასალებიდან კი არ დგინდებოდა, აღნიშნული გარემოება გაითვალისწინეს თუ არა მზღვეველის შემფასებლებმა. ზემოაღნიშნულის შესაბამისად, სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ ვაშლის ბაღის შემთხვევაში გასაზიარებელი იყო მოსარჩელის პოზიცია და მის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულება ზიანის ოდენობასთან მიმართებით, შესაბამისად დგინდებოდა, რომ სტიქიისგან განადგურებული მოსავლის რაოდენობა შეადგენდა 83,6%-ს, ხოლო სადაზღვევო პირობებით შესაბამისად ასანაზღაურებელი თანხა - 75 240 ლარს (100 000 x 83,6 / 100 – 10%).

5.4. მსხლის ბაღთან დაკავშირებით, სააპელაციო პალატამ ყურადღება მიაპყრო საქმის მასალებში წარმოდგენილ მტკიცებულებებს, სახელდობრ აღნიშნა, რომ ამ შემთხვევაში ზიანთან ერთად სადავო იყო მოსალოდნელი მოსავლის ოდენობაც. სააპელაციო პალატამ მიუთითა, რომ სადაზღვევო პოლისის მიხედვით, მსხლის ბაღის შემთხვევაში მოსალოდნელი მისაღები მოსავლის სავარაუდო რაოდენობა 1 ჰა-ზე შეადგენდა 20 000 კგ-ს, 1 კილოგრამის ფასი სავარაუდოდ შეფასდა 1,5 ლარით და სადაზღვევო ლიმიტი განისაზღვრა 30 000 ლარით. აღნიშნულიდან გამომდინარეობდა დასკვნა, რომ პოლისის გაცემის მომენტისთვის, მსხლის ბაღის მდგომარეობა იმგვარი იყო, რომ მას 20 ტონა მსხალი მაინც უნდა მოესხა. სააპელაციო პალატამ არ გაიზიარა აპელანტის არც ის შედავება, რომ ადგილი ჰქონდა მოსავლიანობის 80%-ით შემცირებას, რასთან დაკავშირებითაც სააპელაციო პალატამ მიუთითა შემდეგი: მხარეთა შორის გაფორმებული დაზღვევის ხელშეკრულების დანართი №6 ადგენდა ზიანის რეგულირების წესებს, რომლის მე-5 პუნქტის 20-ე-21-ე ქვეპუნქტების თანახმად, დაზიანებული დაზღვეული ტერიტორიის (ნაკვეთის) დათვალიერების აქტი უნდა შეიცავდეს ინფორმაციას მოსავლის შემცირების მიზეზის შესახებ და საბოლოო დასკვნას დაკარგული მოსავლის თაობაზე. აღნიშნული დათქმა ქმნიდა მზღვეველის ვალდებულებას, რომ იმ შემთხვევაში, თუ დათვალიერების შედეგად მზღვეველის ექსპერტი მიიჩნევდა, რომ მოსავალი შემცირებული იყო და მოსალოდნელი მოსავლის რაოდენობა აღარ ემთხვეოდა სადაზღვევო პოლისით დადგენილ მონაცემს, მას უნდა მიეთითებინა თუ რამ გამოიწვია ასეთი შედეგი. იმ შემთხვევაში, თუკი დათვალიერების ოქმში ექსპერტი მიუთითებდა, რომ მოსავლიანობის შემცირების მიზეზი იყო მაგალითად, ბაღის მოუვლელობა, ავადობა და ა.შ. ცალსახაა, რომ ამ მიზეზით დაკარგულ მოსავალს სადაზღვევო პოლისი არ დაფარავდა და საპირისპიროს მტკიცების ტვირთი უკვე დაზღვეულზე გადავიდოდა. მოცემულ შემთხვევაში, საქმეში წარმოდგენილი მსხლის ბაღის დათვალიერების აქტი არ შეიცავდა რაიმე ინფორმაციას მსხლის მოსალოდნელი მოსავლის შემცირების მიზეზების თაობაზე და რაიმე კონკრეტულ მიზეზის ვერც აპელანტი მიუთითებდა. აპელანტის პოზიცია ემყარებოდა მხოლოდ იმ არგუმენტს, რომ მსხალს ნაყოფი უბრალოდ არ ესხა, რაც სააპელაციო პალატამ არ გაიზიარა საქმის მასალებში ი.მ–ს მიერ წარმოდგენილი ექსპერტიზის დასკვნაზე დაყრდნობით. სააპელაციო პალატამ ასევე, ყურადღება მიაპყრო, პირველი ინსტანციის სასამართლოში ექსპერტ ნ.მ–ძის ჩვენებასაც, რომელზე დაყრდნობითაც დაასკვნა, რომ ბაღი იყო კარგად მოვლილი და რომ არა სტიქია, იგი სადაზღვევო პოლისში მითითებულ მოსალოდნელ მოსავალს აუცილებლად მოისხამდა. სააპელაციო პალატამ დასძინა, რომ ექსპერტის მიერ მიცემული ჩვენების საწინააღმდეგოდ მოპასუხე მხარეს მითითების დონეზეც კი არ განუხორციელებია შედავება დაზღვეული ბაღების მოვლის კუთხით. მოხმობილი მტკიცებულებების შეჯერების შედეგად, პალატამ მიიჩნია, რომ მზღვეველის შემფასებლების მიერ მსხლის ხის მოსავლიანობის შეფასება მოხდა ხეზე არსებული და მის ქვეშ დაყრილი ნაყოფის ოდენობის დათვლით, არ იძლეოდა ობიექტურ ინფორმაციას, მით უფრო იმ პირობებში, რომ დათვალიერების აქტის შედგენისას შემფასებლებს ყურადღება არ გაუმახვილებიათ და არც ოდენობაში შეუყვანიათ ხეზე შემორჩენილი ნაყოფის ყუნწები. სააპელაციო პალატამ ასევე მიზანშეწონილად მიიჩნია ყურადღება გაემახვილებინა იმ გარემოებაზე, რომ სადაზღვევო რისკი განხორციელდა 2023 წლის 4 აგვისტოს, რის თაობაზეც დაუყოვნებლივ ეცნობა მზღვეველს. დათვალიერების აქტის შესადგენად მზღვეველის შემფასებლები დაზღვეულ ობიექტზე მივიდნენ 2023 წლის 14 აგვისტოს. მართალია, სადაზღვევო პირობების შესაბამისად მზღვეველს ზიანის შესაფასებლად 21 დღიანი ვადა აქვს განსაზღვრული, თუმცა სტიქიიდან 10 დღის შემდეგ ზიანის ოდენობის დადგენისას, მზღვეველი ვერ დაეყრდნობოდა იმ არგუმენტს, რომ სანიმუშოდ აღებული მსხლის ხეების ქვეშ ნაყოფი არ ეყარა, ვინაიდან აღნიშნული პერიოდი საკმაოდ დიდი დრო იყო იმისთვის, რომ ხიდან ჩამოცვენილი ნაყოფი ერთ ადგილას გაჩერებულიყო. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე დგინდებოდა, რომ მზღვეველის მიერ უსაფუძვლოდ მოხდა ბაღის მოსავლიანობის შემცირება, მით უფრო 80%-ით. რაც შეეხება დაზიანების პროცენტულ მაჩვენებელს, პალატამ ამ მიმართებითაც იდენტური არგუმენტაცია გამოიყენა, რაც ვაშლის ბაღის შემთხვევაში, შეფასება მოხდა მხოლოდ ხეზე შემორჩენილი ნაყოფიდან და ამასთან არ დგინდებოდა ბაღის რომელ ნაწილში მდგომი ხეები შეფასდა, მით უფრო იმ პირობებში, როდესაც 1 ჰა ბაღში მხოლოდ 2 სანიმუშო ხე იქნა აღებული. საბოლოოდ პალატამ დაადგინა, რომ მსხლის ბაღის შემთხვევაშიც გამართული იყო სასარჩელო მოთხოვნა და სადაზღვევო რისკის განხორციელების შედეგად გასაცემი სადაზღვევო თანხა 10%-იანი ფრანშიზის გათვალისწინებით, შეადგენდა 20 412 ლარს (30 000 x 75,6 / 100 – 10%).

5.5. სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე საკასაციო საჩივარი წარადგინა სს „ს.კ.ა–მა“, რომლითაც ითხოვს გასაჩივრებული განჩინების გაუქმებას და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმას.

6. კასატორის მოთხოვნა და საფუძვლები:

6.1. კასატორის მტკიცებით, ქვემდგომმა ინსტანციის სასამართლოებმა არასწორად განმარტეს სამოქალაქო კოდექსის 799-ე მუხლის პირველი ნაწილი და არასწორი სამართლებრივი შეფასება მისცეს მას.

6.2. კასატორის მტკიცებით მხარეთა შორის გაფორმებული ხელშეკრულებით სადაზღვევო რისკს წარმოადგენდა სეტყვა, წყალდიდობა და ქარიშხალი. განსახილველ შემთხვევაში, მოსავალი დააზიანა მხოლოდ სეტყვამ, საქმის მასალებში წარმოდგენილი არ არის მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებდა ქარიშხლის არსებობასაც.

6.3. კასატორი არ იზიარებს ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოს შეფასებას, მოსავლის იმ ოდენობით დაზიანებაზე, რაც ეს განჩინებაშია აღნიშნული. კასატორი ამტკიცებს, რომ მოსარჩელის შემთხვევაში ზიანის დარეგულირება მოხდა მხარეთა შორის დადებული ხელშერულების ზედმიწევნით დაცვით. სადაზღვევო კომპანიის მენეჯერი და დამოუკიდებელი ექსპერტი, დადგენილებით დაწესებულ ვადაში, გამოცხადდნენ დაზღვეულ ტერიტორიაზე დაათვალიერეს ნაკვეთი, გადაიღეს ვიდეო და ფოტომასალა, სადაც ცალსახად ჩანს, რომ მსხალს ფაქტობრივად არ ესხა. კასატორის მტკიცებით, მართალია პალატამ საწინააღმდეგო დასკვნა გააკეთა, თუმცა მხარისთვის გაუგებარი რჩება ამ ლოგიკის მიხედვით, სად წავიდა ტონობით ნაყოფი, იმ შემთხვევაში თუ ხეს ესხა, სეტყვის შედეგად იგი დაზიანდა, თუმცა ხის ძირში ნაყოფი არ ეყარა. კასატორი მიიჩნევს, რომ სააპელაციო პალატამ შეჯიბრებითობის პრინციპის უგულებელყოფით დაასკვნა, თითქოს ზიანის შეფასება მოხდა დაგვიანებით და მოსარჩელეს არ ჰქონდა გაფუჭებული ხილის შენახვის ვალდებულება.

6.4. კასატორი უთითებს, რომ მხარეთა შორის შეთანხმებული სპეციფიური სადაზღვევო პროდუქტის გათვალისწინებით, შეთანხმდა შესაძლო ზიანის გამოთვლის ზუსტი ფორმა, რის გამოც სასამართლოს უნდა ეხელმძღვანელა ა(ა)აიპ სოფლის განვითარების სააგენტოსა და ალდაგს შორის გაფორმებული ხელშეკრულების N6 დანართის შესაბამისად, რაც სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროს არ გამოუყენებია. კასატორი ამტკიცებს, რომ ექსპერტის მიერ შეფასებული მოსავლის რაოდენობიდან გამომდინარე, დაზღვეულ ტერიტორიაზე უნდა ყოფილიყო ბევრად მეტი ხე, თუმცა არც მოსარჩელეს გაუხდია სადავოდ, რომ ამდენი ნარგავი დაზღვეულ ნაკვეთში არ იყო. ამასთან, კასატორის მიერ მითითებული ზიანის გამოთვლის წესის თანახმად, ზიანი გამოიანგარიშება შემდეგი წესით: მისაღები მოსავლის ნამრავლით ზიანის პროცენტზე და ნორმატიულ ფასსა და საბაზრო ფასს შორის უმცირესობაზე. დადგენილების 9.1 პიუნქტი კასატორის აზრით, არის საკვანძო მნიშვნელობის, ზიანის გამოთვლისას ვინაიდან მისით გარანტირებულია მხოლოდ იმ მოსავლის ანაზღაურების ვალდებულება რასაც მცენარე მოისხავს და არა რასაც ჰიპოთეტურად მოისხამდა. კასატორი ამტკიცებს, რომ გასაჩივრებული განჩინებით სააპელაციო პალატამ სწორედ ჰიპოთეტური ზიანის ანაზღაურება დააკისრა მხარეს.

6.5. კასატორი ასევე არ იზიარებს ზიანის პროცენტის გაანგარიშების ფორმასაც, და უთითებს, რომ ექსპერტიზას აქვს ხარვეზები, რაც ნათლად გამოიკვეთა შპს „ბ.ჯ–ის“ მიერ ჩატარებული ანალიზით წარმოდგენილ ექსპერტიზაზე: კერძოდ, „#1 ობიექტი ვაშლის შემთხვევაში სამხარაულის დასკვნის მიხედვით ერთი ძირის მოსალოდნელი მოსავლის რაოდენობა საშუალოდ შეადგენს 27,5 კგ-ს. ამასთან, ამავე დასკვნის მიხედვით ექსპერტიზის პერიოდში ექსპერტების მიერ საკონტროლო მცენარეებზე აღრიცხულია ისეთი ნაყოფების რაოდენობა, რომელთაც ვიზუალური დათვალიერებით აღენიშნებათ მექანიკური დაზიანების კვალი, ჩაღრმავებები, დამსკდარი კანი, ასევე დაკარგული აქვს სასაქონლო სახე და საბაზრო ღირებულება, საშუალოდ შეადგენს 2.3 კგ.ს. გასათვალისიწინებელია რომ აგროდაზღვევის განკარგულების შესაბამისად სწორედ ისეთი ნაყოფების გათვალისიწინებით ხდება დაზიანების პროცენტული მაჩვენებლის გამოთვლა, რომელთაც აღენიშნება ზემოთ მოცემული 2.3 კილოგრამისთვის დამახასიათებელი ნიშნები, კონკრეტულად კი: მექანიკური დაზიანების კვალი, ჩაღრმავებები, დამსკდარი კანი. ასევე დაკარგული აქვს სასაქონლო სახე და საბაზრო ღირებულება. შესაბამისად იმისათვის, რომ გაირკვეს ხეზე არსებული დაზიანებული 2.3 კილოგრამი რამდენი პროცენტია მთლიანი მოსავლიანობის ანუ 27.5 კილოგრამის, 2.3 კგ-ს შეფარდება უნდა მოხდეს 27.5 კილოგრამთან. შესაბამისად დაზიანების საშუალო პროცენტული მაჩვენებელია 8.36% (2,3/27,5 * 100 = 8,36 %). ეს ციფრი კი ექსპერტიზის დასკვნაში გამოყვანილია 83,6%, რაც სავარაუდოდ განპირობებულია პროცენტის გამოთვლისას დაშვებული შეცდომის გამო. სავარაუდოდ დაანგარიშება მოხდა 100 ის მაგივრად 1000-ზე გამრავლების შედეგად. აღნიშნული ფაქტორიდან გამომდინარე დასკვნაში მოცემული ზარალის დაანგარიშება შინარსობრივად გაუმართავი და დაუსაბუთებელია.

6.6. კასატორი ასევე მიუთითებს ობიექტი #2 მსხლის შემთხვევაში ექსპერტიზის დასკვნის უმართებულობაზეც, რომლის მიხედვით ერთი ძირის მოსალოდნელი მოსავლის რაოდენობა საშუალოდ შეადგენს 18,5 კგ, ამასთან, ამავე დასკვნის მიხედვით ექსპერტიზის პერიოდში ექსპერტების მიერ საკონტროლო მცენარეებზე აღრიცხულია ისეთი ნაყოფების რაოდენობა, რომელთაც ვიზუალური დათვალიერებით აღენიშნებათ მექანიკური დაზიანების კვალი - ჩაღრმავებები, დამსკდარი კანი, ასევე დაკარგული აქვს სასაქონლო სახე და საბაზრო ღირებულება, საშუალოდ შეადგენს 1,4 კგ. აქაც გასათვალისიწინებელია, რომ აგროდაზღვევის განკარგულების შესაბამისად სწორედ ისეთი ნაყოფების გათვალისიწინებით ხდება დაზიანების პროცენტული მაჩვენებლის გამოთვლა, რომელთაც აღენიშნება ზემოთმოცემული 1,4 კგ კილოგრამისთვის დამახასიათებელი ნიშნები, კონკრეტულად კი: მექანიკური დაზიანების კვალი, ჩაღრმავებები, დამსკდარი კანი, ასევე დაკარგული აქვს სასაქონლო სახე და საბაზრო ღირებულება. შესაბამისად იმისათვის, რომ გავიგოთ ხეზე არსებული დაზიანებული 1,4 კგ. რამდენი პროცენტია მთლიანი მოსავლიანობის ანუ 18,5 კილოგრამის, 1.4 კილოგრამის შეფარდება უნდა მოხდეს 18.5 კილოგრამთან. აქედან გამომდინარე დაზიანების საშუალო პროცენტული მაჩვენებელია 7,56% (1.4/18.5*100=7,56%). აღნიშნული ციფრი კი დასკვნაში გამოყვანილია 75,6%, რაც სავარაუდოდ განპირობებულია პროცენტის გამოთვლისას დაშვებული შეცდომის გამო. სავარაუდოდ დაანგარიშება მოხდა 100 ის მაგივრად 1000-ზე გამრავლების შედეგად. აღნიშნული ფაქტორიდან გამომდინარე დასკვნაში მოცემული ზარალის დაანგარიშება შინარსობრივად გაუმართავი ხდება.“

6.7. კასატორი ასევე, უთითებს დადგენილების დანართი #6-ის მე-6 მუხლს და ამტკიცებს, რომ ზიანის შეფასება უნდა მომხდარიყო სამხრე კამერების მიხედვით, რათა ობიექტურად დადგენილიყო თუ რა ზარალი დადგა. კერძოდ, შესაგებელზე წარმოდგენილია ვიდეო მტკიცებულებები, რომლებიც მკაფიოდ ადასტურებს მოპასუხის პოზიციას. კასატორი მიუთითებს, რომ მოპასუხეს არ აქვს წარმოდგენილი ჩანაწერები, რომლითაც დადგინდებოდა თუ სად, როდის და როგორ შემოწმდა მათი მხრიდან ნაკვეთი. ამასთან სამხარაულმა GPS სისტემით არ დაადგინა ნაკვეთის ზუსტი ადგილმდებარეობა, რაც ასევე არის დანართი #6-ს მე-7 მუხლის მოთხოვნა.

6.8. კასატორი ყურადღებას ამახვილებს სადაზღვევო ურთიერთობებში არსებულ მტკიცების ტვირთის გადანაწილების წესსზეც და აცხადებს, რომ სამხარაულის ექსპერტიზაში მითითებული ზიანის პროცენტული ოდენობისა და მისი უშუალოდ, სადაზღვევო რისკის ხდომილებით დადგომის დადასტურების ვალდებულება მოსარჩელეს ეკისრებოდა, რაც მან მხარეთა შორის შეთანხმებული ზიანის გამოთვლის პრინციპის შესაბამისად ვერ დაადასტურა.

6.9. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2024 წლის 13 ივნისის განჩინებით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, სს „ს.კ.ა–ის“, საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში დასაშვებობის შესამოწმებლად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

7. საკასაციო სასამართლომ, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, შეამოწმა საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და მიიჩნევს, რომ დაუშვებელია შემდეგ გარემოებათა გამო:

8. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას ან/და მის დამატებით ოქმს/ოქმებს და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.

9. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი საფუძვლით.

10. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია. დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება - დადგენა, მატერიალურსამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება.

11. საკასაციო პალატის განსჯით, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით, კასატორს არ წარმოუდგენია დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება), რის გამოც დადგენილად მიიჩნევა შემდეგი:

- ი.მ–ის საკუთრებაშია გორის რაიონ სოფელ ......... მდებარე სასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთები ს/კ ....... და ......... დაზუსტებული ფართობი - 51 587 კვ.მ. საქართველოს მთავრობის №236 დადგენილების საფუძველზე დამტკიცებული „აგროდაზღვევის პროგრამის ფარგლებში“ 2023 წლის 3 მაისს სს “ს.კ.ა–მა“ ი.მ–ზე გასცა სადაზღვევო პოლისი №20012002838, რომლის მიხედვით, ამ პოლისის პირობები და საქართველოს მთავრობის დადგენილებით განსაზღვრული წარმოადგენს დაზღვევის ხელშეკრულების განუყოფელ ნაწილს. სადაზღვევო პერიოდი განისაზღვრა 03.05.2023-15.10.2023 წლის ჩათვლით. სადაზღვევო ლიმიტის ოდენობა განსაზღვრულია შემდეგნაირად: დაზღვეული იყო სასოფლო-სამეურნეო კულტურა: 1) ვაშლი, სადაზღვევო თანხა/ლიმიტი - 100 000 ლარი, 2) მსხალი, სადაზღვევო თანხა/ლიმიტი - 30 000 ლარი. დაზღვეული რისკის აღწერილობა და დაფარვის პირობები: სეტყვა, წყალდიდობა, ქარიშხალი, საშემოდგომო ყინვა (ციტრუსოვანი კულტურებისსთვის);

- 2023 წლის 4 აგვისტოს მოსულმა სტიქიამ დააზიანა ი.მ–ის საკუთრებაში არსებული, დაზღვეული, ვაშლისა და მსხლის ბაღები. სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2023 წლის 20 სექტემბრის დასკვნის შესაბამისად, ობიექტი №1 - ვაშლი, ჯიში: „გალა“, „რედ დელიშესი“, „პინოვა“, „გოლდენ დელიშესი“, სტიქიისგან განადგურებული მოსავლის რაოდენობა შეადგენს - 83.6%-ს. ობიექტი №2 - მსხალი, ჯიში: „ვილიამსი“, „აბატე ფეტელი“, „კარმენი“ სტიქიისგან განადგურებული მოსავლის ოდენობა შეადგენს - 75.6%-ს;

- დათვალიერების აქტის მიხედვით, 2023 წლის 4 აგვისტოს დადგა სადაზღვევო შემთხვევა - სეტყვა/ქარიშხალი, რა დროსაც დაზიანდა ი.მ–ის საკუთრებაში არსებული, დაზღვეული ვაშლის ბაღიდან, მოსავლის 15%, ხოლო მსხლის ბაღიდან - 46%;

12. საკასაციო პრეტენზიათა საფუძვლიანობის შემოწმების მიზნით, პალატა ყურადღებას უპირველესად მოთხოვნის დამფუძნებელი ნორმების საკითხსა და მათ წინაპირობებზე გაამახვილებს, რამდენადაც სარჩელის წარმატება ყოველთვის დამფუძნებელ ნორმებზეა დამოკიდებული, რომლებიც დავის გადაწყვეტის ფუნდამენტს წარმოადგენენ და შეიცავენ აბსტრაქტულ მითითებას იმ იურიდიულ ფაქტებზე, რომელთა დამტკიცებაც განხორციელებადს ხდის მოთხოვნას. საკასაციო პალატის დასკვნით, ვინაიდან სასარჩელო მოთხოვნას სადაზღვევო შემთხვევის დადგომით გამოწვეული ზიანის ანაზღაურება წარმოადგენს, შესაბამისად, მოთხოვნის საფუძვლიანობა სამოქალაქო კოდექსის 799-ე მუხლის პირველი ნაწილის ფარგლებში უნდა შემოწმდეს. განსახილველი ნორმის თანახმად, დაზღვევის ხელშეკრულებით მზღვეველი მოვალეა აუნაზღაუროს დამზღვევს სადაზღვევო შემთხვევის დადგომით მიყენებული ზიანი ხელშეკრულების პირობების შესაბამისად. მყარად დადგენილი სადაზღვევო თანხით დაზღვევისას მზღვეველი მოვალეა გადაიხადოს სადაზღვევო თანხა ან შეასრულოს სხვა შეპირებული მოქმედება. ამდენად, სადაზღვევო შემთხვევის დადგომით გამოწვეული ზიანის ანაზღაურების შესახებ სარჩელი ფორმალურ-პროცესუალურად დასაბუთებულია, თუკი მოსარჩელე მიუთითებს: დაზღვევის სახელშეკრულებო ურთიერთობის არსებობაზე, ხელშეკრულებით განსაზღვრული სადაზღვევო რისკის დადგომასა და ხელშეკრულებით შეთანხმებული პირობების შესაბამისად, ანაზღაურების ვალდებულების წარმოშობაზე. რაც შეეხება მტკიცების ტვირთს, იმის მიხედვით, ზემოხსენებულთაგან რომელ წინაპირობებს გახდის მზღვეველი სადავოდ, განისაზღვრება მტკიცების საგანი და მათი მტკიცება ნაწილდება მხარეთა შორის.

13. მოცემულ შემთხვევაში, უდავოა, რომ მხარეებმა ორმხრივი წერილობითი ხელშეკრულებით შეათანხმეს დაზღვევის პირობები, რომელიც სამოქალაქო კოდექსით მოწესრიგებულ ზოგად ნორმებთან ერთად, შეესაბამება კანონქვემდებარე აქტით დადგენილ სპეციალურ მოთხოვნებს. საქმის მასალების მიხედვით, სადაზღვევო რისკი დადგა და ამ დროისათვის ხელშეკრულება ძალაში იყო, სადაზღვევო კომპანიამ შესთავაზა კიდეც მოსარჩელეს გარკვეული ოდენობით ზიანის ანაზღაურების ვალდებულება, თუმცა დაზღვეული არ დაეთანხმა ზიანის ოდენობის გამოთვლის ფორმასა და შესაბამისად, ასანაზღაურებელი ზიანის ოდენობას. განსახილველ შემთხვევაში, კასატორის ძირითადი პრეტენზია ის არის, რომ ქვემდგომმა ინსტანციის სასამართლოებმა არასწორად უგულებელყვეს ა(ა)აიპ სოფლის განვითარების სააგენტოსა და ალდაგს შორის გაფორმებული ხელშეკრულების N6 დანართი, რაც სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროს, ზიანის გამოთვლისას არ გამოუყენებია. კასატორი ასევე უთითებს, რომ ხელშეკრულებით შეთანხმდა ზიანის ოდენობის გამოთვლისას სამხრე კამერებით ასახული ინფორმაციის გათვალისწინება, რითაც ასევე, არ იხელმძღვანელეს სასამართლოებმა. კასატორი დასძენს, რომ სამხარაულის ექსპერტების მიერ ზიანს გამოთვლისას დაშვებულ იქნა შეცდომები, დაზიანებული მოსავლის ოდენობა 100-ის მაგივრად შეცდომით გაამრავლეს 1000-ზე რის გამოც უფრო მაღალი დაზიანებული პროცენტული მაჩვენებელი მიიღეს. მისივე მტკიცებით, სამხარაულის ექსპერტების მიერ გამოთვლილი ზიანის ოდენობის ხეხილის ნარგავებზე გაყოფით, ვიღებთ ისეთ მოცემულობას, რომ დაზღვეულ ბაღში უფრო მეტი ნარგავი უნდა ყოფილიყო ვიდრე არის, რაც მტკიცებულების ნაკლზე მიუთითებს და ზიანის ოდენობის გამოანგარიშების მიზნებისთვის არ უნდა გამოყენებულიყო.

14. საკასაციო პალატა კასატორის შედავებას არ იზიარებს და უპირველესად აღნიშნავს, რომ საკასაციო საჩივარი არსებითად იდენტურია სადაზღვევო კომპანიის მიერ სააპელაციო საჩივარში მითითებული შედავებებისა, რომლებსაც სააპელაციო ინსტანციის სასამართლოში დეტალური, დასაბუთებული და მტკიცებულებებით გამყარებული პასუხი გაეცა (იხ. წინამდებარე განჩინების 5.1.-5.4. პუნქტები). საკასაციო პალატა დასძენს, რომ განსახილველ შემთხვევაში, კასატორი უთითებს, სააპელაციო პალატის მიერ მხარეთა შორის მტკიცების ტვირთის განაწილების წესისა და ზიანის ოდენობის არასწორად განსაზღვრის თაობაზე. თუმცა უდავოა, რომ მოსარჩელემ წარადგინა ექსპერტის დასკვნა, რომელიც ღირებულებითი ძალის მატარებელია და სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 172-ე და 105-ე მუხლების შესაბამისად, კრიტიკულ შეფასებას ექვემდებარება. ამ მხრივ მართალია, ზიანის გამოანგარიშების მეთოდი არ არის მითითებული თავად სსიპ სასამართლოს ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს N006720823 დასკვნაში, თუმცა აღნიშნულის დასადგენად მოსარჩელემ 2023 წლის 27 ნოემბერს მიმართა ექსპერტიზის ბიუროს და მოითხოვა განმარტებულიყო ზიანის გამოთვლისას ბიურომ იხელმძღვანელა თუ არა, საქართველოს მთავრობის #236 დადგენილების მოთხოვნებით, მოხდა თუ არა ექსპერტიზას დაქვემდებარებული ნაკვეთის იდენტიფიცირება და GPS სისტემის გამოყენება, ექსპერტიზის გამოკვლევების შედეგად მიღებულ ზიანის პროცენტულ ოდენობებში გათვალისწინებული იყო თუ არა მოსავლის ხარისხობრივი დანაკარგები, დაზიანებების პროცენტული რაოდენობის განსაზღვრისას გამოყენებულ იქნა თუ არა ა(ა)აიპ სოფლის განვითარების სააგენტოსა და ალდაგს შორის გაფორმებული ხელშეკრულების N6 დანართის პირობები, გათვალისწინებულ იქნა თუ არა ნაკვეთზე არსებული ფაქტობრივი მოსავლიანობის პარამეტრები და ა.შ. 2023 წლის 27 ნოემბერს სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულმა ბიურომ ი.მ–ს გაუგზავნა N5007629723 წერილი, სადაც აღნიშნულია, რომ სადავო ექსპერტიზის დასკვნის შედგენისას, ექსპერტების მიერ ნაკვეთის შესაბამისობა (ს/კ ..........4; ს/კ ........) საკადასტრო კოდებთან დადგინდა საჯარო რეესტრის ციფრული რუკის მეშვეობით და GPS სისტემის გამოყენებით, ექსპერტები, კვლევის პროცესში და ზიანის ოდენობის დადგენისას ხელმძღვანელობდნენ საქართველოს მთავრობის #236 დადგენილების მოთხოვნებით, ბიუროს მიერ გაცემულ დასკვნაში მოცემული ზიანის პროცენტული მაჩვენებელი ასახავს მოსავლის რაოდენობრივ დანაკარგს, ექსპერტიზის დასკვნაში მოცემულია ა(ა)აიპ სოფლის განვითარების სააგენტოსა და ალდაგს შორის გაფორმებული ხელშეკრულების N6 დანართით დაზიანებულ ნაკვეთზე დანაკარგების დასადგენად გამოყენებული: ვიზუალური/თვალზომითი და შემთხვევითი შერჩევის გზით ნიმუშის აღების მეთოდები, რომლებიც ითვალისწინებს სანიმუშო მცენარეებზე მოკრეფის გარეშე ნაყოფების ვიზუალურ დათვალიერება და აღრიცხვა ვარჯის იარუსების გათვალისწინებით, რომელიც პროპორციულად გადანაწილდა მთლიან ნარგავებზე. ამავე წერილის თანახმად, ექსპერტების მიერ დადგენილი დაზიანების პროცენტი გულისხმობს დაზიანებამდე არსებული მოსავლის შემცირებას, გამოთვლის ბაზისად გამოყენებულ იქნა სანიმუშო მცენარეებზე განსაზღვრული მოსალოდნელი მოსავლის რაოდენობა და რეალურად ხეზე არსებული აღრიცხული დაზიანებული ნაყოფების რაოდენობა. ამასთან, წერილში მითითებულია, რომ ექსპერტიზის პერიოდში განისაზღვრა მოსალოდნელი ფაქტობრივი მოსავლიანობა საკონტროლოდ შერჩეულ მცენარეებზე, ჯიშების ბიოლოგიური თავისებურებების, არსებული მდგომარეობის, ნიადაგურ კლიმატური პირობებისა და ჩატარებული აგროტექნიკური ღონისძიებების გათვალისწინებით (იხ. ტომი I, ს.ფ. 34-36). საკასაციო პალატის განსჯით, ცალკე აღებული, მხოლოდ ეს ოფიციალური ორგანოს წერილი, საფუძველს აცლის კასატორის მიერ მითითებულ ყველა არგუმენტს, თუმცა პალატა მნიშვნელოვნად მიიჩნევს ყურადღება გაამახვილოს, საკასაციო შედავების გამომრიცხველ სხვა გარემოებებზეც.

15. გარდა ზემოაღნიშნულისა, კასატორის მიერ დასახელებულ შედავებებზე მნიშვნელოვან პასუხს შეიცავს სასამართლოში გამოკითხული ექსპერტების ჩვენებებიც. კერძოდ: პირველი ინსტანციის სასამართლოში ექსპერტ ნ.მ/ძის ჩვენება, რომელიც ბაღის ადგილზე დათვალიერების შედეგად განმრტავს, რომ სახეზეა ინტენსიური ტიპის სამრეწველო ბაღი, ე.წ. „ჩახშირებული“ ნარგაობით, რაც ბაღის კარგი მოვლის შედეგია. ნაკვეთზე მოწყობილია თანამედროვე საყრდენი და წვეთოვანი სარწყავი სისტემები. რაიმე სახის მავნებლების, დაავადების, ნარჩენების ან ინფექციის კვალი არ გამოვლენილა. მეპატრონისგან გამოთხოვილი დოკუმენტაციიდან დგინდება, რომ ბაღს ჩატარებული აქვს საჭირო აგროსამუშაოები და მოვლის პერიოდში გამოყენებული შესაწამლი პრეპარატების საფუძველზე გაკეთდა დასკვნა მოსავლიანობის შესახებ, რომელიც გაცილებით აღემატება სადაზღვევო პოლისით დადგენილ ლიმიტს, თუმცა დაზღვევის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში აღნიშნულ ლიმიტზე მეტი ოდენობის მოსავლის დაზღვევა არ ხორციელდება. შესაბამისად დგინდება, რომ ბაღი იყო კარგად მოვლილი და რომ არა სტიქია, იგი სადაზღვევო პოლისში მითითებულ მოსალოდნელ მოსავალს აუცილებლად მოისხამდა. საგულისხმოა, რომ ექსპერტის მიერ მიცემული ჩვენების საწინააღმდეგოდ მოპასუხე მხარეს მითითების დონეზეც კი არ განუხორციელებია შედავება დაზღვეული ბაღების მოვლის კუთხით. გარდა იმისა, ექსპერტმა განმარტა, რომ მსხლის ხეებს სტიქიის შემდეგ შერჩენილი ჰქონდა ნაყოფის ყუნწები, რაც თავის მხრივ ცალსახად ადასტურებს, რომ ხეს ნაყოფი ჰქონდა მოსხმული. მოპასუხეს არც ეს ფაქტი გაუქარწყლებია, მისი მტკიცება ემყარება მხოლოდ იმ არგუმენტს, რომ დათვალიერების აქტის შედგენის დროს მსხლის ხეებზე ნაყოფი აღარ იყო. ექსპერტმა ასევე მიუთითა, რომ მსხალი, ვაშლისგან განსხვავებით, უფრო სუსტი და ნაზი ხილია, შესაბამისად სტიქიის შედეგად შესაძლებელია, რომ მსხლის ხეს ნაყოფი სრულად გასცვივდეს, ხოლო ვაშლი გადარჩეს. მოპასუხის შეკითხვაზე, თუ სად წავიდა ამდენი ჩამოცვენილი ნაყოფი, ექსპერტმა უპასუხა, რომ ძლიერი ქარის პირობებში ხდება ჩამოცვენილი ნაყოფის გადაადგილება და ერთი ხის ნაყოფი შესაძლოა რამდენიმე რიგის მოშორებით წაიღოს. აქედან გამომდინარე ექსპერტი განმარტავს, რომ მოსალოდნელ მოსავალში ძირს ჩამოყრილი ნაყოფის რაოდენობის დათვლა ვერ მოგვცემს სწორ ინფორმაციას, რადგან ერთი ხიდან ჩამოვარდნილი ნაყოფი იმავე ხის ქვეშ არ ჩერდება, ქარი საითაც გადაიტანს იქით წავა, შესაბამისად შეუძლებელია იმის დადგენა, თუ რომელი ნაყოფი რომელ ხეს უნდა მიეკუთვნოს. საკასაციო პალატა დასძენს, რომ დაზღვეული მოსავლის ექსპერტიზის დასკვნაში მითითებული დაზიანებების პირობებში, მთავრობის განკარგულებით განსაზღვრული წესის შესაბამისად გამოანგარიშების შემთხვევაში, რა არსებითი სხვაობა იქნებოდა მიღებული, კასატორს სარწმუნოდ არ დაუდასტურებია იგი მხოლოდ სააპელაციო საჩივრის იდენტურ, ბუნდოვან და მტკიცებულებებზე დაუმყარებელ გამოთვლებს ეყრდნობა, რაც, რა თქმა უნდა, ვერ გადაწონის საქმის მასალებში მოსარჩელის მიერ წარმოდგენილ ვალიდურ და კვალიფიციურ ექსპერტიზის დასკვნას, რომელიც სპეციალური ცოდნის მქონე ექსპერტის მიერაა შედგენილი. ამასთან, დაუსაბუთებელია კასატორის შედავება ქარის, როგორც სადაზღვევო ხდომილების არარსებობაზეც, ვინაიდან სადაზღვევო შემთხვევის დადგომისას, სეტყვანსთან ერთად ქარის არსებობა მითითებულია თავად სადაზღვევო კომპანიის მიერ შედგენილ დათვალიერების აქტში.

16. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ საქმის მასალებში მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი ექსპერტიზის დასკვნა, სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2023 წლის 27 ნოემბრის საპასუხო წერილი და სასამართლო სხდომაზე გამოკითხული ექსპერტის ჩვენება, ერთობლიობაში, აბსოლუტურად დაუსაბუთებელს და არათანმიმდევრულს ხდის კასატორის მხოლოდ ზეპირსიტყვიერ და ფორმალურ შედავებას, ვინაიდან მის ვრცელ არგუმენტაციაში ასახული მსჯელობის, ზიანის გამოთვლებისა (ფორმულების) თუ ჰიპოთეტური კითხვების დამადასტურებელი არცერთი მტკიცებულება საქმის მასალებში წარმოდგენილი არ არის. აღნიშნულის საწინააღმდეგოდ, მოსარჩელეს ხსენებული მტკიცებულებათა ერთობლიობით დადასტურებული აქვს, რომ ექსპერტებმა დასკვნის შედგენისას სწორედ საქართველოს მთავრობის #236 დადგენილების მოთხოვნებით და ხელშეკრულების N6 დანართით დაზიანებულ ნაკვეთზე დანაკარგების დასადგენად გამოყენებული მეთოდებით იხელმძღვანელეს. ამასთან, საკასაციო საჩივარში მოყვანილი მსჯელობის საწინააღმდეგოდ, მოწმის სახით გამოკითხულმა ექსპერტმა ისაუბრა არა ჰიპოთეტური მოსავლის შესახებ, არამედ ხეზე შერჩენილი ნაყოფის ყუნწების, ბაღის მოვლის/მსხმოიარობის ხარისხისა და სხვა მაჩვენებლებით, რომელსაც დაეყრდნო ზიანის ოდენობის გამოთვლა. გარდა ზემოაღნიშნულისა, მართალია კასატორი უთითებს მოსარჩელის მიერ წარდგენილი ექსპერტიზის დასკვნის ნაკლზე, რომელიც ადგილმდებარეობის სათანადო წესით დაუდგენლობას მიემართება, თუმცა კასატორს მხედველობიდან რჩება საკასაციო პალატის მიერ მოხმობილი სასამართლო ექსპერტიზის ბიუროს 2023 წლის 27 ნოემბრის წერილი და თავად ექსპერტიზის დასკვნა, სადაც მითითებულია საკადასტრო კოდი და ადგილდებარეობის GPS სისტემით დადგენის ფაქტი. ასე, რომ არც იყოს საქმის მასალებით არ დგინდება, რომ მოსარჩელეს გარდა დაზღვეულისა სხვა ბაღი გააჩნდა, შესაბამისად პრეზუმირებულია, რომ ექსპერტმა კოორდინატების შემოწმების შედეგად სწორედ დაზღვეული ტერიტორია გამოიკვლია. ამ ფაქტების გაქარწყლება ეკისრებოდა მზღვეველს, რომელიც მხოლოდ სასამართლოს მსჯელობის ფორმალური კრიტიკით შემოიფარგლება.

17. განსახილველ შემთხვევაში, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით, ვინაიდან სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ განსხვავდება საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან (იხ. იდენტურ საქმეებზე დამკვიდრებული სასამართლო პრაქტიკა სუსგ: საქმე №ას-845-2024, 24 იანვარი, 2025 წელი, საქმე №ას-740-2019, 24 ივლისი, 2020 წელი).

18. ამდენად, საკასაციო სასამართლო სრულად იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ გარემოებებსა და მსჯელობას. კასატორის პრეტენზიების პასუხად კი განმარტავს, რომ საქმეზე მტკიცებულებების საფუძველზე დადგენილი გარემოებებით დადასტურებულია სადაზღვევო შემთხვევის ფაქტი და დამდგარი ზიანის ოდენობა. აქედან გამომდინარე, ვლინდება სამოქალაქო კოდექსის 799-ე მუხლით გათვალისწინებული სამართლებრივი შედეგის განმაპირობებელი ყველა წინაპირობა.

19. კასატორმა ვერ დაასაბუთა, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს ეწინააღმდეგება.

20. ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით და არც იმ საფუძვლით, რომ საკასაციო სასამართლოს მსგავს საკითხზე ჯერ არ უმსჯელია და გადაწყვეტილება არ მიუღია. შესაბამისად, მოცემულ საქმეზე არ არსებობს ვარაუდი, რომ საკასაციო საჩივრის განხილვის შემთხვევაში მოსალოდნელია საქართველოს უზენაესი სასამართლოს უკვე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება.

21. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მეოთხე ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის შემთხვევაში პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 391-ე, 401-ე, 408-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა

1. სს „ს.კ.ა–ის“ საკასაციო საჩივარი როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;

2. სს „ს.კ.ა–ს“ სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაუბრუნდეს მის მიერ 2025 წლის 3 ივნისს №c81 საგადახდო დავალებით გადასახდელი სახელმწიფო ბაჟის, 4782,60 ლარის, 70% - 3347,82 ლარი; შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“ ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 3 0077 3150;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ამირან ძაბუნიძე

მოსამართლეები: ლაშა ქოჩიაშვილი

გოჩა ჯეირანაშვილი