Facebook Twitter

საქმე №ას-470-2025 11 ივლისი 2025 წელი,

თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ამირან ძაბუნიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: ლაშა ქოჩიაშვილი, გოჩა ჯეირანაშვილი

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

საკასაციო საჩივრის ავტორი – სს „ნ.ვ.დ–ვა“ (მოსარჩელე)

მოწინააღმდეგე მხარე – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო (მოპასუხე)

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 5 დეკემბრის განჩინება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა

დავის საგანი – პირგასამტეხლოს დაკისრება

საკითხი, რომელზედაც მიღებულია განჩინება - საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი

1. სასარჩელო მოთხოვნა:

1.1. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა სარჩელი აღძრა თბილისის საქალაქო სასამართლოში სს „ნ.ვ.დ–ვას“ წინააღმდეგ, რომლითაც მოითხოვა პირგასამტეხლოს სახით - 22 800 ლარის დაკისრება.

2. სარჩელის საფუძვლები:

2.1. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსა და სს „ნ.ვ.დ–ვას“ შორის 2020 წლის 29 დეკემბერს, გაფორმდა სახელმწიფო შესყიდვების შესახებ N901 ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც მიმწოდებელმა აიღო ვალდებულება შსს-სთვის გაეწია, შემსყიდველი ორგანიზაციის ბალანსზე არსებული სატრანსპორტო საშუალებების დაზღვევის მომსახურება, სსიპ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ვებგვერდზე გამოქვეყნებული სატენდერო დოკუმენტაციით, მიმწოდებლის სატენდერო წინადადებითა და ტარიფებით. ხელშეკრულების დანართი N1-ის დაზღვევის პირობების მე-2 ნაწილის მე-2 მუხლის მე-10 პუნქტის თანახმად, ავტომანქანის ან მისი ნაწილების შეკეთება/აღდგენის ვადად განისაზღვრა ზარალის რეგულირების აქტის ხელმოწერიდან არაუგვიანეს 20 კალენდარული დღე, ხოლო დეფიციტური ნაწილების შემთხვევაში არაუგვიანეს 45 კალენდარული დღე.

2.2. 2021 წლის 22 ოქტომბერს დაზიანდა შინაგან საქმეთა სამინისტროს ბალანსზე რიცხული ავტომანქანა TOYOTA HILUX სახ. N .......

2.3. 2022 წლის 31 იანვარს დაზღვეულ ავტომანქანაზე შედგა დარეგულირების აქტი სადაზღვევო ანაზღაურების გაცემის თაობაზე.

2.4. 2022 წლის 31 ოქტომბერს შსს-სა და სს „ნ.ვ.დ–ვას“ შორის გაფორმდა მიღება-ჩაბარების აქტი, რომლითაც დადასტურდა, რომ 2021 წლის 22 ოქტომბერს დაზიანდა შსს-ს ბალანსზე რიცხული ავტომანქანა TOYOTA HILUX სახ. N ......, ზარალის ოდენობამ შეადგინა 30 505 ლარი და შსს-ს აღდგენილი ავტომანქანა გადაეცა 2022 წლის 31 ოქტომბერს - ნაცვლად 2022 წლის 17 მარტისა - 228 კალენდარული დღის დაგვიანებით.

2.5. ხელშეკრულების მე-11 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების (მათ შორის წუნის გამოსწორების) ვადის გადაცილებისთვის, კომპანიას დაეკისრა პირგასამტეხლო, ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე 100 ლარი, სულ 22 800 ლარი (5228*100).

3. მოპასუხის პოზიცია:

3.1. მოპასუხემ წერილობით წარმოდგენილი შესაგებლითა და სასამართლო სხდომაზე მიცემული ახსნა-განმარტებით სარჩელი არ ცნო.

3.2. შესაგებლის თანახმად, მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი დაანგარიშების ფურცელი არ არის სარწმუნო მტკიცებულება, იგი შედგენილია თავად მოსარჩელის მიერ. ავტომანქანაზე TOYOTA HILUX სახ. N ....... დარეგულირების აქტი გაფორმდა 2022 წლის 31 იანვარს, რომლის საფუძველზეც მზღვეველმა აიღო ვალდებულება გადაეხადა თანხა. 2022 წლის 4 თებერვალს მზღვეველმა ჩარიცხა სადაზღვევო თანხა. აღნიშნული ფაქტობრივი გარემოება გამორიცხავს მზღვეველის რაიმე ტიპის ბრალეულობას დროის გაჭიანურებასთან დაკავშირებით.

3.3. მოპასუხის მხრიდან პირნათლად შესრულდა თანხის გადახდის ვალდებულება, რის შესაბამისადაც შეკეთება უნდა განეხორციელებინა სერვის პროვაიდერს, ვინაიდან, სადაზღვევო კომპანია თავად, საქმიანობის არსიდან გამომდინარე წარმოადგენს ფინანსურ ინსტიტუტს, რომლის პირდაპირი ვალდებულება სადაზღვევო მომსახურების გაწევისას არის მომხდარი შემთხვევის სადაზღვევო შემთხვევად აღიარების საფუძველზე ზიანის ანაზღაურება, რაც კონკრეტულ შემთხვევაში შემოიფარგლებოდა 2021 წლის 12 დეკემბერს ავტოსერვის ცენტრის მიერ გაცემული ინვოისის საფუძველზე გადარიცხული თანხით, შესაბამისად, აღნიშნული პერიოდიდან უნდა განხორციელებულიყო დაზღვეული ავტოსატრანსპორტო საშუალების აღდგენა. ავტოსატრანსპორტო საშუალების შეკეთების ვადების მონიტორინგი და შესაბამისად ავტოსერვისცენტრის დავალდებულება მზღვეველის კონტროლს მიღმაა. მითითებული ავტოსატრანსპორტო საშუალება იმყოფებოდა გარანტიაზე, შესაბამისად, მისი შეკეთების ადგილი არ შერჩეულა მოპასუხის მხრიდან და შეკეთება მოსარჩელის მიერ მითითებულ სერვის ცენტრში განხორციელდა.

3.4. ამასთან, სერვის ცენტრიდან მოწოდებული ინფორმაციის გათვალისწინებით, შეკეთების დაგვიანება განაპირობა დეფიციტური ნაწილის მოძიების პროცესმა, რაც თავის მხრივ, წარმოადგენს ობიექტურ გარემოებას და უნდა ჩაითვალოს ვალდებულების დარღვევად. საყურადღებოა ის გარემოებაც, რომ ავტოსერვისცენტრი წარმოადგენს საქართველოში შკოდას მარკის ერთადერთ წარმომადგენელს და ხელშეკრულების დანართი N1-ის ნაწილი 2, მე-2 მუხლის მე-15 პუნქტის შესაბამისად, არაუმეტეს 5 წლის წლოვანების სატრანსპორტო საშუალებების (თუ იმყოფებიან საგარანტიო პირობებზე) ტექნიკური მომსახურება უნდა განხორციელდეს საქართველოში არსებული კონკრეტული მარკის ავტორიზებულ სერვის ცენტრ(ებ)ში.

3.5. მოპასუხის განმარტებით, პირგასამტეხლოს დაკისრება არ უნდა გულისხმობდეს, მხოლოდ ნორმატიული ჩანაწერის ზედაპირულ გამოყენებას, არამედ მნიშვნელოვანია მისი გამოყენების ფარგლები, მოცემულ შემთხვევაში შემსყიდველის მიერ პირგასამტეხლოს გამოყენების მიზანი გაცილებით სცდება პირგასამტეხლოს გამოყენების რელევანტურ ფარგლებს, რომელიც მიმართული უნდა იყოს არა უსაფუძვლო გამდიდრებისკენ, არამედ იგი უნდა წარმოადგენდეს მხარის უფლებების დარღვევის პრევენციის საშუალებას.

4. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:

4.1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 22 ნოემბრის გადაწყვეტილებით საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. მოპასუხე სს „ნ.ვ.დ–ვას“ მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა პირგასამტეხლოს სახით, 2280 ლარის ანაზღაურების ვალდებულება.

4.2. თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება გაასაჩივრეს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ და სს „ნ.ვ.დ–ვამ“.

5. სააპელაციო სასამართლოს განჩინების სარეზოლუციო ნაწილი და საფუძველი:

5.1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 5 დეკემბრის განჩინებით, სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდა და გასაჩივრებული გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად.

5.2. სააპელაციო პალატამ, სახელშეკრულებო დათქმათა ჭრილით, შეაფასა რა საქმეში არსებული მტკიცებულებები, მათი ურთიერთშეჯერების საფუძველზე დაასკვნა, რომ როგორც საქმის მასალებით დგინდებოდა, სსიპ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსა და სს „ნ.ვ.დ–ვას“ შორის 2020 წლის 29 დეკემბერს გაფორმდა ხელშეკრულება N901 შსს-ს ბალანსზე არსებული სატრანსპორტო საშუალებების დაზღვევის მომსახურების გაწევაზე. ხელშეკრულების მე-2 ნაწილის მე-2 მუხლის მე-12 პუნქტის თანახმად: სადაზღვევო კომპანია იღებდა ვალდებულებას სერვის ცენტრში სატრანსპორტო საშუალების შეკეთების ხარისხზე და ვადებზე, ვადების დარღვევის ან/და არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში დაეკისრებოდა ხელშეკრულებით გათვალისწინებული საჯარიმო სანქციები. ხელშეკრულების 11.4 პუნქტის თანახმად, ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შესრულების (მათ შორის წუნის გამოსწორების) ვადის გადაცილებისთვის მიმწოდებელს დაეკისრებოდა პირგასამტეხლოს გადახდა ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე 100 ლარის ოდენობით. ხელშეკრულების დანართი N1-ის მეორე ნაწილის, მე-2 მუხლის მე-10 პუნქტის თანახმად, სადაზღვევო შემთხვევის აქტის ხელმოწერიდან არაუგვიანეს 20 კალენდარული დღის ვადაში, ხოლო დეფიციტური ნაწილის შემთხვევაში - არაუგვიანეს 45 კალენდარული დღის ვადაში უნდა განხორციელებულიყო დაზიანებული ავტოსატრანსპორტო საშუალების შეკეთება/აღდგენა.

5.3. სააპელაციო პალატის მითითებით, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს 23/03/2022 წლის მიმართვით სს „ნ.ვ.დ–ვას“ ეცნობა, რომ 2021 წლის 22 ოქტომბერს დაზიანდა შინაგან საქმეთა სამინისტროს ბალანსზე რიცხული ავტომანქანა TOYOTA HILUX სახ. N ........ აღნიშნულ მანქანაზე დარეგულირების აქტი შედგა 2022 წლის 31 იანვარს და არ მომხდარა ნაკისრი ვალდებულების შესრულება. სამინისტრო მიმართვით ითხოვდა სს „ნ.ვ.დ–ვისგან“ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შესრულებას და ავტომანქანის შეკეთებას. ავტომანქანის TOYOTA HILUX სახ. N...... რომელიც დაზიანდა 22/10/2021წელს, ზარალის ოდენობამ შეადგინა 30505 ლარი. სს „ნ.ვ.დ–ვას“ მიერ 2022-02-04 წელს საგადახდო დავალებით N1643697525 შპს „კ.მ–ში“ გადაირიცხა 30505 ლარი ზარალის ანაზღაურების დანიშნულებით. პალატამ მიუთითა, რომ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს 2022 წლის 19 დეკემბრის წერილით, მოვალეს ეცნობა, რომ აღნიშნული ავტოსატრანსპორტო საშუალების ტექნიკური მომსახურება, ნაცვლად 2022 წლის 17 მარტისა (დარეგულირების აქტზე ხელმოწერიდან 2022 წლის 31 იანვრიდან 45 კალენდარული დღე) გაწეულ იქნა 2022 წლის 31 ოქტომბერს - 228 კალენდარული დღის დაგვიანებით.

5.4. შემსრულებლის იმ არგუმენტთან დაკავშირებით, რომ სადაზღვევო კომპანია მხოლოდ თანხის გადარიცხვაზე იყო პასუხისმგებელი და ვერ უზრუნველყოფდა ავტომანქანის სერვისცენტრში შეკეთების ზუსტი ვადების დაცვას, განმარტა, რომ იმ პირობებში, როდესაც მხარეთა შორის გაფორმებული ხელშეკრულების თანახმად სადაზღვევო კომპანია იღებდა ვალდებულებას სერვის-ცენტრში სატრანსპორტო საშუალების შეკეთების ხარისხზე და ვადებზე, სწორედ მზღვეველი იყო პასუხისმგებელი სერვის-ცენტრში სატრანსპორტო საშუალების შეკეთების ხარისხსა და ვადებზე, რაც უსაფუძვლოს ხდიდა აპელანტის ზემოაღნიშნულ განმარტებას.

5.5. რაც შეეხება დაკისრებული პირგასამტეხლოს ოდენობას, სააპელაციო პალატამ გაითვალისწინა საქმის ინდივიდუალური გარემოებები, შესრულების ღირებულება, მისი შეუსრულებლობისა და არაჯეროვანი შესრულებით გამოწვეული ზიანის თანაფარდობა პირგასამტეხლოს ოდენობასთან, ვალდებულების შეუსრულებლობის ხანგრძლივობა დარღვევებთან მიმართებით და გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს დასკვნა, მასზედ, რომ მოსარჩელისათვის ვალდებულების შესრულების ვადის გადაცილებისათვის დაკისრებული პირგასამტეხლო - ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე 100 ლარის ოდენობით, მხარეთა სახელშეკრულებო თავისუფლების ფარგლებში (სამოქალაქო კოდექსის 319-ე მუხლი) დათქმული პირობის მიუხედავად, არაგონივრულად მაღალი იყო და ეწინააღმდეგებოდა სამოქალაქო ბრუნვის უსაფრთხოებისა და კეთილსინდისიერების სტანდარტს. შესაბამისად, პალატამ დაასკვნა, რომ სასამართლომ მართებულად შეამცირა პირგასამტეხლოს ოდენობა 10-ჯერ და პირგასამტეხლო ჯამში განსაზღვრა - 2280 ლარით.

5.6. სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე საკასაციო საჩივარი წარადგინეს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ და სს „ნ.ვ.დ–ვამ“. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2025 წლის 11 ივლისის განჩინებით, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საკასაციო საჩივარი დასაშვებად იქნა ცნობილი.

6. კასატორის მოთხოვნა და საფუძვლები:

6.1. კასატორი - სს „ნ.ვ.დ–ვა“ არ იზიარებს ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოების მიერ დადგენილ იმ ფაქტობრივ გარემოებას, რომლითაც ავტოსატრანსპორტო საშუალების სერვისცენტრში მიყვანისა და შეკეთების ვალდებულება სადაზღვევო კომპანიის პასუხისმგებლობად შეფასდა. კასატორის მტკიცებით, სადაზღვევო კომპანია არ უნდა მიჩნეულიყო ავტოსატრანსპორტო საშუალების შეკეთების ვადაგადაცილებაზე პასუხისმგებელ პირად, ვინაიდან დამზღვევი არ არის რაიმე სახის სამართლებრივ ურთიერთობაში სერვისცენტრთან, ამიტომ, იგი არ უნდა იყოს პასუხისმგებელი სერვისცენტრის მიერ ვალდებულების ჯეროვან შესრულებაზე.

6.2. კასატორი აცხადებს, რომ სადაზღვევო კომპანია ფინანსური ინსტიტუტია, რომლის პირდაპირი ვალდებულება სადაზღვევო მომსახურების გაწევისას არის მომხდარი შემთხვევის სადაზღვევო რისკად აღიარების საფუძველზე ზიანის ანაზღაურება, რაც კონკრეტულ შემთხვევაში, შემოიფარგლებოდა 2021 წლის 12 დეკემბერს ავტოსერვის ცენტრის მიერ გაცემული ინვოისის საფუძველზე გადარიცხული თანხით. კასატორი განსაკუთრებულ ყურადღებას მიაპყრობს იმ გარემოებასაც, რომ ავტოსატრანსპორტო საშუალების შეკეთების დაგვიანება გამოიწვია დეფიციტური ნაწილის მოძიებისა და ქვეყანაში განვითარებულმა პროცესებმა, რომლის მოგვარებაც, სადაზღვევო კომპანიის უფლებამოსილების ფარგლებს სცილდება და მას ბრალად არ უნდა შერაცხვოდა. ამასთან, კასატორის მითითებით, სასამართლოს ის გარემოებაც უნდა გაეთვალისწინებინა, რომ ავტოსერვისი წარმოადგენდა ერთადერთ ოფიციალურ წარმომადგენელს, რომელიც ემსახურება შკოდას მარკის ავტომანქანებს, რის გამოც კასატორი არ უნდა გამხდარიყო ამ კონკრეტული სერვისცენტრის დაზიანების ვადაგადაცილებით აღმოფხვრის გამო პირგასამტეხლოს გადახდის სუბიექტი, რადგან სადაზღვევო კომპანიას არ აქვს შესაძლებლობა მიმართოს სხვა სერვისცენტრს, რომელსაც ვალდებულებას დააკისრებს და შეთანხმებულ ვადებში შეკეთების გარანტიას შექმნის.

6.3. კასატორი მიიჩნევს, რომ დაკისრებული პირგასამტეხლო შეუსაბამოდ მაღალია. იგი მოიხმობს სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს მიერ გამოცემულ რეკომენდაციის ვრცელ ტექსტს და აცხადებს, რომ სატენდერო ხელშეკრულებებში პირგასამტეხლოს დაკისრება არ უნდა ემსახურებოდეს კონტრაჰენტის დასჯას. კასატორის აზრით, მოხმობილი რეკომენდაციის ტექსტი აშკარად ხაზს უსვამს პირგასამტეხლოს დაკისრების მიზანშეწონილობის საკითხს, რომელიც არ უნდა გულისხმობდეს მხოლოდ ნორმატიული ჩანაწერის ზედაპირულ გამოყენებას, არამედ მისი გამოყენების ფარგლები უნდა იყოს მნიშვნელოვნად შეზღუდული და დაკონკრეტებული.

6.4. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2025 წლის 24 აპრილის განჩინებით, სს „ნ.ვ.დ–ვის“, საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მიხედვით, დასაშვებობის შესამოწმებლად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

7. საკასაციო სასამართლომ, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, შეამოწმა საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და მიიჩნევს, რომ დაუშვებელია შემდეგ გარემოებათა გამო:

8. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას ან/და მის დამატებით ოქმს/ოქმებს და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.

9. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი საფუძვლით.

10. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია. დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება - დადგენა, მატერიალურსამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება.

11. საკასაციო პალატის განსჯით, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით, კასატორს არ წარმოუდგენია დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება), რის გამოც დადგენილად მიიჩნევა შემდეგი:

- სსიპ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსა და სს „ნ.ვ.დ–ვას“ შორის 2020 წლის 29 დეკემბერს გაფორმდა ხელშეკრულება #901 შსს-ს ბალანსზე არსებული სატრანსპორტო საშუალებების დაზღვევის მომსახურების გაწევაზე. ხელშეკრულების 11.4 პუნქტის თანახმად, ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შესრულების (მათ შორის წუნის გამოსწორების) ვადის გადაცილებისთვის მიმწოდებელს დაეკისრება პირგასამტეხლოს გადახდა ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე 100 ლარის ოდენობით. ხელშეკრულების დანართი N1-ის მეორე ნაწილის, მე-2 მუხლის მე-10 პუნქტის თანახმად, სადაზღვევო შემთხვევის აქტის ხელმოწერიდან არაუგვიანეს 20 კალენდარული დღის ვადაში, ხოლო დეფიციტური ნაწილის შემთხვევაში - არაუგვიანეს 45 კალენდარული დღის ვადაში უნდა განხორციელდეს დაზიანებული ავტოსატრანსპორტო საშუალების შეკეთება/აღდგენა;

- სს „ნ.ვ.დ–ვას“ 31/01/2022 წლის გადაწყვეტილებით, სტიქიური მოვლენები, დაზღვევის პირობებისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის საფუძველზე ექვემდებარება ანაზღაურებას - 30505.00 ლარის ოდენობით;

- საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს 23/03/2022 წლის მიმართვით სს „ნ.ვ.დ–ვას“ ეცნობა, რომ 2021 წლის 22 ოქტომბერს დაზიანდა შინაგან საქმეთა სამინისტროს ბალანსზე რიცხული ავტომანქანა TOYOTA HILUX სახ. N ........ აღნიშნულ მანქანაზე დარეგულირების აქტი შედგენილ იქნა 2022 წლის 31 იანვარს და არ მომხდარა ნაკისრი ვალდებულების შესრულება. შსს მიმართვით ითხოვდა სს „ნ.ვ.დ–ვისგან“ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შესრულებას და ავტომანქანის შეკეთებას;

- ავტომანქანა TOYOTA HILUX სახ. N ...... რომელიც დაზიანდა 22/10/2021წელს და აღნიშნული ზარალის ოდენობამ შეადგინა 30505 ლარი, აღდგენილ იქნა 31/10/2022 წელს;

- საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს 2022 წლის 19 დეკემბრის წერილით, მოვალეს ეცნობა, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს ბალანსზე რიცხული ავტომანქანა TOYOTA HILUX სახ. N ........ (გამოშვების წელი - 2013) დაზიანდა 2021 წლის 22 ოქტომბერს, ხოლო 2022 წლის 31 იანვარს მხარეების მიერ ხელმოწერილ იქნა დარეგულირების აქტი, აღნიშნული ავტოსატრანსპორტო საშუალების ტექნიკური მომსახურება, ნაცვლად 2022 წლის 17 მარტისა (დარეგულირების აქტზე ხელმოწერიდან 2022 წლის 31 იანვრიდან 45 კალენდარული დღე) გაწეულ იქნა 2022 წლის 31 ოქტომბერს - 228 კალენდარული დღის დაგვიანებით. შესაბამისად, მოპასუხეს, ხელშეკრულების 11.4 პუნქტის შესაბამისად, მოეთხოვა 30 კალენდარული დღის ვადაში, ვადის გადაცილებისთვის პირგასამტეხლოს ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე 100 ლარის გადახდა, რაც თანხობრივად შეადგენს 22 800 ლარს;

- სს „ნ.ვ.დ–ვას“ მიერ 2022-02-04 წელს საგადახდო დავალებით 1643697525 შპს „კ.მ–ში“ გადარიცხულია 30505 ლარი ზარალის ანაზღაურების დანიშნულებით.

12. განსახილველი დავის ფარგლებში საკასაციო სასამართლოს შეფასების საგანია მოპასუხედ დასახელებული კომპანიის მიერ ვალდებულების ჯეროვნად შესრულების ფაქტის დადგენა, ხოლო ამ გარემოების გადაწყვეტის შემდეგ, იმის შეფასება, რამდენად დაეკისრა კასატორს პირგასამტეხლოს ანაზღაურების ვალდებულება. იმ შედეგის გათვალისწინებით, რისი მიღწევაც მხარეს სურს, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ დავის მომწესრიგებელ დამფუძნებელ ნორმას წარმოადგენს სამოქალაქო კოდექსის 799-ე მუხლი (დაზღვევის ხელშეკრულებით მზღვეველი მოვალეა, აუნაზღაუროს დამზღვევს სადაზღვევო შემთხვევით მიყენებული ზიანი ხელშეკრულების პირობების შესაბამისად. მყარად დადგენილი სადაზღვევო თანხით დაზღვევისას მზღვეველი მოვალეა, გადაიხადოს სადაზღვევო თანხა ან შეასრულოს სხვა შეპირებული მოქმედება. დამზღვევი კი მოვალეა, გადაიხადოს სადაზღვევო შენატანი) 417-ე მუხლი (პირგასამტეხლო არის მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა, რომელიც მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის) და ამავე კოდექსის 361-ე მუხლის მე-2 ნაწილი (ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას).

13. სამოქალაქო კოდექსის 319-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, კერძო სამართლის სუბიექტებს შეუძლიათ კანონის ფარგლებში თავისუფლად დადონ ხელშეკრულებები და განსაზღვრონ ამ ხელშეკრულებათა შინაარსი. მათ შეუძლიათ დადონ ისეთი ხელშეკრულებებიც, რომლებიც კანონით გათვალისწინებული არ არის, მაგრამ არ ეწინააღმდეგება მას. სამოქალაქო მართლწესრიგი განამტკიცებს ხელშეკრულების თავისუფლების პრინციპს და შესაძლებლობას ანიჭებს მხარეებს თავისი შეხედულებით განსაზღვრონ ხელშეკრულების შინაარსი, ხოლო სახელშეკრულებო ბოჭვის პირობებში პირი ვალდებულია შეასრულოს მის მიერ ნაკისრი ვალდებულებები. სახელშეკრულებო ურთიერთობის არსი მდგომარეობს მხარეთა წინასწარ განსაზღვრებადი უფლება_მოვალეობების არსებობაში. ხელშეკრულებით დათქმული ვალდებულებების დარღვევა, კი წარმოადგენს მისი შესრულების იძულებით დავალდებულების მექანიზმის ამოქმედების პირობას. სამოქალაქო კოდექსის 327-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილების მიხედვით, ხელშეკრულება დადებულად ითვლება, თუ მხარეები მის ყველა არსებით პირობაზე შეთანხმდნენ საამისოდ გათვალისწინებული ფორმით. არსებითად ჩაითვლება ხელშეკრულების ის პირობები, რომლებზედაც ერთ-ერთი მხარის მოთხოვნით მიღწეულ უნდა იქნეს შეთანხმება, ანდა რომლებიც ასეთად მიჩნეულია კანონის მიერ. სასამართლოს უპირველესი ამოცანაა, დაადგინოს, თუ რას ითხოვს მოსარჩელე მოპასუხისაგან და რის საფუძველზე, ანუ რომელ ფაქტობრივ გარემოებებზე ამყარებს თავის მოთხოვნას. სასამართლომ მხარის მიერ მითითებული მოთხოვნის ფარგლებში უნდა მოძებნოს ის სამართლებრივი ნორმა (ნორმები), რომელიც იმ შედეგს ითვალისწინებს, რისი მიღწევაც მხარეს სურს. ამასთან, მოთხოვნის სამართლებრივ საფუძვლად განხილული ნორმა (ან ნორმები) შეიცავს იმ აღწერილობას (ფაქტობრივ შემადგენლობას), რომლის შემოწმებაც სასამართლოს ვალდებულებაა და რომელიც უნდა განხორციელდეს ლოგიკური მეთოდების გამოყენების გზით, ანუ სასამართლომ უნდა დაადგინოს, ნორმაში მოყვანილი აბსტრაქტული აღწერილობა, რამდენად შეესაბამება კონკრეტულ ცხოვრებისეულ სიტუაციას და გამოიტანოს შესაბამისი დასკვნები. ის მხარე, რომელსაც აქვს მოთხოვნა მეორე მხარისადმი, სულ მცირე, უნდა უთითებდეს იმ ფაქტობრივ შემადგენლობაზე, რომელსაც სამართლის ნორმა გვთავაზობს. აქედან გამომდინარე, შეიძლება იმგვარი სამართლებრივი დასკვნის გაკეთება, რომ მოთხოვნის რომელიმე ფაქტობრივი წანამძღვრის (სამართლებრივი წინაპირობა) არარსებობა, გამორიცხავს მოსარჩელისათვის სასურველი სამართლებრივი შედეგის დადგომას (იხ. სუსგ №ას-467-2020, 25 ივნისი, 2021 წელი).

14. სახელმწიფო შესყიდვების შესახებ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის 11-ლი პუნქტით, სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულება იდება წერილობითი ფორმით. ამავე კანონის 161-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, გამარჯვებული პრეტენდენტის სატენდერო წინადადებით განსაზღვრული პირობების საფუძველზე, გამარჯვებულ პრეტენდენტსა და შემსყიდველ ორგანიზაციას შორის იდება სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულება. საქმეზე დადგენილია, რომ სსიპ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსა და სს „ნ.ვ.დ–ვას“ შორის 2020 წლის 29 დეკემბერს გაფორმდა ხელშეკრულება #901 შსს-ს ბალანსზე არსებული სატრანსპორტო საშუალებების დაზღვევის მომსახურების გაწევაზე. ხელშეკრულების 11.4 პუნქტის თანახმად, ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შესრულების (მათ შორის წუნის გამოსწორების) ვადის გადაცილებისთვის მიმწოდებელს დაეკისრება პირგასამტეხლოს გადახდა ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე 100 ლარის ოდენობით. ხელშეკრულების დანართი N1-ის მეორე ნაწილის, მე-2 მუხლის მე-10 პუნქტის თანახმად, სადაზღვევო შემთხვევის აქტის ხელმოწერიდან არაუგვიანეს 20 კალენდარული დღის ვადაში, ხოლო დეფიციტური ნაწილის შემთხვევაში - არაუგვიანეს 45 კალენდარული დღის ვადაში უნდა განხორციელდეს დაზიანებული ავტოსატრანსპორტო საშუალების შეკეთება/აღდგენა. სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულების მე-6 მუხლის 6.1.12 პუნქტის შესაბამისად, იმ სატრანსპორტო საშუალების შეფასება/შეკეთება, რომლებზეც სადაზღვევო შემთხვევის დადგომის მომენტისათვის ვრცელდება საგარანტიო პირობები, განხორციელდებოდა შესაბამისი მარკის სერვის-ცენტრში, ხოლო იმ სატრანსპორტო საშუალების შეფასება/შეკეთება, რომელზეც არ ვრცელდებოდა საგარანტიო პირობები, განხორციელდებოდა მხარეთა მიერ შეთანხმებულ შემკეთებელ სერვის-ცენტრში. ამავე ხელშეკრულების 11.4. პუნქტის შესაბამისად, ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების (მათ შორის წუნის გამოსწორების) ვადის გადაცილებისათვის მიმწოდებელს დაეკისრებოდა პირგასამტეხლოს გადახდა ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე 100 ლარის ოდენობით. ამავე ხელშეკრულების 11.5. პუნქტის შესაბამისად, 5 წლის წლოვანების სატრანსპორტო საშუალებების ტექნიკური მომსახურების (მათ შორის წუნის გამოსწორების) ვადის გადაცილებისათვის მიმწოდებელს დაეკისრებოდა პირგასამტეხლოს გადახდა ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე 50 ლარის ოდენობით.

15. საკასაციო პალატა განმეორებით განმარტავს, რომ ხელშეკრულება ვალდებულების წარმოშობის წინაპირობაა. ხელშეკრულება კი დადებულად ითვლება მაშინ, როდესაც მხარეები ყველა მის არსებით პირობაზე შეთანხმდებიან საამისოდ დადგენილი წესით. როგორც უკვე აღინიშნა, სამოქალაქო სამართალში მოქმედებს ხელშეკრულების თავისუფლების პრინციპი, რომელიც გულისხმობს, მას რომ მხარეები თავად წყვეტენ თუ ვისთან და რა პირობებით უნდა დადონ ხელშეკრულება, თავად განსაზღვრონ ამ ხელშეკრულების შინაარსი და ფორმა. ვალდებულების შესრულების ცნება გულისხმობს არამხოლოდ შესრულებისაკენ მიმართულ მოქმედებას, არამედ შესრულების შედეგს. ქმედება შესრულებულად რომ ჩაითვალოს აუცილებელია მოვალემ შესრულება ზუსტად ისე განახორციელოს, როგორც ამაზე მხარეები იყვნენ შეთანხმებულნი. მოსარჩელემ მიუთითა, რომ მოპასუხის მიერ დაირღვა ხელშეკრულების პირობები. კერძოდ, მოსარჩელის კუთვნილი სატრანსპორტო საშუალება TOYOTA HILUX სახ. N ...... (გამოშვების წელი - 2013), რომელიც დაზიანდა სადაზღვევო რისკის დადგომის შედეგად, შეკეთდა 228 კალენდარული დღის დაგვიანებით. მოპასუხემ მოთხოვნის შემწყვეტი შესაგებელი აღძრა, რომლითაც გამორიცხა კომპანიის ბრალი ზიანის დადგომაში, სახელდობრ საქმის განხილვის ყველა ეტაპზე კასატორი უთითებდა, რომ სადაზღვევო კომპანია არ უნდა მიჩნეულიყო ავტოსატრანსპორტო საშუალების შეკეთების ვადაგადაცილებაზე პასუხისმგებელ პირად, ვინაიდან იგი არ არის რაიმე სახის სამართლებრივ ურთიერთობაში სერვისცენტრთან, ამიტომ, მზღვეველი არ უნდა იყოს პასუხისმგებელი სერვისცენტრის მიერ ვალდებულების ჯეროვან შესრულებაზე. იგი ასევე აცხადებდა, რომ სადაზღვევო კომპანია ფინანსური ინსტიტუტია, რომლის პირდაპირი ვალდებულება სადაზღვევო მომსახურების გაწევისას არის მომხდარი შემთხვევის სადაზღვევო შემთხვევად აღიარების საფუძველზე ზიანის ანაზღაურება, რაც კონკრეტულ შემთხვევაში შემოიფარგლებოდა 2021 წლის 12 დეკემბერს ავტოსერვის ცენტრის მიერ გაცემული ინვოისის საფუძველზე გადარიცხული თანხით. საკასაციო პალატის აზრით, ეს შედავება აბსოლუტურად არარელევანტურია, ვინაიდან სახელშეკრულებო ავტონომიის პირობებში, მოსარჩელემ ივალდებულა არა მხოლოდ სადაზღვევო თანხის (ზიანის ანაზღაურების) გადახდა არამედ, სატრანსპორტო საშუალებების კონკრეტულ ვადებში შეკეთება (იხ. წინამდებარე განჩინების პარ. 14). შესაბამისად, სასამართლომ მას, როგორც ფინანსურ ინსტიტუტს რაიმე გადაჭარბებული ვალდებულება კი არ დააკისრა, არამედ ის რისი შესრულებაც მან ხელშეკრულებით ივალდებულა. ამასთან, საგულისხმოა ისიც, რომ კასატორი წარმოადგენს სააქციო საზოგადოებას, რომელსაც ბაზარზე ოპერირების საკმაოდ მრავალწლიანი გამოცდილება აქვს, შესაბამისად, მას როგორც იურიდიულ პირს შეეძლო სამართლებრივად სწორად აღექვა მოხმობილი ხელშეკრულების პირობები და მისი თანმდევი სამართლებრივი შედეგები. ამიტომ, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორ კომპანიას მის მიერ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების დარღვევა შეერაცხა ბრალად.

16. რაც შეეხება კასატორის მეორე შედავებას, რომელიც დაკისრებული პირგასამტეხლოს შეუსაბამოდ მაღალ ოდენობად დაკვალიფიცირების მოთხოვნას მიემართება, საკასაციო პალატა საჭიროდ მიიჩნევს, ყურადღება გაამახვილოს პირგასამტეხლოს თავისებურებაზე. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სამოქალაქო კოდექსი აღიარებს და ეფუძნება „pacta sunt servanda-ს“ (ხელშეკრულება უნდა შესრულდეს) პრინციპს, რომლის თანახმად ხელშეკრულების მხარემ, რომელმაც იკისრა ვალდებულება, უნდა შეასრულოს ხელშეკრულებით მისივე ნებით შეთანხმებული უფლება-მოვალეობები. არსებობს ვალდებულების ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას შესრულების ვალდებულებაც. ამ მოთხოვნათა შეუსრულებლობა ვალდებულების დარღვევაა. სამოქალაქო კანონმდებლობა ვალდებულების დარღვევის პრევენციისათვის ითვალისწინებს მოთხოვნის უზრუნველყოფის სანივთო და ვალდებულებითსამართლებრივ საშუალებებს, რომლებიც ვალდებულების შესრულებას ემსახურებიან და რომელთა შერჩევა მხარეთა ნებაზეა დამოკიდებული. ასეთ საშუალებათა რიგს განეკუთვნება ვალდებულების უზრუნველყოფის დამატებითი საშუალება პირგასამტეხლო (შდრ. სუსგ №ას-1079-2019, 30 სექტემბერი, 2019).

17. საკასაციო პალატა ყურადღებას გაამახვილებს მყარად დადგენილ სასამართლო პრაქტიკაზე, კერძოდ, როდესაც ხელშეკრულების მხარე არის მეწარმე სუბიექტი, მისი პასუხისმგებლობის ხარისხი ბევრად აღემატება ფიზიკური პირის პასუხისმგებლობის ხარისხს, რომელიც შესაძლებელია იყოს ხელშეკრულების სუსტი მხარე, რომელიც ხელშეკრულებაზე ხელის მოწერისას ვერ აცნობიერებს პირგასამტეხლოს შინაარსს და მის თანმდევ სამართლებრივ შედეგს. ამდენად, როდესაც საკითხი ეხება მეწარმე სუბიექტის მიერ ვალდებულების შეუსრულებლობას, დაკისრებული პირგასამტეხლოს ოდენობა არ უნდა იყოს მინიმალური ოდენობის. „განსახილველ შემთხვევაში, სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულების მხარეს წარმოადგენს მეწარმე სუბიექტი, რომელიც თავისუფალი და გაცნობიერებული ნების გამოვლენის საფუძველზე დათანხმდა პირგასამტეხლოს კონკრეტულ ოდენობას და როგორც სახელშეკრულებო ურთიერთობაში კონტრაჰირებულ მეწარმე სუბიექტს, მისი სტატუსიდან გამომდინარე, ფიზიკური პირისგან განსხვავებული პასუხისმგებლობითა და სტანდარტით მოეთხოვება ვალდებულების სამართლებრივ შედეგებზე პასუხისგება.“ (შდრ: სუსგ-ები: №ას-189-2022, 16 სექტემბერი, 2022 წელი,.პ.20-21; №ას-310-2022, 16 დეკემბერი, 2022 წელი, პ.18; №ას-889-2022, 23 მარტი, 2023წ; №ას-65-2024, 15 აპრილი, 2024 წ; №1519-2023, 21 ივნისი, 2024 წ; №485-2024, 28 ივნისი, 2024 წ.).

18. საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკის შესაბამისად, პირგასამტეხლო წარმოადგენს ვალდებულების შესრულების მიმართ მხარის შესაბამისი ინტერესის უზრუნველყოფის საშუალებას, რომლის გადახდის ვალდებულების წარმოშობა დაკავშირებულია ვალდებულების დარღვევასთან (შდრ. სუსგ №ას-1451-1371-2017, 13 ნოემბერი, 2018; №ას-848-814-2016, 28 დეკემბერი, 2016). პირგასამტეხლო დამატებითი (აქცესორული) ვალდებულებაა, რაც იმას ნიშნავს, რომ მისი წარმოშობა და ნამდვილობა ძირითადი ვალდებულების არსებობაზეა დამოკიდებული. ქართულ კანონმდებლობაში პირგასამტეხლოს ორმაგი ფუნქცია აქვს: ერთი მხრივ, ვალდებულების ჯეროვანი შესრულების უზრუნველსაყოფად პრევენციული დატვირთვა, ანუ პირგასამტეხლოს დაკისრების რისკი ფსიქოლოგიურად ზემოქმედებს ვალდებულ პირზე და აიძულებს, ვალდებულება ჯეროვნად შეასრულოს. პირგასამტეხლოს ფსიქოლოგიური ზემოქმედების ეფექტი სწორედ იმით ვლინდება, რომ ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში, ვალდებულ პირს რეპრესიული ხასიათის სანქცია ეკისრება. პირგასამტეხლოს მეორე ფუნქცია განცდილი ზიანის მარტივად და სწრაფად ანაზღაურებაა და ერთგვარ სანქციასაც წარმოადგენს. ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში, სანქციად ქცეული პირგასამტეხლო ვალდებულ პირს უპირობოდ ეკისრება, მიუხედავად იმისა, განიცადა თუ არა კრედიტორმა ზიანი ამ დარღვევის შედეგად (შდრ. სუსგ №ას-428-428-2018, 13 ივლისი, 2018; №ას-1158-1104-2014, 06.05.2015; №ას-1265-1187-2015, 10.02.2016).

19. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ პირგასამტეხლო წარმოადგენს ვალდებულების შესრულების მიმართ მხარის შესაბამისი ინტერესის უზრუნველყოფის საშუალებას, რომლის გადახდის ვალდებულების წარმოშობა დაკავშირებულია ვალდებულების დარღვევასთან. შესაბამისად, მისი მოთხოვნა დასაშვებია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ვალდებულების დარღვევის საკითხი წინასწარაა განსაზღვრული, კერძოდ, ვალდებულების დარღვევის როგორც იდენტიფიცირება, ისე მისი დადგენა უნდა იყოს შესაძლებელი, ხოლო ასეთი მოთხოვნის დაყენება კი არ უნდა მოდიოდეს შეუსაბამობაში საკანონმდებლო დანაწესებთან. პირგასამტეხლოს მოთხოვნის თვალსაზრისით ყურადსაღებია მოვალის მიერ ვალდებულების დარღვევის საკითხი. ვალდებულების დარღვევა შეიძლება გამოიხატოს როგორც ვალდებულების არაჯეროვნად შესრულებაში, ასევე – ვალდებულების შეუსრულებლობაში. პირგასამტეხლოს დაკისრებისათვის ვალდებულების დარღვევა (შეუსრულებლობა ან არაჯეროვანი შესრულება) აუცილებლად მოვალის ბრალეულობით უნდა იქნეს გამოწვეული. თუ არ დადგინდება მოვალის ბრალი, მაშინ მის მიმართ პირგასამტეხლოს დაკისრების მოთხოვნასაც არ ექნება სამართლებრივი საფუძველი (იხ. სერგი ჯორბენაძე, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის კომენტარი, წიგნი III, მუხლი 417, ველი 23-26).

20. მტკიცების ტვირთის განაწილების მხრივ, ხაზგასასმელია, რომ კრედიტორმა უნდა ამტკიცოს ვალდებულების დარღვევა და პირგასამტეხლოს თაობაზე წერილობითი შეთანხმების არსებობა, ხოლო მოვალის მტკიცების ტვირთს წარმოადგენს ვალდებულების ჯეროვანი შესრულება ან მისი ბრალეულობის გამორიცხვა. მოსარჩელისათვის სასურველი შედეგი, მისი სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილება შესაძლებელია მხოლოდ გარკვეული ფაქტების საფუძველზე, რომლებსაც კანონი უკავშირებს მოსარჩელის მატერიალურსამართლებრივი მოთხოვნის დაკმაყოფილებას. ზუსტად იგივე უნდა განსაზღვროს იმ ფაქტების წრე, რომლებსაც უკავშირდება მხარეთა მოთხოვნის (შესაგებლის) ფაქტობრივი დასაბუთებულობა. მიუთითონ ფაქტებზე, რომლებიც ასაბუთებს მხარეთა მოთხოვნებსა და შესაგებელს, მხარეთა მოვალეობაა.

21. საკასაციო პალატამ არაერთ გადაწყვეტილებაში განმარტა, რომ: „პირგასამტეხლოს მიზანია ვალდებულების შეუსრულებლობის ან ვალდებულების დარღვევის თავიდან აცილება, ხოლო ვალდებულების დარღვევის პირობებში ე.წ „პრეზუმირებული მინიმალური ზიანის“ ანაზღაურების უზრუნველყოფა, რაც, რაღა თქმა უნდა, არ წარმოადგენს ფაქტობრივი ზიანის ეკვივალენტ ფულად თანხას და არც ფაქტობრივად დამდგარი ზიანის ანაზღაურებას ემსახურება“ (შდრ: სუსგ №ას-1597-2019, 13 დეკემბერი, 2019 წელი). როგორც ვალდებულების დარღვევის მნიშვნელობა, სახელშეკრულებო ინტერესის შინაარსისა და ფარგლების განმარტება და დადგენილ პირგასამტეხლოს ოდენობასთან მისი ადეკვატურობა (კრედიტორის მტკიცების ტვირთი), ისე ვალდებულების დარღვევის ხარისხის შეუსაბამობა პირგასამტეხლოს ოდენობასთან (მოვალის მტკიცების ტვირთი), არის უმნიშვნელოვანესი შეფასებითი კატეგორიები, რომელზეც თავად მხარეებმა უნდა შეუქმნან მოსამართლეს დასაბუთებული წარმოდგენა და მიანიჭონ მას მხარეთა ნების განმარტების შესაძლებლობა (იხ: ნათია ჩიტაშვილი. პირგასამტეხლოსა და ზიანის მოთხოვნათა სახელშეკრულებო ინტერესის უზრუნველმყოფი ფუნქცია. შედარებითი სამართლის ჟურნალი 2/2020, გვ.17; ასევე იხ.: სუსგ №ას-827-2021, 03.12.2021 წელი). საკასაციო პალატა ასევე მიუთითებს, რომ პირგასამტეხლო, უპირველესად, კრედიტორის ინტერესების უზრუნველმყოფი საკანონმდებლო მექანიზმია, რომელიც კრედიტორის სახელშეკრულებო რისკებს ამცირებს, თუმცა იმისთვის, რომ თავიდან იქნეს აცილებული კრედიტორის მხრიდან ამ ინსტიტუტის ფარგლებში უფლების ბოროტად გამოყენება, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში შესაფასებელი და ამავდროულად დასაცავი ღირებულებაა სახელშეკრულებო წონასწორობა/ბალანსი, ერთი მხრივ, პირგასამტეხლოს, როგორც სახელშეკრულებო თავისუფლების გამოხატულებას და, მეორე მხრივ, მოვალის დაცვას, როგორც ამ თავისუფლების ლეგიტიმურ შეზღუდვას შორის. ამდენად, პირგასამტეხლოს იურიდიული ძალა მხოლოდ მაშინ აქვს, თუ ის ამავდროულად უზრუნველყოფს მოვალის გონივრული ფარგლებით დაცვას (შდრ: სუსგ №ას-1336-2019, 30 მარტი, 2022 წელი; №ას-1928-2018, 31 ოქტომბერი, 2019 წელი).

22. საკასაციო პალატა კასატორის პრეტენზიებთან დაკავშირებით განმარტავს, რომ საკანონმდებლო მოწესრიგებას საფუძვლად უდევს კონკრეტული სოციალური პროცესების მართვის სამართლებრივ-პოლიტიკური მოდელი ანუ, როდესაც კანონმდებელი განსაზღვრულ ქცევას სავალდებულოდ ადგენს, ამით მას სურს განსაზღვრული მიზნების მიღწევა. ასეთ შემთხვევაში, კანონმდებელს მინიჭებული აქვს უფლებამოსილებები ერთი მხრივ, დასახული მიზნის მიღწევასთან, ხოლო მეორე მხრივ, ამ მიზნის მისაღწევად გამოსაყენებელი სამართლებრივი საშუალებების მიზანშეწონილობასთან დაკავშირებით. კანონის ინტერპრეტაცია უნდა ემსახურებოდეს ამ კანონის მიზანს. კანონის ცალკეული დებულებები გააზრებული უნდა იქნას სხვადასხვა დებულებათა ურთიერთდამოკიდებულებაში. კანონის ინტერპრეტაცია მთლიანობაში წარმოადგენს არგუმენტების შერჩევისა და გადაწყვეტილებების მიღების პროცესს, რომელიც ხშირად სხვადასხვა, ერთმანეთთან კონკურენციაში მყოფ მიზნებზე არის ორიენტირებული. სამართლებრივი გადაწყვეტილებები დამოკიდებულია კონკრეტულ სიტუაციებზე, რადგან განსხვავებულ, თუნდაც ტიპურ სიტუაციებში, მიზნები და მათთან დაკავშირებული ინტერესები სხვადასხვა მოცულობითა და კონსტელაციაში გარკვეულ როლს თამაშობენ. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ სამართლიანობის მიღწევის გარდა, სამართლის ამოცანაა, უზრუნველყოს სამართლებრივი უსაფრთხოება და ინტერესთა ოპტიმალური და მიზანშეწონილი დაკმაყოფილება. ყოველივე ეს მიზანი გათვალისწინებულ უნდა იქნას კანონის ინტერპრეტაციისა და განვრცობის პროცესში. კანონის ინტერპრეტაცია სამართლიან მოწესრიგებასა და ოპტიმალურ დაკმაყოფილებას უნდა იწვევდეს.

23. განსახილველ შემთხვევაში, საქმის მასალებში წარმოდგენილი ხელშეკრულებიდან ირკვევა, რომ პირგასამტეხლოს დაკისრების წინაპირობად მხარეებმა გაითვალისწინეს მოპასუხის მიერ სახელშეკრულებო ვალდებულების სრულად ან/და ნაწილობრივ არაჯეროვნად შესრულება. მოსარჩელე ვალდებულების დარღვევას უკავშირებს დაზღვეული ავტომანქანის 228 დღის დაგვიანებით შეკეთებას. ავტომანქანის დაგვიანებით შეკეთების ფაქტი, ან/და დღეების ოდენობა კასატორს დავის განხილვის არცერთ ეტაპზე გაუხდია სადავოდ, არამედ აპელირებდა დარღვევაში მისი ბრალის არარსებობის შესახებ, რაც საკასაციო პალატის მიერ არ იქნა გაზიარებული. ამასთან, საკასაციო პალატა ხაზგასმით მიუთითებს, რომ ქვემდგომმა ინსტანციის სასამართლოებმა მოსარჩელის მიერ მოთხოვნილი პირგასამტეხლო 22 800 ლარი შეამცირეს ათჯერ და მხარეს პირგასამტეხლოს სახით გადასახდელად მხოლოდ 2280 ლარი დაეკისრა.

24. ამდენად, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი მატერიალური ან/და საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი ვერ მიუთითებს რაიმე ისეთ დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.

25. ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით და არც იმ საფუძვლით, რომ საკასაციო სასამართლოს მსგავს საკითხზე ჯერ არ უმსჯელია და გადაწყვეტილება არ მიუღია (შდრ. იხ. სუსგ. საქმეზე №ას-504-2024 04 ოქტომბერი, 2024 წელი). შესაბამისად, მოცემულ საქმეზე არ არსებობს ვარაუდი, რომ საკასაციო საჩივრის განხილვის შემთხვევაში მოსალოდნელია საქართველოს უზენაესი სასამართლოს უკვე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება.

26. ამავდროულად, გასაჩივრებული განჩინება არ განსხვავდება საკასაციო სასამართლოს მიერ დადგენილი პრაქტიკისაგან, ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.

27. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მეოთხე ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის შემთხვევაში პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 391-ე, 401-ე, 408.3-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. სს „ნ.ვ.დ–ვის“ საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;

2. სს „ნ.ვ.დ–ვას“ სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაუბრუნდეს მის მიერ 23/01/2025 წ. № 1737627453, საგადახდო დავალებით გადახდილი 30 ლარის - 70% 210 ლარი; შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“ ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 3 0077 3150;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ამირან ძაბუნიძე

მოსამართლეები: ლაშა ქოჩიაშვილი

გოჩა ჯეირანაშვილი