Facebook Twitter

საქმე Nას-293-2025

26 ივნისი, 2025 წელი ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატის

შემადგენლობა:

თეა ძიმისტარაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: მირანდა ერემაძე

არჩილ კოჭლამაზაშვილი

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი – ნ.კ–ვა (მოსარჩელე)

მოწინააღმდეგე მხარე – შპს „მ.ლ–ი“ (მოპასუხე)

დავის საგანი – ნოტარიუსის მიერ გაცემულ სააღსრულებო ფურცელში პირგასამტეხლოს შემცირება

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 25 ნოემბრის განჩინება

კერძო საჩივრის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება

საკითხი, რომელზეც მიღებულია განჩინება –კერძო საჩივრის დაკმაყოფილება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 17 ოქტომბრის გადაწყვეტილებით ნ.კ–ვას (შემდეგში: მოსარჩელე, აპელანტი ან კერძო საჩივრის ავტორი) სარჩელი შპს „მ.ლ–ის“ (შემდეგში: მოპასუხე) წინააღმდეგ, ნოტარიუსის მიერ გაცემულ სააღსრულებო ფურცელში პირგასამტეხლოს შემცირების თაობაზე, ნაწილობრივ დაკმაყოფილდა; ნოტარიუს თ.პ–ის მიერ 2023 წლის 4 სექტემბერს გაცემულ სააღსრულებო ფურცელში (სანოტარო მოქმედების რეგისტრაციის ნომერი: 231209416) განხორციელდა ცვლილება - კრედიტორის მიერ მოთხოვნილი პირგასამტეხლოს დაკისრების ნაწილში და მოსარჩელეს განესაზღვრა პირგასამტეხლო ჯამში 3 381.73 ლარი.

2. საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება, 2024 წლის 6 ნოემბერს, სააპელაციო საჩივრით მოსარჩელემ გაასაჩივრა, მისი ნაწილობრივ გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება მოითხოვა.

3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 25 ნოემბრის განჩინებით მოსარჩელის სააპელაციო საჩივარი განუხილველად იქნა დატოვებული შემდეგ გარემოებათა გამო:

3.1. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში: სსსკ) 372-ე მუხლის შესაბამისად, საქმის განხილვა სააპელაციო სასამართლოში წარმოებს იმ წესების დაცვით, რაც დადგენილია პირველი ინსტანციით საქმეთა განხილვისათვის, ამ თავში მოცემული ცვლილებებითა და დამატებებით;

3.2. სსსკ-ის 373-ე მუხლის პირველი ნაწილის პირველი წინადადების თანახმად, საქმეს სააპელაციო სასამართლოს მთავარ სხდომაზე განსახილველად ამზადებს სააპელაციო სასამართლოს ერთ-ერთი მოსამართლე (მომხსენებელი მოსამართლე), რომელიც ამოწმებს სააპელაციო საჩივრის დასაშვებობას და გამოაქვს შესაბამისი განჩინება;

3.3. სსსკ-ის 374-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო საჩივრის შემოსვლიდან 10 დღის განმავლობაში სააპელაციო სასამართლომ უნდა შეამოწმოს, დასაშვებია თუ არა სააპელაციო საჩივარი. თუ შემოწმების შედეგად აღმოჩნდება, რომ სააპელაციო საჩივარი დასაშვებია, სასამართლოს გამოაქვს განჩინება სააპელაციო საჩივრის განსახილველად მიღების შესახებ. თუ სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის ესა თუ ის პირობა არ არსებობს, სასამართლოს გამოაქვს განჩინება სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ, რომელზედაც შეიძლება კერძო საჩივრის შეტანა;

3.4. განსახილველ შემთხვევაში, როგორც საქმის მასალებით დასტურდება, მოსარჩელემ სარჩელი აღძრა მოპასუხის წინააღმდეგ შემდეგი სასარჩელო მოთხოვნით: ნოტარიუს თ.პ–ის მიერ 2023 წლის 4 სექტემბერს გაცემულ სააღსრულებო ფურცელში (სანოტარო მოქმედების რეგისტრაციის ნომერი: 231209416) განხორციელდეს ცვლილება - კრედიტორის მიერ მოთხოვნილი პირგასამტეხლოს დაკისრების ნაწილში და მოვალეს (მოსარჩელეს) განესაზღვროს პირგასამტეხლო 2023 წლის 1 ივლისიდან ძირითადი თანხის 0,01% ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე, ჯამში 3 381,73 ლარი;

3.5. დადგენილია, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 17 ოქტომბრის გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის პირველი პუნქტის თანახმად მოსარჩელის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; ხოლო მეორე პუნქტის თანახმად, ნოტარიუს თ.პ–ის მიერ 2023 წლის 4 სექტემბერს გაცემულ სააღსრულებო ფურცელში (სანოტარო მოქმედების რეგისტრაციის ნომერი: 231209416) განხორციელდა ცვლილება - კრედიტორის მიერ მოთხოვნილი პირგასამტეხლოს დაკისრების ნაწილში და მოვალეს განესაზღვრა პირგასამტეხლო ჯამში 3381.73 ლარი; ანუ სარჩელი დაკმაყოფილებულ იქნა სრულად და პირგასამტეხლო შემცირდა სწორედ იმ მოცულობით, რა მოცულობითაც ითხოვდა მოსარჩელე, მიუხედავად იმისა რომ გადაწყვეტილების სამოტივაციო და სარეზოლუციო ნაწილის 1.1. პუნქტში მითითებულია სარჩელის ნაწილობრივ დაკმაყოფილებაზე, რაც სავარაუდო ტექნიკური ხარვეზია;

3.6. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2024 წლის 17 ოქტომბრის გადაწყვეტილებაზე სააპელაციო საჩივარი წარდგენილია მოსარჩელის წარმომადგენლის მიერ გასაჩივრებული გადაწყვეტილების სრულად გაუქმებისა და სარჩელის სრულად დაკმაყოფილების მოთხოვნით;

3.7. სსსკ-ის 364-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს პირველი ინსტანციით გამოტანილი გადაწყვეტილება მხარეებმა და მესამე პირებმა დამოუკიდებელი სასარჩელო მოთხოვნით შეიძლება კანონით დადგენილ ვადაში გაასაჩივრონ სააპელაციო სასამართლოში. სააპელაციო საჩივრის შეტანის უფლება აქვს მხარეს, რომლის საწინააღმდეგოდაცაა გადაწყვეტილება გამოტანილი. ამასთანავე, სსსკ-ის 364-ე მუხლის დანაწესი მოიაზრებს გასაჩივრების მსურველი მხარის შესაძლებლობას, ზემდგომი წესით იდავოს მხოლოდ გადაწყვეტილების იმ ნაწილზე, რომლითაც მის მოთხოვნას ეთქვა უარი;

3.8. სააპელაციო პალატის განმარტებით, ადაწყვეტილების კანონიერ ძალას აქვს კანონით განსაზღვრული სუბიექტური და ობიექტური ფარგლები, რომელიც აზუსტებს გადაწყვეტილების მოქმედების საზღვრებს. გადაწყვეტილების კანონიერი ძალა ვრცელდება საქმის განხილვაში მონაწილე პირთა წრეზე (სუბიექტური ფარგლები) და გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილზე (ობიექტური ფარგლები). შესაბამისად, გასაჩივრებას ექვემდებარება გადაწყვეტილება, თუ სადავოა მისი სარეზოლუციო ნაწილით და არა აღწერილობითი ან სამოტივაციო ნაწილით დადგენილი ფაქტი. შესაბამისად, დაინტერესებულ პირს პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების გასაჩივრება შეუძლია, თუ ის მის წინააღმდეგაა მიღებული ან, რაიმე ფორმით მის კანონიერ ინტერესებს შეეხება;

3.9. სააპელაციო სასამართლოს დასკვნით, მართალია, სსსკ-ის 364-ე მუხლი არ შეიცავს პირდაპირ მითითებას გადაწყვეტილების მხოლოდ სარეზოლუციო ნაწილის გასაჩივრების თაობაზე, თუმცა ასეთი შეზღუდვის პირდაპირ მიუთითებლობა ნორმის განსხვავებულად განმარტების წინაპირობას არ იძლევა;

3.10. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, პალატამ მიიჩნია, ვინაიდან განსახილველ შემთხვევაში თბილისის საქალაქო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის თანახმად, სარჩელი დაკმაყოფილდა სწორედ სასარჩელო მოთხოვნის ფარგლებში - ნოტარიუს თ.პ–ის მიერ 2023 წლის 4 სექტემბერს გაცემულ სააღსრულებო ფურცელში (სანოტარო მოქმედების რეგისტრაციის ნომერი: 231209416) განხორციელდა ცვლილება - კრედიტორის მიერ მოთხოვნილი პირგასამტეხლოს დაკისრების ნაწილში და მოვალეს განესაზღვრა პირგასამტეხლო ჯამში 3 381.73 ლარი და არც გასაჩივრებული გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი არ შეიცავს სარეზოლუციო ნაწილის დასკვნაში ასახულის საწინააღმდეგო მსჯელობას.

4. სააპელაციო სასამართლოს განჩინება სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ აპელანტმა კერძო საჩივრით გაასაჩივრა და მისი გაუქმება მოითხოვა.

5. კერძო საჩივრის ავტორის განმარტებით, საქალაქო სასამართლოს 2024 წლის 17 ოქტომბრის გადაწყვეტილებით მისი სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა. შესაბამისად, განსახილველ შემთხვევაში დაუსაბუთებელია სააპელაციო სასამართლოს დასკვნა, რომ მხარე მის სასარგებლოდ მიღებულ გადაწყვეტილებას ვერ გაასაჩივრებს. აპელანტი ასაჩივრებს გადაწყვეტილების იმ ნაწილს, რომლითაც მისი სარჩელი უარყოფილ იქნა.

6. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 25 აპრილის განჩინებით მოსარჩელის კერძო საჩივარი მიღებულ იქნა არსებითად განსახილველად.

7. მოპასუხის წარმომადგენელმა, 2025 წლის 11 ივნისს, საკასაციო სასამართლოს მოსაზრებით მომართა, კერძო საჩივრის უარყოფა მოითხოვა და აღნიშნა, რომ მოსარჩელესა და მოპასუხეს შორის, 2024 წლის 14 ნოემბერს, შიდა შეთანხმება გაფორმდა, რომლის თანახმადაც მოსარჩელემ თანხის ნაწილი გადაიხადა და, ასევე, უარი განაცხადა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2024 წლის 17 ოქტომბრის გადაწყვეტილების გასაჩივრებაზე.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო კერძო საჩივრის საფუძვლების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ მოსარჩელის კერძო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს, სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება გაუქმდეს და საქმე დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს, მოსარჩელის სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის ხელახლა შესამოწმებლად, შემდეგ გარემოებათა გამო:

8. სსსკ-ის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით, ხოლო ამავე კოდექსის 412-ე მუხლის თანახმად კი, საკასაციო სასამართლო აუქმებს გადაწყვეტილებას და საქმეს ხელახლა განსახილველად აბრუნებს სააპელაციო სასამართლოში, თუ: ა) საქმის გარემოებები საპროცესო ნორმების ისეთი დარღვევითაა დადგენილი, რომ ამ დარღვევების შედეგად საქმეზე არასწორი გადაწყვეტილება იქნა გამოტანილი და საჭიროა მტკიცებულებათა დამატებითი გამოკვლევა; ბ) არსებობს ამ კოდექსის 394-ე მუხლით გათვალისწინებული საფუძვლები, გარდა აღნიშნული მუხლის „გ“ და „ე“ ქვეპუნქტებისა. ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ გადაწყვეტილებას საკასაციო სასამართლომ საფუძვლად უნდა დაუდოს სამართლებრივი შეფასება, რომელიც სავალდებულოა სააპელაციო სასამართლოსათვის. საქმე ხელახლა განსახილველად შეიძლება დაუბრუნდეს სააპელაციო სასამართლოს იმავე ან სხვა შემადგენლობას.

9. კერძო საჩივრის ავტორის პრეტენზია მიემართება იმ გარემოებას, რომ საქმეზე ნაწილობრივ სასარგებლო შედეგის დადგომის პირობებში, სააპელაციო სასამართლომ გაუმართლებლად ხელყო მისი საპროცესო უფლებები.

10. საკასაციო სასამართლომ, არაერთ საქმეზე განმარტა, რომ მხარის სასარგებლოდ გამოტანილ გადაწყვეტილებაში იგულისხმება დავის გადაწყვეტის არა მხოლოდ პროცესუალურ-სამართლებრივი, არამედ უპირველესად – მატერიალურ-სამართლებრივი შედეგი. ეს პირდაპირ გამომდინარეობს სარჩელის ცნებიდან, კერძოდ, სარჩელი, როგორც სამოქალაქო-საპროცესო სამართლის ინსტიტუტი, არის უფლების დაცვის შესახებ პირის შუამდგომლობა სასამართლოსადმი, რათა მან განიხილოს სარჩელში მოპასუხის წინააღმდეგ წაყენებული მატერიალურ-სამართლებრივი მოთხოვნა და გამოიტანოს ამის თაობაზე გადაწყვეტილება. ამდენად, სარჩელი, მართალია, საპროცესო სამართლის ინსტიტუტია, მაგრამ იგი არ არსებობს იმ უფლებაზე მითითების გარეშე, რომლის დაცვასაც მოსარჩელე მოითხოვს, ე.ი. მოპასუხისადმი წაყენებული მატერიალურ-სამართლებრივი მოთხოვნის გარეშე. სარჩელის დაკმაყოფილების ან დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შემთხვევაში სასამართლო იღებს გადაწყვეტილებას სწორედ მოპასუხისადმი წაყენებული მატერიალურ-სამართლებრივი მოთხოვნის მიმართ და, შესაბამისად, ან აკმაყოფილებს სარჩელს ან უარს ამბობს მის დაკმაყოფილებაზე. ამასთან, თუ სარჩელის დაკმაყოფილების შემთხვევაში მოგებული მხარეა მოსარჩელე, ხოლო წაგებული – მოპასუხე, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის დროს პირიქითაა _ მოგებულია მოპასუხე, ხოლო, წაგებული – მოსარჩელე. საქმის მოგება-წაგება კი პირდაპირ უკავშირდება მოსარჩელის მატერიალურ-სამართლებრივი მოთხოვნის დაკმაყოფილება-არდაკმაყოფილებას. კერძოდ, თუ მოსარჩელის მატერიალურ-სამართლებრივი მოთხოვნის დაკმაყოფილების ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძველი არსებობს, მაშინ სარჩელი დაკმაყოფილდება, წინააღმდეგ შემთხვევაში კი არა (იხ. სუსგ Nას-795-849-2011, 18.07.2011 წ., Nას-1771-1751-2011, 09.02.2012 წ.).

11. საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ მოსარჩელემ სარჩელით მიმართა საქალაქო სასამართლოს მოპასუხის წინააღმდეგ და მოითხოვა, გაუქმდეს 2023 წლის 4 სექტემბერს ნოტარიუს თ.პ–ის მიერ გაცემული სააღსრულებო ფურცელი #231209416 პირგასამტეხლოს 2023 წლის 1 ივლისიდან ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე მიმდინარე ბალანსის 0.25 % დაკისრების ნაწილში სააღსრულებო წარმოების დაწყებამდე და მოვალეს განესაზღვროს პირგასამტეხლო, 2023 წლის 1 ივლისიდან ძირითადი თანხის 0.01 % ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე სააღსრულებო წარმოების დაწყებამდე (იხ. სარჩელი, ს/ფ 9).

12. ნოტარიუს თ.პ–ის მიერ, 2023 წლის 4 სექტემბერს, გაცემულ სააღსრულებო ფურცელში მითითებულია, რომ აღსასრულებელი ვალდებულების მოცულობა 2023 წლის 4 სექტემბრის მდგომარეობით შეადგენს: სესხის დარჩენილ ნაწილს - 47 638,34 ლარს და სარგებელს, რომელიც სესხს დაერიცხება 01.06.2023-დან (დღიური სარგებელი - 35,7183 ლარი - 01.06.2023-დან 05.06.2023 ჩათვლით და 35,2393 ლარი - 06.06.2023-დან 04.09.2023 ჩათვლით) და 2023 წლის 4 სექტემბრის მდგომარეობით შეადგენს - 3205,14 ლარს, აგრეთვე, პირგასამტეხლო ყოველვადაგადაცილებულ დღეზე მიმდინარე ბალანსის 0.25 % (ერიცხება 2023 წლის პირველი ივლისიდან (ყოველდღიურად 119,0958 ლარის ოდენობით) 2023 წლის 9 სექტემბრის მდგომარეობით შეადგენს: 7741,23 ლარს. საქმის მასალებით დასტურდება, რომ წინადადება გადაწყვეტილების შესრულების შესახებ აღმასრულებლის მიერ, მიღებულია 2023 წლის 8 სექტემბერს.

13. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 17 ოქტომბრის გადაწყვეტილების შესავალ ნაწილში მითითებულია, რომ მოსარჩელის სასარჩელო მოთხოვნაა - ნოტარიუს თ.პ–ის მიერ 2023 წლის 4 სექტემბერს გაცემულ სააღსრულებო ფურცელში (სანოტარო მოქმედების რეგისტრაციის ნომერი: 231209416) განხორციელდეს ცვლილება - კრედიტორის მიერ მოთხოვნილი პირგასამტეხლოს დაკისრების ნაწილში და მოვალე ნ.კ–ვას განესაზღვროს პირგასამტეხლო 2023 წლის 1 ივლისიდან ძირითადი თანხის 0,01%-ის ოდენობით ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე, ჯამში 3 381,73 ლარის ოდენობით.

14. საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება, 2024 წლის 6 ნოემბერს, სააპელაციო საჩივრით გაასაჩივრა მოსარჩელემ და სარჩელის სრულად დაკმაყოფილება მოითხოვა. აპელანტი სააპელაციო საჩივარში აღნიშნავს, რომ მოსარჩელემ სარჩელით სადავო გახადა სააღსრულებო ფურცლით დაკისრებული პირგასამტეხლოს ოდენობა და მიუთითა მის არაგონივრულობაზე.

15. კერძო საჩივრის ავტორი არ ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს სამართლებრივ დასკვნას სააპელაციო საჩივრის დაუშვებლობის თაობაზე, რადგან მიაჩნია, რომ მისი სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ და არა სრულად. საკასაციო პალატა, კვლავ ყურადღებას მიაქცევს მოსარჩელის სასარჩელო მოთხოვნებზე. კერძოდ მის მოთხოვნას წარმოადგენს გაუქმდეს 2023 წლის 4 სექტემბერს ნოტარიუს თ.პ–ის მიერ გაცემული სააღსრულებო ფურცელი #231209416 პირგასამტეხლოს 2023 წლის 1 ივლისიდან ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე მიმდინარე ბალანსის 0.25 % დაკისრების ნაწილში სააღსრულებო წარმოების დაწყებამდე და მოვალეს განესაზღვროს პირგასამტეხლო 2023 წლის 1 ივლისიდან ძირითადი თანხის 0.01 % ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე სააღსრულებო წარმოების დაწყებამდე (იხ. სარჩელი, ს/ფ 9).

16. საკასაციო პალატა, ყურადღებას მიაქცევს გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილზე, რომლის თანახმად, მოვალე ნ.კ–ვას განესაზღვრა პირგასამტეხლო 2023 წლის 1 ივლისიდან ძირითადი თანხის 0,01%-ის ოდენობით ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე, ჯამში 3 381,73 ლარის ოდენობით. 3381, 73 ლარის ოდენობით თანხა, წარმოადგენს ძირითადი თანხის 0,1% და არა 0,01% ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე, 2023 წლის 1 ივლისიდან 2023 წლის 9 სექტემბრის მდგომარეობით.

17. საკასაციო პალატა, ხაზს უსვამს იმ გარემოებას, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილებით დაკისრებული თანხა 3 381,73 ლარი წარმოადგენს ძირითადი თანხის 0,1%-ს ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე, 2023 წლის 1 ივლისიდან 2023 წლის 9 სექტემბრის მდგომარეობით (აღსრულების დაწყებამდე). ხოლო, მოსარჩელის მოთხოვნას წარმოადგენს მოვალე ნ.კ–ვას განესაზღვროს პირგასამტეხლო 2023 წლის 1 ივლისიდან ძირითადი თანხის 0,01%-ის ოდენობით ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე, სააღსრულებო წარმოების დაწყებამდე, რაც 2023 წლის 9 სექტემბრის მდგომარეობით შეადგენს 338,23 ლარს (47 638,34 ლარი*0.01%*71დღეზე). საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ უნდა დაადგინოს მოსარჩელის მოთხოვნის ფარგლები და საქალაქო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილით დადგენილი თანხა პირგასამტეხლოს ნაწილში (სასარჩელო მოთხოვნის დაუკმაყოფილებელი ნაწილი) და მხოლოდ ამის შემდეგ უნდა იმსჯელოს სააპელაციო საჩივრის დასაშვებობაზე.

18. საკასაციო სასამართლოს დასკვნით, კერძო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს, გასაჩივრებული განჩინება უნდა გაუქმდეს და საქმე დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს მოსარჩელის სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის ხელახლა შესამოწმებლად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე, 420-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ნ.კ–ვას კერძო საჩივარი დაკმაყოფილდეს;

2. გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 25 ნოემბრის განჩინება და საქმე დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს ხელახლა განსახილველად;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე თეა ძიმისტარაშვილი

მოსამართლეები: მირანდა ერემაძე

არჩილ კოჭლამაზაშვილი