Facebook Twitter

საქმე #ას-456-2025

26 ივნისი, 2025 წელი ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატის

შემადგენლობა:

თეა ძიმისტარაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: მირანდა ერემაძე

არჩილ კოჭლამაზაშვილი

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი – ბ.გ–ი (მოსარჩელე)

მოწინააღმდეგე მხარეები – ნ.ჩ–ნი, მ.ჩ–ნი, ს.კ–ძე (მოპასუხეები)

დავის საგანი – ჩუქების ხელშეკრულების ბათილად ცნობა, ქორწინების პერიოდში შეძენილი ქონების წილზე მესაკუთრედ აღიარება, თანხის დაკისრება

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 22 იანვრის განჩინება

კერძო საჩივრის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება

საკითხი, რომელზეც მიღებულია განჩინება –კერძო საჩივრის უარყოფა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 8 სექტემბრის გადაწყვეტილებით ბ.გ–ის (შემდეგში: მოსარჩელე, აპელანტი ან კერძო საჩივრის ავტორი) სარჩელი ნ.ჩ–ნის, მ.ჩ–ნისა და ს.კ–ძის წინააღმდეგ, ჩუქების ხელშეკრულების ბათილად ცნობის, ქორწინების პერიოდში შეძენილი ქონების წილზე მესაკუთრედ აღიარებისა და თანხის დაკისრების თაობაზე, არ დაკმაყოფილდა; ნ.ჩ–ნის შეგებებული სარჩელი ბ.გ–ის წინააღმდეგ, თანხის დაკისრების თაობაზე, არ დაკმაყოფილდა.

2. საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო საჩივრით ნაწილობრივ გაასაჩივრა მოსარჩელემ და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.

3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 22 ნოემბრის განჩინებით აპელანტის (მოსარჩელის) შუამდგომლობა სახელმწიფო ბაჟის გადახდის გადავადების თაობაზე არ დაკმაყოფილდა; აპელანტს დაევალა განჩინების ჩაბარებიდან 15 დღის ვადაში მიუთითოს თუ რაში მდგომარეობს გასაჩივრებული გადაწყვეტილების ფაქტობრივი და სამართლებრივი უსწორობა და წარადგინოს ან მისი მძიმე ქონებრივი მდგომარეობის დამადასტურებელი უტყუარი მტკიცებულება, ან 5 000 ლარის გადახდის დამადასტურებელი ქვითრის დედანი.

4. ხარვეზის დადგენის შესახებ განჩინების ასლი აპელანტის წარმომადგენელ - ს.ვ–ძეს ჩაჰბარდა 2024 წლის 16 დეკემბერს.

5. სააპელაციო სასამართლოს, 2025 წლის 13 იანვარს, აპელანტმა ფოსტით წარუდგინა დასაბუთებული სააპელაციო საჩივარი და სახელმწიფო ბაჟის გადახდის 3 თვით გადავადება იშუამდგომლა.

6. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 22 იანვრის განჩინებით აპელანტის სააპელაციო საჩივარი განუხილველად იქნა დატოვებული შემდეგ გარემოებათა გამო:

6.1. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში: სსსკ) 373-ე მუხლის პირველი ნაწილი ადგენს, რომ სააპელაციო სასამართლოს ერთ-ერთი მოსამართლე ამოწმებს სააპელაციო საჩივრის დასაშვებობას და გამოაქვს შესაბამისი განჩინება. ამავე კოდექსის 374-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად კი ეს განჩინება შეიძლება მიღებულ იქნეს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის ზეპირი განხილვის გარეშე. აღნიშნული ნორმების საფუძველზე, წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხის შემოწმება სამოქალაქო საქმეთა პალატის მოსამართლის მიერ ხდება ერთპიროვნულად, ზეპირი განხილვის გარეშე;

6.2. დადგენილია, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 22.11.2024 წ. განჩინებით საპელაციო საჩივარზე ხარვეზის შესავსებად განისაზღვრა ვადა და კანონით დადგენილი წესით განიმარტა ხარვეზის შეუვსებლობის შემთხვევაში სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ;

6.3. დადგენილია, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 22.11.2024წ. განჩინების ასლი გაეგზავნა აპელანტის წარმომადგენელს ს.ვ–ძეს სააპელაციო საჩივარში მათ მიერ მითითებულ მისამართზე;

6.4. საფოსტო შეტყობინების ბარათით დასტურდება, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 22.11.2024წ. განჩინების ასლი აპელანტის წარმომადგენელს ს.ვ–ძეს პირადად 16.12.2024წ. ჩაჰბარდა. მიმღები პირის სახელი და გვარი, პირადი ნომერი, ჩაბარების თარიღი და ხელმოწერა გარკვევითაა მითითებული შეტყობინების ბარათზე;

6.5. ამდენად, ხარვეზის შევსების 15-დღიანი ვადის ათვლა 17.12.2024 წ.-დან დაიწყო და 31.12.2024 წ.-ს ამოიწურა. აპელანტის წარმომადგენლის მიერ დაზუსტებული საპელაციო საჩივარი წარდგენილია ფოსტის საშუალებით. საფოსტო ბარათით (ბილით) დასტურდება, რომ დაზუსტებული სააპელაციო საჩივარი ფოსტას 13.01.2025 წ. ჩაჰბარდა, ანუ დადგენილი ვადის დარღვევით, რაც სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველია;

6.6. სსსკ-ის 374-ე მუხლის პირველი ნაწილის ბოლო წინადადების თანახმად, თუ სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის ესა თუ ის პირობა არ არსებობს, სასამართლოს გამოაქვს განჩინება სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ, რომელზედაც შეიძლება კერძო საჩივრის შეტანა;

6.7. სააპელაციო სასამართლოს დასკვნით, სააპელაციო საჩივარი დაუშვებელია, ვინაიდან დარღვეულია სააპელაციო საჩივრის წარდგენის ვადა და შესაბამისად, იგი უნდა დარჩეს განუხილველად.

7. სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ განჩინება აპელანტმა კერძო საჩივრით გაასაჩივრა და მისი გაუქმება მოითხოვა.

8. კერძო საჩივრის ავტორის წარმომადგენელის განმარტებით, 2024 წლის 16 დეკემბერს, მისი 8 წლის შვილი ი.ვ–ძე ქ. თბილისში მონაწილეობას იღებდა ფეხბურთში ქინქლაძის ფონდის ორგანიზებით და დილის 08:00 საათიდან მატარებლით გაჰყვა შვილს, ადგილზე ჩავიდნენ 13:20 საათზე, შემდეგ სასტუმროში დაბინავდნენ და ფეხბურთი გაგრძელდა საღამომდე, რაც გამორიცხავს 16 დეკემბერს აპელანტის წარმომადგენლის მიერ ხარვეზის განჩინების ჩაბარებას. აპელანტის წარმომადგენელმა აღნიშნა, რომ მან განჩინება 2024 წლის 17 დეკემბერს ჩაიბარა, თუმცა რატომღაც შეცდომა გაიპარა და საფოსტო ჩაბარების დასტურზე ჩაბარების თარიღი არის გადასწორებული, რაც დოკუმენტის სარწმუნოებას საეჭვოს ხდის.

9. კერძო საჩივრის თანახმად, 2025 წლის 1 იანვრიდან 2025 წლის 13 იანვრამდე იყო უქმე დღეები, მან ხარვეზის დადგენის შესახებ განჩინება ჩაიბარა 2024 წლის 17 დეკემბერს, 15-დღიანი ვადის ათვლა დაიწყო 2024 წლის 18 დეკემბერს. ვადა ამოიწურა არასამუშაო დღეს, ამიტომ ხარვეზის გამოსწორების შესახებ განცხადება ფოსტას პირველ სამუშაო დღეს 2025 წლის 13 იანვარს ჩაჰბარდა. შესაბამისად, ვადა დარღვეული არ არის.

10. კერძო საჩივრის ავტორის წარმომადგენელმა, საკასაციო სასამართლოს, 2025 წლის 8 მაისს, განცხადებით მომართა და წარმოადგინა შპს „გ.ლ–ის“ მენეჯერის გ.ხ–ის მიერ გაცემული ცნობა (ხელმოუწერელი), რომელშიც მითითებულია, რომ ს.ვ–ძემ ფოსტას სააპელაციო საჩივარი 2024 წლის 31 დეკემბერს მიაწოდა, ხოლო სააპელაციო საჩივრის ფოსტაში მიღების დღედ შეცდომით დაფიქსირდა 13.01.2025 წ.. საფოსტო ბილზე ნომრით 04113 უნდა ეწეროს მიღებული დოკუმენტების ვადა 31.12.2024 წ. (ტ. 4, ს/ფ 261). ასევე, წარმოდგენილია შპს „გ.ლ–ის“ მენეჯერ გ.ხ–ისათვის ს.ვ–ძის მიერ, 2024 წლის 31 დეკემბერს, 40 ლარის ჩარიცხვის დამადასტურებელი ქვითარი. გ.ხ–ი ადასტურებს, რომ საფოსტო მომსახურების საფასური 2024 წლის 31 დეკემბერს მიიღო. ს.ვ–ძის განცხადებას ასევე ერთვის ა(ა)იპ სკ ბათუმის დელფინების პრეზიდენტის ი.ა–ოს მიერ გაცემული ცნობა, რომელშიც მითითებულია, რომ 2024 წლის 16 დეკემბერს 8 საათიდან დაახლოებით 13:30 წუთამდე ბათუმი-თბილისის მატარებლით ს.ვ–ძემ თავის 8 წლის შვილთან ი.ვ–ძესთან ერთად იმგზავრა (ქ. თბილისში ინტერის აკადემიაში ქ–ძის ფონდის მიერ ორგანიზებულ საფეხბურთო ტურნირზე მონაწილეობის მიღების მიზნით), ხოლო თბილისში ჩასვლის შემდეგ ...... 95ა-ში მდებარე სასტუმრო „ა–ში“ დაბინავების დროს იყო, იქვე დაახლოებით საღამოს 7 საათამდე.

11. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 16 მაისის განჩინებით მოსარჩელის კერძო საჩივარი მიღებულ იქნა განსახილველად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო კერძო საჩივრის საფუძვლების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ მოსარჩელის კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება კი უნდა დარჩეს უცვლელად, შემდეგ გარემოებათა გამო:

12. სსსკ-ის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად, ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. ამავე კოდექსის 410-ე მუხლის თანახმად, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ: ა) კანონის მითითებულ დარღვევას არა აქვს ადგილი; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა; გ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არსებითად სწორია, მიუხედავად იმისა, რომ გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი არ შეიცავს შესაბამის დასაბუთებას.

13. მოცემულ შემთხვევაში, საკასაციო სასამართლოს შეფასების საგანს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ხარვეზის გამოუსწორებლობის მოტივით სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების მართლზომიერება წარმოადგენს.

14. სსსკ-ის 368-ე მუხლის მე-5 ნაწილით, თუ სააპელაციო საჩივარი არ უპასუხებს ამ ნორმის მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც მას ვადას უნიშნავს. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული, სააპელაციო საჩივარი აღარ მიიღება.

15. გასაჩივრებული განჩინებით, სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველად იმ საფუძვლით, რომ სასამართლოს მიერ დადგენილ ვადაში აპელანტმა ხარვეზი არ შეავსო.

16. საქმის მასალებით დადგენილია, რომ ხარვეზის დადგენის თაობაზე 2024 წლის 22 ნოემბრის განჩინების ასლი აპელანტის წარმომადგენელს, ს.ვ–ძეს, 2024 წლის 16 დეკემბერს, პირადად ჩაჰბარდა (ტ. 4, ს/ფ 219) (სსსკ-ის 70.1 მუხლი).

17. სსსკ-ის 70-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლო შეტყობინების ადრესატისათვის ჩაბარება სასამართლოს მიერ განსაზღვრული საპროცესო ვადის დენის დაწყების საფუძველს წარმოადგენს. ამავე კოდექსის მე-60 მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით წლებით, თვეებით ან დღეებით გამოსათვლელი საპროცესო ვადის დენა იწყება იმ კალენდარული თარიღის ან იმ მოვლენის დადგომის მომდევნო დღიდან, რომლითაც განსაზღვრულია მისი დასაწყისი.

18. სსსკ-ის 59.1-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედება სრულდება კანონით დადგენილ ან სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში. ამავე კოდექსის 61-ე-63-ე მუხლების მიხედვით კი საპროცესო მოქმედება, რომლის შესასრულებლადაც დადგენილია ვადა, შეიძლება შესრულდეს ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ საათამდე, ხოლო საჩივარი ან საბუთები, რომელიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ განუხილველად დარჩება. ამ ნორმებიდან გამომდინარეობს, რომ მხარე ვალდებულია, სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში შეასრულოს დავალებული საპროცესო მოქმედება, წინააღმდეგ შემთხვევაში, იგი კარგავს შესაბამისი მოქმედების შესრულების უფლებას.

19. საკასაციო სასამართლო სრულად იზიარებს სააპელაციო სასამართლოს ამ განჩინების მე-6 პუნქტში მითითებულ ფაქტობრივ-სამართლებრივ მსჯელობასა და დასკვნებს. მართებულია სააპელაციო სასამართლოს მსჯელობა, რომ აპელანტს სააპელაციო სასამართლოს 2024 წლის 22 ნოემბრის განჩინება 2024 წლის 16 დეკემბერს, 18:18:22სთ ჩაჰბარდა (იხ.ს.ფ. 219), შესაბამისად, ხარვეზის გამოსწორების 15-დღიანი ვადის ათვლა 2024 წლის 17 დეკემბერს დაიწყო და 2024 წლის 31 დეკემბერს (სამშაბათი) ამოიწურა. ამ დროის განმავლობაში აპელანტს არც ხარვეზი გამოუსწორებია და არც რაიმე შუამდგომლობით მიუმართავს სასამართლოსათვის, რამაც სსსკ-ის 63-ე მუხლის თანახმად, სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვება განაპირობა.

20. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ კერძო საჩივრის ავტორს ურთიერთსაწინააღმდეგო პრეტენზიები აქვს წარმოდგენილი. პირველი შეეხება იმ გარემოებას, რომ აპელანტის წარმომადგენელი ს.ვ–ძე, 2024 წლის 16 დეკემბერს, ბათუმში არ იმყოფებოდა, შესაბამისად, მან გზავნილი არა 2024 წლის 16 დეკემბერს, არამედ 2024 წლის 17 დეკემბერს ჩაიბარა. აქედან გამომდინარე, ხარვეზის გამოსწორების ვადის ათვლა 2024 წლის 18 დეკემბერს დაიწყო და 2025 წლის 1 იანვარს ამოიწურა.

21. საკასაციო სასამართლო, კერძო საჩივრის ავტორის ამ პრეტენზიას დაუსაბუთებლად მიიჩნევს, რადგან საფოსტო დასტურში მითითებული თარიღი სასამართლოსათვის არის საპროცესო ვადის ათვლის წერტილი, ბილზე ასახულია მიმღები პირის ხელმოწერა, სახელი და გვარი, პირადი ნომერი და თარიღი - 2024 წლის 16 დეკემბერი, 18:18:22 სთ (ტ. 4, ს/ფ 219). საკასაციო სასამართლოსათვის აღნიშნული მონაცემები სარწმუნოა, ვიდრე საწინააღმდეგო არ დამტკიცდება. ამ მტკიცებულებას ვერ აქარწყლებს ვერც კერძო საჩივარს დართული ბათუმი-თბილისი რეისის რკინიგზის ბილეთი(გამგზავრება 16 დეკემბერი,8:00სთ-ჩასვლა16 დეკემბერი 13:17 სთ) და ვერც ა(ა)იპ სკ ბათუმის დელფინების პრეზიდენტის ი.ა–ოს მიერ გაცემული ცნობა, რომელშიც მითითებულია, რომ 2024 წლის 16 დეკემბერს, 8 საათიდან დაახლოებით 13:30 წუთამდე, ბათუმი-თბილისის მატარებლით ს.ვ–ძემ თავის 8 წლის შვილთან ი.ვ–ძესთან ერთად იმგზავრა (ქ. თბილისში ინტერის აკადემიაში ქ–ძის ფონდის მიერ ორგანიზებულ საფეხბურთო ტურნირზე მონაწილეობის მიღების მიზნით), ხოლო თბილისში ჩასვლის შემდეგ, ....... 95ა-ში მდებარე სასტუმრო „ა–ში“ დაბინავების დროს იყო, იქვე დაახლოებით საღამოს 7 საათამდე.

22. კერძო საჩივრის ავტორის მეორე პრეტენზია საკასაციო სასამართლოსათვის ასევე სარწმუნო არ არის, რადგან იგი ერთ შემთხვევაში ავითარებს მსჯელობას, რომ ხარვეზის გამოსწორების შესახებ განჩინება 2024 წლის 17 დეკემბერს ჩაჰბარდა, რის გამოც 14-დღიანი ვადა დარღვეული არ არის (იხ. ამ განჩინების მე-20 პუნქტი) და დასვენების დღეების გათვალისწინებით, 2025 წლის 13 იანვარს ჩააბარა ფოსტას სააპელაციო საჩივარი. ხოლო მეორე შემთხვევაში მიუთითებს, რომ საპროცესო ვადა არ დაურღვევია, რადგან ხარვეზის გამოსწორების მიზნით ფოსტას 2024 წლის 31 დეკემბერს მიმართა (იხ. შპს "გ.ლ–ის" მენეჯერის წერილი, რომელსაც არ გააჩნია სათანადო რეკვიზიტი, იგი ხელმოწერილი არ არის, ტ.4, ს/ფ 261).

23. საპროცესო უფლებები და მოვალეობები კანონის წინაშე თანასწორობის პრინციპის საფუძველზეა გადანაწილებული და მხარეთა მიერ საკუთარი მატერიალური უფლების ეფექტურად განკარგვა საპროცესო ნორმების მეშვეობით ხდება.

24. საკასაციო სასამართლო, არაერთ განჩინებაში უთითებს, რომ საპროცესო ნორმები, როგორც ფორმალურ წესთა ერთობლიობა, იმ სავალდებულო მოთხოვნებს ადგენს, რომელთა შეცვლა არც სასამართლოს და არც მხარეთა მიხედულებაზე არაა დამოკიდებული, შესაბამისად, სსსკ-ის 374-ე მუხლი ითვალისწინებს სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმებას, რაც სასამართლოს ვალდებულებაა. სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმებისას სასამართლოს მიერ დადგენილი ხარვეზი ემსახურება თითოეული პირის უფლებას, განხილულ იქნეს მისი პრეტენზია, საამისოდ კი, საპროცესო კოდექსითვე დადგენილია ის მოთხოვნები, რასაც უნდა აკმაყოფილებდეს სააპელაციო საჩივარი (სუსგ-ები: №ას-851-817-2016, 4.11.2016წ; №ას-1615-2019, 14.01.2020წ).

25. საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის პირველი პუნქტით, გარანტირებულია პირის უფლება, თავის უფლებათა დასაცავად მიმართოს სასამართლოს, 62-ე მუხლის მე-5 პუნქტით კი, სამართალწარმოება ხორციელდება მხარეთა თანასწორობისა და შეჯიბრებითობის საფუძველზე. შესაბამისად, სამართალწარმოება მიმდინარეობს ეკონომიურობისა და მხარეთა თანასწორობის დაცვის პრინციპებით (რაც იმას ნიშნავს, რომ ერთი პირის მიმართ ამა თუ იმ საპროცესო შეღავათის გაწევისას გასათვალისწინებელია მეორე მხარის ინტერესებიც). ცხადია, რომ ნებისმიერი შეზღუდვა უნდა იყოს ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლთან შესაბამისი. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს განმარტებით, სასამართლოსადმი ხელმისაწვდომობის უფლება არ არის აბსოლუტური და იგი შეიძლება დაექვემდებაროს შეზღუდვებს. აღნიშნული გამომდინარეობს იმ დასკვნიდან, რომ სასამართლოსადმი ხელმისაწვდომობის უფლება, თავისი ბუნებით, სახელმწიფო რეგულირებას ექვემდებარება. რეგულაცია შეიძლება განსხვავდებოდეს დროისა და ადგილის მიხედვით, საზოგადოებისა და ინდივიდების რესურსებისა და საჭიროებების საფუძველზე (იხ.: Golder judgment, p. 19, para. 38, quoting the "Belgian Linguistic" judgment of 23 July 1968, Series A no. 6, p. 32, para. 5). საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობა სააპელაციო საჩივრის დასაშვებობას უდგენს გარკვეულ შეზღუდვებს, მათ შორის, კანონით გათვალისწინებული გამონაკლისების გარდა (სსსკ-ის 46-48-ე მუხლები), აწესებს სააპელაციო საჩივარზე სახელმწიფო ბაჟის წინასწარ გადახდის ვალდებულებას. იმ შემთხვევაში, თუ აპელანტი არ შეასრულებს კანონით დადგენილ ვალდებულებებსა და სასამართლოს მითითებას (მითითებებს), იგი ვეღარ დაეყრდნობა სამართლიანი სასამართლოს უფლებას და ვერ მოითხოვს მისი საქმის განხილვას, ვინაიდან მიიღებს უარყოფით საპროცესო შედეგს, რასაც ითვალისწინებს საპროცესო კანონმდებლობა კანონით დადგენილი ვალდებულებებისა თუ სასამართლოს მითითებებით (იხ. სუსგ Nას-1615-2019, 14.01.2020წ. #ას-1188-2024, 22.11.2024 წ.).

26. საკასაციო სასამართლო დამატებით განმარტავს, რომ, როგორც საქართველოს კონსტიტუციით, ისე - „ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის“ კონვენციის მე-6 მუხლით გარანტირებული უფლების სასამართლო წესით დაცვის პრინციპი (რომელიც სამართლიანი სასამართლოს უფლების შინაარსიდან გამომდინარეობს) არ არის აბსოლუტური და ექვემდებარება შეზღუდვას, უფლებით დაცულ სფეროში ჩარევა გამართლებულია, თუკი იგი ლეგიტიმურ, კანონის მიზანს ემსახურება, ამ შემთხვევაში, ჩარევის ლეგიტიმური საფუძველი სწორედ სსსკ-ის 368-ე მუხლია, რომლის დარღვევის გამო სამართლებრივ შედეგს ამავე მუხლის მე-5 ნაწილი ითვალისწინებს. იმ ვითარებაში, როდესაც უდავოა, რომ თავად მხარემ დაარღვია საპროცესო კანონმდებლობის მოთხოვნები, სასამართლოს განსჯით, მის მიმართ მართლზომიერად შეიზღუდა უფლების სასამართლო წესით დაცვის შესაძლებლობა, რაც სასამართლოს მხრიდან ამ უფლების დარღვეულად მიჩნევას გამორიცხავს.

27. ამრიგად, იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ კერძო საჩივრის ავტორს სააპელაციო სასამართლოს მიერ განსაზღვრულ საპროცესო ვადაში, ხარვეზი არ გამოუსწორებია და არც შესაბამისი შუამდგომლობით მიუმართავს სასამართლოსთვის, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინების გაუქმების სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს, ხოლო წარმოდგენილ კერძო საჩივარს უარი უნდა ეთქვას დაკმაყოფილებაზე.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე, 420-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ბ.გ–ის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 22 იანვრის განჩინება;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე თეა ძიმისტარაშვილი

მოსამართლეები: მირანდა ერემაძე

არჩილ კოჭლამაზაშვილი