Facebook Twitter

საქმე №ას-812-2025 9 ივლისი, 2025 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

არჩილ კოჭლამაზაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

თეა ძიმისტარაშვილი, მირანდა ერემაძე

საჩივრის ავტორი (განმცხადებელი) – შპს „ა.ე–ი“

მოწინააღმდეგე მხარეები – ა.ი.ვ.თ–ი, ა.ი.ვ.თ. საქართველო

გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 17 იანვრის განჩინება

საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების ნაწილობრივ გაუქმება

დავის საგანი – საარბიტრაჟო სარჩელის უზრუნველყოფა

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი განხილვის გარეშე

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

1. შპს „ა.ე–იმ“ 2025 წლის 16 იანვარს განცხადებით მიმართა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს, მოითხოვა საარბიტრაჟო სარჩელის უზრნველყოფა.

2. განმცხადებლის განმარტებით, ახორციელებს გოგინაური ჰესის მშენებლობას მდინარე მოდულისწყალზე, რომელიც მდებარეობს მაღალმთიან აჭარაში, შუახევის რაიონში. აღნიშნული ჰესის მშენებლობის მიზნით 2021 წლის 26 აგვისტოს თურქულ კომპანიასთან ა.ი.ვ.თ–თან გაფორმდა შესაბამისი ხელშეკრულება. ხსენებულ თურქულ კომპანიას საქართველოში აქვს ფილიალი, კერძოდ, ა.ი.ვ.თ. საქართველო. 2021 წლის 26 აგვისტოს ხელშეკრულების ფარგლებში, მშენებელმა დაარღვია თავისი ვალდებულებები და გადააცილა შესრულების ვადას. დღემდე ჰესის მნიშვნელოვანი ნაწილი აუშენებელია და ამით განმცხადებელს ადგება კოლოსალური ფინანსური ზიანი. აღნიშნულის გათვალისწინებით შპს ა.ე–იმ შეიტანა სარჩელი განსჯად ორგანოში (არბიტრაჟში) და მოითხოვა პირგასამტეხლოს დაკისრება მშენებელ კომპანიაზე.

3. განცხადების შეტანის დღისთვის შპს ა.ე–იმ ისარგებლა მისი უფლებით დაეზუსტებინა სასარჩელო მოთხოვნა და ახალი განცხადებით, უკვე მოთხოვნილი 400 560 აშშ დოლარის პირგასამტეხლოს გარდა, დააყენა შემდეგი მოთხოვნები: 1 358 000 აშშ დოლარი - მიუღებელი შემოსავალი მოპასუხის მიერ მშენებლობის დასრულების ვადის გადაცილების გამო, რამაც გამოიწვია ელექტროენერგიის გაყიდვის პროცესის შეფერხება. 320 000 აშშ დოლარი - აუთვისებელი ავანსი. 35 000 აშშ დოლარი - შპს ა.ე–ის მიერ მოპასუხის თანამშრომლებისა და კონტრაქტორებისთვის გადახდილი თანხა. 280 000 აშშ დოლარი - ადმინისტრაციული და მობილიზაციისთვის საჭირო ხარჯები, რომლებიც შპს ა.ე–იმ გაიღო მოპასუხის მიერ მშენებლობის დასრულებისთვის დადგენილი ვადის გადაცილების შედეგად გამოწვეული შეფერხებების გამო. 2 000 000 აშშ დოლარი - გაზრდილი ხარჯები, გაწეული გოგინაური ჰესის მშენებლობის დროს დარჩენილი სამუშაოების დასრულებასთან დაკავშირებით. 42 000 აშშ დოლარი - შნაიდერის მასალებისთვის გადახდილი თანხა, რომელთა სამშენებლო მოედანზე მიტანაც არ განახორციელა მოპასუხემ.

4. განმცხადებლის მითითებით, საარბიტრაჟო სარჩელის ფასი შეადგენს 4 435 560 აშშ დოლარს. სწრედ აღნიშნულიდან გამომდინარე, საკუთარი მოთხოვნების დაკმაყოფილების მიზნით მოითხოვა უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების სახით მოპასუხის ბალანსზე არსებულ მოძრავი ნივთების (VLGE627FEN0600196 SDLG ექსკავატორი E6275F; VLGL956FAN0624978 SDLG Loader L956F; 8161005312 Tower light გენერატორი 50Hz 230V1PH; 8170023129 Tower light განათების კოშკურა; VCEC350DT00271255 ვოლვო ექსკავატორი EC350DL; წყლის ტუმბო; EMSA40KVAD 40KVA გენერატორი; VCEC350DA00271409 ვოლვო ექსკავატორი EC350DL; 5100O30604 ბეტონის ვიბრატორი BS 60-2 Plus; 5100O30604 ბეტონის ვიბრატორი BS 60-2 Plus; GENPOWER 55 kva გენერატორი; GENPOWER 110 kva გენერატორი; საოფისე და სამზარეულოს შენობები - 136.055,56$; ბეტონის ქარხანა) გასხვისების, ქვეყნის საზღვრებს გარეთ გაყვანა/გატანის ან/და სანივთო უფლებებით დატვირთვის, ჰესის სამშენებლო მოედნებიდან (საკ. კოდი №......, საკ. კოდი №....... და საკ. კოდი №.......) გაყვანის აკრძალვა, ასევე, ორი ავტომანქანის (MITSUBISHI PAJERO IO და MERCEDES-BENZ GL ...) აღსრულების ბიუროს პარკინგზე გადაყვანა.

5. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 17 იანვრის განჩინებით განცხადება ნაწილობრივ დაკმაყოფილდა:

5.1. მოპასუხე ა.ი.ვ.თ–ის (434..) ქართულ ფილიალს ა.ი.ვ.თ– საქართველოს (445638..) აეკრძალა სსიპ შსს-ს მომსახურების სააგენტოში მის სახელზე რიცხული შემდეგი სატრანსპორტო საშუალებების გასხვისება/უფლებრივად დატვირთვა და საქართველოდან გაყვანა - MITSUBISHI PAJERO IO, სახელმწიფო სანომრე ნიშანი: ....X, შასი: H77W0201551. MERCEDES-BENZ GL .., საიდენტიფიკაციო ნომერი: 4JGBF2......, სახელმწიფო სანომრე ნიშანი: .......; აღნიშნული სატრანსპორტო საშუალებების შენახვა დაევალა მოპასუხე ა.ი.ვ.თ–ის (434.) ქართულ ფილიალს ა.ი.ვ.თ– საქართველოს (445638...).

6. ა.ი.ვ.თ–ის (4345..) ქართულ ფილიალს ა.ი.ვ.თ– საქართველოს (4456....) აეკრძალა სსიპ შსს-ს მომსახურების სააგენტოში მის სახელზე რიცხული შემდეგი სატრანსპორტო საშუალებების გასხვისება, უფლებრივად დატვირთვა, საქართველოდან და სამშენებლო მოედნიდან (საკ. კოდი №......., საკ. კოდი №........ და საკ. კოდი №........) გაყვანა:

6.1. VOLVO EC350DL, ექსკავატორი, საიდენტიფიკაციო ნომერი: ........, სახელმწიფო სანომრე ნიშანი: ........;

6.2. SDLG E 6275 F, ექსკავატორი, საიდენტიფიკაციო ნომერი: ......, სახელმწიფო სანომრე ნიშანი: .......;

6.3. SDLG L956F, თვლიანი სატვირთველი, საიდენტიფიკაციო ნომერი: .........., სახელმწიფო სანომრე ნიშანი: ......; 15

6.4. VOLVO EC350DL, ექსკავატორი, საიდენტიფიკაციო ნომერი: ......., სახელმწიფო სანომრე ნიშანი: ........

7. ა.ი.ვ.თ–ს (4345...) აეკრძალა მის საკუთრებაში არსებული შემდეგი ნივთების გასხვისება, უფლებრივად დატვირთვა, ასევე, საქართველოდან და სამშენებლო მოედნიდან (საკ. კოდი №......., საკ. კოდი №....... და საკ. კოდი №.........) გატანა:

7.1. 8161005312 Tower Light გენერატორი 50Hz 230V1PH; 3.2. 8170023129 Tower Light განათების კოშკურა;

7.2. EMSA40KVAD 40KVA გენერატორი;

7.3. ორი ცალი 5100030604 ბეტონის ვიბრატორი BS 60-2Plus;

7.4. GENPOWER 55 kva გენერატორი;

7.5. GENPOWER 110 kva გენერატორი;

7.6. საოფისე და საძინებელი ფუნქციის ორსართულიანი მოძრავი შენობა (ფერი: რუხი, დაკავებული მიწის ფართობი: 350 კვ. მეტრი);

7.7. სასაწყობე და სასადილო ფუნქციის ერთსართულიანი მოძრავი შენობა (ფერი: რუხი, დაკავებული მიწის ფართობი: 347 კვ. მეტრი);

7.8. ბეტონის ქარხანა PROMAX M35-PLNT;

7.9. წყლის ტუმბო Standart 50Hz, 380V, Class-F, IP68.

8. სააპელაციო სასამართლოს დასახელებულ განჩინებაზე, განცხადების დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში საჩივარი წარადგინა განმცხადებელმა, გასაჩივრებული განჩინების გაუქმების მოთხოვნით.

8.1. განმცხადებლის განმარტებით, ორი სატრანსპორტო საშუალების (MITSUBISHI PAJERO IO, სახელმწიფო სანომრე ნიშანი: ......, შასი: H77W0201551. MERCEDES-BENZ ...., საიდენტიფიკაციო ნომერი: 4JG........, სახელმწიფო სანომრე ნიშანი: ....) აღსრულების ეროვნული ბიუროს პარკინგზე გადაყვანის მოთხოვნის დაკმაყოფილება, უზრუნველყოფს მოწინააღმდეგე მხარის მიერ მათი დაშლის, ნაწილებად გაყიდვის ან არაკეთილსინდისიერ გარიგებებში ობიექტად გამოყენების რისკების გამორიცხვას.

9. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 26 თებერვლის განჩინებით საჩივარი, არ დაკმაყოფილდა და საქმის მასალებთან ერთად გადმოეგზავნა საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატას.

10. სააპელაციო სასამართლომ განმარტა, რომ დავის საგნის გათვალისწინებით, განმცხადებელმა დაასაბუთა ამ საქმეზე უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების აუცილებლობა, რომელიც მიმართულია დარღვეული უფლების აღდგენისაკენ (დაცვისაკენ)/, რადგან სარჩელის დაკმაყოფილების შემთხვევაში გადაწყვეტილებით განსაზღვრული სამართლებრივი შედეგის დადგომა დამოკიდებული იქნება არა მხოლოდ გადაწყვეტილების ძალაში შესვლაზე, ასევე მოპასუხის ნებაზე. ასეთი ნების არარსებობის შემთხვევაში კი, გადაწყვეტილებით განსაზღვრული შედეგის დადგომა დამოკიდებული ხდება ისეთ საშუალებაზე, როგორიცაა იძულებითი აღსრულება. თუკი გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის მომენტისათვის არ იარსება მოსარჩელის დაკმაყოფილების საშუალებამ, მაგალითად, ქონების გასხვისების, სხვა ქონების არ არსებობის გამო, გადაწყვეტილება დარჩება აღუსრულებელი ან გართულდება მისი აღსრულება. სასამართლომ, კი, უნდა უზრუნველყოს სამომავლო გადაწყვეტილების აღსრულება.

11. გასაჩივრებული განჩინებით მართებულად დადგინდა სარჩელის დავის საგნის დაცვის უზრუნველყოფა მოძრავ ქონებებზე სამართლებრივი შეზღუდვის გამოყენებით, ხოლო აღნიშნული სატრანსპორტო საშუალებები შესანახად ჩაბარდა მოპასუხე შპს „ა.ი.ვ.თ–ის“. სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, წარდგენილი საჩივარი ახალ, პატივსადებ გარემოებებზე მითითებას არ შეიცავდა, რის გამოც არ უნდა დაკმაყოფილებულიყო.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის, საჩივრის საფუძვლების გამოკვლევისა და გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, უცვლელად უნდა დარჩეს გასაჩივრებული განჩინება, შემდეგ გარემოებათა გამო:

12. სსსკ-ის 399-ე მუხლის საფუძველზე, საქმის განხილვა საკასაციო სასამართლოში წარმოებს იმ წესების დაცვით, რომლებიც დადგენილია სააპელაციო სასამართლოში საქმეთა განხილვისათვის, გარდა იმ გამონაკლისებისა, რომელთაც სსსკ-ის XLIX თავი შეიცავს. სსსკ-ის 1971-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, ზემდგომი ინსტანციის სასამართლოში საჩივარი განიხილება ამავე კოდექსის 419-ე და 420-ე მუხლებით დადგენილი წესებით. ამავე კოდექსის 410-ე მუხლის თანახმად, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ: ა. კანონის მითითებულ დარღვევას არა აქვს ადგილი; ბ. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა; გ. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არსებითად სწორია, მიუხედავად იმისა, რომ გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი არ შეიცავს შესაბამის დასაბუთებას. ზემოაღნიშნული გარემოებების შეფასების შედეგად საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს და უცვლელად უნდა დარჩეს გასაჩივრებული განჩინება (იხ. სუსგ. #ას-67-67-2018. 31.01.2018წ).

13. საკასაციო სასამართლო თავდაპირველად აღნიშნავს, რომ მხარეს შეუძლია საარბიტრაჟო სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიებების გამოყენების მოთხოვნით მიმართოს სასამართლოს („არბიტრაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის 23.1 მუხლი). სასამართლოს მიერ საარბიტრაჟო სარჩელის უზრუნველყოფასთან დაკავშირებით გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის XXIII თავით დადგენილი წესები, გარდა 198-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ვ“ და „ი“ ქვეპუნქტებისა, საერთაშორისო საარბიტრაჟო წარმოების თავისებურებათა გათვალისწინებით („არბიტრაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის 23.3 მუხლი).

14. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 35612 მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, არბიტრაჟთან დაკავშირებულ საქმეებს სასამართლო განიხილავს ამ კოდექსით დადგენილი წესებით.

15. ამავე კოდექსის 35613 მუხლის მიხედვით სააპელაციო სასამართლოები განიხილავენ საქმეებს საარბიტრაჟო სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ.

16. სსსკ-ის 191-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მოსარჩელეს შეუძლია მიმართოს სასამართლოს სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ განცხადებით, რომელშიც მითითებული უნდა იყოს გარემოებები, რომელთა გამოც სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოუყენებლობა გააძნელებს ან შეუძლებელს გახდის გადაწყვეტილების აღსრულებას, დარღვეული ან სადავო უფლების განხორციელებას, გამოიწვევს გამოუსწორებელ და პირდაპირ ზიანს ან ისეთ ზიანს, რომელიც კომპენსირებული ვერ იქნება მოპასუხისათვის ზიანის ანაზღაურების დაკისრებით. ეს განცხადება ასევე უნდა შეიცავდეს დასაბუთებას, თუ სარჩელის უზრუნველყოფის რომელი ღონისძიების გამოყენება მიაჩნია მოსარჩელეს აუცილებლად. რომელიმე ზემოაღნიშნული გარემოების არსებობის შემთხვევაში სასამართლოს გამოაქვს სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ განჩინება. სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენება ემყარება სასამართლოს ვარაუდს, რომ სარჩელი შეიძლება დაკმაყოფილდეს. სასამართლოს მსჯელობა სარჩელის მატერიალურ და საპროცესო წინაპირობებზე გავლენას არ ახდენს სასამართლოს საბოლოო გადაწყვეტილებაზე.

17. მოხმობილი ნორმათა შინაარსიდან გამომდინარე, კანონმდებელი შესაძლებლობას აძლევს მოსარჩელე მხარეს, მხოლოდ საკუთარი კანონიერი უფლებების დაცვის მიზნით, მოითხოვოს სარჩელის (მათ შორის საარბიტრაჟო სარჩელის) უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენება. ამისათვის მოსარჩელემ სარწმუნოდ უნდა დაასაბუთოს სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების საჭიროება, რათა სასამართლოს შეუქმნას რწმენა კონკრეტულ გარემოებათა საფუძველზე გადაწყვეტილების უზრუნველყოფის აუცილებლობის შესახებ.

18. აღნიშნული საკითხების დამაჯერებლად დამტკიცება მნიშვნელოვანია, რამდენადაც მსგავსი სახის უზრუნველყოფა წარმოადგენს ერთი მხარისათვის თავისი უფლებების დაცვის გარანტს, ხოლო მეორე მხარეს უზღუდავს კანონიერი უფლებების განხორციელების შესაძლებლობას. შესაბამისად, გადაწყვეტილების უზრუნველყოფის საკითხის გადაწყვეტისას და ერთ-ერთი მხარის უფლებების, თუნდაც კანონისმიერ ფარგლებში შეზღუდვისას, სასამართლო უნდა ემყარებოდეს დასაბუთებულ ვარაუდს, რომ აღნიშნული საპროცესო ღონისძიების გატარების გარეშე ობიექტურად შეუძლებელი გახდება ან მნიშვნელოვნად გართულდება საქმის განხილვის სამართლებრივი შედეგის – სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულება.

19. ამდენად, საკუთრების ნებისმიერი შეზღუდვის შემთხვევაში, შეზღუდვა უნდა განხორციელდეს მხარის ინტერესთა შორის სამართლიანი ბალანსისა და პროპორციულობის პრინციპის გათვალისწინებით. საკუთრების უფლებაში ჩარევა უნდა პასუხობდეს დასახულ მიზანს და იმდენად უნდა იწვევდეს მესაკუთრის უფლებების შეზღუდვას, რამდენადაც ეს აუცილებელია ამ მიზნის მისაღწევად.

20. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო თავის არაერთ გადაწყვეტილებაში ხაზს უსვამს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების აღსრულების მნიშვნელობას და განმარტავს, რომ „სარჩელის წარდგენის უფლება არ არის თეორიული უფლება და არ უზრუნველყოფს მხოლოდ უფლების აღიარებას საბოლოო გადაწყვეტილების მეშვეობით, არამედ ასევე შეიცავს ლეგიტიმურ მოლოდინს იმასთან დაკავშირებით, რომ გადაწყვეტილება აღსრულდება“ (იხ. „აპოსტოლი საქართველოს წინააღმდეგ“, განაცხადი №40765/02; Burdov v. Russia, no. 59498/00, §34, ECHR 2002-III; Hornsby v. Greece , judgment of 19 March 1997, Reports of Judgments and Decisions 1997-II, p. 510, §40 Hornsby; Mutishev and Others v. Bulgaria, 18967/03, §129, 3 December 2009; Antonetto v. Italy, no. 15918/89, §28, 20 July 2000).“

21. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ სამართლიანი სასამართლოს უფლება თავის თავში გულისხმობს სახელმწიფოს მხრიდან იმგვარი რეგულაციის შექმნის ვალდებულებას, რომელიც უზრუნველყოფს სასამართლოს გადაწყვეტილების ეფექტურ აღსრულებას. საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით „საქართველოს კონსტიტუციით გარანტირებული სასამართლოსადმი მიმართვის უფლება... უნდა იყოს არა ილუზორული, არამედ ქმნიდეს პირის უფლებებში ჯეროვნად აღდგენის რეალურ შესაძლებლობას და წარმოადგენდეს უფლების დაცვის ეფექტურ საშუალებას“ (იხ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2014 წლის 24 დეკემბრის №3/2/577 გადაწყვეტილება, II-30).

22. მოცემულ შემთხვევაში, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 17 იანვრის განჩინებით უზრუნველყოფის შესახებ განცხადება ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მოპასუხეს, საკუთრებაში არსებული ნივთების/სატრანსპორტო საშუალებების უფლებრივად დატვირთვა, გასხვისება, ასევე სამშენებლო მოედნიდან და საქართველოდან გაყვანა აეკრძალა. ამდენად, საჩივრის საგანია, ორი სატრანსპორტო საშუალების (MITSUBISHI PAJERO IO, სახელმწიფო სანომრე ნიშანი: ......, შასი: H77W0201551. MERCEDES-BENZ GL ..., საიდენტიფიკაციო ნომერი: 4J......, სახელმწიფო სანომრე ნიშანი: L....) აღსრულების ეროვნული ბიუროს სადგომზე გადაყვანის შესახებ მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ განჩინების მართლზომიერების შეფასება.

23. საკასაციო სასამართლო საჩივრის ავტორის პრეტენზიის საპირისპიროდ იზიარებს სააპელაციო პალატის დასაბუთებას და მიიჩნევს, რომ გასაჩივრებული განჩინებით დაწესდა საარბიტრაჟო მოსარჩელის კანონიერი ინტერესების უზრუნველყოფის გონივრული ფარგლები. მოვალე ვერ შეძლებს სადავო საგნის რეალიზებას ან სხვაგვარად უფლებრივად დატვირთვას, აგრეთვე საქართველოდან გაყვანას განმცხადებლის უფლებების საზიანოდ. შესაბამისად, საარბიტრაჟო სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ მხარის განცხადების მიზანი მიღწეულია.

24. საკასაციო სასამართლო დამატებით განმარტავს, რომ მოპასუხის საკუთრებაში არსებული ორი სატრანსპორტო საშუალების, აღსრულების ეროვნული ბიუროს სადგომზე გადაყვანის შესახებ, საჩივრის ავტორის პოზიცია დაუსაბუთებელია და არ შეიცავს სარწმუნო დასაბუთებას, უკვე გამოყენებული ღონისძიების პირობებში, დამატებით, ასეთი შეზღუდვის დაწესების გადაუდებელი საჭიროების შესახებ. საპირისპიროდ კი, ასეთი მოთხოვნის დაკმაყოფილება, საარბიტრაჟო მოპასუხის უფლებების არათანაზომიერ და გაუმართლებელ შეზღუდვას გამოიწვევს, ამდენად, საჩივრის ავტორმა ვერ დაასაბუთა, რით დასტურდება მისთვის მოსალოდნელი ზიანის მიყენების ალბათობა, რაც, სსსკ-ის 102-ე მუხლით დადგენილი მტკიცების სტანდარტის თანახმად, მისი მოვალეობა იყო. საკასაციო სასამართლო, საჩივრის ავტორის მიერ მითითებული უზრუნველყოფის ღონისძიების მიზნების გათვალისწინებით სააღსრულებო წარმოებათა შესახებ საქართველოს კანონის მე-40 მუხლის მე-4 პუნქტზე მიუთითებს, რომლის მიხედვითაც ყადაღადადებული ქონების მოვალის ან მინდობილი პირის - შემნახველის მიერ ყოველგვარი განკარგვა გამოიწვევს პასუხისმგებლობას საქართველოს სისხლის სამართლის კანონმდებლობით გათვალისწინებული წესით და განმარტავს, რომ კანონმდებლის აღნიშნული დათქმა დამატებით უზრუნველყოფს წინამდებარე შემთხვევაში, საჩივრის ავტორის რისკებს საარბიტრაჟო სარჩელის დაკმაყოფილების შემთხვევაში, გადაწყვეტილების აღსრულების თაობაზე.

25. ამდენად, საკასაციო პალატა იზიარებს საარბიტრაჟო სარჩელის უზრუნველყოფის მიზნებისა და ამ ინსტიტუტის დანიშნულებაზე სააპელაციო სასამართლოს მიერ განვითარებულ მსჯელობას და დამატებით აღნიშნავს, რომ გასაჩივრებული განჩინების სამართლებრივი მსჯელობა შესაბამისობაშია უზენაესი სასამართლოს მიერ დადგენილ ერთგვაროვან სასამართლო პრაქტიკასთან, რომელთა დასაბუთების ნაწილი წინამდებარე განჩინებაშიც აისახა.

26. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, ზემდგომი სასამართლოს განჩინება კერძო საჩივრის (საჩივრის) თაობაზე არ გასაჩივრდება.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე, 372-ე, 1971.4-ე, 264.3-ე, 284-ე, 285-ე, 419-ე, 420-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. შპს „ა.ე–ის“ საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. უცვლელად დარჩეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 17 იანვრის განჩინება;

3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ა. კოჭლამაზაშვილი

მოსამართლეები: თ. ძიმისტარაშვილი

მ. ერემაძე