საქმე№ას-818-2025 9 ივლისი, 2025 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
არჩილ კოჭლამაზაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
თეა ძიმისტარაშვილი, მირანდა ერემაძე
კასატორი – თ.ე–ვა (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე – შპს „ა.დ–ე“ (მოსარჩელე)
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 28 აპრილის განჩინება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა
დავის საგანი – უკანონო მფლობელობიდან უძრავი ნივთის გამოთხოვა
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
1. სარჩელის მოთხოვნა
1.1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სარჩელით მიმართა შპს „ა.დ–ემ“ (შემდეგში: მოსარჩელე, კომპანია) თ.ე–ვას (შემდეგში: მოპასუხე, აპელანტი ან კასატორი) წინააღმდეგ, მოითხოვა მოპასუხის უკანონო მფლობელობიდან უძრავი ნივთის მდებარე მისამართზე ქ. თბილისი, ........., ს/კ:N.....გამოთხოვა და თავისუფალ მდგომარეობაში მისთვის გადაცემა. მოსარჩელემ ასევე იშუამდგომლა გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსასრულებლად გადაცემა.
2. მოპასუხის შესაგებელი
2.1. მოპასუხემ წარდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნო და მიუთითა რომ სადავო ქონებაში 2020 წლიდან ცხოვრობს ქირავნობის ხელშეკრულების საფუძველზე.
3. თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება
3.1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2025 წლის 11 თებერვლის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა: მოპასუხის უკანონო მფლობელობიდან გამოთხოვილ იქნა უძრავი ნივთი, მდებარე მისამართზე ქ. თბილისი, ......., ს/კ: N........და თავისუფალ მდგომარეობაში გადაეცა მოსარჩელეს. ამავე გადაწყვეტილებით, მოსარჩელის შუამდგომლობა, გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსასრულებლად გადაცემის შესახებ არ დაკმაყოფილდა.
4. მოპასუხის სააპელაციო მოთხოვნა
4.1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2025 წლის 11 თებერვლის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოპასუხემ, გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმებისა და სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის მოთხოვნით.
5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს განჩინება და დასკვნები
5.1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 28 აპრილის განჩინებით თ.ე–ვას სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და უცვლელი დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2025 წლის 11 თებერვლის გადაწყვეტილება.
5.2. სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ სადავო უძრავი ქონების მესაკუთრეა მოსარჩელე, ხოლო მოპასუხე აღნიშნულ ნივთს სამართლებრივი საფუძვლის გარეშე ფლობდა.
5.3. სააპელაციო პალატამ მიუთითა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტზე და მიიჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სავსებით სწორად შეაფასა დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები და მართებულად განმარტა, რომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 172-ე მუხლის 1-ელი ნაწილის საფუძველზე, აპელანტი ვალდებული იყო დაებრუნებინა მესაკუთრისათვის კუთვნილი ქონება.
5.4. სააპელაციო სასამართლომ არ გაიზიარა აპელანტის მტკიცება, რომ სადავო ქონების მართლზომიერი მფლობელი იყო, რაც სარჩელის დაკმაყოფილებას გამორიცხავდა. სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, აპელანტს ქირავნობის ხელშეკრულების დამადასტურებელი არც ერთი მტკიცებულება სასამართლოსთვის არ წარუდგენია. ამასთან, მხარის მტკიცება, რომ ქირავნობის ხელშეკრულება ზეპირად დაიდო, ხოლო ქირას ხელზე გადასცემდა მესაკუთრეს, არასარწმუნო და დაუსაბუთებელი იყო, მით უფრო იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ მესაკუთრე იურიდიული პირია.
5.5. ამდენად, სააპელაციო სასამართლომ განმარტა, რომ სადავო ქონება მესაკუთრეს აპელანტისთვის არ გადაუცია, რის გამოც მოსარჩელე გარიგებისმიერი ან სახელმწიფოს მიერ მიღებული აქტით შებოჭილი არ იყო.
5.6. სააპელაციო სასამართლომ დამატებით განმარტა, რომ აპელანტის სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან სიაში იყო რეგისტრირებული, რაც ასევე არ ანიჭებდა მოსარჩელის საკუთრებაში არსებული ნივთის ფლობის უფლებას.
6. მოპასუხის საკასაციო საჩივარი
6.1. მოპასუხემ, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 28 აპრილის განჩინებაზე წარდგენილი საკასაციო საჩივრით, გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
6.2. კასატორმა განმარტა, რომ სარჩელი უსაფუძვლა, კერძოდ სადავო ბინაში ბოლო 4 წელია ცხოვრობს სამართლებრივი საფუძვლით, ქირავნობით და ქირას იხდიდა ყოველთვიურად, 300 ლარის ოდენობით, ქირის თანხას გადასცემდა ხელზე.
6.3. კასატორმა ასევე განმარტა, რომ არის სოციალურად დაუცველი და მისი ოჯახის სარეიტინგო ქულაა 61 340. ამდენად, ვინაიდან არ აქვს არანაირი შემოსავლი, ბოლო რამოდენიმე თვე ვერ მოახერხა ქირის გადახდა, თუმცა გადახდაზე უარი არ უთქვამს.
6.4. კასატორის განმარტებით, სააპელაციო სასამართლომ მხარეთა დაუსწრებლად განიხილა საქმე, რამაც მხარეთა შორის თანასწორობის უფლების დარღვევა გამოიწვია მესაკუთრის სასარგებლოდ.
7. საკასაციო სამართალწარმოების ეტაპი
7.1. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 23 ივნისის განჩინებით, საკასაციო საჩივარი წარმოებაშია მიღებული საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის თანახმად, დასაშვებობის შესამოწმებლად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
8. საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, მტკიცებულებათა გაანალიზების, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის იურიდიული დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც დაუშვებელია.
9. სსსკ-ის 391-ე მუხლის მე-5 ნაწილით გათვალისწინებული ნორმის დანაწესით, საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ:
ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;
ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;
გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;
დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;
ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;
ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას ან/და მის დამატებით ოქმს/ოქმებს და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;
ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.
10. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არც ერთი ზემოხსენებული საფუძვლით.
11. სსსკ-ის 404-ე მუხლის პირველი პუნქტით, საკასაციო სასამართლო გადაწყვეტილებას ამოწმებს საკასაციო საჩივრის ფარგლებში, ამავე კოდექსის 407-ე მუხლის პირველი ნაწილით, საკასაციო სასამართლო იმსჯელებს მხარის მხოლოდ იმ ახსნა-განმარტებაზე, რომელიც ასახულია სასამართლოთა გადაწყვეტილებებში ან სხდომათა ოქმებში. გარდა ამისა, შეიძლება მხედველობაში იქნეს მიღებული ამ კოდექსის 396-ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტში მითითებული ფაქტები; ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება); საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ კასატორს არ წარმოუდგენია დასაბუთებული პრეტენზია (შედავება), რაც საშუალებას მისცემდა სასამართლოს, არსებითად განსახილველად დაეშვა საკასაციო განაცხადი.
12. განსახილველ შემთხვევაში, სააპელაციო სასამართლომ მართებულად განსაზღვრა მოთხოვნის ფაქტობრივი საფუძვლები და მართებულად მიუთითა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ სამართლებრივად მნიშვნელოვან ფაქტებზე (იხ. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის, შემდეგში სსსკ-ის 390-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტი) :
12.1. საჯარო რეესტრის ამონაწერის მიხედვით, უძრავი ნივთი, მდებარე მისამართზე ქ. თბილისი, ...... ქუჩის შესახვევი N1, ს/კ: N.......წარმოადგენს მოსარჩელე კომპანიის საკუთრებას. ამავე ამონაწერის მიხედვით სადავო ქონება, არათუ მოპასუხის, არამედ სხვა სახის ვალდებულებებითაც არაა დატვრთული.
12.2. მოპასუხე სამართლებრივი საფუძვლის გარეშე ფლობს სადავო უძრავ ქონებას.
13. საკასაციო სასამართლო, საპროცესო სამართლით დადგენილი მტკიცების სტანდარტის გათვალისწინებით განმარტავს, რომ სსსკ-ის მე-4 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები. ამავე კოდექსის 102-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილების მიხედვით, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, ფაქტების კონსტატაციის მასალებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით, ხოლო მე-3 ნაწილის მიხედვით, საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით.
14. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ მოპასუხე (კასატორი) მოსარჩელის საკუთრების უფლებას უძრავ ქონებაზე სადავოდ არ ხდის. კასატორის პრეტენზიის მიხედვით, სადავო ქონებას მართლზომიერად ფლობს, კერძოდ, ზეპირად დადებული ქირავნობის ხელშეკრულების საფუძველზე, ხელზე იხდის ყოველთვიურ ქირას.
15. საკასაციო სასამართლო მიუთითებს სსკ-ის 168-ე ნივთის მფლობელობა წყდება, თუ მესაკუთრე მფლობელს წაუყენებს დასაბუთებულ პრეტენზიას, 170-ე მუხლის პირველ ნაწილსა მესაკუთრეს შეუძლია კანონისმიერი ან სხვაგვარი, კერძოდ, სახელშეკრულებო შებოჭვის ფარგლებში თავისულად ფლობდეს და სარგებლობდეს ქონებით, არ დაუშვას სხვა პირთა მიერ ამ ქონებით სარგებლობა, განკარგოს იგი, თუკი ამით არ ილახება მეზობლების ან სხვა მესამე პირთა უფლებები, ანდა, თუ ეს მოქმედება არ წარმოადგენს უფლების ბოროტად გამოყენებას და 172-ე მუხლის პირველ ნაწილზე მესაკუთრეს შეუძლია მფლობელს მოსთხოვოს ნივთის უკან დაბრუნება, გარდა იმ შემთხვევისა, როცა მფლობელს ჰქონდა ამ ნივთის ფლობის უფლება.
16. შესაბამისად, მესაკუთრის მიერ უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვის მართლზომიერებისთვის უნდა არსებობდეს შემდეგი წინაპირობები: ა) მოსარჩელე უნდა იყოს მესაკუთრე, ბ) მოპასუხე უნდა იყოს ნივთის მფლობელი და გ) მოპასუხეს არ უნდა ჰქონდეს ამ ნივთის ფლობის უფლება (სუსგ №ას-914-2019, 25.07.2019წ.; №ას-246-246-2018; 20.03.2018წ.).
17. ამდენად, განსახილველ შემთხვევაში, კასატორს, მოსარჩელის მოთხოვნის გასაბათილებლად, რომელიც, თავის მხრივ, საჯარო რეესტრის ჩანაწერების მიმართ უტყუარობისა და სისრულის პრეზუმფციას (იხ. სსკ-ის 311-ე, 312-ე მუხლები) ემყარებოდა, სასამართლოსთვის არ წარმოუდგენია დასაბუთებული შედავება და სამართლებრივად ვარგისი მტკიცებულებები, რომლითაც ან გამოირიცხებოდა მოსარჩელის საკუთრების უფლება სადავო ქონებაზე, ან დადგინდებოდა, კასატორის უკეთესი უფლება ამავე ნივთზე, რაც შეზღუდავდა მესაკუთრის უფლებას სადავო ქონებასთან მიმართებით კასატორმა ვერ მიუთითა ისეთ გარიგებისმიერ ან კანონისმიერ საფუძვლებზე (იხ. სსკ-ის 162-ე მუხლი), რომლის მიხედვითაც სადავო საგნის მართლზომიერ მფლობელად ჩაითვლებოდა.
18. საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მსჯელობასა და დასკვნებს, რომ მხარეთა შორის ზეპირად დადებული ქირავნობის ხელშეკრულებისა და ქირის ხელზე გადახდის ფაქტი სარწმუნოდ ვერ დაადასტურა მოსარჩელემ (იხ. სსკ-ის 429-ე მუხლი). კასატორის პრეტენზიების მიხედვით, სადავო ბინაში, დასახელებული ხელშეკრულების საფუძველზე 4 წელია ცხოვრობს, თუმცა ხელშეკრულების ვადაზე კასატორს არ მიუთითებია. ამდენად, იმ პირობებშიც კი თუ დავუშვებთ, რომ მხარეთა შორის ქირავნობის ხელშეკრულება იყო დადებული, ხოლო ვადა არ განუსაზღვრავთ, მოსარჩელეს, როგორც სადავო ქონების მესაკუთრეს ნებისმიერ დროს შეეძლო მოეშალა ხელშეკრულება და მოეთხოვა სადავო ქონების მისთვის დაბრუნება (იხ. სსკ-ის 559-ე, 561-ე მუხლები).
19. საკასაციო სასამართლო ასევე განმარტავს, რომ პირის სოციალურად დაუცველთა ოჯახების ერთიან ბაზაში რეგისტრაციის ფაქტი არ წარმოადგენს საკუთრების უფლების ისეტი ბოჭვის საფუძველ, რაც მოცემულ შემთხვევაში სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის წინაპირობა იქნებოდა.
20. ამდენად, საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ ზემოაღნიშნული ფაქტობრივსამართლებრივი დასაბუთების გათვალისწინებით კასატორს არ წარმოუდგენია რელევანტური და ვარგისი პრეტენზიები თუ მტკიცებულებები, რაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმებისა და საქმეზე კასატორის სასარგებლო გადაწყვეტილების მიღების წინაპირობა გახდებოდა, შესაბამისად, გასაჩივრებული განჩინება უნდა დარჩეს უცვლელი, ხოლო საკასაციო განაცხადი დაუშვებელი.
21. კასატორი გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდის ვალდებულებისგან.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 391-ე, 401-ე, 408.3-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. თ.ე–ვას საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი დარჩეს განუხილველი;
2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ა. კოჭლამაზაშვილი
მოსამართლეები: თ. ძიმისტარაშვილი
მ. ერემაძე