Facebook Twitter

საქმე №ას-135-2025 16 ივლისი, 2025 წელი

ქ.თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

გოჩა ჯეირანაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ლაშა ქოჩიაშვილი, ამირან ძაბუნიძე

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე

კასატორი – ე.ბ–ი (მოსარჩელე)

მოწინააღმდეგე მხარე – მ.ხ–ძე (მოპასუხე)

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 20 ნოემბრის განჩინება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება

დავის საგანი - თანხის დაკისრება

საკითხი რომელზეც მიღებულია განჩინება - ადვოკატის მომსახურების ხარჯების დაკისრება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 20.11.2024წ. განჩინებით ე.ბ–ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 16.02.2024წ. გადაწყვეტილება, რომლითაც სარჩელი მ.ხ–ძისთვის თანხის დაკისრების თაობაზე არ დაკმაყოფილდა.

2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 20.11.2024წ. განჩინებაზე წარდგენილი ე.ბ–ის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩა განუხილველი საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 14.07.2025წ. განჩინებით.

3. ე.ბ–ის საკასაციო საჩივარზე წარდგენილ შესაგებელში კასატორის მოწინააღმდეგე მხარე ითხოვდა წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეული ხარჯის 12 400 ლარის ოდენობით კასატორისათვის დაკისრებას (იხ., საკასაციო შესაგებელი - ტ.2.), რაზედაც საკასაციო პალატას საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის შესახებ 14.07.2025წ. განჩინებაში არ უმსჯელია.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

4. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საქმის მასალები და მიიჩნევს, რომ მიღებული უნდა იქნეს დამატებითი განჩინება, რომლითაც კასატორს მოწინააღმდეგე მხარის სასარგებლოდ დაეკისრება საადვოკატო მომსახურების ხარჯის 50 ლარის გადახდა, შემდეგი დასაბუთებით:

5. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 261-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტისა და მე-31 ნაწილის თანახმად, გადაწყვეტილების გამომტან სასამართლოს შეუძლია თავისი ინიციატივით ან მხარეთა თხოვნით, ზეპირი მოსმენის გარეშე, გამოიტანოს დამატებითი გადაწყვეტილება, თუ სასამართლოს არ გადაუწყვეტია სასამართლო ხარჯების საკითხი. ამავე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, დამატებითი გადაწყვეტილების გამოტანის საკითხი შეიძლება დაისვას გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 7 დღის განმავლობაში.

6. საკასაციო სასამართლო, მხოლოდ ნაწილობრივ იზიარებს კასატორის მოწინაამდეგე მხარის შუამდგომლობას მოთხოვნილი ოდენობით წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეული ხარჯის დაკისრების შესახებ და განმარტავს, რომ წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეული ხარჯის მეორე მხარისათვის დაკისრების საკითხის გადაწყვეტის წესი მოცემულია სსსკ-ის 53-ე მუხლში. ნორმის პირველი ნაწილის დანაწესით, იმ მხარის წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეულ ხარჯებს, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, სასამართლო დააკისრებს მეორე მხარეს გონივრულ ფარგლებში, მაგრამ არაუმეტეს დავის საგნის ღირებულების 4%-ისა. ნორმის დისპოზიცია იმგვარად არის ფორმულირებული, რომ არ ადგენს გაწეული ხარჯის სანაცვლო ანაზღაურების ერთმნიშვნელოვნ ოდენობას, არამედ ამ ოდენობის გონურვულად განსაზღვრის უფლებას უტოვებს სასამართლოს. ამგვარი მიდგომა განპირობებულია იმ მოსაზრებით, რომ ადვოკატის მომსახურებაში გადახდილი ხარჯების სანაცვლო ანაზღაურებამ დაუსაბუთებლად არ უნდა შეზღუდოს პროცესის მონაწილე მხარის უფლება და არ უნდა შექმნას წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეული ხარჯების ოდენობის ხელოვნურად გაზრდის პროცესუალური საფუძველი; ნორმის ამგვარი შინაარსის მიზანია პროცესის მონაწილე მეორე მხარის უფლებების დაუსაბუთბელი შეზღუდვის თავიდან აცილება. გონივრულეობის კრიტერიუმად კი, კანონმდებელი მიიჩნევს დავის საგნის ღირებულების არაუმეტეს 4%-ს. ნიშანდობლივია, რომ დავის საგნის ღირებულების 4% წარმოადგენს ზედა ზღვარს (კანონით დადგენილ მაქსიმალურ ოდენობას), რომლის ფარგლებშიც ხდება ხარჯების ოდენობის სასამართლოსმიერი განსაზღვრა და ამ თვალსაზრისით, მხედველობაში მიიღება კონკრეტულად რა იურიდიული მნიშვნელობის მქონე ქმედებები იქნა განხორციელებული ადვოკატის მიერ, რა სახის ადამიანური რესურსი დაიხარჯა, საქმის წარმოების რომელ ეტაპზე პროცესის მონაწილე რომელმა მხარემ გასწია იგი და სხვ.

6. მოცემულ შემთხვევეაში, საკასაციო შესაგებლით მოთხოვნილია წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეული ხარჯის სახით 12 400 ლარის კასატორისათვის დაკისრება. სასამართლო მხდეველობაში იღებს იმ გარემოებას, რომ კასატორის მოწინააღმდეგე მხარე მოცემულ საქმეში საქმის განხილვის ყველა ეტაპზე - ყველა ინსტანციის სასამართლოში მონაწილებდა როგორც მოპასუხე, აპელანტისა და კასატორის მოწინააღმდეგე მხარე, ხოლო სარჩელი პირველივე ეტაპზე პირველი ინსტანციის სასამართლოშივე აღმოჩნდა წარუმატებელი. შესაბამისად, მოსარჩელისაგან ზემდგომ ინსტანციებში (აპელაცია და კასაცია) მოპასუხეს მოსარჩელის პოზიციისაგან თავის დაცვა უწევდა იგივეობრივი პოზიციებით. მით უფრო, იმ ვითარებაში, როდესაც მხარეები შეზღუდული აპელაციისა და კასაციის პირობებში (380-ე და 407-ე მუხლები) მოკლებული არიან მიუთითონ ახალ ფაქტობრივ გარემოებებსა და წარმოადგინონ მტკიცებულებები. იმავდროულად, სასამართლო ყურადღებას ამახვილებს სამართალწარმოების კონკრეტულ ეტაპზე, რომელიც საკასაციო განაცხადის დასაშვებობის შემოწმებას ეხება, რა დროსაც, სასამართლო ვალდებულია, სსსკ-ის 391-ე მუხლის მე-5 ნაწილის წინაპირობების მიხედვით, შეამოწმოს და დაადგინოს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლები და საქმის არსებითი განხილვა არ ხდება. აღნიშნული საკითხის ხაზგასმა მნიშვნელოვანია, რადგან საპროცესო კანონმდებლობით, კერძოდ, სსსკ-ის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილით, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%, რაც შეეხება კასატორის მოწინააღმდეგე მხარის საადვოკატო ხარჯებს, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ რადგან საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ეტაპზე, არც სასამართლოსა და არც მხარეთა მიერ არ ხდება ადამიანური და დროითი რესურსების იმგვარი გამოყენება, როგორც ამას საჭიროებს საქმის არსებითი განხილვა, კანონმდებლის ნება სსსკ-ის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილში შეესატყვისება იმ გონივრულ დანაწესს, რომ მხარეს, მისთვის კონსტიტუციით გარანტირებული გასაჩივრების უფლების ხელშეწყობისათვის შეექმნას ყველა წინაპირობა, მათ შორის, საპროცესო-სამართლებრივი თვალსაზრისით და ფინანსური დანახარჯების ნაწილშიც.

7. ზემომითითებული მსჯელობის შესაბამისად, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ საკასაციო სამართალწარმოების მოცემული ეტაპის - დასაშვებობის, პროცესუალური საფუძვლით შემოწმებისას, ადვოკატის მომსახურების ხარჯი უნდა ანაზღაურდეს 50 ლარის ოდენობით (იხ., სუსგ №ას-705-2020, 08 აპრილი, 2022წ.). შესაბამისად, საკასაციო სასამართლო ნაწილობრივ იზიარებს კასატორის მოწინააღმდეგე მხარის შუამდგომლობას და, წინამდებარე განჩინებით, კასატორს მოწინააღმდეგე მხარის სასარგებლოდ დააკისრებს 50 ლარის გადახდას.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 261-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტითა და მე-31 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. მ.ხ–ძის შუამდგომლობა წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეული ხარჯის დაკისრების თაობაზე ნაწილობრივ დაკმაყოფილდეს;

2. ე.ბ–ს მ.ხ–ძის სასარგებლოდ დაეკისროს საკასაციო სასამართლოში წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეული ხარჯის ასანაზღაურებლად 50 (ორმოცდაათი) ლარის გადახდა; დანარჩენ ნაწილში შუამდგომლობა არ დაკმაყოფილდეს;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე გოჩა ჯეირანაშვილი

მოსამართლეები: ლაშა ქოჩიაშვილი

ამირან ძაბუნიძე