27 ივნისი, 2025 წელი,
საქმე №ას-183-2025 თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა/მოსამართლეები:
ვლადიმერ კაკაბაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ლევან მიქაბერიძე,
გიზო უბილავა
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი - გ.ც–ძე (მოსარჩელე)
მოწინააღმდეგე მხარე - შპს „ფ–ა“ (მოპასუხე)
გასაჩივრებული დაუსწრებელი გადაწყვეტილება/განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 30 სექტემბრის დაუსწრებელი გადაწყვეტილება და ამავე სასამართლოს 2024 წლის 16 დეკემბრის განჩინება
კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული დაუსწრებელი გადაწყვეტილებისა და განჩინების გაუქმება, საქმის ხელახლა განსახილველად დაბრუნება
დავის საგანი - ბრძანების ბათილად ცნობა, იძულებითი განაცდურის ანაზღაურება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
1. შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის შესახებ ბრძანების ბათილად ცნობის (შემდეგში - სადავო ბრძანება), კომპენსაციისა და იძულებითი განაცდურის ანაზღაურების მოთხოვნით შპს „ფ–ას“ (შემდეგში - მოპასუხე, დამსაქმებელი ან საწარმო) წინააღმდეგ სასამართლოში სარჩელი გ.ც–ძემ (შემდეგში - მოსარჩელე, დასაქმებული ან კასატორი) შეიტანა.
2. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2023 წლის 16 ნოემბრის გადაწყვეტილებით:
2.1. სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა;
2.2. დასაქმებულთან შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის ნაწილში ბათილად იქნა ცნობილი დამსაქმებლის სადავო ბრძანება;
2.3. 2020 წლის 16 მაისიდან 2021 წლის 1 აპრილამდე დროის მონაკვეთში დასაქმებულის სასარგებლოდ დამსა ქმებელს დაეკისრა ყოველთვიურად 2 500 ლარის (გადასახადების ჩათვლით) ოდენობით იძულებითი განაცდურის ანაზღაურება;
2.4. კომპენსაციის დაკისრების მოთხოვნის ნაწილში სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
3. ზემოაღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო საჩივრით გაასაჩივრა მოპასუხემ, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილებით, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2024 წლის 30 სექტემბრის დაუსწრებელი გადაწყვეტილებით, მოპასუხის წარმომადგენლის შუამდგომლობა დაკმაყოფილდა და მოსარჩელის არასაპატიო მიზეზით გამოუცხადებლობის გამო დაუსწრებელი გადაწყვეტილება იქნა მიღებული, რომლითაც გასაჩივრებული გადაწყვეტილება გაუქმდა და, სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
დაუსწრებელი გადაწყვეტილება შემდეგნაირადაა დასაბუთებული:
- თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2024 წლის 21 ივნისის განჩინებით მოპასუხის სააპელაციო საჩივარი განსახილველად იქნა მიღებული.
- თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2024 წლის 5 ივლისის განჩინებით სასამართლოს მთავარი სხდომის თარიღი განისაზღვრა, კერძოდ, დასაქმებულის სააპელაციო საჩივრის განხილვა სასამართლოს მთავარ სხდომაზე 2024 წლის 30 სექტემბერს, 11:00 საათზე, N7 სხდომის დარბაზში დაინიშნა.
- მთავარი სხდომის ჩატარების დროისა და ადგილის თაობაზე მხარეებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში - სსსკ) 70-78-ე მუხლებით დადგენილი წესით ეცნობათ, კერძოდ, სასამართლო უწყება ორივე მხარეს გაეგზავნა. დამსაქმებელს სასამართლო უწყება გაეგზავნა მისამართზე, ქ.თბილისი, ........., რაც უსაფრთხოების თანამშრომელმა ლ.მალანიამ - 2024 წლის 11 ივლისს ჩაიბარა. რაც შეეხება მოპასუხეს, სასამართლო უწყება გაეგზავნა მის უფლებამოსილ წარმომადგენელს - გ.ბ–ძეს, მისამართზე - ქ.თბილისი, .......... (საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია), გზავნილი აღნიშნულ მისამართზე 2024 წლის 11 ივლისს ჩაიბარა საქმისწარმოების სპეციალისტმა ნ.მ–მა.
- ამდენად, საქმეზე წარმოდგენილი სასამართლო უწყების ჩაბარების დამადასტურებელი დოკუმენტებით დგინდება, რომ მხარეებს ეცნობათ სასამართლო სხდომის ჩატარების დროისა და ადგილის თაობაზე, მათ ასევე განემარტათ სასამართლო სხდომაზე გამოუცხადებლობის სამართლებრივი შედეგები.
- 2024 წლის 30 სექტემბერს, თბილისის სააპელაციო სასამართლოში საქმის ზეპირი განხილვისას, სასამართლოს მთავარ სხდომაზე გამოცხადდა მხოლოდ მოპასუხის წარმომადგენელი, ხოლო მოსარჩელე მხარე სასამართლო სხდომაზე არ გამოცხადებულა და არც გამოუცხადებლობის საპატიო მიზეზის თაობაზე უცნობებია სასამართლოსთვის. მოპასუხის წარმომადგენელმა სასამართლოს წინაშე იშუამდგომლა დაუსწრებელი გადაწყვეტილების მიღების თაობაზე, რომლითაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა. სააპელაციო სასამართლომ სსსკ-ის 387.2, 387.3 და 229.1 მუხლებზე მიუთითა და მიიჩნია, რომ არსებობდა შუამდგომლობის დაკმაყოფილებისა და დაუსწრებელი გადაწყვეტილების მიღების წინაპირობები.
5. დაუსწრებელი გადაწყვეტილება მოსარჩელემ საჩივრით გაასაჩივრა.
6. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2024 წლის 16 დეკემბრის განჩინებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, ამავე სასამართლოს 2024 წლის 30 სექტემბრის დაუსწრებელი გადაწყვეტილება უცვლელად დარჩა.
6.1. სააპელაციო სასამართლოს მითითებით, სათანადო მტკიცებულებების წარდგენის გზით საჩივრის ავტორმა ვერ უზრუნველყო დაესაბუთებინა სასამართლო სხდომაზე გამოცხადების ობიექტური შეუძლებლობა. სააპელაციო სასამართლომ არ გაიზიარა მოსარჩელის მტკიცება იმის შესახებ, რომ სასამართლო უწყება არ ჩაბარებია. საქმეზე წარმოდგენილი გზავნილის ჩაბარების დასტურით დგინდებოდა, რომ მოსარჩელის წარმომადგენელ გ.ბარბაქაძისთვის გაგზავნილი სასამართლო უწყება „ბ/2973-24 სასამართლო უწყება, დაზუსტებული სააპელაციო საჩივარი“ საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის მისამართზე (ქ.თბილისი, .......) 2024 წლის 11 ივლისს ჩაბარდა ორგანიზაციაში დასაქმებულ პირს - საქმის წარმოების სპეციალისტ ნ.მ–ს. დასტურზე ის საპროცესო დოკუმენტებია მითითებული, რომლებსაც ორგანიზაციისთვის გადაცემული კონვერტი შეიცავდა, ამავდროულად, ჩაბარების დასტურზე ის დოკუმენტები მიეთითება, რომლებიც უშუალოდ კონვერტზეა მითითებული. შესაბამისად, იმ პირობებში, თუ გადაცემული კონვერტი მასზე აღნიშნულ რომელიმე დოკუმენტს არ შეიცავდა, შესაბამის ორგანიზაციას/წარმომადგენლობას მინიმალური წინდახედულობის ფარგლებში აღნიშნული საკითხის დაზუსტება მოეთხოვებოდა, წინააღმდეგ შემთხვევაში, კონვერტის მიღება მასზე მითითებული დოკუმენტების ჩაბარებას მოწმობდა. სააპელაციო სასამართლომ ყურადღება იმ გარემოებაზეც მიაქცია, რომ მხარემ ვერც გადაცემული კონვერტი და ვერც კანცელარიის შესაბამისი დოკუმენტი ვერ წარადგინა, რომლითაც კონკრეტული გზავნილით მიღებული დოკუმენტების ჩამონათვალი შეიძლებოდა დადგენილიყო.
6.2. სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ საჩივრის ავტორმა ვერ წარადგინა ისეთი მტკიცებულებები, რომლებიც სსსკ-ის 241-ე მუხლის შემადგენლობის არსებობას დაადასტურებდა, ამასთან, მან ვერ უზრუნველყო საპატიო მიზეზით სასამართლო სხდომაზე გამოუცხადებლობისა და განსახილველი დავისადმი ინტერესის არსებობის დადასტურება.
7. გასაჩივრებული დაუსწრებელი გადაწყვეტილების და განჩინების გაუქმებისა და საქმის ხელახლა განსახილველად დაბრუნების მოთხოვნით მოსარჩელემ საკასაციო საჩივარი შემოიტანა.
8. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2025 წლის 21 თებერვლის განჩინებით, სსსკ-ის 391-ე მუხლის მიხედვით მოსარჩელის საკასაციო საჩივარი წარმოებაში იქნა მიღებული დასაშვებობის შესამოწმებლად, ხოლო, 2025 წლის 25 მარტის განჩინებით საკასაციო პალატამ საკასაციო საჩივარი დასაშვებად ცნო და საქმის ზეპირი მოსმენით განხილვა დაადგინა.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საქმის შესწავლის შედეგად საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოსარჩელის საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:
9. მოცემულ შემთხვევაში, საკასაციო სასამართლოს განხილვის საგანია სააპელაციო პალატის სხდომაზე მოსარჩელის/კასატორის გამოუცხადებლობის გამო მიღებული დაუსწრებელი გადაწყვეტილებისა და მისი უცვლელად დატოვების შესახებ განჩინების კანონიერება.
სსსკ-ის 372-ე მუხლის მიხედვით, საქმის განხილვა სააპელაციო სასამართლოში წარმოებს იმ წესების დაცვით, რაც დადგენილია პირველი ინსტანციით საქმეთა განხილვისათვის, ამ თავში მოცემული ცვლილებებითა და დამატებებით. ამავე კოდექსის 230.1 მუხლის თანახმად, თუ სასამართლოს მთავარ სხდომაზე არ გამოცხადდება მოპასუხე, რომელსაც გაეგზავნა შეტყობინება 70-ე-78-ე მუხლებით დადგენილი წესით და მოსარჩელე შუამდგომლობს დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანაზე, მაშინ სარჩელში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები დამტკიცებულად ითვლება,
მსგავსი პრინციპით სსსკ-ის 387.2 მუხლი ადგენს, რომ, თუ საქმის განხილვაზე მოწინააღმდეგე მხარე არ გამოცხადდება, სააპელაციო საჩივრის შემტანი პირის თხოვნით სააპელაციო სასამართლო გამოიტანს დაუსწრებელ გადაწყვეტილებას, რომელიც შეიძლება, დაემყაროს მომჩივნის ახსნა-განმარტებას.
აღნიშნული ნორმით კანონმდებელი უშვებს შესაძლებლობას, სააპელაციო სასამართლოს მიერ დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანისას ყოველგვარი გამოკვლევის გარეშე დადგენილ და გაზიარებულ იქნეს სააპელაციო საჩივარში დასახელებული ფაქტობრივი გარემოებები. თუ ისინი იურიდიულად ამართლებს სააპელაციო საჩივრის მოთხოვნას, სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდება.
ამდენად, ზემოაღნიშნული ნორმების საფუძველზე დაუსწრებელი გადაწყვეტილების მიღებისთვის უნდა დადასტურდეს შემდეგი წინაპირობები:
1.მოწინააღმდეგე მხარისთვის საქმის განხილვის შესახებ კანონის მოთხოვნათა დაცვით შეტყობინება;
2.მისი არასაპატიო გამოუცხადებლობა;
3.აპელანტის მოთხოვნასთან მიმართებით სააპელაციო საჩივარში მითითებული ფაქტების იურიდიული მართებულობა .
10. განსახილველ შემთხვევაში, საქმის მასალებით დგინდება, რომ სააპელაციო საჩივრის წარმოებაში მიღებისა და სასამართლო მთავარი სხდომის დანიშვნის შემდეგ, სსსკ-ის 70-78-ე მუხლებით დადგენილი წესით, გზავნილიც (დაზუსტებული სააპელაციო საჩივარი) და 2024 წლის 30 სექტემბერს 11.00 საათზე დანიშნული სააპელაციო სასამართლოს მთავარ სხდომაზე მოწვევის შესახებ უწყებაც, მოპასუხეს ფოსტის საშუალებით გაეგზავნა, რომელიც სათანადო მისამართზე უფლებამოსილ პირს მოსარჩელის წარმომადგენლისთვის გადასაცემად ჩაბარდა, ამდენად მხარეს ეცნობა გამოუცხადებლობის სამართლებრივი შედეგების თაობაზეც.
მიუხედავად ზემოაღნიშნულისა, 2024 წლის 30 სექტემბერს დანიშნულ სასამართლო სხდომაზე არ გამოცხადდა მოსარჩელე/უფლებამოსილი წარმომადგენელი და მოპასუხემ დაუსწრებელი გადაწყვეტილების მიღებაზე იშუამდგომლა, რაც სააპელაციო სასამართლომ კანონშესაბამისად დააკმაყოფილა (სსსკ-ის 387.2, 229.1 მუხლები).
11. სამოქალაქო საპროცესო სამართალწარმოებაში დაუსწრებელი გადაწყვეტილების ინსტიტუტი უზრუნველყოფს მხარეთა მიერ საპროცესო ვალდებულებების შესრულებისადმი პატივისცემისა და მათი პასუხისმგებლობის დონის ამაღლებას. ის ემსახურება საპროცესო დისციპლინის განმტკიცებასა და პროცესის გამარტივებას. აქედან გამომდინარე, ეს ინსტიტუტი სსსკ-ის მე-3 და მე-4 მუხლებით განმტკიცებული სამართალწარმოების ფუნდამენტური პრინციპების რეალიზაციაა. თუ დაუსწრებელი გადაწყვეტილების მიღებისას კანონით გათვალისწინებული წინაპირობები დაცულია, მისი გაუქმება სათანადო დასაბუთების გარეშე დაუშვებელია.
სსსკ-ის 241-ე მუხლის თანახმად, დაუსწრებელი გადაწყვეტილება უნდა გაუქმდეს და საქმის განხილვა განახლდეს, თუ არსებობს 233-ე მუხლით გათვალისწინებული საფუძვლები ან, თუ მხარის გამოუცხადებლობა გამოწვეული იყო სხვა საპატიო მიზეზით, რომლის შესახებაც მას არ შეეძლო, თავის დროზე ეცნობებინა სასამართლოსათვის.
აღნიშნული მუხლი განსაზღვრავს იმ გარემოებათა წრეს, რომელთა არსებობის შემთხვევაში, დაუსწრებელი გადაწყვეტილება უნდა გაუქმდეს და საქმის განხილვა განახლდეს. ეს გარემოებები მითითებულია 233-ე მუხლის პირველ ნაწილში, მაგრამ ამ მუხლის ჩამონათვალი არაა ამომწურავი.
გამოუცხადებელ მხარეს, რომლის წინააღმდეგაც გამოტანილია დაუსწრებელი გადაწყვეტილება, შეუძლია, მიუთითოს სხვა გარემოებებზეც, რაც სასამართლო სხდომაზე მისი გამოუცხადებლობის მიზეზი გახდა და რომლის შესახებაც მას არ შეეძლო, დროულად ეცნობებინა სასამართლოსათვის.
ამასთან, კანონმდებელი ავალდებულებს მხარეს, წინასწარ აცნობოს სასამართლოს სხდომაზე მისი გამოცხადების შეუძლებლობისა და მიზეზის შესახებ, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ასეთი შეტყობინების გაგზავნა სხდომამდე შეუძლებელია. იმ გარემოებათა დამტკიცების ტვირთი, რომლებზეც მიუთითებს მხარე თავის საჩივარში, როგორც გამოუცხადებლობის საპატიო მიზეზზე, ეკისრება მომჩივანს, ხოლო ამ გარემოებათა შეფასება იმ თვალსაზრისით, თუ რამდენად საპატიოა მხარის გამოუცხადებლობა – სასამართლოს უფლებამოსილებაა.
12. მოცემულ შემთხვევაში, გასაჩივრებული განჩინების გაუქმებას ვერ განაპირობებს კასატორის მიერ იმ გარემოებაზე მითითება, რომ დაზუსტებულ სააპელაციო საჩივართად ერთად სხდომაზე მოწვევის შესახებ სასამართლო უწყება მას არ ჩაჰბარებია, რადგან საქმის მასალებით დიამეტრალურად საწინააღმდეგო გარემოებაა გამოკვეთილი.
კერძოდ, საქმეზე წარმოდგენილი გზავნილის ჩაბარების დასტურით დგინდება, რომ მოსარჩელის წარმომადგენელ გ.ბარბაქაძისთვის გაგზავნილი სასამართლო უწყება „2ბ/2973-24 სასამართლო უწყება, დაზუსტებული სააპელაციო საჩივარი“ საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის მისამართზე (ქ.თბილისი, ......) 2024 წლის 11 ივლისს ჩაბარდა ორგანიზაციაში დასაქმებულ პირს - საქმის წარმოების სპეციალისტ ნ.მარღიშვილს. დასტურზე ის საპროცესო დოკუმენტებია მითითებული, რომლებსაც ორგანიზაციისთვის გადაცემული კონვერტი შეიცავდა, ამავდროულად, ჩაბარების დასტურზე ის დოკუმენტები მიეთითება, რომლებიც უშუალოდ კონვერტზეა მითითებული. შესაბამისად, იმ პირობებში, თუკი გადაცემული კონვერტი მასზე აღნიშნულ რომელიმე დოკუმენტს არ შეიცავდა, სააპელაციო სასამართლომ მართებულად ჩათვალა, რომ შესაბამის ორგანიზაციას/წარმომადგენელს მინიმალური წინდახედულობის ფარგლებში აღნიშნული საკითხის დაზუსტება მოეთხოვებოდა, წინააღმდეგ შემთხვევაში, კონვერტის მიღება მოწმობდა მასზე მითითებული დოკუმენტების სრულად ჩაბარებას.
13. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 229.1. მუხლის თანახმად, თუ სასამართლოს სხდომაზე არ გამოცხადდება მოსარჩელე, რომელსაც გაეგზავნა შეტყობინება ამ კოდექსის 70-ე–78-ე მუხლებით დადგენილი წესით, მოპასუხის შუამდგომლობის საფუძველზე სასამართლოს შეუძლია გამოიტანოს დაუსწრებელი გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ.
14. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ სასამართლო ყოველთვის არის ვალდებული შეამოწმოს, ხომ არ არსებობს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 233-ე მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრული, დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის დამაბრკოლებელი გარემოებები, კერძოდ, მხარის გამოუცხადებლობის შემთხვევაში, სასამართლოს დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანა დაუშვებელია, თუ: ა) გამოუცხადებელი მხარე მოწვეული არ იყო ამ კოდექსის 70-ე-78-ე მუხლებით დადგენილი წესით; ბ) სასამართლოსათვის ცნობილი გახდა, რომ ადგილი ჰქონდა დაუძლეველ ძალას ან სხვა მოვლენებს, რომელსაც (რომლებსაც) შეეძლო ხელი შეეშალა სასამართლოში მხარის დროულად გამოცხადებისათვის; გ) გამოუცხადებელ მხარეს დროულად არ ეცნობა საქმის ფაქტობრივი გარემოებები; დ) არ არსებობს სარჩელის აღძვრის წინაპირობები.
15. საკასაციო პალატა ასევე მიუთითებს, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 241-ე მუხლის თანახმად, დაუსწრებელი გადაწყვეტილება უნდა გაუქმდეს და საქმის განხილვა განახლდეს, თუ არსებობს 233-ე მუხლით გათვალისწინებული საფუძვლები, ან თუ მხარის გამოუცხადებლობა გამოწვეული იყო სხვა საპატიო მიზეზით, რომლის შესახებაც მას არ შეეძლო თავის დროზე ეცნობებინა სასამართლოსათვის. ამრიგად, კანონმდებელი ავალდებულებს მხარეს, წინასწარ აცნობოს სასამართლოს სხდომაზე მისი გამოცხადების შეუძლებლობისა და მიზეზის შესახებ, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ასეთი შეტყობინება სხდომამდე შეუძლებელია. იმ გარემოებათა დამტკიცების ტვირთი, რომლებზეც მიუთითებს მხარე თავის საჩივარში, როგორც გამოუცხადებლობის საპატიო მიზეზზე, ეკისრება მომჩივანს, ხოლო ამ გარემოებათა შეფასება იმ თვალსაზრისით, თუ რამდენად საპატიოა მხარის გამოუცხადებლობა – სასამართლოს უფლებამოსილებაა (შდრ. სუსგ-ები: №ას-803-803-2018, 27 სექტემბერი, 2018 წელი; №ას-1445-1459-2011, 31 ოქტომბერი, 2011 წელი; №ას-1410-1330-2017, 30 იანვარი, 2018 წელი).
16. მაშასადამე, გამოუცხადებელ მხარეს, რომლის წინააღმდეგაც გამოტანილია დაუსწრებელი გადაწყვეტილება, შეუძლია გააქარწყლოს ამგვარი გადაწყვეტილების საფუძვლად მიჩნეული ვარაუდი, თუ დაამტკიცებს, რომ არსებობდა იმგვარი მოვლენა, რომელიც, სხვა მტკიცებულებებთან ერთობლიობაში, გონივრული შეფასებიდან გამომდინარე, ქმნის პრეზუმფციას არა მარტო დაინტერესებული მხარის ინტერესის შესახებ განსახილველი საქმის მიმართ, არამედ გამოუცხადებლობის ობიექტურ ან/და ადამიანურ ფაქტორებზეც. მხოლოდ ამ გარემოებათა ერთობლივად შეჯერებითა და შეფასებით არის შესაძლებელი დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმება. ამასთან, ობიექტურ გარემოებათა დადასტურების შემთხვევაში, მხარის გამოუცხადებლობას საპატიოდ მიიჩნევს და დაუშვებელია, რომ ამ მხარის მიმართ დაუსწრებელი გადაწყვეტილებისთვის დამახასიათებელი საპროცესო წესით დადგინდეს როგორც საქმისთვის მნიშვნელოვანი ფაქტობრივი გარემოებები, ისე სამართლებრივი შედეგიც. წინააღმდეგ შემთხვევაში ადგილი ექნებოდა ისეთ ვითარებას, როდესაც დაუსწრებელი გადაწყვეტილება იქნებოდა სანქცია არა მარტო უპასუხისმგებლო, ან პროცესის მიმართ ინტერესის არმქონე პირისთვის, არამედ მათთვისაც, ვისაც რეალური ინტერესი გააჩნია სამართალწარმოების მიმართ, მაგრამ საპატიო გარემოებების გამო ვერ შეძლო სასამართლო სხდომაზე გამოცხადება. საპროცესო კოდექსის 233-ე მუხლის ნორმატიული შინააარსი სწორედ ისეთ შემთხვევებს აწესრიგებს, რომ მხარეს არ ჩამოერთვას სამართლიანი სასამართლოს უფლება და მისი გამოუცხადებლობა ყველა შემთხვევაში მარტოოდენ სანქციად არ იქცეს (შდრ: სუსგ №ას-1504-2019, 13 მარტი, 2020 წელი).
17. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ, მხარეთა თანასწორობის პრინციპი, რომელიც სამართლიანი სასამართლოს ფართო კონცეფციის ერთ-ერთი ელემენტია, მოითხოვს თითოეული მხარისაგან ჰქონდეს გონივრული შესაძლებლობა წარმოადგინოს საკუთარი საქმე ისეთ პირობებში, რომელიც არ ჩააყენებს მას მნიშვნელოვნად არახელსაყრელ მდგომარეობაში მის მოწინააღმდეგე მხარესთან მიმართებით (იხილეთ Nideröst-Huber v Switzerland, 18/02/1997, § 23; Kress v France (დიდი პალატა), no.39594/98, § 72, ECHR 2001-VI; Yvon v France, no 44962/98, § 31, ECHR 2003-V; Gorraiz Lizarraga and Others v Spain, no. 62543/00, § 56, ECHR 2004-III. „სამართლიანი სასამართლოს უფლების ზოგადი კონცეფცია“ მოიცავს შეჯიბრებითი სამართალწარმოების ფუნდამენტურ პრინციპს ( იხ. Ruiz-Mateos V Spain, 23/06/1993, § 63, ECHR , Series A, no.262; Lobo Machado v Portugal, 20/02/1996, § 31, 1996-I). სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოებმა უნდა უზრუნველყონ „სამართლიანი სასამართლო განხილვის“ მოთხოვნების დაცვა თითოეულ ინდივიდუალურ საქმეში (იხილეთ Dombo Beheer B.V. v. the Netherlands, 27.10.1993, § 33, სერია A no. 274).
18. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 93-ე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად: „მხარეებს შეუძლიათ აგრეთვე საქმე აწარმოონ სასამართლოში წარმომადგენლის მეშვეობით. საქმის წარმოება წარმომადგენლის მეშვეობით არ ართმევს უფლებას მხარეებს, თვითონაც პირადად მიიღონ მონაწილეობა საქმეში“ (იხ. სუსგ # ას -849-799-2015, 24.06.2016წ).
მოცემულ შემთხვევაში, საქმის მასალებით დადასტურებულია, რომ მოსარჩელე სასამართლოში საქმეს აწარმოებდა წარმომადგენელ გ.ბ–ძის (სხვა წარმომადგენლებთან ერთად) მეშვეობით, რომელსაც წარმომადგენლობითი უფლებამოსილება 5 წლის ვადით ჰქონდა მინიჭებული. ასევე დადგენილია, რომ მოსარჩელის წარმომადგენელს სხდომის თარიღის შესახებ ეცნობა სხდომამდე გონივრული ვადით ადრე - 2024 წლის 11 ივლისს (ტომი მე-2 ს.ფ. 33).
19. ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორმა ვერ წარადგინა დასაბუთებული საკასაციო პრეტენზია, რაც სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 233-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმებისა და საქმის წარმოების განახლების წინაპირობა გახდებოდა.
20. სსსკ-ის 410-ე მუხლის მიხედვით, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ: ა) კანონის მითითებულ დარღვევას არა აქვს ადგილი; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა; გ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არსებითად სწორია, მიუხედავად იმისა, რომ გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი არ შეიცავს შესაბამის დასაბუთებას.
განსახილველ შემთხვევაში, საკასაციო სასამართლო არ აკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, ვინაიდან სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებულ განჩინებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე, 372-ე, 264.3, 408.3, 410-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. გ.ც–ძის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 30 სექტემბრის დაუსწრებელი გადაწყვეტილება და დაუსწრებელი გადაწყვეტილების ძალაში დატოვების თაობაზე ამავე სასამართლოს 2024 წლის 16 დეკემბრის განჩინება დარჩეს უცვლელად;
3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
მოსამართლეები : ვლადიმერ კაკაბაძე
ლევან მიქაბერიძე
გიზო უბილავა