Facebook Twitter

23 იანვარი, 2025 წელი,

საქმე №ას-1180 - 2024 თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა/მოსამართლეები:

ვლადიმერ კაკაბაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ლევან მიქაბერიძე

გიზო უბილავა

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი - სსიპ სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტო (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე - ქ.პ–ძე (მოსარჩელე)

თავდაპირველი მოპასუხე - სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტო

გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 1 ივლისის განჩინება

კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის უარყოფა

დავის საგანი - ბრძანების ბათილად ცნობა, სამუშაოზე აღდგენა, იძულებითი განაცდურის ანაზღაურება

საკითხი, რომელზედაც მიღებულია განჩინება - საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობა

აღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. სსიპ სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტო (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც მოპასუხე, აპელანტი, კასატორი ან სააგენტო) ასაჩივრებდა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 1 ივლისის განჩინებას თბილისის საქალაქო სასამართლოს 2021 წლის 30 დეკემბრის გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე, რომლითაც ქ.პ–ძის (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც მოსარჩელე, მოწინააღმდეგე მხარე ან დასაქმებული) მოთხოვნა დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; ბათილად იქნა ცნობილი მოსარჩელესთან შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის შესახებ დამსაქმებლის 2019 წლის 31 ოქტომბრის #04-764/კ ბრძანება და იგი აღდგენილ იქნა ტოლფას - სააგენტოს მონიტორინგის დეპარტამენტის სამედიცინო საქმიანობის ინსპექტორის სამმართველოს მთავარი სპეციალისტის თანამდებობაზე; 2019 წლის 1 დეკემბრიდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე მოპასუხეს ყოველთვიურად განაცდურის - 1150 ლარის (დარიცხული) გადახდა დაეკისრა მოსარჩელის სასარგებლოდ;

დანამატის ანაზღაურების შესახებ მოსარჩელის მოთხოვნა უარყოფილ იქნა, კასატორის აზრით, მატერიალურსამართლებრივი თვალსაზრისით, განჩინება არ არის დასაბუთებული, სახელდობრ:

1.1. კასატორის მტკიცებით, ქვემდგომი ინსტანციის სასამართლომ არასწორად მიჩნია დაზუსტებული სარჩელით მოთხოვნილი თანამდებობა დასაქმებულის თავდაპირველი პოზიციის ტოლფასად, ვინაიდან, აღნიშნული თანამდებობები არსებითად განსხვავდება ერთმანეთისგან (დეტალურად იხ. საკასაციო საჩივარი).

2. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 10 ოქტომბრის განჩინებით, საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, დასაშვებობის შესამოწმებლად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სსსკ-ის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც ის დაუშვებელია:

3. სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.

4. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი საფუძვლით. ამასთან, საკასაციო საჩივარი დასაშვები რომც ყოფილიყო, მას არა აქვს წარმატების პერსპექტივა, სახელდობრ:

4.1. სსსკ-ის 407.2 მუხლის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია. დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურსამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორს, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით, არ წარმოუდგენია დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).

4.2. განსახილველ შემთხვევაში, სააპელაციო სასამართლომ მართებულად განსაზღვრა მოთხოვნის ფაქტობრივი საფუძველი, ანუ სწორად დაადგინა სამართლებრივად მნიშვნელოვანი ფაქტები:

4.3. სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოსა (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც თავდაპირველი მოპასუხე ან თავდაპირველი სააგენტო) და მოსარჩელეს შორის 2014 წლის 31 დეკემბერს შრომითი ხელშეკრულება გაფორმდა.

4.4. თავდაპირველი მოპასუხის 2014 წლის 31 დეკემბრის N04-887/კ ბრძანებით, მოსარჩელე სააგენტოს ჯანმრთელობის დაცვის პროგრამების კონტროლის სამმართველოში მთავარ სპეციალისტად განუსაზღვრელი ვადით დაინიშნა. დასაქმებულის ანაზღაურება - 1150 ლარით განისაზღვრა.

4.5. თავდაპირველი მოპასუხის 2019 წლის 30 იანვრის N04—217/ო ბრძანებით, 2019 წლის 1 მარტიდან სააგენტოს ცენტრალურ აპარატში ორგანიზაციული (სტრუქტურული/ფუნქციური) ცვლილებების პროცესი დაიწყო, რომელსაც შეიძლება გამოეწვია დასაქმებულთა რაოდენობის შემცირება და შრომის ანაზღაურების კორექტირება. ამავე ბრძანების მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით, ამ ბრძანების გაცნობა დაევალათ სააგენტოს ცენტრალურ აპარატში შემავალი სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელებს დოკუმენტბრუნვის ელექტრონული სისტემის (დეს) მეშვეობით.

4.6. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2019 წლის 24 ივლისის N01—237/ო ბრძანებით, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ცენტრალური აპარატისა და სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურიდიულ პირებში სისტემური და ეფექტური მმართველობის, ფუნქციონალური მოქნილობის ამაღლებისა და სამინისტროს სისტემაში მიმდინარე პროცესებზე შესაბამისი სამსახურების ოპერატიული რეაგირების უზრუნველყოფის მიზნით, სამინისტროს ცენტრალურ აპარატსა და სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებულ საჯარო სამართლის იურიდიულ პირებში რეორგანიზაცია გამოცხადდა, რომელსაც შესაძლოა მოჰყოლოდა შტატების შემცირება და სტრუქტურული ცვლილებები.

4.7. თავდაპირველი მოპასუხის 2019 წლის 26 ივლისის 04-1429/ო ბრძანებით, სააგენტოს ცენტრალურ აპარატსა და ტერიტორიულ ერთეულებში გამოცხადდა ორგანიზაციული ცვლილებების პროცესი, რომლის თანახმად, მოსალოდნელი იყო სტრუქტურული ცვლილებები, დასაქმებულთა რაოდენობის შემცირება და/ან შრომის ანაზღაურების კორექტირება.

4.8. საქართველოს მთავრობის 2019 წლის 10 ოქტომბრის N487 დადგენილებით, საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებულ ზოგიერთ საჯარო სამართლის იურიდიულ პირის ფუნქციებისა და უფლებამოსილებების გადანაწილებასთან/განხორციელებასთან დაკავშირებით გასატარებელ ღონისძიებათა საკითხი დადგინდა.

4.8.1. ჯანმრთელობის დაცვის პროგრამების კონტროლის მიმართულებით ფუნქცია/მოვალეობები შესაბამისი რესურსით, 2019 წლის 1 ნოემბრიდან მოპასუხეს გადაეცა (იხ. დადგენილების 1.1. მუხლის „გ“ ქვეპუნქტი).

4.9. 2019 წლის 16 ოქტომბრის N01-306/ო ბრძანებით, შესაბამის სსიპ-დან უფლებამონაცვლე სსიპ-ში გადაყვანის პროცესის კოორდინაციის მიზნით, სარეორგანიზაციო კომისიის ქვეკომისია (საკადრო რესურსის) შეიქმნა. ამასთან, სპეციალიზებული კომისიის მიერ მიღებული გადაწყვეტილება ატარებდა სარეკომენდაციო ხასიათს.

4.9.1. გასაუბრების მთავარი მიზანი ზოგადი კომპეტენციებისა და უნარების შეფასება იყო. რა დროსაც ოთხდონიანი სისტემა; 1. არადამაკმაყოფილებელი, 2. დამაკმაყოფილებელი, 3. კარგი, და 4. ძალიან კარგი, დადგგინდა. თითოეული კომისიის წევრმა მოხელე შეაფასა დამოუკიდებლად და მიანიჭა შესაბამისი ქულა. ქვეკომისიამ იმსჯელა თითოეული წევრის მიერ მინიჭებულ შეფასებაზე და გადაწყვიტა სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოში დასაქმებაზე რეკომენდაცია გაეწია იმ მოხელეებისთვის, რომლებსაც არ ჰქონდათ რომელიმე ქვეკომისიის წევრისგან არადამაკმაყოფილებელი შეფასება, კომისიამ გადაწყვეტილება მიიღო ღია კენჭისყრით და ხმათა უმრავლესობით.

4.9.2. მოსარჩელე სარეორგანიზაციო კომისიამ 2; 1; 2 ქულით შეაფასა (იხ. მოპასუხის წარმომადგენლის განმარტება).

4.10. კანონმდებლობით განსაზღვრული ფუნქციებისა და უფლებამოსილების შეუფერხებლად განხორციელებისა და პროცესების უწყვეტობის მიზნით, ამ დადგენილების პირველი მუხლით განსაზღვრულ უფლებამონაცვლე ორგანიზაციებს დაევალათ, საჭიროების შემთხვევაში, შესაბამისი თანამშრომლების (შტატით დასაქმებულ და/ან შტატგარეშე მომუშავეთა) უკონკურსოდ გადაყვანა/დანიშვნის უზრუნველყოფა შესაბამის თანამდებობებზე, არაუგვიანეს 2019 წლის 31 დეკემბრისა (იხ. დადგენილების 3.1. მუხლი).

4.11. სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2019 წლის 31 ოქტომბრის N04-764/კ ბრძანებით, „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებულ ზოგიერთ საჯარო სამართლის იურიდული პირის ფუნქციებისა და უფლებამოსილებების გადანაწილებასთან/განხორციელებასთან დაკავშირებით გასატარებელ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2019 წლის 10 ოქტომბრის N487 დადგენილების, საქართველოს ორგანული კანონის - „საქართველოს შრომის კოდექსის“ 37-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ და ,,ო“ ქვეპუნქტების, 38-ე მუხლის პირველი პუნქტის, „საშტატო განრიგისა და თანამდებობრივი სარგოს დამტკიცების შესახებ“ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2019 წლის 24 იანვრის N04-197/ო ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ“ სააგენტოს დირექტორის მოვალეობის შემსრულებლის 2019 წლის 31 ოქტომბრის N04-1654/ო ბრძანების, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2018 წლის 3 ოქტომბრის N01-14/ნ ბრძანებით დამტკიცებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირის - სოციალური მომსახურების სააგენტოს დებულების“ მე-4 მუხლის შესაბამისად, მოსარჩელე 2019 წლის 1 ნოემბრიდან დაკავებული თანამდებობიდან გათავისუფლდა.

4.12. თავდაპირველი მოპასუხე სააგენტოდან მოპასუხე სააგენტოში 21 თანამშრომელი გადაიყვანეს, მათ შორის 11 შტატით გათვალისწინებულ პოზიციებზე (8 მთავარი სპეციალისტი, 3 უფროსი სპეციალისტი), ხოლო 10 - შრომითი ხელშეკრულების საფუძველზე.

4.13. დასაქმებულის მიმართ რაიმე დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომა არ გამოყენებულა.

4.14. მოსარჩელის მიერ დაკავებული თავდაპირვანდელი და ტოლფასი თანამდებობები ფუნქციურად მსგავსია, კერძოდ:

4.14.1. ჯანმრთელობის დაცვის პროგრამების კონტროლის სამმართველოს ფუნქცია მოვალეობებში შედიოდა: ა) სააგენტოს სტრუქტურული და ტერიტორიული ერთეულების მიერ: ა.ა) საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში გაწეული საქმიანობის შერჩევითი შემოწმება; ა.ბ) ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამ(ებ)ის ფარგლებში გაწეული საქმიანობის შერჩევითი შემოწმება; ბ) შემოსული კორესპონდენციის განხილვა და პასუხის მომზადება; გ) დეპარტამენტის საქმიანობის სამუშაო გეგმებისა და ანგარიშ(ებ)ის შედგენაში მონაწილეობა; დ) კომპეტენციის ფარგლებში, შესაბამისი წინადადებების, რეკომენდაციების შემუშავება და დეპარტამენტის ხელმძღვანელთან წარდგენა; ე) სააგენტოს დებულებით და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებული უფლებამოსილების ფარგლებში, სააგენტოს დირექტორის, დეპარტამენტის უფროსის და დეპარტამენტის უფროსის მოადგილის ცალკეულ დავალებების შესრულება (იხ.. თავდაპირველი სააგენტოს ცენტრალური აპარატის დებულების 11.4 მუხლი; 19.02.2018 ბრძ. N04-126/ო.).

4.14.2. სამედიცინო საქმიანობის რეგულირების დეპარტამენტის დებულების მე-3 მუხლის თანახმად, სამედიცინო საქმიანობის ინსპექტირების სამმართველოს ფუნქციებია: სამმართველოს კომპეტენციაში შემავალ საკითხებზე დროული და ეფექტური რეაგირება. შემოსული კორესპონდენციის საფუძველზე, სამედიცინო შემთხვევების შესწავლის პროცედურის ორგანიზება, სამუშაო ჯგუფის შექმნა და მივლინება; იურიდიული და ფიზიკური პირების მიერ პაციენტთათვის გაწეული სამედიცინო დახმარების კონტროლი; მოქალაქეთა განცხადებების/საჩივრების, მათ შორის მასობრივი ინფორმაციის საშუალებებით გავრცელებული ინფორმაციის საფუძველზე, სამედიცინო დახმარების საკითხების შესწავლა; სალიცენზიო, სანებართვო და ტექნიკური რეგლამენტის პირობების დაცვის მდგომარეობის შესწავლა; ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით გათვალისწინებული სამედიცინო სამართალდარღვევის გამოვლენა და შესაბამისი ოქმის შედგენა (მათ შორის: უკანონო სამედიცინო (ლიცენზიის/ნებართვის გარეშე) და საექიმო საქმიანობის ფაქტების გამოვლენა; სალიცენზიო და სანებართვო პირობების შეუსრულებლობის ფაქტების გამოვლენა; მაღალი რისკის შემცველი სამედიცინო საქმიანობის ტექნიკური რეგლამენტის შეუსრულებლობის და სავალდებულო შეტყობინების გარეშე სამედიცინო საქმიანობის ფაქტების გამოვლენა და სხვ (იხ. მოპასუხის 2023 წლის 5 აპრილის ბრძანება)..

4.14.3. სამედიცინო საქმიანობის ინსპექტირების სამმართველოს ფუნქციებს მიეკუთვნა სააგენტოს დირექტორის, მისი მოადგილეების, აგრეთვე საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სტრუქტურული ერთეულების (მინისტრი, მინისტრის მოადგილე, შიდა აუდიტის დეპარტამენტი) ცალკეულ დავალებათა შესრულების უზრუნველყოფა. მათ შორის, სამინისტროს შიდა აუდიტის დეპარტამენტის მოთხოვნის საფუძველზე, კომპეტენციის შესაბამისი ინფორმაციისა და ანგარიშების წარდგენა. სააგენტოს ხარისხის უზრუნველყოფის, მონიტორინგისა და ანალიტიკის დეპარტამენტის მოთხოვნის საფუძველზე, კომპეტენციის შესაბამისი ინფორმაციის და ანგარიშების წარდგენა. დებულებით სხვა ფუნქცია-მოვალეობებიც განისაზღვრა (იხ. სამედიცინო საქმიანობის რეგულირების დეპარტამენტის დებულება).

5. მოსარჩელის მიერ მოთხოვნილი შედეგის - შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის შესახებ ბრძანების ბათილად ცნობის, სამუშაოზე აღდგენისა (უფლებრივი რესტიტუცია) და იძულებითი განაცდურის ანაზღაურების სამართლებრივი საფუძველია სშკ-ის 2.1 (შრომითი ურთიერთობა არის შრომის ორგანიზაციული მოწესრიგების პირობებში დასაქმებულის მიერ დამსაქმებლისათვის სამუშაოს შესრულება ანაზღაურების სანაცვლოდ) და 2.2 (შრომითი ურთიერთობა წარმოიშობა მხარეთა თანასწორუფლებიანობის საფუძველზე ნების თავისუფალი გამოვლენის შედეგად მიღწეული შეთანხმებით), 48.8 (სასამართლოს მიერ დასაქმებულთან შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ დამსაქმებლის გადაწყვეტილების ბათილად ცნობის შემთხვევაში, სასამართლოს გადაწყვეტილებით, დამსაქმებელი ვალდებულია, პირვანდელ სამუშაო ადგილზე აღადგინოს პირი, რომელსაც შეუწყდა შრომითი ხელშეკრულება), 44-ე (შრომითი ურთიერთობისას მხარის მიერ მეორე მხარისათვის მიყენებული ზიანი ანაზღაურდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით) (სადავო ბრძანების გამოცემისას არსებული რედაქცია), (სადავო ბრძანების გამოცემის მომენტისთვის მოქმედი რედაქცია) ასევე, სსკ-ის 394.1 (მოვალის მიერ ვალდებულების დარღვევისას კრედიტორს შეუძლია, მოითხოვოს ამით გამოწვეული ზიანის ანაზღაურება) და 408.1-ე (იმ პირმა, რომელიც ვალდებულია აანაზღაუროს ზიანი, უნდა აღადგინოს ის მდგომარეობა, რომელიც იარსებებდა, რომ არ დამდგარიყო ანაზღაურების მავალდებულებელი გარემოება) მუხლები.

6. მოცემულ შემთხვევაში, სადავო ბრძანების მიხედვით, მოსარჩელის გათავისუფლებას საფუძვლად დაედო მხარის რეორგანიზაცია, რაც ემყარება სადავო ბრძანების გამოცემის დროისათვის მოქმედ სშკ-ის 47.1 მუხლის „ა“ (შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის საფუძველია ეკონომიკური გარემოებები, ტექნოლოგიური ან ორგანიზაციული ცვლილებები, რომლებიც აუცილებელს ხდის, სამუშაო ძალის შემცირებას) ქვეპუნქტს.

7. საკასაციო სასამართლოს არაერთი განმარტებით, რეორგანიზაცია არის საწარმოს, დაწესებულების, ორგანიზაციის სტრუქტურის შეცვლა, გადაკეთება, გარდაქმნა ან მისი ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმის შეცვლა, რასაც შესაძლოა, გარკვეულ შემთხვევებში, მოჰყვეს შტატების შემცირება, მაგრამ რეორგანიზაცია, ჯერ ერთი, არ უნდა იყოს ფორმალური;

ეკონომიკური, ტექნოლოგიური ან ორგანიზაციული ცვლილებები საწარმო/ორგანიზაციაში რეალურად უნდა განხორციელდეს შესაბამისი ფაქტობრივი და კანონიერი საფუძვლით და, მეორე, რაც მთავარია, ამგვარი ცვლილებები აუცილებელს უნდა ხდიდეს შტატების შემცირებას, ვინაიდან რეორგანიზაცია თავისთავად არ იწვევს შტატების შემცირებას.

8. საწარმოში რეორგანიზაციის რეალურად (სტრუქტურის ან სამართლებრივი ფორმის შეცვლის, გადაკეთების, გარდაქმნის) განხორციელების შემთხვევაში საწარმოს ადმინისტრაცია ვალდებულია, ასაბუთოს შტატების შემცირების აუცილებლობა, რათა შტატები ფორმალურად არ შემცირდეს და არ იქცეს ადმინისტრაციის მიერ უმართებულო გადაწყვეტილების მიღების კანონისმიერ საფუძვლად.

9. ადმინისტრაციის მიერ ამგვარი ნების გამოვლენას, მიუხედავად იმისა, რა ფორმით არსებობს იგი (აქტი, ბრძანება, გარიგება), საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 54-ე მუხლის დისპოზიციური შინაარსი (საჯარო წესრიგისა და ზნეობის წინააღმდეგობა) ბათილად მიიჩნევს და მას იურიდიულ შედეგს არ უკავშირებს.

10. ამდენად, რეორგანიზაცია, თუნდაც მართლზომიერად ჩატარებული, ყოველთვის არ ქმნის დასაქმებულის სამსახურიდან განთავისუფლების ლეგიტიმურ საფუძველს. ორგანიზაციაში მიმდინარე სტრუქტურული, ორგანიზაციული ცვლილებები, მხოლოდ იმ შემთხვევაში წარმოშობს მუშაკის სამსახურიდან გათავისუფლების მართლზომიერ საფუძველს, თუ დადგინდება, რომ იგი თავისი შინაარსის გათვალისწინებით, ეკონომიკური სიდუხჭირის გამო, შტატების ან/და ხელფასების შემცირების ან სხვა ობიექტური საჭიროების გამო, დამსაქმებელს აყენებს კონკრეტული თანამდებობიდან მუშაკის გათავისუფლების აუცილებლობის წინაშე.

11. სხვა შემთხვევაში, ორგანიზაციაში მიმდინარე სტრუქტურული, ორგანიზაციული ცვლილებებიც, თავისთავად, არ არის მუშაკთან ხელშეკრულების შეწყვეტის საფუძველი, ვინაიდან ასეთ შემთხვევაში, ე.წ. „რეორგანიზაციის“ საფუძვლით პირის სამსახურიდან გაშვების დისკრიმინაციული მოტივები შეიძლება დაიფაროს და იქცეს ადმინისტრაციის მიერ უმართებულო გადაწყვეტილების მიღების კანონისმიერ საფუძვლად.

12. შესაბამისად, დასაქმებულის სამსახურიდან ნებისმიერი, მათ შორის რეორგანიზაციის, საფუძვლით დათხოვნის საკითხის გადაწყვეტისა და არჩევანის დროს დამსაქმებელი ვალდებულია, იხელმძღვანელოს გონივრული და დასაბუთებული კრიტერიუმით, რაც გამორიცხავს ეჭვის საფუძველს გადაწყვეტილების მიღების პროცესში და დაუსაბუთებლად არ ხელყოფს დასაქმებულის კანონიერ ინტერესს, მის შრომით უფლებებს.

13. საპროცესო სამართალწარმოებაში მოქმედი მტკიცების ტვირთის განაწილების ზოგადი წესის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს (სსსკ-ის 102-ე მუხლი).

14. ამასთან, საკასაციო სასამართლო მიუთითებს მყარად დადგენილ პრაქტიკაზე, რომელიც შრომით დავებში მტკიცების ტვირთის განაწილების სპეციალურ წესს ადგენს - შრომითი დავები მტკიცების ტვირთის განაწილების გარკვეული თავისებურებით ხასიათდება, რასაც, მტკიცებულებების წარმოდგენის თვალსაზრისით, დამსაქმებლისა და დასაქმებულის არათანაბარი შესაძლებლობები განაპირობებს.

მოსარჩელე, რომელიც სამსახურიდან უკანონოდ დათხოვნის თაობაზე აპელირებს, ვერ დაადასტურებს სამსახურიდან დათხოვნის უკანონობას. მოსარჩელის მითითება მასზედ, რომ იგი უკანონოდ გაათავისუფლეს, მტკიცების ტვირთს აბრუნებს დამსაქმებლის მხარეს, რომელსაც აკისრებს დასაქმებულის სამსახურიდან მართლზომიერად გათავისუფლების მტკიცების ვალდებულებას, შესაბამისად, იმ გარემოების მტკიცების ტვირთი, რომ დასაქმებულთან შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის შესახებ ნების გამოვლენა განაპირობა სამუშაო ძალის შემცირებამ, კადრების ოპტიმიზაციამ, ფინანსურმა სიძნელეებმა, დამსაქმებელს ეკისრება.

15. განსახილველ შემთხვევაში, ქვემდგომი ინსტანციის სასამართლომ სწორად გაანაწილა მტკიცების ტვირთი.

16. დამსაქმებელმა რეორგანიზაციის საფუძვლით შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის დროს კუმულაციურად უნდა დაასაბუთოს და დაამტკიცოს შემდეგი წინაპირობები:

ის აუცილებლობა, რომელიც შესაძლოა ლეგიტიმურ მიზანს წარმოადგენდეს რეორგანიზაციისა და შტატების შემცირებისათვის;

შტატების რეალურად და კანონთან შესაბამისად შემცირების ფაქტი - კერძოდ, რეორგანიზაციის ფაქტობრივად განხორციელება კანონის შესაბამისად ისე, რომ პროცესში არ მოხდეს თვალთმაქცურად არასასურველი მუშაკების განთავისუფლება (შდრ. სუსგ №ას-1329-2018, 22.02.2019წ).

დამსაქმებელმა უნდა წარმოაჩინოს თანმიმდევრული სურათი, რომელიც გონიერ დამკვირვებელს დაარწმუნებს მთელი ამ პროცესის სისწორესა და კანონიერებაში.

17. დადგენილია, რომ თავდაპირველი მოპასუხის უფლებამონაცვლე მოპასუხეა, კერძოდ, თავდაპირველი მოპასუხე სააგენტოს ჯანმრთელობის დაცვის პროგრამების კონტროლის მიმართულებით არსებული ფუნქცია/მოვალეობები შესაბამისი რესურსით, 2019 წლის 1 ნოემბრიდან მოპასუხეს გადაეცა (იხ. დადგენილების 1.1. მუხლის „გ“ ქვეპუნქტი).

18. ასევე დადგენილია, რომ კანონმდებლობით განსაზღვრული ფუნქციებისა და უფლებამოსილების შეუფერხებლად განხორციელებისა და პროცესების უწყვეტობის მიზნით, უფლებამონაცვლე ორგანიზაციებს დაევალათ, საჭიროების შემთხვევაში, შესაბამისი თანამშრომლების (შტატით დასაქმებულ და/ან შტატგარეშე მომუშავეთა) უკონკურსოდ გადაყვანა/დანიშვნის უზრუნველყოფა შესაბამის თანამდებობებზე, არაუგვიანეს 2019 წლის 31 დეკემბრისა.

19. შესაბამისად, საკასაციო სასამართლო იზიარებს ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოს მსჯელობას, რომ საკანონმდებლო ცვლილებებითვე დადგენილი შესაბამის სფეროს მიკუთვნებულ უფლება-მოვალეობათა სხვა იურიდიულ პირზე გადასვლა (უფლებამონაცვლეობა) თავდაპირველ სააგენტოში დასაქმებულ პირებთან უწყვეტ შრომით სახელშეკრულებო ურთიერთობას განაპირობებდა მხოლოდ დამსაქმებლის, სოციალური მომსახურების სააგენტოს ახალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის მიერ ჩანაცვლებით.

20. განსახილველ შემთხვევაში, დადგენილია, რომ მოსარჩელე სამსახურიდან სააგენტოში მიმდინარე ორგანიზაციული ცვლილებების საფუძველზე გათავისუფლდა, მაშინ როცა უფლებამონაცვლეობის გათვალისწინებითა და თავდაპირველ სააგენტოში დასაქმებულ პირებთან უწყვეტი შრომითი ურთიერთობის შენარჩუნების პირობებში, თანამშრომელთა და შტატგარეშე მომუშავეების შესაბამის თანამდებობებზე უკონკურსოდ გადაყვანა განისაზღვრა, შესაბამისად, საკასაციო სასამართლო იზიარებს ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოს დასკვნას, რომ სარეორგანიზაციო კომისიის შეფასება მოსარჩელის ახალ სააგენტოში გადაყვანის დამაბრკოლებელ გარემოებად ვერ მიიჩნეოდა.

21. რაც შეეხება შრომის კოდექსის 47.1. მუხლის „ო“ ქვეპუნქტით შრომითი ხელშეკრულების მოშლას, ამისთვის პირველ რიგში აუცილებელია, რომ შრომითი ხელშეკრულების მოშლის საფუძველი იყოს განსხვავებული ამავე მუხლში მითითებული დანარჩენი საფუძვლებისაგან. განსახილველ შემთხვევაში, შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის ობიექტური გარემოების დამადასტურებელი მტკიცებულება საქმეში არ წარდგენილა და აქედან გამომდინარე, პალატა განმარტავს, რომ მოსარჩელესთან შრომის ხელშეკრულება სშკ-ის 37-ე მუხლის პირველი ნაწილის „ო“ ქვეპუნქტის საფუძველზე კანონიერად არ შეწყვეტილა.

22. საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ გათავისუფლების ბრძანების ბათილად ცნობის თანმდევ შედეგებს ადგენს საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს შრომის კოდექსის“ 48.8 მუხლი, რომლის თანახმად, სასამართლოს მიერ დასაქმებულთან შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ დამსაქმებლის გადაწყვეტილების ბათილად ცნობის შემთხვევაში, სასამართლოს გადაწყვეტილებით, დამსაქმებელი ვალდებულია პირვანდელ სამუშაო ადგილზე აღადგინოს პირი, რომელსაც შეუწყდა შრომითი ხელშეკრულება, ან უზრუნველყოს ის ტოლფასი სამუშაოთი, ან გადაუხადოს მას კომპენსაცია სასამართლოს მიერ განსაზღვრული ოდენობით. მოხმობილი ნორმის დისპოზიციიდან გამომდინარე, კანონმდებელი ითვალისწინებს დასაქმებულის უფლებრივი რესტიტუციის სამ საშუალებას, რომლებიც თანმიმდევრობით უნდა შეამოწმოს სასამართლომ (სუსგ №ას-1210-2018, 15/02/2019 წ.).

22.1. „ერთ-ერთ საქმეზე, რომელშიც ბათილად იქნა ცნობილი სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ ბრძანება, საკასაციო სასამართლომ იმსჯელა დასაქმებულის დარღვეული უფლების აღდგენის საკითხთან მიმართებით. საკასაციო სასამართლომ განმარტა, რომ როდესაც უკანონოდ დათხოვნილი დასაქმებული შრომითი ხელშეკრულების ბათილად ცნობასა და უფლებებში აღდგენას ითხოვს, სასამართლომ თავად უნდა შეაფასოს მოსარჩელის უფლებრივი რესტიტუციის საუკეთესო გზა შემდეგი პრიორიტეტული თანმიმდევრობით, კერძოდ, თუ მოსარჩელის ინტერესი პირვანდელ სამუშაო ადგილზე აღდგენაა, სასამართლომ დასაქმებულისა და დამსაქმებლის ორმხრივი პატივსადები ინტერესების დაცვით უნდა შეამოწმოს მითითებული მოთხოვნის საფუძვლიანობა და დაკმაყოფილების მიზანშეწონილობა. პირვანდელ სამუშაო ადგილზე აღდგენის მოთხოვნა საფუძვლიანია, თუ ხელშეკრულების შეწყვეტა უკანონოა, თუმცა აღნიშნული ავტომატურად არ იწვევს დასაქმებულის პირვანდელ მდგომარეობის აღდგენას, ვინაიდან, აღნიშნული მოთხოვნის დაკმაყოფილება დამოკიდებულია მხარეთა კანონიერი ინტერესების გათვალისწინებით, მისი აღსრულების შესაძლებლობასა და ეფექტიანობაზე“ (იხ. სუსგ Nას-792-2019, 18.02.2021წ).

22.2. თუ სასამართლომ დაადგინა, რომ გათავისუფლების ბრძანება უკანონოა, თუმცა უკანონოდ დათხოვნილი დასაქმებულის პირვანდელ სამუშაო ადგილზე აღდგენა შეუძლებელია ან მიზანშეუწონელია, ასეთ შემთხვევაში, სასამართლომ უნდა დაადგინოს, ხომ არ არის შესაძლებელი უფლებადარღვეული დასაქმებულის ტოლფას თანამდებობაზე აღდგენა. ამ მიზნით, მან უნდა გამოიკვლიოს, თუ რა ადამიანურ რესურსს ფლობს დამსაქმებელი, რა ტოლფასი ვაკანტური პოზიციები აქვს მას, რა ფუნქციური მსგავსებაა პირვანდელ და ტოლფას თანამდებობებს შორის. იმავდროულად, სასამართლომ კვლევის შედეგები უნდა შეუსაბამოს უკანონოდ დათხოვნილი პირის ნებას, ინტერესსა და შესაძლებლობას, დაიკავოს კონკრეტული ტოლფასი თანამდებობა (იხ. საქართველოს შრომის სამართალი და საერთაშორისო შრომის სტანდარტები, გვ: 270-272).

22.3. განსახილველ შემთხვევაში, ვაკანტური ტოლფასი თანამდებობის მითითებისა და მტკიცების ტვირთი მოსარჩელეს ეკისრებოდა რომელმაც აღნიშნული დაძლია და გათავისუფლებამდე დაკავებული თანამდებობის ტოლფასად სააგენტოს მონიტორინგის დეპარტამენტის სამედიცინო საქმიანობის ინსპექტორის სამმართველოს მთავარი სპეციალისტის თანამდებობაზე მიუთითა, ხოლო მოპასუხემ/კასატორმა ვერ შეძლო დაკისრებული მტკიცების ტვირთის წარმატებული რეალიზება, კერძოდ:

22.4. საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ კონცენტრირებულად შეჯიბრებითობის პრიციპი გამოხატულია სსსკ-ის 102–ე მუხლში, რომლის თანახმად თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს.

22.5. შეჯიბრებაში გამარჯვებულად გამოცხადდება მხარე, რომელმაც უკეთ შეძლო დაერწმუნებინა სასამართლო თავისი მოთხოვნის (შესაგებლის) ფაქტობრივ დასაბუთებულობაში, ანუ მხარე, რომელმაც მიუთითა ფაქტებზე, რომლებიც იურიდიულად ამართლებენ მოთხოვნას (შესაგებელს) და წარმოუდგინა სასამართლოს მტკიცებულებები, რომლებიც ადასტურებენ ამ ფაქტებს.

22.6. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ მხარეთა ნამდვილი შეჯიბრება რეალურად შეუძლებელი იქნებოდა, რომ არ იყვნენ ამ შეჯიბრებაში მონაწილე მხარეები თანასწორნი. მხარეთა პროცესუალური თანასწორობის განმსაზღვრელი ძირითადი ნიშნები და მიმართულებანი ჩამოყალიბებულია სსსკ-ის 4.1 მუხლში, რომლის თანახმად, მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეთა პროცესუალური თანასწორობის პრინიციპითაა გამსჭვალული საპროცესო კანონმდებლობის თითქმის ყოველი ნორმა, დაწყებული საქმის მომზადების სტადიით და დამთავრებული გადაწყვეტილების გამოტანით და მისი გასაჩივრებით. მაგალითად, სარჩელის წარმოებაში მიღების შემდეგ მოპასუხეს ეგზავნება ამ სარჩელისა და მასზე დართული დოკუმენტების ასლები. მოპასუხეს თავის მხრივ შეუძლია ცნოს სარჩელი, ან არ ცნოს, მაგრამ თუ არ ცნობს, უნდა წარმოუდგინოს სასამართლოს წერილობითი ფორმით შედგენილი პასუხი სარჩელზე და მასზე თანდართულ საბუთებზე. ამ წერილობით პასუხში მანვე უნდა აცნობოს სასამართლოს, თუ რა საპროცესო საშუალებებით აპირებს მოსარჩელისაგან თავის დაცვას.

ისე, როგორც მოსარჩელეს, მოპასუხეს სრული უფლება აქვს არამარტო გამოთქვას თავისი მოსაზრებები მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი ფაქტების უარსაყოფად, არამედ წარმოუდგინოს სასამართლოს ფაქტები და მტკიცებულებები, რომლებიც ამართლებენ მის შესაგებელს, აქარწყლებენ მოსარჩელის მიერ წარმოდგენილ მტკიცებულებებს, ადასტურებენ ამ მტკიცებულებების სიყალბეს ან არასარწმუნოობას და ა.შ. სასამართლო ვერ გამოიტანს გადაწყვეტილებას, თუ მან არ მოუსმინა ორივე დაპირისპირებულ მხარეს ან არ მისცა მათ შესაძლებლობა გამოიყენონ საპროცესო კანონმდებლობით გათვალისწინებული ყველა უფლება და მექანიზმი თავიანთი პოზიციის გასამართლებლად, თავიანთი უფლებების დასაცავად.

22.7. მხარეთა თანასწორობა და შეჯიბრებითობა სამოქალაქო საპროცესო სამართლის უმნიშვნელოვანესი პრინციპია, რაც პირველ რიგში გულისხმობს მოსარჩელისა და მოპასუხისათვის თანაბარი პროცესუალური შესაძლებლობების მინიჭებას. შეჯიბრებითობის პრინციპი ეფუძნება მხარეთა თანაბარ შესაძლებლობას, აღიჭურვონ სათანადო საპროცესო ინსტრუმენტებით... (შდრ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2016 წლის 30 სექტემბრის გადაწყვეტილება საქმეზე №1/8/594; 2017 წლის 01 დეკემბრის გადაწყვეტილება საქმეზე №2/6/746).

22.8. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობა ითვალისწინებს სარჩელისაგან მოპასუხის თავდაცვის ისეთ ეფექტურ საშუალებას, როგორიცაა შესაგებელი.

22.9. შესაგებელი, როგორც მოპასუხის საპროცესო თავდაცვის საშუალება მნიშვნელოვანი ინსტიტუტია სამოქალაქო სამართალწარმოებაში, მასში ვლინდება წერილობითი შეჯიბრებითობის პრინციპი. იგი ასევე ერთგვარი გამოხატულებაა დისპოზიციურობის (სსსკ-ის მე-3 მუხლი) პრინციპისა, რომელიც უზრუნველყოფს მხარეთა საპროცესო უფლებების ავტონომიურად განკარგვის შესაძლებლობას. საპროცესო ავტონომიის ფარგლებში მოპასუხის გადასაწყვეტია ცნობს თუ არა სარჩელს, დაასრულებს თუ არა საქმეს მორიგებით, ან რა სახის საპროცესო თავდაცვის საშუალებას გამოიყენებს, რაც გარკვეულწილად დავაში შესვლასა და სარჩელში მითითებულ გარემოებებზე პასუხის გაცემას გულისხმობს. შესაბამისად, სარჩელის წარმატება იმაზე იქნება დამოკიდებული, თუ რამდენად კვალიფიციურად დაიცავს თავს მოპასუხე სარჩელისაგან.

22.10. ვიდრე საქმის არსებითად განხილვა დაიწყება სასამართლოში, მოსამართლემ უნდა უზრუნველყოს საქმის მომზადება, რომელიც მათ შორის მხარეთა წერილობითი პოზიციების გაცვლას მოიცავს. სწორედ ამ მიზანს ემსახურება, ერთი მხრივ სარჩელისა და თანდართული დოკუმენტების ასლების მოპასუხისათვის, ხოლო მეორე მხრივ, შესაგებლისა და თანდართული დოკუმენტების ასლების მოსარჩელისთვის ჩაბარება. სასამართლომ მკაცრად უნდა გააკონტროლოს ამ კონტექსტში მხარეთა საპროცესო უფლებების დაცვა (წერილობითი დოკუმენტაციის სრულყოფილად მიღება და პასუხის გასაცემად გონივრული ვადის დადგენა), წინააღმდეგ შემთხვევაში სახეზე იქნება ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის 6.1 მუხლით გარანტირებული სამართლიანი სასამართლოს უფლების დარღვევა. მოპასუხეს მისთვის გზავნილის (სარჩელისა და თანდართული დოკუმენტების ასლები) ჩაბარების შემდეგ წარმოეშობა შესაგებლის წარდგენის ვალდებულება.

22.11. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ შესაგებლის ზოგადი კლასიფიკაცია შემდეგია: მატერიალური და საპროცესო შესაგებელი; აბსტრაქტული (ზოგადი) და კონკრეტული შესაგებელი; მარტივი და კვალიფიციური (არსებითი) შესაგებელი. რა ტიპის შესაგებელს წარადგენს მოპასუხე, სრულად თავსდება ამ უკანაკნელის ნების ავტონომის ფარგლებში. კონკრეტული შესაგებლის წარდგენის ვალდებულება გამომდინარეობს 201.4. მუხლის შინაარსიდან (ივარაუდება, რომ შედავებული უნდა იყოს დავის გადასაწყვეტად მნიშვნელოვანი ფაქტები და არა სამართლებრივი მოსაზრებები, ე.ი. ისეთი ფაქტები, რომელთა არსებობა წარმოშობენ მოთხოვნას), წინააღმდეგ შემთხვევაში მოსარჩელის მიერ მითითებული ფაქტები, დამტკიცებულად ითვლება. მოსამართლემ განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიაქციოს პირველ რიგში საპროცესო შესაგებელს, ხოლო ამის შემდეგ მატერიალურ შესაგებელს.

22.12. მატერიალური შედავება მიმართულია სარჩელის მატერიალურ-სამართლებრივი შედეგის მიღწევის წინააღმდეგ, რაც გულისხმობს მოპასუხის მხრიდან ისეთ ფაქტებზე (წინაპირობებზე) მითითებას, რომლებიც გამორიცხავენ, წყვეტენ ან აფერხებენ (განუხორციელებელს ხდიან) სარჩელით მოთხოვნილი შედეგის დადგომას.

22.13. საკასაციო პალატამ ერთ-ერთ საქმეზე აღნიშნა, რომ სსსკ-ის 201-ე მუხლის მეოთხე და მეხუთე ნაწილების თანახმად, „პასუხში (შესაგებელში) სრულყოფილად და თანამიმდევრობით უნდა იყოს ასახული მოპასუხის მოსაზრებები სარჩელში მითითებულ თითოეულ ფაქტობრივ გარემოებასა და მტკიცებულებასთან დაკავშირებით. თუ მოპასუხე არ ეთანხმება სარჩელში მოყვანილ რომელიმე გარემოებას, იგი ვალდებულია მიუთითოს ამის მიზეზი და დაასაბუთოს შესაბამისი არგუმენტაციით; წინააღმდეგ შემთხვევაში მას ერთმევა უფლება, შეასრულოს ასეთი მოქმედება საქმის არსებითად განხილვის დროს. მოპასუხე ვალდებულია, პასუხს დაურთოს მასში მითითებული ყველა მტკიცებულება. თუ მოპასუხეს საპატიო მიზეზით არ შეუძლია პასუხთან ერთად მტკიცებულებათა წარდგენა, იგი ვალდებულია, ამის შესახებ მიუთითოს პასუხში. წინააღმდეგ შემთხვევაში მოპასუხეს ერთმევა უფლება, შემდგომში წარადგინოს მტკიცებულებები). სამოქალაქო პროცესში მტკიცების საგანი, რომელიც წარმოადგენს სადავო მატერიალურსამართლებრივ ფაქტებს, რომელზეც მიუთითებენ მოსარჩელე და მოპასუხე, მოთხოვნის თუ შესაგებლის დასაბუთების ან გაქარწყლებისათვის, შეუძლებელია წარმოვიდგინოთ მტკიცებითი საქმიანობის გარეშე. სსსკ-ის მე-4 მუხლის პირველი ნაწილი ნათელი დადასტურებაა იმისა, რომ მოპასუხე ვალდებულია, საქმის მომზადების მიზნით აქტიურად იმოქმედოს, რაც, უპირველესად, სასამართლოსათვის სარჩელზე მისი წერილობითი მოსაზრებების წარდგენაში გამოიხატება. მოპასუხის მიერ ამ უფლების განუხორციელებლობა, სსსკ-ის 206-ე მუხლის შესაბამისად, ართმევს მას უფლებას, შეასრულოს ასეთი მოქმედება ამ საქმის არსებითად განხილვის დროს (ანუ, სასამართლოს სხდომაზე მხარისაგან მტკიცებულების მიღება აღარ ხდება). ამ შემთხვევისათვის სხვა რაიმე სპეციალურ შედეგს კანონი არ ადგენს“ (შდრ. სუსგ დიდი პალატის გადაწყვეტილება საქმეზე №ას-664-635-2016, 02 მარტი, 2017, პ.201).

22.14. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ შესაგებლის სახეებიდან განსაკუთრებული დატვირთვა გააჩნია კვალიფიციურ შედავებას. კვალიფიციური შედავება იურიდიულ დოქტრინაში განმარტებულია შემდეგნაირად: „მოპასუხე მოსარჩელის მოხსენების ნაცვლად წარმოადგენს მოვლენათა განვითარების მისეულ, განსხვავებულ ვერსიას, რომელიც ცალკეულ საკითხებში სადავოს ხდის მოსარჩელის მოხსენებას“ (შდრ. მოსამართლის მიერ გადაწყვეტილების მიღების პროცესი სამოქალაქო სამართალში, შ.შმიტი, ჰ.რიჰტერი, (GIZ), 2013წ., გვ.19.) კვალიფიციურ შედავებას არსებით შედავებადაც მოიხსენიებენ. ამგვარი შედავება, ერთი მხრივ, შეიძლება გამორიცხავდეს სარჩელის დაკმაყოფილებას უსაფუძვლობის გამო, ხოლო მეორე მხრივ, ცვლიდეს მოსარჩელის მიერ შემოთავაზებული სამართლებრივი ურთიერთობის კვალიფიკაციას, საიდანაც მოსარჩელეს დამატებითი მოხსენების (ფაქტების მითითების) გარეშე გაუჭირდება იმ შედეგის მიღწევა, რომელიც სარჩელით აქვს მოთხოვნილი. კვალიფიციური (არსებითი) შედავება მოსამართლეს ცალკეულ შემთხვევაში ავალდებულებს მოიძიოს მოთხოვნის სხვა დამფუძნებელი ნორმა, ასევე შეამოწმოს საგამონაკლისო ნორმები.

22.15. მას შემდეგ, რაც მოსამართლე მოიძიებს მოთხოვნის დამფუძნებელ ნორმას, განსაზღვრავს ნორმის ფაქტობრივ ელემენტებს (წინაპირობებს), ამ წინაპირობებს მიუსადაგებს მოსარჩელის მიერ მოხსენებულ ფაქტებს და თითეულ წინაპირობაზე გასცემს დადებით პასუხს, იგი ამოწმებს რომელ ფაქტებს ხდის მოპასუხე სადავოდ (მოპასუხის სტადია). თუ მოპასუხეს არ აქვს წარდგენილი კვალიფიციური (არსებითი) შედავება, არამედ მხოლოდ სამართლებრივად მნიშვნელოვანი ფაქტების უარყოფით შემოიფარგლება, მოსამართლე გადადის მტკიცების სტადიაზე, რაც ნიშნავს სადავოდ გამხდარი ფაქტების დადგენის პროცესს. მოპასუხის მხრიდან არსებითი ხასიათის შედავების შემთხვევაში, მოსამართლემ ასევე უნდა მოიძიოს სამართლებრივი ნორმა, რომელიც გამორიცხავს, წყვეტს ან აფერხებს მოთხოვნის განხორციელებას, ხოლო ნორმის წინაპირობების შემოწმება იმავე წესით ხორციელდება. აქაც მნიშვნელოვანია რას პასუხობს მოსარჩელე მოპასუხის არსებით შედავებას, არ არის გამორიცხული მოსარჩელემაც კვალიფიციური პასუხი გასცეს მოპასუხის ამგვარ განმარტებას. ამდენად მოსამართლე ასე უწვეტად გადადის მოსარჩელის სტადიიდან მოპასუხის სტადიაზე და პირიქით, ვიდრე არ დასრულდება მხარეთა განმარტებების ურთიერთგაცვლის პროცესი, რომლის შედეგადაც უნდა გაირკვეს უდავო და სადავო (მტკიცების საგანში შემავალი) ფაქტები.

22.16. შესაგებლის შინაარსობრივი მხარე, განსაკუთრებით ფაქტობრივი ნაწილი გავლენას ახდენს მტკიცების ტვირთზე. სსსკ-ის 102.1 მუხლის ზოგადი დათქმიდან გამომდინარე, უფლების შემწყვეტი, შემაფერხებელი და გამომრიცხველი შესაგებლის მტკიცების ტვირთი მოდის მოპასუხეზე.

22.17. საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ მოთხოვნის შემწყვეტი ან განხორციელების შემაფერხებელი შესაგებლების (გამომრიცხავი ნორმების) შემოწმება მიმდინარეობს შემდეგ ეტაპებად: ა) მოპასუხის მიერ ასეთი შესაგებლის განხორციელების შემთხვევაში უპირველესად უნდა იქნეს მოძიებული მატერიალურ-სამართლებრივი ნორმა, რომელიც შესაძლოა უპირისპირდებოდეს მოსარჩელის (სამართლებრივ) მოთხოვნის უფლებას; აღნიშნული სამართლებრივი ნორმა, ისევე, როგორც მოსარჩელის სტადიაზე მოსაძიებელი მოთხოვნის საფუძველი, უნდა გამომდინარეობდეს კანონიდან. ბ) შემდეგ ეტაპზე მიმდინარეობს მოპასუხის ახსნა-განმარტებების შემოწმება ზუსტად ისე, როგორც მოსარჩელის განმარტებების შემოწმება ხდება მოსარჩელის სტადიაზე. კერძოდ, მოპასუხის შესაგებელი მოწმდება ზემოხსენებულ საპირისპირო ნორმასთან მიმართებით. ამრიგად, ამ ეტაპზე მოპასუხის განმარტებები უნდა ასაბუთებდეს ამ საპირისპირო ნორმის დისპოზიციის არსებობას და ამ კუთხით უნდა იყოს გამართული. გ) მესამე ეტაპზე უნდა შემოწმდეს უკვე მოსარჩელის პასუხი, რამდენად სათანადოდ (საკმარისად) ედავება იგი საპირისპირო ნორმის შედეგის დამფუძნებელ გარემოებებს.

22.18. იმ შემთხვევაში, თუ მოპასუხე სათანადოდ ახერხებს მოსარჩელის მიერ მითითებულ (არსებით) გარემოებებზე შედავებას საპირისპირო ნორმის წინაპირობების დასაბუთების გარეშე, მაშინ ამ გარემოებებთან დაკავშირებით გადაწყვეტილება უკვე მტკიცების სტადიაზე მიიღება იმისდა მიხედვით, (მტკიცების ტვირთის განაწილების გათვალისწინებით) დამტკიცდება თუ არა ეს სადავო გარემოებები; თუ მოპასუხე ვერ ახერხებს საპირისპირო ნორმის წინაპირობების დასაბუთებას და ვერც მოსარჩელის მიერ მითითებული და მოთხოვნის დამაფუძნებელი გარემოებების სათანადო შედავებას, სასამართლოს შეუძლია მოსარჩელის სასარგებლოდ დააკმაყოფილოს სარჩელი; თუ მოპასუხე სათანადოდ ახერხებს სამართლებრივი შესაგებლის დასაბუთებას და თუ მოსარჩელე არ ხდის სადავოს მის შესაგებელს, მაშინ სასამართლო მიდის დასკვნამდე, რომ უარი უნდა ეთქვას სარჩელს საპირისპირო (მოთხოვნის გამომრიცხავი) ნორმის არსებობის გამო; თუ მოპასუხე სათანადოდ ახერხებს მოსარჩელის არსებითი გარემოებების შედავებას და ასევე საპირისპირო ნორმის წინაპირობების საკმარისად დასაბუთებას, მაშინ მტკიცების სტადიაზე უნდა გაირკვეს, მტკიცდება თუ არა სადავო გარემოებები (მტკიცების ტვირთის გადანაწილების შესაბამისად). შემდეგ ეტაპზე უნდა შემოწმდეს, ახერხებს თუ არა მოსარჩელე თავისი მოთხოვნის დამაფუძნებელი გარემოებების იმგვარ დასაბუთებას, რომელიც ასევე აქარწყლებს მოპასუხის მიერ დასაბუთებულ საპირისპირო მითითებებს (ნორმებს).

22.19. განსახილველ შემთხვევაში, მოპასუხემ შესაგებელი წარადგინა, თუმცა, საგულისხმოა მისი შინაარსობრივი მხარე, სადაც მოპასუხე მხოლოდ იმაზე მიუთითებდა, რომ სარჩელს არ ცნობდა. ვაკანტური ტოლფასი თანამდებობის არ არსებობაზე კი, მითითება არ გაუკეთებია. შესაბამისად, საკასაციო სასამართლო სრულად იზიარებს ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოს პოზიციას, მოპასუხის არაკვალიფიციური შედავების შედეგად, სარჩელში მითითებული ფაქტობრივი გარემოების - ვაკანტური ტოლფასი თანამდებობის არსებობის დადასტურებულად მიჩნევის შესახებ.

ამდენად, დამსაქმებლმა რელევანტურ მტკიცებულებებზე დაყრდნობით ვერ გააბათილა, რომ მოსარჩელის მიერ მოთხოვნილი კონკრეტული თანამდებობა მოსარჩელის მიერ გათავისუფლებამდე დაკავებული თანამდებობის ტოლფასი არ იყო, ან თუ ტოლფასია, არ იყო ვაკანტური, სახელდობრ, ამ პოზიციებზე დასაქმებული პირების შესახებ მონაცემები, მათი პირადი საქმეები დანიშვნის ბრძანებებით, რითაც გამოირიცხებოდა ამ პოზიციაზე მოსარჩელის აღდგენის შესაძლებლობა, საქმეში არ წარდგენილა.

22.20. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, რაკი დადგენილია ტოლფასი თანამდებობის არსებობა, მისი ტოლფასი ბუნება იმ პირვანდელ სამუშაო ადგილთან მიმართებით, საიდანაც დასაქმებული უკანონოდ გათავისუფლდა, ასევე ტოლფას თანამდებობაზე დასაქმების მოსარჩელის სურვილი და ფუნქციური თუ კომპეტენციური შესაბამისობა, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ მოსარჩელე უნდა აღდგეს ტოლფას თანამდებობაზე. აქედან გამომდინარე, მართებულად დაკმაყოფილდა მოთხოვნა იძულებითი განაცდურის ანაზღაურებასთან დაკავშირებითაც.

23. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად; აქედან გამომდინარე საკასაციო პალატა აღარ იმსჯელებს კასატორის არაარსებით არგუმენტებზე (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, # 7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81); Boldea v. Romania, par. 30).

24. საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც იმ საფუძვლით, რომ სააპელაციო სასამართლოს განჩინება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან.

25. საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.

26. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლოს დასკვნები არსებითად სწორია. რადგანაც კასატორმა ვერ დაძლია გასაჩივრებული განჩინების დასაბუთება დამაჯერებელი და სარწმუნო მტკიცებულებებით, არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის კანონისმიერი საფუძველი.

27. სსსკ-ის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%. მოცემულ შემთხვევაში, ვინაიდან საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნა მიჩნეული, კასატორს უნდა დაუბრუნდეს მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის, 2070 ლარის (საგადასახადო დავალება #08290, ბანკში გაგზავნის თარიღი - 03.10.2024), 70% - 1449 ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 3 0077 3150;

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე, 408.3, 284-ე, 285-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. სსიპ სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;

2. სსიპ სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს დაუბრუნდეს მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის, 2070 ლარის (საგადასახადო დავალება #08290, ბანკში გაგზავნის თარიღი - 03.10.2024), 70% - 1449 ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 3 0077 3150;

3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

მოსამართლეები : ვლადიმერ კაკაბაძე

ლევან მიქაბერიძე

გიზო უბილავა