საქმე №ას-303-2025
25 ივნისი, 2025 წელი ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
გიზო უბილავა (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ლევან მიქაბერიძე, ვლადიმერ კაკაბაძე
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
საკასაციო საჩივრის ავტორი – შპს „ს.გ.წ.კ–ია“ (მოსარჩელე)
მოწინააღმდეგე მხარე – სს „ს.ს.ჯ–ი“ (მოპასუხე)
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 27 ნოემბრის განჩინება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება
დავის საგანი – სადაზღვევო შემთხვევის ანაზღაურება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი
1. შპს „ს.გ.წ.კ–იამ“ (შემდგომში - „მოსარჩელე“, „შემსყიდველი“, „დამზღვევი“) სარჩელი აღძრა სასამართლოში სს „ს.ს.ჯ–ის“ (შემდგომში - „მოპასუხე“, „მზღვეველი“, „მიმწოდებელი“) მიმართ 4 200 ლარის დაკისრების თაობაზე.
2. მოპასუხემ წარდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნო.
3. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 16 ივლისის გადაწყვეტილებით სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
4. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოსარჩელემ, რომლითაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.
5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 27 ნოემბრის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და უცვლელი დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2024 წლის 16 ივლისის გადაწყვეტილება.
6. სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია საქმის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:
6.1. 2021 წლის 23 მარტს მოსარჩელესა და მოპასუხეს შორის დაიდო სახელმწიფო შესყიდვის შესახებ NCT-032301 ხელშეკრულება (შემდგომში - „ხელშეკრულება“), რომლის 2.1. პუნქტის შესაბამისად, „ხელშეკრულების საგანს წარმოადგენს შემსყიდველი ორგანიზაციის ბალანსზე არსებული სატრანსპორტო საშუალებებისათვის სადაზღვევო მომსახურების გაწევა“, ხელშეკრულების 5.1. პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ,,მიმწოდებელი ვალდებულია განიხილოს და სადაზღვევო შემთხვევის დადასტურების შემთხვევაში, შესაბამისი მომსახურება გაუწიოს ნებისმიერ შემთხვევაზე, რომელიც მოხდა სადაზღვევო პერიოდის განმავლობაში, მიუხედავად მომსახურების გაწევისათვის საჭირო დროის ხანგრძლივობისა“;
6.2. ხელშეკრულების სატენდერო დოკუმენტაციის პირველი ნაწილის პირველი მუხლის შესაბამისად, საგზაო-სატრანსპორტო რისკი არის საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევა (არ აქვს მნიშვნელობა ვისი მიზეზით ხდება საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევა), მიუხედავად იმისა, დაზღვეული სატრანსპორტო საშუალება მოძრაობდა, თუ იმყოფებოდა გაჩერებულ მდგომარეობაში. მე-2 ნაწილის პირველი მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, „სატრანსპორტო საშუალების დაზღვევა გულისხმობს, სატრანსპორტო საშუალების ნაწილობრივ ან სრული დაზიანებით, აგრეთვე სატრანსპორტო საშუალების ან მისი ნაწილების დაკარგვით/დაზიანებით გამოწვეული ზარალის ანაზღაურებას სადაზღვევო შემთხვევების დადგომისას“. მე-2 ნაწილის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, „სადაზღვევო შემთხვევის შედეგად სატრანსპორტო საშუალების სრული ზარალის (განადგურების) ან დაკარგვის შემთხვევაში, მზღვეველი ვალდებულია გასცეს ანაზღაურება დამზღვევის სასარგებლოდ, ურთიერთშეთანხმების საფუძველზე ფულადი ან არაფულადი ფორმით“; ხელშეკრულებისა და კონსოლიდირებული ტენდერის პირობების მე-2 მუხლის საერთო გამონაკლისების „ო“ ქვეპუნქტის თანახმად, მზღვეველი თავისუფლდება თავისი მოვალეობის შესრულებისაგან, თუ დაზღვევით გათვალისწინებული შემთხვევა დადგა უხეში გაუფრთხილებლობით;
6.3. 2021 წლის 5 აგვისტოს უბნის ინსპექტორ-გამომძიებლის მიერ შედგენილი Nბბ000079452 სამართალდარღვევის ოქმითა და ავტოსაგზაო შემთხვევაში მონაწილე პირთა ახსნა-განმარტებით ირკვევა, რომ 2021 წლის 5 აგვისტოს ვ.ქ–ი (შემდგომში ასევე - „დამზღვევი კომპანიის უფლებამოსილი მძღოლი“, „დაზღვეული ავტომობილის მძღოლი“) სატრანსპორტო საშუალება TOYOTA HILUX სახელმწიფო ნომრით ..... (შემდგომში - „დაზღვეული ავტომობილი“) გადაადგილდებოდა სოფელ ....... დასახლებაში, რა დროსაც ვერ უზრუნველყო საჭის უსაფრთხოდ მართვა და მოხდა შეჯახება;
6.4. დაზღვეული ავტომობილის მძღოლს გამოეწერა საჯარიმო ქვითარი და ცნობილ იქნა სამართალდარღვევის ჩამდენ პირად ასკ-ის 125-ე მუხლის მე-10 ნაწილით;
6.5. საქმეზე წარდგენილი ავტოსაგზაო შემთხვევაში მონაწილე პირის, დაზღვეული ავტომობილის მძღოლის, მიერ მიცემული ახსნა-განმარტების თანახმად, 2021 წლის 5 აგვისტოს გადაადგილდებოდა დაზღვეული ავტომანქანით სოფელი ......... დასახლების მიმდებარედ, რა დროსაც საავტომობილო გზიდან გადადიოდა მეორე ხარისხოვან გზაზე, არ ჩაირთო მაშუქი სიგნალი, დაიწყო მოძრაობა, გადაკვეთა წყვეტილი ზოლი, უნდა შესულიყო მეორე ხარისხოვან გზაზე. შორიდან შემოესმა მუხრუჭის ხმა და მოხდა მის ავტომობილზე შეჯახება. ანალოგიური შინაარსის ახსნა-განმარტება მისცა ავტოსაგზაო შემთხვევაში მონაწილე მეორე ავტომობილის მძღოლმა, საიდანაც ირკვევა, რომ 2021 წლის 5 აგვისტოს მისი კუთვნილი ავტომანქანით გადაადგილდებოდა სოფელი ......... დასახლებაში, რა დროსაც ცდილობდა მის წინ მიმავალი ავტომანქანის გასწრებას. ჩართო მაშუქი სიგნალი და დაიწყო გასწრება რა დროსაც მის წინ მიმავალმა მანქანამ გადაკვეთა წყვეტილი ხაზი და უხვევდა მარცხნივ ისე, რომ არ ჰქონდა ჩართული მაშუქი სიგნალი, რის გამო მოხდა შეჯახება;
6.6. მოსარჩელემ მიმართა მზღვეველს სადაზღვევო ანაზღაურების გაცემის მოთხოვნით;
6.7. მიმწოდებლის 2022 წლის 15 თებერვლის წერილით მოსარჩელეს უარი ეთქვა სადაზღვევო ანაზღაურების გაცემაზე და განემარტა, რომ ავტოსაგზაო შემთხვევის დროს დაზღვეული ავტომობილის მძღოლმა არ დაიცვა რა წინდახედულობის ნორმები, კერძოდ, მერსედესის მარკის ავტომობილი ცდილობდა გაესწრო მის წინ მიმავალ, დაზღვეულ სატრანსპორტო საშუალებისთვის. გასწრების მომენტში დაზღვეულმა ავტომობილმა გადაკვეთა გზის გამყოფი ხაზი და ცდილობდა მარცხენა მხარეს შეხვევას ისე, რომ არ ჩაურთავს მაშუქი სიგნალი. აღნიშნულმა გამოიწვია შეჯახება. ამდენად, უფლებამოსილმა მძღოლმა არ დაიცვა წინდახედულობის მინიმალური სტანდარტი, ვინაიდან უკნიდან მომავალი ავტომობილი ახორციელებდა გასწრებას, ხოლო, უფლებამოსილმა მძღოლმა არ აცალა მანევრის დასრულება და თავად დაიწყო მანევრირება ისე, რომ არც კი ჩაურთავს შესაბამისი მაშუქი სიგნალი. შეჯახება განხორციელდა სწორედ ამ სავალდებულო წინდახედულობის ნორმების დაუცველობით, რაც წარმოადგენს მძღოლის მიერ გამოჩენილ უხეშ გაუფრთხილებლობას. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მზღვეველმა უარი განაცხადა სადაზღვევო შემთხვევის ანაზღაურებაზე;
6.8. საქმეზე წარდგენილი ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2024 წლის 24 იანვრის დასკვნის თანახმად, ექსპერტიზაზე გამოსაკვლევად წარდგენილი 2011 წელს დამზადებული, პიკაპის ტიპის TOYOTA HILUX-ზე სახელმწიფო ნომრით ........., საიდენტიფიკაციო ნომრით ......... მიყენებული მატერიალური ზარალის ოდენობა დადგენილი საბაზრო ფასებისა და გაუთვალისწინებელი ხარჯების გათვალისწინებით, საორიენტაციოდ, შეადგენს 4 200 ლარს.
7. სააპელაციო სასამართლომ მიუთითა „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის 31 ნაწილზე, რომლის შესაბამისად, მანევრი განიმარტება როგორც მოძრაობის დაწყება, მარჯვნივ ან მარცხნივ მოხვევა, მობრუნება, უკუსვლით მოძრაობა, დაბრკოლების შემოვლა ან/და მოძრაობის ზოლის შეცვლა (გადაჯგუფება). იმავე კანონის 32-ე მუხლი ადგენს მანევრთან დაკავშირებულ ზოგად მოთხოვნებს, კერძოდ, მითითებული მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მძღოლმა, რომელსაც განზრახული აქვს რომელიმე მანევრის შესრულება, ეს მანევრი უნდა დაიწყოს მხოლოდ მას შემდეგ, რაც დარწმუნდება, რომ არ შეუქმნის საფრთხეს მის უკან, წინ და გვერდით როგორც თანმხვედრი, ისე საპირისპირო მიმართულებით მოძრავ საგზაო მოძრაობის მონაწილეებს, მათი მდებარეობის, მოძრაობის მიმართულებისა და სიჩქარის გათვალისწინებით. ხოლო მე-2 ნაწილის თანახმად, მანევრის დაწყებამდე მძღოლი ვალდებულია ჩართოს შესაბამისი მიმართულების მოხვევის შუქ-მაჩვენებელი, ხოლო თუ ის არ არის ან გამოსულია მწყობრიდან − ანიშნოს ხელით. მარცხნივ მოხვევის ან მობრუნების სიგნალს შეესაბამება გვერდზე ჰორიზონტალურად გაშვერილი მარცხენა ხელი ან გვერდზე გაშვერილი, იდაყვში სწორი კუთხით ზემოთ მოხრილი მარჯვენა ხელი. მარჯვნივ მოხვევის სიგნალს შეესაბამება გვერდზე ჰორიზონტალურად გაშვერილი მარჯვენა ხელი ან გვერდზე გაშვერილი, იდაყვში სწორი კუთხით ზემოთ მოხრილი მარცხენა ხელი.
8. სააპელაციო სასამართლომ ყურადღება გაამახვილა მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის განვითარების განმაპირობებელ გარემოებებზე [დაზღვეული ავტომობილის უკან მოძრაობდა მერსედესის მარკის ავტომობილი, რომლის მძღოლმა დაიწყო მანევრი, მარცხენა მხრიდან წინ მიმავალი სატრანსპორტო საშუალების გასწრება; სწორედ ამ დროს, დაზღვეული ავტომობილის მძღოლმა დაიწყო მარცხნივ მოხვევა ისე, რომ არ ჩართო შესაბამისი მიმართულების მოხვევის მაშუქი სიგნალი] და აღნიშნა, რომ სახეზეა დაზღვეული ავტომანქანის მძღოლის უხეში და არა მარტივი გაუფრთხილებლობა, რაც კონკრეტულად გამოიხატა იმაში, რომ უფლებამოსილმა მძღოლმა, ხსენებული მანევრის - მოხვევის განხორციელებისას გარდა იმისა, რომ უგულებელყო შესაბამისი მიმართულების მოხვევის შუქ-მაჩვენებელი, ასევე, არ გამოიჩინა გონივრული წინდახედულობა - არ დარწმუნდა, რომ მოხვევისას საფრთხეს არ უქმნიდა მის უკან და გვერდით თანმხვედრი მიმართულებით მოძრავ ავტომობილს.
9. სააპელაციო სასამართლოს მითითებით, წინამდებარე საქმეში, ადგილი ჰქონდა მძღოლის მხრიდან აუცილებელი წინდახედულების ნორმის განსაკუთრებით მძიმე დარღვევას - უხეშ გაუფრთხილებლობას, რაც სადაზღვევო ხელშეკრულების პირობების თანახმად, მზღვეველს ათავისუფლებს ანაზღაურების ვალდებულებისაგან.
10. სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე საკასაციო საჩივარი შეიტანა მოსარჩელემ, რომლითაც მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება.
11. საკასაციო საჩივარი ეფუძნება შემდეგ ძირითად პრეტენზიებს:
11.1. სამეცნიერო ლიტერატურაში დამკვიდრებული პოზიციის მიხედვით, „უხეში გაუფრთხილებლობით მოქმედებს ის, ვინც თავისი მოქმედებით აუცილებელი ყურადღებიანობის მოთხოვნებს არღვევს უჩვეულოდ მაღალი ხარისხით. ხოლო მარტივი გაუფრთხილებლობით კი მოქმედებს ის, ვინც აუცილებელ ყურადღებიანობის მოთხოვნებს არღვევს შედარებით დაბალი დონით“, ამგვარად, უხეშ და მარტივ გაუფრთხილებლობას შორის განსხვავება აუცილებელი ყურადღებიანობის დარღვევის ხასიათშია;
11.2. გერმანულ იურიდიულ დოქტრინაში უხეშ გაუფრთხილებლობად განმარტებულია, პირის მიერ ვითარების არასათანადო შეფასება და ისეთი ზომების მიუღებლობა, რასაც მსგავს სიტუაციაში მყოფი ნებისმიერი პირი მიიღებდა. მოცემულ შემთხვევაში, როგორც საქმის გარემოებებით დგინდება, ავტოსაგზაო შემთხვევა დადგა იმის შედეგად, რომ დაზღვეული ავტომობილის მძღოლი იძულებული გახდა, შეეცვალა მიმართულება. შედეგად, როგორც ჩანს, ავტომობილის მძღოლი აღმოჩნდა სრულიად ჩვეულებრივ ვითარებაში, რაც, სავსებით შესაძლებელია, რომ თავს გადახდეს ნებისმიერ პიროვნებას - აღნიშნული კი, თავის მხრივ, გამორიცხავს უხეშ გაუფრთხილებლობას;
11.3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებით, უხეშ გაუფრთხილებლობა მარტივი გაუფრთხილებლობისგან გამიჯნულია და განმარტებულია, რომ მარტივ გაუფრთხილებლობად შეფასდება ყველა ის მოქმედება, რომელიც არ წარმოადგენს აუცილებელი წინდახედულობის ნორმის განსაკუთრებით მძიმე დარღვევას, ასევე, როდესაც პირის ფსიქიკური დამოკიდებულება ჩადენილი მართლსაწინააღმდეგო ქმედების მიმართ არ წარმოადგენს იმ ხარისხის ბრალეულობას, რაც მის უხეშ გაუფრთხილებლობად მიჩნევის საფუძველს ქმნის. ქართველი კანონმდებელი, მსგავსად გერმანელი და შვეიცარიელი კანონმდებლისა, მარტივ გაუფრთხილებლობას არ მიიჩნევს სსკ-ის 829-ე მუხლის გამოყენების ე.ი მზღვეველის სადაზღვევო ანაზღაურებისაგან განთავისუფლების საფუძვლად. ერთ-ერთ გადაწყვეტილებაში სასამართლო განმარტავს, რომ „დამზღვევის ყოველი ქმედების უხეშ გაუფრთხილებლობად შეფასება, მზღვეველს ანიჭებს ანაზღაურებაზე უარის შესაძლებლობას, რაც ეწინააღმდეგება დაზღვევის, როგორც სამართლებრივ, ისე ეკონომიკურ არსს“. ამავე გადაწყვეტილებაში სასამართლო აღნიშნავს, რომ ვინაიდან ავტოსაგზაო შემთხვევის დროს, დამზღვევი იყო ფხიზელი და ამასთან, მოძრაობდა დასაშვები სიჩქარით, გზაზე წარმოქმნილი სავარაუდო საფრთხის თავიდან აცილების მიზნით, მან იმოქმედა გაუფრთხილებლად. სწორედ იმის გამო, რომ სსკ-ის 829-ე მუხლი არ იძლევა უხეში გაუფრთხილებლობის გრადაციის და ამის შესაბამისად ანაზღაურების კვოტირების შესაძლებლობას, სასამართლო მოცემულ გარემოებებზე დაყრდნობით, დამზღვევის ბრალს აფასებს, როგორც მარტივ გაუფრთხილებლობას და ამით დამზღვევს უტოვებს სადაზღვევო დაცვით სარგებლობის შესაძლებლობას.
11.4. უხეში გაუფრთხილებლობის მტკიცების ტვირთი მზღვეველს, კერძოდ, მოპასუხეს აკისრია. მან უნდა დაასაბუთოს, რომ ავტომობილის მძღოლი მოქმედებდა უხეში გაუფრთხილებლობით, კერძოდ, რომ იგი საზოგადოებაში დამკვიდრებულ ყურადღების სტანდარტს მაღალი ხარისხით არღვევდა და უგულებელყოფდა იმას, რაც მოცემულ გარემოებებში ყველასთვის ნათელი იქნებოდა. აღნიშნული დასაბუთება, მოპასუხე მხარეს არ წარუდგენია. მოპასუხე მხოლოდ ბლანკეტურად ასაბუთებს და არ შედის კონკრეტული ბრალის ფორმის მსჯელობაში, შესაბამისად, ვერ ამტკიცებს უხეშ გაუფრთხილებლობას, რაც მისი მხრიდან, სხვა არაფერია, თუ არა ვალდებულების დარღვევა. გერმანიის ფედერალური სასამართლო განმარტავს, რომ მარტივი გაუფრთხილებლობა არის ფაქტის თვალთახედვიდან გამორჩენა, მოკლე დროით უყურადღებობა. თვალთახედვიდან გამორჩენაზე საუბრობენ, როდესაც სხვა შემთხვევაში კონცენტრირებულად მოქმედ პირს, დროის მცირე მონაკვეთში უნებურად მხედველობიდან რჩება ბრუნვაში დამკვიდრებული ყურადღებიანობა. შესაბამისად, ასეთი ქმედება არ ითვლება უპატიებელ შეცდომად;
11.5. გაუფრთხილებლობად ითვლება მოქმედება, რომლითაც ირღვევა სამოქალაქო ბრუნვისათვის დამახასიათებელი აუცილებელი ყურადღებიანობის იმ ხარისხზე, რომელიც შეიძლება გამოიჩინოს ინდივიდუალურად ბრალეულმა პირმა. გაუფრთხილებლობა სამოქალაქო სამართალში განისაზღვრება მოთხოვნის ობიექტური მასშტაბებით, ე.ი. გამოიყენება მსგავს სიტუაციაში გონიერი და კეთილსინდისიერი ადამიანის მოქმედების პრეზუმფცია. თუ დაზარალდა საქმიანი წრის გარკვეული ჯგუფის ან გარკვეული პროფესიის წარმომადგენელი, სასამართლომ უნდა გაარკვიოს, მოპასუხემ გამოიჩინა თუ არა წინდახედულობა იმ მოცულობით, რომელიც სჩვევია შესაბამისი პროფესიის ან საქმიანი წრის „საშუალო წარმომადგენელს“;
11.6. დაზღვეული ავტომობილის მძღოლი მოძრაობდა ფხიზელ მდგომარეობაში და დასაშვები სიჩქარით, ხოლო მაშუქის ჩაურთველობაზე ახსნა-განმარტება მოცემულია პატაკში. მხოლოდ ის ფაქტი, რომ სატუმბი სადგურისკენ ჩახვევის დროს არ ჩაირთო მაშუქი სიგნალი და მე-2 მძღოლი (რომელზეც ასევე შედგენილ იქნა ადმ. სამართალდარღვევის ოქმი) უსაფრთხოების დარღვევით ეჯახება მოსარჩელე კომპანიის ავტომობილს, არ შეიძლება მიანიშნებდეს დაზღვეული ავტომობილის მძღოლის უხეშ გაუფრთხილებლობაზე, არამედ, თავისუფლად შეიძლება იყოს ეს შემთხვევა მძღოლის მარტივი გაუფრთხილებლობის შედეგი (რადგან უდავოა, რომ ავტოსაგზაო შემთხვევა არ დამდგარა არც მაღალი სიჩქარის და არც ალკოჰოლური ზემოქმედების შედეგად);
11.7. საკასაციო სასამართლოს არაერთი განმარტების თანახმად, რაც გასაჩივრებულ გადაწყვეტილებაშიცაა მითითებული, უხეშ გაუფრთხილებლობად ფასდება მოქმედება, როგორიცაა, დაშვებული სიჩქარის 80-100%-ით გადაჭარბება, უმიზეზოდ საპირისპირო ზოლში გადასვლა, ქარაფშუტულად სათანადო გათვლების გარეშე, დაკავებული ზოლიდან გამოსვლით იმავე ზოლში თანმხვედრი მიმართულებით წინ მოძრავი ერთი ან რამდენიმე სატრანსპორტო საშუალების გადასწრება, საზ. ტრანსპორტის, ასევე, სახანძრო და სხვა სპეც. ტრანსპორტისთვის გზის არ დათმობა, ავტომანქანის სამართავად გადაცემა მართვის უფლების არმქონე, ან არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფი მესამე პირისათვის და ა.შ. - ზემოაღნიშნული არცერთი შემთხვევა სახეზე არა გვაქვს, შესაბამისად, ბუნდოვანია, თუ რატომ მიიჩნია უხეში გაუფრთხილებლობის არსებობა სასამართლომ.
12. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 14 მარტის განჩინებით საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, სსსკ-ის 391-ე მუხლის მიხედვით, დასაშვებობის შესამოწმებლად.
13. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 11 ივნისის განჩინებით საკასაციო საჩივარი ცნობილ იქნა დასაშვებად სსსკ-ის 391-ე მუხლის „დ“ და „ე“ ქვეპუნქტების შესაბამისად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
14. საკასაციო სასამართლო საკასაციო საჩივრის საფუძვლების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს.
15. განსახილველ შემთხვევაში, კასატორი დავობს, რომ ქვედა ინსტანციის სასამართლომ არასწორად მიიჩნია, რომ მომხდარი სადაზღვევო შემთხვევა გამოიწვია დაზღვეული ავტომობილის მძღოლის უხეშმა გაუფრთხილებლობამ.
16. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ სასამართლოს უპირველესი ამოცანაა, დაადგინოს, თუ რას ითხოვს მოსარჩელე მოპასუხისაგან და რის საფუძველზე, ანუ რომელ ფაქტობრივ გარემოებებზე ამყარებს თავის მოთხოვნას. სასამართლომ მხარის მიერ მითითებული მოთხოვნის ფარგლებში უნდა მოძებნოს ის სამართლებრივი ნორმა (ნორმები), რომელიც იმ შედეგს ითვალისწინებს, რისი მიღწევაც მხარეს სურს. ამასთან, მოთხოვნის სამართლებრივ საფუძვლად განხილული ნორმა (ან ნორმები) შეიცავს იმ აღწერილობას (ფაქტობრივ შემადგენლობას), რომლის შემოწმებაც სასამართლოს ვალდებულებაა და რომელიც უნდა განხორციელდეს ლოგიკური მეთოდების გამოყენების გზით, ანუ სასამართლომ უნდა დაადგინოს, ნორმაში მოყვანილი აბსტრაქტული აღწერილობა, რამდენად შეესაბამება კონკრეტულ ცხოვრებისეულ სიტუაციას და გამოიტანოს შესაბამისი დასკვნები. ის მხარე, რომელსაც აქვს მოთხოვნა მეორე მხარისადმი, სულ მცირე, უნდა უთითებდეს იმ ფაქტობრივ შემადგენლობაზე, რომელსაც სამართლის ნორმა გვთავაზობს. აქედან გამომდინარე, შეგვიძლია, დავასკვნათ, რომ მოთხოვნის სამართლებრივი საფუძვლის რომელიმე ფაქტობრივი წანამძღვრის (სამართლებრივი წინაპირობის) არარსებობა გამორიცხავს მხარისათვის სასურველი სამართლებრივი შედეგის დადგომას.
17. საკასაციო სასამართლოს მიერ არაერთ გადაწყვეტილებაშია აღნიშნული, რომ სასარჩელო მოთხოვნის საფუძვლიანობის შემოწმებისას სასამართლო იკვლევს, რამდენად დგინდება სამართლებრივი და ფაქტობრივი გარემოებების ერთობლიობა, რომლებიც სასარჩელო მოთხოვნის, ან მოთხოვნის გამომრიცხველი შესაგებლის წარმატებას განაპირობებს. სასამართლო ვალდებულია, განსაზღვროს მოთხოვნის ფარგლები (ისე რომ არ გასცდეს მას), მოძებნოს დავის მომწესრიგებელი შესატყვისი სამართლის ნორმა (სპეციალური ან ზოგადი წესი) და დაადგინოს იმ გარემოებათა არსებობა/არარსებობა (ფაქტობრივი გარემოებები), რომლებიც ამ ნორმის გამოყენებისთვის აუცილებელ წინაპირობებს წარმოადგენენ.
18. საქართველოს უზენაესი სასამართლო აღნიშნავს, რომ იმ სამართლებრივი შედეგის გათვალისწინებით, რისი მიღწევაც მოსარჩელეს სურს, კერძოდ, მომხდარი სადაზღვევო შემთხვევით გამოწვეული ზიანის ანაზღაურება, სასარჩელო მოთხოვნა სსკ-ის 799.1 მუხლიდან გამომდინარეობს.
19. სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებული ნორმებით (799-858) კანონმდებელი დამზღვევსა და მზღვეველს შორის წარმოშობილი სახელშეკრულებო ურთიერთობის მოწესრიგებას ისახავს მიზნად. სამოქალაქო კოდექსის 799-ე მუხლის თანახმად, დაზღვევის ხელშეკრულებით მზღვეველი მოვალეა აუნაზღაუროს დამზღვევს სადაზღვევო შემთხვევის დადგომით მიყენებული ზიანი ხელშეკრულების პირობების შესაბამისად. მყარად დადგენილი სადაზღვევო თანხით დაზღვევისას მზღვეველი მოვალეა გადაიხადოს სადაზღვევო თანხა ან შეასრულოს სხვა შეპირებული მოქმედება. დაზღვევის ხელშეკრულების საგანია მზღვეველის მიერ დამზღვევისათვის სადაზღვევო შემთხვევის დადგომით მიყენებული ზიანის ანაზღაურების უზრუნველყოფა, ხოლო ის, თუ რა შეიძლება იყოს დაზღვევის ობიექტი, მოცემულია სამოქალაქო კოდექსის 820-ე-858-ე მუხლებში, კერძოდ, ასეთი შეიძლება იყოს ქონება ან პიროვნება. აქედან გამომდინარე, დაზღვევის ხელშეკრულება შეიძლება განვიხილოთ, როგორც სამოქალაქო ბრუნვის მონაწილეთა უფლებების დაცვის მნიშვნელოვანი გარანტია (იხ. სუსგ საქმე №ას-663-624-2011, 17 თებერვალი 2012 წელი).
20. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სამოქალაქო კოდექსის 799-ე მუხლის თანახმად, მზღვეველმა სადაზღვევო შემთხვევის დადგომის დროს დამზღვევის მიმართ საკუთარი ვალდებულებების განსაზღვრისას უნდა იხელმძღვანელოს სადაზღვევო ხელშეკრულების დებულებებით (იხ. სუსგ საქმე №ას-1319-1257-2014, 30 ოქტომბერი 2015 წელი).
21. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ დაზღვევა არის ურთიერთობა ფიზიკური და იურიდიული პირების პირადი და ქონებრივი ინტერესების დასაცავად, გარკვეული გარემოების (სადაზღვევო შემთხვევის) დადგომისას, ამ პირთა მიერ გადახდილი სადაზღვევო შენატანებით (სადაზღვევო პრემიებით) ფორმირებული ფულადი ფონდებისა და კანონმდებლობით ნებადართული სხვა წყაროების ხარჯზე (იხ. სუსგ-ები: №ას-535-2020, 5 ოქტომბერი, 2021, პ. 11; №ას-1306-1226-2015,1 ივლისი 2016 წელი).
22. დაზღვევის ხელშეკრულება ალეატორულ, ანუ სარისკო გარიგებას წარმოადგენს. ერთი მხრივ, დამზღვევი მიდის რისკზე იმ გაგებით, რომ იხდის სადაზღვევო პრემიას და სადაზღვევო შემთხვევა შეიძლება არც დადგეს ან მზღვეველმა უარი უთხრას დამზღვევს სადაზღვევო საზღაურის გადახდაზე ან ვერ შეძლოს მისი ანაზღაურება გადახდისუუნარობის გამო; მზღვეველი რისკავს იმ თვალსაზრისით, რომ შედარებით მცირე სადაზღვევო პრემიის მიღების პირობებში, მსხვილი სადაზღვევო შემთხვევის დადგომისას, იგი ვალდებული ხდება, გადაიხადოს გაცილებით მეტი თანხა (იხ: ქ. ირემაშვილი, მხარეთა უფლებრივი თანაფარდობის კრიტერიუმები სადაზღვევო ურთიერთობებში, 2016, გვ. 85).
23. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ სამოქალაქო კოდექსის დაზღვევის მომწესრიგებელი ნორმების შესაბამისად, დამზღვევს ეკისრება სადაზღვევო ხელშეკრულების არსებობისა და სადაზღვევო შემთხვევის დადგომის ფაქტის მტკიცების ვალდებულება. წინამდებარე საქმის მასალებით დასტურდება და მხარეები სადავოდ არ ხდიან, რომ მათ შორის გაფორმებულია დაზღვევის ხელშეკრულება, ამასთან, დამზღვევმა წარდგენილი მტკიცებულებებით დაამტკიცა, რომ ადგილი ჰქონდა სადაზღვევო შემთხვევას. შესაბამისად, სადაზღვევო შემთხვევის ანაზღაურების გამომრიცხავი გარემოებების დადასტურების მტკიცების ტვირთი მოპასუხეს ეკისრება.
24. საქართველოს უზენაესი სასამართლო მტკიცების ტვირთის განაწილებასთან დაკავშირებით აღნიშნავს, რომ სსსკ-ის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. მოსარჩელემ უნდა ამტკიცოს ის გარემოებები, რომლებზედაც დაფუძნებულია სასარჩელო მოთხოვნა, ხოლო მოპასუხემ გარემოებები, რომლებსაც მისი შესაგებელი ემყარება. მტკიცების ტვირთი არის სამოქალაქო სამართალწარმოებაში საქმის სწორედ გადაწყვეტისათვის მნიშვნელოვანი ფაქტების დამტკიცების მოვალეობის დაკისრება მხარეებზე, რომლის შესრულება უზრუნველყოფილია მატერიალურ-სამართლებრივი თვალსაზრისით არახელსაყრელი გადაწყვეტილების გამოტანით იმ მხარის მიმართ, რომელმაც ეს მოვალეობა სათანადოდ არ (ვერ) შეასრულა. მხარეთა მტკიცებითი საქმიანობის საბოლოო მიზანი – ესაა სასამართლოს დარწმუნება საქმის სწორად გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობაში. სასამართლოს დაურწმუნებლობა კი, მხარისათვის არახელსაყრელ შედეგს იწვევს. მტკიცების ტვირთი დამოკიდებულია არა მხარის როლზე პროცესში, არამედ მოთხოვნის საფუძველზე. მოსარჩელემ, როგორც წესი, უნდა დაამტკიცოს ყველა გარემოება, რომელიც წარმოადგენს მოთხოვნის წარმოშობის საფუძველს, ხოლო მოპასუხემ კი – ყველა გარემოება, რომელიც წარმოადგენს მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველს.
25. მხარეები სსსკ-ის მე-4 მუხლის თანახმად, სრულიად თავისუფალი არიან მიუთითონ ნებისმიერ ფაქტზე, რაც მათი უფლებაა, მაგრამ მითითებული ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასება, ე.ი. იმის დადგენა და გარკვევა, თუ რამდენად ასაბუთებენ ეს ფაქტები იურიდიულად მხარეთა მოთხოვნებს და შესაგებელს – სასამართლოს პრეროგატივას წარმოადგენს. ამასთან, საკმარისი არ არის, რომ მხარემ ზოგადად გამოთქვას მოსაზრება საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებაზე, მაგალითად, განაცხადოს, რომ იგი მთლიანად უარყოფს მეორე მხარის მიერ მოხსენებულ საქმის ფაქტობრივ გარემოებებს. მხარის მიერ წარმოდგენილი მოსაზრებები კონკრეტულად და დეტალურად უნდა ჩამოყალიბდეს და ეხებოდეს საქმის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოებას. მხარეთა მიერ წარმოდგენილი ახსნა-განმარტებები უნდა იყოს დასაბუთებული და ეხებოდეს იმ გარემოებებს, რომლებსაც უშუალო კავშირი აქვს დავასთან (იხ. ჰაინ ბიოლინგი, ლადო ჭანტურია, სამოქალაქო საქმეებზე გადაწყვეტილებათა მიღების მეთოდიკა, თბ., 2003, გვ.64; იხ: სუსგ საქმე №ას-1298-2018; 22 მარტი 2019 წელი; №ას-1329-2018, 22 თებერვალი 2019 წელი; №ას-1610-2019, 7 თებერვალი 2020 წელი).
26. სსკ-ის 829-ე მუხლის თანახმად, მზღვეველი თავისუფლდება თავისი მოვალეობის შესრულებისაგან, თუ დამზღვევმა დაზღვევით გათვალისწინებული შემთხვევა გამოიწვია განზრახ ან უხეში გაუფრთხილებლობით. მოცემულ შემთხვევაში, მზღვეველი თანხის ანაზღაურებაზე უარს სწორედ აღნიშნულ ნორმას აფუძნებს. კასატორის შეფასებით კი, სახეზეა არა უხეში, არამედ მარტივი გაუფრთხილებლობა. შესაბამისად, ავტომობილის მძღოლის მხრიდან უხეში გაუფრთხილებლობის ჩადენის ფაქტის დადასტურება (რაც მოცემულ შემთხვევაში, მზღვეველის მიერ სადაზღვევო თანხის ანაზღაურებაზე უარის თქმას დაედო საფუძვლად), მზღვეველის (მოპასუხის) მტკიცების ტვირთში შედიოდა.
27. საქართველოს უზენაესი სასამართლო აღნიშნავს, რომ სსკ-ის 829-ე მუხლის ნორმატიული შინაარსის კონტექსტში, მძღოლის მხრიდან მარტივ გაუფრთხილებლობას ჰქონდა ადგილი, თუ უხეშ გაუფრთხილებლობას, სამართლებრივი შეფასების/ მსჯელობის კატეგორიაა და წარმოადგენს სწორედ სასამართლოს კომპეტენციას.
28. ზემოაღნიშნული ნორმა დაზღვევის ფუნდამენტურ პრინციპს განამტკიცებს. აღნიშნული პრინციპი დაზღვევის დოქტრინაში სადაზღვევო ინტერესის სახელით არის ცნობილი და დამზღვევს დაზღვევის ობიექტისადმი ზრუნვის ვალდებულებას აკისრებს. ნორმის მიზანია დამზღვევსა და მზღვეველს შორის კეთილსინდისიერი სახელშეკრულებო ურთიერთობების ჩამოყალიბება და საჯარო წესრიგის დაცვა. სადაზღვევო ინტერესის ცნების ქვეშ უხეში გაუფრთხილებლობის მოქცევა ამკაცრებს წინდახედულობის მოთხოვნას დამზღვევის მიმართ (https://gccc.tsu.ge/, ქეთევან ირემაშვილი, სსკ-ის 829-ე მუხლის კომენტარი, ბოლო დამუშავება: 16 მარტი, 2016).
29. იმის გათვალისწინებით, რომ სამოქალაქო კოდექსის 829-ე მუხლი მზღვეველს ათავისუფლებს ზიანის ანაზღაურების მოვალეობისაგან დამზღვევის განზრახვის ან უხეში გაუფრთხილებლობის შემთხვევაში, დაზღვევის ხელშეკრულების მხარეებმა აღნიშნულისაგან განსხვავებულ პირობაზე შეთანხმების სურვილის არსებობისას (კერძოდ, ბრალის (განზრახ ან უხეში გაუფრთხილებლობით) მიუხედავად მზღვეველის მხრიდან ანაზღაურების ვალდებულება), ამის შესახებ ხელშეკრულებაში პირდაპირ უნდა მიუთითონ. თუ ხელშეკრულებით მხარეები პირდაპირ არ გაითვალისწინებენ ამ პირობას (პირდაპირ არ შეთანხმდებიან დამზღვევის ბრალით სადაზღვევო შემთხვევის დადგომისას ზიანის ანაზღაურების ვალდებულების შესახებ), აღნიშნული შემთხვევა დარეგულირდება სამოქალაქო კოდექსის 829-ე მუხლით, რომელიც განზრახი ან უხეში გაუფრთხილებლობით მომხდარი შემთხვევისას ზიანის ანაზღაურების ვალდებულებას გამორიცხავს (იხ. სუსგ საქმე №ას-1319-1257-2014, 30 ოქტომბერი, 2015 წელი; სუსგ საქმე №ას-1664-2019, 31 მაისი, 2022 წელი).
30. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ ბრალის სამართლებრივი კატეგორია განსაკუთრებული იურიდიული მნიშვნელობის მქონეა, როგორც კონტინენტური, ისე საერთო სამართლის სისტემაში. სამოქალაქო სამართალში განასხვავებენ ბრალის ორ ფორმას: განზრახვა (dolus) და გაუფრთხილებლობა (culpa), რომლებიც პირის ქმედების სუბიექტური შემადგენლობის ელემენტებია. ცივილისტურ დოქტრინასა და სასამართლო პრაქტიკაში გამოიყენება განზრახ ბრალის ის ცნება, რომელიც სისხლის სამართალშია შემუშავებული. განზრახ მოქმედებს ის, ვინც აცნობიერებს თავისი მოქმედების როგორც შედეგს, ისე მისი მოვალეობებისადმი წინააღმდეგობას და ამას აკეთებს საკუთარი სურვილით. გაუფრთხილებლობა ბრალის ყველაზე გავრცელებული ფორმაა სამოქალაქო სამართალში. თუ განზრახვასთან მიმართებით ცივილისტიკა მთლიანად სისხლის სამართალს ემყარება, გაუფრთხილებლობაში მას გარკვეული კორექტივები შეაქვს. გაუფრთხილებლობა გულისხმობს სამოქალაქო ბრუნვისათვის დამახასიათებელი აუცილებელი წინდახედულობისა და ყურადღებიანობის უგულებელყოფას. კერძო სამართალში დამკვიდრებული გაუფრთხილებლობის კონცეფცია ძირეულად განსხვავდება სისხლის სამართალში განმტკიცებული ანალოგიისაგან. „გაუფრთხილებლად მოქმედებს ის, ვინც არღვევს სამოქალაქო ბრუნვისათვის დამახასიათებელ აუცილებელ ყურადღებიანობას“, რომელიც განისაზღვრება ობიექტური მასშტაბით და არა კონკრეტული ინდივიდის პიროვნებიდან გამომდინარე. სამოქალაქო ბრუნვის მონაწილეს მოეთხოვება მისი პროფესიის „საშუალო წარმომადგენლისათვის“ დამახასიათებელი ჩვეული წინდახედულების დაცვა (იხ., ცვაიგერტი/კიოტცი, შედარებითი სამართალმცოდნეობის შესავალი კერძო სამართლის სფეროში, ტომი II, 2001, 290) (იხ. სუსგ საქმე №ას-1091-2022, 23 თებერვალი, 2023 წელი).
31. გაუფრთხილებლობა სამოქალაქო სამართალში იყოფა ორ სახედ: უხეში გაუფრთხილებლობა (culpa lata) და მარტივი გაუფრთხილებლობა (culpa levis). უხეში გაუფრთხილებლობით მოქმედებს ის, ვინც თავისი ქმედებით სამოქალაქო ბრუნვისათვის დამახასიათებელ აუცილებელი ყურადღებიანობის მოთხოვნებს არღვევს უჩვეულოდ მაღალი ხარისხით, რის გამოც განზრახვა და უხეში გაუფრთხილებლობა ხშირად ერთ სიბრტყეზე განიხილება. მარტივი გაუფრთხილებლობისას კი გონივრული წინდახედულებისა და ყურადღებიანობის დარღვევის ხარისხი მნიშვნელოვნად შემცირებულია. უხეში გაუფრთხილებლობა, როგორც სამოქალაქო ბრუნვისათვის საჭირო გულმოდგინების განსაკუთრებით მძიმე, უჩვეულო ხარისხით დარღვევა, პასუხისმგებლობის საფუძვლად გამოიყენება, როცა ამის შესახებ პირდაპირ უთითებს კანონი. ევროპული სამართლებრივი სისტემის ზოგიერთ ქვეყანაში განზრახი ქმედება მოიცავს უხეშ გაუფრთხილებლობასაც, რომელიც ხშირად მიიჩნევა dolus eventualis-ად (არაპირდაპირ განზრახვად) (Lando/ Beale, Principles of European Contract Law. Part I and II. Kluwer Law International. The Hague/London/Boston, 2000, 125). მაგალითად, ევროპის სახელშეკრულებო სამართლის პრინციპების 1:301 III მუხლის თანახმად, უხეში გაუფრთხილებლობა განზრახ ქმედებად განიხილება. „განზრახ ქმედებად ითვლება პირის გაცნობიერებული ქცევა, რომელიც გამიზნულად მიმართულია ქმედების სამართლებრივი შედეგების წარმოშობისაკენ, ასევე, უხეში გაუფრთხილებლობით განხორციელებული ქმედებაც, რომლის დროსაც პირი ითვალისწინებს თავისი ქცევის მოსალოდნელ სამართლებრივ შედეგს, მართალია, მიზანმიმართულად არ მიისწრაფვის, მაგრამ გულგრილად ეკიდება მის დადგომას. ამის საპირისპიროდ, მარტივი გაუფრთხილებლობისას მხარე არ აცნობიერებს თავისი ქცევის შესაძლო სამართლებრივ შედეგს და, შესაბამისად, იგი განზრახ ქმედებად არ ჩაითვლება. ამრიგად, პრინციპები ერთმანეთისაგან განასხვავებს განზრახვას და მარტივ გაუფრთხილებლობას“ (Lando/ Beale, Principles of European Contract Law. Part I and II. Kluwer Law International. The Hague/London/Boston, 2000, 122-3). ევროპის სახელშეკრულებო სამართლის პრინციპების მიერ განზრახვის კატეგორიაში უხეში გაუფრთხილებლობის გაერთიანებას განსაზღვრული საფუძველი აქვს. ამის მიზეზი უნდა იყოს განზრახვისა და უხეში გაუფრთხილებლობისათვის საერთო დამახასიათებელი ნიშნის არსებობა – ორივე შემთხვევაში პირის მიერ საკუთარი ქმედების სამართლებრივი მნიშვნელობის გაცნობიერებისა და მისი შედეგების გათვალისწინების შესაძლებლობა, რაც უცხოა მარტივი გაუფრთხილებლობისათვის. ამრიგად, ევროპის სახელშეკრულებო სამართლის პრინციპებში განვითარებული პოზიციის მიხედვით, განზრახვა და უხეში გაუფრთხილებლობა აუცილებლად გულისხმობს მხარის გაცნობიერებულ ქმედებას (იხ. ნათია ჩიტაშვილი, ბრალის მნიშვნელობა სახელშეკრულებო პასუხისმგებლობის განსაზღვრისთვის, თსუ-ს იურიდიული ფაკულტეტის „სამართლის ჟურნალი“, №1, 2009, გვ. 150-152) (შედ. იხ. სუსგ საქმე №ას-1479-2019, 21 იანვარი, 2020 წელი).
32. საქართველოს უზენაესი სასამართლო განმარტავს, რომ სამოქალაქო კანონმდებლობა არ იძლევა უხეში გაუფრთხილებლობის ლეგალურ დეფინიციას. ამდენად, მისი არსებობა უნდა დადგინდეს ყოველი კონკრეტული შემთხვევის განმაპირობებელი ფაქტობრივი გარემოებების ერთობლივი და ლოგიკური შეფასების შედეგად.
33. საკასაციო პალატის განმარტებით, გამორიცხვის მეთოდით, მარტივ გაუფრთხილებლობად შეფასდება ყველა ის მოქმედება, რომელიც არ წარმოადგენს აუცილებელი წინდახედულების ნორმის განსაკუთრებით მძიმე დარღვევას, როგორიცაა: დაშვებული სიჩქარის 80-100%-ით გადაჭარბება, უმიზეზოდ საპირისპირო მოძრაობის ზოლში გადასვლა, ქარაფშუტულად, სათანადო გათვლების გარეშე, დაკავებული ზოლიდან გამოსვლით იმავე ზოლში თანმხვედრი მიმართულებით წინ მოძრავი ერთი ან რამდენიმე სატრანსპორტო საშუალების გადასწრება, საზოგადოებრივი ტრანსპორტის, ასევე სახანძრო და სხვა სპეციალური ტრანსპორტისათვის გზის არდათმობა, ავტომანქანის სამართავად გადაცემა მართვის უფლების არმქონე, ან არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფი მესამე პირისათვის და ა.შ. (იხ. სუსგ საქმე №ას-1306-1226-2015, 1 ივლისი, 2016 წელი).
34. საქართველოს უზენაესი სასამართლო აღნიშნავს, რომ მოცემულ შემთხვევაში, მზღვეველი მძღოლის უხეშ გაუფრთხილებლობას ასაბუთებს იმით, რომ ავტოსაგზაო შემთხვევის დროს დაზღვეული ავტომობილის მძღოლმა არ დაიცვა წინდახედულობის ნორმები, უკნიდან მომავალი ავტომობილი ახორციელებდა გასწრებას, ხოლო, უფლებამოსილმა მძღოლმა არ დააცადა მანევრის დასრულება და თავად დაიწყო მანევრირება ისე, რომ არც კი ჩაურთავს შესაბამისი მაშუქი სიგნალი. შეჯახება განხორციელდა სწორედ ამ სავალდებულო წინდახედულობის ნორმების დაუცველობით, რაც წარმოადგენს მძღოლის მიერ გამოჩენილ უხეშ გაუფრთხილებლობას.
35. საქართველოს უზენაესი სასამართლო უპირველესად მიუთითებს „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 30-ე მუხლის მე-16 ნაწილზე, რომლის თანახმად, სავალი ნაწილი მოძრაობის ზოლებად დაყოფილია საგზაო მონიშვნის ხაზებით, სატრანსპორტო საშუალების მძღოლმა უნდა იმოძრაოს მონიშნულ მოძრაობის ზოლებზე. საგზაო მონიშვნის (წყვეტილი ხაზების) გადაკვეთა ნებადართულია მხოლოდ დაბრკოლების შემოვლის, გასწრების, მარცხნივ ან მარჯვნივ მოხვევის, გაჩერების ან მობრუნების მანევრის შესრულებისას. წინამდებარე საქმეზე სწორედ წყვეტილი ხაზის გადაკვეთას და მეორე ხარისხოვან გზაზე გადასვლას ახორციელებდა დაზღვეული ავტომობილის მძღოლი. ამასთან, საქმის მასალებით არ დგინდება, რომ მოცემულ გზის მონაკვეთში აკრძალული იყო ჩახვევა/მოხვევა, არც ის გარემოებაა სადავო, რომ დაზღვეული ავტომობილის მძღოლი დაშვებული სიჩქარით მოძრაობდა, შესაბამისად, მისი მხრიდან ადგილი არც სიჩქარის გადაჭარბებას ჰქონია.
36. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ თავის მხრივ ავტოსაგზაო შემთხვევაში მონაწილე მეორე ავტომობილის მძღოლსაც გამოეწერა საჯარიმო ქვითარი ასკ-ის 125 მუხლის მე-10 ნაწილის დარღვევისათვის. კერძოდ, აღნიშნული მუხლის თანახმად, ამ მუხლის მე-6, 62 და მე-7–მე-8 ნაწილებით გათვალისწინებული სამართალდარღვევები, რომლებსაც მოჰყვა სატრანსპორტო საშუალების, ტვირთის, გზის, საგზაო თუ სხვა ნაგებობის, აგრეთვე სხვა ქონების ან ადამიანის სხეულის მსუბუქი დაზიანება, –გამოიწვევს დაჯარიმებას 250 ლარის ოდენობით. შესაბამისად, ამ უკანასკნელის მხრიდანაც ადგილი ჰქონდა საგზაო მოძრაობის წესების დარღვევას.
37. „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 34-ე მუხლის შესაბამისად, გასწრების დაწყებამდე მძღოლი, ისე, რომ არ დაარღვიოს ამ კანონის მე-20 მუხლის მე-2 პუნქტითა და 32-ე მუხლით დადგენილი მოთხოვნები, უნდა დარწმუნდეს, რომ: ა) მის უკან მომავალი არცერთი სატრანსპორტო საშუალების მძღოლს გასწრება არ დაუწყია; ბ) მოძრაობის იმავე ზოლზე მის წინ მიმავალი სატრანსპორტო საშუალების მძღოლს არ მიუცია სიგნალი, რომ აპირებს, გაუსწროს სხვა სატრანსპორტო საშუალებას. აკრძალულია იმ სატრანსპორტო საშუალების გასწრება, რომელიც ახორციელებს გასწრებას ან დაბრკოლების შემოვლას; გ) მას შეუძლია გასწრება ისე განახორციელოს, რომ არ შეუქმნას საფრთხე ან დაბრკოლება სხვა საგზაო მოძრაობის მონაწილეებს. იგი აგრეთვე უნდა დარწმუნდეს, რომ მოძრაობის ზოლი, რომელზედაც აპირებს გასვლას, საკმარის მანძილზე თავისუფალია და ორი სატრანსპორტო საშუალების სიჩქარეთა ფარდობა საკმარისად მოკლე დროში გასწრების საშუალებას იძლევა; დ) იმ ზოლზე გასვლის შემთხვევის გარდა, რომელზედაც საპირისპირო მიმართულებით მოძრაობა აკრძალულია, მას შეუძლია კვლავ დაიკავოს ამ კანონის 31-ე მუხლის მე-10−მე-12 პუნქტებში მითითებული ადგილი, ისე, რომ არ შეუქმნას საფრთხე გასასწრებ სატრანსპორტო საშუალებას; ე) გასწრების დამთავრების შემდეგ გასასწრები სატრანსპორტო საშუალებისათვის დაბრკოლების შეუქმნელად შეძლებს ადრე დაკავებულ მოძრაობის ზოლზე დაბრუნებას, თუ აღნიშნულ ვალდებულებას ითვალისწინებს ეს კანონი. ხოლო ამავე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად გასწრების მომენტში მძღოლმა გასასწრებ სატრანსპორტო საშუალებას/საშუალებებს უნდა დაუტოვოს საკმარისი გვერდითი სივრცე.
38. საკასაციო სასამართლო ასევე მიუთითებს „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის 31 ნაწილზე, რომლის შესაბამისად, მანევრი განიმარტება როგორც მოძრაობის დაწყება, მარჯვნივ ან მარცხნივ მოხვევა, მობრუნება, უკუსვლით მოძრაობა, დაბრკოლების შემოვლა ან/და მოძრაობის ზოლის შეცვლა (გადაჯგუფება). ამავე კანონის 32-ე მუხლი ადგენს მანევრთან დაკავშირებულ ზოგად მოთხოვნებს, კერძოდ, მითითებული მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მძღოლმა, რომელსაც განზრახული აქვს რომელიმე მანევრის შესრულება, ეს მანევრი უნდა დაიწყოს მხოლოდ მას შემდეგ, რაც დარწმუნდება, რომ არ შეუქმნის საფრთხეს მის უკან, წინ და გვერდით როგორც თანმხვედრი, ისე საპირისპირო მიმართულებით მოძრავ საგზაო მოძრაობის მონაწილეებს, მათი მდებარეობის, მოძრაობის მიმართულებისა და სიჩქარის გათვალისწინებით. ხოლო მე-2 ნაწილის თანახმად, მანევრის დაწყებამდე მძღოლი ვალდებულია ჩართოს შესაბამისი მიმართულების მოხვევის შუქ-მაჩვენებელი, ხოლო თუ ის არ არის ან გამოსულია მწყობრიდან − ანიშნოს ხელით. მარცხნივ მოხვევის ან მობრუნების სიგნალს შეესაბამება გვერდზე ჰორიზონტალურად გაშვერილი მარცხენა ხელი ან გვერდზე გაშვერილი, იდაყვში სწორი კუთხით ზემოთ მოხრილი მარჯვენა ხელი. მარჯვნივ მოხვევის სიგნალს შეესაბამება გვერდზე ჰორიზონტალურად გაშვერილი მარჯვენა ხელი ან გვერდზე გაშვერილი, იდაყვში სწორი კუთხით ზემოთ მოხრილი მარცხენა ხელი. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მართალია ადგილი ჰქონდა დაზღვეული ავტომობილის მძღოლის მხრიდან საგზაო მოძრაობის წესის დარღვევას, თუმცა ავტოსაგზაო შემთხვევაში მონაწილე მეორე ავტომობილის მძღოლის მხრიდანაც სახეზე იყო საგზაო მოძრაობისა და უსაფრთხოების წესების დარღვევა.
39. საქართველოს უზენაესი სასამართლო განმარტავს, რომ სსკ-ის 829-ე მუხლიდან გამომდინარე, არ შეიძლება ყოველი ადმინისტრაციული სამართალდარღვევა სადაზღვევო თვალსაზრისით უხეშ გაუფრთხილებლობად ჩაითვალოს, რადგან ყოველი სამართალდარღვევა განსხვავებული ხარისხის ბრალის მატარებელია. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ მარტივ გაუფრთხილებლობაში მოიაზრება, იმგვარი წინდახედულობის გამოჩენა რომელსაც უნდა იჩენდეს ფრთხილი ადამიანი ანალოგიური შემთხვევების დროს და ზოგიერთ შემთხვევაში ვერ ხდება მისი გათვალისწინება. სწორედ ასეთ შემთხვევას განეკუთვნება დაზღვეული ავტომობილის მძღოლის ქმედება. შეჯახება განაპირობა მისმა უყურადღებობამ, კერძოდ, მან ვერ შეამჩნია, რომ უკანა ავტომობილი ახორციელებდა გასწრებას. ამასთან, მართალია, ადგილი ჰქონდა საგზაო მოძრაობის წესის დარღვევას, რომელიც გამოიხატა ე.წ „მაშუქის“ ჩაურთველობაში, თუმცა საქმის მასალების ერთობლიობაში შეფასებით, საქართველოს უზენაესი სასამართლო აღნიშნავს, რომ მხოლოდ ამ გარემოების საფუძველზე არ შეიძლება დაზღვეული ავტომობილის მძღოლის ქმედების უხეშ გაუფრთხილებლობად დაკვალიფიცირება. მოცემულ საქმეზე გასათვალისწინებელია ის გარემოება, რომ უფლებამოსილი მძღოლი ავტოსატრანსპორტო საშუალების მართვისას არ იმყოფებოდა არაფხიზელ მდგომარეობაში. ასევე, სადავო არ არის, რომ მძღოლი ავტომანქანას დასაშვები სიჩქარით მართავდა. შსს პატრულ-ინსპექტორის პატაკში დაფიქსირებული არ არის რაიმე სახის საგზაო მონიშვნის ან ამკრძალავი ნიშნის დაუმორჩილებლობა. საყურადღებოა ის გარემოებაც, რომ უფლებამოსილი მძღოლის მიზანსა და განზრახვას არ წარმოადგენდა საგზაო მოძრაობის წესის დარღვევა. საკასაციო პალატა ასევე მიუთითებს, რომ სადაზღვევო ხელშეკრულებით მაშუქის გამოუყენებლობა არ არის შეთანხმებული საგამონაკლისო პირობებით. შესაბამისად, მძღოლის (დამზღვევის) ქმედება უხეშ გაუფრთხილებლობად ვერ შეფასდება.
40. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, დაზღვეული ავტომობილის მძღოლის ქმედება არ უხეშ არამედ მარტივ გაუფრთხილებლობად უნდა შეფასდეს.
41. სსსკ-ის 411-ე მუხლის თანახმად, საკასაციო სასამართლო თავად მიიღებს გადაწყვეტილებას საქმეზე, თუ არ არსებობს ამ კოდექსის 412-ე მუხლით გათვალისწინებული გადაწყვეტილების გაუქმებისა და საქმის სააპელაციო სასამართლოში ხელახლა განსახილველად დაბრუნების საფუძვლები. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ, განსახილველ შემთხვევაში, არ არსებობს საქმის სააპელაციო სასამართლოში ხელახლა განსახილველად დაბრუნების საფუძველი, ვინაიდან საჭირო არაა მტკიცებულებათა დამატებით გამოკვლევა, შესაბამისად, საკასაციო სასამართლო უფლებამოსილია, თვითონ მიიღოს გადაწყვეტილება საქმეზე. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მოსარჩელის საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს; გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 27 ნოემბრის განჩინება და მიღებულ იქნას ახალი გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილების თაობაზე.
42. სსსკ-ის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, თუ სააპელაციო ან საკასაციო სასამართლო შეცვლის გადაწყვეტილებას ან გამოიტანს ახალ გადაწყვეტილებას, იგი შესაბამისად შეცვლის სასამართლო ხარჯების განაწილებასაც. ამავე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე გათავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. სსსკ-ის 37-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, პროცესის ხარჯებს შეადგენს სასამართლო ხარჯები და სასამართლოსგარეშე ხარჯები. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, სასამართლოს გარეშე ხარჯებს წარმოადგენს ადვოკატისათვის გაწეული ხარჯები, დაკარგული ხელფასი (განაცდური), მტკიცებულებათა უზრუნველსაყოფად გაწეული ხარჯები, აგრეთვე მხარეთა სხვა აუცილებელი ხარჯები. სსსკ-ის 39-ე მუხლის შესაბამისად, სახელმწიფო ბაჟის ოდენობა ამ კოდექსის 38-ე მუხლის „ა“ , „ბ“, „გ“ და „ე“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევებში შეადგენს დავის საგნის ღირებულების 3%-ს , მაგრამ არანაკლებ 100 ლარისა. სააპელაციო საჩივრისათვის, მათ შორის, საქმის წარმოების განახლებაზე უარის თქმის შესახებ რაიონული (საქალაქო) სასამართლოს გადაწყვეტილებაზე (განჩინებაზე) – დავის საგნის ღირებულების 4 პროცენტს, მაგრამ არანაკლებ 150 ლარისა, ხოლო საკასაციო საჩივრისათვის, მათ შორის, საქმის წარმოების განახლებაზე უარის თქმის შესახებ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებაზე (განჩინებაზე) – დავის საგნის ღირებულების 5 პროცენტს, მაგრამ არანაკლებ 300 ლარისა. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, მაგისტრატი მოსამართლის განსჯად საქმეზე სახელმწიფო ბაჟის ოდენობა ყველა ინსტანციის სასამართლოში შეადგენს ამ მუხლის პირველი ნაწილით დადგენილი ოდენობის ნახევარს. მოცემულ შემთხვევაში, დავის საგნის ღირებულება 4 200 ლარია. მოსარჩელეს სარჩელზე, სააპელაციო და საკასაციო საჩივარზე უნდა გადაეხადა შესაბამისად 63, 84 და 150 ლარი, ჯამში, 297 ლარი. შესაბამისად, მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს უნდა დაეკისროს ამ უკანასკნელის მიერ სახელმწიფო ბაჟის სახით გაღებული ხარჯის - 297 ლარის გადახდა, ხოლო მოსარჩელეს უნდა დაუბრუნდეს მის მიერ სააპელაციო და საკასაციო საჩივარზე სახელმწიფო ბიუჯეტში ზედმეტად გადახდილი ბაჟი, ჯამში, 234 ლარი. მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელე სარჩელით ასევე ითხოვდა მის მიერ ექსპერტიზის დასკვნაზე გაღებული ხარჯის მოპასუხისათვის დაკისრებას. გაღებული ხარჯის დასადასტურებლად სასამართლოში წარდგენილია ქვითარი. შესაბამისად, მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ ასევე უნდა დაეკისროს მოსარჩელის მიერ გაღებული სასამართლოს გარეშე ხარჯის, ექსპერტიზის ხარჯის - 352 ლარის გადახდა.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 411-ე მუხლით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა
1. შპს „ს.გ.წ.კ–იის“ საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს;
2. გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 27 ნოემბრის განჩინება და მიღებულ იქნას ახალი გადაწყვეტილება;
3. შპს „ს.გ.წ.კ–იის“ სარჩელი დაკმაყოფილდეს;
4. სს „ს.ს.ჯ–ს“ შპს „ს.გ.წ.კ–იის“ სასარგებლოდ დაეკისროს 4 200 ლარის გადახდა;
5. სს „ს.ს.ჯ–ს“ შპს „ს.გ.წ.კ–იის“ სასარგებლოდ დაეკისროს ამ უკანასკნელის მიერ სარჩელზე, სააპელაციო და საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 297 ლარის გადახდა;
6. სს „ს.ს.ჯ–ს“ შპს „ს.გ.წ.კ–იის“ სასარგებლოდ დაეკისროს ამ უკანასკნელის მიერ გაღებული სასამართლოს გარეშე ხარჯის - ექსპერტიზის ხარჯის - 352 ლარის გადახდა;
7. შპს „ს.გ.წ.კ–იას“ (ს/ნ ........) სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაუბრუნდეს სააპელაციო საჩივარზე მის მიერ 2024 წლის 15 აგვისტოს #22975 საგადახდო მოთხოვნით გადახდილი სახელმწიფო ბაჟიდან 168 ლარიდან ზედმეტად გადახდილი 84 ლარი, ასევე, მის მიერ საკასაციო საჩივარზე 2025 წლის 16 იანვარს #01317 საგადახდო მოთხოვნით გადახდილი სახელმწიფო ბაჟიდან 300 ლარიდან ზედმეტად გადახდილი 150 ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“ ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 3 0077 3150;
8. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე გიზო უბილავა
მოსამართლეები: ლევან მიქაბერიძე
ვლადიმერ კაკაბაძე