Facebook Twitter

საქმე №ას-1108-2024

18 ივნისი, 2025 წელი ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

გიზო უბილავა (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ლევან მიქაბერიძე, ვლადიმერ კაკაბაძე

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

საკასაციო საჩივრის ავტორი – თ.ნ–ი (მოსარჩელე)

მოწინააღმდეგე მხარე – შპს „კ.ნ.თ–ი“ (მოპასუხე)

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 19 ივნისის განჩინება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება

დავის საგანი – სახელფასო დავალიანების ანაზღაურება, ანაზღაურების დაყოვნებისთვის კანონით გათვალისწინებული პროცენტის გადახდა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი

1. თ.ნ–მა (შემდგომში - „მოსარჩელე“, „დასაქმებული“ ან „კასატორი“) სარჩელი აღძრა სასამართლოში შპს „კ.ნ.თ–ის“ (ყოფ. შპს „თ.ს.მ–ი“) (შემდგომში - „მოპასუხე“ ან „დამსაქმებელი“) მიმართ და მოითხოვა მოპასუხისათვის: სახელფასო დავალიანების - 19 869,04 ლარის გადახდის დაკისრება; ასევე, სახელფასო დავალიანების ანაზღაურების დაყოვნებისთვის კანონით გათვალისწინებული პროცენტის სახით, 12 222,38 ლარისა (ხელზე ასაღები) და ყოველი ვადაგადაცილებული დღისთვის 13,9 ლარის (ხელზე ასაღები) გადახდის დაკისრება, 2022 წლის 15 სექტემბრიდან სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულებამდე.

2. მოპასუხემ წარდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნო.

3. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 11 იანვრის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ და მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა:

- სახელფასო დავალიანების 1 329,8 ლარის (ხელზე ასაღები) გადახდა;

- ანაზღაურების დაყოვნებისთვის კანონით გათვალისწინებული პროცენტის სახით, 1 163,16 ლარის გადახდა;

- 2020 წლის ოქტომბრის თვის ხელფასის ანაზღაურების დაყოვნებისთვის დარჩენილი დავალიანების - 58,31 ლარის 0,07%-ის (ხელზე ასაღები) გადახდა, ყოველი ვადაგადაცილებული დღისთვის, 2022 წლის 15 სექტემბრიდან აღნიშნული დავალიანების დაფარვამდე;

- 2020 წლის ნოემბრის თვის ხელფასის ანაზღაურების დაყოვნებისთვის დარჩენილი დავალიანების - 946,13 ლარის 0,07%-ის (ხელზე ასაღები) გადახდა, ყოველი ვადაგადაცილებული დღისთვის, 2022 წლის 15 სექტემბრიდან აღნიშნული დავალიანების დაფარვამდე;

- 2020 წლის დეკემბრის თვის ხელფასის ანაზღაურების დაყოვნებისთვის დარჩენილი დავალიანების - 325,36 ლარის 0,07%-ის (ხელზე ასაღები) გადახდა, ყოველი ვადაგადაცილებული დღისთვის, 2022 წლის 15 სექტემბრიდან აღნიშნული დავალიანების დაფარვამდე.

4. მოსარჩელემ პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებაზე წარადგინა სააპელაციო საჩივარი, რომლითაც მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება მოითხოვა.

5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 19 ივნისის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და გასაჩივრებული გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად.

6. სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია საქმის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:

6.1. მხარეთა შორის 2019 წლის 07 თებერვალს დაიდო შრომითი ხელშეკრულება 6-თვიანი გამოსაცდელი ვადით. ხელშეკრულებით მოსარჩელის ანაზღაურება განისაზღვრა შემდეგნაირად: 24 საათის მორიგეობა - 60 ლარი; 1 ქირურგისა და 1 ასისტენტის მიერ ჩატარებული ოპერაციიდან - ოპერაციის ღირებულების 6%, I ასისტენტის შემთხვევაში - 5%, ხოლო II ასისტენტის შემთხვევაში - 3%; მიმღებ და გადაუდებელი დახმარების დეპარტამენტში ორთოპედ-ტრავმატოლოგის ასისტენციის შემთხვევაში: I დონის ტრავმატოლოგიური დახმარება - 9,60 ლარი, II დონის - 14,40 ლარი, III დონის - 28,8 ლარი;

6.2. გამოსაცდელი ვადის გასვლის შემდგომ, 2019 წლის 01 სექტემბერს მხარეთა შორის კვლავ გაფორმდა შრომითი ხელშეკრულება, რომლითაც ანაზღაურების პირობები განისაზღვრა შემდეგნაირად: 24 საათის მორიგეობა - 62,5 ლარი; 1 ქირურგისა და 1 ასისტენტის მიერ ჩატარებული ოპერაციიდან - ოპერაციის ღირებულების 6%, I ასისტენტის შემთხვევაში - 5%, ხოლო II ასისტენტის შემთხვევაში - 3%. ხელშეკრულების მიხედვით, დამსაქმებელს მოსარჩელისთვის ყოველი თვის ხელფასი უნდა აენაზღაურებინა უნაღდო ანგარიშსწორების წესით, მომდევნო თვის 25 რიცხვამდე;

6.3. მოპასუხეს მოსარჩელის საბანკო ანგარიშზე ხელფასის დანიშნულებით ჩარიცხული აქვს შემდეგი ოდენობის თანხა:

- 2019 წლის 02 აპრილს - 370,44 ლარი;

- 2019 წლის 06 მაისს - 464,26 ლარი;

- 2019 წლის 07 ივნისს - 314,07 ლარი;

- 2019 წლის 10 ივლისს - 701,13 ლარი;

- 2019 წლის 23 სექტემბერს - 314,07 ლარი;

- 2019 წლის 02 ოქტომბერს - 433,16 ლარი;

- 2019 წლის 24 ოქტომბერს - 4 333,16 ლარი;

- 2019 წლის 24 დეკემბერს - 1 081,33 ლარი;

- 2020 წლის 05 თებერვალს - 1 548,30 ლარი;

- 2020 წლის 11 მარტს - 2 181,64 ლარი;

- 2020 წლის 11 მარტს - 273,23 ლარი;

- 2020 წლის 25 მარტს - 1 946,16 ლარი;

- 2020 წლის 07 მაისს - 1 299,76 ლარი;

- 2020 წლის 05 ივნისს - 1 411,59 ლარი;

- 2020 წლის 10 ივლისს - 759,20 ლარი;

- 2020 წლის 06 აგვისტოს - 1 249,42 ლარი;

- 2020 წლის 29 ოქტომბერს - 979,86 ლარი;

- 2020 წლის 30 ნოემბერს - 557,83 ლარი;

- 2020 წლის 28 დეკემბერს - 833,02 ლარი;

- 2021 წლის 14 იანვარს - 854,77 ლარი;

- 2021 წლის 26 იანვარს - 530,37 ლარი;

- 2021 წლის 02 თებერვალს - 301,1 ლარი;

- 2021 წლის 14 მაისს - 146,76 ლარი.

7. სააპელაციო სასამართლოს მითითებით, წარდგენილი სააპელაციო საჩივრით აპელანტი სადავოდ ხდის პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებას სახელფასო დავალიანებისა და პირგასამტეხლოს დაკისრების ნაწილში, მოთხოვნის სრულად დაუკმაყოფილებლობის გამო და მიუთითებს დავალიანების არსებობაზე.

8. სააპელაციო სასამართლომ საქმეში წარდგენილი მტკიცებულებების შეფასების შედეგად, გაიზიარა საქალაქო სასამართლოს მსჯელობა, რომ მოსარჩელეს 2019 წლის მარტი-სექტემბერში მორიგეობებისთვის ანაზღაურების სახით უნდა მიეღო 3 077,2 ლარი (ხელზე ასაღები), ხოლო 2020 წლის მარტი-ნოემბერში - 4 802 ლარი (ხელზე ასაღები). ამასთან, მოსარჩელის მიერ 2019 წლის განმავლობაში ჩატარებულ ოპერაციებში მონაწილეობისათვის გამომუშავებული ანაზღაურების ოდენობამ შეადგინა - 3094,4039 ლარი, ხოლო 2020 წლის განმავლობაში ოპერაციებში მონაწილეობისათვის გამომუშავებული თანხის ოდენობამ შეადგინა - 8 885,63 ლარი. საქმის მასალებით დგინდება, რომ მოპასუხე 2019-2020 წლების განმავლობაში, გარკვეული პერიოდულობით, მოსარჩელეს მის საბანკო ანგარიშზე ურიცხავდა თანხას, დანიშნულებით „ხელფასი“. კერძოდ, მოპასუხემ მოსარჩელის საბანკო ანგარიშზე, დანიშნულებით „ხელფასი“, ჩაურიცხა წინამდებარე განჩინების პუნქტი 6.3 პუნქტში მითითებული თანხები, მთლიანობაში 18 984,63 ლარი.

9. სააპელაციო პალატის განმარტებით, მოსარჩელის მიერ 2019-2020 წლების განმავლობაში გამომუშავებული ანაზღაურების ოდენობა აღემატება მოპასუხე კომპანიის მიერ ამავე პერიოდში ჩარიცხული თანხის ჯამურ ოდენობას. აღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლომ არ გაიზიარა მოპასუხის მტკიცება, რომ მოსარჩელეს სრულად აქვს ანაზღაურებული ხელფასი. სააპელაციო სასამართლომ ასევე არ გაიზიარა მოსარჩელის წარმომადგენლების განმარტება, რომ მოპასუხე კომპანიის მიერ მოსარჩელის საბანკო ანგარიშზე ჩარიცხული თანხით დაიფარა იმ პერიოდში გამომუშავებული შრომის ანაზღაურება, რომელსაც მოსარჩელე წარდგენილი სარჩელით არ ითხოვს. სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, მოსარჩელეს არ მიუთითებია კონკრეტული პერიოდის მიხედვით გამომუშავებული თანხის ოდენობა, რომელიც ჩარიცხული თანხით დაიფარა. მოსარჩელე მხარე შემოიფარგლა მხოლოდ ზოგადი განმარტებით, რომ ჩარიცხული თანხით დაიფარა ის სახელფასო დავალიანება, რომელიც სარჩელით მოთხოვნილი არ არის. მოსარჩელეს წინასწარ განსაზღვრული სახელფასო განაკვეთი დანიშნული არ ჰქონია და მისი ანაზღაურება მორიგეობებისა და ჩატარებული ოპერაციების რაოდენობაზე იყო დამოკიდებული. წარდგენილი საბანკო ანგარიშიდან ამონაწერის მიხედვით, 2019 წლის 02 აპრილს მოპასუხეს მოსარჩელისთვის ხელფასის სახით ჩარიცხული აქვს 370,44 ლარი, 2019 წლის 06 მაისს - 464,26 ლარი, 2019 წლის 07 ივნისს - 314,07 ლარი, 2019 წლის 10 ივლისს - 701,13 ლარი. მოსარჩელე სარჩელით ითხოვს 2019 წლის მარტში, აპრილში, მაისში, ივნისში და ივლისში გამომუშავებული თანხის ანაზღაურებას. მოსარჩელის განმარტების გაზიარების შემთხვევაში გაუგებარია, რა პერიოდში გამომუშავებული ხელფასის ანაზღაურება განხორციელდა 2019 წლის 02 აპრილს, 06 მაისს, 07 ივნისს და 10 ივლისს. უდავოა, რომ მოპასუხე მოსარჩელეს ხელფასს წინასწარ ვერ აუნაზღაურებდა, რადგან შრომის ანაზღაურება მორიგეობების და ჩატარებული ოპერაციების რაოდენობით განისაზღვრებოდა.

10. სააპელაციო სასამართლომ გაიზიარა საქალაქო სასამართლოს განმარტება, რომ მოსარჩელის მიერ მოთხოვნილი სახელფასო დავალიანება არ მოიცავს 2019 წლის აგვისტოს, ოქტომბრის, ნოემბრის და დეკემბრის, ასევე, 2020 წლის იანვრის და თებერვლის პერიოდს. მიუხედავად ამისა, სასამართლო მოკლებული იყო შესაძლებლობას, აღნიშნული საერთო დავალიანების გამოთვლისას გაეთვალისწინებინა, რადგან ამ ნაწილში მოსარჩელემ არ შეასრულა ფაქტების მითითების ვალდებულება (განსხვავებით სხვა პერიოდისგან) და არ მიუთითა იმ პერიოდში (თვეების მიხედვით) გამომუშავებული ანაზღაურების ოდენობა, რომელსაც მისი განმარტებით, არ ითხოვს.

11. ამდენად, სააპელაციო პალატის განმარტებით, მოსარჩელეს პერიოდულად, მაგრამ არასრულად უნაზღაურებდა მოპასუხე ხელფასს. ამასთან, მოპასუხე ყოველი კონკრეტული ჩარიცხვისას არ უთითებდა, რომელი თვის ხელფასის ანაზღაურებას ახდენდა. ასეთ შემთხვევაში სადავო საკითხი საქალაქო სასამართლომ მართებულად გადაწყვიტა სამოქალაქო კოდექსის 387-ე მუხლზე დაყრდნობით. კერძოდ, სააპელაციო სასამართლომ გაიზიარა საქალაქო სასამართლოს შეფასება, რომ მოსარჩელის მიმართ არსებული სახელფასო დავალიანების და ანაზღაურების დაყოვნებისთვის კანონით გათვალისწინებული პროცენტის ოდენობის გამოსათვლელად ჩარიცხული თანხა უნდა გამოაკლდეს იმ დავალიანებას, რომლის ანაზღაურების ვალდებულებაც უფრო ადრე წარმოიშვა, დარჩენილი თანხა კი უნდა გამოაკლდეს მომდევნო დავალიანების ოდენობას და ამგვარად გამოითვალოს დარჩენილი დავალიანების ანაზღაურების დაყოვნებისთვის გათვალისწინებული პროცენტი.

12. სააპელაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს შრომის კოდექსის 31.3, 34-ე მუხლებით და მიიჩნია, რომ სახელფასო დავალიანებისა და მისი ანაზღაურების დაყოვნებისთვის კანონით გათვალისწინებული პროცენტის გამოსათვლელად საქალაქო სასამართლომ მართებულად იხელმძღვანელა შემდეგი გაანგარიშებით:

12.1. დადგენილია, რომ 2019 წლის მარტის თვეში ჩატარებული ოპერაციებისა და მორიგეობებისთვის მოსარჩელის მიერ გამომუშავებული ანაზღაურების ოდენობამ შეადგინა 942,36 ლარი (ხელზე ასაღები); დადგენილია ასევე, რომ 2019 წლის 02 აპრილს მოპასუხემ მოსარჩელის საბანკო ანგარიშზე ჩარიცხა 370,44 ლარი. ჩარიცხული თანხით ნაწილობრივ დაიფარა მარტის თვის დავალიანება და ასანაზღაურებელი დარჩა - 571,92 ლარი. მოპასუხის მიერ მოსარჩელის საბანკო ანგარიშზე მომდევნო ჩარიცხვა განხორციელდა 2019 წლის 06 მაისს. ამიტომ, დარჩენილი დავალიანების ანაზღაურების დაყოვნებისთვის კანონით გათვალისწინებული პროცენტის გადახდა მოპასუხეს უნდა დაეკისროს 2019 წლის 25 აპრილიდან 06 მაისამდე პერიოდისთვის, კერძოდ, 571,92 ლარის 0,07 პროცენტი 11 დღისთვის შეადგენს 4,4 ლარს;

12.2. დადგენილია, რომ 2019 წლის 06 მაისს მოსარჩელის საბანკო ანგარიშზე მოპასუხემ ჩარიცხა 464,26 ლარი, რომლითაც დაიფარა მარტის თვის დავალიანების ნაწილი და ასანაზღაურებელი დარჩა 107,66 ლარი (571,92-464,26). მომდევნო ჩარიცხვა განხორციელდა 2019 წლის 07 ივნისს, შესაბამისად, დარჩენილ დავალიანებას - 107,66 ლარს ანაზღაურების დაყოვნებისთვის პროცენტი დაერიცხა 2019 წლის 06 მაისიდან - 07 ივნისამდე (32 დღე) და მარტის თვის დარჩენილ დავალიანებაზე გადასახდელი პროცენტის ოდენობამ შეადგინა 2,4 ლარი (107,66-ის 0,07% 32 დღისთვის);

12.3. 2019 წლის 07 ივნისს მოსარჩელის საბანკო ანგარიშზე მოპასუხის მიერ ჩაირიცხა 314,07 ლარი, რომლითაც სრულად დაიფარა მარტის თვის დარჩენილი დავალიანება - 107,66 ლარი და მომდევნო თვის დავალიანების დასაფარად დარჩა 206,41 ლარი (314,07-107,66);

12.4. ამდენად, მარტის თვის ხელფასის ანაზღაურების დაყოვნებისთვის დარიცხული პროცენტის ოდენობამ ჯამში შეადგინა 6,8 ლარი (4,4+2,4);

12.5. 2019 წლის აპრილის სახელფასო დავალიანება შეადგენდა 1 187,0152 ლარს. ვინაიდან, აღნიშნული დავალიანების ნაწილი ანაზღაურდა 2019 წლის 07 ივნისს ჩარიცხული თანხის ნაწილით, აპრილის თვის დავალიანების ანაზღაურებისთვის პროცენტის დარიცხვა განხორციელდა 2019 წლის 25 მაისიდან - 07 ივნისამდე პერიოდზე და შეადგინა 10,8 ლარი (13 დღე – 1 187,0152 ლარის 0,07% 13 დღისათვის);

12.6. აპრილის თვის სახელფასო დავალიანებას - 1877,0152 ლარს გამოაკლდა ივნისის თვეში ჩარიცხული თანხის დარჩენილი ნაწილი - 206,41 ლარი, რის შემდეგაც ასანაზღაურებელი დარჩა 980,61 ლარი. ვინაიდან მომდევნო ჩარიცხვა განხორციელდა 2019 წლის 10 ივლისს, დარჩენილ დავალიანებას ანაზღაურების დაყოვნებისთვის პროცენტი დაერიცხა 2019 წლის 07 ივნისიდან 10 ივლისამდე (33 დღე) და შეადგინა 22,65 ლარი (980,61 ლარის 0,07% *33). აპრილის თვის დარჩენილ დავალიანებას - 980,61 29 ლარს გამოაკლდა 2019 წლის 10 ივლისს ჩარიცხული 701,13 ლარი, რის შემდეგაც ასანაზღაურებელი დარჩა 279,48 ლარი. მომდევნო ჩარიცხვა განხორციელდა 2019 წლის 23 სექტემბერს, ამიტომ, დარჩენილ დავალიანებას პროცენტი დაერიცხა 10 ივლისიდან მომდევნო ჩარიცხვამდე - 2019 წლის 23 სექტემბრამდე (75 დღე) და შეადგინა 14,67 ლარი;

12.7. ამდენად, აპრილის თვის ხელფასის ანაზღაურების დაყოვნებისთვის დარიცხული პროცენტის ოდენობამ ჯამში შეადგინა 48,12 ლარი;

12.8. მოსარჩელის საბანკო ანგარიშზე მოპასუხემ 2019 წლის 23 სექტემბერს ჩარიცხა 314,07 ლარი, რასაც უნდა გამოაკლდეს აპრილის თვის დარჩენილი დავალიანება 279,48 ლარი, რის შემდეგაც დარჩენილი თანხის ოდენობამ შეადგინა 34,59 ლარი;

12.9. 2019 წლის მაისის თვის სახელფასო დავალიანება შეადგენდა 1 150,9855 ლარს. მაისის თვის სახელფასო დავალიანებაზე 2019 წლის 25 ივნისიდან მომდევნო ჩარიცხვამდე - 2019 წლის 23 სექტემბრამდე დარიცხული პროცენტის ოდენობამ შეადგინა 72,5 ლარი (1 150,9855 ლარის 0,07% 90 დღისთვის). მაისის თვის სახელფასო დავალიანებას გამოაკლდა სექტემბრის თვეში ჩარიცხული თანხიდან დარჩენილი 34,59 ლარი, რის შემდგომაც მაისის თვის დავალიანებამ შეადგინა 1 116,4 ლარი. აღნიშნულ თანხას მომდევნო ჩარიცხვამდე, 2019 წლის 02 ოქტომბრამდე, 09 დღის განმავლობაში დაერიცხა პროცენტი - 07 ლარის ოდენობით;

12.10. 2019 წლის 02 ოქტომბერს მოსარჩელის საბანკო ანგარიშზე მოპასუხემ ჩარიცხა 433,16 ლარი, რომლითაც დაიფარა მაისის თვის დარჩენილი დავალიანების ნაწილი და ასანაზღაურებელი დარჩა 683,24 ლარი. აღნიშნულ თანხას 22 დღის განმავლობაში დაერიცხა პროცენტი (პერიოდი 2019 წლის 02 ოქტომბრიდან მომდევნო ჩარიცხვამდე - 2019 წლის 24 ოქტომბრამდე) 10,5 ლარის ოდენობით;

12.11. 2019 წლის 24 ოქტომბერს მოსარჩელის საბანკო ანგარიშზე მოპასუხემ ჩარიცხა 433,16 ლარი, რის შემდეგაც ასანაზღაურებელი დარჩა 250,08 ლარი. მომდევნო ჩარიცხვა განხორციელდა 2019 წლის 24 დეკემბერს, შესაბამისად, დარჩენილ დავალიანებას დაერიცხა 61 დღის პროცენტი - 10,7 ლარის ოდენობით;

12.12. 2019 წლის 24 დეკემბერს მოსარჩელის საბანკო ანგარიშზე მოპასუხემ ჩარიცხა 1081,33 ლარი, რომლითაც დაიფარა მაისის თვის დარჩენილი დავალიანება 250,08 ლარი, ხოლო დარჩენილი თანხის ოდენობამ შეადგინა 831,25 ლარი;

12.13. ამდენად, მაისის თვის ხელფასის ანაზღაურების დაყოვნებისთვის დარიცხული პროცენტის ოდენობამ ჯამში შეადგინა 100,7 ლარი;

12.14. 2019 წლის ივნისის თვის სახელფასო დავალიანება შეადგენდა 883,176 ლარს. აღნიშნულ თანხას პროცენტი დაერიცხა 2019 წლის 25 ივნისიდან 24 დეკემბრამდე პერიოდისთვის - (150 დღე) და შეადგინა 92,7 ლარი. ივნისის თვის დავალიანებას გამოაკლდა დეკემბრის თვეში ჩარიცხული თანხიდან დარჩენილი 831,25 ლარი და დარჩა 51,9 ლარი. აღნიშნულ თანხას 2019 წლის 24 დეკემბრიდან მომდევნო ჩარიცხვამდე - 2020 წლის 05 თებერვლამდე, 43 დღის განმავლობაში დაერიცხა პროცენტი, რამაც 1,56 ლარი შეადგინა;

12.15. ამდენად, ივნისის თვის ხელფასის ანაზღაურების დაყოვნებისთვის დარიცხული პროცენტის ოდენობამ ჯამში შეადგინა 94,26 ლარი;

12.16. 2019 წლის ივლისის თვის სახელფასო დავალიანებამ შეადგინა 732,452 ლარი. 2020 წლის 05 თებერვალს მოსარჩელის საბანკო ანგარიშზე მოპასუხემ ჩარიცხა 1 548,30 ლარი, საიდანაც დაიფარა ივნისის თვის დარჩენილი სახელფასო დავალიანება - 51,9 ლარი. ივლისის თვის სახელფასო დავალიანებას ანაზღაურების დაყოვნებისთვის პროცენტი დაერიცხა 2019 წლის 27 აგვისტოდან (მოსარჩელის მოთხოვნის შესაბამისად) 2020 წლის 05 თებერვლამდე პერიოდისთვის (162 დღე) და შეადგინა 83 ლარი (732,452 ლარის 0,07% 162 დღისთვის). 2020 წლის 05 თებერვალს ჩარიცხული თანხის დარჩენილი ნაწილით - 1 496,4 ლარით დაიფარა ივლისის თვის დავალიანება, ხოლო დარჩენილმა თანხამ შეადგინა 763,948 ლარი;

12.17. ამდენად, ივლისის თვის ხელფასის ანაზღაურების დაყოვნებისთვის დარიცხული პროცენტის ოდენობამ ჯამში შეადგინა 83 ლარი;

12.18. 2019 წლის სექტემბრის თვის სახელფასო დავალიანება შეადგენდა 1 275,6072 ლარს. აღნიშნულ თანხას პროცენტი დაერიცხა 103 დღისთვის (პერიოდი 2019 წლის 25 ოქტომბრიდან 2020 წლის 05 თებერვლამდე) და შეადგინა 91,97 ლარი. სექტემბრის თვის დავალიანების ნაწილი დაიფარა თებერვალში ჩარიცხული თანხის დარჩენილი ნაწილით 763,948 ლარით და ასანაზღაურებელი დარჩა 511,66 ლარი. დარჩენილ დავალიანებას 2020 წლის 05 თებერვლიდან მომდევნო ჩარიცხვამდე - 2020 წლის 11 მარტამდე, 35 დღის განმავლობაში დაერიცხა პროცენტი, რამაც შეადგინა 12,5 ლარი;

12.19. ამდენად, სექტემბრის თვის ხელფასის ანაზღაურების დაყოვნებისთვის დარიცხული პროცენტის ოდენობამ ჯამში შეადგინა 104,47 ლარი;

12.20. 2020 წლის 11 მარტს მოსარჩელის საბანკო ანგარიშზე მოპასუხემ ჩარიცხა 2 181,64 ლარი. აღნიშნული თანხით სრულად დაიფარა სექტემბრის თვის დარჩენილი დავალიანება 511,66 ლარი, რის შემდეგაც დარჩენილმა თანხამ შეადგინა 1 669,98 ლარი;

12.21. 2020 წლის 11 მარტს მოსარჩელის საბანკო ანგარიშზე კვლავ ჩაირიცხა 273,23 ლარი, რის შემდეგაც ჩარიცხული და დარჩენილი თანხის ოდენობამ ჯამში შეადგინა 1 943,21 ლარი (1 669,98+273,23);

12.22. 2020 წლის მარტის თვის სახელფასო დავალიანება შეადგენდა 1 583,9152 ლარს. აღნიშნული თანხა დაიფარა 2020 წლის 11 მარტს ჩარიცხული თანხით, რის შემდეგაც დარჩენილმა თანხამ შეადგინა 359,2 ლარი (1 943,21-1 583,9152);

12.23. 2020 წლის აპრილის თვის სახელფასო დავალიანება შეადგენდა 1 339,464 ლარს, რომელსაც გამოაკლდა დარჩენილი 359,2 ლარი და ასანაზღაურებელი დარჩა 980,264 ლარი. 2020 წლის 25 მარტს მოსარჩელის საბანკო ანგარიშზე მოპასუხემ ჩარიცხა 1 946,16 ლარი, რომლითაც დაიფარა დარჩენილი დავალიანება 980,264 ლარის ოდენობით, ხოლო დარჩენილმა თანხამ შეადგინა 965,9 ლარი;

12.24. 2020 წლის მაისის თვის სახელფასო დავალიანება შეადგენდა 2 043,104 ლარს, რომელსაც გამოაკლდა დარჩენილი 965,9 ლარი და ასანაზღაურებელი დარჩა 1 077,2 ლარი. 2020 წლის 07 მაისს მოსარჩელის საბანკო ანგარიშზე ჩაირიცხა 1299,76 ლარი, რომლითაც დაიფარა მაისის თვის დავალიანება, ხოლო დარჩენილმა თანხამ შეადგინა 222,56 ლარი. 2020 წლის 05 ივნისს მოსარჩელის საბანკო ანგარიშზე მოპასუხემ ჩარიცხა 411,59 ლარი, საიდანაც დაიფარა დარჩენილი 222,56 ლარი და დარჩა 1 189,03 ლარი;

12.25. 2020 წლის ივნისის თვის სახელფასო დავალიანება შეადგენდა 1 256,36 ლარს, რომელიც უნდა დაფარულიყო 25 ივლისამდე. ივნისის თვის დავალიანების ნაწილი დაიფარა დარჩენილი 1 189,03 ლარით და ასანაზღაურებელი დარჩა 67,57 ლარი. 2020 წლის 10 ივლისს მოსარჩელის საბანკო ანგარიშზე მოპასუხემ ჩარიცხა 759,20 ლარი, რომლითაც დაიფარა დარჩენილი 67,57 ლარი, ხოლო დარჩენილმა თანხამ შეადგინა 691,63 ლარი;

12.26. 2020 წლის ივლისის თვის სახელფასო დავალიანება შეადგენდა 2 055,7656 ლარს, რომელიც უნდა დაფარულიყო 25 აგვისტომდე. აღნიშნული დავალიანების ნაწილი დაიფარა დარჩენილი 691,63 ლარით და ასანაზღაურებელი დარჩა 1 364,1 ლარი. 2020 წლის 06 აგვისტოს მოსარჩელის საბანკო ანგარიშზე მოპასუხემ ჩარიცხა 1249,42 ლარი, რომლითაც დაიფარა დარჩენილი დავალიანების ნაწილი და ასანაზღაურებელი დარჩა 114,68 ლარი. დარჩენილ თანხას დაერიცხა 65 დღის პროცენტი - 5,2 ლარი (პერიოდი 2020 წლის 25 აგვისტოდან მომდევნო ჩარიცხვამდე - 29 ოქტომბრამდე). 2020 წლის 29 ოქტომბერს მოსარჩელის საბანკო ანგარიშზე მოპასუხემ ჩარიცხა 979,86 ლარი, რომლითაც სრულად დაიფარა ივლისის თვის დარჩენილი დავალიანება 114,68 ლარის ოდენობით, ხოლო დავალიანების დაფარვის შემდეგ დარჩენილმა თანხამ შეადგინა 865,18 ლარი;

12.27. ამდენად, ივლისის თვის ხელფასის ანაზღაურების დაყოვნებისთვის დარიცხული პროცენტის ოდენობამ ჯამში შეადგინა 5,2 ლარი;

12.28. 2020 წლის აგვისტოს თვის სახელფასო დავალიანება შეადგენდა 1 089,43 ლარს, რასაც გამოაკლდა 865,18 ლარი და ასანაზღაურებელი დარჩა 224,25 ლარი. აღნიშნულ თანხას დაერიცხა 66 დღის პროცენტი (პერიოდი 2020 წლის 25 სექტემბრიდან მომდევნო ჩარიცხვამდე - 2020 წლის 30 ნოემბრამდე) – 10,4 ლარი. 2020 წლის 30 ნოემბერს მოსარჩელის საბანკო ანგარიშზე მოპასუხემ ჩარიცხა 557,83 ლარი, რომლითაც დაიფარა დარჩენილი 224,25 ლარი, ხოლო დავალიანების დაფარვის შემდეგ დარჩენილმა თანხამ შეადგინა 333,58 ლარი;

12.29. ამდენად, აგვისტოს თვის ხელფასის ანაზღაურების დაყოვნებისთვის დარიცხული პროცენტის ოდენობამ ჯამში შეადგინა 10,4 ლარი;

12.30. 2020 წლის სექტემბრის თვის სახელფასო დავალიანება შეადგენდა 1 363,02 ლარს, რომელსაც დაერიცხა პროცენტი 2020 წლის 27 ოქტომბრიდან (მოსარჩელის მოთხოვნის შესაბამისად) მომდევნო ჩარიცხვამდე 2020 წლის 30 ნოემბრამდე (34 დღე) – 32,4 ლარი. 30 ნოემბერს ჩარიცხული თანხიდან 333,58 ლარი გამოაკლდა 1 363,02 ლარს და ასანაზღაურებელი დარჩა 1 029,44 ლარი. მოპასუხის მიერ მოსარჩელის საბანკო ანგარიშზე მომდევნო ჩარიცხვა განხორციელდა 2020 წლის 28 დეკემბერს, ამიტომ, 2020 წლის 30 ნოემბრიდან 27 დეკემბრის ჩათვლით (27 დღე) 1029,44 ლარს დაერიცხა ანაზღაურების დაყოვნებისთვის პროცენტი, რამაც შეადგინა 19,5 ლარი;

12.31. 2020 წლის 28 დეკემბერს მოსარჩელის საბანკო ანგარიშზე მოპასუხემ ჩარიცხა 833,02 ლარი, რაც გამოაკლდა დარჩენილ დავალიანებას - 1 029,44 ლარს და ასანაზღაურებელი დარჩა 196,42 ლარი. აღნიშნულ თანხას დაერიცხა ანაზღაურების დაყოვნებისთვის პროცენტი 2020 წლის 28 დეკემბრიდან 2021 წლის 14 იანვრამდე (17 დღე), რამაც შეადგინა 2,3 ლარი. 2021 წლის 14 იანვარს მოსარჩელის საბანკო ანგარიშზე მოპასუხემ ჩარიცხა 854,77 ლარი, რითაც დაიფარა სექტემბრის თვის დარჩენილი დავალიანება სრულად, ხოლო დარჩენილმა თანხამ შეადგინა 658,35 ლარი;

12.32. ამდენად, სექტემბრის თვის ხელფასის ანაზღაურების დაყოვნებისთვის დარიცხული პროცენტის ოდენობამ ჯამში შეადგინა 54,2 ლარი;

12.33. 2020 წლის ოქტომბრის თვის სახელფასო დავალიანება შეადგენდა 1694,89 ლარს. აღნიშნულ დავალიანებას დაერიცხა პროცენტი 57,92 ლარის ოდენობით (პერიოდი 2020 წლის 25 ნოემბრიდან 2021 წლის 13 იანვრის ჩათვლით). ოქტომბრის თვის დავალიანების ნაწილი დაიფარა დარჩენილი 658,35 ლარით და ასანაზღაურებელი დარჩა 1 036,54 ლარი. აღნიშნულ თანხას დაერიცხა ანაზღაურების დაყოვნებისთვის პროცენტი 2021 წლის 14 იანვრიდან 25 იანვრამდე პერიოდისთვის (მომდევნო ჩარიცხვა განხორციელდა 2021 წლის 26 იანვარს), რამაც შეადგინა 8,7 ლარი;

12.34. 2021 წლის 26 იანვარს მოსარჩელის საბანკო ანგარიშზე მოპასუხემ ჩარიცხა 530,37 ლარი, რაც გამოაკლდა 1036,54 ლარს და დავალიანება დარჩა 506,17 ლარი. აღნიშნულ თანხას დაერიცხა პროცენტი 07 დღისათვის (პერიოდი 2021 წლის 26 იანვრიდან 2021 წლის 02 თებერვლამდე), რამაც შეადგინა 2,48 ლარი;

12.35. 2021 წლის 02 თებერვალს მოსარჩელის საბანკო ანგარიშზე მოპასუხემ ჩარიცხა 301,1 ლარი, რომლითაც დაიფარა დარჩენილი დავალიანების ნაწილი და ასანაზღაურებელი დარჩა 205,07 ლარი. აღნიშნულ თანხას 2021 წლის 02 თებერვლიდან 13 მაისის ჩაითვლით (101 დღე) დაერიცხა პროცენტი 14,5 ლარის ოდენობით;

12.36. 2021 წლის 14 მაისს მოსარჩელის საბანკო ანგარიშზე მოპასუხემ ჩარიცხა 146,76 ლარი, რომლითაც დაიფარა დარჩენილი დავალიანების ნაწილი და ასანაზღაურებელი დარჩა 58,31 ლარი. აღნიშნულ თანხას დაერიცხა პროცენტი 19,96 ლარის ოდენობით (2022 წლის 14 სექტემბრის ჩათვლით, დაზუსტებული სარჩელის წარდგენამდე);

12.37. ამდენად, ოქტომბრის თვის ხელფასის ანაზღაურების დაყოვნებისთვის დარიცხული პროცენტის ოდენობამ ჯამში შეადგინა 103,56 ლარი;

12.38. 2020 წლის ნოემბრის თვის ხელფასის ანაზღაურების დაყოვნებისთვის სახელფასო დავალიანების თანხას - 946,13 ლარს 2020 წლის 25 დეკემბრიდან 2022 წლის 14 სექტემბრის ჩათვლით (დაზუსტებული სარჩელის წარდგენის თარიღი) დაერიცხა პროცენტი, რამაც 415,14 ლარი შეადგინა; ხოლო, 2020 წლის დეკემბრის თვის ხელფასის ანაზღაურების დაყოვნებისთვის სახელფასო დავალიანების თანხას - 325,36 ლარს 2021 წლის 26 იანვრიდან 2022 წლის 14 სექტემბრის ჩათვლით (დაზუსტებული სარჩელის წარდგენის თარიღი) დაერიცხა პროცენტი, რამაც 137,31 შეადგინა.

13. სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, ზემოთ მითითებულის გათვალისწინებით, ჩარიცხული თანხებით არ დაიფარა 2020 წლის ოქტომბრის თვის ნაწილის, ნოემბრისა და დეკემბრის თვის სახელფასო დავალიანება და მოპასუხეს მოსარჩელის მიმართ სახელფასო დავალიანების სახით ერიცხება 2020 წლის ოქტომბრის თვისთვის 58,31 ლარი, ნოემბრის თვისთვის - 946,13 ლარი, ხოლო დეკემბრის თვისთვის - 325,36 ლარი (ჯამში - 1 329,8 ლარი).

14. რაც შეეხება ანაზღაურების დაყოვნებისთვის კანონით გათვალისწინებულ პროცენტს - 2019 წლის მარტის თვის ხელფასის ანაზღაურების დაყოვნებისთვის პროცენტი შეადგენს 6,8 ლარს, აპრილის თვისთვის 48,12 ლარს, მაისის თვისთვის - 100,7 ლარს, ივნისის თვისთვის 94,26 ლარს, ივლისის თვისთვის - 83 ლარს, სექტემბრის თვისთვის 104,47 ლარს; ხოლო, 2020 წლის ივლისის თვის ხელფასის ანაზღაურების დაყოვნებისთვის პროცენტი შეადგენს 5,2 ლარს, აგვისტოს თვისთვის 10,4 ლარს, სექტემბრის თვისთვის 54,2 ლარს, ოქტომბრის თვისთვის 103,56 ლარს, ნოემბრის თვისთვის 415,14 ლარს და დეკემბრის თვისთვის 137,31 ლარს (ჯამში 1 163,16 ლარს).

15. სააპელაციო სასამართლოს ზემოაღნიშნულ განჩინებაზე მოსარჩელემ წარადგინა საკასაციო საჩივარი, რომლითაც მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება მოითხოვა.

16. საკასაციო საჩივარი ემყარება შემდეგ საფუძვლებს:

16.1. დადგენილი გარემოებაა, რომ მოსარჩელეს პერიოდულად მის საბანკო ანგარიშზე ერიცხებოდა ხელფასის სახით ანაზღაურება. მოსარჩელემ სასამართლოს განუმარტა, რომ აღნიშნული ჩარიცხვები არის ის სახელფასო ანაზღაურება, რომელზეც იგი არ დავობს. მოსარჩელემ ასევე განმარტა, რომ დამსაქმებელთან ინახება დოკუმენტაცია, კერძოდ, თანხის მოძრაობის ანგარიში, სადაც დეტალურადაა გაწერილი თითოეულ ჩარიცხვასთან დაკავშირებული ინფორმაცია, კონკრეტულ თანამშრომელზე დარიცხული ხელფასის ოდენობა, ასევე, ინფორმაცია იმის შესახებ, რომელი თვის ხელფასის ანაზღაურებაა და რას შეადგენს ხელზე ასაღები თანხა. მოპასუხემ არ უარყო აღნიშნული მტკიცებულების არსებობა, მას არც ის უარყვია, რომ ხელფასის ჩარიცხვისას ხდებოდა იმის განსაზღვრაც თუ რომელი თვის ხელფასს ურიცხავდა. მან ასევე დაადასტურა, რომ ხელფასების ჩარიცხვა ხდებოდა დაგვიანებით და ნაწილ-ნაწილ, ხოლო მტკიცებულებების წარმოდგენასთან დაკავშირებით განმარტა, რომ წარადგინეს მტკიცებულებების ის ნაწილი, რაც საჭიროდ ჩათვალეს;

16.2. სასამართლომ არ გაითვალისწინა მოსარჩელის განმარტება და გადაწყვეტილებაში აღნიშნა, რომ „მოსარჩელემ არ მიუთითა კონკრეტული პერიოდის მიხედვით გამომუშავებული თანხის ოდენობა, რომელიც ჩარიცხული თანხით დაიფარა“. აღნიშნული საკითხის მითითება მოსარჩელის მხრიდან ვერ მოხდებოდა, ვინაიდან იგი ინახავდა ჩანაწერების მხოლოდ იმ ნაწილს, რა ნაწილშიც მას ანაზღაურება არ მიუღია;

16.3. სასამართლომ არასწორად განმარტა სამოქალაქო კოდექსის 387.1 მუხლი და ვინაიდან სწორედ კლინიკის მიერ ხდებოდა იმის განსაზღვრა თუ რომელი ჩარიცხვა რომელი თვის ასანაზღაურებელი ხელფასი იყო, ჩარიცხული თანხები გამოაკლო მოსარჩელის მიერ მოთხოვნილ თანხებს. სასამართლომ დაარღვია სამოქალაქო საპროცესო კოდექსით გათვალისწინებული შეჯიბრებითობის პრინციპი, ასევე, უგულებელყო უზენაესი სასამართლოს პრაქტიკა შრომით დავებში მტკიცების ტვირთთან დაკავშირებით და კონკრეტული გარემოების მტკიცების ტვირთი, რომლის დამტკიცების შესაძლებლობა მხარეს ობიექტურად არ გააჩნდა, დააკისრა მოსარჩელეს;

16.4. მოსარჩელის მუშაობის პერიოდში კომპანიის მიერ ხდებოდა ხელფასების სისტემატურად დაგვიანება და ნაწილ-ნაწილ ჩარიცხვა. ამასთან, ხელფასის ჩარიცხვის წინა დღეებში ხდებოდა თანამშრომლებისათვის მითითება თუ რომელი თვის ხელფასი ერიცხებოდათ, ასევე, თუ ეს იყო ხელფასის ნაწილი, ეთითებოდათ კონკრეტულად რომელი სამუშაოს შესრულების ნაწილს უნაზღაურებდნენ. კომპანია ახდენდა აღნიშნული მონაცემების დეტალური ჩანაწერებს. ვინაიდან კლინიკაში ხელფასებთან დაკავშირებული პრობლემები სისტემატური ხასიათის იყო, ექიმები აკეთებდნენ პირად ჩანაწერებს, მათ შორის, ფინანსური კუთხით. კერძოდ: ისინი ინიშნავდნენ თვის განმავლობაში მათი მორიგეობების შესახებ ინფორმაციას, ასევე, ინფორმაციას თუ რომელ პაციენტს რა ოპერაცია გაუკეთდა, რა ღირებულების და რა როლი მიუძღოდათ აღნიშნულ ოპერაციებში, რათა თავადაც ჰქონოდათ ინფორმაცია, რომელ თვეში რა თანხა უნდა მიეღოთ. ჩანაწერებს ახორციელებდნენ ელექტრონულად და შესწორებას აკეთებდნენ კლინიკის მიერ ანაზღაურების შესაბამისად და ინახავდნენ მხოლოდ მიუღებელი შემოსავლის შესახებ ინფორმაციებს.

17. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის განჩინებით საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მიხედვით დასაშვებობის შესამოწმებლად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

18. საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლისა და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად.

19. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას ან/და მის დამატებით ოქმს/ოქმებს და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.

20. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი საფუძვლით.

21. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებულ პრეტენზიაში იგულისხმება მითითება იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურ-სამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება.

22. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება) არ წარმოუდგენია.

23. მოცემულ შემთხვევაში საკასაციო სასამართლოს მსჯელობის საგანია მოპასუხისათვის დაკისრებული სახელფასო დავალიანებისა და სახელფასო დავალიანების ანაზღაურების დაყოვნებისათვის კანონით გათვალისწინებული პირგასამტეხლოს ოდენობის მართლზომიერება.

24. საკასაციო საჩივრის შინაარსიდან გამომდინარე, კასატორის პრეტენზია მტკიცების ტვირთის არასწორ განაწილებაში მდგომარეობს. მისი მტკიცებით, დამსაქმებლის მიერ მისთვის ხელფასის სახით ჩარიცხული თანხებით დაიფარა ის სახელფასო დავალიანება, რომელთან დაკავშირებითაც წინამდებარე საქმეში იგი არ დავობს, ხოლო იმის დამადასტურებელი მტკიცებულება დამსაქმებლის მიერ ჩარიცხული თანხებით კონკრეტულად რომელი პერიოდის სახელფასო დავალიანება დაიფარა, დამსაქმებელს გააჩნია და სწორედ მასვე უნდა წარედგინა სასამართლოსთვის.

25. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ შრომითსამართლებრივი დავები მტკიცების ტვირთის განაწილების გარკვეული თავისებურებით ხასიათდება, რასაც მტკიცებულებების წარდგენის თვალსაზრისით, დამსაქმებლისა და დასაქმებულის არათანაბარი შესაძლებლობები განაპირობებს. მტკიცების ტვირთის სპეციალური წესის მოქმედების პირობებში, სწორედ დამსაქმებელს ევალება სადავო ფაქტობრივი გარემოებების მტკიცების ტვირთი. აღნიშნული დასკვნა იმ ძირითადი პრინციპიდან გამომდინარეობს, რომ დამსაქმებელს დასაქმებულთან შედარებით გააჩნია მტკიცებითი უპირატესობა, სასამართლოს წარუდგინოს მისთვის ხელსაყრელი მტკიცებულებები (იხ. სუსგ საქმე Nას-922-884-2014, 16 აპრილი, 2015 წელი; Nას-1056-996-2015, 15 დეკემბერი, 2015 წელი; Nას-151-147-2016, 19 აპრილი, 2016 წელი; Nას-138-138-2018, 17 აპრილი, 2018 წელი; Nას-539-539-2018, 21 დეკემბერი, 2018 წელი; Nას-66-2024, 08 ნოემბერი, 2024 წელი).

26. შრომითი ურთიერთობებისადმი წმინდა სახელშეკრულებო მიდგომის გამოყენება არ არის მიზანშეწონილი, რადგან კლასიკურად ასეთი ურთიერთობა მოიცავს მის მონაწილეთა შეთანხმებას თანაბარ საწყისებზე, მაშინ, როდესაც შრომით ურთიერთობაში ერთი პირი ნებაყოფლობით თანხმდება მეორის დაქვემდებარებაში ყოფნას (იხ. სუსგ საქმე Nას-98-94-2016, 26 ივლისი, 2016 წელი; Nას-138-138-2018, 17 აპრილი, 2018 წელი;).

27. საკასაციო სასამართლო ასევე განმარტავს, რომ მოსარჩელის მოთხოვნის შინაარსის განმსაზღვრელია სარჩელში მითითებული ფაქტები და გარემოებები. სარჩელის ინდივიდუალიზაცია სარჩელის ელემენტების მეშვეობითაა შესაძლებელი. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3, მე-4, 83-ე და 178-ე მუხლების ანალიზით შესაძლებელია დავასკვნათ, რომ სარჩელი შედგება ორი ელემენტისგან: სარჩელის საგნისა და სარჩელის საფუძვლისგან. სარჩელის საგანია მოსარჩელის მოთხოვნა მოპასუხისადმი (სსსკ-ის 178.1 მუხლის „ზ“ ქვეპუნქტი), ხოლო სარჩელის საფუძველი - კონკრეტული ფაქტები და გარემოებები, რომლებზედაც მოსარჩელე ამყარებს თავის მოთხოვნას (სსსკ-ის 178.1 მუხლის „ე“ ქვეპუნქტი). საქმის გარემოებათა ანალიზის საფუძველზე მოსარჩელის მოთხოვნის შინაარსის დადგენა და მოთხოვნის სამართლებრივი საფუძვლის მოძიება კი, სასამართლოს ვალდებულებაა.

28. მოთხოვნის საფუძვლის (საფუძვლების) ძიებისას სასამართლოსათვის ამოსავალია ის კონკრეტული ფაქტები და გარემოებები, რომლებზედაც მოსარჩელე ამყარებს თავის მოთხოვნას. სწორედ მოსარჩელის მიერ მითითებული ფაქტები და გარემოებები განსაზღვრავენ მისი მოთხოვნის შინაარსს. სასამართლომ ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში სარჩელში მითითებული ფაქტობრივი გარემოებების შეფასებით უნდა გაარკვიოს თუ საიდან გამომდინარეობს მოსარჩელის მოთხოვნის სამართლებრივი საფუძველი, კერძოდ, სახელშეკრულებო შეთანხმებებიდან, ზიანის მიყენებიდან (დელიქტი), უსაფუძვლო გამდიდრებიდან თუ კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლიდან.

29. ამდენად, მართალია, შრომითსამართლებრივ დავებში მოქმედებს მტკიცების ტვირთის განაწილების სპეციალური წესი, რომლის თანახმად, სწორედ დამსაქმებელს ევალება სადავო ფაქტობრივი გარემოებების მტკიცების ტვირთი, თუმცა აღნიშნული დასაქმებულს არ ათავისუფლებს იმ ფაქტობრივ გარემოებებზე მითითების ვალდებულებისაგან, რომლებზეც იგი თავის მოთხოვნას ამყარებს.

30. შესაბამისად, განსახილველ შემთხვევაში სწორედ მოსარჩელის ვალდებულებას წარმოადგენდა კონკრეტულად მიეთითებინა, რომელი პერიოდის სახელფასო დავალიანების ანაზღაურება მოხდა მოპასუხის მიერ 2019 წლის 02 აპრილიდან - 2021 წლის 14 მაისის ჩათვლით მისთვის ხელფასის სახით ჩარიცხული თანხებით (იხ. წინამდებარე განჩინების 6.3 პუნქტი). სწორედ აღნიშნული ვალდებულების შესრულების შემდგომ შებრუნდებოდა სადავო გარემოების მტკიცების ტვირთი დამსაქმებლისაკენ, თუმცა მოსარჩელეს საქმის განხილვის არცერთ ეტაპზე მიუთითებია ამ ფაქტობრივი გარემოებების შესახებ. კასატორის მითითება, რომ იგი მხოლოდ მიმდინარე სახელფასო დავალიანების შესახებ ჩანაწერებს ინახავდა, ფაქტების მითითების თაობაზე მის ვალდებულებას ვერ შეამსუბუქებს. შესაბამისად, დაუსაბუთებელია კასატორის შედავება სასამართლოს მხრიდან მტკიცების ტვირთის არასწორ განაწილებასთან დაკავშირებით.

31. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ შემთხვევაში სასამართლომ მოპასუხის/დამსაქმებლის მიერ მოსარჩელისათვის ხელფასის სახით ჩარიცხული სადავო თანხები, სამოქალაქო კოდექსი 387.1 მუხლით დადგენილი წესის შესაბამისად, მართებულად გამოაკლო მოსარჩელის მიერ მოთხოვნილი დავალიანების ოდენობას.

32. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 387-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ მოვალეს ეკისრება კრედიტორისათვის სხვადასხვა ვალდებულებებიდან გამომდინარე ერთმანეთის მსგავსი რამდენიმე შესრულება და ის, რაც შესრულდა, არ არის საკმარისი ყველა ვალის დასაფარავად, მაშინ დაიფარება ის ვალდებულება, რომელსაც მოვალე შესრულების დროს ამოირჩევს; ხოლო, თუ მოვალე არ ამოირჩევს, მაშინ დაიფარება ის ვალი, რომლის გადახდის ვადაც პირველად დადგა; იმავე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილების მიხედვით, თუ მოთხოვნათა შესრულების ვადა ერთდროულად დადგა, მაშინ თავდაპირველად უნდა შესრულდეს ის მოთხოვნა, რომელიც მოვალისათვის შესასრულებლად ყველაზე მძიმეა; ხოლო, თუ მოთხოვნები თანაბრად მძიმეა, თავდაპირველად უნდა შესრულდეს ის, რომელიც ყველაზე ნაკლებად არის უზრუნველყოფილი.

33. ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმა მოვალის უფლებების დაცვას ემსახურება და ითვალისწინებს ფულადი ვალდებულებების დაფარვის რიგითობის წესს ისეთ შემთხვევებში, როდესაც მოვალეს კრედიტორის მიმართ რამდენიმე დამოუკიდებელი ვალდებულება აკისრია (იხ. სუსგ საქმე Nას-1232-1155-2015, 27 იანვარი, 2016 წელი). კერძოდ, სსკ-ის 387-ე მუხლი გამოიყენება იმ შემთხვევაში, როდესაც სახეზეა შემდეგი წინაპირობები: 1. მოვალეს კრედიტორის მიმართ რამდენიმე ვალდებულება აქვს; 2. ვალდებულებათა შესრულების საგანი იდენტურია; 3. ვალდებულებების წარმოშობის წყარო ერთი ან ერთზე მეტი ვალდებულებითსამართლებრივი ურთიერთობაა; 4. მოვალის მიერ განხორციელებული შესრულება ყველა ვალდებულების დასაფარად საკმარისი არ არის. საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ აღნიშნული სამართლებრივი ნორმა დისპოზიციურია და ვალდებულებათა დაფარვის რიგითობის განსხვავებულ წესზე მხარეთა შეთანხმებას უშვებს. შესაბამისად, ვალდებულებათა სიმრავლის პირობებში შესრულების არასაკმარისობის დროს მხარეები ვადამოსულ ვალდებულებებს ურთიერთშეთანხმებით დადგენილი რიგითობით ფარავენ (იხ. სამოქალაქო კოდექსის კომენტარი, წიგნი III, ვალდებულებითი სამართლის ზოგადი ნაწილი, თბილისი, 2019, 387-ე მუხლის კომენტარი, გვ. 540-541).

34. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 387-ე მუხლის გამოყენებისათვის ამოსავალი დებულებაა ის, რომ მოვალეზე დაკისრებული რამდენიმე ვალდებულება ერთმანეთის მსგავსი იყოს. მსგავსია ისეთი მოთხოვნები, რომლებიც 442-ე მუხლის კონტექსტში გაქვითვაუნარიანია. ნიშანდობლივია, რომ ამ მოთხოვნათა საფუძვლის ერთიანობა და სამართლებრივი კავშირის არსებობა სავალდებულო არ არის. როგორც წესი, ასეთ შემთხვევაში იგულისხმება, რომ შესასრულებელი ვალდებულების საგანი ფული ან სხვა ერთგვაროვანი გვაროვნული ნივთია. ამდენად, ნორმა გამოიყენება როგორც სხვადასხვა ვალდებულებითსამართლებრივი ურთიერთობიდან წარმოშობილი ვალდებულებების მიმართ, ასევე, ერთი ვალდებულებითსამართლებრივი ურთიერთობის ფარგლებში წარმოშობილ ვალდებულებებზე, თუმცა არა ერთი ვალდებულების ფარგლებში არსებულ ძირითად და დამატებით მოთხოვნებზე (იხ. სამოქალაქო კოდექსის კომენტარი, წიგნი III, ვალდებულებითი სამართლის ზოგადი ნაწილი, თბილისი, 2019, 387-ე მუხლის კომენტარი, გვ. 542).

35. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ განსახილველ შემთხვევაში არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული რომელიმე წინაპირობა, კასატორს არ წარმოუდგენია იმგვარი დასაშვები და დასაბუთებული საკასაციო პრეტენზიები, რომლებიც საკასაციო საჩივრის არსებითად განსახილველად დაშვების შესაძლებლობას მისცემდა სასამართლოს, რის გამოც მათ უარი უნდა ეთქვათ განხილვაზე.

36. „სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, კასატორი გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა

1. თ.ნ–ის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველი;

2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე გიზო უბილავა

მოსამართლეები: ლევან მიქაბერიძე

ვლადიმერ კაკაბაძე