Facebook Twitter

საქმე №ას-822-2024 18 ივლისი 2025 წელი

თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ამირან ძაბუნიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: ლაშა ქოჩიაშვილი, გოჩა ჯეირანაშვილი

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

საკასაციო საჩივრის ავტორი – სსიპ სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოს შიდა ქართლის რეგიონული ცენტრი (მესამე პირი)

მოწინააღმდეგე მხარეები – ი.კ–ძე (შეგებებული სარჩელის მოსარჩელე), ქ.გ–ი (შეგებებული სარჩელის მოპასუხე) არასრულწლოვანი - მ.კ–ძე

გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 21 ივლისის გადაწყვეტილება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების 3.2. და 3.4 პუნქტების გაუქმება

დავის საგანი – არასრულწლოვან შვილთან ურთიერთობის წესის განსაზღვრა

საკითხი, რომელზედაც მიღებულია განჩინება - საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი

1. სასარჩელო მოთხოვნა:

1.1. ქ.გ–მა (შემდეგში: მოსარჩელე, შეგებებულ სარჩელში - მოპასუხე, მოწინააღმდეგე მხარე) სარჩელი აღძრა სასამართლოში ი.კ–ძის (შემდეგში: მოპასუხე, შეგებებულ სარჩელში - მოსარჩელე, მოწინააღმდეგე მხარე) მიმართ, ალიმენტის დაკისრების მოთხოვნით.

2. სარჩელის საფუძვლები:

2.1. მხარეებს 2012 წლის 16 ნოემბერს შეეძინათ შვილი - მ.კ–ძე. მეუღლეები ერთმანეთს დაშორდნენ და მოსარჩელე შვილთან ერთად ცხოვრობს ქ. გორში, რის გამოც მოითხოვა ალიმენტის დაკისრება.

3. მოპასუხის პოზიცია:

3.1. მოპასუხემ მოთხოვნის გამომრიცხავი შესაგებლით სარჩელი არ ცნო,

3.2. შესაგებლის თანახმად, იგი რეგულარულად ზრუნავს შვილზე და თავს არ არიდებს მასზე კანონით დაკისრებული ვალდებულების შესრულებას. ამასთან, მოპასუხემ მიუთითა, რომ აქვს მძიმე ჯანმრთელობის პრობლემები, საჭიროებს ინტენსიურ მკურნალობას და არ შეუძლია ფიზიკური შრომა.

4. შეგებებული სარჩელის მოთხოვნა და საფუძვლები:

4.1. ი.კ–ძემ შეგებებული სარჩელი აღძრა, რომლითაც მოითხოვა არასრულწლოვან შვილთან - 2012 წლის 16 ნოემბერს დაბადებულ მ.კ–ძესთან ურთიერთობისთვის განესაზღვროს შემდეგი წესი: მოსარჩელემ არასრულწლოვანი შვილი ყოველი კვირის პარასკევის 16:00 საათიდან კვირა დღის 19:00 საათამდე წაიყვანოს მასთან, დარჩენის უფლებით; სასკოლო ზამთრის და ზაფხულის არდადეგების ნახევარი გაატაროს მამასთან - ი.კ–ძესთან.

5. შეგებებული მოპასუხის პოზიცია:

5.1. შეგებებული სარჩელით მოპასუხე ქ.გ–ი წარმოდგენილ მოთხოვნას შესაგებლით არ დაეთანხმა, თუმცა მოსამზადებელ და მთავარ სხდომაზე დაეთანხმა ნაწილობრივ - რამდენიმე საათით წაყვანის უფლებით, იმ პირობით, თუკი ასეთი იქნებოდა არასრულწლოვნის სურვილიც. ამასთან, მხარე არ დაეთანხმა ღამით წაყვანის უფლებას და განმარტა, რომ ერთხელ მოსარჩელემ იარაღიდან გაისროლა ბავშვის მასთან ყოფნის დროს და შიშობს, რომ ღამით დარჩენა არ იქნება ბავშვისთვის უსაფრთხო.

6. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:

6.1. გორის რაიონული სასამართლოს 2022 წლის 27 აპრილის განჩინებით, ალიმენტის შესახებ მოთხოვნის თაობაზე მხარეთა შორის დამტკიცდა მორიგება და ამ ნაწილში, საქმისწარმოება შეწყდა.

6.2. გორის რაიონული სასამართლოს 2023 წლის 27 მარტის გადაწყვეტილებით, ი.კ–ძის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ და ი.კ–ძეს არასრულწლოვან შვილთან მ.კ–ძესთან ურთიერთობისთვის განესაზღვრა შემდეგი წესი: ი.კ–ძემ არასრულწლოვანი შვილი ნახოს კვირაში ორი დღე - შაბათს და კვირა დღეს, დილის 12:00 სთ-დან 16:00 სთ.მდე, მოპასუხის - ქ.გ–ის თანდასწრების გარეშე, ქ.გორში, ნეიტრალურ ტერიტორიაზე.

6.2. გორის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილებაზე სააპელაციო საჩივარი წარადგინა ი.კ–ძემ, რომლითაც მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და შეგებებული სარჩელის სრულად დაკმაყოფილება.

7. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი და საფუძველი:

7.1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 21 ივლისის გადაწყვეტილებით, სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. ი.კ–ძის სააპელაციო საჩივარი არდადეგების ნაწილში (ერთი წლის შემდეგ მამას განესაზღვროს უფლება ბავშვმა გაატაროს ზაფხულისა და ზამთრის არდადეგების ნახევარი მასთან) დარჩა განუხილველი. გაუქმდა გორის რაიონული სასამართლოს 2023 წლის 27 მარტის გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის მე-2 პუნქტი და ამ ნაწილში მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, შესაბამისად, მითითებული პუნქტი ჩამოყალიბდა შემდეგი სახით: შეგებებული სარჩელით მოსარჩელე ი.კ–ძეს არასრულწლოვან შვილთან მ.კ–ძესთან ურთიერთობისათვის განესაზღვრა ყოველი შაბათი დღე - 12:00 საათიდან 21:00 საათამდე შუალედი, ასევე, კვირა დღე - 12:00 საათიდან 18:00 საათამდე შუალედი წაყვანისა და დედის საცხოვრებელ ადგილზე დაბრუნების უფლებით, არასრულწლოვანი ბავშვის სურვილის გათვალისწინებით. ამავე გადაწყვეტილებით დადგინდა, რომ მამა-შვილს შორის ურთიერთობის ეს წესი გაგრძელდებოდა ვითარების შეცვლამდე, მანამ, სანამ შესაძლებელი იქნებოდა მამასა და შვილს შორის უფრო ხანგრძლივი შეხვედრები. გადაწყვეტილების თანახმად, ურთიერთობის წესის შეცვლა დამოკიდებული იქნებოდა სსიპ სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოს დასკვნაზე, ხოლო, ვითარების შეცვლის შემდეგ ი.კ–ძეს მიეცემა უფლება არასრულწლოვანი შვილი - მ.კ–ძე წაიყვანოს ყოველ პარასკევს 16:00 საათიდან კვირა დღის 19:00 საათამდე დარჩენის უფლებით.

7.2. სააპელაციო პალატამ საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებათა შეჯერების საფუძველზე, განმარტა, რომ როდესაც საქმე არასრულწლოვნის საცხოვრებელი ადგილის განსაზღვრასა და ცალ-ცალკე მცხოვრებ მშობლებთან ურთიერთობის მოწესრიგებას ეხება, განსაკუთრებული სიფრთხილით შეფასებას მოითხოვს არასრულწლოვანთა საქმეებზე მომუშავე პირებისა თუ შესაბამისი სპეციალისტების (ფსიქოლოგის) მიერ გაკეთებული დასკვნები. განსახილველ შემთხვევაში, საქმეში წარმოდგენილი იყო ფსიქოლოგის დასკვნა, თავად არასრულწლოვნის მიერ დაფიქსირებული პოზიცია სასამართლოს წინაშე, ასევე არასრულწლოვნის ადვოკატისა და სსიპ სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოს წარმომადგენელის განმარტებები, მასზედ რომ ამ ეტაპზე ბავშვს არ სურდა მამასთან ღამით დარჩენა. აღნიშნულიდან გამომდინარე, პალატამ მიიჩნია, რომ არ არსებობდა ამ ნაწილში სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილების წინაპირობა.

7.3. სააპელაციო პალატამ დასძინა, რომ მზრუნველი, ოჯახური და კომფორტული გარემოს შექმნა ორივე მშობლის ვალდებულებაა, ხოლო მოცემულ შემთხვევაში თითოეულ მშობელს, რადგან ისინი განცალკევებით ცხოვრობენ, ბავშვის ნორმალური განვითარებისათვის ევალება შვილთან ურთიერთობისათვის ბავშვის საუკეთესო ინტერესის გათვალისწინება, რაც არა მხოლოდ ზნეობრივი, არამედ კანონისმიერი ვალდებულებაცაა. პალატამ მიიჩნია, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილებით მამა-შვილს შორის ურთიერთობისათვის განსაზღვრული დროის მონაკვეთი არ იყო საკმარისი სრულფასოვანი ურთიერთობისათვის და ამასთან, შესაძლოა აღნიშნულმა გარკვეული დისკომფორტიც შეუქმნას არასრულწლოვანს. ამასთან, პალატამ გაითვალისწინა, რომ ბავშვის მშობლები ცხოვრობენ სხვადასხვა ქალაქში, რაც მათ შორის მანძილთან, ხარჯებთან და დროსთან არის დაკავშირებული. შესაბამისად, მიიჩნია, რომ მოსარჩელეს არასრულწლოვან შვილთან ურთიერთობისათვის უნდა განსაზღვროდა შაბათი დღე 12:00 საათიდან 21:00 საათამდე ვადით, ასევე კვირა დღე - 12:00 საათიდან 18:00 საათამდე ვადით და ურთიერთობის ეს წესი უნდა გაგრძელებულიყო ვითარების შეცვლამდე. ვითარების შეცვლის შემთხვევაში, როცა შესაძლებელი იქნება მამა-შვილს შორის უფრო ხანგრძლივი შეხვედრები, ურთიერთობის წესის შეცვლა დამოკიდებული უნდა იყოს სსიპ სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოს დასკვნაზე, რა დროსაც მამას უნდა მიეცეს უფლება წაიყვანოს ბავშვი დარჩენის უფლებით პარასკევს 16:00 საათიდან კვირას 19:00 საათამდე პერიოდში.

7.4. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებაზე საკასაციო საჩივარი წარადგინა სსიპ სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოს შიდა ქართლის რეგიონული ცენტრმა, რომლითაც ითხოვს გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ - სარეზოლუციო ნაწილის 3.2. და 3.4. პუნქტების გაუქმებას.

8. კასატორის მოთხოვნა და საფუძვლები:

8.1. კასატორის მტკიცებით, სააპელაციო ინსტანციის სასამართლომ უგულებელყო სამოქალაქო კოდექსის 1200-ე მუხლი, „სოციალური მუშაობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-16 მუხლის 1-ლი ნაწილი და საქართველოს კონსტიტუციის 62-ე მუხლი.

8.2. კასატორის მტკიცებით, გასაჩივრებულ გადაწყვეტილებაში იმგვარი ჩანაწერის გაკეთება, რომლითაც მშობელსა და შვილს შორის სასამართლოს მიერ დადგენილი ურთიერთობის წესი დადგინდა ვითარების შეცვლამდე, ხოლო ამ ვითარების ცვლილების შეფასებისა და დადგენის კომპეტენცია მიეკუთვნა სსიპ სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოს, ლახავს ბავშვის საუკეთესო ინტერესების სასარგებლოდ მოქმედების პრინციპს, ვინაიდან არასრულწლოვანს აქვს კონსტიტუციით მინიჭებული უფლება, მასთან დაკავშირებული საქმეები განიხილოს სასამართლომ, ნეიტრალური წარმომადგენლის მეშვეობით. ამასთან, კასატორის აზრით, გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის 3.2. და 3.4. პუნქტები ეწინააღმდეგება კონსტიტუციის 62-ე მუხლს, რომლის თანახმადაც სასამართლოს გადაწყვეტილების შეცვლა, გაუქმება ან/და შეჩერება შეუძლია მხოლოდ სასამართლოს, კანონით განსაზღვრული წესით.

8.3. კასატორისთვის გაუგებარია, როგორ შეიძლება შეცვალოს მისმა დასკვნამ სასამართლოს მიერ განსაზღვრული შვილთან ურთიერთობის წესი, თუნდაც სასამართლოს მიერ მითითებულ ფარგლებში, მაშინ როდესაც სააგენტოს დასკვნა, არასრულწლოვნის საცხოვრებელი ადგილის განსაზღვრასთან დაკავშირებულ საქმეებში მხოლოდ ერთ-ერთ მტკიცებულებას წარმოადგენს და გადამწყვეტი სამართლებრივი ძალაც კი არ აქვს.

8.4. კასატორი დასძენს, რომ სააგენტოსთვის ამგვარი გადამეტებული ტვირთის დაკისრება სასამართლოს მხრიდან არასწორია, ვინაიდან ნორმატიული აქტებითა და კანონებით, რომლებიც სააგენტოს ფუნქცია-მოვალეობებს განსაზღვრავს არ არის გათვალისწინებული მშობლებსა და შვილებს შორის სასამართლოს მიერ განსაზღვრული ურთიერთობის წესის მონიტორინგის ინსტრუმენტი, მით უფრო არსებული ვითარების შეცვლის კონტროლის ვალდებულება, რაც გაართულებს ან შეუძლებელს გახდის სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულებას.

8.5. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2024 წლის 8 ივლისის განჩინებით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, სსიპ სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოს შიდა ქართლის რეგიონული ცენტრის საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში დასაშვებობის შესამოწმებლად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

9. საკასაციო სასამართლომ, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, შეამოწმა საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და მიიჩნევს, რომ დაუშვებელია შემდეგ გარემოებათა გამო:

10. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას ან/და მის დამატებით ოქმს/ოქმებს და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.

11. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი საფუძვლით.

12. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია. დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება - დადგენა, მატერიალურსამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება.

13. საკასაციო პალატის განსჯით, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით, კასატორს არ წარმოუდგენია დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება), მეტიც, გადაწყვეტილება არ არის გასაჩირებული შინაარსობრივი თვალსაზრისით, არამედ შედავებულია მხოლოდ სარეზოლუციო ნაწილით კასატორზე დაკისრებული ვალდებულების აღსრულების შესაძლებლობა, რომლის მიხედვითაც სასამართლოს მიერ განსაზღვრული მშობლისა და არასრულწლოვანის ურთიერთიერთობის წესის ვითარების შესაბამისად ცვლილების შესაძლებლობა, დაეფუძნა სსიპ სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოს მიერ გასაცემ დასკვნას.

14. საკასაციო პრეტენზიათა საფუძვლიანობის შემოწმების მიზნით, პალატა ყურადღებას უპირველესად მოთხოვნის დამფუძნებელი ნორმების საკითხსა და მათ წინაპირობებზე გაამახვილებს, რამდენადაც სარჩელის წარმატება ყოველთვის დამფუძნებელ ნორმებზეა დამოკიდებული, რომლებიც დავის გადაწყვეტის ფუნდამენტს წარმოადგენენ და შეიცავენ აბსტრაქტულ მითითებას იმ იურიდიულ ფაქტებზე, რომელთა დამტკიცებაც განხორციელებადს ხდის მოთხოვნას. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ შვილთან ურთიერთობის წესის განსაზღვრის მოთხოვნის სამართლებრივი საფუძველია სამოქალაქო კოდექსის 1198-ე მუხლის მეხუთე ნაწილი, რომლითაც მშობლებს ენიჭებათ უფლება და ეკისრებათ ვალდებულება, ჰქონდეთ ურთიერთობა თავიანთ შვილებთან, განსაზღვრონ თავიანთ შვილებთან მესამე პირთა ურთიერთობის უფლება და იმავე კოდექსის 1202-ე მუხლი მშობლებს თანაბრად აქვთ ყველა უფლება და მოვალეობა თავიანთი შვილების მიმართ, მიუხედავად იმისა, რომ ისინი განქორწინებული არიან ან ცალ-ცალკე ცხოვრობენ. მშობელს, რომელთანაც შვილი ცხოვრობს, უფლება არა აქვს, შეზღუდოს მეორე მშობლის უფლება-მოვალეობები.

15. საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ განქორწინების შემთხვევაში ბავშვთან ურთიერთობის უფლება მშობელს, რომელთანაც შვილი არ ცხოვრობს, არათუ უნარჩუნდება, არამედ ევალება კიდეც. აღნიშნული გულისხმობს, მშობლის ვალდებულებას, შეძლებისდაგვარად, რეგულარულად იზრუნოს ბავშვზე, მისივე საუკეთესო ინტერესების გათვალისწინებით. საკასაციო სასამართლოს განმარტებით, ყოველგვარი რისკი, რომელიც არასრულწლოვნის ნორმალურ განვითარებას შეიძლება შეეხოს, უნდა იქნას გამორიცხული. ამ მხრივ სასამართლო მიუთითებს ევროპული სასამართლოს ერთ-ერთ საქმეზე (Johansen v. Norway) სადაც სასამართლომ აღნიშნა, რომ ბავშვთან გაერთიანების შესახებ საკითხის გადაწყვეტისას, მშობლის ინტერესსა და ბავშვის ინტერესს შორის უნდა იქნეს დაცული ბალანსი. აღნიშნული ბალანსის ძიებისას სასამართლო განსაკუთრებულ ყურადღებას ანიჭებს ბავშვის ინტერესებს, რომლებსაც შეიძლება ჰქონდეს პრიორიტეტული მნიშვნელობა მშობლის ინტერესებთან მიმართებით. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ გაერთიანების საკითხის გადაწყვეტისას ანგარიშგასაწევ ფაქტორებს წარმოადგენს ოჯახური ცხოვრება, მშობლებთან თანაბარი ურთიერთობის შესაძლებლობა და სხვა ისეთი ფაქტორები, რომლებიც არასრულწლოვნის სრულფასოვან აღზრდა-განვითარებას შეუწყობს ხელს. ასეთ ვითარებაში შეძლებისდაგვარად უნდა იქნას გათვალისწინებული სუბიექტური ფაქტორებიც _ ბავშვის მიერ არსებული სიტუაციის აღქმა, რაც შესაბამისი დაკვირვება-გამოკვლევის გზითაა შესაძლებელი.

16. საკასაციო პალატა, წარმოდგენილი საკასაციო საჩივრის ფარგლებში, ყურადღებას ამახვილებს გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის იმ დათქმაზე, რომლითაც მხოლოდ ვითარების შეცვლამდეა გადაწყვეტილი მამის ბავშვთან ურთიერთობის წესი, მანამ, სანამ შესაძლებელი არ იქნება მამა-შვილს შორის უფრო ხანგრძლივი შეხვედრები, ხოლო მითითებული წესის შეცვლა დამოკიდებული იქნება სსიპ სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოს დასკვნაზე. ამ დანაწესის მიმართ კასატორის ძირითადი შედავება ის არის, რომ სასამართლოს მიერ დადგენილი ურთიერთობის წესის შეცვლის შესაძლებლობა და სამართლებრივი ინსტრუმენტები საააგენტოს არ გააჩნია, ასევე კასატორს მიაჩნია, რომ ვითარების გადასინჯვის შესაძლებლობის მხოლოდ სააგენტოსთვის მინიჭება, არღვევს ბავშვის საუკეთესო ინტერესებს, რადგან მათ უფლება აქვთ მის უფლებებთან დაკავშირებული საქმე განიხილოს სასამართლომ, ნეიტრალური წარმომადგენლის/უფლების დამცველის მონაწილეობით.

17. აღნიშნულ არგუმენტს საკასაციო პალატა ვერ გაიზიარებს და უპირველესად ყურადღებას მიაპყრობს იმას თუ რას დაეყრდნო სააპელაციო პალატა გასაჩივრებული გადაწყვეტილების მიღებისას. როგორც საქმის მასალებში წარმოდგენილი მტკიცებულებებით დგინდება, არასრულწლოვანსა და მის მამას შორის ურთიერთობის წესი, სასამართლომ განსაზღვრა არასრულწლოვანის ადვოკატის, მზრუნველობის ორგანოს წარმომადგენლის განმარტების, თავად არასრულწლოვანის გამოკითხვის, 2022 წლის 8 აგვისტოს ფსიქოლოგიური შეფასებისა და სსიპ სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოს 2022 წლის 22 ნოემბრის დასკვნის საფუძველზე, ვინაიდან თითოეული მათგანი ადასტურებდა ბავშვის მზაობას მამასთან ურთიერთობის თაობაზე, თუმცა მყარი კავშირების არარსებობის გამო, უარყოფდა ბავშვის მამასთან ღამით დარჩენის შესაძლებლობას. საკასაციო პალატა განსაკუთრებულ ყურადღებას მიაპყრობს საქმის მასალებში წარმოდგენილ სსიპ სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოს 2022 წლის 22 ნოემბრის დასკვნას, რომლის თანახმადაც: ვინაიდან მ.კ–ძე გამოხატავს მამასთან ურთიერთობის სურვილს, პირველ ეტაპზე მნიშვნელოვანია მამა-შვილური ურთიერთობის ეტაპობრივი აღდგენა, შეხვედრები განისაზღვროს მცირე დროით, რამდენიმე საათით, ღამით დარჩენის გარეშე, რადგან ღამით დარჩენაზე ბავშვი კატეგორიული წინააღმდეგია. საქმის მასალებში წარმოდგენილი დასკვნა მოიცავს ინფორმაციას ისეთ საკითხებზე, როგორებიცაა: ბავშვზე განხორციელებული ზრუნვა, ემოციური კავშირი მშობლებთან, უსაფრთხოება, ზედამხედველობა და საზღვრები, სტიმულაცია და მხარდაჭერა, ოჯახისა და გარემოს შეფასება, სოციალური ინტეგრაცია და თანადგომის ქსელი, საცხოვრებელი გარემო და სხვა (მტკიცებულება: დასკვნა ტომი I, ს.ფ. 187-193). მოხმობილი მტკიცებულების შინაარსობრივი კვლევის შედეგად, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი დასკვნა არის ზუსტად იმგვარი ხასიათის დოკუმენტი, რომლის შედგენის ვალდებულებაც რეგლამენტირებულია გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის 3.4. პუნქტში.

18. ამასთან, პალატა არ იზიარებს სააგენტოს არგუმენტს იმის თაობაზე, რომ სააგენტო არ არის უფლებამოსილი შეაფასოს „ვითარების შეცვლა“ და შეცვალოს სასამართლოს მიერ განსაზღვრული ბავშვისა და შვილის ურთიერთობის წესი. აღნიშნული მტკიცების საპირისპიროდ, პალატა მიიჩნევს, რომ სწორედ სასამართლო არ არის უფლებამოსილი სსიპ სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოს დასკვნის, არასრულწლოვნის ადვოკატის მოსაზრების, მზრუნველობის ორგანოს წარმომადგენლის განმარტების, თავად არასრულწლოვნის გამოკითხვისა და ფსიქოლოგიური შეფასების გარეშე მიიღოს გადაწყვეტილება არასრულწლოვნის მშობლებთან ურთიერთობის წესის განსაზღვრის შესახებ გადაწყვეტილება. აღნიშნული სწორედაც, რომ „ბავშვთა უფლებების კოდექსითა“ და საერთაშორისო კონვენციებით გარანტირებული ბავშვის საუკეთესო ინტერესის განუხრელად დაცვის უზრუნველყოფას ემსახურება. კერძოდ იმას, რომ არასრულწლოვანს, მისი უფლებების უგულებელყოფით არ დაუწესდეს იმაზე მეტი დროით რომელიმე მშობელთან დროის გატარების ვალდებულება, ვიდრე მას ფსიქიკური თუ ემოციური მზაობა გააჩნია, ამ მზაობის შეფასება კი, სასამართლოს, სპეციალური ცოდნის მქონე ორგანოს/პირის, გარეშე არ შეუძლია. შესაბამისად, ამ პროცესში სასამართლო გადაწყვეტილებას იღებს მხოლოდ და მხოლოდ უფლებამოსილი ორგანოების დასკვნების განხილვის შედეგად, რომელთაგან ერთ-ერთი არის კასატორი. ამიტომ, მას შემდეგ, რაც სასამართლო განიხილავს და გადაწყვეტს საბაზისო წესს არასრულწლოვნისა და მშობლებს შორის ურთიერთობის შესახებ, მისი მიმდინარეობის ზედამხედველობა თუ ვითარების შეცვლისა და ამ ურთიერთობის წესის, ბავშვის საუკეთესო ინტერესებიდან გამომდინარე, გაღრმავება სწორედ, რომ სსიპ სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოს უფლებამოსილებაში შემავალ გარემოებას წარმოადგენს.

19. ამ მიმართებით, საკასაციო პალატა ყურადღებას მიაპყრობს „სოციალური მუშაობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-16 მუხლს, რომლითაც რეგლამენტირებულია სოციალური მუშაობა ბავშვსა და ოჯახზე ზრუნვის და მეურვეობის/მზრუნველობის/მხარდაჭერის სფეროში. მოხმობილი ნორმის თანახმად, ბავშვსა და ოჯახზე ზრუნვის და მეურვეობის/მზრუნველობის/ მხარდაჭერის სფეროში სოციალური მუშაობა გულისხმობს: ა) ბავშვის შვილად აყვანის პროცესში მონაწილეობას; ბ) ბავშვის მხარდაჭერას, მისი საუკეთესო ინტერესის დაცვას, მის მეურვეობას, მზრუნველობას და საპროცესო წარმომადგენლობას; გ) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით მეურვეობის/მზრუნველობის დაწესების/მხარდაჭერის დანიშვნის პროცესში მონაწილეობას, მეურვის/მზრუნველის/მხარდამჭერის საქმიანობის ზედამხედველობას, სამეურვეო/სამზრუნველო პირის ქონებრივი უფლების განკარგვის საკითხზე რეკომენდაციის გაცემას; დ) ბავშვის ძალადობისა და უგულებელყოფისგან დაცვის მიზნით ზომების მიღებას; ე) მიუსაფარი ბავშვისა და მისი ოჯახის საჭიროებების განსაზღვრას; ვ) ბავშვის ბიოლოგიურ ოჯახში შენარჩუნების მიზნით პრევენციული ღონისძიებების განხორციელებას და მათ მონიტორინგს; ზ) ოჯახის მხარდაჭერას, პრევენციას, პირის სპეციალიზებული დაწესებულებიდან რეინტეგრაციას და მისი მდგომარეობის მონიტორინგს, 24-საათიანი ზრუნვის სისტემასთან დაკავშირებული ღონისძიებების განხორციელებას; თ) ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) მსხვერპლთა, ძალადობის მსხვერპლთა, მათ შორის, ბავშვების, სათანადო მომსახურებაში ჩართვის ხელშეწყობას; ი) ოჯახში ძალადობის მსხვერპლისთვის თავშესაფრის მომსახურებით სარგებლობაში დახმარების გაწევას; კ) ოჯახში ძალადობის მსხვერპლის საზოგადოებაში ინტეგრაციისა და ხელშეწყობის მიზნით სხვადასხვა ღონისძიების დაგეგმვასა და განხორციელებას; ლ) ბავშვის ძალადობისგან, პირის ოჯახში ძალადობისგან და ქალთა ძალადობისგან დაცვის მიზნით ზომების მიღებას, მათ რეაბილიტაციაზე ზრუნვას, საზოგადოებაში ინტეგრაციას და მონიტორინგს; მ) ხანდაზმულისა და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირისთვის დღის ცენტრისა და გრძელვადიანი თავშესაფრის, შესაბამისი სოციალური, სამედიცინო, შეღავათიანი მომსახურებების თაობაზე ინფორმაციის მიწოდებას და მათში ჩართვის ხელშეწყობას; ნ) დედებისა და ბავშვებისათვის თავშესაფრის მომსახურებით სარგებლობაში დახმარების გაწევას; ო) ბავშვის 24-საათიანი სახელმწიფო ზრუნვის (მათ შორის, მინდობით აღზრდის) მიზნით განთავსებისთვის საჭირო ღონისძიებების განხორციელებას და მათ მონიტორინგს; პ) საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევაში ოჯახური დავების ან მშობლის უფლების შეზღუდვის/ჩამორთმევის დროს სასამართლო პროცესებში მონაწილეობას არასრულწლოვანთა კანონიერი ინტერესების დაცვის და სათანადო დასკვნის გაცემის მიზნით; ჟ) სამეურვეო/სამზრუნველო და ფსიქოსოციალური საჭიროების მქონე პირებისათვის სოციალური და სამედიცინო მომსახურებების თაობაზე ინფორმაციის მიწოდებას და მათი შესაბამის დღის ცენტრსა და თავშესაფარში განთავსების ხელშეწყობას; რ) შესაბამისი სამართლებრივი აქტებით გათვალისწინებული უფლებამოსილების ფარგლებში სხვა ფუნქციების შესრულებას. საკასაციო საჩივარში მითითებულ პრეტენზიასთან დაკავშირებით, საკასაციო პალატა, ასევე ყურადღებას მიაპყრობს სსიპ სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოს დებულებას, რომლის თანახმად სააგენტოს ერთ-ერთი გაცხადებული მიზანია საქართველოს ტერიტორიაზე კანონმდებლობით გათვალისწინებული ცენტრალური და ადგილობრივი მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს ფუნქციების უზრუნველყოფა, აგრეთვე სხვა სახელმწიფოში გაშვილების მიზნებისათვის ცენტრალური მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს ფუნქციის უზრუნველყოფა. ამავე დებულების მე-3 მუხლში ჩამოთვლილი სააგენტოს ფუნქციებიდან კი, ხაზგასასმელია მეურვის, მზრუნველისა და მხარდამჭერის საქმიანობაზე ზედამხედველობა, რაც სწორედ, რომ სასამართლოს გადაწყვეტილებით მამა-შვილს შორის ურთიერთობის წესის შესრულების ზედამხედველობასა და ვითარების შეცვლის შესაბამისად, მშობელთა და შვილებს შორის ურთიერთობის გაღრმავების მონიტორინგს/ხელშეწყობას გულისხმობს. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ ბავშვსა და ოჯახზე ზრუნვის და მეურვეობის/მზრუნველობის/ მხარდაჭერის სფეროში სოციალური მუშაობისა და მიღებული შედეგების მონიტორინგის ექსკლუზიური უფლებამოსილება სწორედ კასატორი სააგენტოს უფლებამოსილების სფეროს განკუთვნილ საკითხს წარმოადგენს, რაც რეგლამენტირებულიცაა სააგენტოს დებულების პირველი მუხლის მე-2 ნაწილით (დასახული მიზნებისა და დაკისრებული ფუნქციების განსახორციელებლად სააგენტოს აქვს სპეციალური უფლებაუნარიანობა. იგი საკუთარი სახელით იძენს უფლებებსა და მოვალეობებს, დებს გარიგებებს, საკუთარი სახელით გამოდის მხარედ სასამართლოსა და მესამე პირებთან ურთიერთობებში) და არათუ ლახავს ბავშვის საუკეთესო ინტერესს, არამედ ბავშვის მშობლებთან კავშირის გაღრმავების მოქნილი მექანიზმია, რაც პირდაპირ უზრუნველყოფს საქართველოში მოქმედი საკანონმდებლო ნორმების სწრაფ, ეფექტურ და ბავშვზე მორგებული ფორმით, რეალიზების შესაძლებლობას.

20. ამდენად, საკასაციო სასამართლო სრულად იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ გარემოებებსა და მსჯელობას. კასატორის პრეტენზიების პასუხად კი განმარტავს, რომ იგი აშკარად დაუსაბუთებელია და საკასაციო საჩივრის დასასვებად ცნობის წინაპირობებს არ ქმნის.

21. კასატორმა ვერ დაასაბუთა, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს ეწინააღმდეგება.

22. ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით და არც იმ საფუძვლით, რომ საკასაციო სასამართლოს მსგავს საკითხზე ჯერ არ უმსჯელია და გადაწყვეტილება არ მიუღია. შესაბამისად, მოცემულ საქმეზე არ არსებობს ვარაუდი, რომ საკასაციო საჩივრის განხილვის შემთხვევაში მოსალოდნელია საქართველოს უზენაესი სასამართლოს უკვე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება.

23. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მეოთხე ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის შემთხვევაში პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი. კასატორი გათავისუფლებულია სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ ბაჟის გადახდის ვალდებულებისგან.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 391-ე, 401-ე, 408-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა

1. სსიპ სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოს შიდა ქართლის რეგიონული ცენტრის საკასაციო საჩივარი როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;

2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ამირან ძაბუნიძე

მოსამართლეები: ლაშა ქოჩიაშვილი

გოჩა ჯეირანაშვილი