საქმე №ა-2990-შ-78-2025 18 ივლისი, 2025 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატის
მოსამართლე ამირან ძაბუნიძე
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე
შუამდგომლობის ავტორი – ლ.მ–ი
მოწინააღმდეგე მხარე - რ.გ–ი
გადაწყვეტილება, რომლის საქართველოს ტერიტორიაზე ცნობას მოითხოვს მხარე – საბერძნეთის რესპუბლიკა, თესალონიკის პირველი ინსტანციის ერთწევრიანი სასამართლოს 2024 წლის 28 თებერვლის N2351/2024 გადაწყვეტილება
დავის საგანი – განქორწინება, მეურვეობის (მზრუნველობის) დადგენა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
საქართველოს უზენაეს სასამართლოს, 2025 წლის 23 ივნისს შუამდგომლობით მომართა ლ.მ–ის წარმომადგენელმა და მოითხოვა საბერძნეთის რესპუბლიკის, თესალონიკის პირველი ინსტანციის ერთწევრიანი სასამართლოს 2024 წლის 28 თებერვლის N2351/2024 გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა, რომელიც ეხება სამოქალაქო ქორწინების გაუქმებას, რომელიც დარეგისტრირდა 2011 წლის 10 მარტს ქ. სალონიკში, საქართველოს გენერალურ საკონსულოში ლ.მ–სა და რ.გ–ს შორის. აღნიშნული გადაწყვეტილება ასევე ეხება მშობლის პასუხისმგებლობის ექსკლუზიურ განხორციელების მინიჭებას ლ.მ–ისათვის, არასრულწლოვანი შვილის მ-ე.გ–ის მიმართ. ვინაიდან ლ.მ–ი არის საქართველოს მოქალაქე ესაჭიროება აღნიშნული გადაწყვეტილების ცნობა საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 30 ივნისის განჩინებით ლ.მ–ს დაევალა მოცემული განჩინების ჩაბარებიდან 10 დღის ვადაში საქართველოს უზენაეს სასამართლოში წარმოედგინა: ა) საბერძნეთის რესპუბლიკის, თესალონიკის პირველი ინსტანციის ერთწევრიანი სასამართლოს 2024 წლის 28 თებერვლის N2351/2024 გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის დამადასტურებელი ოფიციალური დოკუმენტი; ბ) ინფორმაცია მოწინააღმდეგე მხარის - რ.გ–ის ძირითადი მისამართის (ფაქტობრივი ადგილსამყოფლის) თაობაზე;
ზემოაღნიშნული განჩინება შუამდგომლობის ავტორის წარმომადგენელს მ.ქ–ას გაეგზავნა 2025 წლის 30 ივნისს და ჩაბარდა ადრესატს 2025 წლის 04 ივლისს.
2025 წლის 15 ივლისს შუამდგომლობის ავტორის წარმომადგენელმა განცხადებით მომართა საქართველოს უზენაესი სასამართლოს და ხარვეზის სრულყოფილად შევსების მიზნით მოითხოვა საპროცესო ვადის გაგრძელება 21 დღით.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საქართველოს უზენაესი სასამართლო გაეცნო რა წარმოდგენილ დოკუმენტებს, მივიდა იმ დასკვნამდე, რომ შუამდგომლობა უცხო ქვეყნის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობის შესახებ განუხილველად უნდა დარჩეს შემდეგ გარემოებათა გამო:
„საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად, უცხო ქვეყნის სასამართლო გადაწყვეტილების ცნობის საკითხს იხილავს საქართველოს უზენაესი სასამართლო. ამავე კანონის 63-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, უცხო ქვეყნების სასამართლოების შუამდგომლობა სამართლებრივი დახმარებისათვის ცალკეულ საპროცესო მოქმედებათა შესრულების შესახებ ხორციელდება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის პირველი ნაწილის თანახმად კი, საქართველოს საერთო სასამართლოები სამოქალაქო საქმეებს განიხილავენ ამ კოდექსით დადგენილი წესების მიხედვით.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი არ უპასუხებს აქ ჩამოთვლილ მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს, შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც უნიშნავს მას ვადას. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული ან საკასაციო საჩივარი არ არის შეტანილი კანონით დადგენილ ვადაში, საკასაციო საჩივარი განუხილველად დარჩება.
ზემოაღნიშნული ნორმიდან გამომდინარეობს, რომ საკასაციო საჩივრის ხარვეზის არსებობისას სასამართლო საჩივრის ავტორს განუსაზღვრავს ვადას და დაუდგენს იმ საპროცესო მოქმედებებს, რომლებიც აღნიშნული ხარვეზის გამოსწორებისთვის უნდა შესრულდეს. სასამართლოს მიერ დანიშნულ ვადაში ხარვეზის გამოუსწორებლობა საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველია.
განსახილველ შემთხვევაში, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 30 ივნისის განჩინებით ლ.მ–ს დაევალა მოცემული განჩინების ჩაბარებიდან 10 (ათი) დღის ვადაში საქართველოს უზენაეს სასამართლოში წარმოედგინა: ა) საბერძნეთის რესპუბლიკის, თესალონიკის პირველი ინსტანციის ერთწევრიანი სასამართლოს 2024 წლის 28 თებერვლის N2351/2024 გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის დამადასტურებელი ოფიციალური დოკუმენტი; ბ) ინფორმაცია მოწინააღმდეგე მხარის - რ.გ–ის ძირითადი მისამართის (ფაქტობრივი ადგილსამყოფლის) თაობაზე.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, უწყება მხარისათვის და მისი წარმომადგენლისათვის ჩაბარებულად ჩაითვლება, თუ იგი ჩაჰბარდება ერთ-ერთ მათგანს ან ამ კოდექსის 74-ე მუხლით გათვალისწინებულ სუბიექტებს. ამავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, მხარეებს ან მათ წარმომადგენლებს სასამართლო უწყება უნდა ჩაჰბარდეთ იმ ვარაუდით, რომ მათ ჰქონდეთ სასამართლოში დროულად გამოცხადებისა და საქმის მომზადებისათვის გონივრული ვადა.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 30 ივნისის განჩინება შუამდგომლობის ავტორის წარმომადგენელს მ.ქ–ას გაეგზავნა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე-78-ე მუხლების მოთხოვნათა შესაბამისად 2025 წლის 30 ივნისს და ჩაბარდა ადრესატს 2025 წლის 04 ივლისს.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 59-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედება სრულდება კანონით დადგენილ ან სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში. ამავე კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით დადგენილი ან სასამართლოს მიერ დანიშნული ვადის გასვლის შემდეგ. საჩივარი ან საბუთები, რომლებიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველი დარჩება. მითითებულ ნორმათა შინაარსიდან გამომდინარე, მხარე კანონით ან სასამართლოს მიერ დადგენილი ვადის განმავლობაში ვალდებულია შეასრულოს მასზე დაკისრებული მოქმედება.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა მიუთითებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-60 მუხლის მე-2 ნაწილზე, რომლითაც დადგენილია საპროცესო ვადის დენის დასაწყისი და მიიჩნევს, რომ ხარვეზის განჩინებით განსაზღვრული ათ დღიანი ვადის დენა დაიწყო მოვლენის დადგომის მომდევნო დღეს - 2025 წლის 05 ივლისიდან და ამავე კოდექსის 61-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად ამოიწურა 2025 წლის 14 ივლისს. შუამდგომლობის ავტორი ვალდებული იყო შუამდგომლობაზე დადგენილი ხარვეზი შეევსო 2025 წლის 14 ივლისის ჩათვლით.
განსახილველ შემთხვევაში, შუამდგომლობის ავტორის წარმომადგენელმა განცხადება ხარვეზის შევსების ვადის გაგრძელების მოთხოვნით 2025 წლის 15 ივლისს წარმოადგინა, ე.ი სასამართლოს მიერ დანიშნული ვადის გასვლის შემდეგ.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ, ვინაიდან სასამართლოს მიერ დანიშნულ ვადაში ხარვეზი არ იქნა შევსებული, შუამდგომლობა უცხო ქვეყნის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობის თაობაზე და 2025 წლის 15 ივლისს წარმოდგენილი განცხადება (რეგ. Nა-3489-25) განუხილველად უნდა დარჩეს.
საქართველოს უზენაესი სასამართლო დამატებით განმარტავს, რომ იმ გარემოებათა აღმოფხვრის შემთხვევაში, რომლებიც საფუძვლად დაედო შუამდგომლობის განუხილველად დატოვებას, დაინტერესებულ პირს უფლება აქვს კვლავ მიმართოს სასამართლოს იმავე შუამდგომლობით.
შუამდგომლობას ერთვის სახელმწიფო ბაჟის სახით 150 ლარის გადახდის დამადასტურებელი ქვითარი. საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ სსსკ-ის 38-ე მუხლითა და სახელმწიფო ბაჟის შესახებ საქართველოს კანონით ამომწურავადაა განსაზღვრული საქმეთა კატეგორია, რომელზეც სავალდებულოა მხარემ გადაიხადოს სახელმწიფო ბაჟი. ზემოაღნიშნული ნორმები არ ითვალისწინებს უცხო ქვეყნის სასამართლოს გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა-აღსრულების შესახებ შუამდგომლობის აღძვრისათვის სახელმწიფო ბაჟის გადახდის საჭიროებას (შდრ. სუსგ Nას-1847-შ-49-2017, 05.01.2018წ., სუსგ Nა-420-შ-11-2020, 23.04.2021წ.). ამდენად, შუამდგომლობის ავტორს უნდა დაუბრუნდეს სახელმწიფო ბაჟი, როგორც შეცდომით გადახდილი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საქართველოს უზენაესმა სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო, „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლით,სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე-78-ე, 59-ე, 60-ე, 63-ე, 285-ე 396-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა
1. ლ.მ–ის შუამდგომლობა, საბერძნეთის რესპუბლიკის, თესალონიკის პირველი ინსტანციის ერთწევრიანი სასამართლოს 2024 წლის 28 თებერვლის N2351/2024 გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობის შესახებ დარჩეს განუხილველი.
2. ლ.მ–ს დაუბრუნდეს მ.ქ–ას მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 150 ლარი (საგადახდო დავალება №27776435765, გადახდის თარიღი 12.06.2025წ.), შემდეგი ანგარიშიდან: ქ.თბილისი,„სახელმწიფო ხაზინა“ ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150.
3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
მოსამართლე ამირან ძაბუნიძე