ბს-1096-1048(კ-07) 15 მაისი, 2008 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
თავმჯდომარე მაია ვაჩაძე (მომხსენებელი)
მოსამართლეები: ლევან მურუსიძე
მარიამ ცისკაძე
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი (მოსარჩელე) _ ლ. ც-ე
მოწინააღმდეგე მხარე (მოპასუხეები): 1. ქ. რუსთავის ¹...... საჯარო სკოლა (ქ. რუსთავის ¹...... საშუალო სკოლის უფლებამონაცვლე); 2. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ქ. რუსთავის საგანმანათლებლო რესურსცენტრი (ქ. რუსთავის მერიის განათლების სამმართველოს უფლებამონაცვლე)
გასაჩივრებული განჩინება _ თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2007 წლის 23 ოქტომბრის განჩინება
სარჩელის საგანი _ სარჩოს დანიშვნა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
2005 წლის 15 თებერვალს ლ. ც-ემ სასარჩელო განცხადებით მიმართა რუსთავის საქალაქო სასამართლოს მოპასუხეების _ ქ. რუსთავის მერიის განათლების სამმართველოსა და ქ. რუსთავის ¹..... საშუალო სკოლის მიმართ.
მოსარჩელემ აღნიშნა, რომ მუშაობდა ქ. რუსთავის ¹..... საშუალო სკოლის დირექტორის მოადგილედ. 1978 წლის 16 მაისს დირექტორის კაბინეტში ამოწმებდა სასკოლო ჟურნალების წარმოების სისწორეს. სამუშაოს შესრულებისას თავი ცუდად იგრძნო, სკოლის ექიმისკენ მიმავალმა კიბეებზე ჩასვლისას დაკარგა გონება და დაეცა, რის შედეგადაც მიიღო ტვინის შერყევა. მოსარჩელის საავადმყოფოში გადაყვანის შემდეგ, მომხდარზე შედგა შესაბამისი აქტი. იმავე დღეს გაირკვა, რომ დირექტორის კაბინეტი დამუშავებული იყო მწერების საწინააღმდეგო სადეზინფექციო ხსნარით, რამაც იმოქმედა ლ. ც-ზე. საავადმყოფოს მიერ მოსარჩელეზე გაიცა ფორმა ¹27, დიაგნოზით _ თავის ტვინის შერყევა, რაც დაკავშირებული იყო სკოლაში მიღებულ ტრავმასთან.
მოსარჩელემ ასევე აღნიშნა, რომ საავადმყოფოდან გამოწერის შემდეგ მკურნალობა ქალაქის ¹..... პოლიკლინიკის ნერვულ განყოფილებაში გააგრძელა, რომლის მიერ გაცემულ ბიულეტენზე ანგარიშსწორებას განათლების განყოფილება ახდენდა. 1978 წელს მოსარჩელეს დაუდგინდა ინვალიდობის მეორე ჯგუფი დროებით, ხოლო 1993 წლიდან _ მუდმივად და საქართველოს სოციალური უზრუნველყოფის ერთიანი სახელმწიფო ფონდის მიერ დაენიშნა პენსია. მოსარჩელემ აღნიშნა, რომ მან თხოვნით მიმართა ქ. რუსთავის განათლების განყოფილებასა და ქ. რუსთავის ¹...... საშუალო სკოლის დირექციას, რათა მათ გადაეხადათ სხვაობა პენსიასა და მის ხელფასს შორის 1978 წლის იანვარში, როდესაც მეორე ჯგუფის ინვალიდობა დაუდგინდა. იმავე სკოლის დირექციამ საქართველოს სოციალური უზრუნველყოფის ერთიან სახელმწიფო ფონდში წარსადგენად გასცა ცნობა იმის თაობაზე, რომ მოსარჩელეს ტრავმა მიღებული ჰქონდა სამუშაო საათებში და მიმართვა სამედიცინო კომისიის თავმჯდომარის სახელზე, რათა მოსარჩელისათვის დაედგინათ საერთო და პროფესიული შრომის უნარის დაკარგვის ხარისხი, ხოლო განათლების განყოფილებამ გასცა ცნობა მოსარჩელის ხელფასისა და ხელფასის გარდა, შეთავსებით, ზედმეტი მუშაობისათვის გადახდის საერთო გამომუშავების შესახებ. 2004 წლის აპრილში მოსარჩელემ განცხადებით მიმართა ქვემო ქართლის შრომის ინსპექციას, რათა მისთვის ჩაეტარებინათ გამოკვლევა და ოფიციალურად დაედგინათ 1978 წლის 16 მაისს ქ. რუსთავის ¹..... საშუალო სკოლაში ტრავმის მიღების ფაქტი. შემოწმების შედეგად შრომის ინსპექციის მიერ შედგენილ იქნა ფორმა ¹1.
მოსარჩელის განმარტებით, 2004 წლის მაისში შრომის უნარის დაკარგვის ხარისხის ხელახალი დადგენისათვის კომისიაზე გაგზავნის თხოვნით მიმართა ქ. რუსთავის ¹....... საშუალო სკოლის დირექტორს და განათლების სამმართველოს უფროსს, რაზეც სიტყვიერი უარი მიიღო იმ მოტივით, რომ ისინი 1978 წელს, ქ. რუსთავის ¹..... საშუალო სკოლაში მომხდარი შემთხვევის დროს, არ მუშაობდნენ შესაბამის თანამდებობებზე და ხსენებულის თაობაზე ინფორმაციას არ ფლობდნენ. აღნიშნულზე სკოლის დირექტორმა შრომის ინსპექციის მიერ შედგენილ დოკუმენტზე გააკეთა მინაწერი და გამომუშავების შესახებ ცნობა გასცა. 2004 წლის 28 მაისს ჯანმრთელობის გაუარესების გამო, მოსარჩელე პოლიკლინიკიდან ფორმა ¹27-ით გაგზავნილ იქნა ფსიქოტრავმულ დისპანსერში, სადაც დაუდგინდა საწარმოო ტრავმის საფუძველზე მიღებული თავის ტვინის შერყევის შედეგად მახსოვრობისა და ინტელექტის მესამე ხარისხის მნიშვნელოვანი შეზღუდვა და პროფესიული შრომისუნარიანობის დაკარგვა 90%-ით.
აღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელემ ,,შრომითი მოვალეობის შესრულებისას მუშაკის ჯანმრთელობისათვის ვნების მიყენების შედეგად ზიანის ანაზღაურების წესის შესახებ” საქართველოს პრეზიდენტის 1999 წლის 9 თებერვლის ¹48 ბრძანებულებისა და საქართველოს სოციალური დაცვის, შრომისა და დასაქმების სამინისტროს 1997 წლის 4 აპრილის ¹39 ბრძანების საფუძველზე, ქ. რუსთავის მერიის განათლების სამმართველოსათვის 1997 წლის 29 მაისიდან, შრომითი მოვალეობის შესრულებისას ჯანმრთელობისათვის ვნების მიყენების შედეგად ზიანის, ყოველთვიურად მისი საშუალო ხელფასის ოდენობით, ანაზღაურება მოითხოვა.
საქალაქო სასამართლოში საქმის განხილვისას მოსარჩელის წარმომადგენელმა დააზუსტა სასარჩელო მოთხოვნა და ზიანის ანაზღაურება 1978 წლის თებერვლიდან 2004 წლის მაისამდე მოითხოვა, კერძოდ, 1999 წლის 9 თებერვლამდე ყოველთვიურად 56 ლარი, რაც 10540 ლარს შეადგენდა, ხოლო 1999 წლის 9 თებერვლიდან 2004 წლის 16 მაისამდე ყოველთვიურად _ 110 ლარი, რაც 6600 ლარს შეადგენდა.
რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2005 წლის 3 მაისის გადაწყვეტილებით ლ. ც-ის სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა; ლ. ც-ეს უარი ეთქვა მოპასუხისათვის 10540 ლარის დაკისრების თაობაზე სასარჩელო მოთხოვნაზე; ქ. რუსთავის მერიის განათლების სამმართველოსა და ქ. რუსთავის ¹..... საშუალო სკოლას ლ. ც-ის სასარგებლოდ დაეკისრათ ზიანის ანაზღაურება 1999 წლის 9 თებერვლიდან 2004 წლის 16 მაისამდე, ყოველთვიურად 110 ლარის ოდენობით, სულ _ 6600 ლარის გადახდა.
აღნიშნული გადაწყვეტილება ქ. რუსთავის ¹..... საშუალო სკოლამ სააპელაციო წესით გაასაჩივრა იმ ნაწილში, რომლითაც სარჩელი დაკმაყოფილდა. აპელანტმა გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლა მოითხოვა თანხის ნაწილში და მიუთითა, რომ მისი დაკისრება მოსარჩელისათვის სასამართლოში მიმართვის დღიდან უნდა მომხდარიყო.
რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2005 წლის 3 მაისის გადაწყვეტილება ლ. ც-აც გაასაჩივრა სააპელაციო წესით იმ ნაწილში, რომლითაც მისი სარჩელი არ დაკმაყოფილდა. აპელანტმა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით მოპასუხეებისათვის მის სასარგებლოდ ჯანმრთელობის მდგომარეობის შეცვლამდე (უვადოდ) ყოველთვიური სარჩოს _ 110 ლარის ოდენობით დაკისრება მოითხოვა.
თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2005 წლის 3 ოქტომბრის გადაწყვეტილებით ლ. ც-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, ხოლო ქ. რუსთავის ¹...... საშუალო სკოლის სააპელაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა; რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2005 წლის 3 მაისის გადაწყვეტილება გაუქმდა იმ ნაწილში, რომლითაც ქ. რუსთავის ¹..... საშუალო სკოლას ლ. ც-ის სასარგებლოდ დაეკისრა 1999 წლის 9 თებერვლიდან 2004 წლის 16 მაისამდე ყოველთვიურად 110 ლარის, სულ 6600 ლარის ოდენობით ზიანის ანაზღაურება.
თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2005 წლის 3 ოქტომბრის გადაწყვეტილება 2004 წლიდან უვადოდ სარჩოს დანიშვნაზე უარის თქმის ნაწილში ლ. ც-ემ საკასაციო წესით გაასაჩივრა. კასატორმა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით აღნიშნული სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილება მოითხოვა.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2006 წლის 29 მაისის განჩინებით ქ. რუსთავის მერიის განათლების სამმართველოს უფლებამონაცვლედ მიჩნეულ იქნა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ქ. რუსთავის საგანმანათლებლო რესურსცენტრი.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2006 წლის 6 ივლისის განჩინებით ლ. ც-ის საკასაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა; გაუქმდა თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2005 წლის 3 ოქტომბრის გადაწყვეტილება გასაჩივრებულ ნაწილში, რომლითაც ლ. ც-ეს უარი ეთქვა 2004 წლის მაისიდან ჯანმრთელობის მდგომარეობის შეცვლამდე ყოველთვიური სარჩოს გადახდაზე და ამ ნაწილში საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატას.
საკასაციო სასამართლომ დაუსაბუთებლად მიიჩნია სააპელაციო სასამართლოს მოსაზრება იმის თაობაზე, რომ ლ. ც-ეს დადგენილი წესით, ყოველთვიური სარჩოს დანიშვნის მოთხოვნით დამქირავებლისათვის არ მიუმართავს. საქმეში დაცული იყო შრომის ინსპექციის 2004 წლის 27 აპრილის ¹12/87 მიმართვა და ¹1 აქტი წარმოებაში მომხდარი უბედური შემთხვევის შესახებ. ხსენებული დოკუმენტები ხელმოწერილი იყო ქ. რუსთავის ¹..... საშუალო სკოლის დირექტორის მიერ. შრომის ინსპექციის 2004 წლის 27 აპრილის მიმართვაზე იმავე სკოლის დირექტორის მიერ გაკეთებული იყო წარწერა, რომ იგი ქ. რუსთავის ¹..... საშუალო სკოლაში მუშაობდა 1995 წლიდან და მომხდარი საწარმოო ტრავმის შესახებ არაფერი იცოდა. იმავე შინაარსის წარწერა ჰქონდა გაკეთებული ქ. რუსთავის ¹...... საშუალო სკოლის დირექტორს წარმოებაში მომხდარი უბედური შემთხვევის შესახებ ¹1 აქტზე, რაც მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ტოლფასი იყო. ზიანის ანაზღაურების მოთხოვნით მიმართვა და მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა დასტურდებოდა, აგრეთვე, კასატორის მიერ საკასაციო სასამართლოში წარმოდგენილი ლ. ც-ის 2005 წლის 10 ნოემბრის განცხადებით. მოპასუხეები ხელმოწერით ადასტურებდნენ უარს ლ. ც-ის განცხადების ჩაბარებაზე.
საკასაციო სასამართლომ გაიზიარა კასატორის მოსაზრება იმის თაობაზე, რომ ზიანის ანაზღაურების შესახებ მისი განცხადება ქ. რუსთავის ¹..... საშუალო სკოლის დირექტორის კაბინეტში ტრავმის მიღების ფაქტის მოწმე თანამშრომლების დასწრებით იქნა განხილული. აღნიშნულის დასადასტურებლად კასატორმა სასამართლოს წარუდგინა ქ. რუსთავის ¹...... საშუალო სკოლის დირექტორისა და თანამშრომლების მიერ 2004 წლის 2 აპრილს შედგენილი აქტი. საკასაციო სასამართლომ მიუთითა, რომ, ვინაიდან აღნიშნული მტკიცებულებები წარდგენილი და გამოკვლეული არ ყოფილა სააპელაციო სასამართლოში საქმის განხილვის დროს, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საკასაციო სასამართლო არ იყო უფლებამოსილი, აღნიშნული მტკიცებულებების საფუძველზე დაედასტურებინა ან უარი განეცხადებინა ლ. ც-ის მოსაზრებაზე მოპასუხეების მიერ მისი განცხადების განხილვის შესახებ.
საკასაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ საქმეზე დასადგენი იყო, აგრეთვე, ლ. ც-ის მოთხოვნის მიმართ სათანადო მოპასუხე. სააპელაციო სასამართლოს მიერ მოპასუხე ქ. რუსთავის ¹..... საშუალო სკოლა იმ მოტივით იქნა ზიანის ანაზღაურების მოვალეობისაგან გათავისუფლებული, რომ სარჩელით დაზარალებული ზიანის ანაზღაურებას მხოლოდ ქ. რუსთავის მერიის განათლების სამმართველოსაგან ითხოვდა. საკასაციო სასამართლომ მიუთითა, რომ ლ. ც-ის საკასაციო მოთხოვნას ზიანის იმ იურიდიული პირისათვის დაკისრება წარმოადგენდა, ვინც უფლებამოსილი და გადახდისუნარიანი იყო. აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ საქმის ხელახალი განხილვისას სასამართლოს უნდა ემსჯელა აღნიშნულ საკითხზე და დაედგინა ზიანის ანაზღაურებაზე უფლებამოსილი პირი.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2007 წლის 12 მარტის განჩინებით ქ. რუსთავის ¹...... საშუალო სკოლის უფლებამონაცვლედ მიჩნეულ იქნა ქ. რუსთავის ¹...... საჯარო სკოლა.
სააპელაციო სასამართლოში საქმის განხილვისას ლ. ც-ის წარმომადგენელმა დააზუსტა სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ქ. რუსთავის საგანმანათლებლო რესურსცენტრისათვის ლ. ც-ის სასარგებლოდ 2004 წლის მაისიდან მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის შეცვლამდე ყოველთვიური სარჩოს სახით 110 ლარის დაკისრება მოითხოვა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2007 წლის 23 ოქტომბრის განჩინებით ლ. ც-ის სააპელაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა; გაუქმდა რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2005 წლის 3 მაისის გადაწყვეტილება ლ. ც-ის მოთხოვნაზე 2004 წლის მაისიდან ჯანმრთელობის მდგომარეობის შეცვლამდე, სარჩოს _ 110 ლარის ოდენობით გადახდაზე უარის თქმის ნაწილში და ამ ნაწილში საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა იმავე სასამართლოს.
სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ სასარჩელო განცხადების თანახმად, ლ. ც-ის ერთ-ერთ მოთხოვნას წარმოადგენდა ქ. რუსთავის მერიის განათლების სამმართველოსათვის (საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ქ. რუსთავის საგანმანათლებლო რესურსცენტრი) მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის შეცვლამდე ყოველთვიური სარჩოს გადახდის დაკისრება. საქალაქო სასამართლომ დააკმაყოფილა რა სარჩელი და მოპასუხეებს ლ. ც-ის სასარგებლოდ დააკისრა ზიანის ანაზღაურება 1999 წლის 9 თებერვლიდან 2004 წლის 16 მაისამდე ყოველთვიურად 110 ლარის ოდენობით, სულ 6600 ლარის გადახდა, ამავდროულად, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 249-ე მუხლის მოთხოვნათა საწინააღმდეგოდ, არ იმსჯელა ჯანმრთელობის მდგომარეობის შეცვლამდე ყოველთვიური სარჩოს დაკისრების თაობაზე. შესაბამისად, საქალაქო სასამართლოს დასკვნის არარსებობის გამო, სააპელაციო სასამართლო მოკლებული იყო ამ ნაწილში გადაწყვეტილების ფაქტობრივი და სამართლებრივი შემოწმების შესაძლებლობას, რაც საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე მუხლის “ე” ქვეპუნქტის თანახმად, გადაწყვეტილების გაუქმების აბსოლუტურ საფუძველს წარმოადგენდა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2007 წლის 23 ოქტომბრის განჩინება ლ. ც-ემ იმავე საფუძვლებით საკასაციო წესით გაასაჩივრა. კასატორმა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება მოითხოვა, რომლითაც მოპასუხეებს მის სასარგებლოდ 2004 წლის 16 მაისიდან ჯანმრთელობის მდგომარეობის შეცვლამდე 110 ლარის ოდენობით სარჩოს გადახდა დაეკისრებათ.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2007 წლის 24 დეკემბრის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული ლ. ც-ის საკასაციო საჩივარი; მხარეებს მიეცათ უფლება, 2007 წლის 24 დეკემბრის განჩინების ჩაბარებიდან 10 დღის ვადაში წარმოედგინათ მოსაზრება, თუ რამდენად იყო დასაშვები განსახილველად საკასაციო საჩივარი საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2008 წლის 17 აპრილის განჩინებით ლ. ც-ის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნა დასაშვებად საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის “გ” ქვეპუნქტით და მისი განხილვა დაინიშნა 2008 წლის 15 მაისს, მხარეთა დასწრების გარეშე.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო ზეპირი მოსმენის გარეშე გაეცნო საქმის მასალებს, შეამოწმა გასაჩივრებული განჩინების კანონიერება-დასაბუთებულობა, წარმოდგენილი საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობა და მიაჩნია, რომ საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილზე, რომლის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.
საკასაციო სასამართლო ასევე მიუთითებს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. ამავე კოდექსის 385-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო აუქმებს გადაწყვეტილებას და საქმეს უბრუნებს პირველი ინსტანციის სასამართლოს ხელახლა განსახილველად, თუ: ა) ადგილი აქვს 394-ე მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევებს; ბ) გასაჩივრებული სასამართლო გადაწყვეტილებით არასწორად ეთქვა უარი დაუსწრებელი გადაწყვეტილების თაობაზე შეტანილი საჩივრის დაშვებაზე; გ) გასაჩივრებული გადაწყვეტილება შეეხება მხოლოდ სარჩელის დასაშვებობას; დ) გასაჩივრებული გადაწყვეტილება არასწორად გამოტანილი განმეორებითი დაუსწრებელი გადაწყვეტილებაა. ხსენებული მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, სააპელაციო სასამართლოს შეუძლია არ გადააგზავნოს საქმე უკან და თვითონ გადაწყვიტოს იგი.
საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სააპელაციო სასამართლო გასაჩივრებული გადაწყვეტილების კანონიერებასა და დასაბუთებულობას ამოწმებს, როგორც ფაქტობრივი, ისე სამართლებრივი თვალსაზრისით, ანუ საქმეს განიხილავს, როგორც ფაქტობრივი გარემოებების დადგენის, ისე მათი სამართლებრივი შეფასების კუთხით. საამისოდ კი სააპელაციო სასამართლოს გააჩნია ყველა ის საპროცესო მექანიზმი, რაც აუცილებელია პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების ყოველმხრივი შემოწმებისა და საქმის სრულყოფილი, კომპლექსური განხილვისათვის. მართალია, სააპელაციო სასამართლო უფლებამოსილია, საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნოს პირველი ინსტანციის სასამართლოს, თუმცა მას ასევე შეუძლია არ გადააგზავნოს საქმე უკან და თვითონ გადაწყვიტოს იგი, ანუ არსებითად განიხილოს საქმე და მიიღოს მასზე გადაწყვეტილება. სააპელაციო სასამართლოს უფლებამოსილება, თვითონ, პირველი ინსტანციის სასამართლოსთვის საქმის დაბრუნების გარეშე, გადაწყვიტოს საქმე, ემყარება საპროცესო ეკონომიის პრინციპს. სააპელაციო სასამართლო იმ შემთხვევაშია უფლებამოსილი დაუბრუნოს საქმე პირველი ინსტანციის სასამართლოს ხელახლა განსახილველად, როდესაც მას თვითონ არ შეუძლია სრულყოფილად გამოიკვლიოს საქმის ფაქტობრივი გარემოებები ან, როდესაც გასაჩივრებული გადაწყვეტილება იმდენად დაუსაბუთებელია, რომ სააპელაციო სასამართლო ვერ შეამოწმებს მას ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით და შესაბამისად, უნდა დაუბრუნოს საქმე პირველი ინსტანციის სასამართლოს ხელახლა განსახილველად, ანუ ობიექტურად უნდა არსებობდეს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის პირველი ინსტანციის სასამართლოსათვის უკან გადაგზავნის სამართლებრივი საფუძველი.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ მოსარჩელემ სასარჩელო განცხადებით თავდაპირველად მოითხოვა ,,შრომითი მოვალეობის შესრულებისას მუშაკის ჯანმრთელობისათვის ვნების მიყენების შედეგად ზიანის ანაზღაურების წესის შესახებ” საქართველოს პრეზიდენტის 1999 წლის 9 თებერვლის ¹48 ბრძანებულებისა და საქართველოს სოციალური დაცვის, შრომისა და დასაქმების სამინისტროს 1997 წლის 4 აპრილის ¹39 ბრძანების საფუძველზე, ქ. რუსთავის მერიის განათლების სამმართველოსათვის 1997 წლის 29 მაისიდან, შრომითი მოვალეობის შესრულებისას ჯანმრთელობისათვის ვნების მიყენების შედეგად ზიანის, ყოველთვიურად მისი საშუალო ხელფასის ოდენობით, ანაზღაურება. შესაბამისად, სარჩელის საგანს წარმოადგენდა ზიანის ანაზღაურება. მოგვიანებით, აპელანტმა ლ. ც-ემ რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2005 წლის 3 მაისის გადაწყვეტილებაზე წარდგენილ სააპელაციო საჩივარში დააზუსტა სასარჩელო მოთხოვნა და მოითხოვა ყოველთვიური სარჩოს ანაზღაურება უვადოდ (ჯანმრთელობის მდგომარეობის შეცვლამდე) 110 ლარის ოდენობით.
საკასაციო სასამართლო ხაზგასმით აღნიშნავს, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2006 წლის 6 ივლისის განჩინებით გაუქმდა თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2005 წლის 3 ოქტომბრის გადაწყვეტილება გასაჩივრებულ ნაწილში, რომლითაც ლ. ც-ეს უარი ეთქვა 2004 წლის მაისიდან ჯანმრთელობის მდგომარეობის შეცვლამდე ყოველთვიური სარჩოს გადახდაზე და ამ ნაწილში საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატას. საკასაციო სასამართლომ აღნიშნული განჩინებით სააპელაციო სასამართლოს შესასრულებლად მისცა კონკრეტული მითითებები, კერძოდ, აღნიშნა, რომ ზიანის ანაზღაურების შესახებ მისი განცხადება და ქ. რუსთავის ¹..... საშუალო სკოლის დირექტორისა და თანამშრომლების მიერ 2004 წლის 2 აპრილს შედგენილი აქტი, როგორც მტკიცებულებები, წარდგენილი და გამოკვლეული არ ყოფილა სააპელაციო სასამართლოში საქმის განხილვის დროს, რის გამოც საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საკასაციო სასამართლო არ იყო უფლებამოსილი, ამ მტკიცებულებების საფუძველზე დაედასტურებინა ან უარი განეცხადებინა ლ. ც-ის მოსაზრებაზე მოპასუხეების მიერ მისი განცხადების განხილვის შესახებ. საკასაციო სასამართლომ ასევე აღნიშნა, რომ საქმეზე დასადგენი იყო, აგრეთვე, ლ. ც-ის მოთხოვნის მიმართ სათანადო მოპასუხე, ხოლო სააპელაციო სასამართლოს მიერ მოპასუხე ქ. რუსთავის ¹..... საშუალო სკოლა იმ მოტივით იქნა ზიანის ანაზღაურების მოვალეობისაგან გათავისუფლებული, რომ სარჩელით დაზარალებული ზიანის ანაზღაურებას მხოლოდ ქ. რუსთავის მერიის განათლების სამმართველოსაგან ითხოვდა. საკასაციო სასამართლომ იმავე განჩინებაში მიუთითა, რომ ლ. ც-ის საკასაციო მოთხოვნას ზიანის იმ იურიდიული პირისათვის დაკისრება წარმოადგენდა, ვინც უფლებამოსილი და გადახდისუნარიანი იყო და აქედან გამომდინარე, საკასაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ საქმის ხელახალი განხილვისას სასამართლოს უნდა ემსჯელა აღნიშნულ საკითხზე და დაედგინა ზიანის ანაღაურებაზე უფლებამოსილი პირი.
ზემოხსენებულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2006 წლის 6 ივლისის განჩინებით საკასაციო სასამართლომ სააპელაციო სასამართლოს მისცა კონკრეტული მითითებები, რომლებიც უნდა შეესრულებინა სააპელაციო სასამართლოს _ ამ მითითებების შესაბამისად, არსებითად განეხილა მოცემული საქმე და მიეღო მასზე გადაწყვეტილება, სააპელაციო სასამართლომ კი, ამის ნაცვლად, 2007 წლის 23 ოქტომბრის განჩინებით გააუქმა რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2005 წლის 3 მაისის გადაწყვეტილება ლ. ც-ის მოთხოვნაზე 2004 წლის მაისიდან ჯანმრთელობის მდგომარეობის შეცვლამდე, სარჩოს _ 110 ლარის ოდენობით გადახდაზე უარის თქმის ნაწილში და ამ ნაწილში საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნა იმავე სასამართლოს.
ამასთან, სააპელაციო სასამართლომ 2007 წლის 3 ოქტომბრის განჩინების მიღებისას მიუთითა იმ მოტივზე, რომ სასარჩელო განცხადების თანახმად, ლ. ც-ის ერთ-ერთ მოთხოვნას წარმოადგენდა ქ. რუსთავის მერიის განათლების სამმართველოსათვის (საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ქ. რუსთავის საგანმანათლებლო რესურსცენტრი) მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის შეცვლამდე ყოველთვიური სარჩოს გადახდის დაკისრება, საქალაქო სასამართლომ კი დააკმაყოფილა რა სარჩელი და მოპასუხეებს ლ. ც-ის სასარგებლოდ დააკისრა ზიანის ანაზღაურება 1999 წლის 9 თებერვლიდან 2004 წლის 16 მაისამდე ყოველთვიურად 110 ლარის ოდენობით, სულ _ 6600 ლარის გადახდა, ამავდროულად, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 249-ე მუხლის მოთხოვნათა საწინააღმდეგოდ, არ იმსჯელა ჯანმრთელობის მდგომარეობის შეცვლამდე ყოველთვიური სარჩოს დაკისრების თაობაზე და შესაბამისად, საქალაქო სასამართლოს დასკვნის არარსებობის გამო, სააპელაციო სასამართლო მოკლებული იყო ამ ნაწილში გადაწყვეტილების ფაქტობრივი და სამართლებრივი შემოწმების შესაძლებლობას, რაც საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე მუხლის “ე” ქვეპუნქტის თანახმად, გადაწყვეტილების გაუქმების აბსოლუტურ საფუძველს წარმოადგენდა.
საკასაციო სასამართლო ხაზგასმით აღნიშნავს და სააპელაციო სასამართლოს ყურადღებას მიაპყრობს იმ გარემოებაზე, რომ ლ. ც-ემ სწორედ რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2005 წლის 3 მაისის გადაწყვეტილებაზე წარდგენილი სააპელაციო საჩივრით მოითხოვა ყოველთვიური სარჩოს ანაზღაურება უვადოდ (ჯანმრთელობის მდგომარეობის შეცვლამდე) 110 ლარის ოდენობით და ასეთი სახით სასარჩელო მოთხოვნა მას საქალაქო სასამართლოში საქმის განხილვისას არ დაუყენებია, რის გამოც საქალაქო სასამართლო ვერ იმსჯელებდა ჯანმრთელობის მდგომარეობის შეცვლამდე ყოველთვიური სარჩოს მისთვის ანაზღაურების თაობაზე და შესაბამისად, კონკრეტულ შემთხვევაში სახეზე არ იყო საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე მუხლის “ე” ქვეპუნქტით გათვალისწინებული შემთხვევა.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ ლ. ც-ის საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, გაუქმდეს გასაჩივრებული განჩინება და საქმე არსებითად განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 412-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ლ. ც-ის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2007 წლის 23 ოქტომბრის განჩინება და საქმე არსებითად განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.